„ახალი თაობა“, 01 აპრილი, 2017 წელი
ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „გიორგი მარგველაშვილი მესამე ძალის ლიდერი გახდება“ // „ირაკლი კობახიძის ლანძღვა პრეზიდენტის რეიტინგზე კარგად მოქმედებს“
დაიწყებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი საკუთარ პოლიტიკურ თამაშს, რატომ არა აქვს მოსახლეობას კვირიკაშვილის მიმართ მაღალი ნდობა, რა სარგებლობა მოაქვს ხელისუფლების აგრესიას? ამის შესახებ „ახალ თაობას“ ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრება.
- თქვენ გიორგი მარგველაშვილს ყოველთვის მაღალ შეფასებას აძლევდით. აქედან გამომდინარე, ალბათ, არ გიკვირთ ის მაღალი რეიტინგი, რაც აირაის კვლევების მიხედვით აქვს პრეზიდენტს.
- ეს სრულიად მოსალოდნელი იყო და შემთხვევით არაფერი ხდება. პარადოქსული იყო ის, რომ გიორგი მარგველაშვილის რეიტინგი ხელისუფლების განწყობის უკუპროპორციულია – რაც მეტ ნეგატივს ასხივებს ხელისუფლება მის მიმართ, პრეზიდენტის რეიტინგი კიდევ უფრო იზრდება. რასაც ძალიან მარტივი მიზეზი აქვს. მიუხედავად იმისა, ეთანხმება თუ არა ამომრჩეველი პრეზიდენტს ამა თუ იმ საკითხში, უდავოდ აღიარებს, რომ ის არის ლიდერი, დამოუკიდებელი ფიგურა, თავად იღებს გადაწყვეტილებებს და არც პასუხისმგებლობას გაურბის. ხელისუფლებაში საერთოდ არ ჩანან ლიდერები და მათ დამოუკიდებლად მოქმედება არ შეუძლიათ. მათ ფონზე პრეზიდენტს რეიტინგის მხრივ საგრძნობი უპირატესობა აქვს. ის დამოუკიდებელია, არავის ჩრდილში არ არის და ასეთ თვისებებს საქართველოში პატივს სცემენ.
- ამბობთ, ის არის ლიდერი და შეუძლია, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები. ირკვევა, რომ ხალხშიც სიმპათიით სარგებლობს. ეს ყველაფერი ხომ არ გახდება იმის საფუძველი, რომ ის დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს დაიწყებს? თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
- გიორგი მარგველაშვილის შემთხვევაში ვერ ვხედავ იმის სურვილს, რომ მას 2018 წლის შემდეგ პოლიტიკაში დარჩენა უნდოდეს. მისთვის პოლიტიკური სტატუსი უფრო ტვირთია, ვიდრე პრივილეგია. დანარჩენი პოლიტიკური ელიტისგან ის იმითაც განსხვავდება, რომ ძალაუფლებას არ ეპოტინება. ის არ მიიჩნევს, რომ ძალაუფლებაში რაიმე სიკეთეა. აქედან გამომდინარე, მას პოლიტიკიდან გასვლის კომფორტი თუ ექნება, მარგველაშვილი ამას აუცილებლად გააკეთებს. მოვლენების განვითარების ლოგიკა სხვა სურათს ხატავს. აშკარაა, რომ საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტის ნაწილი მასზე იღებს ორიენტაციას. ამის გამო ის, შეიძლება, იძულებული გახდეს, თამაშში დარჩეს. დიდია იმის ალბათობა, რომ თავად პოლიტიკური პროცესი არ დაუტოვებს მას სხვა არჩევანს.
- პოლიტიკაში დარჩენილი მარგველაშვილი შეძლებს ძლიერი გუნდის შექმნას? ამაზე უკვე დიდი ხანია საუბრობენ და კონკრეტული გვარებიც კი სახელდება. პირადად თქვენ ვის მოიაზრებთ პრეზიდენტის გუნდში?
- ძალიან რთული სათქმელია, როგორ გუნდს შეკრებს მარგველაშვილი. დღევანდელი პოლიტიკური ელიტა ღრმა კრიზისშია. გამომდინარე აქედან, მარგველაშვილისთვის პოლიტიკური პარტნიორების პოვნა ძალიან ძნელი იქნება. ფაქტობრივად, არავის აქვს ისეთი პოზიტივი, რომ მას რაიმე შესძინოს დამატებით. ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მის გარშემო მესამე პოლიტიკური ცენტრი არ შეიქმნება. ისტორიას აქვს თავისი კანონზომიერებანი და ბევრი რამე ხდება ჩვენი სურვილების მიღმა.
- რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ პრეზიდენტი მესამე ძალის ლიდერად მოგვევლინოს?
- „ქართულმა ოცნებამ“ თუ მასზე ასე გააგრძელა მუშაობა, ის, შეიძლება, მართლაც გახდეს მესამე ძალის ლიდერი. დღეს ხელისუფლება მთელი თავისი ისტერიკით, ფეხების ბაკუნითა და არაადეკვატური შეტევებით მთლიანად მასზე მუშაობს. იმ დღეს ვიხუმრე და ახლაც გავიმეორებ, რომ ირაკლი კობახიძე მთლიანად მუშაობს გიორგი მარგველაშვილის პიარზე და რეიტინგზე. პარლამენტის თავმჯდომარის უცნაური განცხადებების შემდეგ პრეზიდენტი განსაკუთრებულად გაძლიერდა.
ამ მხრივ არც „ოცნების“ სხვა ლიდერები მოიკოჭლებენ და საზოგადოებასთან ურთიერთობის ბლოკს მთლიანად უვსებენ მარგველაშვილს. ასე თუ გაგრძელდება, მას და მის გარშემო შეკრებილ კონფიგურაციას აქვს მესამე ძალად ქცევის შანსი. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ეს ყველაფერი იმ ფონზე ხდება, როცა ხელისუფლებამ, პრაქტიკულად, ვერცერთი პრობლემა ვერ მოაგვარა. საპრეზიდენტო არჩევნებამდე 1,5 წლით ადრე სოციალური რისკები იზრდება, ადამიანის თავისუფლება არათუ ფართოვდება, არამედ იზღუდება. ამის ნათელი მაგალითი მოსმენების კანონია. რამდენიმე ქალაქს თვითმმართველის სტატუსს ართმევენ. ეს ყველაფერი ქმნის იმ ფონს, როცა მესამე ძალის მოთხოვნა საზოგადოებაში კიდევ უფრო გაძლიერდება.
ეს მოთხოვნა ახლაც ძლიერია და დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მკვეთრი იქნება. იმ ვითარებაში, როცა ჩვენთან პოლიტიკური ალტერნატივა საკმაოდ მწირია, პრეზიდენტი ამ მხრივ ძალიან სერიოზულად და პერსპექტიულად გამოიყურება.
- სხვა ლიდერების, მაგალითად, პრემიერის რეიტინგზე რას იტყვით? კვირიკაშვილის შემთხვევაშიც ლოგიკური შედეგი დადგა?
- შედეგი გიორგი კვირიკაშვილის შემთხვევაშიც ლოგიკური იყო. პრემიერი, თავისი ადამიანური თვისებებიდან გამომდინარე, ძალიან სიმპათიურად გამოიყურება. პერსონალურად მის მიმართ საზოგადოებას არც პრეტენზიები აქვს და არც – აგრესია. მის მიმართ სერიოზული კეთილგანწყობაც კი არსებობს.
- თუ უყვართ და პრეტენზიები არ აქვთ, რატომ არ აქვს მაღალი რეიტინგი?
- იმიტომ, რომ მასში ვერ ხედავენ ლიდერს. ხალხი გრძნობს, რომ პრემიერს არ აქვს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და შემდეგ ამაზე პასუხისმგებლობის აღების უნარი. ამის გამო მის მიმართ ნდობა დაბალია, არადა, პოზიტივი არის ბევრი. სხვა პოლიტიკოსებს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ელიტის სერიოზული კრიზისი. ნდობა არა მხოლოდ ლიდერების, არამედ პოლიტიკური ელიტის მიმართაც დაწეულია. ამათ ფონზე გიორგი მარგველაშვილი ძალიან კარგად გამოიყურება. არადა, მას არ უნდა ეს გამოკვეთილი ლიდერობა.
- ამ რეიტინგების გამოქვეყნების შემდეგ გიორგი მარგველაშვილის მიმართ მეოცნებეთა აგრესია კიდევ ხომ არ გაიზრდება?
- ალბათ, გაიზრდება, მაგრამ ეს კარგი იქნება. რაც უფრო აგრესიული იქნება `ოცნება~, მით მეტი იქნება პრეზიდენტისადმი ნდობა. მოვუწოდებ ხელისუფლებას, ასე გააგრძელოს. ისინი პრეზიდენტს უფასოდ ძალიან კარგ სამსახურს უწევენ. დარწმუნებული ვარ, ამის წინააღმდეგი არც გიორგი მარგველაშვილი იქნება, მაგრამ ამას, შეიძლება, უარყოფითი შედეგებიც მოჰყვეს. ამ საკითხს, პოლიტიკურის გარდა, სახელმწიფოებრივი ჭრილიც აქვს. სახელმწიფოებრივი ჭრილით თუ შევხედავთ, `ოცნების~ ისტერიკა პრეზიდენტისთვის პოლიტიკურად მომგებიანია, მაგრამ ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელია.
„ახალი თაობა“, 01 აპრილი, 2017 წელი
ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „გიორგი მარგველაშვილს ხელს ოჯახური სკანდალები უშლის“ // „არ მჯერა, რომ პრეზიდენტს ამხელა რეიტინგი აქვს“
აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის „IRI“-ს („აირაი“) კვლევებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ექსპერტი მამუკა არეშიძე აფასებს.
- ბატონო მამუკა, აირაი კვლევების პრეზენტაციას ორშაბათს გამართავს, თუმცა კვლევის ნაწილი საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი გახდა. „ქართულ ოცნებას“ მხარს 26% უჭერს, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 15%, „ევროპულ საქართველოს“ - 7%, 20%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს. როგორია თქვენი შეფასებები? რამდენად ენდობით ამ კვლევებს?
- ჩვენ ხომ შევთანხმდით ერთხელ და სამუდამოდ, რომ ასეთი საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები ნაკლებ ნდობას იმსახურებს, განსაკუთრებით პარტიების პოპულარობის რეიტინგში. ეს ციფრები მე არაფერს მეუბნება, რადგან ვერ ვხედავ ასეთ ციფრებსა და განწყობებს საზოგადოებაში. მე უფრო ნიჰილიზმს ვხედავ საზოგადოებაში პოლიტიკური ელიტის მიმართ.
- პოლიტიკურ ელიტაში ხელისუფლებას გულისხმობთ?
- არ აქვს მნიშვნელობა, ხელისუფლება იქნება ეს თუ ოპოზიცია. პლუს ვხედავ გაღიზიანებას ხელისუფლების ზოგიერთი ნაბიჯის მიმართ და ასევე გაღიზიანებას ნაციონალების აქტივობის მიმართ. მე არ ვიცი, რა კატეგორიის ხალხში ჩატარდა ეს გამოკითხვა, დღეს ჩემთვის რთული სათქმელია, რამდენად რეალურია ეს ციფრები. ის, რომ ქვეყანაში არ არის ნორმალური და სახარბიელო მდგომარეობა, ფაქტია.
- ეს მდგომარეობა „ოცნების უმოქმედობით არის განპირობებული?
- ეს მდგომარეობა განპირობებულია იმ სიღრმეში წასული უკმაყოფილებით, რომელსაც ჰქვია სამართლიანობის არაღდგენა, სოციალური საკითხების მოუგვარებლობა, დაპირებების ვერშესრულება და ასე შემდეგ. ოპოზიციის მიმართ უკმაყოფილებას რაც შეეხება და ეს განსაკუთრებით ეხება ნაცმოძრაობასა და მის განშტოებებს, ეს არის დაახლოებით ასეთი ფორმულირება, რომ ამათ გაცილებით უარესი აქვთ ჩადენილი და ხმის ამოღების უფლება არ აქვთ.
- გამოქვეყნდა პოლიტიკოსების რეიტინგიც, რომლის ოთხეულიც ასე გამოიყურება: გიორგი მარგველაშვილი - 67%, დავით სერგეენკო - 65%, გიორგი კვირიკაშვილი - 55%, დავით ბაქრაძე - 50%.…
- არცერთი ციფრი არ მეჩვენება განსაკუთრებულად რეალურად. მიუხედავად იმისა, რომ დავით სერგეენკოს რეიტინგი მყარია წლების განმავლობაში, ის მაინც არ მეჩვენება რეალურად.
- რატომ?
- იმიტომ, რომ მე ვერ ვხედავ იმ საზოგადოებას, რომელიც 67%-ს მისცემდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს.
- ხელოვნურად არის გაზრდილი მაჩვენებელი?
- არ არის გასაკვირი, რომ ასე იყოს, რადგან ჩვენ მიგვაჩვიეს ამ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომ პოლიტიკური რეიტინგების კორექტირებას ახდენენ მომავალზე ორიენტირებით. საერთოდ ვერ ვეღირსეთ საქართველოში, მცირე გამონაკლისის გარდა, ობიექტურად ჩატარებულ კვლევებს!
- გიორგი მარგველაშვილი საკმაოდ აქტიურია ბოლო პერიოდში. რატომ უყურებთ მის რეიტინგს ეჭვის თვალით?
- კი ბატონო, გიორგი მარგველაშვილი საკმაოდ აქტიურია, მაგრამ პრეზიდენტს ძალიან უშლის ხელს მისი ოჯახური სკანდალები.
- რას გულისხმობთ?
- იმას, რაც დაკავშირებულია მისი ოჯახის წევრებთან და მათ უკანონო ქმედებებთან. ამიტომ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისთვის ეს ფიგურა მიუღებელია. იმიტომ კი არა, რომ მის ოჯახში ამგვარი რამ ხდება, იმიტომ, რომ მუდმივად ცდილობს, დაიცვას თავისი ოჯახის წევრები.
- ეს ხომ ბუნებრივიცაა, რომ იცავს?
- ხაზს ვუსვამ, ისინი, ვინც ადრეც არიან დანაშაულში მხილებულნი და ახლაც აგრძელებენ იმავეს. პლუს ამას შეწყალებების გამარტივება იმ ადამიანების მიმართ, ვინც მას აინტერესებს.
- ეს ხომ ბრალდებაა. პრეზიდენტის მხრიდან ეს ინტერესი იკვეთება?
- რასაკვირველია, იკვეთება. მარგველაშვილის ზოგიერთი საქციელი მართლა მაკვირვებს. მე მას დიდი ხანია ვიცნობ და ადრე წარმოუდგენელი იყო ჩემთვის, რომ ის ამ ნაბიჯებს გადადგამდა. მე მას ვიცნობდი, როგორც უკომპრომისო ადამიანს იმ საკითხების მიმართ, რასაც ჰქვია კრიმინალი და კანონდარღვევა.
- თუმცა მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ეს არის შავი პიარი და ასე ებრძვიან პრეზიდენტს, აქ პოლიტიკური ინტერესი იკვეთებაო. ამაზე რას იტყვით?
- საქართველო არ არის იმ სიდიდის ქვეყანა, სადაც ამბავს ვერ გაიგებ ძალიან სწრაფად. ჩვენ ხომ ვიცით, რეალობა რაში მდგომარეობს?! თბილისში მაინც რეალურად ყველამ იცის, ვინ რაშია დამნაშავე და ვის როგორი ბიოგრაფია აქვს. ეს სოციალური ქსელიც ხომ ლაკმუსის ქაღალდივით არის.
- ამით საით მიანიშნებთ?
- ხშირად ადამიანზე, რომელიც ეკრანზე გამოდის და იქიდან ცდილობს, ჭკუა დაგვარიგოს, მეცინება ხოლმე, რადგან ზუსტად ვიცი, გუშინ რა აქვს გაკეთებული. ეს ზოგიერთ სასულიერო პირსაც ეხება, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად გამოდის ეკრანზე.
- მეუფე პეტრეს გულისხმობთ?
- თუნდაც.
- რეიტინგებს რომ დავუბრუნდეთ, ანუ თქვენ არ გჯერათ, რომ გიორგი მარგველაშვილს ამხელა რეიტინგი აქვს?
- არა. როდესაც რეიტინგი ასე ხტუნვითა და სწრაფად იზრდება, როგორც ჩანს, ეს ვიღაცას სჭირდება.
- ვის სჭირდება? ოპოზიციაც აქტიურობს მის კარზეო და რა ხდება?
- არ გამოვა ეს ამბავი! ეს ოპოზიციის შეკრება არ გამოვა!
„ახალი თაობა“, 01 აპრილი, 2017 წელი
ინტერვიუ სოსო შატბერაშვილთან: „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლების ალტერნატივა ვერ იქნება“ // „რეიტინგებში გიორგი მარგველაშვილის პირველობა აბსურდია“
„ახალი თაობა“ რამდენიმე აქტუალურ საკითხზე ესაუბრა მემარცხენე ალიანსის გენერალურ მდივან სოსო შატბერაშვილს
- საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ნაციონალური მოძრაობა მეორე ადგილზეა. ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები ამის საფუძველზე აცხადებენ, რომ ხალხი ნაცმოძრაობას ხელისუფლების ალტერნატივად განიხილავს...
- ეს არ არის ხალხის აზრი. მოსახლეობა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მხარს არ უჭერს. ნაცმოძრაობა ვერ იქნება ხელისუფლების ალტერნატივა.
- რატომ?
- მას მხარდაჭერა არ გააჩნია. ამ პარტიას არასდროს მოუგია არჩევნები, 2003 წლიდან მოყოლებული. 2003 წელს მიხეილ სააკაშვილი და მისი ბანდა მოტყუებითა და გადატრიალებით მოვიდა ხელისუფლებაში. იმ ავადსახსენებელ 9-წლიან პერიოდში ყველა არჩევნები გაყალბდა. არადა, „რუსთავი-2“, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის წართმეული „იმედი“, სამთავრობო და სხვა ბერკეტები ნაციონალების სასარგებლოდ იყო ამუშავებული.
- ამ გამოკითხვის შედეგები დამაჯერებელი არ არის?
- ეს შედეგები ვერ იქნება დამაჯერებელი. ენდიაის თბილისის ორგანიზაციას არაერთხელ გამოუქვეყნებია საეჭვო შედეგები. იმ გამოკითხვებში მონაწილეობდნენ ნაცმოძრაობის მხარდამჭერები. აირაის ბოლო კვლევა და მისი მონაცემებიც არ იწვევს ნდობას. ხალხში უკვე გაჩნდა ისეთი შეგრძნება, რომ აშშ-ში ყველა სტრუქტურა, მთელი პოლიტიკური ელიტა ნაციონალური მოძრაობის გაძლიერებაზე მუშაობს. ასეთი შთაბეჭდილება საზოგადოებაში მას შემდეგაც გაჩნდა, როცა სტრასბურის სასამართლომ შეაჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი-2“-თან დაკავშირებით. ადვოკატ მურადაშვილის ერთგვერდიანი წერილის საფუძველზე საჩქაროდ ასეთი გადაწყვეტილების ნაჩქარევად გამოტანა მოულოდნელი იყო. ნაციონალური მოძრაობა ბანდიტურ-ტერორისტული დაჯგუფებაა. ამ პარტიის მიერ დაზარალებული ადამიანები არსად წასულან. ისინი მისი მოწინააღმდეგეები არიან. მათთვის ძალიან მტკივნეულია იმის დანახვა, რაც ხდება. ადამიანებს ვერ გაუგიათ, რატომ აფარებენ ხელს ნაციონალურ მოძრაობას აშშ-სა და ევროპაში.
- თუ ამ პარტიას ყველა მფარველობს, ხალხის არჩევანს მნიშვნელობა არ ჰქონია.
- არა, ასეც არ არის საქმე. ხალხს შეუძლია, თავისი გაიტანოს. 2012 წელს არავის სჯეროდა, რომ მმართველი ნაცმოძრაობა ვერ გაიმარჯვებდა. თავად ბიძინა ივანიშვილიც ფიქრობდა, რომ არჩევნებში „ქართული ოცნება“ მხოლოდ 40%-ს მიიღებდა. ხალხი მასობრივად დაიძრა საარჩევნო უბნებისაკენ, არჩევნები მასშტაბურად ვერ გაყალბდა და ნაცმოძრაობამ მართვის სადავეები დათმო. სხვა საქმეა, გაამართლა თუ არა „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც ბევრი დანაპირები ვერ შეასრულა. საზოგადოებამ მომავალშიც არ უნდა დაყაროს ფარ-ხმალი.
- ამავე გამოკითხვით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რეიტინგებში ლიდერობს...
- გიორგი მარგველაშვილის პირველობა აბსურდია. მას ქვეყნისთვის საერთოდ არაფერი გაუკეთებია. მის სახელს არც ვიზალიბერალიზაცია უკავშირდება, არც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმება და არც სხვა წარმატება. მოსახლეობა საერთოდ ვერ გრძნობს, ჰყავს თუ არა პრეზიდენტი. ის ჩანს მაშინ, როცა რომელიმე კანონს ვეტოს ადებს. მისი მთავარი საქმე „ოცნებასთან“ კატა-თაგვობანას თამაშია.
- რა პერსპექტივა აქვთ სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებს? თუ საპარლამენტო არჩევნები 5-%-იანი ბარიერით, ბლოკების აკრძალვითა და გადაუნაწილებელი მანდატების პირველ ადგილზე გასული პარტიისათვის მიკუთვნებით ჩატარდა, პარლამენტში ისევ ორი ძალა მოხვდება?
- ის, რაც ჩამოთვალეთ, ცუდია და გათვლილია იმაზე, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს ორპარტიული სისტემა. ორპარტიული სისტემა არსებობს აშშ-ში. ეს 200-წლიანი პრაქტიკაა. იქ სხვა რეალობაა. ამერიკაში უზენაესი სასამართლოც ლამის პარტიის მოვალეობას ასრულებს. მას შეუძლია კანონების შეჩერება, პრეზიდენტის გადაყენება და სხვა. საქართველოში ორპარტიულობა არ გამოვა. რასაკვირველია, ვერც 240 პარტია იფუნქციონირებს. გარკვეული ხნის შემდეგ აუცილებლად ჩამოყალიბდება დაახლოებით 5 ძლიერი პარტია. ეს პარტიები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ქვეყნის განვითარებაში.
„ახალი თაობა“, 01 აპრილი, 2017 წელი
ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „გიორგი კვირიკაშვილის რეიტინგის შემცირება მოსალოდნელი იყო“
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის „აირაი“-ს სოციოლოგიური კვლევის შედეგებს აფასებს.
- ბატონო ვახტანგ, აირაის სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით „ქართულ ოცნებას“ 26% აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 15%. რა პოლიტიკურ სურათს იძლევა ეს შედეგები?
- როგორც ჩანს, პოლიტიკური სპექტრი არჩევნების წინა პერიოდს დაუბრუნდა. წინა სოციოლოგიური კვლევების დროსაც დაახლოებით ასეთი თანაფარდობა იყო „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას’ შორის. მაშინაც დაახლოებით ორი-სამი პარტია იყო კვლევების შედეგად, რომელიც 5%-იან ბარიერს ლახავდა და პარლამენტში შედიოდა. არჩევნებმაც სწორედ ეს შედეგი დადო.
- ხელისუფლება არ ენდობა ამ შედეგებს და აცხადებს, რომ ვერც ერთხელ ვერ დადო სოციოლოგიურმა კვლევებმა არჩევნებთან მიახლოებული შედეგები...
- პროცენტულ მაჩვენებლებს მართალია ვერ დებს, თუმცა საზოგადოებაში არსებულ განწყობებს ნამდვილად ასახავს. არ შეიძლება არჩევნების საბოლოო შედეგებისა და სოციოლოგიური კვლევების ასე ერთი-ერთში შედარება. მთავარია, სოციოლოგიამ განწყობები ასახოს. თუ მაჟორიტარებს მოაშორებენ, ნახავენ, რომ პროპორციულში ზუსტად არის ასახული. წინა არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ 48% აიღო, ნაციონალურმა მოძრაობამ – 26%, დღევანდელ კვლევაშიც იგივე თანაფარდობაა დაფიქსირებული, მაგრამ იმის გამო, რომ დღეს ქვეყანაში არჩევნები არ ტარდება, პროცენტულმა მაჩვენებლებმა დაიწია, ეს არის და ეს.
- პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს რეიტინგში მინისტრი დავით სერგეენკო უსწრებს. ამას რით ახსნით?
- დავით სერგეენკომ, როგორც კი მინისტრი გახდა, სწორად შეარჩია ის ნიშა, სადაც მას წარმატება გარდაუვლად ელოდა. რეალურად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რამდენიც უნდა ისაუბრონ ნაციონალებმა თუ სხვებმა, მაინც იყო წარმატებული პროექტი. ასეთი პროექტი არც ერთი მიმართულებით არ განხორციელებულა, მართალია, ის დახვეწას საჭიროებს, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ, რომ მუშაობს. ეს პროექტი თითქმის ყველა ოჯახში შევიდა და ყველას შეეხო, ამიტომ მან ასახვა ჰპოვა სწორედ რეიტინგებში. თუ ჯანდაცვის ეს პროგრამა დაიხვეწება და კიდევ გაგრძელდება, სერგეენკოს რეიტინგი უფრო მზარდი გახდება. ამდენად, სავსებით გასაგებია, სერგეენკოს რეიტინგი სტაბილური რატომ არის.
კიდევ არის მეორე ფაქტორი, რამაც გამოიწვია ხმების ასეთი გადანაწილება: საზოგადოება დავით სერგეენკოს აღიქვამს, როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ავტორს და არა – ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებელ პირს.
- როგორც გიორგი კვირიკაშვილს?
- რასაკვირველია. გიორგი კვირიკაშვილი არის პრემიერი და ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება. კვირიკაშვილის რეიტინგი შარშან ზუსტად ამ დროს უფრო მაღალი იქნებოდა, ვიდრე სერგეენკოსი. ამას ვამბობ კვირიკაშვილისადმი არსებული მოლოდინებიდან გამომდინარე. იყო დიდი მოლოდინი, მაგრამ ქვეყანაში არსებული ვითარება ვერ გაუმჯობესდა. ამიტომ, სრულიად ბუნებრივია, რომ გიორგი კვირიკაშვილის რეიტინგმა, რომელიც პასუხს აგებს არა რომელიმე ერთ სამინისტროზე, არამედ ზოგადად ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, დაიწიოს. ეს ძალიან ბუნებრივი და ძალიან ლოგიკურია, აქ მე უცნაურს ვერაფერს ვხედავ.
- დავით ბაქრაძის რეიტინგზე რას იტყვით, რომელიც ოთხეულის ბოლო ადგილზეა?
- თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დავით ბაქრაძეს ნეიტრალურ ფიგურად აღიქვამენ და ის პირდაპირ არ არის ასოცირებული არც ნაციონალურ მოძრაობასთან და არც „ევროპულ საქართველოსთან“, ეს იყო მოსალოდნელი.
- დავით ბაქრაძე ყოველთვის ინარჩუნებს ოპოზიციურ ლიდერებს შორის მოწინავე ადგილს. ამას რას უკავშირებთ?
- ალბათ მის ხასიათს, ზოგად თვისებებს. სხვა ახსნა არ მაქვს.
- „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ამბობენ, ჩვენ ვართ ხელისუფლების ალტერნატივა, გამოკითხული შედეგები ამაზე მეტყველებსო. რეალურად რამდენად თვლის ამომრჩეველი მათ ალტერნატივად?
- ალტერნატივა ნიშნავს არსებულის ჩამნაცვლებელს, შემცვლელს. ამ შედეგებით და სხვა დანარჩენი შედეგებით, ხელისუფლების ჩამნაცვლებელი პოლიტიკური ძალა ჯერ არ ჩანს. ნაციონალური მოძრაობა მეორე ადგილზე გასული ძალაა. მას ალტერნატივის პერსპექტივა არ აქვს. თუმცა, 2020 წლის არჩევნებზე მათ არ ექნებათ ბარიერის გადალახვის პრობლემა, ეს ნამდვილად გამოჩნდა ამ კვლევებით.
- პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის რეიტინგზე მინდა გკითხოთ. რას უკავშირებთ მის პირველ ადგილზე ყოფნას?
- ვუკავშირებ იმას, რომ საზოგადოება თანდათან იწყებს ახალი პოლიტიკური ლიდერისა და პოლიტიკური ძალის ძიებას, რომელიც დამოუკიდებელი იქნება არსებული პოლიტიკური სპექტრისგან, როგორც ხელისუფლებისგან, ისე ოპოზიციისგან.
გიორგი მარგველაშვილმა მოახერხა, რომ ბიძინა ივანიშვილისგან დისტანცირებული ყოფილიყო და, შესაბამისად, „ქართული ოცნებისგან“. გარდა ამისა, ის ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა და რამდენიმე მკვეთრი ნაბიჯიც გადადგა. ასევე, მარგველაშვილი პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევაზე როდესაც საუბრობს, მას მხარს უჭერს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა. მართალია, მე არ ვუჭერ მხარს პრეზიდენტის პირდაპირ არჩევნებს, მაგრამ მოსახლეობა ჯერ კიდევ აღიქვამს პრეზიდენტს იმ პრეზიდენტად, რომელიც აღარ არის ფუნქციონალურად ის, რაც ადრე იყო. ეს თანხვედრაც მოქმედებს. ასევე, გამოჩნდა, რომ გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ დაწყებული ხელისუფლების კამპანია არ მუშაობს. თუ სხვა ლიდერი არ გამოჩნდა, მარგველაშვილის რეიტინგი კი არ შემცირდება, გაიზრდება. ამომრჩეველი ძიების პროცესშია, ჯერჯერობით ამ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს ხელისუფლებისგან დისტანცირებული მარგველაშვილი.
- რა დასკვნის საფუძველს იძლევა ეს კვლევები, რა პოლიტიკურ პერსპექტივებს უნდა ველოდოთ?
- საპარლამენტო არჩევნებამდე საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი. ადგილობრივ არჩევნებზე კი დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ ვინ იქნება ოპოზიციიდან და ხელისუფლებიდან თბილისში მერობის კანდიდატი. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, თუ მარგველაშვილი მკვეთრ შეცდომას არ დაუშვებს, ან არ გამოჩნდება ვიღაც ახალი ლიდერი, მას ყველაზე დიდი შანსი ექნება, რომ მეორედ იყაროს კენჭი და გაიმარჯვოს კიდეც.
„ახალი თაობა“, 01 აპრილი, 2017 წელი
„ლოლუა, ჯინჯოლია, ბებია, გუნია, პერტაია - აფხაზეთის პარლამენტში ქართველები აირჩიეს“
ვან ბაიბურთი: „სოხუმში ანტირუსული და ანტისომხური განწყობა იზრდება“
აფხაზეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სომხური მედია საყოველთაო სიხარულმა მოიცვა. სპუტნიკ-არმენია დიდი სიხარულით იუწყება, რომ ადგილობრივ პარლამენტში სომხური საზოგადოების სამი წარმომადგენელი – ლევონ გალუსტიანი, აშოტ მინასიანი და ლევონ დაშიანი მოხვდა. სომხური მედიის ცნობით, ეს სამეული ისტორიულ სამშობლოსთან, ანუ სომხეთთან მჭიდრო კავშირის დამყარებას აპირებს.
ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ, სომეხ კანდიდატებს პარლამენტში მოხვედრის ძალიან მცირე შანსი ჰქონდათ. აფხაზეთში საკმაოდ გაიზარდა ანტისომხური განწყობა და აფხაზები მათ მიმართ ხშირად იჩენენ აგრესიას. აფხაზების აგრესიას ის ფაქტიც იწვევს, რომ ეთნიკური სომხების რაოდენობამ ეთნიკური აფხაზების რაოდენობას გადააჭარბა. ოფიციალური მონაცემებით, აფხაზეთში 42.000 სომეხი ცხოვრობს. აფხაზები ამბობენ, რომ ეს ციფრი რეალურზე ორჯერ ნაკლებია.
სომხების მიმართ აფხაზებს იმის გამოც აქვთ აგრესია, რომ ადგილობრივ ბიზნესს ძირითადად ისინი დაეპატრონნენ. სამი სომეხი კანდიდატის გამარჯვება საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს, ვან ბაიბურთს ძალიან უხარია. მისი თქმით, აფხაზეთში ანტისომხური განწყობის გარდა, ანტირუსული განწყობაც გაზრდილია. რამ განაპირობა აფხაზების ასეთი სახეცვლილება და როგორ ცხოვრობენ ადამიანები ოკუპირებულ რეგიონში? ამაზე ვან ბაიბურთი „ახალ თაობას“ ესაუბრება.
ვან ბაიბურთი:
- რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, სამივე სომეხი კანდიდატი, რომლებმაც არჩევნები მოიგეს, ალექსანდრე ანქვაბის მომხრეები არიან. ამ არჩევნებში მონაწილეობდა ყოფილი დეპუტატი ტრაპიზონიანიც, რომელმაც ხალხის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ეს ადამიანი აფხაზეთის ლიდერის ხაჯიმბას მხარდამჭერი და ღია ფანია. ეს ფაქტი, მგონი, რაღაცებზე მეტყველებს.
- რაზე მეტყველებს? რაულ ხაჯიმბას რომ სომხები არ უყვარს, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია...
- ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ რაულ ხაჯიმბა არც სომხებს უყვარს და მათ ის კანდიდატიც კი დაიწუნეს, რომელიც პრეზიდენტის მხარდამჭერი იყო. ამ კანდიდატების გამარჯვება მიუთითებს იმაზე, რომ აფხაზეთში ამომრჩეველი გაიზარდა და ზომიერ ხალხს ირჩევენ პარლამენტში. აფხაზეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები მართალია არალეგიტიმურია, მაგრამ ის საბოლოო ჯამში საქართველოსთვის კარგის მომტანი იქნება. იგივე ეს სამი სომეხი დეპუტატი უფრო საქართველოსკენ არის.
- რას ნიშნავს უფრო საქართველოსკენ არის?
- იმას, რომ უფრო საქართველოსკენ არის, ვიდრე პირიქით. საერთოდ აფხაზეთში მცხოვრები სომხები ქართველების მიმართ დადებითად არიან განწყობილი.
- ეს დადებითი განწყობა რაში გამოიხატება?
- ისინი ხშირად ჩამოდიან თბილისში.
- რატომ ჩამოდიან?
- ზოგი ნათესავებთან ჩამოდის, ზოგიც სამკურნალოდ.
- თქვენ შეხვდით ამ ადამიანებს?
- შევხვდი.
- რას ყვებიან აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე? მართალია, რომ აფხაზები მათ ავიწროვებენ?
- მე რამდენადაც ვიცი, აფხაზეთში სომხები კარგ მდგომარეობაში არ არიან. არ ვიცი, დაარქმევთ თუ არა ამას შევიწროვებას.
- მაინც რა პრობლემები ექმნებათ?
- ომამდე აფხაზეთის ტერიტორიაზე სომხები ბლომად ცხოვრობდნენ. მრავლად იყო სომხური სკოლებიც. ახლა ამ სკოლების რაოდენობა განახევრდა. ერთ-ერთი ცნობილი სომხური სკოლა იყო გაგრაში. მე არაერთხელ ვარ ნამყოფი ამ დაწესებულებაში. ადრე იქ 1.800 ბავშვი სწავლობდა. ახლა, როგორც მითხრეს, იქ სულ რაღაც 350 მოსწავლე სწავლობს.
- ბიზნესში რა ხდება? როგორც ამბობენ, აფხაზები სომხებზე იმიტომ განაწყენდნენ, რომ მთელ ბიზნესს ისინი არიან დაპატრონებული...
- ამის შესახებ არაერთი მასალა წამიკითხავს ქართულ პრესაში. იქიდან ჩამოსული სომხები სულ სხვა რამეებს ყვებიან.
- მაინც რას ყვებიან?
- იმას, რომ დიდად არც ბიზნესში არიან გახარებული.
- გინდათ თქვათ, რომ აფხაზეთში ეთნიკურ სომხებს ავიწროვებენ?
- მარტო სომხებს არა, აფხაზეთში ყველას ავიწროვებენ.
- მათ შორის რუსებსაც?
- მათ შორის რუსებსაც.
- ეს ცოტა ძნელი დასაჯერებელია...
- ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ეს არის რეალობა.
- რუსების შევიწროვება რაში გამოიხატება?
- ბევრ რამეში, მათ შორის ახლახან ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებში. ამის გამო რუსეთის დუმის წევრი კონსტანტინე ზატულინი ღიად დაემუქრა აფხაზებს. სოხუმში ყოფნისას სულ თითები უქნია. ზატულინი სოხუმში დამკვირვებლად იყო ჩასული. არჩევნების შედეგით უკმაყოფილო დარჩა. ამის შესახებ აფხაზებსაც ესაუბრა და ერთ-ერთ ინტერვიუში ძალიან მკვახედ ილაპარაკა.
- კონკრეტულად რითი იყო კონსტანტინე ზატულინი უკმაყოფილო?
- იმით, რომ აფხაზეთის პარლამენტში არც ერთი რუსი ეროვნების დეპუტატი არ აირჩიეს. კონსტანტინე ზატულინი ამბობდა, ამდენი წელია, აფხაზებს ვეხმარებით და რუსი როგორ არ აირჩიესო.
- აფხაზეთში რუსები მრავლად ცხოვრობენ?
- ცოტანი არ არიან. ომამდე აფხაზეთის ტერიტორიაზე 60.000-მდე ეთნიკური რუსი ცხოვრობდა. ბოლო აღწერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აფხაზეთში 20.000-მდე რუსი ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, ერთი რუსი დეპუტატი ხომ მაინც უნდა აერჩიათ. სამაგიეროდ, აირჩიეს ქართველები.
- ვინ ქართველები აირჩიეს?
- ახლავე წაგიკითხავთ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატების გვარებს. ესენი არიან: ლოლუა, ჯინჯოლია, ბებია, გუნია, პერტაია.
- თქვენ გგონიათ, რომ ისინი ქართველები არიან?
- რა თქმა უნდა, ქართველები არიან.
- მეეჭვება, თავადაც ქართველებად თვლიდნენ თავს...
- ეს მხოლოდ დროის საკითხია. როცა ყველაფერი დალაგდება, როცა საქართველო დაკარგულ ტერიტორიებს დაიბრუნებს, ჩემ მიერ ჩამოთვლილი ადამიანები დიდი სიამაყით იტყვიან, რომ ისინი ქართველები არიან.
- ამაში დარწმუნებული ხართ?
- ჩვენ ისეთ ქვეყანას ვაშენებთ, რომ ეს ადამიანები თავიანთი ქართული წარმომავლობით აუცილებლად იამაყებენ.
- მოდით, ისევ აფხაზების ანტისომხურ და ანტირუსულ განწყობას დავუბრუნდეთ, რაზე მიანიშნებს ეს ყველაფერი?
- რაღაცის ნიშანი ნამდვილად არის, მაგრამ მიჭირს იმის თქმა, კონკრეტულად რა უნდათ აფხაზებს. ეს ანტირუსული განწყობა ძალიან დამაფიქრებელია. აფხაზეთის მოსახლეობის 90% რუსულ ენაზე საუბრობს. ამავე ენაზე საუბრობენ პარლამენტსა და მთავრობაში. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ აქ რუსული სამხედრო ბაზებია და, როგორც თავად ამბობენ, მათ უსაფრთხოებას რუსები იცავენ. მოსახლეობა პენსიებს და ხელფასებს რუსეთის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულით ღებულობს. ამ დროს პარლამენტში ვერც ერთი რუსი ვერ მოხვდა. ჩემი აზრით, ეს რუსეთისთვის ერთგვარი მესიჯია და რაც მალე წაიკითხავენ მას რუსები, მით უკეთესი იქნება ყველასთვის. მე ასე მგონია, რომ აფხაზების მესიჯი ასეთია – კი გვეხმარებით, ძმებო რუსებო, მაგრამ პარლამენტში მაინც ქართული გვარები გვირჩევნია.
- ანუ თქვენ იმ ადამიანებს მაინც ქართველებად მიიჩნევთ?
- ეს გვარები ქართულია და ამაზე დავას არავინ დაიწყებს. ისინი შეიძლება ამ ეტაპზე თავს ქართველებად არ თვლიან, მაგრამ ნებისმიერ აფხაზს რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, რომ ისინი ქართველები არიან. აშკარაა, რომ აფხაზების ყურს პარლამენტში ქართული გვარები უფრო ელამუნება, ვიდრე – რუსული. მე პირადად ამ ყველაფერს ასეთ ახსნას ვუძებნი, რომ, ყველაფრის მიუხედავად, აფხაზებისთვის ქართველები უფრო მისაღები არიან, ვიდრე რუსები.
„ახალი თაობა“, 01 აპრილი, 2017 წელი
ინტერვიუ ადვოკატ მარინე ცუცქირიძესთან: „რუსუდან კერვალიშვილი ელოდა, რომ დააპატიმრებდნენ“ // „მთელ ოჯახს გაუსწორდნენ“
„ცენტრ პოინტის“ საქმე სასამართლოში დიდი ხმაურით მიმდინარეობს. სააკაძის მოედანზე მდებარე ობიექტის ეპიზოდზე სასამართლო განხილვები დასრულდა.
31 მარტს სასამართლომ „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი დამნაშავედ ცნო და მათ 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზში დააკავეს. მოსამართლის გადაწყვეტილებას სასამართლოში დიდი ხმაური მოჰყვა. დაკავებულების ოჯახის ახლობლები პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ.
„ახალი თაობა“ მაია რჩეულიშვილის ადვოკატ მარინე ცუცქირიძეს ესაუბრა.
- ქალბატონო მარინე, რა მოლოდინი გქონდათ და რას იტყვით გადაწყვეტილების თაობაზე?
- ყველაზე მძიმე მუხლი, რომელიც ჰქონდათ წარდგენილი მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს, იყო 194-ე მუხლი. ეს იყო დანაშაულით მიღებული ქონების ლეგალიზაცია და ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 12 წლამდე. ამ მუხლში გაამართლა სასამართლომ და ცნო უდანაშაულოდ. რაც შეეხება დარჩენილ ორ მუხლს, თაღლითობა, მითვისება და გაფლანგვა, ამ ორივე მუხლში ორივეს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
- არ ეთანხმებით გადაწყვეტილებას?
- რა თქმა უნდა, ამ ნაწილში ჩვენ არ ვეთანხმებით სასამართლოს, კანონით დადგენილ ვადაში გავასაჩივრებთ და აუცილებლად ვიდავებთ.
- მიგაჩნიათ, რომ ამ ნაწილშიც უდანაშაულოები იყვნენ და იმის მოლოდინი გქონდათ, რომ გამართლდებოდნენ?
- ან უნდა გამართლებულიყვნენ, ან, მინიმუმ, კვალიფიკაცია მაინც უნდა შეცვლილიყო. ჩვენ ვერ დავეთანხმებით, რომ თაღლითობასთან გვქონდა საქმე.
- აბა, რასთან გვქონდა? თანხები ხომ გაიფლანგა?
- ეს არ იყო თაღლითობა ნამდვილად! ეს მუხლი უნდა გადაკვალიფიცირდეს. როდესაც საუბრობენ თაღლითობაზე, აუცილებელია, არსებობდეს მტკიცებულება, რომ თავიდანვე იყო ეს განზრახვა და თავიდანვე ამის გაკეთება ჰქონდათ ჩაფიქრებული მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს, როგორც კი ცენტრ პოინტი შექმნეს. გამოდის, რომ აქ არაფერ შუაშია არც კრიზისი და არც სხვა პრობლემები. პროკურატურამ ყოველივე ეს ვერ დაადასტურა, მაგრამ მოსამართლემ მაინც დატოვა თაღლითობის მუხლი. ბუნებრივია, ჩვენ ამ ნაწილში არ დავეთანხმებით და გავასაჩივრებთ სააპელაციო ინსტანციაში.
- თუმცა სასამართლომ საკმაოდ მძიმე მუხლში გაამართლა „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლები. ამაზე რას იტყვით?
- იმას, რომ ასეთ მძიმე მუხლში სასამართლომ გაამართლა ბრალდებულები და უდანაშაულოდ ცნო, რა თქმა უნდა, დადებითად ვაფასებ.
- ელოდა რუსუდან კერვალიშვილი, რომ მას დარბაზშივე დააპატიმრებდნენ?
- ეს არის პოლიტიკური პროცესი. ეს არ არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმე და ამიტომ, გულწრფელად რომ გითხრათ, ელოდა. მას ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ამას გააკეთებდა სახელმწიფო. ნამდვილად არ გვქონდა იმის ილუზია, რომ უდანაშაულოდ ცნობდნენ, თუმცა სამართლებრივად უნდა ეცნოთ.
- რატომ ამბობთ, რომ ეს პოლიტიკური პროცესია და ანგარიშსწორება მიდის, როცა ამდენი დაზარალებული ჰყავს „ცენტრ პოინტს“?
- ძალიან ელემენტარულად გეტყვით, მარტივი მაგალითით, რამდენი დაუსრულებელი შენობაა და რამდენი ადამიანია ამით დაზარალებული სხვადასხვა კომპანიის მხრიდან. თქვენ გსმენიათ, რომელიმე კომპანიის დამფუძნებლების მთელი ოჯახი დაეჭირათ და ასეთ დღეში ჩაეგდოთ?! აი, ასე მარტივად რომ მივუდგეთ.
- სხვა კომპანიებთან რა სიტუაციაა?
- ყველა დანარჩენთან ხდება მოლაპარაკება, ხდება ვალების პატიება და ასე შემდეგ. ერთადერთია ცენტრ პოინტი, რომელსაც ასე გაუსწორდნენ. გაუსწორდნენ მთელ ოჯახს! ვახტანგ რჩეულიშვილი არის უმძიმეს მდგომარეობაში, ხოლო ოჯახის დანარჩენი სამი წევრი დაპატიმრებულია! ოჯახის წევრი არ დატოვეს, რომელმაც შეიძლება, უპატრონოს ამ ხალხს. ვახტანგ რჩეულიშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში დარჩა აბსოლუტურად მარტო! ერთადერთი, რუსუდან კერვალიშვილი იყო, რომელიც პატრონობდა ამ ადამიანებს და ისიც სასამართლო დარბაზში დააკავეს. მაშინ რა არის ეს, თუ არა პირადი ანგარიშსწორება?!
- „ცენტრ პოინტს“ ჰყავს ბევრი დაზარალებული და ამ ფაქტს ხომ ვერ გავექცევით?
- მე ვიცი სხვა ბევრი სამშენებლო კომპანია, რომელსაც ათასობით დაზარალებული ჰყავს, მაგრამ ისინი არავის დაუპატიმრებია, პირიქით, ვალების ჩამოწერა მოხდა, დღესაც თავისუფლები არიან და მშვენივრად გრძნობენ თავს! აქედან გამომდინარე, გავაკეთოთ დასკვნები. აბა, რა არის ეს, თუ არა პირადი ანგარიშსწორება?! მაია რჩეულიშვილს საბოლოო სიტყვის თქმის უფლებაც კი წაართვეს იმის გამო, რომ ცუდად იყო და პროცესზე ვერ გამოცხადდა, ანუ აშკარად არის კონვენციის მეექვსე მუხლის დარღვევა, ბრალდებულს წაართვეს საბოლოო სიტყვის თქმის უფლება და ნაჩქარევად გამოიტანეს განაჩენი! ამიტომ მე ვერ ვიტყვი, რომ ეს არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმე.
- როდის გაასაჩივრებთ გადაწყვეტილებას?
- როგორც კი ჩავიბარებთ, ამ გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში.