globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 31 იანვარი 2018 წელი

Posted by Globalresearch on Jan 31st, 2018 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«КП в Украине» (უკრაინა): შეკითხვა უკრაინელებს: თქვენი აზრით, რით დასრულდება ქართველი პოლიტიკოსის „უკრაინული სერიალი“?

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): აშშ, რუსეთი, სანქციები და ჩრდილო კორეელები „სოხუმის რივიერაში“

—————–

«КП в Украине» (უკრაინა), 30 იანვარი, 2018 წელი
https://kp.ua/life/598932-a-chem-po-vashemu-ukraynskyi-seryal-hruzynskoho-polytyka-zakonchytsia
შეკითხვა უკრაინელებს: თქვენი აზრით, რით დასრულდება ქართველი პოლიტიკოსის „უკრაინული სერიალი“?

მასალაში გადმოცემულია უკრაინელი პოლიტიკოსების, ექსპერტ-პოლიტოლოგებისა  და რიგითი მოქალაქეების (როგორც მომხრეების, ასევე მოწინააღმდეგეების) თვალსაზრისი მიხეილ სააკაშვილის მომავალი ბედის, მისი საქმიანობის პერსპექტივის თაობაზე.

ვიტალი კუპრი, ვერხოვნა რადას (პარლამენტის) წევრი: „ამჟამად მიხეილ სააკაშვილის დეპორტაციისათვის საფუძველი არ არსებობს, საქმე გაყალბებულია. ამიტომაც ჭიანურდება სასამართლო პროცესები. ამასთან, დეპორტაციის გამორიცხვა მაინც არ შეიძლება – უკრაინის ხელისუფლებას შეუძლია პრეცედენტის განხორციელება, რათა აქტიური ოპონენტი თავიდან მოიშოროს. თუმცა, თუ ამას გააკეთებს, ასეთი ნაბიჯი უკრაინაში და მთელ მსოფლიოში დიდ [ნეგატიურ] რეზონანსს გამოიწვევს“.

რუსლან ბორტნიკი, პოლიტოლოგი (კიევი): „მოსახლეობის 60% მიიჩნევს, რომ ეს პოლიტიკური სერიალი ხელისუფლებასთან მიხეილ სააკაშვილის შერიგებით დასრულდება და საქართველოს ექს-პრეზიდენტი უფრო დამყოლი გახდება. დანარჩენი 40%-ის აზრით, მას ჰოლანდიაში ან პოლონეთში გააძევენ, ან საქართველოს გადასცემენ“.

ლილია ბელცანი, ინჟინერ-ტექნოლოგი (ზაპოროჟიე): „კარგი სერიალი ან ქორწინებით მთავრდება, ან მთავარი ბოროტმოქმედის გამომჟღავნებით, ან დადებითი გმირის ბედნიერი ცხოვრებით. თუმცა, უმჯობესია, თუ ამას გაგრძელება არ ექნება“.

ოლღა მამედოვა, მენეჯერი (ლვოვი): „ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილს უკრაინიდან გააძევებენ, თუმცა, თუ იგი ხელისუფლებას შეურიგდება და დაარწმუნებს, რომ ჯერ კიდევ შეუძლია სასარგებლო საქმის გაკეთება, მაშინ დატოვებენ გარკვეული პერიოდის მანძილზე, სკანდალების გარეშე“.

მარინა დრობოში, ექიმი (დნეპროპეტროვსკი): „ნელ-ნელა სიტუაცია ჩაწყნარდება. მწვავე პროცესმა უკვე გაირა, მიხომ მომენტი ხელიდან გაუშვა, მხარდამჭერები აკლდება. ასე რომ, ამ სერიალში უკვე საინტერესო არაფერი არ იქნება“.

ვარვარა მასლობოინიკოვა, ექიმი (კიევი): „ადრე თუ გვიან ცოლთან ერთად ევროპას დაუბრუნდება და საერთოდ დაივიწყებენ“.

ილდარ ხალითოვი, მზარეული (კიევი): „ვფიქრობ, იგი პოლიტიკას ჩამოშორდება და რესტორანს გახსნის სახელწოდებით „ხინკალი მიხოსაგან“, სადაც ქართული სამზარეულოს საუკეთესო კერძები მომზადდება. მერწმუნეთ, გურმანების დიდი რიგი დადგება“.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 31 იანვარი, 2018 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/north-korean-illegal-workers-in-occupied-abkhazia-georgia/4230987.html

აშშ, რუსეთი, სანქციები და ჩრდილო კორეელებისოხუმის რივიერაში

ზაზა წულაძე

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გუშინ ღიად დაადანაშაულა რუსეთი, რომ გაეროს მკაცრი სანქციების მიუხედავად, მოსკოვი ჩრდილო კორეასთან ენერგეტიკული ნედლეულით, კერძოდ, ქვანახშირით ვაჭრობას უკანონოდ განაგრძობს. ამ განცხადებას წინ უძღოდა, რუსეთის საგარეო უწყების დემარში, რომ მოსკოვი არ შეუერთდება აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ახალ სანქციებს ჩრდილოეთ კორეის 16 მოქალაქის მიმართ, რომლებიც ჩინეთის, რუსეთისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ მუშაობენ.

24 იანვარს ამოქმედებული სანქციები ჩრდილო კორეის სახელწიფო კოპორაციის Ryonbong-ის წარმომადგენლებს შეეხოთ. ყველა მათგანი ჩრდილო კორეის მმართველი შრომის პარტიის წევრია. აშშ ამ ადამიანების ფხენიანში დეპორტაციას ითხოვს.

Ryonbong ოფიციალურად ლითონების, მინერალებისა და ავტომანქანების ექსპორტისთვის იყო შექმნილი, თუმცა სინამდვილეში ჩრდილოეთ კორეის სამხედრო მრეწველობისთვის, მათ შორის, ქიმიური იარაღის შექმნისთვის აუცილებელი კომპონენტების საიდუმლო იმპორტით არის დაკავებული, რის გამოც 2006 წლიდან გაეროს სანქცია დაუწესდა.

ამის მიუხედავად, Ryonbong-ის დიპლომატიური იმუნიტეტით აღჭურვილი თანამშრომლები, ჩრდილოეთ კორეის საკონსულოს საფარქვეშ ჩინეთსა და რუსეთში მუშაობას მაინც განაგრძობენ. მათ კოორდინირებას ვლადივოსტოკში ჩრდილოეთ კორეის გენერალური კონსული ზო სეკ ჩხოლი უწევს.

ერთმა მათგანმა, ჩრდილო კორეელმა „დიპლომარტმა“ პაკ ტონგ სოკმა ოკუპირებულ სოხუმშიც კი ჩამოაღწია და საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევით, წითელ ხიდთან სასტუმროს მშენებლობას კურირებს. აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში კერძოდ ნათქვამია:

„პაკ ტონგ სოკი არის Ryonbong-ის წარმოადგენელი აფხაზეთში, საქართველო. მანამდე იყო რუსეთის ქალაქ ნახოდკაში. 2017 წლის აგვისტოში, მან გაუწია ორგანიზება აფხაზეთში ჩრდილო კორეელი მუშების განთავსებას, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს 2371-ე რეზოლუციის დარღვევაა“.

როგორც „ამერიკის ხმამ“ გაარკვია, ჩრდილო კორეელი ინჟინრები და მუშები ოკუპირებულ სოხუმში, ტურბაზის ტერიტორიაზე, სასტუმრო „სოხუმის რივიერას“ მშენებლობაზე მუშაობენ. მათი რაოდენობა 40-დან 50-მდე მერყეობს.

„სოხუმის რივიერა“ რუსულმა არქიტექტურულმა სალონმა Boriev&Partners-მა დააპროექტა, რომელსაც ოფისები ნალჩიკსა და სოჭში აქვს. 2013-2015 წლებში სწორედ ეს სალონი მუშაობდა სოხუმის საფეხბურთო სტადიონის სრულ რეკოსტრუქციაზე, რაზეც რუსეთის ფინანსური დახმარებიდან 700 მილიონი რუბლი (12,5 მილიონი დოლარი) დაიხარჯა და აქედან 110 მილიონი (2 მილიონი დოლარი) უკვალოდ გაქრა.

ოფიციალურად, ხუთსართულიანი სასტუმრო, სადაც კორეელი მუშახელია დასაქმებული, სოხუმელ ბიზნესმენს ალისა გულარიას ეკუთვნის, თუმცა 186 მილიონი რუბლის (დაახლოებით 3,3 მილიონი აშშ დოლარის) ოდენობის შეღავათიანი კრედიტი მშენებლობისთვის ერთ-ერთმა რუსულმა ბანკმა გამოყო. მშენებარე „სოხუმის რივიერას“ გარდა გულარიას ასევე ეკუთვნის კაფეების ქსელი „დოლჩე ვიტა“ სოხუმში და ტურისტული კომპანია „აფხაზეთის ტური“.

გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 2017 წლის აგვისტოსა და დეკემბერში მიღებული რეზოლუციები, ფხენიანისთვის ენერგომატარებლების მიწოდების მკვეთრი შემცირების გარდა, ჩრდილო კორეიდან შრომითი მიგრანტების მიღებასაც კრძალავს.

გაეროს წევრი ქვეყნები, მათ შორის, რუსეთიც, რომელმაც ამ რეზოლუციებს მხარი დაუჭირა, ვალდებულნი არიან ჩრდილო კორეელ მუშახელს სამუშაო ვიზები გაუუქმონ და უკან სამშობლოში გაამგზავრონ. ამ სანქციის მიზნებს საერთაშორისო მიმომხილველი ალექსეი კოვალი ასე განმარტავს:

„ჩრდილო კორეის ყველა მოქალაქე, რომლებიც დაქირავებულები არიან და უცხოეთში ერთ წელზე მეტხანს მუშაობენ, დეპორტირებულები უნდა იქნან უკან კორეაში. სწორედ ეს ადამიანები არიან კიმ ჩენ უნის რეჟიმისთვის უცხოური ვალუტის მთავარი შემომტანები. ჩრდილო კორეის რეჟიმი მონურ შრომითი მიგრაციას მთლიანად აკონტროლებს და ამ გზით, წელიწადში, დაახლოებით, 900 მილიონი დოლარის შემოსავალს იღებს. სწორედ ამ ფინანსური რესურსის შეზღუდვა სურთ აშშ-ს და სხვა ქვეყნებს“

საქართველოს და ჩრდილოეთ კორეას დიპლომატიური ურთიერთობა 1994 წლის მარტში აქვთ დამყარებული, თუმცა გასაგები მიზეზების გამო, არანაირი ოფიციალური კონტაქტი, თბილისსა და ფხენიანს შორის აღარ ყოფილა.

2017 წლის შემოდგომაზე, მას შემდეგ რაც რუსეთში ჩრდილო კორეის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომ „ყირიმის რეფერენდუმის“ შედეგებს სცნობს და ყირიმს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს“, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაჩნდა მოლოდინი რომ ფხენიანი “უფრო შორსაც წავიდოდა”.

ოკუპირებულ ცხინვალში ოსი სეპარატისტების ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა იმ დროს განაცხადა, რომ „კორეელი ბიზნესმენები“ დაბა კვაისაში მიტოვებული სპილენძისა და თუთიის საბადოებითაც კი „დაინტერესდნენ“, თუმცა ამის იქეთ საქმე აღარ წასულა.

Comments are closed