globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 30 იანვარი 2018 წელი

Posted by Globalresearch on Jan 30th, 2018 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«The Heritage Foundation» (აშშ): ანგარიში: საქართველოს ნატოში გაწევრიანება აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში შედის

«Каспiй» (აზერბაიჯანი): სადაო ტრანზიტი // განა საქართველოს ინტერესებში შედის სომხეთ-რუსეთის კავშირების განმტკიცება? რატომ უნდა დაეხმაროს თბილისი ისეთ ქვეყანას, რომელიც სამხრეთ კავკასიაში „მეხუთე კოლონისა“ და რუსეთის ერთგული ქოფაკის როლს ასრულებს?

«Radio New Zealand» (ახალი ზელანდია): ინტერვიუ ახალზელანდიელ მეცნიერთან: ნაურუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლობირების ცენტრში

—————–

«The Heritage Foundation» (აშშ), 29 იანვარი, 2018 წელი

https://www.heritage.org/defense/report/nato-membership-georgia-us-and-european-interest

ანგარიში: საქართველოს ნატოში გაწევრიანება აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში შედის

ამერიკულმა კვლევითმა ინსტიტუტმა Heritage Foundation-მა გამოაქვეყნა ექსპერტ ლუკ კოფის ანგარიში, რომელიც ამავე ინსტიტუტის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორია.

ვრცელ პუბლიკაციაში მიმოხილულია საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა (მასში ნახსენებია 1918 წელიც), საქართველოს ნატოსთან ინტერგირების მიზნით გადადგმული ნაბიჯები და ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ საქართველო ვერ აიძულა უარი ეთქვა დასავლეთთან კავშირების გამყარებაზე. „საქართველო ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველო გახდა იმედის ნაპერწკალი რთულ რეგიონში. საქართველოში შედგა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა, თავისუფალი და ღია არჩევნების გზით. ქვეყანამ გაატარა ეკონომიკური რეფორმები, რათა ეკონომიკის ლიბერალიზაცია მოეხდინა. აშშ-ის ეროვნულ ინტერესებშია, გააღრმაოს ორმხრივი ურთიერთობა საქართველოსთან, დაეხმაროს მას თავდაცვითი და სამხედრო შესაძლებლობების განვითარებაში და ხელი შეუწყოს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას“, – წერს ამერიკელი ექსპერტი.

ანგარიშის ავტორის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ნატოს 2018 წლის სამიტზე კიდევ ერთხელ გაუსვან ხაზი, რომ საქართველო იმსახურებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას. ავტორი წერს, რომ აშშ-ის გეოპოლიტიკური ამოცანებისთვის საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს დემოკრატიული გარდაქმნის პროცესი, რაც რეგიონისთვის მაგალითს წარმოადგენს.

ამავე დროს, როგორც ლუკ კოფი აღნიშნავს, „ნატოს ზოგიერთი წევრი შიშობს, რომ საქართველოს ალიანსში მიღება მოსკოვის მიერ ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების გამო, რუსეთთან ავტომატურ ომს გამოიწვევს. საქართველოს ოფიციალური პირები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ მოხარულები იქნებიან, დათანხმდნენ ნატო-ს წევრობას კომპრომისის საფუძველზე. საუბარია იმაზე, რომ ალიანსის მეხუთე მუხლი, რაც კოლექტიურ თავდაცვას და უსაფრთხოების გარანტიას გულისხმობს, დროებით არ გავრცელდეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სანამ ეს საკითხი რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით არ გადაწყდება“.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ასეთ შემთხვევაში რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონზე გავრცელდება ნატოს წესდების მეექვსე მუხლის შესწორება. ამის პრეცედენტი უკვე არსებობს. ანალოგიური შესწორება მიიღეს 1951 წელს, როდესაც ალიანსს საბერძნეთი და თურქეთი შეუერთდნენ. „ეს იქნებოდა მხოლოდ დროებითი ზომა, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში აღდგება“, – ნათქვამია Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 30 იანვარი, 2018 წელი

http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

სადაო ტრანზიტი

განა საქართველოს ინტერესებში შედის სომხეთ-რუსეთის კავშირების განმტკიცება? რატომ უნდა დაეხმაროს თბილისი ისეთ ქვეყანას, რომელიც სამხრეთ კავკასიაში „მეხუთე კოლონისა“ და რუსეთის ერთგული ქოფაკის როლს ასრულებს?

აზერბაიჯანულ პრესაში გრძელდება სტატიების ბეჭდვა ე.წ. „სავაჭრო დერეფნების“ თაობაზე, რომლებიც, სავარაუდოდ, სომხეთს რუსეთთან საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით დააკავშირებს. პუბლიკაციებში ყურადღება ექცევა აგრეთვე რუსეთის გადაწყვეტილებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე საბაჟო პუნქტების გახსნის შესახებ და ამასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებას.

„საქმე იმაშია, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში „საბაჟო პუნქტები“ სწორედ ე.წ. „სავაჭრო დერეფნების“ ამოქმედების წინ გაიხსნა. მართალია, საქართველომ სატრანზიტო ვაჭრობაზე თანხმობა განაცხადა (რაც ძალიან აწყობს სომხეთს), მაგრამ კატეგორიულად გამოდის მოსკოვის მიერ ამ შეთანხმების ინტერპრეტაციის წინააღმდეგ. არადა, სწორედ ეს აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა – „2011 წელს ხელმოწერილმა შეთანხმებამ საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ სინათლე შეიტანა საქართველოს საბაჟო საზღვრების დადგენის საკითხში: საზღვრები უკვე გამოკვეთილია – ესაა ყაზბეგის რაიონში და მდ.ენგურთანო“, – წერს აზერბაიჯანის გაზეთი «Каспiй» (სტატიის ავტორი – რაუფ ტოფიკოღლუ).

დამოუკიდებელი ანალიტიკოსები თვლიან, რომ შეთანხმების პროექტში თავიდანვე იყო ჩადებული ისეთი პუნქტები, რომლებიც მხარეებმა შეიძლება ორაზროვნად აღიქვან და მათი ინტერპრეტირება მოახდინონ.

პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილის თქმით, „ერთი მხრივ, იმის მიუხედავად, რომ რუსეთს აღიარებული აქვს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ჩვენ თითქოსდა რუსეთს ვაჩვენეთ, რომ გვაქვს ლეგიტიმური უფლება კონფლიქტურ რეგიონებში ტვირთები გავაკონტროლოთ, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ ვაღიარეთ, რომ ამ რეგიონებს ვერ ვაკონტროლებთ. თავის დროზე [2011 წელს] მხარეები მიიჩნევდნენ, რომ ეს ნეიტრალური დოკუმენტი იყო, მაგრამ პრაქტიკამ გამოავლინა, რომ ეს ასე არაა – როცა საქმე საქმეზე მიდგა, გაირკვა, რომ საქართველო და რუსეთი დოკუმენტის არსს სხვადასხვანაირად აღიქვამენ. ასე რომ, გრიგორი კარასინი თუ იტყვის, მას ჩვენი წარმომადგენლის კომენტარი მოჰყვება და ა.შ.  ვფიქრობ, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება. აქედან გამომდინარე, გაურკვეველია, როდის მოხდება შეთანხმების პირობების რეალიზება“.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩიაც ასევე თვლის, რომ შეთანხმებაში ბევრი „წყალქვეშა ქვა“ დევს: „რუსეთი ამ დოკუმენტის რეალიზებით არის დაინტერესებული და, ჩემი აზრით, ალბათ მოსკოვიც გააფორმებს შესაბამის კონტრაქტს შვეიცარიულ კომპანიასთან. ვფიქრობ, „გამჭოლი დერეფნების“ ამოქმედებას რუსეთი საქართველოზე ზეწოლის ერთ-ერთ ინსტრუმენტად განიხილავს („რბილი ძალის“ სახით), ანუ მაქსიმალურად ცდილობს ისარგებლოს ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირებით ორი რეგიონის ოკუპირების  პირობებში. მეორე მხრივ, ტრანზიტის პრაქტიკული რეალიზება ხელს შეუწყობს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ილუზიების განმტკიცებას, თითქოსდა ისინი დამოუკიდებელები არიან. რამდენად მომგებიანი ეს საქართველოსთვის? კითხვა საინტერესოა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა რუსულ მასმედიაში იქაური მაღალჩინოსნების კომენტარებს ბოლო არ უჩანს. ექვსი წლის განმავლობაში ჩვენ ვერ მოვესწარით იმას, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან [2011 წლის შეთანხმების] ანალიზი გავიგონოთ და გვითხრან, თუ რამდენადაა ჩვენთვის ეს დოკუმენტი სასარგებლო“.

მართალია ექსპერტი. აბა, ვის უნდა ჭირდებოდეს ეს ტრანზიტი, თუა არა მხოლოდ სომხეთს? საკითხავია, რატომ უნდა დაეხმაროს თბილისი ისეთ ქვეყანას, რომელიც სამხრეთ კავკასიაში „მეხუთე კოლონისა“ და რუსეთის ერთგული ქოფაკის როლს ასრულებს? იმ ქვეყნის ქოფაკისა, რომლსაც საქართველოს ორი რეგიონი აქვს ოკუპირებული? დიახ, ხელშეკრულება 2011 წელს დაიდო, მაგრამ ხომ არსებობს საერთაშორისო იურიდიული მექანიზმები მსგავსი დოკუმენტების გაწყვეტისათვის? თანაც მხედველობაშია მისაღები, რომ საქართველოს ორი რეალური სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი – აზერბაიჯანი და თურქეთი ნამდვილად არ იქნებიან აღფრთოვანებულნი იმით, რომ სომხეთს, რომელიც სამხრეთ კავკასიაში კრემლის ინტერესების გამტარებელია და რომელიც ღიად აცხადებს პრეტენზიებს მეზობლების მიწებზე, დამატებითი ეკონომიკური მკვებავი წყარო გამოუჩნდება „სავაჭრო დერეფნების“, ანუ ახალი „სიცოცხლის გზის“ სახით. განა ეს თვით საქართველოს ინტერესებში შედის?

«Radio New Zealand» (ახალი ზელანდია), 29 იანვარი, 2018 წელი

https://www.radionz.co.nz/international/programmes/datelinepacific/audio/2018629837/nauru-at-centre-of-lobbying-by-abkhazia-and-south-ossetia

ინტერვიუ ახალზელანდიელ მეცნიერთან: ნაურუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლობირების ცენტრში

საქართველოს სეპარატისტული „რესპუბლიკების“ – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ნაურუში იმყოფებიან და იმედი აქვთ, რომ ეს კუნძულოვანი სახელმწიფო ლობირებას გაუწევს მათ დამოუკიდებლობას წყნარის ოკეანის რეგიონში.

ტუვალუმ და ვანუატუმ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კავშირები ჯერ კიდევ 2014 წელს გაწყვიტეს და მას შემდეგ არცერთ რომელიმე სხვა ქვეყანას მათი დამოუკიდებლობა აღარ უღიარებიათ.

როგორც ახალი ზელანდიის მესის უნივერსიტეტის (ქალაქ პალმერსტონ-ნორტში) თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევის ცენტრის დირექტორმა რუბენ აზიზიანმა ახალი ზელანდიის რადიოს კორესპონდენტს ვალტერ ცვეიფელს განუცხადა, კავკასიაში ამჟამად შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია საკმაოდ რთულია, რომელიც [დიდ სახელმწიფოებს შორის არსებულ] კონკურენციას უკავშირდება.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

რუბენ აზიზიანი: მათი [აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის] შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია. ჯერ ერთი, რომ მსოფლიოს ამ ნაწილში კარგად ვერ გაუგიათ მათი სტატუსის თაობაზე და შესაბამისად, ორივე სეპარატისტული რეგიონის მხარდასაჭერად რაიმე ძლიერი  მოძრაობა არ შეიმჩნევა. მთავარი, რისი იმედიც მათ აქვთ, ეს ფინანსური საკითხია, რომელიც ამ კუნძულოვანი სახელმწიფოების და სხვა მსგავსი მცირე ქვეყნების მოწყვლადი წერტილია. მათ შეუძლიათ ფულის შეთავაზება, ქრთამის სახით, როგორც ეს ადრე ხდებოდა. ამავე დროს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის [საერთაშორისო სტატუსი] საქართველოსაგან ძლიერ ზეწოლას განიცდის – ამ საკითხში თბილისს დასავლეთის სახელმწიფოებიც მხარს უჭერენ, რომლებიც ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლად აღიარების წინააღმდეგ გამოდიან. ამრიგად, ეს არის მინიატურული სახე იმ დიპლომატიისა, რომელიც საბანკო ჩეკზეა დაფუძნებული  და რომელსაც ჩინეთი და ტაივანი ახორციელებენ.

ვალტერ ცვეიფელი: თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ რამდენიმე წლის წინათ ტუვალუმ და ვანუატუმ გააუქმეს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის აღიარება, თქვენი აზრით, არის იმის შანსი, რომ მათი აღიარების პროცესი სხვა ქვეყნების მიერ კიდევ გაგრძელდება?

რუბენ აზიზიანი: ვეჭვობ, რომ ეს ასე მოხდეს. მიზეზები საკმაოდ არსებობს. პირველი – ფაქტია, რომ ზოგიერთი აქაური სახელმწიფო, შეიძლება ითქვას, „წინ და უკან დადის“: ისინი ერთ დღეს აფხაზების დამოუკიდებლობას აღიარებენ, მეორე დღეს კი მათ საქართველო აცდუნებს და თავიანთი აღიარება უკან მიაქვთ. ასე რომ, არ ვფიქრობ, რომ ამ ორ ქვეყანას რაიმე დიდი შანსი აქვთ – იმის გათვალისწინებით, რომ აქ ბევრს ვერ გაუგია, თუ რა ხდება სინამდვილეში; მეორე – მართალია, აფახზეთისა და სამხრეთ ოსეთის ზურგს უკან რუსეთი დგას, მაგრამ ჩვენს რეგიონში რუსეთის გავლენა მაინცდამაინც დიდი არ არის, ის შეზღუდულია. საქართველოს კი, პირიქით – ჩემი აზრით, მას უფრო ძლიერი მხარდაჭერა აქვს, საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას გვერდში უდგანან დასავლეთის ქვეყნების დიდი უმრავლესობა, რომლებმაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ აღიარეს. ამრიგად, სახეზეა დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირება და მე არ ვფიქრობ, რომ ამ საკითხში რუსეთს უფრო მეტი გავლენა აქვს, ვიდრე დასავლეთის დაჯგუფებას.

რასაკვირველია, რუსეთი კვლავაც მხარს დაუჭერს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს და დაეხმარება წინსვლაში, საქართველოსთან კონფრონტაციის ფონზე. რუსეთს მიაჩნია, რომ საქართველო სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებისათვის მისაბაძი არ არის, რადგან თბილისს კურსი ევროკავშირისა და ნატოსაკენ აქვს აღებული, დასავლური საგარეოპოლიტიკური ვექტორი კი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისათვის მიუღებელია. ასე რომ, მე ვთვლი, რომ მოსკოვი მაინცდამაინც დიდად აღარ შეეცდება აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის [ლობირებას], რადგან რუსეთის ეროვნული ინტერესების გატარებაში ისინი მაინცდამაინც დიდ როლს არ ასრულებენ. თუმცა, ისიც ცხადია, რომ რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მხარდაჭერით საქართველოს დასავლური კურსის დაბლოკვას ცდილობს. ჩემი აზრით, სწორედ ესაა მათი მოქმედების ძირითადი არსი.

Comments are closed