„ვერსია“: ნაციონალები არჩევნების წაგებას ბოკერია-უგულავას აბრალებენ? // დიდი ოპოზიციური დეპრესია – რატომ აქცია ზურგი მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ პარტიას და რას ჰყვებიან კულუარებში ანტისახელისუფლებო ლიდერები ერთმანეთზე
„ვერსია“: ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „თბილისის მერიაში კალაძე-ვაშაძის ტანდემი, კარგი გაგებით, რევოლუციური იქნება“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „კახა კალაძეს ყველაზე მეტად მაამებლებმა შეიძლება ავნონ“ // „თუ კახა კალაძის შეთავაზება ყოფილი ოპონენტების მიმართ გულწრფელია, ურთიერთობის ფორმა მოიძებნება“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლადო სადღობელაშვილთან: „პატრიოტები კახა კალაძის დაკვეთით გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას მოითხოვენ“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ სამხედრო ექსპერტ დავით ნემსაძესთან: რატომ გაასხვისა თავდაცვის სამინისტრომ საჰაერო რაკეტა
—————–
„ვერსია“, 27-29 ოქტომბერი, 2017 წელი
ნაციონალები არჩევნების წაგებას ბოკერია-უგულავას აბრალებენ?
დიდი ოპოზიციური დეპრესია – რატომ აქცია ზურგი მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ პარტიას და რას ჰყვებიან კულუარებში ანტისახელისუფლებო ლიდერები ერთმანეთზე
ნინო დოლიძე
21-მა ოქტომბერმა კიდევ ერთხელ ნათელყო, რომ ქართულ ოპოზიციას ხელოვნური სუნთქვა თუ არა, სხვა სამედიცინო მანიპულაციები აუცილებლად სჭირდება. ახლა, ეს შესაძლოა, უტრირებული ნათქვამია, მაგრამ იმ ინფორმაციის თანახმად, რომელსაც ,,ვერსიას” კულუარებში აწვდიან, ზოგიერთი ანტისახელისუფლებო პარტიის ლიდერს ხელი, თურმე, დეპრესიამ დარია და შინაურულ წრეში ისიც კი უთქვამს, ალბათ, დროა, პოლიტიკიდან წავიდეო.
საერთოდ, ოპოზიციურ ფლანგზე იმედგაცრუება თავს ყველა არჩევნების შემდეგ იჩენს ხოლმე და ეს იმედგაცრუება ზოგჯერ, ასე ვთქვათ, ფატალურადაც მთავრდება. ყოველ შემთხვევაში, ისეთი პოლიტბელადებიც ვიცით, რომლებიც ამა თუ იმ არჩევნების შემდეგ, პოლიტიკური ავანსცენიდან ,,გავიდნენ”. შორს რომ არ წავიდეთ, ამის მაგალითად, 2016 წლის საპარლამენტო კენჭისყრაც გამოდგება, რომლის დასრულებისთანავე ირაკლი ალასანია პოლიტიკას განერიდა. არადა, ის დროც გვახსოვს, როცა იგივე ალასანია ქართული პოლიტიკის ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა…
ალასანიას მსგავსად, პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება, მაგალითად, შალვა ნათელაშვილს ჯერ არ მიუღია, მაგრამ მინიმუმ, 15 წელია, პოლიტიკური ღმერთები არ სწყალობენ. ჰოდა, იმის ნაცვლად, წაგების მიზეზები საკუთარ თავში ეძებოს, ყველა მმართველობის დროს, ერთთავად იმას ამტკიცებს, აი, მმართველმა გუნდმა არჩევნები გამიყალბა, თორემ ,,ბეზ პიტი მინუტ” ხელისუფლებაში ვიყავიო.
ქვეყნის მთავარმა ლეიბორისტმა წლევანდელი დამარცხებაც, რასაკვირველია, გაყალბებით ახსნა. გაყალბებაზე მახვილი ნინო ბურჯანაძემაც დასვა. მეტიც, ,,დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი 21 ოქტომბრის კენჭისყრის შედეგებს არათუ არ სცნობს, არამედ, არალეგიტიმურადაც აცხადებს.
ხელაღებით იმის თქმა, რომ არჩევნების დღეს დარღვევები არ ყოფილა, ცხადია, არ შეიძლება – არჩევნების დროს ,,იაღლიშები” მხოლოდ ჩვენნაირ, ესე იგი, დემოკრატიის გზაზე დამდგარ განვითარებად ქვეყნებში კი არა, თვით ისეთ სახელმწიფოებშიც ხდება, რომლებიც დემოკრატიის მექად და მედინად ითვლებიან, მაგრამ იმასაც ხომ გააჩნია, არჩევნების გაყალბებაზე განგაშს ვინ ატეხს?
მართალია, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 200-მდე პარტიაა რეგისტრირებული, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა, უტრირებულად რომ ვთქვათ, ერთ, მაქსიმუმ, სამკაციანია. ნათელაშვილის ან, სულაც, ბურჯანაძის პარტიას სამი კი არა, შეიძლება, სამასჯერ სამი წევრიც ჰყავს, მაგრამ ეს რაოდენობა არჩევნების მოსაგებად საკმარისი არ გახლავთ ანუ საუბარი იქით მიმყავს, რომ ცოცხებისა თუ სხვა უკეთურობის მიუხედავად, ოპოზიციური ფლანგის ბურჯად ისევ ნაცმოძრაობა და მისი, როგორც იტყვიან, განაყარები გვევლინებიან.
ისე, თუ იმ მოვლენებს კარგად გავაანალიზებთ, რაც 2012 წლის შემდეგ ყოფილ მმართველ გუნდში, მაშასადამე, ნაცმოძრაობაში მოხდა, შეიძლება, გაჩნდეს გონივრული ეჭვი, რომ ის დიდი ,,განქორწინებები”, რისი მომსწრენიც გავხდით, შესაძლოა, ყოფილების ერთგვარი სტრატეგიაა. სხვათა შორის, ამ ვერსიისკენ ზოგიერთი პოლიტანატილიტიკოსიც იხრება და მსჯელობაში ერთ ძველ ამბავსაც იშველიებს, კერძოდ: 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ, როცა მიხეილ სააკაშვილი ერთგვარ ვა ბანკზე წავიდა _ ვადამდელი საპარლამენტოს პარალელურად, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებიც დანიშნა, იმჟამინდელი მმართველი გუნდის ერთ-ერთ რუხ კარდინალს, რომელიც აგრესიით გამოირჩეოდა, გარკვეულ წრეში ორაზროვნად უთქვამს, ხელისუფლებიდან წასვლა არ გვაშინებს, რადგან ორი ვადის შემდეგ, ისევ დავბრუნდებით და ამ ქვეყანას 2050 წლამდე ვმართავთო.
იმის ილუზია, რომ ოდესმე ხელისუფლებაში დაბრუნდებიან, ალბათ, თავად მართლმორწმუნე ნაციონალებსაც არ აქვთ, მაგრამ იგივე პოლიტიკურ კულუარებში არ გამორიცხავენ, რომ სამი წლის შემდეგ ანუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ნაციონალებმა, ბოკერიას გუნდმა, გიორგი ვაშაძის ფლანგმა და ყოფილ ხელისუფლებასთან აფილირებულმა მეტ-ნაკლებად ანგარიშგასაწევმა სხვა ძალებმა ერთობა შეკრან და ,,ქართული ოცნების” წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით გაილაშქრონ.
,,მართალია, საარჩევნო ბლოკების ანულირების თემა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მოვლენები სწორედ ე.წ. გაერთიანების სცენარით განვითარდა, ვერ ვიტყვი, რომ ყოფილი და მოქმედი ნაცების გაერთიანება ,,ოცნებას” სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის, მაგრამ ამ შეკოწიწებით ისინი იმას აუცილებლად მოახერხებენ, რომ საარჩევნო ბარიერი გადალახონ და პარლამენტში შევიდნენ”, – ვარაუდობს ,,ვერსიის” ინფორმატორი, რომელიც პოლიტიკურ ტექნოლოგიებში ზომაზე მეტად ერკვევა.
2020 წლამდე სამი წელია. სამი წელი ადვილი სათქმელადაა, თორემ იგივე პოლიტიკისთვის დიდი დროა. ჰოდა, არავინ იცის, ამ ხნის განმავლობაში რა მოხდება ანუ ერთი ხალხური გამონათქვამისა არ იყოს, ან ვირი იქნება, ან _ ვირის პატრონი. ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ პროგნოზი უმადური საქმეა, ამიტომაც, მოდით, მომავალზე ფიქრს თავი ვანებოთ და აწმყოს მივხედოთ.
აწმყო ანუ დღევანდელი მოცემულობა კი ასეთია: ოპოზიციურ ორბიტაზე პულსი სამ პარტიას – ნაცმოძრაობას, ევროპულ საქართველოსა და პატრიოტთა ალიანსს ესინჯება. როგორ მოახერხა ამ სამმა პარტიამ პულსის შენარჩუნება? _ ამ თემაზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ასე, მაგალითად, ზოგი მიიჩნევს, რომ ნაცებისა და ბოკერიას გუნდს საარჩევნო ბარიერის გადალახვაში დაეხმარნენ, თუმცა თავად ყოფილები იმაში, რომ პირველ ადგილზე ვერ გავიდნენ (საკითხავია, ამის მოლოდინი რატომ ჰქონდათ?!) – არც მეტი, არც – ნაკლები, ბოკერია-უგულავას ფაქტორით ხსნიან. ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთმა ნაცმა, რომელიც ექსსახელისუფლებო გუნდის ერთგვარ მოტორად ითვლება, ,,ვერსიასთან” ტეტ-ა-ტეტ საუბრისას განაცხადა:
,,ხელაღებით ვერ ვიტყვი, რომ 21 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა. ახლა, იმას კი არ ვამბობ, რომ დარღვევები არ ყოფილა, მაგრამ კონკრეტული ფაქტი, მაგალითად, ბიულეტენები ბათილად იმიტომ გამოაცხადეს, რომ ნაციონალები ვიმარჯვებდით, არ არსებობს. სიმართლე გითხრათ, ჩვენი წარუმატებლობა უფრო ბოკერია-უგულავას კისერზეა ანუ იმის თქმა მინდა, რომ ამ გუნდის წევრები მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში კარდაკარ დადიოდნენ და მოსახლეობას ეუბნებოდნენ, ჩვენ და ნაციონალები ისევ ერთნი ვართ და მნიშვნელობა არ აქვს, ხმას ჩვენ მოგვცემთ თუ მათ. მთავარია, ჩვენგან რომელიმემ გაიმარჯვოსო. მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ჩვენ, ნამდვილ ნაციონალებს მოღალატეებთან ბმა არ გვაქვს. დიახ, მათ იდეას უღალატეს და ახლა ცდილობენ, ხალხის გული ჩვენს ხარჯზე მოიგონ. აი, სწორედ ამის გამო მოხდა, რომ იგივე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, 10 პროცენტით ნაკლები ხმა ავიღეთ”.
გარდა ამისა, ნაციონალები პირად საუბრებში წყენას ,,მამა-მარჩენალის” ანუ მიხეილ სააკაშვილის მიმართაც გამოხატავენ და ამბობენ, მიშა საარჩევნო კამპანიაში უფრო აქტიურად რომ ჩარეულიყო, სხვა შედეგს ,,დავდებდითო”.
,,მესმის, რომ მიშას საკუთარი ომი აქვს მოსაგები _ უკრაინას ვგულისხმობ, მაგრამ შეეძლო, საარჩევნო კამპანიის დროს ჩვენს მხარდასაჭერად ერთი-ორი განცხადება გაეკეთებინა და ამით ხალხისთვის დაენახებინა, რომ ჩვენ ისევ ერთი გუნდი ვართ. როცა პარტიაში ეს საკითხი დავაყენე, ვიღაცებმა ირონიულად გაიღიმეს და მითხრეს, რომელ განცხადებაზე ლაპარაკობ, ვერ ხედავ, მიშას ჩვენი არსებობაც აღარ ახსოვსო”, – აღნიშნავს ,,ვერსიასთან” კონფიდენციალური საუბრისას ერთ-ერთი ,,ნაცი”.
რატომ აღარ ახსოვს ექსპრეზიდენტს საკუთარი პარტია? ამ კითხვაზე არგუმენტირებული პასუხის გაცემა თავად სააკაშვილს შეუძლია. ამ ეტაპზე ასევე, პასუხგაუცემელია კითხვა, რატომ არ გაიზიარა ოპოზიციამ გიორგი ვაშაძის ინიციატივა, რაც პრაიმერიზის საფუძველზე ერთიანი ოპოზიციური სიის შედგენას ეხებოდა. ამ იდეას ხორცი რომ შეესხა, არავინ იცის, ოპოზიცია ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, მინიმუმ, დამაკმაყოფილებელ შედეგს აჩვენებდა თუ არა, მაგრამ იგივე ვაშაძის თანაგუნდელები პირად საუბარში ხელს კოლეგებისკენ იშვერენ და ამბობენ, რომ 21 ოქტომბრის ,,ცოდვა” ,,ოცნების” კი არა, თავად ოპოზიციის ლიდერთა კისერზეა.
საერთოდ, წეღანდელი თქმისა არ იყოს, ქართული ოპოზიციის მთავარი პრობლემა სწორედ გაუერთიანებლობაა. სხვადასხვა დროს გაერთიანების ჩანასახები არსებობდა – გვახსოვს ე.წ. რვიანის ფორმატი. 2007 წლის სისხლიანი 7 ნოემბრის შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციაც შეიქმნა, მაგრამ საბოლოოდ, ანტისახელისუფლებო ძალები არათუ დაიქსაქსნენ, არამედ, დახურული შეხვედრებიდან გამოსული ლიდერები ერთმანეთზეწ ანეკდოტებს ყვებოდნენ. ერთადერთი შემთხვევა, როცა ოპოზიციის გაერთიანება, ასე ვთქვათ, შედეგით დასრულდა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო _ იმ წელს საქართველოს უახლეს ისტორიაში, პრაქტიკულად, პირველად მოხდა, რომ ოპოზიციამ ხელისუფლება არჩევნებით შეცვალა, თუმცა, როცა 2012 წლის მოვლენებზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მაშინ სხვა მოცემულობა გვქონდა ანუ განსხვავებული პოლიტიკური ღირებულებების მქონე პერსონების შედუღაბება ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა, რასაც თავად ისინიც არ უარყოფენ, რომლებიც თავის დროზე ,,კოალიციელები” იყვნენ, დღეს კი პირწავარდნილ ,,ანტიოცნებელებად” გვევლინებიან. ძნელი სათქმელია, ჩვენებური ოპოზიცია გაერთიანებას ოდესმე კიდევ შეძლებს თუ ვერა. კი ბატონო, 21 ოქტომბრამდე ,,ლიდერთა საბჭო” ჩამოყალიბდა, მაგრამ ეს მაინც მყიფე და მცირე დროზე გათვლილი ერთობაა. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოპოზიცია კარგა ხანს დეპრესიაში იქნება.
ისე, სიტყვამ მოიტანა და, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას მეუღლემ სოციალურ ქსელში დეპრესიას მომცრო სტატუსი მიუძღვნა. ნათია ფანჯიკიძეს მხედველობაში, შეიძლება, პოლიტიკური დეპრესია სულაც არ ჰქონია, მაგრამ ნათქვამია, მედალს ორი მხარე აქვსო. ჰოდა, ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძის სტატუსიც შეიძლება, მეორე ანუ პოლიტიკური მხრიდან განვიხილოთ: ,,რა არის დეპრესია? – ზოგს, უბრალოდ, უხასიათობა ჰგონია და ახლობელს, რომელიც სიცოცხლეში მონაწილეობის ძალას კარგავს, ადექი, ნუ ზარმაცობ, თავი ხელში აიყვანეო, ეუბნება. როგორ აგიხსნათ, რამდენად სერიოზული პრობლემაა დეპრესია, რამდენად მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა, ისე, რომ არ გამოგტენოთ ტერმინებით და გემოთი გაგრძნობინოთ მისი არსი? არ ვიცი, მოვნახე თუ არა სწორი ფორმა, მაგრამ იქნებ, შეძლოთ წარმოდგენა _ დეპრესია სულის მკვდარი ნაფლეთების შენს შიგნით ტარება, საკუთარ გვამზე ორსულობაა. ფსიქოთერაპიის მიზანი კი გვამის გამოდევნაა, ,,მშობიარობა”.
მოკლედ, ვინმე აღიარებს თუ არა, ისე ჩანს, რომ ოპოზიცია თავის შიგნით ,,სულის მკვდარ ნაფლეთებს” ატარებს.…
„ვერსია“, 27-29 ოქტომბერი, 2017 წელი
ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „თბილისის მერიაში კალაძე-ვაშაძის ტანდემი, კარგი გაგებით, რევოლუციური იქნება“
თათია გოჩაძე
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სახელისუფლებო პარტიამ გაიმარჯვა. თბილისის ახალი მერიც ,,ოცნების” კანდიდატი კახა კალაძეა, რომლის მიმართაც არაერთგვაროვანი პროგნოზები კეთდება. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კი, ,,ოცნების” წარმომადგენლებთან ერთად, ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოსა და პატრიოტთა ალიანსის წევრებიც შევიდნენ. მოკლედ, თბილისსა და საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში გარკვეული ცვლილებებია და პარტიებმა სტარტი მომავალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის აიღეს. ,,ვერსია” ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძეს დაუკავშირდა, რომელმაც 2017 წლის არჩევნები შეაფასა და ტრადიციულად, საინტერესო პროგნოზები გააკეთა.
_ ქალბატონო ხათუნა, უცხოელი დამკვირვებლები ამ არჩევნებს დემოკრატიულად აფასებენ, ოპოზიციური პარტიები კი ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობენ… თქვენ როგორ აფასებთ ამ არჩევნებს?
- ,,ოცნების” ჩატარებულ არჩევნებს არასდროს ვადარებ ნაციონალების პერიოდში ჩატარებულს, რადგან მაშინ კენჭისყრა ფიზიკური შანტაჟით ხდებოდა. ამას სხვისი მონაყოლით კი არა, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ. ამიტომაც შედარებას ვახდენ ,,ოცნების” პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შორის: ეს არჩევნები ნაკლებად თანასწორ გარემოში ტარდებოდა, ვიდრე წინა საპრეზიდენტო არჩევნები და გაცილებით უკეთესი იყო გარემო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით. საპრეზიდენტო არჩევნებისას ,,ოცნებას” გამარჯვებისთვის არანაირი ძალისხმევა არ სჭირდებოდა, რადგან 2012 წლიდან ერთ წელიწადში გაიმართა და, ასე ვთქვათ, ,,თეთრ რაშზე ამხედრებულმა” დაიკავა პრეზიდენტის პოსტი. 2016 წლის არჩევნებზე კი, ვნახეთ, ზეამორალური შეტევა ოპონენტებზე სოციალური ქსელის მეშვეობით, მაშინ ,,შავი პიარის” ზეობის ხანა იყო, რაც ამ არჩევნებზე არ მომხდარა. ახლა, ფაქტობრივად, ყველა კანდიდატს ჰქონდა წვდომა მედიაზე და იყო თავისუფალი პოლიტიკური გარემო. თუმცა მთავარი კრიტერიუმი, რომელიც გადაწონიდა ბევრ რამეს, იყო ფინანსები, რომელიც ჰქონდა ,,ოცნებას” და არ ჰქონდა ოპოზიციას, თუ არ ჩავთვლით ევროპულ საქართველოს. ამ არჩევნების ერთი ფრაზით შეფასება რომ მთხოვოთ, ვიტყოდი, ეს იყო კოორდინატორების, როგორც ,,გლადიატორების შერკინება” და რეალურად მათი შრომითაა მოგებული. მხოლოდ ,,ოცნების” კი არა, ყველა პარტიის კოორდინატორზე ვსაუბრობ, რომლებმაც, მეტ-ნაკლებად, შედეგი დადეს.
- წინა არჩევნებთან შედარებით, ახლა რამ გაზარდა კოორდინატორთა მოტივაცია?
- კოორდინატორები ჩამოყალიბდნენ პროფესიულ ჯგუფად, რომელმაც ბოლო 15 წლის განმავლობაში ძალიან აიმაღლა კვალიფიკაცია, ბრძოლის უნარი. ისინი ჩამოყალიბდნენ მოთხოვნად და გამოსადეგ ჯგუფად, რომლის გარეშეც არჩევნები წარმოუდგენელია. მათი მოტივაცია ნაციონალების შემთხვევაში არის იდეოლოგია, ხოლო ყველა დანარჩენი პარტიის შემთხვევაში – ფული. ამიტომაც ძნელად შეიძლება ვისაუბროთ ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოხატვაზე, ეს, დიდწილად, სწორედ კოორდინატორების შრომით ჩატარებული არჩევნები იყო. უშუალოდ არჩევნების დღესაც შემსწრე გავხდით კოორდინატორების, როგორც გლადიატორების შერკინებისა და ეს იყო ამ არჩევნებისთვის ყველაზე სახასიათო შტრიხი.
- თბილისის ახალი მერის, კახა კალაძის სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით როგორი პროგნოზები გაქვთ?
- ზოგადად, ნაკლებად დინამიკური, მაგრამ უფრო აკადემიური იყო კალაძის საარჩევნო კამპანია. მას ეტყობოდა პროფესიონალი ,,პიარშჩიკების” ხელი, მაგრამ ის, რაც იმ ადამიანებს მიიზიდავდა, ვისაც რეალურად აინტერესებდა კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამები და ხედვები, მოვისმინე არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, როცა მან დააანონსა ძალიან საინტერესო პროგრამა. ეს არის თბილისელების მიერ თბილისის ელექტრონული მართვის პროგრამა, რაც დაახლოებით იმას ითვალისწინებს, რომ ნებისმიერ თბილისელს შეეძლება, ამ პროგრამის მეშვეობით ელექტრონულად ატვირთოს პრობლემები მერიის ამ საიტზე და ყველას შეეძლება, დაასახელოს პრობლემა, რომელიც მისი უბნისთვის უფრო აქტუალურია. ეს პროგრამა თბილისელებს საშუალებას მისცემს, მიიღონ მონაწილეობა დისტანციურად ქალაქის მართვაში. ამასთან ერთად თუ განხორციელდა ის, რაც კალაძემ არჩევნებამდეც და შემდეგაც განაცხადა, რომ აქვს მზაობა, კონკურენტებთან ერთად იმუშაოს და მათი კრეატიული, რაციონალური იდეების რეალიზების საშუალება მისცეს, რა თქმა უნდა, სრულიად განსხვავებული რამ იქნება. აქამდე არ გვახსოვს, ხელისუფლებას მოეწოდებინა და ოპოზიციას გადაედგა შემხვედრი ნაბიჯი ერთობლივი პროექტებისთვის. დღეს ელისაშვილიცა და ვაშაძეც ამბობენ, რომ მზად არიან, ხელისუფლებამ მათი იდეები განახორციელოს. ძალიან კარგად გრძნობს კალაძე პიარს, საზოგადოებასთან ურთიერთობის აუცილებლობას და განაცხადა კიდეც, რომ წინა მერის ერთ-ერთი ნაკლოვანი მხარე არასრული საკომუნიკაციო სტრატეგია იყო. თუმცა, არის ფაქტორები, რაც მას ტვირთად გაყვება და ბარიერად შეიძლება ექცეს.
- კონკრეტულად, რა შეიძლება იქცეს კალაძისთვის ბარიერად?
- ესაა მისივე თანაგუნდელების, ,,ოცნების” იმ წევრების ,,მადა”, რომელმაც ნარმანიას მერობა, ფაქტობრივად, წარუმატებლობისთვის გაწირა. ვგულისხმობ, ტენდერებში ჩარევას, ,,სასათბურე” პირობების შექმნას, სამშენებლო ტერიტორიების გამოყოფის სურვილს, სსიპ-ების დაპატრონების სურვილს. თუ კალაძემ ამ ზეწოლას ვერ გაუძლო, იმავე წრეზე წავა, რაზეც ნარმანია, თუმცა, ახალი მერის გუნდის ერთ-ერთმა წევრმა უკვე განაცხადა, რომ მშენებლობის განკარგულების ნებართვის შესახებ რეგულაციების გამკაცრება მოგვიწევს, რადგან სხვანაირად ვერ ვუპასუხებთ საზოგადოების მოთხოვნებსო. თუ კალაძე ასეთი რადიკალური ცვლილებების გზით წავიდა, წარმატებული მერი იქნება, ხოლო თუ საკუთარი პარტიის ,,მადა” მისთვის გადაულახავ ბარიერად იქცა, მაშინ ,,განტევების ვაცად” იქცევა 2020 წლის არჩევნების წინ. მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ ბევრი რამ სწორედ კალაძეზეა დამოკიდებული. იგი ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული სახელისუფლებო ფიგურაა და მას უდიდესი პასუხისმგებლობის ტვირთი აქვს. ბიძინა ივანიშვილის განზე გადგომა ამითაც იყო განპირობებული, რომ დაიღალა საკუთარი გუნდის შეცდომებზე პასუხისმგებლობის აღებით და ეს იყო პირველი არჩევნები, როცა ივანიშვილს ხელჩაკიდებული არ უტარებია უბან-უბან საკუთარი კანდიდატები.
- მნიშვნელოვანი შედეგი დადო დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა. როგორ ფიქრობთ, ის აქტიურ პოლიტიკოსად ჩამოყალიბდება?
- ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით მაქვს კითხვები. მაგალითად, რატომ არ შექმნა პარტია არჩევნების წინ? ასეთი პარტია რომ არსებულიყო, შეძლებდა თუ არა ის მეორე ადგილის აღებას? თუ შეძლებდა, მაშინ სრულიად სხვა სურათს მივიღებდით თბილისის საკრებულოში და იქნებოდა ,,მოთუხთუხე”, რეალურად მოდებატე, კვალიფიციური და სუფთა წარსულის მქონე საკრებულოს 5-6 ახალი წევრი. რატომ თქვა ელისაშვილმა ამაზე უარი? არავინ ურჩია, თვითონ ვერ გათვალა ეს პერსპექტივა თუ რამე სხვა მიზეზით არ გააკეთა, ეს ყველაზე საინტერესოა. მისი პარტია მეორე თუ არა, მესამე ადგილზე მაინც გავიდოდა და პირველად, პოსტნაციონალურ პერიოდში, ნაციონალები აღარ შეასრულებდნენ მთავარი ოპოზიციური პარტიის როლს. ან სტრატეგიული ხედვა ვერ გამოიჩინა, ან რაღაცით უნდა აიხსნას ეს თავშეკავება… მით უფრო, რომ მას წინასაარჩევნოდ უკვე ჰყავდა შემართული და მოტივირებული გუნდი, რომლებმაც ამხელა პროცენტი აიღეს. გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში აქტიურად ჩანდა ახალი თაობის, სოციალარ თემებზე ორიენტირებული სტუდენტების, მემარცხენე იდეებით გაჯერებული პოპულარული ახალგაზრდების მხარდაჭერა ალეკო ელისაშვილის მიმართ. თუ ამ ადამიანებს შეკრებს, სრულიად ახალი ტალღა იქნება და დიდი ალბათობით, ელისაშვილს მემარცხენე ფლანგზე ვიხილავთ.
რჩება მემარჯვენე ფლანგის რესურსიც საპარლამენტო არჩევნების წინ, თუნდაც უსუფაშვილის ახლანდელი პარტიის სახით, რომელმაც მხოლოდ 17 მუნიციპალიტეტში წარადგინა პროპორციული სია და აქედან 8-ში ბარიერი გადალახა, შესაბამისად, ჰყავს წარმომადგენლები საკრებულოებში, ეს ხელწამოსაკრავი შედეგი არაა თავად უსუფაშვილის ფაქტორის გათვალისწინებით, რომელიც ყველაზე კონსტრუქციულია ქართულ პოლიტიკის ძველ თაობაში.
ვნახოთ, რა პერსპექტივა ექნება გიორგი ვაშაძეს, რომელმაც ორ თვეში მოახერხა და მთელი მედია აალაპარაკა. ის იყო ერთადერთი, რომელიც გამოვიდა თბილისის მერის, როგორც მენეჯერისა და მეურნის ჩარჩოებიდან და არ გვესაუბრებოდა მარტო კანალიზაციების მილების დიამეტრზე. ზოგადად, კარგად იყვნენ კანდიდატები მომზადებულნი პრობლემების ხედვის თვალსაზრისით, ჰქონდათ საინტერესო და რეალისტური იდეები, პოპულიზმი ამ არჩევნებში ყველაზე ნაკლები იყო, მაგრამ ყველა საუბრობდა ხარჯვით ნაწილზე, პრობლემების დაძლევის გზებზე, თუმცა არ ამბობდნენ, საიდან მოიტანდნენ საამისოდ თანხებს. სწორედ ეს ხედვა წარმოადგინა ვაშაძემ – თუ არ გაქვს სტრატეგია და ამბიციური ხედვა თბილისის განვითარებისა, ეს ქალაქი ისევ დამყაყებული დარჩება. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ნაციონალების წიაღში დაბადებული პოლიტიკოსისთვის ქოქოლა არ დაუყრიათ წარსულის გამო. ესაა კარგი ნიმუში იმისა, რომ არსებობს პოტენციალი, სხვა რაკურსში გადავიდეს 2020 წლის საპარლამენტო დებატები და კონკურენცია.
- კახა კალაძემ რომ შესთავაზოს ვიცე-მერობა გიორგი ვაშაძეს და ისიც დათანხმდეს, როგორ წარმოგიდგენიათ მათი ტანდემი თბილისის მართვაში?
- ეს იქნება რევოლუციური ტანდემი, ოღონდ კარგი გაგებით. ვაშაძის იდეები და კალაძის სახელისუფლებო ბერკეტები და მხარდაჭერა ძალიან სწრაფი ნაბიჯებით სვლის საშუალებას მისცემდა თბილისს.
_ რა დინამიკას გვისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, 2018- 2020 წლების არჩევნებისთვის?
- გაჩნდა ნიშნები, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ უკონკურენტო გარემო არ იქნება. თუმცა, საპრეზიდენტო არჩევნებში, დიდი ალბათობით, სახელისუფლებო კანდიდატს კონკურენტი არ ეყოლება, მაგრამ ეს ოპოზიციის დამარცხება იქნება და არა, ხელისუფლების გამარჯვება, რადგან ოპოზიცია ვერ გაერთიანდება ერთი კანდიდატის გარშემო. ოპოზიციის კანდიდატი ძლიერი ლიდერი უნდა იყოს, სახელისუფლებო კანდიდატს რომ შეეჯიბროს, უნდა იყოს ქარიზმატული, კვალიფიციური, რომელიც ამ ქვეყანას უმოკლეს ვადაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მექად ქცევას დაჰპირდება. ასეთი კანდიდატის პოვნა კი დარჩენილ ერთ წელში ძნელად წარმოსადგენია.
„ახალი თაობა“, 28 ოქტომბერი, 2017 წელი
ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „კახა კალაძეს ყველაზე მეტად მაამებლებმა შეიძლება ავნონ“ // „თუ კახა კალაძის შეთავაზება ყოფილი ოპონენტების მიმართ გულწრფელია, ურთიერთობის ფორმა მოიძებნება“
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორი მერი შეიძლება იყოს კახა კალაძე.
- ბატონო ვახტანგ, კალაძემ განაცხადა, რომ ის არ ებრძვის არც ნარმანიას, არც მის გუნდს, მაგრამ მისთვის მნიშვნელოვანია, ირგვლივ პროფესიონალი და პატიოსანი ადამიანები ჰყავდეს. რით არის ეს განცხადება ნაკარნახევი, მართლაც საქმე უნდა გააკეთოს თუ ერთი გუნდი მეორით ჩაანაცვლოს?
- მერიის სტრუქტურა რეორგანიზაციას საჭიროებს. მეტიც, სახელმწიფო სტრუქტურა საჭიროებს რეორგანიზაციას. ბიუროკრატია სასტიკად გაბერილია. ეს არის არამიზნობრივი ხარჯები და ყველაფერი ბიუჯეტს აწვება. როდესაც ხელმძღვანელობა იცვლება, ახალი გუნდიც უნდა მოვიდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა უნდა წავიდეს, დაწყებული კარისკაცით და ვიცემერებით დასრულებული. საშუალო რგოლი არ უნდა იცვლებოდეს, ადამიანებს სტაბილურობის განცდა უნდა ჰქონდეთ. ვერ გეტყვით, მერიაში როგორი პროფესიონალებით არის ეს საშუალო რგოლი დაკომპლექტებული, მაგრამ არ უნდა დარჩეს იმის განცდა, რომ ეს ცვლილება მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ თავიანთი კადრები დაასაქმონ.
- მაღალი დონის პროფესიონალი არ უნდა იცვლებოდეს იმის მიხედვით, ვისი გუნდის წევრია?
- რასაკვირველია. ჩვენს ქვეყანაში მაღალი კვალიფიკაციის სტაბილური სახელმწიფო ჩინოვნიკის ინსტიტუტი ვერ შეიქმნა. ყოველი არჩევნების შემდეგ ვიღებთ ერთსა და იმავე სურათს. ვერ გეტყვით, დღეს რა დონის პროფესიონალები არიან მერიის ქვედა რგოლებში, მაგრამ, შემიძლია გითხრათ, რომ ახალი გუნდი ნიშნავს ამ კონკრეტულ შემთხვევაში ახალ ვიცემერებსა და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელ პირებს და არა, მაგალითად, კარის მცველებს. სახელმწიფო სტრუქტურები არ უნდა აღმოჩნდნენ ისეთ ვითარებაში, როდესაც არავინ იცის, ესა თუ ის დოკუმენტი სად დევს. ეს არ უნდა მოხდეს, თორემ განახლების, უკეთესობისკენ ცვლილების წინააღმდეგ არავინ არის. რასაკვირველია, პოლიტიკის შეცვლა უნდა მოხდეს. ამიტომაც მოხდა გადარჩევა.
- კიდევ ერთი განცხადება გააკეთა კალაძემ, რომ ის ღიაა თანამშრომლობისთვის ალეკოსთან, ელენესთან, ზალიკოსთან და გიორგი ვაშაძესთან. ეს არის უფრო პიარსვლა თუ რეალურად გაწვდილი ხელი? მეორე ადგილზე გასულმა ელისაშვილმა გამარჯვებულს მიულოცა და თქვა, ამით ახალ სტანდარტს ვამკვიდრებო. მართლაც ახალი სტანდარტების დამკვიდრებასთან გვაქვს საქმე თუ…?
- ალეკო ელისაშვილმა კალაძეს რომ მიულოცა, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. პირიქით. ამ მხრივ ელისაშვილი სწორად მოიქცა და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.
- თუმცა, აქამდე რომ მივსულიყავით, დიდი დრო დაგვჭირდა, პრობლემები გვქონდა…
- დიახ. იყო პრობლემები და ეს უნდა დავამთავროთ. ეს ელემენტარული წესია, თუ არჩევნების შედეგებს აღიარებ.
რაც შეეხება მეორე საკითხს, ვერ გეტყვით, პიარის ნაწილია თუ გულწრფელი მოწოდება, მაგრამ, პიარიც რომ იყოს, ამაშიც ცუდს ვერაფერს ვხედავ. თუ თანამშრომლობის სურვილი იქნება, ეს ცუდი არ არის, პირიქით, მაგრამ ამისთვის რაღაც ფორმა უნდა მოიძებნოს. მხოლოდ განცხადებები არ კმარა. თუ მეორე მხრიდანაც იქნება თანხმობა, მაშინ გარკვეული ფორმა უნდა მოიძებნოს. თუ რეალურად ეს მოხდება, ესეც ახალი ნაბიჯი იქნება ქართულ პოლიტიკაში.
- რა ფორმა?
- ვერ გეტყვით, შეიძლება არაფორმალურ დონეზე ან ფორმალურ დონეზე.
- გიორგი ვაშაძემ თქვა, ჩემს პროგრამას ვჩუქნიო...
- კი ბატონო, აჩუქოს, თუ კალაძე თვლის, რომ ეს პროგრამა განხორციელებადია, მაშინ თანამშრომლობაც შედგება. მერე უკვე ვაშაძე კონსულტანტი იქნება თუ სხვა პოზიციაზე, ეს შეიძლება გაირკვეს. ფურცელზე დაწერილი რაღაც სხვაა და მისი განხორციელება _ სხვა. შეიძლება არაჩვეულებრივი პროგრამა იყოს დაწერილი, მაგრამ ისე მოხდეს მისი რეალიზაცია, რომ ქვეყანა დაღუპო. ამიტომ ავტორსა და განმხორციელებელს შორის თანამშრომლობა აუცილებელია. თუ კალაძის ეს შეთავაზება მართლაც გულწრფელია, მაშინ ფორმა მოიძებნება, ეს არ გაჭირდება. ვნახოთ, როგორი გამოხმაურებები იქნება, ვინ მიიღებს ამ შეთავაზებას და ვინ – არა. ისე, უდავოდ ახალი და თან ძალიან კარგი პრეცედენტი იქნება ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, რასაც მხოლოდ მივესალმები.
- იქნება თუ არა კალაძე წარმატებული მერი? რამდენად შეძლებს ის, იყოს დამოუკიდებელი მერი და იყოს მხოლოდ თბილისის ინტერესებზე დამოკიდებული?
- პირველი – თუ თავისუფალი ვერ იქნება, მაშინ საქმესაც ვერ გააკეთებს. მეორე _ სურვილი, რომ იყოს წარმატებული, ყველას აქვს, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ამას. შეძლებს თუ არა, ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, პირველ რიგში კი იმაზე, რამდენად ექნება მას დამოუკიდებლობის ხარისხი.
კალაძე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერია. ამდენად, მისი წარმატება თუ წარუმატებლობა პირდაპირ აისახება პარტიის წარმატების ხარისხზე. თუ კალაძეს ასევე აქვს ამბიცია და ალბათ აქვს, რომ თბილისის მერობა არ იყოს მისი პოლიტიკური კარიერის მწვერვალი, მაშინ მას სხვა შანსი არ აქვს, რომ არ იყოს წარმატებული მერი. ერთი რამ, რაც უკვე ჩანს, არის ის, რომ კახი კალაძე იქნება ბევრად უფრო აქტიური საზოგადოებრივ სივრცეში და ზოგადად, ვიდრე დავით ნარმანია იყო.
თბილისი ძალიან რთული ქალაქია, უამრავი პრობლემაა, კანდიდატებმა წინასაარჩევნოდ რაც ილაპარაკეს, ერთი იმდენი კიდევ არის, რაზეც საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი. ბიუჯეტი, მართალია, ცოტა არ არის, მაგრამ, ამ პრობლემების გათვალისწინებით, მაინც მწირია. თუმცა, თუ ბიუჯეტი სწორად იქნება გადანაწილებული, ეს მაინც შეეტყობა ქალაქს. კალაძეს თუ არ ეყოლება გუნდი, რომელიც პროცესებს გვერდიდან დააკვირდება და სიმართლეს დაუდებს მაგიდაზე, მაშინ არაფერი გამოვა, ძალიან გაუჭირდება.
როგორც წესი, ასეთი ფიგურების გვერდით თავს იყრიან ის ადამიანები, მეორე შრე, რომლებიც სიმართლეს არ ეუბნებიან ლიდერს, მხოლოდ იმას ეუბნებიან, რაც ესიამოვნება. ამ დროს ყველაძე ცუდი საქმე მაამებლების გუნდმა შეიძლება გაუკეთოს. რამდენად გაართმევს თავს, რთული სათქმელია, რადგან აქ უამრავი ინტერესი იქნება წინა პლანზე წამოწეული.
„ახალი თაობა“, 28 ოქტომბერი, 2017 წელი
ინტერვიუ ლადო სადღობელაშვილთან: „პატრიოტები კახა კალაძის დაკვეთით გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას მოითხოვენ“ // „რუხაძემ პრემიერობაზე უარი თქვა, ახლა გიორგი ბაჩიაშვილთან მიდის მოლაპარაკება“
ვინ გაიყვანა „ნაციონალები“ მეორე ადგილზე, ვისთან ერთად იბრძოლებენ ისინი გიგა ბოკერიას ფრთის წინააღმდეგ, რატომ ვერ პოულობენ გიორგი კვირიკაშვილის შემცვლელს, რატომ აღარ ითხოვენ ვადამდელ არჩევნებს? ამის შესახებ „ახალ თაობას“ ქართული მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება.
- ლადო, თქვენ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში არაერთხელ თქვით, რომ აპირებთ სასიკვდილო შიმშილობას მთავრობის გადადგომის და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით. ბოლო დღეების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქართული მარში აღარც ვადამდელ არჩევნებს ითხოვს და არც შიმშილობას აპირებს. თქვენი მთავარი სამიზნე ახლა გურამ კაშიას სამკლაური გახდა...
- რას ჰქვია, გურამ კაშიას სამკლაურს დავდევთ? ქართული ფეხბურთი სავალალო დღეშია და ეს არ უნდა გავაპროტესტოთ? რაც ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია, საქართველოს ნაკრებს არც ერთი ოფიციალური მატჩი არ მოუგია.
- მოგებებით ჩვენი ნაკრები არც ლევან კობიაშვილის გაპრეზიდენტებამდე გამოირჩეოდა...
- გასაგებია, მაგრამ ახლა ცნობილი გახდა, თუ რატომ ვერ არის ჩვენი ნაკრები თავის მოტორზე. ამ საიდუმლოს ფარდა გურამ კაშიას ქმედებამ ახადა – იმის მაგივრად, რომ ფეხბურთი ითამაშონ, „ლგბტ“ თემს იცავენ.
- ეს ერთმანეთთან არაფერ შუაში არ არის...
- შუაში კი არა, თავშია. რა ხასიათზე დადგები, მოედანზე კალგოტკიანმა ფეხბურთელებმა რომ ითამაშონ.
- კალგოტკიან ფეხბურთელს მოედანზე მსაჯი არ გამოუშვებს. ასე რომ, ამის საფრთხე არ არსებობს...
- საფრთხე როგორ არ არსებობს. მხედველობაში აზრებით კალგოტკიანები მყავს. ესენი ვერასდროს ითამაშებენ ნამდვილ ფეხბურთს და ვერც მაგათ დამცველები.
- ძალიანაც კარგად ითამაშებენ, ის სამკლაური, რომლის გამოც ლამისაა გურამ კაშია ჩაქოლოთ, ბევრმა ცნობილმა ფეხბურთელმა გაიკეთა...
- ბევრმა არ გაიკეთა, მათ შორის გერმანიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ფილიპ ლამმა. არ მითხრა ახლა, რომ კაშია მაგაზე დიდი ფეხბურთელია, ან მაგის სოფლის გუნდი გერმანიის ნაკრებზე მაგარია. ამ ამბავს მარტო ქართული მარში რომ აპროტესტებდეს, კიდევ ჰო, მაგრამ ნახეთ, რამდენი ვინმე აპროტესტებს. მათ შორის ჟურნალისტებიც.
- სპორტულმა ჟურნალისტებმა გურამ კაშიას დაუჭირეს მხარი და ამაზე განცხადებაც გააკეთეს თავისი ხელმოწერებით...
- სამაგიეროდ, სხვა აზრზეა სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი მიშა აბაიშვილი. ის დგას საღ აზრზე. ამ ჩვენს ფეხბურთს კიდევ რაც შეეხება, ფიზიკურად ისედაც განადგურებულია და ახლა მისი მორალური განადგურება მიდის. ეს საბოლოოდ დაასამარებს ფეხბურთს საქართველოში. მინდა საქართველოს მოსახლეობას მივმართო და ვთხოვო, რომ ყველამ ერთად მოვითხოვოთ ამ ნაკრების დათხოვნა. ამათ ნაცვლად პატარა ბიჭები შეიყვანონ ნაკრებში, მეტი ჯიგარით ითამაშებენ და გამოცდილებასაც მიიღებენ. სანამ ასე არ მოხდება, მანამდე მოვუწოდებ ყველას, ნაკრების თამაშებს ბოიკოტი გამოვუცხადოთ.
ასევე უნდა მოვითხოვოთ ლევან კობიაშვილის გადადგომა. ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ ამ საკითხს. აშკარაა, რომ კობიაშვილი თავის საქმეს ვერ აკეთებს.
- არადა აპირებდით, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით დაგეწყოთ შიმშილობა...
- მთავრობის გადადგომასაც მოვითხოვთ. ყველაფერს თავისი დრო აქვს.
- თქვენთვის ეს დრო როდის დადგება, პატრიოტთა ალიანსი 29 ოქტომბრიდან იწყებს აქციებს პრემიერის გადადგომის მოთხოვნით.
- ალიანსს თავისი გეგმები აქვს, ჩვენ – ჩვენი. არ არის გამორიცხული, ჩვენთან ერთად აქციებში 15 ოპოზიციური პარტიაც ჩაერთოს. მხედველობაში ის პარტიები მყავს, რომლებმაც არჩევნების წინ ლიდერთა საბჭო შექმნეს. მაგათ თავის დროზე ჩვენთვის რომ დაეჯერებინათ, ახლა ასეთ სასაცილო მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდნენ. მოვუწოდებდით, რომ არჩევნებისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინათ, მაგრამ ამაზე უარი თქვეს. ეგონათ, რომ ხელისუფლება არჩევნებზე რაღაცას გადაუგდებდა. დარწმუნებული იყვნენ, პროცენტს აიღებდნენ, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებას მიიღებდნენ. აი, აქ შეცდნენ ჯიგრები და ახლა ბოლო ხმაზე ყვირიან. უმჯობესი იქნებოდა, არჩევნების წინ აყვირებულიყვნენ და არჩევნებამდე გავსულიყავით ქუჩაში. ამ ხელისუფლებას ადამიანური ლაპარაკი არ ესმის. მათთან მხოლოდ ქუჩის ენით თუ ილაპარაკებ.
როცა ოპოზიციის დიდმა ნაწილმა არჩევნების წინ უარი თქვა ქუჩაში გასვლაზე, სადავეები ხელში პატრიოტთა ალიანსმა აიღო და პარლამენტის კიბეებზე ჩამოსხდნენ. ეს მათ ხელისუფლებასთან შეთანხმებით გააკეთეს. `ოცნება~ შიშობდა, რომ ოპოზიცია აქციებს დაიწყებდა. ოპოზიციამ სწორედ პატრიოტთა ალიანსის გამო ვერ დაიწყო აქციები. მთავარი მიზეზი ეს არ იყო, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო.
- პატრიოტთა ალიანსმა ხელი რანაირად შეუშალა, აქციის გამართვა პარლამენტის გარდა მთავრობის ადმინისტრაციასთანაც შეიძლებოდა. თუ კარგად მახსოვს, ქართული მარშიც იქ აპირებდა სასიკვდილო შიმშილობის დაწყებას...
- ვაპირებდით, მაგრამ ამათ შიმშილობასაც დაუკარგეს აზრი და პეწი. ხალხი ლამის 20 დღე იჯდა საშიმშილოდ და ცუდადაც კი არავინ გამხდარა.
- ცუდად ვერ გახდებოდნენ, ადამიანები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ...
- საქმეც ეგაა, რომ ენაცვლებოდნენ. ერთი და ორი დღე რომ ამბობ საჭმელზე უარს, ეს დიეტაა და არა შიმშილობა.
- თქვენ დიეტაც რომ ვერ გარისკეთ?
- ჩვენ სასიკვდილო შიმშილობას ვაპირებდით, მაგრამ ამათ „გააპუსტიაკეს“ პროტესტის ეს ფორმა. ახლა რომ დავიწყოთ შიმშილობა, აგდებით შემოგვხედავენ. შიმშილობის აქციებმა საქართველოს დამოუკიდებლობა დაუბრუნა, ამათ კი პროტესტის ეს ფორმა მოკლეს.
- თქვენ რომ მაინც გეცადათ, იქნება ხალხმა ისევ დაუჯეროს შიმშილობას?
- ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს მაინც გავაკეთებთ. ამასთან ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მთავრობა ისედაც შეიცვლება. გიორგი მღებრიშვილს უეჭველი გაუშვებენ. კვირიკაშვილს კი, რომლის გადადგომას პატრიოტთა ალიანსი ითხოვს, მარტამდე მისცეს ვადა.
- ვინ მისცა პრემიერს მარტამდე ეს ვადა?
- „ოცნების“ ხაზეინებმა.
- მარტამდე რატომ მისცეს ვადა?
- იმედი აქვთ, რომ რაღაცის გამოსწორებას შეძლებს. რა უნდა გამოასწოროს, არ ვიცი, ლარი თავზე დაგვემხო და მასთან ერთად მთელი ეკონომიკა. რატომღაც მგონია, რომ კვირიკაშვილის გადადგომა სხვა მიზეზებით გადავადდა. `ქართულ ოცნებას~ კადრები არ ჰყავს, პრემიერის მოძებნა კი ასეთი ადვილი არ არის.
- წინა ინტერვიუში თქვენ თქვით, რომ ამ თანამდებობისთვის ირაკლი რუხაძეს ამზადებენ...
- ასეც იყო. მის დაყოლიებას დიდი ხანია, რაც ცდილობენ, მაგრამ ამჯერადაც უარი თქვა. ახლა გიორგი ბაჩიაშვილის „დაკერვას“ ცდილობენ.
- გიორგი ბაჩიაშვილი ვინაა?
- ეს ტიპი ივანიშვილის კადრია. ბაჩიაშვილი ივანიშვილის მიერ დაარსებულ თანაინვესტირების ფონდში მუშაობს. წესით, არ უნდა დათანხმდეს, ახლა პრემიერობა მაგარი შარია. დამოუკიდებლად მაგას გადაწყვეტილებებს არავინ მიაღებინებს და კიდევ შიდა ინტრიგებს უნდა ებრძოლოს. კვირიკაშვილის გადადგომას ალიანსი ახლა სწორედ ხელისუფლების დაკვეთით ითხოვს. რატომღაც მგონია, რომ ეს შეიძლება კალაძის დაკვეთაა. ამას ახლა ვერ დავამტკიცებ, მაგრამ დიდი ალბათობით ის ნაციონალებს გაურიგდა.
- რაში გაურიგდა ნაციონალებს?
- კახა კალაძის დახმარებით ეს პარტია კვლავ მთავარ ოპოზიციურ ძალად დარჩა. სანაცვლოდ ნაციონალებმა არჩევნების შედეგები „გააპრავეს“. ნაციონალების წყალობით არ დაინიშნა თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური – „რუსთავი 2“-მა ეგზიტპოლებით კალაძე პირველივე ტურში გამარჯვებულად გამოაცხადა. უკვე ცნობილია, რომ ტვ იმედსაც ჩატარებული ჰქონდა ეგზიტპოლი, მაგრამ მათ შედეგები არ გამოაცხადეს. იმ შედეგების თანახმად, თბილისში მეორე ტური იყო.
არჩევნების შემდეგ კალაძეს და ნაციონალებს შორის ფარული ალიანსი იქნება. კვირიკაშვილი კი, როგორც ადრეც გითხარით, ბოკერიას ფრთას მფარველობს. როცა პრემიერი გახდა, მან მოიფიქრა ის გეგმა, რომლის მიხედვითაც, ბოკერიას ფრთა ყოფილ ხელისუფლებას უნდა გამოყოფოდა. ეგონათ, რომ ამით ნაციონალებს დაშლიდნენ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ნაციონალები ისევ მაგრად არიან.
ამასობაში ბოკერიას ფრთაც მომძლავრდა. ევროქოცებმა შეიძლება კალაძეს, პატრიოტთა ალიანსს და ნაციონალებს პრობლემები შეუქმნან. ევროქოცებს ახლა კვირიკაშვილი მფარველობს. ისინი მაშინ დასუსტდებიან, როცა კვირიკაშვილს გადააყენებენ. აქედან გამომდინარე ითხოვს პატრიოტთა ალიანსი კვირიკაშვილის გადადგომას. მათ ევროქოცებმა მესამე ძალის სტატუსი წაართვეს, ნაციონალებმა კი შესაძლოა მთავარი ოპოზიციური ძალის ნიშა დაკარგონ. კვირიკაშვილის „დაკრიშული“ „ევროპული საქართველო“ კალაძისთვისაც სახიფათოა. ასე რომ, მათ ალიანსის შესაქმნელად საბაბი აქვთ.
„ახალი თაობა“, 28 ოქტომბერი, 2017 წელი
ინტერვიუ სამხედრო ექსპერტ დავით ნემსაძესთან: რატომ გაასხვისა თავდაცვის სამინისტრომ საჰაერო რაკეტა
რატომ გადასცა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ჰოლანდიას „ბუკ-მ1“-ის მაღალი კლასის საჰაერო თავდაცვის რადიოლოკაციური თვითდამიზნებადი რაკეტა? სამხედრო ექსპერტი დავით ნემსაძე „ახალ თაობასთან“ აცხადებს, რომ შესაძლოა ეს მომხდარიყო საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციით. თუმცა, რადგან საქართველოს საჰაერო სივრცე მოკლებულია ტოტალური და ლოკალური თავდაცვითი ფარის არსებობას, ასეთი ტიპის შეიარაღების სხვა ქვეყნისთვის გადაცემა გამართლებული არ არის.
„ისეთი სახის შეიარაღება, როგორიცაა საჰაერო თავდაცვის საზენიტო-სარაკეტო იარაღი, სახელმწიფოებს შორის მხოლოდ კეთილი ნების საფუძველზე არ იცვლება. ფაქტს უნდა ჰქონდეს მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკური ხასიათი. აღნიშნული რაკეტის გადაცემა მიმაჩნია გაუმართლებლად, რადგან ჩვენი ქვეყანა მოკლებულია შესაძლებლობას, მოახდინოს აღნიშნული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების რაკეტების შეძენა“, – აცხადებს დავით ნემსაძე.
„ბუკ-მ1“ ტიპის კომპლექსის რაკეტა იწონის 685 კილოგრამს. მასში მოთავსებულია 75 კილოგრამი ტროტილი და 6.500 ცალი მსხვრევად-დამაზიანებელი ჭურვი. რაკეტის სისწრაფე 850 მეტრ/წამია. ის საშუალო სიმაღლეზე მოქმედი რაკეტაა. ფრენის მანძილი 32 კილომეტრია და მისი ღირებულება 100.000 დოლარს აღემატება.
- ბატონო დავით, ამ ტიპის რაკეტის ჰოლანდიისთვის გადაცემაში მთავარი პრობლემა რა არის?
- ამგვარი ტიპის შეიარაღების უცხო ქვეყნისთვის გადაცემაზე საპარლამენტო ნებართვა უნდა იყოს. ის მაღალი კლასის თვითდამიზნებადი რადიოლოკაციური რაკეტაა, რომელიც არ შეიძლება, პასპორტის გარეშე გადაეცეს. საერთოდ, საკითხავია, რა ვითარებაში გადასცა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ეს რაკეტა ჰოლანდიას. პარლამენტში ნდობის ჯგუფი არსებობს. მათ უკითხავად, ყველას გვერდის ავლით ასეთი სტრატეგიული შეიარაღების გადაცემა გამართლებული არ არის.
- ამგვარი შეიარაღების უცხო ქვეყნისთვის გადაცემის მოტივი რა შეიძლებოდა ყოფილიყო, ისე უმოტივოდ ხომ არ გადასცემდნენ?
- რაკეტის გადაცემა საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციით მოხდა. გადაცემას რაკეტის კვლევის მოტივაციით ხსნიან, ვინაიდან მიმდინარეობს უკრაინაში სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდების ძიება. თვითმფრინავი `ბუკ-მ1 ტიპის რაკეტით იქნა ჩამოგდებული და ასეულობით მგზავრის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ეს არის სამხედრო შეიარაღება, რომელიც საქართველოს დეფიციტში აქვს. ამიტომ ასე უმოტივაციოდ, რაღაც მიზეზების მოგონებით საქართველოს საჰაერო სივრცის შესუსტება გაუმართლებელია. ვერ გავიგე, რატომ უნდა გადასცეს საქართველომ ჰოლანდიას ასეთი ტიპის შეიარაღება, როცა რუსეთისა და უკრაინის ინტერესია? ამგვარი ქმედება ჩვენს საჰაერო თავდაცვისუნარიანობას ასუსტებს, რაც არის ანტიეროვნული და საკუთარი უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედება.
- შეიარაღების გადაცემა როგორ მოხდა, ფულის გადახდით?
- არ ვიცი. მე პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს ორგანიზაციის სახელით მივმართე და პასუხს ველოდები. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეს ინფორმაცია განათავსა თავის სოციალურ ვებგვერდზე, მაგრამ რამდენიმე წუთში მოხსნა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ტელევიზია კონტროლირებადია და საზოგადოებრივ ინტერესებს არ ითვალისწინებს.
- შესაძლებელია, რომ ეს ყოფილიყო საიდუმლო ინფორმაცია?
- ასეთი რაკეტების საიდუმლო წესით გაყიდვა არ ხდება. საიდუმლო შეიძლება იყოს რაკეტების რაოდენობა, მისი ფასეული ღირებულებები. როდესაც ასეთ შეიარაღებას ყიდულობს ერთი ქვეყანა მეორე ქვეყნისაგან. ის სრული მონიტორინგის სისტემაში აუცილებლად შედის და აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს, რადგან ქვეყანას აქვს კვოტირება, რამდენი უნდა ჰქონდეს შეიარაღება – ტანკი, თვითმფრინავი და ა.შ. საიდუმლო შეიძლება იყოს ხელშეკრულების პირობები, შეიარაღებისა და ჭურვების რაოდენობა, მაგრამ ასეთი ფორმით გაყიდული შეიარაღების გასაიდუმლოება არ ხდება. შეიძლება რაკეტის გადაცემა საქართველოში საიდუმლოდ შეინახეს, მაგრამ ეს ამბავი ჰოლანდიიდან გასკდა.
- ჰოლანდიიდან როგორ გასკდა?
- ინფორმაცია ჰოლანდიურ პრესაში გამოქვეყნდა. საზოგადოებრივი მაუწყებელი ჰოლანდიურ პრესას ეყრდნობოდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან ამაზე კომენტარი არავინ გააკეთა. რაკეტა თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე იყო და ისინი ვალდებული იყვნენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატიაზე განმარტება გაეკეთებინათ, მაგრამ ვებ-გვერდიდან სტატია ააღებინეს.
- 2008 წლის ომმა გამოაჩინა, რომ საქართველო საჰაერო თავდაცვის საშუალებებში მოიკოჭლებდა. ჩვენ არ გვჭირდებოდა საჰაერო თავდაცვის ეს საშუალება?
- ეს არის მაღალი კლასის თვითდამიზნებადი, საშუალო სიშორის რაკეტა. დღეს ჩვენ ამ შეიარაღებას არავინ მოგვყიდის.
- ეს რაკეტა თავის დროზე საქართველომ ვისგან შეისყიდა?
- საქართველომ აღნიშნული იარაღი ომამდე უკრაინიდან შეისყიდა. უკრაინიდან შესყიდული ტექნიკის ნაწილი ჩამოიწერა, ზოგი კი მიზანმიმართულად ჩაბარდა რუსეთს.
- რუსეთს 2008 წელს რომ დაუტოვეს, ეგ ვიცი...
- სენაკის სამხედრო ბაზიდან უმოტივაციოდ ჩაბარდა მოწინააღმდეგეს აღნიშნული საჰაერო თავდაცვის კომპლექსის ცალკეული ერთეულები, ასევე გაურკვეველ ვითარებაში გაქრა ამავე კომპლექსის რაკეტებით დატვირთული სპეცრაკეტმზიდი მანქანა. ვინც ეს გააკეთა, თავდაცვის სამინისტროში დაწინაურებულია.
- ჰოლანდიას ასეთი ტიპის საჰაერო კომპლექსები სხვა არ აქვს?
- არ აქვს. ის რაკეტა აქედან წაიღეს გამოძიების მოტივით. ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ გამყიდველმა და მყიდველმა მხარეებმა. მე ხომ არ ვიცი, კონტრაქტში რა ეწერა.
- თუ იცით, ჰოლანდიასა და საქართველოს სამხედრო თვალსაზრისით როგორი ურთიერთობა აქვთ?
- არანაირი.