„ახალი თაობა“, 31 იანვარი, 2018 წელი
ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ქვეყანაში კრიმინალური მენტალიტეტის რომანტიზება ხდება“ // „ლევან მურუსიძის უვადოდ დამნიშნავ პოლიტიკურ ძალას მორალური უფლება არა აქვს, სანდრო გირგვლიანის თემით ისპეკულიროს“
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დაანონსებულ კანონპროექტზე საუბრობს, რომელსაც „გირგვლიანის პაკეტი“ ეწოდება.
- ბატონო გია, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე იდეით გამოვიდა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში ე.წ. გირგვლიანის შესწორებები შევიდეს, რაც ითვალისწინებს მაღალჩინოსნების მიერ გამოძიებისთვის ხელის შეშლის შემთხვევაში სანქციების გამკაცრებას. რა შეგიძლიათ გვითხრათ, ეს არის ერთგვარი პოლიტიკური სვლა თუ რეალური სურვილი, რომ ხელისუფლებას მსგავსი სისტემური დანაშაულის სურვილი არ გაუჩნდეს?
- თავისთავად ამ იდეაში ცუდი არაფერი არ არის, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობა, კონტროლი გამკაცრდეს. ამ მიმართულებით კრიტიკას ნამდვილად არ დავიწყებდი. თუმცა, კანონმდებლობა არ არსებობს. ჩვენ არ ვიცით, რა შინაარსი დევს და რას გვთავაზობენ, მაგრამ იდეა გახმოვანებულია, თან ისეთი სახელწოდებით, რომ უნდა ვივარაუდოთ, გამხმოვანებელს პოლიტიკური მოტივი ჰქონდა. აბსოლუტურად არ იყო მზად. მით უმეტეს დეპუტატი, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი საუბარს იწყებ კანონპროექტზე, მაშინ კანონპროექტი ხელში მაინც უნდა გეჭიროს. ასეთი კანონპროექტი არ არსებობს. ფაქტიურად მოვისმინეთ პოლიტიკური განცხადება, მაგრამ იმის იქით არაფერი არ ვიცით.
- მაშინ რასთან გვაქვს საქმე?
- პოლიტიკის პრიზმაში უნდა განვიხილოთ ეს საკითხი, ყოველ შემთხვევაში ჯერ, რადგან საკანონმდებლო კუთხით ვერაფერს ვიტყვით. ძალიან არასასიამოვნოა, როდესაც ჯერ არაფერი არ არის დაწერილი და ამ პაკეტს ვიღაცამ უწოდა „გირგვლიანის პაკეტი“. სიმართლე გითხრათ, ცოტა ცინიკურია ეს ყველაფერი, მით უფრო იმ მოცემულობაში, რომელშიც ვართ. თავის დროზე სტრასბურის სასამართლომ დაადგინა, რომ გირგვლიანის წინააღმდეგ სისტემური დანაშაული იყო ჩადენილი. ხელისუფლების ყველა შტო დანაშაულის დაფარვაში იყო ჩართული. ამ სისტემურ დანაშაულში ჩართული იყო პროკურატურა, სასამართლო, პოლიცია, საკანონმდებლო ორგანო და ამ ფონზე, ჩვენ ვიცით, რომ ბევრი ადამიანი, რომელიც მაშინ ჩართული იყო ამ დანაშაულში, დღეს, მარგველაშვილისგან განსხვავებით, თუ მდინარაძე აქეთ-იქით კარგად მიმოიხედავს, გვერდით აღმოაჩენს მისსავე ხელისუფლებაში. ეს ადამიანები ამ დანაშაულის თანამონაწილე იყვნენ. მხოლოდ მურუსიძეზე არ ვაკეთებ აქცენტს, ბევრი სხვა გვარის დასახელებაც შეიძლება.
მე შემიძლია ხელისუფლებას იდეა შევთავაზო: დავწეროთ შესაბამისი კანონპროექტი და შევქმნათ სია, რომელსაც პირობითად `გირგვლიანის სია~ ვუწოდოთ და დავსაჯოთ რაღაც ფორმით ყველა ის პირი, რომელიც ამ დანაშაულში იყო ჩართული. მურუსიძე აღაზევა ამ ხელისუფლებამ და ლამის სასამართლო სისტემის კოორდინატორი გახდა, მაგრამ სხვებიც არიან.
- მაგალითად?
- თუნდაც, ციხის თანამშრომლები, ციხის უფროსი, როდესაც მსჯავრდებულები ქეიფობდნენ ციხეში, განსაკუთრებულ პირობებში იმყოფებოდნენ, ეს ხომ იყო კანონდარღვევა. ასევე, პროკურატურის ხელმძღვანელობა, რომელიც ყველაფერს აკეთებდა, რომ ამ ხალხს ე.წ. უდო შეხებოდა. ამიტომ ვამბობ, რომ ამ ფონზე ცინიკურია ეს ყველაფერი. ამ ხალხის ლობისტების მხრიდან გირგვლიანის თემით ხდება სპეკულირება, რეალურად კი სულ სხვა ამოცანებია დასახული. თუ ასე არ არის, მაშინ სააკაშვილს, რომელსაც მიუსაჯეს, გვერდით მურუსიძე და სხვები მიუსვან. ეს ადამიანები ცნობილია, შევქმნათ სია და სანქციებში მაინც მოვაყოლოთ, მაგალითად, აეკრძალოთ საჯარო სექტორში მუშაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყველაფერი ფარსის სახეს მიიღებს.
_ გულწრფელი არ არის ხელისუფლება თუ მდინარაძე ამ შემთხვევაში?
_ როგორ შეიძლება გულწრფელობაზე ვიფიქროთ?! ჩემთვის ყველაზე მეტად აღმაშფოთებელი იყო, როდესაც ამ კონტექსტში ბატონმა მდინარაძემ პრეზიდენტი მარგველაშვილი მოიხსენია. როდესაც, ამ ტრაგედიის გამო ჩვენ სისტემას, რეჟიმს ვებრძოდით, მაშინ ჩვენს რიგებში გიორგი მარგველაშვილი იდგა, რომელიც ჩვენთან ერთად იბრძოდა, რის გამოც სამსახური დაკარგა.
_ იმის თქმა გინდათ, რომ მამუკა მდინარაძე არ იყო ამ რიგებში?
_ მე რამდენადაც ვიცი, მდინარაძე იმ პერიოდში იქით მხარეს იყო. თუ არ იყო, მაშინ გამოვიდეს და თქვას. ალბათ, მაშინ, მდინარაძეს ჩვენი მოქმედებები ძალიანაც აღიზიანებდა. დღეს რომის პაპზე უფრო მეტი კათოლიკეები უნდათ იყვნენ! საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამო გირგვლიანის სახელს ნუ ატრიალებენ. მურუსიძის უვადოდ დამნიშნავ პოლიტიკურ ძალას არანაირი მორალური უფლება არა აქვს, რომ გირგვლიანის თემით ისპეკულიროს. არ თქვა ახლა, რომ სასამართლო სისტემა თავისუფალია და მათ არანაირი წვლილი არ მიუძღვით მურუსიძის დანიშვნაში.
_ ერთგვარი პიარის მცდელობა, შესაძლებელია ანტიპიარი გამოუვიდეთ?
_ ეს იყო წმინდა წყლის ფიარი და თუ ეს ფიარი არ არის, მაშინ გავაკეთოთ სია, ვინც ამ სისტემურ დანაშაულში იყო ჩართული და ყველა ამ ხალხს თავისი ადგილი მივუჩინოთ. მით უმეტეს, კანონი ჯერ არ არსებობს და როდესაც ამას წინასწარ უკვე სახელს არქმევ და ამის შესახებ აცხადებ, ე.ი. პოლიტიკური მიზნები გაქვს. მე კითხვა მიჩნდება, რატომ მაინცდამაინც ახლა? მე ვფიქრობ, რომ ეს იყო პოლიტიკური კონკურენციის გამოვლინება.
_ ვინ არის კონკურენტი?
_ მათ გახარიაში დაინახეს პოლიტიკური კონკურენტი. გახარიამ, როგორც ცნობილია, დაიწყო გარკვეული მოძრაობა, ცვლილებები და ამათაც დაიწყეს _ ჩვენც არ ჩამოვრჩეთო! ამიტომ იყო, რომ სრულიად მოუმზადებლად გაახმოვანეს ეს ყველაფერი. მდინარაძეს რომ ჰკითხოთ, უფრო დეტალურად რას გულისხმობს შინაარსი, როგორი უნდა იყოს კანონი, დარწმუნებული ვარ, ვერაფერს დაამატებს იმას, რაც უკვე გაახმოვანა და თქვა.
_ როდესაც გახარია დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად, ბევრი ვერსია იყო, რომ გახარია არის პოლიტიკური ფიგურა, რომ მას პრემიერად ამზადებენ და ა.შ. მან დადო რეფორმების პირობა და ამ მიმართულებით გარკვეული მოძრაობები არის. ასევე თქვა, რომ დანაშაულის სტატისტიკას გამოაქვეყნებდა. ორი წელი, მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო სექტორი ითხოვდა სტატისტიკის გამოქვეყნებას, არ ქვეყნდებოდა. გუშინ გამოქვეყნდა. რას ფიქრობთ, რეალურად რა ხდება?
_ ჯერჯერობით, მე არ მინდა დასკვნების გაკეთება. რაც ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ მე ვხედავ, მას აქვს მცდელობა, რომ შეაკავოს ეს საკმაოდ არასასიამოვნო პროცესი კრიმინალთან დაკავშირებული. ასევე აქვს მცდელობა, რომ ყველაზე დიდი პრობლემა სადაც არის, კრიმინალურ პოლიციას ვგულისხმობ, რაღაც შეცვალოს და გააკეთოს, რეორგანიზაცია მოახდინოს. ამ მცდელობას ვხედავ. ასევე, აქვს საკმაოდ სწორი გზავნილები, სურვილები, მაგრამ ვნახოთ.
_ რამდენად შეძლებს?
_ ეს არის მთავარი კითხვა, რამდენად შეძლებს! ჩვენ სამართლიანები რომ ვიყოთ, მას გარკვეული დრო უნდა მივცეთ, რათა ეს ყველაფერი შეასრულოს. ასევე უნდა შევუქმნათ იმის კომფორტი, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ამ გზაზე გახდება საჭირო, ამ ამოცანების შესასრულებლად იქნება საჭირო, ეს ინსტრუმენტებიც უნდა ჰქონდეს. ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს, წინასწარ არანაირი გარანტია არ გვაქვს, რომ გახარია ამ ამოცანებს შეასრულებს და ის ამას შეძლებს. თუმცა, ჯერ ძალიან ცოტა დროა გასული საიმისოდ, რომ მისი საქმიანობა შევაფასოთ. დღეს გახარიას შეცდომებსა და არაეფექტურობაზე რომ ვილაპარაკოთ, ეს ძალიან ნაადრევი იქნება. სისტემა საკმაოდ მორყეულია, ბოლო პერიოდში კრიმინალური მენტალიტეტის რომანტიზება თითქოს შემობრუნდა, ეს განსაკუთრებით სახიფათოა ახალგაზრდა თაობაში. ამ ყველაფერთან შებრძოლებას დრო სჭირდება. ვნახოთ, ეს ყველაფერი საკმაოდ რთულია ან შეძლებს, ან ვერა. ამიტომ, ჩვენ ვერ ვიქნებით ვერც ზედმეტად ოპტიმისტები და ვერც პესიმისტები. გარკვეული დრო მივცეთ და დაველოდოთ.
„ახალი თაობა“, 31 იანვარი, 2018 წელი
ინტერვიუ ლევან ხაბეიშვილთან: „პროკურატურამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ამ საქმის გამოძიება“ // „60.000 ბავშვს შესაძლოა დიაბეტი დაემართოს“ // ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის სკანდალური განცხადება
რა პრობლემებია საბავშვო ბაღებში, რას აბრალებს ნარმანია-თორდინავას დუეტს ბაღების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი, რატომ მიმართა ნაციონალურმა მოძრაობამ პროკურატურას? ამ თემებზე „ახალ თაობას“ თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ესაუბრება.
ლევან ხაბეიშვილი:
- საბავშვო ბაღებში კატასტროფული ვითარებაა და ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე საკრებულოში, ფრაქციის სხდომაზე დავიბარეთ. მოსმენა შედგა 29 იანვარს. შეხვედრა 2 საათი გაგრძელდა, ის საუბრობდა, მაგრამ რეალურად არაფერზე პასუხი არ ჰქონდა. ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ბაღებში კვება გაუარესდა. მერიაში ამას იმით ხსნიან, რომ ევროპელი ექსპერტების მითითებით კალორიების რაოდენობა შეცვალეს. გვანცელაძეც ამ ექსპერტებზე აპელირებდა. როცა ჩავეკითხე, აღმოჩნდა, რომ ეს კვლევა თვალითაც კი არა აქვს ნანახი.
_ ეს რანაირად?
_ ჩვეულებრივად. გვანცელაძე ამბობს, რომ ეს ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა – მათ შეადგინეს კალორიების ცხრილი, მათ გამოსცეს განკარგულება და მე მათ ვეყრდნობიო. თავად კვლევაზე თქვა, იმიტომ არ წავიკითხე, ამის ვალდებულება არა მაქვსო. მერე პირადად მე მომმართა, თუ დამავალებ, ამ კვლევას წავიკითხავო.
_ თქვენ რა ქენით?
_ წაკითხვა დავავალე და ისიც დამპირდა, რომ წაიკითხავს. მისი პოზიცია ძალიან სასაცილოა, ადამიანს 60.000 ბავშვი აბარია და ისიც არ იცის, როგორ იკვებებიან ისინი. თავად დაადგინეს, რა უნდა აჭამონ ბავშვებს და ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს ამის წაკითხვა თურმე არ ევალება. შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომლებიც ბავშვების კვებასთან არის დაკავშირებული. ასეთი საშინელი სიტუაცია ბაღებში შევარდნაძის შემდეგ აღარ ყოფილა. ნარმანიას მისამართით უამრავი პრეტენზია გვქონდა, მაგრამ ასეთი რამეები მის დროსაც არ ხდებოდა.
შპს „ნილი“, რომელსაც ბავშვების საკვებით მომარაგება აქვს დავალებული, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ არის დაჯარიმებული. ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს კომპანია „ქართული ოცნების“ შემომწირველია და ამ პარტიისთვის 150.000 ლარი აქვს გადარიცხული. რადგან „ოცნების“ დამფინანსებელია, ახლა, ფაქტობრივად, მათ ბავშვების კვების ხარჯზე ვუხდით ხარკს. ყველამ ვნახეთ, როგორ შეიტანა ამ კომპანიამ ბაღებში რძე ღვინის შეფუთვით. მერე რაღაც სიუჟეტი იყო კვებაზე და ჟურნალისტებმა როცა იკითხეს, გუფთა თუ იყოო, ასე უპასუხეს, იყო, ოღონდ უხორცოო.
_ უხორცო გუფთა რანაირია?
_ ისეთივეა, როგორც ხაჭაპური ყველის გარეშე. სხვათა შორის, გვანცელაძის მოსვლის შემდეგ ბაღებში უყველო ხაჭაპურიც გამოჩნდა. ბუნებრივია, ვკითხე, თუ რატომ შემოიღეს კვების ასეთი რეჟიმი. ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა ამიხსნა, რომ აქამდე 1.600 კალორია იყო და ის 1.300-მდე უნდა ჩამოსულიყო. მისი განცხადებით, ის 1.600 კალორია ბავშვებში სიმსუქნეს, დიაბეტსა და სხვადასხვა სახის ავადმყოფობას იწვევდა. მისი სიტყვებით, ნარმანია და თორდინავა 60.000 ბავშვს დიაბეტის რისკის ქვეშ აყენებდნენ.
ეს განცხადება გააკეთა ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა. კახაბერ გვანცელაძე არ არის არც ენჯეოშნიკი და არც ლევან ხაბეიშვილი, რომ დააბრალონ, რაღაცა მოიგონა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, გვანცელაძე თანამდებობის პირია, აბარია 60.000 ბავშვი და წინა ადმინისტრაციამ მათ ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნაო.
_ თქვენ ამიტომ მიმართეთ პროკურატურას?
_ წესით, პროკურატურას ჩემი მიმართვის გარეშეც უნდა დაეწყო საქმის შესწავლა. როგორც კი ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა ეს თქვა, მაშინვე უნდა აღეძრათ სისხლის სამართლის საქმე. ჩვენ მივმართეთ პროკურატურას და ახლა გვაინტერესებს, ვინ აგებს პასუხს იმაზე, რომ 60.000 ბავშვი დიაბეტით დაავადების საფრთხის ქვეშაა. ეს მე არ მომიგონია. ამას მოქმედი თანამდებობის პირი ამბობს. წარმომიდგენია, რა დღეში ჩაცვივდებიან მშობლები. მეც შეშფოთებული ვარ. ჩემი შვილები სწორედ მაშინ დადიოდნენ ბაღში, როცა, გვანცელაძის თქმით, ბავშვები არასწორად იკვებებოდნენ.
_ თქვენ გჯერათ, რომ პროკურატურა ამ საქმეს შეისწავლის?
_ არ მჯერა, მაგრამ, ვალდებული ვიყავი, ეს განცხადება შემეტანა. კარგი იქნება, თუ სხვა მშობლებიც ასე მოიქცევიან. არავის აქვს უფლება, 60.000 ბავშვის ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დააყენოს და არც „ოცნების“ შემომწირველობა აძლევს ვინმეს უფლებას, ბავშვების ჯანმრთელობის ხარჯზე მილიონები იშოვოს. ეს ხელისუფლება ამ საქმეს არ გამოიძიებს, მაგრამ აუცილებლად მოვა ხელისუფლება, რომელიც ყველა გადაცდომას შეისწავლის.
„ახალი თაობა“, 31 იანვარი, 2018 წელი
ინტერვიუ ზაზა ხატიაშვილთან: „ხელისუფლებასაც უნდა ეშინოდეს და ოპოზიციასაც, რომ ხალხი მათ ერთიანად გადაუვლის“ // „ნარკოტიკების ლეგალიზება საქართველოს დაღუპავს“
„ახალი თაობის“ კითხვებს უფლებადამცველი, ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი ზაზა ხატიაშვილი პასუხობს.
- ბატონო ზაზა, თქვენ ერთ-ერთი პირველი იყავით, ვინც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას დაუპირისპირდა. დღეს უკვე საზოგადოების დიდი ნაწილი უკმაყოფილოა ხელისუფლებით. რას იტყვით თქვენ?
- ყველაზე დიდი უბედურება ამ ქვეყანაში არის პოლიციური ძალადობა, რომელსაც არ ეშველა! ვანო მერაბიშვილის დროს, როდესაც აწამეს ქიმერიძე, თქვენ გახსოვთ აცრემლებული ივანიშვილი. მან განაცხადა, მე რომ მოვალ, ეგეთი რამეები არ მოხდებაო. ივანიშვილის მოსვლამდე ორი საქმე მოვიგე სტრასბურში. ერთი იყო მიქიაშვილის საქმე და მეორე იყო დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ. რა გააკეთა სახელმწიფომ? ნაცვლად იმისა, რომ რევაზ ქობულია და მჟავია, რომელთაც ხელს ადებდა დვალიშვილი, რომ ამ ადამიანებმა აწამეს, ეს ადამიანები ივანიშვილის მთავრობაში მოსვლის შემდეგ დააწინაურეს! კერძოდ, ქობულია დაინიშნა პოლიციის უფროსად წყალტუბოში, ხოლო მჟავია იყო ერთ-ერთი ქვეგანყოფილების უფროსი.
6-7 თვის მოსული იყო ივანიშვილი და პირველი აქცია სწორედ მე ჩავატარე და ვთქვი, რომ ამ კაცს ქვეყანა მიჰყავს პოლიციური ძალადობის დაკანონებისკენ. ეს გამოიწვევს პოლიციელების წახალისებას და უმართავ პროცესს მივიღებთ-მეთქი.
- ასე მოხდა?
- მაშინ ისეთი ეიფორია იყო საქართველოში ივანიშვილის გამარჯვებით, რომ პირიქით, ხალხმა მე დამიწყო ლანძღვა, ბიძინაზე მაგას რატომ ამბობო. დღეს უბრალოდ აღმოვჩნდით იქ, რასაც მე ვპროგნოზირებდი ხუთი წლის წინ!
_ პოლიციის მხრიდან ძალადობას აქვს ადგილი?
_ პოლიციური ძალადობა ასულია იმ დონეზე, კახა თარგამაძის დროს რომ იყო. მერაბიშვილის პოლიციაში არ იყო ასეთი წამება და არაადამიანური მოპყრობა. ან ცოცხალი ვერ გამოხვალ, ან გამოხვალ „სინიაკებით“ და მადლობასაც ეტყვი, თუ დაჭერას გადაურჩი. პროკურატურა ამ საქმეებს არ იძიებს. პროკურატურა იქცა პოლიციელების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის გამთეთრებლად და მფარველად. სულ ვამბობდი, რომ ის პროკურორები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის დროს ადამიანებს უკანონოდ ასამართლებდნენ, უნდა მოშორდნენ-მეთქი სისტემას, არავინ დამიჯერა.
ადამიანებს რომ ქონებას ართმევდნენ შუაღამისას, ასეთი პროკურორების სისტემაში დატოვებამ გამოიწვია ის, რომ ქვეყანაში წავიდა უმართავი პროცესები. თუ არ არის სამართალი, მაშინ ქვეყნის განვითარება არის წარმოუდგენელი! გირგვლიანის ამბავი რომ მოხდა, მაშინ სააკაშვილს მივწერე, რომ იცოდე, შენ მურუსიძე გაგასამართლებს-მეთქი. ხომ გაასამართლა ლევანა მურუსიძემ და რიგითმა მიხეილ ჩინჩალაძემ?! ასევე ვეუბნები ივანიშვილსაც, რომ შენ გაგასამართლებს რიგითი მურუსიძე ან ჩინჩალაძე! ისეთი პროცესებია დაწყებული, რომ ეს კარგს არაფერს მოიტანს.
_ ვერ აკონტროლებენ სიტუაციას?
_ პოლიცია სრულიად უმართავია! დანაშაულს დანაშაულზე ჩადის პოლიცია, მაგრამ ეს ხელისუფლება მტკიცებულებებს შლის! რატომ იშლება სამხრე კამერების მიერ გადაღებული ჩანაწერები? ან სულაც გამორთული აქვთ კამერები. ივანიშვილს ძალიან შეეშინდა, რომ მალე დადგებოდა მათი პასუხისმგებლობის საკითხი და სასწრაფოდ შეცვლა შინაგან საქმეთა მინისტრი თავისი ფინანსური ბანკირით. სიტუაცია ისეთი არეულია, გახარიას გულითაც რომ უნდოდეს, ვეღარ დაალაგებს.
_ კრიმინოგენური ფონიც მძიმეა ქვეყანაში...
_ ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო. რომ იგრძნეს, რა სიტუაციაცაა ქვეყანაში, ისინიც გააქტიურდნენ. 19 წლის ბავშვები მოიყვანეს პოლიციაში ინსპექტორ-გამომძიებლებად. ამ ასაკის ბავშვმა დანაშაული როგორ უნდა გამოიძიოს? ეს იგრძნო დამნაშავეთა სამყარომ და კი ვხედავთ, რა მდგომარეობაცაა ქვეყანაში.
_ სააკაშვილის დროს უფრო მეტი პატიმარი იყოო, ასეთია თქვენი ოპონენტების კომენტარი...
_ კი ბატონო, სააკაშვილის დროს უფრო მეტ ხალხს ასამართლებდნენ, მაგრამ ისინი უდანაშაულო ადამიანებს იჭერდნენ. დღეს უკვე რეალურ დანაშაულებებთან გვაქვს საქმე. მართალია, სააკაშვილს მეტი პატიმარი ჰყავდა, მაგრამ ისინი ყველას იჭერდნენ, ადვოკატებს ასამართლებდნენ, თანამდებობრივ უფლებამოსილებას გადაამეტეო. ადვოკატი და თანამდებობის პირი?! მაშინ მტკიცებულებების გარეშე, ჰაერზე იჭერდნენ ადამიანებს. დღეს უკვე დანაშაულის ჩადენა დაიწყეს იმ დამნაშავეებმა, რომლებმაც იცოდნენ, რომ თუ დანაშაულს ჩაიდენდნენ, დაიჭერდნენ. დღეს კი იციან, რომ რაც უნდა დანაშაული ჩაიდინონ, მათ ვერავინ დაიჭერს.
_ არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილმა დანაშაულებებმაც იმატა, ამაზე რას იტყვით?
_ სააკაშვილის დროს ერთადერთი, რაც კარგი მოხდა ამ ქვეყანაში, იყო ის, რომ მოისპო ქურდული მენტალიტეტი. დედა მასწავლებელი მყავს და ერთ დღესაც ტირილით მოვიდა სახლში, რა გატირებს-მეთქი და ჩემმა მოსწავლემ თქვა, რომ გავიზრდები, კანონიერი ქურდი უნდა გამოვიდეო, ეს იყო ჯაბას დრო. ბავშვები ამ იდეებს საკონტროლოებში წერდნენ. შემდეგ ეს კრიმინალური ფსიქოლოგია მოისპო და ეს მართლაც კარგი იყო.
_ დღეს რა ხდება ამ კუთხით, ისევ დაბრუნდა ეს განწყობები?
_ გაიარეთ სკოლებთან ახლოს სკვერებში, ქუჩებში, სააკაშვილის რეჟიმის დროს იქ ერთ ბავშვსაც ვერ ნახავდით. დღეს სავსეა ქუჩა. ბავშვები დგანან, საცოდავები, დაბოლილები! არის ჩემი დედას გინება, წელვა და საქმის გარჩევები. უკვე დაიწყო შეკრებები, გარჩევები. ქუჩურმა მენტალიტეტმა გაიღვიძა, გაიღვიძა კი არა, უკვე ჩქეფს მოზარდებში! სააკაშვილის დროს ამას ვერ ბედავდნენ. ბავშვები ყველა სკოლაში იყო და სწავლობდა. ახლა კი ვინც მაგრად სწავლობს, შიშით ვეღარ ისწავლის, რადგან მას ჩმორიკს უწოდებენ.
_ რამდენად სავალალო მდგომარეობაა სკოლებში?
_ ძალიან სავალალო მდგომარეობაა! ძლივს ქვეყანაში მოინახა ნორმალური ადამიანი, განათლების მინისტრი, რომელიც ამბობს, რომ რელიგიის სწავლება უნდა იყოს სკოლაში და ესეც არ უნდათ. ამას აუცილებლად უნდა დაემატოს ანტინარკოტიკული და ანტიალკოჰოლური სწავლება. ისე უნდა ისწავლონ, როგორც ფიზიკა და მათემატიკა! აიღონ ევროპული და ამერიკული გამოცდილება. ამერიკაში როცა დაიწყო ანტინარკოტიკული კურსის შესწავლა, 62%-მა თავი დაანება სიგარეტის მოწევას. საქართველოში კი ერთი ხელისუფლებაც არ მოვიდა, რომელიც იტყვის, მე არ მინდა, რომ ნარკოტიკები გავყიდო ღამის ბარებში!
_ საზოგადოების ნაწილი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ითხოვს...
_ მე მინახავს მეტადონის რიგში მდგომი ადამიანები, სანამ მეტადონს გადაყლაპავენ, საშინელებაა! აი, ეს ყველაფერი ისწავლება უცხოეთში! ბავშვებს თავიდანვე უდებენ ფსიქიკაში, რომ ეს არ შეიძლება. შენ რომ იმას გასინჯავ, მას აქვს ისეთი ინგრედიენტი, რომ მერე თავს ვეღარ დაანებებ. იცით, რა ხდება? სპეციალურად აყლაპებენ კარგი ოჯახის შვილებს, რომ მერე ამ მდიდარი ოჯახის შვილის ხარჯზე ამ ვიღაცამ ფული იშოვოს და თავადაც მუქთად იკაიფოს! საშინელი სიტუაციაა! იცით, რა მიკვირს? საზოგადოება რომ ხმას არ იღებს ამ ყველაფერზე. ათასობით ადამიანი ავადდება ამ ნარკოტიკით და ერთი სოციალური კლიპი არ გადის საზოგადოებრივ მაუწყებელზე!
_ თქვენი საუბრიდან ჩანს, რომ ეწინააღმდეგებით გამარტივებას და ლიბერალიზაციას?
_ როგორ შეიძლება საქართველოში ნარკოტიკის ლიბერალიზაცია! იცით, ეს რას ნიშნავს?! დაიღუპება ეს ქვეყანა საერთოდ! სასწავლო პროგრამაში მსგავსი არაფერი გიდევს ამის საწინააღმდეგო და შენ იძახი, რომ მოდი, გავაკეთოთ ლეგალიზება ნარკოტიკების. დავღუპავთ თაობებს.
რა თქმა უნდა, იმის წინააღმდეგი ვარ, რომ ეს ავადმყოფები ციხეში წავიდნენ, მომხმარებლებს ვგულისხმობ, მაგრამ ქუჩაში რომ გაუშვა და ტაში დაუკრა, არც ამის მომხრე ვარ! რეაბილიტაციის ცენტრები უნდა შეიქმნას. ოღონდ ამ ფეოდალმა ივანიშვილმა ხმები მიიღოს, ოღონდ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდეთ და ნებისმიერ უბედურებას დააკანონებს, თუ დაინახა, რომ ამის გამო ხალხი ხმას მისცემს! მე არ ვიცი, სამოქალაქო საზოგადოება ამას როგორ ითმენს, რომ ბავშვებს ნარკოტიკებით უავადებენ. პირდაპირ შტურმი უნდა დაიწყოს ამ ხელისუფლებაზე! რეკლამა კი არ უნდა აკეთო და იყვირო, უი რა კარგიაო, ბავშვი უნდა შეაშინო ნარკოტიკით!
გაეროს სპეციალური პროგრამებია, ამით აშინებენ ბავშვებს და გონებაში უბეჭდავენ, რომ ეს ცუდია! პოლიტიკოსები და პოლიცია ამ ბიზნესს მფარველობს. თუ ასე არ არის, მითხარით, დღისით მზისით ბარში ნარკოტიკი როგორ უნდა გაიყიდოს?! პირდაპირ მფარველობა მიდის ძალოვნების მხრიდან!
_ გამოსავალი სად არის?
_ ამ მთავრობის ხელში არ არსებობს გამოსავალი. ქვეყანას მართავს პირი, რომელსაც არანაირი პასუხისმგებლობა არ აკისრია არანაირ პროცესზე. მთელი ინსტიტუციები არის ჩამოშლილი. ადამიანს პირადი მცველებით ჰყავს მთავრობა დაკომპლექტებული. პირადი ბანკირი ეკონომიკის მინისტრად ჰყავს, პირადი ექიმი ჯანდაცვის მინისტრად, პირადი მცველი კი _ უშიშროების მინისტრად. ეგეთი რამე რომელიმე ქვეყანაში ხდება?! აი იმიტომ ხდება ყველაფერი.
დღეს საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს. დღეს ოპოზიციის ძირითადი პლატფორმა არის _ ბიძინა, მიყიდე! გამოსავალი არის ის, რომ უნდა შეიქმნას ძლიერი სამოქალაქო მუხტი. ხელისუფლებასაც უნდა ეშინოდეს ამ მუხტის და ოპოზიციასაც, რომ ხალხი მათ ერთიანად გადაუვლის. აი, ასეთი მუხტის აუცილებლობა დადგა. ეს ბოლო წვეთიც მალე დადგება!