globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 29 იანვარი 2018 წელი

Posted by Globalresearch on Jan 29th, 2018 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«ТВ Мир-24» (რუსეთი//დსთ): მიხეილ სააკაშვილი – უკრაინის პოლიტიკის სუპერვარსკვლავი

«Эхо» (აზერბაიჯანი): სომხეთის „დერეფნული იმედი“ კრახს განიცდის // რატომ შეხვდა სომხეთის ელჩი თბილისის მერს?

—————–

«ТВ Мир-24» (რუსეთი//დსთ), პროგრამა «Вместе», 28 იანვარი, 2018 წელი

https://mir24.tv/articles/16289052/superzvezda-ukrainskoi-politiki-mihail-saakashvili

მიხეილ სააკაშვილი – უკრაინის პოლიტიკის სუპერვარსკვლავი

ეკატერინე აბრამოვა,

საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამა «Вместе»-ს წამყვანი

პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი რეგულარულად ფიგურირებს სკანდალურ ქრონიკებში და საერთოდ, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მასზე მუდმივად ილაპარაკონ. ბოლო დროს იგი ვარსკვლავად იქცა, თანაც ზღვის ვარსკვლავად. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა შავი ზღვის ნაპირზე ვარსკვლავის პოზა მიიღო. ისე გამოდის, რომ ყველას შეუძლია რაც სურს, ის გააკეთოს. ამ შემთხვევაში საქმე ეხება იმ დოკუმენტური ფილმის კულმინაციურ ფინალს, რომელიც, რასაკვირველია, თვითონ მიხომ გადაიღო საკუთარ თავზე. ექს-პრეზიდენტის ქცევას რომ აკვირდები, უნებლიედ ფიქრობ, რომ მიხომ პროფესია შეცდომით აირჩია: პოლიტიკოსის ნაცვლად იგი მსახიობი უნდა ყოფილიყო, რაშიც «Мир-24»-ის კორესპონდენტი მიხეილ რობაქიძეც დარწმუნდა.

რეპორტაჟი:

„ეს სულ სხვა რაღაცაა! შეხდეთ! ეს სივრცე და თავისუფლებაა! ეს სასწაულია! შეხედეთ, ხალხო!“ – ამბობს მიხეილ სააკაშვილი ფილმის „უკრაინის აღორძინების“ ფინალურ კადრში. საქართველოს ექს-პრეზიდენტი და უკრაინის ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორი თავის აღფრთოვანებას არ მალავს. ზღვის ნაპირზე მიმავალი რაღაც მომენტში წონასწორობას კარგავს და ვარდება. აშკარაა, რომ „ევროპის უკანასკნელ ხელუხლებელ პლაჟზე“, ოდესიდან ერთი საათის სავალზე, უკეთესია დაწვე და ისიამოვნო. ამინდს მნიშვნელობა არ აქვს.

ფილმს უკვე რიმეიკები გამოუჩნდა: ზღვის ვარკვლავის ფორმამიღებულმა მიხეილ სააკაშვილმა ბევრი დააინტერესა და გულგრილი არ დატოვა. აი, კადრი რიმეიკიდან: კოვბოი ზღვის ნაპირზე მოსიარულე მიხოს შაშხანას უმიზნებს, ისვრის და მიხოს ქვიშაზე ვარდება. ხუმრობა ხუმრობაა, სერიოზულად კი – ნაპრეზიდენტალ-ნაგუბერნატორალი ქართველი პოლიტიკოსი თავისი დღევანდელი სამშობლოს – უკრაინის მომავალზე თორმეტი წუთის განმავლობაში საუბრობს, რომლის არსი მარტივია: „ახლა საქმე ცუდადაა, მაგრამ ყველაფერს გამოვასწორებ!“ (კადრი ფილმიდან: მიხო ოდესის ერთ-ერთ ქუჩაში დგას და ამბობს: „მე ამის გამოცდილება მაქვს. თბილისის ქუჩა, სადაც მე დავიბადე, ასევე დანგრეული იყო. ჩვენ ყველაფერი აღვადგინეთ. ძველი ოდესა იგივე სახით აღდგება მსოფლიოსათვის, როგორც ადრე იყო“).

მიხეილ სააკაშვილი სხვადასხვა აუდიტორიაზე მუშაობს, მაგრამ აქცენტს მაინც უფრო ახალგაზრდებზე აკეთებს (კადრი ფილმიდან: მიხო მოზარდებთან დგას – „აქ ახალი ანტალია იქნება. ანტალიაც ასე იწყებოდა, მაგრამ აქ უფრო მაგარი გარემოა, ვიდრე ანტალიაში. უბრალოდ, უნდა იცოდე, როგორ დაიწყო და განავითარო…“.

„მიხეილ სააკაშვილი მშვენივრად აპიარებს იმას, რაც მას სჭირდება. თუმცა, მიშა რომ იგივე ხაზს ატარებდეს უკრაინაში, რაც მან თავის დროზე ბათუმში და საქართველოს სხვა საკურორტო ადგილებში გაატარა, ეს ნორმალური იქნებოდა“, – ამბობს ჟურნალისტი ლალი მოროშკინა, საქართველოს ექს-პრეზიდენტზე შექმნილი სკანდალური წიგნის ავტორი.

მიშიკო თავის ფილმში არა მხოლოდ თითქმის მშობლიურ ოდესაში ჩნდება, არამედ უკრაინის სხვა ადგილებშიც. მშვიდი ტონი, აუჩქარებელი ნაბიჯები, ლირიკული მუსიკის ფონი. იგი არ ჰგავს იმ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც სახურავზე დაძვრება და საპროტესტო აქციებს ხელმძღვანელობს. ლალი მოროშკინა დარწმუნებულია, რომ ფილმზე ოკეანისიქითა იმიჯმეიკერებმაც წაიმუშავეს: „რასაკვირველია, მიშას მათ ურჩიეს და უთხრეს: „ცოტა გაზს დაუწიეო“ და მიშამაც დაუწია, მშვიდ ადამიანად იქცა, რომელსაც უკრაინის აყვავება სურს. რატომაც არა!“.

აუდიტორია მიხეილ სააკაშვილისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. თავისი პოლიტიკური საქმიანობის გარიჟრაჟზე მიშა თბილისის ფილარმონიის დარბაზს ხალხით ავსებდა ხოლმე, როცა ედუარდ შევარდნაძის პარტიას – „მოქალაქეთა კავშირს“ აპიარებდა და ხალხში აგიტაციას ეწეოდა, რამდენიმე წლის შემდეგ კი იგი უკვე პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოვიდა.

ტელევიზიის ძალა მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ „ვარდების რევოლუციის“ დროს შეაფასა. 2003 წლის ნოემბერში, თავის მომხრეებთან ერთად, იგი პარლამენტის დარბაზში სწორედ იმ დროს შევარდა, როცა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა პირდაპ[ირი ეთერით გადაიცემოდა; მთელმა საქართელომ უცებ გაიგო რევოლუციონერების გამარჯვება, თუმცა იმ მომენტში ჯერ კიდევ არავის ესმოდა, თუ რით დამთავრდებოდა ყველაფერი.

„მიხეილ სააკაშვილს სჯერა, რომ პოლიტიკა მუდმივ პიარს წარმოადგენს. მისთვის სულ ერთია. მას შეუძლია დღეს ერთი გააკეთოს, ხვალ კი მეორე, რომლებიც ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავდებიან“, – ამბობს პეტრე მამრაძე, მართვის სტრატეგიის ინსტიტუტის დირექტორი.

ნათლისღებისას დნეპრის ყინულიან წყალში ჩაყვინთვაც მისთვის „სულ სხვა რაღაცაა“, რომელიც აუდიტორიის მუდმივ ინტერესს განაპირობებს. საქართველოში ამგვარი ვედოები არ უკვირთ, რადგანაც მათ კარგად ახსოვთ მიშას „მაიმუნობები“ (კადრები: შიშველი მიხო ბათუმის პლაჟზე, „დაბოლილი“ მიხო პატრიარქის სავარძელში,  მიხო გირებით, მიხო ჰალსტუხს ღეჭს, მიხო თვითმფრინავის საჭესთან, მიხო ვენახში, მიხო ყურძენს წურავს, მიხო ღვინის ფიალით ხელში…).

თუმცა მიხეილ სააკაშვილს უკვე სცენარების არცევა უჭირს: იგი გაწამებულია მის წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო პროცესებით როგორც თბილისში, ასევე კიევში. სასამართლო მას დიდ დროს ართმევს და ნერვებს უწეწავს. და თუ კიეველმა თემიდამ მას მხოლოდ ღამით გარეთ გასვლა აუკრძალა, თბილისში მიხოს უარესი ელოდება – პატიმრობის სამწლიანი სეზონი. თუმცა „ზოგი ჭირი მარგებელიაო“, ნათქვამია: რაც მეტი სკანდალი, მით მეტი დიდება და სახელი. სხვაგვარად მიშას არსებობა ვაითუ დაავიწყდეთ.

«Эхо» (აზერბაიჯანი), 28 იანვარი, 2018 წელი
http://ru.echo.az/?p=66838
სომხეთის „დერეფნული იმედი“ კრახს განიცდის
რატომ შეხვდა სომხეთის ელჩი თბილისის მერს? ალბათ იმიტომ, რომ კახა კალაძეს „ქართულ ოცნებაში“ გავლენა შენარჩუნებული აქვს

ნურანი – ტოფიგა კასიმოვა

(შემოკლებით)

საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობა კვლავ ყურადღების ცენტრშია: სომხეთის რესპუბლიკის ელჩი რუბენ სადოიანი თბილისის მერს შეხვდა, რომლის დროსაც ორი ქვეყნის დედაქალაქების – ერევნისა და თბილისის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, გამოხატეს მზადყოფნა კონტაქტების გაღრმავების მიზნით. რუბენ სადოიანმა კახა კალაძე ერევნის 2800 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ სადღესასწაულო ღონისძიებებზე მიიწვია.

რა თქმა უნდა, ერევნის 2800-წლოვანი იუბილეს თაობაზე ელჩმა რუბენ სადოიანმა ტყუილი იკადრა: ისტორიული ქრონიკები მოწმობენ, რომ ირევნის ციხე-სიმაგრე 1504-1511 წლებშია აშენებული ისმაილ-შაჰისა და მისი სარდლის რევანგულ-ხანის მიერ. სომხები მითებს იგონებენ, რომ ერევნის სომხურობა დაამტკიცონ: ქალაქის გარეუბანში ერთ-ერთ ბორცვზე  ლურსმულდამწერლობიანი ქვა „აღმოაჩინეს“ და გამოაცხადეს – ერევანი ძველი ურარტუს ქალაქია და ჩვენს ერამდე 782 წელს არის დაარსებულიო! რასაკვირველია, სერიოზულ მკვლევარებს ამ თეორიის არ სჯერათ, მაგრამ სომეხი ფალსიფიკატორები არ ჩერდებიან.

კაცმა რომ თქვას, ამ შემთხვევაში მთავარი სულ სხვაა: რუბენ სადოიანისა და კახა კალაძის შეხვედრა მოხდა იმ დროს, როცა საქართველო-სომხეთს შორის არაერთგვაროვანი პროცესები მიდის. კახა კალაძე, რა თქმა უნდა, თბილისის მერია და იგი საგარეოპოლიტიკურ საკითხებს არ წყვეტს, მაგრამ, ცხადია, მას მმართველ „ქართულ ოცნებაში“ გარკვეული გავლენა შენარჩუნებული აქვს. ერევანი კი, შეგახსენებთ, „ქართული ოცნებისაგან“ „სომხური ოცნების“ – „ზემო ლარსის ალტერნატიული გზის“ საკითხთან დაკავშირებით გაგრძელებას ელოდებიან.

ამ დღეებში „ქართულ დერეფნებში სომხური ოცნების“ განხორციელებაზე ლაპარაკი თვით პრემიერ-მინისტრმა კარენ კარაპეტიანმაც დაიწყო: დავოსში ყოფნისას მან ქართველ ჟურნალისტებს ასე განუცხადა – „სომხეთს სურს რომ საქართველოზე გამავალი სატრანზიტო გზა სტაბილური იყოს, რადგან მასზე ქვეყნის ეკონომიკაა დამოკიდებულიო“. თუმცა მან ცხინვალის მიმართულებაზე დასმულ კითხვას ორჭოფულად უპასუხა – „ბუნებრივია, ჩვენ ვთხოვთ მეზობლებს და მეგობრებს, რათა ტვირთების მოძრაობა არ შეფერხდეს და ეს ორივე მხარისთვის კარგი იქნება – როგორც ქართველებისთვის, ასევე სომხებისთვისო“. მოკლედ, კარენ კარაპეტიანმა დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავა.

ექსპერტები ამბობენ, რომ „ზემო ლარსის“ ერთადერთი რეალური ალტერნატივა მხოლოდ ცხინვალის მარშრუტია – „ტრანსკამი“, ანუ ტრანსკავკასიური ავტომაგისტრალი. ამ გზასთან დაკავშირებით კი ბოლო დროს უამრავი მითქმა-მოთქმა და ხმები დადის. სომხები იმედები აქვთ, მაგრამ, როგორც ჩანს, მათი ოცნება სამომავლოდ ვერ განხორციელდება. და ეს თვით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა დაადატურა გაზეთ „კომერსანტის“ ინტერვიუში: „ჩვენ საქართველოს ხელისუფლება თავიდანვე გავაფრთხილეთ, რომ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა არ ეხება დამოუკიდებელი  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისადმი ჩვენი დამოკიდებულების შეცვლას. ეს მათ ხარჯზე არ მოხდება“. ცხადია, ამ პირობებში კომპრომისების მიღწევის შესაძლებლობა ნულის ტოლია.

ამას წინათ სიტუაცია უფრო მეტად გაამწვავა თვითონ რუსეთის მოქმედებამაც: სახელმწიფო სათათბირომ რუსეთ-სამხრეთ ოსეთის 2017 წელს ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რომელიც ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ („ვაი-სახელმწიფოს“) სამხედრო ქვედანაყოფების რუსეთის არმიაში გაერთიანებას ითვალისწინებს. ბუნებრივია, ამის თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეტა სამინისტრომ პროტესტი განაცხადა (…).

განა ასეთ სიტუაციაში სომხეთს რუსეთისაკენ საქართველოზე გავლით სატრასპორტო დერეფნების სწრაფი გახსნის იმედი უნდა ჰქონდეს? საკითხი კვლავ ღიად რჩება, მით უმეტეს, რომ ეს დერეფნები საქართველოს იმდენად არ სჭირდება, რამდენადაც თვითონ სომხეთს. შესწირავს თუ არა თბილისი მეზობლის სურვილებს თავის საკუთარ ეროვნულ ინტერესებს? აი, ეს კითხვა უკვე რიტორიკულია.

——–

შენიშვნა: ამავე თემას ეხება აგრეთვე კიდევ ერთ აზერბაიჯანულ გაზეთ «Каспiй»-ში გამოქვეყნებული სტატია „ვარიანტები არ არის: რუსეთმა სომხეთის თხოვნას ყურადღება არ მიაქცია“ (ავტორი – თამილა ნურიევა). წყარო: http://www.kaspiy.az/news.php?id=75422

Comments are closed