globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 30 იანვარი 2018 წელი

Posted by Globalresearch on Jan 30th, 2018 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ახალი თაობა“, 30 იანვარი, 2018 წელი

ლაშა ჩხარტიშვილი: ხალხმა უნდა დაინახოს, რომ პოლიციელი მის მხარესაა

ადამიანის უფლებათა დამცველი ლაშა ჩხარტიშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმის პროცესზე საუბრობს.

- შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს მომავალში ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს, დასჯადი ქმედებების წრე ფართოვდება, კანონპროექტი უკვე მზად არის. გახარიამ რეფორმების პირობა დადო. ეს ყველაფერი რეფორმებისკენ მიმართული ნაბიჯებია?

- პოლიციელების მხრიდან ადამიანების მიმართ ძალადობის ფაქტები სანამ იქნება, მანამდე მე რეფორმის გატარების სურვილის არ მჯერა. ბოლო ასეთი ფაქტი მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ დაფიქსირდა, როდესაც პატრული მძიმე ფორმებით ცდილობდა მამაკაცის დაკავებას. ამ ფაქტების ამსახველი ვიდეო უკვე გავრცელდა. თუნდაც ის ფაქტი როგორ შეიძლება არ გავიხსენო, როდესაც ნუცუბიძის პლატოზე ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალების ფაქტზე ძიება შეწყდა. ძველი თუ ახალი ძალადობის ფაქტების რიცხვი იზრდება, ცხადია, პოლიციელების მხრიდან ძალადობას ვგულისხმობ. მოძალადე პოლიციელები დაუსჯელები არიან. სანამ ჩვენ არ დავინახავთ დასჯილ პოლიციელებს, მანამდე გახარიას მხრიდან განცხადება იმაზე, რომ რეფორმების გასატარებლად არის მისული, მხოლოდ ლამაზი სიტყვები იქნება და სხვა არაფერი.

- ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა. ეს არ არის საკმარისი, მეტია საჭირო?

- ეს ყველაფერი უფრო ვიზუალური შირმის შექმნის მცდელობა მგონია. რეალური რეფორმაა საჭირო. ერთი პოლიციელი მაინც უნდა დაისაჯოს, რომ ჩვენ ვირწმუნოთ, რომ მართლაც რეფორმების გატარება უნდა ხელისუფლებას, რომ დამნაშავე პოლიციელი დაისაჯა, რომ ის არ დგას რიგით მოქალაქეზე მაღლა, ეს არის აქ მნიშვნელოვანი. ვინმე დაისაჯა პოეტ რატიანის საქმეზე, როდესაც ბევრი დარღვევა იქნა დაფიქსირებული?! ამ შემთხვევაში პიროვნებას სისტემა დაუპირისპირდა.

_ რეფორმის რეალური შედეგი რა უნდა იყოს?

_ რეფორმამ ჯერ ხომ ეს ხალხი უნდა გამოავლინოს და შემდეგ დასაჯოს?! თუ ეს ასე არ მოხდა, რომელ რეფორმაზეა საუბარი?!

_ პირველი რა უნდა გაკეთდეს?

_ დაუსჯელობის სინდრომის დასრულებას ვითხოვთ პირველ რიგში.

_ გახარიამ თქვა, რომ დამნაშავე პოლიციელი დაისჯება...

_ სიტყვები არა _ ქმედებაა საჭირო. პოლიციელებს ეპატიებათ ყველაფერი, როგორც წესი, ციხეში არასოდეს მიდიან პოლიციელები. ჩვენ ვითხოვთ, რომ ყველა პოლიციელი, მათ შორის კრიმინალური პოლიციელი, სამხრე კამერებით იყვნენ აღჭურვილები. საპატრულო პოლიცია კი არის სამხრე კამერებით აღჭურვილი, მაგრამ ყველა მნიშვნელოვანი, საკვანძო მომენტის დროს, ეს კამერები გამორთულია ანუ ჩანაწერი ბუნებაში არ არსებობს. სამხრე კამარების ჩანაწერის წაშლის შემთხვევაში ეს პოლიციელები ციხეში უნდა ხვდებოდნენ.

_ სამხრე კამერით შემთხვევის გადაღება აუცილებელი უნდა გახდეს?

_ რა თქმა უნდა. ახლაც აუცილებელია, მაგრამ შლიან, რომ თავიანთი კანონდარღვევა დაფარონ. ამიტომ ვამბობთ, რომ აუცილებელია, ასეთი მკაცრი იყოს მიდგომა: თუ არ ექნებათ ჩანაწერი, მაშინ ციხეში უნდა წავიდნენ, რადგან ისინი დანაშაულს ფარავენ, რომელიც მათ ჩაიდინეს სავარაუდოდ.

რა თქმა უნდა, კარგი და ღირსეული პოლიციელებიც არიან სისტემაში, მაგრამ წარმატებულები არიან დამნაშავე პოლიციელები, ეს არის მიუღებელი და სრულიად დაუშვებელი. წარმატებული და წახალისებული სწორედ ის კარგი პოლიციელი უნდა იყოს, რომელიც მოქალაქეზე ზრუნავს და რომელიც თავის მოვალეობას მაღალ დონეზე ასრულებს.

ასევე, არ შეიძლება ის ფაქტი, რომელიც რუსთავში ვიხილეთ, მისაღები იყოს. ვგულისხმობ გენერლის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ და შემდეგ განთავისუფლებულ პირს, რომელსაც რამდენიმე საათის მანძილზე ჰკითხავდნენ, მაგრამ შემდეგ გაათავისუფლეს ბრალდების გარეშე.

_ თუ მტკიცებულებები არ აქვთ, რა უნდა ქნან.

_ მაშინ რის საფუძველზე იყო ამდენი ხანი დაკავებული?! ესეც ლეგიტიმური კითხვაა. გამოდის, რომ არაპროფესიონალები არიან.

_ ალბათ ძალიან ხშირად უნდა მოხდეს პატრულის, მთლიანად პოლიციის ტრენინგები, გადამზადება...

_ რა თქმა უნდა. მართლაც ამოსავალი პრინციპი უნდა იყოს პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება. პოლიციაში ადამიანების შერჩევისა და დაწინაურების მთავარი პრინციპი არა მონური ერთგულება, არამედ მაღალი დონის პროფესიონალიზმი უნდა იყოს. კანონის ერთგულება უნდა იყოს ამოსავალი და არა, როგორც სააკაშვილის დროს იყო, ბატონის ერთგულება. რეალური ცვლილებების ერთ-ერთი წინაპირობა არის ასევე გამჭვირვალობა. სისტემის გამჭვირვალობის მიმართულებით თუ ნაბიჯები არ გადაიდგა, მაშინ ამ პრობლემებს არაფერი ეშველება.

ჩვენ ასევე ვითხოვთ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას, რომელიც მთელ მსოფლიოში არის. სწორედ ამ გზით უნდა მოხდეს პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე განხორციელებული ძალადობის გამოძიება და მას თავად პოლიცია არ უნდა იძიებდეს ან თუნდაც პროკურატურა. ინტერესთა კონფლიქტი და სხვა ფაქტები მოდის ამ დროს წინა პლანზე.

_ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებითაც მინდა გკითხოთ. კრიმინალთან ბრძოლა ერთგვარი გამოწვევააო, განაცხადა დეპუტატმა სესიაშვილმა. ამ მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრება მნიშვნელოვანი ნაბიჯია?

_ ქურდული სამყარო, რა თქმა უნდა, ისეთივე მიუღებელია, როგორც მოძალადე პოლიციელია მიუღებელი. აქ შეუძლებელია ორი აზრი ჰქონდეს ადამიანს, მაგრამ კონკრეტული ანალიზი და განხილვაა საჭირო. რასაკვირველია, ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და გამკაცრება მისასალმებელია.

ახალი თაობა“, 30 იანვარი, 2018 წელი

მარიხუანაც სერიოზულად მოქმედებს ადამიანზე. ადვოკატი ვარ და მაგის მეტი რა მინახავს?!“ //ლალი აფციაური: ნარკოტიკების თავისუფლად მოხმარების წინააღმდეგი ვარ

ბოლო დროს გახშირდა არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტები. „ახალი თაობის“ კითხვებს უფლებადამცველი ლალი აფციაური პასუხობს.

- ქალბატონო ლალი, ქალაქში არსებობს 14 წლის მოზარდებისგან შემდგარი ჯგუფები, რომლებიც ძარცვავენ მაღაზიებს, აფთიაქებს, ოფისებს. ბოლო პერიოდში 50-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. კანონი მოზარდებს არ სჯის და ვინ შეიძლება იდგეს ამ ბავშვების უკან?

- არ არის გამორიცხული, რომ სრულწლოვანი, რომელსაც თავად სასჯელის ეშინია, ბავშვებს იყენებდეს საამისოდ. თუმცა, კონკრეტული დაკავების შემთხვევაში, არის გარკვეული მსუბუქი სასჯელები არასრულწლოვნებთან დაკავშირებით. მაგრამ მთავარი ეს კი არ არის, როგორ დავსაჯოთ?! ან როგორ მოვახვედროთ ციხეში. მთავარი ის არის, რომ სახელმწიფომ იზრუნოს, როგორ არ მოხვდნენ ეს ბავშვები ქუჩაში და როგორ არ ჩაიდინონ დანაშაული.

- ამისთვის რა არის საჭირო?

- სოციალური სამსახურების მიერ, რომლებიც აღრიცხავენ ქუჩაში გამოსულ ე.წ. უპატრონო ბავშვებს, უნდა განხორციელდეს ამ ბავშვებზე ზედამხედველობა და მიიღონ ის ზომები, რაც ცივილურ სამყაროშია მიღებული.

- ამ კუთხით სახელმწიფო არაფერს აკეთებს?

- რამე რომ კეთდებოდეს, ამდენი მაწანწალა ბავშვი ქუჩაში არ იქნებოდა. ყოველდღიურად ვხედავ ქუჩაში სამათხოვროდ გამოსული ბავშვების საკმაოდ დიდ რაოდენობას. სახელმწიფომ უნდა აიღოს მათზე მზრუნველობა.

- კანონში თუ შეიძლება რაიმე ცვლილების შეტანა?

- არა, ამ კუთხით ვერაფერი შეიცვლება. ვინ შეიძლება მომხრე გახდეს იმისა, რომ კანონში რაიმე ცვლილება შევიდეს გამკაცრების კუთხით? გამკაცრებაზე ფიქრს ურჩევნიათ, სხვა თემაზე იმუშაონ და ყურადღება მიაქციონ ამ ბავშვებს. ან მათ დასაქმებაზე იზრუნონ, ან სწავლაზე. გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება თუკი ამას მოინდომებენ.

- ზოგადად კრიმინოგენური ფონის გაუარესების შესახებ რას იტყვით? ოპოზიციისგან გვესმის შეფასებები, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა. რას იტყვით თქვენ?

- დანაშაული ნებისმიერ სახელმწიფოში ხდება და იმაზე უარესიც, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ოპოზიცია რომ ამბობს იმატა, რასთან აკეთებს შედარებას?! სწორედ მათი განცხადებები მაღიზიანებს. როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, თუ იმ დროს ადარებენ, იმ პერიოდთან შედარებით იმატა?! იმ დროს 300 ათასი პრობაციონერი გვყავდა და 40 ათასი პატიმარი. როგორ იმატა და სად იმატა?! მათი მმართველობის პერიოდში მსგავსი ტიპის დანაშაულებები არ შუქდებოდა. ნაკლებად მიუწვდებოდა ჟურნალისტს ხელი მსგავს ინფორმაციაზე. დღეს ყველაფერზე ხელი მიგიწვდებათ და ყველაფერი შუქდება. უნდა გაშუქდეს, ეს ძალიან კარგია, რომ შუქდება. უბრალოდ, გამაღიზიანებელი ის არის, ამაზე ვინ ლაპარაკობს. მათ დროს ხომ, რას ამბობ, ქვეყანაში დანაშაული საერთოდ არ ხდებოდა!

- რისი თქმა გინდათ, რომ დღეს მეტად შუქდება და ამიტომ ჩანს, რომ იმატა? დანაშაული რომ ყოველდღე ხდება?

- გეთანხმებით, სამწუხაროდ, ნამდვილად არ არის სასურველი მდგომარეობა. ძირითადად ეს ყაჩაღობები, ქურდობები სოციალური ფონიდან არის გამომდინარე. მე თუ ელემენტარული პირობები მაქვს, რომ ჩემი ოჯახის წევრებს საარსებო წყარო მივაწოდო, მაშინ რატომ მოვიპარავ?! სოციალური მდგომარეობა არის უმძიმესი, კაბინეტებიდან ძნელია ამის დანახვა, მაგრამ ჩვენ, ვისაც გვიწევს ყოველდღიურ რეჟიმში მოქალაქეებთან შეხვედრა და გადაადგილება რეგიონებში, კარგად ვხედავთ, რომ ქვეყანაში სოციალური ფონი უმძიმესია!

- ბოლო პერიოდია, სერიოზული მსჯელობის საგნად იქცა ჩვენი ქვეყნის ნარკოპოლიტიკა. საზოგადოების ერთი ნაწილი აქტიურად მოითხოვს მის ლიბერალიზაციას. ამ კუთხით როგორია თქვენი შეფასებები?

- მიუხედავად იმისა, რომ წლებია, გავყვირი, რომ კანონი ამ კუთხით არის მკაცრი და ბევრი რამ არის შესაცვლელი, არც ასეთი ლიბერალიზაციის მომხრე ვარ. თუმცა მანამდე ვიტყვი იმასაც, რომ კანონი არის აბსოლუტურად შეუსაბამო გაეროს კონვენციებთან.

რომ გადაშლით კანონს, იქ პირდაპირ წერია, რომ საქართველოს კანონმდებლობა ნარკოპოლიტიკის კუთხით ეფუძნება გაეროს კონვენციებს. არის ორი კონვენცია: ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ და ნარკოტიკული ნივთიერებების შესახებ. ცალ-ცალკე ორი დამოუკიდებელი კონვენციაა. საქართველოს კანონმდებლობაში კი ეს კონვენციები გადმოტანილია ისე, რომ მისი წაკითხვის სურვილიც არ გაგიჩნდებათ.

- რას გულისხმობთ?

- ფსიქოტროპული ნივთიერებები, თუნდაც იგივე ბუპრენორფინი, რაზეც ამხელა ხმაური ატყდა, ბახალას საქმეს ვგულისხმობ, არის ფსიქოტროპულ ნივთიერებათა სიაში, გაეროს 1971 წლის კონვენციაში. ამის ნარკოტიკებში გადმოტანის უფლება არავის აქვს! იმდენად მარტივ ენაზე წერია ორივე კონვენციაში ყველაფერი, რომ არ სჭირდება ამას იურისტობა და ღრმა კვალიფიკაცია. ამათ კი ამოღებული აქვთ ფსიქოტროპული ნივთიერებების სიიდან და გადმოგდებული აქვთ ნარკოტიკების სიაში. ამის გაკეთების უფლება არავის აქვს.

ექსპერტები პირდაპირ დანაშაულს სჩადიან, რომლებიც წერენ საექსპერტო დასკვნაში, რომ ბუპრენორფინი არის ნარკოტიკი! ექსპერტებს არა აქვთ ამის უფლება. მათ შეუძლიათ ჩაწერონ დასკვნაში, რომ ეს არის ნივთიერება ბუპრენორფინი, ხოლო სამართლებრივი შეფასება მისცეს ბრალდების მხარემ და სასამართლომ. ნარკოპოლიტიკას რომ გაჰყვირიან, ჯერ იმაზე იფიქრონ, რომ კანონში დაშვებული ხარვეზები გაასწორონ.

- ზოგადად რამდენად მკაცრია სასჯელი?

- სასჯელი მკაცრია. მე ამ შემთხვევაში არ ვლაპარაკობ გამსაღებლების ნაწილში, სადაც დადასტურებულია, რომ ახდენენ რეალიზაციას. აქ მკაცრი უნდა იყოს. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, დაიშვას თავისუფლად მოხმარება, ისე, როგორც ამას აქტივისტები გაჰყვირიან.

- არც მარიხუანის?

- არც მისი. მარიხუანაც საკმაოდ სერიოზულად მოქმედებს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. მე ადვოკატი ვარ და მაგის მეტი რა მინახავს?! მინახავს ადამიანები, რომლებიც წლები ეწეოდნენ ამ მარიხუანას და მძიმე შედეგები ჰქონდათ. ამის ასე დაშვება, ასე თავისუფლად მიშვება ნიშნავს იმას, რომ გენოფონდი გავანადგუროთ! თუ ეს დაუშვეს, ნახავთ, რა მწარე შედეგები იქნება.

- ანუ ლიბერალიზაცია მოხმარებას არ შეამცირებს?

- სად შემცირდა ნარკოტიკების მოხმარება ამის დაშვებით, რომელი ქვეყნის სტატისტიკა ნახეს?! დადონ დოკუმენტები. ეს რომ კარგი იყოს და ეს რომ არ მოქმედებდეს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, თავიდანვე არ იქნებოდა შეზღუდვები და აკრძალვები. ეს გაეროს კონვენციებში და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დასკვნაშია ასახული. ძალიან ცუდი პროპაგანდა მიმდინარეობს, საქმე ისე მიდის, რომ, მე მგონი, ვენახს აჩეხავენ და პლანს დათესავენ, აი, ასეთი მდგომარეობა გვაქვს. კატეგორიულად დაუშვებელია ამის ასე გამარტივება. ხშირად ვფიქრობ, რომ გამოდის ეს 200-300 კაცი, ვინც ამის მომხრეა, კარგია თუ ამის მეტი მომხრე არ ჰყავს. ერთი ჩვენც გავიდეთ და ვთქვათ ჩვენი სიტყვა, ვინც ამას ვეწინააღმდეგებით და ვინც მომავალ თაობაზე ვფიქრობთ. ასეთები გაცილებით მეტნი ვართ. გავიდეთ და ჩვენც შევიკრიბოთ. რა, ამ 300 კაცის მოთხოვნით უნდა გადაწყდეს ეს საკითხი?! თუნდაც 3 ათასნი იყვნენ, საკითხი, რომელიც არაერთი ჩვენი ახალგაზრდის ცენტრალურ ნერვულ სისტემას დაანგრევს?! და ეს უნდა გახდეს თავისუფალი?! ასე მარტივად არ არის საქმე, მაგათ რომ ჰგონიათ!

ახალი თაობა“, 30 იანვარი, 2018 წელი

ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში კარგი იქნება, მაგრამ არა - პრეზიდენტის ამპლუაში“ // ბიძინა გუჯაბიძე: ქართული ოცნების ერთ-ერთი შეცდომა პრემია-დანამატებში გამოვლენილი მადაა

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე `ახალი თაობა~ ესაუბრა ყოფილ დეპუტატს კონსერვატიული პარტიიდან ბიძინა გუჯაბიძეს.

- თქვენი აზრით, რამ განაპირობა ინფორმაციის გავრცელება ბიძინა ივანიშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვასთან დაკავშირებით? მმართველ პარტიას ცუდად აქვს საქმე?

_ საქართველოში, როგორც წესი, პოლიტიკიდან არავინ მიდის. ყოფილი აქტიური პოლიტიკოსები გარკვეული დოზით, აზრის გამოთქმის დონეზე ჩართული არიან ხოლმე პროცესებში. ბიძინა ივანიშვილს თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ პრემიერად ცოტა ხანს დარჩებოდა, შემდეგ გადადგებოდა და სამოქალაქო სექტორიდან გააკონტროლებდა ხელისუფლებას. იგი ამ ამოცანას ასრულებს. კარგი იქნებოდა, რომ ის აქტიურ პოლიტიკაში დარჩენილიყო. თავიდანვე მიმაჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილი არ უნდა წასულიყო. არ ვიტყოდი, რომ მმართველ პარტიას ცუდად აქვს საქმე, თუმცა, გარკვეული შეცდომები ხელისუფლებამ დაუშვა. პრეზიდენტის ამპლუაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება გამართლებულად არ მიმაჩნია.

_ პრეზიდენტის უუფლებობის გამო?

_ პრეზიდენტს უფლებები უფრო შეეკვეცა. მას ხელისუფლების შტოებს შორის მედიატორის სიმბოლური ფუნქცია აქვს. ასეთ პოსტზე ბიძინა ივანიშვილი მოვლენებზე რადიკალურ გავლენას ვერ მოახდენს.

- არსებობს მოსაზრება, რომ ჯობია, ის პრემიერად დაბრუნდეს...

- ეს იქნებოდა საუკეთესო გამოსავალი. ბუნებრივია, ეს საკითხი პირადად მისი გადასაწყვეტია.

- ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები თქვენც ახსენეთ. ქართული ოცნების რეიტინგი სულ უფრო ეცემა...

- განზრახ ამ ხელისუფლებას არაფერი დაუშავებია. ზოგ შემთხვევაში გამოუცდელობამ იჩინა თავი. შეცდომები იქნა დაშვებული საკადრო საკითხებში. აქ საკადრო დეფიციტის პრობლემაც დგას. სააკაშვილმა მიიზიდა კვალიფიციური სპეციალისტები. სააკაშვილის გარემოცვაში ყოფნამ მათ ავტორიტეტი გაუფუჭა. კვალიფიციური, გამოცდილი და წესიერი ადამიანების მოზიდვა „ქართულ ოცნებას“ ამა თუ იმ რგოლში გაუჭირდა. კიდევ ერთი შეცდომა პრემია-დანამატებში გამოვლენილი მადაა. წინა წლებში მოხელეებმა გადაჭარბებით აიღეს პრემია-დანამატები.

_ ეს პრაქტიკა ისევ გრძელდება...

_ მე ვსაუბრობ წინა წლებზე. დღევანდელი მონაცემები არ გამაჩნია.

_ პარლამენტის ახალმა სახეებმა ვერ შეცვალეს ვერაფერი?

_ საერთოდ, პარლამენტის თანამდებობის პირს, მით უმეტეს, რიგით დეპუტატს, ძალიან უჭირს რაიმე გარდატეხის შეტანა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. ახალი სახეები აქტიურები არიან. შესაძლოა, მათ თავიანთ სფეროში რაიმე პოზიტიური ცვლილება მოახდინეს. ჩემი გამოცდილებით ვიცი, რომ ეფექტიანი მუშაობისათვის აუცილებელია პარლამენტისა და მთავრობის შეთანხმებული მუშაობა. წინა მოწვევის პარლამენტში და შემდგომაც, პრეზიდენტის მოქმედებები ხშირად სცილდებოდა პრაგმატულობის ჩარჩოებს. იგი ჯიბრში უდგებოდა პარლამენტს და ამის გამო ადებდა ვეტოს კანონებს.

_ პრეზიდენტის ბოლო ვეტო საზოგადოებრივ მაუწყებელს ეხება. საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის რეკლამის გაფართოების უფლებას საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილიც არ ეთანხმება...

_ ეს არ ნიშნავს, რომ უმრავლესობაში განხეთქილებაა. საერთოდ, კანონების შესახებ აზრთა სხვადასხვაობა, კამათი პროცესს მხოლოდ წაადგება. დეპუტატების ნაწილის მოსაზრება თუ დაემთხვა პრეზიდენტის შეფასებებს, ეს განხეთქილებას არ მოასწავებს. დემოკრატია სწორედ გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღებას გულისხმობს.

_ დაბოლოს, ოპოზიციური ძალებიდან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ დავით უსუფაშვილი, ნინო ბურჯანაძე, შალვა ნათელაშვილი. კენჭს იყრის ასევე გიორგი მარგველაშვილი...

_ დარწმუნებული ვარ, გამარჯვება მმართველი ძალის კანდიდატს დარჩება. ეს პოლიტიკოსები საპრეზიდენტო არჩევნებს გამოიყენებენ პოლიტიკური აქტიურობისთვის. შალვა ნათელაშვილი იხვეწება, ერთხელ მაინც მენდეთ და მართვის საჭე მანდეთო, მაგრამ ის ხომ ვერ გახდება პრეზიდენტი! ის ბოლო წლებში რუსთავი 2-სა და ნაციონალებს შეეკრა. დარწმუნებული ვარ, სხვა ოპოზიციონერი კანდიდატები არჩევნებზე მასზე კარგ შედეგს აჩვენებენ. მმართველი პარტიის კანდიდატისთვის წონიანი კანდიდატების ჩართვა საარჩევნო რბოლაში სასარგებლოა. კონკურენცია კარგია ქვეყნისთვის.

ახალი თაობა“, 30 იანვარი, 2018 წელი

მამუკა ბახტაძე თუ გიორგი გახარია - ვის სასარგებლოდ გააკეთებს ივანიშვილი არჩევანს // ლადო სადღობელაშვილი: პრემიერობაზე კონკურსია გამოცხადებული

რა ცვლილებები იგეგმება მთავრობაში, რა გავლენას იქონიებს საკადრო ცვლილებებზე უტა ივანიშვილთან მეგობრობა, უშლიან თუ არა ხელს მუშაობაში? _ ამის შესახებ „ახალ თაობას“ ქართული მარშის ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება.

ლადო სადღობელაშვილი:

- „ქართულ ოცნებაში“ დიდი საკადრო ცვლილებების მოლოდინში არიან. ყურადღების გადატანის მიზნით საპრეზიდენტო კანდიდატზეც დაიწყეს საუბარი. ზოგიერთმა დეპუტატმა მოითხოვა, რომ ამ თანამდებობას ყველაზე მეტად ივანიშვილი შეეფერება. ივანიშვილის გარდა, „ოცნების“ ნებისმიერ კანდიდატს გაუჭირდება არჩევნების მოგება, მაგრამ ის ამაზე არ წავა. მას ახლა სხვა პრობლემა აქვს გადასაჭრელი – გიორგი კვირიკაშვილის შემცვლელია მოსაძებნი.

- პრეზინდეტობის კანდიდატი უკვე მოძებნა?

- როგორც მე „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული წყარო მეუბნება, ამ თანამდებობისთვის ისევ ქალს ეძებენ. ყველაზე აქტიურად სალომე ზურაბიშვილის და თეა წულუკიანის კანდიდატურები განიხილება. საბოლოო გადაწყვეტილებას ყოფილი პრემიერი მიიღებს. ვინ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი, ეს იმაზეა დამოკიდებული, რომელ ფეხზე ადგება ივანიშვილი.

- პრემიერის კანდიდატურის შერჩევაც იმაზეა დამოკიდებული, რომელ ფეხზე ადგება ყოფილი პრემიერი?

- აქ ცოტა უფრო რთულად არის საქმე. ივანიშვილმა რამდენიმე პიროვნებას მისცა გამოსაცდელი ვადა. შესაძლოა, ეს სია კიდევ უფრო ვრცელია, მაგრამ მე ორ ადამიანზე მაქვს ინფორმაცია. ბიძინა ივანიშვილი ორ პიროვნებას აკვირდება. ესენი არიან ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე და შს მინისტრი გიორგი გახარია. მის უკან რაღაც დოზით რუსული ლობი დგას, მამუკა ბახტაძე კი ყოფილი პრემიერის ვაჟის – უტა ივანიშვილის – ახლო მეგობარია.

- თქვენი აზრით, რომელს უფრო მეტი შანსი აქვს?

- იმას, რომელიც უფრო კარგ შედეგს დადებს. შედეგების თვალსაზრისით გახარია ვერ არის კარგ ფორმაში. მისი გამინისტრების შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა.

- ვითარება მანამდე იყო გაუარესებული, სანამ ის შს მინისტრად დაინიშნებოდა...

- გეთანხმებით, მაგრამ მისი მოსვლის შემდეგ შსს-მ ძალიან აურია.

- ძალიან არევაში რას გულისხმობთ?

- ძალიან არევას. ხალხს გიორგი მღებრიშვილიც კი მოენატრა. უკანასკნელ ხანებში ნარკოტიკების ჩადებამ მასობრივი ხასიათი მიიღო. რაც მთავარია, შსს არანაირ ზომებს არ ღებულობს ბარიგების დასაკავებლად.

- გახარიას მოსვლის შემდეგ შსს-მ არაერთი სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის დროსაც არაერთი ნარკომოვაჭრე დააკავეს...

- ისინი არ ყოფილან მსხვილი მოვაჭრეები. ისინი მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ ხალხს თვალები აუხვიონ. უკვე 2 თვეზე მეტია, ქართული მარში საჯაროდ და ღიად მიუთითებს შსს-ს იმ ადგილებზე, სადაც ღიად მიდის ნარკოტიკებით ვაჭრობა. მთელმა საქართველომ იცის, რომ თბილისში არის რამდენიმე ღამის კლუბი, სადაც ჩვეულებრივი ნარკოტიკების ბაზრობებია გახსნილი.

- ნარკოტიკების ბაზრობა რას ნიშნავს?

- შედიხარ კლუბში და ეგრევე გთავაზობენ სხვადასხვა სახის ნარკოტიკებს. თუ ნარკოტიკების შეძენაზე უარს იტყვი, დაკავებულ ადგილს ეგრევე გათავისუფლებინებენ.

ჩემი ორი მეგობარი შეყვარებულებთან ერთად იმ ცნობილ ღამის კლუბში წავიდნენ. იქ ასეთი წესია, რბილ სავარძლებში თუ გინდა დაჯდომა, რაღაც თანხა უნდა გადაიხადო. ამათ იყიდეს ეს ადგილები. სასმელზეც მისცეს შეკვეთა. ამ დროს მათთან მივიდა ვიღაც ტიპი და სხვადასხვა სახის ნარკოტიკები შესთავაზა. ამათ უარი უთხრეს და განუმარტეს, რომ კლუბში მხოლოდ მუსიკის მოსასმენად იყვნენ შესულები. 15 წუთში მათთან მივიდა კლუბის დაცვა და რბილი სავარძლები დაატოვებინა. აქ ასეთი წესი ყოფილა – როცა რბილ ადგილებს იკავებ, „ვინუჟდენი“ ხარ, ნარკოტიკები შეიძინო. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვაგან უნდა გადაჯდე, ან კლუბი დატოვო.

- კლუბური ნარკოტიკი შესთავაზეს?

- არა მარტო კლუბური. შეთავაზებაში მძიმე ნარკოტიკებიც იყო. იმაში ვერავინ დამარწმუნებს, რომ შსს-მ ამის შესახებ არაფერი იცის. ძალიან კარგად იციან და ცოტა ხნის წინ იქ სპეცოპერაციაც უნდა ჩაეტარებინათ, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრეს. ჩემი ახლობელი მუშაობს შსს-ში და მისგან ვიცი ეს ამბავი. იმ ღამის კლუბში, რომლის შესახებაც ზემოთ გესაუბრეთ, ბარიგების ასაყვანად სპეცრაზმიც კი იყო გამოძახებული. ორ მარშრუტკაში მყოფი სპეცრაზმელები კლუბთან იდგნენ და ნიშანს ელოდნენ. ამ დროს დარეკეს, რომ სპეცოპერაცია აღარ ტარდებოდა და სპეცრაზმი დისლოკაციის ადგილზე დააბრუნეს.

- ვისგან იყო ზარი?

- ვინ დარეკავდა? ცხადია, ზარი განხორციელდა ზემოდან, იმისგან, ვისაც დაგეგმილი სპეცოპერაციის შეჩერება შეუძლია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ღამის კლუბებს ვიღაც მფარველობს. ან ეს კლუბები ისეთ პირებს ეკუთვნის, ვისაც ვერაფერს უბედავენ.

შს მინისტრი თუ ნარკომოვაჭრეებს ებრძვის, მაშინ ამ ღამის კლუბებშიც ჩაატაროს სპეცოპერაცია.

- სპეცოპერაციის ჩასატარებლად ოპერატიული ინფორმაციაა საჭირო...

- მერე მოიპოვონ ეს ინფორმაცია. მე ვასწავლო, როგორ კეთდება ეს? შეგზავნონ აგენტი, რომელსაც კამერა ექნება დამაგრებული. იქ ისე აშკარად მიდის ნარკოტიკების გაყიდვა, აგენტი ძალიან ბევრ ინფორმაციას გამოიტანს. მთელი თბილისი იმაზე ლაპარაკობს, რომ აქ ნარკოტიკები იყიდება და შსს ამ ინფორმაციას არც კი ამოწმებს.

- თქვენ რა იცით, რომ ინფორმაცია გადამოწმებული არ არის?

- გადამოწმებული რომ იყოს, სპეცოპერაცია ჩატარებული იქნებოდა. მართლა ვერ ვხვდები, რატომ ეშინია სახელმწიფოს ბარიგების.

- საიდან ჩანს, რომ სახელმწიფოს ბარიგების ეშინია?

- რამდენიმე დღის წინ ბარიგებმა პარლამენტთან აქცია გამართეს. სამართალდამცავები მათ ახლოსაც კი არ მისულან. სხვა აქციებზე ხომ ხედავთ ხოლმე, რა დღეშია პოლიცია. აშკარაა, რომ ბარიგებს შსს-შიც ვიღაც მფარველობს. იმედს ვიტოვებ, რომ გახარია კეთილს ინებებს და რაღაც ზომებს მიმართავს. წინააღმდეგ შემთხვევაში გვექნება ლეგიტიმური ეჭვი, რომ შს მინისტრი შეგნებულად არიდებს თავს ბარიგებთან ბრძოლას.

ქართული მარში ამ მიმართულებით ძალიან ვაქტიურობდით _ მე, სანდრო ბრეგაძე, კორკოტა ათას მიმართვას ვავრცელებდით სოციალურ ქსელებში, მაგრამ შსს-ს ყურადღება ვერ მივაპყარით საეჭვო ობიექტებისკენ. იმის მაგივრად, რომ დამნაშავეებს მიხედონ, ჩვენ გამოგვიგზავნეს ხალხი და რაღაცები შემოგვითვალეს.

- ვინ გამოგიგზავნათ ხალხი?

- შსს-მ.

- საიდან იცით, რომ შსს-მ გამოაგზავნა ხალხი?

- მათი საუბრებიდან ეს აშკარად ჩანდა.

- ამ ხალხის ვინაობას არ დაასახელებთ?

- ვინაობას არ დავასახელებ, ისინი ჩვენი მეგობრებიც არიან და შს მინისტრისაც.

- რას ითხოვდნენ თქვენგან?

- გვთხოვეს, რომ გახარიას თავი დავანებოთ. როცა ვკითხეთ, რატომ უნდა დავანებოთ თავი, გვითხრეს, დღე-დღეზე პრემიერი უნდა გახდესო. იმის მაგივრად, რომ კრიმინალებს ებრძოლოს, ტიპი თურმე პრემიერობისთვის ემზადება. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ეს ადამიანი დარწმუნებულია, რომ გაზაფხულზე პრემიერად მოგვევლინება. იგივე ამბიციები აქვს მამუკა ბახტაძესაც. პრემიერობისთვის ბრძოლაში მან უკვე სერიოზული ნაბიჯებიც გადადგა. შსს-ს რეკლამირება დაიწყო და იმაზე გვესაუბრება, რამდენი დანაშაული გახსნა.

- ამაში ცუდს რას ხედავთ?

- იმას, რომ ეს არ არის სარეკლამო საგანი. დანაშაულის გახსნა შსს-ს პირდაპირი მოვალეობაა. ამ გახსნილი დანაშაულებით რომ იწონებს თავს, იმაზე რატომ არ საუბრობს, რამდენი დანაშაული არ გაიხსნა. ან არ რცხვენია, ახალგაზრდა კაცია და ლავრენტი ბერია მოსწონს.

- რაში გამოიხატება, რომ ბერია მოსწონს?

- თავად ამბობს, რომ ბერია მოსწონს. გაიძახის, ბერია ვარო. იმის მაგივრად, რომ კრიმინალს ებრძოლოს, გაათავხედა პოლიცია.

- პოლიციის გათავხედება რაში გამოიხატება? ეს წლები სულ იმას ამბობენ, ასეთი დაჩმორებული პოლიცია არ გვყოლიაო...

- მაგას ნაციონალები ამბობდნენ. გახარიას მოსვლამდე პოლიციის როლი დაკნინებული იყო. ამ კაცმა კი პოლიციას თავხედობის უფლება მისცა, ხან ვის უსწორდებიან ფიზიკურად, ხან ვის. ესეც არ იკმარა და თანამდებობებზე ნაციონალები დასვა.

- ამის გამო გახარიას გაკრიტიკება უხერხულია - ნახევარი ხელისუფლება სულ ნაციონალებით არის დაკომპლექტებული...

- მერე ეს კარგია? ამაზე ვიბრძვით მთელი ეს წლები, მაგრამ ვერაფერს მივაღწიეთ. არ მესმის იმ ხალხის, ვინც გახარიასგან წესრიგის დამყარებას ელოდება. ტიპი თანამდებობაზე ფაქტიურად ჰაერიდან დაინიშნა. მას წარმოდგენაც კი არა აქვს, რა არის შსს და ახლა პრემიერობაც მოინდომა. ასეთი გამოუცდელი ხალხი თანამდებობებზე არ უნდა დაინიშნოს.

- გამოცდილება არც ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა, მაგრამ ის ჯერ შს მინისტრად დაინიშნა, შემდეგ - მთავრობის მეთაურად...

- ღარიბაშვილის შემთხვევა სულ სხვანაირი იყო. მას გამოცდილება არ ჰქონდა, მაგრამ გარშემო გამოცდილი ხალხი ჰყავდა. მათ შორის მისი სიმამრი. გახარიამ კი რა ქნა – შსს ნაციონალებით აავსო.

- საქმეში ჩახედული ხალხი ამბობს, რომ შსს ისედაც სავსე იყო ნაციონალებით...

- ამან კიდევ დაამატა და არ გამიკვირდება, ერთ დღეს ვანო მერაბიშვილს თუ დანიშნავს თავის მრჩევლად. ძალიან მაინტერესებს, როგორ იპოვა ივანიშვილმა ეს კაცი. მისი წარსული, ცოტა არ იყოს, მაფიქრებს. მან რუსეთში იშოვა სერიოზული ფული. იქ ეფესბესთან თუ არ ხარ შეკრული, ფულს ვერ იშოვი.

- ბევრ ქართველს აქვს რუსეთში ფული ნაშოვნი, მათ შორის ივანიშვილსაც...

- გასაგებია. რუსეთი ისეთი ქვეყანაა, რომ თუ სპეცსამსახურები არ გკრიშავენ, ფულს ვერ იშოვი. ყოფილიყო ეს გახარია ისევ ეკონომიკის მინისტრი ან ბიზნესომბუდსმენი. შს მინისტრად მისი მოყვანა შეცდომა იყო. მისი გაპრემიერება მთლად კატასტროფა იქნება. ჯერ ახლა რა დღეშია და მერე რას იზამს.

Comments are closed