globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 30 ოქტომბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Oct 30th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი): „პორტირებული კოორდინატორები“ // საქართველოში გამართული არჩევნების მთავარი შედეგი – თბილისის მერის დამოუკიდებელი კანდიდატის დამარცხება მისი გამარჯვების ტოლფასია

«Огонек» (რუსეთი): „წარჩინებულნი: კახაბერ კალაძემ თბილისის მერის არჩევნები წმინდად მოიგო“

«Day» (აზერბაიჯანი): ვინ და როგორ უშლიდა ხელს აზერბაიჯანის ტრიუმფს // ორიოდე სიტყვა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის არაკეთილმსურველებსა და უიღბლოებზე
«Каспiй» (აზერბაიჯანი): „პროცესი დაიწყო: ბაქო-თბილისი-ყარსი ევროპასა და აზიას შეაერთებს“
«ТВ Первый канал» (რუსეთი): მიხეილ სააკაშვილი და მისი მომხრეები პეტრო პოროშენკოს ანგარიშსწორებით ემუქრებიან. რით უპასუხებს უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს ექს-პრეზიდენტს?

«КоммерсантЪ» (რუსეთი): მიხეილ სააკაშვილს ციხის კომფორტული საკანი ელოდება; თბილისი ექს-პრეზიდენტის მისაღებას ემზადება

«The Washington Post» (აშშ): უკრაინას იგი არ უნდა, საქართველოს კი მისი დაპატიმრება სურს. მიხეილ სააკაშვილი სიტუაციას ამწვავებს

——————–

«Независимая газета» (რუსეთი), 30 ოქტომბერი, 2017 წელი

http://www.ng.ru/courier/2017-10-30/11_7105_georgia.html

„პორტირებული კოორდინატორები“

საქართველოში გამართული არჩევნების მთავარი შედეგი – თბილისის მერის დამოუკიდებელი კანდიდატის დამარცხება მისი გამარჯვების ტოლფასია

სტატიაში საუბარია საქართველოში ჩატარებული მუნიციპალურ (ადგილობრივი თვითმმართველობის) ორგანოთა არჩევნების მიმდინარეობა და შედეგები, მოცემულია ცალკეული პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების პერსპექტივა 2018 წლის საპრეზიდენტო და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის (ავტორი – გია ფაცურია, ა/ო საქართველოს კონსტიტუციის დამცველი კავშირის თავმჯდომარე).

პუბლიკაციაში, რომლის ავტორი თვითონ იყო დამკვირვებლის როლში, ყურადღება განსაკუთრებით აქვს დათმობილი დამოუკიდებელ კანდიდატ ალექსანდრე ელისაშვილს (თბილისის მერის თანამდებობაზე), რომელმაც, პოლიტიკური პარტიის არქონის პირობებში, შეძლო და მეორე ადგილი დაიკავა, ანუ უკან ჩამოიტოვა მთავარი ოპოზიციური პარტიის – „ერთიანი ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები. „დანარჩენების, მათ შორის პარლამენტის ექს-სპიკერების ნინო ბურჯანაძისა და დავით უსუფაშვილის პარტიების წარმომადგენლებმა ისეთი შედეგები აჩვენეს, რომ ალბათ, მათ თვითონვე რცხვენიათ“, – წერს ავტორი.

სტატიაში გადმოცემულია ფრაგმენტი ალექსანდრე ელისაშვილის ბიოგრაფიიდან, როცა მან, ახალგაზრდა ჟურნალისტმა, რომელიც საქართველო-რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში რეზერვისტად იყო გაწვეული, არ შეშინდა და ტელევიზიით გამოსვლისას ნარკოტიკების მოხმარებაში ამხილა თავდაცვის მაშინდელი მინისტრი დავით კეზერაშვილი: „ჩვენ, რეზერვისტები, გორში ვიყავით შეკრებილები, მეთაურების მიერ მიტოვებულები და არ ვიცოდით, რა გაგვეკეთებინა. ამ დროს ჯიპით მოვარდა დავით კეზერაშვილი, გადმოვიდა, ვიღაცას ტელეფონით დაელაპარაკა, შემდეგ კი ყურადღებას არავისთვის მიუქცევია, დააძრო შპრიცი და ყველას თვალწინ ვენაში ნარკოტიკი გაიკეთა“.

სტატიის ავტორის აზრით, ზემოთ აღწერილი ფაქტი ალექსანდრე ელისაშვილის პრინციპულობაზე და გამბედაობაზე მიუთითებს. იგი ამომრჩევლებში პოპულარობით სარგებლობდა და აქედან გამომდინარე, ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ თბილისის მერის ასარჩევად მეორე ტური ჩატარდებოდა, თუმცა ხელისუფლებამ ყველა საშუალება გამოიყენა, რომ ენერგეტიკის ექს-მინისტრს და ექს-ფეხბურთელს კახა კალაძეს გაემარჯვნა (სტატიაში ასახულია „ქართული ოცნების“ მცდელობები მოწინააღმდეგე ბანაკიდან კონფორმისტთა გადაბირებისათვის, ე.წ. „კოორდინატორების“ მუშაობა, ადმინისტრაციული რესურსი როლი და ა.შ.).

„2018 წელს საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს. კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტის როლი მხოლოდ ფორმალურია. ალბათ,  ახალი ქართველი პოლიტიკური ვარსკვლავის [იგულისხმება ალექსანდრე ელისაშვილი] პოზიცია მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ბევრ საკითხს გაარკვევს. მით უმეტეს, რომ მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებში ჩარევისაგან დისტანცირება გადაწყვიტა. ყოველ შემთხვევაში, იგი ამ არჩევნებში არსად გამოჩენილა და ალბათ, სამომავლოდაც არ გამოჩნდება, თუ მას პირადი პრობლემები არ წარმოექმნება.

ამავდროულად, ყურადღების ფოკუსში თანდათან შედის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც უფრო საინტერესო იქნება: ისე ჩანს, რომ ძველი პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების დროს „უკვე მიიცვალნენ“, ახლები კი ჯერ არ გაჩენილან. როგორც ერთმა პოლიტოლოგმა შენიშნა, „მართალია, საქართველო ძლიერი არაა დემოკრატიული ტრადიციებითა და სხვა ინსტიტუტებით, მაგრამ ჩვენთან მოწყენილობას ვერავინ შეეგუება“. ამის მთქმელს ვერ შეედავები“, – ნათქვამია სტატიის დასასრულს.

————

საქართველოში გამართული არჩევნები თემა 30 ოქტომბრის რუსული პრესის სხვა პუბლიკაციებშიცაა გაშუქებული, კერძოდ, ჟურნალ «Огонек»-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „წარჩინებულნი: კახაბერ კალაძემ თბილისის მერის არჩევნები წმინდად მოიგო“ (ავტორი – მიხეილ დმიტრიევი).

„იტალიის „მილანს“, რომელმაც მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავთა მთელი პლეადა გამოზარდა, პოლიტიკური კადრების სამჭედლოც შეიძლება ვუწოდოთ. რომ არაფერი ვთქვათ ექს-პრემიერ სილვიო ბერლუსკონის როლზე, ამ კლუბიდან გამოვიდნენ ჯორჯ ვეა (მას ლიბერიის პრეზიდენტობის დიდი შანსი აქვს), ანდრეი შევჩენკო (იგი უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა) და კახა კალაძე, თბილისის მერი“, – წერს ავტორი და მკითხველებს ცნობილი ქართველი ფეხბურთელის სპორტულ-პოლიტიკური კარიერის დეტალებს აცნობს (წყარო: https://www.kommersant.ru/doc/3434558).

«Day» (აზერბაიჯანი), 30 ოქტომბერი, 2017 წელი
https://news.day.az/politics/945481.html
ვინ და როგორ უშლიდა ხელს აზერბაიჯანის ტრიუმფს
ორიოდე სიტყვა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის არაკეთილმსურველებსა და უიღბლოებზე

ლეილა ტარივერდიევა

(შემოკლებით)

დღეს, 30 ოქტომბერს, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა უნდა გაიხსნას. 2007 წლის 7 თებერვალს შექმნილმა სარკინიგზო დერეფნის პროექტმა, რეალიზების პროცესში, შეიძლება ითქვას, „მრავალი წამება და გაჭირვება გამოიარა“. განსაკუთრებით ეს ითქმის იმ ბარიერ- დაბრკოლებებზე, რომლებსაც მას სომხეთი უქმნიდა: ჯერ იყო და სომხეთმა ერთი ამბავი ატეხა – რა საჭიროა ახალი რკინიგზა, არის გიუმრი-ყარსის მარშრუტი და ის დავტვირთოთო (გასაგებია, რატომ არის დახურული თურქეთ-სომხეთის საზღვარი – სომხების მიერ მთიანი ყარაბაღის ოკუპირების გამო). მერე, რომ არაფერი გაუვიდა, ერევანმა უცხოეთში არსებული სომხური დიასპორა დაიხმარა, რკინიგზის საკითხი აშშ-ის კონგრესშიც კი განიხილეს, რის შემდეგაც ამერიკელი კანონმდებლები რკინიგზის მშენებლობის წინააღმდეგ გამოვიდნენ და განაცხადეს, რომ სომხეთის იზოლირება დაუშვებელიაო.

პრინციპში, აზერბაიჯანს სომხეთის იზოლაციის მიზანი არასოდეს ჰქონია. 1990-იან წლებში, როცა საექსპორტო ნავთობგაზსადენები შენდებოდა, აზერბაიჯანი მზად იყო მილი სომხეთის ტერიტორიის გავლით გაეყვანა, ოღონდაც ერევანს მთიანი ყარაბაღის ოკუპირება შეეწყვიტა და იქიდან თავისი სამხედრო ფორმირებები გაეყვანა. მაგრამ იოლი გამარჯვებით თავბრუდახვეულ სომხეთს იმედი ჰქონდა, რომ   ყველაფერს ერტად მიიღებდა და უკან არ იხევდა. საბოლოოდ, სომხეთი მილსადენების პროექტის გარეშე დარჩა: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა“ და „ბაქო-თბილისი-ერზერუმის“ მილსადენებისაგან დივიდენდებს საქართველო იღებს. რაც შეეხება რკინიგზას, სომხეთი ამ პროექტის რეალიზების საკითხშიც მოტყუვდა: მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი კონგრესმენებმა მისი საერთაშორისო დაფინანსება დაბლოკეს (სომხეთის ლობირების გამო ევროკავშირმაც უარი განაცხადა), მშენებლობისთვის საჭირო ფული მაინც გამოიძებნა. არ გამართლდა ერევნის იმედები საქართველოს რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის ამუშავების შესახებაც, შედეგები ვერ გამოიღო ვერც საქართველოს სამცხე-ჯავახეთის მხარის სომხური მოსახლეობის პროტესტებმა, რომლებიც ერევნიდან იყო ინიცირებული – თითქოსდა რკინიგზა რეგიონის ეკოლოგიურ სიტუაციას საფრთხე უქმნისო.

დღეს ჯავახეთის სომხურმა თემმა სრულიად დაივიწყა „ეკოლოგიური პრობლემები“ და ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რამდენად კარგად ისარგებლონ ადგილობრივმა სომეხმა ბიზნესმენებმა ახალი რკინიგზის პერსპექტივით. აქვე ხაზი უნდა გავუსვათ: აზერბაიჯანს არასოდეს არ ჰქონია უარყოფითი აზრი რკინიგზის გამოყენების თაობაზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სასარგებლოდ, პირიქით – ბაქო მიიჩნევდა, რომ რკინიგზა საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვან წარმატებას მოუტანდა. პროექტის მიზანიც სწორედ ეს იყო, მაგრამ მსგავსი დამოკიდებულება არანაირად არ ვრცელდება სომხეთზე, რომლის ეკონომიკის ხელშეწყობას აზერბაიჯანი არ გეგმავს და არც უვალდებულია.

დღეს რკინიგზა იხსნება. ეს ნიშნავს, რომ პროექტი შედგა. აზერბაიჯანმა, თურქეთის მონაწილეობით, თავის თავზე აიღო რკინიგზის ძირითადი ნაწილის დაფინანსება და ამოცანა შეასრულა, გარედან დახმარების გარეშე. სომხების პროტესტებმა და ანტიაზერბაიჯანულმა ლობიზმმა პროექტის რეალიზება არა მარტო ჩვენი ეკონომიკური ინტერესების, არამედ პრინციპის საქმედ გადააქცია. ჰოდა, დღეს პრინციპიც და ინტერესებიც დაკმაყოფილებულია. ყველაფრის მიუხედავად.

———-

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის თემა 30 ოქტომბრის აზერბაიჯანული პრესაში გამოქვეყნებულ სხვა სტატიებშიც არის გაშუქებული, კერძოდ, გაზეთ «Каспiй»-ში გამოქვეყნებულ მასალაში სათაურით „პროცესი დაიწყო: ბაქო-თბილისი-ყარსი ევროპასა და აზიას შეაერთებს“ (ავტორი – ალი საიდოვი). პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ რკინიგზის საზეიმო გახსნაში ოთხი ქვეყნის – თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ხელმძღვანელთა მონაწილეობა სიმბოლურია: ეს სატრანსპორტო მაგისტრალი ჩინეთის სტრატეგიული პროექტის – აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემაკავშირებელ რგოლს შეადგენს“ (წყარო: http://www.kaspiy.az/news.php?id=69967).

«ТВ Первый канал» (რუსეთი), 29 ოქტომბერი, 2017 წელი
https://www.1tv.ru/news/2017-10-29/335334
მიხეილ სააკაშვილი და მისი მომხრეები პეტრო პოროშენკოს ანგარიშსწორებით ემუქრებიან. რით უპასუხებს უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს ექს-პრეზიდენტს?

რუსეთის ტელეარხის «Первый канал»-ის პროგრამა «Воскресное «Время»- ეთერში გადაიცა რეპორტაჟი უკრაინაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ, რომელშიც ყურადღება ძირითადად საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დაეთმო (ავტორი – ალენა გერმანოვა).

გთავაზობთ ამონარიდს ვრცელი ვიდესიუჟეტიდან:

„უკრაინის სახელმწიფო უუნაროა, მას თავისი ფუნციების შესრულება აღარ შეუძლია. უკრაინის სახელმწიფოს ავანტიურისტ მიხეილ სააკაშვილის მორჯულების თავიც კი აღარ აქვს, რომელიც კიევში მორიგი რევოლუციური მაიდნის მოწყობას ცდილობს. საქართველოს ექს-მეთაურსს უკრაინის ხელისუფლებამ თავშესაფრის მიცემაზე უარი განუცხადა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა. სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილს მალე ან პოლონეთში დააბრუნებენ, საიდანაც უკრაინაში შევიდა, ან ისტორიულ სამშობლოს გადასცემენ, სადაც მის წინააღმდეგ სისიხლის სამართლის საქმეა აღძრული.

მიხეილ სააკაშვილი აბსოლუტურად უიღბლო და ბედგამწყრალი კაცია. ყველა საქმე იფუშება, რომელსაც კი იგი ხელს მოკიდებს: საქართველოს პრეზიდენტობაც ხომ ჩააფლავა! თბილისის ბაზარზე რომ ემუშავა მემწვადედ, იქ უფრო მეტ სარგებლობას მოიტანდა: იგი ენერგიული, ექსტრავაგანტური ტიპია და საქმე კარგად წაუვიდოდა…

„დობროგო რანკუ! (დილა მშვიდობისა!), მე წუხანდელი ღამე კარავში გავათენე“, – ცოტა გამოუძინებელი, მაგრამ თვითკმაყოფილი სახით ამბობს მიხეილ სააკაშვილი. თავის „ბურჟუიკა“ ღუმელს ჩახუტებული იგი უკვე მეხუთე დღეა პოზიორობს. აი, ფოტომისალმება – „სიყვარულით უკრაინელ ხალხს – მიმართვა კარავიდან“.

საერთოდ, მიხეილ სააკაშვილის აპარტამენტები ელიტური არ არის, მაგრამ სრულიად ნორმალურია: საქმე იმაში გახლავთ, რომ ექს-პრეზიდენტი კარავს მხოლოდ ფონის მისაცემად იყენებს, სინამდვილეში კი სასტუმრო „კიევში“ სძინავს. ჟურნალისტებმა რამდენჯერმე გამოიჭირეს შესასვლელში. არადა, ხომ ამბობდა – კარავში ყოფნა უფრო უსაფრთხოაო, ახლა კი რადიკალების ზურგსუკან იმალება. ასეთი მოქმედება მიხეილ სააკაშვილმა მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინის მიგრაციის სამსახურმა თავშესაფრის თხოვნაზე უარი განუცხადა.

მოქალაქეობისა და ლტოლვილის სტუსისი გარეშე მიშას მხოლოდ ერთი გზა აქვს დარჩენილი – პირდაპირ აეროპორტში, სპეცრეისით კიევი-თბილისი, რომლითაც მისი რამდენიმე თანამებრძოლები უკვე გაისტუმრეს საქართველოში. წინა წლებში ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორმა საკმაოდ ბევრი ხალხი ჩაიყვანა საქართველოდან. ასე რომ, დეპორტი ბევრ ქართველს ელოდება. „ქართველები მე არ ჩამომიყვანია, ისინი პეტრო პოროშენკომ ჩამოიყვანა. ისინი სამსახურში მე არ დამინიშნავს. რამდენადაც ვიცი, პრეზიდენტი მათ რამდენჯერმე თვითონ შეხვდა“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

(…)

პეტრო პოროშენკომ არ უნდა დაივიწყოს, ვისთან აქვს საქმე. მიხეილ სააკაშვილმა ამ კვირაში დემონსტრაციულად იწვევდა ამერიკელ პოლიტიკოსებსა და ევროპელ დეპუტატებს კიევში, რათა მათთან ერთად კიეველების წინაშე რეფორმებზე ელაპარაკა. საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინის გადარჩენის რეცეპტებს ისე წერდა, თითქოსდა მის ბიოგრაფიაში არ იყოს ჩადენილი დანაშაულობები სხვისი ქონების მითვისებაზე, ბიუჯეტის განიავებაზე, სამსახურებრივი (თანამდებობრივი) მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაზე…

„იგი ელიტარული კორუფციის არქიტექტორია. მიხეილ სააკაშვილს არ უკრაინულ, არც ქართულ და არც სხვა უცხო ქვეყნის პოლიტიკაში არანაირი პერსპექტივა არ აქვს. მისი ერთადერთი პერსპექტივა არევ-დარევის მოწყობაა, რომელსაც იგი ყველგან ცდილობს“, – ამბობს გიორგი ხაინდრავა, რომელიც 2004-2006 წლებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი იყო.

მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნები, რომლითაც იგი უკრაინის პოლიტიკაში „შევარდა“, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია: გაეროს მონაცემებით, მოსახლეობის 60% სიღარიბის ზღვრის მიღმა ცხოვრობს. აქ ევროპის მასშტაბით ხელფასის ყველაზე დაბალი დონეა, სამაგიეროდ, უკრაინა ყველაზე კორუმპირებული ქვეყნების სიის პირველ ათეულშია. „რასაკვირველია, ის პოლიტიკა, რომელსაც პეტრო პოროშენკო ატარებს, დასავლელ პარტნიორებს არ მოსწონთ. ამიტომაც მათი ხელშეწყობით ხდება ძალის პარალელური ცენტრის ჩამოყალიბება, რომელიც ანტიკორუფციული სასამართლოების, დეპუტატთა ხელსეუხებლობის გაუქმებაში გამოიხატება. ეს ყველაფერი პრეზიდენტის უფლებამოსილებას ზღუდავს“, – განმარტავს პოლიტოლოგი დენის დენისოვი.

და მართლაც, პეტრო პოროშენკოსა და მისი გარემოცვის ნერვები მუდამ დაჭიმულია: ჯერ მიხეილ სააკაშვილის ტრიუმფალური დაბრუნება უკრაინაში, მერე მისი პოლიტიკური გასტროლები მთელ ქვეყანაში, ახლა კი – კარვები დედაქალაქის ცენტრში. და რაც უფრო დიდხანს გრძელდება  „კარვებში დგომა“, მით უფრო მკაცრი ხდება აქციის მონაწილეთა მოთხოვნები: „ბატონო პრეზიდენტო, პარლამენტში იმპიჩმენტის კანონი უნდა შეიტანოთ განსახილველად. თუ ჩვენს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებ, გაჩვენებთ, რა შეგვიძლია… ნუ გვაიძულებთ, პეტრო ალიქსეევიჩ! გაიხსენეთ რუმინეთის პრეზიდენტის ნიკოლე ჩაუშესკუს ბედი“.

თვითონ პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ამ კვირაში დონბასში, დაპირისპირებულ მხარეთა დაშორიშორების ხაზზე იმყოფებოდა და სამხედროებს საჩუქრებს და ჯილდოებს ურიგებდა, თითქოს ამით მიხეილ სააკაშვილს აჩვენებდა, არმია ჩემს მხარეზეაო. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ამ არმიის  არასაბრძოლო დანაკარგებმა ათი ათასი ადამიანი შეადგინა, ანუ ორჯერ მეტი, ვიდრე ბრძოლის დროს. უკრაინის არმიას ღუპავს ტოტალური ლოთობა, უდისციპლინობა და ერთმანეთში კონფლიქტი იარაღის გამოყენებით. ასეთი არმიით მიხეილ სააკასვილს ვერ შეაშინებ. „ყველაზე გავლენიანი და ცნობილი ბომჟი მსოფლიოში“ (ასე უწოდებენ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში) თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში და კარვების ბანაკის არებას არ აპირებს“.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 30 ოქტომბერი, 2017 წელი

https://www.kommersant.ru/doc/3454126

„მიხეილ სააკაშვილს ციხის კომფორტული საკანი ელოდება; თბილისი ექს-პრეზიდენტის მისაღებას ემზადება“

„მიხეილ სააკაშვილის განცხადება – უკრაინის გენერალური პროკურატურა ჩემს დასაპატიმრებლად და თბილისში ექსტრადირებისთვის დოკუმენტებს ამზადებსო, საქართველოს პროკურატურამ დაადასტურა – „მიხეილ სააკაშვილი ექტრადირების შემთხვევაში საგამოძიებო იზოლატორში იქნება მოთავსებულიო“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – გიორგი დვალი).

პუბლიკაციის ავტორი ესაუბრება ქართველ პოლიტოლოგ გია ნოდიას, რომლის თქმით, საქართველოს ექს-პრეზიდენტი ექსტრადირებასთან ასე ახლოს არასოდეს ყოფილა, ანუ მისი გადმოცემის რისკი მატულობს. „თუმცა, ისე ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გადმოცემა არ აწყობს, რადგან ამით პრობლემები გაუჩნდება: მიშას მომხრეები, ცხადია, მიტინგებს მოაწყობენ და საპყრობილის დაბლოკვას შეეცდებიან. რასაკვირველია, ეს მთვარობისთვის არასასიამოვნო იქნება“.

ამასობაში ხელისუფლება სიტუაციის რადიკალური განვითარებისათვის ემზადება; «КоммерсантЪ»-ის ხელთ არსებული მონაცემებით, მატროსოვის ქუჩაზე მდებარე თბილისის საპყრობილეში, სადაც ექს-პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მაღალჩინოსნები არიან გამომწყვდეულები, კიდევ ერთ კომფორტულ „ელიტურ საკანს“ ამზადებენ, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი ექსტრადირების შემდეგ იქნება მოთავსებული.

სტატიის ავტორი ესაუბრება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს ნუგზარ წიკლაურს, რომელიც ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის თბილისში ჩამოყვანის შემთხვევაში საპროტესო აქციების გამართვა გამორიცხული არაა: „ქართული საზოგადოება ვერ მოითმენს იმ სამსჯავროს, რომელსაც რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მოაწყობს კრემლის კარნახით“, – ამბობს ნუგზარ წიკლაური.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს თეორიულად შეუძლია თავისი წინამორბედის შეწყალება, მაგრამ როგორც «КоммерсантЪ»-ს უთხრეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, „მსგავსი შესაძლებლობა არ განიხილება“. არსებობს კანონით დადგენილი პროცედურა, მ.სააკაშვილს კი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისათვის მოქალაქეობის დაბრუნების ან შეწყალების თაობაზე არ მიუმართავს“.

«The Washington Post» (აშშ), 29 ოქტომბერი, 2017 წელი

https://www.washingtonpost.com/world/europe/ukraine-doesnt-want-him-georgia-wants-to-arrest-him-saakashvili-stirs-things-up/2017/10/29/135747

„უკრაინას იგი არ უნდა, საქართველოს კი მისი დაპატიმრება სურს. მიხეილ სააკაშვილი სიტუაციას ამწვავებს“

დევიდ სტერნი

(ამონარიდი)

„მიხეილ სააკაშვილის ბიოგრაფია ადასტურებს, რომ მან მიხვეულ-მოხვეულ გზა გაიარა. აშშ-ის კოლუმბიის იურიდიული სკოლის დასრულების შემდეგ, საქართველოში საქმიანობის პერიოდში, იგი „ვარდების რევოლუციას“ ხელმძღვანელობდა და პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციისათვის ერთგვარი საერთაშორისო-საგამოფენო ნიმუში გახდა დემოკრატიის სფეროში (…) მან ქვეყანა პოლიციის მინის შენობებით მოფინა და ამით მიანიშნა, რომ  იგი გამჭვირვალე თანამედროვე ძალოვან სტრუქტურას აყალიბებდა.

2008 წელს მიხეილ სააკაშვილს კატასტროფული ომი ჰქონდა რუსეთის შემოჭრილ არმიასთან. 2013 წელს მან პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მისმა პარტიამ კი ხელისუფლება დაკარგა. ბრუკლინში ხანმოკლე ცხოვრების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩავიდა და პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბრძანებით, ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა. დღეს საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტის მოწინააღმდეგეა.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის გენპროკურორი იური ლუცენკო ექსტრადირებით ემუქრება (ექს-გუბერნატორს უარი უთხრეს თავშესაფრის მიცემაზე) და აცხადებს, რომ ექს-პრეზიდენტი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას გეგმავს, გარდა ამისა, საქართველოში მას მრავალი სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილიო, რასაც მიხეილ სააკაშვილი უარყოფს“, – ნათქვამია სტატიაში.

რაც შეეხება სავარაუდო დეპორტაციას, პუბლიკაციის ავტორი აღნიშნავს, რომ  მიხეილ სააკაშვილისათვის დეპორტაცია სამარცხვინო ფაქტი იქნებოდა.

Comments are closed