globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 28 ოქტომბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Oct 28th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«The News Minute» (ინდოეთი): დეპორტაცია უმიზეზოდ // რატომ უცხადებს უარს საქართველო ინდოელებს ქვეყანაში შესვლაზე?

«День» (უკრაინა): „მიხოს“ ისტორიის გაკვეთილები // რით დაზარალდა ქართველი რეფორმატორის იმიჯი უკრაინაში

——————–

«The News Minute» (ინდოეთი), 28 ოქტომბერი, 2017 წელი

http://www.thenewsminute.com/article/we-got-deported-no-reason-why-georgia-refusing-entry-indians-70649

დეპორტაცია უმიზეზოდ

რატომ უცხადებს უარს საქართველო ინდოელებს ქვეყანაში შესვლაზე?

სტატიაში მოცემულია ინდოელი ტურისტების ისტორია, რომლებიც საქართველოს საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყანაში არ შემოუშვეს და თბილისის აეროპორტიდან უკან, ინდოეთში დააბრუნეს (ავტორი – ჰარიპრია სურეში).

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, 19 ოქტომბერს ინდოეთის მოქალაქეთა ჯგუფი, რომლებმაც  საქართველოში შესასვლელი ვიზა ელექტრონული წესით აიღეს და რომლებთაც შვებულების გატარება ამ ქვეყანაში სურდათ, საიმიგრაციო სამსახურის ჩინოვნიკებმა ჯერ თბილისის აეროპორტში აყურყუტეს, შემდეგ კი, ემირატების გავლით, ინდოეთში დააბრუნეს, ანუ იქ, საიდანაც  საქართველოში გამოემზავრნენ.

სტატიის ავტორი მიუთითებს, რომ ინდოეთის მოქალაქეებს ბილეთები კოჩის აეროპორტში (ქერალას შტატი, სამხრეთი ინდოეთი) ჰქონდათ აღებული დაჯავნის წესით და თბილისში შარჟას გავლით ჩავიდნენ. „სამწუხაროდ, მათი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა: თბილისში ჩაფრენისთანავე ისინი დაუპატიჟებელი სტუმრების როლში აღმოჩნდნენ. „მართალია, კოჩის აეროპორტში გაგვაფრთხილეს, შეიძლება საქართველოში პრობლემები შეგექმნეთო, მაგრამ რადგანაც ჩვენ ყველა დოკუმენტი წესრიგში გვქონდა, საქართველოში წასვლა მაინც გადავწყვიტეთ“, – ამბობს ერთ-ერთი ტურისტი ჰარი.

როგორც ირკვევა, ინდოელებისთვის შარჟას აეროპორტშიც (არაბთა გაერთიანებული ემირატები) უთქვამთ ჩინოვნიკებს, რომ უკვე ტენდენცია შეიმჩნევა – საქართველოდან ინდოეთის მოქალაქეებს უკან აბრუნებენ და გაითვალისწინეთ – მეტი ტანსაცმელი, წამლები და ორი დღის საკვები პროდუქტები წაიღეთ, რადგან აეროპორტში ლოდინი მოგიწევთო.

ინდოელებს თბილისამდე მშვიდობიანად მოუღწევიათ და აეროპორტის შენობაში, საიმიგრაციო სამსახურთან რიგი დაუკავებიათ. თან ამჩნევდნენ, რომ ჩინოვნიკები ინდურ პასპორტებს ეჭვის თვალით უყურებდნენ. თითოეული ცალკე ოთახში მიჰყავდათ და იქ 15-20 წუთის განმავლობაში ესაუბრებოდნენ.

„მეკითხებოდნენ, თან რამდენი ფული მქონდა. ვუთხარი, რომ 200 დოლარი. ეგ არასაკმარისიაო. ვუპასუხე, რომ გარეთ ჩემი ძმა დგას და რომ ფულის დიდი ნაწილი – 3 ათასი დოლარი მას აქვს, თან საკრედიტო ბარათიც. ვაჩვენე ბანკის ანგარიშის ასლი, მაგრამ ჩინოვნიკები შეუვალი აღმოჩნდნენ – არა და არა… ჩემი ძმა ამერიკაში ცხოვრობს, ამიტომ მას ნება დართეს, მაგრამ მისი ცოლს უარი უთხრეს“, – ამბობს ჰარი.

მოკლედ, ინდოელები თბილისიდან იმავე რეისით უკან დააბრუნეს.

როგორც The News Minute-ს კორესპონდენტს კოჩის აეროპორტში დაუდასტურეს, მართლაც, ბოლო 3 თვის განმავლობაში მხოლოდ ამ აეროპორტის მეშვეობით საქართველოში წასული მოქალაქეებიდან 18 უკან იქნა დაბრუნებული. „საქართველომ თავისი იმიგრაციული წესები გაამკაცრა, მაგრამ არანაირი მკაფიო ახსნა-განმარტებას არ იძლევა, რატომ აბრუნებს უკან მაინცდამაინც ინდოელ მოქალაქეებს. როცა პასუხი მოვითხოვეთ, გვიპასუხეს, რომ უკანდაბრუნებულ მგზავრებს საქართველოში შესვლის უფლება არ ჰქონდათო“, – ამბობს გაზეთის ჟურნალისტთან საუბრისას ინკოგნიტო ჩინოვნიკი.

კიდევ ერთი წყარო, რომელსაც ინფორმაციაზე ხელი მიუწვდება, აცხადებს, რომ ბევრი მოქალაქე საქართველოს ტრანზიტის ქვეყნად იყენებს აშშ-ში გასამგზავრებლად. „ამის გამო საქართველოსა და აშშ-ის შორის დიპლომატიური პრობლემებიც წარმოიქმნა. ასე რომ, საქართველოს მოქმედება ამერიკის შეერთებული შტატების დასამშვიდებლადაა გამიზნული“, – გვეუბნება ინფორმატორი.

ჩვენს მკითხველს, ალბათ, ახსოვს, რომ საქართველოს ხელისუფლება პირველად არ აძევებს ქვეყნიდან ინდოელ მოქალაქეებს. ასე მოხდა, მაგალითად, ივნისში ჩვენი მოქალაქე ჰუშბუ ქოჩალის მიმართ, როცა იგი, ახალგაზრდა ქალი, საქართველოში ტურისტად წავიდა, თბილისის აეროპორტიდან კი გარეთ აღარ გაუშვეს, ცხრა საათი ალოდინეს და ბოლოს უკან დააბრუნეს. ჰუშბუ ქოჩალის დრამატული ამბავის მასმედიაში გახმიანების შემდეგ ბევრმა ინდოელმა განაცხადა, რომ მგავსი თავგადასავალი თბილისში მათაც გადახდათ.

დიდი ძიება არ ჭირდება იმას, რომ ბოლო თვეებში საქართველოდან გამოძევებულ ინდოელთა რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ერთ-ერთმა ტურისტმა ბლოგერმა შივა ნათხმა, რომელმაც თვითონ გამოსცადა საქართველოს სინამდვილე, რეაგირებისათვის ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სუშმა სვარაჯსაც მიმართა და საქმეში ჩარევა სთხოვა. ამის საპასუხოდ, ინდოეთის საელჩომ ერევანში (სომხეთი) მხოლოდ ის განაცხადა, რომ ინდოეთის მოქალაქეებმა უმჯობესია თავი შეიკავონ ელექტრონული ვიზის მეშვეობით საქართველოში.

«День» (უკრაინა), 27 ოქტომბერი, 2017 წელი

https://day.kyiv.ua/ru/blog/politika/pouchitelnaya-istoriya-miho

„მიხოს“ ისტორიის გაკვეთილები

რით დაზარალდა ქართველი რეფორმატორის იმიჯი უკრაინაში

ვალენტინ ტორბა

(შემოკლებით)

მიხეილ სააკაშვილი არ ისვენებს, მისი სახელი მასმედიის ყოველდღიური ახალი ამბების ნაკადში მუდმივად ფიგურირებს: მიხო რაღაც მოთხოვნებს აყენებს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, მიხო ვეჩე-კრებებს მართავს, მიხო კარავში ათევს ღამეს და რა ვიცი… ახლახან გამოქვეყნდა რუსი ჟურნალისტის სერგეი მედვედევის ჩანაწერი სოციალურ ქსელში, რომლის კომპლიმენტარული ტექსტის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში თურმე ისეთი სახელმწიფო სისტემა შეუქმნია, რომელიც მოსახლეობას ემსახურება, ანუ „სახელმწიფო ხალხისათვის“ და ქართველები თურმე დღემდე მიხოს აშენებულ ქვეყანაში ცხოვრობენ.

„გაგიკვირდება, თუ როგორ შეძლო ერთმა კაცმა წინ აღდგომოდა [დრომოჭმულ] ათასწლოვან ქართულ ტრადიციებს, მთიულურ ფეოდალიზმს, ადგილუფროსობას, კლანობას, ნეპოტიზმს, ქურდობას, ფოლკლორად ქცეულ ქართულ სიზარმაცეს, მექრთამეობას. მიხეილ სააკაშვილმა თავისი მმართველობის შედეგით უარყო კულტურული დეტერმინიზმის თეორია და დაამტკიცა, რომ ხალხში ღრმად ფესვგადგმული კულტურა შეიძლება შეიცვალოს იმავე ხალხიდან მიღებული მანდატით, პოლიტიკური ნებით და სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტური მუშაობით. მართალია, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვერ მოასწრო ქვეყნის მთლიანი გარდაქმნა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს უახლესი ისტორია დღეს მკაფიოდ იყოფა ორ ნაწილად – მიშამდე და მიშას შემდეგ. მიხეილ საკაშვილი უჩინრად, მაგრამ მუდამ იმყოფება  ქართულ პოლიტიკასა და ფოლკლორში, სადაც არ უნდა იყოს – პოლონეთში, აშშ-ში, ოდესაში თუ უკრაინის საზღვარზე“, – წერს სერგეი მედვედევი.

მაშ რა მოუვიდა საქართველოს ექს-პრეზიდენტს უკრაინაში? რატომ დაზარალდა მისი რეფორმატორობის იმიჯი? რა როლი მიუძღვის უკრაინის ხელისუფლებას?

ალბათ, ყველაფერი იმით დაიწყო, როცა მან და [მისმა მეგობარმა პეტრო პოროშენკომ] ფაქტიურად აბუჩად აიგდეს სახელმწიფოს საბაზო ინსტიტუტი – მოქალაქეობა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა ძალიან იოლად მიიღო. შემდეგ ასევე ადვილად მიაღებინა უკრაინის პასპორტები თავის „ქართულ გუნდს“ ოდესის ოლქში. იმის მაგივრად, რომ მას ოდესის პრობლემები მოეგვარებინა, ბრძოლა დაიწყო თავის მეგობარ პეტრო პოროშენკოს კონკურენტებთან, ჩერნიგოვსაც კი მისწვდა. ისმება კითხვა: სად ოდესა და სად ჩერნიგოვი? თუმცა რას არ გააკეთებ მეგობრისათვის…

(…)

საინტერესოა, რომ ხელისუფლება, თავისი უგუნური პოლიტიკით, ხელს უწყობს მიხეილ სააკაშვილს. მაგალითად, ახლახან უკრაინიდან გააძევეს მიხოს გუნდის წევრები. გასაგებია, რომ ზოგიერთს, ალბათ, მართლაც ჰქონდა კანონთან პრობლემები, მაგრამ რატომ აგდებ ქვეყნიდან იმ ადამიანს, რომელიც უკრაინისთვის იბრძოდა? რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია პოლიტიკურ ინტრიგებსა და ბატალიებში? საქმე ეხება უკრაინის ნაცგვარდიის ინსტრუქტორს დავით მაყიშვილს, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ორი წლის ჩამოიყვანა. ხელისუფლება მიხოს იმიჯის დაჩრდილვას ცდილობს, სინამდვილეში საკუთარს კი აზიანებს. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებამ, თავისი შეცდომების წყალობით, თვითონ დაუკვეთა ვერხოვნა რადას წინ მიმდინარე „კონცერტი“ და ახლა თვითონ ცდილობს მის შეწყვეტას. მიხეილ სააკაშვილიც ამ კონცერტში მონაწილეობს, რითაც ხაზი გადაუსვა თავის „ქართულ ისტორიას“.

დასკვნა: სანამ ჩვენ თვითონ არ ვისწავლით წესიერად ცხოვრებას, ჩვენთან მუდამ შტორმი იქნება.

Comments are closed