globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 3 აპრილი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Apr 3rd, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«RFE//RL – თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): საქართველო გასულ კვირაში: ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციიიდან ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობამდე

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველო გზაჯვარედინზე: ექსპერტების დისკუსია // „საქართველოს სურვილის მიუხედავად, ქვეყნის ნატოში და ევროკავშირში გაერთიანება ამჟამად არ მოხდება.. გადაუჭრელი შინაური კონფლიქტებით და პრობლემების გამო…“

«КоммерсантЪ-Власть» (რუსეთი): ინტერვიუ ნატოს წარმომადგენელ უილიამ ლაჰიუსთან: „საქართველოს გამო ნატო რუსეთთან ომს არ დაიწყებს“

—————-

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 02 აპრილი, 2017 წელი

http://www.radiotavisupleba.ge/a/kviris-mimokhilva/28405565.html

საქართველო გასულ კვირაში: ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის ამოქმედებიდან ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობამდე

აშშ-ის რადიოს „თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ ქართულენოვანმა სამსახურმა, გამოქვეყნა ტრადიციული, ყოველკვირეული მიმოხილვა – საქართველოს ამბები 27 მარტიდან სამ აპრილამდე (ავტორი – ნინო ხარაძე).

მიმოხილვის ძირითადი თემები:

ა) „არის, ასრულდა ოცნება!“ – ვიზალიბერალიზაცია ძალაში

გასული კვირის ორშაბათს, ანუ ევროკავშირის ზონაში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამდე ერთი დღით ადრე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ, რომელმაც საზოგადოებას ისტორიული მნიშვნელობის დღე მიულოცა, სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს დღე არის ნიშანი იმისა, რომ საქართველო იბრუნებს თავის ადგილს ევროპული თანამეგობრობის სივრცეში. ამასთან, მის სიტყვებით: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლებით სარგებლობას მოვეკიდოთ უდიდესი პასუხისმგებლობით.. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს ის პასუხისმგებლობა, რაც თითოეულ ჩვენგანს ეკისრება. ჩვენ ყველამ ვნახეთ, რა დიდი დრო დასჭირდა ამ შესაძლებლობის რეალობად ქცევას. ეს შესაძლებლობა დღეს უკვე რეალობაა და ის, თუ როგორ ვისარგებლებთ ამით, ეს უკვე ჩვენი ღირსების საკითხია. ყველა ჩვენს თანამოქალაქეს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ ვიყოთ ზედმიწევნით მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით ამის მიმართ და დავიცვათ ის რეგულაციები, რასაც აწესებს ევროკავშირი“.

28 მარტიდან ოფიციალურად ამოქმედდა შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიომეტრიული პასპორტის მქონე ყველა პირს შეეძლება უვიზოდ იმოგზაუროს ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ ქვეყანასა და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში. მოკლევადიანი მიმოსვლა კი გულისხმობს 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური 90 დღის ვადით სარგებლობას და შენგენის ტერიტორიაზე თავისუფალ გადაადგილებას. სავიზო რეჟიმი შენარჩუნდება ევროკავშირის 2 წევრ ქვეყანასთან – დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიასთან. 28 მარტს თბილისიდან პირველი რეისი შესრულდა ათენის მიმართულებით, რომლითაც ქვეყნის პრემიერმა საქართველოს მოქალაქეებთან ერთად პირველად იმგზავრა უვიზოდ ევროპაში.

ნიკოლოზ მელქაძე, საერთაშორისო განათლების ცენტრის სტიპენდიატი, ერთ-ერთი პირველი ქართველია, ვინც 28 მარტს, გათენებისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპაში, კერძოდ, გერმანიაში უვიზოდ გაფრინდა. რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში მან თქვა, რომ გავა დრო და ამ ამბავს აუცილებლად მოუყვება თავის შვილებს და შვილიშვილებს, იმ ფოტოებსა და ვიდეომასალასაც აჩვენებს, რომელიც სწორედ ამ დღეს გადაიღო. ევროპაში უვიზოდ მგზავრობის სიხარულს ვერც სხვა მგზავრები მალავდნენ – ზოგს შვილთან მიეჩქარებოდა, ზოგს საქმეზე, ზოგიც იმით იყო ბედნიერი, რომ მათ ოჯახის წევრებს წასვლა-წამოსვლის პრობლემა მოეხსნებათ:

„მეც ერთ-ერთი პირველი ქართველი ვიქნები, ვინც გერმანიაში შევა უვიზოდ, მართლა სასიამოვნო და ამაღელვებელი განცდაა. გრძნობ, რომ ისტორიული ამბის მონაწილე ხარ. მართლაც, დიდ წვალებასთან იყო ვიზის მიღება დაკავშირებული და ყველა ქართველს ვუსურვებ გამოეყენებინოს ეს სიკეთე, რასაც უვიზოდ მიმოსვლა ჰქვია.. უბედნიერესი ვარ, რადგან ჩემი შვილი ევროპაში ცხოვრობს და გადასვლა-გადმოსვლას სულ პრობლემები ახლდა თან. ახლა ეს ყველაფერი, იმედი მაქვს, მოიხსნება“. მე ბრიუსელში მივდივარ, იქ ვცხოვრობ. მიხარია, რომ სავიზო ლიბერალიზაციის პროცესი ასე კარგად დასრულდა. ახლა ჩემს მშობლებსაც აღარ ექნებათ ბარიერები გასავლელი, რომ ჩემთან ჩამოვიდნენ“.

ათენში გაფრენის წინ საქართველოს პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს მოქალაქეებს ეს ისტორიული დღე მიულოცა: „ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და კარგი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისათვის, უკეთ გაიცნონ ევროკავშირი, უკეთ შეიცნონ ის ღირებულებები, რაზეც იქაური ქვეყნები დგას. ეს არის შესაძლებლობა ჩვენი სტუდენტებისათვის ჩაერთონ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში. დღეს კი ჩვენ მივდივართ ევროპის უძველეს კულტურულ დედაქალაქში, ათენში, შემდეგ კი ევროპის ამჟამინდელ პოლიტიკურ დედაქალაქში, სადაც ვიზეიმებთ ამ ძალიან დიდ მიღწევას, რომელიც თანმიმდევრული და ძალიან ინტენსიური შრომის შედეგია“.

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას ულოცავდნენ საქართველოს ევროპელი ლიდერები და იმედს გამოთქვამდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს კიდევ უფრო მეტად დააახლოებს ევროპასთან. ლიტვისა და ლატვიის პერზიდენტების მიერ ქართულად წარმოთქმულ მოლოცვის სიტყვებს – „საქართველო არის ევროპა!“, „გილოცავთ, საქართველო!“, „ჩვენ ვამაყობთ თქვენი წარმატებით!“ – მილოცვის სხვა სიტყვები მოჰყვა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისრის, იოჰანეს ჰანისა, და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, ალექსის ციპრასისგან. ამ უკანასკნელმა თავისი მილოცვა ათენში ვიზიტით მყოფ გიორგი კვირიკაშვილს პირადად გადასცა.

ბ) ნატო საქართველოში, მაგრამ საქართველო ნატოს გარეშე

კვირის სხვა მნიშვნელოვან ამბებს რაც შეეხება, 28-30 მარტს თბილისში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების 200-მდე ექსპერტი მონაწილეობდა. ახალი ფორმატის პირველი შეხვედრა მიზნად ისახავს სტრატეგიული მიმართულებებისა და კონკრეტული გეგმების შერწყმას მაქსიმალურად შედეგიანი თანამშრომლობისათვის როგორც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის, ასევე ნატოს წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა, ნატო-საქართველოს წარმომადგენლობითი სამუშაო შეხვედრის მიზნებზე ილაპარაკა: „ღონისძიების ძირითადი დანიშნულება, ამოცანა და მიზანი არის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში და ასევე ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატით არსებული მოზიდული მხარდაჭერის რესურსების აკუმულირება და სინქრონიზაცია, ასევე მორგება საქართველოს შეიარაღებული ძალების საჭიროებებზე, ფოკუსირება ძირითად პრიორიტეტებზე, აღმოფხვრა ნებისმიერი ხასიათის დუბლირებისა“.

გ) ქალაქები თვითმმართველობის გარეშე: პროტესტი

გასული კვირის ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ, სამთავრობო ინიციატივის თანახმად, რომელსაც პროექტის სახე ჯერ არც მიუღია, 12 თვითმმართველი ქალაქიდან მხოლოდ 5 დარჩება. 120 ორგანიზაციის სახელით გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც თვითმმართველობის რეფორმის, ისე, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის“. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა, და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მისამართით გავრცელებული განცხადების ხელმომწერები მოუწოდებენ ხელისუფლებას არ დაუშვას 2014 წლის შემდეგ შექმნილი თვითმმართველი ერთეულების გაუქმება და ადგილობრივი დემოკრატიის სტანდარტის გაუარესება.

დ) ოსები რუსულ არმიაში

31 მარტს მოსკოვში გაფორმდა ხელშეკრულება ცხინვალის ე.წ. არმიის მებრძოლთა ნაწილის რუსეთის არმიის შემადგენლობაში გადანაცვლების თაობაზე. რუსულენოვანი მედია ამ ე.წ. სამხედრო შეთანხმებას საქართველოს მხრიდან შესაძლო თავდასხმის პრევენციას უკავშირებს. მოსკოვის სვლას თბილისი ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად მიიჩნევს და პრობლემის გადაჭრის იმედები საერთაშორისო თანამეგობრობას უკავშირდება. ოსური სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში გაერთიანების საკითხი ქართულმა მხარემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 39-ე რაუნდის ფარგლებშიც გააპროტესტა. ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ტასს“ აცნობა, რომ რუსეთის არმიაში სამსახურის საშუალება 150 ოს სამხედროს მიეცემა.

ე) „ცენტრ-პოინტთან“ დაკავშირებული სკანდალი: ყველანი ციხეში!?

31 მარტს სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს რუსუდან კერვალიშვილი, “ცენტრ პოინტ ჯგუფის” წარმომადგენელი. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას და მის დას, მაია რჩეულიშვილს, თაღლითობისა და თანხების უკანონოდ მითვისების ბრალდებით, გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად კი ბრალდებულებს ოთხ-ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. ადვოკატ მარინე ცუცქირიძის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება: „კატეგორიულად არ ვეთანხმებით იმას, რომ თაღლითობასთან გვაქვს საქმე. ეს არის სუფთა სამოქალაქო სამართლებრივი დავის საგანი. ეს არის სახელშეკრულებო ურთიერთობა ორ მხარეს შორის. რა თქმა უნდა, ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ სააპელაციო ინსტანციაში“.

ვ) ადამიანის უფლებების დაცვა ქართულად: სახალხო დამცველის ანგარიში

1 აპრილს კი საქართველოს სახალხო დამცველმა მედიას გააცნო ანგარიში 2016 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ. გასულ წელს სახალხო დამცველის აპარატში მოქალაქეების მიერ 8 827 განცხადება/საჩივარი შევიდა. 843-გვერდიან ანგარიშში კი, ტრადიციულად, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისითაა შეფასებული ვითარებაა ციხეებში, აგრეთვე ის, თუ რამდენადაა დაცული სამართლიანი სასამართლოსა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, ქალთა და ბავშვთა, შშმ პირთა, ლგბტ თემის წარმომადგენელთა, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებები და ა.შ. სახალხო დამცველმა ანგარიში უკვე გაუგზავნა საქართველოს პარლამენტს.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 02 აპრილი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-at-a-crossroads/3792282.html

საქართველო გზაჯვარედინზე: ექსპერტების დისკუსია

„საქართველოს სურვილის მიუხედავად, ქვეყნის ნატოში და ევროკავშირში გაერთიანება ამჟამად არ მოხდება.. გადაუჭრელი შინაური კონფლიქტებისა და პრობლემების გამო

გია მელიქიშვილი

ვაშინგტონის მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტში (IWP), ამავე ინსტიტუტის ასპირანტურის კურსდამთავრებულმა ბენჯამინ ფრიკმა წაიკითხა ლექცია სათაურით: „საქართველო ისტორიის გზაჯვარედინზე – გაურკვეველი მომავალი“. იგი კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული პროგრამის მეცნიერი თანამშრომელია და ამჟამად ამ ორგანიზაციის თბილისის ოფისში მუშაობს.

ლექციის თემა: რას მიაღწია საქართველომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომი პერიოდის განმავლობაში, რა ვერ შეძლო, რომელ გზაჯვარედინზე იმყოფება და როგორი არჩევანის გაკეთება მოუწევს არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში.

„საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას თუ შევხედავთ, დავინახავთ რომ ის კვლავ ძალიან გაურკვეველ ადგილზე იმყოფება. გასულ წლებში, საქართველომ დიდი ცვლილებების გზა გამოიარა და ახლა იმ ისტორიული მონაკვეთის მიმოხილვა მინდა შემოგთავაზოთ, რომელმაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა“, – განაცხადა ბენჯამინ ფრიკმა. მან მიმოიხილა რეგიონის პოლიტიკური ვითარება და აღნიშნა, რომ საქართველოს რეგიონში გამორჩეული ადგილი უკავია: „საქართველო რეგიონში თავისთავად ერთადერთი ადგილია, რომელმაც დასავლეთისთვის, ევროპისთვის კარი პოლიტიკურად გახსნა და ევროკავშირში გაერთიანებას აქტიურად ესწრაფვის. ის ამას უვიზო მიმოსვლის, სავაჭრო და განვითარების შეთანხმებების მეშვეობით აკეთებს, თუმცა ისეთ გეოგრაფიულ ადგილზეა, რომ რეგიონის პოლიტიკური ასპექტების გამო, საქართველოსთვის ამის განხორციელება საკმაოდ რთულია“.

ბენჯამინ ფრიკმა თქვა, რომ ყველა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ განვითარების საკუთარი გზა გაიარა, საქართველოში გატარებულმა რეფორმები კი ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა, თუმცა მოსახლეობისთვის ზოგიერთი რეფორმა საკმაოდ მტკივნეული იყო. მისი აზრით, საქართველო, თავისი არსებით ევროპული ქვეყანაა: „შეერთებულმა შტატებმა და ასევე ცალკეულმა ევროპულმა ქვეყნებმა უნდა შეიმუშაონ სწორი საგარეო პოლიტიკა და ხაზგასმით აღნიშნონ, რომ საქართველო უნდა გახდეს ებრაულ-ქრისტიანული დასავლური საზოგადოების წევრი და ამ საზოგადოებაში დარჩეს. როდესაც საქართველოში იმყოფები, გრძნობ, რომ ის თავისი არსებით ევროპული ქვეყანაა, მას ბევრი სხვადასხვა დამახასიათებელი თვისება აქვს, მაგრამ ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნა სურს. საქართველო, ეკონომიკური თუ სხვა ბერკეტების ზემოქმედების შედეგად, მთლიანად რუსეთის გავლენის სფეროში თუ მოექცევა, მომავლის პერსპექტივაში ჩვენ ამით საკუთარ თავს ვავნებთ… რა თქმა უნდა, ეს საქართველოს ეკონომიკურ და ენერგეტიკულ დამოკიდებულებაზე აისახება და სავარაუდოდ, ოკუპირებული ტერიტორიები მომავლისთვის დაიკარგება. არ ვიცი, ქართველები ამას როგორ ხედავენ, მაგრამ დასავლეთის ან შეერთებული შტატების მხარდაჭერით სამხედრო ძალის ჩარევა, მეტი ალბათობით არ მოხდება, საამისო ნება უბრალოდ არ არსებობს“.

მკვლევარი ფიქრობს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, საქართველოს მთავრობა ე.წ. „მაგნიტის თეორიის“ გამოყენებით მოქმედებს: „საქართველოს პრეტენზია იმის შესახებ, რომ ოკუპირებული ტერიტორიები მის განუყოფელ ნაწილად რჩება, გადაჭრით უარყოფილი იქნება და მეტი ალბათობით, ეს ტერიტორიები მომავალში საქართველოს არ დაუბრუნდება, რადგან რუსეთის იქ ყოფნა სულ უფრო მასშტაბური ხდება. საქართველოს კი სამხედრო ძალა არ გააჩნია და სამხედრო ძალის გამოყენებით რამის გაკეთება გონივრულიც არ იქნებოდა. საქართველოს მთავრობის იმედი და მიდგომაც ე.წ. „მაგნიტის თეორიას“ ემყარება. იმ თეორიას, რომელიც გერმანიამ „ცივი ომის“ დროს გამოიყენა. როცა გერმანია გაყოფილი იყო, მათ კეთილდღეობა შექმნეს, შექმნეს ურთიერთდამოკიდებულებები და ამან კი ჩამოცილებული ტერიტორიები, ასე ვთქვათ, დედასამშობლოსკენ მიიზიდა. მე ვერ ვხედავ, რომ ახლა არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა ამ გზით წინსვლის საშუალებას იძლეოდეს“.

ბენჯამინ ფრიკს მიაჩნია, რომ საქართველოს სურვილის მიუხედავად, ქვეყნის ნატოში და ევროკავშირში გაერთიანება ამჟამად არ მოხდება: „ქართველებს ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის მტკიცედ სჯერათ. ჩემი გულწრფელი აზრია, რომ ამჟამად საქართველოს ნატოში ან ევროკავშირში შესვლა არარეალისტურია. ამის მიზეზი ნაწილობრივ გაჭიანურებული კონფლიქტებიცაა. გადაუჭრელი შინაური კონფლიქტებით და პრობლემებით ნატოს წევრი ვერავინ გახდება… თუმცა საქართველომ ევროპაში ვიზების გარეშე მიმოსვლის უფლებას მიაღწია. როდესაც თბილისში, ევროპის დროშის ფერებში მორთული „მშვიდობის ხიდი“ დავინახე, ძალიან გამიკვირდა, რადგან ვიგრძენი, რომ ეს რაღაც თვალისახვევის კამპანიაც იყო, რადგან დიახ, მათ შეუძლიათ ევროპაში წავიდნენ და თავისუფლად იმოგზაურონ, თუმცა რამე თუ მოხდება, არსებობს პირობა, რომლის მიხედვითაც უვიზო მიმისვლის წესი ადვილად გაუქმდება“.

ლექციას შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილი ელჩი დავით სიხარულიძეც ესწრებოდა, რომელიც ნატოში გაწევრიანების შესახებ ბენჯამინ ფრიკის მოსაზრებას არ დაეთანხმა და თქვა, რომ ორგანიზაციაში მიღება, არსებული ტერიტორიული პრობლემების პირობებშიც მომხდარა: „რაც შეეხება საქართველოს ნატოში გაერთიანებას. დიახ, მართალია, რომ საქართველოს ორი ტერიტორია რუსეთს აქვს ოკუპირებული, თუმცა საქართველოს ნატოსთან დაკავშირებულ მომავლის მიმართ ოპტიმისტური განწყობა მაქვს. ჩვენს ისტორიაში გვქონდა ვითარება, როცა ქვეყნის ნატოში მისაღებად, ოკუპირებული ტერიტორიის მიუხედავად, დიპლომატიური ან პოლიტიკური ფორმულა იქნა გამოყენებული, მაგალითად, გერმანიის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ახლა იგივე ვითარება არ არის, მაგრამ, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, გარკვეული ფორმულის შემუშავება შესაძლებელია, თუნდაც საქართველოს ალიანსში მიღება შეთანხმების მეხუთე მუხლის დროებით გამოკლებით“.

ლექციის დასასრულს, კითხვა-პასუხის სესიაზე, საქართველოსთან მიმართებით უსაფრთხოების და საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებული სხვა საკითხებიც გაჟღერდა.

«КоммерсантЪ-Власть» (რუსეთი), №12, 02 აპრილი, 2017 წელი
http://www.kommersant.ru/doc/3256584

ინტერვიუ ნატოს ოფიციალურ წარმომადგენელ უილიამ ლაჰიუსთან: „საქართველოს გამო ნატო რუსეთთან ომს არ დაიწყებს“

სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებში ნატოს ოფიციალურ წარმომადგენელს უილიამ ლაჰიუს რუსული ჟურნალის „კომერსანტ-ვლასტის“ კორესპონდენტები ოლღა ალენოვა და ია ბარათელი ესაუბრებიან.

გთავაზობთ ინტერვიუს მცირე შემოკლებით:

- თქვენ ნატოს წარმომადგენელი ბრძანდებით სამხრეთ კავკასიაში, მაგრამ ოფისი თბილისში გაქვთ. რატომ?

- ჩვენი მუშაობის 95% საქართველოს ეხება.

- მაინც რა დახმარებას უწევს ნატო საქართველოს?

- ჩვენი დახმარების მოცულობა, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან შედარებით, საკმაოდ მოკრძალებულია. ნატო ხომ თავისი წევრების დაცვის ორგანიზაციას წარმოადგენს, ამიტომაც ჩვენ საქართველოს ძირითადად რჩევებს ვაძლევთ. რაც შეეხება დახმარებას, ძირითადად  ვეხმარებით სწავლებაში, წრთვნებში… გარდა ამისა, აქ, ჩვენს ოფისში, ჩვენ დაკავებული ვართ სამოქალაქო საქმეებითაც, პოლიტიკური საკითხებით, თვალს ვადევნებთ რეფორმების მიმდინარეობას, ვაძლევთ რეკომენდაციებს სამოქალაქო სამსახურების რეფორმირების სფეროში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია: თავისუფალნი არიან თუ არა სამოქალაქო სამსახურები პოლიტიკური გავლენისაგან…

- რა გაქვთ მხედველობაში?

- როცა იცვლება სახელმწიფოს მმართველი პარტია, მაშინ არცერთი სამინისტრო ან უწყება არ უნდა იყოს დამოკიდებული ამ ცვლილებაზე, თორემ სხვაგვარად, ხელისუფლების ან მმართველი პარტიის ყოველი ცვლილების დროს [ქვეყნის] დესტაბილიზება მოხდება. ეს ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ვხედავთ, თუ როგორ ემზადება ქვეყანა ნატოში გაწევრიანებისათვის, აქვს თუ არა პარლამენტს გავლენა სახელმწიფოზე, პატივს სცემს თუ არა ხელისუფლება დემოკრატიულ ფასეულობებს… ჩვენ თვალს ვადევნებთ რეფორმებს, მათ შორის სასამართლო რეფორმასაც. როგორც იცით, დემოკრატიაში ყველაზე მთავარი მოქალაქეთა აზრი და მათი პოზიცია, პარლამენტი კი ხალხის წარმომადგენლობაა. პირველ რიგში, სწორედ პარლამენტი იცავს მოქალაქეთა ინტერესებს. ადრე ასე იყო: პარლამენტი სახელმწიფოს დაკვეთას ასრულებდა, ის არ იყო დამოუკიდებელი მმართველი პარტიისაგან. ცხადია, ჯერ კიდევ დიდი მემკვიდრეობაა დარჩენილი საბჭოთა კავშირის პერიოდიდან, საქართველო მისგან ჯერ კიდევ ბოლომდე არ გათავისუფლებულა, ამიტომაც ჩვენ მას ამ მიმართულებითაც ვეხმარებით.

- უფრო კონკრეტულად?

- ნატოს როგორც [სამხედრო] სტრუქტურის მუშაობის მთავარი მიმართულება საქართველოს თავდაცვის უწყებისადმი დახმარება წარმოადგენს. მე როგორც დიპლომატს, პოლიტიკურ ნაწილი მეხება, მაგრამ ჩვენი ყოველთვიური მუშაობა გამოიხატება სამხედრო მომზადებაში, ოფიცრების სწავლებაში… ჩვენ მათ ვთავაზობთ სამხედრო განათლების მიღებას საზღვარგარეთის სხვადასხვა ინსტიტუტებში. ნატოს მოთხოვნაა დემოკრატიის უზრუნველყოფა. საქართველო რომ ნატოს ნაწილი გახდეს, მან უნდა დაამტკიცოს, რომ ის სტაბილური სახელმწიფოა, სადაც შეიძლება ხელისუფლება სამხედრო დესტაბილიზების გარეშე შეიცვალოს. ამაზე ჩვენც ვმუშაობთ. ჩვენს ოფისში, ჩემს გარდა, კიდევ ექვსი დიპლომატი იმყოფება: ერთი თვალს ადევნებს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის მართვას, მეორე იმას, თუ როგორია პრეზიდენტისა და პრემიერის სამართლებრივი ურთიერთობები, როგორია მათი ურთიერთქმედება კრიზისების დროს… ყველაფერი  ნათელი, მკაფიო და გამჭვირვალე უნდა იყოს. კიდევ ერთი ოფიცერი თვალს ადევნებს პარლამენტის მუშაობას, დემოკრატიის განვითარებას. ყოველთვიურად ვამზადებთ ანგარიშს და ნატოს შტაბ-ბინაში ვაგზავნით. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი კომუნიკაცია აქვს ხელისუფლებას ხალხთან, როგორ ხდება სახელმწიფოს მიერ თავისი პოლიტიკის მოსახლეობამდე დაყვანა, მათ შორის ნატოსთან ურთიერთობის სტრატეგია. ამჟამად საქართველოში ნატოს 18 სამხედრო ოფიცერი მუშაობს, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს რეფორმების გატარებაში რჩევებს აძლევენ, კერძოდ, სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა მომზადებასა და განათლების სისტემაში. არსებობენ სწავლებისა და წრთვნების ცენტრები. ამ მხრივ დახმარებას ვუწევთ საქართველოს მდგრადი სისტემის შექმნაში, რათა მომავალში აღნიშნულ ცენტრებს უკვე ადგილობრივმა კადრებმა უხელმძღვანელონ.

- საქართველო ცდილობდა არმია საკონტრაქტო საფუძველზე შეექმნა: ბოლოსწინა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა არმია პრაქტიკულად უკვე ახალ რეჟიმზე გადაიყვანა, მაგრამ შემდეგ იგი გადადგა და მთავრობამაც მისი გადაწყვეტილება გააუქმა. საკონტრაქტო არმია ნატოში შესვლის სავალდებულო პირობაა?

- არა, ეს სავალდებულო არ არის. ყოველი ქვეყანა თვითონ წყვეტს როგორი არმია ჰყავდეს – საკუთარი ბიუჯეტისა და საშინაოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით. საკონტრაქტო არმიის რჩენა უფრო ძვირია, ვიდრე სავალდებულო სამხედრო სამსახურისა. ყველაფერი კი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იმართება ჯარი. აქ მთავარი საკითხი ისაა, როგორ ისარგებლებს თავდაცვის სამინისტრო უსაფრთხოების ამა თუ იმ სისტემით, ქვეყნის დაცვის მიზნით. თუ უწყება ეფექტურად მართავს საკონტრაქტო არმიას, რატომაც არა? რასაკვირველი, დაფინანსების საკითხიც მნიშვნელოვანია. საკმარისი რაოდენობის ჯარისკაცები უნდა გყავდეს რეზერვის უზრუნველყოფისათვის. უნდა იცოდე, საიდან შექმნა რეზერვი, გინდაც სამოქალაქო პირებით (მაგრამ შესაბამისი მომზადებით), რათა კრიზისის დროს მათი გაწვევა შეგეძლოს. საქართველომ, ნატოს სხვა პარტნიორების მსგავსად, ეს საკითხი თვითონ უნდა გადაჭრას. სხვათა შორის, ალიანსის ზოგიერთ წევრ- სახელმწიფოს [ნორვეგიას, დანიას, საბერძნეთს, ესტონეთს] დღემდე სავალდებულო სამსახურის სისტემა აქვთ და ეს სრულიად ნორმალურია.

- საქართველო უკვე არის ნატოს სამხედრო ბაზა – კრწანისში. გაიხსნება ახალი ბაზა?

- უმჯობესია მას ბაზა კი არა, ორგანიზაცია ვუწოდოთ… რას ნიშნავს ბაზა? მხოლოდ ცარიელ შენობას? მნიშვნელოვანია არა შენობა, არამედ ის, თუ რა ხდება მასში. საერთოდ, საქართველოში ნატოს ბაზა არ არსებობს. კრწანისში რაც არის, ეს ქართული ორგანიზაციაა. ესაა შეფასებებისა და სწავლების ერთობლივი ცენტრი, სადაც ხდება სამხედრო სწავლება ოცეულის დონეზე. იქ მხოლოდ ექვსი ჩვენი ოფიცერია, დანარჩენი კი ქართველები არიან. ისინი ერთობლივი წრთვნების ჩატარების წესებს ეუფლებიან. სამომავლოდ კრწანისის ერთობლივ ცენტრში შეიძლება საშტაბო წრთვნების ჩატარება, მათი დაგეგმვა და მართვა, ჯარისკაცთა მომზადების დონის შემოწმება საველე წრთვნების დროს. იქვე არის თავდაცვის განვითარების სკოლაც, აშშ-ის პროგრამის ჩარჩოებში გახსნილია საბრძოლო მომზადების ცენტრიც. ნატოს შეუძლია მისი ტექნიკური საშუალებები გამოიყენოს. რას წარმოადგენს ამერიკული ცენტრი? ესაა კომპიუტერული ოტახი ოფიცრების სწავლების მიზნით, ასევე ბრძოლის სიმულიატორი, რომელზეც ვირტუალურად სწავლა ერთდროულად 12 ჯარისკაცს შეუძლია. ოფიცრებს მათდამი ბრძანების გაცემის შესაძლებლობა აქვთ. ეს ცენტრი გამოიყენება იმ ოფიცრებისა და ჯარისკაცების მოსამმზადებლად, რომლებიც აშშ-ის, ნატოს და ევროკავშირის საერთაშორისო მისიებში მონაწილეობენ.

- საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ წლის ბოლომდე ქვეყანაში კიდევ ერთ ბაზას ააშენებენ, გერმანული „ჰოჰენფელდის“ მსგავსს…

- ამას ნატო არ აკეთებს, ამიტომაც ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. ისე კი, თუ გერმანია ან რომელიმე სხვა ქვეყანა გადაწყვეტს ასეთი ცენტრის აგებას, რატომაც არა…

- როგორც ჩანს, ამ ცენტრის ორგანიზაცია საქართველოსა და აშშ-ის შეთანხმების ჩარჩოებში მოხდება…

- „ჰოჰენფელდი“ არის საბრძოლო მომზადების შტაბი ტანკებით. არც ეს არ გახლავთ სამხედრო ბაზა, მასში ჯარისკაცები არ ცხოვრობენ. ეს არის უბრალო ბანაკი, დეკორაციები საბრძოლო მომზადებისა და სწავლებების ჩასატარებლად. მე არ ვიცი, საქართველოში ტექნიკურად როგორ მოხერხდება ასეთი წესით სწავლება, რადგან მძიმე ტექნიკის ჩამოტანა და მერე ისევ უკან წაღება ძალიან ძვირი ჯდება. გასულ წელს საქართველოში ნატოს სწავლება ჩატარდა და ამისათვის 12 ამერიკული ტანკი „აბრამსი“ ჩამოიტანეს. მაგრამ ეს აშშ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მოხდა. მართალი რომ გითხრათ, მე არ ვიცი ასეთი ბაზის აშენების გეგმების თაობაზე. ვიცი მხოლოდ ის, რომ ადრე იყო საუბარი ამჟამინდელი ცენტრების საქმიანობის განვითარებაზე, მაგრამ განა რამდენად აუცილებელია ასეთი დიდი ორგანიზაციის ჩამოყალიბება საქართველოში? ნატოს საწრთვნელი ცენტრი ტაქტიკური მომზადებისათვის პოლონეთშიც არსებობს… ყველა შემთხვევაში უშუალოდ ნატო ასეთ ბაზას საქართველოში არ შექმნის, მაგრამ ნატოს ყოველ წევრ-სახელმწიფოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ასეთი ბანაკის დაარსების თაობაზე.

- როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი?

- საქართველოს ვეხმარებით, რომ ნატოს წევრობისათვის მოემზადოს, რომ თვითონ [ხელისუფლებამ] მოახდინოს სახელმწიფოს რეფორმირება, რომ დაარწმუნოს ალიანსის წევრები – საქართველო გაწევრიანებისთვის მზადაა. ნატოში სრულფასოვანი გაწევრიანების საკითხი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ამ დროს კონსენსუსია აუცილებელი, ყველა უნდა დარწმუნდეს. მაგრამ საქართველოს ნატოში მიღებაზე ალიანსის წევრებს შორის დღემდე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური საკითხია. ჯერ კიდევ არსებობს ეჭვები საქართველოს მზადყოფნასთან დაკავშირებით, თუმცა ნელ-ნელა საქმე წინ მიდის. ალბათ, ოდესმე, სამომავლოდ, საქართველო მიწვევას მაინც მიიღებს, მაგრამ ზუსტად როდის მოხდება ეს, მე არ ვიცი.

- რუსეთი რაიმე გავლენას ახდენს ნატოსა და საქართველოს ურთიერთობაზე? შეუძლია თუ არა რუსეთს ხელი შეუშალოს საქართველოს ნატოში მიღებას? ან იქნებ ალიანსში გაწევრიანებას მხოლოდ საქართველოს მოუმზადებლობა აჭიანურებს? შესაძლოა ნატოს რომელიმე წევრს არ სურს რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება?

- ნატოს ყოველი წევრი-სახელმწიფო საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს და ისე ღებულობს გადაწყვეტილებას ამ ორგანიზაციაში. ყოველ წევრს აქვს საკუთარი პოლიტიკური გეგმა, ტაქტიკა და სტრატეგია სხვა ქვეყნებისადმი, მათ შორის რუსეთის მიმართაც. რა თქმა უნდა, ეს გავლენას ახდენს ამ ქვეყნების პოზიციაზე. მაგრამ ხომ გვახსოვს, რომ ყველა წევრი შეთანხმდა იმაზე, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება…. მაგრამ როდის – ეს უკვე ორ ფაქტორზეა დამოკიდებული: სხვა ქვეყნების პოზიციაზე და საქართველოს მზადყოფნაზე. ეს პარალელური პროცესებია. ცხადია, რომ ალიანსის ზოგი წევრი რუსეთთან უფრო ახლო დამოკიდებულებაშია, ზოგი კი შედარებით ნაკლებად, მაგრამ ნატოს პოლიტიკაზე ამას გავლენის მოხდენა არ შეუძლია – არცერთ ქვეყანას არ შეუძლია საქართველოსთვის იმის თქმა, რომ აი, ასეთი გადაწყვეტილება მიიღეო და პირიქით – არცერთ ქვეყანას არ შეუძლია ნატოს უკარნახოს ან აიძულოს რომელიმე ქვეყნის წევრად მიღებაზე. ჩვენი იდეა იმაშია, რომ ყოველ ევროპულ ქვეყანას აქვს უფლება იყოს ნატოს წევრი, თუ ჩვენ ფასეულობებს იზიარებს და ალიანსის წევრები მის კანდიდატურას იწონებენ.

- აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული სიტუაცია არ ახდენს გავლენას ნატოს გადაწყვეტილებაზე საქართველოს მიმართ?

- საქართველოს [ტერიტორიაზე] რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების ყოფნა ვერ შეაჩერებს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.

- მაგრამ თუ საქართველოს ნატოში მიიღებთ, მაშინ ლოგიკურია, რომ მიიღებთ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ერთად – თქვენ ხომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებთ… თუმცა არც აფხაზეთი და არც სამხრეთ ოსეთი ამაზე არ წავლენ. უფრო მეტიც – იქ ხომ რუსეთის არმია დგას…

- ეს საკითხი საქართველომ თვითონ უნდა მოაგვაროს. ნატოს ყველა წევრი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. როცა საქართველო ალიანსისაგან გაწევრიანების მიწვევას მიიღებს, თბილისს მოუწევს თვითონ გადაწყვიტოს ამ ტერიტორიების სტატუსის საკითხი. იმიტომ, რომ არავინ არ გამოიყენებს მეხუთე პარაგრაფს ამ ტერიტორიებისთვის (ნატოს წესდების მეხუთე პარაგრაფის მიხედვით, ალიანსის რომელიმე წევრზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმას ნიშნავს – „კომერსანტ-ვლასტ“).

- ანუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო რუსეთთან ომს არავინ დაიწყებს…

- ზუსტად ასეა. ნატოს ამოცანა მშვიდობიაინი ურთიერთობების დაცვაა. და როგორც ვთვი, საქართველომ თვითონ უნდა გადაწყვიტოს ამ ტერიტორიების სტატუსი. საჭიროა იმის მკაფიოდ გაცნობიერება, რომ სანამ იქ რუსეთის ჯარები დგანან, მეხუთე პარაგრაფს ჩვენ საქართველოსთან მიმართებით არ გამოვიყენებთ. იმიტომ, რომ [ნატოს არცერთ წევრს რუსეთთან] ომი არ სურს.

- აბა, მაშინ რა უნდა გააკეთოს საქართველომ? ოფიციალურად გაუშვას და უარი თქვას აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე?

- ზოგიერთები ასეთ ვარიანტს გვთავაზობენ: ნატო მიიწვევს საქართველოს, მაგრამ მეხუთე პარაგრაფი ამ ტერიტორიების მიმართ ამოქმედებული არ იქნება.

- და ეს შესაძლებელია?

- რასაკვირველია. ნატოს წევრობა მაშინაც კი შესაძლებელია, როცა რუსი ჯარისკაცები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დგანან.

- თქვენ მიგაჩნიათ, რომ საქართველოში პოლიტიკური განწყობები ეკონომიკურ სიტუაციასთან არის დაკავშირებული. ვთქვათ და რუსეთმაც გააუქმა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის და მათ ისევ მიეცათ შესაძლებლობა რუსეთში იმუშაონ. შეიძლება თუ არა ასეთ შემთხვევაში ქართველთა განწყობა შეიცვალოს და ამან საგარეო ვექტორზე გავლენა მოახდინოს?

- შესაძლებელია, მაგრამ ეს თვით საქართველოს სახელმწიფოს საქმეა. თვითონ სახელმწიფომ უნდა იფიქროს ამაზე და გადაწყვეტილება მიიღოს. რა თქმა უნდა, რუსეთი იყენებს ეკონომიკურ ინსტრუმენტებს საქართველოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან მიმართებით ისევე, როგორც ადრე – 2008 წელს. საქართველომ უნდა გაითვალისწინოს ეს ნიუანსები და სავარაუდო შედეგები. ნატოს წევრები ამასაც აკვირდებიან. ამიტომაც ვეხმარებით საქართველოს რეფორმების გაგრძელებაში, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. ამას აკეთებენ ჩვენი წევრებიც და ევროკავშირიც. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ხელს უწყობს საქართველოს მომზადებას ნატოში გასაწევრიანებლად.

- თქვენ ამბობთ, რომ თვალს ადევნებთ იმას, თუ როგორ აწვდის ინფორმაციას საქართველოს ხელისუფლება მოქალაქეებს ნატოს შესახებ. და როგორ აკეთებს ის ამას?

- ამ შემთხვევაში გაურკვევლობის დიდი დონეა. ბევრი ადამიანი ვერ ხვდება, თუ რას ნიშნავს ნატოს წევრობა.. ისინი ფიქრობენ, რომ ნატოს წევრი გავხდებით და ჩვენი ქვეყანა უცებ ბევრ პრივილეგიას მიიღებსო… მაგრამ ეს ბევრს არაფერს არ შეცვლის: საქართველო [ნატოში გაწევრიანებით] პასუხისმგებლობას იღებს არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ ეხმარება სხვა წევრებსაც თავიანთი ქვეყნების დაცვაში სხვადასხვა კრიზისების დროს. საეჭვოა, რომ ალიანსში მიღების შემდეგ აქ ნატოს სამხედრო ბაზები იქნება, დამატებითი იარაღი და ნატოელი ჯარისკაცები… აბა, შეხედეთ ნატოს სხვა ახალ წევრებს – ბევრი ნატოს [ბაზების] ყოფნას ითხოვს. მაგრამ რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ტერიტორიაზე ნატოს ჯარისკაცები განლაგდნენ. მაგრამ ჩვენ, ნატოს, როგორც ორგანიზაციას, საკუთარი არმია არ გვყავს, ასევე არ გვყავს სამხედრო-საჰაერო ძალები, სამხედრო-საზღვაო ფლოტი… ეს ყველაფერი მხოლოდ ნატოს წევრების ნებაყოფლობითი დახმარებით ხორციელდება. მე ვფიქრობ, რომ ბევრი საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც ნატოს შეჰყურებენ იმ საფუძველზე, რომელიც რუსულ პოლიტიკასა და ყოფილი ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციას ახასიათებდა, მაგრამ ნატო სრულიად სხვა ორგანიზაციაა, მისი მართვა ძალიან განსხვავდება ვარშავის ხელშეკრულებისაგან სსრკ-ის არსებობის პერიოდში.

- ბევრი ასევე ფიქრობს, რომ ნატო აშშ-სგან იმართება, რომ ვაშინგტონმა [ალიანსის მეშვეობით] საკუთარი ამოცანები გადაწყვიტოს…

- ამერიკას რომ დიდი გავლენა აქვს ნატოზე, ეს სინამდვილეა. ამიტომაც ჰყავს ამერიკას დიდი არმია, ყველა სხვა წევრტან შედარებით. თუ არ ვცდები, ამერიკა ნატოს დაფინანსებაზე თავისი ბიუჯეტის 25%-ს ხარჯავს. ამიტომაც აქვს ამ სახელმწიფოს დიდი გავლენა. მაგრამ ამერიკა ალიანსს არ მართავს, ყველა გადაწყვეტილება კოლეგიალურად მიიღება.

- აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამას წინათ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ნატოს ყველა დანარჩენ წევრებზე მეტად აფინასებსო…

- ყველაფერი ასე მარტივად არ არის. დონალდ ტრამპი უყურებს სხვადასხვა ქვეყნების არმიების საბრძოლო მზადყოფნას და სამხედრო ბიუჯეტის მოცულობას. იმიტომ, რომ ყოველმა ქვეყანამ ჯერ საკუთარი თავი უნდა დაიცვას და შემდეგ სხვას დაეხმაროს. დრეს ევროპის საბრძოლო მზადყოფნა ძალიან დაბალია. ბევრი წევრი ქვეყანა საკუთარ სამხედრო მზადყოფნაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე ნაკლებს ხარჯავს, აუცილებელი კი არის არანაკლებ 2%-ისა. შესაბამისად, ნატოს წევრ ბევრ ქვეყანას საკუთარი თავის დაცვა თუ არ შეუძლია, სხვებს როგორ დაეხმარება?

- როგორ ფინანსდება ნატოს ბიუჯეტი?

- ნატოს ბიუჯეტი, ევროკავშირთან სედარებით, მცირე მოცულობისაა. ნატოში ორი ათასზე ნაკლები სამოქალაქო პირი მუშაობს, დარაჯებისა და მდივან-ქალების ჩათვლით. აი, საქართველოში ნატო წელიწადში 500 ათას ევროზე ნაკლებს ხარჯავს. თბილისის ოფისში ნატო მხოლოდ მე მიხდის ჯამაგირს, ჩემს მოადგილეს და აქაურ, ადგილობრივ დაქირავებულ პირებს. დანარჩენი თანამშრომლები – პოლონეთიდან, ისლანდიიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან და ნორვეგიიდან – ხელფასს თავიანთი ქვეყნების ბიუჯეტიდან იღებენ. და თუ ჩვენ ზოგადად სამხედრო მოსამსახურეებზე ვილაპარაკებთ, ყოველი ქვეყანა თვითონ უხდის თავის ოფიცერს ხელფასს, რომელიც ნატოს ოფისის სტრუქტურებში მუშაობს. მაგალითად, არის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ნატოური შტაბი დიდ ბრიტანეთში, არის სახმელეთო ჯარების შტაბი თურქეთში, არის ნორფოლკში, ვირჯინიაში (აშშ). ისინი იმ ქვეყნების ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, მაგრამ მუშაობენ ალიანსის საბრძოლო მზადყოფნისათვის. რა თქმა უნდა, რთულია, როცა ოფიცრები სხვადასხვა ქვეყნებიდან არიან და ამ დროს ყველამ ერთ ენაზე უნდა ილაპარაკოს და ერთად უნდა გაიარონ საერთო ტექნიკური მომზადება…

(…)

- ამჟამად საქართველოში მოსახლეობის 61% ემხრობა ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას, ადრე კი ამ იდეას მხარს უფრო მეტი უჭერდა. რას უკავშირებთ მხარდამჭერთა კლებას?

- ეს ცოტა ნაკლებია ადრინდელთან შედარებით. მე ვფიქრობ, მოქალაქეებისათვის მთავარი საკითხი უფრო სამსახური, დასაქმება და ეკონომიკური მდგომარეობაა. როცა ადამიანს სამუშაო არ აქვს და მას ოჯახის რჩენა არ შეუძლია, იგი არც ნატოზე არ ფიქრობს და არც ევროკავშირზე. გარდა ამისა, თმენის ფაქტორიც გავლენას ახდენს: როცა მთელი ფიქრები ეკონომიკურ მდგომარეობას დასტრიალებს და როცა ის არ უმჯობესდება, ადამიანები იმედს კარგავენ. ამიტომაც ჩვენ დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალს ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას. უსაფრთხოების საფუძველი ხომ კარგი ეკონომიკური მდგომარეობაც არის.

- ანუ თქვენ ხედავთ იმედგაცრუებას ნატოსაგან, რომელიც საქართველოს მიღებას პირდება, მაგრამ არ ღებულობს…

- დიახ, მე ამის სესახებ უკვე ხუთი წელი მესმის, რაც აქ ვმუშაობ. წინა ხელისუფლების წარმომადგენლებიც ამას ამბობდნენ. მაგრამ რას ვიზამთ? ასეთია ჩვენი პირობები და ჩვენი სიტუაცია. უბრალოდ, ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს. როცა ადამიანებს ვხვდები, მე ყოველთვის ვუხსნი: ნატოში გაწევრიანება არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ეკონომიკური და შიდაპოლიტიკური პრობლემები მოგიგვარდებათ-მეთქი.

ჩვენ გთავაზობთ უსაფრთხოების საერთო სისტემას. თუ ვინმე თქვენს ქვეყანას თავს დაესხმება, ჩვენ კოლექტიურ რეაგირებას მოვახდენთ და დაგიცავთ, მაგრამ იმ ეკონომიკურ პრობლემებს, რომლითაც თქვენი ხალხია გაწამებული, ჩვენ ვერ გადაგიწყვეტთ, ეს თქვენ თვითონ უნდა გააკეთოთ, ევროკავშირელი პარტნიორების დახმარებით.

რასაკვირველია, ნატოს წევრობა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის იმიჯს იძლევა, რაც დასავლელ ინვესტორებს იზიდავს და საბოლოო ჯამში, ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებას ეხმარება. ცხადია, ამ თვალსაზრისითაც წევრობა მნიშვნელოვანია და ის ეკონომიკაზეც აისახება.

Comments are closed