„რეზონანსი“: პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოსმენის კანონის შესახებ: „მმართველმა გუნდმა ლამის ტერორიზმის ხელშეწყობაში დამდო ბრალი“
„რეზონანსი“: ინტერვიუ იგორ კვესელავასთან: „პრეზიდენტი ლიდერობას ცდილობს, მაგრამ საზოგადოება ამის საშუალებას არ მისცემს“
„რეზონანსი“: ალეკო ელისაშვილს მერობის დამოუკიდებელი კანდიდატობა სურს
„ახალი თაობა“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „კახა კალაძეს მერის არჩევნებში სერიოზული შანსი აქვს“ // „ალეკო ელისაშვილის მიმზიდველობა მისი უპარტიობა იქნება“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან: მოხდება თუ არა გიორგი კვირიკაშვილის და გიორგი მარგველაშვილის გაერთიანება? // „პრეზიდენტის სასახლე პარტიულ ოფისად გადაიქცა“ // „მისტერ ვეტო ოსტატურად მუშაობს საკუთარ რეიტინგზე“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ კახა კუკავასთან: „სითი პარკის წილში არის ბიძინა ივანიშვილი“ // „ერთი თვით დამნიშნონ პროკურორად და ამ საქმეს გამოვიძიებ“
„ახალი თაობა“: ვიზალიბერალიზების შემდეგ საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობას დიდად არ მოუმატია
„რეზონანსი“: ლარის კურსი: ზედა ზღვარი 2,50, ქვედა – 2,40 // „თუმცა თუ კურსი 2,37-ის ნიშნულს ჩამოსცდა, მერე 2,30-მდე თავისუფლად გამყარდება“
„რეზონანსი“: მთელი წელი მაღალი ინფლაცია იქნება
„რეზონანსი“: ბრძოლა ქართული მიწისთვის // „უცხოელებზე გაყიდვა დაუშვებელია, ამაზე არც უნდა ვბჭობდეთ“
„რეზონანსი“: მთის კანონის ეფექტი ჯერ-ჯერობით უმნიშვნელოა // „დემოგრაფიული მდგომარეობა მაინც უარესდება“
„რეზონანსი“: თავდასხმა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეზე
——————–
„რეზონანსი“, 04 აპრილი, 2017 წელი
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოსმენის კანონის შესახებ: „მმართველმა გუნდმა ლამის ტერორიზმის ხელშეწყობაში დამდო ბრალი“
გვანცა ღვედაშვილი
„კონსტიტუცია ყველასია“ კამპანიის ფარგლებში პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ სტუდენტებთან შეხვედრა გუშინ გამართა და იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის წევრება დააანონსეს. მათ შორის, პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებაზე, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებაზე, ე.წ. მოსმენის კანონსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.
როგორც მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით განაცხადა, დემოკრატიის ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეუძლია ხალხს იმის არჩევა, ვისაც უფლებებს ვაძლევთ.
„მარტო პრეზიდენტი კი არა, რაც შეიძლება მეტი არჩევითი თანამდებობა უნდა გვქონდეს თვითმმართველობებშიც. ის კი არა, რომ გავაუქმოთ თვითმმართველობები, პირიქით, რაც შეიძლება მეტი არჩევნებზე მიბმული თვითმმართველობა უნდა იყოს. ეს დიალოგი, რომ არჩევნები ჩატარდეს სოფლებსა და დაბებშიც, ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო. შევარდნაძის ადმინისტრაციაში დავდიოდით და ვეუბნებოდით, მიეცით ხალხს მერების, გამგებლების, საკრებულოების არჩევის შესაძლებლობა. პასუხი იყო, რომ ჯერ ადრეა. ვეუბნებოდი – თუ ხალხი შევარდნაძეს ირჩევს, გამგებელს რატომ ვერ აირჩევს? ე.ი. ხალხი თბილისში ხედავს, შევარდნაძე სჯობს თუ სხვა და თავის სოფელში ვერ ხედავს, რომელი იქნება უკეთესი მერი ან გამგებელი ან სოფლის თავი?” – განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას ე.წ. მოსმენის კანონზე ისაუბრა და აღნიშნა, მმართველმა გუნდმა ლამის ტერორიზმის ხელშეწყობაში დამდო ბრალიო. პრეზიდენტმა აქვე აღნიშნა, რომ ხელისუფლების შეხედულებები მოსმენის კანონთან დაკავშირებით საბჭოურ აზროვნებას წააგავს.
„ჩვენი ღრმად პატივცემული და უაღრესად განათლებული პოლიტიკოსები გამოდიან-ხოლმე და ამბობენ, რომ იცით რა, ადამიანის უფლებები ერთი მხრივ და მეორე მხრივ სახელმწიფოს ინტერესები. საკითხის ასე დაყენება ნიშნავს, რომ შენ ჯერ კიდევ საბჭოთა სისტემით აზროვნებ, რომ ადამიანების უფლებები ცალკეა, რაღაც უნდა დაიცვა და სახელმწიფოს ინტერესები ცალკეა. ასე აზროვნებდნენ საბჭოთა კავშირში. ასე არ იგება თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო. თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში ამ ორ ინტერესს შორის არის ტოლობის ნიშანი, ვისაც ეს არ ესმის, ელემენტარულად, ვერ გამოფხიზლდა საბჭოთა კავშირიდან,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე. მანვე ყურადღება პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებაზე გაამახვილა.
„ჩვენ 25 წლის წინ დავამკვიდრეთ ტრადიცია, რომ საქართველოს მოქალაქეები ირჩევენ საქართველოს პრეზიდენტს. თუ ტრადიციას ვცვლით, ამომრჩეველს ვაცლით ამ უფლებას და გადავცემთ სხვას, ჯერ კარგად უნდა ამიხსნათ, რატომ იცვლება ეს წესი. ამისთვის არავითარი არგუმენტი არ მოგვისმენია. მოვისმინეთ ვერსიები, თუ როგორ უნდა აირჩეს პრეზიდენტი, მაგრამ მარტივ კითხვაზე პასუხს, თუ რატომ უნდა შეიცვალოს არსებული წესი, არავინ გვაძლევს. ბუნებრივია, ამის მიმართ საზოგადოებას კითხვის ნიშნები აქვს“, – აცხადებს პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ, 7 აპრილს, პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, ასევე ფრაქციების წევრებს, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს და პარლამენტის თავმჯდომარეს სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა ექნებათ. პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, გათვალისწინებულია 5-5 წუთი, უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ არსებული ფრაქციებისთვის 15-15 წუთი. უმცირესობაში შემავალი ფრაქციებისთვის, ისევე, როგორც უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისთვის, გათვალისწინებულია 10-10 წუთი. ამის შემდეგ კი უმცირესობასა და უმრავლესობას დაეთმობა ცალ-ცალკე 45-45 წუთი, ხოლო ვიცე-სპიკერებს 10-10 წუთი. პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლისთვის რეგლამენტით 15 წუთია გათვალისწინებული.
„რეზონანსი“, 04 აპრილი, 2017 წელი
ინტერვიუ იგორ კვესელავასთან: „პრეზიდენტი ლიდერობას ცდილობს, მაგრამ საზოგადოება ამის საშუალებას არ მისცემს“
სალომე სარიშვილი
„იმ ვითარებაში, როცა საქართველოს ბიუჯეტი და ეკონომიკა მდგრადი არაა, და შესაბამისად, საშუალება არ გვაქვს, ამდენ თვითმმართველ ერთეულს ფინანსურად ცალ-ცალკე დავეხმაროთ, თვითმმართველობის რეფორმა აუცილებელია. ამ შემთხვევაში მმართველი ძალის პოზიციას აბსოლუტურად ვიზიარებ და მივესალმები“, – ამბობს „რეზონანსთან“ საუბრისას პოლიტოლოგი იგორ კვესელავა და იქვე დასძნეს, რომ თვითმმართველობის რეფორმის იდეას საზოგადოებაც კარგად უნდა ხვდებოდეს.
პოლიტოლოგი ჩვენთან საუბრისას საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (აირაის) კვლევასაც შეეხო და თქვა, რომ მისი შედეგი რეალობას აბსოლუტურად აცდენილია. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე “რეზონანსი” იგორ კვესელავას გაესაუბრა.
იგორ კვესელავა: საქართველო განვითარებადი სტატუსის ქვეყანაა და ეს არაერთხელ მითქვამს, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, გვქონდეს ამგვარი მასშტაბური თვითმმართველობა. სულაც არაა ძნელი, ზუგდიდმა თავის თავს მთლიანად მოუაროს და ცალკე ერთეულებად არ დაიყოს. ასე რომ, მივიჩნევ, თვთმმართველობის რეფორმა აბსოლუტურად სწორი იდეა და გადაწყვეტილებაა. სჯობს, შევამციროთ შტატები და ამით ბიუჯეტსაც მივცემთ შვებას. ვფიქრობ, ხელისუფლების ეს იდეა აბსოლუტურად გასაზიარებელია. და კიდევ ერთი: ადრეც მითქვამს და ახლაც ვიტყვი, რომ არც ამდენი სამინისტროა საჭირო ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. სხვათა შორის, ჩვენებურ პატარა ქვეყნებში, მათ შორის ევროპაში, ეს მიღებული და დანერგილია. რა საჭიროა 10-15 სამინისტრო, საჭიროა მათი გაერთიანება და იმედია, ასეც იქნება.
- უახლოეს დღეებში პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარდგება, მანამდე კი გარკვეულ საკითხებზე, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს უკავშირდება, კვლავ კრიტიკულ განცხადებებს აკეთებს. ბევრი განსხვავებული აზრი გამოჩნდა მისი გამოსვლის ფორმატთან დაკავშირდებით. თქვენ რას გვეტყვით, დებატების ფორმატს ემხრობით?
- სამწუხაროდ, პრეზიდენტი ისეთ საქმეებში ერევა, რაშიც მისი მონაწილეობა რეალურად საჭირო არაა. მან უნდა იცოდეს, რომ საქართველო სრული საპარლამენტო გზით მიდის, ამიტომაც საპარლამენტო რესპუბლიკაში მისი უფლებები ძალიან შეკვეცილია. ამდენად, თუკი მას საკუთარი უფლებამოსილების გაფართოება სურს, მაშინ ჩვენ არა საპარლამენტო რესპუბლიკაზე, არამედ საპრეზიდენტო ან შერეულ მოდელზე უნდა ვისაუბროთ. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტმა აქტიურობასა და ვეტოებით თამაშს თავი უნდა დაანებოს, ეს მას კარგს არაფერს მოუტანს. ამას კი იმიტომ აკეთებს, რომ პრეზიდენტი ცალკე პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბებას ცდილობს, რათა მომავალ არჩევნებში თავისი ჯგუფით გამოჩნდეს და თავისი სიტყვა თქვას, თუმცა ვფიქრობ, რომ საზოგადოება მას ამის საშუალებას არ მისცემს.
- რაკი საკონსტიტუციო ცვლილებები ვახსენეთ, საინტერესოა, რას ფიქრობთ ვენეციის კომისიის წევრების საქართველოში ვიზიტზე. მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ მათ აღნიშნულ საკითხზე შენიშვნები არ აქვთ, ოპოზიცია კი ირწმუნება, რომ კომისიის წევრებს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს. თქვენი აზრით, როგორ აისახება მათი რეკომენდაციები მოსალოდნელ ცვლილებებზე?
- სწორად აღნიშნეთ, ვენეციის კომისია სარეკომენდაციო ორგანოა, რომელსაც არ შეუძლია, საქართველოს რაიმე დაუწესოს. არც იმის უფლება აქვს, მიუთითოს ან მოუწოდოს, ესა თუ ის კანონი მიიღოს, ან სულაც კონსტიტუციაში კონკრეტული ცვლილება შეიტანოს. კომისიასთან არაერთხელ თავადაც მქონია შეხვედრა და ვიცი მათი მუშაობის პრინციპი. მთავარი აქ ისაა, თუ რა ინფორმაციას აწვდიან კომისიის წევრებს როგორც მთავრობის წევრები, ისე ოპოზიციური ძალა. აღმოჩნდა, რომ ოპოზიცია, მთავრობა და არასამთავრობო სექტორი სხვადასხვა ინფორმაციას აწვდიდა, ამიტომ, სამწუხაროდ, მათი შესაძლო შენიშვნებიც ჩვენზე ცუდად აისახება.
- რეფერენდუმის ჩატარების იდეაზე რას ფიქრობთ?
- ვფიქრობ, საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივები საკონსტიტუციო ცლილებებთან დაკავშირებით სავსებით მისაღები და გასაზიარებელია. არ შეიძლება, ცლილებები დაუსრულებლად გაიწელოს, ჯერ კიდევ უსუფაშვილის დროსაც კი არაფერი გაკეთებულა და ახლა კიდევ ასე გაგრძელება არაფრით არ შეიძლება. საჭიროა ოპერატიული მუშაობა, რათა ცვლილებები დროულად განხორციელდეს, ამას რეფერენდუმი არ სჭირდება.
საჭიროა ცლილებების საბოლოო პროექტი, რის შემდეგაც საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება, დოკუმენტს გაეცნოს და საკუთარი შენიშვნები გამოხატოს. ამ ფონზე კი რეფერენდუმის აზრს ნამდვილად ვერ ვხვდები.
- და ბოლოს, “აირაის” კვლევებზეც რომ გვითხრათ თქვენი აზრი. როგორ ფიქრობთ, რამდენად ახლოსაა რეალობასთან კვლევის შედეგების ნაწილი, სადაც გამოჩნდა, რომ მმართველი ძალის რეიტინგი საგრძნობლად შემცირებულია, ხოლო ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური სუბიექტი პრეზიდენტია?
- პირდაპირ გეტყვით, რომ ამ კვლევებს არ ვენდობი, რადგან ეს გახლავთ დაკვეთილი საზოგადოებრივი კვლევა. წარმოუდგენელია, პრეზიდენტის, როგორც პოლიტიკური სუბიექტის, რეიტინგი ყველაზე მაღალი იყოს. რაც შეეხება ოპოზიციას, მისი რეიტინგი შეიძლება პერიოდულად იზრდებოდეს კიდეც, რადგან ის არაფერს ქმნის, ის მხოლოდ კრიტიკაზეა მორგებული და ეს გარკვეულ შედეგს აჩვენებს-ხოლმე. პრინციპში, ბევრი რამ შესაცვლელია, სამინისტროები შესამცირებელია, დეპარტამენტები დასახვეწია, ამიტომ ხელისუფლებას არჩევნებისთვის ბევრი მუშაობა მოუწევს, რადგან საკადრო ცვლილებები აუცილებელია.
„რეზონანსი“, 04 აპრილი, 2017 წელი
ალეკო ელისაშვილს მერობის დამოუკიდებელი კანდიდატობა სურს
ნინო ქეთელაური
“ჩემი სურვილია, დედაქალაქის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვიყო,” – ამის შესახებ საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
“რეზონანსი” ამის შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ წერდა, თუმცა მაშინ ალეკო ელისაშვილი აცხადებდა, რომ მას ოპოზიციური პარტიებისგან ჰქონდა შემოთავაზება, მერობის მათი კანდიდატი ყოფილიყო, მაგრამ დეპუტატს გადაწყვეტილი არ ჰქონდა, დათანხმდებოდა თუ არა.
“გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისგან იყო შემოთავაზება, რომ მე ვიყო მათი სახელით მერობის კანდიდატი. პირველ რიგში, თუ მერობის კანდიდატი ვიქნები, ვფიქრობ, დამოუკიდებელი კანდიდატი ვიყო. დიდი მადლობა, რომ ასეთი რამ შემომთავაზეს, მაგრამ საბოლოო ჯამში უნდა ჩამოვყალიბდე,” – აცხადებდა ალეკო ელისაშვილი. ახლა კი „რუსთავი-2“-თან საუბრისას ოფიციალურად დაადასტურა, რომ მერობაზე დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს. „პირველი არჩევანი ჩემთვის არის, დამოუკიდებელი კანდიდატი ვიყო. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. რაც უნდა ახასიათებდეს მერს არის ის, რომ არ იყოს ხალხის და ამომრჩევლის გარდა ვინმეზე დამოკიდებული“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
რაც შეეხება მერობის სხვა კანდიდატებს, გავრცელებული ხმების მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატად ვიცე-პრემიერი კახა კალაძე განიხილება, რასაც თავად არ ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ გუნდს სადაც დასჭირდება, მუშაობას იქ განაგრძობს.
„ევროპულ საქართველოში“ კი „რეზონანსს“ განუცხადეს, რომ მერობის კანდიდატებად ელენე ხოშტარიასა და ირაკლი აბესაძეს განიხილავენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ყრილობამდე მიიღებენ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ამაზე არ უმსჯელიათ. თუმცა აღსანიშნავია, რომ ნიკა მელია კანდიდატურის დაყენებას აღარ აპირებს. მერობაზე საკუთარ კანდიდატურას ღიად არ ასახელებს „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. მისი თქმით, გუნდის შიგნით მსჯელობა მიმდინარეობს, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს ადასტურებს და ვერც გამორიცხავს.
შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის შემოდგომაზე არის დაგეგმილი.
„ახალი თაობა“, 04 აპრილი, 2017 წელი
ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „კახა კალაძეს მერის არჩევნებში სერიოზული შანსი აქვს“ // „ალეკო ელისაშვილის მიმზიდველობა მისი უპარტიობა იქნება“
პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში თბილისის მერის არჩევნებზე და სავარაუდო კანდიდატების შანსებზე საუბრობს.
- ბატონო რამაზ, ვის რა შანსები აქვს ადგილობრივ არჩევნებზე? სახელისუფლო გუნდში ჯერ ჩამოყალიბებულნი არ არიან, ვინ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი. საუბარია კახა კალაძეზე, დიმიტრი ქუმსიშვილზე, დავით ნარმანიაზე... ვის რა შანსები აქვს?
- ადგილობრივ არჩევნებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, რადგან ის არის ერთგვარი რეპეტიცია საპარლამენტო და ხშირად საპრეზიდენტო არჩევნების წინ. თბილისის მერობისთვის ბრძოლა ყოველთვის იყო აზარტული და საინტერესო. არც ეს არჩევნები იქნება გამონაკლისი. თუკი „ქართული ოცნება“ კახა კალაძეს შემოიყვანს ამ ორთაბრძოლაში, მაშინ ეს იქნება ერთგვარი ინტრიგა.
- რატომ?
- იმიტომ, რომ კახა კალაძისთვის დედაქალაქი ერთგვარი ასპარეზი იქნება შემდეგი პოლიტიკური კარიერისთვის. ამ ასპარეზზე ის უდავოდ გამოიჩენს თავს. ამ თვალსაზრისით ვთქვი, რომ ერთგვარი ინტრიგაა ამ ყველაფერში. ეს ვარიანტი ძალიან საინტერესოდ გამოიყურება.
- და რა შანსები აქვს?
- საკმაოდ სერიოზული შანსები აქვს.
- „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულება არ იქნება ერთგვარი შლეიფი?
- არ იქნება და აგიხსნით, რატომ. ამ მოლაპარაკებიდან კახა კალაძე ასე თუ ისე გამოვიდა. საზოგადოებას აუხსნა, რომ არსებული ხელშეკრულების შენარჩუნება შეძლო იქამდე, სანამდეც ეს შესაძლებელი იყო, მან დრო მაქსიმალურად გაწელა. ვადა იწურებოდა და საქართველოს დათმობაზე წასვლა მოუწია. ასევე მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტიც, რომ ამ საკითხზე საჯარო დისკუსია გამართა და ხალხს აუხსნა, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა იმ ეტაპისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, ვინ დგას კანდიდატის ზურგს უკან. „ქართული ოცნება“, როგორც მხარდამჭერი, ნებისმიერი კანდიდატისთვის ძლიერი ფაქტორია. მეორე, კახა კალაძე არის პიროვნება, რომლის გაცნობაც საზოგადოებას არ სჭირდება. ისევე, როგორც არ სჭირდებოდა მანამდეც, სანამ პარტიულ, პოლიტიკურ ცხოვრებას დაიწყებდა. შესაბამისად, კალაძე არ აღიქმება საზოგადოების მიერ პირად, რომელიც პარტიამ დააყენა ფეხზე. კახა კალაძეს აქვს ბეგრაუნდი, თავისი ბიოგრაფია, რომლის შექმნაც პარტიაში არ დაუწყია. ეს ფაქტორები კახა კალაძეს პლუსად ეწერება.
- თუ კვლავ დავით ნარმანიაზე შეჩერდა სახელისუფლო გუნდის არჩევანი, მაშინ?
- ეს ნაკლებად სავარაუდო მგონია. როგორც ჩანს, დავით ნარმანიამ მაინც ბევრი რამე გააკეთა. თუმცა, ბევრ რამესაც საყვედურობენ, თუნდაც, უსაშველო მშენებლობებს, რომელთა კალაპოტში მოქცევა ვერ შეძლო დავით ნარმანიამ. ასევე, ყოველდღიური პრობლემა, რომელიც ადამიანებს მართლაც ყოველდღე აწუხებთ, ვგულისხმობ სატრანსპორტო პრობლემატიკას, პარკირების პრობლემებს და ა.შ. ამ პრობლემების მოუგვარებლობამ, დავით ნარმანიას კანდიდატურას შეიძლება სირთულეები შეუქმნას.
- დიმიტრი ქუმსიშვილზეც არის საუბარი. მას რა შანსები აქვს?
- ვერ გეტყვით, რამდენად გაუძლებს დიმიტრი ქუმსიშვილის ფიგურა იმ შეტევებს, რომლებიც იქნება იმ შემთხვევაში, თუკი მისი კანდიდატურა იქნა დაყენებული მერის პოზიციაზე.
- რას გულისხმობთ?
- ბღუჯა ბღუჯა ფულის ამოღების ისტორიას, რომელიც პარლამენტში მოჰყვა და რომელიც შემდეგ შარჟის მიზეზიც გახდა. პოლიტიკოსისთვის მსგავსი ნიუანსები არ არის მომგებიანი.
- თბილისის მერობა სურს ალეკო ელისაშვილს. როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს, მას რა შანსები აქვს?
- ალეკო ელისაშვილის მთელი ხიბლი, მის დაუდგრომელ ხასიათთან ერთად, მისი დამოუკიდებლობაა. ალეკო ელისაშვილს დამოუკიდებლად პოლიტიკური კარიერის წარმართვის გამოცდილება აქვს. მან დამოუკიდებლად იყარა ადგილობრივ დონეზე კენჭი და გაიმარჯვა კიდეც. გარკვეული თვალსაზრისით პოლიტიკური დამოუკიდებლობა, ვგულისხმობ იმას, რომ ალეკო ელისაშვილი არ წარმოადგენს არც ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, ამომრჩევლისთვის ძალიან საინტერესოა. დღეს საქართველოში პარტიები პოპულარულები არ არიან, მეტიც, არც კი მოსწონთ. დღეს პოლიტიკაში ინდივიდების დროა. საქართველოში პარტიებმა ამომრჩეველს იმედები გაუცრუა. ამიტომ ელისაშვილის ტაქტიკა ამართლებს ამ დროისთვის. ელისაშვილს მიმზიდველობას სწორედ უპარტიობა მოუტანს.
- „ნაციონალებს“ და ევროპულ საქართველოს რა შანსები აქვთ?
- ოპოზიციურ ფლანგზე მაინც ყველაზე მეტი შანსი ამ სურათით, ამ დროისთვის ალეკო ელისაშვილს აქვს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა კიდევ ერთი რამ გამოკვეთა: ძალიან კარგი ინდივიდები იყრიდნენ მაჟორიტარულ ოლქებში კენჭს, მაგრამ მათ ვერ გაიმარჯვეს. ხალხმა ხმა არ მისცა მათ სწორედ პარტიული კუთვნილებიდან გამომდინარე. მაგალითად, ვაკეში ელენე ხოშტარია ძალიან მომხიბლავი კანდიდატი იყო, მაგრამ ამომრჩეველმა მას ხმა არ მისცა, რადგან ის ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენდა. ამიტომ ნაციონალების და ყოფილი ნაციონალების კანდიდატებიც ამ დამოკიდებულების ქვეშ იქნებიან.
„ახალი თაობა“, 04 აპრილი, 2017 წელი
ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან: მოხდება თუ არა გიორგი კვირიკაშვილის და გიორგი მარგველაშვილის გაერთიანება? // „პრეზიდენტის სასახლე პარტიულ ოფისად გადაიქცა“ // „მისტერ ვეტო ოსტატურად მუშაობს საკუთარ რეიტინგზე“
რა ხდება პრეზიდენტის გუნდში, რატომ არ უპირისპირდება სხვა მეოცნების მსგავსად მას პრემიერი, დგას თუ არა ვინმე მარგველაშვილის უკან? ამ თემებზე „ახალ თაობას“ ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.
- ერთ დროს გიორგი მარგველაშვილი „ოცნებაში“ ყველაზე ურეიტინგო იყო, ბოლო კვლევების მიხედვით, ის ყველაზე რეიტინგულ ლიდერად დასახელდა. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
- გიორგი მარგველაშვილს გასიგრძეგანებული აქვს, რომ ის არის არა საქართველოს პრეზიდენტი, არამედ პოლიტიკური დაჯგუფების წევრი და ის თავის მომავალ კარიერაზე მუშაობს. მან ძალიან ჭკვიანურად და ეშმაკურად გამოიყენა „ქართული ოცნების“ ბუტიაობა და დაპირისპირება. თუ ვინმეს ეს დაპირისპირება აწყობს, ეს გიორგი მარგველაშვილია. ის თამაშობს დაჩაგრულის იმიჯს, ხელს „ოცნებისკენ“ იშვერს, იძახის, აი, რა დღეში მაგდებენ, სინამდვილეში კი ამას სათავისოდ იყენებს. „ოცნების“ წევრების გაუთვლელი და გაუწონასწორებელი გამოსვლების წყალობით, ეს კაცი გამუდმებით დღის წესრიგში არის. კაცი არაფერს აკეთებდეს და მუდმივად მთავარი თემა იყოს, საოცარია!
- „ოცნება“ ვერ აცნობიერებს, რომ მის რეიტინგზე მუშაობს?
- ესენი ხომ თავის ქცევებს არ უფიქრდებიან. გიორგი მარგველაშვილი ძირითადად ორი რამით გვახსენებს თავს. ერთი, ყველაფერზე ვეტოს ადებს და ამის გამო მას „მისტერ ვეტოც“ კი დავარქვი. მეორეა „ოცნებასთან“ დაპირისპირება. ცოტა ხნის წინ იმაზე იყო ერთი ამბავი ატეხილი, მივიდოდნენ თუ არა უშიშროების საბჭოზე. ეს კვირა იმაზე ნერვიულობით დაიწყო, ვინ დაესწრება მის გამოსვლას პარლამენტში და იქნება თუ არა დებატები. ამ დროს პრეზიდენტიც და მთელი ხელისუფლება ქვეყნის განვითარების სტრატეგიაზე უნდა ფიქრობდეს. სამწუხაროდ, ქვეყნის მომავალი ერთსაც და მეორესაც ფეხებზე ჰკიდია. მათთვის მთავარია, შეინარჩუნონ დღევანდელი მდგომარეობა. „მისტერ ვეტომ“ კარგად მოირგო ჩაგრულის მანტია და ოსტატურად მუშაობს თავის რეიტინგზე, პრეზიდენტის სასახლე კი პოლიტიკური პარტიის ოფისად გადააქცია.
- რომელიმე პარტია გყავთ მხედველობაში?
- გიორგი მარგველაშვილის პარტიული ოფისია პრეზიდენტის სასახლე. ეს პარტია ჯერ ოფიციალურად არ შექმნილა, ეს მალე მოხდება. პრეზიდენტის სასახლე უკვე პარტიული ოფისის რეჟიმში მუშაობს. მთელი მისი გარემოცვაც პოლიტიკური პარტიასავით იქცევა. პრეზიდენტის მრჩევლებიდან ბევრს ვიცნობ და პატივსაც ვცემ, მაგრამ ისინი არასწორად იქცევიან. მრჩეველი პოლიტიკური განცხადებების გაკეთების უფლებას არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს. „ხალ თაობასთან“ და სხვა მედიაშიც არაერთხელ ვთქვი, რომ მარგველაშვილი თავისი გუნდისთვის ხალხს ეძებს. ახლა შემიძლია გითხრათ, რომ მან უკვე იპოვა თანამოაზრეები.
- მის თანამოაზრეებში ვის გულისხმობთ?
- მის გვერდით შესაძლოა ვიხილოთ დაშლილი რესპუბლიკელების რაღაც ნაწილი. არ გამოვრიცხავ, რომ მასთან აღმოჩნდნენ დაშლილი ნაციონალებიც.
- პრეზიდენტის სასახლეა თუ ელიავას ბაზრობა, ამდენი დაშლილი რომ უნდა შეიფაროს?
- ჩათვალეთ, ელიავას დაშლილებია ავლაბრის რეზიდენცია. ჩემი აზრით, პარტიის დასახელებაში აუცილებლად იქნება სიტყვა ევროპული. ახლა ხომ მოდაშია ასეთი სახელების დარქმევა და ეს ინდულგენცია ჰგონიათ. გააჩენენ სახელწოდებაში ევროპას და ეს ცალტვინები ისეთი გაჯგიმულები დადიან, თითქოს მართლა ევროპელი პოლიტიკოსები იყვნენ. გიორგი მარგველაშვილი ასეთ ხალხს მიიზიდავს, მათთან ერთად, მისი ჭკუით, დიდ გაერთიანებას შექმნის. თუ მოატყუეს ამომრჩეველი, ხომ კარგი, თუ არადა, არაფერი, რამეს კიდევ მოიფიქრებენ. მოდით, ახლა ის ვთქვათ, ან „ოცნების“ ანდა პრეზიდენტის ქმედებებიდან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რა არის? არაფერი.
- მნიშვნელოვანი შეიძლება არაფერია, მაგრამ მათი დაპირისპირება ერთგვარი სანახაობაა ერისთვის...
- სანახაობაა, მაგრამ ძალიან უღიმღამო, რომლის ყურება და კომენტირებაც კი აღარ გინდა. 2013 წლის ბოლოდან მოყოლებული, რაც ეს კაცი პრეზიდენტად დასვეს, ყოველთვე ერთი და იგივე აბრაკადაბრა იწყება. თქვე დალოცვილებო, ტერიტორიული მთლიანობა თავზე დაგვემხო, ჩვენი ტერიტორიიდან ყოველდღე იტაცებენ ადამიანებს, ხან სად ავლებენ მავთულხლართებს და ერთმანეთის ჭამას ამაზე ილაპარაკეთ.
- მავთულხლართებზე ერთხელ თქვა პრეზიდენტმა, მოვა დრო და ამ მავთულხლართებს ჯართში ჩავაბარებთო...
_ ჩააბარებს, როგორ არა. იმისთვის, რომ ეს მავთულხლართები ჯართშო ჩააბარო, ჯერ იმ ქვეყანას უნდა დაელაპარაკო, ვინც ეს გაავლო. ესენი რუსებს კი არა, ჩვენს დასავლელ მეგობრებსაც აღარ ელაპარაკებიან და არ სთხოვენ, რომ ჩვენს დაკარგულ ტერიტორიულ მთლიანობაზე გააკეთონ განცხადებები.
- „ოცნების“ და პრეზიდენტის დაპირისპირებაში მართლა კარგად გამოიყურება პრემიერი. კვირიკაშვილს არც ერთი მკვეთრი განცხადება არ გაუკეთებია მარგველაშვილის მიმართ. ამან გააჩინა ეჭვები, რომ ის მომავალში შესაძლოა მარგველაშვილის გუნდში ვიხილოთ. ამაზე რას ფიქრობთ?
- გიორგი კვირიკაშვილი ყველანაირად დადებით შთაბეჭდილებას ტოვებს. ამას მეც კი ვაღიარებ, მიუხედავად იმისა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას ძალიან მწვავედ ვაკრიტიკებ. ახლაც ვიტყვი, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ბევრი რამე არ მომწონს და ბევრი რამეა შესაცვლელი.
- თუ ასეა, მაშინ რატომ ტოვებს კვირიკაშვილი დადებით შთაბეჭდილებას?
- მგონია, რომ რაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში ხდება, იმას კვირიკაშვილს ვერ დავაბრალებთ. მას მეტის გაკეთების საშუალება და უფლება არ ეძლევა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მთავრობაში არის სხვადასხვა დაჯგუფებები და ისინი პრემიერს ხელს უშლიან. გიორგი კვირიკაშვილი ცდილობს საქმის გაკეთებას და მისნაირი პრემიერი ნამდვილად დადებითი მოვლენაა ქართულ პოლიტიკაში. პრეზიდენტთან დაძაბულობას იმიტომ არ ქმნის, რომ, სხვებისგან განსხვავებით, ყველაფერს სახელმწიფოებრივი თვალით უყურებს. შესაძლოა, მას გიორგი მარგველაშვილთან სხვა ურთიერთობა აქვს და მათ შორის რაღაც კულუარული შეთანხმებაც არსებობს.
- ეს შეთანხმება შეიძლება მათ გაერთიანებას გულისხმობდეს?
- ქართულ პოლიტიკაში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ მე მაინც არა მგონია, რომ ასეთი ერთობა შედგება. კვირიკაშვილი ალბათ არ მოისურვებს იმ ადამიანთან წასვლას, რომელმაც თავი იმის ძახილით გაგვაცნო, პლასტელინი ვარო. მოქმედი პრეზიდენტი ვერასდროს გახდება დამოუკიდებელი ფიგურა. ის გახლავთ შემგუებლური, გონიერი და ეშმაკი, ახალ სიტუაციას კარგად მორგებული კაცი. ის თავის თანამდებობას ძალიან კარგად იყენებს. აბა მოდით, ჩამოვაცილოთ მას ავლაბრის სასახლე, წოდება პრეზიდენტი და დატოვე, როგორც პარტიის წევრი ქუჩაში. მაშინ მასთან გაერთიანების სურვილი არავის აღარ გაუჩნდება.
- თქვენ ფიქრობთ, რომ ის ძალები, ვინც მის გარშემო აპირებენ შემოკრებას, გროვდებიან პრეზიდენტის და არა კონკრეტულად მარგველაშვილის გარშემო?
- რა თქმა უნდა, მათთვის არაპრეზიდენტი მარგველაშვილი საინტერესო არ იქნება. ამ განცხადებით მას სულაც არ ვამცირებ, სულ იმას გავიძახი, რომ, სხვებისგან განსხვავებით, ის განათლებულია და აზროვნებს. ჩემთვის მიუღებელი ის ფაქტია, რომ ის თანამდებობის მიღების შემდეგ სულ სხვა ადამიანად გადაიქცა. ამას სხვა სახელი ჰქვია და არ ვარ დარწმუნებული, რომ სიტუაციიდან გამომდინარე ის კიდევ არ შეიცვლის პოლიტიკურ ფერს.
- არის იმის ალბათობა, რომ სიტუაციიდან გამომდინარე, ის კვლავ `ოცნებას~ დაუბრუნდეს?
- არაფერი გამორიცხული არ არის. ის ივანიშვილის მიმართ მადლიერი უნდა იყოს. ყოფილი პრემიერი რომ არა, გიორგი მარგველაშვილი ისტორიაში ვერასდროს შევიდოდა. მარგველაშვილი ისეთი ტიპაჟია, რომ ის სხვასაც იოლად მისცემს იმის უფლებას, რომ ის მართოს.
- შეიძლება რომ მის უკან ახლაც ვინმე იდგეს, მაგალითად, ქვეყნის გარეთ? ქართული პოლიტიკა ძირითადად ქვეყნის გარედან იმართება...
- გამორიცხული არაფერია. მან თავისი ვითომ პრინციპულობაც ბიზნესად აქცია. სადაც მართლა საჭიროა, იქ სულაც არ ამჟღავნებს პრინციპულობას. მის გარშემოც ასეთი ხალხი იყრის თავს. ეს იმ კატეგორიის ხალხია, რომლებიც არასდროს წავლენ ქვეყნისთვის თავის გასაწირად. მათთვის კომფორტია მთავარი. ამიტომაც არის, რომ ჩვენს ქვეყანას აღარც ახსენებენ. ევროპაში ქართველ ჩინოსნებს სახელმწიფოებრივად მოაზროვნეებად არავინ მიიჩნევს. იმ დღეს ნატოს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა რადიო თავისუფლებას მისცა ინტერვიუ, სადაც მან საქართველოს ნატოსთან მიმართებაში ხუთოსანი მოწაფე უწოდა. ამას ეუბნებიან 30 საუკუნოვანი სახელმწიფოებრივი ისტორიის მქონე ქვეყანას და ისიც ბედნიერია ამ შეფასებით. როცა მოწაფედ მოხსენიება გეამაყება, როცა რომელიღაც ქვეყნის ელჩი, რომელიც დიპლომატია და მეტი არაფერი, ყოველდღე ჭკუას გასწავლის, ნიშნავს, რომ შენ ხელისუფლება არა გყავს ან თუ გყავს, ძალიან სუსტი და მშიშარა. ამ დროს ჩვენი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების ამბავი სულ უკან-უკან იწევს. ამ თემაზე ხელისუფლების წარმომადგენლები აღარც კი საუბრობენ. ერთ-ერთ შეხვედრაზე ისიც კი მითხრეს, დღეს ვინმეს ახსოვს ტაო-კლარჯეთი, სოჭის მხარე და აღმოსავლეთ საქართველოსგან წაღებული რამდენიმე რაიონიო, 10 წელიწადში აღარც აფხაზეთი და სამაჩაბლო ემახსოვრებათო.
- თქვენი აზრით, მართლა არ ემახსოვრებათ 10 წლის შემდეგ აფხაზეთი და სამაჩაბლო?
- ასე თუ გაგრძელდა, არ ემახსოვრებათ. ხელისუფლების დიდ ნაწილს არც ახლა ახსოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს დასავლელ მეგობრებს სთხოვდნენ, რომ ამ საკითხზე მწვავე განცხადებები გაეკეთებინათ. არც იმას სთხოვენ, პუტინთან რომ წახვალთ დიალოგზე, ჩვენი საკითხიც დააყენეთო. ამას ჯერ ერთი იმიტომ არ აკეთებენ, რომ ეს ამბავი არ ანაღვლებთ და მეორე იმიტომ, რომ ევროპელების შეწუხება არ უნდათ. ისინიც ამით კმაყოფილები არიან და აქებენ ჩვენს ხელისუფლებას. ამ ყველაფერზე გული ძალიან მტკივა, მაგრამ საზოგადოების რეაქცია კიდევ უფრო საწყენია. ისინი აყვნენ ცუდად დაწერილ 1001 ღამეს და ბედნიერები არიან ამით. ფეისბუქზე რომ შევდივარ, საოცრებებს ვკითხულობ – ესენი სხვაგან არიან, საქართველო – სხვაგან. ხელისუფლებამ ასეთი საოცარი აზროვნების სტილი ჩამოაყალიბა.
„ახალი თაობა“, 04 აპრილი, 2017 წელი
ინტერვიუ კახა კუკავასთან: „სითი პარკის წილში არის ბიძინა ივანიშვილი“ // „ერთი თვით დამნიშნონ პროკურორად და მე გამოვიძიებ ამ საქმეს“
თბილისის მოსახლეობაში, განსაკუთრებით კი მძღოლებში, დღითიდღე მატულობს აგრესია „სითი პარკის“ მიმართ. ბოლო ორი წლის განმავლობაში „სითი პარკმა“ 62 მილიონი ლარი ამოიღო მოსახლეობის ჯიბიდან. როგორც კახა კუკავა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ამბობს, ამ თანხიდან 18 მილიონი სითი პარკმა თბილისი მერიას გადაურიცხა, დანარჩენი კი სახლში წაიღო.
„ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს კეთდებოდა განცხადებები, რომ სითი პარკის თავნებობას აუცილებლად მოეღებოდა ბოლო, რომ მას ხელშეკრულებას გაუუქმებდნენ, თუმცა ასე არ მოხდა. ვინ მფარველობს ამ ბიზნესს და რომელ მაღალჩინოსნებს მისდით წილები ამ ბიზნესიდან? „ახალ თაობას“ ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ესაუბრება.
- ბატონო კახა, წლებია, საზოგადოება „სითი პარკის“ წინააღმდეგ იბრძვის. იყო საუბარი, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ყველაფერი დალაგდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. ბოლო ორ წელიწადში 62 მილიონი აქვთ ამოღებული ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან. რა ხდება, ვინ მფარველობს ამ კომპანიას?
- ამ საქმეზე 2,5 წელი იჯდა ციხეში გიგი უგულავა და დიდი იმედი მაქვს, რომ ცოტა უფრო მეტს გაატარებენ ციხეში ბიძინა ივანიშვილი, კახი კალაძე, დავით ნარმანია და კიდევ ის პირები, რომლებსაც გამოძიება დაადგენს. სავარაუდოდ, ამ სიაში მოხვდება უჩა მამაცაშვილიც.
- თქვენ მიერ ჩამოთვლილნი მფარველობენ „სითი პარკს“?
- არა მარტო ეს ხალხი. თუმცა ამ საქმეში მთავარი დამნაშავეა ორი პიროვნება, ბიძინა ივანიშვილი და დავით ნარმანია.
- ბიძინა ივანიშვილი რა შუაშია?
- იმიტომ, რომ როცა მრავალმილიონიანია კორუფციული გარიგება, მას უბრალოდ სხვა რანგი ვერ გადაწყვეტს, ამ მასშტაბის კორუფციაზე სანქცია უნდა გასცეს ბიძინა ივანიშვილმა და ამ საქმეზე აუცილებლად ჩაჯდება ციხეში დავით ნარმანია, იმიტომ, რომ ყველა შემთხვევაში, ფორმალურად მისი ხელმოწერაა საჭირო. ბიძინა ივანიშვილი უშუალოდ ვერ განახორციელებდა ამ კორუფციას ნარმანიას გარეშე. ეს ორი მინიმუმ არის ამ საქმეში. სავარაუდოდ, ამ საქმეში მონაწილეობს ასევე ივანიშვილის ფინანსური გარემოცვა, რომლებიც არიან უჩა მამაცაშვილი, ზვიად ჯანყარაშვილი და კახი კალაძე! აგრეთვე მთელი რიგი სხვა ჩინოვნიკები თბილისის მერიიდან.
- როგორ ხორციელდება ეს სქემა და საერთოდ რატომ ფიქრობთ, რომ კორუფციული გარიგებაა?
- ეს არის მსოფლიოს ყველა ქვეყანაში კანონი და ასი შემთხვევიდან ასივე შემთხვევაში ასეა. შეიძლება დაბალი რანგის ჩინოვნიკებმა მოიპარონ 100 ლარი, 1.000, 10.000 ან თუნდაც 1 მილიონიც, თუ ძალიან ნიჭიერები არიან, მაგრამ როცა საქმე ეხება იმას, რომ მრავალი წლის მანძილზე ხდება ათეულობით მილიონი ლარის მოპარვა თბილისის ბიუჯეტიდან, ამის გაკეთება შეუძლებელია მაღალი რანგის ხელისუფალთა თანხმობის გარეშე.
- გადაიბარეს ნაციონალებისგან ეს ბიზნესი?
- რა თქმა უნდა, ეს ხდება ხელისუფლების თანხმობით და მათ არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს თემა შეეცვალათ. ის არგუმენტები, რომლებიც მათ აქვთ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
- მერიას აქვს თავისი არგუმენტები?
- პირველი არგუმენტი არის ის, რომ 25 მილიონის გადახდა მოგვიწევს, თუმცა აქ აღსანიშნავია ის გარემოება, რომ რეალურად 25 მილიონზე ბევრად უფრო მეტს იხდის თბილისი. ასევე, ეს არგუმენტად იმიტომ არ არის მისაღები, რომ 25 მილიონს ვიხდით იმ შემთხვევაში, თუ პირწმინდათ წავაგებთ და რატომ ამბობს თბილისის მერია, რომ ამ საქმეს პირწმინდად წავაგებთ, ეს გაუგებარია.
- არ არსებობს ამის საფრთხე?
- არა, მაშინ როდესაც ჩვენ გვაქვს ჩვენი არგუმენტები და სითი პარკს არ შეუსრულებია თავისი სახელშეკრულებო ვალდებულებები, მათ შორის პარკინგის სივრცეების მოწყობის შესახებ. აქ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ არა საქმის წაგებაზე, არამედ საქმე უნდა იქნეს გამოძიებული სისხლის სამართლებრივი წესითაც და ამ საქმეში უნდა დადგინდეს, სითი პარკმა ვის გადაუხადა თავის დროზე ქრთამი, რომ ეს ექსკლუზიური უფლებები მიეღო.
- ფიქრობთ, რომ ქრთამი გადაიხადა?
- რასაკვირველია და როდესაც ეს გარემოებები გამოიკვლეოდა, ჩვენ კი არ გადავუხდიდით „სითი პარკს“ 25 მილიონს, არამედ სითი პარკი თვითონ შეგვეხვეწებოდა, რომ თავად გადაიხდიდნენ 25 მილიონს, ოღონდ ჩვენ არ გვეჩივლა და არ გვეწარმოებინა სისხლის სამართლის საქმე. აი, ეს არის რეალობა და როდესაც ეს მოქმედებები არ ხორციელდება, ეს თეთრი ძაფით ნაკერი საქმეა, რომ ესაა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ განხორციელებული კიდევ ერთი კორუფციული ქმედება. რაც შეეხება ბოლო არგუმენტს, რასაც სახელოვანი ქოცები ყოველთვის იძახიან, რომ ბიძინა ივანიშვილს ამდენი მილიარდები აქვს და რაში სჭირდება სითი პარკის მილიონები…
- ამას არ იღებთ არგუმენტად?
- რაც აქვს მას, ის თავისი 8 მილიარდი, სულ ნაშოვნი აქვს ბიუჯეტის ძარცვის შედეგად. მისი მილიარდები, კიდევ სხვა რუსი მილიარდერების მსგავსად, ნაშოვნია სწორედ ბიუჯეტის ძარცვის ხარჯზე! ამიტომ ეს ლოგიკა, რომ რად უნდა ხალხის ძარცვა, ისმის იმ ხალხისგან, ვისაც სინდისი არ აქვს, ან მათგან, ვინც ჩახედული არ არის, რითი იშოვა ბიძინა ივანიშვილმა მილიარდები.
- ანუ ამის სურვილი თუ იქნება, თბილისის მერიას აქვს იმის ბერკეტები, რომ სითი პარკის თავნებობა ალაგმოს?
- რასაკვირველია. თბილისის მერიას, გარდა ხელშეკრულების გაუქმებისა, აქვს უამრავი საშუალება. ელემენტარულად თბილისის მერიამ თბილისელების მიმართ ჯარიმები რომ არ დაუკმაყოფილოს „სითი პარკს“, უკვე სითი პარკს ჩამოერთმევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ერთი თვით დამნიშნონ პროკურორად, მე გამოვიძიებ ამ საქმეს, დავკითხავ ყველა ჩინოვნიკს, ბევრისგან ისედაც ვიცი არაოფიციალურად ინფორმაცია, ვინ რამდენი ქრთამი გადაიხადა, „სითი პარკმა“ ვის რა წილები გაუყო, ამ კონტრაქტიდან გამომდინარე და მერე ვნახოთ, სითი პარკი გვიჩივლებს თუ არა! არაფერსაც არ გვიჩივლებს, იმიტომ, რომ ვალდებულნი იქნებიან, ჩაჯდნენ 10 წლით ციხეში!
- ანუ თქვენ ამტკიცებთ, რომ ამ ბიზნესში სერიოზულ წილშია ხელისუფლება?
- ხელისუფლებას რომ ვამბობთ, ისე გამოდის, თითქოს გიორგი კვირიკაშვილია წილში. თუ სიმართლეა, სიმართლე იყოს, წილში არის ბიძინა ივანიშვილი! თავის დროზე იყო წილში მიხეილ სააკაშვილი, ხოლო როდესაც პიქსელის შენობაში მოხდა წილების გადაბარება, ინვესტორებისგან, რომლებსაც მანამდე წეწავდა მიშა, ეს წილები გადაიფორმეს ივანიშვილმა და მისი ოჯახის წევრებმა.
„ახალი თაობა“, 04 აპრილი, 2017 წელი
ვიზალიბერალიზების შემდეგ საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობას დიდად არ მოუმატია
შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის დაწყების შემდეგ იყო მოლოდინი, რომ მგზავრთა ნაკადი მკვეთრად მოიმატებდა.
გაიზარდა თუ არა აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობა, როგორია სტატისტიკური მონაცემები ერთი კვირის თავზე? ამის გარკვევას „ახალი თაობა“ როგორც თბილისის, ისე ქუთაისის აეროპორტების ადმინისტრაციაში შეეცადა, თუმცა ამ ინფორმაციის მოპოვება არც ისე ადვილი გამოდგა.
ჩვენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საინფორმაციო სამსახურის მენეჯერ ამირანთან შევძელით გასაუბრება, რომელმაც ჩვენს კითხვაზე, იმატა თუ არა მგზავრთა რაოდენობამ, გვიპასუხა, რომ ამ ინფორმაციას არ ფლობდა.
„მე ამ თემაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ხელმძღვანელობას უნდა დაუკავშირდეთ, თუმცა, მე რაც შემიძლია გითხრათ, დიდი მატება არ არის, ჯერ მხოლოდ ოთხი დღეა გასული“ – გვითხრა ამირანმა.
ბატონმა ამირანმა აეროპორტების გაერთიანების სამსახურთან გადაგვამისამართა და ჩვენ იგივე კითხვით მარიკა ზაუტაშვილს მივმართეთ: „ქალბატონო მარიკა, უვიზო მიმოსვლის შემდეგ იმატა აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობამ? კონკრეტულად რომელი ქვეყნების მიმართულებით არის გაზრდილი მოთხოვნა?“.
მან ასე გვიპასუხა: „ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია. ეს სტატისტიკა თვეების მიხედვით უნდა გაკეთდეს, რომელიმე კონკრეტულ თვეს უნდა შევადაროთ, ასე, დღეების მიხედვით, ვერ გეტყვით“.
ჩვენს თხოვნას – „ხომ შეიძლება, რომ გასული ერთი კვირის შესახებ არსებული ინფორმაცია მოგვაწოდოთ?“, მარიკა ზაუტაშვილმა თავი აარიდა და გვითხრა: „იცით, ამ ინფორმაციას კონკრეტული სამსახური გვაწვდის, მაშინ მათ უნდა ვკითხო, გადავამოწმებთ და დამიკავშირდით“.
ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ ქალბატონმა მარიკამ მოგვწერა, რომ ამ ეტაპზე ამ სახის ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიდა.
ქუთაისის აეროპორტში, ანალოგიური პასუხით, აეროპორტების გაერთიანებაში გადაგვამისამართეს, ამ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი ეს სამსახურიაო. თუმცა, ვერც ამ სამსახურიდან შევძელით კონკრეტული ინფორმაციის მოძიება.
„რეზონანსი“, 04 აპრილი, 2017 წელი
ლარის კურსი: ზედა ზღვარი 2,50, ქვედა – 2,40
„თუმცა თუ კურსი რაღაც მომენტში 2,37-ის ნიშნულს ჩამოსცდა, მერე 2,30-მდე თავისუფლად გამყარდება“
ნათია ლომიძე
ლარმა ყველაზე რთული პერიოდი გადალახა. უკან არის მოტოვებული ზამთრის თვეები და გამორჩეულად აქტიური მარტი. ახლა მთავარი ამოცანა ეროვნული ვალუტის სტაბილურობა და სამომავლო პერსპექტივაა. როგორი იქნება ლარის კურსი უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში? ფინანსისტებმა “ბიზნეს-რეზონანსთან” ისაუბრეს, თუ რამდენად შეინარჩუნებს საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში ლარი სიმყარეს.
სპეციალისტები ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას საგარეო ფაქტორებსაც უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ამერიკის ფედერალური რეზერვების მიერ დაანონსებული საპროცენტო განაკვეთის გაზრდა მორიგ ცვლილებას გამოიწვევს. გამორიცხული არ არის, ივნისიდან ლარის გაუფასურებაც კი დაიწყოს. ფინანსისტებს და სავალუტო ბირჟის ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტის ზედა ზღვარი 2.50-ია, ხოლო ქვედა ზღვარი 2,38-2,40-ის ფარგლებში. უფრო მეტად გამყარება მოსალოდნელი არ არის.
წლევანდელის ანალოგიურად შარშანაც ლარმა გამყარება 2016 წლის მარტის დასაწყისიდან დაიწყო და ეს პროცესი 20 მარტამდე გაგრძელდა. შემდეგ კი ეროვნული ვალუტა რამდენიმე დღის განმავლობაში (31 მარტამდე) უფასურდებოდა, თუმცა 31 მარტიდან მოყოლებული, გამყარების ახალი ტალღა დაიწყო, რომელიც მაისის ჩათვლით გაგრძელდა. იმ პერიოდში ლარი 22 პუნქტით გამყარდა. დაახლოებით იგივე ტენდენციაა წელსაც, ოღონდ გამყარების მასშტაბები შედარებით მოკრძალებულია. წელს მთელი მარტის განმავლობაში ლარმა მხოლოდ 8-9 პუნქტით გაიუმჯობესა პოზიცია.
ეროვნული ვალუტის გამყარების მიზეზები განიხილა “ბიზნეს-რეზონანსთან” ფინანსისტმა ვახტანგ ხომიზურაშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ შარშანდელი ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად განსხვავდება წლევანდელი მოვლენებისგან. მისი აზრით, წელს კურსის სტაბილურობაზე დადებითად იმოქმედა ლარიზაციის პროგრამამ.
“შარშან სხვაგვარი ეკონომიკური გარემო იყო, ვიდრე წელს. ამიტომ პირდაპირი შედარება არასწორი იქნებოდა. მაკროეკონომიკური პარამეტრები განსხვავებული იყო. ახლა ეროვნული ვალუტის გამყარებაზე დადებითად იმოქმედა ლარიზაციის პროგრამამ, უკვე იგრძნობა, რომ გაიზარდა მოთხოვნა ლარზე, რადგან ყველა აქტივი და ტრანზაქცია ეროვნულ ვალუტაში უნდა განხორციელდეს. ბანკებს აქვთ დირექტივა, რომ სესხები გაიცეს ლარში, რაც კურსის გამყარების წინაპირობაა. მიმაჩნია, რომ ლარის ზედმეტად არც გამყარება იქნება კარგი და არც გაუფასურება, მან უნდა იტრიალოს ვიწრო დიაპაზონში, რომ ფულმა იმოძრაოს”, – აღნიშნა ხომიზურაშვილმა და იქვე დასძინა, რომ ლარის კიდევ უფრო გამყარებას, მით უმეტეს 2.30-იან ნიშნულზე ჩამოსვლას, არ ელოდება
“კურსის პროგოზირება ძალიან რთულია. იმისათვის, რომ ლარმა მიაღწიოს 2.30-იან ნიშნულს, ეროვნულმა ბანკმა უნდა მოახდინოს ინტერვენციები სავალუტო ბაზარზე, ანუ უნდა გაყიდოს დოლარი. რასაკვირველია, სებ-ი ამას არ იზამს, რადგან ეს იქნება მისი მხრიდან სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციების უხეში დარღვევა.
რაც შეეხება მთავრობის პოზიციას, არ ვიცი, რატომ უნდა იყოს ხელსაყრელი 2.30-იანი ნიშნული. მე კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს-მთავარი ის კი არ არის, რა ნიშნულზე გაჩერდება სავალუტო კურსი, მთავარია, ლარმა სტაბილურობა შეინარჩუნოს. ეროვნული ბანკის ამოცანა ზუსტად ისაა, რომ ვალუტა ვიწრო დიაპაზონში მერყეობდეს. კურსის მკვეთრი ცვლილება (გამყარება იქნება თუ გაუფასურება) არის ნეგატიური ნიშანი უცხოური პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის. ეს მიანიშნებს ეროვნული ვალუტის არასტაბილურობაზე”, – აღნიშნა ხომიზურაშვილმა.
იგი ვითარებას ეკონომიკურ ჭრილში განიხილავს და აცხადებს, რომ გრძელვადიან პერიოდში ლარის ბედი მთლიანად სამთავრობო გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული. რაც შეეხება სავალუტო ნიშნულს, მაქსიმალური ზედა ზღვარი ლარის კურსისა შეიძლება იყოს 2.50, ხოლო ქვედა ზღვარი – 2.40.
“ვფიქრობ, მოკლევადიან პერიოდში ლარის დღევანდელი მდგომარეობა შენარჩუნდება. არ არის მოსალოდნელი მკვეთრი ცვლილებები. გრძელვადიან პერიოდში ყველაფერი დამოკიდებულია მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაზე. თუ შეიქმნება საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვის წინაპირობა, ეს, რა თქმა უნდა, დადებითი მოვლენა იქნება. ამ შემთხვევაში ლარის გამყარებაც დაიწყება. თუ ეს ნაბიჯები არ გადაიდგმება, მაშინ რთულია, ვივარაუდოთ, რა მოხდება სამომავლოდ. ვფიქრობ, ლარის მაქსიმალური ზედა ზღვარი შეიძლება იყოს 2.50, ხოლო ქვედა ნიშნული – 2.40. შეიძლება გარკვეულ დღეებში 2.38-მდე იმოძრაოს კურსმა”, – აღნიშნა ხომიზურაშვილმა.
რამდენად მოქმედებს საგარეო ფაქტები ლარის კურსზე, ამ საკითხზე ფინანსისტი და ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, თუკი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საპროცენტო განაკვეთი კიდევ გაზარდა, ლარის გაუფასურების ტალღა ქვეყანას ივნისში კიდევ ერთხელ გადაუვლის.
“აშშ საპროცენტო განაკვეთს ალბათ კიდევ გაზრდის. ისინი მომდევნო კვირაში დააკვირდებიან მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას და მხოლოდ ამის შემდეგ გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებას. თუკი დარწმუნდებიან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების აუცილებლობაში, მაშინ მორიგი აწევის მომსწრე ივნისში უნდა გავხდეთ. ამჟამად ალბათობა იმისა, გაიზრდება განაკვეთი – 50%-ია.
ასეთმა განცხადებებმა წინა ხუთშაბათის ვაჭრობაზე უკვე გამოიწვია მოძრაობა საფინანსო ბაზრებზე, რაც დასტურდება იმით, რომ დოლარის ინდექსი 100-დონიანი ნიშნულის მაღლა შენარჩუნდა და, შესაბამისად, სხვა წამყვანი ქვეყნების ვალუტების მიმართ დოლარის ცოტათი გამყარებაც შეინიშნებოდა”, – აღნიშნა შენგელიამ.
მან საშუალო და გრძელვადიან პერიოდზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თუკი აშშ-ში გაიზარდა საპროცენტო განაკვეთი, არ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ლარი 2.40-იან ნიშნულს ჩამოსცდება, კურსი დარჩება იმ დონეზე, რაც დღესაა.
“რაც შეეხება ქართულ ვალუტა ლარს, საბანკო მონოპოლიის ხელში ძნელი სათქმელია, საშუალოვადიან პერიოდში რა პოზიციებზე იქნება იგი, ვგულისხმობ აპრილიდან ივნისის ბოლომდე პერიოდს. 2016 წლის თებერვლიდან 2016 წლის მაისის ბოლომდე ლარი მკვეთრად გამყარდა – 2.50-დან 2.14-მდე. წელსაც რომ ასეთი სცენარი განვითარდება, ამის რეალური ფუნდამენტური საფუძველი არ ჩანს.
ერთი, რისი თქმაც ამ მომენტში შეიძლება, ისაა, რომ თუკი კურსი 2.37-იან ნიშნულს ჩამოსცდება, შემდგომ მის 2.30-მდე გამყარებას ხელს აღარაფერი შეუშლის. ჩვენი აზრით, ამ პერიოდში ლარი დოლართან მიმართებით, საშუალოდ, 2.36-2.49-ის საზღვრებში იმერყევებს, ცდომილებით 0.3%.
კიდევ ერთხელ ვამბობ, თუკი აშშ-ში აიწია საპროცენტო განაკვეთმა, კურსი დარჩება 2.40-ზე. რასაკვირველია, საგარეო ფაქტორები იმოქმედებს ქართულ ვალუტაზე”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” ნიკა შენგელიამ.
„რეზონანსი“, 04 აპრილი, 2017 წელი
მთელი წელი მაღალი ინფლაცია იქნება
მარი ჩიტაია
ინფლაციის ნიშნული მარტში, თებერვალთან შედარებით, 10 წლის წინანდეი მაჩვენებელზე იყო. მარტში, წინა თვესთან შედარებით, შეინიშნებოდა დეფლაცია, მაგრამ ფასების ზრდის წლიურმა ინდექსმა მაინც 5,4 პროცენტს მიაღწია. სპეციალისტები მთელი წლის განმავლობაში მაღალ ინფლაციას ვარაუდობენ. შეიძლება წლის ბოლომდე ფასების საერთო დონე 7%-მდეც კი გაიზარდოს.
სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ვარაუდობს, რომ ინფლაციის განსაზღვრული 4%-იანი ზრდა მთავრობამ უნდა დაივიწყოს, რადგან პროგნოზი რეალურად საკმაოდ გადაჭარბებულია. მაგალითად, მარტში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასების ზრდის დონე 5,4%-მდეა და წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება. 2017 წლის თებერვალში კი საქართველოში ინფლაციის დონემ, წინა თვესთან შედარებით, 1,7 პროცენტი, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაციის დონე) 5,5 პროცენტი შეადგინა.
„მარტში დაფიქსირდა დეფლაცია და ეს მოსალოდნელი იყო კიდევაც. თებერვალში ინფლაცია მივიღეთ ფასების სერიოზული მატების ზრდის ფონზე. მარტში ეს ერთჯერადი კომპონენტი გამოირიცხა. მიუხედავად ამისა, საერთო სურათი არ იცვლება. წელს ვვარაუდობთ, რომ გვექნება გაცილებით მაღალი ინფლაცია, ვიდრე პარლამენტის დადგენილებით ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით იყო განსაზღვრული. 4%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის ზრდა უნდა დავივიწყოთ, რეალური მონაცემი მას საკმაოდ გადააჭარბებს. აღსანიშნავია ისიც, რომ დეფლაციის ასეთი მაღალი ტემპი მარტში არ დაფიქსირებულა 2007 წლის შემდეგ. 10 წლის წინ იყო დეფლაცია 1,1%. სხვა თვეებშიც გვქონდა მიახლოებული მონაცემები, მაგრამ შედარებით ნაკლები მასშტაბის”, – განმარტავს სოსო არჩვაძე. მისი შეფასებით, საბაზრო ეკონომიკის პირობებში დეფლაცია კარგი ტენდენციის მაჩვენებელი არ არის. “დეფლაცია შეიძლება მეტყველებდეს იმაზეც, რომ მოქალაქეების ხელთ არსებული ფულადი სახსრები შემცირდა და მსოფლიო ბაზრებზეც აღარ იაფდება იმპორტირებული საქონლი, რაც შეიძლება მოსახლეობის გადახდისუნარიანობის შემცირების მიზეზი გახდეს.
ეს დასტურდება კვლევებითაც – მოთხოვნა სხვადასხვა პარამეტრით გაუარესებულია, შემცირებულია და ამანაც გამოიწვია ფასების საერთო დონის კლება. დაველოდოთ მომდევნო თვეების, მათ შორის, აპრილის მაჩვენებელს და უფრო მკაფიოდ შევძლებთ დასკვნების გაკეთებას. სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ინფლაცია კიდევ გაიზრდება”, – აცხადებს სოსო არჩვაძე.
ანალოგიური მოსაზრებისაა ეკონომისტი ლევან ქისტაური, რომლის ვარაუდითაც, ინფლაციის ზრდის მიმართულებით მოკლე პერიოდში მნიშვნელოვანი რყევა, შესაძლოა, არ იყოს, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ზრდა მოსალოდნელია.
„ის არგუმენტი, რაც ხელისუფლებას ჰქონდა, რომ ძირითადად იანვარში და შემდეგ თებერვალში მაღალი ინფლაციის გამომწვევი მიზეზი იყო ერთჯერადი (მაგალითად, აქციზების ზრდა), შეიძლება ითქვას, რომ საფუძვლიანია. როგორც ჩანს, ამოიწურა ამ ფაქტორის მოქმედება, მან თავისი ნეგატიური როლი შეასრულა და აისახა სამომხმარებლო ფასებზე. პირველ რიგში, ეს იყო საწვავი და აქედან გამომდინარე ტრანსპორტიც. უკვე მარტის თვეში -0,5%-იანი დეფლაცია გვქონდა. არა მგონია, მოკლე პერიოდში მნიშვნელოვანი რყევა იყოს ფასების ზრდის მიმართულებით, რადგან, ერთი მხრივ, აქციზების ზრდით გამოწვეული ეფექტი უკვე აშკარაა და ასევე დაბალია მოსახლეობის განკარგვადი შემოსავლები. ხალხს ფული არ აქვს და მოხმარება შეზღუდულია, რაც ფასების ზრდაზე შემაკავებლად მოქმედებს. წინასწარ მიჭირს თქმა, როგორი იქნება ინფლაციის მაჩვენებელი მომავალში, თუნდაც შემოდგომაზე, მაგრამ 5-7%-ის ფარგლებშიც რომ დაფიქსირდეს, ბუნებრივია, არ იქნება მცირე”, – განმარტავს ლევან ქისტაური.
როგორც ოფიციალურო მონაცემიდან ჩანს, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები; ბოსტნეული და ბაღჩეული; რძე, ყველი, კვერცხი; ყავა, ჩაი და კაკაო.
მარტში ფასი გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (2,0 პროცენტი), აგრეთვე ზეთსა და ცხიმზე (1,4 პროცენტი), ალკოჰოლურ სასმელებზე (1,8 პროცენტი), თამბაქოზე (0,7 პროცენტი).
„რეზონანსი“, 04 აპრილი, 2017 წელი
ბრძოლა ქართული მიწისთვის
„უცხოელებზე გაყიდვა დაუშვებელია, ამაზე არც უნდა ვბჭობდეთ, რადგან მიწაზე ფასეული ქვეყნისთვის არაფერია“
მარი ჩიტაია
სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელ მოქალაქეებზე მიყიდვის აკრძალვის საკითხმა დიდი დაპირისპირება გამოიწვია. პარლამენტის წევრები მკაცრ რეგულაციას მეტ-ნაკლებად ემხრობიან, თუმცა იმის გამო, რომ პოზიციას ხშირად იცვლის, მთავრობის დამოკიდებულება გაურკვეველია. სპეციალისტების აბსოლუტური უმრავლესობა კი იზიარებს აზრს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწა, როგორც ფასდაუდებელი კაპიტალი, უცხოელებზე არ უნდა იყიდებოდეს.
საკონსტიტუციო კომისია ჯერაც ფიქრობს, რა გადაწყვეტილება მიიღოს სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებში დავით კირვალიძე ფიქრობს, რომ სანამ კონსტიტუციაში უცხოელებზე მიწის მიყიდვის შესახებ ჩაიწერება, ამ საკითხის ირგვლივ ასჯერ უნდა დავფიქრდეთ. მნიშვნელოვანია, რომ თამაშის წესები იყოს მკაფიო და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე.
“გაყიდულს მერე უკან ვეღარ დაიბრუნებ. აქ ძალიან მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, ვინ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას. ხელაღებით არ შეიძლება არაფრის არც აღკვეთა და არც გადაწყვეტა, ასჯერ არის ეს დასაფიქრებელი, შემდეგ არის მისაღები. შეიძლება ისეთ რეგიონზე ვსაუბრობთ, სადაც რესურსი საერთოდ არ გაგვაჩნია; შეიძლება ისეთზე ვსაუბრობთ, სადაც საერთოდ ადამიანი არ არის და, პირიქით, გვჭირდებოდეს ინვესტორის მოყვანა“, – აცხადებს დავით კირვალიძე და დასძენს, რომ საკითხი მიწასთან დაკავშირებით უნდა იყოს ნათლად და მკაცრად რეგულირებული.
არასრულ, თუმცა ნაწილობრივ შეზღუდვაზე საუბრობს “ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტარი კობა ნარჩემაშვილი, რომელიც ამბობს, რომ მიწა შეზღუდული რესურსია და იგი ახლანდელი და მომავალი თაობების საკუთრებაა. საკითხის გადაწყვეტისას გამოიკვეთა, რომ ევროკავშირის სახელმწიფოებში, ჩრდილოეთ ევროპის სახელმწიფოებში, მიწის გასხვისება უცხოეთის მოქალაქეებზე და არარეზიდენტ პირებზე აკრძალულია.
„ჩვენ ამ პრაქტიკის გამოყენება გვინდა საქართველოს კონსტიტუციაში, ასე გვინდა, დავარეგულიროთ საკითხი. ამაში არასწორს უმრავლესობისა და საკონსტიტუციო კომისიის წევრებიც (რომლებიც არ შედიან უმრავლესობის შემადგენლობაში) ვერაფერს ხედავენ”, – ამბობს კობა ნარჩემაშვილი. მისი თქმით, მიწა განსაკუთრებულ შემთხვევებში გასხვისდება, ასეთი შემთხვევა კი კანონმდებლობით და არა კონსტიტუციით დარეგულირდება. განსაკუთრებულ შემთხვევად განიხილავენ დიდი ოდენობით ინვესტიციას, ბევრი ადამიანის დასაქმებას და სხვა საკითხებს.
ასეთი „განსაკუთრებული შემთხვევები“ მიუღებელია აკადემიკოს პაატა კოღუაშვილისთვის, რომელიც წლებია, აცხადებს, რომ ქართული მიწა ერის სიმდიდრეა და იმის გაყიდვა დაუშვებელია. მიდგომა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწა ინვესტიციების მოზიდვის მიზნით გაიყიდოს, დაუშვებელია.
„მსოფლიოს არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ არის მაგალითი, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწა ინვესტიციების მოზიდვის მიზნით იყიდებოდეს. ეს აქსიომაა, არავინ არ ყიდის მიწას. ყველაზე დიდი ეროვნული საგანძურის, კაპიტალის გაყიდვით უნდა მიიღონ ფული? თუ ასეთი რამ უნდა განახორციელონ, მაშინ საქართველომ, ისევე როგორც განვითარებულმა ქვეყნებმა თავის დროზე გააკეთეს, უნდა მიიღოს კანონი “სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში უცხოური ინვესტიციების შესახებ”. თავის დროზე ასეთი კანონი მიიღო აშშ-მაც, სადაც არის განსაზღვრული ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში. ჩვენთან ეს არ ესმით. საკითხი უცნობია ეკონომიკის მინისტრისთვის, რომელსაც არ აქვს გაცნობიერებული ქართული მიწის მნიშვნელობა. ინვესტიციები საშუალო და ღარიბ მცირემიწიან ფერმერობას გააჩანაგებს. კაპიტალდაბანდება მაშინ არის კარგი, როცა იმავე დარგის განვითარებას ემსახურება. მიწისათვის დანიშნულებისა და კატეგორიის შეცვლა ნიშნავს სასიცოცხლო ბაზის შემცირებას ერისათვის”, – აცხადებს პაატა კოღუაშვილი.
რაც შეეხება საერთაშორისო გამოცდილებას, სპეციალისტების განმარტებით, ევროკავშირის ქვეყნებში სახელმწიფო დონეზე (ირლანდია, ჩეხეთი) იკრძალება ან იზღუდება სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ან არარეზიდენტი იურიდიული პირებისათვის გადაცემა. მსგავსი დამოკიდებულებაა ამ საკითხისადმი თურქეთში, ავსტრიაში, იაპონიაში, ისლანდიაში, ახალ ზელანდიაში, მექსიკაში.
ირლანდიის კანონმდებლობის მიხედვით, ამ ქვეყანაში 7-წლიანი ცხოვრების ვადაა საჭირო იმისათვის, რათა მიწის შეძენის მსურველმა განცხადებით მიმართოს მიწის კომისიას. საფრანგეთში შეზღუდულია ვენახების და განსაკუთრებით დიდი ფართობის მიწის შეძენა. აშშ-ში 1978 წელს მიღებულ იქნა ფედერალური აქტი სოფლის მეურნეობაში საზღვარგარეთული კაპიტალდაბანდებების შესახებ. მართალია, ამის მიხედვით დაშვებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვა, მაგრამ ყოველი კონკრეტული შემთხვევა განიხილება ამ ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
მიწის უცხოელებზე გაყიდვას ქვეყნისთვის გადაულახავ პრობლემად მიიჩნევს პროფესორი ბადრი რამიშვილი.
„კატეგორიულად ვეწინააღმდეგები, რომ მიწა სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე გაიყიდოს. ფინანსურად ის შედეგს ვერ მოიტანს, რადგან სოფლის მეურნეობა არ არის ინვესტიციებისთვის ტევადი დარგი, განსაკუთრებით მემცენარეობა. 1 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწაზე შეიძლება განხორციელდეს მაქსიმუმ 1500 ლარის ინვესტიცია, რაც ერთწლიანი კულტურების მოსაყვანად არის საჭირო. ცოტა მეტი – მრავალწლიანი კულტურების მოსაშენებლად. ეს ის კაპიტალი არ არის, რასაც ქართველი ფერმერები ვერ დააბანდებენ სათანადო პოლიტიკის შემთხვევაში. ფინანსურად უჭირს ამ ხელისუფლებას და რატომღაც ჩათვალეს, რომ მიწის უცხოელებზე გაყიდვა გარკვეულ ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს, თუნდაც ლარის გამყარების მიმართულებით. მთელი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიც რომ გავიტანოთ ბაზარზე გასაყიდად, 1 მლრდ დოლარზე მეტს ვერ მივიღებთ. ამაზე ბევრად მეტი რეზერვი აქვს ეროვნულ ბანკს და ვერ აჩერებს ლარის დევალვაციას, მიწის გაყიდვა ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. ის არის მხოლოდ საფრთხე, რაც ხელისუფლებამ შეიძლება დაუძლეველ, გადაულახავ პრობლემად აქციოს”, – აცხადებს ბადრი რამიშვილი.
იმის ნაცვლად, რომ ეროვნულ რესურსს გაუფრთხილდეს, მთავრობა გულგრილ დამოკიდებულებას იჩენს. როგორც პროფესორი ჯუმბერ ფანჩულიძე ამბობს, სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვა ძალიან დიდი საფრთხეა ერისთვის და ამის დაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
„საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გატანა ღია ბაზარზე, სადაც დღეს არ არის არც ერთი კონკურენტუნარიანი საქართველოს მოქალაქე, პრაქტიკულად, ნიშნავს ერთ თაობაში საქართველოს თითქმის მთელი მიწის გადასვლას უცხოელების ხელში. საქართველოს თითქმის ყველა მოქალაქე რჩება ბოგანოდ, რომელიც იძულებული იქნება, იწანწალოს მთელ მსოფლიოში უპრესტიჟო დროებითი დასაქმების საძიებლად. როცა საქმე სასოფლო-სამეურნეო მიწას ეხება, აუცილებლად უნდა გვქონდეს ისეთი საშუალებები, რომელიც ზღუდავს მიწის მიყიდვას არა მარტო უცხოელებისთვის, ასევე სხვა თვალსაზრისითაც. აუცილებლად უნდა გვქონდეს რაღაც ზღვარი, თუნდაც დაუმუშავებელი მიწებისთვის. ჩვენ ადრე გვქონდა ასეთი კანონი, მაგრამ შემდეგ გააუქმეს.
მიტოვებული აქვს ხალხს მიწა და წამოვიდა ქალაქში, რაც არ არის სწორი. სასოფლო-სამეურნეო მიწების 60% დაუმუშავებელია იმის გამო, რომ არ გვაქვს ბერკეტი, არ გვაქვს კანონი, რომ ამ საკითხზე ზემოქმედება მოვახდინოთ. უცხოელებზე გაყიდვა კი ხომ საერთოდ წარმოუდგენელია, ამაზე არც უნდა ვბჭობდეთ, რადგან მიწაზე ფასეული ქვეყნისთვის არაფერია”, – აცხადებს ჯუმბერ ფანჩულიძე.
„რეზონანსი“, 04 აპრილი, 2017 წელი
მთის კანონის ეფექტი ჯერჯერობით უმნიშვნელოა
„დემოგრაფიული მდგომარეობა უარესდება და მთიანი რეგიონებიდან მიგრაცია იზრდება“
თამუნა მუკბანიანი
მთის კანონით გათვალისწინებული სოციალური და საგადასახადო შეღავათებით თითქმის ყველა კმაყოფილია, თუმცა უნდა ითქვას, რომ მთიან რეგიონებში ვითარება დიდად არ შეცვლილა. ადგილობრივები მთავრობის ინიციატივას აფასებენ, სპეციალისტები კი არასაკმარისად მიიჩნევენ. ჯერჯერობით საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნების სურვილს მხოლოდ ერთეულები ამჟღავნებენ.
კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ, პარლამენტმა 2015 წლის სექტემბერში მიიღო და 1 წელიწადში სოციალური და საგადასახადო შეღავათებიც ამოქმედდა.
2016 წლის 1 სექტემბრიდან საპენსიო ასაკს მიღწეულ პირებს, რომლებიც ყოველთვიურად იღებენ სახელმწიფო პენსიას, სოციალური დახმარების სახით ეძლევათ ყოველთვიური დანამატი – სახელმწიფო პენსიის არანაკლებ 20%-ის ოდენობით; განსხვავებულია ელექტროენერგიის ტარიფი, აბონენტს (საყოფაცხოვრებო მომხმარებელს) უნაზღაურდება მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50%, მაგრამ არაუმეტეს მოხმარებული 100 კვტ/სთ ელექტროენერგიის საფასურისა. მთაში სავალალო დემოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე,ოჯახს პირველი და მეორე ბავშვისათვის, რომელთა ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად მიეცემა ფულადი დახმარება – არანაკლებ 100 ლარი, ხოლო მესამე და ყოველი შემდგომი ბავშვისათვის – 2 წლის განმავლობაში ყოველთვიურად არანაკლებ 200 ლარისა. მასწავლებელს ეძლევა დანამატი საჯარო სკოლის საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35%-ის ოდენობით.
კანონით გაწერილ საგადასახადო შეღავათებს შორისაა ფიზიკური ან იურიდიული პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლება; ის, ვინც მთაში ეწევა საქმიანობას, თავისუფლდება მოგებისა და ქონების გადასახადისაგანაც.
“ბიზნეს-რეზონანსი” შეეცადა, გაერკვია, რამდენად მუშაობს ხელისუფლების ინიციატივა და იგრძნეს თუ არა შეღავათი მაღალ მთიან რეგიონში მცხოვრებმა ადამიანებმა. შეიძლება ითქვას, გარკვეული ძვრა უკვე შეინიშნება, თუმცა მასშტაბური ცვლილება კანონის ამოქმედებას არ მოჰყოლია.
ბექა გერლიანი, რომელიც კოდორის ხეობიდანაა, ოჯახითურთ მესტიაში საცხოვრებლად გადასვლას და მცირე ბიზნესის წამოწყებას გეგმავს. რადგან მას მშობლიურ სოფელში დაბრუნების შესაძლებლობა არ ეძლევა, ქორწინების შემდეგ გადაწყვიტა, მესტიაში გადავიდეს საცხოვრებლად.
„სვანეთში, კოდორის ხეობაში გავიზარდე. მოგეხსენებათ, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგ იქ ჩასვლის შესაძლებლობა აღარ არსებობს. უკვე 9 წელია, დავნილის სტატუსით თბილისში ვცხოვრობ. რამდენიმე თვის წინ დავქორწინდი, მეუღლეც სვანია, თუმცა იქ არასდროს უცხოვრია. მიუხედავად ამისა, გადავწყვიტეთ, მესტიაში საცხოვრებლად გადავიდეთ. უკვე ბევრი რამ გავარკვიეთ და მცირე ბიზნესის წამოწყებასაც ვაპირებთ. კაფეს ვხსნით, რომელიც სულ მალე დაიწყებს ფუნქციობას მესტიაში. მე სალოტბაროზე ვსწავლობ და ვფიქრობ, ჩემი პროფესიული კუთხით განვითარების საშუალებაც უფრო მეტად მომეცემა და უცხოელ ტურისტებსაც მეტად დავანახებთ ქართული ფოლკლორის სილამაზეს“, – ამბობს “ბიზნეს-რეზონანსთან” ბექა გერლიანი.
ნოდარ პოხოსაშვილი ფშავიდანაა და წელიწადში რამდენიმე თვეს იქ ატარებს. მისი თქმით, კანონი ვერაფერს შეცვლის, თუ მოსახლეობისთვის ინფრასტრუქტურული პრობლემები არ მოგვარდება.
„უკანაფშავის სოფელ ვაკესოფლიდან ვარ და იქ ვატარებ მაისიდან სექტემბრამდე პერიოდს. ეს ამ დაახლოებით 20 კილომეტრზე გაშენებული თემის ბოლო სოფელია. მე სტუდენტი ვარ, ამიტომაც იქ მუდმივად ცხოვრებას ვერ ვახერხებ. მთის კანონის ამოქმედების შემდეგ რეალურად არაფერი შეცვლილა. როდესაც კანონი იქმნებოდა, დიდი მოლოდინი იყო, რომ რამე რეალურად შეიცვლებოდა და ხალხიც დაბრუნდებოდა, მაგრამ ფაქტობრივი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, უბრალოდ, ჩაეწერნენ ის ადამიანები, ვისაც სახლები აქვთ, დაბრუნებით კი არავინ დაბრუნებულა.
ჩემი აზრით, ეს კანონი ვერ შეცვლის მდგომარეობას ვერც მომავალში, რადგან მაღალმთიანი სოფლების რეალური პრობლემა სულ სხვაგვარია. იქ მყოფმა ადამიანებმა უნდა იგრძნონ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში. ჩემი თემის მაგალითზე შემიძლია ვისაუბრო, სადაც 5-6 სოფელს ელექტროენერგია საერთოდ არ აქვს, მობილური არ იჭერს, სოფლებამდე მისასვლელი გზაც პრობლემურია. არის სოფლები, სადაც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს და სამანქანო გზა საერთოდ არ არის. სანამ ეს ელემენტარული პრობლემები არ გადაიჭრება, სახელმწიფომ როგორი სოციალური პაკეტებიც უნდა შესთავაზოს მთის მოსახლეობას, არაფერი შეიცვლება”, – ამბობს ნოდარ პოხოსაშვილი.
აკადემიკოსი ავთო სილაგაძე მიიჩნევს, რომ მთის კანონის ამოქმედებიდან საკმაოდ მცირე დროა გასული, ამიტომაც სრულ შედეგებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა მოსახლეობის მთაში დაბრუნების მხრივ დადებით ტენდენციას ხედავს.
„ფაქტი, რომ მაღალმთიან რეგიონებში სოციალური და საგადასახადო შეღავათები დაწესდა, უდავოდ დადებითია. არსებობს ინფორმაციებიც, რომ მოსახლეობის ნაწილი, რომელიც წარმოშობით მთის რეგიონებიდანაა, ცდილობს, იქ დაბრუნდეს და მიიღოს ის სარგებელი, რაც მათ სახელმწიფომ მთაში ცხოვრების შემთხვევაში მიანიჭა. ჯერ სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, ამ კანონმა რა გავლენა მოახდინა მოსახლეობის მთაში დაბრუნებაზე, შესაბამისად. კანონის ძალაში შესვლიდან წელიწადნახევარია გასული და ჯერ სრული ეფექტი ვერ შეფასდება.
საწარმოებისა და მეწარმეობის კუთხით კიდევ უფრო რთულია შეფასება, თუმცა შეღავათიანი პირობები, რასაკვირველია, მისასალმებელია. ვფიქრობ, აუცილებელია, შესაბამისმა სამსახურებმა წარმოადგინონ სრული ინფორმაცია, თუ რა შედეგი მოიტანა აღნიშნულმა კანონმა”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” სილაგაძემ.
დემოგრაფი ავთანდილ სულაბერიძე მიიჩნევს, რომ მთის კანონს მნიშვნელოვანი შედეგი არ ექნება, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე ჩამოსახლებულია როგორც ბარში, ასევე საზღვარგარეთ.
“შემოდგომაზე ჩავატარეთ კვლევა, რომელიც გვაჩვენებს, რომ როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე მთიან რაიონებშიც შობადობა შემცირებულია. მიუხედავად მთის კანონის ძალაში შესვლისა, დემოგრაფიული მდგომარეობა იქ წლიდან წლამდე მძიმდება და მთიანი რეგიონებიდან მიგრაცია იზრდება. ჩემთვის უცნობია, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ რეალურად რა ღონისძიებები გატარდა. მე პირადად მეეჭვება, რეალური შედეგი ჰქონდეს ამ კანონს, რადგან მისი ამოქმედება უკვე დაგვიანებულია. ახალგაზრდობა ან უცხოეთში მიდის, ან თუ ამას ვერ ახერხებს, ბარს ეხიზნება საცხოვრებლად.
გარდა კანონის ფორმალური ამოქმედებისა, არ უმჯობესდება მათი სოციალური პირობები და ადგილზე მისასვლელი გზაც კი არ არის ხშირ შემთხვევაში. დემოგრაფიული აღორძინების ფონდი ამბობს, რომ 19 ღონისძიება გაატარეს დემოგრაფიული ვითარების გამოსასწორებლად, ამ დროს კი იზრდება სიკვდილიანობა და მცირდება შობადობა”, – ამბობს ავთანდილ სულაბერიძე.
სტატუსის მინიჭების მოთხოვნის უფლება აქვს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ერთდროულად შემდეგ სამ პირობას: ა) არის საქართველოს მოქალაქე; ბ) რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში; გ) ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით, ფაქტობრივად, ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში. კანონის მიზანია მთის გადარჩენა, იქ მცხოვრები ადამიანების მიგრაციის შეჩერება და საზოგადოების დაბრუნება მთაში. კანონის ძალაში შესვლიდან დიდი დრო არ გასულა, ამიტომ მისი შედეგი ჯერჯერობით უცნობია.
„რეზონანსი“, 04 აპრილი, 2017 წელი
თავდასხმა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეზე
ნინო ქეთელაური
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს თავს დაესხნენ. შემთხვევა მის სახლთან მოხდა, ორმა ნიღბიანმა მძიმე დაზიანებები თავის არეში მიაყენა. აღნიშნულ ფაქტს მისი მეუღლეც შეესწრო. ხვედელიძის მეუღლის განცხადებით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ისინი სახლიდან გამოდიოდნენ. მარეხ ფერაძის თქმით, მან სცადა, ერთ-ერთი თავდამსხმელისთვის ნიღაბი ჩამოეხსნა, თუმცა ვერ მოახერხა. მისივე განცხადებით, თავდამსხმელები, სავარაუდოდ, 25-30 წლის ასაკის იყვნენ.
„ჩამოვდიოდით სახლიდან და უცებ ორი პირი დაგვესხა თავს. არ ვიცი, ვინ არიან. ვცდილობდი, ერთ-ერთი მათგანისთვის ნიღაბი ჩამომეხსნა, მაგრამ გაქცევა მოახერხა. დაახლოებით 25-30 წლის იყვნენ. შურისძიებას გამოვრიცხავ. ვერსიები არ გვაქვს,” – განაცხადა მარეხ ფერაძემ. გელა ხვედელიძე “ნიუ ჰოსპიტალში” მოათავსეს, მას თვალისა და ყბის ორი ოპერაცია დასჭირდა.
როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დეტალებზე სამინისტროში არ საუბრობენ. შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, გელა ხვედელიძის საქმეში ამ ეტაპზე ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიგურირებს.
„ძალიან სწრაფად მოხდა ამ საკითხზე რეაგირება. პირველადი მონაცემები რაც გვაქვს, არის ის, რომ საქმეში ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიგურირებს. დანარჩენ დეტალებს გამოძიება დაადგენს, რომელიც დაწყებულია და ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ ეტაზე რაიმე მოტივზე საუბარი ნაადრევია,” – განაცხადა ხუციშვილმა.
თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზე ჟურნალისტი ელისო კილაძე დაიბარეს. როგორც ის აცხადებს, თავდასხმის მომენტში ხვედელიძე ტელეფონით სწორედ მას ესაუბრებოდა.
ელისო კილაძე ირწმუნება, რომ გელა ხვედელიძეზე თავდასხმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, შურისძიებაა, რომლის შესახებაც შესაბამისი გზავნილები მათ ჯერ კიდევ 2 დღის წინ მიიღეს.
“ეს არ იყო უბრალოდ თავდასხმა და არც ყაჩაღობის მიზნით. იმიტომ, რომ ჩვენ წუხელ ღამით მივიღეთ ინფორმაცია ამის თაობაზე. გელა ხვედელიძე იყო ჩემთან და მითხრა, რომ იოსებ გოგაშვილი არის წყობიდან გამოსული იმ მასალების გამო, რაც მე გამოვაქვეყნე და იმ მასალების გამო, რის გამოქვეყნებასაც მომავალში ვაპირებდი. საქმე ეხება სინთეტიკური ნარკოტიკის, ე.წ. ბიოს დაკრიშვას გოგაშვილის მიერ. მასალებს, რომელიც გაზეთში უნდა გამოქვეყნებულიყო. გაგვაფრთხილეს პირდაპირი მნიშვნელობით, რომ ვყოფილიყავით ძალიან ფრთხილად, იმიტომ, რომ ის ჩიხშია მოქცეული, როცა უჩა მამაცაშვილმა უარი უთხრა მფარველობაზე, როცა ივანიშვილმა თქვა, რომ ის სამსახურიდან უნდა წავიდეს, როცა ვერ მოახერხა ჩემი შვილის დაჭერით ჩემი გაჩუმება, ის ჩაიდენდა გამოუსწორებელ შეცდომას. თუ გამოუსწორებელი შეცდომა გელა ხვედელიძეზე თავდასხმა იქნებოდა, რა თქმა უნდა, ამას ვერ ვივარაუდებდით,” – აცხადებს ელისო კილაძე.
შეგახსენებთ, რომ გელა ხვედელიძე შს მინისტრის-ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილედ 2012 წელს დაინიშნა. 2013 წლის მაისში ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების გამო დააკავეს. მას ბრალად ედებოდა პირადი საიდუმლოების ხელყოფა. მოგვიანებით თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 5 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.