globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 10 აპრილი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Apr 10th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«RFE//RL – თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): საქართველოს ამბების მიმოხილვა: აქცენტები პრეზიდენტის ანგარიშში, „აირაი“-ს გამოკვლევა და ქართული პოლიციის ურთიერთობა „ევროპოლთან“

«RFE//RL – თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): ავკარგიანი „დარიალი ჰესი“ // მოგება, რომელიც წაგების ტოლფასია: „შესაძლოა „დარიალი ჰესსაც“ იგივე ბედი ეწიოს, როგორიც „ლარსი ჰესს“, რომელიც უკვე სამჯერ დაანგრია მეწყერმა“

«Российская газета» (რუსეთი): დაბრუნება „ალანეთში“ // სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმი ჩატარდა

—————–

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 09 აპრილი, 2017 წელი

http://www.radiotavisupleba.ge/a/kviris-mimokhilva/28419003.html

საქართველოს ამბების მიმოხილვა: აქცენტები პრეზიდენტის ანგარიშში, „აირაი“-ს გამოკვლევა და ქართული პოლიციის ურთიერთობა „ევროპოლთან“

ამერიკულმა რადიოსადგურმა „თავისუფალი ევროპა//თავისუფლების“ ქართულმა სამსახურმა გამოაქვეყნა და ეთერში გადასცა ტრადიციული ყოველკვირეული მიმოხილვა საქართველოში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ, რომელშიც, საზოგადოებრივი განწყობების გარდა, ქვეყნის განვითარების დინამიკაც შეფასდა (ავტორი – ნონა მჭედლიშვილი).

გთავაზობთ მიმოხილვის თემატიკას:

ა) პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტში

„ქართული ოცნების“ ე.წ. „გიგანტურმა უმრავლესობამ“, საპარლამენტო ოპოზიციასა და სამთავრობო გუნდთან ერთად, გასული კვირის ბოლოს ექვსსაათიან პოლიტიკურ დებატებში მიიღო მონაწილეობა. პოლიტიკური დებატები, თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოჰყვა. გიორგი მარგველაშვილი ამ ანგარიშით პარლამენტის ტრიბუნაზე 7 აპრილს ავიდა და თავის მოხსენებაში დასმული აქცენტებით მმართველი გუნდის ცალსახა უკმაყოფილება და კრიტიკა დაიმსახურა. პრეზიდენტმა, კერძოდ, განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარ თავშია ჩაკეტილი და უარს ამბობს პოლიტიკურ დიალოგზე, რომ მის მიერ გატარებული რეფორმები სასურველი დინამიკითა და ეფექტურობით არ გამოირჩევა და სათანადოდ ვერ უპასუხებს ქვეყნის ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა უმუშევრობა, სიღარიბე, ინფლაცია, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ასე შემდეგ. პრეზიდენტის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც, რომელშიც მან ახალი, ძლიერი პოლიტიკური აქტორების გამოჩენა ისურვა:

„მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს. ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები. ჩვენ გვჭირდება რეალური თვითმმართველობა, გვჭირდება საარჩევნო რეფორმა და ამ საკითხებში თქვენს კონსოლიდირებულ ძალისხმევას ვუჭერ მხარს. მაგრამ უმნიშვნელოვანესია ჩვენს საზოგადოებას ახალი არჩევანი ძლიერმა პოლიტიკურმა აქტიორებმა შესთავაზონ. ქართული დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ძლიერი პოლიტიკური მოთამაშეების ჩამოყალიბება. მოძებნეთ გამაერთიანებელი იდეები, იპოვეთ ერთმანეთთან მისასვლელი გზები და მრავალჯერ იმედგაცრუებულ ამომრჩეველს შესთავაზეთ ძლიერი არჩევანი“.

ამ ანგარიშის ბოლოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა ეგრეთ წოდებული მოსმენების კანონთან დაკავშირებით მხარი დაუჭიროს მოქალაქეების სარჩელს და საკონსტიტუციო სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართოს. საზოგადოებრივი კამპანია „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში გასულ სამუშაო კვირაში ინდივიდუალური სარჩელების ერთი ნაწილი სასამართლოში უკვე შევიდა. კამპანიის წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სასამართლოში ეგრეთ წოდებული მოსმენების ვეტოდაძლეული კანონი რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა გაასაჩივროს. სარჩელების ელექტრონული ფორმა რამდენიმე ასეულმა მოქალაქემ შეავსო.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საპარლამენტო მდივანი ლიკა საჯაია ამბობს: „მიღებული კანონით ძალაში დარჩა იგივე სისტემა, რაც ერთი წლის წინ არაკონსტიტუციურად ცნო საკონსტიტუციო სასამართლომ. ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კვლავაც აქვს პირდაპირი და შეუზღუდავი წვდომა მოქალაქეთა კომუნიკაციაზე… ამიტომ, ჩვენ კვლავ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა მან კიდევ ერთხელ თქვას, რამდენად შესაბამისობაშია არსებული სისტემა საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის პირადი ცხოვრების დაცვის უფლებასთან. იმედი გვაქვს, რომ ეს საქმე მალე გადაწყდება… ამ შემთხვევაში ძალიან კარგია, თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს რაც შეიძლება მეტი პირი, რაც შეიძლება მეტი ორგანიზაცია, რაც შეიძლება მეტი კონსტიტუციური ორგანო – პრეზიდენტი და სახალხო დამცველი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მონაწილეობაც უნდა შეფასდეს დადებითად“.

ლიკა საჯაიას თქმით, მოქალაქეების ინდივიდუალურ სარჩელებს „ეს შენ გეხება“ საკონსტიტუციო სასამართლოში მომავალ კვირაში გაგზავნის. გასულ კვირაში კი ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის გარდა, საკონსტიტუციო სასამართლოს სახალხო დამცველიც მიმართავს. კამპანიაში ჩართულია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილიც.

ბ) პარტიათა რეიტინგები და საზოგადოების განწყობები – IRI-ს გამოკვლევის შედეგები

პოლიტიკური რეიტინგები და საზოგადოებრივი განწყობები საქართველოში გასულ სამუშაო კვირაში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI – „აირაი“) გამოკვლევაში აისახა. გამოკვლევის თანახმად, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ამომრჩეველთა 30-პროცენტიანი მხარდაჭერით სარგებლობს, ხოლო რეიტინგით მეორე „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს 15 პროცენტი უჭერს. 8 პროცენტით მესამე ადგილზეა „მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველო“. მომდევნო ადგილებს იყოფენ ლეიბორისტული პარტია (6%), „პატრიოტთა ალიანსი“ (4%) და „თავისუფალი დემოკრატები“ (3%). პოლიტიკური რეიტინგების პარალელურად, სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა საზოგადოების პოზიცია ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროსტრუქტურებთან ინტეგრაციის მიმართულებით. კერძოდ, „აირაი“-ს გამოკვლევის თანახმად, ევროინტეგრაციის მხარდამჭერთა რაოდენობამ უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია: ჯამურად, გამოკითხულთა 90% (64% – სრულად და 26% – ნაწილობრივ) ემხრობა საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში, ნატოში გაწევრიანებას კი, ჯამში, 82% ემხრობა (56% – სრულად, 26%-ნაწილობრივ). აქვე აღვნიშნავთ, რომ, საქართველოს პროდასავლური ორიენტაციის მხარდაჭერის კვალდაკვალ, რუსეთთან ურთიერთობის შენარჩუნების მომხრე გამოკითხულთა 53 პროცენტია, 73 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ რუსეთი ის ქვეყანაა, რომლისგანაც საქართველოს ყველაზე მეტი ხიფათი ელოდება.

როგორც რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ამბობს, გამოკვლევის შედეგების მიხედვით მოსახლეობის დამოკიდებულება ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან მიმართებით მყარია. მასში ასევე ჩანს  მოსახლეობის ნაწილის გადანაცვლების ტენდენცია ევროსკეპტიკოსთა რიგებიდან ევროპის მომხრეთა რიგებში. ამასთან, კახა გოგოლაშვილის თქმით, ევროპული ინტეგრაციისადმი მზარდი მხარდაჭერის მაჩვენებელი მნიშვნელოვანია არსებული ნეგატიური პროპაგანდის ფონზეც: ​„აი, მაგალითად, ზეწოლა. შეიძლება არსებობს პოზიტიური ზეწოლა ცნობიერებაზე, რომ ევროინტეგრაცია, ზოგადად, კარგია, უვიზო მიმოსვლა იქნება და ამას მოაქვს თავისი სიკეთეები, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ნეგატიური ზეწოლაც ძალიან ძლიერი იყო და ხიფათი, რომ, შესაძლოა, ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა შემცირებულიყო, ძალიან მაღალი, იმიტომ, რომ ვხედავთ მეზობელ თურქეთს, რომელიც სულ უფრო და უფრო ხდება ევროსკეპტიკური, არის ლტოლვილთა კრიზისი, რომელიც ასუსტებს ევროპას, ბრექსიტის ასეთი დიდი გაპიარება ყველგან, განსაკუთრებით, ანტიევროპულ წრეებში და ანტიევროპულ მედიაში, რომ ხედავთ, იშლება ევროკავშირი და გარბიან სხვები და რა დროს ჩვენი იქ შესვლაა, და, თუ გნებავთ, რუსული პროპაგანდა, ანუ უარყოფითი წნეხი იყო ძალიან დიდი და წარმოიდგინეთ, რომ არის დიდი ნაკადი და ამის წინააღმდეგ მიცურავს ჩვენი საზოგადოება“.

გ) საქართველოჰიბრიდულ რეჟიმადრჩება - „ფრიდომ ჰაუს“-ის გამოკვლევის შედეგები

გასულ სამუშაო კვირაში ცნობილი გახდა „ფრიდომ ჰაუსის“ გამოკვლევის შედეგებიც. კვლევამ სახელწოდებით „სახელმწიფოები გარდამავალ პერიოდში“ აჩვენა, რომ საქართველო „ჰიბრიდულ რეჟიმად“ რჩება და დემოკრატიის განვითარების კუთხით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთისა და ევრაზიის 29 ქვეყანას შორის მე-17 ადგილზეა. საქართველოს დემოკრატიის განვითარების დონეს „ფრიდომ ჰაუსი“ 4,61 ქულით აფასებს. ამდენივე ქულა ჰქონდა ქვეყანას შარშანაც. „საქართველოს რაც შეეხება, მისი ქულა არ შეცვლილა ამ ანგარიშში ასახულ წელს – 2016 წლის იანვრიდან 31 დეკემბრამდე. ამავე დროს, უნდა ითქვას, რომ 2016 წელი საქართველოში მნიშვნელოვანი მოვლენებით გამოირჩეოდა საპარლამენტო არჩევნებისა და მისი, მართლაც, გასაოცარი შედეგების გამო. „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა, რასაც მოჰყვება გარკვეული პოლიტიკური შედეგები, რომლებმაც, შესაძლოა, საქართველოს ტრაექტორია შეცვალოს. ინტერესით მოველით, რას აპირებს „ქართული ოცნების“ ეს გიგანტური უმრავლესობა, როგორ აპირებს ქვეყნის მართვას“, – უთხრა რადიო „თავისუფლებას“ ნეიტ შენკანმა, „ფრიდომ ჰაუსის“ პროექტის დირექტორმა.

დ) საქართველო - ევროპოლისსტრატეგიული და ოპერატიული პარტნიორი

გასულ სამუშაო კვირაში საზოგადოებამ ასევე შეიტყო, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს შესაძლებლობა ექნება უსაფრთხო კომუნიკაციის არხის საშუალებით „ევროპოლსა“ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან გაცვალოს დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები. შეთანხმება 4 აპრილს გაფორმდა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის, თანახმად, ამ შეთანხმებით, საქართველო „ევროპოლის“ სტრატეგიული და ოპერატიული პარტნიორი გახდა, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კი ამბობს, რომ შეთანხმება ერთი-ორად ზრდის საქართველოს პასუხისმგებლობას ევროკავშირთან თანამშრომლობის პროცესში: „ამ შეთანხმების ძალაში შესვლით საქართველო თანდათან ხდება ევროპული წესრიგის განუყოფელი ნაწილი, ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი სამართალდაცვით სფეროში. შესაბამისად, ჩვენ გვექნება უსაფრთხოების სრულიად სხვა შესაძლებლობები. გვექნება ყველა საშუალება იმისათვის, რომ ერთობლივი ბრძოლა ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ იყოს კიდევ უფრო ეფექტიანი. ჩვენ გვექნება ყველა პირობა საიმისოდ, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობა ევროპის სამართალდამცავ უწყებებთან“.

საქართველო-„ევროპოლს“ შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ძალაში საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირების შემდეგ შევა.

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 09 აპრილი, 2017 წელი

http://www.radiotavisupleba.ge/a/gaikhsna-dariali-hesi/28417843.html

ავკარგიანიდარიალი ჰესი

მოგება, რომელიც წაგების ტოლფასია: „არაა გამორიცხული „დარიალი ჰესსაც“ იგივე ბედი ეწიოს, როგორიც ლარსი ჰესს, რომელიც უკვე სამჯერ დაანგრია მეწყერმა

თეა თოფურია

8 აპრილს ყაზბეგის ხეობაში „დარიალი ჰესი“ გაიხსნა. „დარიალი ჰესის“ სიმძლავრე 108 მგვტ-ია და წლიურად 510 მილიონ კილოვატ საათს გამოიმუშავებს. ჰესი მდინარე თერგზე აშენდა. მთავრობის წევრები პროექტს დადებით შეფასებას აძლევენ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ჰესი მეწყერულ ზონაშია და, შესაძლოა, ვერც იმუშაოს.

„დარიალი ჰესი“ მთავრობის წევრებმა საზეიმოდ გახსნეს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ „დარიალი ჰესი“ მნიშვნელოვანია ენერგოდამოუკიდებლობის თვალსაზრით, რაც, თავის მხრივ, პოლიტიკურ დამოუკიდებლობაზეც მოქმედებს: „დარიალი ჰესი“ არის ყველაზე მძლავრი და თავისი კონსტრუქციით, მართლაცდა, განსხვავებული სადგური, რომელმაც უკვე საფუძველი ჩაუყარა სხვა ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში, ვინაიდან არაერთი ჰიდროელექტროსადგური ამ მოდელით შენდება“.

პროექტი განახორციელა კომპანია „დარიალი ენერჯიმ“. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ „დაახლოებით, 123 მილიონი დოლარი დაიხარჯა ამ პროექტის განხორციელებაში. არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკით“.

„დარიალი ჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მთელი რიგი შენიშვნები აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“. ორგანიზაციის წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი ამბობს, რომ ყაზბეგის ხეობაში აგებულ ჰესთან დაკავშირებით საჩივარიც აქვთ შეტანილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში, რომელიც ამ პროექტის ერთ-ერთი დამფინანსებელია. მისი თქმით, ბანკის გადაწყვეტილება დღე-დღეზე გამოქვეყნდება: „ჩვენ მიერ წამოწეული პრობლემური საკითხებიდან რამდენიმე სრულად აღიარა ბანკის დამოუკიდებელი გასაჩივრების მექანიზმმა“.

დავით ჭიპაშვილი ამბობს, რომ მთავარი პრეტენზია, რაც, ზოგადად, ჰესების მიმართ აქვთ, არის ის, რომ მათი აშენების საჭიროება ციფრებით არ დასტურდება. კერძოდ, არ ჩანს, რომ ჰესების მიერ მოტანილი სარგებელი ღირს იმ ზიანად, რაც მათი აშენების შედეგად ბუნებას ადგება. რაც შეეხება „დარიალი ჰესს“: „მისი მდგრადი მუშაობა ძალიან, ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რაც დაადასტურა დევდორაკის მოვლენებმა როგორც 2014 წელს, ასევე 2016 წელს. „ლარსი ჰესი“ , რომელიც „დარიალი ჰესის“ ქვედა დინებაში მდებარეობს, დღემდე დანგრეულია. დევდორაკი არ არის ისეთი ღვარცოფული მდინარე, რომელიც ერთხელ ჩამოვა და მერე ათასი წელი გაჩერებულია. ეს არის ღვარცოფი, რომელიც მყინვარიდან იღებს სათავეს და მუდმივად ჩამოიშლება. თვითონ პროექტი და, საერთოდ, ის ტერიტორია ძალიან სერიოზული საფრთხის ქვეშ დგას ამ გაზაფხულსაც“.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით კი, დევდორაკ-ამალის ხეობაში დამონტაჟებულია უახლესი ტექნოლოგიის ადრეული შეტყობინების სისტემა. ის მყინვარისა და მდინარის ხეობაში წყლის დონეს აკონტროლებს და ამით მოსალოდნელი სტიქია პროგნოზირებადი ხდება. ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, თავის მხრივ, ამბობს, რომ ამ ჰესის მეშვეობით რეგიონი ორმილიონნახევარი ლარით მეტ შემოსავალს მიიღებს. ამასთან, ამ ენერგოობიექტზე დასაქმდება 80 ადამიანიც.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მთის განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელი შოთა ბუჩუკური ამბობს, რომ ყაზბეგის მოსახლეობა ჰესის მიმართ არაერთგვაროვნადაა განწყობილი. გარდა ამისა, ის არ არის დარწმუნებული, რომ 80 დასაქმებულიდან ყველა ადგილობრივი იქნება. როგორც შოთა ბუჩუკური აღნიშნავს, „როგორ იმუშავებს და რა იქნება, ამას ვერ გეტყვით ნამდვილად წინასწარ. თუმცა ეს ჰესიც ისეთ ზონაშია აშენებული, სადაც პერიოდულად გამოდის მეწყერი და საკმაოდ დიდი ეჭვებია მასთან დაკავშირებითაც – შესაძლოა, იგივე ბედი ეწიოს, როგორიც „ლარსი ჰესს“, რომელიც უკვე სამჯერ დაანგრია მეწყერმა“.

———-

[დაბა ყაზბეგში აწ უკვე გაჩერებული (მწყობრიდან გამოსული) ლარსი ჰესი 2014 წლის 24 იანვარს გახსნა. ცერემონიას ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ, ასევე ჰესის დეველოპერი კომპანიფერი“-ს წარმომადგენლები. ჰესის მშენებლობა 2011 წელს დაიწყო, პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო].

«Российская газета» (რუსეთი), 10 აპრილი, 2017 წელი

https://rg.ru/2017/04/09/v-iuzhnoj-osetii-odnovremenno-s-vyborami-prezidenta-proshel-referendum.html

დაბრუნება „ალანეთში“

სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმი ჩატარდა

სტატია ეხება ე.წ. „სამხრეთ ოსეთში“ ცხრა აპრილს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს და რეფერენდუმს რესპუბლიკისათვის სახელწოდების შეცვლის („სამხრეთ ოსეთი//ალანეთი“) შესახებ (ავტორი – კონსტანტინ ვოლკოვი).

პუბლიკაციაში ძირითადად საუბარია რეფერენდუმთან დაკავშირებულ საკითხებზე: ვის მოუვიდა თავში აზრად მისი ჩატარება, რა მიზეზებმა განაპირობა სახელწოდების შეცვლა და ა.შ. ავტორი აღნიშნავს, რომ რეფერენდუმის გამართვის ინციატორი მოქმედი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვია, რომელმაც ჯერ კიდევ გასულ წელს განაცხადა „სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის სწრაფვა თავისი სახელმწიფოს უძველესი სახელის აღდგენის შესახებ“. სტატიაში ნათქვამია, რომ „ალანეთი იყო ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები სკვით-სარმატული ტომების გაერთიანება, რომელიც სახელმწიფოდ ჩვ.წელთაღრიცხვით I საუკუნეში ჩამოყალიბდა. მეცნიერთა აზრით, ეს ტერმინი „არიულს“ ნიშნავს. 916 წელს ალანეთში ბიზანტიიდან ქრისტიანობა გავრცელდა. მონღოლების შემოსევის შედეგად (1238-1239 წლებში) ალანეთის სახელმწიფომ თავისი არსებობა შეწყვიტა. ალანების მემკვიდრეებად, ოსებთან ერთად, ითვლებიან ინგუშები, ყარაჩაელები და ბალყარელები.

———

შენიშვნა: გაზეთის ნომრის გამოსვლისას ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის წინასწარი შედეგები. როგორც რუსული მასმედია დღეს, 10 აპრილის დილის მდგომარეობით იუწყება, ანატოლი ბიბილოვის საარჩევნო შტაბის მონაცემებით, არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა სწორედ ანატოლი ბიბილოვმა მიიღო – 54%-ზე მეტი. ცესკოს განცხადებით კი, ჯერ-ჯერობით ხმების დათვლა გრძელდება, თუმცა მკაფიოდ არის გამოკვეთილი ანატოლი ბიბილოვის უპირატესობა. სხვათა შორის, მან უკვე გამოაცხადა, რომ მეორე ტური საჭირო არაა, იგი გამარჯვებულია. ცესკო ოფიციალურად წინასწარ შედეგებს ნაშუადღევს გამოაქვეყნებს.

რაც შეეხება რეფერენდუმის შედეგებს, ამომრჩეველთა 78%-მა მხარი დაუჭირა სახელის გადარქმევას: „სამხრეთ ოსეთი//ალანეთი“.

Comments are closed