globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 11 აპრილი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Apr 11th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«RFE//RL – თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ არჩევანი: ახალი სახელწოდება და ახალი „პრეზიდენტი“

«Der Standard» (ავსტრია): სამხრეთ ოსეთმა ხმა მისცა სახელწოდების „ალანეთად“ შეცვლას // რეფერენდუმთან ერთად საპრეზიდენტო არჩევნებიც ჩატარდა: გამარჯვებულს რუსეთის „ჩრდილო ოსეთ-ალანეთთან“ გაერთიანება სურს

«Каспiй» (აზერბაიჯანი): ფსევდოგადარქმევა // სეპარატისტები ბიუჯეტს ანიავებენ, ცუდი მაგალითი გადამდებია

«Московский комсомолец» (რუსეთი): რატომ შეუცვალეს სახელი სამხრეთ ოსეთს „ალანეთად“: „ეს ყველაფერი თამაშებია“ // ახალი ქვეყანა, ახალი პრეზიდენტი: ლეონიდ თიბილოვის ადგილი ანატოლი ბიბილოვმა დაიკავა

«КоммерсантЪ» (რუსეთი): სამხრეთ ოსეთში ალანეთის პრეზიდენტი აირჩიეს // რესპუბლიკის ახალ მეთაურს ანატოლი ბიბილოვს რუსეთის შემადგენლობაში შესვლა სურს

—————–

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 11 აპრილი, 2017 წელი

http://www.radiotavisupleba.ge/a/archevnebi-egrettsodebul-samkhret-osetshi/28420734.html

..სამხრეთ ოსეთის არჩევანი: ახალი სახელწოდება და ახალი „პრეზიდენტი“

ნინო თარხნიშვილი

„ცირკი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც საერთაშორისო სამართალთან და არც საერთაშორისოდ აღიარებულ სამართლებრივ ნორმებთან“; „მორიგი ნაბიჯი საქართველოს რეგიონების ანექსიის თემით სპეკულირებისკენ“; „დემოკრატიის ფალსიფიკაცია“ – ასე აფასებენ საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები 9 აპრილს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს სამხრეთ ოსეთისა და ალანიის ტოლმნიშვნელოვან სახელებად გამოცხადების საკითხზე. ამ აქტს გმობს საერთაშორისო საზოგადოება და კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.

დე-ფაქტო რესპუბლიკის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბელა პლიევას მიერ გავრცელებული წინასწარი ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთისა და ალანიის ტოლმნიშვნელოვან სახელებად გამოცხადების საკითხს მხარი დაუჭირა რეფერენდუმში მონაწილეთა 78,2 %-მა, საწინააღმდეგო პოზიცია ამომრჩეველთა 21,8 %-მა დააფიქსირა. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, ბელა პლიევასავე ინფორმაციით, წინასწარი შედეგებით, არჩევნებში 57,98 %-ით ლიდერობს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე, ანატოლი ბიბილოვი. დე ფაქტო რესპუბლიკის მოქმედ პრეზიდენტს, ლეონიდ თიბილოვს, ამომრჩეველთა 30 %-მა დაუჭირა მხარი. პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა კი, ალან გაგლოევმა, ხმათა 11,1 % მოაგროვა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება. საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე განსაკუთრებულ აქცენტს საერთაშორისო საზოგადოების რეაქციაზე აკეთებს: „საერთაშორისო საზოგადოებამ უკვე დააფიქსირა საკუთარი პოზიცია ამ მოვლენებთან დაკავშირებით და ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს არასდროს საქართველოში ყოველგვარი სამართლებრივი ნორმის დარღვევით ჩატარებულ ნებისმიერ ქმედებას“.

ნატო არ აღიარებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს, ვკითხულობთ ნატოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც 10 აპრილს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვებსაიტზე გამოქვეყნდა. განცხადების თანახმად, ცალმხრივი ნაბიჯები რეგიონის სახელის ან სტატუსის შეცვლის თაობაზე ზიანს აყენებს საქართველოში სიტუაციის დარეგულირების ძალისხმევას. საერთაშორისო საზოგადოებამ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა ჯერ კიდევ არჩევნებისა და რეფერენდუმის გამართვამდე დააფიქსირა. ამ ფაქტს 8 აპრილს გამოეხმაურა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიიკა მოგერინი. მისი პრესსპიკერის განცხადებით, ევროკავშირი არ აღიარებს იმ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც 9 აპრილს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და საქართველოს სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის, სახელის გადარქმევაზე რეფერენდუმი იმართება. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი დაგმო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც. დეპარტამენტის პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა მარკ ტონერმა ჯერ კიდევ 7 აპრილს განაცხადა, რომ „აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია“ და რომ უკანონო არჩევნები და რეფერენდუმი „საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე“ იმართება.

ზურაბ ჭიაბერაშვილი, „ევროპული საქართველოს“ წევრი, ფიქრობს, რომ ეს აქტი საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო თანამეგობრობისა და დიპლომატიის გზით უნდა გააპროტესტოს, თუმცა, ხელისუფლების ოპონენტი ხელისუფლებას დიპლომატიურ პოლიტიკას უწუნებს: „ნებისმიერი რეფერენდუმი და არჩევნები უკანონოა იმ პირეობებში, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი არის დევნილი და არ აქვს ამ პროცესებში მონაწილეობის საშუალება და როდესაც ეს ყველაფერი მიმდინარეობს საოკუპაციო შეიარაღებული ძალების, ტანკების ლულის ქვეშ. სამწუხაროდ, დღეს ვერ ვხედავთ ადეკვატურად აქტიურ დიპლომატიურ პოლიტიკას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ის, რაც გაკეთდა, გაკეთდა მხოლოდ მორიგი განცხადებები ამ ფაქტთან დაკავშირებით. არადა, ეს ფაქტი არის ისეთი ნაბიჯი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ბევრად უფრო აქტიურ დიპლომატიურ და პოლიტიკურ ქმედებებს“.

ცხრა აპრილს, არჩევნებისა და რეფერენდუმის გამართვის დღეს, რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვანი პროგრამა „ეხო კავკაზას“ ცხინვალელი კორესპონდენტი ირინა ქელეხსაევა ცხინვალში მცხოვრებ ამომრჩევლებს გაესაუბრა, რომლებიც თანამოქალაქეებს უკეთეს სახელმწიფოში გაღვიძებას უსურვებდნენ: „დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალინდელი დღიდან ჩვენ ახალი ცხოვრება გვექნება. ხვალინდელი დღე ჩვენ გვავალდებულებს ვიყოთ ალანები. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენს საწყისებს ვუბრუნდებით. ვიმედოვნებ, რომ ხვალინდელი დღიდან ჩვენი პატარა ალანია აყვავებას დაიწყებს და არ აქვს მნიშვნელობა, ვის ავირჩევთ პრეზიდენტად. მთავარია, მე ვიცი, რომ ხვალინდელი დღიდან ჩვენი მშობლიური მიწა სხვა გზით წავა, ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენ უკეთესად ვიცხოვრებთ“.

რას ცვლის ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი?

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ არც დე იურე და არც დე ფაქტო ვითარება საქართველოსთვის არ იცვლება. ეს ტერიტორია იყო, არის და იქნება აღიარებული, როგორც საქართველოს შემადგენელი ნაწილი, თუმცა, მისი თქმით, საჭიროა დაპირისპირება იმ პროპაგანდასთან, რომელსაც 9 აპრილს ჩატარებული რეფერენდუმი ემსახურება: „ალანია დაერქმევა თუ ცხინვალის რეგიონი, რა თქმა უნდა, სულ ერთი არ არის. ამ პროპაგანდას უნდა დავუპირისპირდეთ. ე.ი. მცდელობა არის რუსეთის მხრიდან, რომ ისტორიულად ალანებს უკუთვნოდათ ეს ტერიტორია და შემდგომში, თითქოს მოვიდნენ ქართველი დამპყრობლები და დაიპყრეს ეს ტერიტორია და საქართველოს შემადგენლობაში შეიყვანეს, რაც არის ტყუილი. ამიტომ დაპირისპირება კი ღირს, მაგრამ, მეორე მხრივ, დე-იურე და დე-ფაქტო ვითარება არ იცვლება“.

10 აპრილს ამჯერად უკვე საპრეზიდენტო არჩევნებში დაწინაურებულმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ, ანატოლი ბიბილოვმა, კიდევ ერთი რეფერენდუმის გამართვის პერსპექტივაზე ილაპარაკა, რომელიც სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას მიეძღვნება.

«Der Standard» (ავსტრია), 11 აპრილი, 2017 წელი

http://derstandard.at/2000055663938/Suedossetien-stimmt-fuer-Umbenennung-in-Alanien

სამხრეთ ოსეთმა ხმა მისცა სახელწოდების „ალანეთად“ შეცვლას

რეფერენდუმთან ერთად საპრეზიდენტო არჩევნებიც ჩატარდა: გამარჯვებულს რუსეთის „ჩრდილო ოსეთ-ალანეთთან“ გაერთიანება სურს

ფლორიან სუპე

სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონში ჩატარებულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებში“, ადგილობრივი ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგების თანახმად, გამარჯვება მოიპოვა პარლამენტის ამჟამინდელმა სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა, რომელმაც ხმების 57,98% მიიღო. მისმა მთავარმა კონკურენტმა ლეონიდ თიბილოვმა, რომელიც მოქმედი პრეზიდენტია, არჩევნები წააგო.

საერთაშორისო-სამართლებრივ ურთიერთობებში სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენელ ნაწილად მიიჩნევა და „დამოუკიდებლად“ აღიარებულია მხოლოდ 5 სახელმწიფოს მიერ. მოსახლეობა – 53 ათასი მცხოვრები, ეკონომიკური თვალსაზრისით რეგიონი მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული. შესაბამისად, მიმოქცევაშიც რუსული ვალუტაა – რუბლი.

არჩევნებში გამარჯვებულმა ანატოლი ბიბილოვმა ჯერ კიდევ 2014 წელს ჩამოაყალიბა პარტია „ერთიანი ოსეთი“, რომლის მიზანს, ეკონომიკის (სოფლის მეურნეობის) წახალისებასთან ერთად, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მყოფ ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიასთან გაერთიანებას ითვალისწინებდა. საგარეო პოლიტიკაში ანატოლი ბიბილოვის კურსი ლუვიგ ჩიბიროვისას ემთხვევა და მის მიზანს რუსეთთან უფრო მჭიდრო ინტეგრირება წარმოადგენს.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, „სამხრეთ ოსეთში“ კვირას რეფერენდუმიც ჩატარდა, რესპუბლიკისათვის სახელის გადარქმევის მიზნით: ამომრჩეველთა 78%-მა ხმა მისცა სამხრეთ ოსეთის სახელწოდების შეცვლას – ამიერიდან მას „ალანეთი“ერქმევა. ოსები თვლიან, რომ ისინი უძველესი ტომებიც – ალანების შთამომავლები არიან და შესაბამისად, სახელის შეცვლით წინაპართა ისტორიულ მემკვიდრეობას პატივს სცემენ, თუმცა ამ მხრივ კავკასიაში ოსები ერთადერთნი არ არიან: რეფერენდუმის წინ რამდენიმე ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკაში, მათ შორის ინგუშეთში, ოსების გეგმებმა შეშფოთება გამოიწვია.

სამხრეთ ოსეთისათვის სახელწოდების გადარქმევას საქართველოში მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. პრემიერ-მინისატრმა გიორგი კვირიკაშვილმის განცხადებით, „საქართველოს ერთ-ერთი უძველესი რეგიონისთვის, რუსეთის ფედერაციის სუბიექტის ანალოგიური სახელის დარქმევა, მისი ანექსიისათვის მზადებას ნიშნავს“. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თქმით კი, რუსეთი მოვლენებს ყირიმის სცენარით ავითარებს. ამით მან პარალელი გაავლო რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიის ფაქტთან.

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 11 აპრილი, 2017 წელი

http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

ფსევდოგადარქმევა

სეპარატისტები ბიუჯეტს ანიავებენ, თუმცა ცუდი მაგალითი გადამდებია

„ყარაბაღელი სეპარატისტების მსგავსად, „თავიანთი სახელმწიფოსათვის“ სახელის გადარქმევა მათმა უბედურმა მეგობრებმაც – ე.წ. „სამხრეთ ოსებმაც“ მოისურვეს“, – ნათქვამია სტატიაში, რომელშიც აზერბაიჯანელი მკითხველი საქართველოს შიდა ქართლის რეგიონში (ცხინვალის რეგიონში) ოსი სეპარატისტების მიერ ჩატარებულ ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებისა და სახელწოდების შეცვლის მიზნით ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს ეცნობა (ავტორი – რაუფ ორუჯევი).

პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული სახელის გადარქმევის იდეის წინაისტორია, ოსი სეპარატისტების ჩანაფიქრი, საერთშორისო თანამეგობრობის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის მიმართ გამოხატული ნეგატიური რეაქცია, მომხდარი ფაქტების დაგმობა და სხვა მომენტები. ხაზგასმულია ოსი სეპარატისტების ამორალური ქცევა, რომლებმაც თავიანთი არჩევნები და რეფერენდუმი ქართველი ხალხისათვის მნიშვნელოვან დღეს – ცხრა აპრილს დაამთხვიეს.

„აქვე იმასაც ვიტყვით, რომ სახელწოდების შეცვლა უფრო ადრე ყარაბაღელმა სომხებმაც მოისურვეს და მათ 20 თებერვალს რეფერენდუმი ჩაატარეს, რომლის მიხედვით, „მთიან ყარაბაღს“ „არცახის რესპუბლიკა“ უწოდეს, „თუმცა ეს ცვლილება მხოლოდ სეპარატისტთა ცხელ თავებში დარჩება“. საინტერესოა, რაში ჭირდებათ მათ ეს რეფერენდუმები? გასაგებია, რომ ყველა იმ პოლიტიკოსს, რომლებიც თვითგამოცხადებული წარმონაქმნების ხელმძღვანელები არიან, თავიანთი ამბიციები აქვთ, მაგრამ ღონისძიებების ორგანიზაციას ხომ თანხები ჭირდება? რატომ ხარჯავენ ისინი ფულს ამ უსარგებლო ხმის მიცემებზე, არჩევნებსა და რეფერენდუმებზე? ამგვარ კითხვებზე ამომწურავი პასუხის გაცემა შეუძლებელია, – აღნიშნავს «Каспiй»-ს კორესპონდენტი და კომენტარისათვის კავკასიის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის პოლიტიკურ ანალიტიკოსს გელა ვასაძეს მიმართავს:

„რეფერენდუმი ყირიმული ანექსიის გაგრძელებაა. ცხინვალელ კოლაბორაციონისტებს ძალიან უნდათ რუსული ელიტის ნაწილი გახდნენ და მათი თამაშის წესებით ითამაშონ. მაგრამ კრემლს ეს არ სურს, რადგან რუსეთს ისედაც რთული საერთაშორისო მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმწვავდება. არაა გამორიცხული დამატებითი სანქციების გამოცხადებაც. საერთოდ კი, მოსკოვს ცხინვალის რეგიონის ანექსია რომ სდომებოდა, ამას დიდი ხნის წინ გააკეთებდა და არც არავის შეეკითხებოდა. ასე რომ, ეს უფრო ადგილობრივი ინიციატივა მგონია და საეჭვოა, მას კრემლმა მხარი დაუჭიროს. სიტუაცია მხოლოდ დასავლეთთან ურთიერთობის მკვეთრად გაურესებამ შეცვალოს, რაც, პრინციპში, მოსალოდნელიც კი არის“, – ამბობს გელა ვასაძე.

როგორც ცნობილმა პოლიტოლოგმა თენგიზ აბლოთიამ გვითხრა, იგი სამხრეთ ოსეთისათვის სახელწოდების „ალანეთად“ გადარქმევაში რაიმე მნიშვნელოვან აზრს ვერ ხედავს:

„უბრალოდ, ოსები თვლიან, რომ ძველი ალანების სთამომავლები არიან. ჩრდილოეთ ოსეთმა ჯერ კიდევ წლების წინ დაირქვა ასეთი სახელი – „ჩრდილოეთ ოსეთი – ალანეთი“. ჰოდა, სამხრეთელებმაც იგივე მოისურვეს, ანუ, ასე ვთქვათ, „ისტორიული სამართლიანობის აღდგენა“. პრაქტიკული შედეგი ამგვარი გადაწყვეტილებისგან იგივეა, რაც ქალაქის სახელის შეცვლას მოსდევს, ანუ ძალიან პირობითი და სიმბოლური. ალბათ, ოსებისთვის ეს ამას აქვს მნიშვნელობა ჩვენს დროში სიმბოლოებიც საჭიროა“.

«Московский комсомолец» (რუსეთი), 11 აპრილი, 2017 წელი

http://www.mk.ru/politics/2017/04/10/zachem-yuzhnuyu-osetiyu-pereimenovali-v-alaniyu-novaya-strana-novyy-prezident.html

რატომ შეუცვალეს სახელი სამხრეთ ოსეთს „ალანეთად“: „ეს ყველაფერი თამაშებია“

ახალი ქვეყანა, ახალი პრეზიდენტი: ლეონიდ თიბილოვის ადგილი ანატოლი ბიბილოვმა დაიკავა

სტატიაში გადმოცემულია „სამხრეთ ოსეთში“ ჩატარებული სპარეზიდენტო არჩევნების შედეგები: „ანატოლი ბიბილოვის გამარჯვებას ექსპერტები წინასწარმეტყველებდნენ, თუმცა მის წარმატებას უფრო მეტად მეორე ტურში ელოდებოდნენ. არჩევნების შედეგები იმას მოწმობს, რომ კრემლის პოლიტტექნოლოგებმა კარგად აითვისეს „შეცდომებზე სწავლა“ და ახლა უკვე წაგებას აღარ შეურიგდებიან“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – მარინა პერევოზკინა).

პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა ანატოლი ბიბილოვის პოლიტიკური საქმიანობის ზოგიერთ მომენტს, კერძოდ, 2011 წელს ჩატარებულ სკანდალურ საპრეზიდენტო არჩევნებს, როცა იგი, როგორც „კრემლის კანდიდატი“, ოპოზიციონერ ალა ჯიოევას დაუპირისპირდა… იმ დროს კრემლის პოლიტიკამ ფიასკო განიცადა. განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში, 2012 წლის გაზაფხულზე, პრეზიდენტად ლეონიდ თიბილოვი იქნა არჩეულია, რომელიც ერთგვარ კომპრომისულ ფიგურას წარმოადგენდა. მას რესპუბლიკაში დაძაბულობა უნდა განემუხტა. ლეონიდ თიბილოვმა ამოცანის შესრულება შეძლო. მან ოპოზიციის ნეიტრალიზება მოახერხა, ალა ჯიოევას ვიცე-პრემიერად დანიშნა. ანატოლი ბიბილოვი წაგებას არ შეურიგდა და ბოლო წლებში „პოლიტიკურ კუნთებს“ აქტიურად აძლიერებდა: შექმნა პარტია „ერთიანი ოსეთი“, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ხოლო თვითონ ანატოლი ბიბილოვი სპიკერად იქნა არჩეული.

ანატოლი ბიბილოვისა და ლეონიდ ჩიბიროვის პროგრამები ერთმანეთისაგან დიდად არ განსხვავდება: ორივენი პრორუსული პოლიტიკის გამტარებლები არიან და მჭიდრო ინტეგრაცია სურთ. ანატოლი ბიბილოვი ჯერ კიდევ წინა წლებში აცხადებდა, რომ თავის სტრატეგიულ მიზნად რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანებას თვლის. ინიციატივა კი რეფერენდუმის გამართვის თაობაზე, რომელიც, პრინციპში, იგივე მიზნისთვის ნიადაგს ამზადებს, ლეონიდ თიბილოვს ეკუთვნის. ასე რომ, მოსკოვისათვის სულ ერთი იყო, ვინ გაიმარჯვებდა, კრემლს ორივე კანდიდატი აწყობდა. თუმცა არის ორიოდე ნიუანსი: ანატოლი ბიბილოვის გამარჯვებით კრემლის პოლიტტექნოლოგებმა 2011 წლის სირცხვილი „ჩამოირეცხეს“. იგივე მოხდა  აფხაზეთში 2004 წელს, როცა „კრემლის კანდიდატი“ რაულ ხაჯიმბა ჯერ სერგეი ბაღაფშთან ბრძოლაში დამარცხდა, მაგრამ მოგვიანებით იგი მაინც გახდა პრეზიდენტი. იგივე მოხდა დნესტრისპირეთში 2011 წელს… მოკლედ, დასკვნა ასეთია: კრემლის ამჟამინდელი მკვიდრნი წაგებას არ ურიგდებიან და ყოველთვის ბრუნდებიან ვალების გასასტუმრებლად.

———

რას ამბობენ ექსპერტები რეფერენდუმის შედეგებზე („სამხრეთ ოსეთი“//„ალანეთის სახელმწიფო“) და ორი ოსეთის გაერთიანების პერსპექტივის შესახებ?

ვლადიმირ ნოვიკოვი, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების კვლევის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი: „მიუხედავად იმისა, რომ სახრეთ ოსებმა, ჩრდილოელების მსგავსად, თავიანთი წინაპრების სახელის დაფიქსირება მოისურვეს, ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ დღის წესრიგში ორივე ოსეთის გაერთიანება დგას. ანატოლი ბიბილოვის იდეა საკმაოდ საეჭვო ჩანს. გარდა ამისა, სამხრეთ ოსეთისათვის სახელწოდების შეცვლა საქართველოსთვის კიდევ ერთი გამღიზიანებელი ფაქტორი იქნება – თბილი რეგიონის დაკარგვას არ შეეგუება“.

ალექსანდრე სკაკოვი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის კავკასიისა და ცენტრალური აზიის შემსწავლელი ინსტიტუტის კოორდინატორი: „მთავარი ის კი არაა, თუ რა ერქმევა სამხრეთ ოსეთს, არამედ ის, თუ როგორ ვითარდება ეკონომიკა, რაც რესპუბლიკისათვის ძალიან მძიმე პრობლემას წარმოადგენს. იქ არიან პოლიტიკოსები და ე.ე. გავლენის ჯგუფები, მაგრამ რეგიონის კრიზისიდან გამოყვანის რეალური გეგმა არცერთ არ გააცნია. რაც შეეხება ალანთა ისტორიულ მემკვიდრეობას, ეს ყველაფერი თამაშებია და რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს… ასეთ რაღაცეებზე თამაშობენ, რადგან არ იციან პრობლემები როგორ მოაგვარონ. ამას თვითონ ოსებიც კარგად ხვდებიან, მაგრამ რა ქნან, როცა მოსახლეობის ნახევარს  ან უფრო მეტს მართლაც სურთ რუსეთის შემადგენლობაში შესვლა? აი, ამისთვის მოსკოვი ჯერ მზად არ არის და აჩქარება ამ საკითხში ზიანის მომტანი იქნება“.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 11 აპრილი, 2017 წელი

http://www.kommersant.ru/doc/3267867

სამხრეთ ოსეთში ალანეთის პრეზიდენტი აირჩიეს

რესპუბლიკის ახალ მეთაურს ანატოლი ბიბილოვს რუსეთის შემადგენლობაში შესვლა სურს

ორშაბათს, 10 აპრილს, სამხრეთ ოსეთში წინა დღით ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები შეაჯამეს: გამარჯვებულია პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა წარმატება უკვე მიულოცა. ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, მისი სტრატეგიული ამოცანაა რესპუბლიკის გაერთიანება რუსეთის შემადგენლობაში და ამ მიზნით რეფერენდუმის ჩატარება, – ნათქვამია სტატიაში (ავტორები – ნატალია კორცენკოვა და გიორგი დვალი).

პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული არჩევნების მიმდინარეობა, გამარჯვებულის ვინაობა და პოლიტიკური საქმიანობის ამსახველი მომენტები და სიტუაციის განვითარების რისკებია: „ანატოლი ბიბილოვის მხარდამჭერები შიშობდნენ, რომ მათი ლიდერის გამარჯვებას შეიძლებოდა პოლიტიკური კრიზისი მოჰყოლოდა, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა: მისმა კონკურენტმა ლეონიდ თიბილოვმა დამარცხება აღიარა და განაცხადა, რომ ხალხის არჩევანს ემორჩილება“, – აღნიშნულია სტატიაში.

პეტერბურგელი პოლიტოლოგის იგორ სოპოვის აზრით, საეჭვოა, რომ ანატოლი ბიბილოვმა ერთი წლის განმავლობაში რეფერენდუმი ჩაატაროს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე: „მას ამისთვის მოსკოვთან კონსულტაციები დასჭირდება. მხედველობაშია მისაღები საქართველოსთან დამატებითი კონფრონტაციის რისკი, გამწვავდება რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობაც. დამატებითი სანქციებიც, ალბათ, იქნება“, – ამბობს იგორ სოპოვი, – ფედერალურმა ცენტრმა უნდა გააცნობიეროს: განა ჭირდება მოსკოვს ასეთი რთული გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ?“.

სტატიის დასასრულს ავტორები მკითხველს აცნობენ საქართველოს ხელმძღვანელების გიორგი კვირიკაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის ნეგატიურ პოზიციებს სამხრეთ ოსეთში მომხდარი მოვლენების მიმართ. იქვეა ნათქვამი აგრეთვე ნატოს ქვეყნებისა და აშშ-ის უარყოფით რეაქციაზეც.

Comments are closed