globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 11 აპრილი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Apr 11th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: სიმართლე რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ // „რუსული პროპაგანდის მანქანა აღწევს ქართულ მედიასივრცეში და ჩვენს ინტერესებს აზიანებს“

რეზონანსი: ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს ახალი „პრეზიდენტი“ ეყოლება // „ახალგორში სიტუაცია ქართველებისთვის გაუარესდება, ვიდრე ეს გალში ხდება დღეს“

რეზონანსი: ინტერვიუ ირაკლი ცქიტიშვილთან: „ამ ეტაპზე რუსეთი ცხინვალის რეგიონის შეერთებისგან თავს შეიკავებს“ // მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების გადაბირებას ცდილობს“

რეზონანსი: ინტერვიუ ლია მუხაშავრიასთან: „ხელისუფლება მოჭრის იმ კონსტიტუციურ ტოტს, რომელზედაც კონსტიტუციური უმრავლესობით ზის“

რეზონანსი: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „პრეზიდენტს უსმენენ, უთვალთვალებენ თუ რა ხდება?!“ // „კონსტიტუციის ამ პროექტით შექმნა კარგად არ დამთავრდება“ხელისუფლებისთვის

„ახალი თაობა“: გიორგი მარგველაშვილთან აგენტურა ჰყავთ ჩანერგილი? // ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ირაკლი კობახიძემ აგვიხსნას, საიდან აქვს სარწმუნო ინფორმაცია გიორგი მარგველაშვილზე“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ დავით ლორთქიფანიძესთან: „გიორგი მარგველაშვილის ტონი არ მომეწონა“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ შალვა შავგულიძესთან: „თუ კომისიის დატოვება მოგვიწევს, ეს „ქართული ოცნების“ ბრალი იქნება“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ პაატა ჯიბლაძესთან: „კონსტიტუციით ბლოკების აკრძალვას არ შევეგუებით“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ გიორგი ვაშაძესთან: „მივიღებთ „ქართულ ოცნებაზე“ მორგებულ კონსტიტუციას“

ვერსია: ინტერვიუ ვახტანგ ხმალაძესთან: „ბოიკოტირებით არჩევნების ჩაშლა შეუძლებელია“ // „ზოგჯერ ბოიკოტს იმიტომ იყენებენ, რომ მცირედი წარმატების იმედიც არ აქვთ!“

ვერსია: რატომ ჭიანურდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა // რა სიკეთეს მოუტანს საქართველოს „საუკუნის პროექტი“

რეზონანსი: საშუალო ფენა ქრება, 15%-მა უკვე ღარიბებში გადაინაცვლა // თუკი სავალუტო კრიზისი გაგრძელდება, ერთი ამდენი კიდევ გაღარიბდება

რეზონანსი: აღდგომამდე ლარის გამყარებას ელოდებიან // ფინანსისტების აზრით, სადღესასწაულო დღეების შემდეგ სავალუტო ბაზარზე კვლავ რყევა იქნება

რეზონანსი: ხალხი სააღდგომო ხარჯს ვერ უმკლავდება // „რაც დრო გადის, საშუალო და დაბალი შემოსავლის ადამიანებს სულ უფრო უძნელდებათ მშობლიურ მხარეში ჩასვლა“

რეზონანსი: მინისტრი ჯანდაცვის კვლევის წინააღმდეგ // საერთაშორისო ფონდისა და სამინისტროს მონაცემები ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავდება

——————–

რეზონანსი“, 11 აპრილი, 2017 წელი

სიმართლე რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ

რუსული პროპაგანდის მანქანა აღწევს ქართულ მედიასივრცეში და ჩვენს ინტერესებს აზიანებს

გვანცა ღვედაშვილი

რუსეთის მთავარი ამოცანაა, გაატაროს ეფექტური საინფორმაციო კამპანია ყველგან, სადაც რუსული ინტერესები გამოწვევებს აწყდება, ამის დასტურად კი, ექსპერტების შეფასებით, რუსული პროპაგანდის გააქტიურება და პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის განკუთვნილი რუსული ნარატივის შემცველი ინფორმაციების გავცელება სახელდება. მათივე თქმით, რუსული პროპაგანდა საქართველოს ინტერესებს აზიანებს. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაზე დიდი გავლენა არ აქვს, ყურადღების მოდუნება დაუშვებელია.

„ევროპული ინიციატივა – ლიბერალური აკადემია თბილისის“ მიერ 2016 წელს გამოქვეყნდა კვლევა “რუსეთის ხისტი და რბილი ძალის საფრთხეები საქართველოში”. კვლევის მიხედვით, “რუსეთის მთავარი ამოცანაა, გაატაროს ეფექტური საინფორმაციო კამპანია ყველგან, სადაც რუსული ინტერესები გამოწვევებს აწყდება. მათივე შეფასებით, რუსული პროპაგანდა აქტიურად ვრცელდება ქართულ ბეჭდურ, ონლაინ თუ ტელესივრცეში. მიუხედავად ამისა, კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ თავად რუსეთში მედიის თავისუფლება ძალზე შეზღუდულია და არხების უმეტესობას ან თავად კრემლი აკონტროლებს, ან მისი შუამავლები.

„უნდა ითქვას, რომ რუსეთში მედიის თავისუფლება მნიშვნელოვნად შეზღუდულია და მის უმეტეს ნაწილს კრემლი ან უშუალოდ აკონტროლებს, ან კიდევ შუამავლების მეშვეობით. რუსეთი “მედიის თავისუფლების 2015 წლის მსოფლიო ინდექსის” მიხედვით, რომელიც 180 ქვეყანაში ტარდება, 152-ე ადგილს იკავებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხელისუფლება წამყვან რუსულ ტელევიზიებს პროპაგანდისა და თავისუფალ აზრზე ზემოქმედებისთვის იყენებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ რუსული სამთავრობო არხები ერთმნიშვნელოვნად ემსახურებიან კრემლის პოლიტიკის აგიტაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ”, – აღნიშნულია კვლევაში.

როგორც ლიბერალური აკადემია აცხადებს, რუსული პროპაგანდა აქტიურად ვრცელდება ქართულ ბეჭდურ ონლაინ თუ ტელესივრცეში, რომელიც ანტიდასავლური და ანტიამერიკული მოწოდებებით არის გაჯერებული.

„ქართული ბეჭდური მედიის ერთი ნაწილი, რომელიც არცთუ მცირე ტირაჟით გამოდის, დაუფარავად ახდენს რუსული პროპაგანდის აგიტაციას და გაჯერებულია ანტიდასავლური და ანტიამერიკული მოწოდებებით. აღნიშნული გაზეთები გამოდის როგორც ყოველდღიურ, ისე ყოველკვირეულ რეჟიმში და, პრორუსულ აგიტაციასთან ერთად, აქტიურად ეწევა საზოგადოებაში სტერეოტიპების დამკვიდრებას, რადიკალიზმისა და ნაციონალისტური განწყობის წახალისებას. რუსული პროპაგანდა აქტიურად მუშაობს ონლაინ გამოცემების, ინტერნეტ „ტროლებისა“ და „ბლოგების“ მიმართულებითაც, რითაც კრემლი ცდილობს, ინტერნეტსივრცეში არსებულ დისკუსიას მისთვის სასურველი მიმართულება მისცეს. „მედიის განვითარების ფონდის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკვეთილია მკაფიოდ ანტიდასავლური განწყობის ტელევიზიები, გაზეთები და ონლაინ გამოცემები“, – ნათქვამია ლიბერალური აკადემიის მიერ ჩატარებულ კვლევაში.

როგორც „რეზონანსთან“ საუბრისას პოლიტოლოგი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი აცხადებს, რუსული პროპაგანდა აზიანებს ჩვენს ინტერესებს, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მას საზოგადოებაზე დიდი გავლენა აქვს. მისივე თქმით, რუსულ პროპაგანდას პირველ რიგში სიმართლით უნდა დავუპირისპირდეთ.

„ჩემი შთაბეჭდილებით, რუსული პროპაგანდის მანქანა საკმარისად აღწევს ქართულ მედიასივრცეში, ყოველ შემთხვევაში, ის დონე, რომელიც გვაქვს, ჩვენს ინტერესებს აზიანებს. თუმცა საზოგადოებში მისი გავლენა კატასტროფული ნამდვილად არ არის. უვიზო რეჟიმის მიღების შემდეგ საქართველოში პროპაგანდის გაძლიერების ნიშნებს მე ჯერ ვერ ვხედავ, ალბათ ამისთვის გარკვეული დრო უნდა გავიდეს. ამასთან, რუსულ პროპაგანდას პირველ რიგში სიმართლე და მოვლენების ობიექტური გაშუქება უნდა დავუპირისპიროთ, ჩვენი მედია საკმარისად სცოდავს”, – აცხადებს ირაკლი მენაღარიშვილი.

როგორც პოლიტოლოგი და თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია “რეზონანსთან” აცხადებს, რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად მნიშვნელოვანია ხელისუფლებისა და არასამთავრობოთა აქტიური შეხვედრები საზოგადოებასთან.

„მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება გავიდეს საზოგადოებაში, რადგან მრჩება ხოლმე შთაბეჭდილება, რომ კონფერენციებზე ერთი და იგივე ხალხი ერთმანეთს უმტკიცებს, რა კარგია ევროკავშირი და ნატო. ის ხალხი, რომელსაც ამის დანახვა სჭირდება, ამ კონფერენციებზე არ არის. ისინი თავიანთი მიწის ნაკვეთებზე, რაიონებში და სოფლებში არიან. სწორედ ეს ხალხია რუსული პროპაგანდის სამიზნე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება მათ ესაუბროს, თორემ პოლიტიკური ელიტა ერთმანეთს რომ უმტკიცებს, თუ რა კარგია ნატო, ეს კონტრპროდუქტიულია”, – აღნიშნავს კორნელი კაკაჩია.

პოლიტოლოგი აქვე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში გააქტიურდა რუსულენოვანი საიტები, რომლებიც ევრაზიული კავშირის ექსპერტთა მოსაზრებებს ავრცელებენ, რომელთა სამიზნეც სწორედ პოსტსაბჭოთა ქვეყნებია. „ეს პრობლემა არის განსაკუთრებით ინტერნეტსივრცეში, სადაც საკმაოდ მომრავლდა როგორც რუსულენოვანი, ისე ქართულენოვანი საიტები, რომლებიც რუსულ პროპაგანდას ეწევიან. ასევეა გაზეთები, რომლებსაც ზუსტად აქვთ გადმოღებული რუსული ნარატივები და კლიშეები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ეხება. ბოლო პერიოდში გააქტიურდა რუსულენოვანი საიტები, სადაც ევრაზიულ ექსპერტთა კომენტარებია, რომლებიც ხშირად პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვისაა განსაზღვრული”, – გვითხრა კორნელი კაკაჩიამ.

რეზონანსი“, 11 აპრილი, 2017 წელი

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს ახალი პრეზიდენტი ეყოლება

ახალგორში სიტუაცია ქართველებისთვის გაუარესდება, ვიდრე ეს გალში ხდება დღეს

ეკატერინე ბასილაია

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს ახალი „პრეზიდენტი“ ეყოლება, 58%-ით ე.წ. პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი ლიდერობს. რეფერენდუმის შედეგებით კი, ოსების უდიდესმა ნაწილმა, 81%-მა სამხრეთ ოსეთისთვის „ალანიის“ დარქმევას დაუჭირა მხარი, რაც პირველი ნაბიჯია ცხინვალის რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლისკენ და გამარჯვებული ბიბილოვი უკვე აანონსებს იმასაც, რომ წელსვე ჩატარდება “რუსეთთან შეერთებაზე“ რეფერენდუმიც.

ანატოლი ბიბილოვმა “არჩევნების” მეორე დღესვე რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი სტრატეგიული მიზანი სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა იქნება.

სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელ მამუკა არეშიძის თქმით, ანატოლი ბიბილოვი უკომპრომისოდ გაატარებს რუსეთის პოლიტიკას და ასევე პროგნოზირებს, რომ ახალგორში მცხოვრები ქართველებისთვის უფრო რთულ სიტუაციას და დიდ პრობლემებს მივიღებთ, ვიდრე სეპარატისტული აფხაზეთის “პრეზიდენტმა” რაულ ხაჯიმბამ შეუქმნა გალის ქართულ მოსახლეობას.

„ვვარაუდობ, რომ ახალგორში სიტუაცია ქართველებისთვის გაუარესდება, ვიდრე ეს გალში ხდება დღეს. აფხაზეთის ხელისუფლება როგორი უგვანიც უნდა იყოს, მაინც ცდილობს ისეთი პოლიტიკის გატარებას, რომელიც, მისი აზრით, აფხაზებისთვის მეტ-ნაკლებად უკეთესია. ბიბილოვი კი მიუხედავად თავისი ოსური გვარისა, რუსი ჩინოვნიკია. ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ ის სამხედრო პირია და, აქედან გამომდინარე, ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს მოსკოვის სამხედრო ისტებლიშმენტთან, რომელიც არანაკლებ ძლიერია, ვიდრე ფე-ეს-ბე. მაგალითად, ის მეგობრობს თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან”, – ამბობს მა,მუკა არეშიძე.

რამდენად შესაძლებელია, ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთება მოხდეს უახლოეს მომავალში, მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ახლა ეს მოსკოვს არ სჭირდება, რადგან ყირიმის თემა აქვს ზურგზე წამოკიდებული და გადაუწყვეტელი, თუმცა არ გამორიცხავს, რომ “რეფერენდუმი” მაინც ჩატარდეს და მომავალში რუსეთს “თუ დასჭირდება,” მიერთებაზე თანხმობაც შემდეგ გასცეს.

„ასეთი ტიპის რეფერენდუმი ცხინვალში 90-იანი წლების ბოლოსაც აქვთ ჩატარებული და მარტო რეფერენდუმი მაინცდამაინც გადამწყვეტი მნიშვნელობის არ არის. მოსკოვს თუ დასჭირდა, კიდევ 7-ს ჩაატარებინებს და როცა უნდა, მიერთებაზე გადაწყვეტილებასაც მიიღებს”, – დასძენს მამუკა არეშიძე.

ცხინვალის რეგიონში “საპრეზიდენტო არჩევნები” და რეფერენდუმი „რესპუბლიკის“ სახელწოდების ცვლილებაზე 9 აპრილს ჩატარდა.

„პრეზიდენტობისთვის“ 3 კანდიდატი იბრძოდა, მოქმედი ე.წ. პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი, რომელმაც წინასწარი მონაცემებით, 30% დააგროვა, ადგილობრივი კა-გე-ბეს თანამშრომელი ალან გაგლოევი, რომელმაც 20% მიიღო და ე.წ. პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი, რომელსაც 58% აქვს.

პარალელურად ჩატარებული რეფერენდუმის მიხედვით, თვითაღიარებული სახელმწიფო სახელსაც შეიცვლის და გახდება “სამხრეთ ოსეთი – ალანია”. ამ საკითხს 81%-მა დაუჭირა მხარი.

ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის დიდი ხნის სურვილია, რუსეთის შემადგენლობაში არსებული “ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიის” მსგავსად სამხრეთ ოსეთსაც “ალანია” დარქმეოდა, რომ ამით გაყოფილი ოსი ხალხის გაერთიანება და ასე, ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანებით შევიდნენ რუსეთის შემადგენლობაში. რუსეთთან შეერთებისკენ ეს პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა. ახლა 2 ნაბიჯია დარჩენილი. მეორე ნაბიჯი იქნება კიდევ ერთი რეფერენდუმი, სადაც კენჭისყრაზე უნდა გავიდეს საკითხი “რესპუბლიკის კონსტიტუციაში” ცვლილების შეტანაზე.

კონკრეტულად კი, “კონსტიტუციის” მე-10 მუხლში უნდა შევიდეს ცვლილება, რომლითაც “პრეზიდენტს” ე.წ. პარლამენტთან შეთანხმებით ენიჭება უფლება, რუსეთის უმაღლეს ხელმძღვანელობას მიმართოს თხოვნით, განიხილოს სამხრეთ ოსეთის მის შემადგენლობაში შესვლის საკითხი. თუკი ოსები ამ მეორე რეფერენდუმსაც ჩაატარებენ და მხარს დაუჭერენ, შემდეგ ნაბიჯებად რჩება მოსკოვისთვის მიმართვა და კრემლის პასუხი.

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების თემაზე ამ რეფერენდუმის გამართვის საკითხი უკვე რამდენიმე წელია, განიხილება. “რესპუბლიკის” ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთთან მიერთების სურვილს “ბევრი მოქალაქე” გამოთქვამდა.

ანატოლი ბიბილოვის თქმით, მისი “გაპრეზიდენტების” შემდეგ საგარეო და საშინაო პოლიტიკაში მხოლოდ ის შეიცვლება, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა. ანატოლი ბიბილოვი სამხედრო პირია. საბჭოთა კავშირის დროს თბილისში, ლესელიძის სახელობის სამხედრო სასწავლებელშიც სწავლობდა. იგი 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა და ორჯერ დაიჭრა. 2008 წლის მოვლენების გამო მას გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიანიჭეს.

2014 წლიდან დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეა. არის პარტია “ერთიანი ოსეთის” დამფუძნებელი და ე.წ. პარლამენტში 35 “სადეპუტატო” მანდატიდან აქვს -20. ის რუსეთთან მაქსიმალური ინტეგრაციისა და რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანების მომხრეა. ამ ე.წ. არჩევნებს და რეფერენდუმს არც ოფიციალური თბილისი და არც დასავლეთი არ აღიარებს.

რეზონანსი“, 11 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ ირაკლი ცქიტიშვილთან: „ამ ეტაპზე რუსეთი ცხინვალის რეგიონის შეერთებისგან თავს შეიკავებს“ // მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების გადაბირებას დილობს

ეკატერინე ბასილაია

„ცხინვალის რეგიონში სახელწოდება „ალანიას“ დარქმევაზე რეფერენდუმის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ რუსეთი შემდეგი რეფერენდუმისგან და შეერთებისგან თავს შეიკავებს. რუსეთი ცდილობს, თავისკენ გადაიბიროს საქართველოს ხელისუფლება და ამიტომაც ახლა ასეთ შეტევაზე არ წავა. შეერთებაზე რეფერენდუმს მოიტოვებს იმ მომენტისთვის, თუ მიხვდება, რომ საქართველოსთან მას არანაირი შანსი აღარ გააჩნია”, – აცხადებს „ექსპერტთა კლუბის“ წევრი, ანალიტიკოსი ირაკლი ცქიტიშვილი.

ირაკლი ცქიტიშვილი: ე.წ. პრეზიდენტად თიბილოვი იქნება, ბიბილოვი თუ მოსკოვის სხვა მარიონეტი, ამას ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ყველა იმ პოლიტიკას გაატარებს, რასაც რუსეთი ეტყვის.

- რეფერენდუმის შედეგით სამხრეთ ოსეთს დაარქვეს ალანია, გამარჯვებული კანდიდატის, ანატოლი ბიბილოვის ინიციატივაა, რუსეთთან შეერთებაზე რეფერენდუმიც წელს ჩატარდეს და უნდა ველოდოთ?

- ანატოლი ბიბილოვის ინიცირებული იყო რეფერენდუმი თავიდან და ის შეეცდება, ამ მიმართულებით გააგრძელოს პოლიტიკა. თუმცა ამ ეტაპზე ჩანს, რომ რუსეთს ცხინვალის რეგიონის შეერთება ხელს არ აძლევს. ყოველ შემთხვევაში, მათ ეს პოზიცია უჭირავთ, მაგრამ ისიც შესაძლოა, მოსკოვში ერთს ფიქრობდნენ და მეორეს ახმოვანებდნენ. თანაც, ჩნდება კითხვა, მაშინ რატომ დართო სახელწოდება ალანიას დარქმევაზე რეფერენდუმის ნება? ეს არის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი. ამ რეფერენდუმით გათვლა არის იმაზე, რომ თუ ჩრდილოეთ ოსეთი არის ალანია, სამხრეთიც უნდა იყოს ალანია და ორად გახლეჩილი ერი ერთ დიდ ალანიად უნდა შეიქმნას.

რუსეთს კულუარულად ახლაც შეეძლო ეთქვა, რომ საჭირო არ არის ალანიას დარქმევა. ეს რეფერენდუმი რუსეთს აძლევს შანსს, ცხინვალის რეგიონის მიერთების კარტი გაათამაშოს და თქვას, ხალხმა გამოხატა ამის სურვილი და ამის საფუძველზე უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. სახელწოდების გადარქმევაზე რეფერენდუმის მიუხედავად, მაინც ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე რუსეთი შემდეგი რეფერენდუმისგან და შეერთებისგან თავს შეიკავებს. ამ რეფერენდუმით მოსკოვი არაფერს კარგავს, მაგრამ ის ცდილობს, თავისკენ გადაიბიროს საქართველოს ხელისუფლება და ამიტომაც ახლა ასეთ შეტევაზე არ წავა.

შეერთებაზე რეფერენდუმს მოიტოვებს იმ მომენტისთვის, თუ მიხვდება, რომ საქართველოსთან მას არანაირი შანსი აღარ გააჩნია.

- სანამ რუსეთს საქართველოს ევრაზიული კავშირისკენ შემოტრიალების რაღაც იმედი აქვს, ის სამხრეთ ოსეთს არ შეიერთებს?

- ასეა. რუსეთი საკმაოდ სერიოზულ სამუშაოს ატარებს საქართველოში. პირველ რიგში ესაა პროპაგანდისტული მხარე, ე.წ. რბილი ძალა და ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ამ რბილ ძალას შემაკავებელი ფაქტორებით ჩვენი ხელისუფლება არანაირად არ ეწინააღმდეგება და რიგ შემთხვევაში თვალის დახუჭვით აძლიერებს კიდეც.

- საუბარია, რომ ანატოლი ბიბილოვი უფრო მეტად ანტიქართველია, ვიდრე იყო თიბილოვი. აფხაზეთში რაულ ხაჯიმბას გამარჯვების შემდეგ გალის ქართველი მოსახლეობისთვის სიტუაცია დამძიმდა, ქართული სკოლები დაიხურა, დანარჩენ საქართველოსთან არსებული გადასასვლელები დაიხურა, .. პასპორტები ჩამოართვეს ხალხს. ბიბილოვის გაპრეზიდენტების შემდეგ ახალგორელი ქართველების ცხოვრების დამძიმებაც შესაძლოა მოხდეს?

- აფხაზეთში ცოტა სხვა სიტუაციაა და ცოტა რთულია შედარება. თიბილოვს ამ ბოლო დღეებში წარმოუდგინეს რაღაც დოკუმენტები ჩვენს ქართულ სპეცსამსახურებთან მუშაობის, ჩემი აზრით, ფალსიფიცირებული. ასევე დააბრალეს, რომ მის მიერ გაჩუქებული ასობით იარაღის რეალიზაციაში დაიხმარა ქართველები და ა.შ. ასე, რომ “ქართული კარტი” გათამაშდა. თუმცა არ მგონია, რომ რადგან ბიბილოვი ამ ანტიქართული კარტით მოვიდა, ამის გამო დამძიმდეს ქართველების მდგომარეობა. შეიძლება მდგომარეობა დამძიმდეს, მაგრამ ეს იქნება რუსეთის პოლიტიკური ნება. რუსეთმა თუ მოინდომა, ბიბილოვი მას შეასრულებს.

რეზონანსი“, 11 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ ლია მუხაშავრიასთან: „ხელისუფლება მოჭრის იმ კონსტიტუციურ ტოტს, რომელზედაც კონსტიტუციური უმრავლესობით ზის

თიკო ოსმანოვა

„არა მგონია, ხელისუფლება მიხვდეს, რომ ძალიან საშიში პროცესია და ეს თვითნებობა არის დაუშვებელი. ამით მოჭრის იმ კონსტიტუციურ ტოტს, რომელზედაც კონსტიტუციური უმრავლესობით ზის. შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის საზოგადოება უფრო გონივრულ არჩევანს გააკეთებს, ვიდრე დღეს არის გაკეთებული”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას იურისტი ლია მუხაშავრია, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვესაუბრეთ.

ლია მუხაშავრია: ჩემი მოლოდინის შესახებ მე თავიდანვე მქონდა გაცხადებული და ახლაც ვიტყვი – ისევ და ისევ ხდება კონსტიტუციის ერთი კონკრეტული ადამიანის მოთხოვნილებებისა და სურვილების მიხედვით ჭრა-კერვა. როგორც თავის დროზე ვამბობდით, რომ მიხეილ სააკაშვილის კუწურიე იყო მაშინდელი საკონსტიტუციო კომისია და მას არგებდა ჩოხა-ახალუხს, როდესაც საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან უცებ საპარლამენტო რესპუბლიკად გადავიქეცით. იგივე პროცესი ხდება ახლა – ვიღაცას, და ეს ვიღაცა არის ბიძინა ივანიშვილი, აქვს კონკრეტული მოთხოვნები, რომელიც აისახა კონსტიტუციაში, რომ პირდაპირი წესით არ მოხდეს პრეზიდენტის არჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ეს წესი ძალაში 2023 წელს შევა. სამწუხაროდ, ეს არის ხელისუფლების თვითნებობის გამოვლინება, რომელსაც ბოლო 22 წლის მანძილზე ვუყურებთ. და ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში ვერა და ვერ მივიღეთ პოლიტიკოსთა ის ფენა ხელისუფლების სათავეში, რომელთაც ნამდვილად ესმით სახელმწიფოსთვის კონსტიტუციის დანიშნულება.

- ანუ, თქვენი აზრით, ახალი კონსტიტუციაც ბიძინა ივანიშვილზე დაოცნებაზეიქნება მორგებული?

- ვფიქრობ, კონკრეტული დაკვეთის შესრულება ხდება. ამ პროცესში ჩართული აღმოჩნდნენ ის ადამიანები და ორგანიზაციები, ვისაც ეს თავის დროზე არ გაუაზრებია და ალბათ ვერ წარმოიდგენდნენ. მათ ეგონათ, რომ დისკუსიის შედეგად მოხდებოდა პროექტის შედგენა და ალბათ ახლა ბევრს აქვს იმედგაცრუება.

- ელოდებით თუ არა პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან კომისიის ბოიკოტირებას? ერთმა პარტიამ ამასთან დაკავშირებით განცხადება უკვე გააკეთა...

- კონსტიტუციაზე პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება საზოგადოებას, რომელიც უფლებას აძლევს ერთ მუჭა პოლიტიკოსებს, აკეთონ მათი სახელით და მათ ზურგს უკან ის, რაც მათთვის არ ყოფილა უფლებამოსილებით გათვალისწინებული. ძალიან საშიშ მოვლენასთან, თვითნებობასთან გვაქვს საქმე. პოლიტიკური ძალა ბოროტად იყენებს მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას.

ჩვენ როდესაც ვირჩევდით დეპუტატებს, საზოგადოებას არ უფიქრია და ვერც წარმოიდგენდა, რომ მოხდებოდა მათი ხელით კონსტიტუციის ისეთი ჭრა-გადაკეთება, რომ ივანიშვილის ტანზე მორგებულ კანონს მივიღებდით და არა ისეთს, რომელიც ამ ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისებს აგვარიდებდა თავიდან. ჩვენ ძალიან ხშირად ვიმყოფებით პოლიტიკურ კრიზისში და აქედან დემოკრატიული და სამართლებრივი, კონსტიტუციური გზებით გამოსვლის მექანიზმების მაგივრად კონსტიტუცია გვთავაზობს უფრო რთულ ჩიხში შეყვანის შესაძლებლობებს, ამიტომ მერე მთელი ქვეყანა სულ დეპოშია. წინ ვერ მივდივართ, პროგრესი არ გვაქვს და მერე გვიკვირს, რატომ? სწორედ იმიტომ, რომ კონსტიტუცია არის უმთავრესი კანონი, რაზედაც სახელმწიფო დგას.

- მაგრამ ამ ყველაფერს ხომ მმართველი ძალა სჭირდება?

- პოლიტიკოსებს მანდატს ვაძლევთ, გარკვეული ძალით, გასაგებია, მაგრამ არ უნდა მიგვეცა მათთვის კონსტიტუციური უმრავლესობა. როგორც ხედავთ, მათ ძალიან სწრაფად დაიწყეს ამ მანდატის ბოროტად გამოყენება. ამ მახინჯ კონსტიტუციურ ცვლილებებსაც გადავიტანთ ალბათ, მაგრამ დრო იკარგება ფუჭად და სახელმწიფო და ქვეყნა წინსვლის ნაცვლად უკან მიდის.

- რაში ხედავთ გამოსავალს?

- დავაკვირდეთ მოვლენებს. არა მგონია, ხელისუფლება მიხვდეს, რომ ეს ძალიან საშიში პროცესია, ეს თვითნებობა არის დაუშვებელი და ამით მოჭრის იმ კონსტიტუციურ ტოტს, რომელზედაც კონსტიტუციური უმრავლესობით ზის. შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის საზოგადოება უფრო გონივრულ არჩევანს გააკეთებს, ვიდრე დღეს არის გაკეთებული.

რეზონანსი“, 11 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „პრეზიდენტს უსმენენ, უთვალთვალებენ თუ რა ხდება?!“ // კონსტიტუციის ამ პროექტით შექმნა კარგად არ დამთავრდებახელისუფლებისთვის

თიკო ოსმანოვა

“თუ ისინი გაიგებენ, რა სჭირდება ამ ქვეყანას და საბოლოო ჯამში კორექტივებს შეიტანენ კონსტიტუციის ამ პროექტში, ამას ნორმალურად მიიღებს საზოგადოება. თუ ისე დატოვებენ, როგორც წარმოადგინეს პირველ პროექტში, არა მგონია, ეს ხელისუფლებისთვის კარგად დამთავრდეს. ეს არ მოხდება ერთ და ორ დღეში, მაგრამ საქართველოს ისტორია ასეთი ტიპის ქმედებებს არავის პატიობს. არ აპატია არც შევარდნაძეს და არც სააკაშვილს”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

პრეზიდენტის გამოსვლაზე და საკონსტიტუციო კომისიაზე “რეზონანსი” გია ხუხაშვილს ესაუბრა.

გია ხუხაშვილი: ვფიქრობ, პრეზიდენტი თავის გამოსვლაში შეეხო პრაქტიკულად ყველა მიმართულებას, იმ პრობლემებს, რაც ქვეყანაში არსებობს და შეეცადა, რეკომენდაციები მიეცა ხელისუფლებისთვის თუ დანარჩენი პოლიტიკური ელიტისთვის. გამოსვლა იყო კრიტიკული, თუმცა არ იყო კონფრონტაციული. ხელისუფლების რეაქცია კი ზედმეტად კრიტიკული იყო. ეს არ არის პირველი შემთხვევა, ყველა გამოსვლას ასეთი რეაქცია მოჰყვება ხოლმე. არც ერთ მხარეს არ მოსწონს და საბოოლო ჯამში ისევ ერთმანეთს ეცემიან ხელში და ერთმანეთში მართავენ დებატებს. ახლაც ასე მოხდა, თუმცა “ოცნებამ” ჩვეულ სტილში პრეზიდენტი დაადანაშაულა ყველაფერში. ეს მათთვის ჩვეული ქმედებაა, ამით ისინი პრეზიდენტს კი არ ეჩხუბებიან, ვიღაცას ეპრანჭებიან. ეს მათი მოქმედების სქემაა და არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა.

- საკმაოდ მწვავე გამოსვლა ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს...

- სალომე ზურაბიშვილზე კომენტარი არასერიოზულად მიმაჩნია. თავის გამოჩენაზე მეტი სურვილი მის გამოსვლაში ვერ დავინახე. ამიტომ კომენტარს ვერ გავაკეთებ.

- რას იტყვით პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლაზე, როდესაც პრეზიდენტი ოპოზიციასა და არასამთავრობოების გადაბირების მცდელობაში დაადანაშაულა?

- ეს უკვე პარანოიის გამოვლინებაა. ეს ახალგაზრდა კაცი ისეთ განცხადებებს აკეთებს, ყოველდღე თავის თავს აჭარბებს. ამ განცხადების არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. სამოქალაქო სექტორი გაკვირვებულია, საიდან მოიტანა კობახიძემ ეს. ასე რომ, ეს კლასიკური ისტერიული რეაქციაა მოუმწიფებელი ადამიანის და მეტი არაფერი. ჯერ ერთი, პრეზიდენტს აქვს თავისი დღის წესრიგი და იმაზე ლაპარაკობს, მაგრამ არ უნდა, რომ პირდაპირ დიალოგში შევიდეს პრეზიდენტთან, ამიტომ შორიდან ასეთ პარანოიულ განცხადებებს აკეთებს. მარტო ბრალდებები შეუძლია და ამით ეპრანჭება ვიღაცას და პრეზიდენტის წინააღმდეგ შეთქმულების თეორიას აწყობს. მე მაინტერესებს, სანდო წყაროს ინფორმაციაში რას გულისხმობს – ეს არის მოსმენა, აგენტურა თუ რა არის? ვინ არის ეს სანდო წყარო?! რომელსაც მიაქვს მასთან ამბავი. პრეზიდენტი ვიღაცასთან კონსულტაციებს მართავს. პრეზიდენტს უსმენენ, უთვალთვალებენ, თუ რა ხდება?! საიდან აქვს ეს მონაცემები, ძალიან მაინტერესებს.

- ზოგადად რა მოლოდინი გაქვთ კონსტიტუციასთან დაკავშირებით. მისი პროექტი უკვე დაურიგდა კომისიის წევრებს...

- “ქართულ ოცნებას” შეუძლია, ხელების გადაგრეხვის პრინციპით თავისი საკუთარი ვიწრო პარტიული ოცნება განახორციელოს, ამის ინსტრუმენტები აქვს. მაგრამ ასეთი ვიწრო პარტიული ოცნებების განხორციელება საერთოდ სასაფლაოთი მთავრდება და ამის გამოცდილება აქვს ამ ქვეყანას. როდესაც ხელისუფლება ძალაუფლებას იყენებს არა იმისათვის, რომ კონსენსუსის შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება, არამედ საკუთარ პოლიტიკური დღის წესრიგს აგებს, ეს ყველაფერი, როგორც წესი, ცუდად მთავრდება.

- ამ კონკრეტულ შემთხვევაში რას ხედავთ, “ოცნებავიწრო პარტიული ინტერესებით მოქმედებს?

- თუ ისინი გაიგებენ, რა სჭირდება ამ ქვეყანას და საბოლოო ჯამში კორექტივებს შეიტანენ ამ გეგმებში, ნორმალურად მიიღებს საზოგადოება. თუ ისე დატოვებენ, როგორც წარმოადგინეს პირველ პროექტში, არა მგონია, ეს ხელისუფლებისთვის კარგად დამთავრდეს. ეს არ მოხდება ერთ და ორ დღეში, მაგრამ საქართველოს ისტორია ასეთი ტიპის ქმედებებს არავის პატიობს. არ აპატია არც შევარდნაძეს და არც სააკაშვილს.

„ახალი თაობა“, 11 აპრილი, 2017 წელი

გიორგი მარგველაშვილთან აგენტურა ჰყავთ ჩანერგილი?

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ირაკლი კობახიძემ აგვიხსნას, საიდან აქვს სარწმუნო ინფორმაცია გიორგი მარგველაშვილზე

საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასა და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებზე „ახალ თაობას“ ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრება.

- ბატონო გია, პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო კომისიის სხდომა კვლავაც პრეზიდენტის მისამართით გაკეთებული განცხადებით დაიწყო. მისი თქმით, სარწმუნო ინფორმაციით, პრეზიდენტი კონსულტაციებს მართავდა არასაპარლამენტო ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორთან, რათა მათ კომისია დაეტოვებინათ. რას იტყვით ამ ყველაფერზე?

- სამწუხაროდ, მსგავსი სენი დასჩემდა ქართულ პოლიტიკურ ელიტას. მათ შორის უმწიფარი ადამიანები განსაკუთრებით აქტიურობენ ხოლმე ამ მიმართულებით. საკუთარ თავში პრობლემის დანახვა არავის უნდა. გაკეთდა სამოქალაქო სექტორის განცხადება, თუ რით არიან ისინი უკმაყოფილო ამ პროექტთან დაკავშირებით, რაც ბოლოს იქნა შეთავაზებული და რა პრინციპული თემებია.

- პრეზიდენტის მისამართით გაკეთებულ განცხადებაზე რას იტყვით?

- პრეზიდენტის ხსენება პარლამენტის თავმჯდომარეს დასჭირდა იმისთვის, რომ ვიღაცას გაპრანჭვოდა. მე მაქვს მასთან ძალიან მარტივი კითხვა, სარწმუნო ინფორმაციაზე რომ ლაპარაკობს, საიდან აქვს ეს სარწმუნო ინფორმაცია?! რა, აგენტურა ჰყავთ სადმე ჩანერგილი, სპეცსამსახურების მონაცემებით სარგებლობს? გააკეთოს განმარტება!

- თქვენ რას ფიქრობთ, არ გაუმართავს პრეზიდენტს კონსულტაციები?

- სისულელეა ის, რომ პრეზიდენტი ვინმესთან კონსულტაციებს აწარმოებდა. მე პირიქით გეტყვით, როდესაც პრეზიდენტთან იყო სამოქალაქო სექტორის ზოგიერთი პარტიის წარმომადგენლის შეხვედრა, ისინი გამოთქვამდნენ პრეზიდენტთან უკმაყოფილებას ამ პროცესთან დაკავშირებით და ისინი ამბობდნენ, თუ ასე გაგრძელდა, ისინი დატოვებდნენ კომისიას, პრეზიდენტი კი ცდილობდა, მათთვის გადაეფიქრებინა ამ ნაბიჯის გადადგმა. პარლამენტის თავმჯდომარე ყველაფერს თავდაყირა აყენებს, რათა საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინოს და ვიღაცას გაეპრანჭოს! ასევე სერიოზული კითხვები გამიჩნდა „სარწმუნო ინფორმაციასთან“ დაკავშირებით, რას ნიშნავს ეს ყველაფერი?! საიდან იღებენ სარწმუნო ინფორმაციას?

- როგორ ფიქრობთ, საიდან?

- ეს ყველაფერი სპეცმეთოდებს ხომ არ უკავშირდება და მოსმენების კანონის ჯიუტად გატანა ამისთვის ხომ არ სჭირდებოდათ? თუ რა ხდება, ვერ გავიგე!

- მოძრაობამ სახელმწიფო ხალხისთვის უკვე დატოვა საკონსტიტუციო კომისია, საუბარია, რომ არასამთავრობოებიც გეგმავენ გასვლას. გაგრძელდება დემარში?

- იმდენად არაჯანსაღად ვითარდება ეს პროცესი, რომ მოსალოდნელია, ეს ტენდენციები განვითარდეს. ნახეთ, ხელისუფლებამ როგორ წაიყვანა პროცესი! ლაპარაკობდა დეტალებზე და მერე მთელ კომისიას მიაყენეს შეურაცხყოფა. იმიტომ, რომ კომისიისთვის არ წარუდგენიათ თავიანთი მოსაზრებები და გაატანეს პროექტი ვენეციის კომისიას. ანუ ვენეციის კომისიას უფრო ადრე გააცნეს მოსაზრებები, ვიდრე კომისიის წევრებს! ეს ჯანსაღი პროცესია?  კომისიის წევრები ამბობდნენ, არ ვიცით, რა გაატანესო. როდესაც ასეთი დამოკიდებულებით ხარ შენს პარტნიორებთან, როდესაც ვიღაცას ეჩურჩულები ისე, რომ ამ ხალხმა არაფერი იცის, იქ პარტნიორობაზე ლაპარაკი ძალიან რთულია! თუ ეს ადამიანები პროტესტს გამოთქვამენ, მერე ეს არ უნდა გაგიკვირდეს!

- თქვენ გამორიცხავთ, რომ ამ ხალხმა პრეზიდენტთან გაიარა კონსულტაცია?

- რა თქმა უნდა. პრეზიდენტი შესაძლოა ბევრ თემაზე ფიქრობდეს, მაგრამ ის ასე არავის დაელაპარაკება. არც ერთ პარტიას! ის პოლიტიკურად ნეიტრალურია.

- ბრალსაც გდებენ, გია ხუხაშვილი უგეგმავს დღის წესრიგსო და ესეც უნდა იცოდეთ. ამიტომ გეკითხებით...

- მე ხომ მაგ უბედურებაში ვარ ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული, მაშინაც ლამის ქვეყანას მე ვმართავდი თურმე და ახლა პრეზიდენტთან გადმოვბარგდი და აქ ვმართავ ყველაფერს. ეს არის ჩვეულებრივი პარანოია და ამ მხრივ არაფერი იცვლება ამ ქვეყანაში. სხვათა შორის, ამ მიზეზით მე კომუნიკაცია მაქვს შეწყვეტილი ძალიან ბევრ ადამიანთან. იმიტომ, რომ თუ ვინმეს ხელი ჩამოვართვი, მაშინვე იწყება ლაპარაკი, რომ ან რამის წილში ვარ და ან რამეს ვმართავ.

- თქვენი და გიორგი მარგველაშვილის ურთიერთობებზე რას გვეტყვით. გაზვიადებულია ეს ყველაფერი?

- პრეზიდენტთან, რა თქმა უნდა, მაქვს კონსულტაციები. მე ამას არ ვმალავ. ჩემი ადამიანური ურთიერთობებიდან გამომდინარე, ჩემს აზრს ვეუბნები, ის თავის აზრს მეუბნება.

- მერე იზიარებს თქვენს რჩევებს?

- მე არ გამოვრიცხავ, რომ მან რაღაცა ჩემი ნათქვამი გაიზიაროს, მაგრამ უფრო ხშირად ნაკლებად იზიარებს. ან პირიქით, მე გავიზიარო მისი აზრი. ეს არის ჩვეულებრივი ჯანსაღი ადამიანური ურთიერთობები და არანაირი კავშირი ამას ამ შეთქმულების თეორიასთან არ აქვს. თუმცა, გარდა იმისა, რომ ხელისუფლება ამ სპეცინფორმაციით სარგებლობს, წაკითხვაც ვერ ისწავლა ამ სპეცინფორმაციის.

- რას გულისხმობთ?

- სანდო წყაროზე დაყრდნობით რომ ლაპარაკობს პარლამენტის თავმჯდომარე, ეს სრულიად არასერიოზულია. გაგებაც ვერ ისწავლეს იმის, ამ სანდო წყაროს ინფორმაცია რომ მოაქვს, ეს გააანალიზონ და სწორი დასკვნები გააკეთონ. ეს არის პოლიტიკური პარანოია, მეტი არაფერი!

- ეს გამოუცდელობით მოსდის ირაკლი კობახიძეს?

- ის სასათბურე პირობებში, ინკუბატორში გამოყვანილი პოლიტიკოსია და რა არის აქ გასაკვირი?! ის ფაქტობრივად გამზადებულზე აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, რასაც ჰქვია მისი პარლამენტის თავმჯდომარეობა და დღესაც ამ გაუგებრობაშია და იქნება კიდევ რაღაც პერიოდი!

- პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ძალიან ცუდ კონსტიტუციას ვცვლით ძალიან კარგი კონსტიტუციით, ვენეციის კომისიამაც მოიწონა შესატანი ცვლილებებიო...

- ვენეციის კომისიას ჯერ დასკვნები არ დაუდია, გამარჯობა რომ უთხრეს და, რომ გაუღიმეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეფასებები გაკეთდა. ეს არ არის სწორი ნათქვამი. შეხვედრაზე, დოკუმენტს რომ გადასცემ, პირდაპირ ჩხუბს ხომ არ დაგიწყებს ვენეციის კომისია. დაველოდოთ კომისიის დასკვნას. კომისიის წევრებს რაც შეეხება, თუ დღეს ვინმე ტოვებს ამ კომისიას, ეს არის პასუხი იმ შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაზე, რასაც ადგილი ჰქონდა ხელისუფლების მხრიდან!

- ზურგს უკან და კომისიის გვერდის ავლით მოქმედებს უმრავლესობა?

- რა თქმა უნდა! თანაც საკუთარ თავში პრობლემის დანახვა არ უნდათ, ისევ ვიღაცას უნდა დააბრალონ. ვის უნდა დააბრალო? რა თქმა უნდა, პრეზიდენტს და ამით ორი კურდღელი დაიჭირონ. ერთი, რომ პრეზიდენტზე დაბრალება მოდაშია და მეორე, ვიღაცას უნდა ასიამოვნონ, მას, ვინც პრეზიდენტზე გაბრაზებულია.

- თუ დემარში გაგრძელდა, ჩავარდება კომისიის მუშაობა?

- გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებას აქვს ყველა ფორმალური ბერკეტი იმისთვის, რომ რაც უნდა, ის მიიღოს, რა თქმა უნდა, მან შეიძლება იმოქმედოს ხელების გადაგრეხვის პრინციპით. შეიძლება ეს გაიტანონ, მაგრამ გრძელვადიანი პროცესი, არა მგონია, მათთვის მაინცდამაინც სასარგებლო იყოს.

„ახალი თაობა“, 11 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ დავით ლორთქიფანიძესთან: „გიორგი მარგველაშვილის ტონი არ მომეწონა

პარლამენტის ყოფილი წევრი დავით ლორთქიფანიძე „ახალ თაობასთან“ პრეზიდენტ მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლას აანალიზებს.

- ბატონო დავით, პრეზიდენტის გამოსვლა მოგეწონათ?

- პრეზიდენტს არ ჰქონდა ისეთი გამოსვლა, რაც უშუალოდ მის კომპეტენციას შეესაბამება. გიორგი მარგველაშვილს, ალბათ, მეტი ყურადღება უნდა გაემახვილებინა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საკითხებთან დაკავშირებით. მისი გამოსვლა აუდიტორიაზე იყო გათვლილი და არა იმაზე, რაც კანონმდებლობიდან გამომდინარე მისთვის უფრო რელევანტური უნდა ყოფილიყო.

- პრეზიდენტის გამოსვლაში ყველაზე მეტად რომელი განცხადება იყო თქვენთვის მიუღებელი?

- ჩემთვის, მაგალითად, მიუღებელი იყო განცხადების ის ტონი, როდესაც მან უმრავლესობას „შეახსენა“, რომ უმრავლესობა ჩაიკეტა თავის წრეში. ის პარლამენტზე ზედამხედველის ფუნქციით არ არის აღჭურვილი და ასეთი განცხადება საკონსტიტუციო უმრავლესობის მიმართ, უბრალოდ რომ ვთქვათ, ლამაზად არ ჟღერს. კონსტიტუციით, პრეზიდენტი არ არის მთავრობის მეთაური. პრეზიდენტს არ აქვს უფლება, მთავრობას დაუძახოს, თავისთან შეკრიბოს, მოუსმინოს და დავალებები მისცეს. მით უმეტეს, ბატონი მარგველაშვილი პარლამენტს დავალებებს ვერ მისცემს. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება მისი უფლებამოსილების სფეროდან გასულია. ეს არ გაუკეთებია „ქართულ ოცნებას“, ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა. პრეზიდენტს უფლებამოსილებები ნაცმოძრაობამ ჩამოართვა.

- პრეზიდენტის გამოსვლით ნაცმოძრაობა უკმაყოფილო დარჩა, გიორგი მარგველაშვილმა რატომ არ გააკრიტიკა ბიძინა ივანიშვილი და მისი არაფორმალური მმართველობაო...

- ეტყობა, პრეზიდენტი ვერ ხედავს არაფორმალურ მმართველობას, თორემ არა მგონია, თავი შეეკავებინა რაიმე შეფასებებისგან.

- საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენლები არ არიან. სამაგიეროდ, მარგველაშვილს პრეტენზია აქვს პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩევა თუ არა, პრემიერის თუ ყოფილი პრემიერის ნებასურვილზე დამოკიდებული არ უნდა იყოსო. ეს თქვენ როგორ გაიგეთ?

- სიმართლე გითხრათ, პრეზიდენტის არჩევის წესი როგორი იქნება, დამოკიდებული უნდა იყოს ქართველი ხალხის ნებაზე. არსებული სახელმწიფო მოწყობის პირობებში პრეზიდენტის საერთო-სახალხო პირდაპირი წესით არჩევა არ არის მთლად რელევანტური. პრეზიდენტობის კანდიდატმა ამომრჩეველს უნდა შესთავაზოს მისი ხედვები. დღეს მე ვერ ვხედავ ისეთ საშუალებებს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი მოსახლეობას დაჰპირდეს რაღაცას, რასაც შემდეგ აღასრულებს. პრეზიდენტს აღსრულების მექანიზმი არ აქვს.

- მოქალაქეების აზრი მომისმენია, რომლებიც ამბობენ, რომ ერთი პირდაპირი წესით არჩეული პირი ქვეყანაში უნდა არსებობდეს...

- საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და ამ აზრის არსებობაც მისაღებია. თუმცა, არსებული კონსტიტუციის პირობებში პრეზიდენტს არ აქვს პრობლემების გადაწყვეტის მექანიზმი.

- პრეზიდენტს საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებში დადებითი როლის თამაში ხომ შეუძლია...

- პოლიტიკა მხოლოდ საგარეო კუთხით მუშაობა არ არის.

- ქვეყნის შიგნით, მთავარსარდალიც ხომ არის?

- ღმერთმა არ დაგვაჭიროს და მთავარსარდალი მხოლოდ საომარი მოქმედებების გამოცხადების დროს არის საჭირო. როცა პრეზიდენტი მხოლოდ ომის დროს არის მთავარსარდალი და სხვა დროს არ არის ჩართული მუშაობაში, ომის შემთხვევაში გადაწყვეტილებები როგორ უნდა მიიღოს. თვეში ერთ ვეტოს გამოიყენებს, რომელსაც უმრავლესობა დაძლევს. ვეტო ვეტოსთვის არ უნდა იყოს. ახლა პრეზიდენტი აცხადებს, რომ მოსმენების კანონზე მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციებს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს სხვა სტატუსით. ის დამოკიდებულება, რაც არსებობს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის, არსებულმა კონსტიტუციამ წარმოშვა. სწორი ანალიზია საჭირო, რომ კონსტიტუცია იყოს ქმედუნარიანი და სტაბილური, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუციებს განვითარების საშუალებას მისცემს.

- პრეზიდენტი პარლამენტში მისვლამდე ქუთაისის მოსახლეობას შეხვდა და უთხრა, თქვენს სურვილზეა დამოკიდებული, პარლამენტი ქუთაისში იქნება თუ თბილისშიო. თქვენ პარლამენტის წევრი იყავით, ქუთაისში პარლამენტი იმაზე ეფექტურად მუშაობდა, ვიდრე თბილისში?

- რომელი ქუთაისელი იტყვის, პარლამენტი ქუთაისში არ უნდა იყოსო.

- მაშინ ბათუმში გადავიტანოთ და ზღვის სანაპიროზე მაინც გაისეირნებენ დეპუტატები, თუ ასე სასიარულოდ სცალიათ...

- მაგ აზრსაც აქვს არსებობის უფლება, ბათუმში არსებობს საკონსტიტუციო სასამართლო და იქნება მეორე პოლიტიკური ცენტრი. მით უმეტეს, ავტონომიური რესპუბლიკაა. პარლამენტი არის ორ ლოკაციაში განთავსებული, ქუთაისში და თბილისში, რაც ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. მილიონობით ლარზეა საუბარი.

„ახალი თაობა“, 11 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ შალვა შავგულიძესთან: „თუ საკონსტიტუციო კომისიის დატოვება მოგვიწევს, ეს ქართული ოცნების ბრალი იქნება

„თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე შალვა შავგულიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.

- ბატონო შალვა, პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა, რომ პრეზიდენტი კონსულტაციებს მართავდა საკონსტიტუციო კომისიაში შემავალ პარტიებთან, არასამთავრობო სექტორთან, რომ მათ კომისია დატოვონ. ერთ-ერთმა პარტიამ უკვე დატოვა კომისია, თქვენთან რამდენად იყო მსგავსი კომუნიკაცია?

- პრეზიდენტის მოწოდებები ოპოზიციური პარტიებისადმი თუ კიდევ სხვებისადმი, რომ საკონსტიტუციო კომისია დავტოვოთ, არ მსმენია. ჩვენ, თავისუფალ დემოკრატებს, საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს როგორც პრეზიდენტთან, ისე მის ადმინისტრაციასთან, მაგრამ ამგვარი მოწოდება თუ შემოთავაზება ნამდვილად არ მიგვიღია.

- ეკა ბესელია აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არ გააკეთებდა განცხადებას, რომელსაც დასაყრდენი არ ექნებოდა...

- მე უფრო ვფიქრობ, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ მხრიდან პრევენციული ხასიათის განცხადება. ისინი გრძნობენ, რომ თუ საკონსტიტუციო კომისიამ საბოლოო პროდუქტი მიიღო ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის საზიანო და ცვლილებები მოემსახურა მხოლოდ მმართველი პოლიტიკური ძალის ვიწრო ინტერესებსა და ხელისუფლების სრულ უზურპაციას, მაშინ საკონსტიტუციო კომისიის ბევრი სუბიექტი პასუხისმგებლობას ნამდვილად არ გაიზიარებს და კომისიას დატოვებს. თუ კომისიის დატოვება მოგვიწევს, ეს „ქართული ოცნების“ ბრალი იქნება, რაც სურს პრეზიდენტს გადააბრალონ. ჩვენ, თავისუფალმა დემოკრატებმა, როდესაც ამ კომისიაში გავწევრიანდით, იმავე დღეს გავაკეთეთ განცხადება, რომ თუ დავინახავდით, რომ ცვლილებები დემოკრატიისთვის დამაზიანებელი იქნებოდა, მაშინ კომისიას დავტოვებდით, რადგან შეუძლებელია, დამაზიანებელ შედეგზე ავიღოთ პასუხისმგებლობა.

- კომისიის სხვა წევრ ოპოზიციურ პარტიებში განწყობა როგორია?

- ეს განწყობა ჩანს და იგრძნობა კომისიის უმრავლეს სუბიექტებში, გარდა მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებისა, რომლებიც აბსოლუტური უმრავლესობით არიან წარმოდგენილები კომისიაში და ექსპერტთა გარკვეული ჯგუფისა, რომელთა პოზიციებიც კომისიის მუშაობის დაწყების პირველივე დღიდან აბსოლუტურ თანხვედრაშია მმართველი ძალის პოზიციებთან. კომისიის დანარჩენი სუბიექტები, როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები, ისე საპარლამენტო პარტიები, ისე არასამთავრობო სექტორი, ასევე ექსპერტთა გარკვეული ნაწილი ძალიან კრიტიკულად არის განწყობილი იმ პოზიციის მიმართ, რომელსაც მმართველი პოლიტიკური ძალა გვთავაზობს კონსტიტუციური ცვლილებების სახით.

- რა იქნება ის წყალგამყოფი, როდესაც დატოვებთ კომისიას?

- ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ კომისიაში ჩართულობის შედეგს, რათა მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ ის შემოთავაზებული ცვლილებები, რომელთა გატარებასაც „ქართული ოცნება“ აპირებს. თუმცა, თუ საბოლოოდ დავინახავთ, რომ ჩვენი მცდელობა ფუჭი იქნება და გაუმჯობესებას ვერ შევძლებთ, მაშინ გულისწუხილით ვამბობ, მაგრამ კომისიის დატოვება მოგვიწევს, რომ შედეგზე არ ავიღოთ პასუხისმგებლობა.

- თქვენი ეს მკვეთრი ნაბიჯი კონკრეტულად რაზე იქნება დამოკიდებული?

- ქვაკუთხედი იქნება საარჩევნო სისტემა, პრეზიდენტის არჩევის წესი და უფლებამოსილებები. თუ აქ არ იქნება დათმობა, მაშინ ჩვენ დავტოვებთ კომისიას. პრეზიდენტი უნდა იყოს არბიტრი, მაგრამ ძლიერი ფუნქციებით. პრეზიდენტის ეს ფუნქციები რეალურად მყარი უნდა იყოს. დღეს ხელისუფლება გვთავაზობს, რომ პრეზიდენტის საყოველთაო არჩევის წესი შეიცვალოს პარლამენტის მიერ არჩევით, მაგრამ დათქმას აკეთებს, რომ ეს მოხდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც სამართლიანი საარჩევნო სისტემით იქნება ახალი პარლამენტი არჩეული.

- თანახმა ხართ ამ შემოთავაზებაზე?

- ფიქრი შეიძლება ამ შემოთავაზებაზე, მაგრამ საარჩევნო სისტემას უსამართლოს გვთავაზობს. მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულზე გადასვლას გვთავაზობს, მაგრამ დაუმსახურებელი მანდატები კვლავ ძალაში რჩება, საუბარია გაუნაწილებელ მანდატებზე, რომლებიც პირველ ადგილზე გასულ პარტიას მიაქვს. ასევე საუბარია საარჩევნო ბლოკების აკრძალვაზე. ეს კომბინაცია აბსოლუტურ უპირატესობას აძლევს არჩევნებში მმართველ პოლიტიკურ ძალას. ამ საპარლამენტო არჩევნებში გაუნაწილებელი დარჩა 16 თუ 17 მანდატი, დაახლოებით 20-21%. სრულ პროპორციულ სისტემაზე თუ გადავალთ, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. ასევე თუ საარჩევნო ბლოკების შექმნა აიკრძალება, მაშინ მცირე პარტიები დამოუკიდებლად საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავენ. სწორედ ეს ხმებია გაუნაწილებელი მანდატები, რასაც მიითვისებს მმართველი ძალა. მცირე ოპოზიციური პარტიების საარჩევნო კამპანია მმართველი ძალისთვის ბეღელი იქნება ხმების შესაგროვებლად. ასევე უამრავი ნიუანსია. მაგალითად, დღეს ჩვენ ვმუშაობთ ადამიანის უფლებების თავზე, ასევე სასამართლო სისტემაზე. ადამიანის უფლებების ნაწილში ბევრი არასასურველი ცვლილებაა, რომელთაც მმართველი ძალა გვთავაზობს.

- მაგალითად?

- პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. აქ შედის ასევე პერსონალური მონაცემების დაცვა, პირადი კომუნიკაციის ხელშეუხებლობა, დაცულობა. ამ სიკეთეების დაცვის სტანდარტი დაწეულია. ამას ვერ ვამართლებ, რადგან საუბარია მეტად ღირებულ სიკეთეებზე დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ასევე გარემოს დაცვის საკითხები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხები. ამ საკითხებთან კონსტიტუციური სტანდარტი ძალიან მცირდება, დაბლა იწევს.

- რამდენად ასწრებს კომისია სამუშაოების დასრულებას? აპრილის ბოლო მალე მოვა...

- კომისიაში შესაბამისი ჯგუფები მუშაობენ. საკითხების განხილვები მიმდინარეობს, მთელი კვირა მოგვიწევს მუშაობა, ალბათ ოთხშაბათი და ხუთშაბათიც გადაებმება. თუმცა, საბოლოოდ თუ ვერ დავინახეთ შედეგი და ეს ცვლილებები იქნება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის საზიანოდ მიმართული, მაშინ ასეთ შედეგზე პასუხისმგებლობას არ ავიღებთ.

„ახალი თაობა“, 11 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ პაატა ჯიბლაძესთან: „კონსტიტუციით ბლოკების აკრძალვას არ შევეგუებით

ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე „ახალი თაობა“ მემარცხენე ალიანსის პოლიტიკურ მდივან პაატა ჯიბლაძეს ესაუბრა.

- ბოლო დროს ოპონენტები ხშირად ადანაშაულებენ ხელისუფლებას იმაში, რომ ის არ ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიების მოსაზრებებს, საზოგადოების ინტერესებს და არავისთან თანამშრომლობს...

- ხალხს ეკონომიკის განვითარება და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება უნდა. „ქართულმა ოცნებამ“ თავისი დაპირებები იმ დოზით არ შეასრულა, რომლითაც უნდა შეესრულებინა. ხელისუფლება უნდა ეცადოს თანხმობის მიღწევას საზოგადოებასთან, რომელიც უკმაყოფილოა. ჩვენი რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა მიიღო, ზოგი ნაწილობრივ გაითვალისწინა. ეს, ფაქტობრივად, ხალხის მოთხოვნის შესრულებაა. ჩვენი წინადადებით, საკანონმდებლო ორგანომ შეამცირა საპროცენტო განაკვეთის ზღვარი ყველანაირ კრედიტზე. სააფთიაქო ნარკომანიის ორგანიზება და ხელშეწყობა პარლამენტის გადაწყვეტილებით უფრო მკაცრად ისჯება, თუმცა, ჩვენ უფრო დიდ სასჯელს მოვითხოვდით. ჩვენი შვილების განადგურება შესაბამისად უნდა ისჯებოდეს. ჩვენი ინიციატივით, მთიანი სოფლების ნუსხა გაიზარდა და მთიანი რეგიონებისთვის დაწესებული შეღავათებით მეტი სოფელი სარგებლობს. ამ დღეებში შევიტანე კანონპროექტი საუფლო დღესასწაულის, ხარების, უქმე დღედ გამოცხადების შესახებ. ალბათ, მასაც არ შეხვდება წინააღმდეგობა.

- პარტიები ქართული ოცნების ჩაკეტილობაზე ლაპარაკობენ...

- „ქართულმა ოცნებამ“ ჯანსაღ ძალებთან მეტად უნდა იკონტაქტოს. როცა ხალხზე მზრუნველად გვევლინება ნაციონალური მოძრაობა, ეს ნდობას არ იწვევს. ის, თუ როგორ ზრუნავს ეს პარტია ქვეყანასა და საკუთარ მოსახლეობაზე, იმ ავადსახსენებელ წლებში ვიწვნიეთ. ნაციონალური მოძრაობის არც ერთი ინიციატივა დასაჯერებელი არ არის. ნაციონალები ქულებს იგროვებენ.

- პარტიები ხელისუფლებას ხშირად საარჩევნო საკითხების გამო აკრიტიკებენ...

- საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებას პარტიის დაარსების დღიდან მოვითხოვთ. ბოლო დროს „ქართული ოცნება“ განიხილავს საარჩევნო ბლოკების აკრძალვის იდეას. ეს მიუღებელია. `ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობა“ ბლოკით დაამარცხა. ბლოკების აკრძალვას არ შევეგუებით. ჩვენი პარტიის თავმჯდომარემ კახა ძაგანიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუ ეს მოხდა, ამ მუხლს საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრებთ. დარწმუნებული ვარ, ამ საქმეს მოვიგებთ კიდეც. ყოველთვის მოვითხოვდით მაჟორიტარული სისტემისა და გუბერნატორების ინსტიტუტის გაუქმებას. უკეთესი იქნება, რომ პრეზიდენტი მომავალშიც ხალხმა აირჩიოს და ის არ იყოს ბუტაფორიული. პრეზიდენტი უნდა იყოს ყველასი. მას გარკვეული მისია უნდა ჰქონდეს.

- პრეზიდენტმა ამ დღეებში პარტიებს გაერთიანებისაკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი იმედგაცრუებულ ხალხს ახალ არჩევანს შესთავაზებენ...

- ამ განცხადებას თავისი გათვლა ჰქონდა. პრეზიდენტზე ამბობენ, რომ ის სათავეში ჩაუდგება რამდენიმე პარტიისგან შექმნილ გაერთიანებას. გიორგი მარგველაშვილმა ამით დაადასტურა, რომ ის აპირებს ახალი პოლიტიკური ცენტრის ლიდერობას. თუ პარტიები იდეოლოგიურად დაჯგუფდებიან, ეს ცუდი არ იქნება.

- საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ თავისი გუნდის სახელით პრეზიდენტს სოლიდარობა და პარტნიორობა გამოუცხადა იმის გამო, რომ მას ბიძინა ივანიშვილი ვერ აკონტროლებს...

- სოლიდარობა აქ არაფერ შუაშია. ერთმანეთის პარტნიორები ეს ადამიანები ყოველთვის იყვნენ. გიორგი მარგველაშვილი და გიგა ბოკერია დიდი ხანია, ერთად მოდიან. ორივე დაკავშირებულია სოროსის ორგანიზაციებთან. ნაციონალმა რომან გოცირიძემ ახლანდელ პრეზიდენტს ლამის დემოკრატიის შუქურა უწოდა. მისთვისაც და ბაქრაძისთვისაც სააკაშვილიც დემოკრატი იყო. ამ ხალხს არ სიამოვნებთ იმის გახსენება, რომ სააკაშვილის დროს პარლამენტი პრეზიდენტის ხელის დაქნევით იღებდა კანონებს, რომ არაფერი ვთქვათ დანაშაულებზე. სააკაშვილმა საკუთარ თავს მოარგო და იავარქმნა კონსტიტუცია.

- ქართულ ოცნებასაც აქვს პრობლემები...

- რასაკვირველია. ხელისუფლებამ უნდა იფიქროს თანხმობის მიღწევაზე საზოგადოებასთან, პარტიების უმრავლესობასთან. საპარლამენტო არჩევნებზე მივიდა მოსახლეობის 49%. შესაბამისად, „ოცნებამ“ დაახლოებით 28%-იანი მხარდაჭერით მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა. არჩევნების დროსაც ბევრი უკმაყოფილო ადამიანი იყო. ასეთი ახლაც ბევრია. ხელისუფლება სირაქლემას პოზიციაში არ უნდა იყოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებთან მიმართებაშიც.

- კერძოდ?

- ამ უმწვავეს პრობლემებზე დიალოგია საჭირო. მაგალითად, პრეზიდენტი ცხინვალთან და სოხუმთან დაკავშირებით უბადრუკ განცხადებებს კი არ უნდა აკეთებდეს, არამედ, ოკუპანტთან საუბრობდეს. პარლამენტში გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილმა ისე ახსენა ოკუპაცია და ანექსია, თითქოს თვითონ ოპოზიციაში იყოს. დავით აღმაშენებელმა, საქართველოს რომ გაუჭირდა, ქვეყანაში ყივჩაღები ჩამოასახლა. ახლანდელი ხელისუფლების პირველი პირები პასუხისმგებლობის აღებას და რუსეთთან ქვეყნის პრობლემებზე დალაპარაკებას ვერ ბედავენ.

„ახალი თაობა“, 11 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ გიორგი ვაშაძესთან: „მივიღებთ ქართულ ოცნებაზე მორგებულ კონსტიტუციას

გიორგი ვაშაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას აფასებს.

- ბატონო გიორგი, როგორ აფასებთ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას? ოპოზიციურმა პარტიებმა პროტესტის ნიშნად კომისიის დატოვება დაიწყეს...

_ სამწუხაროდ, ძალიან დახურულია ეს პროცესი. ერთადერთი, რაზეც არის მსჯელობა, ეს არის პრეზიდენტის არჩევითობა. მეორე თემაა ბლოკების თემა. სამწუხაროდ, სხვა ფუნდამენტურ ცვლილებებზე არ მიმდინარეობს მსჯელობა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 47 პუნქტისგან შემდგარი ცვლილებები გავუშვით საკონსტიტუციო კომისიაში, საკონსტიტუციო კომისიის ყველა წევრს გავუგზავნეთ ჩვენი წინადადებები. ისინი შეეხებოდა სასამართლო სისტემაში ფუნდამენტურ რეფორმებს სამართალდამცავ ორგანოებში, განსაკუთრებით პროკურატურის სრულიად ახალ მოდელს ვთავაზობდით.

- რამდენად იქნა გაზიარებული თქვენი შეხედულებები?

- სამწუხაროდ, არანაირი პასუხი არ მიგვიღია ამასთან დაკავშირებით. უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით შევადგინეთ ეს პუნქტები, თუმცა მათ რეაქცია არ ჰქონიათ. პროცესი ძალიან დახურულია. საკონსტიტუციო ცვლილებებმა მიიღო იმის სახე, რომ უბრალოდ, რაც „ქართულ ოცნებას“ სურს, ის ცვლილებები შეიტანონ და სხვა არაფერი, რაც ძალიან ცუდია საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესისთვის. ასევე ძალიან ვწუხვარ იმაზეც, რომ ბევრი ექსპერტისგან, რომელიც მიწვეულია ამ კომისიაში, როგორც დამოუკიდებელი სპეციალისტი, კონსტიტუციონალისტი, ძალიან დაბალი აქტივობაა.

- რატომ, არ ეძლევათ აქტიურობის საშუალება?

- თავადაც არ ცდილობენ, რომ გახსნან ეს პროცესი. ეს ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კონსტიტუციური ცვლილებების წესს, სტანდარტს და ჩარჩოს!

- კომისია ხომ იმისთვის შეიქმნა, რომ ცვლილებები ყოფილიყო საჯარო და გამჭვირვალე, მაშინ რა აზრი აქვს კომისიის მუშაობას, თუ ფარულად შევა ცვლილებები?

- მიზანი ცალსახაა, მათ უნდათ შეიტანონ ის ცვლილებები, რაც თვითონ სურთ, ეს არის და ეს! აქედან გამომდინარეობს ეს პრობლემა.

- ანუ არ იზიარებთ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ ცუდი კონსტიტუციიდან ძალიან კარგ კონსტიტუციას მივიღებთ?

- რა უნდა გავიზიაროთ?! რაც არ არსებობს, იმას ვერ გავიზიარებთ! დახურულ კარს მიღმა დაწერილი კონსტიტუცია ვერასდროს გახდება საზოგადოებრივი აზრის გამომხატველი!

- საყოველთაო უნდა იყოს პრეზიდენტის არჩევის წესი?

- ამაზე დავაც კი არ მიდის საზოგადოებაში. ამას კვლევებიც ადასტურებს, რომ საზოგადოება მომხრეა, შენარჩუნდეს პირდაპირ არჩევითობა პრეზიდენტის. მაგრამ მთავარი საკითხი აქ რა არის? ის, რომ ეს არ არის მთავარი საკითხი, რომელიც მოქალაქეებს აწუხებთ, ეს არ არის მთავარი განსახილველი საკითხი, რაზეც საკონსტიტუციო კომისია უნდა მუშაობდეს და რასაც უნდა იხილავდეს. გაცილებით მეტი პრობლემაა ქვეყანაში!

- კერძოდ?

- იგივე სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით, რომლის ნდობა დღითიდღე ეცემა და ამასაც ასევე კვლევები ადასტურებს და აჩვენებს, რომ არ აქვს საზოგადოებას ნდობა სასამართლო ხელისუფლების. არ მიდის მსჯელობა იმაზე, თუ როგორ უნდა შევქმნათ დამოუკიდებელი, პოლიტიკური ზეგავლენებისგან თავისუფალი სასამართლო და საგამოძიებო ორგანოები! არ არის მსჯელობა იმაზე, რა პუნქტები და მუხლები უნდა იყოს გათვალისწინებული კონსტიტუციაში იმისთვის, რომ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეეწყოს და მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ. ამ მნიშვნელოვან საკითხებზე არავინ მსჯელობს!

- რისი თქმა გსურთ, რომ ცდილობენ, საზოგადოების ყურადღება სხვა თემებზე გადაიტანონ?

- ზუსტად ასეა. მიმდინარეობს ყურადღების გადატანა მეორეხარისხოვან საკითხებზე, როგორიც არის პრეზიდენტის არჩევითობის წესი, რომელიც საზოგადოების განწყობების მიხედვით საერთოდ არ უნდა იხილებოდეს. პრეზიდენტი უნდა აირჩიოს ხალხმა.

- ეს პირადი დაპირისპირებაა გიორგი მარგველაშვილისადმი და მისი მიუღებლობა?

- ასეთი საკითხები ჩვენ არაერთხელ გვინახავს. „ოცნება“ ცდილობს, ყველა საკითხში წინააღმდეგობა გაუწიოს პრეზიდენტს. სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ ახასიათებს პიროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელება და შემდეგ უბრალოდ უკან აბრუნებს ხოლმე ამ ყველაფერს, როგორც ეს მოხდა ეროვნული ბანკის და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შემთხვევაში. დღესაც იგივესთან გვაქვს საქმე. ამ შეუთავსებლობიდან გამომდინარე უნდათ, რომ დარტყმა მიაყენონ პრეზიდენტს, როგორც ინსტიტუტს.

- საბოლოოდ როგორ კონსტიტუციას ელით?

- კარგს ნამდვილად არაფერს ველი. პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენ მივიღებთ ალბათ უბრალოდ ცვლილებებს, რომლებიც იქნება კონკრეტულად მხოლოდ „ქართული ოცნების“ ინტერესებში და მათზე მორგებული!

ვერსია“, 10 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ ვახტანგ ხმალაძესთან: „ბოიკოტირებით არჩევნების ჩაშლა შეუძლებელია“ // „ზოგჯერ ბოიკოტს იმიტომ იყენებენ, რომ მცირედი წარმატების იმედიც არ აქვთ!

თათია გოჩაძე

მალე საკონსტიტუციო კომისია მუშაობის მესამე ეტაპზე გადავა, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთო სხდომა გაიმართება და კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი შესაფასებლად ვენეციის კომისიას გაეგზავნება, თუმცა მანამდე ოპოზიცია ხელისუფლების შემუშავებულ სავარაუდო ცვლილებებს იწუნებს და ორმაგი ბოიკოტირებით ანუ ერთის მხრივ, საკონსტიტუციო კომისიიდან გამოსვლით, მეორეს მხრივ კი არჩევნებში არმონაწილეობით იმუქრება. ბოიკოტის მთავარი საბაბი პრეზიდენტის არჩევის წესი, საარჩევნო სისტემაში მანდატების გადანაწილება და ბლოკების შესაძლო აკრძალვაა. სხვათა შორის, ისტორია მოწმობს, რომ საქართველოში არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადება, უბრალოდ, ბელეტრისტიკაა, რამეთუ ბოლო წუთს რომელიმე არცთუ ცნობილ-რეიტინგული პარტია, სხვებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, არჩევნებში მონაწილეობის ცდუნებას ვერ უძლებს ხოლმე და ბოიკოტს „ფეხზე იკიდებს“… ისე, ზოგი ამბობს, ოპოზიციამ ბოიკოტზე საუბარი იმიტომ დაიწყო, რომ გამარჯვების იმედი არ აქვს და არჩევნებში გამანადგურებელი წაგების თავიდან აცილებას ამ გზით აპირებსო… რა მოხდება, თუკი პარტიები არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებენ? – ამ კითხვით „ვერსიამ“ კონსტიტუციონალისტს, საკონსტიტუციო კომისიის წევრ ვახტანგ ხმალაძეს მიმართა.

- არჩევნების ბოიკოტს აზრი მანამ ჰქონდა, სანამ არჩევნების ჩატარების კვოტა არსებობდა ანუ თუ ხალხის განსაზღვრული რაოდენობა მონაწილეობას არ მიიღებდა, არჩევნები ჩაიშლებოდა. ისე, არჩევნების ჩაშლა, პირველ რიგში, მმართველ ძალას აძლევს ხელს, რადგან არჩევნების ჩატარებამდე ხელისუფლება ამ პოლიტიკური ძალის ხელში რჩება. აქედან გამომდინარე, მოიხსნა ზედა ზღვარი და არჩევნების ჩატარებისთვის რაოდენობრივი კვორუმი საჭირო აღარაა. შესაბამისად, ბოიკოტირებით არჩევნების ჩაშლა შეუძლებელია. ბოიკოტი სამართლებრივ შედეგს არ იძლევა, თუმცა სხვა საქმეა პოლიტიკური გათვლები…

- პოლიტიკურ გათვლებში რას გულისხმობთ, ბატონო ვახტანგ?

- სამართლებრივად, ორი-სამი პარტიის ბოიკოტი არაფერს მოგვცემს და ამით მხოლოდ ყურადღებას მიიქცევენ; ისე, ზოგჯერ ბოიკოტს იმისთვისაც იყენებენ, რომ მცირედი წარმატების იმედი არ აქვთ და პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ; ზოგჯერ კი არჩევნებში მონაწილეობის აზრს არგუმენტირებულად ვერ ხედავენ, რადგან ვითარება სამართლიან შედეგს გამორიცხავს. ასეთ დროს პარტიები ცდილობენ, საერთაშორისო საზოგადოებას შეატყობინონ, რომ ქვეყანაში დემოკრატია მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა ეს, ასე ვთქვათ, არგუმენტი გაზიარებული ან იქნება, ან არა.

- იმ დროს, როცა ევროპაში უვიზო მიმოსვლა მივიღეთ ანუ ევროპული სახელმწიფო გავხდით, არჩევნების ბოიკოტი უკანგადადგმულ ნაბიჯად ხომ არ ჩაითვლება?

- დიდი ხანია, არ მსმენია, ევროპაში არჩევნებისთვის ვინმეს ბოიკოტი გამოეცხადებინა – ეს ევროპისთვის უჩვეულოა. დავუშვათ, ეს თემა აგორდა და ევროპულმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ საქართველოში დემოკრატია საფრთხეშია, ბოიკოტი ზიანს ხელისუფლებას მიაყენებს, მაგრამ თუკი საერთაშორისო საზოგადოებამ მიიჩნია, რომ ბოიკოტის გამოცხადება უსაფუძვლო იყო, თავად ოპოზიცია დაზარალდება.

- ბოიკოტი ყველა ოპოზიციურმა პარტიამ რომ გამოაცხადოს და კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ ხელისუფლებამ მიიღოს, არჩევნები მაინც ჩატარებულად ჩაითვლება?

- სამართლებრივად – კი, თუმცა ეს ხელისუფლებისთვის სერიოზული დარტყმა იქნება; დარწმუნებული ვარ, ამგვარი რამ არ მოხდება, რადგან საქართველოში არაერთხელ იყო ბოიკოტისკენ მოწოდებები, თუმცა უშედეგოდ. ისე, 1991 წელს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს ბოიკოტი რუსთაველისა და ჭავჭავაძის ადგილობრივმა საზოგადოებებმა გამოუცხადეს, შედეგად, იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც პროქართულ ძალას უნდა მოეგო, წავაგეთ.

- აფხაზეთის დაკარგვა ამანაც განაპირობა?

- ასე ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რამაც უმაღლეს საბჭოში დელეგაციის წარმომადგენლობა შეასუსტა. მოკლედ, სხვადასხვა ვითარებაში ბოიკოტს სხვადასხვა შედეგი მოაქვს ხოლმე.

- დღეს ბოიკოტი, თუკი რეალობად იქცევა, რა შედეგს მოიტანს?

- როგორც გავიგე, შესაძლო ბოიკოტის მიზეზი საკონსტიტუციო ცვლილებებია, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ეს ცვლილებები ვერ იმოქმედებს, რადგან ეს არჩევნები სხვა წესით ტარდება.

- ბლოკების აკრძალვა ამ არჩევნებზე არ იმოქმედებს?

- ჯერჯერობით, საუბარი მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებს ეხება, თუმცა ბოიკოტი, ალბათ, პოლიტიკური პროტესტის ფორმა იქნება. დავუშვათ, მოხდა სასწაული და არჩევნებზე ერთი ამომრჩეველიც არ მივიდა, მაშინ ხელისუფლებაში ადგილობრივი ხელისუფლება დარჩება, რასაც ხელისუფლების უწყვეტობის პრინციპი განსაზღვრავს. ხელისუფლების განუსაზღვრელი ვადით დატოვება არასწორად მიმაჩნია. ანდაზა ხომ გახსოვთ, ახალი ცოცხი კარგად გვისო? ჰოდა, ყოველთვის სჯობია, ხელისუფლება იცვლებოდეს, რათა არავის ჰქონდეს განცდა, რომ სავარძელში სიცოცხლის ბოლომდე იჯდება.

- სხვათა შორის, თქვენს იდეას - პრეზიდენტი 300-კაციანმა კოლეგიამ აირჩიოს - ოპოზიცია იწუნებს და მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა აირჩეს

- ასეთი მიდგომა პოპულიზმია. საზოგადოებას რომ ჰკითხოთ, ურჩევნია, პრემიერ-მინისტრი, პოლიციის უფროსი და მოსამართლეც თავად აირჩიოს, თუმცა არსებობს საკითხი, რომელსაც ასე მარტივად ანუ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით ვერ გადავწყვეტთ.

- ესე იგი, მართებულად არ მიგაჩნიათ, საკონსტიტუციო რეფორმები რეფერენდუმზე გავიდეს?

- ესეც პოპულიზმია, რადგან კონსტიტუცია პოლიტიკურ-სამართლებრივი დოკუმენტია!

- კი ბატონო, მაგრამ კონსტიტუცია ხომ ხალხისაა?

- რასაკვირველია, ხალხისაა, მაგრამ როცა ვინმე ავად ხდება, მკურნალობისთვის ნათესაობას კრებენ თუ მცოდნე ექიმებს?.. კონსტიტუციის ტექსტზე მუშაობისას სიტყვათა წყობასაც მნიშვნელობა აქვს, რასაც სათანადო ცოდნა სჭირდება! ნებისმიერ შემთხვევაში კი რეფერენდუმს ის პოზიცია იგებს, რომელიც დიდი გავლენის მქონე ძალას უკავია.

- დიდი გავლენის მქონე ძალაში ხელისუფლებას გულისხმობთ?

- ვითარებას გააჩნია… ნორმალურ გარემოში – კი, მაგრამ თუ ქვეყანაში ისეთი წინარევოლუციური განწყობაა, როგორიც 1992, 2003, 2012 წლებში იყო, ხელისუფლება აგებს.

- დღესაც რევოლუციური განწყობაა?

- ჯერჯერობით, ამას ვერ ვხედავ.

- ბატონო ვახტანგ, ბლოკების აკრძალვა სამართლიანად მიგაჩნიათ?

- ბლოკების აკრძალვას იმ პირობით დავუჭერ მხარს, თუ საარჩევნო ზღურბლი 3%-მდე შემცირდება. 25 წელია, არჩევნებში პარტიებისადმი მოსახლეობის მხარდაჭერა 3%-დან იწყება. ბარიერის დაწევა სტაბილური პარტიული სპექტრის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

- ოპოზიცია ხელისუფლებას .. დონტის პრინციპს სთავაზობს, რომლის მიხედვითაც, ბარიერგადაულახავი პარტიების მანდატებს პირველ ადგილზე გასული პარტია კი არ მიითვისებს, პარლამენტში შესული ყველა პოლიტიკური ძალა გადაინაწილებს. ამაზე რას იტყვით?

- ხელისუფლების შემოთავაზება, მანდატები პირველ ადგილზე გასულმა ძალამ მიისაკუთროს, უსამართლობაა. არსებობს ორი ვარიანტი: ერთი „დონტის წესია“, რომელიც უპირატესობას გარკვეულწილად ძლიერ პარტიას აძლევს ანუ მანდატები ზუსტი პროპორციით არ ნაწილდება. პირველ ადგილზე გასული პარტია მეტ ხმას იღებს, ვიდრე მეხუთეზე გასული. ეს სტაბილური უმრავლესობის ფორმირებას უწყობს ხელს; მეორეა „ეფექტური პროცენტის წესი“. 2016 წლის არჩევნებით პარლამენტში შესული პარტიების ხმების ჯამი 80%- ზე ოდნავ მეტია. აღნიშნული წესით კი ხმების ჯამი 100%-ად უნდა ჩაითვალოს და განისაზღვროს, რამდენია პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული პარტიების წილი. ასე ,,ოცნების” წილი 60%-ზე მეტი, ნაციონალების 33% და პატრიოტთა ალიანსის” კი 7%-ია ანუ ეს პარტიები პროცენტის შესაბამის მანდატებს მიიღებდნენ, რაც სამართლიანად მიმაჩნია.

- ისე, ოპოზიცია საკონსტიტუციო კომისიის ბოიკოტირებითაც იმუქრება, რადგან მოსალოდნელ ცვლილებებზე პასუხისმგებლობის აღება არ სურს. რა მოხდება, თუკი შვიდი ოპოზიციური პარტია კომისიას დატოვებს?

- კომისია ცვლილებების როგორ პროექტზეც უნდა შეთანხმდეს, გადაწყვეტილებას მაინც პარლამენტი მიიღებს, რაც შეიძლება, მკვეთრად განსხვავდებოდეს შეთავაზებული ვარიანტისგან ანუ ამ ბოიკოტირებითაც სამართლებრივად არაფერი შეიცვლება. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, თუ ოპოზიციური პარტიები ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ, ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა ისედაც არ დაეკისრებათ. თუ ოპოზიცია ხედავს, რომ მისი აზრი გაზიარებული იქნება, კომისიაში მუშაობა უნდა განაგრძოს, ხოლო თუ ვერ ხედავს, მაშინ, ცხადია, უნდა წამოვიდეს.

- მოკლედ, ბოიკოტირებით, როგორც ვხვდები, თავად ოპოზიცია დაზარალდება, არა?

- ყოველ შემთხვევაში, არ მგონია, ამან რამეზე გავლენა მოახდინოს.

ვერსია“, 10 აპრილი, 2017 წელი

რატომ ჭიანურდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა

რა სიკეთეს მოუტანს საქართველოსსაუკუნის პროექტი

მაია მიშელაძე

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუდ ჩავუშოღლუს განცხადებას, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა უახლოეს ორ თვეში დასრულდება, საქართველოში დიდი ინტერესი მოჰყვა, რადგან პროექტი ჯერ კიდევ 2012 წელს უნდა დასრულებულიყო… ირკვევა, რომ სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობას თურქეთი აჭიანურებს, რომელიც მშენებლობის დასრულების ვადას თითქმის ყოველწლიურად ცვლის.

პროექტის არსი

ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი ახალი სატრანსპორტო დერეფანია, რომლითაც აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიგზო ხაზები გაერთიანდება. ეს ჩინეთსა და აზიის ქვეყნებიდან ტვირთების გადაზიდვის ალტერნატიული და უმოკლესი გზაა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა რეალურად ისეთ ტვირთებს მოემსახურება, რომლებიც თურქეთს აზერბაიჯანიდან ვერ მიეწოდება. საუბარია ენერგომატარებლებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოს საზღვაო გადაზიდვებს არ უკავშირდება. ეს თურქეთის ჩრდილოეთ რეგიონში ზღვითა და ოკეანეებით შესულ ტვირთებს შეამცირებს. პროექტი ითვალისწინებს როგორც სატვირთო, ისე სამგზავრო გადაყვანებს; ამიტომაც მას ირანიდან მომავალი სატრანზიტო გზების ერთგვარ ალტერნატივადაც მოიაზრებენ.
აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყეს. პროექტი საქართველოს ტერიტორიაზე, მარაბდა-ახალქალაქის სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციასა და სადგურ ახალქალაქიდან სადგურ ყარსამდე ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ითვალისწინებდა. ახალქალაქი-ყარსის მონაკვეთიდან საქართველოს მხარეს, ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის საზღვარი) მიმართულებით, სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა უკვე დასრულდა.

ამ პროექტს დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური ხიბლი აქვს, რადგან მისი მიზანი ახალი სატრანსპორტო კორიდორის ათვისებაა, რომლითაც ერთმანეთს არა მხოლოდ აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიგზო სისტემები დაუკავშირდება, არამედ შორეული აღმოსავლეთიდან ევროპის მიმართულებით ტვირთების ტრანსპორტირების რეალური შანსი გაჩნდება. პროექტის პირველ ეტაპზე, რკინიგზის საშუალებით, დაახლოებით, 5 მილიონი ტონა ტვირთი გაივლის, მომავალში კი მისი გამტარუნარიანობა 15 მილიონ ტონამდე გაიზრდება.

2015 წელს, საქართველოს მონაკვეთზე სატესტო სატვირთო მატარებელმა უკვე გაიარა. პროექტის ფარგლებში, ტვირთების გარდა, მგზავრთა გადაყვანაც იგეგმება, რაც ასევე მნიშვნელოვანია. სხვადასხვა ექსპერტის გაანგარიშებით, საწყის ეტაპზე, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით დაახლოებით, 1 მილიონი მგზავრი გადაადგილება.

მომავალი რკინიგზის ექსპლოატაციაში შესვლა მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს. იმის გათვალისწინებით, რომ ევროპიდან აზიის მიმართულებით და პირიქით, ტვირთების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის, ჩვენი ქვეყნის მიმართ მსოფლიოს წამყვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეების, მათ შორის, ჩინეთის, იაპონიის, აგრეთვე ევროკავშირის წევრი ქვეყნების გეოპოლიტიკური ინტერესი უფრო გაიზრდება ანუ ჩვენი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში უცხოური ინვესტიციების დაბანდებით გაცილებით მეტი ქვეყანა დაინტერესდება. ყველაფერი ე სკი საქართველოს სტრატეგიული ობიექტები დაცვასა და სტაბილურობასაც განამტკიცებს.

ევრო-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ფარგლებში, საქართველოს როლის ამაღლება ხელს შეუწყობს ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში. პროექტის წარმატებით განხორციელებისა და სავაჭრო ბრუნვის ზრდით უფრო გამყარდება ურთიერთობები სამ სტრატეგიულ პარტნიორს – აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის.

როდის დასრულდება მშენებლობა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა? თავდაპირველი ინფორმაციით, 2010 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ფინანსური, პოლიტიკური და რელიეფური სირთულეების გამო, ამ ვადამ რამდენჯერმე გადაიწია და პროექტის დასრულების ვადად ჯერ 2013 წელი, შემდეგ კი 2014, 2015 და ბოლოს, 2016 წელი დასახელდა. ,,ვერსიამ” გაარკვია, რომ საქართველო მზადაა, პროექტის შემდგომ ეტაპზე გადავიდეს და ამისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც დაიწყოს, თუმცა ქართული მხარე თურქ კოლეგებს ელოდება, რომლებსაც თურქეთის ტერიტორიაზე მშენებლობა ჯერ არ დაუსრულებიათ.

ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტს საქართველოში შპს ,,მარაბდა-კარწახის რკინიგზა” კურირებს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა. ,,მარაბდა-კარწახის რკინიგზის” დირექტორის, ოლეგ ბიჭიაშვილის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთზე ამჟამად 2 000 ადამიანი მუშაობს. პროექტის ბიუჯეტი 755 მილიონი აშშ დოლარია და აქედან მხოლოდ 125 მილიონია ასათვისებელი.

როგორც აღვნიშნეთ, რამდენიმე დღის წინ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუდ ჩავუშოღლუმ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის ორ თვეში დასრულება დააანონსა, ამიტომ, ,,ვერსია” დაინტერესდა, თურქი მინისტრი ამ სარკინიგზო მაგისტრალის თურქეთის მონაკვეთის მშენებლობის დასრულებას გულისხმობდა თუ მთლიანად პროექტის.

ოლეგ ბიჭიაშვილის განცხადებით, თუ თურქი კოლეგები სამუშაოებს მართლაც ორ თვეში დაასრულებენ, საქართველო მზადაა, პროექტის შემდგომ ეტაპზე გადავიდეს:
,,თურქეთის აქტიურ პოზიციას ვაფასებთ და მივესალმებით, მაგრამ სამუშაოების დიდი მოცულობის გამო, თურქ კოლეგებს დროის მოცემულ მონაკვეთში ანუ ორ თვეში პროექტის დასრულება გაუჭირდებათ, თუმცა მზად ვართ, ინფრასტრუქტურული სამუშაოები დავიწყოთ. ვფიქრობ, ბატონ ჩავუშოღლუს ამ პროექტის მხოლოდ თურქეთის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების დასრულება ჰქონდა მხედველობაში. მოგეხსენებათ, პროექტის დასრულების ვადა უკვე რამდენჯერმე გადაიდო, რასაც სუბიექტური და ობიექტური მიზეზები აქვს. მაგალითად, სამშენებლო სამუშაოები საქართველოში, ზღვის დონიდან 2 000 მეტრის სიმაღლეზე მიმდინარეობს, სადაც მკაცრი კლიმატური პირობებია”.

როგორ უმკლავდება საქართველო ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის სამუშაო გრაფიკს მის მონაკვეთზე, მით უმეტეს, მკაცრ კლიმატურ პირობებში? ოლეგ ბიჭიაშვილი აცხადებს, რომ შპს ,,მარაბდა-კარწახის რკინიგზა” ამ მნიშვნელოვან სამუშაოებს მართლაც ღირსეულად უმკლავდება და სხვადასხვა საკითხს საქართველოს მთავრობის დახმარებით ოპერატიულად წყვეტს: ,,მკაცრი კლიმატური პირობების მიუხედავად, უკვე დავასრულეთ ჩვენი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები და ახლა თურქ კოლეგებს ველით, რათა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ერთობლივად დავიწყოთ. სამუშაოების ცალმხრივად დაწყება არ შეგვიძლია, რადგან ისეთი ტექნიკური აღჭურვილობა სჭირდება, რაც ზამთრის პირობებში დაზიანდება”.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მაგისტრალის შესაძლებლობებზე საერთაშორისო პრესაში რამდენიმე ციფრი ფიგურირებს. მაგალითად, ცალკეული ექსპერტების მოსაზრებით, ამ მაგისტრალის საშუალებით, ყოველწლიურად 15 მილიონი მშრალი ტვირთისა და მილიონი მგზავრის გადაყვანა იქნება შესაძლებელი. ,,ვერსიის” კითხვაზე, რამდენად რეალურია ეს ციფრები, ოლეგ ბიჭიაშვილმა უპასუხა:

,,რეალურია, მაგრამ მხოლოდ ამ პროექტის მეორე ეტაპზე! ამჟამად წელიწადში 5 მილიონი ტვირთის გადაზიდვაა შესაძლებელი, თუმცა იმ ხარვეზების გათვალისწინებით, რაც პროექტის მიმდინარეობისას გამოიკვეთა, ტვირთების მოცულობა ახლა 4 მილიონ ტონასაც ვერ გადააჭარბებს. საპროექტო მოცულობის მისაღწევად დამატებითი სამუშაოები დაგვჭირდება, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს სამუშაოები მთლიანად ჩაეტევა პროექტის დასრულებისთვის საჭირო რეალურ ვადებში და საპროექტო მოცულობასაც მივაღწევთ – წელიწადში 5 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვას აუცილებლად შევძლებთ”.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალით აზიიდან ევროპაში მხოლოდ ენერგომატარებლები და მშრალი ტვირთები კი არ გაივლის, მგზავრებიც გადაადგილდებიან, თუმცა აქ ერთი დეტალია გასათვალისწინებელი – მაგალითად, თბილისი-სტამბოლის ავიარეისზე ბილეთი ფასი 40-50 ევროს ფარგლებშიც მერყეობს. ამ ფონზე, რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება თუნდაც იგივე მიმართულების სარკინიგზო მარშრუტი? ოლეგ ბიჭიაშვილის თქმით, 40 ან 50-ევროიანი ავიაბილეთები გამონაკლის შემთხვევებში გვხვდება და ეს მკაცრად დადგენილი ტარიფი არაა; მისივე განმარტებით, ამავე მიმართულებით მგზავრები ავტობუსითაც გადაადგილდებიან, მაგრამ რკინიგზა გაცილებით კომფორტულია. შესაბამისად, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე იმოძრავებს სამგზავრო ვაგონებიც, რომლითაც მგზავრები თბილისი-სტამბოლის მიმართულებით კომფორტულად გადაადგილდებიან.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მშრალი და საკონტეინერო ტვირთები ფოთისა და ბათუმის პორტებიდან ბაქო- თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე გადაიქაჩება, მაგრამ ოლეგ ბიჭიაშვილი აცხადებს, რომ ასეთი რისკი არ არსებობს:

,,თითოეულ მარშრუტს დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს. თურქეთში საპროექტო შესაძლებლობების ნახევარს – 2.5 მილიონ ტონა ტვირთს გავუშვებთ. შესაბამისად, ტვირთებს ,,წავართმევთ” და კონკურენციას გავუწევთ არა შავი ზღვის პორტებს, არამედ დიდ გადამზიდავ კომპანიებს, რომლებიც ოკეანისა და ზღვის საშუალებით, მშრალი ტვირთებით ამარაგებენ თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონს. სწორედ ეს რეგიონი ესაზღვრება საქართველოს და ეს მიმართულება მთლიანად ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე გადმოერთვება. მხედველობაში მაქვს განსაკუთრებით, ენერგომატარებლები და საკონტეინერო გადაზიდვები, რომლებიც ბაქო-ფოთი-თურქეთის მიმართულებით არ გადაადგილდებიან”.

რეზონანსი“, 11 აპრილი, 2017 წელი

საშუალო ფენა ქრება, 15%-მა უკვე ღარიბებში გადაინაცვლა

თუკი სავალუტო კრიზისი გაგრძელდება, ერთი ამდენი კიდევ გაღარიბდება

მარი ჩიტაია

ბოლო პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში საშუალო ფენა დაახლოებით 10-15%-ით შემცირდა. გაცილებით მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც რისკის ზონაში არიან და გაღარიბება ემუქრებათ. ასეთია მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000-1200 ლარამდეა.

სპეციალისტები განმარტავენ, რომ საშუალო კატეგორიის მოსახლეობას განკარგვადი შემოსავალი მკვეთრად შეუმცირდა, საკრედიტო მომსახურების წილი კი გაეზარდა. ამან უამრავი ადამიანის ფინანსური მდგომარეობა გააუარესა.

ეკონომისტების შეფასებით, სავალუტო პრობლემისა და ფინანსური კრიზისის გამო საშუალო ფენას დიდი საფრთხე ემუქრება. ეს პროცესი დაახლოებით 2,5 წლის წინათ დაიწყო და დღესაც გრძელდება.

ის, რომ სოციალური ფონი გაუარესებულია და მოსახლეობის მეტ-ნაკლებად შეძლებული ნაწილიც შემოსავლების კლებას უჩივის, სპეციალისტების ფართო წრისათვის კარგად ნაცნობი თემაა. სტატისტიკოს სოსო არჩვაძის განმარტებით, ქვეყანაში საშუალო ფენის მაჩვენებელი 15-18%-ს არ აღემატება და დიდია ალბათობა, რომ ამ ადამიანთა დიდმა ნაწილმა ღარიბთა და ღატაკთა რიგებში გადაინაცვლოს.

“ჩვენთან საშუალო ფენა, მდიდრებსა და დაბალშემოსავლიანებს თუ გამოვრიცხავთ, სტატისტიკურად, მცირე არ უნდა იყოს. ღარიბთა რაოდენობა, ოფიციალური მონაცემებით, 22%-მდეა, შემწეობის მიმღებთა კატეგორიაც არ არის 10-15%-ზე მეტი. ამიტომ დანარჩენი მოსახლეობა, დაახლოებით 60% სტატისტიკურად შეიძლება მივაკუთვნოთ საშუალო ფენას, მაგრამ ეს წმინდა მათემატიკური გათვლით, რაც რეალობისგან ძალიან შორსაა. თანამედროვე სტანდარტით თუ ვიმსჯელებთ, მათი რიცხვი 15-18%-ზე მეტი არ არის. თანაც, დიდია რისკი, რომ ამ ადამიანების გარკვეული ნაწილი ღარიბთა და ღატაკთა რიგებში აღმოჩნდეს.

საგულისხმოა, რომ საქართველოში მოსახლეობის დიფერენცირება, შემოსავლების მიხედვით, საგრძნობლად მაღალია. თითოეულ სოციალურ ჯგუფს თავისი პრობლემა, რისკი და გამოწვევა ახლავს. მიზეზთა გამო შემოსავლები მდიდართა ფენაში სწრაფად იზრდებოდა, ხოლო 2012 წლის შემდეგ, მთელი რიგი დახმარებებისა და ხარჯის გამო, ღირიბთა ფენის შემოსავალმაც მოიმატა. ამან გამოიწვია, რომ ე.წ. საშუალო ფენის მდგომარეობა შეიზღუდა. აქ ორი მომენტია: უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან ადამიანები, რომელთაც საშუალო შემოსავლები აქვთ და საშუალო სტანდარტის შესატყვისი მოქალაქეები და მათი შემოსავლები”, – განუცხდა “ბიზნეს-რეზონანსს” სოსო არჩვაძემ. მისი შეფასებით, საბანკო დაწესებულებებზე დამოკიდებულება არის მაღალი როგორც მდიდართა, ასევე საშუალო და ხელმოკლე ოჯახებშიც. მთლიანობაში არ იცვლება პროპორცია, მაგრამ რეალურად განკარგვადი შემოსავლების მოცულობა მნიშვნელოვნად მცირდება.

„ბოლო წლებში ჩვენ არ გვქონდა საკმარისად მაღალი ეკონომიკური ზრდა და ამიტომ რამე არსებითი გარღვევა საშუალო შემოსავლების სტანდარტის მიხედვით არ ყოფილა. პირიქით, შემცირდა კიდეც. საქართველოს მოსახლეობის სულ უფრო დიდი ნაწილი არის დამოკიდებული საბანკო სესხებზე და ეს თანდათან გადაუჭრელი პრობლემა ხდება. საკრედიტო დაწესებულებების სესხების მომსახურება აიძულებს მათ, რომ შემოსავლების სულ უფრო მეტი ნაწილი ბანკების მომსახურებისკენ მიმართონ.

აქედან გამომდინარე, თავისთავად არა იმდენად შემოსავლების ზრდა განსაზღვრავს ადამიანის კეთილდღეობას, არამედ ის, თუ თითოეული ამ ოჯახის შემოსავლების რა ნაწილი მიიმართება საბანკო მომსახურებისკენ. აქ უკვე რთულადაა საქმე. საბანკო დაწესებულებებზე დამოკიდებულება არის მზარდი როგორც მდიდართა, ასევე საშუალო და ხელმოკლე ოჯახებშიც, რაც რეალურად განკარგვადი შემოსავლების მოცულობას მნიშვნელოვნად ამცირებს”, – განმარტავს სოსო არჩვაძე.

ერთ-ერთი საყურადღებო საკითხი, რაც საშუალო ფენას უკავშირდება, სტატისტიკოსის შეფასებით, ეხება ათასობით ადამიანს და შეიძლება ფიქსირებული შემოსავლების მქონენიც ღარიბთა კატეგორიაში აღმოჩნდნენ.

„ხდება როგორც შედარებით მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანის დაბალ კატეგორიაში გადასვლა, ასევე პირიქითაც. ეს არის “ქუჩა ორმხრივი მოძრაობით”. მარტო იმის თქმა, რომ ადამიანები ღარიბთა კატეგორიაში გადავიდნენ, არასწორად მიმაჩნია. მაშინ რამდენმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს და საშუალო ფენაში გადავიდა?

ამერიკაში იმისათვის, რომ რისკის ფაქტორი გამოირიცხოს, მიიჩნევა, რომ არა მარტო ღარიბი ოჯახი, არამედ ღარიბ ოჯახებზე 25%-ით მეტი შემოსავლის მქონე შინამეურნეობებიც კი რისკის ზონას მიეკუთვნებიან, ანუ ეს ჯგუფი შეიძლება აღმოჩნდეს ღარიბთა კატეგორიაში. ამ თვალსაზრისით, საქართველოში რისკის ზონაში არიან ფიქსირებული სამუშაო ადგილების მქონე ადამიანები, რომელთა ხელფასი არის შედარებით დაბალი, მაგრამ სოციალური პასუხისმგებლობა მაღალი აქვთ. ეს შეიძლება იყოს პედაგოგი, მეცნიერი, ექიმი, გარკვეულწილად ჟურნალისტთა კორპუსი ფართო გაგებით. ყველა ის პირი, რომლის შემოსავალი დაახლოებით 1000-1200 ლარამდეა, მომატებული რისკის მქონეთა ჯგუფს მიეკუთვნება”, – განმარტავს სოსო არჩვაძე.

სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ თუკი ლარის გაუფასურების პროცესი მომავალში გაგრძელდება, საშუალო ფენის რიგს საგრძნობლად შეათხელებს და ისედაც შესუსტებულ პოზიციებს შეარყევს.

აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე ოფიციალური სტატისტიკის გარეშე საშუალო ფენის მაჩვენებელს არ ასახელებს, თუმცა მოსახლეობის ამ კატეგორიაში კრიზისს ადასტურებს. იგი ვარაუდობს, რომ საშუალო შეძლების მოქალაქეთა 10-15%-მა უკვე გადაინაცვლა ღარიბთა ფენაში და ეს მაჩვენებელი დროთა განმავლობაში გაუარესდება, თუკი ქვეყანაში მიმდინარე ფინანსური კრიზისი არ დასრულდება.

„ზუსტი ციფრის დასახელება, თუ რამდენი პროცენტია საშუალო ფენა, გამიჭირდება. იმის გათვალისწინებით, რომ მცირე და საშუალო საწარმოებიდან ბიუჯეტში დაახლოებით 20%-ის ფარგლებშია შემოსავალი, ამ მაჩვენებელთან ახლოს უნდა ვიგულისხმოთ. კარგი იქნებოდა, რომ საშუალო შეძლების მოქალაქეთა რაოდენობა მოსახლეობის ნახევარს აჭარბებდეს (ჯანსაღი ეკონომიკის პირობებში ასეც უნდა იყოს), მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. სამწუხაროდ, ვერ ჩამოყალიბდა საშუალო ფენა საქართველოში. ჯინის კოეფიციენტი ცხადყოფს, რომ შემოსავლების გადანაწილებაში არის დისპროპორცია. მცირე ნაწილს აქვს დიდი შემოსავალი და მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს – მცირე. ვფიქრობ, 2-წლიანი კრიზისის ფონზე ღარიბთა ფენაში ბევრი გადაინაცვლებდა. როცა ხდება ეროვნული ვალუტის დევალვაცია და ეს მაჩვენებელი მაღალია, ამ ადამიანების მსყიდველობითი შესაძლებლობა აუცილებლად შემცირდებოდა”, – აღნიშნა “ბიზნეს-რეზონანსთან” ავთო სილაგაძემ და დასძინა, რომ თუკი სავალუტო კრიზისი გაგრძელდება, დაახლოებით 15% კიდევ აღმოჩნდება ღარიბთა კატეგორიაში.

ფასები გაზრდილია, შემოსავალი არ მატულობს, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა შემცირდა, მათ შორის, საშუალო კატეგორიის ადამიანებშიც. სოციალური ფონის კიდევ უფრო დამძიმებას არ ველოდები, მაგრამ ლარის გაუფასურება თუ გაგრძელდება, ბევრი ადამიანი შეავსებს ღარიბთა რიგებს. სოციალური ფონი გაუარესებულია, ვერ ვიტყოდი, რომ ბოლო 1-2 თვეში დამძიმდა ვითარება, მაგრამ ეს პროცესი აშკარად შესამჩნევია”, – განაცხადა ავთანდილ სილაგაძემ.

რეზონანსი“, 11 აპრილი, 2017 წელი

აღდგომამდე ლარის გამყარებას ელოდებიან

ფინანსისტების აზრით, სადღესასწაულო დღეების შემდეგ სავალუტო ბაზარზე კვლავ რყევა იქნება

მარი ჩიტაია

სააღდგომოდ ლარი, შესაძლოა, გამყარდეს. ფულადი გზავნილების ზრდა, ტურისტული სექტორის გააქტიურება და ლარზე გაზრდილი მოთხოვნა ეროვნული ვალუტის პოზიციებს კიდევ გააუმჯობესებს. ლარის გამყარების ტენდენცია 4 აპრილიდან დაიწყო და დღესაც გრძელდება. ფინანსისტები ფიქრობენ, რომ ლარის გამყარების პროცესი გაგრძელდება, განსაკუთრებით მიმდინარე კვირასა და მომდევნო დღეების განმავლობაშიც, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, ეს პროცესი შემდეგაც გაგრძელდეს.

სადღესასწაულო დღეების შემდეგ ლარი 2,45-ის დიაპაზონში დაბრუნდება. სპეციალისტების აზრით, გამყარების ტენდენცია დიდხანს ვერ შენარჩუნდება, რამდენადაც ფუნდამენტური ფაქტორები კვლავ ლარის საზიანოდაა, განსაკუთრებით გამოკვეთილად უარყოფითი საგადასახდელო ბალანსი, რაც ექსპერტების შეფასებით, ლარის გამყარებას გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუშლის.

საბანკო სფეროს სპეციალისტი გოჩა თუთბერიძე ამბობს, რომ უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში და უშუალოდ სააღდგომო პერიოდში ლარის გამყარება მოსალოდნელია.

„ველოდებით, რომ გზავნილები შემოვა, მეტი უცხოური ვალუტა დახურდავდება და ლარზე მოთხოვნა მოიმატებს. აღდგომის დღეები მოდის და ეს თავისთავად ცხადია. აქვე საყურადღებოა მთავრობის გადაწყვეტილებაც “სააღდგომო პრემიებთან” დაკავშირებით. თუ ამ ფაქტორს გამოვრიცხავთ, წესით, ლარმა გამყარება უნდა განაგრძოს. არის ორი რამ, რისი პროგნოზირებაც ჭირს: გაცვლითი კურსი და საპროცენტო განაკვეთები. მოკლევადიანი პროგნოზი ლართან დაკავშირებით თითქმის შეუძლებელია. უნდა შევხედოთ, ფუნდამენტური ფაქტორები როგორ იცვლება”, – აცხადებს გოჩა თუთბერიძე. მისი თქმით, ფულად გზავნილებთან ერთად, ბოლო პერიოდში ტურისტების ნაკადი მატულობს და ესეც გასათვალისწინებელია.

„არ უნდა გამოგვრჩეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობაც, რასაც უნდა დავაკვირდეთ, რა ტენდენციით ხასიათდება იგი. ჩვენ გვაქვს ახლა ისეთი მოცემულობა, რომ საგადასახდელო ბალანსი მკვეთრად უარყოფითია. დაახლოებით 9 მლრდ-იანი სხვაობაა. იურიდიული პირები, არასაფინანსო სექტორი და მთავრობა ერთად რომ ავიღოთ, ვალდებულებებსა და აქტივებს შორის ცვლილება კატასტროფულად დიდია. ფულადი ტრანსფერებით ამის შევსება ძნელად წარმოსადგენია.

ლარის მიმართ დიდი ოპტიმიზმით არ უნდა განვიმსჭვალოთ. ფუნდამენტური ფაქტორი გვეუბნება, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ლარის გამყარების ტენდენცია ვერ შენარჩუნდება. ვალების აღება გრძელდება როგორც მთავრობის, ასევე კერძო სექტორის მხრიდან, აქტივები ნაკლებია. წმინდა აქტივები მინუსში თუ გააგრძელებს მატებას, არც კურსი დააყოვნებს და უნდა ვივარაუდოთ, რომ რაღაც პერიოდში ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდება”, – აცხადებს გოჩა თუთბერიძე და ხაზს უსვამს რამდენიმე ფაქტორს, რამაც ლარის გამყარებას რეალურად უნდა შეუწყოს ხელი.

“მიმოქცევაში ფულის რაოდენობა უნდა შეიზღუდოს, არ დაიწყოს ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა და მიმდინარე ბალანსიც გაუმჯობესდეს. ლარის კურსის გასამყარებლად ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი რამ ლარის კურსის სასარგებლოდ მეტყველებს. მაგალითად, ტურისტების რაოდენობა ბოლო პერიოდში, ექსპორტ-იმპორტის ბალანსი და სხვა. მიუხედავად ამისა, ლარი გაუგებარ ნახტომებს აკეთებს. ქვეყანა უკვე მიეჩვია ამ კურსით ცხოვრებას. ვხედავთ, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში უფასურდება და მერე საეჭვოდ მყარდება ლარი. ასეთი რყევები საშიშია. ის ფაქტი, რომ ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ფონდთან აღადგინა ურთიერთობა, კარგია. შესაძლოა, მან აიძულოს მთავრობა და სებ-ი, რათა ლარის გამყარების მიზნით შეთანხმებულად რამე პოლიტიკა განახორციელონ”, – აცხადებს გოჩა თუთბერიძე.

მოსაზრებას, რომ ლარის გამყარების ხანგრძლივობა სადღესასწაულო პერიოდს ვერ გასცდება, სპეციალისტების უმეტესობა იზიარებს. პროფესორ დავით ასლანიშვილის შეფასებით, ლარის გამყარებას საგრძნობლად უშლის ხელს საქართველოს საფინანსო ბაზარზე “მოქმედი” საბანკო ოლიგოპოლია და ეროვნული ბანკის არაადეკვატური, სიტუაციასთან შეუსაბამო ქმედებები.

დავით ასლანიშვილის ვარაუდით, ლარის გამყარების ტენდენცია გაგრძელდება 15-17 აპრილის ჩათვლით, რის შემდეგაც კვლავაც რყევა დაიწყება.

“ბოლო პერიოდში ლარი გაამყარა საგადასახადო სამსახურის მიერ სანიმუშოდ შესრულებულმა საგადასახადო გეგმამ, ანუ გადასახადების მობილიზაციამ. ხაზინაში ანგარიშზე, შარშანდელთან შედარებით, 5-ჯერ მეტი ნაშთია. თუ 1 წლის წინ გვქონდა 200-300 მლნ, ახლა უკვე 1 მლრდ-ის ფარგლებშია. სიტუაციას გრძელვადიან პერიოდში გაართულებს სებ-ის მიერ კომერციულ ბანკებზე რეფინანსირების სესხის გაცემა. როგორც ჩანს, საბანკო სექტორი ამ რესურსს საკუთარი ვიწრო ინტერესების დასაკმაყოფილებლად იყენებს. ლარზე დამატებითი წნეხია საგარეო ვალის გასტუმრება, რა პერიოდიც ახლოვდება. ვფიქრობ, სებ-ი კიდევ აპირებს რეფინანსირების სესხების მოცულობის ზრდას, რადგან სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისია აქვს დაგეგმილი, რასაც საგარეო ვალის ფაქტორიც ემატება. კატასტროფა ვლინდება იმაშიც, რომ მშპ-ს ზრდა არის სულ 5%, როცა ბანკებში მოგების მაჩვენებელი არნახულ მასშტაბს აღწევს. ჩვენ შევწირეთ მთელი ეკონომიკის კეთილდღეობა მავანთა კერძო ინტერესებს. მყიფე სიტუაციაა. ვფიქრობ, ლარის გამყარება გაგრძელდება 17 აპრილამდე, მაგრამ შემდგომ პერიოდში პრობლემა მოსალოდნელია. ფულად-საკრედიტო პოლიტიკა სტაბილურად არ მიდის და ეს არის ყველზე დიდი პრობლემა, რაც ეროვნული ვალუტის სტაბილურობას აფერხებს”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” დავით ასლანიშვილმა.

რეზონანსი“, 11 აპრილი, 2017 წელი

ხალხი სააღდგომო ხარჯს ვერ უმკლავდება

რაც დრო გადის, საშუალო და დაბალი შემოსავლის ადამიანებს სულ უფრო უძნელდებათ მშობლიურ მხარეში ჩასვლა

თამუნა მუკბანიანი

მზარდი ინფლაციისა და ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო მოსახლეობის ნაწილი სააღდგომოდ მშობლიურ რაიონებში გამგზავრებას და წინაპრების საფლავებზე მისვლას ვერ ახერხებს. ეკონომიკური კრიზისი და მოსახლეობის გაღარიბება აისახება სააღდგომო სამზადისსა და სუფრაზეც, რადგან პროდუქტების უმრავლესობაზე ფასი საგრძნობლადაა გაზრდილი. ხალხის დიდი ნაწილი ამ პირობებში ცდილობს, შეამციროს სადღესასწაულო ხარჯი და სუფრის მრავალფეროვნება.

აყოფითი პირობების გასაუმჯობესებლად დედაქალაქს შეხიზნული ადამიანები სააღდგომოდ ყოველთვის მიემგზავრებოდნენ რაიონებში მშობლებისა და ბებია-ბაბუის საფლავზე გასასვლელად, წელს კი ბვერი ჩივის, რომ შეიძლება ტრადიციის დაცვა ვეღარ მოახერხოს. რელიგიურ დღესასწაულს მოსახლეობის უმეტესობა მწირი შესაძლებლობით ხვდება.

როგორც გაირკვა, ქართული ოჯახების უმეტესობა დანაზოგის თავმოყრას ვერ ახერხებს, მათ შორის, დასაქმებულთა ნაწილიც, რომელსაც მწირი ხელფასი და გაუფასურებული ლარი ამის შესაძლებლობას არ აძლევს.

ერთი შეხედვითაც აშკარაა, რომ წელს სააღდგომო სუფრა ბევრ ოჯახში ღარიბული იქნება და მხოლოდ აუცილებელი კერძებისგან შემდგარი. როგორც წესი, სუფრა მაინც ყველა ოჯახში გაიშლება, მაგრამ მრავალფეროვნება აშკარად დააკლდება. საკუთარ შესაძლებლობებზე მოსახლეობა უიმედოდ არის განწყობილი.

როგორც აღმოჩნდა, ხალხის უმრავლესობამ საჭირო თანხას ვერც ამჯერად მოუყარა თავი და ვისაც მცირე თანხა შემორჩა, ფასებმა დააფრთხო. ისინი კი, ვინც მშობლიურ რაიონებში ჩასვლას აპირებენ, ამბობენ, რომ ძალიან გართულდა ამ მხრივ ვითარება და ბევრ რამეზე მოუწიათ უარის თქმა.

მზია პაჭკორია სამეგრელოდანაა. იგი წელსაც აუცილებლად შეძლებს მშობლების საფლავზე ჩასვლას, თუმცა იმდენ პროდუქტსა თუ ნივთს ვეღარ ჩაიტანს, რასაც წლების განმავლობაში ახერხებდა.

“უკვე 17 წელია, თბილისში ვცხოვრობ და ამ ხნის განმავლობაში არ მახსოვს, ხობში ვერ ჩავსულიყავი სააღდგომოდ. მამა ბავშვობაში გარდამეცვალა, დედა-5 წლის წინ. მოგეხსენებათ, დასავლეთში გარდაცვლილებს ცოცხლებზე მეტად სცემენ პატივს. განსაკუთრებული კერძები, ხილი და ტკბილეული უნდა გაიტანო საფლავზე, მხოლოდ პასკითა და კვერცხით ვერ შემოიფარგლები. გარდა ლარის მკვეთრი გაუფასურებისა, რამაც ძალიან დამიმძიმა მდგომარეობა, სამსახურიდან ერთი თანამშრომელი გაუშვეს, მისი საქმის შესრულება მე მიწევს. ამ დროს ხელფასი 30%-ით შემიმცირეს. ხომ გესმით, რამდენად რთულია ეს ყველაფერი. მიუხედავად ყველაფრისა, აუცილებლად უნდა მოვახერხო და წავიდე სააღდგომოდ. მართალია, იმდენ რამეს ვეღარ ჩავიტან, რამდენსაც წინა წლებში, მაგრამ ვერც ელემენტარული საჭიროებით შემოვიფარგლები”, – ამბობს მზია პაჭკორია.

მიუხედავად შორი გზისა, სადღესასწაულოდ სვანეთში წასვლას გეგმავს გია ჯაფარიძე. ამჯერად ამას მთელი ოჯახით ვეღარ მოახერხებს, მაგრამ რაც უნდა მოხდეს და როგორც უნდა დამძიმდეს ეკონომიური მდგომარეობა, მშობლიურ სოფელში სააღდგომოდ მაინც ჩავა ხოლმე.

“თბილისიდან ჩემს სოფლამდე 8 საათის გზაა. წინა წლებში მთელი ოჯახით ჩავდიოდი ხოლმე, წელს ამას ვეღარ მოვახერხებ, რადგან საწვავის გაძვირების გამო, ჩემი მანქანის ნაცვლად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მივემგზავრები ხარჯის შესამცირებლად. რადგან ჩემი მეუღლე არ მოდის, იქ კერძებს მე ვერ გავამზადებ და ამიტომაც მხოლოდ აქედან წაღებული მზა პროდუქტისა და ხილის გატანა მომიწევს სასაფლაოზე. წელს ასეა და გული მწყდება, რომ ჩემი შვილების ჩაყვანას ვერ ვახერხებ სოფელში. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა გამიჭირდეს და როგორი ეკონომიური მდგომარეობა უნდა მქონდეს, რომ აღდგომას ჩასვლა და მშობლების საფლავზე მისვლა ვერ შევძლო”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” გია ჯაფარიძემ.

ნათია ჟღენტისათვის პირველი წელი იქნება, როცა აღდგომას დედაქალაქში გაატარებს. დიდი სურვილის მიუხედავად, ეკონომიკურმა კრიზისმა მას ყველა გზა მოუჭრა.

“ათ წელზე მეტია, თბილისში ვცხოვრობ და ამ ხნის განმავლობაში ყოველთვის ჩავდიოდი სააღდგომოდ გურიაში. წელს ეს უკვე შეუძლებელია. თბილისში ქირით ვცხოვრობ, დიასახლისმა გადასახადი 50 დოლარით გამიძვირა, ლარი გაუფასურდაო, გეგონება, მე სხვა ვალუტით მიწევდეს ანგარიშსწორება. ხელფასი, რა თქმა უნდა, ერთი თეთრითაც არ მომმატებია. მოგეხსენებათ, თითქმის ყველა პროდუქტი და წამალი გაძვირდა და ამიტომ ვერანაირად დანაზოგის გადადება ვერ შევძელი. იმედი მაქვს, ამას ტრადიციად არ ვაქცევ და მომავალ წელს ისევ მშობლიურ სოფელში შევხვდები აღდგომას”, – აღნიშნა ნათია ჟღენტმა.

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, პროფესორი პაატა აროშიძე ადასტურებს მძიმე სოციალურ ვითარებას და ამბობს, რომ ეკონომიკური ზრდის და ინვესტიციების მაჩვენებელი მოსახლეობის კეთილდღეობაზე არ აისახება.

“გარდა სადღესასწაულო სუფრისა, საქართველოში არსებული ტრადიციის მიხედვით, აღდგომის მეორე დღეს საკურთხის სუფრაც აუცილებელია, რაც ხარჯს ორმაგად ზრდის. ამ დროს პროდუქტები, შარშანდელთან შედარებით, საგრძნობლადაა გაძვირებული. მარხვიდან ხსნილზე გადასვლისას არასამარხვო პროდუქტები: კვერცხი, რძის ნაწარმი, ხორცი და ნუგბარი კიდევ უფრო ძვირდება, ვიდრე სხვა დროს. ამ დროს მოთხოვნა ერთიორად მატულობს. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ხალხს უჭირს, გზისა და საკვების ხარჯი ერთდროულად გაიღოს. თუ მაინც ახერხებენ, მაშინ სუფრაზე კერძების ნაირსახეობა და რაოდენობა მცირდება. მართალია, ოფიციალური სტატისტიკა ამბობს, რომ ეკონომიკური ზრდაა და ინვესტიციებიც შემოდის ქვეყანაში, მაგარმ თუ ეს თითოეული მოქალაქის მდგომარეობაზე არ აისახა, მაშინ დიდი მნიშვნელობაც აღარ აქვს ოფიციალურ ციფრებს. ახლა სწორედ ამგვარ ვითარებასთან გვაქვს საქმე. ეკონომიკური მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება. რაც დრო გადის, საშუალო და დაბალი შემოსავლის ადამიანებისთვის ძნელი ხდება ამ პირობებში ზედმეტი ხარჯის გაღება”, – აცხადებს პაატა აროშიძე.

რეზონანსი“, 11 აპრილი, 2017 წელი

მინისტრი ჯანდაცვის კვლევის წინააღმდეგ

საერთაშორისო ფონდისა და სამინისტროს მონაცემები ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავდება

თამარ ვეფხვაძე

საერთაშორისო ფონდმა “კურაციომ” კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2016 წლის ბოლოს მოსახლეობის 59%-ს ჯანდაცვის მომსახურებისა და მედიკამენტებისათვის ჯიბიდან გადასახდელი თანხა გაეზარდა. ეს იმ პირობებში, როდესაც კერძო დაზღვევის პარალელურად მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. გამოკითხულთა 81,5% მიიჩნევს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში სამედიცინო მომსახურება გაძვირდა.

“კურაციოს” კვლევა 100-მდე ექსპერტის მოსაზრებას ეფუძნება და, მათი აზრით, დადებითი კომპონენტების გარდა, ჯანდაცვის სფეროს წინაშე დგას გამოწვევებიც, რომლებიც შემდეგი სახისაა: 1) ხარჯთეფექტურობის მიღწევა ჯანდაცვის დაფინანსებაში; 2) საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მართვა-ადმინისტრირების კუთხით არსებული ხარვეზები; 3) საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დიზაინი;

რესპონდენტები შემდეგნაირად აფასებენ სამედიცინო მომსახურების ფასებსა და მოსახლეობის ფინანსური დაცვის მხარეს:

- 81.5% მიიჩნევს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში სამედიცინო მომსახურება გაძვირდა;

- 59% ფიქრობს, რომ ამ პერიოდში ჯიბიდან გადახდამ იმატა;

- 89% მიიჩნევს, რომ ბოლო 6 თვეში მოსახლეობის ფინანსური დაცვის კომპონენტი გაუარესდა;

სპეციალისტთა შეფასებები თანხვედრილია “საქსტატის” ოფიციალურ მონაცემებთან, რომლის მიხედვითაც, 2016 წლის განმავლობში ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება გაძვირდა 5.78%-ით, საავადმყოფოების მომსახურება კი – 0.92%-ით.

მოსახლეობის ფინანსური დაცულობის გაუარესებაზე მიუთითებს შინამეურნეობების კვლევის მონაცემებიც: 2010 წლიდან 2015 წლამდე 14%-ით არის მომატებული იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც ჯანდაცვაზე კატასტროფული დანახარჯი დაუდგათ. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ 2015 წელს მოსახლეობისთვის ჯანდაცვაზე კატასტროფული დანახარჯის მოცულობა უფრო ნაკლებია, ვიდრე 2010 წელს იყო.

“შინამეურნეობების კვლევის თანახმად, განსხვავებულია ჯანდაცვის დანახარჯის ცვლილება სოფლად და ქალაქად 2010 წლიდან 2015 წლამდე: ამ პერიოდში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ჯანდაცვითი ხარჯი უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე მათი შემოსავალი. ქალაქში კი, პირიქით, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ქალაქის მოსახლეობამ საყოველთაო ჯანდაცვით ალბათ უფრო მეტად ისარგებლა, ვიდრე სოფლის მოსახლეობამ.

ბოლო 2 წლის განმავლობაში ჯანდაცვით პროგრამებზე სულ დაიხარჯა 254 მლნ ლარით (ზრდა 17%) მეტი წლის დასაწყისში დაგეგმილთან შედარებით. აქედან საყოველთაო ჯანდაცვაზე სულ დახარჯულია დაგეგმილზე 215 მლნ ლარით (21%-ით) მეტი”, – აღნიშნულია კვლევაში.

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო “კურაციოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევას არ ენდობა. როგორც სერგეენკო აღნიშნავს, მისთვის ფონდის კვლევები გამოცანაა და ის არ ემთხვევა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებულ კვლევებს.

“ჩემთვის დღემდე გამოცანაა მათი მეთოდოლოგია, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე შევხვდით. ისინი იყენებენ 100-მდე ექსპერტის შეფასებას. მე მათ ვთხოვე, მაგრამ ვერ მოივიპოვე ამ ექსპერტების სია. თუკი საქართველოში 100 ადამიანია, რომელიც თანაბრად ძლიერია ჯანდაცვის ყველა მიმართულებაში, ჩვენთვის ეს ფასდაუდებელი რესურსი იქნებოდა. ვერ მოვიძიეთ მათი სია, შესაბამისად, ვერ დავდებ თავს, რომ ამ ტიპის კვლევა არის მაღალი ხარისხის.

ჩვენ გვაქვს საკუთარი კვლევები, რომლებსაც ვატარებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და მსოფლიო ბანკთან ერთად. მედიკამენტებზე ფინანსური ბარიერი არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სოციალურად დაუცველებისა და პენსიონერებისთვის”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

Comments are closed