„რეზონანსი“: გადამწყვეტი ბრძოლა არჩევნების წესის შესაცვლელად დღეს შედგება // კონსტიტუციაში შეიძლება ჩაიწეროს, რომ „არჩევნებში მონაწილეობა თითოეული მოქალაქის ვალია“
„რეზონანსი“: საკონსტიტუციო უმრავლესობა 2/3-მდე მცირდება // „ოცნება“ ცდილობს, ახალი კონსტიტუცია მის მიერ 2016 წლის არჩევნებზე მიღებულ შედეგს „მოარგოს“
„რეზონანსი“: ინტერვიუ ანა დოლიძესთან: „ხალხს სურს, რომ თვითონ აირჩიოს პრეზიდენტი“ // რას იზამს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, თუკი საკონსტიტუციო კომისია მათ მოსაზრებებსა და ხალხის აზრს არ გაითვალისწინებს
„რეზონანსი“: მისაღებია თუ არა პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების გაუქმება? (თვალსაზრისები)
„რეზონანსი“: ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „მმართველ პარტიას აქვს მიზეზი, საფრთხის მოლოდინში იყოს“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ანზორ აბრალავასთან: „ქვეყანაში უნდა იყოს ძლიერი პრეზიდენტის, ძლიერი პრემიერისა და ძლიერი პარლამენტის დაბალანსებული ინსტიტუტები“ // „პოლიტიკური პარტია არ უნდა იყოს დამნაშავეების თავშესაფარი“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან: „ახალი კონსტიტუცია უვარგისია“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლევან ხაბეიშვილთან: „ბიძინა ივანიშვილმა კახა კალაძეს დავით ნარმანია ამჯობინა“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ სანდრო ბრეგაძესთან: „გადავალეწავთ პარლამენტის სკამებს!“ // ვის და რატომ ემუქრება „ეროვნულების“ ლიდერი
——-
„რეზონანსი“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „რუსეთს, სავარაუდოდ, „დიდ შვიდეულში» დააბრუნებენ“
——————–
„რეზონანსი“, 13 აპრილი, 2017 წელი
გადამწყვეტი ბრძოლა არჩევნების წესის შესაცვლელად დღეს შედგება
კონსტიტუციაში შეიძლება ჩაიწეროს, რომ „არჩევნებში მონაწილეობა თითოეული მოქალაქის ვალია“
ნინო ქეთელაური
საკონსტიტუციო კომისიის გადამწყვეტი შეხვედრა, სადაც ყველაზე სადავო და პრინციპულ საკითხებს, საარჩევნო სისტემებს განიხილავენ, დღეს გაიმართება. ოპოზიციური პარტიები საკუთარი პოზიციების დათმობას არ აპირებენ და თუ ხელისუფლება მათ შენიშვნებს არ გაიზიარებს, ბოიკოტს გეგმავენ. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ახლანდელი ვერსია ძველ კონსტიტუციას “ათი თავით ჯობია” და მას ვენეციის კომისია მხარს აუცილებად დაუჭერს.
რაც შეეხება საკონსტიტუციო კომისიის გუშინდელ შეხვედრას, როგორც საკონსტიტუციო კომისიის წევრი, პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, ის ძირითადად ადამიანის უფლებების თავს შეეხებოდა.
„ეს შეხვედრა ადამიანის უფლებების თავით გათვალისწინებულ დებულებებს შეეხებოდა. მათ შორის საუბარი იყო ქორწინების დეფინიციაზე, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, რაზეც ძალიან ცხარე დისკუსია გაიმართა. ჩვენი პარტია ამ დეფინიციის განსაზღვრას მხარს უჭერს და, ამასთანავე, ჩვენი ინიციატივა იყო, რომ მრავალშვილიანი დედის სტატუსის შესახებ ცალკე ჩანაწერი გაჩნდეს, რაც ნაწილობრივ მხარდაჭერილ იქნა უმრავლესობის მიერ და ისინი ჩამოყალიბდებიან ამის ფორმულირებაზე. ამავე დროს, საარჩევნო უფლებებთან დაკავშირებით ჩვენი და ლეიბორისტების ერთობლივი ინიციატივა იყო, კონსტიტუციაში გაჩნდეს ჩანაწერი, რომ არჩევნებში მონაწილეობა თითოეული მოქალაქის ვალია. ეს ჩანაწერიც მხარდაჭერილი იქნა ხელისუფლების მხრიდან. ასევე კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ მიწის საკითხზე.
“საბოლოოდ, ამ შეხვედრაზე შეთანხმების სურათი არ გამოკვეთილა, ვინაიდან გადამწყვეტი მესამე რაუნდი არის დღეს, სადაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება, რაც “დემოკრატიული მოძრაობისთვის” წითელი ხაზებია. ეს არის მიწის საკუთრება, სასამართლო ხელისუფლების თავში შესატანი ცვლილებები, მათ შორის ე.წ. ქართული სტრასბურგის მოდელის მოქმედება და საარჩევნო სისტემის დეტალები”, – ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე. მისი თქმით, შემაჯამებელ შეხვედრაზე გადაწყდება ყველაფერი და მათ შორის გვეცოდინება ხელისუფლების დამოკიდებულება პრეზიდენტის არჩევის წესზე.
„ასევე გავიგებთ, 2018 წელს პრეზიდენტის არჩევა მოხდება თუ არა სახალხოდ, როგორც ამას გვპირდებოდა ხელისუფლება. გვეცოდინება საპარლამენტო სისტემის დეტალებიც. როგორც იცით, აქამდე წარმოდგენილი პროექტით, გვთავაზობენ 150-მანდატიან პროპორციულ საარჩევნო სისტემას, 5%-იანი ბარიერით, იმ პრინციპით, რომ გადაუნაწილებელი მანდატები ერგება გამარჯვებულ პარტიას, რაც აბსოლუტურად მიუღებელია ყველა პოლიტიკური ორგანიზაციისთვის. მათ შორის მათთვის, ვინც კომისიაში არ არიან წარმოდგენილი”, – ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე. მისი თქმით, ეს არის ის საკითხები, რამაც შესაძლოა, პოლიტიკური პარტიების მხრიდან შეთანხმებული ბოიკოტი გამოიწვიოს.
„მე ვფიქრობ, ეს არის საბოლოო წითელი ხაზი, რასთან დაკავშირებითაც, შესაძლოა, პოლიტიკურ ძალთა კოორდინაციის გზით საყოველთაო ბოიკოტი გამოვუცხადოთ საკონსტიტუციო კომისიას”, – ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე და განმარტავს, რომ კომისიის დატოვება ნებისმიერ დროს შეეძლო, თუმცა მისი პარტიისთვის “პოლიტიკური პოზის დაჭერა” თვითმიზანი არ იყო. „ჩვენი მიზანი იყო შედეგზე ორიენტირებული, კონსტრუქციული დიალოგი, თავისი დასაბუთებებით და ჩვენივე შეთავაზებებით. როდესაც დავრწმუნდებით, რომ იმ საკითხებს, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელისუფლება არ იზიარებს და სრულიად რაციონალური წინადადების მიღება არ უნდა, ჩვენ მივიღებთ პოლიტიკურად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას”, – ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
საკონსტიტუციო კომიის წევრი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ კომისიის წევრების მხრიდან ბოიკოტზე საუბარი პროცესის პოლიტიზებაა.
„ბევრმა პოლიტიკურმა თუ სხვა ჯგუფმა პროცესი რომ პოლიტიზებული გახადა, აშკარაა და ვფიქრობ, საზოგადოება ამას კარგად ხედავს. მაგრამ, ყველაფერთან ერთად, მე, როგორც კომისიის წევრი, გიდასტურებთ სრული პასუხისმგებლობით, რომ ეს ჯგუფები კომისიის მუშაობისას მთელ რიგ საკითხებზე არა თუ არ ეთანხმებოდნენ, არამედ კმაყოფილებასაც კი გამოხატავდნენ იმის გამო, რომ კონსტრუქციულად და შინაარსიანად მიმდინარეობდა მუშაობა. ძალიან ბევრ საკითხზე ვთანხმდებოდით, ბევრსაც ვითვალისწინებდით. ჩვეულებრივი მუშა პროცესი იყო. ახლა, როდესაც კომისიამ მუშაობა დაასრულა და შენ ბოიკოტს აცხადებ, პოლიტიზებული და ინსპირირებულია, სხვა რა ითქმის ამაზე?!”, – ამბობს ირაკლი სესიაშვილი. მისი თქმით, განსხვავებული აზრები რომ იარსებებს, ამაზე არავინ დავობს, მით უმეტეს, როდესაც საუბარია ფუნდამენტურ დოკუმენტზე, მაგრამ ისინი უკმაყოფილებას მანამადე არ გამოხატავდნენ.
„მთელი ეს პერიოდი იმუშავეს, კმაყოფილებას გამოხატავდნენ და ახლა ბოიკოტი უნდათ?! რა დროს ბოიკოტია, კენჭი უნდა ვუყაროთ უკვე. მე ვფიქრობ, ის, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, აბსოლუტურად სიმართლეს შეესაბამება და არსებობს ამის ძალიან ლოგიკური გამოძახილი”, – ამბობს ირაკლი სესიაშვილი და აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისია აუცილებლად მოიწონებს გაგზავნილ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ვენეციის კომისიას ეს ყველაფერი გაეგზავნება და დარწმუნეული ვარ, რომ მისი მხრიდან ძალიან დიდ მოწონებას დავიმსახურებთ, რადგან ჩვენ გავყევით ვენეციის კომისიის დასკვნებს. მათ შორის, როდესაც მიდის საუბარი, რომ თითქოს პრეზიდენტს ვართმევთ რაღაც უფლებებს, რამეს კი არ ვართმევთ, კონსტიტუციას ვასწორებთ. როდესაც დაჩეხილ და მართლა წინა ხელისუფლებაზე მორგებულ კონსტიტუციას ვხდით ცივილიზებულს, ნებისმიერი პოლიტიკურად არადაინტერესებული ძალა ამას მხარს დაუჭერდა.
მაშინ, თუკი ბოიკოტის გამოცხადება უნდათ, რომ ვუთხრათ, კონსტიტუცია უნდა დავტოვოთ ისეთი, როგორიც არისო, ვნახავთ, რა რეაქციაც ექნებათ. პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს მართლა ხელს აძლევს ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას. ფაქტია, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები ათი თავით ჯობია წინა კონსტიტუციას”, – ამბობს ირაკლი სესიაშვილი.
კითხვაზე, ხელისუფლებისთვის რატომ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ გადაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით დათმობაზე არ წავიდეს, ირაკლი სესიაშვილი განმარტავს, რომ ეს ქვეყანაში სტაბილურობის გარანტია იქნება.
“ეს არის სტაბილურობის და იმის გარანტია, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არ წამოიქმნება პოლიტიკური კრიზისი. საარჩევნო სისტემაზე ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ამბობს, 1%-ც რომ ავიღოთ, უნდა შეგვიშვათ პარლამენტშიო. ანუ, საქმე მიდის იქითკენ, რომ მაქსიმალურად არაჯანსაღი პოლიტიკური სისტემა შეიქმნას.
“ყველა ხედავს, რაც ხდება იტალიაში, სადაც რამდენიმე წელი მთავრობა ვერ კომპლექტდებოდა, მთელ რიგ თანამდებობას ვერ ანაწილებდნენ იმის გამო, რომ ვერ იქმნებოდა პოლიტიკური უმრავლესობა. ამიტომ, პოლიტიკური უმრავლესობა რომ შედგეს, იყოს გარანტიები და სტაბილურობა, უნდა არსებობდეს გარანტირებული უმრავლესობა”, – ამბობს ირაკლი სესიაშვილი.
„რეზონანსი“, 13 აპრილი, 2017 წელი
საკონსტიტუციო უმრავლესობა 2/3-მდე მცირდება
„ოცნება“ ცდილობს, ახალი კონსტიტუცია მის მიერ 2016 წლის არჩევნებზე მიღებულ შედეგს „მოარგოს“
ეკატერინე ბასილაია
“ქართული ოცნება” ცდილობს, კონსტიტუციის ახალი ვარიანტით 2020 წელსაც შეძლოს საკონსტიტუციო უმრავლესობის მარტივად მიღება და ამისთვის კონსტიტუციის პროექტის ორ მუხლში ცვლილება უკვე გათვალისწინებულია. მმართველი ძალა გეგმავს, საკონსტიტუციო უმრავლესობა 3/4-ის (113 დეპუტატის) ნაცვლად გახდეს 2/3 (100 დეპუტატი), რაც, ოპოზიციის და კონსტიტუციონალისტების ნაწილის მტკიცებით, ერთ-ერთი ბერკეტია იმისთვის, რომ მომავალ არჩევნებში “ოცნებამ” საკონსტიტუციო უმრავლესობა ისევ მოიპოვოს და თან უფრო მარტივადაც.
საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საჭირო ბარიერის 100-დეპუტატამდე დაწევას ემატება ასევე ახალი საკონსტიტუციო ცვლილებაც, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლით გადაუნაწილებელი მანდატები მთლიანად პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ უნდა წაიღოს. ეს ყველაფერი აადვილებს პირველ ადგილზე გასული ძალის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას.
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტიის ეს მოსაზრება ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით ჩატარებულ გათვლას ემყარება. 2016 წელს საპარლამენტო არჩევნები იმ მოდელით რომ ჩატარებულიყო, რომელსაც ამჟამად „ოცნება“ გვთავაზობს, მაშინ იგი 101 ხმას მიიღებდა და, შესაბამისად, საკონსტიტუციო უმრავლესობაც არ ექნებოდა. ხოლო თუკი საკონსტიტუციო უმრავლესობისათვის საჭირო რაოდენობას პარლამენტის წევრთა 3/4-დან 2/3-მდე დავწევთ, 101 ადგილი უკვე საკონსტიტუციო უმრავლესობა გამოდის. „ოცნების“ ამ გეგმას “ღორობას” უწოდებს საკონსტიტუციო კომისიის წევრი, “დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენელი გიორგი ახვლედიანი.
„საკონსტიტუციო ბარიერის ჩამოწევა პირდაპირპროპორციულად იმას უკავშირდება, რომ ხელისუფლება ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობის ხელში ჩაგდებას ლამობს. ეს, ეტყობა, ბიძინა ივანიშვილის მკაფიო დავალებაა, რომ მისი განკარგვის პირობებში იყოს საკონსტიტუციო საკითხებიც. მათი ეს დაუძლეველი სურვილი საყოველთაო ძალაუფლებისა ძალიან საშიში რამეა. ისინი ავტორიტარული რეჟიმისკენ მიდიან და ძალიან მალე ვნახავთ, სადაც მივლენ,” – მიიჩნევს გიორგი ახვლედიანი.
საგულისხმოა, პარლამენტის სპიკერმა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კონსტიტუციის ახალი მოდელი პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნას გამორიცხავს.
გიორგი ახვლედიანის თქმით, ირაკლი კობახიძის მტკიცება „არის ტყუილი“. იგი კატეგორიულად არ ემხრობა არც გადაუნაწილებელი მანდატების პირველ ადგილზე გასულისთვის სრულად დათმობას და არც საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის ბარიერის 3/4-იდან 2/3-მდე დაწევას, რათგან მიიჩნევს, რომ ეს ორი ნაბიჯი ერთად არის “ოცნების” გეგმა, საკონსტიტუციო უმრავლესობა არც მომავალში გაუშვას ხელიდან.
„ირაკლი კობახიძის მტკიცება არის ტყუილი. ელემენტარული არითმეტიკით მტკიცდება, რომ ამ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. თუ დღეს კონსტიტუციის ცვლილებას 113 დეპუტატის ხმა სჭირდება, ეს იცვლება და მომავალში დასჭირდება მხოლოდ 100 ხმა. როდესაც ეს თამასა დაწია ხელისუფლებამ, გადაუნაწილებელი ყველა მანდატის წაღების შემთხვევაში ის, დიდი ალბათობით, ისევ იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე და ამის მაგალითი არის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიც, როდესაც 20%-მდე გადაუნაწილებელი მანდატები დარჩა, რაც დაახლოებით 30 მანდატია და პროპორციული სისტემით არჩევის შემთხვევაში 48%-ის მიმღები “ქართული ოცნება” ჯამში მიიღებდა 101 მანდატს, ე.ი. საკონსტიტუციო უმრავლესობას ისევ გაინაღდებდა. ესაა მთავარი.
როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საჭირო თამასას ჩამოწევენ 2/3-მდე, ბუნებრივია, გადაუნაწილებელი მანდატების პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის ჩუქება მათ საშუალებას მისცემს, ისევ მიიღონ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ისიც შესაძლებელია, რომ გადაუნაწილებელი მანდატები 25-ზე მეტიც კი დარჩეს. მაგალითად, 1995 წელს გადაუნაწილებელი მანდატი 63% დარჩა. რა პრინციპით, რა დემოკრატიული წესით უნდა წაიღო ის, რაც არ გეკუთვნის, რა ღორობაა ეს?!” – ამბობს ახვლედიანი.
კომისიის წევრი, კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილიც ფიქრობს, რომ „ოცნების“ მიერ შემოთავაზებული კონსტიტუციის ახალი მოდელით სულაც არ არის გამორიცხული, საკონსტიტუციო უმრავლესობა ისევ პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ მიიღოს.
„წინასწარ პროგნოზირება ძალიან ძნელია, მაგრამ თუ დარჩა ის საარჩევნო სისტემა, რომელიც შემოთავაზებულია – 5%-იანი ბარიერით, გადაუნაწილებელი მანდატების პირველ ადგილზე გასულისთვის მიცემით და ბლოკების აკრძალვით – “ქართულ ოცნებას” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ისევ ექნება შესაძლებლობა, კონსტიტუციური უმრავლესობა მოიპოვოს. მით უმეტეს, შემოთავაზებული პროექტით, საკონსტიტუციო უმრავლესობა 3/4-ის (113 მანდატი) ნაცვლად უნდა გახდეს 2/3 (100 მანდატი)”, – ამბობს ავთანდილ დემეტრაშვილი.
- 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებით მარტივად მიიღებდა თუ არა საკონსტიტუციო უმრავლესობას 48%-ის მიმღები „ქართული ოცნება“ მის მიერ შემუშავებული კონსტიტუციის ახალი მოდელით?
- შემოთავაზებული ცვლილებებით, არჩევნები უნდა ჩატარდეს მხოლოდ პროპორციული სისტემით, გადაუნაწილებელი მანდატები კი მთლიანად უნდა დარჩეს პირველ ადგილზე გასულ პარტიას. ასევე რჩება პარლამენტში შესასვლელად 5%-იანი ბარიერის გადალახვის აუცილებლობა. პლუს, საკონსტიტუციო უმრავლესობის ბარიერი 3/4-იდან მცირდება 2/3-მდე, რაც ნიშნავს, რომ 150-კაციან პარლამენტში 113 მანდატის ნაცვლად საკმარისია, მოიპოვო 100 მანდატი და პირველ ადგილზე გასულ ძალას საკონსტიტუციო უმრავლესობაც გარანტირებული აქვს.
კონსტიტუციის ამ ახალი ვარიანტით რომ ჩატარებულიყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, შედეგი იქნებოდა ასეთი: “ქართულმა ოცნებამ” მიიღო 48%, რაც პარლამენტში არსებული 150 ადგილიდან არის 73 ადგილი; “ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიღო 27%, რაც არის – 41 მანდატი; “პატრიოტთა ალიანსმა” მიიღო 5%, რაც არის – 8 მანდატი. გადაუნაწილებელი რჩება 28 მანდატი და ეს მიემატებოდა “ოცნებას”, ამდენად, ის მიიღებდა 101 მანდატს, რაც, მათ მიერვე შემუშავებული კონსტიტუციის ახალი მოდელით, უკვე საკონსტიტუციო უმრავლესობას ნიშნავს.
„რეზონანსი“, 13 აპრილი, 2017 წელი
ინტერვიუ ანა დოლიძესთან: „ხალხს სურს, რომ თვითონ აირჩიოს პრეზიდენტი“ // რას იზამს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, თუკი საკონსტიტუციო კომისია მათ მოსაზრებებსა და ხალხის აზრს არ გაითვალისწინებს
თიკო ოსმანოვა
„საზოგადოებრივი აზრის კვლევა აჩვენებს, რომ საზოგადოებას აქვს მკვეთრად გამოხატული პოზიცია პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესთან დაკავშირებით. ხალხს აქვს სურვილი, რომ თვითონ აირჩიოს პრეზიდენტი. ვფიქრობ, ამის უფლება არ უნდა წაერთვას“, – ამბობს „რეზონანსთან» საუბრისას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და დასძენს, რომ კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით ოფიციალურ შეფასებას მათ მიერ წამოწყებული კამპანიის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.
კონსტიტუციის ახალ პროექტზე და პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით „რეზონანსი“ გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივან ანა დოლიძეს ესაუბრა.
ანა დოლიძე: ჩვენ ჯერჯერობით არ გვინდა, დეტალურად შევაფასოთ ის პროექტი, რომელიც წარმოდგენილია. მოგეხსენებათ, ვატარებთ კამპანიას “კონსტიტუცია ყველასია”. ჯერ გვინდა, მოვისმინოთ საზოგადოების აზრი – ზოგადად, რა უნდა ხალხს, როგორი წყობა უნდა, როგორი სახელმწიფო სჭირდება. მხოლოდ ამის შემდეგ გადავალთ უკვე შეფასებაზე და კომენტირებაზე იმ პოზიციისა, რომელიც უკვე გამოხატულია.
- მაგრამ ეს კამპანია უკვე ერთი თვეა, რაც მიმდინარეობს. მოიარეთ არაერთი რეგიონი და გარკვეული შთაბეჭდილება უკვე შეგექმნებოდათ...
- საზოგადოებრივი აზრის კვლევა აჩვენებს, რომ საზოგადოებას აქვს მკვეთრად გამოხატული პოზიცია პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესთან დაკავშირებით. ხალხს აქვს სურვილი, რომ თვითონ აირჩიოს პრეზიდენტი. ვფიქრობ, ამის უფლება არ უნდა წაერთვას. ყველა ჩვენს შეხვედრაზე, რომელსაც ვმართავთ, იგივე ისმის. ჯერ არ ყოფილა შეხვედრა, სადაც განსხვავებული აზრი გამოთქმულიყო. თუმცა საზოგადოებას სხვა პრობლემებიც ადარდებს, პირველ რიგში, ეს არის სოციალური თემები და განათლების საკითხები. როდესაც სტუნდეტებს ვხვდებით, ამაზეა საუბარი – განათლების მიღების უფლებაზე. ჩვენ ჯერჯერობით ამ მოსაზრებებს ვაგროვებთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვეტთ, როგორ გამოვეხმაუროთ იმ პროექტს, რომლის განხილვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
- სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა დასასრულს უახლოვდება და კონსტიტუციის საბოლოო ვარიანტის წარდგენამდე ორიოდე კვირაღა რჩება. როდის გაკეთდება ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებები?
- დიახ, 30 აპრილამდე იყო ვარაუდი, თუმცა ჯერ კიდევ კონსტიტუციის განხილვის ეტაპები მიმდინარეობს. პოზიციები ყოველდღიურად იცვლება. აქედან გამომდინარე, არ არის დაგვიანებული, პირიქით.
- ანუ ფიქრობთ, რომ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, შესაძლოა, პოზიციები შეიცვალოს?
- იმედი კი არა, მოთხოვნა მაქვს, როგორც საქართველოს მოქალაქეს, რომ ამ პროცესში ადეკვატურად იყო წარმოდგენილი ჩვენი მოსახლეობის მოსაზრებები. მოხდეს მათთვის კითხვის დასმა – როგორ სურთ პრეზიდენტის არჩევა და რა ტიპის სახელმწიფო უნდათ? სისტემის შეცვლა არ უნდა მოხდეს მოსახლეობის აზრის გათვალისწინების გარეშე.
- როდესაც პრეზიდენტმა ეს კამპანია დაიწყო, ამას ხელისუფლების მხრიდან საკმაოდ მწვავე კრიტიკა მოჰყვა...
- ამ კამპანიას ხელისუფლება არაკონსტრუქციულად შეხვდა. რატომღაც ეს არ იყო გაგებული, როგორც მხარდამჭერი აქცია. არადა, ამ პროცესის აზრი არის მხარდაჭერა კონსტიტუციური რეფორმებისთვის და ის, რომ საზოგადოებრივი აზრი მიტანილი იქნეს იქ, სადაც საჭიროა.
- და მაინც, ბოლო ეტაპზე ხომ არ მოხდება თქვენი ჩართვა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში?
- ეჭვი მეპარება, რომ ჩავერთოთ ამ პროცესებში. ჩვენ ვმონაწილეობთ ამ ფორმით. არ მინახავს, ფართომასშტაბიან შეხვედრებს ატარებდეს ვინმე ამ კომისიის 73 წევრიდან და საზოგადოების პოზიცია მიჰქონდეთ კომისიაზე. ამიტომ ამ ფუნქციას ვასრულებთ ჩვენ და მე მგონი, სასარგებლოცაა.
- თუ არ მოხდა კონსტიტუციაში თქვენი და საზოგადოების მოთხოვნების ასახვა, რა გეგმები გაქვთ?
- დრო გვიჩვენებს, როგორი პოზიციები გამოიკვეთება საზოგადოებაში და როგორ პოზიციაზე იქნება თავად კომისია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კომისიაში 73 წევრია და ისინი იღებენ პასუხისმგებლობას იმ დოკუმენტზე, რომელზეც მუშაობენ.
„რეზონანსი“, 13 აპრილი, 2017 წელი
მისაღებია თუ არა პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების გაუქმება?
გვანცა წულაია
პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა საბოლოოდ გადაწყდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებს კონკრეტული არგუმენტები არ აქვთ, რატომ უნდა მოხდეს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა, ამიტომ აღნიშნული ცვლილება ძალაში შევა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციურმა გუნდმა სერიოზული არგუმენტები უნდა მოიყვანოს, რათა მსჯელობა კვლავ განახლდეს. “ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენი არგუმენტები, თუ რატომ უნდა გადავიდეთ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევაზე. არაპირდაპირი წესით არჩევას გაცილებით დიდი უპირატესობა აქვს, ვიდრე პირდაპირით, ჩვენმა ოპონენტებმა სერიოზული არგუმენტები ისევ ვერ წარმოადგინეს. თუ წარმოადგენენ მყარ არგუმენტებს, მსჯელობას ისევ განვაგრძობთ, მაგრამ ოპოზიციას სერიოზული არგუმენტები არ აქვს. აქედან გამომდინარე, პირდაპირ გეუბნებით, რომ უნდა გადავიდეთ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევაზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 11 აპრილიდან როგორც სახელმწიფო საკანონმდებლო, ისე სხვა ფორმატებში სერიოზული დისკუსიები გაიმართა, სადაც უპირატესობა პრეზიდენტის არჩევის არაპირდაპირ წესს მიენიჭა.
მისაღებია თუ არა პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების გაუქმება? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): “ჩემთვის მიუღებელია. პრეზიდენტი ხალხმა უნდა აირჩიოს. ჩემში ეს პოზიცია ყოველთვის აბსოლუტურად უდრეკი და უცვლელია. საერთოდ, ამ ინსტიტუციის ხელყოფა არ მომწონს. მგონია, რომ ბევრი მოსდით და ყველაფრის ყურება უკვე აუტანელია. როდესაც ქვეყანაში მძიმე სიტუაციაა, რა დროს ამაზე საუბარია.”
დიმა ჯაიანი (მსახიობი): “მისაღებია. ჩვენ საპრეზიდენტო ქვეყანაში აღარ ვცხოვრობთ, საპარლამენტო ქვეყანაში ვცხოვრობთ. თავიდან ბოლომდე საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადავალთ, სადაც პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს.”
მიხეილ ღანიშაშვილი პოეტი): “ჩემთვის ყოვლად მიუღებელია. პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის გაუქმება უკან გადადგმული ნაბიჯი მგონია.”
ირმა სოხაძე (მომღერალი): “ჩემთვის ყოვლად მიუღებელია. როგორც საქართველოს მოქალაქემ, მინდა, ჩემი ქვეყნის ცვლილებებში, თუნდაც ფორმალურად, მონაწილეობა მივიღო.”
სერგო ვარდოსანიძე ისტორიკოსი): “თუ ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკა და პრეზიდენტი სიმბოლური დატვირთვის უნდა იყოს, მაშინ საყოველთაო წესით აირჩევა თუ არა, არსებითი მნიშვნელობა არ ექნება. მას მხოლოდ სიმბოლური დატვირთა აქვს, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს. თუ ღირსეულ პარლამენტს ავირჩევთ და ნდობას გამოვუცხადებთ, ამ შემთხვევაში მისაღებია, პრეზიდენტი მათ აირჩიონ.”
„რეზონანსი“, 13 აპრილი, 2017 წელი
ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „მმართველ პარტიას აქვს მიზეზი, საფრთხის მოლოდინში იყოს“
გვანცა ღვედაშვილი
“პრიმიტიული ფანდი არ ეკადრება კონსტიტუციური უმრავლესობის მქონე პოლიტიკურ სუბიექტს, თუნდაც იგი შეზღუდული პასუხისმგებლობის იყოს. “ქართული ოცნება” ძალიან დაბალი წარმოდგენის არის ქვეყნის მოსახლეობაზე”, – აღნიშნული შეფასება პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა “ქართული ოცნების” მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით გააკეთა. როგორც პოლიტოლოგი „რეზონანსთან“ ინტერვიუში აცხადებს, არაფორმალური მმართველობის დროს დემოკრატიაზე საუბარი ძნელია.
სოსო ცისკარიშვილი: ჩვენს ქვეყანაში ძალიან მარტივად აისახება ის ფაქტი, რომ დემოკრატიის ნაცვლად ვაზროვნებთ და ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც “ბიძინოკრატია” ბობოქრობს. რასაკვირველია, კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს, რაც “ქართულმა ოცნებამ” დააანონსა, არ ვიზიარებ, რადგან კონსტიტუციონალისტად მონათლული ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე ერთმანეთისგან ვერ არჩევს დემოკრატიას და “ბიძინოკრატიას”. შესაბამისად, ცხადია, რომ მისი შეთხზული კონსტიტუცია სახელმწიფოებრივი ინტერესებისგან შორს იქნება.
- ერთ-ერთი მთავარი ცვლილება პრეზიდენტის არჩევის წესს ეხება. თქვენი აზრით, რამდენად მართებულია აღნიშნული ცვლილება?
- მე ვაკვირდებოდი სხვადასხვა იდეას პრეზიდენტის არჩევის ფორმატის შესახებ. ვისმენდი სანდო თანამემამულეთა საუბარს, რომ უნდა შექმნილიყო რაღაც ისეთი, რაც ადრე არ ყოფილა საქართველოში. უნდა შექმნილიყო კოლეგია, რომელიც თავად მიიღებდა გადაწყვეტილებას, თუ ვინ იქნებოდა საქართველოს პრეზიდენტი. საუბრობდნენ იმაზე, რომ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში სწორედ ასეთი ფორმულით ხდება პრეზიდენტის არჩევა. თუმცა არავის უთქვამს, ასეთ ქვეყანას მართავს თუ არა იმავე ქვეყნის მოქალაქე ერთი პირი, როგორც არაფორმალური მწყემსი იქაური მოსახლეობისა. ამიტომ, გამომდინარე დღევანდელი რეალობიდან, ჩვენ ვიქნებით უნიკალურნი.
რომელიმე ქვეყნის მაგალითით, რაც უნდა დემოკრატიული იყოს ის, ამ პრაქტიკის შემოღება იქნება მოუღებელი, რადგან ჩვენ უნდა გამოვდიოდეთ საკუთარი რეალობიდან. უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მოქალაქეებს უნდა მივცეთ არჩევანის საშუალება, რომლებიც ჩვენი ხელისუფლებისთვის ბალას ტია.
- კიდევ ერთი ცვლილება პარლამენტის ადგილმდებარეობას ეხება. ცვლილების მიხედვით, პარლამენტის ადგილმდებარეობა აღარ იქნება კონსტიტუციით განსაზღვრული. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ხელისუფლება ამ ნაბიჯით ცდილობს, უმტკივნეულოდ შეუცვალოს პარლამენტს ადგილმდებარეობა?
- ეს მგონი, მეტ-ნაკლებად მისაღები გადაწყვეტილებაა. როგორც ჩანს, არც ქუთაისლების გაბრაზება სურთ ამ გადაწყვეტილების მიმღებთ და არც ისეთი გულადები არიან, რომ თბილისში აღნიშნონ საპარლამენტო სივრცის არსებობა. მივიღებთ რეალობას, როცა ორივე ქალაქში შეიკრიბება პარლამენტი. ეს, პრაქტიკულად, პოსტსაბჭოთა სივცეში სიახლეა. ახლა ალბათ დავიწყებთ იმაზე ლაპარაკს, რომ ევროპარლამენტიც ხან ბრიუსელში იკრიბება და ხან სტრასბურგში და ჩვენც ევროპელებზე უფრო მეტად ევროპელები ვიქნებით.
- პროექტის მიხედვით, მაჟორიტარული არჩევნები იცვლება პროპორციულით. ამასთან, პირველ ადგილზე გასული პარტია მიიღებს გადაუნაწილებელ მანდატებს. ამ ცვლილებას როგორ შეაფასებდით?
- პრიმიტიული ფანდი არ ეკადრება კონსტიტუციური უმრავლესობის მქონე პოლიტიკურ სუბიექტს, თუნდაც იგი შეზღუდული პასუხისმგებლობის იყოს. “ქართული ოცნება” ძალიან დაბალი წარმოდგენისაა ქვეყნის მოსახლეობაზე და თვალში ნაცრის შეყრით ცდილობენ, საკუთარი ფანდი დაამკვიდრონ, როგორც კონსტიტუციური წარმონაქმნი. შესაბამისად, მაჟორიტარების ნაცვლად, რაც მათთვისაც თავის ტკივილია, მიიღებენ იგივე რაოდენობის სავარძლებს სხვა მხრიდან, ანუ არჩევნების შემდეგ მხოლოდ გამარჯვებულ პარტიას მიეთვლება თავისუფალი სავარძლები, რაც დემოკრატიის იაფფასიანი ფაბრიკაციაა და ქართული “ბიძინოკრატიის” კიდევ ერთ მახასიათებლად აღიქმება.
- იკრძალება საარჩევნო ბლოკების შექმნაც. როგორ ფიქრობთ, რა გახდა ამ ცვლილების მიღების საფუძველი?
- საარჩევნო ბლოკის შექმნის შიში, რასაკვირველია, მიმანიშნებელია მხოლოდ დღევანდელი მმართველი პარტიის საკმაოდ ფრთხილ ნაბიჯზე. როგორც ჩანს, პარტიის ნაწილი გრძნობს საკუთარი პერსპექტივის არასაიმედოობას და ფიქრობენ, რომ ცალ-ცალკე აღებულ პარტიებს უფრო ადვილად შეეჯიბრებიან, ვიდრე ნებისმიერ გაერთიანებას. ესეც, რა თქმა უნდა, მიმანიშნებელია იმაზე, რომ მმართველ პარტიას აქვს მიზეზი, საფრთხის მოლოდინში იყოს.
- „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, კონსტიტუციაში ჩაიწერება ოჯახის განსაზღვრება. თუმცა ამ ფაქტს დიდი კრიტიკა მოჰყვა არასამთავრობოთა მხრიდან, რომელთა განცხადებით, აღნიშნული ცვლილება წინააღმდეგობაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტთან. თქვენთვის რამდენად მისაღებია ოჯახის განსაზღვრების კონსტიტუციაში ჩაწერა და რას ემსახურებოდა ეს ნაბიჯი?
- თუ ჩვენ გავაანალიზებთ ახალი პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა მთელ რიგს და დავფიქრდებით, მივხვდებით, იქ მიღებული გადაწყვეტილებები რომელ მხარეს გაკეთებული რევერანსია. ამ საკითხის შესწავლა პოლიტიკოსებისთვისა და არასამთავრობო სექტორისთვის მიმინდვია, ხოლო კითხვა, რომელსაც მისვამთ, არის, რასაკვირველია, რევერანსი მოსკოვისკენ და მორიგი მცდელობა იმისა, რომ გარკვეული გაუგებრობა წარმოშვას ბრიუსელის მიმართულებით.
- პარლამენტის თავმჯდომარემ და ენერგეტიკის მინისტრმა გააკეთეს განცხადებები, ისინი პრეზიდენტს „რუსთავი-2“-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოზე ირიბი ზეგავლენის მოხდენის მცდელობაში ადანაშულებენ...
- ეს კიდევ ერთი მარგალიტია ქვეყანაში დამყარებულ “ბიძინოკრატიაზე” მიმანიშნებლად. ვიდრე ჩვენს ქვეყანას მართავს ერთი პირი, მას, რასაკვირველია, საკუთარი წიწილები არ მოაკლდება, ისინი იტყვიან ყველაფერს, რაც მაამებელი იქნება მწყემსისთვის.
„ახალი თაობა“, 13 აპრილი, 2017 წელი
ინტერვიუ ანზორ აბრალავასთან: „ქვეყანაში უნდა იყოს ძლიერი პრეზიდენტის, ძლიერი პრემიერისა და ძლიერი პარლამენტის დაბალანსებული ინსტიტუტები“ // „პოლიტიკური პარტია არ უნდა იყოს დამნაშავეების თავშესაფარი“
„ახალი თაობა“ აქტუალურ საკითხებზე ყოფილ დეპუტატ ანზორ აბრალავას ესაუბრა.
- ფაქტობრივად უკვე გადაწყვეტილია, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის დაწესებული 5%-იანი ბარიერი არ მცირდება, პოლიტიკური ბლოკები იკრძალება, გადაუნაწილებელ მანდატებს კი მხოლოდ გამარჯვებული პარტია წაიღებს. ამას ეწინააღმდეგებიან პარტიები...
- შეიძლება ყველა ნორმა არ მომწონდეს, მაგრამ ამ ყველაფერში კატასტროფულს ვერაფერს ვხედავ, როგორც ამას პოლიტიკური პარტიები ხატავენ. როგორი კანონიც უნდა მოქმედებდეს, პარტიების გულს ვერ მოიგებ. ამ პარტიებს ხალხის ნდობა არ გააჩნიათ. მათი რეიტინგები ისეთი დაბალია, რომ საარჩევნო ზღურბლის დაწევაც ვერ უშველით. ჩემი ნება რომ იყოს, არჩევნებზე 1%-იან ბარიერს დავაწესებდი. დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური ორგანიზაციები ამასაც ვერ გადალახავდნენ. მათ შორის, ნაციონალური მოძრაობა და მისგან გამოყოფილი ჯგუფი, რომელმაც ევროპული საქართველო დაირქვა.
- ბლოკებზე რას იტყვით?
- ეს არსებით საკითხად არ მიმაჩნია. იმას კი ვიტყოდი, რომ აკრძალვა გამოსავალი არ არის. მისახედია პარტიების დაფინანსების საკითხი. პარტიები, რომლებსაც არანაირი კონცეფცია და პროგრამა არასდროს ჰქონიათ, არც ქვეყნისთვის გაუკეთებიათ რამე, რატომღაც ითვლებიან კვალიფიციურებად. ისინი ფინანსდებიან ბიუჯეტიდან, ანუ ჩვენი ჯიბეებიდან. ეს უსამართლობაა.
- ბლოკების აკრძალვის მომხრეები სწორედ იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ ზოგი პარტია წინასაარჩევნოდ ბლოკში შედის იმისთვის, რომ არჩევნების მერე დაფინანსება მიიღოს...
- ასეთი პარტიების ლიდერები პენსიონერებივით იღებენ ფულს სახელმწიფოსგან. ცოდნითა და პროფესიონალიზმით თუ შევაფასებთ, ისინი არაკვალიფიციურები არიან. მათი დაფინანსება მიზანშეუწონელია. ეს წესი გასაუქმებელია. პარტიებისთვის შევამცირებდი ბარიერს და გადაუნაწილებელ მანდატებს არ მივაკუთვნებდი გამარჯვებულს. ეს სახელგატეხილი და გარიგებების მოყვარული პარტიები ისედაც ვერ მიაღწევდნენ შედეგს.
- აღნიშნეთ, რომ შედეგს ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველოც ვერ მიაღწევენ. აირაის ბოლო გამოკითხვით, ერთ მათგანს 15-%-იანი რეიტინგი აქვს, მეორეს _ დაახლოებით 7%-იანი...
- ამ ორ პარტიასაც არ შეუძლია არჩევნების მოგება. ასეთი გამოკითხვებისა ბევრს არ სჯერა. არც მე ვენდობი ამ მონაცემებს. ერთხელ სტალინმა სინოპტიკოსებს ჰკითხა, რამდენად მართლდებოდა მათი პროგნოზები. 20%-ითო, უპასუხეს. სტალინმა ურჩია, საწინააღმდეგოდ ეფიქრათ. ჩვენც ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ნაციონალები და ევროპული საქართველო მუდმივად კამათობენ, ხმაურობენ, უნდათ დაამტკიცონ თავისი სიცოცხლისუნარიანობა. „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“ – ესაა მათი ნამდვილი მისწრაფება. ევროპულ საქართველოს არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან. ამ ვითომ ევროპელ ყოფილ ნაციონალებს რუსული საქართველო უნდა ერქვათ. ნაცმოძრაობა და მისი გადმონაშთები წარსულია. მათ რეიტინგი ვერ ექნებათ.
- ბევრი მიიჩნევს, რომ ნაციონალებსა და ევროპულ საქართველოს „ქართული ოცნება“ აცოცხლებს...
- ხელისუფლებასთან და მმართველ პარტიასთან ერთი მთავარი პრეტენზია მაქვს _ ზედმეტი ლიბერალიზმი და ლოიალობა დამნაშავეების მიმართ. პოლიტიკური პარტია არ უნდა იყოს დამნაშავეების თავშესაფარი. თუ დანაშაულისთვის ისჯება სხვა მოქალაქე, რატომ უნდა იყოს დაუსჯელი პარტიის ლიდერი ან წევრი? ამ მხრივ, „ოცნება“ მათ აცოცხლებს.
- „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ საარჩევნო ცვლილებებით ქმნიან პოლიტიკურ სისტემას ქვეყანაში...
- ეს გაუგებარი და მიამიტური განცხადებაა. რომ ეთქვათ, ახალ სისტემას ვაყალიბებთ, ან ძველის სრულყოფას ვახდენთო, უფრო გასაგები იქნებოდა.
- დიდი ხანია, საკამათოა პრეზიდენტის არჩევის წესი. მომავალში მას კოლეგია აირჩევს.
- მიმაჩნია, რომ საქართველოში უნდა იყოს ძლიერი პრეზიდენტის, ძლიერი პრემიერისა და ძლიერი პარლამენტის ინსტიტუტები. ეს შტოები კარგად უნდა იყოს დაბალანსებული. დაბალანსება უნდა მოხდეს არა სისუსტის, არამედ, სიძლიერის ხარჯზე.
პრეზიდენტის არჩევის წესზე უფრო მეტად მაწუხებს ახლანდელი პრეზიდენტის პიროვნება და მისი ადმინისტრაცია. ისინი არ იმსახურებენ ნდობას და პატივისცემას. ჩვენ კარგად არ ვიცით, რა ხდება პრეზიდენტის სასახლეში. ჩანს ის, რომ იქ იკრიბებიან საეჭვო პირები. ზოგ მათგანს პოლიტიკური ბიოგრაფია არ გააჩნია, ზოგს კი ბნელი წარსული აქვს. მათი ვინაობის დასახელება არ მინდა. საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს, რა მოვლენები ვითარდება ავლაბრის რეზიდენციაში.
„ახალი თაობა“, 13 აპრილი, 2017 წელი
ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან: „ახალი კონსტიტუცია უვარგისია“
რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში კონსტიტუციის ახალი რედაქციის სამუშაო ვარიანტს აფასებს.
- ბატონო ლევან, საკონსტიტუციო ცვლილებების პირველადი ვარიანტი უკვე ცნობილია. როგორია თქვენი პოზიცია? ამ ვარიანტის მიხედვით, პრეზიდენტი პირდაპირი წესით არ ირჩევა და მას ამრჩევთა კოლეგია აირჩევს…
- საპარლამენტო რესპუბლიკაში შეიძლება ამომრჩეველთა კოლეგია ან პარლამენტი ირჩევდეს პრეზიდენტს, როგორც ეს ბევრ საპარლამენტო ქვეყანაში ხდება. თუმცა, ეს ხდება იმ ქვეყნებში, სადაც გარანტირებული არის კანონითა და კონსტიტუციით მრავალპარტიული სისტემა. ჩვენთან, სწორედ იმის გამო, რომ საარჩევნო სისტემა ისე არის მოწყობილი, რომ მრავალპარტიულობა არ არის ხელშეწყობილი, მიუღებელია პრეზიდენტის არჩევა ანუ დანიშვნა ერთპარტიული ან ორპარტიული პარლამენტის მიერ. სწორედ აქედან გამომდინარე არ ვართ ჩვენ თანახმა, რომ იყოს მრავალპარტიული სისტემის გარანტიები, მაშინ შეიძლებოდა ამ საკითხის განხილვა.
- მაჟორიტარული არჩევნები უქმდება და პროპორციულ არჩევნებზე გადავდივართ. თუმცა, პირველ ადგილზე გასულ პარტიას მიაქვს გადაუნაწილებელი მანდატები, რასაც ოპოზიცია აპროტესტებს. ეს ვარიანტი რამდენად არის თქვენთვის მისაღები?
- პირველი ნაბიჯი სწორად არის გადადგმული, ვგულისხმობ მაჟორიტარულ არჩევნებს, რომელზეც უარს ვამბობთ. ჩვენ შემთხვევაში ეს იყო უმახინჯესი მოვლენა. რაც შეეხება შემოთავაზებულ ვარიანტს: პროპორციულ არჩევნებზე კი გადავდივართ, მაგრამ ეს არ არის რეგიონულ-პროპორციული. ვინაიდან მაჟორიტარებზე უარს ვამბობთ, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ რეგიონის ინტერესებზე უარს ვამბობთ. რეგიონის ინტერესები ვიღაცას უნდა დაეცვა. რეგიონული სიები უნდა ყოფილიყო, რაც არ არის და ეს არის ნაკლი. მეორე ნაკლი კი არის ის, რომ ვინაიდან პირველ ადგილზე გასულ პარტიას მიაქვს ყველა გაუნაწილებელი მანდატი, ეს შეიცავს თეორიულ საფრთხეს.
- რა საფრთხეს?
- თეორიულად შესაძლებელია, რომ მხოლოდ ერთი პარტია მოხვდეს პარლამენტში. მაგალითად, მხოლოდ ერთმა პარტიამ გადალახოს 5% ბარიერი და დანარჩენი პარტიები ბარიერს მიღმა აღმოჩნდნენ, მაშინ იმ გადაუნაწილებელ მანდატებს ბარიერგადალახული ის ერთი პარტია წაიღებს. ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი, ასეთი რამ ევროპის პოლიტიკის ისტორიაში არ მომხდარა. აქვე უნდა აღვნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი – საარჩევნო ბარიერი ძალიან მაღალია და პარტიებს არ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ საარჩევნო ბლოკი შექმნან. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირისკენ მივდივართ. ერთპარტიული სისტემა არის საბჭოთა კავშირი. ამ თვალსაზრისით ეს კონსტიტუცია ათასჯერ უარესი იქნება, ვიდრე წინა იყო. ყველა ხელისუფლება კონსტიტუციას ცვლიდა იმისთვის, რომ როგორმე გარანტია ჰქონოდა, რომ ხელისუფლებაში ის იქნებოდა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში აშკარაა, რომ ხელისუფლება არ არის მიმართული სახალხო ინტერესისკენ. მიმართული არის „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებისკენ. შესაბამისად, წარმოდგენილი ვარიანტი არის წვრილმანი კონსტიტუცია. ისეთი საკითხებიც კი შეიტანეს, რომლებიც კონსტიტუციას არ უნდა ეხებოდეს და ცალკე კანონებით წესრიგდება.
- მაგალითად, ოჯახის დეფინიცია?
- არა, ოჯახის დეფინიცია ცალკე ამბავია. ევროპის სტრუქტურებმა ხელისუფლებას უთხრეს, რომ ეს საკითხი კონსტიტუციაში არ უნდა შეიტანონ. პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ეს პირდაპირ ადამიანის უფლებების წინააღმდეგ არის მიმართული. ასეთი რამ კონსტიტუციაში რომ იწერება, ეს სამარცხვინოა. მით უმეტეს, რომ ეს საკითხი კანონმდებლობით არის განსაზღვრული. რაზეც მე გესაუბრებოდით, ეს ეხებოდა იმას, რომ, მაგალითად, კონსტიტუციაში წერენ, პატიმარს არ აქვს უფლება, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ეს არ არის საკონსტიტუციო საკითხი. ჩანს, რომ კონსტიტუციონალისტები ისეთი ჰყავთ, რომლებიც აზრზე არ არიან, რას აკეთებენ. ძალიან ცუდი ნამუშევარია, კონსტიტუციაში ყველაფერი მიჭრილ-მოჭრილი არის და ყველა მუხლი შეცვლილია. ფუნდამენტურად არის ახალი კონსტიტუცია დაწერილი, რომელიც უვარგისია, ეს საქართველოს არ გამოადგება და მოგვიწევს კიდევ ახალი კონსტიტუციის დაწერა.
- საკონსტიტუციო კომისიაში არის თქვენი პარტიის დიდი ხნის ყოფილი წევრი ვახტანგ ხმალაძე, კომისიის წევრების ნაწილი აცხადებს, რომ სწორედ ბატონი ვახტანგის ინიციატივები გადის ძირითადად. მაგალითად, პრეზიდენტის არჩევის წესი…
- დიახ, მაგრამ ბატონი ვახტანგი არ ამბობს, რომ არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ პარტიას უნდა მიჰქონდეს გაუნაწილებელი მანდატები. ის არ ეთანხმება იმ საარჩევნო სისტემას, რომელიც შემოთავაზებულია. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, მე გითხარით, რომ ეს სისტემა შეიძლება იყოს, თუ მრავალპარტიული პარლამენტის გარანტია იქნებოდა. ხმალაძე არაფერ შუაშია, მას არ მოუფიქრებია, რომ ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტში 150-ვე ხმა უნდა წაიღოს.
- ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ გადაუნაწილებელი მანდატები პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის მცირე ბონუსი იქნება…
- რას ნიშნავს „მცირე ბონუსი“?! მხოლოდ ერთმა პარტიამ რომ გადალახოს ბარიერი და ეს `მცირე ბონუსი“ 50 მანდატი რომ იყოს?! ირაკლი კობახიძე ვის მოატყუებს, ამაზე არ არის აქ საუბარი. პატიოსნად განაწილდეს ყველა გამარჯვებულზე ეს მცირე ბონუსი, როგორც ვახტანგ ხმალაძემ და სხვებმა შესთავაზეს.
- ბატონო ლევან, საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრე ხართ?
- რა თქმა უნდა, საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრე ვარ, მაგრამ ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი. საქართველო რა ხანია, საპარლამენტო რესპუბლიკა არის, მაგრამ საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრეობა არ ნიშნავს ერთპარტიულობის მომხრეობას. ეს არ ნიშნავს საბჭოთა კავშირს. საპარლამენტო რესპუბლიკა არ ნიშნავს, რომ ამ პარლამენტში 1 პარტია იქნება წარმოდგენილი. ჩვენ მომხრე ვართ მრავალპარტიული, პლურალისტური საპარლამენტო რესპუბლიკის.
„ახალი თაობა“, 13 აპრილი, 2017 წელი
ინტერვიუ ლევან ხაბეიშვილთან: „ბიძინა ივანიშვილმა კახა კალაძეს დავით ნარმანია ამჯობინა“
მისცემენ თუ არა მერობის მეორე შანსს ნარმანიას, რა კრიტერიუმებით არჩევს კანდიდატებს ივანიშვილი, რა დავალება მიიღო სუს-მა, რატომ დადიან კუნთმაგარი ტიპები საკრებულოში? ამ თემებზე „ახალ თაობას“ „ახალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ესაუბრება.
- საკრებულოში ანგარიშის წარსადგენად მისულმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ის დედაქალაქის მერის პოსტზე მეორე ვადით აპირებს კენჭისყრას. არადა იყო საუბარი, რომ „ოცნების“ კანდიდატი კალაძე იქნებოდა. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამასთან დაკავშირებით?
- დავით ნარმანია ამ თემაზე უკვე ღიად საუბრობს როგორც საკრებულოს, ასევე პარლამენტის წევრებთან. მას დიდი იმედი აქვს, რომ თბილისის მერობის კანდიდატი ისევ ის იქნება. როგორც თავად ამბობს, ეს საკითხი სადღაც 20 მაისისთვის გადაწყდება.
- დავით ნარმანიას სახელი სულ სკანდალებს და წარუმატებლობას უკავშირდება. შარშან, საპარლამენტო არჩევნების წინ, ლამის თანამდებობა დაატოვებინეს. ახლა რატომ უნდა დააყენონ მერობის კანდიდატად, ასე უჭირთ კადრებში?
- 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში აბსოლუტურად სხვა რეალობა შეიქმნა. სოლოლაკში მჯდარმა ბრძენმა კაცმა რაკი საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო, მისთვის ნარმანია არის ნაკლები პრობლემა. მისი უსაქმურობის, უუნარობის და სკანდალების მიუხედავად. საპარლამენტო არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოზე მისი გადაყენების საკითხიც კი დადგა. ყველა აღიარებდა, რომ ის ხალხს ძალიან აღიზიანებდა.
- ახლა აღარ აღიზიანებს ხალხს დავით ნარმანია?
- დავით ნარმანია ხალხსაც აღიზიანებს და ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, მაგრამ აქ მთავარია ივანიშვილის პოზიცია. მას თბილისის მერად პოლიტიკური ფიგურა არ სჭირდება. მისთვის იდეალური კანდიდატურაა დავით ნარმანია, რომელიც იმ ბრძენ კაცთან მონურ მორჩილებაშია. თბილისის მერმა ივანიშვილს ყველაფერი შეუსრულა _ პანორამიდან დაწყებული, ბოტანიკური ბაღით დამთავრებული, რასაც მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ამბავიც დაემატა. მერის პოსტზე ასეთი კაცის ყოფნა სოლოლაკელი ბრძენისთვის კომფორტია. მონურ მორჩილებას რომ თავი დავანებოთ, ნარმანია პოლიტიკურ დივიდენდებს ვერასდროს მოიპოვებს და ის ივანიშვილისთვის პოლიტიკურად სახიფათო არ გახდება.
- კახა კალაძე ამიტომ იქნა დაწუნებული, რომ დავით ნარმანიას უნარ-ჩვევები არ აღმოაჩნდა?
- თავისი ნეგატივების მიუხედავად, მას აქვს შანსი, გახდეს პოლიტიკური ფიგურა. სხვა თუ არაფერი, ის კახი კალაძეა. მას გააჩნია თავისი ფინანსური რესურსები და საზღვარგარეთიდანაც შეუძლია მათი მოზიდვა. ამიტომაც ის ივანიშვილისთვის მაინც სახიფათოა. მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ჩემი აზრით, არჩევანი მოქმედ მერზე შეჩერდება. ამის თქმის საფუძველს ის დავალებაც მაძლევს, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიიღო.
- რა დავალებაზეა საუბარი?
- ჩემს ხელს არსებული ინფორმაციით, სუსს მწვანე აქვს ანთებული მერიაში ნებისმიერი თანამდებობის პირის დაკავებაზე. ამ სიაში დავით ნარმანია არ შედის. გამგებლის მოადგილეების, სპეციალისტების, მუნიციპალური სამსახურების წარმომადგენლების დაკავებაზე მწვანეა ანთებული, თუ ისინი ქრთამს აიღებენ. ეს ერთის მხრივ კარგია, მუქთახორები შესეულები არიან დედაქალაქის ბიუჯეტს, ქაფავენ და ჭამენ. ცოტა ხნის წინ გამგეობის წამყვანი სპეციალისტი დააკავეს 20.000 დოლარის ქრთამის აღების ფაქტზე. წამყვანი სპეციალისტი რომ ამას ბედავს, ადვილი წარმოსადგენია, რას იზამენ მაღალი რანგის მოხელეები. ახლა სუს-ის დახმარებით მიდის ასეთი ხალხისგან მერიის გათავისუფლება. ნარმანიაც კმაყოფილია, მას თანამშრომლები კი არა, მთელი სანათესავო რომ დაუჭიროს, ოოოო, დიდი ბიძინაო, იტყვის და მეტანიებსაც გაუკეთებს.
- დედაქალაქის მერის მიერ წარდგენილ ანგარიშზე რას იტყვით?
- ყველაზე უხერხული ის იყო, რომ ანგარიშის მოსასმენად კუნთმაგარი ტიპები ჰყავდათ მოყვანილი. ისინი აგრესიულად იცავდნენ დავით ნარმანიას და აგრესიულად იყვნენ განწყობილი ოპოზიციის მიმართ. სამარცხვინოა, როცა მერს საკრებულოში ანგარიშის წარდგენისაც კი ეშინია და იქ კუნთმაგარი ხალხის იმედზეა. მის მიერ წარდგენილი ანგარიში თბილისში არსებული რეალობისგან მკვეთრად განსხვავდება. დავით ნარმანია უკვე 33 თვეა, რაც თბილისის მერია და ამ პერიოდში დედაქალაქმა მისგან სიურპრიზის სახით მიიღო მოუწესრიგებელი გზები, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მოუწესრიგებელი და მოუგვარებელი საცობების პრობლემა, მოუწესრიგებელი და უკანონო მშენებლობები, მოუწესრიგებელი და გაჩეხილი სარეკრეაციო ზონები.
დავით ნარმანიას მერობასთან არის დაკავშირებული კიდევ უფრო შეჭირვებული მოსახლეობა, ნეპოტიზმი, კორუფცია, არაპროფესიონალიზმი, უუნარობა, მავნებლობა, ივანიშვილისთვის გადაცემული ბოტანიკური ბაღი. მისი მერად მოსვლის შემდეგ მივიღეთ გაზრდილი ბიუროკრატია, გაფლანგული მილიონები, შუქნიშნის დადგმის რჩევაში გადახდილი ასეულ ათასობით ლარი. მივლინებებში იხარჯება ასეულობით ათასობით ლარი. მერიაში კაფეტერიის გასაკეთებლად გამოიყო 200.000 ლარი. სამაგიეროდ, 1.18 ლარიან მენიუზე გადაიყვანეს უფასო სასადილოებთან მომლოდინე ათასობით ბენეფიციარი. არანორმალურად დიდია ხარჯი ავეჯის და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად.
დედაქალაქის მერის ანგარიშში არ ყოფილა საუბარი გაჩეხილ ხეებზე, პროკურორის შვილისთვის გადარიცხულ საბიუჯეტო თანხებზე, მოსამართლე ნაზღაიძისთვის გადაცემულ მილიონ ლარზე. მის სახელსვე უკავშირდება სოციალურად დაუცველების ვაკელებად და სამგორელებად დაყოფა.
- ვაკელებად და სამგორელებად დაყოფა რას ნიშნავს?
- იმას, რომ 18-ლარიანი დახმარება ერგოთ სამგორელებს, ხოლო 36-ლარიანი დახმარება – ვაკელებს.
- დავით ნარმანიას მერობის პერიოდში სასიკეთო არაფერი გაკეთებულა?
- როგორ არა, ცნობილი ფაქტია, რომ თბილისის მერიაში ჩატარებული ატესტაციის დროს, „ქართული ოცნების~ მხარდამჭერებს და აქტივისტებს ტესტები წინასწარ დაურიგეს. თავისი ძმაკაცი მარგიშვილისთვის შექმნა ა(ა)იპი, რომლის დაფინანსებისთვის ბიუჯეტისთვის მილიონობით ლარი გამოიყო. დავით ნარმანიას რეკომენდაციით მერიასა და თბილისის გამგეობებში უამრავი ადამიანი დასაქმდა. 2014 წლის დეკემბერში მისი რეკომენდაციით დასაქმებული მერიის და გამგეობების თანამშრომლების 70% გამოცდებში ოფიციალურად ჩაიჭრა. ოროსნები ასობით უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელის ადგილზე დასაქმდნენ. ამ ადამიანების კომპენსაციისთვისაც თბილისის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი გამოიყო. ეს უკავშირდება ნარმანიას და მისი მთავრობის უკანონო გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ბიუჯეტი აფინანსებს.
როგორც ყველა საჯარო სამსახურში, მათ შორის, დედაქალაქის მერიაში, აქტუალურია ნეპოტიზმის პრობლემა. მაგალითად, ჯაბა სამუშიას დასაქმებული მეუღლე, გამგებელ ქიზიყურაშვილის დასაქმებული შვილი, ზაზა გაბუნიას დასაქმებული ცოლისძმა, კახი კალაძის დასაქმებული ცოლისძმა, კახი კალაძის დასაქმებული ცოლის ბიძა, საკრებულოს დეპუტატების დასაქმებული ცოლები, შვილები და ნათესავები.
მერს ახლობლებისთვის არც პრემია-დანამატები ენანება. გაზრდილი ბიუროკრატიის კვალდაკვალ გაზრდილია შრომის ანაზღაურების მუხლი და გაზრდილია საშტატო ერთეული. გაცემულია მილიონობით ლარის ოდენობის პრემია-დანამატები. რიგ შემთხვევებში, 1 თვეში პრემიების ოდენობა 2 მილიონ ლარსაც კი აჭარბებს. მერს გარემოცვისთვის არც ბიუჯეტის ხარჯზე ნაყიდი საწვავი ენანება. ასე, მაგალითად, 1 თვეში გახარჯული ტონობით ბენზინი, რომელიც იმდენად არაადეკვატურია, რომ საპატრულო პოლიციის მიერ გახარჯული საწვავის ტოლია, რიგ შემთხვევაში მეტიც. სხვა დადებითი მის საქმიანობაში არაფერია, ბატონ ბიძინას ყველაფერი რომ შეუსრულა, ამაზე ზევითაც გესაუბრეთ. ამით ბრძენი კაცი კმაყოფილია და ამბობს, რატომაც არა, იყოს დათო კიდევ ერთი ვადით თბილისის მერი.
„ახალი თაობა“, 13 აპრილი, 2017 წელი
ინტერვიუ სანდრო ბრეგაძესთან: „გადავალეწავთ პარლამენტის სკამებს!“ // ვის და რატომ ემუქრება „ეროვნულების“ ლიდერი
კონსტიტუციური ცვლილებები ერთ-ერთი აქტუალური საკითხია ქართულ პოლიტიკურ რეალობაში. უნდა ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში, რომ ოჯახი არის მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობა, ამაზე ჩვენი კანონმდებლები კიდევ ვერ შეთანხმდნენ. ეროვნულების ლიდერი სანდრო ბრეგაძე „ახალ თაობასთან“ ამ და სხვა საკითხებზე საუბრობს.
- ბატონო სანდრო, საუბარია, კონსტიტუციაში ჩაიწეროს განმარტება, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ეროვნულები ამას თქვენს გამარჯვებად მიიჩნევთ. აღარაფერი შეიცვლება ამ კუთხით?
- ფაქტობრივად საოცრება მოვახდინეთ. 250.000 ადამიანის ხელმოწერა შევაგროვეთ, რამაც ქართველთმოძულეები დაამარცხა. დიდი ძალა იყო ჩვენ წინააღმდეგ მობილიზებული. იქით მამათმავლები, ჯორჯ სოროსი, მისი ფონდი, უცხოური ქვეყნის საელჩოები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ე.წ. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, დაშინებული გიორგი კვირიკაშვილი, სახალხო დამცველი და ნაციონალები, გიგა ბოკერიას ფრთის ჩათვლით, ყველა ჩვენ წინააღმდეგ იყო. ასევე „ქართული ოცნების“ ძალიან დიდი ნაწილი. მეორე მხარეს კი ვიყავით ჩვენ უფულოდ და უტელევიზიოდ, მხოლოდ შიშველი ხელებით. თუმცა ჩვენ გავიმარჯვეთ და ქართველთმოძულეებს თავზე დავამხეთ ოცნება, რომ ოდესმე ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონებულიყო ჩვენს ქვეყანაში. ახალ კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ ოჯახი არის მამაკაცისა და ქალის ერთობა!
- დარწმუნებული ხართ, რომ ჩაიწერება?
- ჩვენი გამარჯვების პარალელურად, რა თქმა უნდა, მოქმედებენ ეს ჯგუფები და მე ვიცი, რომ ხელისუფლების მხრიდან არის საოცრად დიდი ღალატი.
- ღალატში რას გულისხმობთ?
- გადაწყვეტილება მიღებულია, რომ ეს ჩაიწერება, მაგრამ ღალატი ნამდვილად არის, რომლის სათავეშიც დგას ქართველთმოძულე არმიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი თამარ ჩუგოშვილი. ადამიანი, რომლის ყველა ნაბიჯი მიმართულია საქართველოს და ქართველობის წინააღმდეგ. ჩუგოშვილს და მის მეგობრებს, რომლებიც „ქართულ ოცნებაში“ არიან გაერთიანებულები, აქვთ მეტად მზაკვრული და მოღალატეობრივი გეგმა. მე ორი დღის წინ, ჩემმა ორმა მეგობარმა, ევროპარლამენტის დეპუტატებმა, მაცნობეს მეტად საგანგაშო და საგულისხმო ინფორმაცია.
- რასთან დაკავშირებით?
- „ქართული ოცნების“ ლიბერალისტური ნაწილი ერთსქესიანთა ქორწინების ამკრძალავი შესწორების ჩაგდებას გეგმავს. მათ აქვთ კულუარული მოლაპარაკებები ვენეციის კომისიასთან, რომ ვენეციის კომისიამ რეკომენდაციებში უარი თქვას ამ შესწორების შეტანაზე და ეს გახდეს საბაბი იმისა, რომ მათ უარი თქვან ამ შესწორების შეტანაზე.
- ანუ ვენეციის კომისიას გიპირისპირებენ და ეს ინფორმაცია ევროპარლამენტარებმა მოგაწოდეს?
- დიახ, ნამდვილად ასეა. ორი ევროპარლამენტარისგან მაქვს ეს ინფორმაცია. ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მართავს ამ მოლაპარაკებებს ვენეციის კომისიასთან.
- ეს სერიოზული ბრალდებაა ვიცე-სპიკერის წინააღმდეგ...
- ბრალდება არ არის, ეს არის რეალობა და ეს არის რეალური ინფორმაცია! მას შემდეგ, რაც ვენეციის კომისიას დაადებინებენ დასკვნას, რომ ეს შესწორება არ უნდა შევიდეს კონსტიტუციაში, შემდგომში იტყვიან, რომ ვენეციის კომისიამ აგვიკრძალა და ჩვენ ვერ დავუპირისპირდებოდით მათ და აქედან გამომდინარე ეს შესწორება არ უნდა შევიდესო. აი, ეს არის ღალატის ანატომია!
- შეძლებთ მათთან დაპირისპირებას?
- მე მათ ვპირდები, თუკი ეს შესწორება არ შევა ძალაში, ეს 250 ათასი კაცი გამოვა ქუჩაში და გადავალეწავთ პარლამენტის სკამებს! იმ სკამებს, რომლებზეც ჩვენი ხმებით და ხალხის მოტყუებით დასხდნენ! გადავალეწავთ და პირდაპირ ასე დაწერეთ.
- ანუ თუ კანონში არ ჩაიწერა, აქციებს გეგმავთ?
- არა მხოლოდ აქციებს ვგეგმავთ, პირდაპირ გამოვათრევთ საკუთარი კაბინეტებიდან. ამ მოღალატეების და ამ ნაძირალების ატანა უკვე აღარ შეიძლება! სწორედ ასეთი ნაძირალების მიერ არის საქართველოში დაარსებული ჯორჯ სოროსის ფონდი, ფონდი ღია საზოგადოება. მისი საქმიანობა აკრძალული უნდა იქნეს, როგორც ანტისახელმწიფოებრივი, როგორც ანტიქართული!
- თქვენ სოციალურ ქსელში წერდით, ნარკობარიგებს ჩაუვარდათ ხელში ქვეყანაო და რას გულისხმობდით?
_ ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ ნარკოტიკების გამსაღებლებით არის სავსე ჩვენი ქუჩები. თითქმის ყველა ე.წ. ღამის კლუბში იყიდება ნარკოტიკები. მე, ამ მინისტრთა კაბინეტის ყოფილმა წევრმა, გავაკეთე ეს განცხადება და იმის მაგივრად, რომ მსგავს ღამის კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების გასაღება შემწყდარიყო, პირიქით, ახალი ნარკოტიკული ნივთიერება შემოუტანიათ, რომლის მიღების შემთხვევაში, ახალგაზრდებს ეწყებათ ჰალუცინაციები. მივუთითე კიდეც, სადაც იყიდება, მაგრამ რად გინდათ.
- ანუ ამას ხელისუფლების წარმომადგენლები მფარველობენ?
- ამას ხელისუფლების მაღალჩინოსნები, უმაღლესი თანამდებობის პირები მფარველობენ. ამას ცალსახად ვაცხადებ. ყველაზე საშინელება ის არის, რომ ახლა ხელისუფლების მხარდაჭერით უნდა გაიმართოს ე.წ. „ჯემ ფესტი“ და მთელი ქვეყნის წამლის ბარიგები ემზადებიან ჯემ ფესტისთვის, სადაც გაიყიდება ყველაზე მეტი ნარკოტიკი. ე.წ. სინთეტიკური ნარკოტიკები. ამ დროს კი ჩვენი ქვეყნის გამოჩენილი ადამიანები, საზოგადო მოღვაწეები მშივრები კვდებიან. ქვეყანა წალეკა ნარკოტიკებმა! ეს არ იცის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა და ხელისუფლებამ, რომ ე.წ. ბიოთი, ე.წ. სინთეტიკური ნარკოტიკებით ათეულობით ახალგაზრდა რომ დაიღუპა?! მე მაქვს მარტო ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ ორი გოგონა დაიღუპა სინთეტიკური ნარკოტიკის მიღების შედეგად. ჩვენი შვილების მომავალი ეწირება ვიღაცის ინტერესებს.
- ეს ვიღაც დიდ ფულს შოულობს?
- რა თქმა უნდა! ეს არის ათეულობით და ასეულობით მილიონი დოლარის მოგება, რომელიც მიდის მათ ჯიბეებში. ეს არის მომავალი თაობის მიზანმიმართულად მოსპობა!
- თქვენს განცხადებებს რეაგირება არ მოჰყოლია?
- დამიკავშირდა ერთ-ერთი ბარის მეპატრონე, ასევე ერთ-ერთი მაღალჩინოსანი და იცით რა მითხრეს?!
- რა?
- ჩვენ რომ მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარება ავკრძალოთ და მსუბუქში ბიოს და სინთეტიკურს გულისხმობენ, ტურისტული სეზონი ჩაგვივარდებაო. ასევე იუთუბზე ჩემი ყველა ბოლოდროინდელი ვიდეო განცხადებები დაიბლოკა. ფეისბუქზე გააკეთეს ჰაკერული შეტევა. დააშინეს სატელევიზიო არხები და ყველგან ააკრძალვინეს ჩემი გამოჩენა! ერთ-ერთ ჟურნალისტს ჩემ გამო ეთიკის ქარტიაში იბარებენ, ინგა გრიგოლიაზე მაქვს საუბარი და მგონი ჟურნალისტური საქმიანობის აკრძალვასაც უპირებენ! თავის დროზე კი მთავრობა და პრემიერ-მინისტრი ისე დააშინეს, რომ იძულებული გამხადეს მინისტრთა კაბინეტიდან წამოვსულიყავი. კარგად მომისმინონ ჯორჯ სოროსის ლეკვებმა – ეს, რასაც მე ვახორციელებ, არ არის პოლიტიკური ბრძოლა პარლამენტის სკამებისთვის, ეს არის ბრძოლა ჩვენი შვილების მომავლისთვის და საქართველოს გადარჩენისთვის. სანამ სული მიდგეს, თავს შევაკლავ! ვაანონსებ, სულ მალე მოეწყობა მრავალათასიანი მსვლელობა, ქართველთა მარში, რომელიც ყველას მკაცრ და საკადრის პასუხს გასცემ.
——————
„რეზონანსი“, 13 აპრილი, 2017 წელი
ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „რუსეთს, სავარაუდოდ, „დიდ შვიდეულში» დააბრუნებენ“
ია აბულაშვილი
სირიაში აშშ-ის საჰაერო თავდასხმის შემდეგ მოვლენების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით და იმაზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს კრემლი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ “რეზონანსი” პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.
სოსო ცინცაძე: როგორც ჩანს, დონალდ ტრამპს სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი, ერთხელ და სამუდამოდ გაასწოროს ანგარიში ბაშარ ასადთან. გუშინ თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა დაზვერვის საიდუმლო დასკვნის ნაწილი, სადაც თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოებით და სხვა უახლესი ტექნიკური საშუალებებით მიღებული ინფორმაციით ნათლად ჩანს, რომ ბაშარ ასადის თვითმფრინავებმა შეგნებულად დაბომბეს ხან-შეიხუნი. თავად ის ფაქტი, რომ სირიის იდლიბის პროვინციის პატარა დაბა უკვე თითქმის ერთი კვირაა, მსოფლიო პრესიის ფურცლებიდან არ ჩამოდის და თითქოს გაუტოლდა ლეგენდარულ გენრიკას, იმაზე მეტყველებს, რომ უკვე ცივილიზებული მსოფლიოს მოთმინების ფიალა აივსო.
- თუმცა არც სირიის ხელისუფლება და არც მისი მოკავშირე რუსეთი ამას არ აღიარებენ. პუტინი ამბობს, რომ სირიის სამთავრობო არმიის მიერ ქიმიური ირაღის გამოყენების მტკიცებულება არ არსებობს. მაინც რა ასეთი ინტერესი აქვს რუსეთს სირიაში?
- პირადად პუტინს, მისი კომუნისტი წინამორბედებისაგან განსხვავებით, არანაირი იდეოლოგიური თუ კლასობრივი სენტიმენტები არ აკავშირებს ასადთან. ინტერესი და მხოლოდ პრაგმატული ინტერესი ორი მნიშვნელოვანი სტრატეგიული შენაძენის – ლატაკიისა და ტარტუსის ავიაბაზების შენარჩუნება და ახლო აღმოსავლეთში რუსეთის გავლენის გაზრდა. აი, რაც აინტერესებს პუტინს სირიაში. რაც შეეხება ქიმიურ იარაღს, ჯერ კიდევ ცივი ომის პერიოდში მოსკოვში მიიჩნევდნენ, რომ სირიის გადაბირება სერიოზულად დააბალანსებდა უკვე მთელ აღმოსავლეთში ამერიკის გავლენას, ხოლო ჰაფეზ ასადის გადაბირების სერიოზულ არგუმენტად იქცა დახმარება სირიის ქიმიური იარაღის შექმნაში.
მას შემდეგ, რაც დამთავრდა ცივი ომიც და რუსეთმაც მკვეთრად დაკარგა გავლენა სტრატეგიულ რეგიონში, კრემლისთვის მოულოდნელ შანსად იქცა სირიის სამოქალაქო ომში მონაწილეობა და ბაშარ ასადის რეჟიმის გადარჩენა.
2013 წელს გაფორმდა შეთანხმება რუსეთსა და დასავლეთს შორის, რომლის მონაწილე იყო სირიაც: რუსეთი ვალდებულებას კისრულობდა, საკუთარ თავზე აეღო სირიის ქიმიური იარაღის განადგურების პროცესი, ხოლო ამერიკა შეწყვეტდა სირიის დაბომბვას. დღეს, დასავლეთის პრესის ვარაუდით, ბაშარ ასადმა მოატყუა ვლადიმირ პუტინი და საკუთარი ქიმიური იარაღის ნაწილი გადამალა. ამ დღეებში, კვლავ დასავლეთის პრესის ინფორმაციით, მეორედ დაუმალა ასადმა თავის მოკავშირე მოსკოვს განზრახვა, კვლავ გამოეყენებინა ქიმიური იარაღი და, საბოლოო ჯამში, მსოფლიო პრესის ფურცლებიდან არ ჩამოდის ათობით მოწამლული ბავშვის ფოტოები. სწორედ თეთრი სახლის 11 აპრილის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ რუსეთი დღეს ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს მთელი მსოფლიო და დამალოს ასადის მიერ ქიმიური ირაღის გამოყენების ფაქტი.
ცნობილია რუსეთის პოზიცია, რომ ასადმა კი დაბომბა ხსენებული ტერიტორია, მაგრამ მან დაბომბა მოწინააღმდეგე მხარის სამხედრო საწყობები, სადაც თურმე ინახებოდა ქიმიური იარაღი. ამავე დროს თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ მასალებში ნათლად ჩანს, რომ სირიის ავიაციის მიერ ჩამოყრილი ბომბები ფეთქდებოდა არა შენობებზე, არამედ დაბის ქუჩებში. კიდევ სხვა მონაცემებით, ეჭვგარეშედ მტკიცდება, რომ სწორედ ასადმა გამოიყენა ქიმიური იარაღი. თეთრი სახლის ინფორმაციაში არ არის ნათქვამი, რომ პუტინმა იცოდა წინასწარ ასადის განზრახვა ქიმიური ირაღის გამოყენებაზე, მოსკოვს არავინ ადანაშაულებს ამაში. უბრალოდ, მოსკოვის დანაშაული ასადის დაცვაში და სიმართლის დამალვაში მდგომარებს. დღეს ტრამპის ადმინისტრაციაც ვარაუდობს, რომ თავად პუტინსაც ყელში ამოუვიდა თავისი გაუწონასწორებელი მოკავშირე, რომელიც ასე მძიმე მდგომარეობაში აყენებს მოსკოვს და ხელს უწყობს კრემლის საერთაშორისო იზოლაციას.
- რუსეთის ამ მძიმე მდგომარეობის გამოსწორებას რამდენად შეუწყობს ხელს მოსკოვში აშშ-ის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის გამართული მოლაპარაკება?
- რექს ტილერსონსა და სერგეი ლავროვს შორის გამართულ მოლაპარაკებას წინ უსწრებდა იტალიაში “დიდი შვიდეულის” საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრა. მართალია, შეხვედრაზე არ გამოიკვეთა ერთსულოვნება რუსეთისადმი სანქციების გამკაცრებაზე (საფრანგეთი, იტალია და გერმანია წინააღმდეგი არიან, კუთხეში მიიმწყვდიონ პუტინი), მაგრამ შეხვედრის ყველა მონაწილე ერთსულვანი იყო იმაში, რომ ცივილიზებული მსოფლიო ამჯერად ვეღარ აიტანს სირიელი “ყასაბის” ზომაგადასულ, თავდაჯერებულ ველურობას. რექს ტილერსონის მოსკოვური ვიზიტის მნიშვნელობაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ამერიკელებმა კატეგორიულად ურჩიეს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯონსონს, ტილერსონის ვიზიტის შედეგების გამოვლენამდე გადაედო თავისი მოსკოვური ვოიაჟი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, არც იქნებოდა დიპლომატიურად გამართლებული, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანს მოსკოვში ფეხებში გაბლანდვოდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
- მაინც რა გზავნილით ჩავიდა რექს ტილერსონი მოსკოვში?
- რექს ტილერსონი, სავარაუდოდ, შეეცდებოდა, დაერწმუნებინა ლავროვი, რომ დროა, რუსებმა ხელი აიღონ უკვე საერთაშორისო დამნაშავედ ქცეული ასადის დაცვა-გამართლებაზე. სანაცვლოდ, რათა შენარჩუნებული იქნეს კრემლის სახე, რუსეთს დააბრუნებენ დიდ შვიდეულში და ზომიერების ფარგლებში გათვალისწინებული იქნება მისი ინტერესები სირიაში. ამას ზედ ერთვის პირადად პუტინისთვის ერთი დელიკატური მომენტი – მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნები. მისი 80%-იანი სტაბილური რეიტინგი სულაც არ არის შვეიცარიის ბანკებში დაზღვეული. ასე რომ, წავა თუ არა დასავლეთთან ამ ისტორიულ გარიგებაზე კრემლი, ეს კიდევ დიდი კითხვის ნიშანია.