globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 14 აპრილი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Apr 14th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველოს თვითმმართველობა ბნელში

«Независимая газета» (რუსეთი): საქართველოს პრეზიდენტს ართმევენ!? // რესპუბლიკა საპარლამენტო ხდება

«Каспiй» (აზერბაიჯანი): ქართული დემოკრატიის თანამდევი დანახარჯები // პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფოს მეთაური უსაფუძვლოდ დაადანაშაულა

«Эхо» (აზერბაიჯანი): აზერბაიჯანმა საქართველოსთვის მნიშვნელობა დაკარგა?!

«RFE//RL – თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): საქართველოს ინტერესები ამერიკა-რუსეთის დაპირისპირების ფონზე

—————–

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 13 აპრილი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/local-govenemtns-in-georgia/3808936.html

საქართველოს თვითმმართველობა ბნელში

ნინო დალაქიშვილი

ადგილობრივი თვითმმართველობები, როგორც ჩანს, მმართველი გუნდის თავის ტკივილის ერთ–ერთ მიზეზად იქცა. დეკლარირებულ სწრაფვას დეცენტრალიზაციისკენ ბზარები გაუჩნდა. ერთის მხრივ, ხელისუფლებისთვის რთულია თვითმმართველობებზე უარის თქმა, რადგან ეს ნიშნავს უარის თქმას საკუთარ არაერთხელ და მკვეთრად დაფიქსირებულ პოზიციაზე, მაგრამ მეორე მხარეს დგას პოლიტიკური ინტერესი. თუ მმართველი გუნდი ქვეყანაში თვითმმართველობებს დატოვებს, ეს შეიძლება იქცეს იმ ნაღმად, რომელზეც თავადვე აფეთქდება. ამიტომაც, ბოლო პერიოდში უფრო და უფრო ღრმავდება საუბრები თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმების შესახებ, საკრებულოებისა და მერიების თანამშრომლები ელიან გამგეობებთან შერწყმას ისე, როგორც ეს 2014 წლამდე იყო.

მმართველი გუნდი ამ საკითხზე განცხადებების გაკეთებას არ ჩქარობს. მათი მხრიდან გაჟღერებულია მხოლოდ ის, რომ ამ საკითხზე მსჯელობა დაწყებულია, თუმცა არაფერი არ გადაწყვეტილა. მრავალმნიშვნელოვანი დუმილი საკმარისი სიგნალი აღმოჩნდა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებისთვის, რომ მათ პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ მინისტრისთვის წერილობით მიემიმართათ. ისინი წერილში 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის შესაძლო გაუქმებას კრიტიკულად ეხმაურებიან. განცხადებას ხელს რამდენიმე ათეული ორგანიზაცია აწერს. დღეს კი გორში, რომელიც თვითმმართველ ქალაქად 2014 წელს იქცა არასამთავრობო ორგანიზაცია „გორის საინფორმაციო ცენტრის“ ინიციატივით სპეციალური შეხვედრა გაიმართა, რომელზეც კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ სტატუსის გაუქმებას თვითმმართველი ქალაქებისთვის არავინ შეეგუება.

თავად გორის მერი აღნიშნულ შეკრებას არ დასწრებია. მისი მრჩეველი, შალვა ტლაშაძე, რომელმაც რამდენიმე წლის წინ საკუთარი ინიციატივით შეაგროვა რამდენიმე ათასი ხელმოწერა გორისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, „ამერიკის ხმასთან“ ამბობს:

„პირველ რიგში, შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი სამუშაო აღწერილობა, ჩემი სამუშაო სხვაა და ჩემი სამოქალაქო პოზიციები კიდევ სხვა.არანაირი რეფორმა არ მთავრდება, ტყუილია, რომ რეფორმა დამთავრდა. რეფორმა შეიძლება ყოველთვის, ნებისმიერ დროს შეიძლება განახლდეს. არავინ ამბობს იმას, რომ თვითმმართველობის რეფორმა ჩვენ დავამთავრეთ, თვითმმართველობის რეფორმას სჭირდება მუდმივი განახლება. ჩვენ ვსაუბროთ კულუარებიდან გამოსულ ინფორმაციაზე. ჯერ–ჯერობით ოფიციალური დოკუმენტი არ გვინახავს, გარდა გარკვეული თანამდებობის პირების ზოგადი განცხადებებისა, რომელზეც იგება ხოლმე სხვადასხვა თეორიები. სიღრმისეული მსჯელობა შეგვიძლია დავიწყოთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც გვექნება კონკრეტული დოკუმენტი. ამ ეტაპზე ვიცით, რომ იგეგმება ცვლილებები, მაგრამ რას გულისხმობს ეს ცვლილებები ამის შესახებ არაფერი არ ვიცით.“

მიშა ჩიტაძე, გორის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი “ამერიკის ხმასთან” ამბობს, რომ „ალბათ, მთავრობა ეცდება, რომ შეაერთოს მუნიციპალიტეტები, საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები ეცდებიან, რომ ეს არ დაუშვან. როგორც ვატყობთ, საკმაოდ მტკიცედ აქვს მთავრობას გადაწყვეტილი თვითმმართველობების გაუქმება. ყოველ შემთხვევაში, მათი განცხადებებიდან ასე იკვეთება. ყოველ შემთხვევაში, ბრძოლა იქნება წინ. მიზეზი პოლიტიკურია. ჩემი აზრით, შიში აქვს ხელისუფლებას იმის, რომ ქალაქებში თუ ცალკე ჩატარდება არჩევნები, წააგებენ. ამიტომ, შეეცდებიან, სოფლის მოსახლეობის ხარჯზე დააბალანსონ სიტუაცია ქალაქებში“.

თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმებას ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესით ხსნის ჩვენი რესპონდენტების უმეტესობა. ეროვნული ფორუმის პოლიტიკური მდივანი და წინა მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გორიდან „ამერიკის ხმასთან“ ამბობს: „ის, რაც გაკეთდა თვითმმართველობებთან დაკავშირებით, მეტ–ნაკლებად წინ გადადგმული ნაბიჯი გახლდათ, რაც აღიარებულ იქნა ევროპის მთელი რიგი ორგანიზაციების მიერ. საქართველოში 2012–2016 წლის ინსტიტუციონალურ რეფორმებს შორის ყველაზე გამორჩეული გახლდათ თვითმმართველობის რეფორმა. ახლა ხდება ამ რეფორმიდან უკან დახევა. რატომ და რა მოსაზრებებით, მე მაინტერესებს უფრო მყარი არგუმენტები, ვიდრე ინფრასტურქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილის, ალავიძის განცხადებაა იმის შესახებ, რომ თვითმმართველობაზე დახარჯული 40 მილიონის ოპტიმიზაცია უნდა მოხდეს. ეს არაა არგუმენტი. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ თუკი რამე ნაკლი აქვს თვითმმართველობას, ის ამოიძირკვოს და არა თავად თვითმმართველობის გაუქმებაზე“.

მინდია გოდერძიშვილის, გორის საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ჩვენთან საუბრისას ამბობს: „ჩემი ღრმა რწმენით, „ქართული ოცნება“ დარწმუნდა იმაში, რომ რეიტინგის ნასახი აღარ აქვს შერჩენილი და აქედან გამომდინარე, 14 პირი, რომელიც არჩეული უნდა იყოს რაიონში და ქალაქში, ამ რაოდენობიდან შეიძლება ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი აირჩეს, რომელიც არ იქნება დამორჩილებული და დაქვემდებარებული ქართულ ოცნებას. შესაბამისად, ატარებენ პრევენციულ ზომებს და აერთიანებენ ამ 7 ქალაქში ქალაქს და რაიონს. სავარაუდოდ კანონიც შეკოწიწდება ისე, როგორც ამას საჭიროება მოითხოვს და დაინიშნება მარიონეტი 7 ქალაქში. ანუ, დეპუტატებისა და მერების ნაცვლად, ქართული ოცნება მიიღებს 7 გარანტირებულ მხარდამჭერ მარიონეტს ხელმძღვანელად. არავითარი ზრუნვა ხალხზე, თვითმმართველობის ღირებულებებზე და ასე შემდეგ, არ არსებობს, ეს გახლავთ ბრძოლა ხელისუფლებისთვის“.

თამარ ედიშერაშვილი, მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, ჩვენთან საუბრისას ამბობს: „ვერც ერთმა ხელისუფლებამ და ჩემდა გასაოცრად, ამ ახლადარჩეულმა საკონსიტუტუციო უმრავლესობამაც ვერ გააცნობიერა, რომ ცენტრალიზებული მართვით ზარალდება ცენტრიც და რეგიონებიც. იმ არგუმენტაციას, რომ არ გაამართლა მოდელმა, რაც 2013 წელს გადმოგვიგდეს ვერ მივიღებთ. სინამდვილეში ეს იყო კომუნისტური ქალაქკომისა და რაიოკომის მოდელი, რაც სოფლისა და ქალაქის თვითმმართველობის განვითარებას არანაირად არ ემსახურებოდა, ეს მოდელი, რა თქმა უნდა არ გაამართლებდა. საზოგადოება, ვინც მაშინ დავთანხმდით ამ იდეას, მხოლოდ იმ პირობით დავთანხმდით, რომ მას უნდა მოჰყოლოდა განვითარება და არა უკან გადადგმული ნაბიჯები“.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვევნები საქართველოში 2017 წლის შემოდგომაზე, სავარაუდოდ, ოქტომბერში ჩატარდება, თუმცა რა სახის თვითმმართველობა იქნება მოწოდებული ასარჩევად, ამის თაობაზე ჯერ–ჯერობით საზოგადოებამ არაფერი იცის.

«Независимая газета» (რუსეთი), 14 აპრილი, 2017 წელი

http://www.ng.ru/cis/2017-04-13/100_6974_gruzja.html

საქართველოს პრეზიდენტს ართმევენ!?

რესპუბლიკა საპარლამენტო ხდება

ყოფილი სახელისუფლო და ამჟამად ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ და მისგან ჩამოშორებული „ევროპული საქართველო“ მზად არიან გამოვიდნენ საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობიდან. ცოტა ხნის წინ ასეთი გადაწყვეტილება უკვე მიიღო პარტიამ „სახელმწიფო ხალხისათვის“. ისინი უკიდურესად უკმაყოფილონი არიან ქვეყნის ძირითად კანონში შესატანი ცვლილებების განხილვის მიმდინარეობის გამო და მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების უზურპირებაში ადანაშაულებენ“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – იური როქსი).

„საკონსტიტუციო ცვლელებები მწვავედ გააკრიტიკა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც: „არ შეიძლება ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლება წაართვა!“, – ასეთი კატეგორიული ტონით განაცხადა მან პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას. ეს გასაგებიცაა: სწორედ პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცა-შეზღუდვა არის ძირითად კანონში შესატანი ახალი ცვლილებების მიზანი.

ოპოზიცია ძალზე უკმაყოფილოა, რომ „ქართული ოცნება“ მის შენიშვნებს არ იზიარებს და მხოლოდ ისე აკეთებს, როგორც თვითონ სურს. ასეთ სიტუაციაში „ნაცმოძრაობის“ განწყობაც გასაგებია: „ნაციონალების“ ფრაქციის თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, მათ მონაწილეობას საკონსტიტუციო კომისიაში უკვე აზრი აღარ აქვს: „მეოცნებეები მხოლოდ იმას აკეთებენ, რაც თვითონ უნდათ. ისინი საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციას უკან აბრუნებენ“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ, თუმცა მას იქვე უპასუხა პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ: „არცერთი ცვლილება კონსტიტუციაში შეტანილი არ იქნება ვენეციის კომისიის თანხმობის გარეშე, რომლის წარმომადგენლებმა ზოგადად პროექტი უკვე მოიწონეს“.

როგორც ექსპერტ-კონსტიტუციონალისტი ვახტან ხმალაძე ამბობს, ქვეყნის ძირითადი კანონი მართლაც შესაცვლელია, რადგან თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, კონსტიტუცია სახელმწიფოს მართვის ინსტრუმენტად იყო გადაქცეული, მასში უამრავი ცვლილება იქნა შეტანილი და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გამოსწორებულიყო. თუმცა ახლა მთავარი ისაა, თუ როგორ ძირითად კანონს მიიღებს საქართველო მმართველი პარტიისაგან.

2023 წლიდან პრეზიდენტი საყოველთაო კენჭისყრით (ხმის მიცემით) კი არ იქნება არჩეული, არამედ 300 დელეგატის მიერ, რომელთაგან 150 პარლამენტის დეპუტატი უნდა იყოს, 13 – აჭარისა და აფხაზეთის ავტ.რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოებიდან (იგულისხმება აფხაზეთის დევნილი პარლამენტი), დანარჩენი 124 დელეგატი კი თბილისისა და რეგიონების თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლები. ამასთან ჯერ-ჯერობით ისევ ღიად რჩება საკითხი პრეზიდენტის მხოლოდ პარლამენტის მიერ არჩევის თაობაზე.

„ქართული ოცნება“ მზადაა პრეზიდენტის საყოველთაო არჩევის წესი ახლავე გააუქმოს და 2018 წლის არჩევნები ახალი ცვლილებით ჩაატაროს (ასაკობრივი და ბინადრობის ასევე ახალი ცენზის გათვალისწინებით), მაგრამ, როგორც ჩანს, უახლოესი არჩევნები დღეს არსებული წესებით ჩატარდება: ოპოზიცია კატეგორიუალდ ეწინააღმდეგება მოვლენების ფორსირებას, ამიტომაც ხელისუფლება იძულებულია დაყაბულდეს. ცხადია, „მეოცნებეები“ ითვალისწინებენ საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში შესაძლო განხეთქილების საფრთხესაც.

საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტი უფლებამოსილებას კარგავს უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე, ფუნქციები ეცვლება მასთან არსებულ უშიშროების საბჭოს [და ის თავდაცვის საბჭოდ გარდაიქმნება]. პრეზიდენტი აღარ იქნება საქართველოს უმაღლესი წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობებში, მას აღარ ექნება მოსამართლეთა კანდიდატურების წარდგენის უფლება და ა.შ.

ხელისუფლება ამ ცვლილებებს სახელმწიფო მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადასვლას უკავშირებს – როგორც ცნობილია, საპარლამენტო რესპუბლიკებში პრეზიდენტი პირდაპირი და საყოველთაო ხმის მიცემის წესით წესით არ ირჩევა, თუმცა მოწინააღმდეგეებსაც აქვთ თავიანთი არგუმენტები: საქართველო ძლიერის დემოკრატიული ტრადიციების მქონე ქვეყანა არ არის, მას აუცილებლად ჭირდება დამოუკიდებელი არბიტრი, რომელიც შეძლებს ხელისუფლების ყველა შტოს დაბალანსებას. დღევანდელი კონსტიტუციით პრეზიდენტს ამგვარი უფლებები უკვე აქვს (იგი პირდაპირი და საყოველტაო ხმის მიცემის წესითაა არჩეული), ხოლო თუ პრეზიდენტს მხოლოდ პარლამენტი აირჩევს, ამ შემთხვევაში იგი დამოკიდებული იქნება საპარლამენტო უმრავლესობაზე და მისი გავლენის ქვეშ აღმოჩნდება.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევა ორპალატიანი პარლამენტის არსებობის დროს უნდა მოხდეს, საქართველოს კი ამჟამად, როცა ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანო არ აქვს. ზედა პალატაში ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლები უნდა იყვნენ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე კი თბილისის იურისდიქცია არ ვცელდება.

მწვავე დავას იწვევს აგრეთვე კიდევ ერთი  საკონსტიტუციო დებულებაც: მმართველ „ქართულ ოცნებას“ ძირითად კანონში „ქორწინებისა“ და „ოჯახის“ რაობის დაზუსტება სურს. ამ მიზნით ხელისუფლება საზოგადოებას სთავაზობთ ასეთ ფორმულირებას: „ქორწინება არის მამაკაცისა და ქალის ნებაყოფლობითი კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით“. ოპონენეტები თვლიან, რომ ამით ხელისუფლება რევერანსს უკეთებსო მართლმადიდებელ ეკლესიას და ითხოვს, რომ „გენდერული დაზუსტებები“ კონსტიტუციაში არ დაფიქსირდეს, ან საერთოდ იქნას ამოღებული ძირითადი კანონიდან დებულებები ქორწინებასა და ოჯახზე. სიტუაცია მთლიანად „ქართულ ოცნებაზეა“ დამოკიდებული, თუმცა ჩანს, რომ „მეოცნებეები“ სერიოზულ დათმობებზე წასვლას არ აპირებენ. მით უმეტეს, რომ ისინი პარლამენტში უმრავლესობას წარმოადგენენ.

საერთოდ, კონსტიტუციის შეცვლა „ქართულ ოცნებას“ 2012 წლის არჩევნების შემდეგ სურდა, მაგრამ იმ დროს მას საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ უბრალო უმრავლესობა ჰქონდა და ხმები საკონსტიტუციო ცვლილბებისათვის არ ჰყოფნიდა. ახლა კი არავითარი დაბრკოლება აღარ არსაებობს. „ნაციონალების“ მხრიდან ბრალდებებში განწირულთა ღაღადი ისმის – კონსტიტუციაში ცვლილებები „მეოცნებეებს“ ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის მიხედვით შეაქვთო, მაგრამ ეს მხოლოდ ხაზს უსვამს მოვლენების შეუქცევადობას.

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 14 აპრილი, 2017 წელი

http://www.kaspiy.az/pages/swf.php

ქართული დემოკრატიის თანამდევი დანახარჯები

პარლამენტის სპიკერმა სახელმწიფოს მეთაური უსაფუძვლოდ დაადანაშაულა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ირონიულ კომენტარებს აკეთებს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ბრალდებებზე, რომ იგი თითქოსდა ხელოს მუწყობს ოპოზიციური ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის რეიტინგის ზრდას“, – ნათქვამია აზერბაიჯანის გაზეთ «Каспiй»-ში გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი – რაუფ ტოფიკოღლუ).

„ჩვენი მეზობელი ქვეყნის ჩრდილოვანი ოლიგაქრი მმართველის მიერ პარლამენტის სპიკერად დაყენებულმა ახლაგაზრდა კაცმა რატომღაც „ძველი ამბის“ გახსენება გადაწყვიტა. მან პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და რიგი პროდასავლური პარტიები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოზე გავლენას მოხდენის მცდელობაში დაადანაშაულა, რომელიც ამჟამად „რუსთავი-2“-თან დაკავშირებულ საქმეს იხილავს“, – წერს ავტორი და მკითხველს ქართული ოპოზიციური ტელეკომპანიის კუთვნილების საქმის მიმდინარეობას ახსენებს. პუბლიკაციაში იგი იმოწმებს ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, პრეზიდენტი მხარს უჭერს იმ პარტიებს, რომლებიც წინააღმდეგნი არიან „რუსთავი-2“-ის კანონიერი მფლობელისადმი დაბრუნების მიმართ და რომლებმაც სტრასბურგში წერილი გაგზავნეს სასამართლოზე გავლენის მოხდენის მიზნით.

„პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ილიას უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას, რა თქმა უნდა, უსაფუძვლოდ მიიჩნია პარლამენტის თავმჯდომარის ბრალდება და განაცხადა: „მე ჯერ ტერორისტებისადმი მხარდაჭერას მაბრალებდნენ (მოსმენების კანონზე ვეტოს დადების გამო), მერე ცენტრალური საარჩევნო კომისიის გაკონტროლებას, ახლა კი თურმე სტრასბურგის სასამართლოზეც გავლენას ვახდენ. ცხადია, მე არც ტერორისტებს არ ვუჭერ მხარს, და, სამწუხაროდ, ვერც ცესკოს და მით უმეტეს, ვერც სტრასბურგსაც ვერ ვაკონტროლებ“.

გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტად 2013 წელს აირჩიეს. იგი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატი იყო და ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი მხარდაჭერით სარგებლობდა. თუმცაღა, პრეზიდენტად არჩევიდან რამდენიმე თვის შემდეგ მათი გზები გაიყარა. ამის მიზეზი იყო ჯერ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილება პრეზიდენტის რეზიდენციის ადგილსამყოფელის შეცვლის თაობაზე და შემდეგ ზოგიერთ უცხოურ ვიზიტთან დაკავშირებით. განხეთქილებაში საბოლოო წერტილი დაესვა იმით, რომ პრეზიდენტმა ვეტო დაადო „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ რიგ მნიშვნელოვან კანონებს. რაც შეეხება ირაკლი კობახიძის ამჟამინდელ გამოხდომას, ის შეიძლება იმითაც აიხსნას, რომ პრეზიდენტი ცდილობს მთელი ძალით წინ აღუდგეს საკონსტიტუციო კომისიის განზრახვას პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების თაობაზე, კომისიას კი მმართველი პარტია აკონტროლებს. როგორც ამბობენ ასეთ შემთხვევაში, „ვერაფერს იზამ,  ეს დემოკრატიის თანამდევი დანახარჯებია“.

«Эхо» (აზერბაიჯანი), 10-13 აპრილი, 2017 წელი

http://ru.echo.az/?p=58391

აზერბაიჯანმა საქართველოსთვის მნიშვნელობა დაკარგა?!

ჯამილია ალეკპეროვა

„აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ყოველთვის მეგობრული და სტაბილური იყო, მაგრამ, როგორც საქართველოს მოსახლეობის ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, აზერბაიჯანს მნიშვნელოვან პარტნიორად ჩვენი მეზობელი ქვეყნის მოსახლეობის მესამედიც კი არ მიიჩნევს. აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გამოაქვეყნა მონაცემები, რომელთა თანახმად, ქართველებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორებად ითვლებიან  ევროკავშირი (42%), აშშ (33%) და აზერბაიჯანი (29%).

როგორც პოლიტოლოგი ილგარ ველიზადე ამბობს, საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობებზე მსჯელობა მხოლოდ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების მიხედვით არ უნდა მოხდეს. „მე საქართველოში არაერთხელ ვყოფილვარ. იაქური მოსახლეობა ყოველთვის მხარს უჭერს აზერბაიჯანს და ჩვენ მეგობრულ ქვეყნად გვთვლიან. თუმცა საქართველოს ზოგიერთი პოლიტიკური წრეები აზერბაიჯანის მიერ გაწეულ დახმარებას შესაბამის დონეზე არ აფასებენ. ქართულმა მხარემ  უნდა გააცნობიეროს, რომ ევროკავშირის ინტერესი მათ მიმართ მხოლოდ აზერბაიჯანთან ერთად არსებობს. ეს იმიტომ, რომ ევროპისათვის მნიშვნელოვანი რიგი პროექტების ინიციატორად სწორედ აზერბაიჯანი გამოდის“, – უთხრა ილგარ ველიზადემ „ეხო“-ს კორესპონდენტს. მისი თქმით, აზერბაიჯან-საქართველოს კარგი და პარტნიორული თანამშრომლობა ყოველთვის არსებობდა – „ჯერ ედუარდ შევარდნაძის, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში. ჩვენთან მეგობრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში შედიოდა. თუმცა დღეს ეს პოზიცია, ცოტა არ იყოს, შესუსტდა და გამოიფიტა. მე არ მინდა ვთქვა, რომ ამას საქართველო მიზანმიმართულად აკეთებს, მაგრამ [თბილისის პოზიცია] არაშორსმჭვრეტელური მიდგომაა“, – განმარტა პოლიტოლოგმა.

ამავე დროს, როგორც ილგარ ველიზადემ აღნიშნა, საქართველოში ჩასულ ტურისტთა რაოდენობის მიხედვით, აზერბაიჯანელებს მოწინავე პოზიციები უკავიათ; „საქართველოს მოსახლეობას პოზიტიური დამოკიდებულება აქვს ამ ფაქტისადმი. ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში მშვიდად შეიძლება მანათის ლარზე გადაცვლა, ხოლო ქართული ტურისტული მარკეტინგი ითვალისწინებს აზერბაიჯანელი ტურისტების მოთხოვნებს – ისინი ხომ ფულს საქართველოში ხარჯავენ. ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობის დონემ მილიარდ დოლარს მიაღწია“.

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 13 აპრილი, 2017 წელი

http://www.radiotavisupleba.ge/a/sakartvelos-interesebi/28427387.html

საქართველოს ინტერესები ამერიკა-რუსეთის დაპირისპირების ფონზე

ლელა კუნჭულია

ნატოს, აშშ-ისა და რუსეთის ბოლოდროინდელი დაძაბული ურთიერთობების ფონზე, რაც სირიაში განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა, ყურადღებას იპყრობს 12 აპრილს გამართული შეხვედრები: თეთრ სახლში შშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატოს გენერალურ მდივანს უმასპინძლა, ხოლო მოსკოვში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინსა და საგარეო უწყების ხელმძღვანელს სერგეი ლავროვს. მხარეები არ მალავენ, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა მეტისმეტად დაძაბულია. სამაგიეროდ, ახლო წარსულში გაჩენილი ეჭვების საპირისპიროდ, უფრო მტკიცედ და იმედისმომცემად აღიქმება ნატოსა და შეერთებული შტატების სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. როგორ გამოიყურება ეს პროცესები საქართველოს ინტერესების ჭრილში?

12 აპრილს ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად თეთრ სახლში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა, მართალია, „ძალიან წარმატებული“ უწოდა სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის მიერ მოსკოვში გამართულ შეხვედრებს, აღნიშნა, რომ ეს ხელს უწყობს აშშ-ისა და მისი მოკავშირეების „უსაფრთხოების ინტერესებს“ და გამოთქვა იმედი, რომ მისი ქვეყანა და ნატო შეძლებენ დაარეგულირონ ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ ითქვა ისიც, რომ რუსეთთან ურთიერთობები „ამჟამად, შესაძლოა, ყველაზე უფრო უარესი იყოს, ვიდრე ოდესმე“. არ ვიცით, ურთიერთობების დათბობის მცდელობიდან რა გამოვაო, აღნიშნა დონალდ ტრამპმა და იქვე თითქოს ერთმანეთს შეადარა რუსეთისა და შეერთებული შტატების ძალები. მან თქვა:

„პუტინი რუსეთის ლიდერია. რუსეთი ძლიერი სახელმწიფოა. ჩვენ (ამერიკა) ვართ ძალიან ძლიერი სახელმწიფო“.

ამასთან, დონალდ ტრამპმა გაახმაურა მტკიცე მესიჯი, რომ შეერთებული შტატები უკან არ დაიხევს სირიის საკითხთან მიმართებით, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ძალიან ძლიერია და რომ შეერთებული შტატები ნატოელ პარტნიორებთან ერთად იმოქმედებს:

„მომავალ თვეებსა და წლებში მე მჭიდროდ ვიმუშავებ ყველა ჩვენს ნატოელ მოკავშირესთან, რათა გაძლიერდეს ჩვენი პარტნიორობა და მოვემზადოთ სამომავლო გამოწვევებისთვის, რომლებიც მრავლად იქნება. მათ შორის, უნდა განახლდეს ხედვა უსაფრთხოების კუთხით დღეს არსებული აქტუალური გამოწვევების მისამართით, მიგრაციისა და ტერორიზმის ჩათვლით. ჩვენ ასევე ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ, რათა აღმოვფხვრათ სირიაში ამჟამად არსებული კატასტროფული ვითარება“.

რექს ტილერსონთან შეხვედრის შემდეგ გავრცელდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, მწირი კომენტარი. მან შეხვედრას „შინაარსიანი“, „მეტად გულახდილი“ უწოდა და დასძინა, რომ ის და ტილერსონი შეთანხდნენ საგანგებო წარმომადგენელთა დანიშვნაზე, რომლებიც მათ დაეხმარებიან ორმხრივ ურთიერთობებში წარმოშობილ გაუგებრობათა აღმოფხვრაში. თუმცა მკაცრი და არაკეთილგანწყობილი იყო განცხადებები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გააკეთა სხვადასხვა დროს მას შემდეგ, რაც ამერიკამ 7 აპრილს სარაკეტო იერიში განახორციელა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის დაქვემდებარებულ საავიაციო ბაზაზე. ეს ფაქტი კი, თავის მხრივ, სირიის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ასადის რეჟიმის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენებას მოჰყვა. პუტინმა, მაგალითად, თქვა, რომ სარაკეტო იერიში – ეს იყო აგრესია სუვერენული სახელმწიფოს – სირიის – მიმართ და აშშ-მა საერთაშორისო სამართალი გამოგონილი საბაბით დაარღვია.

დაძაბულობა იმდენად აშკარაა, რომ ურთიერთობების დათბობა და საერთო ენის გამონახვა ნაკლებად წარმოუდგენიათ ანალიტიკოსებს, თუმცა, როგორც პოლიტოლოგმა შორენა ლორთქიფანიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ბუნებრივია, აშშ და ნატო ინარჩუნებენ რუსეთთან დიალოგის სურვილს და მცდელობას გამონახონ შეხების წერტილები, რადგან ომი არავის სურს. სხვა საკითხია, რა გამოვა ამ მცდელობიდან, თუმცა, შორენა ლორთქიფანიძის თქმით, საქართველოსთვის ყველა შემთხვევაში ხელსაყრელია მშვიდობა:

„ნატოს სტრატეგია რუსეთთან მიმართებაში ჯერ კიდევ არის თავდაცვა, შეკავება და დიალოგის რეჟიმი, მიუხედავად იმ მკაცრი განცხადებებისა, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვისმენთ. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ მშვიდობა და უსაფრთხოება მსოფლიოსთვის არის მნიშვნელოვანი, ეს დიალოგისა და დისკუსიის გარეშე, უბრალოდ, შეუძლებელია… რაც უფრო გართულდება დიდ ძალებს შორის ურთიერთობა სტრატეგიულ საკითხებზე, ეს ჩვენზე პირდაპირ იმოქმედებს… ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველო თავის პრინციპებს არ ღალატობს, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენთვის, როგორც პატარა ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია დიალოგი დიდ ძალებს შორის, ისევ ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“.

დიდ მოთამაშეებს შორის არსებულ დიდ დაძაბულობას ასევე საქართველოს ინტერესების ჭრილში განიხილავს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე. ის არ იზიარებს აზრს, რომ დაპირისპირებულმა მხარეებმა მშვიდობას, შესაძლოა, გარიგების ხარჯზე მიაღწიონ და ერთგვარად გაცვალონ სირია და საქართველო. პოლიტოლოგი თავის პოზიციას რადიო თავისუფლებასთან განმარტავს:

„დღევანდელ დღეს ამერიკა აცნობიერებს შავი ზღვის რეგიონში არსებულ რეალობას – იზრდება ამერიკის სამხედრო დასწრება შავი ზღვის რეგიონში, კერძოდ, რუმინეთში და ბულგარეთში. გარდა ამისა, საქართველოში იგეგმება ამერიკა-საქართველოს ერთობლივი სამხედრო მომზადების ცენტრის გახსნა… ამიტომაც მე მგონია, რომ საქართველო კვლავ დარჩება ამერიკის ინტერესების სფეროში და ამიტომაც არა მგონია, რომ რაიმე გარიგება მოხდეს… რუსეთს არ აწყობს სირიის დაკარგვა, რადგან სირია, შეიძლება ითქვას, რომ ის არის რუსეთის ერთადერთი პლაცდარმი ახლო აღმოსავლეთში და, ფაქტობრივად, ერთადერთი პლაცდარმი რუსეთისთვის პოსტსაბჭოთა სივრცის ფარგლებს გარეთ“.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ, უსაფრთხოების უზრუნველყოფის ჭრილში, საქართველოსთვის ერთადერთი სწორი გზაა შეინარჩუნოს მტკიცე დასავლური კურსი და კიდევ უფრო განამტკიცოს ურთიერთობები ნატოსა და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

Comments are closed