«The National Interest» (აშშ): მშფოთვარე კავკასია // შეერთებულმა შტატებმა სამხრეთ კავკასიაში თავისი ავტორიტეტი უნდა აღიდგინოს
«Коммерсанъ-FM» (რუსეთი): საქართველო: სიცოცხლის ფერები // თბილისში რუსი ტურისტების რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება
«RFE//RL – თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): საქართველოში ტურიზმის ზრდასთან ერთად პრობლემებიც მატულობს
—————–
«The National Interest» (აშშ), 07 მაისი, 2017 წელი
https://www.the-american-interest.com/2017/05/02/the-raucous-caucasus/
მშფოთვარე კავკასია
შეერთებულმა შტატებმა სამხრეთ კავკასიაში თავისი ავტორიტეტი უნდა აღიდგინოს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მშფოთვარე სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელიც რუსეთს, თურქეთსა და ირანს შორისაა მოქცეული, ზეწოლის მექანიზმი და ავტორიტეტი უნდა აღადგინოს, წერს ამერიკულ ჟურნალ «The National interest»-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სვანტე კორნელი, აშშ-ის კვლევითი ცენტრის „კავკასია-ცენტრალური აზიის ინსტიტუტის“ დირექტორი, რომელიც ასევე არის სტოკჰოლმის (შვედეთი) უსაფრთხოებისა და განვითარების ინსტიტუტის თანადამფუძნებელიც.
„კავკასიის მნიშვნელობა ციფრებით არ გამოიხატება. კავკასია მნიშვნელოვანია როგორც გეოგრაფიული, კულტურული და გეოპოლიტიკური გზების გადაკვეთის წერტილი“, – წერს ავტორი, – „ისევე როგორც მონღოლებისა და თემურ-ლენგის დროს, ან რუსეთის, ოსმალეთისა და სეფევიდური სპარსეთის იმპერიების პერიოდში, კავკასია დღესაც ითვლება აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის „შეხვედრის“ ერთგვარ ადგილად, ხიდისა თუ ბარიერის როლის შემსრულებლად ევროპასა და აზიას, რუსეთისა და ახლო აღმოსავლეთს შორის“. კავკასია, რომელიც მე-19 საუკუნის დასაწყისიდან 21-ე საუკუნის მიჯნამდე რუსეთის კონტროლქვეშ იმყოფებოდა, დღეს ნელა, მაგრამ მაინც დამაჯერებლად აგრძელებს თავისი პოზიციების აღდგენას საერთაშორისო არენაზე, – წერს ანალიტიკოსი. სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფო – აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი – ერთმანეთთან ღრმა უთანხმოების მიუხედავად, აშშ-სთან მჭიდრო ურთიერთობას ესწრაფვიან.
დღეს რეგიონს რამდენიმე პრობლემა შეიმჩნევა, რომლებიც ევროპულ უსაფრთხოებაზე გავლენას ახდენს. ესენია რუსეთის აგრესიული ექსპანსია, ისლამური რადიკალიზმი, ირანის მზარდი ამბიციები, აგრეთვე ის წინააღმდეგობრივი სიტუაცია, რომელიც თურქეთს ახასიათებს. „ამ ყველაფერმა შეერთებული შტატები უნდა დააფიქროს და და მისი ყურადღება მიიპყროს, რეგიონისადმი თანმიმდევრული პოლიტიკის შემუშავების მიზნით“, – წერს სვანტე კორნელი, თუმცა, მისივე აზრით, ბოლო წლებში ყველაფერი პირიქით ხდება: იმ დროს, როცა ათი წლის წინათ ვაშინგტონს სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანაზე ჰქონდა გავლენა, დღეს ასეთი გავლენა აღარ არის, განსაკუთრებით ბარაკ ობამას მმართველობის (ეპოქის) დროს. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დაწყებისას ძველი გავლენებიდან თითქმის აღარაფერი დარჩა. შესაბამისად, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების მიერ გადაწყვეტილებების მიღებისას აშშ-ის ინტერესებს მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა აღარ არ აქვს. „ფაქტები ამას მეტყველებენ: სომხეთმა 2013 წელს უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე და დათანხმდა მოსკოვის მიერ შეთავაზებულ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას. აზერბაიჯანთან კი, რომელიც რეგიონის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ერთდროულად ესაზღვრება რუსეთსაც და ირანთან, ვაშინგტონის ურთიერთობა 2015 წლისათვის ძალიან გაუარესდა“, – აღნიშნავს ავტორი. „საქართველოც კი, რომელიც ერთნაირად უყვართ როგორც ამერიკელ დემოკრატებს, ისე რესპუბლიკელებს, არ თვლის საჭიროდ იმას, რომ საარჩევნო კამპანიების დროს პროდასავლელი ფიგურები ჩართოს და წარმოაჩინოს“, – ასე თვლის სვანტე კორნელი.
ავტორი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კავკასიიდან, პრაქტიკულად, დეზინტეგრირდა და როგორც მოსალოდნელი იყო, ამით რეგიონის სიტუაცია არანაირად გაუმჯობესებულა. სვანტე კორნელი ამის დამადასტურებელ ფაქტად აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიან ყარაბაღში 2016 წლის აპრილში მომხდარი კონფლიქტის ესკალაციას ასახელებს. ამ გამწვავებამ ორივე მხარეს ასეულობით ადამიანის მსხვერპლი მოუტანა და კინაღამ დიდი ომში გადაიზარდა. თუ ასეთი ვითარება გაგრძელდება, მაშინ ვაშინგტონს არ უნდა გაუკვირდეს, რომ კავკასიაში პრობლემები მოიმატებს, რაც გავლენას მოახდენს თვითონ აშშ-ის სტაბილურობაზეც და მის გრძელვადიან ინტერესებზე უფრო ფართო [სამხრეთ კავკასიის ირგვლივ] რეგიონში.
სვანტე კორნელი დარწმუნებულია, რომ ამერიკამ უნდა გადახედოს თავის პოლიტიკას კავკასიის მიმართ, მხედველობაში უნდა მიიღოს რეგიონის რეალიები და მეტი ძალისხმევა განახორციელოს საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად.
„[ვაშინგტონის მიერ] გლობალური ბალანსის მცდარი აღქმის შედეგად კავკასიაში აშშ-ის ავტორიტეტი ბევრად სუსტია, ვიდრე აქ მდებარე ქვეყნების დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს იყო“, – აღნიშნულია სტატიაში. ავტორი მიიჩნევს, ამერიკელმა პოლიტიკოსებმა უკვე დროა გააცნობიერონ, რომ აუცილებელია მეტი დრო და ყურადღება დაუთმონ კავკასიას: „თუ ვაშინგტონი ასე მოიქცევა, მაშინ მას ძლიერი ბერკეტები ექნება ამ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან რეგიონზე გავლენის მოსახდენად. თავის მხრივ, ეს დადებითად აისახება ამერიკის მდგომარეობაზე ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზიაში და აღმოსავლეთ ევროპაში“.
«Коммерсанъ-FM» (რუსეთი), 08 მაისი, 2017 წელი
http://www.kommersant.ru/doc/3292222
საქართველო: სიცოცხლის ფერები
თბილისში რუსი ტურისტების რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება
რუსული რადიოსადგურის «Коммерсанъ-FM»-ის მიმომხილველი ნასტია როიზმანი ეთერში მსმენელს საქართველოში გატარებული დღეების შთაბეჭდილებებს უყვება:
„თბილისში „უიკენდის“ (გამოსასვლელი დღეების) გატარება უკვე მოდად იქცა. საქართველოს დედაქალაქში რუსი ტურისტების რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და მაისის დღესასწაულებზე პიკს მიაღწია – ავიაბილეთების გაყიდვამ [შარშანდელთან შედარებით] ორჯერ მოიმატა. ჩვენი თანამემამულეების არჩევანის მიზეზი მარტივია: თბილისი ლამაზია, ქართული კერძები მიმზიდველია და ფრენასაც დიდი დრო არ ჭირდება. ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისი ყველაზე მიზეზიანი და წუწუნა სტუმრების მოთხოვნებსაც კი აკმაყოფილებს: იხსნება ახალი სასტუმროები, რესტორნები, მაღაზიები. თუ ცნობილი ქართველი დიზაინერების ნამუშევრების ხილვა გსურთ, მაშინ ლესელიძის, შარდენის და კოტე აფხაზის ქუჩებზე უნდა წახვიდეთ, ხოლო თუ წარსულის არტეფაქტების ნახვა გინდათ – „მშრალ ხიდთან“ არსებულ ბაზრობაზე. უგემრიელესი ვახშმისთვის კი კაფე „ქეთოს და კოტეს“ და „პურ-პურს“ უნდა ეწვიოთ.
როცა თბილისში „სტუმართა მიზიდულობის ყველა მთავარ წერტილს“ მოინახულებთ, დაიქირავეთ ავტომანქანა და მთებში გაემგზავრეთ. ორიოდე საათში ცნობილ სასტუმრო Rooms-ში მოხვდებით. დაწნული შეზლონგიდან ჩამქრალი ვუკლანის – ყაზბეგის თვალწარმტაც ხედებით დატკბებით. სტუმრების მომსახურებაშია საუკეთესო სამზარეულო, სასმელები და ბიბლიოთეკა წიგნების დიდი არჩევანით.
სტეფანწმინდისაკენ მიმავალ გზაზე, ნებით თუ უნებლიედ, ცნობილი კურორტი გუდაური უნდა გაიაროთ. მიმდინარე წელს აქ სასტუმრო Quadrum გაიხსნა, რომელსაც შეიძლება „სასტუმრო-ღირსშესანიშნაობა“ ვუწოდოთ. მისი დასახელება გარეგნობას ამართლებს: შენობა 2200 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და აწყობილია საზღვაო გადაზიდვებისათვის განკუთვნილი სატვირთო კონტეინერებისაგან, ანუ ყოველი ნომერი ცალკე კონტეინერს წარმოადგენს, რომლებიც შიგნიდან მხოლოდ ხით და ეკოლოგიურად სუფთა მასალებითაა გაწყობილი. „ლუქსის“ ნომერი უზრუნველყოფილია ჯაკუზებით: აბაზანა პანორამულ სარკმელებთან ახლოსაა დადგმული, ხედებიც შესაბამისია. მთელ გუდაურში უფრო კარგ მედიტაციურ ადგილს ვერსად იპოვით!
«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 07 მაისი, 2017 წელი
https://www.radiotavisupleba.ge/a/turizmis-zrdastan-ertad-problemebic-matulobs/28471707.html
საქართველო: ტურიზმის ზრდასთან ერთად პრობლემებიც მატულობს
კახა მჭედლიძე
საქართველოში ტურისტული სეზონი დაიწყო და საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამაც საგრძნობლად იმატა. ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, აპრილის თვეში საქართველოს 500 ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა, თუმცა ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად თავი იჩინა სხვადასხვა სახის პრობლემებმა.
———
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებს ეყრდნობა, მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს 10 პროცენტით მეტი უცხოელი ესტუმრა, ვიდრე შარშან, აპრილში, ხოლო პირველი 4 თვის სტატისტიკის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ უცხოელი სტუმრების რიცხვი 11 პროცენტზე მეტად გაიზარდა.
ასეთი მონაცემები ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გიორგი ჩოგოვაძეს, ოპტიმისტური განცხადებების საფუძველს აძლევს. მისი თქმით, აპრილის თვეში დაახლოებით 27%-ით გაიზარდა იმ ტურისტების რაოდენობა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში 24 საათით და მეტი დროით შემოდიან, ხოლო საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ მილიონ 700 ათასს მიაღწია, რაც თითქმის 11%-ით მატებას შეესაბამება.
2017 წლის აპრილში ყველაზე მეტი ვიზიტი საქართველოში სომხეთიდან განხორციელდა და ზრდამ 13%-ზე მეტი შეადგინა. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი, საიდანაც საქართველოს 7%-ით მეტი ადამიანი ესტუმრა. მესამეა თურქეთი, რომლის წილი სულ უფრო მეტად მცირდება და ამჯერად კლება, [შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით], მინუს 19%-ზე მეტია. რაც შეეხება რუსეთს, ამ ქვეყნიდან შემოსული ვიზიტორები რაოდენობის მიხედვით მეოთხე ადგილს იკავებენ 16%-იანი ზრდით. რუსეთის შემდეგ მოდის უკრაინა, საიდანაც მოგზაურების რიცხვი 27%-ზე მეტად გაიზარდა.
რასაკვირველია, ამ ციფრების უკან საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის კეთილდღეობა დგას. გიორგი ჩოგოვაძის თქმით, ვიზიტორების ნაკადის მატებასთან ერთად შემოსავლებიც იზრდება: „უცხოელები სარგებლობენ თავიანთი საბანკო ბარათებით ჩვენს ქვეყანაში და იანვარ-მარტის მონაცემებით, 34%-ითაა გაზრდილი საერთაშორისო საბანკო ბარათების მოხმარება. ეს გახლავთ ჩვენი მოსახლეობის დამატებითი შემოსავლები და, რა თქმა უნდა, დასაქმების დამატებითი წყაროც. მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ მთლიან შიდა პროდუქტში ტურიზმის წილი ყოველწლიურად იზრდება“, – ამბობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმზღვანელი.
გიორგი ჩოგოვაძის მიერ აღწერილი სტატისტიკა ყველაზე მეტად შესამჩნევია თბილისი ქუჩებში, სადაც უცხოელთა რაოდენობა ერთი-ორად გაიზარდა, მაგრამ მათი ნაწილი, კარგ მასპინძლობასთან ერთად, ხედავს და აწყდება ისეთ პრობლემებს, რომლებიც დაკავშირებულია მათხოვრებთან და მაწანწალებთან. იმატა ტურისტების მიმართ ჩადენილმა კრიმინალურმა ფაქტებმაც – მოტყუებამ თუ გამოძალვამ. ერთ-ერთი ასეთი უსიამოვნო საუბარი აღბეჭდილი აქვთ რუს ტურისტებს, რომლებმაც საქართველოში ველოსიპედებით იმოგზაურეს. თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მათ ადგილობრივები გამოელაპარაკნენ: „ჩვენი მთავრობა ფსონს აკეთებს ტურიზმზე, ჩვენ კი ვაკეთებთ არა ტურიზმზე, არამედ ჯერ ყველაფერზე და მერე სტუმრებზე. გასაგებია თქვენთვის?“, – აი, ასეთი უსიამოვნო აუდიოჩანაწერია გამოქვეყნებული რუსების მიერ, რომელსაც ისინი ქუჩაში გადააწყდნენ.
ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი და სასტუმრო „ტერასას“ და ტურკომპანია „პროტრეველის“ დამფუძნებელი მაია სიდამონიძე რადიო „თავისუფლებასტან“ საუბარში იმ ინციდენტსაც იხსენებს, როცა ტურისტების დასაცავად პატრულის გამოძახებაც კი გახდა საჭირო. იგი იმ პრობლემებზეც საუბრობს, რომლებიც მწვავედ დგას საქართველოში ტურიზმის განვითარების წინაშე: „რაც შეეხება ტურისტულ ინფრასტრუქტურას, ტურისტთა განთავსებებს, ეს ყველაფერი მოთხოვნის მიხედვით იზრდება, მაგრამ არსებობს მეორე მხარეც, ანუ ის პრობლემები, რომლებიც, ასე ვთქვათ, მხოლოდ კერძო ინვესტიციებზე არ არის დამოკიდებული და რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ეს ეხება, პირველ რიგში, ძირითად ინფრასტრუქტურას – გზებს, სატრანსპორტო კომუნიკაციებს… ავიამიმოსვლა, ასე თუ ისე, რეგულირდება როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა ბაზარზეც, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა მაინც სახმელეთო ტრანსპორტთანაა დაკავშირებული. მაგალითად, [თბილისის ბევრ რაიონში] თითქმის არ არსებობს, ან ძალიან ცოტაა ნორმალური, კეთილმოწყობილი გაჩერებები, არ არის უზრუნველყოფილი ნორმალური პირობები საქალაქო ტრანსპორტით გადაადგილების დროს (სიგარეტის წევა, ხმამაღალი მუსიკა და ა.შ.)“.
როგორც მაია სიდამონიძე ამბობს, ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების გარდა, არის სხვა სირთულეებიც, რაც ტურისტული სერვისის დაბალ დონეზე მეტყველებს. მისი თქმით, საქართველომ მაღალმხარჯველი ტურისტები უნდა მიიზიდოს: „მაღალმხარჯველი ტურისტები უფრო მეტად დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან დადიან (ასევე ამერიკიდანაც), მათი მიზიდვის მიზნით აუცილებელი ტურისტული მომსახურების დონის გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის გაფართოება, რომელშიც გზებისა და კომუნიკაციების გარდა, სხვა ბევრი რამ იგულისხმება. ამიტომაც საჭიროა ხელისუფლების ძალისხმევა, მაგალითად, მეტი თანხა ჩაიდოს ტრენინგებში, კვალიფიციური კადრების მომზადებაში სამომავლოდ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისათვის“.
ტურიზმის სფეროს ექსპერტებს ზრდის ტემპები არ აკმაყოფილებთ. მათი აზრით, საქართველოს მსგავს ქვეყანას სწრაფი შედეგების მისაღწევად ტურისტების ნაკადის მინიმუმ 20%-იანი ზრდა ჭირდება, ანუ ისეთი, როგორიც 2012-2013 წლებში იყო.