globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 10 მაისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on May 10th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«RFE//RL – თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): შემთხვევითობა თუ საგანგებო მოვლენა: რატომ შეხვდა ამერიკის პრეზიდენტი გიორგი კვირიკაშვილს

«Lragir» (სომხეთი): ამერიკამ სამხრეთ კავკასიისადმი თავისი ინტერესი გამოხატა (კომენტარი)

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): რუსულ „უკვდავ პოლკს“ ქართული „დანაყოფიც“ შეემატა

«Vogue» (აშშ): ეწვიეთ ბათუმს – საქართველოს ყველაზე მომხიბლავ ზღვისპირა ქალაქს

—————–

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 09 მაისი, 2017 წელი

https://www.radiotavisupleba.ge/a/ratom-shekhvda-amerikis-prezidenti-giorgi-kvirikashvils/28476693.html

შემთხვევითობა თუ საგანგებო მოვლენა:

რატომ შეხვდა ამერიკის პრეზიდენტი გიორგი კვირიკაშვილს

ლელა კუნჭულია

ვაშინგტონში გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი, რომელიც დატვირთულია შეხვედრებით აშშ-ის ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი რანგის წარმომადგენლებთან. გიორგი კვირიკაშვილის უშუალო მასპინძლად სახელდება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი. ვიზიტის ფარგლებში საგანგებო ყურადღების ცენტრში მოექცა 8 მაისს გამართული დაუგეგმავი შეხვედრა, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოვალურ კაბინეტში მიიღო. რაზე მეტყველებს ეს ფაქტი, რა შემთხვევებში ავლენს ამერიკის პრეზიდენტი მსგავს ინიციატივას და როგორ გამოიყურება ამ ფონზე ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები? ანალიტიკოსები ლაპარაკობენ საქართველოს განსაკუთრებულ როლსა და რუსეთისთვის ვაშინგტონიდან გაგზავნილ სიგნალზე.

იმის გათვალისწინებით, რომ წინასწარ არაფერი თქმულა და არც ვიზიტის პროგრამაში იყო მითითებული, გიორგი კვირიკაშვილისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა აბსოლუტურად მოულოდნელი იყო საზოგადოების დიდი ნაწილისთვის. შესაბამისად, ამ ფაქტის გარშემო საქართველოში დაიწყო მსჯელობა, რომელიც, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტთან, როგორც წესი, დიდი ხნით ადრე იგეგმება, – ეუბნება რადიო თავისუფლებას საქართველოს ყოფილი ელჩი შეერთებულ შტატებში დავით სიხარულიძე. შესაბამისად, 8 მაისს ოვალურ კაბინეტში გამართული დაუგეგმავი შეხვედრა მისთვის ფაქტის საგანგებო მნიშვნელობაზე მიუთითებს:

„ეს არის დიპლომატიური ჟესტი, რომელიც მანიშნებელია იმისა. თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შეერთებული შტატები კონკრეტულ ქვეყანასთან ურთიერთობას და რომ შეერთებულ შტატებს აქვს უფრო სერიოზული გეგმები… პარტნიორობის სერიოზულობასა და თანამშრომლობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს (პრეზიდენტის) ასეთი დაუგეგმავი შეხვედრები. ეს არის ერთ-ერთი გამოვლინება იმისა, რომ შეერთებული შტატები მაღალ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ურთიერთობას“.

ბევრი სხვა ანალიტიკოსის მსგავსად, იმ ფაქტს, რომ 8 მაისს დონალდ ტრამპმა გიორგი კვირიკაშვილი ოვალურ კაბინეტში მიიღო, შემთხვევითობად არც პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს. მეტიც, ანალიტიკოსი ამ ფაქტს სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების კონტექსტში განიხილავს. ჩამონათვალშია,მაგალითად: კონგრესის მიერ დამტკიცებული და პრეზიდენტ ტრამპის მიერ ხელმოწერილი საბიუჯეტო კანონი, რომლის თანახმადაც, შეერთებული შტატები არ ითანამშრომლებს იმ ქვეყნებთან, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას; 30 კონგრესმენის მიერ პრეზიდენტ ტრამპისთვის გაგზავნილი საქართველოს მხარდამჭერი წერილი თუ ამერიკა-საქართველოს ერთობლივი საბრძოლო მზადყოფნის ცენტრის შექმნის შესახებ გააქტიურებული თანამშრომლობა.

ნიკა ჩიტაძე თვლის, რომ ამერიკას საქართველოსთან გეოპოლიტიკური, გეოსტრატეგიული და გეოეკონომიკური ინტერესები აკავშირებს და ამ ჭრილში საგანგებო ადგილს იკავებს შავი ზღვის უსაფრთხოების მიზნები, რომლებიც 2016 წლის ივლისში ნატოს ვარშავის სამიტზე გახმაურდა რუსეთის აგრესიის საპირწონედ და ამერიკაც საგანგებოდ აქტიურობდა ამ მიმართულებით. ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ თეთრ სახლში გამართული შეხვედრები და გაკეთებული განცხადებები ძლიერი სიგნალია მოსკოვის მისამართით:

„ეს არის გზავნილი, რომ ამერიკის სახით (რომელიც, რა თქმა უნდა, დღევანდელ მსოფლიოში ერთადერთ სუპერძალას წარმოადგენს) საქართველოს ჰყავს მნიშვნელოვანი პარტნიორი კავკასიის რეგიონში. ამიტომ რუსეთს მოუწევს ანგარიში გაუწიოს ამერიკის ინტერესებს კავკასიის რეგიონში საქართველოს მიმართ… იზრდება ამერიკისა და, საერთოდ, დასავლეთის – პირველ რიგში, ნატოს – დასწრება შავი ზღვის რეგიონში, ასევე ბალტიის რეგიონში და ვფიქრობ, რომ რუსეთი იძულებული იქნება აღნიშნულს გაუწიოს ანგარიში“.

საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთან შეხვედრას ამერიკის პრეზიდენტი ტვიტერზე გამოეხმაურა. დონალდ ტრამპმა დაწერა: „პატივი მქონდა თეთრ სახლში მიმეღო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან ერთად“. ტრამპის გზავნილს ახლავს ფოტოც იმავე შინაარსის წარწერით და დაკვირვებულ თვალს არ გამოეპარებოდა, რომ წინადადების ბოლოს დასმულია ძახილის ნიშანი.

8 მაისს სოციალურ ქსელ ტვიტერში ასევე გამოჩნდა გიორგი კვირიკაშვილის უშუალო მიმწვევისა და მასპინძლის, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის, გზავნილებიც. ის წერს, რომ მან და შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს 872 ჯარისკაცისთვის, რომლებიც ავღანეთში ნატოს მისიაში იბრძვიან. პენსის მიერ გავრცელებული კიდევ ერთი გზანილის თანახმად, პრეზიდენტთან შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

პრეზიდენტთან შეხვედრამდე ხანგრძლივი საუბარი შედგა გიორგი კვირიკაშვილსა და მაიკ პენსს შორის. ამ ფაქტთან დაკავშირებით თეთრი სახლის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში საგანგებო ყურადღება ეთმობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას, ქვეყნის განსაკუთრებულ წვლილს გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში თუ ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებს. აქვე აღნიშნულია, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს გადაწყვეტილების მხარდაჭერა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ნატოს ჩათვლით, ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

თეთრ სახლში გამართულ შეხვედრებს მაღალი შეფასება მისცა თავად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილი გარანტიებზეც ლაპარაკობს და საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებს ასახელებს:

„ჩვენ გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან. გარკვეულწილად, ჩვენ შევაჯამეთ გასული 25 წლის ურთიერთობები და ვისაუბრეთ მომავალ 25 წელზე. მივიღეთ ძალიან მყარი გარანტიები აშშ-ისგან ყველა მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების შესახებ. ეს იყო ძალიან პოზიტიური შეხვედრა. ჩვენ გვქონდა საუბარი ურთიერთობებზე ყველა მიმართულებით: თავდაცვის, უსაფრთხოების, კულტურის სფეროებში თანამშრომლობის, დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რომელიც გაგრძელდა ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრით. აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან ასევე მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოს მხარდაჭერის თაობაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ, მთლიანობაში, ეს შეხვედრები არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს მომავალი განვითარებისთვის და სტაბილურობისთვის ჩვენს ქვეყანაში. აშშ, როგორც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და ეს ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდება მომავალში“.

პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განიხილეს რეგიონალური გამოწვევები, გლობალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და განმარტეს, რომ საქართველოს უსაფრთხოება და სტაბილურობა მთელი რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული სხვა არაერთი შეხვედრიდან საგანგებო ყურადღებას იპყრობს ასევე გიორგი კვირიკაშვილის 9 მაისის შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან. ანალიტიკოსები ამ შეხვედრას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ იმ ფონზე, როცა 10 მაისისთვის იგეგმება სახელმწიფო მდივნის შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან. რუს მინისტრთან შეხვედრაზე განსახილველ მთავარ თემებად სახელდება სირიასა და უკრაინაში არსებული ვითარება.

«Lragir» (სომხეთი), 10 მაისი, 2017 წელი

http://www.lragir.am/index/rus/0/politics/view/55566

ამერიკამ სამხრეთ კავკასიისადმი თავისი ინტერესი გამოხატა

სტატიაში კომენტარი აქვს გაკეთებული საქართველო პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და აშშ-ის პრეზიდენტის შეხვედრის ფაქტს, რომელიც 8 მაისს ვაშინგტონში, თეთრ სახლში გაიმართა (ავტორი – ნაირა აირუმიანი).

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ქართულმა და ამერიკულმა მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საინფორმაციო უსაფრთხოებაზე, რაც ინფორმაციის გაცვლას ითვალისწინებს. მასში მოცემულია აგრეთვე ის დადებითი შეფასებები, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა და დონალდ ტრამპმა გააკეთეს. ავტორი იხსენებს აგრეთვე იმ კანონს, რომელიც ამერიკელმა კანონმდებლებმა ამას წინათ მიიღეს – ამერიკის მთავრობას ეკრძალება იმ სახელმწიფოებისადმი დახმარება, რომლებიც საქართველოს სეპარატისტულ რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს.

„პოლიტოლოგები ამბობენ, რომ საქართველოს ვაშინგტონური პრემიერა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ შეერთებული შტატები ინარჩუნებს ინტერესს შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონებისადმი, აქაური პროექტებისადმი, განსაკუთრებით კი უსაფრთხოებისადმი. ამ ფონზე საინტერესოა ბოლო დროს გავრცელებული ხმები, თითქოსდა რუსეთს სომხეთში კიდევ ერთი სამხედრო ბაზის გახსნა ან უკვე არსებული გიუმრის ბაზის გამოყენება სურს საერთაშორისო ოპერაციებისათვის. აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობამ უსაფრთხოების სფეროში შეიძლება ვაშინგტონის დაინტერესება გააძლიეროს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხში. გავიხსენოთ, რომ აშშ მიდგომა მთიანი ყარაბაღისადმი ისეთი არაა, როგორც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართ. მაშინ, როცა ვაშინგტონი ორივე რეგიონს ერთმნიშვნელოვნად აღიარებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილად, მთიანი ყარაბაღის შესახებ აცხადებს, რომ მისი სტატუსი მშვიდობიანი მოლაპარაკებით უნდა გადაწყდესო“, – წერს ავტორი.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 09 მაისი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-sokhumi-tskhinvali-immortal-regiment-marches/3844856.html

რუსულუკვდავ პოლკსქართულიდანაყოფიცშეემატა

ზაზა წულაძე

ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავზე, თბილისში, პირველად „უკვდავი პოლკის“ მსვლელობა შედგა. ეს სამხედრო-პატრიოტული მარში ბოლო წლებში პუტინის რუსეთის მძლავრ იდეოლოგიურ იარაღად იქცა. ოფიციალურად „უკვდავი პოლკის“ იდეა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნისადმი პატივის მიგებას ისახავს მიზნად.

რეალურად კი მოსკოვიდან დაფინანსებული ეს მასშტაბური „საერთაშორისო მოძრაობა“, როგორც თავად რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, „ისტორიული სიმართლის დაცვას“ ემსახურება, რომელმაც „საზოგადოება და ხალხები სულიერად უნდა შეადუღაბოს და ისტორიის რევიზიის უფლება არავის მისცეს“.

პუტინის აზრით, „ისტორიის რევიზია გზას უხსნის, მეორე მსოფლიო ომის შედეგად დამდგარი, მსოფლმხედველობის, საერთაშორისო სამართლისა და უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების წაშლას“, რაც „ყველასთვის უზარმაზარ რისკებთან არის დაკავშირებული“.

9 მაისს, თბილისში, რუსული „უკვდავი პოლკის“ ქართული „დანაყოფის“ მსვლელობის ორგანიზატორებად, „მრავალეროვნული საქართველოს ანტიფაშისტური კოალიცია“ და „მრავალეროვნული საქართველოს რუს და რუსულენოვან თემთა კონგრესი“ მოგვევლინა. ამ ორგანიზაციებს რევაზ გოგიძე და მისი მეუღლე ანჟელიკა ზახაროვა ხელმძღვანელობენ.

რევაზ გოგიძემ ხაზი გაუსვა, რომ „უკვდავი პოლკის“ მსვლელობა მოსკოვიდან დაფინანსებული არ იყო: „არანაირი პრორუსულობა ჩვენს მოძრაობაში არ არის, ჩვენს დაღუპულ გმირებს ვიხსენებთ. თავიდანვე გავავარცელეთ ინფორმაცია, რომ გვინდა საქართველოს უკვდავი პოლკის შეკრება და მსვლელობის ჩატარება, ამიტომ ვინც დღეს ვაკის პარკში მოვა და შემოგვირთდება, ის დღეიდან ჩვენი უკვდავი პოლკის წევრი იქნება.“

„უკვდავი პოლკის“ ქართული დანაყოფი ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან დილის 11 საათზე გამოჩნდა, მსვლელობაში სულ 40-მდე ადამიანი მონაწილეობდა. გამარჯვების პარკში,“ პოლკის“ წევრებს მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული ოჯახის წევრების პორტრეტები, გეორგიევსკის ლენტები და დროშები მოჰქონდათ, წმინდა გიორგის ღერბით და წარწერით „საქართველოს უკვდავი პოლკი“, ქართულ და რუსულ ენებზე.

აქციის მონაწილეთა სიმცირეს, საქართველოს პრორუსული ორიენტაციის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციებს შორის მწვავე დაპირისპირებით ხსნიან.

მას შემდეგ, რაც აპრილში, მოსკოვმა „უკვდავი პოლკის“ ორგანიზაციის უფლება თბილისში, „მრავალეროვნული საქართველოს ანტიფაშისტური კოალიციასა“ და „ რუსულენოვან თემთა კონგრესს“ ჩააბარა, პრორუსული ინტერნეტ გამოცემა „საქინფორმი“ ღიად დაესხა თავს გოგიძე-ზახაროვას დუეტს.

„ავანტიურისტ-ანტიფაშისტებს, მოსკოვმა უკვდავი პოლკის დაარსების უფლება მისცა… რითაც კიდევ ერთი საჭირო წამოწყების საფუძველშივე დისკრედიტირება ხდება… რაც თავის მხრივ, რუსეთის საზოგადოებრივი პალატის, რუსული ფონდების: გორჩაკოვის, «Русский мир»-ის, «Российский Фонд мира»-ს, ფედერალური სააგენტო «Россотрудничество»-ს დისკრედიტაციას ნიშნავს“ – წერს „საქინფორმის“ რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი, რომელიც გოგიძე-ზახაროვას „მოსკოველ უფროსად“ რუსეთის დუმის დეპუტატ ლეონიდ სლუცკის ასახელებს.

„უკვდავი პოლკის“ აქციას დღეს, ბატალიონ „ავაზას“ ყოფილი მეთაური, თადარიგის პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილიც შეუერთდა და განაცხადა, რომ ეს იდეა მისთვის სავსებით მისაღებია:  „უკვდავი პოლკის იდეა ჩემთვის მისაღები იყო, რამდენიმე წელია უკვე, ეს ღონისძიება რამდენიმე ათეულ ქვეყანაში ტარდება და აქ შეკრებილები არიან ადამიანები, რომლებიც თავის დროზე ებრძოდნენ ფაშიზმს.“

„უკვდავი პოლკის“ იდეა 2011 წელს რუსეთის ქალაქ ტომსკში ჩაისახა, თუმცა, კრემლის ფინანსური მხარდაჭერით საერთაშორისო მასშტაბი 2015 წლიდან მიიღო, როცა აქცია 17 ქვეყანაში გაიმართა. 2016 წელს კი „უკვდავმა პოლკმა“ უკვე 42 ქვეყანაში ჩაიარა. წელს, 9 მაისს, „უკვდავი პოლკის“ მსვლელობამ, დაახლოებით, 50 ქვეყანა მოიცვა, ტრადიციულად, მარში ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც შედგა.

რუსული მედიის ცნობით, მოსკოვში „უკვდავი პოლკის“ დღევანდელმა მარშმა, ახალი რეკორდი დაამყარა, აქციაზე 850 000 ადამიანი შეკრიბა, მათ შორის, ბუნებრივია პრეზიდენტი პუტინიც იყო.

წელს, მსვლელობისას, მოსკოვში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ქართველი და სომეხი მებრძოლების კოლექტიური პორტრეტებიც გამოფინეს, რომელიც სპეციალურად, 9 მაისისთვის, „რუსულ-ქართული აკადემიის“ პრეზიდენტმა ნოდარ ერიაშვილმა დახატა.

«Vogue» (აშშ), 09 მაისი, 2017 წელი

http://www.vogue.com/article/batumi-georgia-travel-guide

ეწვიეთ ბათუმს – საქართველოს ყველაზე მომხიბლავ ზღვისპირა ქალაქს

სტატია საქართველოში ტურიზმის მდგომარეობას ასახავს: მასში საუბარია საქართველოს მიმზიდველ ბუნებაზე, ღირსშესანიშნაობებზე, ქართულ ტრადიციებზე, სტუმართმოყვარეობაზე, ქართულ სამზხარეულოზე, ტურიზმის ცენტრებზე, განსაკუთრებით კი დიდი ყურადღება ეთმობა საქართველოს შავიზღვისპირა მარგალიტს – აჭარას და ბათუმს (ავტორი – ეშლი შნეიდერი).

შავსა და კასპიის ზღვებს შორის მდებარე საქართველო თავისი მწვანე პეიზაჟებით, თავისი ბუნებით მოგზაურზე დამაშვიდებელ გავლენას ახდენს. გოგირდოვანი აბანოები და ზღვისპირა ქვიშის პლაჟები თითქმის ისეთივე პირველყოფილია, როგორებიც იყვნენ მაშინ, როცა აქ ბერძნებმა და ბიზანტიელებმა პირველად დადგეს ფეხი. ვაზი და ვენახები. საფერავს პირდაპირ ქუჩებში შეხვდებით.  ღვინო იმდენია, რამდენსაც მოისურვებ – ორ დოლარად ვედრო ღვინის ყიდვა შეგიძლია. ქართული ტრადიციით, სტუმარს პურ-მარილით ხვდებიან – ხაჭაპურით და პომიდორით… მაშინ როცა დასავლელი ტურისტები ძირითადად თბილისს სტუმრობენ, ცოტა თუ ჩადის ბათუმში, ზღვისპირა ქალაქში, სადაც მშვენიერი გარემო და გემრიელი კერძებია. ტურსიტები იქ უძველეს კულტურას ეზიარებიან, – წერს ავტორი. იგი ადგილობრივ მცხოვრებს ერეკლე ჩიკვაიძეს და ლუკა ფანცხავას ესაუბრება, რომლებიც მშობლიური ქალაქის შესახებ დადებით შეფასებებს არ იშურებენ: „ბათუმი უნიკალურია თავისი მთისა და ზღვის ჰაერის სინთეზით. ბათუმს ირგვლივ მთები აკრავს – ჩრდილოეთიდან მცირე კავკასიონი, სამხრეთიდან კი თურქეთის მთები. აქაური სუბტროპიკული კლიმატის გამო ზამთარი თბილია და ზაფხული გრილი“, – ეს მათი სიტყვებია.

ბოლო ათი წლის განმავლობაში ბათუმში საქალაქო და ტურისტული ინფრასტრუქტურა ვმნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული ინგლისური ენაც. გარდა ამისა, ქართველები თავიანთი კულტურის აგიტაციასაც ეწევიან.

ავტორი აღწერს ბათუმის ღირსშესანიშნაობებს – ცნობილ ზღვისპირა ბულვარს, სადაც  დამსვენებლის ყურადღებას იპყრობს ორიგინალური ძეგლი „ალი და ნინო“ (რომლებიც კერბენ საიდის რომანის გმირები არიან და განასახირებს აზერბაიჯანელი მუსულმანის – ალისა და ქართველი ქრისტიანი ქალის ნინოს ტრაგიკულ სიყვარულს), იქვეა ადგილობრივი „ეიფელის კოშკი“… საინტერესო და მდიდარია ბათუმის ბოტანიკური ბაღიც…

ტურისტული ინფრასტრუქტურის გაცნობის შემდეგ ავტორი წერს ქართული კულტურის ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტზე – სტუმართმოყვარეობაზე: „ქართველისათვის სტუმარი წმინდათა-წმინდაა“. „ჩვენ ვამბობთ, რომ „სტუმარი ღვთისაა“, რას იმას ნიშნავს, რომ უფალმა სტუმარი გამოგზავნა და მას პატივი უნდა ვცეთ“, – ასე უხსნის სტატიის ავტორს ქართული სტუმართმოყვარეობის პრინციპს ადგილობრივი კაფეს მეპატრონე.

„ბათუმი აჭარის დედაქალაქია. აჭარა ის რეგიონია, რომელიც საქართველოს ადგილობრივ მუსულმანთა დაცვის პირობით გადაეცა. აჭარამ შეინარჩუნა ავტონომიური სტატუსი და თავისი კულტურული ტრადიციები, რომლებიც ადგილობრივ სამზარეულოშიც არის გამოხატული. მაგალითად, „აჭარულ ხაჭაპურში“, – აღნიშნავს ავტორი და იქვე მკითხველს მისი მომზადების წესსაც აცნობს: „აჭარული ხაჭაპური“ ისეთი პოპულარულია, რომ თვით ბრუკლინის [ნიუ-იორკში] რესტორნებშიც კი დაიწყეს ყველის შემცველი ამ კერძის მომზადება… მაგრამ სად იქნება ყველაზე გემრიელი აჭარული ხაჭაპური, თუ არა რა მის სამშობლოში?“.

Comments are closed