globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 11 მისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on May 11th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«RFE//RL – თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): საქართველო-ამერიკა: ახალი ნაბიჯი უსაფრთხოების სფეროში

«Radio Voice of America – Радио Голос Америки» (აშშ): საქართველო და აშშ ერთმანეთს სადაზვერვო ინფორმაციებს გაუზიარებენ (კომენტარები)

«RFE//RL – თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): რატომ იღუპებიან მაღაროელები საქართველოში?

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): მორიგი ტრაგედია ტყიბულში: „საქნახშირი“ ბრალდებებს ისევ უარყოფს

«Незавсисимая газета» (რუსეთი): „წვეთი კუპრი“ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილისათვის აშშ-ში წარმატებული ვიზიტის ფონზე // ტყიბულის მაღაროში მეშახტეთა დაღუპვამ თბილისში სტუდენტთა მღელვარება გამოიწვია

«КоммерсанЪ» (რუსეთი): მართლმადიდებლები და კათოლიკეები: რას ფიქრობენ საკუთარ თავზე, დადიან თუ არა ეკლესიაში და მიაჩნიათ თუ არა თავიანთი ეროვნული კულტურა სხვებზე უკეთესად // საკუთარი ეროვნული კულტურის სხვებზე უპირატესობაში დარწმუნებულნი არიან ბერძნების 89%, ქართველების 85% და სომხების 84%

—————–

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 10 მაისი, 2017 წელი

https://www.radiotavisupleba.ge/a/akhali-nabiji-usafrtkhoebis-sferoshi/28478697.html

ამერიკა-საქართველო: ახალი ნაბიჯი უსაფრთხოების სფეროში

ლელა კუნჭულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ში სამდღიანი (8-10 მაისი) ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა შეთანხმება აშშ-სა და საქართველოს შორის „ინფორმაციის ძირითადი უსაფრთხოების შესახებ“ (GSOIA), რომელსაც საგანგებო ყურადღება ეთმობა თეთრი სახლისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებსაიტებზე გამოქვეყნებულ ცნობებში. აშშ-ის მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა, ხოლო საქართველოს მხრიდან პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. დოკუმენტს მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს ხელისუფლება. შეთანხმება შეეხება ორი ქვეყნის თანამშომლობას ტერორიზმთან ბრძოლისა და სამხედრო სფეროს განვითარების მიმართულებებით. რის შესაძლებლობებს აძლევს ახალი შეთანხმება საქართველოს?

რექს ტილერსონისა და გიორგი კვირიკაშვილის მიერ 9 მაისს ხელმოწერილ შეთანხმებას ამერიკა-საქართველოს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის „მთავარი ქვაკუთხედი“ უწოდა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა შონ სპაისერმა სამშაბათს პრესასთან შეხვედრის დროს, ყოველდღიური ბრიფინგების ფორმატში. პარალელურად, ამავე სიტყვათა შეთანხმებას ვხვდებით სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში, რომელიც, ამავე დროს, გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის შეთანხმების მიზნებსა და შესაძლებლობებზე: „შეთანხმება (GSOIA) წარმოადგენს ძირითად ქვაკუთხედს აშშ-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ თანამშრომლობაში. ეს შეთანხმება (GSOIA) ქმნის კანონიერ საფუძველს სადაზვერვო ინფორმაციის ორმხრივი გაცვლისთვის და გააძლიერებს თანამშრომლობას ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. შეთანხმება ასევე გაზრდის საქართველოს სამხედრო თავსებადობას ნატოს წევრი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან. ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოს მცდელობას შეიარაღებული ძალების გარდაქმნის კუთხით და სამომავლოდ გზას გაუკვალავს უსაფრთხოების სფეროს სხვა შეთანხმებების გაფორმებას შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის“.

სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული იმავე ინფორმაციის თანახმად, შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს წვლილისთვის გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და მაღალი შეფასება მისცა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რეფორმირების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. აქვე კიდევ ერთხელ დადასტურდა შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს განგრძობად წინსვლაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა ასევე ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების მტკიცე და უცვლელ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. „ლიდერები შეთანხმდნენ კვლავაც მიმართონ ძალისხმევა საქართველოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისკენ“ – ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„შეხვედრა იყო ძალიან დეტალური, სადაც განვიხილეთ ძალიან საინტერესო პერსპექტივები ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის შესახებ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ.

გიორგი კვირიკაშვილმა ილაპარაკა ასევე ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილ შეთანხმებაზე: „ეს ითვალისწინებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონტექსტში ინფორმაციის უსაფრთხო გაცვლას, რაც ნიშნავს იმას, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ ვთანხმდებით, რომ ამ სახის ინფორმაციის უსაფრთხო გაცვლა მოხდება. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო გახლავთ აშშ-ის სანდო პარტნიორი, ჩვენ გვაქვს ზურგს უკან ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის 25 წელი… ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა სახელმწიფო მდივანთან, სადაც ჩვენი ურთიერთობების ყველა მიმართულებაზე ვისაუბრეთ და ვისაუბრეთ ამ მიმართულებების გაღრმავების ძალიან საინტერესო პერსპექტივაზე“.

ცხრა მაისს ხელმოწერილ შეთანხმებას შეერთებული შტატების ოფიციალური წყაროები მოიხსენიებენ შეთანხმებად „ინფორმაციის ძირითადი უსაფრთხოების შესახებ“, ხოლო საქართველოს ოფიციალურ წყაროებში ის მოხსენიებულია შეთანხმებად ,,საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების ზომების შესახებ”.

სახელწოდებას რომ თავი დავანებოთ, ამ ეტაპისთვის გავრცელებული ინფორმაცია სრული სურათის შესაქმნელად არასაკმარისია უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის, ბესო ალადაშვილისთვის. თუმცა ექსპერტი რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრისას არც იმას გამორიცხავს, რომ შესაძლოა ხსენებული შეთანხმების დეტალები გასაიდუმლოებული იყოს და საჯარო განხილვებს არც სამომავლოდ დაექვემდებაროს. ამ ეტაპზე ბესო ალადაშვილი, არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მხოლოდ ვარაუდების დონეზე ლაპარაკობს: „ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს შეეხება ან უკვე არსებული ხელშეკრულების გაფართოებას და სფეროების გაფართოებას, ანდა სულ ახალი ასპექტების შემოტანას ახალი ადმინისტრაციის მიერ… ჩანს, რომ ეს მოიცავს ყველა სფეროს, რაც უსაფრთხოების სექტორში შედის. აქ ყველა იმ სახის ინფორმაციაზეა ლაპარაკი, რომელიც აქტუალურია – სამხედრო სახის ინფორმაციაზე, ნატოსთან ურთიერთიერთობა იქნება ეს, მრავალმხრივი ურეთიერთობა თუ იქნება ეს ორმხრივი ურთიერთობა ჩვენსა და შეერთებულ შტატებს შორის“.

ბესო ალადაშვილის თქმით, უსაფრთხოების სფეროში ტერორიზმთან ბრძოლისა თუ სამხედრო თანამშრომლობის მიმართულებებით საქართველოს არაერთი შეთანხმება აქვს გაფორმებული როგორც შეერთებულ შტატებთან, ასევე ნატოს წევრ სხვა სახელმწიფოებთან, თუმცა ფაქტია, რომ საქმე გვაქვს გარკვეული სახის სიახლესთან და, ექსპერტის აზრით, რადგანაც შეთანხმების ხელმოწერას შეერთებული შტატების ოფიციალურმა წყაროებმა საჯარო სივრცეში ასეთი ყურადღება დაუთმეს, ჩანს, რომ დოკუმენტი უმნიშვნელო არ არის ვაშინგტონისთვის.

«Radio Voice of America – Радио Голос Америки» (აშშ), 10 მაისი, 2017 წელი

http://www.golos-ameriki.ru/a/georgia-us-strategic-partnership/3846393.html

საქართველო და ამერიკა ერთმანეთს სადაზვერვო ინფორმაციებს გაუზიარებენ (კომენტარები)

სტატიაში განხილულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრები და მოლაპარაკებები აშშ-ში ვიზიტის დროს. ყურადღება განსაკუთრებით ეთმობა შეთანხმების გაფორმებას სადაზვერვო ინფორმაციების გაცვლის თაობაზე და ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ. პუბლიკაციაში მოცემულია აგრეთვე ქართველი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების კომენტარებიც  (ავტორი – ნესტან ჩარკვიანი).

თინა ხიდაშელის კომენტარი

საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტთან საუბარში აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა დაგეგმილი აღნიშნულ შეთანხმების დადება და ამ საკითხზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო: „ხელმოწერილი დოკუმენტი გულისხმობს თანამშრომლობას როგორც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე სხვა მიმართულებებითაც, რომლებიც უსაფრთხოების სფეროს უკავშირდება და ორივე ქვეყნის ინტერესს წარმოადგენს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებაა, რომლის მიხედვით, საქართველო აშშ-ის თანაბარუფლებიან პარტნიორი ხდება“, – ხაზი გაუსვა თინა ხიდაშელმა. თავდაცვის უწყების ექს-ხელმძღვანელმა განაცახდა, რომ ადრე, კონკრეტულ შემთხვევებში, როცა საჭირო იყო ინფორმაციების გაცვლა, ერთჯერადი შეთანხმება ფორმდებოდა, ახლა კი, როცა  მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის თაობაზე, პროცესი უფრო სრულფასოვანი და მუდმივი ხდება.

კორნელი კაკაჩიას კომენტარი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის კათედრის პროფესორის კორნელი კაკაჩიას თქმით, ახალი გამოწვევების პირობებში, ტერორიზმისა და კიბერნეტიკული უსაფრთხოების პრობლემების ჩათვლით, გიორგი კვირიკაშვილისა და რექს ტილერსონის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს: „ჰიბრიდული ომების პირობებში და ახალი გამოწვევების დროს მხარეებს შორის კოორდინირების აუცილებლობა მატულობს, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით საქართველოსთვის, რომელიც რუსეთს ესაზღვრება. მოსკოვი კვლავ ცდილობს დაკარგული გავლენის აღდგენას, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში. აქედან გამომდინარე, საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს წვდომას აშშ-ის ხელში არსებული ინფორმაციისადმი“, – განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „ამერიკის ხმის“ რუსული სამსახურისათვის მიცემულ ინტერვიუში.

ზოგადად, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის დადებული შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებას. ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის გარდა, დოკუმენტი ისეთი საკითხებსაც ითვალისწინებს, როგორიცაა ქართველ სამხედრო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლება „უმაღლესი სტანდარტების“ დონეზე. როგორც ჩანს, აღნიშნული შეთანხმება წინამძღვარია იმისა, რომ თბილისსა და ვაშინგტონს შორის სხვა უფრო მნიშვნელოვანი ორმხრივი დოკუმენტები გაფორმდება, – თვლის კორნელი კაკაჩია.

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 10 მაისი, 2017 წელი

https://www.radiotavisupleba.ge/a/ratom-igupebian-magaroelebi/28478625.html

რატომ იღუპებიან მაღაროელები?

ნინო ხარაძე

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად დაღუპული 4 ზეინკლის ცხედარი ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს. კომპანია „საქნახშირის“ განცხადებით, შრომის უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვის მიუხედავად, ტრაგედიის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ხელისუფლების წარმომადგენლები შრომის უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების აუცილებლობაზე ლაპარაკობენ.

წინასწარი ინფორმაციით, საშახტო აწევის ზეინკლები ალეკო ჭელიშვილი, ვიქტორ დაღუნდარიძე, გიზო გუბელიძე და გიზო კუბლაშვილი სატვირთო ლიფტზე სარემონტო სამუშაოების შესრულების დროს ბაგირის მოწყვეტის გამო, დაახლოებით, 350 მეტრის სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაიღუპნენ. კომპანია „საქნახშირის“ განცხადებით, გამოძიება დაადგენს ტრაგიკული შემთხვევის მიზეზებს, მანამდე კი კომპანიის გენერალური დირექტორის, ჯამბულ ჯაყელის, განცხადებით, კომპანია დაღუპულთა ოჯახის წევრებს კომპენსაციას შესთავაზებს, თუმცა დარღვევების არსებობას უარყოფს: „მზად ვარ გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის. კომპანია მზად არის კომპენსაცია და დახმარება გაუწიოს ოჯახის წევრებს, რომელთაც შევხვდით. ჩვენი მხრიდან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია“.

მომხდარის გამო დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილმა შრომის ინსპექტირების ეფექტური მექანიზმის შექმნის აუცილებლობას გაუსვა ხაზი: „სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ნათლად ჩანს, რომ შრომის პირობების დაცვის კანონმდებლობა ცხოვრებაში კიდევ უფრო ეფექტურად უნდა გატარდეს და რაც არის გაუთვალისწინებელი ნაწილები, ისინი შესავსებია. ამის შესახებ მე წელსაც, პარლამენტში გამოსვლისას, აღვნიშნე და მიმაჩნია, რომ სამუშაო – როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი – ხელისუფლების დონეზე გასაღრმავებელია“.

მკაცრი შეფასება მისცა 9 მაისს მინდელის მაღაროში 4 ზეინკლის დაღუპვის ფაქტს ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა. მან მომხდარს უწოდა „მკვლელობა“ და არა უბედური შემთხვევა: „ეს არ არის უბედური შემთხვევა, ეს არის მკვლელობა, სახალხო დამცველი 4 წლის განმავლობაში იმეორებს რეკომენდაციას, რომ აუცილებელია ქვეყანაში შეიქმნას ეფექტური შრომის ინსპექცია. სამწუხაროდ, რეაგირება ამ რეკომენდაციაზე არ ყოფილა. უნდა იყოს გარკვეული სანქციები იმისათვის, რომ გარკვეული მინიმალური სტანდარტები იყოს ქვეყანაში დაცული“.

ტყიბულში იმყოფებოდნენ მთავრობის წარმომადგენლები. შექმნილი ვითარებიდან გამოსავალზე საუბრისას რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ბევრი ექნება სამუშაო საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებისა და ინსპექტირების ეფექტური მექანიზმის შესაქმნელად.

„გამოიკვეთა, რომ ასეთი მაღალი რისკის ობიექტებზე გასამკაცრებელია…. რაღაც გვაქვს მოსაფიქრებელი და უახლოეს მთავრობის სხდომაზე დავაყენებთ ამ საკითხს“.

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის, განცხადებით, კომიტეტს მომზადებული აქვს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ინიცირებაც პარლამენტში მოხდება. აკაკი ზოიძე გამოძიების დასრულებამდე თავშეკავებას ამჯობინებს, თუმცა აცხადებს, რომ ერთ-ერთ ქმედით მექანიზმად იმ კომპანიებთან მიმართებით, რომელთაც სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით „ცუდი პრაქტიკა“ აქვთ, შესაძლოა, გამოდგეს სახელმწიფო ტენდერებში კომპანიებისთვის მონაწილეობის აკრძალვა:

„შეიძლება სახელმწიფო ტენდერში თუ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების დაწესებულებებში იყოს განსაკუთრებულად გამკაცრებული მოთხოვნები შრომის უსაფრთხოების მიმართ და იმ ორგანიზაციებს, რომელთაც აქვთ, ასე ვთქვათ, ცუდი ისტორია საწარმოო ტრავმატიზმისა თუ შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისა, შეეზღუდოთ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის უფლება“.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას, სიტყვებით, ხელისუფლება აწარმოებს მკაცრ და გამჭვირვალე გამოძიებას და გამოვლენილ დამნაშავეებს უმკაცრესად დასჯიან, თუმცა გამოძიების და დამნაშავეთა გამოვლენის იმედი ნაკლებად აქვს რკინიგზელთა პროფკავშირების წარმომადგენელს, ილია ლეჟავას:

„დამნაშავე არის სახელმწიფო, რომელმაც მიუშვა ეს სფერო ასე და არ სთხოვს კომპანიებს გამოასწორონ შრომის უსაფრთხოება და დაიცვან იქ ადამიანის სიცოცხლის უფლება. ყოველ ჯერზე გამოდის, რომ გარდაცვლილის ბრალია მომხდარი ფაქტი. ოჯახის წევრს სახელმწიფო და კომპანია აძლევს კომპენსაციას და სასამართლო პროცესები წყდება პირველი ინსტანციის დონეზე, რომელმაც დამნაშავედ მუშა ცნო“.

გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, კონკრეტულად მინდელის მაღაროში 2010 წლიდან, უკანასკნელი შემთხვევის ჩათვლით, 24 ადამიანია დაღუპული და 19 დაშავებული.

სამოქალაქო სექტორი და გაერთიანებული პროფკავშირები დიდი ხანია შრომის ინსპექციის ამოქმედებას ითხოვენ. ინსპექცია 2006 წელს გაუქმდა. დღეს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი არსებობს ჯანდაცვის სამინისტროში, რომელიც მხოლოდ რეკომენდაციების გაცემით შემოიფარგლება. შრომის უსაფრთხოების მექანიზმის გაძლიერების მოთხოვნით 9 მაისს თბილისში, პარლამენტის შენობასთან, აქცია გაიმართა, რომელიც მოჰყვა ტყიბულში მინდელის შახტში 4 ზეინკლის დაღუპვას. აქციის დროს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩლებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის გამო დაკავებული ილია ლეჟავას, რამაზ მამიაშვილისა და გრიგოლ ბრეგვაძის საქმის განხილვა 19 მაისამდე გადაიდო. ადვოკატ ანი ნასრაშვილის განცხადებით, საქმის განხილვის გადადების მიზეზი გახდა ის, რომ დაკავებულთა უფლებების დამცველებს პოლიციის მიერ წარმოდგენილი მასალების გაცნობის საშუალება მანამდე არ მიეცათ.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 10 მაისი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-four-men-die-in-tkibuli-coal-mine-accident/3845982.html

მორიგი ტრაგედია ტყიბულში: „საქნახშირიბრალდებებს ისევ უარყოფს

ზაზა წულაძე

თითქმის 12 საათი გაგრძელდა ოთხი მეშახტის ძებნის რთული სამაშველო ოპერაცია ქალაქ ტყიბულში. ისინი 9 მაისს მინდელის სახელობის შახტაში 350 მეტრი სიმაღლიდან გადაცვივდნენ. ტრაგედია, რომელსაც „საქნახშირმა“ და სახელმწიფომ ისევ „უბედური შემთხვევა“ უწოდეს, 9 მაისს, 17 საათსა და 30 წუთზე მოხდა.

საშახტო აწევის ოთხი ზეინკალი: გიზო კუბლაშვილი, ვიქტორ დაღუნდარიძე, გიზო გუბელიძე და ალეკო ჭელიშვილი სატვირთო ლიფტზე, რომლითაც ნახშირს იღებენ, გეგმიურ სარემონტო სამუშაობს ასრულებდნენ. მათ ბაგირის შეცვლის მიზნით, ამწევი დანადგარი დროებით ექსპლოატაციიდან გამოიყვანეს.

საბოლოოდ სწორედ ამწევმა დანადგარმა მოუსწრაფა ოთხივე ზეინკალს სიცოცხლე. რემონტის დროს ის საფიქსაციო საყრდენიდან ასხლტა, შახტაში გადავარდა და მეშახტეებიც თან ჩაიყოლა. შემთხვევას სასწაულად გადაურჩა კიდევ სამი ზეინკალი, რომლებიც რემონტში ასევე იყვნენ ჩართულნი.

მაშველებმა ცხედრებს მხოლოდ 10 მაისს მიაგნეს და დილის 8 საათსა და 30 წუთზე, 400 მეტრის სიღრმიდან ამოასვენეს.

მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა უკვე განაცხადა, რომ სარემონტო სამუშაოების მომზადების პროცესში, შრომის დაცვის ნორმების დარღვევა იკვეთება. ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმება „საქნახშირის“ მენეჯმენტი. პროფკავშირების წარმომადგენელი თამაზ დოლაბერიძე ამბობს:

„ეს არის იმ დოქტრინის ბრალი, რომელსაც ამდენი წელია თავს გვახვევენ, რომ თუ, შრომის უსაფრთოხების ნორმებს კომპანია დაიცავს, ამით ბიზნესს მეტი ზარალი მიადგება.

ჩვენ, საზოგადოებამ თავად უნდა განვსაზღვროთ ვისი პასუხისმგებლობაა ეს ტრაგედია. თუ ქვეყანაში გვაქვს კანონები და ამ კანონს კომპანიები არ იცავენ, მაშინ ეს ცალსახად კომპანიების ბრალია. და, თუ არ გვაქვს კანონები, მაშინ არის მთავრობის ბრალი.“

ტყიბულში ოთხი მეშახტის ტრაგიკულ სიკვდილს უმწვავესად გამოეხმაურა სახალხო დამცველი. „ვინც ეწინააღმდეგება ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას, მთავრობაში, პარლამენტში, საკონსტიტუციო კომისიაში თუ სხვაგან, თქვენ ხართ მკვლელები. ეს სიმართლეა. ჩვენ 4 წელია მოვითხოვთ შრომის ინსპექციის შექმნას“ – დაწერა სოციალურ ქსელში უჩა ნანუაშვილმა.

დღეისათვის, შრომის ინსპექციას საწარმოში შესვლა და იქ არსებული ვითარების შესწავლა, მხოლოდ კერძო დამსაქმებლის ნებართვის შემთხვევაში შეუძლია. პლუს, ბიზნესი ვალდებული საერთოდ არ არის, შეასრულოს შრომის ინსპექციის მიერ მისთვის მიცემული რეკომენდაცია.

ასეთი დაუსრულებელი მექანიზმი, რომელიც ბუნებრივია, რომ ვერ იცავს მშრომელთა უფლებებს, 2013 და 2015 წლებში, მთავრობასა და პარლამენტზე კერძო დამსაქმებელთა ლობისტების ტოტალური ზეწოლის შედეგად შეიქმნა.

დღემდე, ინვესტორები და დამსაქმებლები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან, რომ შრომის ინსპექციას საწარმოების გეგმიური შემოწმებისა და დაჯარიმების უფლება მიეცეს, მათ შორის არის კომპანია „საქნახშირიც“, რომლის შახტებმა, 2009-2017 წლებში, 24 მეშახტის სიცოცხლე შეიწირა, 19 კი დასახიჩრდა.

იურისტი დავით კლდიაშვილი ამბობს, რომ ტყიბულის ბოლო ტრაგედიაზე საქმე სისხლის სამართლის 140-ე მუხლით აღიძრა, რაც „შრომითი უსაფრთოხების წესების დარღვევით სიცოცხლის მოსპობას“ გულისხმობს.

140-ე მუხლით, ბოლო 2 წლის მანძილზე, საქართველოში პატიმრობა მხოლოდ 4 ადამიანს მიესაჯა, ეს მაშინ როცა 2015-16 წლებში, სამუშაო ადგილზე 100 ადამიანი დაიღუპა, 168 კი დასახიჩრდა.

დავით კლდიაშვილის თქმით, სს კოდექსში კიდევ არის მუხლი, რომელიც შრომის უსაფრთხოების დამრღვევის წინააღმდეგ შეიძლება იქნეს გამოყენებული, თუმცა ეს მუხლი საერთოდ არ მუშაობს.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რაღაც უნივერსალური მონსტრის შექმნაზე, რომელიც ყველაფერს შეამოწმებს და ყველა მშრომელის უფლებას დაიცავს, ეს იქნება კონტრპროდუქტიული. ეს არათუ არ გააუმჯობესებს დასაქმებულის უფლებებს, სამუშაო ადგილები აღარ იქნება, რომ ეს უფლებები გვქონდეს. ეს ერთი მხარე.

მეორე, ყურადღების მიღმა გვრჩება უკვე არსებული რეგულაცია. სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლიც ითვალისწინებს პირის პასუხისმგებლობას, თუ გამოიკვეთა, რომ მან არ დაიცვა შრომითი უსაფრთხოება და ამან დასაქმებულის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ამ შემთხვევაში ჩნდება კითხვის ნიშანი, ბოლო წლებში მომხდარი, ასეულობით ტრაგიკული შემთხვევა, იყო თუ არა შრომითი უსაფრთხოების პირობის დაუცველობით გამოწვეული და თუ იყო, მაშინ რატომ არ მიეცა დამნაშავე პასუხისგებაში?“

მეშახტეთა ქალაქ ტყიბულში ქვანახშირს მე-19 საუკუნიდან მოიპოვებენ. სამთო საქმის ბუმი აქ საბჭოთა პერიოდზე მოდის, როცა მოსახლეობამ 22 ათასს გადააჭარბა, ნახშირის მოპოვება კი წელიწადში 3 მილიონ ტონაზე ავიდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ტყიბული საერთოდ გაჩერდა. 2006 წელს, ზუსტად მაშინ, როცა საქართველოში შრომის ინსპექცია გაუქმდა, ქვანახშირის მოპოვების ლიცენზია ძმები გელა და დავით ბეჟუაშვილების „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში“ (GIG) შემავალმა „საქნახშირმა“ მიიღო. გელა ბეჟუაშვილს მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა.

ტყიბულში დღეს მხოლოდ 9500 ადამიანი ცხოვრობს და აქედან, დაახლოებით 1500 ადამიანი „საქნახშირია“ დასაქმებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სხვა სამუშაო ადგილების არარსებობის პირობებში, ქალაქში მუშახელის საბაზრო ფასს ერთადერთი დამსაქმებელი განსაზღვრავს. „საქნახშირს” დღეს ერთი ტონა ნახშირის მოპოვება, დაახლოებით, 80-83 ლარამდე უჯდება, ექსპორტზე კი 75-90 აშშ დოლარის ფარგლებში გააქვს. იმ ფონზე, როცა კომპანიას ტყიბულში კონკურენტი საერთოდ არ ჰყავს, ბუნებრივია არც აქვს ინტერესი, რომ შრომის უსაფრთხოებაზე ან საწარმოო გადაიარაღებაზე იმაზე მეტი დახარჯოს, ვიდრე აქამდე ხარჯავდა.

ექსპერტთა აზრით, ტყიბულში, სადაც დაახლოებით, 330 მილიონი ტონა ნახშირის დეპოზიტია, პრობლემათა ეს დიდი ჯაჭვი ისეა ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ მხოლოდ შრომის ინსპექციის გაძლიერება მას ვერ უშველის.

«Незавсисимая газета» (რუსეთი), 11 მაისი, 2017 წელი

http://www.ng.ru/cis/2017-05-11/6_6985_georgia.html

„წვეთი კუპრი“ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილისათვის აშშ-ში წარმატებული ვიზიტის ფონზე // ტყიბულის მაღაროში მეშახტეთა დაღუპვამ თბილისში სტუდენტთა მღელვარება გამოიწვია

სტატიაში გადმოცემულია საქართველოში, ტყიბულის ქვანახშირის მაღაროში მომხდარი ავარია, რომელმაც ადამიანთა მსხვერპლი გამოიწვია და ამ ავარიასთან დაკავშირებული მოვლენები, საუბარია აგრეთვე შრომის დაცვის კანონმდებლობის დაცვის მდგომარეობის შესახებ (ავტორი – იური როქსი).

„ტყიბულის ქვანახშირის შახტში მომხდარმა ავარიამ, რომელმაც 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მკვეთრად აჩვენა, თუ რა მძიმე მდგომარეობაა ქართულ კანონმდებლობაში შრომის უსაფრთხოების დაცვის მხრივ“, – წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის ცვლილებების პროექტში, რომლის განხილვა ამჟამად მიმდინარეობს, კარგი იქნებოდა, რომ ეს საკითხიც დარეგულირებულიყო. ავარიის ფაქტმა ქვეყნის მოსახლეობა ააღელვა, რამდენიმე ახალგაზრდა ადამიანმა (ჯგუფ „აუდიტორია-115“-დან) საპროტესტო აქციაც მოაწყო, თუმცა პოლიციამ მათი მოქმედება სწრაფად აღკვეთა. გარდა ამისა, სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ერთობ მწვავედ შეაფასა სიტუაცია და განაცხადა, რომ ხელისუფლება მკვლელის როლს ასრულებს.

ოპოზიციაც, ბუნებრივია, ავარიასა და მასთან დაკავშირებულ მოვლენებში მთავრობას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მხარს უჭერს პსაპროტესტო აქციის მონაწილეებს. ოპოზიციის აზრით, პოლიციამ მათ მიმართ გადაჭარბებული ძალა გამოიყენა. პოლიცია კი განმარტავს, რომ აქციის მონაწილეებს ქუჩის გადაკეტვა სურდათ, რაც დაუშვებელია.

როგორც ჩანს, ერთი მხრივ, პოლიციამ ბათუმის მოვლენებიდან გაკვეთილი გამოიტანა და აქციის დასაწყისშივე აქტიურად იმოქმედა, თუმცა არსებობდა რისკი იმისა, რომ წესრიგის დამცველებს ძალის არაადექვატურ გამოყენებას დააბრალებდნენ. მეორე მხრივ, თბილისური წყაროების ინფორმაციით, „აუდიტორია-115“-ის პროტესტი ზოგადად სამართლიანია, თუმცა მათი ზოგიერთი მოქმედება კითხვებს იწვევს. მაგალითად, ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლებას ავარიის შედეგების სალიკვიდაციოდ არაფერი გაუკეთებიაო, მაგრამ ცნობილია, რომ მთავრობა მოქმედებდა ისე, როგორც უნდა ემოქმედა ტექნოლოგიური ავარიების დროს: შემთხვევის ადგილზე მოხდა მაშველთა მობილიზება, იქვე მივიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, დაზარალებულთა ოჯახებს დახმარება აღუთქვეს და ა.შ. თუმცა ახალგაზრდებმა მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები არასაკმარისად ჩათვალეს და მთავრობას თანამოქალაქეთა ბედის „ფეხებზე დაკიდვა“ დააბრალეს.

თბილისში სიტუაცია გარკვეულ მომენტში იმ დონემდე დაიძაბა, რომ სახელმწიფოს პირველი პირების განცხადებები გახდა საჭირო. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აქციის მონაწილეებს დამშვიდებისაკენ თავისი რეზიდენციიდან მოუწოდა, ხოლო პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი ვაშინგტონიდან, სადაც იგი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

„ქართულ პოლიტიკურ წრეებში პრემიერის ვიზიტი ზეწარმატებულად შეფასდა: გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, სახელმწიფო მდივანს რექს ტილერსონს და კონგრესის ცნობილ წევრებს. ამგვარ [ზეწარმატებულ] შეფასებას იზიარებს საქართველოს პრეზიდენტიც და ოპოზიციის ის ნაწილიც (სხვათა შორის, პირველად!), რომელიც ყოველთვის ცდილობს ხელისუფლების საქმიანობა ნეგატიურად წარმოაჩინოს. თუმცა პრემიერისათვის ტყიბულში მომხდარმა ცუდმა ამბავმა „ერთი წვეთი კუპრის“ როლი შეასრულა: ისევ დაიწყო ლაპარაკი შიდა არაკეთილსმურველებზე, რომლებშიც, რასაკვირველია, მაღაროელთა დაღუპვა კი არა, ახალგაზრდების საპროტესტო გამოსვლა იგულისხმება“, – წერს ავტორი.

«КоммерсанЪ» (რუსეთი), 11 მაისი, 2017 წელი

https://www.kommersant.ru/doc/3293607

მართლმადიდებლები და კათოლიკეები: რას ფიქრობენ საკუთარ თავზე, დადიან თუ არა ეკლესიაში და მიაჩნიათ თუ არა თავიანთი ეროვნული კულტურა სხვებზე უკეთესად // საკუთარი ეროვნული კულტურის სხვებზე უპირატესობაში დარწმუნებულნი არიან ბერძნების 89%, ქართველების 85% და სომხების 84%

„აშშ-ის კვლევითმა ორგანიზაციამ Pew Research Center-მა 10 მაისს გამოქვეყნა მასშტაბური გამოკვლევის – სოციოლოგიური გამოკითხვის ანგარიში 18 პოსტსაბჭოთა ქვეყანაში რელიგიური იდენტურობის თაობაზე. როგორც ირკვევა, ყოფილი სოციალისტური ბლოკის ქვეყნებში გაიზარდა იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ თავს მართლმადიდებლებად თვლიან, ხოლო კათოლიკეთა რაოდენობა შემცირდა. უპირატესად მართლმადიდებლებით დასახლებულ ქვეყნებში გამოვლინდა კონსერვატიული შეხედულებები ქალის როლზე ოჯახში, სექსუალური უმცირესობების მიმართ. გამოკითხულები მხარს უჭერენ ეკლესიის მიმართ სახელმწიფოს დახმარებას. გარდა ამისა, ისინი თვლიან, რომ „რუსეთი ვალდებულია დაიცვას მართლმადიდებელი ქრისტიანები“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორები – ალექსანდრ ჩერნიხი და ანასტასია მანუილოვა)

Pew Research Center-მა გამოკითხვა 2015 წლის ივნის-ივლისში ჩაატარა შემდეგ ქვეყნებში:  ბულგარეთში, ბელორუსიაში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, უკრაინაში, ხორვატეთში, საბერძნეთში, ლატვია-ლიტვა-ესტონეთში, მოლდოვაში, პოლონეთში, რუსეთში, რუმინეთში, საბეღძნეთში, უნგრეთში, ჩეხეთში, სომხეთში და, ცხადია, საქართველოშიც. სულ გამოიკითხა 25 ათასამდე ადამიანის თვალსაზრისი.

როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთ ქვეყნებში ათიდან ცხრა ადამიანი დარწმუნებულია, რომ ღმერთი არსებობს:  99% – საქართველოში, 95% – სომხეთში, მოლდავეში და რუმინეთში, 94% – ბოსნიაში. რუსეთში მართლმადიდებელ მორწმუნეთა რაოდენობა 75%-ს აღწევს. საკუთარ თავს ქრისტიან-მართლმადიდებლად მიიჩნევს გამოკითხულთა 57% და ისინი მოსახლეობის უმრავლესობას ათ ქვეყანაში წარმოადგენენ (აქვე შევნიშნავთ, რომ ამერიკელი მკვლევარები სომხეთს მართლმადიდებლურ ქვეყანას უწოდებენ, თუმცა სომხური სამოციქულო ეკლესია ძველაღმოსავლურს მიეკუთვნება და მისი დოგმატური მოძღვრება მართლმადიდებლობისაგან განსხვავდება). კათოლიკეები ოთხ სახელმწიფოშია უმრავლესობა, მუსულმანები კი მხოლოდ ბოსნიაში. ათეისტები ბევრია ჩეხეთში (72%) და ესტონეთში (45%).

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ჩამოთვლილ ქვეყნებში შეინიშნება მართლმადიდებელთა მკვეთრი ზრდა და კათოლიკეთა შემცირება“. სსრ კავშირის დაშლის შემდეგ იმ რუსების რაოდენობა, რომლებიც საკუთარ თავს მართლმადიდებლებს მიეკუთვნებენ, გაიზარდა: 1991 წელს იყო 37%, ახლა კი 71%-ია. მსგავსი ტენდენცია იგრძნობა უკრაინაში – 1991 წლის 39%-დან დღევანდელ 78%-მდე, ბულგარეთში – 59%-დან 75%-მდე. კათოლიკეთა რაოდენობა შემცირდა ამ რელიგიის ტრადიციულ ქვეყნებში – პოლონეთში (96%-დან 87%-მდე), უნგრეთში (63%-დან 56%-მდე), ჩეხეთში (44%-დან 21%-მდე).

გამოკითხვის ავტორებს აინტერესებდათ აგრეთვე, თუ რამდენად განსხვავდება დღევანდელი რელიგიური საზოგადოება 1970-1980 წლების მდგომარეობიდან: ქართველების 87%, უკრაინელების 59% და რუსების 55% თვლის, რომ დღეს მათი ქვეყნები უფრო რელიგიურები არიან, ვიდრე საბჭოთა პერიოდში. ამასთან, ბერძენთა 87%, რუმინელებისა და პოლონელების 86% მიიჩნევს, რომ მათ ქვეყნებში მორწმუნეები დღეს უფრო ცოტაა, ვიდრე 45 წლის წინათ იყო.

ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც მართლმადიდებლები უფრო მეტნი არიან, კათოლიკეებთან შედარებით, ისინი ნაკლებ მტკიცედ იცავენ რელიგიურ წესებს. ასე, მაგალითად, ბოსნიელი კათოლიკეების 54% და პოლონელი კათოლიკეების 45% ამბობს, რომ ეკლესიაში ყოველ კვირას დადის, მაშინ როცა ასე აკეთებს მართლმადიდებელ რუმენილების მხოლოდ 21%, ბერძნების 17% და რუსების მხოლოდ… 6%.

იმ ქვეყნებში, რომლებშიც ქრისტიან-მართლმადიდებლები უმეტესობაა, ისინი რელიგიას ეროვნული იდენტობის განუყოფელ ნაწილად თვლიან. ასეა სომხეთში: 82% თვლის, რომ „ნამდვილი სომეხი ქრისტიანი უნდა იყოს“. ასეთი აზრი აქვთ ქართველების 81%-ს და სერბების 78%-ს. რუსების მხოლოდ 57%-ს მიაჩნია, რომ რუსი ქრისტიანი უნდა იყოს (ამ მხრივ რუსეთს ქრისტიან ქვეყნებში მეათე ადგილი უკავია). ამასთან, გამოკვლევის ავტორები საკმაოდ უცნაურ სიტუაციას წააწყდნენ: „რუსი მუსულმანებიც, სხვა რელიგიის მიმდევრებიც და ურწმუნოებიც კი ამბობენ, რომ „ჭეშმარიტი რუსი მხოლოდ მართლმადიდებელი უნდა იყოს“. კათოლიკურ სახელმწიფოებში რელიგიასა და ეროვნებას შორის კავშირი მნიშვნელოვანია მხოლოდ პოლონელებისათვის (64%), ხორვატებისთვის (58%) და ლიტველებისათვის (56%).

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 18 ქვეყნიდან ათ ქვეყანაში გამოკითხულთა ნახევარზე მეტი იზიარებს იმ მტკიცებას, რომ „ჩვენი ხალხი, მართალია, იდეალური არ არის, მაგრამ სამაგიეროდ, ჩვენი კულტურა ყველაზე მაგარი და სხვებზე წარმატებულია“. ქვეყნების ამ ათეულში მართლმადიდებლები ჭარბობენ: საკუთარი ეროვნული კულტურის უპირატესობაში დარწმუნებულნი არიან ბერძნების 89%, ქართველების 85% და სომხების 84%. კათოლიკური მოსახლეობის მქონე ქვეყნებში და იქ, სადაც გაბატონებული რელიგია არ არის, მხოლოდ ბოსნიაში გამოკითხული რესპოდენტების 68% თვლის, რომ „მათი ეროვნული კულტურა სხვებზე უკეთესია“.

Comments are closed