„რეზონანსი“: მუშათა ტრაგედია, ანუ გამოცხადებული დაღუპვის ქრონიკები
„რეზონანსი“: ირაკლი პეტრიაშვილი: „ცხრა წელიწადში, შრომის უსაფრთხოების არარსებობის გამო, 420 ადამიანი დაიღუპა“
„რეზონანსი“: დააზარალებს თუ არა ეკონომიკას შრომის უსაფრთხოების კანონის გამკაცრება? (თვალსაზრისები)
„რეზონანსი“: ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: „საქართველოში „პარტიობანას“ თამაში უნდა დასრულდეს“
——
„ახალი თაობა“: ინტერვიუ კახა კუკავასთან: „კონსტიტუციის ეს პროექტი ძალაში ვერ შევა“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „ახლანდელი პრეზიდენტი ბუტაფორიაა“ // „უსაფრთხოების სისტემის რეფორმირება აუცილებელია“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ თენგიზ შარმანაშვილთან: „რა დროს აქვს პრემიერ-მინისტრს ჯარის გამოყენების უფლება“ // „ვენეციის კომისიის შენიშვნები გათვალისწინებული იქნება“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „ამერიკისგან ბევრი მივიღეთ და ნატოსგან ახლა მაპს ნუ მოვითხოვთ“ // „იური ლუჟკოვს სულ რომ გახდილს ეცეკვა თავისუფლების მოედანზე, მაინც ვერ მიაყენებდა ჩრდილს ამერიკის მხარდაჭერას“
——
„ვერსია“: სოფელ ჯოყოლოს მოსახლეობა, ხელისუფლება და ეპარქია მშენებარე სალოცავის დანგრევის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს! // პანკისში რელიგიური კონფლიქტი ღვივდება?
——
„რეზონანსი“: დიდი დაპირისპირება ხანდოს ხეობაში // რა უფრო მნიშვნელოვანია – ელექტროგადამცემი ხაზი თუ ეკოლოგია
„რეზონანსი“: უცხოელებზე მიწის მიყიდვა აღარ აიკრძალება
„რეზონანსი“: ლარს გაუფასურება აღარ ემუქრება // ახლო მომავალში ფინანსისტები გამყარებას ელოდებიან
„რეზონანსი“: თამბაქოს მოხმარების მკაცრი შეზღუდვა ხალხში უკმაყოფილებას იწვევს // „ასე უცებ ყველაფერთან შეგუება ძალიან რთული იქნება“
——————–
„რეზონანსი“, 11 მაისი, 2017 წელი
მუშათა ტრაგედია, ანუ გამოცხადებული დაღუპვის ქრონიკები
ეკატერინე ბასიალაია
(შემოკლებით)
2007 წლიდან დღემდე, 10 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილებზე დაღუპულია 429 ადამიანი, მძიმედ დაშავებულია 728 – ეს არის სტატისტიკა მშრალი ციფრებით და დიდი ტრაგედია თითოელი გარდაცვლილის ოჯახისთვის. ამას სამშაბათს ტყიბულის შახტში 4 ადამიანის სიკვდილიც შეემატა. მუშა საქართველოში არის ადამიანი, რომელიც “საკუთარი ნებით” მიდის სამუშაოდ იქ, სადაც მხოლოდ გამართლება-არგამართლებაზეა დამოკიდებული მისი სიცოცხლე. ხელისუფლების მაღალჩინოსნები კი ყოველი ტრაგიკული ფაქტის შემდეგ დამწუხრებული სახეებით გამოუცხადებენ გარდაცვლილი ოჯახებს სამძიმარსა და თანადგომას, ისაუბრებენ ტრაგედიაზე, მოითხოვენ დამნაშავის მკაცრად დასჯას და ამისთვის გამოძიების დაწყებას. მოითხოვენ კომპენსაციას ოჯახებისთვის, უფლებადამცველები უკვე მერამდენედ მოითხოვენ შრომის ინსპექციის აღდგენას და მკაცრ კონტროლს, პასუხად კი მოვისმენთ, რომ ამაზე მუშაობა მიმდინარეობს.
“შემდეგ გავა დღეები მორიგ დაღუპულამდე და ისევ ხელახლა დაიწყება ეს ფორმალობები – სამძიმარი, გამოძიების დაწყება, ბრალდებები, შრომის ინსპექციის აღდგენის მოთხოვნა და დაპირება, რომ მუშაობა მიმდინარეობს. ასე მოხდა ამჯერადაც. 17 საათსა და 20 წუთზე ტყიბულში ელიზბარ მინდელის სახელობის შახტში სატვირო ლიფტზე ბაგირის შეცვლის სარემონტო სამუშაოების დროს, ბადია მოწყდა და მასზე მყოფი 4 მეშახტე თან ჩაიყოლა. ოთხივე ზეინკლის ცხედარი 13-საათიანი ძებნის შემდეგ ამოიტანეს 400 მეტრის სირღმიდან. დაიწყო განცხადებები და ურთიერთბრალდებები, საუბრები – ეს მორიგი უბედირი შემთხვევაა თუ სახელმწიფოს გულგრილი დამოკიდებულება სამუშაო პირობების უსაფრთხოებაზე. პრემიერმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის სპიკერმა და მინისტრებმა მწუხარება გამოთქვეს. ტყიბულში ჩავიდნენ ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები, შსს-მ დაიწყო გამოძიება. “საქნახშირის” დირექტორმა გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა, გარდაცვლილებების ოჯახის წევრებს კი შესაბამის დახმარებას დაჰპირდა“.
“ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ ადგილზე განაცხადა, რომ “დაისჯება ყველა, ვისი წვლილიც დადასტურდება”. თქვა, რომშრომითი კანონმდებლობა დახვეწას საჭიროებს და “შრომითი პირობების დაცვა განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველ წარმოებებში სახელმწიფოს პრიორიტეტი გახდება”. ასევე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ აღიარა, რომ “მაღალი რისკის ობიექტებზე რაღაცაა მოსაფიქრებელი” და რომ მთავრობის უახლოეს სხდომაზე დააყენებს ამ საკითხს. გაისმა ბრალდებებიც – დარგობრივი პროფკავშირის განცხადებით, ბრალი მიუძღვის ყველას, ვინც დღემდე ხელს უშლის შრომის ინსპექციის შექმნასა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 176-ე კონვენციის რატიფიცირებას. სახალხო დამცველმა “მკვლელები” უწოდა ყველას, “ვინც ეწინააღმდეგება ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას მთავრობაში, პარლამენტში, საკონსტიტუციო კომისიაში თუ სხვაგან… გარდაცვლილთა ოჯახის წევრები კი მთავრობისგან ელოდებიან პასუხს: იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ნორმები ინციდენტის ადგილზე და ვინ არის პასუხისმგებელი მაღაროელების დაღუპვაზე?”
“შრომის ინსპექცია 2006 წელს გაუქმდა და 2007 წლიდან სტატისტიკა არის მზარდი. თუმცა ის ინსპექცია, რომელიც არსებობდა, არ იყო ქმედითი – უფლებამოსილებით საკმაოდ იყო აღჭურვილი, მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ ეს იყო კორუმპირებული სისტემა. არსებულ სტატისტიკას გამოასწორებდა ეფექტური ინსპექციის არსებობა – მისი მთავარი დანიშნულება პრევენციაა, რომ მოახდინოს შემოწმებები, რაც გამორიცხავს ასეთ ფაქტებს. ამასთან საბრძოლველად სხვა მექანიზმი მსოფლიოში არავის გამოუგონია. შრომის უსაფრთხოების კანონპროქტი ჯანდაცვის სამინისტროს უკვე 2 წელია მომზადებული აქვს – ჩვენი გარკვეული შენიშვნებიც გაიზიარე, მაგრამ 2 წელია ამაზე ლაპარაკობენ და ჯერჯერობით რამე წინსვლა, რომ ის კანონად იქცეს, სახელმწიფოს მხრიდან არ მოჰყოლია”, – აცხადებს გაერთიანებული პროფკავშირების მთავარი იურისტი რაისა ლიპარტელიანი გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა ღირს მეშახტის სიცოცხლე საქართველოში.
“რეალურად, გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა ბევრად მეტია, ვიდრე ეს სტატისტიკითაა ცნობილი – არის შემთხვევები, როცა სამუშაო ადგილებზევე იჩქმალება და არ საჯაროვდება, რადგან გარკვეული მორიგებები ხდება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის და ოფიციალურ სტატისტიკაში არ აისახება. რეალურად, განსაკუთრებით დაზიანებების შემთხვევები გაცილებით მეტია. თან სტატისტიკაში აღრიცხავენ, მხოლოდ თუ მძიმე დაზიანებებს ეხება საქმე და ისიც არასრულყოფილად. ამდენად, გაცილებით რთული სურათი გვაქვს. ასევე აქ არ ხვდება პროფესიული დაავადებები, რომლებიც შრომის პირობებიდან გამომდინარეა გამოწვეული… როგორც წესი, დამსაქმებელს მიდრეკილება აქვს, რომ უბედური შემთხვევა იქნება თუ საწარმოო ტრავმა დააბრალოს ან უშუალოდ მსხვერპლს ან უკეთეს შემთხვევაში ვინმეს, ვისაც უსაფრთხოების სტანდარტაბის დაცვაზე კონტროლი ევალებოდა – თვითონ პასუხისმგებლობას არასდროს იღებს.
როდესაც ამ ადამიანებს ჩვენ სასამართლოში მიმართვისთვის ვეხმარებით, ძალიან ხშირად სასამართლო ეტაპზე ხდება მორიგება. თუ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც რამდენიმე თვე სჭირდება, რომელიც გამორიცხავს გარდაცვლილის ან დაშავებულის ბრალეულობას, დამსაქმებელი გარიგებას თანხმდება სასამართლო ეტაპზე და ეს კანონიერია. ზოგადად, გარიგებების გამო ძალიან ბევრი დავა სასამართლოდეც არ მიდის. ამგვარი ტიპის დავები დროში იწელება – ჯერ იწყება სს საქმეზე გამოძიება, შემდეგ გადადის სამოქალაქო სასამართლოში. ჩვენი კანონმდებლობით, თუ დამსაქმებლის ბრალეულობა არ გამოვლინდა, მას არ აქვს ვალდებულება რამე აანაზღაუროს – თუნდაც გარდაცვლილის ოჯახს შეეშველოს, რამდენი პირიც არ უნდა ჰყოლოდა მას სარჩენად. შესაბამისად, სამოქალაქო სასამართლო ელოდება სს-ის საქმეზე განაჩენს ან ექსპერტიზის დასკვნას მაინც, რომ ბრალეულობის საკითხი გამოიკვეთოს. ამიტომაც დავები წლობით იწელება”, – განმარტავს გაერთიანებული პროფკავშირების მთავარი იურისტი.
“ძალიან ბევრი დავაა დაწყებული, მაგრამ ჯერ არ დამთავრებულა. თან ამ მიმართულბით სს-ის კოდექსით განსაზღვრული პასუხისმგებლობა დაბალია და ამიტომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას არ უფარდებენ. ეს ნიშნავს იმას, რომ საგამოძიებო ვადები არ არსებობს და ასე უსაზღვროდ იწელება პროცესებიც. ამიტომ დაზარალებული მხარე ხშირად არიდებს თავს სასამართლოს მიმართოს” – დასძენს რაისა ლიპარტელიანი და შეკითხვაზე – “გარდაცვალების შემთხვევაში რა თანხაზეა ძირითადად საუბარი, რა ღირს დღეს საქართველოში მუშის სიცოცხლე?” – პასუხობს:
“გვქონია სოლიდური თანხებიც, მაგალითად, როდესაც სასამართლოს 100 000-იც კი დაუკისრებია კომპანიისთვის. ასევე გვქონია 50 000-იც, რომელიც მორიგების შედეგად გადაუხდიათ. რამე საერთო სტანდარტი არ არსებობს… სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ადგილზე მორიგება ხდება, როდესაც დამსაქმებელი რაღაც მინიმუმს მიუგდებს დაზარალებულის ოჯახს”.
„რეზონანსი“, 11 მაისი, 2017 წელი
ირაკლი პეტრიაშვილი: „ცხრა წელიწადში, შრომის უსაფრთხოების არარსებობის გამო, 420 ადამიანი დაიღუპა“
გვანცა ღვედაშვილი
შრომითი უსაფრთხოება და ინსპექტირება კვლავ მოუგვარებელ პრობლემას წარმოადგენს. პროფესიული კავშირების გაერთიანება და არასამათვრობო სექტორი წლებია, ხელისუფლებისგან შესაბამისი კანონის მიღებას ითხოვენ. თავის მხრივ, მთავრობაც აღიარებს, რომ შრომით კანონში, ინსპექტირებასა და სანქციებთან დაკავშირებით ხარვეზები არსებობს და აცხადებს, რომ საშემოდგომო სესიის დროს პარლამენტი მიიღებს კანონს, რომელშიც კონკრეტულად და ნათლად იქნება განსაზღვრული როგორც ინსპექტირების ვადები, ისე შესაბამისი სანქციები.
შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ ტყიბულის ერთ-ერთ შახტში მომხდარ უბედურ შემთხვევას 4 მეშახტის სიცოცხლე ემსხვერპლა. შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
როგორც პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, უკვე წლებია, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებას მიმართავენ რეკომენდაციებითა და კონკრეტული წინადადებებით, თუ როგორი უნდა იყოს ეფექტური შრომითი ინსპექცია. როგორ უნდა განვითარდეს ნორმალური შრომითი ბაზრის პოლიტიკა, რომელიც ევროპულ ნორმებთან შესაბამისი იქნება, თუმცა ხელისუფლების მხრიდან ნულოვან პასუხს იღებენ.
“ხარვეზები შრომით კანონში კი არა, აზროვნებაში აქვთ. შრომითი უფლებები ადამიანის უფლებების განუყოფელი ნაწილი გახლავთ. აქედან გამომდინარე, პრობლემა შეიძლება იყოს შრომითი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ნორმებში, კონსტიტუციაში, შრომის კოდექსში და ა.შ. მთავარი პრობლემა ის გახლავთ, რომ ხელისუფლებას გათავისებული უნდა ჰქონდეს დასაქმებულის შრომითი უსაფრთხოების უფლების დაცულობა და ბიზნესს კოჭი დასაქმებულთა უფლებებისა და იგნორირების ხარჯზე არ უნდა უგორონ.
“პროფკავშირების რეკომენდაციები, რომლებიც ევროპული ნორმების გათვალისწინებით არის გაცემული, ჩვენს ქვეყანაში შრომის ნორმალური ბაზრის პოლიტიკის ჩამოყალიებებას ემსახურება, რომელიც შრომის ინსპექციას, ჰიგიენას, მინიმალურ ანაზღაურებას ა.შ. გულისხმობს.
“დღესაც ვამბობ, რომ უხელფასოდ ვიმუშავებ და ვუხელმძღვანელებ ამ ორგანოს, ავიღებთ პასუხისმგებლობას ისე, რომ ბიზნესის ინტერესები არ იქნება დაზარალებული. მაგრამ აზროვნებასთან დაკავშირებული პრობლემებისა და მენტალობის რეფორმირება საკმაოდ რთული გახლავთ და ამას სჭირდება საზოგადოების პროტეტსტი, სოლიდარული დამოკიდებულება და იმის გათავისება, რომ ადამიანების სიცოცხლის ფასად არ უნდა ვითარდებოდეს ბიზნესი და ინვესტორებს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხარჯზე არ უნდა ვუქმნიდეთ ე.წ. სათბურ პირობებს,” – აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.
კითხვაზე, რამდენი ადამიანი იღუპება სამსახურებრივი მოვალეობის დროს, პროფკავშირების თავმჯდომარე გვპასუხობს, რომ შრომის ინსპექციის გაუქმებიდან, ანუ 2006 წლიდან დღემდე 420 ადამიანია გარდაცვლილი. გამოდის, რომ წელიწადში დაახლოებით 38 ადამიანი იღუპება სწორედ იმის გამო, რომ არ არსებობს შესაბამისი უსაფრთხოების ზომები დაცული.
ამასთან, როგორც პეტრიაშვილი აცხადებს, თუკი ხელისუფლბას არ ექნება ადეკვატური დამოკიდებულება აღნიშნული პრობლემის მიმართ და არ გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს, ისინი საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.
“მას შემდეგ, რაც ტყიბულის მაღაროში დაღუპული ბიჭები დაიკრძალებიან, დავიწყებთ აქციებს. ჩვენთვის ეს არის გლოვის დღე. სამწუხაროა, რომ ჯერ ხელისუფლებას არ უთქვამს, თუმცა ჩვენ ველოდებით, რომ სახელმწიფოც გამოაცხადებს გლოვის დღეს მაღაროში დაღუპული ბიჭების პატივსაცემად.
“თუკი ხელისუფლებას არ ექნება ადეკვატური დამოკიდებულება და არ გამოსცემს შესაბამის დოკუმენტს, სადაც ნათლად იქნება ასახული, რომ სახელმწიფო ამ კუთხით აპირებს ადეკვატური ნაბიჯების გადადგმას, იქნება აქციები,” – აცხადებს პეტრიაშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო სექტორს საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობისას წარმოდგენილი ჰქონდა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს ექნებოდა ვალდებულება, შეექმნა შრომის ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმი. კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე “პრაიმტაიმის” პრესკლუბში აცხადებს, რომ ეს ინიციატივა ხელისუფლებამ დაბლოკა იმ არგუმენტით, რომ შესაძლოა, ამ რეგულაციამ ინვესტორებს შეუქმნას შთაბეჭდილება, რომ საქართველო მათ მიმართ არ არის მეგობრულად განწყობილი.
“ჩვენ საკონსტიტუციო კომისიაში დავაყენეთ ეს თემა. ძალიან პრინციპულად მოვითხოვდით, რომ ძირითად კანონში ასახულიყო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას შრომის ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმი. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ კომისიის შიგნით შევთანხმდით, მთავრობის მხრიდან ზეწოლის შედეგად საკონსტიტუციო კომისიამ საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო,” – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ასეთი ტონით საუბარი, რომ ხელისუფლებამ დაბკლოკა საკითხი, არასწორია, რადგან შრომითი უფლებები შესაძლოა, განსაზღვრული იყოს ორგანულ კანონში.
“დღეს არსებობს სამთავრობო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, კონკრეტული ნორმები დგინდება და ისინი აბსოლუტურად განსაზრვრავენ იმას, თუ როგოგრ უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების ნორმები.
“ერთი მხრივ, ტექნიკურმა ზედამხედველობამ, რომელიც ადგილზეა, უნდა ნახოს, რამდენად შეესაბამება პირობები მოთხოვნილ სტანდარტებს. შრომითი ინსპენქცის ვალდებულებაა, უშუალოდ მივიდეს და ნახოს სამუშაო პირობები და, ჩემი აზრით, სწორედ აქ გვაქვს საკითხები დასარეგულირებელი.
“შრომის ინსპეტორმა უშუალოდ მოთხოვნის შესაბამისად ან თავისი რისკების შეფასების საფუძველზე უნდა ნახოს ადგილი, რაც, ვფიქრობ, ბუნდოვანი ჩანაწერია, რადგან არ არის მინიშნებული პერიოდულობა და სანქციების გამოყენების უფლება. ამ ორი მექანიზმის გარეშე ეს სამსახური არ არის ეფექტური. ვფიქრობ, მთავარი გამოწვევა სწორედ ეს არის და მომავალმა კანონმა სწორედ ეს ნაკლოვანება უნდა აღმოფხვრას. ამ საკითხებზე მუშაობა საკმაოდ ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა და ჩვენ საშემოდგომო სესიის დროს სავარაუდოდ მივიღებთ შესაბამის კანონს. რამდენადაც მე ვიცი, ამ კანონპროექტში ცვლილებები სწორედ ამ კუთხით არის დაგეგმილი,” – აცხადებს რომან კაკულია.
„რეზონანსი“, 11 მაისი, 2017 წელი
დააზარალებს თუ არა ეკონომიკას შრომის უსაფრთხოების კანონის გამკაცრება?
ნინო ქეთელაური
არასამთავრობო სექტორს საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობისას წარმოდგენილი ჰქონდა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს ექნებოდა ვალდებულება, შეექმნა შრომის ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმი – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ინიციატივა ხელისუფლებამ დაბლოკა, რადგან, მათი არგუმენტით, ეს ინვესტორებს შეუქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ საქართველო მათ მიმართ მეგობრულად განწყობილი არ არის.
“გვაქვს კანონი და არ გვაქვს მისი აღსრულების მექანიზმი. ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვა არ შეიძლება აღქმული იქნას, როგორც რაიმე დამაბრკოლებელი მექანიზმი ინვესტიციებისთვის. ეს ასე რომც იყოს, სრულიად ამორალურია, როდესაც ადამიანების სიცოცხლეს ვწირავთ იმ მიზეზით, რომ სხვებმა დამატებითი სარგებელი და ქვეყანამ ეკონომიკური ზრდა ნახოს,” – აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.
შრომის უსაფრთხოების კანონის გამკაცრება დააზარალებს თუ არა ეკონომიკას? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): მე ვფიქრობ, რომ შრომითი უსაფრთხოების გამკაცრება ეკონომიკას არ დააზარალებს. როდესაც ადამიანი იღუპება, რომელია მთავარი, ადამიანური რესურსი რომ ნადგურდება, თუ ის თანხა, რომელიც უნდა მოხმარდეს ამ საკითხის გამოსწორებას?! მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომები უნდა გაამკაცროს. თუ ეს ასეთი ტრაგიკული შემთხვევებისგან გვიხსნის, აუცილებლად გასაკეთებელია. პირველი შემთხვევა ხომ არ არის, როდესაც ადამიანი იღუპება?! ბოლოს და ბოლოს, პრევენციული ღონისძიებები უნდა მივიღოთ. არსებობს შესაბამისი დასკვნებიც არასამთავრობო სექტორისა თუ სახალხო დამცველის მხრიდანაც. აბა, ინვესტორი რომ შემოდის, ქართველი კაცის სიცოცხლეს არ უნდა გაუფრთხილდეს?!
მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): გააჩნია, რა უსაფრთხოებაზეა საუბარი. ამის ერთ კონტექსტში განხილვა არასწორია. ზოგ დარგში მეტი სიმკაცრეა საჭირო, ზოგან – ნაკლები. მაგალითად, მეშახტეებთან ეს აუცილებელია, მაგრამ სამეცნიერო კვლევებში ისეთი უსაფრთხოება არ არის საჭირო, როგორიც შახტში. ამიტომ, ეს უკვე ინდივიდუალურია. სადაც სოცოცხლის მეტი რისკია, იქ უნდა იყოს გამკაცრებული, ხალხი თუ დაიღუპა, ვიღაცამ ხომ უნდა აგოს პასუხი?! მაგრამ, სადაც ამის საჭიროება არ არის, გასამკაცრებელიც არაფერია.
სერგო ვარდოსანიძე ისტორიკოსი): მე ვფიქრობ, საკითხი ასე არ უნდა დაისვას, ეკონომიკას დააზარალებს თუ არა. იმიტომ, რომ უპირველესი არის ადამიანის უსაფრთხოება და სიცოცხლე. თუ ჩვენ გვინდა, რომ სახელმწიფოდ ვიწოდებოდეთ და ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვიყოთ, პირველ რიგში, უნდა დავაფასოთ ადამიანის სიცოცხლე და შრომის უსაფრთხობის კანონი გავამკაცროთ.
დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): თითიდან გამოწოვილი მგონია ის არგუმენტი, რომ ეკონომიკას დააზარალებს. იმიტომ, რომ მთელ მსოფლიოში, მართალია, მთელი ბრძოლებით, მაგრამ იცავენ შრომის უსაფრთხოების წესებს და ამით მსოფლიო ეკონომიკა უმძიმეს მდგომარობაში არ მეჩვენება.
გარდა ამისა, ოთხი მეშახტე დაიღუპა და ადამიანებს უნდოდათ მათი ოჯახების თანგრძნობა, როგორ შეიძლებოდა ისე მოქცეულიყო პოლიცია, როგორც მოიქცნენ. რა საჭირო იყო იქ ადამიანების დაკავება?! მეც სიამოვნებით დავდგებოდი სოლიდარობის აქციაზე. ძალიან მინდა, რომ ამ შრომითი უსაფრთხოების საკითხში სერიოზული პრობლემები შეექმნათ არა “მეორადი მნიშვნელობის” ადამიანებს, არამედ მათ, ვინც უსაფრთხოებაში ფული არ ჩადეს. თორემ, ისე გამოდის, რომ მეპატრონე ცამდე მართალია, დანარჩენები კი – დამნაშავეები.
„რეზონანსი“, 11 მაისი, 2017 წელი
ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: „საქართველოში „პარტიობანას“ თამაში უნდა დასრულდეს“
ია აბულაშვილი
„მმართველობის პატრონყმურ სისტემას ვერანაირი კონსტიტუცია ვერ შეცვლის, თუმცა სამომავლოდ სჯობს, კარგი ტექსტი გვქონდეს და არა ცუდი. ახლანდელი პროექტი ნამდვილად სჯობს იმას, რაც სააკაშვილმა დაგვიტოვა“, – აცხადებს ექსპერტი პეტრე მამრაძე, რომელსაც “რეზონანსი” საკონსტიტუციო ცვლილებეთან დაკავშირებით გაესაუბრა.
- საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ვენეციის კომისია დადებით შეფასებას მისცემს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?
- დეტალურად გავეცანი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს და შედარებით იმასთან, რაც გვქონდა სააკაშვილის საკონსტიტუციო ჭრა-კერვის შემდეგ, ეს უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია. თუნდაც ის, რომ პროკურატურა ამიერიდან სასამართლოს ხელშია და მთავარ პროკურორს ირჩევს პარლამენტი, პროკურატურა კი ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. სხვა საქმეა, რომ ჩვენში დამკვიდრებული მმართველობის პატრონყმური სისტემა არ შეიცვლება და ნურავის ექნება იმედი, რომ კონსტიტუციის მუხლები სრულად ამოქმედდება. ჯერჯერობით საქართველოს საზოგადოებას არ შესწევს ძალა, აიძულოს ხელისუფლება, რომ კანონის უზენაესობა უზრუნველყოს.
მიხეილ სააკაშვილის დროსაც კონსტიტუციაში ძალიან მკვეთრად იყო განსაზღვრული სასამართლოებისა და მოსამართლეების სრული დამოუკიდებლობა ხელისუფლების დანარჩენი შტოებისაგან, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ, სინამდვილეში, სასამართლოები იყო პროკურატურის ფილიალი და პროკურატურის ნებისმიერი მუშაკი, ნებისმიერი რანგის მოსამართლეზე მაღლა იდგა; მოსამართლეები მორჩილად ასრულებდნენ იმას, რასაც სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი ავალებდნენ მოსამართლეებს პროკურატურის მუშაკების მეშვეობით. ახლაც არანაირი გარანტია იმისა, რომ კანონის უზენაესობა დამკვიდრდება და კონსტიტუციაც რეალურად ამოქმედდება, არ არსებობს, მაგრამ დღეს ჩვენ ვმსჯელობთ იმაზე, რა ტექსტი იქნება – შემოთავაზებული ტექსტი კი ნამდვილად უკეთესია იმაზე, რაც იყო. ვფიქრობ, რომ ირაკლი კობახიძის პროგნოზი გამართლდება და ვენეციის კომისია მთლიანობაში დადებით შეფასებას მისცემს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს.
- რასაც ვერ ვიტყვით ოპოზიციაზე, რომლისთვისაც კატეგორიულად მიუღებელია ის ცვლილებები, რომლებიც კონსტიტუციის პროექტში შევიდა, მუსოლინის რეჟიმის კონსტიტუციასაც კი შეადარეს…
- ოპოზიციამ და პრეზიდენტმაც, იმ პარტიებმაც, რომლებიც მონაწილეობდნენ საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავებაში, თავი შეირცხვინეს. მათ გამოავლინეს, რომ კონსტიტუცია აინტერესებდათ ძირითადად ერთი თვალსაზრისით – გაუადვილდებათ ხელისუფლებაში მოსვლა თუ გაუძნელდებათ. მე მხარს ვუჭერ პარტიების ბლოკებში გაერთიანების აკრძალვას. საქმე ისაა, რომ მოქმედი კონსტიტუცია და სხვა კანონმდებლობა ხელს უწყობს იმას, რომ საქართველოში არსებობდეს მრავალი პატარ-პატარა დაჯგუფება, რომლებიც რეგისტრირებულია, როგორც პარტიები (ასეთი 260-მდეა საქართველოში), ბევრი მათგანი იღებს დაფინანსებას და ე.წ. ლიდერები შესანიშნავად გრძნობენ თავს. არც დაფინანსება აკლიათ, არც საეთერო დრო, არც წარმომადგენლები საარჩევნო სტრუქტურებში, ყველაფერი ამით კი სპეკულირებენ, როდესაც ერთიანდებიან ბლოკებში არჩევნების წინ.
მაგალითად, შარშან შემოდგომაზე ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში მხოლოდ სამი პოლიტიკური ძალა შევიდა, მაგრამ კვალიფიციური პარტიების რაოდენობა 10-ით გაიზარდა და ბიუჯეტიდან დაფინანსებაც ათიოდე მილიონი ლარით გაიზარდა. ეს კანტორა, რომლის დროსაც პოლიტიკური პარტიების ნაცვლად ჩვენს პატარა მცირერიცხოვან და ძალიან ღარიბ ქვეყანაში (260 პოლიტიკური პარტია) არსებობს, დასახურია. 5%-იანი ბარიერი და ბლოკების გაუქმება ხელს შეუწყობს იმას, რომ ვისაც მართლაც უნდა პოლიტიკაში დარჩენა, გაერთიანდეს და საქართველოში შეიქმნას სამი თუ ოთხი პარტია, ოღონდ რეალური პარტია და დასრულდეს “პარტიობანას თამაში”, რომლითაც ცალკეული ლიდერები ხეირობენ.
რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებას, რომ თურმე მუსოლინის კონსტიტუციას ვიღებთ, ვერ მოვისმინე ვერც ერთი კონკრეტული არგუმენტი, რაში ჰგავს ეს კონსტიტუცია მუსოლინისას. მუსოლინის რეჟიმის საკონსტიტუციო ცვლილებებს წლების წინ გავეცანი იტალიურ ენაზე, დედანში, მაგრამ ვერაფერ მსგავსს ვერ ვხედავ. სააკაშვილის რეჟიმი თავის ბოლო ფაზაში კი, რა თქმა უნდა, პრაქტიკულად იმიტირებდა მუსოლინის რეჟიმის გახრწნას და ლპობას. ყველამ გაიხსენოს პაზოლინის გენიალური ფილმი მუსოლინის რეჟიმის ბოლო დღეებზე; სხვაობა ისაა, რომ იტალიელებმა მუსოლინი დახვრიტეს და მისი ცხედარი ფეხებით ჩამოკიდეს, სააკაშვილი კი ლვოვში ტელეწამყვანად მუშაობს და პათოლოგიური მატყუარა ახლაც იტყუება, როცა ამბობს, რომ საქართველოში არ უშვებენ. არ უშვებენ კი არა, ძებნილია და სანატრელი სტუმარი, უნდა იქნეს დაპატიმრებული და წარსდგეს სასამართლოს წინაშე. თვითონ არ ჩამოდის, თორემ მისთვის საქართველოში კარი ფართოდ არის გახსნილი.
- ამ დაპირისპირების ფონზე, მაინც რა ბედი ელის ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს?
- ვფიქრობ, რომ ეს ცვლილებები გავა, მაგრამ “ოცნების” შიგნით ერთგვარი წინააღმდეგობა შეიძლება, მაინც იყოს. არჩევნების მაჟორიტარული სისტემის პროპორციული სისტემით შეცვლა შეიძლება “ოცნების” ბევრ მაჟორიტარს არ მოეწონოს, სხვა საქმეა, გაბედავენ თუ არა ამის ღიად გაცხადებას…
—————–
„ახალი თაობა“, 11 მაისი, 2017 წელი
ინტერვიუ კახა კუკავასთან: „კონსტიტუციის ეს პროექტი ძალაში ვერ შევა“
კონსტიტუციის პროექტის საჯარო განხილვებთან დაკავშირებით „ახალი თაობის“ კითხვებს თავისუფალი საქართველოს ლიდერი კახა კუკავა პასუხობს.
- ბატონო კახა, უკვე რამდენიმე რეგიონში გაიმართა შეხვედრები მოსახლეობასთან, მათ კონსტიტუციის პროექტს აცნობენ. რას ფიქრობთ თქვენ, რამდენად ჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს?
- თავი რომ დავანებოთ იმას, რომ წმინდა პოლიტიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს არ არის საყოველთაო საჯარო განხილვა.
- აბა რა არის?
- საყოველთაო გულისხმობს იმას, რომ მასში უნდა მონაწილეობდეს ყველა, ვისაც ამის სურვილი აქვს და ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლებამ არა მარტო არ უზრუნველყო ეს პროცესი, არამედ ხელსაც უშლის მოსახლეობას. ყველამ ვნახეთ, ზუგდიდში გარეთ როგორ დატოვეს მოსახლეობა. შიგნით შეყავთ მხოლოდ და მხოლოდ საჯარო მოსამსახურეები. აქედან გამომდინარე, არ ხდება საყოველთაო საჯარო განხილვა.
- პრეზიდენტის ჩართულობამ ამ განხილვებში საზოგადოებაში აზრი ორად გაყო. ნაწილი მიიჩნევს, რომ ის არ უნდა ჩართულიყო ამ პროცესში, ამით ხელისუფლებას დემოკრატიულობის ფონს უქმნისო. ასეა?
- მე არ ვიზიარებ ამ პოზიციას. მე პირიქით მგონია, რომ პრეზიდენტმა სწორი ნაბიჯი გადადგა. ჩვენ დღეს უნდა გვესმოდეს, რა რესურსებს ფლობს ქართველი ერი, ქართველი საზოგადოება, რომ შეაკავოს ეს სიმახინჯე, რასაც სთავაზობს მმართველი პარტია! ერთ-ერთი რესურსი არის ერის გამოფხიზლება, რომელიც თვლემს.
- თქვენ ფიქრობთ, რომ პრეზიდენტი გამოაცოცხლებს მთვლემარე ერს?
- ვფიქრობ, პრეზიდენტის ჩართულობამ დისკუსიებში ერთგვარად ეს ჭაობი აამოძრავა. მეორე საკითხი შეეხება საერთაშორისო საზოგადოებას, რომელიც აქტიურად აკვირდება, თუ რამდენად საფრთხის შემცველია ის პროექტი, რომელსაც ხელისუფლება სთავაზობს საქართველოს. მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია დაინახონ ის, რომ ქვეყნის პრეზიდენტია ჩართული ამ პროცესში. როდესაც მთელი პოლიტიკური სპექტრია დაპირისპირებული კონსტიტუციის პროექტთან, მათ კარგად იციან, რომ ასეთი ტიპის კონსტიტუცია ნიშნავს ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებას! სამწუხაროდ, ქართველებს არა გვაქვს იმის უფლება, რომ ვეტო დავადოთ კონსტიტუციის პროექტს, მაგრამ საერთაშორისო ინსტიტუტებს ეს შეუძლიათ. ამიტომ პრეზიდენტის მონაწილეობა ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია.
- გაქვთ იმის იმედი, რომ რამე შეიცვლება ამ პროექტში?
- მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი წარმატებით დამთავრდება და კონსტიტუციის ეს პროექტი ძალაში ვერ შევა! უბრალოდ, პრობლემა სხვა რამეშია, რომ ჩვენ ერთსა და იმავე გზაზე დავდივართ და მუდმივად ნეგატივში ვართ.
- პრეზიდენტი კოჭს უგორებს „ოცნებას“, რათა მეორე ვადით არჩევის საშუალება მისცენო. მოხდება 2018 წელს პირდაპირი წესით არჩევა?
- მე არ ვიცი, ამ ვერსიას რომელი პოლიტიკოსები და ექსპერტები ავრცელებენ. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის გამოსვლები იყო ძალიან მწვავე და ამას უწოდო კოჭის გაგორება, არ არის სამართლიანი. დღეს ხელისუფლება ჭაობშია ჩაფლული. ამ ხელისუფლების სახე მურუსიძეები არიან, რომლებიც ჯერ თავზე დაგვასვეს და ახლა უვადოდაც გვინიშნავენ.
- როგორ ფიქრობთ, რამდენი ხნით გადაიდო მისი უვადოდ დანიშვნის საკითხი? საუბარია, რომ მას ივლისში დანიშნავენ...
_ ეს ავტორიტარული რეჟიმის საყვარელი მეთოდია, ზაფხულში, როდესაც საზოგადოება ნაკლებად აქტიურია, ეს საკითხი ბოლომდე მიიყვანონ. თუმცა ეს პრობლემას არსებითად არ აგვარებს და ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ლევან მურუსიძე ოპოზიციის პრობლემა კი არ არის, ხელისუფლების პრობლემაა. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანოს სასამართლო სისტემამ, მას არ ექნება ლეგიტიმაცია, რადგან ამ სასამართლოს სახე არის ლევან მურუსიძე. დადგება დრო და ხელისუფლებას მოუწევს ძალიან დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა ამაში.
- მაშინ რატომ აირჩია ამ ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის სახე სასამართლო სისტემის სახედ?
- ეს უკვე მნიშვნელოვანი საკითხია, რასაც ჩვენი პრესა დიდ ყურადღებას არ უთმობს. შევარდნაძე, სააკაშვილი და დღევანდელი ხელისუფლება არის არსებითად ერთი და იგივე რეჟიმი, ერთი და იგივე სისტემა. ეს ხელისუფლებაც არის იგივე. შევარდნაძიდან დღემდე ერთმანეთის ღვიძლი ძმები არიან.
„ახალი თაობა“, 11 მაისი, 2017 წელი
ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „ახლანდელი პრეზიდენტი ბუტაფორიაა“ // „უსაფრთხოების სისტემის რეფორმირება აუცილებელია“
ახალი კონსტიტუციის პროექტით, პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭო უქმდება, რასაც ამჟამინდელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და რიგი ოპოზიციური პარტიებისა, ეწინააღმდეგებიან. ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „ახალ თაობასთან“ აცხადებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის დახვეწა აუცილებელია.
- ბატონო ვახტანგ, საპარლამენტი მოწყობის პირობებში სწორი არის თუ არა პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს გაუქმება?
- თავდაცვის საბჭო შეიქმნება. თუმცა, ჯერ არ არის ჩამოწერილი, რა ფუნქცია ექნება. მთავარია, ვინ იქნება მთავარსარდალი.
- პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტი იქნება უმაღლესი მთავარსარდალი და ომის პერიოდში უხელმძღვანელებს სამხედრო საბჭოს, ოღონდ, სხვა პერიოდში მას ჯართან შეხება არ ექნება. ომის პერიოდში იქმნება სამხედრო საბჭო, რომელსაც პრეზიდენტი უხელმძღვანელებს…
- უმაღლესი მთავარსარდალი არ არის მხოლოდ ომის პერიოდისთვის. უმაღლესმა მთავარსარდალმა მშვიდობიანობის დროსაც უნდა მართოს შეიარაღებული ძალები. ომი რომ დაიწყება, მაშინ ტრანსფორმაცია და პრეზიდენტის დაქვემდებარებაში გადასვლა შედეგს ვერ მოიტანს. პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭო იყო ქმედუუნარო. რას მუშაობდა, რატომ ვიხდიდით ფულს გადამხდელები, ჩემთვის გაურკვეველია.
- კომენტარი მოვისმინე, ქვეყნის უშიშროების საბჭოს გაუქმებით შეიძლება უსაფრთხოების სისტემა დასუსტდესო...
- რა დაასუსტებს, როდესაც უშიშროების საბჭო გარდაიქმნა არასამთავრობო ორგანიზაციად, არავითარ ფუნქციას არ ასრულებს, არავითარი ბერკეტები არ აქვს. არავითარ კოორდინაცია არ იყო. დღეს ორი უშიშროების საბჭო არსებობს, უნდა შეიქმნას ერთი უშიშროების საბჭო, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის იქნება სასარგებლო.
- ქვეყნის მოწყობა ისე ხდება, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ზედმეტი რგოლი ჩანს…
- მსგავსი საპარლამენტო მოწყობის სისტემა არსებობს გერმანიაშიც, სადაც პრეზიდენტს მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს დაკისრებული, ის ომის პერიოდში მართავს ეროვნული თავდაცვის საბჭოს.
- პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა ერთგვარ ტრადიციად იქცა, ახლა ადამიანებს არ მოსწონთ, პრეზიდენტი პირდაპირი წესით რომ არ აირჩევა…
- საპრეზიდენტო მოდელმა ქვეყნის განვითარების საქმეში მაინცდამაინც არ გაამართლა. პირველი პრეზიდენტი დაამხეს სამხედრო გადატრიალების შედეგად. მეორე პრეზიდენტის პერიოდში მივიღეთ კორუმპირებული, გაჩანაგებული საქართველო. მესამე პრეზიდენტმა შექმნა ავტორიტარული რეჟიმი, რომელმაც ევროპაც კი გააოცა თავისი სისასტიკით, ქვეყანა მიიყვანა ომამდე და ტერიტორიები დააკარგვინა.
- მეოთხე პრეზიდენტი?
- დღევანდელი პრეზიდენტი რასაც წარმოადგენს, ხედავთ. ასეთი ტიპის პრეზიდენტი რაში გვჭირდება. ეს არის ბუტაფორია. მისი ყოფნა არაფრის მომტანია.
- ხალხის ხმაც ხომ მნიშვნელოვანია? ხალხს რომ უნდა პირდაპირი წესით არჩევა?
- საზოგადოების ნაწილს საპარლამენტო მმართველობა უნდა. ამიტომ უნდა ჩატარდეს პლებისციტი და გაირკვეს, ვის უნდა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა და ვინ უჭერს მხარს საპარლამენტო მმართველობას.
- ეს იმაზე ხომ არ მეტყველებს, რომ ჩვენ, საერთოდ, ვერ ვთანხმდებით, როგორი მმართველობა გვინდა. თავის დროზე ნაციონალებმა საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადაიყვანეს ქვეყანა, ახლა აღარ მოსწონთ და ისევ საპრეზიდენტო მმართველობა უნდათ...
- ნაციონალებმა განახორციელეს პუტინის კონსტიტუციური რეფორმა, მაგრამ დამარცხდნენ საპარლამენტო არჩევნებში. ამიტომ აღარ უჭერენ მხარს საპარლამენტო მმართველობას.
- თქვენ ქვეყნის მართვის როგორ მოდელს ისურვებდით?
- მე ვისურვებდი მართვის ისეთი მოდელის შემოღებას, რომელიც ქვეყანას წაადგება. 1918-21 წლებშიც იყო საპარლამენტო მმართველობა. ჩვენ იმ საქართველოს სამართალმემკვიდრეები ვართ.
- თუმცა, მაშინაც ვერ დაიცვეს ქვეყანა ოკუპაციისაგან.
- მაშინ მეტი საგარეო საფრთხეები იყო და გარე ფაქტორებმა უფრო დიდი როლი ითამაშა, ვიდრე შიდა ფაქტორებმა.
- 1991 წელსაც ასე იყო, ახალფეხადგმული სახელმწიფო მომეტებული საგარეო საფრთხეებით. პირველი რესპუბლიკა სამი წელი არსებობდა, 1991 წელს გამსახურდია პრეზიდენტი 8 თვეს იყო და რუსეთის ჩარევით დაამხეს. საგარეო საფრთხეები მაშინაც და ახლაც მთავარია...
- დიახ, საგარეო ფაქტორები და რეგიონული უსაფრთხოება არის ნომერ პირველი თემა. რეგიონულ დონეზეც ძალიან სუსტი ქვეყანა ვართ. საუბარია კავკასიის რეგიონზე. ეს უკვე შემდგარი ფაქტია. ამის განსჯა და დისკუსია, სამწუხაროდ, არ ხდება.
- შერეული მმართველობა?
- შერეული მმართველობა გვქონდა და იმ სისტემამ არ გაამართლა.
- ანუ ჩვენ უკვე გვეშინია, რომ ერთ პიროვნებას დიდი ლეგიტიმაცია მივცეთ, პრეზიდენტად ან პრემიერად ავირჩიოთ?
- რა თქმა უნდა.
- ქვეყანაში არ გვეყოლება პირველი პირი, რომელიც იქნება არჩეული პირდაპირი წესით და ექნება დიდი ლეგიტიმაცია. ეს გვინდა ჩვენ? შეზღუდული ლეგიტიმაციის მქონე პირველი პირები გვინდა?
- როცა მაღალი ლეგიტიმაციით ვირჩევთ, შემდეგ უჩნდებათ ამბიციები.
- ის სისტემა, რომელიც შეიძლება შემოღებულ იქნას კონსტიტუციის ახალი პროექტით, ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს?
- როგორ გითხრათ, ის სისტემა, რომელიც გვაქვს დღეს, ვერავითარ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს. არსებობდა ორი უშიშროების საბჭო და ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა. პრეზიდენტთან არსებობდა უშიშროების საბჭო და პრემიერთან უსაფრთხოების საბჭო, რომლებიც ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა. პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭო გარდაიქმნა ერთგვარ არასამთავრობო ორგანიზაციად.
- ანუ სისტემის დახვეწა ყველა შემთხვევაში აუცილებელია...
- სისტემის დახვეწა აუცილებელია. რეგიონში ჩვენ ვართ ყველაზე სუსტი სახელმწიფო.
- სუსტი სახელმწიფო ვართ უსაფრთხოების სისტემის თვალსაზრისით?
- არა მხოლოდ, მაგრამ რეგიონში არსებულ სახელმწიფოებს შორის ყველაზე სუსტი უსაფრთხოების სისტემა ჩვენ გვაქვს. შესაბამისად, უსაფრთხოების სისტემის რეფორმირება აუცილებელია. ყოველ შემთხვევაში, ახალი ვარიანტი უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე ის, რომ არსებული სისტემა შეგვენარჩუნებინა. არსებული სისტემის პირობებში ქვეყნის უსაფრთხოებას კი არ ვიცავდით, უსაფრთხოების ჩიხამდე ვიყავით მისული.
- ვინ მიიყვანა ჩიხამდე?
- სისტემამ, რომელიც არსებობს ჩვენს სახელწიფოში.
„ახალი თაობა“, 11 მაისი, 2017 წელი
ინტერვიუ თენგიზ შარმანაშვილთან: „რა დროს აქვს პრემიერ-მინისტრს ჯარის გამოყენების უფლება“ // „ვენეციის კომისიის შენიშვნები გათვალისწინებული იქნება“
კონსტიტუციონალისტი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი თენგიზ შარმანაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში კონსტიტუციის პროექტის საერთო-სახალხო განხილვებზე საუბრობს.
- ბატონო თენგიზ, კონსტიტუციის ახალი პროექტის საერთო-სახალხო განხილვები მიმდინარეობს, როდის მთავრდება ეს განხილვები, და ამ განხილევბის შედეგები თუ იქნება გათვალისწინებული მმართველი პარტიის მიერ?
- ეს არის კონსტიტუციის ახალი პროექტის განხილვის პირველი ეტაპი, რომელიც 15 მაისს დასრულდება. ბოლო განხილვა თბილისში ჩატრდება. თუმცა, ამის შემდეგ კიდევ გაგრძელდება განხილვები, რომელიც უფრო პროფესიული იქნება. ამ განხილვებს კონსტიტუციონალისტები, იურისტები, პროფესიული არასამთვარობო ორგანიზაციები, დაინტერესებული საზოაგდოება დაესწრება. ახლა, განხილვების მეორე ეტაპის ვარიანტი კომისიაში მუშავდება.
- შენიშვნები ისმის, რომ ამ განხილვებს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებიან და სხვა დაინტერესებულ ადამიანებს არ უშვებენ დარბაზში...
- ჩემთვის მთავარი არის ის, რომ კარები ღია არის და ვისაც უნდა ყველა შემოდის ამ განხილვებზე. ყველა ადამიანი, ვისაც მოსვლა უნდა ოპოზიციური პარტიიდან იქნება თუ ნებისმიერი, უპარტიო მოქალაქე თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი მოდის, ესწრება განხილვებს და თავის პოზიციასაც აფიქსირებს. არ აქვს მნიშვნელობა ის ადმინისტრაციაში მუშაობს თუ უბრალოდ დაინტერესებულია, ყველა ხვდება და ეს არის მნიშვნელოვანი. შეხვედრებზე საჯარო მოხელეებიც არიან და რიგითი, დაინტერესებული მოქალაქეებიც, ასევე არიან ოპოზიციური პარტიების წევრებიც. ეს ადამიანები სვამენ კითხვებს და რადიკალურად საწინააღმდეგო მოსაზრებებსაც გამოთქვმენ. ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ არავის არ შეშლია ხელი, რომ დარბაზში მოხვედრილიყო. თუ ე.წ. გაფილტვრა იქნებოდა, მაშინ მერწმუნეთ ეს ადამიანები იქ ვერ მოხვდებოდნენ. ვერავინ ვერ იტყვის, რომ უნდოდათ შემოსვლა, მოვიდნენ და არ შემოუშვეს.
- თქვენ, როგორც კომისიის წევრი ხედავთ ხელისუფლების მზაობას, რომ მოქალაქეების მიერ, როგორც თქვენ ამბობთ კრიტიკული კითხვები, შენიშვნები გათვალისწინებული იქნება? როგორია ირაკლი კობახიძის პოზიცია?
- ირაკლი კობახიძე არის კომისიის თვაჯდომარე, მაგრამ ის როგორც ერთი პიროვნება ვერავის ვერ მისცემს გარანტიას, რომ რაღაცას გაითვალისწინებს ან არ გაითვალისწინებს.
- მაშინ რა აზრი აქვს ამ განხილვებს?
- თქვენ იცით კონსტიტუციის თანახმად თუ რა პროცესია ეს. ირაკლი კობახიძე მოქალაქეებს აძლევს გარანტიას, რომ მათი შენიშვნები აუცილებლად გახდება პარლამენტში მსჯელობის საგანი. საკონსტიტუციო კომისია ვალდებულია შეადგინოს ოქმი, სადაც აისახება ყველა ღირებული მოსაზრება, რაც გამოითქვა ამ შეხვედრებზე. ეს ოქმი კი შემდეგ პარლამენტს გადაეცემა, სადაც მოხდება ამის განხილვა. ყველა დეპუტატმა უნდა იცოდეს საერთო-სახალხო განხილვაზე რა მოსაზრებები იყო ხალხის მხრიდან წარმოდგენილი, შემდეგ რას გაითვალისწინებს პარლამენტი და რას არა, ეს უკვე სხვა საკითხია. ეს უკვე მათი პრეროგატივაა, რას მიიღებენ და რას უარყოფენ.
- ძირითადი მაინც რას აპროტესტებს ხალხი ამ შეხვედრებზე, რომელ ნორმასთან დაკავშირებით აქვთ პრეტენზია?
- ბევრი კითხვა არის იმაზე თუ რატომ უქმდება მაჟორიტარული არჩევნები. გასაგებია მათი პოზიცია, ადამიანებს შიში უჩნდებათ, რომ მათი კუთხე არ იყოს წარმოდგენილი, პარტიებმა ადამიანებს უარი უთხრან საარჩევნო სიაში ყოფნაზე და ა.შ.
- პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით არ ააქვთ კითხვები?
- მე ვსაუბრობ მოსახლეობის იმ კატეგორიაზე, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ ადგილზე, რეგიონში. თორემ, მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას უფრო სოციალური გარანტიები აინტერესებს, რომელიც კონსტიტუციაში იქნება ასახული. თუმცა, ცხადია ეს საკითხიც აინტერესებთ, ასევე აინტერესებთ ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხები. უფრო აინტერესებთ ის საკითხები, რომელიც მათ ბედზე იქონიებს უშუალო გავლენას.
- ბატონო თენგიზ, ეროვნული უშიშროების მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა განაცხადა, ჩნდება შესაძლებლობა, რომ სამხედრო ან სხვა შეიარაღებული ძალები გამოყენებულ იქნას საპროტესტო აქციების დასაშლელად. არის ასეთი ნორმა ახალ პროექტში ჩადებული?
- არ მინდა ამ საკითხზე საუბარი, უხერხულია.
- რატომ?
- უხერხულია იმაზე საუბარი რაც არასად არ წერია. საქართველოს პრეზიდენტი ესწრება განხილვებს და მასაც კი არსად არ უთქვამს მსგავსი რამ. ვერ გავიგე საიდან ასკვნის უშიშროების მდივანი ამას. კონკრეტულად არის ჩამონათვალი თუ რა დროს აქვს უფლება პრემიერ-მინისტრს ჯარის გამოყენების.
- რა დროს აქვს, კონკრეტულად?
- პირდაპირ არის ჩამოთვლილი რა შემთხვევების დროს: სტიქიური უბედურებების, მიწისძვრის, წყალდიდობების დროს, ბუნებრივი კატაკლიზმების დროს. ვერ გეტყვით ბატონი უშიშროების მდივანი რომელს მიაკუთვნებს მიტინგებს, მანიფესტაციებს, საპროტესტო აქციებს, რადგან პირდაპირ არის სტიქიური უბედურებების ჩამონათვალი.
- ჩანაწერის მიხედვით საპროტესტო აქციები, მანიფესტაციები, მიტინგები ამ კონტექსტში არ მოიაზრება?
- რა თქმა უნდა, არა! რაც ახლა მოქმედებს ზუსტად ის რეგულაციები არის ჩადებული, მხოლოდ პრემიერს არ სჭირდება პარლამენტისადმი მიმართვა და პარლამენტის თანხმობა. თბილისში მომხდარი წყალდიდობის დროს ჯარის გამოეყენების პროცედურა რომ აემოქმედებინა პრემიერ-მინისტრს, ამისთვის საჭირო იყო პარლამენტისადმი მიმართვა, მთელი რიგი პროცედურების დაცვა. ამ დროს კი ხალხი იხრჩობა, ქუჩები ინგრევა, ეს პრაქტიკაში იქნა გამოცდილი და ამიტომ მოხდა პროცედურის უფრო გამარტივება. სტიქიური უბედურების, ბუნებრივი კატასტროფების დროს პრემიერს ეძლევა უფლება-მოილება, რომ დაუყოვნებლივ აამოქმედოს პროცედურა.
რა შემთხვევები მოიაზრება სტიქიურ უბედურებებში და კატასტროფებში გითხარით, რომ პირდაპირ ჩამონათვალი არსებობს და აქ მანიფესტაციები და საპროტესტო აქციები არ იგულისხმება. მგონი, წყალდიდობა, ქუჩის დემონსტრაცია არ არის. ზუსტად ჩამონათვალი იმიტომ გაკეთდა, რომ ინტერპრეტირების შესაძლებლობა არ ყოფილიყო.
- ვენეციის კომისიიდან რა დასკვნას ელოდებით, შეიძლება საარჩევნო სისიტემაზე, როდესაც გამრჯვებულს მიაქვს ყველა გადაუნაწილებელი მანდატი, მათ შენიშვნები ჰქონდეთ?
- ვერ გეტყვით. ერთი კი ვიცი, ვენეციის კომისიის შენიშვნების გათვალისწინება მოხდება, ეს თქვა თავის დროზე ირაკლი კობახიძემ და ამას იმეორებს ის ყველა შეხვედრაზე. ვენეციის კომისიის დასკვნაში ვერავინ ვერ ჩაერევა და არც არავინ მოგატყუოთ ამაში. ცოტა არა კომპეტენტური იქნებოდა ჩემი მხრიდან წინასწარ რომ გითხრათ, რას შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნა კრიტიკულად, და რას, არა. არ არსებობს სამართლებრივი დოკუმენტი დედამიწაზე, რომელზეც მეორე იურისტს შენიშვნა არ ჰქონდეს.
„ახალი თაობა“, 11 მაისი, 2017 წელი
ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „ამერიკისგან ბევრი მივიღეთ და ნატოსგან ახლა მაპს ნუ მოვითხოვთ“ // „იური ლუჟკოვს სულ რომ გახდილს ეცეკვა თავისუფლების მოედანზე, მაინც ვერ მიაყენებდა ჩრდილს ამერიკის მხარდაჭერას“
პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საერთაშორისო საკითხების სპეციალისტი, ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე აფასებს.
- ბატონო თორნიკე, როგორ აფასებთ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტს? რა გზავნილები იკითხება ამ შეხვედრიდან?
- ეს ყველაფერი იმავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ, სწორედ იმ გადაწყვეტილებასთან ერთად, რომელიც მიიღო კონგრესმა, რომელიც კრძალავს ამერიკისგან დახმარების გაწევას მათთვის, ვინც თანამშრომლობს სეპარატისტულ რეჟიმებთან. ვიღაც-ვიღაცების სიხარული, რომ ტრამპი რუსეთის კაცია, რომ პუტინმა თავისი კაცი დასვა ამერიკის პრეზიდენტად, იმთავითვე იყო სისულელე. უფრო მეტიც, ტრამპი, რომელიც დღეს აქტიურად ცდილობს დაამტკიცოს, რომ ის ნამდვილად არ არის პუტინის აგენტი, ნამდვილად არ არის რუსეთის გავლენის ქვეშ, გაცილებით მეტად ცდილობს დაუჭიროს საქართველოს მხარი, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე უჭერდა ობამა.
- ამით ცდილობს, პრორუსის იმიჯიც მოიშოროს?
- ის საკმაოდ აქტიურად ცდილობს ამ იმიჯისგან განთავისუფლებას. ის არაფერს უთმობს პუტინს და ცდილობს დაამტკიცოს, რომ მასზე ძლიერია. ეს ყველაფერი კი კარგად აისახება პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობაზეც. პირველ რიგში, როგორც ჩანს, ჩვენთან, რადგან უკრაინასთან მიმართებაში ჯერჯერობით კარგი სიგნალები არ მოდის, თუმცა უკრაინამ ყველაფერი თავის თავს დააბრალოს.
- რატომ? რა დააშავა უკრაინამ?
- უკრაინაში ისეთ დონეზეა კორუფცია, რომ დახმარების დიდი ნაწილი, რომელიც მიდის ამერიკიდან და ევროპიდან, ჩინოვნიკების მიერ იჭმევა. მე მაინც ვიტყოდი, რომ ამ ვიზიტის წინ მთავარი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც კონგრესმა მიიღო. ბოლოს და ბოლოს ჩვენ დავინახეთ ამერიკის მხრიდან კონკრეტული ქმედება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. კონკრეტული ქმედება, რომ ისინი, ქვეყანა იქნება თუ ორგანიზაცია, ყველას წინააღმდეგ გაატარებენ სანქციებს, ვინც კი ითანამშრომლებს სოხუმთან და ცხინვალთან!
- მსგავსმა განცხადებებმა კიდევ უფრო შეუწყო ხელი ამ ვიზიტის წარმატებას?
- რასაკვირველია. როგორც იქნა, კონკრეტული რამ ითქვა და მივიღეთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. აქამდე იყო ძალიან სერიოზული დიპლომატიური დახმარება არაღიარების პოლიტიკის მხრივ. თავს ნუ მოვიტყუებთ, მარტო ჩვენი დიპლომატიის ძალისხმევით არ მომხდარა ის, რომ მხოლოდ ვენესუელამ და ნიკარაგუამ აღიარა ცხინვალი და აფხაზეთი. დღეს კი დაწესდება სერიოზული ეკონომიკური სანქციები მათ მიმართ, ვინც ითანამშრომლებს სეპარატისტულ რეჟიმებთან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
- ეს რას შეცვლის დღევანდელ მოცემულობაში?
- ამერიკული სანქციები რომ სახუმარო საქმე არ არის, ეს ისტორიამ არაერთხელ დაადასტურა. ამერიკის მთავრობა ძალიან სერიოზულად უყურებს ამ საკითხს. ეს არ არის გადაწყვეტილება მხოლოდ განცხადების დონეზე და ამ გადაწყვეტილებამ სერიოზულად უნდა ააფორიაქოს ისინი, ვინც სოხუმსა და ცხინვალში ზის! კარგად უნდა მიხვდნენ, რომ მათი დამოუკიდებლობა ჩამოკიდებულია მხოლოდ რუსეთის კეთილ ნებაზე და სხვა არაფერზე!
- მოვისმინეთ შეფასებები, რომ ნატოს სამიტის წინ საქართველოს მთავრობის შეხვედრა ამერიკის პრეზიდენტთან საკმაოდ კარგი განწყობის მომტანი იქნება. თქვენ რას ფიქრობთ?
- ნატო ჩვენთვის გაცილებით რთული საკითხია, ვიდრე ორმხრივი ურთიერთობა ამერიკასთან. ნატოსთან დაკავშირებით ბევრი სახელმწიფოს მოსაზრებაა გასაზიარებელი და კონსენსუსია მისაღწევი. ჩვენ საკმაოდ ბევრი მივიღეთ და ახლა ნატოს სამიტზე მაპს ნუ მოვითხოვთ.
- მაპ-ზე მეტი გვაქვს მიღებული?
- ყოველ სამიტზე მაპის მოთხოვნაა ხოლმე და ეს ამიტომ ვთქვი. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ჩვენ მაპს არ და ვერ მოგვცემენ, მაგრამ დღეს ჩვენთვის თვითმიზანი არის არა მაპი, არამედ კონკრეტული უსაფრთხოების გარანტიები, კონკრეტული მხარდაჭერა. სწორედ ეს იქნება მნიშვნელოვანი, რომ ამას მივაღწიოთ. სამიტზე უნდა მივიღოთ ის, რასაც აქამდე ვიღებდით. გამეორება იმისი, რომ საქართველო ოდესღაც გახდება ნატოს წევრი სახელმწიფო. ეს ყოველთვის ისმოდა და ეს ნამდვილად არის ჩვენი დიპლომატიის მიღწევა.
- საქართველოში მოსკოვის ყოფილი მერი იმყოფებოდა. გაკეთდა შეფასებები, რომ მოსკოვი ცდილობს მსგავსი პროვოკაციული თემებით გადაფაროს ეს წარმატება. ასეა?
- იმას, რაც ამერიკის კონგრესმა გააკეთა, ლუჟკოვის ვიზიტი ჩრდილს როგორ მიაყენებს?! ეს ჩვენთვის შეურაცხმყოფელი იყო, მაგრამ ვერანაირად გადაფარავს იმას, რაც მოხდა. ლუჟკოვის ჩამოსვლა და მისი თავხედური განცხადებები გაკვეთილი იქნება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების დიდი ნაწილისთვის, ვინც ეს გაატარა თავის დროზე და მიაჩვია თავგასული რუსი პოლიტიკოსები მსგავს რაღაცებს. როგორც მიაჩვიეს, ისე გადააჩვიონ.
- შსს აცხადებს, ლუჟკოვი 2010 წელშიც იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა არ დაწყებულაო...
- ვერ გეტყვით, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. ერთი რამ ფაქტია, წინა ხელისუფლებას თავისი მინუსები ჰქონდა, მაგრამ მათ დროს რუსები ასე გათავხედებულები რომ არ იყვნენ, ესეც ფაქტია.
- თქვენ როგორ გაიგეთ ლუჟკოვის განცხადებები?
- ლუჟკოვი ასე ფიქრობს, მას ასე მიაჩნია სწორად და ის გამოხატავს რუსული პოლიტიკურ-ეკონომიკური ბიზნესელიტის პოზიციასაც. ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ უნდა შევეგუოთ დაკარგულ ტერიტორიებს და ისევ რუსეთთან ერთად ვიცხოვროთ თბილად და ტკბილად.
- გაკეთდა შეფასებები, რომ ძალიან ცუდი ტონი იყო, როდესაც სასულიერო პირებთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოქვეყნდა სოციალურ ქსელებში. ამაზე რას იტყვით?
- ზოგიერთი ჩვენი სასულიერო პირი არ გასცდენია რუსეთს, რუსული ენის გარდა, არ იციან სხვა უცხო ენა და მათთვის ყველაზე ახლო მოძმე ხალხი რუსები არიან. ეს არის ფაქტი და ამას ვერ გავექცევით. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ როგორღაც მოვახერხოთ ის ნაწილი, რომელიც რუსეთს არ გასცდენია, გასცდეს რუსეთს. ბოლო პერიოდში მიდის საკმაოდ კარგი მუშაობა, ბრიუსელში მოეწყო ვიზიტები ჩვენი სასულიერო პირების და ამ ვიზიტებს ჰქონდა ძალიან კარგი შედეგი.
- რა თვალსაზრისით?
- იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ბევრი ჩვენი სასულიერო პირი, ვინც გულწრფელად ფიქრობდა, რომ თუ ევროკავშირში შევალთ, აუცილებლად დაკანონდება ჩვენთან გეიქორწინება, იქ რომ აუხსნეს, რომ ეს ასე არ არის, პროპაგანდაა და მეტი არაფერი, გაოცებულები დარჩნენ და აცხადებდნენ, ეს აქამდე რატომ არ გვითხარით და აქამდე რატომ არ წაგვიყვანეთ ევროპაშიო. პირველ რიგში, ეს არის მათი არაინფორმირებულობის ბრალი და არა _ შეგნებული მავნებლობის. კი არ იყო სასიამოვნო ლუჟკოვის ხილვა ჩვენ სასულიერო პირებთან ერთად, მაგრამ ეს ვერ მიაყენებს ჩრდილს იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელიც კონგრესმა მიიღო. ლუჟკოვს სულ რომ გახდილს ეცეკვა თავისუფლების მოედანზე, მაინც ვერ მიაყენებდა ჩრდილს ამ პროცესს!
- გაგრძელდება ეს დადებითი დინამიკა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების თვალსაზრისით?
- ჩვენზე რაც არის დამოკიდებული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. პირველ რიგში, არ უნდა მოვადუნოთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების ყურადღება. ხშირად შევახსენოთ, რომ ეს ტერიტორიები ჩვენია და სხვისი არ არის. ასევე ჩუმად, წყნარად ვიმუშაოთ ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებთან. ოდესღაც, როდესაც ამ ტერიტორიების დაბრუნება მოხდება, ჩვენ მათთან საუბარი უნდა შეგვეძლოს. ამ კუთხით მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ.
——————–
„ვერსია“, 10-14 მაისი, 2017 წელი
სოფელ ჯოყოლოს მოსახლეობა, ხელისუფლება და ეპარქია მშენებარე სალოცავის დანგრევის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს! // პანკისში რელიგიური კონფლიქტი ღვივდება?
ილია მარტყოფლიშვილი
პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მშენებარე სალოცავის დანგრევას ხმაური მოჰყვა. რამდენიმე დღის წინ ქრისტიანული სალოცავი ადგილობრივებს დანგრეული დახვდათ. საზოგადოებაში გაჩნდა შიში, ხომ არ ღვივდება ხეობაში ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დაპირისპირება და არის თუ არა ვითარების დაძაბვის საფრთხე. „ვერსია“ მომხდარის დეტალების გარკვევას შეეცადა. აღმოჩნდა, რომ მშენებლობა არ ყოფილა შეთანხმებული ახმეტის გამგეობასთან ან სხვა სახელმწიფო უწყებებთან. ეკლესიის ნანგრევებს არც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. მშენებარე ქრისტიანული სალოცავის დანგრევის ფაქტს ახმეტის პოლიცია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით იძიებს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. მშენებარე სალოცავის დანგრევის შესახებ ხეობაში სხვადასხვა ვერსია ვრცელდება.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო ხანს სალოცავის აღდგენას სოფლის მკვიდრი მაყვალა ცისკარიშვილი საკუთარი ფინანსებით ცდილობდა და გაწეულ ქველმოქმედებას სოფლისადმი სიყვარულითა და ტრადიციების განმტკიცებით ხსნიდა. დანგრეული კედლებიც თავდაპირველად სწორედ მან შენიშნა. მოსახლოების ნაწილი ფიქრობს, რომ შესაძლოა, ეს ფაქტი ამ ადამიანის წინააღმდეგაა მიმართული და არა ხეობაში მცხოვრები ქრისტიანების წინააღმდეგ ჩადენილი ვანდალური აქტი. არგუმენტად კი ის მოჰყავთ, რომ იქვე მოქმედ მე-19 საუკუნის ქრისტიანულ ტაძარს არავინ შეხებია. გავრცელდა მოსაზრებაც, თითქოს წინა დღეებში ცისკარიშვილს დაემუქრნენ, მშენებლობა შეეწყვიტა, თუმცა თავად ქალბატონი მაყვალა არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მშენებლობის გაგრძელების შემთხვევაში, ადგილობრივი მუსლიმები სახლის გადაწვით ემუქრებოდნენ.
ახმეტის გამგეობაში აღნიშნავენ, რომ სალოცავის აღდგენის შესახებ არაფერი იცოდნენ და ეს მხოლოდ მაშინ შეიტყვეს, როცა ვანდალური ფაქტი გახმაურდა. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის მთავარი სპეციალისტის, ელდარ ჭიჭიაშვილის განმარტებით, სოფელ ჯოყოლოში სალოცავი წმინდა გიორგის ეკლესიის ნაფუძარზე შენდებოდა, თუმცა საამისოდ ნებართვა არ გაცემულა: „აქ შუა საუკუნეების ნამოსახლარია. როგორც ჩანს, წარჩინებული პირი ცხოვრობდა, რომელსაც მთელი კომპლექსი ჰქონდა. იქ ჯერ კიდევ იკითხება კარის ეკლესიის, სასახლისა და მარნის ნაშთები. ზუსტად იმ ადგილზე, სადაც ახლა ქვების გროვაა, გადმოცემით, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ყოფილა. დღესაც დადის ხალხი იქ სალოცავად, ქრისტიანები პანკისის ხეობიდან და კახეთის სხვადასხვა სოფლიდან. იქვე ახლოს, ოდნავ ზემოთ, არის კვირაცხოვლის სახელობის ეკლესია, რომელიც 2002 წელს ბოევიკებმა ააფეთქეს, თუმცა ხალხი მოსალოცად მაინც დადის“.
ცნობილია, რომ პანკისში უხუცესთა საბჭო მოქმედებს და ეს ტრადიცია მძლავრადაა შემორჩენილი. უხუცესები ხეობაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ. მომხდარზე საუბრისას საბჭოს წევრები რელიგიურ ნიადაგზე ხეობაში დაპირისპირებას გამორიცხავენ.
,,რელიგიური დაპირისპირება აქ არ უნდა იყოს. უფრო სწორედ, შეიძლება იყოს წარმართობასთან ისლამის შეურიგებლობა, თორემ ისლამი ქრისტიანობისა და სხვა მონოთეისტური რელიგიების წინააღმდეგი არ არის და არც ყოფილა. ყურანი ამას ცალსახად ადასტურებს. ამხელა აჟიოტაჟი და ხმაური, თითქოს ეს ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული იყო, არასწორად მიმაჩნია. კარგად მახსოვს, იქ რა იყო. ეს იყო ერთი პატარა, დახრილი ნიშა. ქისტები საერთოდ სარიტუალო ნაგებობებს არასდროს ეხებოდნენ, წნელსაც კი არ ჭრიდნენ. თუ დააკვირდებით, არსებობს ასეთი ნაგებობები პანკისის ხეობაში და მის გარშემო ტყეც კი არ არის გაჩეხილი. შეიძლება ახალგაზრდებმა, მოზარდებმა სხვანაირად მიიღეს ამ კუთხით და რაღაც მოშალეს. სრულიად შესაძლებელია, ეს ყოფილიყო თვითონ ამ პიროვნების წინააღმდეგ მიმართულიც. ეკლესია დგას სოფლის შუაგულში, ჯოყოლოში. რატომ ხელს არ ახლებენ? მძიმე წლებისა და პანკისის კრიზისის შემდეგ ხეობაში ასეთი რამ არ დაფიქსირებულა. ასეთ რამეს, დარწმუნებული, ვარ არც რადიკალური მიმდინარეობა მოიწონებს. ქრისტიანულია თუ სხვა, ეს მაინც ღმერთის სადიდებლად გაკეთებული ნაგებობაა. ღმერთი კი ერთია“, _ აღნიშნა პანკისის სათემო რადიოს ეთერში უხუცესთა კავშირის წევრმა ხასო ხანგოშვილმა.
გასულ კვირას ახმეტაში, ბიძინას, შალვასა და ელიზბარის სახელობის მშენებარე ეკლესიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მშენებარე სალოცავის დანგრევასთან დაკავშირებით. ადგილობრივები მომხდარს გმობდნენ და დამნაშავეების დროულად დასჯას ითხოვდნენ. აქციას შეუერთდა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი და პარლამენტის წევრი გელა სამხარაული. მეუფემ მოსახლეობას მოუწოდა, ხელი მოაწერონ მიმართვას, რომელიც ხელისუფლებას გაეგზავნა.
მიტროპოლიტი დავითი: „მოსახლეობა აქციაზე გამოვიდა იმ სამწუხარო ფაქტის დასაგმობად, რომელიც პანკისის ხეობაში მოხდა. ეს არის განზრახ გადადგმული ნაბიჯი ამ ორი ხალხის დასაპირისპირებლად. მავანთ სურთ, უთანხმოება და შფოთი დათესონ, მაგრამ ხალხი ბრძენია და არ აჰყვება, შეინარჩუნებს მეგობრობას. ათწლეულების განმავლობაში მათ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და დღესაც ასეა. ბევრი მაგალითი გვაქვს და ამის დავიწყება უმადურობა და უპატივცემულობა იქნება ჩვენი წინაპრების მიმართ. ყველა ასეთი ფაქტი შესწავლილი უნდა იყოს, რათა ხალხის მღელვარება ჩაცხრეს და ვინც ეს ჩაიდინა სათანადო პასუხი მოეთხოვოს. რაიმე წარმოუდგენელ სასჯელს არ ვგულისხმობთ, რაც კანონმდებლობითაა დადგენილი, ის სასჯელი უნდა დაეკისროს. ხელისუფლებამ ამისთვის ყველაფერი უნდა მოიმოქმედოს“.
„რბილად რომ ვთქვა, დასაგმობია ეს ვანდალური ფაქტი და ვითარება არ არის კარგი. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ერთმანეთს რწმენა არ შევულახოთ და დავიცვათ ორივე მხარის საკულტო ნაგებობები. მიმაჩნია, რომ ასეთ სამწუხარო ფაქტებს დროული და შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს, რათა სხვა სახის განვითარება არ მიეცეს“, – აღნიშნავს პარლამენტის წევრი გელა სამხარაული.
აქციის დასრულების შემდეგ ახალგაზრდების ნაწილმა სოფელ მატანთან, პანკისის ხეობის შესასვლელთან გადაინაცვლა, სადაც გზის გადაკეტვა სცადეს. აქ ქისტების მისამართით მუქარაც ისმოდა: „უკვე თავს წავიდნენ, გამოივლიან და დავუხეთქოთ თავები“; „ახმეტაში მოსახლეობის 30% უკვე ქისტია, ეს ჩვენი ქვეყანაა“; „ზედ დაგვასხდნენ, გადაგვიარეს“; „წავიდნენ და არაბულ ქვეყანაში იცხოვრონ, სადაც არც სიმღერაა და არც ცეკვა“;
„პანკისის ხეობა, რომელიც საქართველოს ძირძველ კუთხეს წარმოადგენს, ეთნიკური ქისტებით არის დასახლებული. ხეობა სავსეა სხვადასხვა ისტორიული ეპოქის ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლით. გარკვეულ მცირე ნაწილში თავი იჩინა ქრისტიანული სარწმუნოებისა და მისი სიმბოლოების მიმართ უდიერმა დამოკიდებულებამ, რამაც ორივე მხარის ერთგვარი გაღიზიანება გამოიწვია. არსებობს საშიშროება, პროცესი უფრო შორს წავიდეს და მოსახლეობის უკონტროლო ქმედებები მოჰყვეს.
სოფელ ჯოყოლოში არსებობს ძველი ადრეფეოდალური ხანის ნამოსახლარი, სადაც შემორჩენილია წმინდა გიორგის ნატაძრალი. ამ ნატაძრალზე ერთ-ერთმა ადგილობრივმა ცისკარიშვილების ოჯახმა საკუთარი სახსრებით გადაწყვიტა წმინდა გიორგის ტაძრის აღდგენა. ოჯახის დიასახლისის ზრუნვით ტაძრის კედლები გარკვეულ სიმაღლემდე იქნა აშენებული, მაგრამ ამა წლის 16 აპრილს, აღდგომის დილას, როცა ქალბატონი სალოცავად მივიდა, მშენებარე ტაძარი მიწასთან დახვდა გასწორებული. დაუდგენელი ბოროტმოქმედები აღდგომის ღამეს მივიდნენ ტაძართან და ვანდალურად დაანგრიეს ის. გარდა ამისა, რამდენიმე წლის წინ, ტბათანას ტყეში აღმართულ ჯვარს ბოროტმოქმედებმა მანქანა დაუბეს და მოგლიჯეს. 2002 წელს ააფეთქეს კვირაცხოვლის ბაზილიკური ტაძარი. ფანჯრის მინები ჩაუმტვრიეს სოფელ ჯოყოლოში მდებარე ღვთისმშობლის ტაძარს, რომელსაც უფრო ადრე ჯვარი ჩამოხსნეს სამრეკლოდან და გადააგდეს. ასევე ბალთაგორის კოშკიდან გაქრა მზის სიმბოლოს ბორჯღალის ჩუქურთმა და ბოლნური ჯვარი. ეს ვანდალური ფაქტები ქრისტიანული სარწმუნოების მიმართ, იწვევს ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამართლიან გულისწყრომას, მაგრამ ეს არ შველის არსებული სიტუაციის განტვირთვას, რომელიც უფრო ღრმავდება. დაუსჯელები დადიან ვანდალური აქტების ჩამდენები, რაც ხელს უწყობს მოსახლეობის გაღიზიანებასა და უკმაყოფილებას სამართალდამცავი ორგანოების მიმართ“, – აღნიშნულია მიმართვაში, რომელიც პრემიერსა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაეგზავნა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბექა ბაიდაური „ვერსიას“ ქისტების პოზიციას აცნობს და ირწმუნება, რომ მათი დიდი ნაწილი მომხდარს გმობს:
- რა თქმა უნდა, ვგმობ ამ ფაქტს, როგორც ადგილობრივი მკვიდრი და როგორც გამგებელი. ამან არ უნდა გამოიწვიოს ორ ხალხს შორის ისტორიულ მეგობრობაში ბზარის შეტანა. არ ველით რაიმე სახის გართულებებს. მიმდინარეობს გამოძიება და ველოდებით შედეგებს. ალბათ პოლიცია გამოარკვევს ვინ ჩაიდინა ეს ვანდალიზმი და კონკრეტული დამნაშავეებიც გამოვლინდება. ამ საკითხზე საუბრისას არ შეიძლება მთლიანად ქისტ მოსახლეობას დავდოთ ბრალი, ან ისე გავიგოთ, თითქოს მათი წინააღმდეგობაა გამოხატული. მე მათი პოზიცია ძალიან კარგად ვიცი _ ქისტების დიდი ნაწილი მომხდარს ღიად გმობს. ამავე აზრს აფიქსირებს ქისტი მოსახლეობის ინტელექტუალური ნაწილი. ამ თემშიც ისმოდა ვანდალიზმის საწინააღმდეგო მოწოდებები და პროტესტის გამოსახატად ქისტებიც გამოვიდნენ. აღარ მგონია, რომ გართულებას ჰქონდეს ადგილი. ადგილობრივებმა გამოხატეს მზადყოფნა, რომ თავადვე აღადგინონ სალოცავი. სოფელ ჯოყოლოს ცენტრში ფუნქციონირებს ქრისტიანული ტაძარი, სადაც პერიოდულად, თვეში ერთხელ მაინც წირვა-ლოცვა ტარდება და არანაირი შეფერხება ან ხელშეშლა არ ყოფილა. გავრცელებული ხმები, რომ სხვა დროს ამ ტაძარშიც ჩაამტვრიეს კარი და ფანჯრები, სიმართლეს არ შეესაბამება. მრავალი წელია ასეთი რამ არ მომხდარა.
- საპროტესტო აქციაზე ხელისუფლებისა და ეპარქიის გამოჩენა როგორ გავიგოთ. რისი თქმა სურდა ამით ადგილობრივ ხელისუფლებას ან ეპარქიას?
- რაც შეეხება ქალაქ ახმეტაში გამართულ აქციას, რომელსაც ხელისუფლების და ეპარქიის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ, ამას საპროტესტო აქციას ვერ დავარქმევდი. ეს იყო პოზიციის დაფიქსირება. ასევე, მომზადდა წერილი, რომელიც საქართველოს პრემიერის და ახმეტის მაჟორიტარის სახელზე დაიწერა და გაიგზავნა. წერილში ხაზგასმულია ქისტი და ქართველი ხალხის მეგობრობა და მათი მრავალწლიანი თანაცხოვრება. ერთადერთი მოთხოვნა, რაც ხელისუფლების მისამართით არსებობს, დროული და ეფექტური გამოძიებაა.
- ადრეც ფიქსირდებოდა ხეობაში სხვადასხვა სახის კონფლიქტი?
- მცირე კონფლიქტები ხეობაში ბოლო წლებში ყოფილა, მაგრამ ამას ვერ დავარქმევდი რელიგიურ ნიადაგზე გამოწვეულ კონფლიქტებს. ძირითადად ეს საყოფაცხოვრებო და ახალგაზრდების ჯგუფებს შორის არსებული მცირე და პიროვნული დაპირისპირებებია. სხვა მხრივ დაძაბულობა არ ყოფილა.
——————–
„რეზონანსი“, 11 მაისი, 2017 წელი
დიდი დაპირისპირება ხანდოს ხეობაში
რა უფრო მნიშვნელოვანია – ელექტროგადამცემი ხაზი თუ ეკოლოგია
მარი ჩიტაია
ფასანაურში, ხანდოს ხეობაში მოსახლეობა ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას აპროტესტებს. ადგილზე სამშენებლო ტექნიკის მობილიზება ადგილობრივების წინააღმდეგობის გამო შეუძლებელი გახდა. ხალხი ფიქრობს, რომ პროექტის განხორციელება ხეობაში ეკოლოგიურ პრობლემას შექმნის, მთავრობა კი ახალი მეთოდოლოგიის შემუშავებას აპირებს, რის შემდეგაც სამუშაოების დაწყება იგეგმება.
მცირე თუ მსხვილი ჰესების თუ სხვა ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისას ხელისუფლება მოსახლეობის პროტესტს აბსოლუტურად ყველგან აწყდება. ამჯერად ხანდოს ხეობაში დაიწყო პროცესი და საპროტესტო აქცია გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილობრივები ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ სპეცტექნიკისთვის, რომელიც მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის მიიყვანეს.
მოსახლეობა ამბობს, რომ აღნიშნული ხაზი მიმდებარე ტერიტორიაზე ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს და საფრთხეს შეუქმნის მათ საცხოვრებელ ტერიტორიას.
აქციის მონაწილე ზაზა წიკლაურის თქმით, ქვა და ღორღი მოსახლეობას ეზოში უცვივა. დიდი ხანია, სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა მოსახლეობამ მისი შეჩერება მხოლოდ ახლა მოახერხა.
“დაწყებულია სამუშაოები, ფერდობები დანგრეულია, ღორღი, ქვები პირდაპირ ეზოებში უცვივა ხალხს. კაციშვილი ხელისუფლებიდან ან სამშენებლო კომპანიებიდან არ ჩანს, მხოლოდ პოლიცია გამოგვიგვზავნეს და მხოლოდ პოლიციის ძალით გველაპარაკებიან”, – ამბობს წიკლაური.
მსგავსი აქცია გაიმართა სოფელ ცდოში. მოსახლეობა სამშენებლო სამუშაოების ტერიტორიაზე ცდილობდა შესვლას, რა დროსაც პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა.
კომპანია “ენერგოტრანსში” კი აცხადებენ, რომ 500-კილოვატიანი გადამცემი ხაზის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, ხოლო გარემოსთვის მიყენებული ზიანი მინიმალური იქნება.
“მონაკვეთზე მშენებლობა არ განხორციელდება, ვინაიდან ჩვენ ველოდებით სპეციალურ მეთოდოლოგიას, რომელიც არის გარემოზე ზემოქმედების შემარბილებელი. ფასანაურთან ეს ხაზი გადის 56 მეტრში, მეორე მოსახლიდან გადის 34 მეტრში. განაპირა სახლიდან უნდა იყოს 30 მეტრი. აბსოლუტურად ყველა სამშენებლო ნორმა დაცულია”, – აცხადებენ კომპანიაში.
ენერგეტიკის სამინისტროში, როგორც ჩანს, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით საკმაოდ პრინციპული პოზიცია აქვთ. “მოსახლეობას არანაირი უფლება არ აქვს, სოფელ ხანდოსხევში ელექტრომაგისტრალის მშენებლობას ხელი შეუშალოს”, – აცხადებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი და ხაზს უსვამს, რომ ხალხს არანაირი უფლება არ აქვს, შეაჩეროს მშენებლობა.
რაც შეეხება კონკრეტულ ადგილს, იქ მუშაობა გაჩერდება ერთი კვირით, სანამ მეთოდოლოგია არ იქნება შემუშავებული.
“სამუშაოები გაგრძელდება მაშინ, როცა მეთოდოლოგია იქნება. ეს მოხდება ერთ კვირაში. მაინც ვიმუშავებთ, რათა დარწმუნდნენ, რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. იქ არიან არასამთავრობოები, რომლებიც მუდმივად ეწინააღმდეგებიან ყველა წამოწყებას, საქმე ეხება პატარა ჰესს, დიდ ჰესს, თუ რამე ხაზის გაყვანას”, – განაცხადა ელოშვილმა.
გუშინ აქციის რამდენიმე მონაწილეც დააკავეს. დანარჩენი მოსახლეობა დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით აქციის გაგრძელებას აპირებს.
„რეზონანსი“, 11 მაისი, 2017 წელი
უცხოელებზე მიწის მიყიდვა აღარ აიკრძალება
გვანცა ღვედაშვილი
მიწის უცხოელებზე გასხვისების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ შუალედური მიდგომა აირჩია.
“მიწის საკითხთან დაკავშირებით იყო მსჯელობა კომისიაში. იყო ორი რადიკალურად განსხვავებული პოზიცია. ერთი ნაწილის აზრით, უცხოელებზე მიწის გაყიდვა სრულად უნდა აკრძალულიყო, მეორე ნაწილი კი თვლიდა, რომ საერთოდ არ უნდა ყოფილყო ეს საკითხი დარეგულირებული. ჩვენ ავირჩიეთ შუალედური მიდგომა და დღეს კონსტიტუცია აცხადებს, რომ მიწა არის განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი და ეს საკითხები მოწესრიგებული უნდა იყოს ორგანული კანონით.
“თქვენ გახსოვთ, რომ იყო ამ კუთხით სირთულეები, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, სრული აკრძალვა უცხოელებზე მიწის გაყიდვისა არაკონსტიტუციურად გამოცხადდა. ბუნებრივია, ჩვენ კონსტიტუციით არაკონსტიტუციურ ნორმას ვერ დავადგენდით. აქედან გამომდინარე, მივიღეთ შუალედური გადაწყვეტილება.
“კონსტიტუციაში ჩნდება ახალი ნორმა, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ სათანადოდ მოხდეს ამ საკითხის რეგლამენტაცია უკვე ორგანული კანონით და უფრო მეტიც, უკვე მზადდება შესაბამისი კანონპროექტი, რომლითაც სათანადოდ იქნება მოწესრიგებული ეს საკითხი.
“დაცული იქნება, ერთი მხრივ, ეკონომიკური ინტერესები და, მეორე მხრივ, საერთო ეროვნული, სუვერენული ინეტრესები. ეს იქნება უზრუნველყოფილი ჩვენი კონსიტუტუციის ახალი რედაქციითა და იმ კანონით, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ,” – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ საკითხზე რამდენიმე ინიციატივა არსებობდა, მათ შორის, “დემოკრატიული მოძრაობისა” და “პატრიოტთა ალიანსის” წინადადებები. მათი კანონონპროექტების მიხედვით, უცხოეთის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში გადაცემა უნდა აიკრძალოს. ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა როგორც ოპოზიციის ნაწილი, ისე არასამთავრობო ორგანიზიაციის წარმომადგენელები.
„რეზონანსი“, 11 მაისი, 2017 წელი
ლარს გაუფასურება აღარ ემუქრება
ახლო მომავალში ფინანსისტები გამყარებას ელოდებიან
ნათია ლომიძე
ლარის სეზონური გაუფასურების პერიოდი დასრულდა და ახლო მომავალში მოსალოდნელია ეროვნული ვალუტის გამყარებაც კი. ფინანსისტების აზრით, ამას ხელს შეუწყობს ტურისტული სეზონი და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება.
ლარმა წლის ყველაზე კრიტიკულ თვეებს გაუძლო და ახლა ყველას აინტერესებს, რამდენად შეინარჩუნებს საშუალოვადიან და შემდეგ უკვე გრძელვადიან პერიოდში სიმყარეს. სპეციალისტები ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას საგარეო მოვლენებს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ეს ფაქტორები მეტ-ნაკლებად მოახდენს გავლენას კურსის ცვლილებაზე.
ქართველი ფინანსისტები ამჯერად ყურადღებას ამახვილებენ ევროპაში მიმდინარე პროცესებზე, კონკრეტულად კი საფრანგეთის არჩევნებზე. მათი აზრით, ახლა ეროვნული ვალუტა შედარებით უკეთეს სიტუაციაშია და კურსი არ დაეცემა, თუკი საგარეო ფაქტორები მკვეთრად არ გაუარესდება. რაც შეეხება გამყარებას, ეს სავალუტო შემოდინებაზეა დამოკიდებული.
ეკონომისტი აკაკი ცომაია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ საფრანგეთში არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა და ამ ეტაპზე საგარეო ფაქტორები ლარის კურზე გავლენას არ მოახდენს. ამიტომ უახლოეს მომავალში ეროვნული ვალუტის გამყარებაც მოსალოდნელია. ტურიზმის გააქტიურება და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ამ მხრივ შედეგს აუცილებლად გამოიღებს.
“საფრანგეთის არჩევნების შემდეგ უნდა ველოდოთ თუ არა რამე ცვლილებას? შესაძლოა, ნაწილობრივ გავლენა მოახდინოს უცხოურ ინვესიტიციებსა და საგარეო ვაჭრობის მოცულობაზე, რამაც შეიძლება მცირედ იმოქმედოს ლარის კურსზე. სხვა მხრივ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მოსალოდნელი არ არის.
უახლოესი თვეების განმავლობაში არ ჩანს გაუფასურების ტენდენცია. ამ პერიოდში უნდა გაიზარდოს ტურისტების ნაკადი და ეს დადებითად იმოქმედებს ლარის გამყარებაზე. პარალელურად, მონეტარული პოლიტიკაც გამკაცრდა და ამანაც უნდა შეუწყოს ხელი გამყარებას. სხვა თანაბარ პირობებში, თუ რამე რადიკალური არ მოხდება (მაგალითად, ინვესტიციების მოცულობა მკვეთრად არ შემცირდება და ა.შ.) პირადად მე უახლოეს მომავალში უფრო მეტად ლარის გამყარებას ველოდები, ვიდრე გაუფასურებას”, – აღნიშნა “რეზონანსთან” ცომაიამ.
ფინანსისტი ნიკა შენგელია ფიქრობს, რომ ერთკვირიან შუალედში ლარის მერყეობა მოსალოდნელია, თუმცა ზოგადად გაუფასურების საფრთხე მოხსნილია.
“საფრანგეთის არჩევნებში მარინ ლე პენს რომ გაემარჯვა, ევრო დოლართან მიმართებით 1,03-მდე დაეცემოდა. შესაბამისად, მოხდებოდა დოლარის ინდექსის მატება, რაც გამოიწვევდა ამერიკული ვალუტის პოზიციების გამყარებას სხვა ვალუტებთანაც. ასეთ პირობებში ლართან თავისუფლად შეიძლებოდა დაცემულიყო 2,50-იან ნიშნულზე.
ახლა ეს საფრთხე მოხსნილია, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მაკრონმა გაიმარჯვა, მაინც შეინიშნება ევროს შესუსტება. ამას გარდა, 24 აპრილს წარმოქმნილი გეპი (წყვეტა, ანუ პაუზა ფასების დიაგრამაში, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს მკვეთრმა დაცემამ ან მატებამ) ჯერაც შეუვსებელია. შესაბამისად, ერთკვირიან შუალედში შეიძლება მივიღოთ ლარის მერყეობა (2,39-2,48-ის შუალედში). ზოგადად, კურსი ამ საზღვრებში იმერყევებს.
რამდენიმე დღის შემდეგ მოსალოდნელია ნავთობის ფასის დაწევაც. 1 ბარელი ნავთობი თუ 43 დოლარამდე ჩამოვიდა, შემდგომი გაჩერება 37-38 დოლარის ნიშნულზე იქნება”, – განუცხადა “რეზონანსს” შენგელიამ.
„რეზონანსი“, 11 მაისი, 2017 წელი
თამბაქოს მოხმარების მკაცრი შეზღუდვა ხალხში უკმაყოფილებას იწვევს
„ასე უცებ ყველაფერთან შეგუება ძალიან რთული იქნება“
თეო გუდავაძე
საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა, რომელიც ყველა ტიპის შენობაში მოწევის სრულ აკრძალვას ითვალისწინებს. კაფეებში, სალონებსა და სასტუმროებში მოწევა პირველი ივლისიდან აიკრძალება. ჯარიმები საკმაოდ მაღალია და ხალხი ფიქრობს, რომ პირველ ეტაპზე ეს არასწორია და ასე უცებ ყველაფერთან შეგუება ძალიან რთული იქნება.
კანონით, თამბაქოს მოწევა იკრაძალება ყველა დახურულ სივრცეში, გარდა საცხოვრებელი სახლისა და საპატიმრო დაწესებულებებისა. ეს საზოგადოების უმეტეს ნაწილს, ანუ მწეველებს დიდ დისკომფორტს შეუქმნის. არსებობენ ისეთებიც, ვინც ემხრობა კანონს და დიდი მოწონებით ეხმაურებიან ამ ფაქტს. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია: თამბაქოთი გამოწვეული დაავადებებისა და სიკვდილიანობის შემცირება, ეკონომიკური თუ სოციალური ზარალის შემცირება.
რასაკვირველია, უკმაყოფილო ადამიანების რიცხვში მხოლოდ მწეველები შედიან. მათი აზრით, ძალიან რთული შესაგუებელია ერთბაშად მოწევის აკრძალვა საჯარო სივრცეში. უნდა გაკეთებულიყო თუნდაც რესტორნებში კუპეები, სადაც მწეველები ცალკე მოთავსდებოდნენ.
ახალი კანონისთვის ჯარიმებიც საკმაოდ დიდია და ეს კიდევ ცალკე პროტესტს იწვევს ხალხში. გოგი შალამბერიძე 45 წლისაა და უკვე 25 წელია, თამბაქოს მომხმარებელია. მისი აზრით, ასე უეცრად კანონის გამკაცრება არასწორია და ზედმეტად ზღუდავს მწეველთა უფლებებს.
“ოცდახუთი წელია, აქტიურად ვეწევი და ასე უცებ ვერ გადავეჩვევი. რთულია, როდესაც სამსახურში ხარ მთელი დღე და ვერ ეწევი ან რესტორანში ქეიფობ, სვამ და მოსაწევად ყოველ წუთში გარეთ გიწევს გასვლა. პირველ ჯერზე ასე არ უნდა მოქცეულიყვნენ. ჯერ უნდა გაეყოთ რესტორნები, ბარები მწეველთა და არამწეველთა სივრცეებად და ეს შედარებით გაამარტივებდა ყველაფერს.
მოწევა ჩემი არჩევნია და ამას ვერ შემიზღუდავს ვერავინ. თუ იმას ამბობენ, რომ მე ვარღვევ არამწეველების უფლებას და ვუნადგურებ ჯანმრთელობას, ისინიც არღვევენ ჩვენს უფლებებს და გვინადგურებენ ფსიქიკას. ამის გააზრება, რომ არ შეიძლება მოწევა სამსახურში, რესტორნებსა და საჯარო სივრცეში, ძალიან რთულია. ჯარიმებიც საკმაოდ მაღალია და გამოდის, რომ სულ ზარალში ვიქნებით, სანამ მივეჩვევით ამ სულელურ კანონს.
ვისაც მოწევა უნდა, ის ისედაც მოწევს იმდენს, რამდენსაც ეწეოდა აქამდე. სხვა რომ არაფერი, ორგანიზმი ითხოვს უკვე და ფსიქიკის განადგურებას მირჩევნია, ისე ვიცხოვრო, როგორც ეს 25 წელი ვცხოვრობდი”, – აღნიშნა “რეზონანსთან” საუბრისას გოგი შალამბერიძემ.
შენობაში თამბაქოს მოხმარებისთვის, იურიდიული პირი თავდაპირველად 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში 2000-ით, ხოლო სისტემატური მოხმარებისას 5000 ლარით დაჯარიმდება. ფულადი ჯარიმის ოდენობა საკმაოდ მაღალია. ამას გამო ხალხი განსაკუთრებით ღელავს და ტენდენციას შემაშფოთებელსაც კი უწოდებს.
არსებობენ ისეთი ადამიანებიც, ვინც ამ კანონს მიესალმება და მიიჩნევს, რომ მწეველი ადამიანების გამო მათი ჯანმრთელობა არ უნდა ზიანდებოდეს. სიგარეტის ბოლი არ უნდა აბინძურებდეს ჰაერს, რომელსაც პატარა ბავშვები სუნთქავენ. მანანა გამყრელიძე 50 წლის დიასახლისია და სამი შვილიშვილი ჰყავს. მისი აზრით, სკვერში გასერნებას აზრი არ აქვს:
“ვაკეში მრგვალ ბაღთან ვცხოვრობთ. როგორც კი გამოზაფხულდა, სულ ეზოში ჩამყავს. სადაც არ უნდა წავიყვანო, გვერდით ყველგან სიგარეტს ეწევიან. სუნსა და ჰაერის დაბინძურებას რომ თავი დავანებოთ, ბავშვები კარგს ვერაფერს ხედავენ და იღებენ მაგალითს. სამი წლის ბავშვი ყოველ ფეხის ნაბიჯზე რომ ხედავს, სიგარეტს ეწევიან განურჩევლად სქესისა, ეს მას ნორმალური ჰგონია და როგორც კი მიაღწევს სათანადო ასაკს, თვითონაც გაუჩნდება ამის სურვილი.
ძალიან კარგია საჯარო სივრცეში მოწევის აკრძალვა. ბევრი დადებითი მხარე აქვს, თუმცა მესმის მწეველების პოზიციაც და ვფიქრობ, მათი პოზიციაც უნდა დავიცვათ.მაგალითად, დარჩეს ისეთი ბარ-რესტორნები, სადაც მოწევას შეძლებენ. არ უნდა შევზღუდოთ მათი უფლებები, ეს კარგს არაფერს მოიტანს.
მეც ვეწეოდი და ვიცი, რა რთულია, ამ ყველაფერს გადაეჩვიო. ისიც ზუსტად ვიცი, რომ ამ გზით ვერავინ გადაეჩვევა მოწევას. ეს იქნება, უბრალოდ, დისკომფორტი, რასაც მოწევის სურვილი მაინც გადაფარავს. ჩვეულებრივად მოწევენ იმდენს, რამდენსაც ადრე ეწეოდნენ”, – განუცხადა მანანა გამყრელიძემ “რეზონანსს”.
სულ რაღაც თვენახევარში მკაცრად შეიზღუდება თამბაქოს ნაწარმის რეკლამირება (მათ შორის, ვიტრინებზე და სავაჭრო ობიექტის შიგნით), პოპულარიზაცია და სპონსორობა. აკრძალული იქნება პრიდუქციის გზის ნაწილზე განლაგებაც.