globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 15 მაისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on May 15th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

კვირის პალიტრა: ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „ყველაფერი მიგვანიშნებს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ლუჟკოვი საქართველოში მაღალი თანამდებობის პირის მოწვევით თუ არა, თანხმობით ნამდვილად ჩამოვიდა“ // „იმედია, კრემლს ეყოფა გონიერება და საკუთარ ქვეყანას ჰარაკირის არ გაუკეთებს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სამეზობლო სივრცეში წლების განმავლობაში რუსეთის უზნეო და სრულიად უსამართლო პოლიტიკა გაგრძელდება“

კვირის პალიტრა: ინტერვიუ ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძესთან: რატომ კარგავს შვიდი თვითმმართველი ქალაქი სტატუსს

კვირის პალიტრა: ოღონდ ჯარში არა… // ფიქციური მღვდელმსახური კანაფით ხელში – „გირჩის“ „ბიბლიური თავისუფლება“

კვირის პალიტრა: თორდია-ფარცხალაძის საქმე № // „შემთხვევით შევხვდი ოთარ ფარცხალაძეს. აგრესიულად მითხრა, ჩემზე კომპრომატებს რატომ აგროვებ, თანამდებობრივი ვადა რომ გაგივა, ცხოვრების გაგრძელებას როგორ აპირებო… ხუთი კაცი მირტყამდა”

——

რეზონანსი//მთელი კვირა“: ინტერვიუ ზაალ ანჯაფარიძესთან: რამდენ „ბარტყს“ გადმოუგდებს ხელისუფლება ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორს // „ხელისუფლება დაელოდება ისეთ დროს, როდესაც ამ კომპრომისებს მაქსიმალური პოლიტიკური და პროპაგანდისტული ეფექტი ექნება“

——

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „ვენეციის კომისია ბონუსსისტემას მხარს არ დაუჭერს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ დავით ნემსაძესთან: „თავდაცვის სამინისტრო პოლიტიკოსებით გადაივსო“ // „რეფორმა არაკონსტიტუციურად ჩატარდა“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „ფრთხილად, არსებობს სესხი, რომელიც შხამის შემცველია!“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ზვიად კუპრავასთან: „ოთარ ფარცხალაძემ სილა ირაკლი კობახიძესაც გააწნა“ // „ამ ქვეყანაში კანონი დამთავრდა“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლაშა ჩხარტიშვილთან: „კახა კალაძეს სახლში მივუვარდები“ // „ხელისუფლებამ მთიულეთში საფლავების ამოთხრა დაიწყო“

——————–

კვირის პალიტრა“, 15 მაისი, 2017 წელი

ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „ყველაფერი მიგვანიშნებს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ლუჟკოვი საქართველოში მაღალი თანამდებობის პირის მოწვევით თუ არა, თანხმობით ნამდვილად ჩამოვიდა“ // „იმედია, კრემლს ეყოფა გონიერება და საკუთარ ქვეყანას ჰარაკირის არ გაუკეთებს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სამეზობლო სივრცეში წლების განმავლობაში რუსეთის უზნეო და სრულიად უსამართლო პოლიტიკა გაგრძელდება

ნათია დოლიძე

„პატივი მქონდა, თეთრ სახლში მივსალმებოდი გიორგი კვირიკაშვილს, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან ერთად”, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა “ტვიტერის” პირად გვერდზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ. კვირიკაშვილმა კი განაცხადა, რომ ამ შეხვედრისას ქართულმა მხარემ აშშ-ის პრეზიდენტისგან საქართველოს მხარდაჭერის თაობაზე ძალიან მკაფიო გზავნილები მოისმინა. პრემიერის ამერიკული ვიზიტისას არანაკლებ მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა როგორც ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან, ასევე სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან. ამ ვიზიტს კი წინ უსწრებდა პრეზიდენტ ტრამპის მიერ იმ საკანონმდებლო აქტზე ხელმოწერა, რომლითაც აშშ-ის კანონით პირველად იქნა აღიარებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის მიერ ოკუპირება. ბუნებრივად ისმის კითხვა: ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ასე აშკარად გამოხატული მხარდაჭერა რას ნიშნავს საქართველოსთვის და როგორ შეიძლება აღიქვან ეს რუსეთში, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრთან ტრამპის შეხვედრა სწორედ კვირიკაშვილის ვიზიტის შემდეგ გაიმართა. გვესაუბრება ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი:

- ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ აშშ, ფაქტობრივად, ცხრაწლიანი დუმილის შემდეგ, ასე სწრაფად დაუთმობდა ყურადღებას საქართველოს. რასაკვირველია, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ეს მხოლოდ აღტაცების საფუძველია. შეიძლება ითქვას, რომ ამ გადაწყვეტილებებით მკაფიოდ გამოჩნდა, თუ რა განსხვავებაა აშშ-ის ამჟამინდელ და მის წინამორბედ პრეზიდენტებს შორის. ჩვენ გვახსოვს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულებიდან მოკლე ხანში აშშ-ის ხელისუფლებაში მოსულმა ობამამ რუსეთთან ახალი, “გადატვირთვის პოლიტიკა” გამოაცხადა, რაც წლების განმავლობაში დროის კარგვა და კრემლის აგრესიული პოლიტიკის წახალისების ერთ-ერთი საფუძველი გახდა. საქართველოს მხარდაჭერას უცხადებდა ობამას ადმინისტრაციაც, თუმცა ამგვარი რადიკალური ნაბიჯები, რაც ახლა გადაიდგა, არ ყოფილა, ვისმენდით მხოლოდ შეშფოთება-აღშფოთების თაობაზე განცხადებებს.

დასავლეთის ამგვარმა “მხარდაჭერამ” და რუსეთთან წარმართულმა ზედმეტად ზომიერმა პოლიტიკამ 2008 წლის ოკუპაციის შემდგომ როგორ გაუხსნა რუსეთს ხელები, კარგად დაინახა მსოფლიომ. ტრამპი კი, როგორც მისი პირველი ნაბიჯებიდანვე ჩანს, არ აპირებს კრემლის უფრო მეტად წახალისებას და არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით აშშ-ის პოზიციებისა და გავლენის გაძლიერებას გეგმავს.

ბატონი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება შეიძლება არც იყო მისი პირადი ინიციატივა, მაგრამ მისი ხელმოწერა დოკუმენტზე, რომელსაც ამერიკელი კონგრესმენების შემდგომ სენატორებმაც დაუჭირეს მხარი, რასაკვირველია, გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ შეერთებულ შტატებთან ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობა უფრო მჭიდრო გახდება.

ნათელი შეიქნა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისთვის ამ რეგიონში საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორია. დარწმუნებული ვარ, ამ პროცესით კიდევ უფრო გამყარდება ჩვენი მოსახლეობის ნდობა დასავლეთის მიმართ, თუმცა არსებობს რუსეთისგან საშიშროების ზრდის საფუძველიც, დარწმუნებული ვარ, ამაზე, ალბათ, ოცნებობენ კრემლში, მაგრამ არა მგონია, შექმნილ ვითარებაში რუსეთმა რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება გაბედოს.

ძალიან საინტერესო გამოდგა პრემიერ-მინისტრის ამერიკული ვიზიტი. უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთი გულწრფელი და მოულოდნელი შეხვედრა საქართველოს პრემიერსა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში ახალი ერის დასაწყისი იქნება. გარდა ამისა, ამან საბოლოოდ გაფანტა ის კითხვები და ეჭვები, რაც ჩვენი ხელისუფლების საგარეო ვექტორის თაობაზე გამოითქმოდა.

- დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო გამოსვლებისას ერთმნიშვნელოვნად აცხადებდა, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში აშშ-ის საგარეო პოლიტიკა ნაკლებად აქტიური იქნებოდა, რომ აშშ აღარ ჩაერეოდა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და .., თუმცა დღეს ვხედავთ სრულიად განსხვავებულ ქმედებებს. აშშ მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე აშკარად ლიდერად ბრუნდება და ცდილობს, თავისი ადგილი მიუჩინოს რუსეთს

- დონალდ ტრამპის ეს მეტამორფოზა ბევრისთვის მართლაც მოულოდნელი იყო, თუმცა ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, გავაცნობიერებთ, რომ ეს მთლად ასე არ არის. დიახ, ნამდვილად პრეზიდენტობის კანდიდატი ტრამპი და პრეზიდენტი ტრამპი განსხვავებული ხედვის ფიგურები არიან, რაც მიგვანიშნებს, რომ მილიარდერი ბიზნესმენი ტრამპი და პოლიტიკოსი ტრამპი სხვადასხვა წერტილიდან აღიქვამდნენ იმ პრობლემებს, რომელთა მოგვარება შესაძლებელი იქნებოდა ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის შერწყმით. მან თავისი ბიზნესპოლიტიკური გადმოსახედიდან ძალიან სწრაფად და სწორად შეაფასა ის საფრთხეები და გამოწვევები, რაც არა მხოლოდ აშშ-ს, არამედ მსოფლიოს უდგას, გააკეთა სწორი ანალიზი და გადაწყვეტილებებსაც როგორც საკადრო, ისე საერთაშორისო პოლიტიკაში შესაბამისს იღებს.

დიდი ალბათობით, ტრამპის ქმედებებით კრემლი თავბრუდახვეულია, ის დადგა მკაფიო რეალობის წინაშე, შესაბამისად, ვაშინგტონის გზავნილი კრემლისთვის შეიძლება ერთი პატარა ფრაზით ამოვწუროთ: “ეგრე არ არის, თაყაო, შენ რომ მამული გაყაო”. დარწმუნებული ვარ, ბატონი დონალდ ტრამპის საქართველოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები არის არა მხოლოდ აშშ-საქართველოს ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი, არამედ გაკვეთილია ჩვენი მოსიყვარულე ევროპისთვისაც, რომელიც ვერა და ვერ მოეშვა კრემლისთვის კვერცხის გაგორებას.

ახლა მნიშვნელოვანია, მთელი ყურადღება საშინაო პრობლემებზე გადავიტანოთ, შევეცადოთ, უფრო ეფექტიანად გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარება, რადგან საგარეო მიმართულებით ჩვენი გადაწყვეტილებები უკვე საყოველთაოდ აღიარებულია. თუ ვინმეს ამაზე გული სწყდება, ვეტყვი, რომ რუსეთი მზად არის, მოქალაქეობა უბოძოს ყველას, ვინც საბჭოთა კავშირის მოქალაქე იყო და მათ შთამომავლებსაც. ჰოდა, გზა ფართოა, მიბრძანდით, ბატონებო, რუსეთი სიხარულით მიგიღებთ.

- საქართველოსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხად რჩება უსაფრთხოება. NDI- მიერ ორიოდე დღის წინ გამოქვეყნებული მორიგი კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა უმრავლესობა ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირებს აშშ-სა და ნატოს, ხოლო ყველაზე დიდ საფრთხედ რუსეთს ასახელებს (63%). თქვენი აზრით, რა ტიპის პროვოკაციები შეიძლება დაგეგმოს რუსეთმა?

- იმედია, კრემლს ეყოფა გონიერება და საკუთარ ქვეყანას ჰარაკირის არ გაუკეთებს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სამეზობლო სივრცეში წლების განმავლობაში რუსეთის უზნეო და სრულიად უსამართლო პოლიტიკა გაგრძელდება. გამოკითხვის ის მაჩვენებლები, რომლებზეც თქვენ ლაპარაკობთ, საქართველოს მოსახლეობის მკაფიო პასუხია რუსეთისთვის, ეს ასევე არის გზავნილი აშშ-ისა და ნატოსთვის.

ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ რას მოიაზრებს საქართველოს ხელისუფლება იმ შესაძლებლობაში, რასაც აშშ-ის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები გვაძლევს. დარწმუნებული ვარ, მხოლოდ მე არ ვადევნებ თვალს რუსეთის სატელევიზიო სივრცეს, სადაც პოლიტიკური დისკუსიებისას საქართველოსთან დამოკიდებულებას სხვადასხვა რაკურსით განიხილავენ.

ამ პროცესში ყველაზე პოპულარული და რუსეთის მოსახლეობისთვის ინტენსიურად მიწოდებული ფორმულაა იმის თაობაზე, რომ საქართველოსთან ომი აუცილებელი არ არის, რომ რუსეთს შეუძლია იყიდოს საქართველო. ამიტომაც მეტი სიფრთხილე გვმართებს, ყოველ ნაბიჯზე ამ ფორმულის ნიშნები უნდა ვეძიოთ და არ ავურიოთ ერთმანეთში პოლიტიკური მზაკვრობა და ინვესტიციების სიკეთე.

თუნდაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში მონაწილე სუბიექტები კარგად უნდა აცნობიერებდნენ პრობლემას, უნდა მივყიდოთ თუ არა ჩვენი მიწა უცხოელებს. ანალოგიური გაუგებრობის წინაშე აღმოვჩნდით (არა ვარ დარწმუნებული, რომ ეს საფრთხე ისევ რეალური არ გახდება), როდესაც მთავრობამ გაგვახარა იდეით, რომ აპირებს საქართველოს რკინიგზისა და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გაზსადენის 25%-ის გასხვისებას. ამგვარი გეგმები ან ბოროტებაა, ან უპატიებელი სიბრიყვე. თუ ასე მოხდა, გეოპოლიტიკა ზედმეტი ტერმინი გახდება ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ის სასიკეთო ძვრები და ცვლილებები, რაც ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე გვაქვს. ვფიქრობ, მუშაობა კვლავაც აქტიურად უნდა გაგრძელდეს. მოგეხსენებათ, ორიოდე კვირაა, რაც შვებით ამოისუნთქა ამ გაერთიანებამ, ანუ მას შემდეგ, რაც საფრანგეთმა მაკრონის პრეზიდენტად არჩევით ახალი სისხლი გადაუსხა ევროკავშირის პერსპექტივებს.

- ბოლო ხანს შესამჩნევია ჩვენში რუსული პროპაგანდის გაძლიერება, თუმცა ამის ფონზეც კი ძალიან შთამბეჭდავია ის შედეგები, რაც ნდი- ბოლო კვლევაში ვნახეთევროკავშირში ინტეგრაციას გამოკითხულთა 80% უჭერს მხარს, ნატოში გაწევრებას კი – 68%...

- ეს არის ჩვენი მოსახლეობის ევროპული და ევროატლანტიკური სივრცისთვის სრული მხარდაჭერა. ასეთი რამ შეიძლება დასავლურ ქვეყნებშიც კი ვერ ნახოთ. რუსეთს ვერანაირი პროპაგანდა ვერ უშველის, სანამ ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული.
რუსეთს არანაირი ილუზია არ უნდა ჰქონდეს, რომ ჩვენში საზოგადოების განწყობას მნიშვნელოვნად შეცვლის. კარგია, რომ ბოლოს და ბოლოს, ჩამოვყალიბდით, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება ჩვენვე გადავყაროთ წყალში, თუ ადეკვატური არ იქნება ჩვენი საშინაო პოლიტიკა და თუ ვერაფერი ვნახეთ სამომავლოდ ხელმოსაჭიდი, გარდა ყოფილი და დღევანდელი ორი პოლიტიკური მმართველი ძალის ურთიერთშუღლისა და გაუთავებელი დაპირისპირებისა. მუდმივად შფოთის გამომწვევი თემების წარსულიდან ამოქექვა უნდა დასრულდეს.

- საკონსტიტუციო პროექტი მზად არის და მის საერთო-საყოველთაო განხილვას ვადევნებთ თვალს.

- ცოტა არ იყოს, მწარე ირონიის თემაა ეს ე.წ. საყოველთაო განხილვები დოკუმენტისა, რომელიც, მგონი, იმ დარბაზში მყოფთაგან არავის სჭერია ხელში, გარდა პარლამენტის თავმჯდომარისა და პარლამენტის თავმჯდომარის “თავმჯდომარისა”. ეს უკანასკნელი უკვე ფართოდ დამკვიდრებული ქართული ნოუ-ჰაუა და, ალბათ, მალე გინესის წიგნშიც შეგვიტანენ იმის საჩვენებლად, თუ როგორ უნდა იარსებოს ქვეყანამ, რომელსაც ჰყავს იატაკქვეშეთში მყოფი მწყემსი. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იმის ნიშანია, რომ მომზადებულ პროექტზე უმრავლესობას წარმოდგენა არა აქვს და სხვადასხვა პოლიტიკური მიდრეკილების სუბიექტები მხოლოდ რამდენიმე საკითხზე კინკლაობენ, რაც დამამცირებელია როგორც კონსტიტუციისთვის, ასევე საზოგადოდ, ჩვენი ქვეყნისთვის.

ამ საყოველთაო გაუგებრობასა და არცთუ ცოტა საფრთხის პირობებში ჩვენში დავიწყებულია ერთი უმნიშვნელოვანესი თეზისი, რომ სახელმწიფოს საძირკველი არის ეკონომიკა, ხოლო პოლიტიკა – ზედნაშენი. სწორედ ამით არსებობენ მოწინავე ქვეყნები. ჩვენ, სამწუხაროდ, მათ რიცხვს არ მივეკუთვნებით, ჩვენთვის საძირკველიც და ზედნაშენიც, პრაქტიკულად, მხოლოდ პოლიტიკაა.

შედეგი ასეთი უგუნურებისა კი ცხადზე ცხადია… ჩემთვის სრულიად მკაფიოა, რომ დღევანდელი ხელისუფლება უკეთესია, ვიდრე მისი წინამორბედი, მაგრამ უკეთესი არ ნიშნავს კარგს. სანამ არ ვიმოქმედებთ რეალობის შესაბამისად, დავრჩებით კვლავაც ღატაკ და მშიერ ქვეყნად. ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ისევ სიდუხჭირეში ცხოვრობს.

ჩვენი ხელისუფლების ნაბიჯები უფრო ცინიზმის შემცველია, ვიდრე ჩვენი საზოგადოებისთვის შვების მომგვრელი. მაშინ, როდესაც სახელისუფლებო სტრუქტურების მთავარი წარმატება გამოიხატება პრემიებისა და დანამატების დარიგებაში, რასაკვირველია, ეს, უპირველეს ყოვლისა, ვნებს ერთიანი ეროვნული მიზნებისადმი საქართველოს მოქალაქეების ერთგულებას. სანამ ვხედავთ, რომ ხელისუფლება არად აგდებს საკუთარ ვალდებულებას მოსახლეობის წინაშე, არაფერს აკეთებს თითოეული ინსტიტუციის გაჯანსაღებისთვის, ვერ დავიჯერებთ, რომ ასეთი ხელისუფლება უმწიკვლოა ისეთი დოკუმენტის შექმნისას, რასაც ქვეყნის კონსტიტუცია ჰქვია. ძალიან საეჭვოა, რომ სწორედ “ქართული ოცნების” პოლიტიკური მომავლის ინტერესებია ჩადებული დღევანდელ საკონსტიტუციო ცვლილებებში.

რა სახის საფრთხეებია და როგორ უნდა იყოს კონსოლიდირებული მთელი ერი იმისთვის, რომ არ დავუშვათ კიდევ ერთხელ გამოუსწორებელი შეცდომები, ამაზე ძალიან დიდი დაფიქრება გვმართებს ყველას.

- რა საფრთხეებს გულისხმობთ?

- იმას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესმა, წესით, უნდა მოახერხოს ქვეყნის კონსოლიდირება და არა დაქსაქსვა. რაც დრო გადის, ჩვენი შიდა პოლიტიკა გაცილებით მაღალ მოთხოვნებს წარმოშობს საზოგადოებისთვის. თუ არ იქნება სიმშვიდე ჩვენს ოჯახში, ჩვენ გარშემო მშვიდობიან სივრცეზე ოცნება აზრს კარგავს. ჩემი აზრით, წარმოდგენილი ცვლილებების ნაწილი მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასაც. პრეზიდენტი ფორსმაჟორულ ვითარებებში, კრიზისებისას, ღმერთმა დაგვიფაროს და, საომარი მოქმედებებისას, უნდა იყოს ერის გამაერთიანებელი, ქვეყნის სიმბოლო, თუმცა ეს ცვლილებები ამას საბოლოოდ ასამარებს და უკიდურესად უზღუდავს მას უფლებებს.

- გასულ კვირას დიდი ხმაური მოჰყვა ინფორმაციას მოსკოვის ექსმერ იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტის თაობაზე, რაცოკუპაციის შესახებკანონის დარღვევით მოხდა

- ყველაზე საინტერესო ამ ამბავში ის არის, რომ დღემდე უცნობია მისი მომწვევი და მასპინძელი. ლუჟკოვი თავზე ხელაღებული “ხულიგანი” არ არის, რომ ეფიქრა, აქ ჩამოსულს რაიმე საშიშროება დაემუქრებოდა და მაინც ასეთ პროვოკაციაზე წასულიყო.
დარწმუნებული ვარ, მას ხელშეუხებლობა გარანტირებული ჰქონდა. როგორც ჩანს, ეს დაგეგმილი იყო ისე, რომ საზოგადოების უკმაყოფილება გამოხატულიყო პოსტფაქტუმ, ანუ მისი საქართველოდან წასვლის შემდგომ. ყველაზე გასაბრაზებელია ის განცხადებები, რომ თურმე საქართველოს შესაბამისმა სტრუქტურებმა არ იცოდნენ, რომ ის ოკუპირებულ ტერიტორიებზე იყო ნამყოფი და აქ ჩამოსვლისას კანონს არღვევდა. ამგვარი განცხადებები მთლიანად აფარჩაკებს იმ უწყებებს, რომლებიც ვალდებული არიან, დაიცვან კანონი. ამით აჩვენებენ, რომ აზრზე არ არიან, რა ხდება საქართველოში. საბოლოოდ ყველაფერი მიგვანიშნებს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ლუჟკოვი საქართველოში მაღალი თანამდებობის პირის მოწვევით თუ არა, თანხმობით ნამდვილად ჩამოვიდა.

- ბოლოს და ბოლოს, ხელისუფლებამ დაიწყო ლაპარაკი ონლაინკაზინოების შეზღუდვის თაობაზე...

- კარგად მახსოვს, რომ სწორედ “პალიტრამედია” იყო ორგანიზატორი ონლაინკაზინოებისთვის შემზღუდველი რეგულაციების დაწესების კამპანიისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. მთავრობამ კარგა ხანს ამ საკითხს ყურადღება არ მიაქცია. იმედია, ახლა მაინც მიიყვანს საქმეს ბოლომდე.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როდესაც არასრულწლოვნებს ჩაითრევ ფინანსურ მაქინაციებში, ეს ბიზნესი კი არა, ვერაგობაა. მომწამლავი და გამანადგურებელი შეთავაზებებით გავსებულია სატელეფონო თუ სოციალური სივრცეები. ეს უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა, ოღონდ კარგი იქნება, თუ გასაჯაროვდება იმ პირთა გვარები, რომლებიც ფლობენ ამ საშინელ ბიზნესს და ვერაგულად წამლავენ ჩვენს ახალგაზრდა თუ ზრდასრულ მოქალაქეებს. ასეთი სია თუ გამოქვეყნდება, იმასაც მივხვდებით, რატომ აქამდე არ შეიზღუდა ჩვენი მოსახლეობის ასეთი მზაკვრული გაძარცვა და გაუბედურება.

კვირის პალიტრა“, 15 მაისი, 2017 წელი

ინტერვიუ ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძესთან: რატომ კარგავს შვიდი თვითმმართველი ქალაქი სტატუსს

რუსუდან შელია

საკონსტიტუციო ცვლილებები ადგი­ლ­ობრივ თვითმმართველობასაც შეეხო – შვიდი თვითმმართველი ქალაქი სტატუსს კარგავს. რა ცვლილებები იგეგმება კანონმ­დებლობაში, რომელიც 2014 წელს შევიდა­ ძალაში და როგორ პასუხობს ოპოზიციის ბრალდებებსა და 120 არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე გვესაუბრება: „არავინ დაობს, რომ 2014 წელს დაწყებული რეფო­რმა იყო წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელმაც შექმნა ძლიერი­ ფუნდამენტი თვითმმართველობის განვითარებისათვის, თუმცა სამწლიანმა პრაქტიკამ­ გამოკვ­ეთა სისტემის დახვეწის აუცილებლობა – დეც­ენტრალიზაცია რჩება მთავრობის პრიორიტეტად დემოკრატიული განვითარებისა და ევროპასთან დაახლოების გზაზე“, – ამბობს მინისტრი.

- პარლამენტის თავმჯდომარის განცხად­ებით, თვითმმართველობების გასაძლიერებ­ლად­ კონსტიტუციაში გარანტიები გაიწერებათუმცა­ როგორ მოახერხებთ ამას, როდესაც­ შვიდი ქალაქისთვის თვითმმართველი ორგა­ნოს­ სტატუსის გაუქმებას გეგმავთ?

- მუნიც­იპა­ლ­ი­ტეტების ტერიტორიული ოპტიმიზა­ცი­ის შედეგად ჩამოყალიბდება ერთი თვი­თმ­მართველი ერთეული, შერწყმულ მუნიც­იპა­ლიტეტს კი ახლა არსებული ორივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი სრულად დარჩება. დღეს მერისა და გამგებლის ფუნქციებში არანაირი სხვაობა არ არის. ამიტომ უმჯობესი იქნება, ყველა მუნიციპალიტეტის­ აღმასრულებელი ორგანოს არჩეულ ხელმ­ძღვანელს ერთი სახელი ერქვას – მერი, რაც ევროპული და ყველგან მიღებული ტერმინია. მერი გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად აღარ მიიღებს. ყველა მერიაში­ ჩამოყალიბდება აღმასრულებელი კოლეგი­ური ორგანო, რომელიც გააერთიანებს მერის მოადგილეებსა და სამსახურების უფროსებს. გადაწყვეტილების მიღებაში­ ჩართული იქნება ყველა აუცილ­ებელი დარგობრივი რგოლი. ამასთან, კოლეგიური­ ორგანოს მსჯელობა იქნება ღია ყველა დაინტერესებული პირისთვის. ამით გაიზრ­დება პროცესის გამჭვირვალობა­ და პასუხისმგებლობის ხარისხი.

- ეს ხომ არ ნიშნავს, რომ საკრებულოები უფუნქციოდ რჩებიან?

- საკრებულოებს დემოკრატიული კონტროლისთვის ბერკეტები მიეცემათ. მაგა­ლ­ითად, მერი საკრებულოს წარუდგენს­ თავისი მოადგილეებისა და სამსახურის უფროსების კანდიდატურებს და მხოლოდ საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში დანიშ­ნავს მათ. საკრებულოების მეშვეობით მოქალაქეებს ექნებათ მეტი საშუალება­, გავლენა­ მოახდინონ მერიის მუშაობაზე. ყველა დასახლებაში შეიქმნება­ ტერიტორიული ორგ­ანოები და ამ სათათბირო საბჭოებს, გამგ­ებლის უფუნქციო წარმომადგენლის ნაცვლად, ეყოლება ხელმძღვანელი, რომელიც უზრუნველყოფს მოსა­ხლეობის მიერ შერჩეული 10-15-წევრიანი სათათბიროს გადაწყვეტილებების მიტანას მერიამდე. მასვე დაეკისრება ამ გადაწყვეტ­ილებების ადგილზე აღსრულების მონიტორინგის ფუნქცია. საბჭო იმსჯელებს გზებზე, წყალმომარაგებაზე, გამწვანებაზე, ქალაქებში კორპუსების კეთილმოწყობაზე და ა.შ.

გარანტიებს კი, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობდა, ქმნის კონსტიტუციის პროექტის ის ნაწილი, რომლის თანახმადაც, უფლებამოსილების გამიჯვნა ეფუძნება სუბსიდირების პრინციპს და რაც მთავარია, სახელმწიფო იღებს ვალდებ­ულ­ებას, უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის ფინანსური სახსრების შესაბამ­ისობა ორგანული კანონით დადგენილ უფლებამოსილებებთან. კონსტ­იტუციის პროექტში გაწერილია, რომ თვითმმართველ ერთეულს აქვს საკუთარი ქონება, ფინანსები და ის დამოუკიდებლად ადგენს თავის ორგანიზაციულ მოწყობას და იღებს საკადრო გადაწყვეტილებებს.

- 120 ორგანი­ზაციის მიმართვაც გავრცელდა, რომ თვი­თმ­მართველი ქალაქების რაოდენობის შემც­­რება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნის განვითარებისთვის

- პროცესის ასე ცალმხრივად შეფასება კატეგორიულად მიუღებელია. მით უმეტეს, რომ დღემდე არ მოგვისმენია არსებული ხარვეზების კრიტიკული ანალიზი. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით წლის ბოლომდე მივიღებთ დეცენტრალიზაციის საშუალოვადიან სტრატეგიას.

- როდესაც წინა მოწვევის პარლამენტმა­ “თვი­თმმართველობის შესახებკანონი მიიღომთ­ავარი მოტივი იყო, ამომრჩეველს ჰქონოდა­ შესაძლებლობა მერის ან გამგ­ებლის­ არჩევისათუ გავითვალისწინ­ებთ, რომ პრეზიდენტიც არაპირდაპირი წესით უნდა ავირჩიოთ, ხომ არ იქმნება შთა­­ეჭდილება­, რომ რეგიონებშიც­ ამომრჩევ­ლი­­ ჩართულ­ობა პოლიტიკური მოტ­ივით იზღუდება?

- არჩევითობის წესი უცვლელია, ყველა მუნიციპალიტეტს არჩეული ხელმძღვანელი ეყოლება. რაც შეეხება მოქალაქეთა ჩართულობას, ცვლილებათა პაკეტი მეტ საშუალებას აძლევს მათ, საკუთარი სოფ­ლის (ქალაქის შემთხვევაში, უბნის) საკითხების მოგვარებაში მონაწილეობა მიიღონ.­.. არ შემცირდება არც ერთი შერწყმული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, მენეჯმენტის ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი ბიუროკრატიული ხარჯები კი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. მუნიციპალიტეტებში დარეგულირდება ააიპ-ების მექანიზმიც. ეს გულისხმობს ერთ სფეროში მხოლოდ ერთი ორგანიზაციის შექმნის შესაძლებლობას, რაც გაბერილი შტატების შემცირებას და ხარჯების დაზოგვას ნიშნავს.

- რა ცვლილებები იგეგმება სატენდერო­ საქმეშიექსპერტები მიუთითებენ ხარვეზე­ბზე, რომლ­ებსაც კომპანიები სათავისოდ იყენებენ. მაგალითად, საქმეში­ გამოცდილების­ დასაფიქსირებლად უცხოურ კომპანიებთან ერთად ტენდერებში ფიქციურად­ მონაწილეობა და. ..

- ტენდერში გამარჯვებულმა კომპან­იამ, მათ შორის, უცხოურმა, პროექტი უნდა შეასრულოს დროულად, ბიუჯეტისა და ხარისხის დაცვით. თუ კომპანიას ჰყავს ადგილობრივი ქვეკონტრაქტორი, რომელიც სამუშაოების დიდ ნაწილს ასრულებს, ეს კარგია ბიზნესის ხელშეწყობისა და დასაქმებულთა შემოსავლების ზრდისთვის. რაც შეეხება ფიქციურად დაფუძნებულ კომპანიებს, გამორიცხულია, რომელიმე ტენდერი მოიგონ.

- მაშინ რატომ ილაპარაკა სამთავრობო­ სხდომაზე პრემიერმა ტენდერებში მონაწილე­ კერძო კომპანიებთან არსებულ პრობლემებზე

- პერიოდულად არის პრობლემები, თუმცა სისტემატური ხასიათი არა აქვს. ჩვენ არ ვუყურებთ ამ საკითხს როგორც კონტრაქტორსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობას. სახელფასო დავალიანების­ შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე ვრე­აგირებთ. უკვე დავიწყეთ ათეულობით სტრატეგიული და შიდასახელმწიფოებრივი­ მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პრო­ექტი. 2017-2020 წლებში ვგეგმავთ 2500-მდე პროექტის განხორციელებას. ეს გულისხმობს 1000 კილომეტრი გზის მშენებლობა-რეაბილიტაციას, ნახევარ მილიონამდე მოქალაქე ისარგებლებს 24-საათიანი წყალმომარაგებით, აშენდება 7 ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყ­რელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 120-მდე სოციალური დანიშნულების ობიექტს, განხორციელდება 9 მნიშვნელოვანი კულტ­ურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავ­რაცია. ძეგლების მიმდებარედ მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრები და მოწესრიგდება ტურისტული ინფრასტრუქტურა. ამ პროექტებზე 10 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება.

კვირის პალიტრა“, 15 მაისი, 2017 წელი

ოღონდ ჯარში არა

ფიქციური მღვდელმსახური კანაფით ხელშიგირჩის“ „ბიბლიური თავისუფლება

რედაქცია

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის – “სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება”, ლ პუნქტში წერია, რომ მღვდელმსახურებს ან სასულიერო სასწავლებლების სტუდენტებს გადაუვადდებათ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა. სწორედ კანონის ეს მუხლი გამოიყენა პოლიტიკურმა გაერთიანება “გირჩმა”, რომ წვევამდელებს ჯარში სამსახურისთვის თავის არიდება კანონის დაურღვევლად შესძლებოდათ. ამისთვის “გირჩმა” დააფუძნა რელიგიური ორგანიზაცია “ბიბლიური თავისუფლება”, რომელშიც გაწევრებულ ახალგაზრდებს “გირჩი” აძლევს მღვდელმსახურის სტატუსს და გადაუვადებს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას… ფორმალურად ყველაფერი კანონიერია, თუმცა, არც “გირჩი” და არც ეს ახალგაზრდები არ მალავენ, რომ ხუთ წუთში მღვდლად “კურთხევა” ფიქციაა და მისი მიზანი მხოლოდ ჯარში სამსახურისთვის თავის არიდებაა.

“გირჩმა” უკვე მიაღწია “წარმატებებს” – “ბიბლიურ თავისუფლებაში” უკვე ოთხასამდე ახალგაზრდა “მიიღო” და ეცდება, მომავალში მეტი “აკურთხოს მღვდლად” ანუ ეს პოლიტიკური აქცია უფრო მასშტაბური გახდეს. შეიძლება ჩაფიქრებულია ამ “ნაკურთხი” მღვდელმსახურებით “გირჩის” რიგების გაზრდა, ისევე, როგორც ამას “იეჰოვას მოწმეების” ორგანიზაცია აკეთებს წლების განმავლობაში.

რა შეიძლება ვთქვათ?

მხოლოდ ერთი: “გირჩის” ქმედება ანტისახელმწიფოებრივია და ისევე, როგორც წინა აქცია კანაფის თავისუფლად დათესვა-გამოყენების შესახებ, საქართველოს სახელმწიფოს საფრთხეს უქმნის.

საინტერესოა, ჰქონდა თუ არა ასეთი იდეები “გირჩის” თავმჯდომარეს, ბ-ნ ზურაბ ჯაფარიძეს 2003-2015 წლებში, როდესაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტიური წევრი იყო და თუ ჰქონდა, როგორ უყურებდა ამას მისი პარტიის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი? ეს არა, მაგრამ ის კი ვიცით, რომ “ნაციონალების” ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში მისგან სახალხოდ არავის გაუგონია კანაფის სახლში დათესვის მოწოდება და ახალგაზრდის ფიქციურად მონათვლა მღვდელმსახურად მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულ ჯარში სამსახურისთვის თავი აერიდებინა.

“გირჩის” წარმომადგენლების მტკიცება, რომ ახალგაზრდა ერთი წელი ჯარში თურმე მხოლოდ “ყარაულია”, კრიტიკას ვერ უძლებს. მათ, როგორც ჩანს, არაფერი იციან “საყარაულო სამსახურის” დიდ მნიშვნელობაზე სტრატეგიული ობიექტებისა თუ იარაღისა და ტყვია-წამლის სა­წყობების დაცვისას. არმიამ რაც უნდა დიდ წარმატებას მიაღწიოს ფრონტის ხაზზე, მტრის სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა ზურგში ტყვია-წამლის ერთი დაუცველი საწყობიც რომ ააფეთქოს, შეიძლება ომის ჩარხი შეაბრუნოს. ახლახან უკრაინელებს დივერსანტებმა უზარმაზარი საწყობი აუფეთქეს და უკრაინის არმიას მილიარდი დოლარის საერთო ღირებულების საბრძოლო მასალა დააკლდა, რაც მალე დაეტყობა დონბასში მიმდინარე ბრძოლებს…

ერთი წლის განმავლობაში ყოველ მეორე დღეს ჯარისკაცის საგუშაგოზე დგომა, რა თქმა უნდა, დარღვევა იყო, მაგრამ არავინ უშლიდა თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის უფროსობას, ხანდახან ეს ჯარისკაცები პოლიგონზეც გაეყვანათ. ახლა სიტუაცია თითქოს იცვლება – წვევამდელებმა ისეთივე სამთვიანი საწყისი სამხედრო მომზადება გაიარეს, როგორსაც საკონტრაქტო სამსახურში მიღებულები გადიან და დარჩენილ ცხრა თვეში ეს ჯარისკაცები საგუშაგო კოშკურის გარდა სასროლეთსაც რამდენჯერმე ნახავენ.

“გირჩის” ახალი ინიციატივა მხოლ­ოდ იმიტომ კი არ ემუქრება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, რომ ისინი დღეს ერთწლიან სავალდებულო სამსახურს “და­უძვრებიან”, არამედ იმიტომ, რომ ისინი არც მომავალში გამოდგებიან სარეზერვო სამსახურისთვის, არადა, ბრძოლისუნარიანი რეზერვის გარეშე რეგულარულ შეიარაღებულ ძალებს ხანგრძლივი საბრძო­ლო მოქმედებებისთვის არც ძალა ეყოფათ და არც – რესურსი.

საქართველოში შექმნილი რთული ეკონომიკური ვითარების გამო მართლაც მძიმე მდგომარეობაში ვარდება ის ახალგაზრდა, რომელსაც ჯარში გაწვევის უწყება მიუვიდა, არადა, ძლივს იშოვა სამსახური და ვერავინ მისცემს პირობას, რომ ერთი წლის განმავლობაში მას ამ სამსახურს “შეუნახავენ”. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და იქნებ ჯობდა, “გირჩს” ყველა ჩვენგანთან ერთად ამ პრობლემის მოგვარებაზე ეფიქრა.

კანაფით ხელში ფიქციური მღვდელმსახურება არ უნდა იყოს საქართველოს ახალგაზრდა მოქალაქეების ოცნება, რადგან ერთწლიანი სამხედრო მომზადება ახალგაზრდას ფიზიკურადაც და მორალურადაც ისე გააძლიერებს, რომ ქვეყნის და ოჯახის საიმედო დამცველი გახდება არა მარტო რუსული სამხედრო აგრესიის, არამედ ათასნაირი ტერორისტული საფრთხის (რომლებიც შეიძლება ჯერ კიდევ წინ გვაქვს) დროსაც…

კვირის პალიტრა“, 15 მაისი, 2017 წელი

თორდია-ფარცხალაძის საქმე

შემთხვევით შევხვდი ოთარ ფარცხალაძეს. აგრესიულად მითხრა, ჩემზე კომპრომატებს რატომ აგროვებ, თანამდებობრივი ვადა რომ გაგივა, ცხოვრების გაგრძელებას როგორ აპირებო…. ხუთი კაცი მირტყამდა

რუსუდან შელია

გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი დაცვის წევრები თავ­დასხმაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მისი ცემა მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშ­ირდება. თორდიამ ისიც აღნ­ი­შნა, რომ აუდიტის სამსახურის­ მიერ მოკვლეულ მასალებში ოთარ ფარცხალაძე ფიგურირებს. კომპეტენტურმა წყარომ “კვირის პალიტრას” მიაწოდა ინფორმაცია, თუ რის გამო მოხდა ეს კონფლიქტი. აი, რა გვიამბო მან.

რა კომპენსაცია მიიღო ფარცხალაძემ მერიისგან

- ყოფილი მთავარ პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისა და სახელმწიფო აუდიტის­ სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას­ დაპირისპირებამ პიკს მას შემდეგ მიაღწია, რაც აუდიტის სამსახურმა თბილისის მერიის საქმიანობის შესწავლა დაიწყო.­ ლაპარაკია ვერეს ხეობაში არსებულ­ მიწის ნაკვეთზე, რომლის სანაცვლოდაც ფარც­ხალაძემ ორი ნაკვეთი ვეძისის დასახლებაში მიიღო.

მოვლენებს ქრონოლოგიურად მივყვეთ: ვერეს ხეობაში ქართულ-ებრაული კომპანია, რომლის ბორდის წევრიც მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილი, ნიკა ალასანიაც იყო, საკუთრებაში სამ ნაკვეთს ფლობდა. ერთ-ერთ მათგანზე, რომლის ფართობი დაახ­ლოებით 2300 კვადრატული მეტრია, მაშინ ახალი გზის გაყვანა დაიწყო. გზის ყველა მონაკვეთის გაყვანის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ქართულ-ებრაული კომპანიის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის 74% ახალმა გზამ დაფარა, რის სანაცვლოდაც მან მერიისგან კომპენსაცია მოითხოვა…

მერიისა და ქართულ-ებრაული კომპანიის დავაში ფარცხალაძე 2016 წლის თებერვალში ჩნდება. კერძოდ, 2016 წლის 19 თებერვალს კომპანიამ კიდევ ერთხელ მოსთხოვა კომპენსაცია მერიას, თუმცა, რამდენიმე დღეში, ვერეს ხეობაში არსებული ერთ-ერთი ნაკვეთი ოთარ ფარცხალაძეს მიჰყიდა. 2016 წლის 29 თებერვალს ფარცხალაძემ ვერეს ხეობაში რამდენიმე დღის წინ ნაყიდი ნაკვეთის ნაცვლად, კომპენსაციის სახით ვეძისის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი საკმაოდ დიდი ნაკვეთი მიიღო. როგორც ჩვენთვის ცნობილია, დღეს ამ ტერიტორიაზე დეველოპერული კომპანია უკვე კორპუსებს აშენებს.

ყველაზე უცნაური ის არის, რომ ამ საკითხზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში­ ორი დასკვნა დევს. ერთი დასკვნის მიხედვით, მერიამ 2016 წლის 19 თებერვალს ქართულ-ებრაულ კომპანიას კომპენსაციად ნაკვეთების გადაცემაზე უარი უთხრა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ვერეს ხეობაში კომპანიისგან ნაკვეთი ფარცხალაძემ შეიძინა, ზუსტად 10 დღეში, ანუ, 2016 წლის 29 თებერვალს, დედაქალაქის ხელმძღვანელობამ ყოფილ მთავარ პროკურორს კომპენსაციაზე თანხმობა განუცხადა და ვეძისში დიდი ფართობი გადასცა.

მეორე დასკვნის მიხედვით კი, 2016 წლის 19 თებერვალს მერიამ ქართულ-ებ­რაულ კომპანიას კომპენსაციის სახით ორი მიწის ნაკვეთი შესთავაზა, თუმცა კომპანიამ ამაზე უარი განაცხადა, მაგრამ შემდეგ ნაკვეთი, რომელზეც გზა გადის, ფარცხალ­აძემ იყიდა და უკვე ახალმა მეპატრონემ (ყოფილმა მთავარმა პროკურორმა) თანხმობა განაცხადა კომპენსაციად მიეღო ორი ნაკვეთი.

სხვათა შორის, თავად აუდიტის სამსახურAში მიმდინარეობს იმის გარკვევა, თუ რატომ დაიწერა ამ საქმესთან დაკავშირებით ორი ერთმანეთისგან გასხვავებული დასკვნა. თუმცა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, თავად ფარცხალაძის გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ აუდიტის სამსახურმა მასსა და მერიას შორის შეთანხმების დეტალების შესწავლა დაიწყო და სწორედ ამის გამო მოხდა ეს ინციდენტი.

ხუთი კაცი მირტყამდა

ლაშა თორდია, გენერალური აუდიტორი:

- „ელ ცენტროში” დაბადების დღეზე­ გახლდით, სადაც შემთხვევით შევხვდი­ ოთარ ფარცხალაძეს, რომელსაც თან ხუთი პირი ახლდა. შეხვედრისას აგრესიულად მითხრა, ჩემზე კომპრომატებს რატომ აგროვებ, თანამდებობრივი ვადა რომ გაგივა, ცხოვრების გაგრძელებას როგორ აპირებო. ვუპასუხე, რომ ეს მისი საქმე არ იყო, რაზეც უფრო აგრესიული გახდა. ჩვენს საუბარში მისი თანმხლები პირი ჩაერთო, ალბათ, დაცვის თანამშრომელი, რადგან ვერ ვიცანი. მანაც აგრესიულად მომმართა­ და ამ დროს გვერდიდან ხელი დამარტყეს… ხუთი კაცი მირტყამდა.

- რა მასალები გაქვთ?

- საქმე ეხება მერიის მიერ მიწის ნაკვეთების ჩანაცვლებას, სადაც კონკრეტულად ოთარ ფარცხალაძის სახელი და გვარი ფიგურირებს.

- ადასტურებთ, რომ თქვენი და ფარცხალაძის დაპირისპირება უკავშირდება კომპენსაციის საკითხს? მართალია თუ არა, რომ ერთ-ერთი ვერსიით, ქართულ-ებრაულმა კომპანიამ მერიისგან კომპენსაცია ვერ მიიღო, თუმცა მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძემ შეიძინა აღნიშნული მიწის ნაკვეთი, ის საკმაოდ სოლიდური კომპენსაციით დაკმაყოფილდა?

- დაახლოებით ასეა, მაგრამ ახლა ვერ ვილაპარაკებ…

- ადასტურებთ, რომ აუდიტის სამსახურში ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებული ორი შინაარსით განსხვავებული დასკვნა მოხვდა?

- არ ვიცი, რაზე ლაპარაკობთ… ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ მერიაშიც, თუმცა, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, კომენტარს მას შემდეგ გაავრცელებენ, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური დეტალურ ინფორმაციას გაასაჯაროებს. რაც შეეხება საგამოძიებო ნაწილს, როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება დაწყებულია 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

ჯერ კიდევ უგულავას მერობის დროს კომპანია ითხოვდა კომპენსაციას

ნიკა ალასანია, ქართულ-ებრაული კომპანიის ბორდის ყოფილი წევრი:

- ქართულ-ებრაული კომპანია, რომლის ბორდის წევრიც 2011 წლამდე ვიყავი, მართლაც ფლობდა ვერეს ხეობაში მიწის ნაკვეთებს, რომელთა ნაწილიც ახალმა გზამ დაფარა. ჯერ კიდევ გიგი უგულავას მერობის დროს კომპანია ითხოვდა მერიისგან კომპენსაციას. მაშინ ეს საკითხი ვერ გადაწყდა, თუმცა იყო პირობა, რომ კომპენსაციას კომპანია აუცილებლად მიიღებდა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მართალია, კომპანიის საქმიანობას ჩამოვშორდი, მაგრამ ინფორმაცია მომაწოდეს, რომ აღნიშნული ქართულ-ებრაული კომპანიის ჯერ პარტნიორი, შემდეგ კი 100%-იანი წილის მფლობელი ოთარ ფარცხალაძე გამხდარა. გამიკვირდა, თუმცა, რადგან მართვაში არ ვმონაწილეობდი, ბუნებრივია, ვერაფერს შევცვლიდი. ნამდვილად არ გამიკვირდება, თუ ოთარ ფარცხალაძემ ამ კომპანიის გამოყენებით სხვა ქონების მითვისება მოახერხა, თუმცა, როგორც გითხარით, ჩემთვის უცნობია დეტალები, როგორ და რა პირობებით მიიღო კომპანიამ კომპენსაცია.

„ოთარ ფარცხალაძეს დღესაც გავლენა აქვს სამართალდამცავ სისტემაზე

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

- საქა­რ­თველოს უახლოეს ისტორიაში მსგავსი ქმედება უპრეცედენტოა – თავს დაესხნენ­ მოქმედ მაღალი თანამდებობის პირს, რომელიც ზედამხედველი ორგანოს ხელმძღვანელია. თავს დაესხა პირი, რომელიც პროკურატურასთან დაახლოებულია. როდესაც გენერალური აუდიტორი აღმოაჩენს სამართალდარღვევას, ვალდებულია, პროკურატურას გადასცეს. სწორედ ამაშია სკანდალის თავიდათავი.­ ეს არის ვითარება, როდესაც წითელი ხაზი გადაკვეთილია, ამის შემდეგ ქაოსი იწყება. მომხდარი იქნება ტესტი ხელისუფლებისთვის. თუ ამ ფაქტს რეაგირება არ მოჰყვა, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებაში შიდაკლანური დაპირისპირება სახიფათო ფაზაში გადადის. თუ მცდ­ელობა იქნება, საქმე ჩაიფარცხოს, ეს ძვირად დაუჯდება ხელისუფლებას… კარგად გვახსოვს ფარცხალაძის დანიშვნის ისტორია გენერალურ პროკურორად. როგორც ამბობენ, დღესაც გავლენა აქვს სამართალდამცავ სისტემაზე, გია უდესიანა­დაც კი ჩამოყალიბდა და ზონდერჯგუფებიც ჰყავს. “მხედრიონის” პერიოდს თუ არ გავიხსენებთ, მსგავსი პრეცედენტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსენდება.

————————-

რეზონანსი//მთელი კვირა“, 15 მაისი, 2017 წელი

ინტერვიუ ზაალ ანჯაფარიძესთან: რამდენ ბარტყს გადმოუგდებს ხელისუფლება ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორს // „ხელისუფლება დაელოდება ისეთ დროს, როდესაც ამ კომპრომისებს მაქსიმალური პოლიტიკური და პროპაგანდისტული ეფექტი ექნება

ეკატერინე ბასილაია

„არ მინდა, ამ ინციდენტზე (ფარცხალაძის მიერ თორდიას ცემა) რაიმე წინმსწრები დასკვნები გამოვიტანო. გამოძიება ვალდებულია, სრულყოფილად გამოიძიოს ეს საქმე, ეს თავდასხმა არის სახელმწიფო თანამდებობის პირის ჯანმრთელობის ხელყოფა. აქ უკვე ხელისუფლების პრესტიჟზეა საუბარი და ძალიან გამიკვირდება, თუ ეს საქმე ჩაიფარცხება და ეს ხელისუფლებისადმი ნდობაზე აისახება,» – აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

- კონსტიტუციური ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვა ფინალს უახლოვდება. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ცუდი კონსტიტუცია გვქონდა და ახლა მიიღებენ ძალიან კარგს. თქვენი აზრით, ახლა ვიღებთ ისეთ კონსტიტუციას, რომელსაც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდგომ გადახედვა არ დასჭირდება?

- არ ვარ დარწმუნებული, რომ გადახედვა არ დასჭირდება. თუმცა ისიც მინდა აღვნიშნო, რომ არაერთი გაუმჯობესებაა წინა კონსტიტუციასთან შედარებით, რომელიც მართლა ერთი ადამიანის ინტერესებს იყო მორგებული. თუმცა არის გარკვეული მომენტებიც, რაც სამომავლოდ ალბათ შექმნის გარკვეულ კოლიზიებს და პოლიტიკურ კლასს კვლავ მოუწევს ცვლილება. ეს ეხება საარჩევნო წესს, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ პუნქტებს და სხვა დებულებებსაც.

- საუბარია, რომ დიდი ბონუსების გამო საარჩევნო სისტემა უარესდება და არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შანსები ნულდება. გარკვეულ მომენტებში ამას გულისხმობთ?

- ერთ-ერთს სწორედ ამ ხარვეზს ვგულისხმობ. ახალი კონსტიტუციით შემოთავაზებული ბონუსების სისტემა პირველ ადგილზე გასულ პარტიას აძლევს დაუმსახურებელ პრივილეგიას, რომ მან მიიღოს ის გადაუნაწილებელი მანდატები, რაც მას არ ეკუთვნის. შესაძლოა, ასეთი მანდატები ბევრი აღმოჩნდეს და თუ ისინი პირდაპირ პირველადგილოსანი პარტიის ყულაბაში წავა, მას არ გაუჭირდება, შედარებით მცირე მხარდაჭერის პირობებშიც მოაგროვოს საპარლამენტო უმრავლესობა. მეორე მაგალითსაც მოგიყვანთ, თუ რატომ არის ეს სისტემა უსამართლო. შესაძლოა, ორმა პარტიამ არჩევნებში თითქმის მსგავსი შედეგი აჩვენა და პირველ ადგილზე გასულმა მხოლოდ 2%-ით გაუსწრო მეორეადგილოსანს, ბონუსების სისტემით კი გაუნაწილებელი მანდატები მხოლოდ პირველ ადგილზე გასულს მიეცემა, რაც არცთუ სამართლიანი იქნებოდა. ვფიქრობ, ვენეციის კომისიის მხრიდან ამის თაობაზე გარკვეული მითითება იქნება.

- გვესმის პრეტენზიები, რომ როგორც წინა, ისე დღევანდელი ხელისუფლება კონსტიტუციას თავის თავზე ირგებს, რათა ძალაუფლება რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს. ეთანხებით ამ აღქმას?

- რეალურად, ხელისუფლების შენარჩუნების ერთ-ერთი მექანიზმი საარჩევნო სისტემაა და, სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ მმართველი პარტიის გარკვეული ფრთა ვერ გაექცა ცდუნებას, საკუთარ პოლიტიკურ და კონიუნქტურულ ინტერესებზე მოერგო კონსტიტუციის ეს მუხლი. ეს უნდა ვაღიაროთ. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ხელისუფლების ერთგვარ ტაქტიკასთან გვაქვს საქმე – თავდაპირველად ხელისუფლება ცდილობს, ამ საკითხში დაიკავოს ხისტი პოზიცია და იმისდა მიხედვით, თუ რა დოზით იქნება ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წნეხი, გადმოაგდოს რაღაც კომპრომისები. რამდენ ბარტყს გადმოაგდებს ბუდიდან, ამას პოლიტიკური სიტუაციის დინამიკა გვაჩვენებს. ხელისუფლება დაელოდება ისეთ დროს, როდესაც ამ კომპრომისებს მაქსიმალური პოლიტიკური და პროპაგანდისტული ეფექტი ექნება.

- ენ-დი-აის კვლევა გამოქვეყნდასაბჭოთა კავშირის დაშლას ცუდ მოვლენად მიიჩნევს მოსახლეობის 42%, ევრაზიულ კავშირში გაერთიანება სურს 21%- და 26% მიიჩნევს, რომ ევროპაში უვიზო მიმოსვლა ქართული მენტალიტეტის დაკარგვას გამოიწვევს. რატომ არის ამხელა ნოსტალგია რუსეთზე? რუსული პროპაგანდის გააქტიურება და სუსტი პროდასავლური პროპაგანდაა მიზეზი?

- თუ ენ-დი-აის კვლევებს ვენდობით, მე ვიტყოდი, რომ ქვეყანაში სწორედ პროდასავლური პროპაგანდაა სუსტი და არაეფექტური და ამის შედეგია ეს მონაცემები. კი, რუსული პროპაგანდაც მოქმედებს. საქართველოში ორი იდეოლოგიის, ორი სამყაროს კონკურენციაა – ერთი მხრივ, რუსულის და, მეორე მხრივ, ევროატლანტიკური სივრცის. გამოკითხვის ამ შედეგებზე უპირველესად პასუხი უნდა მოვკითხოთ ხელისუფლებას, ასევე სამოქალაქო სექტორს, რომელმაც თავის თავზე აიღო პროდასავლური ღირებულებების პროპაგანდა და გავრცელება მოსახლეობაში.

მედიასაც მიუძღვის ამაში წვლილი. საკაბელო ტელევიზიების პაკეტში 80% რუსულენოვანი არხია, რომლებიც მიზანმიმართულად ავრცელებენ რუსული სამყაროს ნარატივს, რომელიც აღწევს მოსახლეობამდე, განსაკუთრებით საშუალო და უფროს თაობამდე, რომელსაც გარკვეული ისტორიული მეხსიერებაც აკავშირებს საბჭოთა კავშირთან. ამ არხების აკრძალვის მომხრე არ ვარ. როდესაც რაღაცას კრძალავ, საზოგადოებაში ყოველთვის ჩნდება მოთხოვნა, რომ აკრძალულზე წვდომა მიიღო. ჩვენ ხომ ვერ დავემსგავსებით ავტორიტარულ სახელმწიფოებს?! ვფიქრობ, მეტი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ რუსული პროპაგანდა დასავლურ ღირებულებებთან კონკურენციის პირობებში დამარცხდეს და არა რეპრესიული მეთოდებით.

- ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ სცემა აუდიტის ხელმძღვანელი ლაშა თორდია. ეს მძიმე შემთხვევა სწრაფად უნდა გამოიძიონ და პატიმრობით უნდა დაისაჯოს თუ არა ფარცხალაძე?

- რასაკვირველია, თუ მას დაუმტკიცდა დანაშაული, ის კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. დაველოდოთ სამართალდამცველების განცხადებას, ჯერ მარტო დაზარალებულის ჩვენება გვაქვს ხელთ.

- თუმცა მსგავს ფაქტებზე არაერთი შერჩევითი მიდგომაც გვახსოვს. თუნდაც კორცხელის გამო არავინ დასჯილა და ამიტომ გამოძიებისადმი ნდობა ნაკლებია...

- მესმის, რასაც ამბობთ. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ პიროვნება, რომელიც ხელისუფლებასთან დაახლოებულია, უნდა დაისაჯოს შედარებით რბილი სასჯელით და თუ ასე მოხდება, საზოგადოებას შესაბამისი რეაქცია ექნება, რაც ხელისუფლებისადმი ნდობაზე აისახება. თუმცა კორცხელის ამბავზე საზოგადოების მაინცდამაინც დიდი რეაქცია არ მინახავს. არ მინდა, ამ ინციდენტზე რაიმე წინმსწრები დასკვნები გამოვიტანო. გამოძიება ვალდებულია, სრულყოფილად გამოიძიოს ეს საქმე. ეს თავდასხმა არის სახელმწიფო თანამდებობის პირის ჯანმრთელობის ხელყოფა, აქ უკვე ხელისუფლების პრესტიჟზეა საუბარი და ძალიან გამიკვირდება, თუ ეს საქმე ჩაიფარცხება, რადგანაც არ მგონია, ხელისუფლებას ხელს აძლევდეს ასეთ რამეებზე თვალის დახუჭვა.

———–

ოთარ ფარცხალაძე – ლაშა თორდიას შორის მომხდარი კონფლიქტის თემაზე 15 მაისი „რეზონანსში“ გამოქვეყნებულია საზოგადობის წარმომადგენლების თვალსაზრისებიც სათაურით „ლაშა თორდიაზე თავდასხმის გამო უნდა შეიქმნას თუ არა პარლამენტში საგამოძიებო კომისია?

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

„არასამთავრობო ორგანიზაციები გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ამ დრომდე განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაციის დროულად გასაჯაროებას მოითხოვენ.

“ლაშა თორდიას განცხადებით, მას თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და დაცვის წევრებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა, რაც განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. დაზარალებულის განცხადებით, თავდასხმა მოხდა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც აუდიტის სამსახური მოკვლევას აწარმოებდა. ლაშა თორდიას განცხადებით, საქმე 2016 წელს მიწების გადაცემის საკითხს ეხება და მასში ოთარ ფარცხალაძის გვარი ფიგურირებს”, – ნათქვამია არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში. მათი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელის მიმართ, სავარაუდოდ, ამ ორგანოს საქმიანობასთან კავშირში ჩადენილი ძალადობრივი აქტი კი არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც რიგითი ცემის ან ძალადობის შემთხვევა. „მოვუწოდებთ: საგამოძიებო ორგანოებს, დროულად გაასაჯაროონ ინფორმაცია ამ დრომდე განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ; საქართველოს პარლამენტს, შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია საქმის დროული და მიუკერძოებელი გამოძიების მიზნით”, – ნათქვამია განცხადებაში.

ლაშა თორდიაზე თავდასხმის გამო უნდა შეიქმნას თუ არა პარლამენტში საგამოძიებო კომისია? – ამ კითხვით “მთელმა კვირამ” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): “მე, პირველ რიგში, ვგმობ ყვალანაირ ძალადობას, მით უმეტეს, თუ ამას ყოფილი სახელმწიფო მოხელე სჩადის. მაგრამ რაც შეეხება პარლამენტში დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნას, ამის აუცილებლობას ახლა ნამდვილად ვრ ვხედავ. საქმე იმდენად რეზონანსულია, დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოები და პროკურატურა სათანადოდ გამოიძიებენ და პასუხს მოსთხოვენ დამნაშავეს. თუ ასე არ მოხდა, მერე უკვე შეიძლება, კომისიის შექმნის საკითხი დადგეს. გამოძიებისთვის წინასწარ უნდობლობის გამოცხადება სწორად არ მიმაჩნია.”

მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): “ვფიქრობ, ნამდვილად საჭიროა, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა. ასეთი თავდასხმები არაერთხელ განხორციელდა და ამაში ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს სახელმწიფო მოხელეებზე ხდება. განუკითხაობის, ქაოსისა და ანარქიის სურათი იქმნება, ამიტომ აუცილებელია ასეთი საპარლამენტო კომისია. რაც მთავარია, მან კარგად უნდა იმუშაოს, რომ სწორი დასკვნები დადოს.”

ქეთი ბექაური (იურისტი): “მე ვფიქრობ, არ არის საჭირო. არ შეიძლება, რაც რამე სამართალდარღვევა მოხდება, მაშინვე პარლამენტში საგამოძიებო კომისია იქმნებოდეს. როგორც განვლილმა წლებმა აჩვენა, მსგავსი კომისია იქმნებოდა რეზონანსულ საქმეზე, რომელიც საზოგადოებაში იწვევდა ძალიან დიდ ინტერესს. ახლა ყველა მომხდარ ინციდენტზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა არასერიოზულად მიმაჩნია. საკანონმდებლო ორგანოს აქვს თავისი ფუნქციები და არ უნდა გავაუბრალოოთ.”

გოგი თორაძე (რეჟისორი): “ვფიქრობ, მსგავსი კომისიის შექმნა საქმეს თუ არ წაადგება, ხელსაც არაფერს შეუშლის. იმიტომ, რომ ერთია, თავად ის სტრუქტორები იძიებენ, რომელშიც ის პირი მოღვაწეობდა და მეორეა, რომ ამ საქმეზე საზოგადოებრივი ინტერესი დიდია. შესაბამისად, უნდა შეიქმნას კომისია.”

—————–

„ახალი თაობა“, 15 მაისი, 2017 წელი

ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „ვენეციის კომისია ბონუსსისტემას მხარს არ დაუჭერს

პოლიტოლოგი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში კონსტიტუციის საერთო-სახალხო განხილვის მნიშვნელობაზე საუბრობს.

- ბატონო ვახტანგ, კონსტიტუციის ახალი რედაქციის განხილვები მიმდინარეობს რეგიონებში. ეს მხოლოდ ფორმალობაა თუ ხალხის მიერ გამოთქმულ შენიშვნებს ხელისუფლება გაითვალისწინებს?

- კონსტიტუციისადმი ასეთი დაინტერესება საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში კარგა ხანია, არ ყოფილა. კონსტიტუციის სახალხო განხილვა დღემდე მაინც ფორმალურ ხასიათს უფრო ატარებდა. დღევანდელი ვითარება იმით განსხვავდება წარსულისგან, რომ უფრო ცოცხალია პროცესი და ეს აშკარაა. ადამიანები მართლაც არიან დაინტერესებული. გასაგებია, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, აუდიტორიაში მეტი მხარდამჭერი ჰყავდეს, რასაც ახერხებს კიდეც, მაგრამ, იმის თქმა, რომ ამ აუდიტორიაში ოპოზიციური, საწინააღმდეგო აზრი არ გამოითქმის, არასწორი იქნება.

რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს, რამდენადაც ბატონმა მდინარაძემ განაცხადა, დგება ოქმი, სადაც ხდება ყველა საღი შენიშვნის გათვალისწინება, მაგრამ შემდეგ რამდენად ჰპოვებს ეს საბოლოო ვარიანტში ასახვას, ცოტა საკამათო საკითხია. საზოგადოება უნდა ჩამოყალიბდეს არა იმდენად კონსტიტუციასა და მის ნიუანსებზე, არამედ იმაზე, რომ კონსტიტუცია არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ჩამოყალიბდეს კონსტიტუციის მნიშვნელობაზე ქვეყნის მართვის პროცესში, რომ კონსტიტუცია არ არის განყენებული რამ. ეს განხილვები ამას ხელს შეუწყობს.

- ოპოზიციის ჩართულობა, პრეზიდენტის მონაწილეობა, მიუხედავად თავიდან უარისა, რით არის განპირობებული?

- ის დებატები, რომლებიც მიმდინარეობს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, მიუხედავად ცალკეული ინციდენტებისა, მაინც პოზიტიური ნაბიჯია. განსაკუთრებით გამოვყოფდი პროცესში პრეზიდენტის მონაწილეობას. მცირე დეტალია, მაგრამ მაინც არის აღნიშვნის ღირსი: პრეზიდიუმში გვერდიგვერდ სხედან სრულიად საწინააღმდეგო პოზიციის ადამიანები, მათ შორის პრეზიდენტი. ისინი არაფერში ეთანხმებიან ერთმანეთს, მაგრამ მაინც არის გარკვეული ნორმები დაცული. ეს საზოგადოებასაც მიახვედრებს, თუ როგორი უნდა იყოს მაღალი დონის დებატები. სამკვდრო-სასიცოცხლოდ ვიყავით ერთმანეთს არც ისე დიდი ხნის წინ გადაკიდებული, ლამის გუშინ, რასაც, სამწუხაროდ, უკვალოდ არ ჩაუვლია. დღეს სხვა პოლიტიკური კულტურის მოწმენი ვართ, რაც კარგია.

- თქვენ კონსტიტუციით საზოგადოების დაინტერესებაზე საუბრობდით. ეს იმით არის გამოწვეული, რომ მართვის ახალ მოდელზე გადავდივართ თუ დემოკრატიის ხარისხი გაიზარდა?

- დემოკრატიის ხარისხის გაზრდაზე საუბარი ჯერ ცოტა გადაჭარბებული შეიძლება იყოს, მაგრამ სწორია, პროცესი მაინც აქეთ მიდის. შეიძლება ვთქვათ, რომ პოლიტიკური დებატების კულტურას ეყრება საფუძველი.

რაც შეეხება მმართველობის ახალ მოდელზე გადასვლას, არც ეს მგონია, მნიშვნელოვანი იყოს ამ მომენტში. დღეს არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასაც გამოვყოფდი, მაგალითად, არჩევნების სისტემა, რომელიც აინტერესებს პოლიტიკურ სპექტრს და ასევე აინტერესებს საზოგადოებას. იგივე შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესსა და მის უფლებამოსილებას. ეს დებატები თავისთავად ჩამოაყალიბებს საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტის იმიჯსა თუ სახეს თავად საზოგადოებისთვის.

- როგორი შეიძლება იყოს ვენეციის კომისიის დასკვნა? შეიძლება, მათ საარჩევნო სისტემა გააკრიტიკონ?

- დიდი ალბათობით, ვენეციის კომისია შემოთავაზებულ ბონუსსისტემას მხარს არ დაუჭერს. ასევე მეეჭვება, რომ პრეზიდენტის პირდაპირ არჩევნებს დაუჭიროს მხარი, თუმცა პრეზიდენტის არჩევის ნებისმიერი ფორმა დემოკრატიულია. ასევე არა მგონია, საარჩევნო ბლოკებთან დაკავშირებით ჰქონდეთ გართულება, თუმცა 5%-იანი ბარიერი უდავოდ მაღალია და ამაზე იქნება მინიშნება. თუ ხელისუფლება შემოთავაზებულ საარჩევნო სისტემას ვერ მიიღებს, მაშინ, დიდი ალბათობით, ძველი სისტემა დარჩება.

- შერეული სისტემა? მაჟორიტარული არჩევნები?

- დიახ, ამ მოთელვას მუდმივად აწარმოებს ხელისუფლება. ეს აშკარაა. ამის მაგალითად ხშირად მოჰყავთ მაჟორიტარები, რომლებსაც ვერ ითანხმებენ, რომ მაჟორიტარული არჩევნები გაუქმდეს. კენჭისყრის დროს თუ ამ კანონპროექტს საკმარისი ხმები არ დაუჭერს მხარს, მაშინ ჩავარდება და ძველი სისტემა დარჩება. ვნახოთ.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, რომლებიც ასევე შესულია კონსტიტუციის ახალ პროექტში, ქორწინების განმარტებასა და ევროატლანტიკური მისწრაფებების კონსტიტუციაში ჩაწერას სერიოზულად ვერ აღვიქვამ. სხვა ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია, თუნდაც მოსამართლეთა დანიშვნის საკითხი, უშიშროების საბჭოს საკითხი, სახალხო დამცველთან დაკავშირებით და ა.შ.

„ახალი თაობა“, 15 მაისი, 2017 წელი

ინტერვიუ დავით ნემსაძესთან: „თავდაცვის სამინისტრო პოლიტიკოსებით გადაივსო“ // „რეფორმა არაკონსტიტუციურად ჩატარდა

სამხედრო ექსპერტი დავით ნემსაძე „ახალ თაობასთან“ თავდაცვის უწყებაში სისტემის რეფორმებს აფასებს.

- ბატონო დავით, თქვენ სასამართლო პროცესები გვაქვს თავდაცვის უწყების წინააღმდეგ. რა წინააღმდეგობაში ხართ თავდაცვის სამინისტროსთან?

_ ეს მხოლოდ ღირსების პროცესია. თავდაცვის სამინისტროსგან არც ფული მინდა, არც – თანამდებობა. უბრალოდ, თავდაცვის სამინისტროდან ჩემი დათხოვნა ოფიცრის ღირსების შელახვა იყო. საოცრად მძიმე პროცესი გახლდათ, როცა მოხდა ადამიანის დევნა, ფაქტობრივად, პოლიტიკური ნიშნით.

- რატომ პოლიტიკური ნიშნით?

- იმიტომ, რომ ახალაიას დროს ჩემი თანამდებობა ბოლოს იყო ოცეულის მეთაური. მე არ მქონდა დიდი თანამდებობა, არ ვიყავი ჩემი განათლების შესაბამისად დანიშნული. ახალაიას დროს თუ გქონდა განსხვავებული აზრი, იდევნებოდი.

- სამხედრო პირს აქვს უფლება, განსხვავებული აზრი ჰქონდეს და, თუ არ ეთანხმება, ბრძანება არ შეასრულოს?

- თქვენ ვერ გამიგეთ. მე ვსაუბრობ ინიციატივაზე. სამსახურში შეიძლება გქონდეს ინიციატივა. სამხედროს აქვს ვალდებულება, თუ ის ხედავს, არმიის საწინააღმდეგო მოქმედებებს ჩადიან, უნდა იმოქმედოს საკუთარი ფიცისა და წესდების მიხედვით. ეს გამოარჩევს იმ ოფიცრებს, რომლებსაც აქვთ განსხვავებული აზრი. არ შეიძლება, შეიარაღებულ ძალებში სიტუაცია ისე განვითარდეს, როგორც ერთ დროს თავდაცვის სამინისტროში ვითარდებოდა.

- როგორ ვითარდებოდა?

- მე მქონდა განსხვავებული აზრი, რომელიც ხიდაშელის დროს იდევნებოდა. არ ვიცი, ქალბატონ თინას რა იურიდიული განათლება ჰქონდა, მაგრამ თავისი თავი წარმოაჩინა მაშინ, როდესაც უარი თქვა კონსტიტუციის 101-ე მუხლის შესრულებაზე, როცა ტელეკამერების წინ უარი უთხრა საქართველოს ახალგაზრდა კონტინგენტს სამხედრო-სავალდებული ჯარში გაწვევაზე. მას კარგად უნდა სცოდნოდა, რომ მინისტრის ბრძანებით არ უქმდება კონსტიტუციის მუხლი. სწორედ ეს იყო ანტიკონსტიტუციური ქმედება, მაგრამ ყველაფერი გათვლილი იყო მის პიარნაბიჯებზე. როგორც ჩანს, ის არც კარგი პოლიტიკოსია და არც კარგი იურისტი.

- თინა ხიდაშელი აცხადებდა, როცა ახალგაზრდებს ჯარში იწვევ და სათანადოდ არ უხდი, ეს მონური სამსახურიაო...

- ხიდაშელმა ამით მთელი შეიარაღებული ძალები შეურაცხყო.

- რატომ?

- იმიტომ, რომ სამშობლოსთვის სამსახური არ შეიძლება იყო მონური. მეორეც – შეიარაღებულ ძალებში მთელ რიგ პროცესებს აწესრიგებს სამხედრო წესდებები. მათ შორის, არის, მაგალითად, საყარაულო წესდება, რომელიც ადგენს გარკვეულ წესებს. ყარაული არის შეიარაღებული ქვედანაყოფი, რომელიც დაწესებულია საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად. მითხარით, რა არის აქ შეურაცხმყოფელი და რა არის აქ მონობა? თუ მონობა არის საკუთარი ქვეყნის სამსახური, დიდი სიამოვნებით ჩავდგები ქვეყნის სამსახურში პირველ მონად.

- პერსონებს თავი დავანებოთ და თავდაცვის სამინისტროს სისტემის რეფორმაზე ვისაუბროთ. როგორ აფასებთ სამხედრო უწყებაში მიმდინარე რეფორმას?

- თავდაცვის სამინისტროში სისტემის რეფორმა უდავოდ გასაკეთებელი იყო, რადგან, რამდენი მინისტრიც მოდიოდა, თავისი კადრები მოჰყავდა. განსაკუთრებით ვისაუბრებ ბოლო პერიოდის მინისტრებზე, რადგან ნაცმოძრაობისა და ახალაიას პერიოდი კრიტიკას საერთოდ არ ექვემდებარება. მოვიდა ირაკლი ალასანია, მოიყვანა თავისი თანაპარტიელების შვილები, მოვიდა თინა ხიდაშელი, მოიყვანა თავისი თანაპარტიელების შვილები, თანაპარტიელები. მაგალითად, შეიქმნა დეპარტამენტები, სადაც ბერძენიშვილების რძალი ნინელი კავსაძე დაასაქმა. არა მარტო ეს პიროვნებები, სხვებიც მოჰყავდათ. რა თქმა უნდა, ეს ხალხი სამინისტროდან გასაშვები იყო.

დავით თევზაძის დროს, როდესაც ბიუჯეტი იყო ზუსტად იმდენი, რამდენიც ბატონი იზორიას მივლინებებისთვის არ კმარა, თავდაცვის სამინისტროში შენახული იყო გაცილებით დიდი პირადი შემადგენლობა, სრულად იყო შენარჩუნებული სამხედრო ავიაცია და სამხედრო ფლოტი. დღეს არ გვყავს სამხედრო ავიაცია, არ გვყავს სამხედრო ფლოტი, თუმცა კონტინგენტი საოცრად გაბერილია.

თავდაცვის სამინისტროში თევზაძის დროს მუშაობდა 350 კაცი გენშტაბში. იზორიას დროს 1.500 კაცი მხოლოდ სამოქალაქო პირები მუშაობენ. ჯამში, სულ 2.000 კაცამდეა სამხედრო-სამოქალაქო პირი. ნემსი არ ჩავარდება უზნაძის ქუჩაზე, ისეა გადავსებული პოლიტიკური შემადგენლობით.

რა თქმა უნდა, რეფორმა უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ, არა ისე, როგორც ბატონმა იზორიამ ჩაატარა არაგამჭვირვალედ, რომელსაც მხოლოდ არაპროფესიონალები შეეწირნენ. ისევ მიიღო ბატონმა ლევანმა თავისი ნათესავები სამეგრელოდან.

- თუ შტატები მცირდება, ახალი ხალხი როგორ მიიღო?

- დაამატა შტატები, გაზარდა ფუნქციები. მაგალითად, გენინსპექციაში 10-15 შტატი დაამატა, სადაც დანიშნა სამეგრელოდან ჩამოყვანილი პირები. ეს არ იყო სწორი. ასე უდგებიან საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებას. რეფორმა უნდა ჩატარებულიყო გაცილებით გამჭვირვალედ და სამოქალაქო სექტორის ჩართულობით, თუ მას რეფორმის ამბიცია აქვს. საერთოდ, თავდაცვის უწყებაში რეფორმა ჩატარდა არაკონსტიტუციურად.

- რატომ არაკონსტიტუციურად?

- ის არ იყო შეთანხმებული პარლამენტთან, პარლამენტის მიერ დამტკიცებული შეიარაღებული ძალების კვოტებთან. ასევე, საერთოდ არ განუხილავთ რეფორმის საკითხი პრეზიდენტთან. პრეზიდენტი მომწონს თუ არა, ის წარმოადგენს ინსტიტუციას. პრეზიდენტი დღეს რომ გამოთქვამს უკმაყოფილებას, რაღაც არ მოსწონს იზორიას ქმედებებში, ვსვამ კითხვას, სად იყო მაშინ, როცა ე.წ. რეფორმა ტარდებოდა. სად იყო ქალბატონი ხიდაშელი, როცა ისიც ანალოგიურს აკეთებდა?! სახელმწიფოებრივი მიდგომები გათიშულია, დარჩენილია მხოლოდ პოლიტიკური მიდგომები, რაც შეიარაღებულ ძალებს ვნებს.

- პრეზიდენტს, საკონსტიტუციო ცვლილებებით, ჯართან ურთიერთობა მშვიდობიანობის დროს აღარ ექნება. უშიშროების საბჭო უქმდება, ჯარი პრეზიდენტს მხოლოდ ომის პერიოდში დაექვემდებარება, როგორც უმაღლეს მთავარსარდალს.

- საერთოდ, უმაღლესი მთავარსარდალი სისხლხორცეულად უნდა იყოს დაკავშირებული შეიარაღებულ ძალებთან და სამხედრო უწყებაში განვითარებულ პროცესებთან. ბატონი მარგველაშვილი საერთოდ გამიჯნულია შეიარაღებული ძალებისგან. ის ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას.

- შეიარაღებული ძალებისაგან გამიჯვნა მარგველაშვილის ბრალია?

- რა თქმა უნდა, მხოლოდ ბატონი მარგველაშვილის ბრალია. ის არის უმაღლესი მთავარსარდალი და მას ვერავინ აუკრძალავს შეიარაღებულ ძალებთან ურთიერთობას. პრეზიდენტს არ ახსენდება ის დამსახურებული პირადი შემადგენლობა და გენერალიტეტი, რომელიც გადამდგარია და თადარიგშია.

- როგორ უნდა გაახსენდეს?

- სულ მცირე, უნდა გაახსენდეს და დაბადების დღე მაინც უნდა მიულოცოს, უნდა დაუძახოს და რჩევები ჰკითხოს. ბატონ მარგველაშვილს, მიუხედავად თავისი დიდი სტატუსისა, იმდენი გამოცდილება არ აქვს, რამდენიც თადარიგში მყოფ პროფესიონალებს აქვთ. ამიტომ არსებული ინტელექტუალური ბაზა უნდა გამოიყენოს, მაგრამ, ეტყობა, მრჩევლები, რომლებიც იქ ჰყავდა, ან სათანადოდ არ აძლევდნენ რჩევებს, ან, თუ აძლევდნენ, მარგველაშვილი არ ითვალისწინებდა.

„ახალი თაობა“, 15 მაისი, 2017 წელი

ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „ფრთხილად, არსებობს სესხი, რომელიც შხამის შემცველია!

„ახალი თაობის“ კითხვებს დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარე სოსო ცისკარიშვილი პასუხობს.

- ბატონო სოსო, კონსტიტუციის პროექტმა მოიარა რეგიონები. გაიმართა საყოველთაო სახალხო განხილვები. რა გაიგო ამ განხილვებით საზოგადოებამ, ჩასწვდა კონსტიტუციის რეალურ შინაარსს?

- როდესაც ვუსმენთ გამოსვლებს სცენიდან, ძალაუნებურად გვახსენდება წინა კონსტიტუციის განხილვები ნაციონალური მოძრაობის მიერ. ნამდვილად უფრო მეტი ადამიანი ესწრება წლევანდელ გარჩევებს, მაგრამ არც წინა კონსტიტუციასა და არც დღევანდელ შეთავაზებას კონსტიტუციისა რეალურად არ ფლობს მისი შინაარსით ჩვენი საზოგადოება. არავის აქვს არც დრო და არც შესაძლებლობა, რომ უფრო ღრმად ჩაიხედონ ამა თუ იმ საკითხში. არც ოპოზიციაა დიდად სახარბიელო მდგომარეობაში. საპარლამენტო უმრავლესობის თხუთმეტიოდე აგრესიული ზონდერი აქტიურობს.

- რატომ არიან ზონდერები, ან ვის გულისხმობთ?

- ამ პარტიის მამა-მარჩენალმა წლების განმავლობაში ვერ მოახერხა, პრივატიზაცია გაეკეთებინა პრეზიდენტისა და ომბუდსმენისთვის. სწორედ ამიტომ ეს ორი უაღრესად პატივსაცემი პირი ყოველდღიურად არის მიჭირხვნის ობიექტი. სწორედ ამ აგრესიული ზონდერჯგუფის ხელით აკეთებს ამას ამ პარტიის მამა-მარჩენალი. ეს ზონდერძალა არის ის ძალა, რომელიც ნამდვილად შფოთს ბადებს ქვეყანაში, იმ დროს, როდესაც შფოთის საგანი შესაძლებელზე უფრო მეტია. ალბათ, ძალიან საინტერესო იქნებოდა ჩვენი მკითხველისთვის, რამდენ მეოცნებეს აქვს ექვსნიშნა ციფრის შემცველი კრედიტები ქართუ ბანკიდან!

- ამით რის თქმა გინდათ?

- წინა პარლამენტშიც მეგულებოდა ადამიანები, რომლებიც საკუთარი თავისუფლების კოეფიციენტს პატივს არ სცემდნენ, მაგრამ გასაგებია, როდესაც უზარმაზარ სესხს იღებ ბანკიდან და ეს ბანკი ეკუთვნის მთავარ მეოცნებეს, ამ ადამიანის სურვილთა წინააღმდეგ წასვლა იქნება კატასტროფა არა მხოლოდ ამ პირისთვის, არამედ მთლიანად მისი ოჯახისთვის. ძალიან საინტერესო იქნება, დაინტერესდეთ და გამოამზეუროთ, ვის და რამდენი აქვს სესხი ქართუ ბანკიდან.

- ანუ დეპუტატები ივანიშვილის მხრიდან ფინანსურ ტყვეობაში არიან?

- ტყვეობას ვერ დავარქმევ, იმიტომ, რომ დაძალებით სესხს არავინ იღებს, თუმცა შეთავაზებისგან თავის დაღწევას უფრო მეტი პრინციპულობა სჭირდება, ვიდრე ამას ჩვენ ვაკვირდებით. ჩემს თავსაც ვადანაშაულებ, რომ ახალარჩეული პარლამენტარები და მთავრობა დროულად არ მივახვედრე – ფრთხილად, არსებობს სესხი, რომელიც შხამის შემცველია!

- პრეზიდენტი აქტიურად მონაწილეობს განხილვებში, თან ამის ფონზე აცხადებს, რომ ძალიან ბევრი ტაშის დამკვრელია მოყვანილი ამ შეხვედრებზე. მოვისმინეთ შეფასებებიც, რომ ხელისუფლებას დემოკრატიულობის იმიჯს უქმნის მარგველაშვილი ამ განხილვებში მონაწილეობით. თქვენ რას იტყოდით?

- ესეც პრეზიდენტის მიმართ არცთუ კარგად განწყობილი ადამიანების ნაფიქრალია, რომ თურმე ის „ქართულ ოცნებას“ აკეთილშობილებს. პრეზიდენტის ვალდებულება სწორედ ის არის, რომ სახელმწიფო და მისი მმართველობა იყოს მისაღები როგორც საკუთარი საზოგადოების, ასევე საზღვარგარეთელი პარტნიორებისთვის. ვიდრე ჩვენს ქვეყანაში არსებობს არაფორმალური ხელისუფალი, მისთვის კონსტიტუციის პრივატიზაცია პრობლემური არ არის! ადამიანმა, რომელმაც დიდი და შთამბეჭდავი ნაბიჯები გადადგა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, გაძლიერებისთვის, თავის მადლს, ნაცვლად იმისა, რომ ზემოდან მარილი მოეყარა, თავს ლაფი გადაასხა!

- ლაფი ვის გადაასხა, ქვეყანას?

- როგორც ქვეყანას, ისე საკუთარ თავს. არ არის აუცილებელი საყოველთაო რეფერენდუმი, რომლისგანაც იმალება „ქართული ოცნება“, ისევე, როგორც იმალებოდა ნაციონალური მოძრაობა.

„ახალი თაობა“, 15 მაისი, 2017 წელი

ინტერვიუ ზვიად კუპრავასთან: „ოთარ ფარცხალაძემ სილა ირაკლი კობახიძესაც გააწნა“ // „ამ ქვეყანაში კანონი დამთავრდა

რას ნიშნავს მთავარ აუდიტორზე თავდასხმა, ვისი უფლებებია ქვეყანაში დაცული, ვინ არის რეალურად მთავარი პროკურორი, რატომ არ იძიებენ გახმაურებულ საქმეებს? ამ თემებზე „ახალ თაობას“ სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ესაუბრება.

- ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მიერ გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე რას იტყვით? დეპუტატებსა და ყოფილ მინისტრებზე თავდასხმები ლამის ჩვეულებრივ ამბად იქცა, მაგრამ ამხელა რანგის თანამდებობის პირს თავს ჯერ არ დასხმიან...

- ლაშა თორდია გახლავთ იმ სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონით ყველა უწყების შემოწმება ევალება. ეს სამსახური და ლაშა თორდია მხოლოდ პარლამენტის წინაშეა ანგარიშვალდებული. როცა ასეთი მაღალი რანგის მოხელეს თავს ესხმიან და თავდამსხმელი დღემდე არ არის დაკავებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში კანონი აღარ არსებობს.

როცა მთავარ აუდიტს ასე სასტიკად უსწორდებიან, იქ ქვეყანაში როგორ შეიძლება, ვინმეს უფლება დაცული იყოს. დღეს საქართველოში მხოლოდ ის ადამიანები არიან დაცული, რომლებიც ბიძინა ივანიშვილთან და ბერასთან მეგობრობენ. სხვა დანარჩენებს ნებისმიერ დროს შეიძლება თავს დაესხან და ანგარიში გაუსწორონ.

ექიმების განცხადებით, ლაშა თორდია საკმაოდ მძიმედ არის ნაცემი. რამდენიმე დღის განმავლობაში გამომძიებლებს მისი დაკითხვის უფლებაც კი არ მისცეს. თორდია აუცილებლად უნდა მოენახულებინათ მთავრობის წევრებსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. იმ მომენტისთვის, როცა ამ ინტერვიუს გაძლევთ, მთავარი აუდიტორი არც ირაკლი კობახიძეს მოუნახულებია და არც გიორგი კვირიკაშვილს.

- ირაკლი კობახიძემ მომხდარი ფაქტი დაგმო...

- მას უფრო მკაცრი განცხადება უნდა გაეკეთებინა. ლაშა თორდია მხოლოდ პარლამენტის წინაშეა ანგარიშვალდებული. აქედან გამომდინარე, ირაკლი კობახიძე ბევრად მკაცრი უნდა ყოფილიყო. ოთარ ფარცხალაძემ თორდიაზე თავდასხმით მასაც და სხვა დეპუტატებსაც გააწნა სილა. დეპუტატებსაც უნდა გამოეხატათ შეშფოთება, მაგრამ ამის ნაცვლად მათგან უცნაური შეფასებები მოვისმინე. ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, თორდია მამა აბრამის ბატკანი არ ყოფილაო. მე არ ვამტკიცებ, რომ ლაშა თორდია მამა აბრამის ბატკანია. ის აუდიტის სამსახურის უფროსად `ქართულმა ოცნებამ~ დანიშნა. თუ ის მამა აბრამის ბატკანი არ იყო, რატომ აირჩიეს ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე? თუ დანიშვნის შემდეგ ჩაიდინა რაიმე უკანონობა, გამოძიება დაიწყე. ოთარ ფარცხალაძემ რაც გააკეთა, იმას არანაირი გამართლება არა აქვს. ვერც ამართლებენ, მაგრამ ვერც პასუხისგებაში მისცემენ.

- პასუხისგებაში რატომ ვერ მისცემენ?

- იმიტომ, რომ დღეს მთავარი პროკურორი, ფაქტობრივად, ის არის. თანამდებობიდან ბიძინა ივანიშვილიც წავიდა, მაგრამ რეალურად ის მართავს ქვეყანას. ასევეა მთავარ პროკურატურაშიც. ოთარ ფარცხალაძემ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც გაირკვა, რომ ის ბოტასის ქურდობისთვის იყო დაკავებული გერმანიაში. ამ სკანდალის შემდეგ ის მთავარ პროკურორად ვერ დარჩებოდა. თანამდებობიდან გადადგა, მაგრამ მთავარი პროკურორი დღეს ისევ ის არის. არც ის არის ახალი ამბავი, რომ ირაკლი შოთაძე, რომელიც მთავარი პროკურორია, ფიქრის გორაზე მიდის ფარცხალაძესთან ოფისში და მითითებებს იღებს.

- რა მითითებებს იღებს ფარცხალაძისგან შოთაძე?

- რა საქმე გაგრძელდეს, რა დაიხუროს და ა.შ. იმ მითითებებს იძლევა, რომლებიც საგამოძიებო სამსახურის უფროსმა უნდა გასცეს. ფარცხალაძესთან დაკავშირებით ყოფილმა დეპუტატმა გივი თარგამაძემ საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა. მისი ინფორმაციით, ფაქტობრივი მთავარი პროკურორი გადაადგილდება ფინანსური სამსახურის ბალანსზე არსებული მანქანით, რომელიც ამ უწყებამ 500.000 ლარად შეიძინა.

მაინტერესებს, ჯერ რა საჭირო იყო ასეთი ძვირადღირებული ავტომობილის შეძენა, მაგრამ, თუ მაინც იყიდეს, რატომ დადის ამ მანქანით პირი, რომელიც ოფიციალურად ჩვეულებრივი მოქალაქეა?! წესით, ამ საქმეზეც უნდა დაიწყოს გამოძიება, მაგრამ, მეეჭვება, ამაზეც მოსთხოვონ პასუხი.

- თორდიასთან მის დაპირისპირებაზე რამდენიმე ვერსია გავრცელდა. თქვენი აზრით, რა მოხდა?

- ლაშა თორდია ისეთ სამსახურს ხელმძღვანელობს, რომ ის ჩინოსნების უმეტესობას არ მოსწონს. მას დარღვევების გამოვლენას კანონი ავალდებულებს. ესეც ასრულებს თავის საქმეს. ვიღაც უკმაყოფილოა, მაგრამ მასზე თავდასხმა თავში აზრადაც კი არავის მოსვლია. ასეთი შემთხვევები არც წინა ხელისუფლებების დროს ხდებოდა. ფარცხალაძემ გადაწყვიტა, ბანდიტურად გაესწორებინა ანგარიში. გენერალური აუდიტორის თქმით, მან ყოფილ მთავარ პროკურორზე მნიშვნელოვანი მასალები მოიპოვა. ამ ფაქტების გასაჯაროებას ის ამ დღეებში აპირებდა. ეს ინფორმაცია ოთარ ფარცხალაძის ყურამდე მივიდა. ეყოლება აუდიტის სამსახურში თავისი ხალხი. აუდიტის სამსახურის უფროსს სასამართლოში ვერ უჩივლებდა, რატომ სწავლობ ჩემს საქმესო და ფიზიკურად გაუსწორდა. თორდია ამ მასალებს გაასაჯაროებს, მაგრამ ფარცხალაძეს არც ამაზე მოსთხოვენ პასუხს. არ მოსთხოვენ პასუხს და ხვალ ის, შესაძლოა, ირაკლი კობახიძესაც დაესხას თავს. არც ეს იქნება მისთვის რაიმე პრობლემა.

- პარლამენტის თავმჯდომარეს რატომ უნდა დაესხას თავს?

- აუდიტის სამსახურის მსგავსად, პარლამენტსაც მაკონტროლებლის ფუნქცია აკისრია. მათაც შეიძლება, რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევა აღმოაჩინონ და, ფარცხალაძეს თუ არ მოეწონება ეს ამბავი, კობახიძესაც გაუსწორებს ანგარიშს. აღარაფერს ვამბობ რიგით დეპუტატებზე. თორდიაზე თავდასხმას ბევრი უარყოფითი შეფასება მოჰყვა. არ არის გამორიცხული, ფარცხალაძემ ყველას ჩამოუაროს, ჩემი ჩათვლით და თავისი ზონდერებით ხულიგნურად დაგვესხას თავს. ზონდერები ამ ხელისუფლებას მრავლად ჰყავს. კახა კალაძის ზონდერებმა კორცხელში რაც ჩაიდინეს, ყველამ ვნახეთ. არჩევნების დღეს მათ ამომრჩევლები და პარლამენტის წევრები სასტიკად ცემეს. ეს საქმე დღემდე ბოლომდე გამოძიებული არ არის.

რამდენიმე კვირის წინ ნიღბიანი ზონდერები დაესხნენ თავს გელა ხვედელიძესაც. შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრზე თავდასხმა დღემდე არ არის გამოძიებული. გამოძიებული არ არის არც ნუგზარ წიკლაურზე მომხდარი თავდასხმა. არადა, თავდამსხმელები იდენტიფიცირებული არიან. არც ჩემზე მომხდარი თავდასხმაა გამოძიებული.

- ტელეკომპანია პირველში მომხდარ ინციდენტს გულისხმობთ, რომელიც შარშან მოხდა?

- მაგ თავდასხმაზე ვსაუბრობ. ტელეკომპანიიდან გამოსულს, სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე დამხვდა თავის ზონდერებთან ერთად და ჩემზე ჯგუფური თავდასხმა მოახდინეს. პროკურატურამ ყველა მათგანის ვინაობა იცის, მაგრამ ეს ფაქტი დღემდე გამოუძიებელია. ეს გამოუძიებელი საქმეები იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს შეუძლიათ, სცემონ ყველას, ვინც არ მოეწონებათ, იქნება ეს ჟურნალისტი, არასამთავრობოს წარმომადგენელი თუ პოლიტიკოსი. პოლიტიკოსებზე როცა ვსაუბრობ, ოპოზიციონერებს ვგულისხმობ. თუმცა, თუ ივანიშვილს მოუნდება, ხელისუფლების წარმომადგენლების ცემაც შეიძლება. ზონდერები თითქმის ყველას ჰყავს.

ამის შემდეგ თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ქვეყანაში კანონი დამთავრდა. ძალადობა წახალისებულია და ამ ქვეყანაში არავინ არის დაცული. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ კრიმინალები უკვე ავტომატებით დადიან ქუჩებში. საშინელი სიტუაცია შეიქმნა. არსებული ვითარება ძალიან მაგონებს ფილმ `ბანდიტურ პეტერბურგს~. ჩვენ ასევე ვბრუნდებით გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იყო დაცული. ახლაც ასეა. ივანიშვილთან დაახლოებული ხალხის გარდა, ყველას უნდა ეშინოდეს. იმედი მაქვს, აუდიტის სამსახურის უფროსზე თავდასხმა ასე არ ჩაივლის. წესით, ოპოზიციას უკვე ერთი ამბავი უნდა აეტეხა. ეს ისეთი ფაქტია, რომელზეც მთელი ქვეყანა უნდა ზანზარებდეს.

„ახალი თაობა“, 15 მაისი, 2017 წელი

ინტერვიუ ლაშა ჩხარტიშვილთან: „კახა კალაძეს სახლში მივუვარდები“ // „ხელისუფლებამ მთიულეთში საფლავების ამოთხრა დაიწყო

13 მაისს დაბა ფასანაურის მიმდებარე სოფლებში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. იქაურები უკვე რამდენიმე დღეა, რაც მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მშენებლობას აპროტესტებენ. პროტესტმა ნაწილობრივ უკვე გამოიღო შედეგი, მაგრამ 13 მაისს დუშეთის რაიონის სოფელ მუგუდაში სასაფლაოს ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა შეიყვანეს. ამას მოსახლეობის მხრიდან სერიოზული პროტესტი მოჰყვა. მათ განაცხადეს, რომ სასაფლაოს გადათხრის ნებას არავის მისცემდნენ. მათ საპასუხოდ განცხადება გააკეთა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა და თქვა, რომ ხელისუფლება უკან არ დაიხევს.

ალბათ, ამის დასამტკიცებლად გააგზავნეს სოფელში ნიღბიანი სპეცრაზმელები. მათ მოსახლეობა ალყაში მოაქციეს და მძიმე ტექნიკასთან მიახლოების საშუალება არ მისცეს.

მოსახლეობასთან ერთად სასაფლაოს არასამთავრობოები და ჟურნალისტებიც დარაჯობდნენ, იქ იყვნენ დაბალი რანგის ჩინოსნებიც. ერთ-ერთმა მათგანმა მოსახლეობას პირობა მისცა, თუ საფლავებიდან ძვლები გამოჩნდება, მიწას მივაყრითო. ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ისინი საფლავებს არ ეხებიან.

სხვებთან ერთად სასაფლაოს დაცვას ცდილობდა დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც ხვალ, 16 მაისს, მთიულეთის მოსახლეობასთან ერთად კახა კალაძის სახლთან აპირებს აქციის გამართვას.

რატომ მიიღო მოსახლეობამ ასეთი გადაწყვეტილება, მართლა დაიწყეს თუ არა საფლავების ამოთხრა მუგუდაში? ამ თემებზე „ახალ თაობას“ ლაშა ჩხარტიშვილი ესაუბრა.

„16 მაისს მთიულეთის მოსახლეობასთან ერთად კახა კალაძის სახლთან გავმართავთ აქციას. როგორც კალაძე უვარდება მოსახლეობას სახლებში, ასეთივე პასუხს მიიღებს მოსახლეობისგან. რაც დღეს მთიულეთში ხდება, ამის ასე დატოვება არ შეიძლება. რადგან ეს აქცია წინასწარ დავაანონსეთ, არ არის გამორიცხული, კალაძემ სპეცრაზმი დაგვახვედროს. „ქართული ოცნება“ ხალხს ხომ უკვე ნიღბიანების დახმარებითა და ძალის გამოყენებით ესაუბრება“, – ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.

- კახა კალაძის სახლთან გამართულ აქციას რა შედეგი ექნება? ენერგეტიკის მინისტრი, დიდი ალბათობით, არც სახლში დაგხვდებათ...

- კახა კალაძის სახლში ყოფნა აუცილებელი არ არის. უბრალოდ, ეს იქნება ხალხის პასუხი. ხელისუფლება უნდა მიეჩვიოს, რომ ყველა უკანონობაზე აგებს პასუხს. მივარდნაზე მივარდნით ვუპასუხებთ. ვიმოქმედებთ კანონის დაცვით, მაგრამ კალაძეს სამარცხვინო ბოძზე გავაკრავთ. იცოდნენ მისმა მეზობლებმა, რა საშინელებებს ჩადის ეს ადამიანი. სოფლების გადათხრა არ იკმარეს და ახლა უკვე საფლავებს შეესივნენ. ის, რაც მუგუდაში მოხდა, უპატიებელია.

- ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სასაფლაოს არ შეხებიან. მათი განმარტებით, ტექნიკა საფლავებიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით მუშაობდა...

- ამ პროცესს თავიდან ბოლომდე ვადევნებდით თვალს და კარგად ვნახეთ, სად და როგორ მუშაობდა ეს ტექნიკა. ის, რაც მუგუდაში მოხდა, იყო ხალხის გამოწვევა და კალაძე-ელოშვილის პიარი. სპეცრაზმი მათ სოფელში იმიტომ გააგზავნეს, რომ ხალხი დააშინონ. ტრაქტორმა მხოლოდ 30 წუთი იმუშავა. ამით ხალხს აჩვენეს, რომ რასაც უნდათ, იმას გააკეთებენ. რაც შეეხება საფლავების გადათხრას, დიახ, მათ დაიწყეს საფლავების გადათხრა. მაღალი ძაბვის გადამცემმა ხაზმა ამ სასაფლაოზე უნდა გაიაროს. `ოცნება~ საფლავებისა და კულტურული მემკვიდრეობის განადგურების ხარჯზე ცდილობს გაზრდილი მადის დაკმაყოფილებას. რაც მთავარია, ეს მშენებლობა უკანონოა.

- რატომ ფიქრობთ, რომ უკანონოა?

- მშენებლებს დოკუმენტაცია არ აქვთ და მის წარმოდგენას არც პოლიცია ითხოვს. ამ დოკუმენტაციის რაღაც ნაწილი გამოქვეყნდა, მაგრამ იქ აშკარად ჩანს, რომ პროექტი არასრულფასოვანი დასკვნების შედეგად არის დაწერილი. ამას არც ხელისუფლება უარყოფს. როცა ხანდოს ხევში მშენებლობა შევაჩერებინეთ, თქვეს, რომ დამატებით კვლევებამდე მშენებლობას აჩერებდნენ, მუგუდაში კი 100 სპეცრაზმელი გამოაგზავნეს, რომ მოსახლეობამ საფლავების დაცვა არ გაბედოს. 13 მაისს მოსახლეობა სპეცრაზმთან შეტაკებას მოერიდა. მათთან ჭიდაობას იმ დღეს აზრი არ ჰქონდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხალხი ხმას არ ამოიღებს. მათ ნათლად თქვეს, რომ საფლავებს არ ამოათხრევინებენ.

- თავად ნახეთ ამოთხრილი საფლავები?

- საკუთარი თვალით ვნახე. გადამცემი ხაზი სასაფლაოს ტერიტორიაზე გადის. ეს ხაზი ამ სოფელში მდებარე 2 სალოცავს შორის გაივლის. ტერიტორიაზე, სადაც მძიმე ტექნიკა მუშაობდა, ისე ალაგია ქვები, რომ იქ აშკარად საფლავებია, ოღონდ – შედარებით ძველი. მოსახლეობა ამბობს, რომ იქ არის აკლდამაც. ეს უნდა დაადგინონ არქეოლოგებმა. არქეოლოგებს იქ სამუშაოები არ ჩაუტარებიათ.

დარწმუნებული ვარ, აქ მხოლოდ კახა კალაძე და ილია ელოშვილი არ არიან. მათ უკან დგას ბიძინა ივანიშვილი. მისი მხარდაჭერის გარეშე ესენი ამდენს ვერ გაბედავდნენ. ჯერ ისიც საკითხავია, საერთოდ რისთვის შენდება მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები. ეჭვი მაქვს, ფულის გათეთრებასთან გვაქვს საქმე. ამბობენ, რომ ამ გადამცემი ხაზებით რუსეთიდან შემოსული ელექტროენერგია უნდა წავიდეს ირანში. ზოგიერთი სომხეთსა და თურქეთს ასახელებს. არადა, ამის შესახებ ეს ქვეყნები, მგონი, აზრზეც არ არიან. ყოველ შემთხვევაში, მათ ხელი არაფერზე აქვთ მოწერილი და პროექტიც კი არ არსებობს.

ამ ხელისუფლებისგან განსხვავებით, მოსახლეობა სახელმწიფოებრივად აზროვნებს და ამბობს, რომ ქვეყანას თუ სჭირდება, ეს პროექტი უნდა განხორციელდეს. უბრალოდ, ისინი ითხოვენ, მაღალი ძაბვის ხაზებმა ალტერნატიული მარშრუტით გაიაროს. ალტერნატიული მარშრუტებიც არსებობს და თავისუფლად შეიძლება ამ ხაზების დაუსახლებელ ტერიტორიებზე გატარება. საუბარია 500-კილოვოლტიან ხაზებზე, რომლებსაც სერიოზული ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ როგორც გარემოზე, ასევე ადამიანის ჯანმრთელობაზე.

- ილია ელოშვილი ამბობს, რომ ეს ხაზები მოსახლეობისთვის სახიფათო არ არის...

- ილია ელოშვილი საერთოდ საოცარი მოვლენაა. ეს ადამიანი საკუთარ თავს სახელმწიფოს უწოდებს. ასეთი ამბიცია ბიძინა ივანიშვილს აქვს მხოლოდ, მაგრამ ისიც კი არ ამბობს ამას ხმამაღლა. რაც შეეხება ილია ელოშვილის მოსაზრებას, კვლევები საპირისპიროს ამტკიცებს. სახიფათო თუ არ არის, წარმოადგინონ ამის დამამტკიცებელი საბუთები. მოსახლეობას, იცით, რა უთხრეს? სახურავზე დააყენებთ სპეციალურ ეკრანებს და თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრებაო.

- მართლა არსებობს ასეთი ეკრანები?

- არაფერი არ არსებობს. ეს ცინიზმი და ტყუილია. ასეთი ეკრანები რომც დააყენონ სახურავებზე, მეწყრებს რას უზამენ? ტერიტორია, რომელსაც ახლა კალაძე-ელოშვილის ურდოები შეესივნენ, მეწყრული ზონაა. წლების წინ აქ მეწყერმა მთელი სოფელი დამარხა. ხელისუფლებას არც ქვათა ცვენა ადარდებს. ეს პროცესი ძალიან თვალსაჩინოა. ყველა ტელევიზიამ აჩვენა, სამუშაოები ქვების ცვენის ფონზე როგორ მიმდინარეობს.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო იმ რეკომენდაციების შესახებაც, რომლებსაც მოსახლეობას აძლევენ მათი ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში. ეუბნებიან, ასეთ დროს შეგიძლიათ, სასამართლოში იჩივლოთო. ეს რეკომენდაცია ძალიან მაგონებს კახა ბენდუქიძის პოზიციას. წლების წინ მან სააკაშვილთან ერთად გადაწყვიტა, სურსათის უვნებლობის მონიტორინგი გაეუქმებინა. მაშინ ბენდუქიძემ გვითხრა, რომ თუ მოვიწამლებოდით, შეგვეძლო, გვეჩივლა, თუ დავიღუპებოდით, მოწამლულის ოჯახის წევრები იჩივლებდნენ.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ ხაზებისა და ჰესების მშენებლობაში ერთად არიან ძველი და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ შევარდნაძის დროინდელი ენერგეტიკის მინისტრი დავით მირცხულავაც შეუერთდა. ისინი ივანიშვილის თამადობით მზად არიან, მთელი ქვეყანა გადათხარონ. ერთი მხრივ, რუსეთს აქვს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული, მეორე მხრივ, ოლიგარქიული კორუფცია ახდენს ტერიტორიების ოკუპაციას. რუსების მიერ ოკუპირებულ მიწას დავიბრუნებთ, მაგრამ გადათხრილ და დამეწყრილ ბუნებას ვეღარ ვუშველით.

Comments are closed