globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 16 მაისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on May 16th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი): საქართველოს მოსახლეობის ნახევარი საბჭოთა კავშირის დაშლის გამო სინანულს გამოხატავს // თბილისში სულ უფრო ნაკლებად ენდობიან პარტიებს, დასავლეთისა კი მეტი იმედი აქვთ

«Daily Sabah» (თურქეთი): თბილისი – საოცრად ჯადოსნური ადგილი ჩვენთან ახლოს // გაზეთ „დეილი საბაჰის“ კორესპონდენტი თურქეთის მოსაზღვრე საქართველოში იყო და თბილისი მოინახულა

—————–

«Независимая газета» (რუსეთი), 16 მაისი, 2017 წელი

http://www.ng.ru/cis/2017-05-15/1_6988_tbilisi.html

საქართველოს მოსახლეობის ნახევარი საბჭოთა კავშირის დაშლის გამო სინანულს გამოხატავს

თბილისში სულ უფრო ნაკლებად ენდობიან პარტიებს, დასავლეთისა კი მეტი იმედი აქვთ

„საქართველოს მთავარი გამოწვევები: ეკონომიკური პრობლემები და დაბალი სოციალური დონე. მთავარი ამოცანა: ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. მთავარი საფრთხე: რუსეთი. ასეთია ვრცელი გამოკვლევის შედეგები, რომელიც აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის  (NDI) ადგილობრივმა ოფისმა მოამზადა, – ამ სიტყვებით იწყება სტატია, რომლის ავტორია იური როქსი, „ნეზავისიმაია გაზეტას“ პოლიტიკური მიმომხილველი.

პუბლიკაციაში საკმაოდ ვრცლადაა გადმოცემული კვლევის მონაცემები:

მოსახლეობის 42% არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ენდობა. თვით მმართველი პარტიის „ქართული ოცნებისადმი“ სიმპათიები, შარშანდელი 40%-დან 29%-მდე შემცირდა. „ოცნების“ მთავარ ოპონენტს – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს მხოლოდ 10% უჭერს, შარშანდელი 22%-ისაგან განსხვავებით. ცალკეული პოლიტიკოსებიდან და ინსტიტუტებიდან მოსახლეობა უპირატესობას პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს ანიჭებს (შესაბამისად, 27% და 25%). პოზიტიურადაა შეფასებული აგრეთვე თავდაცვის, ჯანდაცვის, იუსტიციის სამინისტროების მუშაობა, ხოლო მოსახლეობა ყველაზე მეტი პატივს სცემს ეკლესიას და არმიას. გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მომავალი დასავლეთს უკავშირდება. ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა 80%-ს აწარბებს, შარშანდელ 70%-თან შედარებით. უფრო ნაკლებად პოპულარულია ნატოსთან ინტეგრაცია – 60%. ალიანში გაწევრიანების მხარდამჭერები საკუთარ პოზიციას იმით ხსნიან, რომ ქვეყნის უსაფრთხოება განმტკიცდება და ეკონომიკაზეც დადებით გავლენას მოახდენს. მოწინააღმდეგებს აზრით კი, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ბლოკში გაწევრიანება რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევს, რასაც არასასიამოვნო მოვლენები შეიძლება მოჰყვეს. სხვათა შორის, სწორედ რუსეთი მიაჩნიათ ქართველებს თავიანთი ქვეყნის მთავარ საფრთხედ (78%). პარადოქსია, რომ ჩრდილოელი მეზობლის ნეგატიურად შეფასების ფონზე გამოკითხულთა 42% ნანობს, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა.

სტატიაში ასახულია მოსახლეობის თვალსაზრისები საკონსტიტუციო ცვლილებთან დაკავშირებითაც. ციტირებულია NDI-ის საქართველოში მოქმედი ოფისი ხელმძღვანელი ლორა ტორნტონის განცხადებებიც, რომელიც გამოკითხვის შედეგებს ეხება.

«Daily Sabah» (თურქეთი), 16 მაისი, 2017 წელი

https://www.dailysabah.com/travel/2017/05/13/tbilisi-oddly-magical-place-right-around-the-corner

თბილისი – საოცრად ჯადოსნური ადგილი ჩვენთან ახლოს

„თუ თქვენ თურქეთში ცხოვრობთ და გსურთ გამოსასვლელი დღეები სხვა ქვეყანაში გაატაროთ, ეს ძალიან იოლი საქმეა. ამ კვირაში გაზეთ „დეილი საბაჰის“ კორესპონდენტი თურქეთის მოსაზღვრე საქართველოში იყო და თბილისი მოინახულა

სტატიაში გადმოცემულია საქართველოში ყოფნის შთაბეჭდილებები, განსაკუთრებით კი თბილისის დათვალიერების შედეგად (ავტორი – ერნსტ ფაიფერი).

გთავაზობთ ვრცელი პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

თბილისის ევროპის ტურისტულ ტოპ-ათეულში მიმდინარე წელს გამოჩნდა, მანამდე კი საქართველო და მისი დედაქალაქი „ევროპულ საიდუმლოებებს“ მიეკუთვნებოდა. ამჟამად ეს მარშრუტი ერთ-ერთ პოპულარულია. თბილისი საოცარი და ჯადოსნური ქალაქია, სადაც შეგიძლიათ შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრის გვერდით სუპერთანამედროვე შენობებს ნახავთ. თბილისი იმპერიათა გზაჯვარედინზე მდებარეობდა – ქალაქს ბევრი რამ უნახავს, დაწყებული რომალებიდან, ოსმალებიდან და სპარსელებიდან, დამთავრებული რუსებით და საბჭოელებით. ქართველებს ძალიან უყვართ და მოსწონთ თავიანთი ხელოვნება და არქიტექტურა, ქართულ ეროვნულ ვალუტაზე ბევრი მწერალია გამოსახული, ქართველები ასევე ამაყობენ უძველესი  ანბანითაც.

სტამბოლიდან თბილისში იაფად გამგზავრება ვისაც სურს, მან „პეგასის“ ბიუჯეტური ავიაკომპანიის თვითმფრინავებით უნდა ისარგებლოს, ან „თურქეთის ავიახაზებით“. ასევე შეიძლება საერთაშორისო ავტობუსით მგზავრობაც (ღირებულება – 40 დოლარი), რომლებიც სტამბოლიდან ყოველდღიურად გადიან საქართველოს მიმართულებით. მგზავრობას 17 საათი ჭირდება.

საქართველოში რომ ჩახვალთ, მიესალმეთ – „გამარჯობა!“. მესაზღვრე პოლიციელები ღიმილით შეგხვდებიან. აეროპორტიდან ქალაქამდე ტაქსის სტანდარტული ფასი 50 ლარია, თუმცა შეგიძლიათ ღირებულება თანამგზავრებთან ერთად გაინაწილოთ, არ დაზარალდებით. თბილისში გირჩევთ სასტუმრო//გალერეა „ფაბრიკაში“ იცხოვროთ. ამ შენობაში ადრე, საბჭოთა პერიოდში სამკერვალო საწარმო მუშაობდა, „ფაბრიკაც“ ამიტომ უწოდეს. აქ ნახავთ სურათების გამოფენას, ტანსაცმლის ნიმუშებს, ღამ-ღამობით კონცერტებიც იმართება, – ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა ქართულ სამზარეულოს, კვების ობიექტებს. აღწერილია რესტორანი „რაჭა“: „რაც კი აქ მივირთვით, ძალიან გემრიელი იყო, განსაკუთრებით მწვადი. ირგვლივ ყველა ქეიფობდა. მეზობელ მაგიდაზე ჩვენი სადღეგრძელო შესვეს… ამბობენ, რომ საუკეთესო ხინკალს რესტორან „ფასანაურში“ ამზადებენო“, – აღნიშნავს ავტორი და მკითხველს ხინკლის ჭამის წესს უხსნის: „ქართული ხინკალი ისეთია, თითებსაც ჩაიკვნეტ“.

„თბილისში ჩასული ტურისტი, ისტორიული ნაწილის დათვალიერებისას პირველ რიგში მწვანე მთაზე აღმართულ გიგანტურ ციხე-სიმაგრეს დაინახავს. ეს ნარიყალაა. შეგიძლიათ ახვიდეთ ავტომანქანით ან საბაგირო გზით, რომელიც რამდენიმე წლის წინ ააგეს. ნარიყალასთან ახლოს დგას „ქართვლის დედის“ გიგანტური ქანდაკება, რომელსაც მოყვრისთვის ხელში ღვინის თასი უჭირავს, მტრისთვის კი მახვილი. კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა მთაწმინდა, სადაც გართობა-დასვენების პარკია მოწყობილი. მთაწმინდიდან თბილისის საოცარი ხედი იშლება“.

თბილისი ძველ უბნების დათვალიერებისას აუცილებლად ნახეთ აბანოთუბანი. მართალია, ლიგვისტურად „აბანოთუბანს“ და „თბილისს“ საერთო არაფერი აქვთ, მაგრამ ამ ორ სახელწოდებას ერთი რამ მაინც აერთიანებთ: აბანოთუბანში აბანოებია, რომლებშიც ბუნებრივი გოგირდის შემცველი თბილი წყალი მოედინება. ამბობენ, თბილისს სახელი სწორედ ამ წყალის გამო დაერქვაო. ძველ უბნებში აშკარად შეამჩნევთ ქალაქის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ამსახველ ფაქტებს. აქ ბევრი ძველი ლამაზი შენობაა. თბილისი, ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოსთან ერთად, მსოფლიოში იმ მცირერიცხოვან ქალაქებს მიეკუთვნება, სადაც შეგიძლიათ ერთ ქუჩაზეც კი ნახოთ სხვადასხვა რელიგიის თაყვანისმცემელთა ისტორიული საკულტო შენობები: აქ არის ქრისტიანული სიონის ტაძარი და წმინდა ნინოს ეკლესია, ებრაული სინაგოგა და მაჰმადიანური მეჩეთი-ჯუმა.

ავტორი მკითხველებს ურჩევს, რომ თბილისში ყოფნისას ეწვიონ 9 აპრილის ბაღის ახლოს, „მშრალ ხიდთან“ მდებარე ბაზარს, სადაც შეუძლიათ ბევრი საბჭოური არტეფაქტები და ატრიბუტიკა შეიძინონ. „ქეიფის მეორე თუ მესამე დღეს შეგიძლიათ ქალაქგარეთაც გახვიდეთ. ამ შემთხვერვაში ორი ვარიანტი გაქვთ: მცხეთა და „ქართლის ცხოვრება“.

მცხეთა საქართველოს ისტორიული დედაქალაქია. აქ 1700 წლის წინათ პირველი ქრისტიანული ტაძარი სვეტიცხოველი ააგეს, რომელთანაც უამრავი ლეგენდაა დაკავშირებული. ლეგენდებითაა მოსილი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაც, თუმცა უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ქრისტიანობის აღიარება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო: ქართველები იმიტომ გაქრისტიანდნენ, რომ გვიანდელ რომის იმპერიაში დამცველს ხედავდნენ, სპარსელებთან დაპირისპირებაში. მოკლედ, მცხეთაში დიდუბიდან უნდა გაემგზავროთ. სვეტიცხოველი შესანიშნავი ტაძარია, მისი მონუმენტური ხედი გზიდანაც მოჩანს. აქ შაბათობით დამატკბობელ და სიმშვიდის მომგვრელ ქართულ საეკლესიო გალობას მოისმენთ. ჯვრის მონასტრიდან კი თუ მცხეთას გადმოხედავთ, ფრთხილად იყავით, რომ განცვიფრებისაგან ყბა არ ჩამოგივარდეთ“.

რაც შეეხება „ქართლის ცხოვრებას“, ეს მონუმენტი 2000-იანი წლების დასაწყისში აიგო ქვეყნის ეროვნული თვითშეგნების, იდენტურობის აღსანიშნავად. როგორც ამბობენ, უზარმაზარ ლოდებზე საქართველოს ისტორიის ეტაპებია ასახული. მას სხვაგვარად ქართულ „სტოუნჰეჯსაც“ უწოდებენ. მდებარეობს თბილისის ზღვაზე, – წერს ავტორი.

Comments are closed