globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 18 მაისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on May 18th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Der Freitag» (გერმანია): ადგილები, რომლებსაც იშვიათად თუ ვინმე ნახავს // კავკასიის მკაცრი მთები, მიტოვებული სოფლები, მთვლემარე კონფლიქტები… საქართველოს მთიანეთში მოხუცები რჩებიან, ახალგაზრდებს კი ევროპა უვიზო რეჟიმით იზიდავს

«The Diplomat» (აშშ): სუვერენიტეტის აღიარების თამაშები: ნაურუმ თავისი ძალები ვერ გათვალა? // აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისათვის ნაურუმ რუსეთისაგან ფული მიიღო. რამდენად შეიძლება, რომ აშშ-ის ზეწოლამ ნაურუზე გავლენა მოახდინოს?

—————–

«Der Freitag» (გერმანია), 18 მაისი, 2017 წელი

https://www.freitag.de/autoren/der-freitag/besuch-ist-selten

ადგილები, რომლებსაც იშვიათად თუ ვინმე ნახავს

კავკასიის მკაცრი მთები, მიტოვებული სოფლები, მთვლემარე კონფლიქტები… საქართველოს მთიანეთში მოხუცები რჩებიან, ახალგაზრდებს კი ევროპა უვიზო რეჟიმით იზიდავს

„საღამოა, მზე ჩადის. დიდ კომბალზე დაყრდნობილი გელა დაისს გასცქერის. ყოველ ზაფხულს გელა და მისი მეგობარი მწყემსები სტეფანწმინდის რაიონში მდებარე ამ ადგილზე მოდიან, საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს: ნოგყაუ ერთ-ერთია იმ ბევრ სოფელთაგან ქართულ კავკასიაში, რომელიც მიტოვებულია და თანდათან ნადგურდება“, – ასე იწყება გერმანულ გაზეთში გამოქვეყნებული სტატია, რომელიც საქართველოს პრობლემებს ეხება (ავტორი – იოჰან შტეინი).

გთავაზობთ სტატიის მოკლე შინაარსს:

გელა ამბობს, რომ მათი საქონელი ხშირად საზღვრის იქით მხარეს გადადის, რუსეთის ტერიტორიაზე და ასეთ შემთხვევბში დიდი პრობლემები ჩნდება: ნებართვა თბილისიდან უნდა იქნეს აღებული, რომ ცხოველები უკან დაიბრუნონ. თუ საზღვარზე უნებართვოდ ვინმე გადავა, მაშინ ის რუსი სამხედროებისაგან დაწესებულ ჯარიმას იხდის“. რამდენიმე წლის წინათ ნოგყაუს ახლოს ომი მიმდინარეობდა. საქართველოს არმია ოსი სეპარატისტების წინააღმდეგ გამოვიდა, ოსებს კი რუსეთის არმია წამოეშველა. საბოლოოდ, სამხრეთ ოსეთი საქართველოს ჩამოშორდა და მისი დამოუკიდებლობა, რუსეთის გარდა, მხოლოდ ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ აღიარა. ათასობით დევნილი თბილისში და საქართველოს სხვა ადგილებში გაიხიზნა. მათი უმრავლესობა მშობლიურ ადგილებს ვეღარ დაუბრუნდა. მიმდინარე წლის აპრილში სამხრეთ ოსეთში ახალი პრეზიდენტი – ანატოლი ბიბილოვი აირჩიეს, რომლის მიზანია სამხრეთ ოსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთ-ალანეთის გაერთიანება და რუსეთის შემადგენლობაში შესვლა. ეს იდეა საერთაშორისო თანამეგობრობამ მკაცრად გააკრიტიკა.

გელასა და მისი მეგობარი მწყემსებისთვის ნოგყაუში მიტოვებული სახლები ერთგვარი თავშეფრის როლს ასრულებს. აქ მიწაც შედარებით ნოყიერია, არის გოგირდის წყაროებიც, რომლებსაც სამკურნალო თვისებები აქვთ. აქ ხშირად მოდიან ქრისტიანი მომლოცველები. ადგილობრივი ადმინისტრაციული ცენტრი სტეფანწმინდა საქართველო-რუსეთის საზღვარს 20 კილომეტრითაა დაშორებული. სტეფანწმინდა სამთო-სათხილამურო კურორტს მიეკუთვნება და ტურისტებისთვის პოპულარული ადგილია, ისინი აქ უფრო მეტად რუსეთიდან შემოდიან, საზღვარზე კი უვიზო რეჟიმი მოქმედებს. სტეფანწმინდიდან რუსეთისაკენ ბევრი სატვირთო მანქანა მიდის, მათი რიგი კილომეტრებზეა გაჭიმული. ქალაქის ცენტრში სასტუმროებია, ფირნიშებით. იქვე დგანან მიკროავტობუსები, რომლებსაც ადგილობრივები „მარშრუტკას“ ეძახიან. მათ აქ ტურისტები ჩამოჰყავთ, რომლებსაც ყაზბეგის მთის ნახვა და მისი დალაშქვრა სურთ. ეს მთა რუსეთის, საქართველოს და „სამხრეთ ოსეთის“ საზღვარზე მდებარეობს.

(სტატიაში გადმოცემულია ქართველი მეცხვარეების საქმიანობა, მათი ყოფა-ცხოვრება, სუფრა და სადღეგრძელოები ქართული ღვინით და არაყით – „ჭაჭით“: „სადღეგრძელოები ერთობ ფილოსოფიურია, რომანტიკით აღსავსე, ეროვნული სიამაყისა და ოჯახის ერთგულების გამომხატველი. ჩემს თარჯიმანს მათი გადმოცემა საკმაოდ უძნელდება და ცდილობს მოასწროს, სანამ მამაკაცები ღვინით სავსე მორიგ სასმისს დაცლიან“. მათი ცხოვრება რთულია. ისინი აქ მგლებსა და დათვებს შორის საქმიანობენ, რომნლებიც ხშირად თავს ესხმიან ცხვრის ფარას და იტაცებენ. ფარას დაცვა ჭირდება. მართალია, საღამოობით სვამენ, მაგრამ დილით ფხიზლად არიან. ასე გრძელდება დაუსრულებლივ“).

საქართველოს მრავალი პრობლემა აწუხებს, მაგრამ ყველაზე მთავარი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლით დაიწყო და რომლის შედეგად მილიონობით ადამიანი დევნილად და ლტოლვილად იქცა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების გამო. საქართველოში ძალიან მაღალია უმუშევრობის დონეც. არაოფიციალური მონაცემებით, მოსახლეობის ნახევარს მუდმივი სამუშაო არ აქვს. უმუშევრობის მაღალი დონით იჩაგრებიან ახალგაზრდებით. ერთ-ერთი მათგანია 25 წლის მაცო, რომელიც რაჭაში მდებარე სოფელ ველევში გავიცანი. სოფელი საქართველოსა და „სამხრეთ ოსეთის“ გამყოფ სადემარკაციო ხაზის ახლოს მდებარეობს. მაცოს ბაბუა [ამბროლაურის] რაიონში ცნობილი ექიმი იყო, მის სახლში ახლა შვილიშვილი ცხოვრობს, მაგრამ უბედურება ისაა, რომ იგი თავს ძლივს ირჩენს. მაცოს ძალიან უყვარს მშობლიური ბუნება და სხვებსაც შთააგონებს გარემოს სიყვარულს: თანასოფლელებთან ერთად ნაგვისაგან ასუფთავებს ტერიტორიას, ტურისტებისთვის აწყობს ალპინისტურ მარშრუტებს, ცდილობს სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებას. მას იმედი აქვს, რომ ქვეყანაში სიტუაცია სასიკეთოდ შეიცვლება.

საქართველოში თაობათა კონფლიქტიც შეიმჩნევა. საშუალო და ხანდაზმულ ასაკის მქონე ადამიანები სოციალიზმის პერიოდს იხსენებენ, როცა მოსახლეობას სამსახური ჰქონდა და ყველა დასაქმებული იყო. მათ ორიენტაცია უფრო რუსეთზე აქვთ აღებული, ახალგაზრდები კი ევროპაზე ოცნებობენ. თბილისში ბევრგან ნახავთ ევროკავშირის დროშებს. ქართველებმა დიდი ზეიმით აღნიშნეს ვიზალიბერალიზაცია, რაც მათთვის, ვისაც ბიომეტრიული პასპორტი აქვს, შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მოგზაურობას უზრუნველყოფს.

გასული წლის ოქტომბერში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მაცომ ხმა მისცა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაში 2004-2012 წლებში იყო და რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი, აშშ-ში განათლებამიღებული მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს.  მაცოს აზრით, „ერთიანი ნაცმოძრაობა“ მმართველი „ქართული ოცნების“ ერთადერთ რეალურ ალტერნატივას წარმოადგენს. „ქართული ოცნების“ დამაარსებელი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა. იგი ცდილობს ევროპასაც დაუახლოვდეს და რუსეთთანაც ურთიერთობა გააუმჯობესოს. „ქართულმა ოცნებამ“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, 2012 წელთან შედარებით უფრო მეტ წარმატებას მიაღწია – საკანონმდებლო ორგანოში ადგილების სამი მეოთხედი აქვს.

(სტატიის დასასრულს აღწერილია სოფელი ჭართალი, რომელშიც მხოლოდ ერთი ადამიანი – 57 წლის იური ცხოვრობს. მარტოობისაგან იგი სვამს. „აბა მაშ რა ვქნა, სანამ მგლები და დათვები მესტუმრებიან?“, – იცინის იური“).

«The Diplomat» (აშშ), 17 მაისი, 2017 წელი

http://thediplomat.com/2017/05/the-sovereign-recognition-game-has-nauru-overplayed-its-hand/

სუვერენიტეტის აღიარების თამაშები: ნაურუმ თავისი ძალები ვერ გათვალა?

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისათვის ნაურუმ რუსეთისაგან ფული მიიღო. რამდენად შეიძლება, რომ აშშ-ის ზეწოლამ ნაურუზე გავლენა მოახდინოს?

სტატია ეხება საერთაშორისო ურთიერთობებში არსებულ პოლიტიკურ ინტრიგებს, დიპლომატიურ თამაშებს, რომლებშიც ზოგიერთი სახელმწიფოა ჩართული, მაგალითად, ამა თუ იმ ახლად „გაჩენილი“ ქვეყნის სუვერენიტეტის აღიარების საკითხში. პუბლიკაციაში აღწერილია „დამოუკიდებლობის აღიარებით ვაჭრობის“ ფაქტები, მოცემულია ამგვარი პოლიტიკის მიზეზები და შედეგები (ავტორი – გრანტ უაიტი).

გთავაზობთ სტატიის შინაარსს:

„დამოუკიდებლობის აღიარების“ თამაშში წყნარი ოკეანის ჯუჯა სახელმწიფოები მრავალი ათწლეულის განმავლობაში არიან ჩართულნი. აბა, რა ექნათ? მოსახლეობის მცირე რაოდენობამ, ბუნებრივი რესურსების სიმწირემ, გეოგრაფიული უპირატესობის არქონამ კუნძულები საერთაშორისო ურთიერთობებში სუვერენიტიტის აღიარებით ვაჭრობაზე აიძულა. ეს იყო ის ბერკეტი, რომელსაც ისინი სხვა სახელმწიფოების მიმართ იყენებდნენ, მათთვის სასურველი ქვეყნის აღიარების საკითხში, რის შედეგადაც ჯუჯა-სახელმწიფოები მათგან გარკვეულ [მატერიალურ თუ ფინანსურ] დახმარებას იღებდნენ.

ამგვარი თამაშის ძირითადი მიზანია ჩინეთი. 1970-იან წლებიდან მოყოლებული ორი ჩინეთი არსებობს – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა (დედაქალაქი – პეკინი) და ჩინეთის რესპუბლიკა – ტაივანი (დედაქალაქი ტაიბეი). ორივე მათგანი აცხადებდა, რომ მხოლოდ ის წარმოადგენდა ჭეშმარიტ ჩინეთს და ცდილობდნენ აღიარების მიღწევას საერთაშორისო არენაზე. წყანარი ოკეანის სახელმწიფოები ამ სიტუაციას სათავისოდ იყენებდნენ და საკმაოდ დინამიურადაც სარგებლობდნენ. ასეთი ვითარება დღემდე გრძელდება: კირიბატი, სოლომონის კუნძულები, მარშალის კუნძულები, პალაუ, ტუვალუ კანონიერ, ჭეშმარიტ ჩინურ სახელმწიფოდ მხოლოდ ტაივანს აღიარებენ, რომელიც, თავის მხრივ, ფინანსურად ეხმარება ამღიარებლებს, „საჩუქრის სახით“. ტაივანის სუვერენიტეტის ამღიარებლებს გულში იმედი აქვთ, რომ ტაიბეის დიპლომატიური კონკურენტი – პეკინი მათ მეტ ფულს მისცემთ და ამიტომ, შეთავაზების შემთხვევაში, მზად არიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხარეს დადგნენ.

ამას წინათ ჩინეთმა (პეკინმა) და ტაივანმა (ტაიბეიმ) საერთაშორისო აღიარების ლობირების საკითხში დროებითი ზავი დადეს. მათი დაზავება ბოლო წლებში მომხდარმა გახმაურებულმა დიპლომატიურმა ფარსმა გამოიწვია: 1999 წელს პაპუა – ახალმა გვინეამ ტაივანის დამოუკიდებლობა აღიარა, მისგან 30 მილიონი დოლარი მიიღო, მაგრამ რადგანაც ვერავინ გაარკვია, თუ სად გაქრა ფული, 2008 წელს პაპუასების საგარეო საქმეთა მინისტრი იძულებული გახდა გადამდგარიყო. 2016 წელს პეკინმა დიპლომატიურ-ფინანსური შეტევა განახორციელა და თავის მხარეზე გადაიბირა ორი აფრიკული სახელმწიფო – ერთი გამბია, მეორე – სან-ტომე და პრინსიპი, რომლებიც ადრე ტაივანს აღიარებდნენ.

ორ ჩინეთთან დაკავშირებული დიპლომატიური თამაშების გარდა, ბოლო ათწლეულში წყნარი ოკეანის სახელმწიფოებს ახალი მსგავსი შანსი გაუჩნდათ. 2008 წლის აგვისტოში მომხდარი რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად ორმა სეპარატისტულმა რეგიონმა – აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, საქართველო მათ თავის ტერიტორიებად თვლის, რომლებიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს მხარს რუსეთი უჭერს: მოსკოვმა ორივე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა და მათ ლეგიტიმაციას საერთაშორისო არენაზეც ცდილობს. რუსეთთან მჭიდრო კავშირების წყალობით ვენესუელამ და ნიკარაგუამ სოხუმი და ცხინვალი 2008 წლის ომის დასრულების შემდეგ ცოტა ხანში აღიარეს, მათ 2009 წლის ბოლოს ნაურუც შეუერთდა, რომელსაც რუსეთმა 9 მილიონი დოლარი აჩუქა ნავსადგურის მოდერნიზებისათვის.

დაინახეს რა ხელის მოთბობის ახალი შესაძლებლობა, ვანუატუმ და ტუვალუმ ნაურუს მიბაძეს და 2011 წელს მათ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან – აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს, თუმცაღა აღიარება დიდხანს არ გაგრძელებულა: ვანუატუმ 2013 წელს, ტუვალუმ კი 2014 წელს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება გააუქმეს და დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოსთან დაამყარეს.

ნაურუ ჯერ-ჯერობით თავის პოზიციაზე სტაბილურად დგას და იმედი აქვს, რომ რუსეთი ფინანსურად კიდევ დაეხმარება. სხვათა შორის, ნაურუ რუსული მაფიის „შავი ფულის“ „გათეთრების“ ცენტრად ითვლება, რაც ავსტრალიის ბანკების აღშფოთებას იწვევს. ალბათ, ნაურუ ამ გარემოებითაც სარგებლობს, რომ რუსეთის მეშვეობით თავი დაიცვას და ავსტრალიასთან ერთგვარი ბალანსი დაამყაროს. მაგრამ ბოლო მოვლენები მოწმობს, რომ ნაურუსათვის ცუდი პერიოდი დგება. როგორც ჩანს, კუნძულმა თავისი ძალები ვერ გათვალა და დიპლომატიურ თამაშებში გადააჭარბა: ამას წინათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვაშინგტონში ვიზიტის დღეებში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საბიუჯეტო კანონს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს რეგიონები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი „რუსეთის მიერაა ოკუპირებული. აქედან გამომდინარე, ამერიკის მთავრობას და სამთავრობო ფონდებსა ეკრძალებათ დახმარების გაწევა იმ სახელმწიფოებისათვის, რომლებიც აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ.

აღნიშნული აქტი ძირითადად ნიკარაგუისა და ვენესუელის წინააღმდეგაა მიმართული, მაგრამ ნეგატიური გავლენას მოახდენს ნაურუზეც – მას ფინანსური ინექციები შეუწყდება. როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატები მნიშვნელოვნად აფინანსებს მსოფლიო ბანკს, საერთაშორისო სავალუტო ფონდს, გაეროს ბავშვთა ფონდს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, რომლებიც, თავის მხრივ, ნაურუს სხვადასხვა დარგებს ფულით ეხმარებიან. ვაშინგტონს შესაძლებლობა აქვს ზეწოლა მოახდინოს აზიის განვითარების ბანკზეც, რომელიც ნაურუში ბევრ პროექტს ახორციელებს. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ნაურუ არჩევანის წინაშე დგება: ან დიპლომატიური ურთიერთობა უნდა გაწყვიტოს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთთან, მათი დამოუკიდებლობის აღიარების აქტი გააუქმოს, ან აშშ-სგან დახმარების მიღება შეუწყდება და რუსეთის იმედზე დარჩება. აშკარაა, რომ ძველი სტატუს-ქვოს შენარჩუნების შემთხვევაში, ნაურუს საერთაშორისო იზოლაცია ემუქრება. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ კუნძულმა რუსეთთან ინტეგრირება გააძლიეროს.

ავსტრალია, რომელსაც, რასაკვირველია, ნარუზე რუსეთის გავლენის შეწყვეტა სურს, ალბათ, იმედოვნებს, რომ ამერიკა ოთხივე ქვეყანას და მათ შორის ნაურუსაც იძულებულს გახდის უარი თქვან აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე. თუ ეს ტაქტიკა გაამართლებს და წარმატებული იქნება, მაშინ გარკვეული დროის შემდეგ ნაურუსა და მისი მსგავსი ქვეყნების დიპლომატიური თამაშები დასრულდება.

Comments are closed