globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 3 ივნისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jun 3rd, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Каспiй» აზერბაიჯანი): ნუ გადაკვეთ მიჯნას… // ვის სჭირდება მუხთარლის საქმის პოლიტიზება?

«Комсомольская правда» (რუსეთი): ფეხით 2300 კილომეტრი – საქართველოსა და რუსეთის შერიგების სურვილით

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველო-რუსეთი: რელიგია და ოკუპაცია

—————–

«Каспiй» აზერბაიჯანი), 03 ივნისი, 2017 წელი

http://www.kaspiy.az/news.php?id=61754#.WTG2UYq1vs0

ნუ გადაკვეთ მიჯნას…

ვის სჭირდება მუხთარლის საქმის პოლიტიზება?

ტოფიკ აბასოვი, პოლიტოლოგი

საქართველოში ჟურნალისტ ფარმან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით აჟიოტაჟია ატეხილი, რომელშიც ერთი მუჭა უფლებადამცველები, „ენჯეო“-შნიკები და სხვა აქტივისტები მონაწილეობენ. თუ მათ მოქმედებას დავაკვირდებით, უნებლიედ დასკვნას გააკეთებთ: ჩვენს წინააღმდეგ არამეგობრულად განწყობილი ძალები გაბოროტებულნი არიან, სურთ ბუზი სპილოდ გადააქციონ და საქმე გაბერონ. მოკლედ, ყოველგვარ ფარგლებს გადააჭარბეს.

ჟურნალისტ ფარმან მუხთაროვის საქმე იმ მიკროსერიალს ჰგავს, საიდანაც გარკვეული წრეები მაკროეფექტის მიღებას ცდილობენ, რასაკვირველია, თავიანთ სასარგებლოდ. მომხდარი ფაქტის დეტალები ბევრად მოგვაგონებს რუს-ებრაელ-უკრაინელ-ბელორუს ბლოგერ ალექსანდრ ლაფშინს, რომელიც „დანის პირზე“ დადიოდა და გაუგებარია, რისი იმედით. საბოლოოდ მან ყველანაირ საზღვარს გადააბიჯა და იმ ორმოში ჩავარდა, რომელსაც აზერბაიჯანის იმიჯის გასაფუჭებლად თხრიდა. ალბათ, იმ რამდენიმე თვის განმავლობაში, რომელიც ალექსანდრ ლაფშინმა ბაქოს იზოლატორში გაატარა, მას ჭკუა ასწავლეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ უიღბლო პიროვნების თავსდატეხილი ამბავი სხვა მის თანამოაზრეებს გაკვეთილად არ გამოადგათ: ისინიც ასევე საფლობში აღმოჩნდნენ ჩაძირულნი საკუთარი ავანტიურიზმისა და უწმინდური ქცევის გამო. რას ვიზამთ, ასეთი ტიპებისათვის საზღაური ყოველთვის მაღალია.

დღეს ასეთი ადამიანების რიგში დგას აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ფარმან მუხთარლი თავისი საეჭვო „საქმენი საგმირონით“, რომელიც „ჰაერს არყევს“ და ცდილობს საკუთარზე თავზე ყურადღების მიპყრობას, პოლიტიკური კაპიტალის დაგროვებასთან ერთად. პრინციპში მან, როცა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, კარგად იცოდა რაზეც მიდიოდა. სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთვა ყველგან, ყველა ქვეყანაში ერთნაირად მკაცრად ისჯება. რადგანაც იგი შეგნებულად წავიდა რისკზე, გამოდის, რომ ფარმან მუხთარლს სხვა ცოდვებიც აქვს ჩადენილი, არანაკლებ სერიოზული. მისი ისტორიიდან ჩანს, რომ ჟურნალისტი კანონებს არღვევდა და ამიტომაც ამჯობინებდა ჩუმად გადაადგილებას, საზღვარზე გადასვლის ჩათვლით, რომელიც მეზობელ სახელმწიფოებს მიჯნავს. მაგრამ ის მოწოდება-მოთხოვნები, რომლებიც [საქართველოში] გაისმის აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დაკავებული ჟურნალისტის მხარდამჭერებისაგან, არაორაზროვნად მიუთითებს იმაზე, რომ საქმეში პოლიტიკური ელემენტი არსებობს. შემთხვევითი არაა, რომ მათში აშკარად შეინიშნება ისეთი ტრადიციული ხელწერა, რომელიც ანტიაზერბაიჯანულ საერთაშორისო ძალებისთვისაა დამახასიათებელი. ამ ბანაკში პირველი რიგი და პირველი ადგილები ყოველთვის სომხურ წრეებს აქვთ დაკავებული, რომლებიც მუდმივად ცდილობენ აზერბაიჯანი თანამეგობრობიდან გარიყონ, შუღლი ჩამოაგდონ მის ურთიერთობაში მეზობლებთან და მსოფლიოს გავლენიან სუბიექტებთან.

სომხურმა სპეცსამსახურებმა, მათი მეშვეობით შექმნილმა ტერორისტულმა ქსელმა და ე.წ. უფლებადამცველებმა დიდი ხანია საქართველო ანტიაზერბაიჯანულ პლაცდარმად გადააქციეს. მათ, თავიანთი ძირგამომთხრელი საქმიანობის მიზნით, ტყუილად არ „შეყვარებიათ“ ის ქვეყანა, რომელსაც აზერბაიჯანთან ხანგრძლივი დროის განმავლობაში ტრადიციული კეთილმეზობლური ურთიერთობა აქვს. გარდა იმისა, რომ აზერბაიჯანი უშუალოდ ესაზღვრება საქართველოს, ამ ქვეყნის სპეციფიკური და განსაკუთრებული პირობებიდან გამომდინარე, ბევრი შესაძლებლობა არსებობს, რომ სახიფათო ძალები მოსახლეობის მასას შეერიონ. მეორე მხრივ, საქართველოს იმ რეგიონებში, რომლებიც აზერბაიჯანს ესაზღვრებიან, სომხური სპეცსამსახურები ფუთფუთობენ, მათ იქ კონსპირაციული ადგილები აქვთ, ამუშავებენ და ინსტრუქციებს აძლევენ ფერშეცვლილ აგენტებს – ადგილობრივ ნატურალიზებულ სომხებს და რა დასამალია, აზერბაიჯანელ გარეწარ-მარგინალებს. აი, ასე იყენებს ერევანი თავის „ძმურ ურთიერთობას” თბილისთან, რათა ძირი გამოუთხაროს ქართულ-აზერბაიჯანულ ნორმალურ ურთიერთობას, რომელიც სომხურ ყელში ძვალივით არის გაჩხერილი. მაგრამ რადგანაც ბაქოს და თბილისს ერთმანეთთან სტაბილური დამოკიდებულება აქვთ, მათ შორის ღრმავდება ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა  და მუდმივად მტკიცდება ერთმანეთისადმი ნდობა, ქართველები და აზერბაიჯანელები ახერხებენ ერთად გაანეიტრალონ ის რისკები, რომელბიც სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობის ძირის გამოთხრისკენაა მიმართული.

ჟურნალისტ ფარმან მუხთარლის საქმეს ანგაჟირების სუნი ასდის. რადგანაც გამოძიება არ დასრულებულა, ჯერ-ჯერობით რაიმე დასკვნების გაკეთება ნაადრევია, თუმცა მაინც ვიტყვით, რომ ცალკეული დეტალები სომხურ კვალზე მიგვანიშნებს. მის მიერ აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთვა მხოლოდ საშუალებაა და არა მიზანი. შემთხვევითი არაა, რომ სომხური მასმედია და ის უცხოური საინფორმაციო საშუალებები, რომლებიც სომხური ლობის სამსახურში დგას, ფარმან მუხთარლის დასაცავად ერთ რიგში ჩადგნენ. მათი მიზანია ბაქოზე მასირებული ზეწოლის მოხდენა და ჟურნალისტის გადაქცევა „სინდისის პატიმრად“, ანუ თავისუფლებისა და უფლებებისათვის ბრძოლის მსხვერპლად, მაგრამ ამგვარი მცდელობა საღ ლოგიკას ვერ უძლებს.

დღეს საქართველოში პროსომხურ ძალებს გააფთრებული ყმუილი აქვთ გაჩაღებული – აი, შეხედეთ, როგორ უფუჭებს აზერბაიჯანი საქართველოს დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და როგორ მოქმედებს ბაქო თბილისის ინტერესების წინააღმდეგო. ასეთ აბდაუბდას ავრცელებენ ის ძალები, რომლებიც ანტიაზერბაიჯანულები არიან ყველანირ  ფორმასა და გამოვლენაში. ისინი ვერ ხვდებიან, რომ საქართველო და აზერბაიჯანი – რეგიონის ორი წამყვანი სახელმწიფო – მხოლოდ უბრალო მეზობლები კი არ არიან, არამედ განუყრელი პარტნიორებიც, მოკავშირეებიც და თანამოაზრეებიც, რომლებიც ერთად წყვეტენ ენერგეტიკულ, სატრანსპორტო-კომუნიკაციურ საკითხებს, ამუშავებენ პროექტებს, რომლებიც მნიშვნელოვნად ააქტიურებს სამხრეთ კავკასიის ეკონომიკურ და სოციოკულტურულ ლანდშაფტს.

ამიტომაც იმ ადამიანებს, რომლებიც ქართულ საზოგადოებაში, ინსინუაციებისა და სიცრუის მეშვეობით, არევ-დარევის შეტანას ცდილობენ, წინ აუცილებლად ფიასკო ელოდებათ. შეუძლებელია გულწრფელი ურთიერთობებისა და საერთო სიკეთისაკენ სწრაფვის დამარცხება.

აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლება, ორი ქვეყნის ხალხი მუდამ იქნებიან კეთილმეზობლური პოლიტიკის გამტარებელნი, მეგობრული ურთიერთობის ერთგულნი. ეს უნდა ახსოვდეთ ჩვენს არაკეთილმუსრველებსა და განხეთქილების მოსურნეებს. იქნებ ჩვენმა ასეთმა კეთილმა ურთიერთდამოკიდებულებამ გზა აჩვენოს და კარგი მაგალითი მისცეს მათ, ვინც ვერ გამოსულა სიბნელის ტყვეობიდან და საუკუნო სიძულვილიდან.

«Комсомольская правда» (რუსეთი), 03 ივნისი, 2017 წელი

https://www.kp.ru/daily/26687.7/3710414/

ფეხით 2300 კილომეტრი – საქართველოსა და რუსეთის შერიგების სურვილით

„არიან ამ ქვეყანაზე უცნაური ადამიანები. მათგან ერთ-ერთი ემზარ შალიკაშვილია, რომელსაც მკერდზე „გიორგის ლენტი“ (გეორგიევსკაია ლენტოჩკა“) აბნევია და საქართველოდან რუსეთში ფეხით მიემგზავრება. იგი ისტორიკოსია, 48 წლისა. ემზარის გზა შორია – ქართული ქალაქ თელავიდან, სადაც ფილმი „მიმინო“ გადაიღეს, მოსკოვამდე, ანუ ორი ათასი კილომეტრი. ქვეითად. მან ორი თვის განმავლობაში უნდა იაროს, რათა წითელ მოედანზე 24 ივლისს მივიდეს, გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის დღეს. რატომ? იმიტომ, რომ ერეკლე II, ქართლ-კახეთის მეფე, რომელმაც რუსეთთან პროტექტორატის ტრაქტატი გააფორმა, ემზარის სახლიდან სამას მეტრში ცხოვრობდა და იქვე გარდაიცვალა“, – ასე იწყება სტატია, რომელშიც საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზეა საუბარი (ავტორი – გალინა საპოჟნიკოვა).

პუბლიკაციაში გადმოცემულია რუსი და ქართველი ხალხების ისტორიული მეგობრობის ტრადიციები, რომელთა შესახებ ემზარ შალიკაშვილი საუბრობს. მას სურს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის კვლავ მეგობრობამ დაისადგუროს, 2008 წლის აგვისტოს ომის მიუხედავად, რომელიც „გარეშე ძალების მიერ იყო გამოწვეული“. ემზარ შალიკაშვილს განზრახული აქვს წითელ მოედანზე თავის ჩეხ და სლოვაკ თანამოზრეებს შეხვდეს. ისინიც ასევე ფეხით მიდიან მოსკოვში, მშვიდობის მიზნით, ფაშიზმის მსხვერპლთა ხსოვნის აღსანიშნავად. ემზარმა უკვე გაიარა ქალაქი გეორგიევსკი (სადაც გაფორმდა ტრაქტატი საქართველოსა და რუსეთს შორის), ბუდიონოვსკი, ელისტა… წინ ვოლგოგრადია, შემდეგ ეფრემოვო (სადაც იგი მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში), ბოლოს კი პოდოლსკი და მოსკოვი. „მე ყველას ვუყვები, რომ საქართველოში არიან ორი ხალხის მეგობრობის მსურველი ადამიანები, რომლებსაც ხიდების აღდგენა და ნათელი მომავლის აშენება უნდათ“, – ამბობს ემზარ შალიკაშვილი.

ემზარის ყოველი დღე კეთილი მოულოდნელობებითაა სავსე. მლეთაში, მაგალითად, მას შეხვდა ვალერიან ბურდული, რომელმაც სახლში შეიპატიჟა და გაუმასპინძლდა. ვალერიანის მამა სტალინგრადში დაღუპულა. ემზარმა მისი ეზოდან მიწა აიღო, რომელსაც ვოლგოგრადში ჩასვლისას მოაფრქვევს“.

ავტორი დაინტერესდა, თუ როგორ ხვდებიან ემზარს რუსეთში:

„აღმოჩნდა, რომ მისი აქციის შესახებ თითქმის არავინ არაფერი იცის. თუმცა გასაკვირი არაფერია – როცა მასმედია არ აშუქებს, ვერავინ გაიგებს. ემზარს თურმე ღამის გათენება ვაგონებში უწევს, არავინ არ იწვევს გასამასპინძლებლად, „ბომჟი“ ჰგონიათ. ვაი, სირცხვილო! ეს არ გვეკადრება… კაცი ისტორიკოსია, „რუსქართველი“, გულწრფელად სურს მშვიდობა რუსებს და ქართველებს შორის. ბოლოს და ბოლოს, განა ბევრ ისეთ ქართველს იცნობთ, მშვიდობის მარშით მოსკოვში ფეხით წამსვლელს?

თუ ემზარს შეხვდებით, გაუღიმეთ, მიიწვიეთ, გაუმასპინძლდით და მოეპყარით ისე, როგორც თქვენ გეპყრობიან საქართველოში. გაუგზავნეთ „ეს-ემ-ესი“ (89284943682), ჩაურიცხეთ სიმბოლური თანხა, რომ სიარულით გაცვეთილი „კროსოვკები“ გამოიცვალოს. მას ხომ მოსკოვში, წითელ მოედანზე საქართველოდან ჩვენთვის სიყვარული მოაქვს. მჯერა, რომ მოსკოვიც სიყვარულითვე უპასუხებს“, – წერს ავტორი.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 03 ივნისი, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/nikozi-georgian-services/3884570.html

საქართველო-რუსეთი: რელიგია და ოკუპაცია

ნინო დალაქიშვილი

უკანასკნელ პერიოდში, მედია დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთში სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას უთმობს მღვდელმსახურების საკითხს, რასაც ახალგორის ტერიტორიაზე აქვს ადგილი. „სამხრეთ ოსეთის ლენინგორის რაიონის ეკლესიებში მსახურებას ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები აღასრულებენ“ – ასეთი სათაურით ქვეყნდება [ცხინვალის გაზეთ „რესპუბლიკაში“ დაბეჭდილი] წერილი, რომელზეც რედაქცია საკუთარ წარწერას ურთავს იმის შესახებ, რომ ეს ჯერ კიდევ 2015 წელს შექმნილი მასალაა, რომელიც დღემდე აქტუალობას არ კარგავს. სტატიაში აღწერილია, თუ როგორ შეურაცხყოფენ ქართველი მღვდელმსახურები ადგილობრივი დე–ფაქტო ხელისუფლების ჩინოვნიკებსა და ჟურნალისტებს, როგორ არ აძლევენ მათ მონასტრებში შესვლის უფლებას და როგორ უხეშად მოიხსენიებენ მათ „ოკუპანტებად“.

სტატიაში ასევე მოყვანილია სონია ხუბაევას, დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის რელიგიის საკითხებში წარმომადგენლის კომენტარი, რომელიც ამბობს:

„ლენინგორის რაიონის ტერიტორიაზე ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების საკითხი, პრეზიდენტთან ერთად, არაერთხელ იქნა განხილული. ჩვენ, რასაკვირველია, მივიჩნევთ, რომ დაუშვებელია დამოუკიდებელი რესპუბლიკის ტერიტორიაზე ღვითისმსახურებას ახორციელებდნენ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები, რომლებიც არ დარეგისტრირებულან იუსტიციის სამინისტროში და რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ აგრესიაში სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, ესაა ქართული ფაშიზმის იდეოლოგი… გარდა ამისა, ლენინგორში მოღვაწე ერთ–ერთი მღვდელმსახური საქართველოში ოფიციალურად დარეგისტრირებულია, როგორც ცხინვალისა და ნიქოზის ეპისკოპოსი. ეს უკანონოა და ჩვენ უნდა ვიქონიოთ პრინციპული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით“.

რესპონდენტს მხედველობაში ჰყავს ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტი ისაია, რომელიც ორი წლისა და 8 თვის განმავლობაში, მიმდინარე წლის იანვრამდე, უწყვეტად იმყოფებოდა ახალგორის ტერიტორიაზე. მას გადაადგილების უფლება შეუზღუდეს და მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების შემდგომ მიეცა საქართველოს კონტროლირებად მხარეზე გადმოსვლისა და უკან დაბრუნების შესაძლებლობა. თავად მეუფე, ვისთან ინტერვიუც „ამერიკის ხმამ“ იანვარში ჩაწერა ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავს მშვიდობიანი დამოკიდებულების უალტერნატივობის შესახებ. მისთვის პრინციპულად მიუღებელია ნებისმიერი ძალადობა და ყოველთვის მადლიერებას გამოხატავს იმ ადამიანების მიმართაც კი ვინც დე–ფაქტო ადმინისტრაციის ტერიტორიაზე სახელმწიფო სამსახურს ახორციელებს. „ხალხისთვის იყოს უკეთესობა, ჩვენ ჩვენს გამო არაფერს ვჩივივით. ადამიანები ვახერხებთ, აგვერიოს ერთმანეთთან ურთიერთობა. მინდა, ბუნებრივად დალაგდეს ყველაფერი. ქრისტე მოვიდა ყველასთვის. ჩვენ თუ რწმენასთან, სიკეთესთან, სიყვარულთან ვიქნებით ნაზიარები, ბარიერებიც ნაკლები იქნება შემდეგ ურთიერთობაში“,– ეს არა მხოლოდ მიტროპოლიტის სიტყვები, არამედ მისი ცხოვრების წესიცაა, ცალსახად მშვიდობისმოყვარე და ტოლერანტობით გაჟღენთილი.

დე-ფაქტო ადმინისტრაციას კი არ მოსწონს სამი ქართულ ენაზე მოქმედი მონასტერი მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. სამხრეთ ოსური სახელისუფლებო მედია წერს, რომ ქართველ მღვდელმსახურებს წარედგინათ წინადადება იმის თაობაზე, რომ ისინი მიერთებოდნენ ალანიის ეპარქიის იურისდიქციას, წინააღმდეგ შემთხვევაში დაეტოვათ ტერიტორია. „ეს სამხრეთ ოსეთისთვის უსაფრთხოების საკითხს წარმოადგენს“, – მიიჩნევენ თვითაღიარებულ რესპუბლიკაში.

„ამერიკის ხმა“ საქართველოს საპატრიარქოს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, თუ რა რესურსი არსებობს მეუფე ისაიას დასაცავად იმ შემთხვევაში, თუ მის მიმართ მტრული განწყობების ხელოვნური გაღვივება შეუქცევად ხასიათს მიიღებს. ჩვენთან საუბრისას საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსის მოადგილე მამა კახაბერ გოგოტიშვილი აცხადებს:

„წინასწარ ჯერ ერთი ძნელია საუბარი იმის თაობაზე, თუ გართულდა სიტუაცია, რას მოვიმოქმედებთ. რუსეთთან ჩვენ ჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს და კონსტანტინოპოლის ეკლესიასთანაც. შესაბამისად, რაც საჭირო იქნება, ჩვენ წერილობითაც შეგვიძლია ვაცნობოთ და სატელეფონო ზარითაც, შეიძლება დარეკვა და დალაპარაკება. იქ, ადგილობრივი ეთნიკურად ოსი მღვდლებისგან ყველაზე ნაკლები პრობლემა იქნება. მე ვფიქრობ, ესაა ხალხი, საზოგადოება, სეპარატისტული გამოვლინებებით, რომლებიც მსგავს განცხადებებს აკეთებენ. მღვდლები, ეპისკოპოსები მორჩილებაში არიან და შესაბამისად, რა კურთხევასაც მიიღებენ, ისე მოიქცევიან და თუ არ მოიქცევიან, შესაბამის სასჯელს მიიღებენ. ასე, რომ თუ მსგავს უხეშობას ექნება ადგილი სასულიერო პირების მხრიდან, ეს რუსეთის ეკლესიას ეცნობება და ისინიც მიიღებენ შესაბამის ზომებს. მაგრამ როდესაც ერისკაცები გამოხატავენ აგრესიას, სეპარატისტულად განწყობილი პირები, ძალადობას ჩვენ ვერ მივმართავთ, მაგრამ საპროტესტო გამოსვლა გვექნება აუცილებლად“.

საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა სამსახურის წარმომადგენელს იმის შესახებაც ვკითხეთ, თუ ჰქონდა საპატრიარქოს კომუნიკაცია რუსეთის ეკლესიასთან მიტროპილიტ ისაიას საქმის თაობაზე. მას წლების განმავლობაში გადაადგილების უფლება შეზღუდული ჰქონდა. იმყოფებოდა რა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უარს ამბობდა ეგრეთ წოდებული საზღვარი გადმოეკვეთა, რადგან შემდგომ უკან დაბრუნებისა და ლარგვისის, იკოთისა და წირქოლის (სადაც მე–9 საუკუნის ეკლესიაა) მონასტრებში მღვდელმსახურების განხორციელების შესაძლებლობას მას უკვე აღარ მისცემდნენ. უბრალოდ ახალგორის მიმართულებით გამშვებ პუნქტზე არ გაატარებდნენ.

„მისმა უწმინდესობამ არაერთგზის სთხოვა უწმინდეს კირილს. მათ შორის ახლაც, ბოლოს, როდესაც იმყოფებოდა მოსკოვში, ესაუბრა, რომ მეუფე ისაია იმყოფებოდა ახალგორში და რაღაც საბუთის გამო ტერიტორიის დატოვება არ შეეძლო. მე ყოველ შემთხვევაში, ისეთი ინფორმაცია მაქვს, რომ ძალიან დაეხმარა რუსული ეკლესია ამ საბუთის მიღებაში“,– ამბობს ჩვენთან საუბრისას მამა კახაბერ გოგოტიშვილი.

რუსეთის ფედერაცია, რომელიც დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ეფექტიან კონტროლს ახორციელებს, ოფიციალურად აღიარებს აქ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციას, ისევე როგორც რუსეთის საპატრიარქო. თუმცა ეს აღიარება და ცნობა პირობითია, რადგან პრაქტიკულ დონეზე, რუსეთის საპატრიარქო არ ცდილობს ერთმორწმუნე ქართველი კოლეგების დაცვას დევნისა და ძალადობისგან. აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული ეკლესიების დაზიანებისა და გადაკეთების პროცესი შეუქცევად ხასიათს ატარებს. ცხინვალის მიმართულებით კი ადგილობრივი საზოგადოების განწყობის მანიპულირებას გაყალბებული ისტორიებითა და კლიშეებით ცდილობენ იმისთვის, რომ მშვიდობიან მღვდელმსახურებს ადგილზე დარჩენის შესაძლებლობა მოესპოთ. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის საილუსტრაციოდ, რომ რელიგია რუსული პოლიტიკისთვის ჩვეულებრივ იარაღს წარმოადგენს, რომელიც ოკუპაციის ინსტრუმენტადაა გამოყენებული.

Comments are closed