«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ვინ უნდა იყიდოს ქართული მიწა? // „მიწის გასხვისების მოწინააღმდეგეები ძირითადად პრორუსულად განწყობილი ქართველები არიან“
«Независимая газета» (რუსეთი): ევროპარლამენტი ოპოზიციური ჟურნალისტის გათავისუფლებას ითხოვს // „ბებერი ევროპის“ დეპუტატთა რეზოლუცია საქართველოს და აზერბაიჯანს კარგს არაფერს უქადის
«Новое время» (სომხეთი): პეტრო პოროშენკოს საქართველოსათვის მიხეილ სააკაშვილის გადაცემა სურს?!
—————–
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 16 ივნისი, 2017 წელი
https://www.amerikiskhma.com/a/georgian-land-to-be-sold-or/3901956.html
ვინ უნდა იყიდოს ქართული მიწა?
„მიწის გასხვისების მოწინააღმდეგეები ძირითადად პრორუსულად განწყობილი ქართველები არიან“
ნინო დალაქიშვილი
ქართული მიწა – როდესაც ამ სიტყვათშეთანხმებას ახსენებთ, დარწმუნებული იყავით, რომ თქვენ ქართველი ადამიანის ემოციებზე გავლენას მოახდენთ. ამ სიტყვათშეთანხმებას მაგიური ძალა აქვს. მისი ხსენებით თქვენ შეეხებით ყველაზე მგრძნობიარე სიმებს საქართველოში მაცხოვრებელი ადამიანების გულებში, რომელთა არასრული ასოციაციური ჩამონათვალი შეიძლება იყოს შემდეგი: „საქართველოდან იძულებით თუ ნებაყოფლობით წასული ემიგრანტები ერთ მუჭა ქართულ მიწას ატარებდნენ ფეხსაცმელით, რადგან საქართველოს სიახლოვე მუდმივად ეგრძნოთ”; „ქართული მიწა იმდენად ნაყოფიერია, რომ მისი მიტაცების სურვილით არაერთხელ და არაერთი ათასწლეულის განმავლობაში იმართებოდა ბრძოლები, მისთვის თავს სწირავდნენ და იღუპებოდნენ ადამიანები, შესაბამისად ქართული მიწის ყოველი გოჯი სისხლითაა მორწყული, ამიტომაც ის ფასდაუდებელია“ და სხვა და სხვა.
მაგალითების მოყვანა კიდევ მრავლად შეიძლება და შესაბამისად, როდესაც ქართულ მიწას ახსენებ, ყველა ზემოთჩამოთვლილი თუ ჩამოუთვლელი ალუზია ერთად თავს მოიყრის. სწორედ ამ ალუზიებისა და ასოციაციების და მათი შეუცდომელი ამოქმედების იმედი აქვთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, როდესაც პერიოდულად ააქტიურებენ პროექტს, რომლის კოდურ სახელწოდებად შეიძლება მივიჩნიოთ სლოგანი: „გვიშველეთ, ქართველობას გვართმევენ“. საქართველოს პარლამენტი უმრავლესობის დეპუტატების მოთხოვნით, ამჯერად განიხილავს იმის შესაძლებლობას, რომ უცხოელებისთვის მიწის საკუთრებაში გადაცემის უფლება შეიზღუდოს.
პარლამენტის სხდომაზე დეპუტატი უმრავლესობიდან ზაქარია ქუცნაშვილი შემდეგს აცხადებს: „ოკუპირებული და პრივატიზირებული სახით, უცხოელების ხელში არის 25 პროცენტზე მეტი მიწა. შესაბამისად, მოგწონთ ეს თქვენ? სირცხვილი თქვენ, რომელმაც საქართველო ვერ დაიცავით და გაყიდული და დაპყრობილი დაგვიტოვეთ 25 პროცენტი საქართველოს ტერიტორიისა“. ამდენად, მმართველი გუნდის წარმომადგენლის აზრით, უცხოელზე პრივატიზებული მიწა ისევეა წართმეული, როგორც ოკუპირებული.
ოპოზიცია ამ მოსაზრებას არ იზიარებს. გიგა ბოკერია ევროპული საქართველოს წარმომადგენელი პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ამბობს: „არასასოფლო სამეურნეო მიწა დედასამშობლო არ არის? დედასამშობლოს მაგ ნაწილს რატომ ყიდით? ან იჯარით დედასამშობლოს გაცემა შეიძლება? რატომაა სამშობლოს გაცემა იჯარით კარგი, იქნებ ამიხსნას უმრავლესობის წარმომადგენელმა, რომელიც აქ გამოვა. ორგანულ კანონში გამონაკლისების დაწესება რას ნიშნავს? გამონაკლის შემთხვევაში სამშობლოს გაყიდვა კარგია?“.
„ამერიკის ხმასთან“ სერგი კაპანაძემ, ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა ისაუბრა: „იქ, სადაც ვრცელდება ჩვენი იურისდიქცია (დე–ფაქტო), მიწის გაყიდვის აკრძალვა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, არის, უბრალოდ, სისულელე. არანაირი საფრთხე მიწის გაყიდვით არ შეიძლება მოდიოდეს. თუკი თეორიულად წარმოვიდგენთ, რომ რაიმე საფრთხე შეიძლება არსებობდეს უცხოელისთვის მიწის მიყიდვით, მაშინ საქართველოს ხელისუფლებას ყოველთვის აქვს კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობა, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ჩამოართვას მიწა და გამოიყენოს სხვა მიზნისთვის. ეს უფლება გააჩნია ყველა ქვეყანას და ყველა მთავრობას“.
რეალურად, რატომ უნდა დასჭირდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეს [ან უცხოურ კომპანიას] საქართველოს ტერიტორიაზე მიწის შეძენა? ამის საინტერესო მაგალითია სამეგრელოში „ფერერო როშერის“ მიერ მიწის ნაკვეთების შეძენა, სადაც ამ უცხოური კომპანიის მიერ თანხის ინვესტირების შედეგად არა მხოლოდ სამუშაო ადგილები შეიქმნა არამედ, თხილის ექსპორტის მაჩვენებელი იმდენად გაიზარდა, რომ ის ახლა უკვე პირველობაზე აცხადებს პრეტენზიას საქართველოდან ექსპორტირებულ საქონელს შორის. იმ დროს, როდესაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ აბსტრაქტულ შიშებზე, რითაც უბრალოდ, ამომრჩევლების ემოციებზე თამაშობენ, არ ახსენებენ კონკრეტულ ფინანსურ შესაძლებლობებს ან მათი დაკარგვის ალბათობას.
„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას გიორგი მშვენიერაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია დემომკრატიული ინიციატივას თავმჯდომარე ამბობს: „ესაა წმინდა პოპულისტული ნაბიჯი, რომელსაც როგორც ადამიანის უფლების კუთხით ექნება ფასი, ასევე ექნება ეკონომიკური ფასიც და დაზიანდება, მთლიანად, საქართველოს ეკონომიკა. ამ დროს, როგორც სახელმწიფოს, მთავარი პრობლემა გვაქვს ეკონომიკის განვითარება. თუკი საფრთხეებზე ვლაპარაკობთ, მთავარ საფრთხეს სწორედ ეკონომიკის განუვითარებლობა გვიქადის. სხვა საფრთხეები არის მოგონილი ხელოვნურად. სხვათა შორის, სიმბოლურია ის, რომ თუ დააკვირდებით ყველა, ვინც არის ანტიდასავლური პოლიტიკოსი და შეგვიძლია ვუწოდოთ ზოგიერთს პრორუსი, მხარს უჭერს მიწის გასხვისების შეზღუდვას. აქ აზრთა თანხვედრაა“.
კონსტიტუციით საკითხის დარეგულირებამდე მიწის უცხოელ მოქალაქეებზე გასხვისების საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობა მორატორიუმის დაწესებას გეგმავს.
«Независимая газета» (რუსეთი), 16 ივნისი, 2017 წელი
http://www.ng.ru/cis/2017-06-16/5_7009_georgia.html
ევროპარლამენტი ოპოზიციური ჟურნალისტის გათავისუფლებას ითხოვს
„ბებერი ევროპის“ დეპუტატთა რეზოლუცია საქართველოს და აზერბაიჯანს კარგს არაფერს უქადის
ევროპარლამენტმა 14 ივნისს მიიღო რეზოლუცია „აფგან მუხთარლის საქმე და მედიის მდგომარეობა აზერბაიჯანში“. ევროდეპუტატებმა „სერიოზული შეშფოთება“ გამოხატეს აფგან მუხთარლის შესაძლო გატაცებისა და აზებაიჯანში მისი უკანონო გადაყვანის თაობაზე, რაც „საერთაშორისო ჰუმ,ანიტარული სამართლის დარღვევად მიიჩნევა“. შეიძლება ითქვას, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია ორ სამხრეტკავკასიურ სახელმწიფოს – აზერბაიჯანს და საქართველოს არაფერს კარგს არ უქადის“, – ასეთი ნეგატიური პროგნოზია გადმოცემული სტატიაში, რომელიც „ნეზავისიმია გაზეტაშია“ დაბეჭდილი (ავტორი – იური როქსი).
„დოკუმენტი შეიცავს ისეთ მოწოდებებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც, თუ სიტუაციის განვითარებას დავაკვირდებით, საეჭვოა, რომ თბილისმა და ბაქომ შეასრულოს, თანაც ისე სწრაფად, როგორც ევროპელ დეპუტატებს სურთ. მით უმეტეს, რომ აზერბაიჯანული მხარე გარკვეული პერიოდიდან მსგავს რეკომენდაცია-მოწოდებებს ფორმალურად „გაგებით ეკიდება“, პრაქტიკულად კი… რაც შეეხება ქართულ მხარეს, რა თქმა უნდა, თბილისზე ევროპის აზრი შედარებით მეტად მოქმედებს, თუმცა რეზოლუციის ეფექტი, აფგან მუხთარლის ადვოკატების აზრით, ეჭვებს იწვევს – შეასრულებს თუ არა ხელისუფლება რეკომენდაციებს? მაგალითად, მოწოდებას საქართველოს მთავრობისადმი, რომ უზრუნველყოს დროული, გამჭვირვალე და ეფექტური გამოძიება“, „პასუხი აგებინოს ყველა სავარაუდო დამნაშავეს“ და ა.შ. დოკუმენტში ცალკე პუნქტადაა გამოყოფილი საქართველოს სპეცსამსახურების როლი აფგან მუხთარლის გატაცებაში: „ევროპარლამენტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ნათელი მოჰფინოს ყველა იმ ეჭვს, რომელიც უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების ჩართულობას აფგან მუხთარლის ძალის გამოყენებით გაუჩინარებაში“. გარდა ამისა, რეზოლუციაში ნათქვამია: „ამ რეკომენდაციების შეუსრულებლობა იქნება ევროკავშირ-საქართველოს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების, ევროპული ღირებულებებისა და პრინციპების დარღვევა და ზიანს მიაყენებს საქართველოს რეპუტაციას საერთაშორისო არენაზე“.
რეზოლუციის ის ნაწილი, რომელიც აზერბაიჯანს ეხება, უფრო მკაფიო (ლაპიდარული) და რადიკალურია: ოფიციალურმა ბაქომ „აფგან მუხთარლის ბრალდება უნდა მოუხსნას და ოპოზიციური ჟურნალისტი დაუყონებლივ უნდა გაათავისუფლოს“, პარალელურად კი გადასინჯოს ყველა ის დაკავებები, რომელიც ადამიანის უფლების დარღვევებს უკავშირდება“.
აზერბაიჯანული მხარე ჯერ დუმილ ინარჩუნებს, ქართულმა მხარემ კი ევროპარლამენტს უთხრა – ყველაფერი კეთდება გამოძიების უზრუნველსაყოფადო და თან განაცხადა, რომ ჩემი სპეცსამსახურები აფგან მუხთარლის გატაცებაში არ მონაწილეობდნენო“. ავტორი აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა უკვე ბრიუსელში იმყოფება და შეეცდება ევროპელი დეპუტატების წინაშე გამოვიდეს.
პუბლიკაციაში გადმოცემულია, თუ ბაქოს რომელ ციხეში იმყოფება აფგან მუხთარლი, როგორია მისი მდგომარეობა და ა.შ. იქვე მკითხველი გაეცნობა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებასაც, რომლის თანახმად, „აფგან მუხთარლის საქმის“ პოლიტიზება დაუშვებელია და არავინ არ უნდა შეეცადოს შუღლი ჩამოაგდოს საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობაში.
«Новое время» (სომხეთი), 15 ივნისი, 2017 წელი
http://www.nv.am/region/58433-2017-06-15-05-42-42
პეტრო პოროშენკოს საქართველოსათვის მიხეილ სააკაშვილის გადაცემა სურს?!
სომხეთის გაზეთ «Новое время»-ში გამოქვეყნებული სტატია უკრაინულ და რუსულ მასმედიაში გავრცელებული მასალების მიმოხილვას წარმოადგენს, რომელიც საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბედს ეხება. „უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს საქართველოს ექს-პრემიერთან, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილთან, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თაობაზეო, – აცხადებს უკრაინის გენპროკურორის ექს-მოადგილე, მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი და თანამოაზრე, პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ წარმომადგენელი დავით საყვარელიძე.
„ყველა არხზე იმას ლაპარაკობენ, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი თავის ოპოზიციურ საქმიანობას არ შეაჩერებს, მას საქართველოში დააბრუნებენ“, – ამბობს ქართველი პოლიტიკოსი. მისი თქმით, თავდაპირველად უკრაინის პრეზიდენტს არ სურდა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინის პოლიტიკაში შეეშვა: „პეტრო პოროშენკოს არ უნდოდა ვლადიმერ პუტინის განაწყენება და თან მიხეილ სააკაშვილის პოპულარობას უფრთხოდა“.
დავით საყვარელიძემ ისიც გაიხსენა, რომ როცა მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში გამოჩნდა, „იგი წინააღმდეგი არ იყო ანტიკორუფციულ ბიუროსათვის ეხელმძღვანელაო, მაგრამ რადგანაც მისმა განზრახვამ პოლიტიკურ ელიტაში ალიაქოთი გამოიწვია, პეტრო პოროშენკომ იგი ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა“.
როგორც მკითხველისათვისაა ცნობილი, ოდესაში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილმა თავის მიზნად უკრაინის ხელმძვანელობის შეცვლა დაისახა და განაცხადა, რომ მასთან დაპირისპირება პეტრო პოროშენკოს ძვირად დაუჯდებოდა. მას შემდეგ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა თავისი „ყოფილი მეგობარი“ მრავალჯერ დაადანაშაულა სიცრუესა და კორუფციაში.
მიხეილ სააკაშვილი მოხსენიებულია აგრეთვე ცნობილი ამერიკელი რეჟისორის ოლივერ სტოუნის დოკუმენტურ ფილმში „ინტერვიუ პუტინთან“. რუსეთის პრეზიდენტი ეხება 2008 წლის აგვისტოში საქართველოსთან მომხდარ კონფლიქტს და ამბობს: „არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ [მიხეილ სააკაშვილი ვინმემ წააქეზა და მისი პროვოცირება მოახდინა, მაგრამ მაინც მგონია, რომ იგი ასეთ პროვოკაციაზე თავისი ნებით არ წავიდოდა. ყოველ შემთხვევაში, მისი შეჩერებაც არავის უცდია… ძალიან გამიკვირდა, რომ დასავლურმა მასმედიამ საქართველოზე თავდასხმაში რუსეთი დაადანაშაულა. თვალებს და ყურებს არ დავუჯერე… თანაც ეს სიცრუე საზღვარგარეთ მილიონობით ადამიანმა დაიჯერა“.