«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): „ოცნებას“ „ფულის ტომრები“ და ხელისუფლება აღარ ეთმობა
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ დენიელ ფრიდთან: „მესმის, რომ ქართველები შეიძლება იმედგაცრუებულნი იყვნენ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ისტორია მარტივად არ ვითარდება და საქართველოს ჯერი აუცილებლად დადგება“
«Lragir» (სომხეთი): ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა „მოკვდა“?
«Каспiй» (აზერბაიჯანი): მონარქი მეზობლად? // საქართველოს სულიერი ლიდერის წინადადებას მმართველმა პარტიამ მხარი დაუჭირა
—————–
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 20 ივნისი, 2017 წელი
„ოცნებას“ „ფულის ტომრები“ და ხელისუფლება აღარ ეთმობა
ზაზა წულაძე
სახელისუფლებო პარტია „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ, ამჯერად 7 წლით, 2024 წლისთვის გადადო, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. ერთ-ერთი ძირითადი საარჩევნო დაპირება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პარტიამ ამომრჩეველს ჯერ კიდევ, 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მისცა. „ოცნება“, რომელმაც 2016 წლის საპარლამენტი არჩევებში, პროპორციული სიით მხოლოდ 44 დეპუტატი გაიყვანა, მაჟორიტარული სისტემით – 71 და 856 638 ამომრჩევლის მხარდაჭერის პირობებში, საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო, 2020 წელსაც, საპარლამენტო არჩევნების გამართვას, მისთვის კომფორტული – შერეული (პროპორციულ-მაჟორიტარული) სისტემით გეგმავს.
პარლამენტის თავმჯომარისა და საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელის, 38 წლის ირაკლი კობახიძის „პრინციპული პოზიცია“, რომ „შერეულმა საარჩევნო სისტემამ ქვეყანა ორჯერ ავტორიტარულ მმართველობამდე მიიყვანა და აუცილებელია ის პროპორციული სისტემით შეიცვალოს“, საბოლოოდ დარჩა “ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ექვსთვიანი მუშაობის თავზე, „ოცნების“ ძველმა „გვარდიამ“ და მაჟორიტარებმა („ფულის ტომრებმა“), რომლებიც ნებისმიერ სახელისუფლებო პარტიაში ახერხებენ საკუთარი ინტერესების ლობირებას, ისევ თავისი გაიტანეს.
დმანისის მაჟორიტარი, კომპანია PSP-ს მფლობელი კახა ოქრიაშვილი, სამჯერ (2004, 2008, 2012) პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით შევიდა, 2016 წლიდან კი უკვე „ქართული ოცნების“ დეპუტატია. საკონსტიტუციო კომისიის წევრი კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ უკეთესი იქნება თუ ქვეყანა მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე გადავა: „მაჟორიტარობა არის ლეგიტიმური არჩევითი თანამდებობა და მსოფლიოს 130 ქვეყანაში ფუნქციონირებს. მე მომწონს ეს ინსტიტუტი და მიმაჩნია, რომ სჯობს მთლიანად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეთ.“
შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნების „საკომპენსაციოდ“, ხელისუფლება დანარჩენ პოლიტიკურ კლასს 2020 წელს, საარჩევნო ბარიერის 5%-დან 3%-მდე დაწევას; 2018 წელს, პრეზიდენტის პირდაპირ არჩევნებს და 2024 წლიდან, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას სთავაზობს.
მმართველი პარტიის ერთი-ერთ „ნოუ-ჰაუა“ „ბონუსსისტემა“, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა „სატყუარად“ მონათლეს. ბონუსსისტემას სამი ზღვარი აქვს და იმ შემთხვევაში მუშაობს, თუ არჩევნებში გამარჯვებულმა პარტიამ ხმების 38-დან 44 პროცენტამდე მიიღო.
ბონუსის „ზედა ზღვარი“ გულისხმობს, რომ პირველ ადგილზე გასულ პარტიას მანდატების რაოდენობა მაქსიმუმ 89 მანდატამდე შეევსება. „ფარდობითი ზღვარის“ შემთხვევაში, პირველ ადგილზე გასული პარტია, ბონუსის სახით, დამატებით არჩევნებში დაფიქსირებული შედეგით მოპოვებული მანდატების 35 პროცენტზე მეტს ვერ მიიღებს, ხოლო დარჩენილი მანდატები პროპორციულად ბარიერგადალახულ პარტიებზე გადანაწილდება; „აბსოლუტური ზღვარის“ შემთხვევაში კი პირველ ადგილზე გასული პარტია ბონუსს აიღებს, თუ არჩევნებში მიღებული მანდატების რაოდენობით, უბრალო უმრავლესობას ვერ აყალიბებს. ასეთ შემთხვევაში პარტიას მანდატების რაოდენობა 76-მდე შეევსება.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკიდურესად უარყოფითად შეაფასა მმართველი პარტიის მიერ მომზადებული „შეუთანხმებელი საკონსტიტუციო ცვლილებები“. პრეზიდენტის თქმით, “ოცნების” მიერ მომზადებული ცვლილებები არ არის დაფუძნებული კონსენსუნსზე და პარლამენტის მოთხოვნას, საკონსტიტუციო ცვლილებების განსახილველად, რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარით უპასუხა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ამბობს: „საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ მივიღეთ რეალობა, როცა მმართველი პარტიის გარდა, არც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და არც არასამთავრობო სექტორი არ უერთდება ამ დოკუმენტს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებები მაინც იქნა დაჩქარებული წესით შეტანილი, კონსტიტუციის მიმართ ნდობა ძალიან დაბალი იქნება.“
პრეზიდენტამდე არასამთავრობო სექტორმაც მოუწოდა პარლამენტს, რომ „სრულად გაიზიაროს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და შენიშვნები. არ ჩაატაროს საკონსტიტუციო ცვლილებებზე საპარლამენტო მოსმენები დაჩქარებულ რეჟიმში და დაიტოვოს გონივრული ვადა, საკონსტიტუციო ცვლილებების განახლებული პროექტის დაინტერესებულ მხარეებთან განხილვისათვის“.
ოპოზუციურმა „ევროპულმა საქართველომ“ 150 000 ხელმოწერა მიიტანა სახელმწიფო კანცელარიაში და საკონსტიტუციო ცვლილებებზე პლებისციტის გამართვას ითხოვს.
პრეზიდენტის უარის, ოპოზიციური სპექტრისა და არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგობის მიუხედავად, მმართველი პარტია მაინც გეგმავს საკონსტიტუციო ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებას. ამ მიზნით პარლამენტი რიგგარეშე სხდომას, სავარაუდოდ, 21 ივნისს დანიშნავს.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 20 ივნისი, 2017 წელი
https://www.amerikiskhma.com/a/interview-with-daniel-fried/3907675.html
ინტერვიუ დენიელ ფრიდთან: „მესმის, რომ ქართველები შეიძლება იმედგაცრუებულნი იყვნენ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ისტორია მარტივად არ ვითარდება და საქართველოს ჯერი აუცილებლად დადგება“
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში დენიელ ფრიდმა 40 წელი იმუშავა. კარიერის სხვადასხვა ეტაპზე იგი ნატოს გაფართოებას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ხელმძღვანელობდა.
„ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ნანა საჯაია დენიელ ფრიდს ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს აშშ-ის ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე დიპლომატის ინტერვიუდან:
- ამერიკელმა სენატორებმა მხარი დაუჭირეს რუსეთზე სანქციების გამკაცრებას. სახელწმიფო დეპარტამენტში მუშაობისას თქვენ ამ საკითხს ზედამხედველობდით. როგორ აფასებთ სანქციების ამ ახალ ეტაპს?
- მივესალმები სენატორების გადაწყვეტილებას რუსეთს პასუხი აგებინონ მათი აგრესიისთვის უკრაინაში, 2008 წლის აგრესიისთვის საქართველოში და შეერთებული შტატების არჩევნებისას კიბერ თავდასხმებისთვის. სენატორები ცდილობენ ამ მნიშნელოვან საქმეში თავიანთი წვლილი შეიტანონ და ეს არაჩვეულებრივი ფაქტია. საერთო ინტერესების გათვალისწინებით რუსეთთან უნდა ვითანამშრომლოთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების მიტაცებისთვის უნდა დავაჯილდოვოთ.
- რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა თავისუფალი სამყაროს წესებს უნდა ეფუძნებოდეს. რას ნიშნავს ეს საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის?
- საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოშობილ ქვეყნებს, რომლებმაც ძლიერი დემოკრატიული და ეკონომიკური ინსტიტუტების მშენებლობა დაიწყო აქვთ ყველა უფლება თავად განსაზღვრონ საკუთარი ქვეყნის ბედი. მათი უფლებაა იყვნენ ტრანსატლანტიკური საზოგადოების და საერთაშორისო ინსტიტუტების ნაწილი. ამ პროგრესს ცივი ომის დასრულებიდან თითქმის 20 წელი დასჭირდა, თქვენ ქართველები იმსახურებთ თქვენს ადგილს ევროპაში. საქართველოს შემთხვევაში ეს მიზანი ჯერ-ჯერობით მიღწეული არ არის. თქვენ იმსახურებთ თქვენს ადგილს ევროპაში იმის მიხედვით, რასაც თქვენვე გააკეთებთ და ამას არ წყვეტს მოსკოვი. მესმის, რომ ქართველები შეიძლება იმედგაცრუებულნი იყვნენ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ისტორია ყოველთვის მარტივად არ ვითარდება, და საქართველოს ჯერი აუცილებლად მოვა.
- თქვენ ეწინააღმდეგებით გავლენათა სფეროების ცნებას და ამბობთ, რომ ქვეყნები თვითონ უნდა წყვეტდნენ საკუთარ მომავალს. ასევე ამბობთ, რომ ამერიკა უფრო ძლიერია ამ სფეროების გარეშე. თუმცა 2008 წელს საქართველოსთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმაზე უარის თქმა, ბევრისთვის სწორედ იმის ნიშანი იყო, რომ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში რჩება.
- სამართლიანი კითხვაა. 1989 წლის შემდეგ ჩვენ დაახლოებით 20 წელი დაგვჭირდა პოლონეთის და ბალტიისპირეთის სრული ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის. საქართველოზე ჩვენ, დასავლეთს, ერთიანი პოზიცია არ გვქონდა და იმავე წარმატებას ვერ მივაღწიეთ. ჩვენ ვერ გავერთიანდით ნატოს წევრობის საკითხზე და შემდეგ იყო ომი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროდ ვაღიარებთ. ამ ომით საქართველოს ისტორია არ დასრულებულა, მისთვის კარები არ დახურულა.
- რუსეთის პოლიტიკას თქვენ კოროზიულს, მომწამვლელს უწოდებთ. გაშფოთებთ რეგიონში მისი გავლენის ზრდა?
- მე მაშფოთებს რუსეთის გავლენა, მისი შავი ფული, მისი მცდელობები გავლენა იქონიოს სხვა ქვეყნების არჩევნებზე. ამის მაგალითები გვქონდა შეერთებულ შტატებში და საფრანგეთში. რა თქმა უნდა, მაშფოთებს რუსეთის გავლენა, მაგრამ ძალიან ხშირად რუსეთი მიზანს ვერ აღწევს, რუსეთს უნდოდა საქართველოს დემოკრატიზება შეეჩერებინა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. შეცდომაა იმის დაშვება, რომ რუსეთი მიზანს მიაღწევს, მხოლოდ იმიტომ რომ ის ტოტალიტარული სახელმწიფოა, ჩვენ კი დემოკრატიული.
- სხვადასხვა კვლევის მიხედვით, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს აქვს ძალიან მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა, თუმცა ასევე მზარდია იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ამბობს, რომ ნატოში ან ევროპის კავშირში გაწევრიანება მათ სიცოცხლეში არ მოხდება. ხომ არ იქონიებს ეს გავლენას ქვეყნის კურსის ცვლილებაზე?
- მესმის ქართველების იმედგაცრუების. საქართველოს თავს დაესხა მასზე ბევრად დიდი და ძლიერი მეზობელი, ტერიტორიები ოკუპირებულია, ხალხი დევნილობაში. ეს ყველაფერი იმედგაცრუებას იწვევს. რუსეთი ხშირად ამბობს, რომ დასავლეთს საქართველო არ სჭირდება, რომ დასავლეთი საქართველოს არასდროს მიიღებს. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით მთავარია რა სურს საქართველოს. მთავარია, რა სურთ ქართველებს და არა ის, თუ რა უნდა რუსეთს საქართველოსთვის. მე ამერიკელი ვარ, ეს ნიშნავს, რომ ოპტიმისტი ვარ. საქართველოში პირველად საბჭოთა კავშირის დროს ჩავედი, მაშინ რომ ქართველებისთვის გვეკითხა როდის გახდება საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა, ალბათ 5%-ზე ნაკლები თუ იფიქრებდა, რომ ეს მათ სიცოცხლეშივე მოხდებოდა, მაგრამ ეს მოხდა. ცვლილებები იმაზე მალე ხდება, ვიდრე ხშირად წარმოგვიდგენია.
«Lragir» (სომხეთი), 21 ივნისი, 2017 წელი
http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/56448
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა „მოკვდა“?
ნაირა აირუმიანი, მიმომხილველი
აზერბაიჯანული მასმედია სინანულით იტყობინება, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის (ბთყ) რკინიგზის ექსპლოატაციაში გაშვება კიდევ ერთხელ გადაიდო. აპრილში თურქი მინისტრი აჰმედ არსლანი იფიცებოდა, რომ ივნისის ბოლოს მოძრაობა დაიწყებაო, ახლა ამბობენ, რომ ყარსში სამივე ქვეყნის სარკინიგზო საქმის ჩინოვნიკები ყარსში შევიკრიბებით, მოვითათბირებთ და იქ გადავწყვეტთ საკითხსო, იქნებ რკინიგზა წლის ბოლომდე ავამოქმედოთო.
როგორც ექსპერტები ამბობენ, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას პრობლემა ძირითადად თურქულ მონაკვეთზე აქვს.
საინტერესოა, რატომ აჭიანურებს თურქეთი რკინიგზის გაშვებას, რომელიც სომხეთის ტერიტორიის გვერდის ავლით გაივლის? ექსპერტების აზრით, სწორედ იმიტომ, რომ რკინიგზამ სომხეთს გვერდი აუქცია, დასავლური ფონდები პროექტს არ აფინანსებენ. სწორედ ფინანსური პრობლემების გამო უკვე ათ წელზე მეტია შენდება ეს რკინიგზა და ჯერაც ვერ დასრულებულა.
რეგიონული ექსპერტები ცდილობენ გაარკვიონ – მართლაც „გვერდს უქცევს“ თუ არა რკინიგზა სომხეთს? აქ ერთ მომენტს უნდა მივაქციოთ ყურადღება: მართალია, ბაქო-თბილის-ყარის რკინიგზა სომხეთის ტერიტორიაზე უშუალოდ არ გადის, მაგრამ სომხეთის რკინიგზა ხომ უკავშირდება საქართველოს რკინიგზას? ესე იგი, ჩვენ შეგვიძლია მისი გამოყენება, ტვირთების გაგზავნა-მიღება… თუ ეს ასე არაა, მაშინ საქართველომ სპეციალური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს – სომხეთს რკინიგზით სარგებლობა ეკრძალებაო (ალბათ, აზერბაიჯანის ზეწოლით).
ტექნიკური თვალსაზრისით, ეს საკმაოდ რთული საკითხია. გამოდის, რომ საქართველო სომხეთის და მისი პარტნიორების წინააღმდეგ ღია კონფრონტაციაზე უნდა წავიდეს – უნდა განაცხადოს, რომ თავის ტერიტორიაზე სომხებს უფლებას არ მისცემს რკინიგზით ტვირთები გაგზავნონ, მაგრამ ასეთ ნაბიჯს უკვე საერთაშორისო სკანდალის სუნი აუვა. მით უმეტეს, რომ სომხეთის რკინიგზები კონცესიური მმართველობით აქვს გადაცემული რუსეთის რკინიზებს. ანუ თურქეთ-აზერბაიჯანმა რუსეთს „თავიანთი“ რკინიგზით სარგებლობა უნდა აუკრძალონ.
შესაზლოა, სწორედ ამ კაზუსის გამო აჭიანურებს თურქეთი რკინიგზის ექსპლოატაციის დაწყებას. აშკარაა, რომ როგორც კი ბაქო-თბილის-ყარსს გაუშვებენ, სომხეთის ტვირთებიც ნელ-ნელა და ჩუმად იმოძრავებს. ეს ისაა, რაც ყველაზე ძალიან არ სურს არც ბაქოს და არც ანკარას. და თუ თბილისი ერევანს ტვირთების მიღება-გაგზავნას აუკრძალავს, ამით საქართველო თავისუფალი ლოჯისტიკური ბაზრისა და დერეფნის იმიჯს დაკარგავს.
რასაკვირველია, ალბათ, არის სხვა მიზეზებიც, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა არ ამუშავდეს. ეს შეიძლება უკავშირდება რომელიმე ქვეყნის დაინტერესებას რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაში შუღლის შეტანით – ვთქვათ, ირანის ან დასავლეთის ქვეყნების დაინტერესებას, რომლებსაც სამხრეთ კავკასიაში გამმიჯნავი ხაზების გავლება კი არ სურს, არამედ ის, რომ რეგიონი ღია იყოს და პრობლემები მოგვარდეს.
ასეა თუ ისე, ექსპერტთა პროგნოზები, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი თავიდანვე მკვდრადშობილი იყო, თანდათან რეალური ხდება. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ დიდი ხანია არსებობს ბთყ-ის შემცვლელი რკინიგზა სომხეთში – გიუმრი-ყარსი (თურქეთის მიმართულებით) და ჯულფა-ნახჭევან–ჯულფა (ირანის მიმართულებით).
ამ მკვდრადშობილ პროექტში ყველაზე მეტი ფული აზერბაიჯანმა დახარჯა. ბაქო საქართველოსაც კი უფინანსებდა მარაბდა-ახალქალაქის მონაკვეთის მოდერნიზების სამუშაებს. შესაბამისად, ყველაზე მეტს აზერბაიჯანი კარგავს. მით უმეტეს, რომ ჯერაც არ დასრულებულა რეშტ-ასტარას რკინიგზის მშენებლობა აზერბაიჯანსა და ირანს შორის.
«Каспiй» (აზერბაიჯანი), 20 ივნისი, 2017 წელი
http://www.kaspiy.az/news.php?id=62738#.WUoYMYqQzs0
მონარქი მეზობლად?
საქართველოს სულიერი ლიდერის წინადადებას მმართველმა პარტიამ მხარი დაუჭირა
რაუფ ორუჯევი
(შემოკლებით)
ძალზე საინტერესო განცხადება გააკეთა საქართველოს კათოილიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გასულ კვირას თბილისში, წმინდა სამების ტაძარში გამართული ქადაგების დროს: „იქნებ გვეფიქრა ხელისუფლების ისეთი ფორმის შემოღებაზე, როგორიცაა საკონსტიტუციო მონარქია. მას ქვეყანაში სიმშვიდის მოტანა შეუძლიაო“. საერთოდ, ჩვენი მეზობელი ქვეყნის სულიერი მოძღვარი ასეთი წინადადებით პირველად არ გამოდის. გავიხსენოთ, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში ეს იდეა საქართველოში საკმაოდ პოპულარული იყო. მაშინ საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ილია მეორის ინიციატივით მოძებნეს და თბილისში ჩაიყვანეს ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის უკანასკნელი შთამომავლები და ისინი ერთმანეთზე დააქორწინეს. შემდეგ „ტახტის მემკვიდრეც“ დაიბადა… მადრიდში, სადაც მამამისის წინაპრები ცხოვრობდნენ. მოგვიანებით ამ თემამ უკანა პლანზე გადიწია, მაგრამ ახლა კვლავ აქტუალური გახდა. იბადება კითხვა – რატომ?
——–
„საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ გვეფიქრა ჩვენ იმაზე, ვინ ვიყავით წარსულში, ვინ ვართ დღეს და ხვალ ვინ ვიქნებით. იქნებ გვეფიქრა ჩვენ იმაზე, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია?, – მიმართა ილია მეორემ მრევლს და გაახსენა, რომ უწინ საქართველოს მეფე მართავდა, – „დღეს ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია და სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში. ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ უნდა გავაანალიზოთ წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი. მე იმედი მაქვს, რომ ქართველი ადამიანი გამონახავს გზებს მშვიდობისაკენ, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მშვიდობა და სიყვარული სუფევდეს მსოფლიოში“.
საინტერესოა, რომ პატრიარქის ამ წინადადებაზე მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ სწრაფად მოახდინა რეაგირება: პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კათოლიკოს-პატრიაქრის წინადადებას საკონსტიტუციო მონარქიის შემოღების თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობა აუცილებლად განიხილავსო. მას კვერი დაუკრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმაც და ხაზი გაუსვა, რომ ამ ფორმის მმართველობას იგი პირადად პოზიტიურად მიიჩნევს. საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელებს არც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე არ ჩამორჩა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო მონარქიის შემოღება, ალბათ, დადებით როლს შეასრულებს ქვეყნის განმტკიცებაში. ეს შეიძლება ხვალ-ზეგ არ მოხდეს, მაგრამ დადგება დრო, როცა იდეა განხორციელდებაო. „საკითხი ძალიან სერიოზულია, რადგან პატრიარქი ამას უკვე მეორედ ითხოვს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
და მაინც, სიტუაციის სერიოზულობა ყველასათვის გასაგები მაინც არ არის. თუ ილია მეორე ამას უკვე არაერთხელ ითხოვს, მაშინ საკონსტიტუციო მონარქია იქნებ მისი პირადი იდეფიქსია? მაგრამ მაშინ რატომ დაუჭირეს მხარი სასწრაფოდ ხელისუფლების ასეთ ფორმას „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებმა? რაიმე ინტერესი ხომ არ აქვს ამაში საქართველოს „ჩრდილოვან მმართველ“ ბიძინა ივანიშვილს?
პოლიტოლოგი თენგიზ აბლოთია პატრიარქის განცხადებაში რაიმე სარჩულის ძებნას ზედმეტად მიიჩნევს: „მასში არანაირი დაფარული აზრი არაა. პატრიარქი დროდადრო გამოდის ხოლმე სხვადასხვა ინიციატივებით, მათ შორის აშკარა სულელურითაც. ილია მეორის მაღალი რეიტინგის გათვალისწინებით, მას ყველა მთავრობა ეთანხმება და თავს უქნევს – „პატრიარქი ბრძნული ინიციატივით გამოდის და ჩვენ მას აუცილებლად განვიხილავთო“. ორიოდე დღის შემდეგ კი, ამ რიტუალურ სიტყვებს ყველა სწრაფად ივიწყებს და მონარქიაზე აღარ ფიქრობენ. ახლაც ასე იქნება. ეს ყველაფერი სერიოზულად არ უნდა მივიღოთ“, – განაცხადა პოლიტოლოგმა „Каспiй»-ს კორესპონდენტთან საუბრისას.
სრულიად განსხვავებული თვალსაზრისი აქვს კავკასიის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ანალიტიკოსს გელა ვასაძეს:
„ვერ ვიტყვით, რომ საკონსტიტუციო მონარქიის იდეა პატრიარქის იდეაფიქსია. რბილად რომ ვთქვათ, ეს არასწორი იქნება. ამ შემთხვევაში ყველაფერი მარტივადაა: 1810 წლისათვის საქართველოს დამპყრობმა რუსეთის იმპერიამ ქართული მონარქიაც გააუქმა და პატრიარქობაც. იმერეთის მეფე სოლომონი, როცა გაძევებული იყო, მაინც არ წყვეტდა ბრძოლას და სიცოცხლის ბოლო დღემდე ცდილობდა ქართული სამეფოს აღდგენას. ასე რომ, ზღაპრები რუსეთის შემადგენლობაში საქართველოს საკუთარი ნებით შესვლის თაობაზე იმას სჯერა, ვისაც სურს, რომ სიტუაცია სწორედ ასე იყოს.
1918 წელს ქართულმა ეკლესიამ დამოუკიდებლობა (ავტოკეფალია) აღიდგინა. აღდგა პატრიარქობაც. ცხადია, ყველა პატრიარქს მონარქის ტახტის აღდგენაც სურს. რელიგიური თვალსაზრისით, ეს სწორია, თუმცა არიან ისინიც, ვინც ამ იდეას არ ეთანხმება.
რატომ დაიწყეს ამაზე საუბარი დღეს? ესეც იოლად აიხსნება: როგორც კი ხელისუფლება კრიზისში ვარდება, პატრიარქი ამ იდეას აჟღერებს. ასე იყო 2007 წლის შემოდგომაზეც, ასეა ახლაც. იქნება რეალიზებული საკონსტიტუციო მონარქიის იდეა? ამ ეტაპზე არ იქნება.. მიზეზი ისაა, რომ საკონსტიტუციო მონარქიის აღდგენა ოლიგარქული მმართველობისთვის საფრთხეს წარმოადგენს – თუ, რა თქმა უნდა, მონარქი თავის თავს ხალხის ნაწილად მიიჩნევს. მაგრამ ეს ყველაფერი ზღაპრებია, მმართველი კლასი ამას არასოდეს არ დაუშვებს“.
———-
ამ თემაზე საუბარია რუსულ «Независимая газета»-ში დღეს, 21 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაშიც სათაურით „საქართველო ძირითად კანონს ნელ-ნელა და ეტაპობრივად იღებს // ილია მეორის წინადადება მონარქიის აღდგენაზე საკონსტიტუციო რეფორმას არ უკავშირდება“ (ავტორი – იური როქსი). წყარო: http://www.ng.ru/cis/2017-06-20/6_7012_georgia.html