globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 22 ივნისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jun 22nd, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ვერსია“: კონსტიტუციური მონარქია – რუსული „კანტროლკა“ თუ ქვეყნის გადარჩენის შანსი // „მეფისტებისა“ და „ანტიმეფისტების“ არგუმენტები ანუ ბრძოლა გავლენისთვის

ვერსია“: ინტერვიუ ისტორიკოს ნესტან კირთაძესთან: „თქვენი გაზეთით პრეზიდენტს მივმართავ…“ // რას ურჩევს გიორგი მარგველაშვილს, რას საყვედურობს ხელისუფლებას და რატომ ემხრობა უწმინდესის იდეას კონსტიტუციური მონარქიის შესახებ

—–

ახალი თაობა“: ინტერვიუ ნანა დევდარიანთან: „კახა კალაძე შეიძლება „ოცნებიდან“ წავიდეს“ // „მეოთხე არჩევნებს ატარებს „ოცნება“ და იმედგაცრუების მეტი არაფერი მოუტანია“

ახალი თაობა: ინტერვიუ ვახტანგ ხმალაძესთან: „გაუგებარია, რატომ ხდება კონსტიტუციის მიღების ასეთი ფორსირება“ // „ამომრჩეველი კვლავ მას უჭერს მხარს, ვინც ერთხელ და ორჯერ მოატყუა“

—–

ვერსია“, 21-23 ივნისი, 2017 წელი

კონსტიტუციური მონარქია - რუსულიკანტროლკათუ ქვეყნის გადარჩენის შანსი

მეფისტებისადაანტიმეფისტებისარგუმენტები ანუ ბრძოლა გავლენისთვის

ნინო დოლიძე

მაშ, ასე: სეფე სიტყვა ნათქვამია ანუ ქვეყნის სულიერი მამა გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოში, რომელმაც ევროინტეგრაციის გზაზე ეს-ესაა დიდი ნაბიჯი გადადგა ანუ ვიზალიბერალიზაცია მიიღო, ფეხი კონსტიტუციურმა მონარქიამ მოიკიდოს. იმის გათვალისწინებით, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ეკლესია, ამ შემთხვევაში, კათალიკოსი ყველა პოლიტიკოსზე მაღალი ნდობითა და რეიტინგით სარგებლობს, პოლიტიკურმა წრეებმა უწმინდესის ნათქვამი მთავარ პოლიტიკურ „ნიუსად“ აქციეს: გარდა იმისა, რომ მონარქიის დადებით და უარყოფით მხარეზე კომენტარი თითქმის ყველა რჯულისა და ყაიდის სუბიექტმა გააკეთა, ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა, დახურულ კარსმიღმა, ილია მეორესთან ამ საკითხზე ერთგვარი კონსულტაციაც გამართეს.

კარგია თუ ცუდი მეფის ინსტიტუტის აღდგენა ან, სულაც, იმ დროსა და ვითარებაში, როცა იგივე სამთავრობო გუნდი პრეზიდენტის უფლებების სეკვესტრს ცდილობს, რას უნდა ემსახურებოდეს მონარქის „გაცოცხლება“? _ „ვერსია“ შეეცდება, ამ კითხვებზე მეტ-ნაკლებად ამომწურავი პასუხი გასცეს, თუმცა მანამდე, ჯერ ის გავარკვიოთ, რა არის კონსტიტუციური მონარქია.

ქართულ „ვიკიპედიაში“ სიტყვა-სიტყვით წერია: „კონსტიტუციური მონარქია _ მონარქია, რომელშიც მონარქის ძალაუფლება შეზღუდულია კონსტიტუციით. თანამედროვე მონარქიების დიდი ნაწილი კონსტიტუციურია. ევროპის მონარქიულ სახელმწიფოებში მონარქების პოლიტიკური ძალაუფლება სიმბოლურია“. ჰოდა, თუკი მონარქს სიმბოლური დატვირთვა უნდა ჰქონდეს, აბა, მეფის ინსტიტუტის აღდგენა რაღა საჭიროა? _ ეს კიდევ ერთი რიტორიკული კითხვაა, რომელსაც ,,ანტიმეფისტები” სვამენ.

ზოგადად, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა უწმინდესი მონარქზე საუბრობს. ყოველ შემთხვევაში, ინტერნეტში უხვადაა მასალა, რომლიდანაც ჩანს, რომ ერის სულიერმა მამამ ეს საკითხი, მაგალითად, 2008 წლის დასაწყისშიც წამოსწია. ერთ-ერთ წერილში, რომელიც პორტალზე – qartulisaxelmcifoebrioba.ge არის გამოქვეყნებული, ვკითხულობთ: „პატრიარქის მასშტაბის კაცები არც დროში და არც შინაარსით შემთხვევით არაფერს ამბობენ, თუმცა საზოგადოებამ (არაპირველად) სათანადოდ ვერ შეაფასა ეს ისტორიული ეპისტოლე და თუ რამენაირად გამოეხმაურა ამ თემას, სადისკუსიოდ მხოლოდ ტახტის მემკვიდრის საკითხი გახადა.

ჩვენი საზოგადოების ნაწილი ერთობ უცნაურად მიუდგა მემკვიდრის ტახტზე ასვლის საკითხს, თუ ადრე მას თავადაზნაურობის სავარაუდო პრეტენზიები აღიზიანებდა და ტახტის მემკვიდრეთა შორის მოსალოდნელი დაპირისპირება აფრთხობდა, დღეს ურწმუნოდ უყურებს მომავალი მონარქის ჯერ არჩადენილ საქციელს. ითხოვეს: ტახტის მემკვიდრე ბაგრატიონთა სხვადასხვა შტოს შთამომავალი იყოს და ის პატრიარქმა აღზარდოს.

საზოგადოება უფლებამოსილია, თავისი აზრი ჰქონდეს, მაგრამ კარგად უნდა აცნობიერებდეს, რომ მისი ზეგავლენა სახელმწიფოს ინტერესებისათვის უნდა იქნეს გამოყენებული. ყოვლად დაუშვებელია მონარქის ტახტზე ასვლა, თუ ის საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გარდა, ხელისუფლების, კერძო პირების ან პოლიტიკური ჯგუფების ვალდებულებებით იქნება დატვირთული, რადგან მეფე არბიტრია, რომლის ობიექტურობაზეა დამოკიდებული ქვეყნის სტაბილურობა და განვითარება“. ამავე წერილში დაწვრილებითაა განხილული, თუ რატომ არის კარგი კონსტიტუციური მონარქია, თუმცა „ვერსია“ ამ დეტალებით თავს არ შეგაწყენთ და რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებას გაუსვამს ხაზს.

დავიწყოთ იმით, რომ კონსტიტუციური მონარქიის შემოღება შესაძლოა, საქართველოს, მართლაც, სალბუნად დაედოს ანუ აპრიორი, ეს იდეა, ვინძლო, ცუდი არ იყოს, მაგრამ თუ დავაკვირდებით, უმალ მივხვდებით, რომ მონარქს ერთობ ოდიოზური ადამიანები ლობირებენ. ავიღოთ, მაგალითად, ლევან ვასაძე, რომელიც საზოგადოებას ერთთავად „სამეფო ლექსიკით“ ელაპარაკება.

ისე, სიტყვამ მოიტანა და, როგორც „ვერსიამ“ ადრეც აღნიშნა, „ფულოსანი“, რომელიც თავისი დღე და მოსწრება სიწმინდეების დაცვას ქადაგებს, „ციანიდის სკანდალის“ შემდეგ საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა. ყოველ შემთხვევაში, ბატონი მილიონერი, რომელმაც ფული, ჩვენში დარჩეს და, რუსეთში იშოვა, არც იმით შეშფოთებულა, რომ ვიღაც პატრიარქის მოცილებას აპირებდა და არც იმით, რომ ეკლესია საუკუნის სკანდალში გაეხვია.
რა ხდება და რატომ დუმს ვასაძე? _ ამ საიდუმლოს ამოხსნას, ალბათ, მხოლოდ შერლოკ ჰოლმსი შეძლებს, თუმცა ალბათ, ყურადღება მიაქციეთ, წეღან რომ ვახსენეთ, მეფის ინსტიტუტის აღდგენის ერთ-ერთმა მთავარმა ლობისტმა ფული რუსეთში იშოვაო. ჰოდა, ვიღაცები მოურიდებლად ამბობენ, ის, რომ საქართველოში მონარქია, უფრო სწორად, საკონსტიტუციო მონარქია გაიფურჩქნოს, წმინდა რუსული გეგმააო.

ახლა, შესაძლოა, თითო-ოროლამ, რომელსაც დღესაც ჰგონია, რომ მზე ჩრდილოეთიდან ამოდის, ამოიკნავლოს, ყველაფერში რუსული კვალი რატომ გელანდებათო, მაგრამ კი არ გველანდება, უბრალოდ, რაღაცებს ერთმანეთთან ვაკავშირებთ და გარკვეულ ანალიზს ვაკეთებთ, თან ჩვენი ინფორმატორებიც გვეუბნებიან, რომ კონსტიტუციური მონარქია ის ბოლო „ჩრდილოეთური კოზირია“, რომელიც საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, არსებობას წერტილს დაუსვამს.

სხვათა შორის, თავისი არსებობის განმავლობაში, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას თითქმის ყველანაირი დამპყრობელი უნახავს – თემურ ლენგიდან დაწყებული შაჰ-აბასით დამთავრებული, მაგრამ რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ფაქტია: საქართველოში სამეფო ტახტი მხოლოდ რუსეთმა გააუქმა. ამასთან, ჩვენი სამეფო ატრიბუტიკა, როგორც ამბობენ, დღესაც მოსკოვში ინახება.

ეს არგუმენტი წყალს შესაძლოა, მათ წისქვილზე ასხამს, რომელთათვისაც მზე ისევ ჩრდილოეთიდან ამოდის ანუ ეს ადამიანები იტყვიან, მეფის ინსტიტუტის აღდგენა რუსული პროექტი რომ იყოს, თავის დროზე ტახტი რატომღა გააუქმაო, მაგრამ ჯერ ერთი, მაშინ სხვა დრო იყო, ახლა კი სხვა დროა.

მეორეც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კონსტიტუციურ მონარქიაზე საუბარი იმ დროს იწყება, როცა ქართულ პოლიტიკაში ერთგვარი კრიზისული ფონი იქმნება ხოლმე.
გარკვეული კრიზისი დღესაც სახეზეა _ სხვა თუ არაფერი, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა-არარჩევაზე პოლიტიკური მეტოქენი ერთმანეთს ლამის დუელში იწვევენ. არავინ იცის, ეს დუელი წარუმატებელი ვისთვის აღმოჩნდება. ჰოდა, კრემლი, როგორც იტყვიან, „კანტროლკას“ ამზადებს ანუ თუ საზოგადოებამ პრეზიდენტის ძლიერ ინსტიტუტს დაუჭირა მხარი, ცალკეული ჯგუფები მეფის თემას გაააქტიურებენ და ამით საზოგადოების ნაციონალური გრძნობების „მობილიზებას“ შეეცდებიან, რითიც, მინიმუმ, იმას მიაღწევენ, მშიერმუცელა მოსახლეობის ნაწილი ხელისუფლების კრიტიკას დაიწყებს, ნაწილი _ ოპოზიციისას. ამასობაში, მთელი პოლიტიკური სპექტრი გამარგინალდება (თუ უკვე არაა გამარგინალებული). შესაბამისად, ხალხი მესიის, მხსნელის ძებნას დაიწყებს, იქნებ, ხელიც ჩაიქნიოს და თქვას, ამ დასავლეთმა ხეირი არ მოგვიტანა, ისევ შეჩვეული ჭირი ანუ რუსეთი მირჩევიაო.

სხვათა შორის, არგუმენტს, რომ კონსტიტუციური მონარქია ქვეყანას გაამთლიანებს და სიმშვიდეს მოიტანს, ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის დოქტორანტი გრიგოლ გეგელია აბათილებს და ერთ-ერთი ქართული ინტერნეტგამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს: ,,მსგავს მოსაზრებას საფუძველი არ გააჩნია, არც ისტორიული და არც ლოგიკური. ნებისმიერი შედარება დასავლეთ ევროპის კონსტიტუციურ მონარქიებთანაც არაადეკვატურია. პირველ რიგში, იქ მსგავსი წყვეტა არ ყოფილა. მეორეც, ამ სახელმწიფოების სტაბილურობა სამეფო ოჯახის არსებობამ კი არ განაპირობა, არამედ სწორმა პოლიტიკამ. წარმოუდგენლად ცუდად უნდა გესმოდეს მეცხრამეტე და მეოცე საუკუნის ისტორია და პოლიტიკა, ან თანამედროვეობა, რათა იფიქრო, რომ სადმე კონსტიტუციურმა მონარქიამ შექმნა დოვლათი, კეთილდღეობა ან კარგი პოლიტიკური სისტემა. მშვიდ და სტაბილურ პოლიტიკას კარგი პოლიტიკოსები შექმნიან და არა _ სიმბოლური სამეფო ოჯახი. საქართველოს დღეს კიდევ დამატებითი სიმბოლური და ყალბი როლები კი არ სჭირდება, არამედ განათლებული, წესიერი, მშრომელი პოლიტიკოსები, რომლებსაც რაიმე სახის წარმოდგენა მაინც ექნებათ ისტორიასა და პოლიტიკაზე და რომელთაც ადარდებთ რეალური საქართველოს ნამდვილი ხალხის ყოველდღიური პრობლემები. სტაბილურობის გასაღები არის მეტ დემოკრატიაში, გამჭვირვალობაში, ბიუჯეტის სოციალურად ხარჯვაში, რათა ადამიანებს ჰქონდეთ განვითარების, უკეთესი განათლების, უკეთესი ჯანმრთელობის და წინსვლის შანსი და არა – მეფეების პირადი კომფორტების დაფინანსებაში, რომელიც სტაბილურობას არ მოიტანს ჩვეულებრივი, მშრომელი ქართველი ხალხისთვის. მაქსიმუმ, ბატონ მეფეს მიანიჭოს სტაბილურობა”.

ახლა, ყველაფერი ეს, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, აპრიორი, არც სიმართლის ბოლო ინსტანციაა და ისიც სავსებით დასაშვებია, რომ „მეფისტებს“ ქვეყნის ერთადერთ ხსნად და იმედად კონსტიტუციური მონარქია გულწრფელად მიაჩნიათ, მაგრამ ნურც ფრთიან ფრაზას დავივიწყებთ, ძირს მეფეო და ნურც კიდევ იმას, მეფე რომ შიშველია!

ვერსია“, 21-23 ივნისი, 2017 წელი

ინტერვიუ ისტორიკოს ნესტან კირთაძესთან: „თქვენი გაზეთით პრეზიდენტს მივმართავ…“ // რას ურჩევს გიორგი მარგველაშვილს, რას საყვედურობს ხელისუფლებას და რატომ ემხრობა უწმინდესის იდეას კონსტიტუციური მონარქიის შესახებ

თათია გოჩაძე

საკონსტიტუციო ცვლილებებზე აჟიოტაჟი პატრიარქის ინიციატივამ გადაფარა _ უწმინდესი კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის მომხრეა და ხელისუფლებას ქვეყნის უმაღლეს კანონში შესაბამისი ცვლილების ჩაწერისკენ მოუწოდებს. იდეა საინტერესოა მმართველი გუნდისთვისაც; საზოგადოებაში კი აზრთა სხვადასხვაობაა. ნაწილი აქილიკებს იდეას და აცხადებს, სარჩენი პარაზიტები მეფის სახითღა გვაკლიაო, ნაწილი (ე.წ თავადაზნაურთა წრე) მონარქის ტახტზე ასვლას მოუთმენლად ელის, ,,სამეფო კარზე” პრივილეგიების იმედად. არსებობს ისეთი კატეგორიაც, რომლისთვისაც სულ ერთია, როგორი მმართველობა იქნება. ზოგი იმასაც ამბობს, ხელისუფლებამ ეს საკითხი პრეზიდენტის წინააღმდეგ ააგორა, რადგან გიორგი მარგველაშვილის ,,მოშორება” სურთო…

საინტერესოა, რამდენად რეალურია, თითქმის 3-საუკუნოვანი წყვეტის შემდეგ, მეფის ინსტიტუტის აღდგენა და არის თუ არა ქართული საზოგადოება ამისთვის მზად? ამ კითხვებით ,,ვერსიამ” ისტორიკოსსა და პოლიტიკოსს, ნესტან კირთაძეს მიმართა, რომელიც აცხადებს, რომ იდეის განხორციელება საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებას მოუტანს. „კონსტიტუციური მონარქიის შესაძლო აღდგენის ინიციატივა პატრიარქს პირველად არ გამოუთქვამს. ევროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს და შემდეგაც, პარტიები აქტიურად განიხილავდნენ ამ საკითხს. 90-იანელები იმ ისტორიული გამოცდილებით მსჯელობდნენ, როცა ბაგრატიონთა დინასტია მართავდა საქართველოს, შემდეგ კი, რუსეთმა ,,თავი მოაცალა” საქართველოს, ეკლესიას ავტოკეფალია გაუუქმა და გუბერნიად შეიერთა“, – ამბობს ნესტან კირთაძე.

- გასაგებია, მაგრამ დღეს საქართველო მზად არის კონსტიტუციური მონარქიის აღდგენისთვის?

- კონსტიტუციური მონარქიისას, მეფეს სიმბოლური როლი აქვს. მომეწონა უწმინდესის ფრაზა: ,,მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს”. მეფე ასეთ პირობებში მხოლოდ სიმბოლოა, როგორც ინგლისის დედოფალი, სკანდინავიის ქვეყნების მონარქი… ქვეყნის მართვაში უპირატესობა ენიჭება ქვეყნის კონსტიტუციასა და არსებულ სამოქალაქო მმართველობას. ისე, კონსტიტუციის პროექტის განხილვამ დიდი პოლემიკა და დაჯგუფებები წარმოშვა, რაც ბუნებრივი პროცესია, ვინაიდან საუბარი ქვეყნის სახელმწიფოებრივ მოწყობას და თვისებრიობას ეხება. თუმცა სახელმწიფოს ამ პროცესში, უბრალოდ, დაავიწყდა ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ინსტიტუტის – საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ჩართვა. ამის მიუხედავად, მისმა უწმინდესობამ ისევ წამოსწია კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის საკითხი, რაზეც სამწუხაროდ, სოციალურ ქსელში ზერელე და ნეგატიური შეფასებები გაჩნდა. არ იწყინოს ჩვენმა საზოგადოებამ, მაგრამ ჯერ კიდევ კლასობრივი ან ულტრამემარცხენე იდეოლოგიის გავლენის ქვეშ აღმოჩნდა მისი ნაწილი და ეს იდეა სახელმწიფოებრივი კი არა, სოციალური საკითხი გახდა. მმართველმა ძალამ კი არ უნდა მოიწონოს ან დაიწუნოს ეს საკითხი ინიციატორისგან, რომელიც უაღრესად პატივსაცემი ქართველია, არამედ უნდა დაინახოს, რომ ეს იდეა პირდაპირ უკავშირდება საქართველოს, როგორც ქრისტიანული ცივილიზაციის უძველესი ქვეყნის სიმბოლოს. ამ ცივილიზაციის გამოხატულება კი სწორედ მრავალსაუკუნოვანი დინასტია და მისგან გამომდინარე სახელმწიფოებრივი გამოცდილებაა. მისასალმებელია, პარლამენტის თავმჯდომარე უწმინდესთან ამ საკითხზე შეხვედრისთვის მზად რომ აღმოჩნდა, რადგან პატრიარქის მოსაზრებები სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია.

- საკონსტიტუციო ცვლილებები ახსენეთ. ფიქრობთ, ამ საკითხზე კონსენსუსი მიიღწევა?

- იმდენად ფორსირებულად მიდის კონსტიტუციის განხილვა, პოლარიზებულია საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი, რომ კონსენსუსზე საუბარი ზედმეტია, მაგრამ განხილვა მნიშვნელოვანია. თაობებს უნდა ახსოვდეთ, უძველესი ცივილიზაციის ქვეყნის წარმომადგენელნი არიან, ამიტომ ხვალ რომ დაიწყოს სახელმწიფოებრივი მზადება ამ ტიპის ცვლილებებისთვის – ლოგიკურია. ეს წარსულთან დაბრუნებას კი არა, იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე ქვეყნის სამეფო ოჯახი, რომლებთანაც ნათესაობაც გვაკავშირებს, ერთიანი ძალით გამოვლენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქართული სახელმწიფოს ხვალინდელი განვითარებისათვის. ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება. ამ თვალსაზრისით, პატრიარქის ინიციატივა ნამდვილად არ იმსახურებს იაფფასიან კლასობრივ დაპირისპირებას. დინასტიები დიდი ფუფუნებაა, რომლის შემოტანა იმიტომ უნდა პატრიარქს, რომ საქართველო არა ვინმეზე მიერთებული პროტექტორატი, არამედ ევროპა-აზიის გასაყარზე, ძლიერი წარსულის ფესვებზე მდგარი ცივილიზაციის ქვეყანა იყოს.

- ვინ უნდა იყოს მეფე? დამეთანხმეთ, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ბევრი ამბობს, წარმოუდგენელია შესაბამისი პრეტენდენტის შერჩევაო

- ეს სამომავლოდ განსახილველი საკითხი და დეტალია, ვინაიდან ქართველ ხალხს მე-18 საუკუნის ბოლოდან დღემდე ამ ინსტიტუტთან ურთიერთობა არ ჰქონია. ამ ინსტიტუციისადმი მენტალურად და სტრუქტურულად გაუცხოებულია ქართული საზოგადოების აზრი. ჯერ ვსაუბრობთ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის თვისებრიობაზე – ქრისტიანული ცივილიზაციის სიმბოლოზე. როცა ეს აზრი მოითელება, მხოლოდ კრიტიკის კი არა, ღირსების შემომტანი გახდება. ამ საკითხებზე პარალელურად იმსჯელებენ კომპეტენტური ინსტიტუტები და თავად ბაგრატიონთა სახლი, სადაც ჩემი ინფორმაციით, ერთსულოვანი მოსაზრებები არაა, მაგრამ ესეც ბუნებრივია…

- თუმცა, მეფე აუცილებლად ბაგრატიონი უნდა იყოს, ხომ?

- რა თქმა უნდა, გრიგოლ ხანძთელმა ბაგრატიონთა დინასტია ასე აკურთხა: ,,იყავნ თქვენი მეფობა უკუნითი უკანისამდე”. სხვათა შორის, ისიც სიმბოლურია, რომ პირველი ბაგრატიონი, აშოტ კურაპალატი, სამშობლოსათვის თავშეწირული მეფეა. დინასტიები ხომ ასე არ ცვივა ციდან გემოვნების მიხედვით, მას ფესვები, ისტორია, წესი და კანონიკა აქვს. ,,ქართლის ცხოვრებაშია” აღწერილი დინასტიის, მმართველობის, კურთხევის წესი დეტალურად. ამაზე საუბარი ნაადრევია, დავაბნევთ საზოგადოებას და ქართული სახელმწიფოს კეთილშობილების იდეას შეიძლება მეტი მოწინააღმდეგე, განრისხებული და დაეჭვებული ადამიანი გამოუჩნდეს, ვიდრე კარგი ყურით მოდარაჯე.

- უწმინდესის იდეის ქილიკი ხომ არ მიუთითებს, რომ პატრიარქის ინსტიტუტისადმი ნდობა ,,მინელდა”?

- ასეთი რეაქციის მიზეზი თავად უწმინდესი ან ინსტიტუტი კი არა, სოციალურად გაღატაკებული მოსახლეობაა, რომელსაც სანუკვარ ოცნებად ექცა შვილების სწავლის გადასახადი, ბანკის ვალის გასტუმრება, სამუშაო ადგილის შოვნა. საზოგადოება სრულ უპერსპექტივობაში მოხვდა და ერთადერთი ადგილი, სადაც ამის ემოციურად გამოხატვა შეუძლია, სოციალური ქსელია, რომელმაც მთელი პლანეტა გლობალურ სოფელს დაამსგავსა. როცა გაღიზიანებულ კომენტარებს ვკითხულობ, ემოციური სოლიდარობის განცდა მიჩნდება მათ მიმართ, ვინც ვერ შედგა ნიჭიერების, ოცნებების მიუხედავად და შექმნილმა ვითარებამ იმდენად გაუბზარა გული, ასე იქცევა. ეს იმ მძიმე ვითარების ემოციური ასახვაა, რომელშიც ეს ადამიანები მოექცნენ. სოციალური სიდუხჭირე იწვევს უპერსპექტივობის განცდას და ასეთი ადამიანისთვის მძიმე მოსასმენია მეფის ინსტიტუტზე საუბარი, თუნდაც ფასეულობების დონეზე.

- მათთვის იმის გააზრებაც რთულია, რომ მეფე ხალხმა უნდა ,,შეინახოს”. დაახლოებით რა თანხა იქნება ბიუჯეტიდან საჭირო, სამეფო ოჯახის შესანახად?

- ტელევიზიებიდან რა გზავნილიც გაეგზავნათ, იმაზე დაიწყეს საუბარი. სიდუხჭირეში მყოფი ადამიანისთვის, ეს მორიგი შოკი აღმოჩნდა. ვერც კი გაიაზრეს, რაზეა საუბარი. მათ საკუთარი უპერსპექტივობა გადათვალეს და გაღიზიანებაც ადეკვატური იყო. იმაზე არავის უფიქრია, რომ პრეზიდენტსაც ბიუჯეტი ინახავს. ამაზე გზავნილი არ ჰქონიათ და იმიტომ.

- კონსტიტუციური მონარქია პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმებას ავტომატურად გულისხმობს?

- ამ საკითხზე კონსტიტუციონალისტებმა უნდა იმსჯელონ, გაიზიარონ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და ყველაზე მეტად რომელიც იქნება მისაღები ისლამურ გარემოცვაში მყოფი პატარა ქრისტიანული კუნძულისთვის, ის მიიჩნიონ მიზანშეწონილად. გული დამწყდება, თუ საზოგადოება ქილიკს განაგრძობს. სხვათა შორის, ეს არც ფაცი-ფუცით და არც მხოლოდ საქართველოში გადასაწყვეტია. ამას სჭირდება ყველა ამ მიმართულების ქვეყნის უნისონი, სოლიდარობა, მხარდაჭერა და მზადყოფნა, რომ კიდევ ერთი სახელმწიფო შეუერთდეს საერთაშორისო კონსტიტუციურ მონარქიულ ოჯახს.

- არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში ამ საკითხის წამოწევა პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიად უნდა მივიჩნიოთ?

- პირველ რიგში იმ ყბადაღებულ კლიშე/პოსტულატს შევაფასებ, თითქოს რაღაც მზადდება მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ. დღევანდელ პრეზიდენტს ნაკლიც აქვს და ღირსებაც, მაგრამ თქვენი გაზეთის მეშვეობით ვეტყვი, იმაზე დიდ შთაბეჭდილებას ნუ შეიქმნის საკუთარ პერსონაზე, ვიდრე რეალურადაა. როგორი წარმატებულიც უნდა იყოს (რამდენად წარმატებულია, სხვა საკითხია), არ უნდა წარმოიდგინოს, რომ სახელმწიფოებრივი პროცესი მისთვის ან მის წინააღმდეგ მიმდინარეობს. უნდა გაფრთხილებოდა ინსტიტუციას და პრინციპული პოლიტიკური ლიდერი ყოფილიყო. მან ეს შანსი ხელიდან გაუშვა და ახლა ცდილობს, რაღაც ტიპის პიარული ნიშა დაიკავოს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. თუმცა, დიდი მოლოდინი ნუ ექნება და თუ მისი გარემოცვა საპირისპიროს აჯერებს, დაელაპარაკოს ულამაზეს და უჭკვიანეს მეუღლეს, რომელიც ეტყვის, რომ დროა, დაუბრუნდეს ,,ჯიპას” და წაიკითხოს ლექციები იმაზე, ერთ მშვენიერ დღეს კონკიასავით როგორ გაუმართლა და გახდა პრეზიდენტი. ეს იქნება ოცნებების ახდენის საუკეთესო მაგალითი.

———————–

ახალი თაობა“, 22 ივნისი, 2017 წელი

ინტერვიუ ნანა დევდარიანთან: „კახა კალაძე შეიძლება ოცნებიდან წავიდეს“ // „მეოთხე არჩევნებს ატარებს ოცნება და იმედგაცრუების მეტი არაფერი მოუტანია

„ახალი თაობის“ კითხვებს გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი პასუხობს.

- ქალბატონო ნანა, საკონსტიტუციო ცვლილებები ერთ-ერთი მთავარი თემაა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ხელისუფლებამ არ შეასრულა დანაპირები და არ გადავიდა პროპორციულ სისტემაზე. ისევ მაჟორიტარების იმედადაა ოცნება?

- ხელისუფლება დაუკრეფავში გადავიდა. ძალიან მძიმე შეფასებები გვესმის. ძალიან გამაღიზიანებელია ხელისუფლების საქციელი. ზოგადად ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის, ყველა ხელისუფლება იძლევა გარკვეულ დაპირებებს და შემდეგ აკეთებს იმავეს, რასაც წინა ხელისუფლება, უბრალოდ, ხანდახან ფორმებშია ხოლმე განსხვავება.

- კერძოდ?

- თუ სააკაშვილის შემთხვევაში ეს იყო კონსოლიდირებული ხელისუფლება, რომელიც მკვეთრად იმართებოდა ვერტიკალურად და გვახსოვს ჩვენ, როგორ ხდებოდა გადაწყვეტილებების მიღება პარლამენტში, რიგებს შორის რომ დადიოდნენ კომისრები. ახლა ეს ასეთი თვალსაჩინო არ არის, მაგრამ პრაქტიკულად იგივეა. სიჯიუტე, თავისნათქვამობა, ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც მათ მოიფიქრეს. ოღონდ ამას კიდევ ემატება ერთი, რომ მანიპულირება ხდება იმით, რომ მათ რიგებში არის აზრთა სხვადასხვაობა, ამას ვითომ დემოკრატიას ეძახიან ხოლმე.

- რას გულისხმობთ? მაჟორიტარებს რომ დააბრალეს საარჩევნო სისტემის არშეცვლა?

- დიახ. მაჟორიტარები, რაც ჩვენ თავი გვახსოვს, პირველი მრავალპარტიული არჩევნებიდან დაწყებული ბოლომდე, ყოველთვის იყო ყველაზე მორჩილი ნაწილი უმრავლესობის. ამის თქმა, რომ იმათ არ უნდათ და იმიტომ არ შეცვალეს, დაუჯერებელია.

- ანუ გაითამაშეს?

- ასე ჩანს. თანაც მიმდინარეობს მანიპულირება ამომრჩევლებით, რომ აი, ხალხსაც უნდა თავისი მაჟორიტარი რაიონებში.

- მაშინ რატომ იყო ასეთი დაპირება? პარლამენტის თავმჯდომარე იმის პირობასაც კი დებდა, რომ გადადგებოდა, თუკი არ გავიდოდა ეს საკითხი...

- ირაკლი კობახიძე გადადგება თუ არ გადადგება პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან, ამაზე საქართველოს დემოკრატია და საქართველოს მომავალი ნამდვილად არ არის დამოკიდებული. ზოგადად კობახიძეს რაც შეეხება, ასეთი ლექსიკით პარლამენტის თავმჯდომარე არ უნდა ლაპარაკობდეს. არ უნდა უყენებდეს ულტიმატუმებს პრეზიდენტს, რომ ის თუ კარგად არ მოიქცევა, ახლავე შემოიღებენ პრეზიდენტის არჩევის წესს და ასე შემდეგ. ეს არ არის სწორი ფორმა.

- პრეზიდენტის არჩევის წესიც არ იცვლება. გადაიწია 2023 წლამდეო. რატომ დაიხიეს უკან?

- მათი ქმედება არ არის გააზრებული ერთიანი სტრატეგიის ნაწილი. როცა არის მძაფრი პროტესტის გრძნობა, ხელისუფლება მხოლოდ ამ შემთხვევაში რეაგირებს. აქაც სწორედ ასეთი ტაქტიკური სვლებია. ასე ქვეყანა არ იმართება. რაღაცა გეგმა ხომ უნდა გქონდეს ჩამოყალიბებული?! მოსინჯავენ ფონს, თუ არაფერი გამოვა, მერე უკან იხევენ.

- ძალიან მიშვებულია პროცესები ოცნებაში. განზე გადგა ბიძინა ივანიშვილი?

- აქ შიგნით არის დაჯგუფებები და ყოველთვის მიდის ბრძოლა გავლენებისთვის და ამ გავლენების გაფართოებისთვის. როგორც ტრადიციულად ხდებოდა, ივანიშვილი ჩამოშორებულია პროცესებს, მაგრამ არჩევნების წინ ხდება აქტიური. ახლოვდება ადგილობრივი არჩევნები და ეს პოლიტიკურ ტემპერატურას აუცილებლად აწევს.

- რატომ აგვიანებს ოცნება თბილისის მერობის კანდიდატის დასახელებას? აქტიური საუბარია კახა კალაძის კანდიდატურაზე, თუმცა გამოდის ხმები, რომ ამ საკითხზე ვერ თანხმდებიან...

- დაგვიანებული არ არის კანდიდატის დასახელება. არჩევნებამდე ჯერ კიდევ არის დრო. მეორეც, ამაზე საუბრები დიდი ხანია მიდის, რომ კალაძე ძალიან მონდომებულია, იყოს თბილისის მერი, მაგრამ არის ხელისშემშლელი ფაქტორებიც.

- კერძოდ?

- შიგნით ერთი ჯგუფის მოსაზრებაა, რომ კვლავაც ნარმანიას კანდიდატურა დააყენონ. კალაძე თავისი პოზიციების გასამყარებლად იბრძვის.

- კვლავაც ნარმანიას კანდიდატურის წამოყენება რამდენად მოუტანს წარმატებას ოცნებას?

- ამ შემთხვევაში ცოტა რთულია წარმატებაზე საუბარი. ყველა არჩევნებზე ყოველთვის ლაპარაკი იყო ძალიან სათუო კანდიდატებზე, მაგრამ `ოცნებას~ ყოველთვის გაჰქონდა თავისი, ბიძინა ივანიშვილის წყალობით. რამდენად იქნება ეს ახლაც, ამის თქმა ცოტა რთულია.

- რატომ არ არის მხარდაჭერილი კახა კალაძის კანდიდატურა?

- არიან დაჯგუფებები, რომლებსაც არ აწყობთ კახა კალაძის გაძლიერება. თბილისი არის სახელმწიფო სახელმწიფოში. მთელი თავისი რესურსით, თავისი საბიუჯეტო შესაძლებლობებით. თავკომბალა გახდა თბილისი, კარგა ხანია ეს ასეა. თბილისის მერი პრეზიდენტის დონის ფიგურა ხდება. მით უმეტეს, ახლა, როდესაც პრეზიდენტი ფაქტობრივად უუფლებოა, მასზე უფრო დიდ პოლიტიკურ წონას და დატვირთვას იძენს.

- ადგილობრივ არჩევნებს საპრეზიდენტო მოსდევს. როგორ გამოიყურება ამ ორი არჩევნების წინ ოცნება?

- საკმაოდ ფერმკრთალად გამოიყურება. დიდია უკმაყოფილება, გაღიზიანება, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა საზოგადოებაში. 2012 წლიდან მეოთხე არჩევნებს ატარებს „ოცნება“ და იმედგაცრუების მეტი არაფერი მოუტანია. მე მინდა გაგახსენოთ მოქალაქეთა კავშირის პერიოდი, როდესაც მთელი ძალაუფლება მის ხელში იყო თავმოყრილი, მაგრამ ადგილობრივი არჩევნები წააგო ოპოზიციასთან.

- შესაძლოა, იგივე განმეორდეს?

- არ არის გამორიცხული, რომ მოხდეს იგივე, თუ მეტისმეტად აკრძალულ ილეთებს არ მიმართა „ქართულმა ოცნებამ“. თუმცა ეს ის შემთხვევაა, რაც უფრო მეტად ხელის გადაგრეხით ჩაატარებენ არჩევნებს, მით უარესი მათთვის.

- შესაძლოა ოცნებამ ადგილობრივი არჩევნები წააგოს?

- მეტსაც გეტყვით, არც ის არის გამორიცხული, რომ ოპოზიციამ საერთოდ შეატოვოს ოცნებას ეს არჩევნები და ბოიკოტი გამოაცხადოს. ეს იქნება ყველზე ცუდი სცენარი „ქართული ოცნებისთვის». ასეთი ჯინიანობის და სიჯიუტის ფონზე, თუ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ოპოზიციამ, ეს არის იმის დადასტურება და იმის ნათელი სახე, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერში ძალადობს.

- რამდენად ლეგიტიმურად ჩაითვლება ბოიკოტირებული არჩევნები?

- ბოიკოტირებული არჩევნების ლეგიტიმაციის ხარისხი არის უკიდურესად დაბალი! ამ საკონსტიტუციო ცვლილებებით, ამ ხელის გადაგრეხვის პრინციპით თუ სხვა გამოსავალი არ დაუტოვეს ოპოზიციას, არ გამოვრიცხავ, რომ ეს სცენარი განხორციელდეს.

- ოცნება ემზადება, რომ მესამე ვადითაც დარჩეს ხელისუფლებაში. მიეცემა ამის საშუალება?

- საქართველოს პრაქტიკაში ასეა, ყველა ხელისუფლება, რაგინდ ძლიერი იყოს და რაგინდ კონცენტრირებული ჰქონდეს ძალაუფლება, ორი არჩევნების შემდეგ სრულიად დისკრედიტირებულია ხოლმე. ან სხვა სცენარი უნდა მოხდეს, რაც არაერთხელ გვინახავს, პოლიტიკური ძალების გადაჯგუფება და მმართველი ძალიდან ახალი დაჯგუფებების გამოყოფა.

- საუბარია ამ ვარიანტზეც, რომ ივანიშვილი `ოცნების~ წიაღში ახალ ძალას შექმნის, ამას გულისხმობთ?

- დიახ. ესეც არახალია და ნანახი გვაქვს უკვე.

- უშვებთ, რომ კახა კალაძე იქნება ამ ახალი ძალის სათავეში?

- ეს სრულიად დასაშვები ვარიანტია. კახა კალაძეს აქვს პოლიტიკური ამბიციები. თუ მან ვერ მოიგო შიგნით, საკუთარ გუნდში, სრულიად არ არის გამორიცხული, გაემიჯნოს მათ და სწორედ ის იყოს „ოცნებიდან“ გამოყოფილი ძალის ლიდერი.

ახალი თაობა“, 22 ივნისი, 2017 წელი

ინტერვიუ ვახტანგ ხმალაძესთან: „გაუგებარია, რატომ ხდება კონსტიტუციის მიღების ასეთი ფორსირება“ // „ამომრჩეველი კვლავ მას უჭერს მხარს, ვინც ერთხელ და ორჯერ მოატყუა“

„შენების მოძრაობის“ წევრი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობს.

- ბატონო ვახტანგ, ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ მმართველი პარტია მზად არის, საგაზაფხულო სესიაზე ორი მოსმენით მიიღოს კონსტიტუციის ახალი პროექტი. პროცესების დაჩქარება ხდება?

- კონსტიტუციაში ყოველ სიტყვას, წინადადებას, წერტილსა თუ მძიმეს აქვს მნიშვნელობა. ვენეციის კომისიის ყველა შენიშვნის გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ სიჩქარე საქმეს მხოლოდ გააფუჭებს. დარჩენილ ერთ კვირაში ცვლილებების შეტანა და ორი მოსმენით მიღება არსებითად არასწორად მიმაჩნია. მით უფრო, რომ არანაირი აუცილებლობა არ დგას, რომ ორი მოსმენით იქნას მიღებული პროექტი. სავსებით შესაძლებელი იყო, განხილვა შემოდგომამდე მომხდარიყო და შემდეგ გაისად, წლის დასაწყისში, მიღებულიყო.

- ფორსირებულად მიდის პროცესი? მმართველი პარტია მოსწრებაზეა, რომ ახალი კონსტიტუცია მიიღოს?

- დიახ, ამიტომ ვამბობ, რომ ამის აუცილებლობა არ დგას. პროცესი დინჯად უნდა წარიმართოს და შეცდომების ალბათობა ბევრად შემცირდება. გაუგებარია, რატომ ხდება ასეთი ფორსირება.

- ვენეციის კომისიამ საარჩევნო სისტემას დაუკავშირა პრეზიდენტის ირიბი წესით არჩევის საკითხი. რა კავშირშია ეს ორი საკითხი?

- სავსებით სწორად და სამართლიანად დაუკავშირა. ყველაზე მწვავე საკითხი არის საარჩევნო სისტემის საკითხი. ვენეციის კომისიამ პარლამენტის არჩევის სისტემა პირდაპირ დაუკავშირა პრეზიდენტის ირიბი წესით არჩევის საკითხს და რატომ – თუ უზრუნველყოფილი არ იქნება მრავალპარტიული წარმომადგენლობა პარლამენტში, მაშინ საარჩევნო კოლეგიაში, რომელმაც პრეზიდენტი უნდა აირჩიოს, დომინანტი იქნება საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პარტია და მისი ნება-სურვილი იქნება დომინანტი ამ პროცესში, დაირღვევა პოლიტიკური ბალანსის სისტემა. არა მხოლოდ პრეზიდენტის ირიბ არჩევნებს ეხება ეს საკითხი, არამედ სხვა ბევრ არჩევით თანამდებობას, რომელთაც პარლამენტი აირჩევს. მაგალითად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და არაერთ სხვა თანამდებობის პირს. ამიტომ არის საჭირო პარლამენტში მრავალპარტიული წარმომადგენლობა. ამის მისაღწევად კი ძალიან არსებითია, თუ როგორი იქნება პარლამენტის საარჩევნო სისტემა.

- ვენეციის კომისიას რეკომენდაცია აქვს პრეზიდენტის ირიბი წესით არჩევის შემთხვევაში...

- დიახ, და ეს არის კვალიფიციური უმრავლესობით იყოს არჩეული _ ორი მესამედით ან სამი მეხუთედით.

- ვენეციის კომისიას ყველაზე მეტი შენიშვნა საარჩევნო სისტემასთან ჰქონდა

- სრულიად ცალსახაა, რომ სამი შეზღუდვა: პირველი, საარჩევნო ბლოკების გაუქმება, მეორე, 5%-იანი საარჩევნო ზღურბლი და მესამე, მანდატების განაწილების ბონუსების სისტემა არ იძლევა მრავალპარტიული პარლამენტის შესაძლებლობას. ლამის 30-წლიანი გამოცდილება მაქვს არჩევნების და ეს ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი, ვიცი, პარტიები თუ საარჩევნო ბლოკები, ხმების რამდენ პროცენტს იღებენ. 5%-იანი ზღურბლის შემთხვევაში, როდესაც საარჩევნო ბლოკები იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, დაკარგული ხმების რაოდენობა საშუალოდ დაახლოებით 20%-ია. ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია.

როგორც კი ბლოკები გაუქმდება, ალბათობა იმისა, რომ პარლამენტში სამ პარტიაზე მეტი იყოს წარმოდგენილი, დაბალი იქნება. ამავდროულად დიდი იქნება დაკარგული ხმების რაოდენობა. ასევე, მანდატების განაწილებისას თუ ბონუსის ის სისტემა იმოქმედებს, რომელიც პროექტში იყო, ეს აშკარად უსამართლო შედეგს მოგვცემს, რაც აღნიშნა ვენეციის კომისიამ.

- თუმცა, მმართველი პარტია მზად არის, საარჩევნო ბარიერი 3%-მდე დაწიოს და შემდეგ არჩევნებზე საარჩევნო სისტემაც შეცვალოს. ამ შემთხვევაში რამდენად იზრდება ალბათობა, რომ ბარიერს მეტი პარტია გადალახავს?

- ამ შემთხვევაში ეს ალბათობა იზრდება, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობის წინადადება იყო, რომ მაჟორიტარული სისტემა 2020 წლისთვის გაუქმებულიყო და საარჩევნო ზღურბლი 4%-მდე შემცირებულიყო. მე ამ იდეას ვემხრობოდი. დღეს კი სულ სხვა წინადადებით გამოდიან მმართველი პარტიის წევრები, ახლა საუბარია 2024 წელზე. უმრავლესობის დიდი ნაწილი მაშინ ამ იდეას უჭერდა მხარს და ისინი ამბობდნენ, რომ 2020 წლიდან შესულიყო ძალაში პროპორციულ სისტემაზე გადასვლა.

„ნაციონალური მოძრაობა“ 2016 წელსვე ითხოვდა ამ ცვლილებას. დღეს გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ მომდევნო პარლამენტშიც იქნება ასეთი მსჯელობა და მომდევნო პარლამენტიც უარს იტყვის პროპორციულ სისტემაზე.

- ვერც ერთი ხელისუფლება მაჟორიტარებს ვერ ელევა. ამდენად, მოქმედ საარჩევნო სისტემას ვერ შევცვლით?

- დიახ, სწორედ ასეა. სამწუხარო ის არის, რომ ამომრჩეველი არჩევნების დროს რატომღაც ივიწყებს ტყუილ დაპირებებს და კვლავ მხარს მას უჭერს, ვინც ერთხელ და ორჯერ მოატყუა. საარჩევნო ზღურბლის 3%-მდე შემცირებას მინდა დავუბრუნდე. ხელისუფლება გვეუბნება, რომ ზღურბლს ერთჯერადად დაწევს. 2020 წლის არჩევნებზე ძველი საარჩევნო სისტემა დარჩება, მაგრამ საარჩევნო ზღურბლი შემცირდება. არსებული საარჩევნო სისტემის მთელი სიმახინჯე არის არა პროცენტულ ზღურბლში, არამედ იმ წესში, რომელსაც მაჟორიტარული სისტემა ჰქვია და რომელშიც განსაკუთრებულ როლს სახელისუფლო რესურსი ასრულებს, ვგულისხმობ მაჟორიტარულ არჩევნებში მაჟორიტარების გამარჯვებას. 3%-მდე ბარიერის შემცირება გავლენას მხოლოდ პროპორციულ ნაწილზე მოახდენს.

Comments are closed