«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): კომენტარები საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული სტატიის მიმართ
«Day» (აზერბაიჯანი): ერევანი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის დისკრედიტაციას ცდილობს, მაგრამ არ გამოუვა
—————–
«The Economist» (დიდი ბრიტანეთი), 01 ივლისი, 2017 წელი
http://www.economist.com/node/21724407/comments
კომენტარები საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული სტატიის მიმართ
როგორც ცნობილია, 29 ივნისს, ბრიტანულ ჟურნალ «The Economist»-ში გამოქვეყნდა სტატია საქართველოს შესახებ სათაურით „საქართველო, რეფორმების მოდელი, ცდილობს სუფთა ქვეყნად დარჩეს, ხეების მოყვარული ოლიგარქი კი სიტუაციას კულისებიდან მართავს“, რომელშიც ქვეყანაში შექმნილი სიტუაციაა გაანალიზებული და გამოთქმულია კრიტიკული შენიშვნები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართაც (სტატიის ტექსტი იხილეთ http://www.economist.com/news/europe/21724407-tree-loving-oligarch-still-pulling-strings-georgia-model-reform-struggling-stay).
გთავაზობთ მკითხველთა კომენტარებს და გამოხმაურებებს:
„სტატია მიკერძოებულია და არაობიექტური, რაც ასეთ სოლიდურ და რესპექტაბელურ ჟურნალს არ შეეფერება. რა ფასად და რის შემდეგ მოხდა პუბლიკაციაში ნახსენები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოდერნიზაცია? ტერორის, ციხეებში წამების, ბიზნესმენების მიმართ ანგარიშსწორების შემდეგ, როცა პატიმრებს აიძულებდნენ ეღიარებინათ ვითომდა „ჩადენილი დანაშაული“, ე.წ. „საპროცესო გარიგების“ მიღების მიზნით, გადაეხადათ გამოსასყიდი, რომ დიდხანს არ ყოფილიყვნენ ციხეში… და იმის ფასადაც, რომ ყველა ჩუმად უნდა ყოფილიყო იმ დემონტრაციის კანონდარღვევით დარბევის შემდეგ, რომლის შედეგად ადამიანები დაიღუპნენ – დემონტრაციისა, რომლის შესახებაც ფოტოჟურნალისტებმა სურათები გამოაქვეყნეს, ისინი კი ქვეყნის ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს… შესაძლოა, „ღალატი“ მართლაც იყო, მაგრამ ქვეყნის ღალატი კი არა, არამედ მმართველი „ერთიანი ნაცმოძრაობის“ ინტერესებისა, რომელიც მსგავსი მხეცობების ჩადენის შემდეგ თავს მაინც დაუსჯელად გრძნობდა. სწორედ ასეთი ფაქტების გამო დაუჭირა მხარი მოსახლეობამ ბიძინა ივანიშვილსა და მის „ქართულ ოცნებას“.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ რიგი ლიდერების რებრენდინგს „ევროპულ საქართველოდ“, ეს მოსახლეობის თვალში არაფერს არ ნიშნავს: ამგვარი ჯადოსნური მეთოდით მათი განწმენდა არ მოხდება. მათ მხოლოდ ტყავი და სახელი გამოიცვალეს, ხალხს ყველაფერი კარგად ახსოვს – „ნაციონალების“ შემოქმედება და შემოქმედთა სახეებიც“.
——–
„საქართველოს პრობლემების მიზეზი იმაშია, რომ ეს ქვეყანა ევროპისაგან ძალიან არის დაშორებული და, შესაბამისად, ევროპული დემოკრატიისაკენ მისი გრავიტაცია (მიზიდულობა) შეზღუდულია. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა შეიცვალოს ოლიგარქის [მმართველობა] იმ პოლიტიკური პარტიების სისტემით, როგორიც ევროპულ ქვეყნებში არსებობს“.
——–
„სტატია პროპაგანდისტული ხასიათისაა და ისეთივე სიცრუეს შეიცავს, რომელსაც ერთ-ერთი ქართული ტელეკომპანია ავრცელებს. [მისი წაკითხვისას] შეიძლება კაცმა იფიქროს, რომ მასალა ამ ტელეკომპანიის ჟურნალისტმა დაწერა“.
——–
„ვფიქრობ, სტატიის ავტორი საქართველოში ნამყოფი არ არის, იქ არც ჩასულა და ამიტომ ისეთ ურთიერთგამომრიცხავ მომენტებზე წერს, რომლებსაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან არანაირი კავშირი არ აქვთ“.
———
„სტატიას ჟურნალისტიკასთან არაფერი საერთო არ აქვს. მასში ფაქტიური უზუსტობებია დახვავებული, არალოგიკურია და ჭეშმარიტებას არ შეიცავს“.
——-
ყოველთვის მჯეროდა, რომ „ეკონომისტი“ დამოუკიდებელი და ობიექტური ჟურნალია-მეთქი, მაგრამ ეს სტატია მიკერძოებული მეჩვენება, ანალიზი კი, ჩემი აზრით, პრიმიტიულია. მოკლედ, „ეკონომისტით“ იმედგაცრუებული ვარ.
——–
„ერთ-ერთი ყველაზე სუსტი სტატიაა, რომელიც კი წამიკითხავს. მასში ბევრი ტყუილია და მიკერძოებული ინფორმაციაა. ასეთი მასალით ჟურნალისტი თავის კარიერას Russia Today-ში(რუსეთის ტელეკომპანიაში) კარგად გაიკეთებდა… იმის თქმა მინდა, რომ ტენდენციურობა თქვენი ნებაა, მაგრამ სიცრუის ტირაჟირება… ეს უკვე გადაჭარბებულია“.
———
„სტატიას ფაქტების გადმოცემაში პრობლემები აქვს. გიგა ბოკერია ცდება, როცა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა თითქოსდა ბათუმის მოვლენებს მხარი დაუჭირა. „ევროპული საქართველოს“ წევრები და გიგა ბოკერიას მომხრეები, უბრალოდ, ბიძინა ივანიშვილის მიერ მართული მარიონეტები არიან. არის იმის მტკიცებები, რომ გიგა ბოკერია რუს ოლიგარქს ბიძინა ივანიშვილს გაურიგდა, რათა მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაცმოძრაობისთვის“ დარტყმა მიეყენებინა“.
———
„სტატიაში შეცდომებია დაშვებული. თქვენ წერთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ სააკაშვილი 2010 წელს დაამარცხაო, მაგრამ ეს 2012-ში მოხდა. „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავაა და არა გიგა ბოკერია ან დავით ბაქრაძე. პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძეა და არა ირაკლი კობალხიძე. მე მომწონს, რომ თქვენს ჟურნალში საქართველოს შესახებ სტატიები იბეჭდება, თუმცა ამ შემთხვევაში უფრო უკეთესად უნდა დაწერილიყო…“.
«Day» (აზერბაიჯანი), 03 ივლისი, 2017 წელი
http://news.day.az/politics/910346.html
ერევანი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის დისკრედიტაციას ცდილობს, მაგრამ არ გამოუვა
„ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ექსპლოატაციაში გაშვების ვადების მოახლოებასთან დაკავშირებით, პროექტის პერსპექტივისა და ეკონომიკური ეფექტიანობის პოზიტიურ შეფასებებთან ერთად, გამოითქმება, რბილად რომ ვთქვათ, სკეპტიკური აზრებიც, რომლებშიც აშკარად გამოკვეთილია მიზანი – მოხდეს პროექტის დისკრიდიტირება და ეჭვები დაითესოს მის მონაწილეებს შორის ურთიერთობაში, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – ლეილა ტარივერდიევა).
აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგმა ილგარ ველიზადემ კომენტარი გაუკეთა სომხურ მასმედიაში ბოლო დროს გამოქვეყნებულ „ანალიტიკურ“ სტატიებს, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მნიშვნელობასთან დაკავშირებით.
მკითხველებს შევახსენებთ, რკინიგზის მაგისტრალზე მოძრაობის გახსნა დაგეგმილი იყო ივნისის ბოლოსათვის, მაგრამ ქართულ მონაკვეთზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებამ გარკვეული დრო მოითხოვა. ამიტომაც რკინიგზის ექსპლოატაციაში შესვლა აგვისტოს ბოლოსათვის გადაიდო.
როგორც აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი აღნიშნავს, ტრადიციულად, პროექტის ყველაზე ენერგიული კრიტიკოსები სომეხი ექსპერტები ითვლებიან. ისინი თავიანთ მსჯელობებში იქამდეც კი მივიდნენ, რომ აცხადებენ – აზერბაიჯანმა საქართველოს ამ რკინიგზით სომხური ტვირთების გადატანა აუკრძალა და შესაბამისად, საქართველო დაზარალდება – თბილისი ვერ მიიღებს საბაჟო შემოსავალს იმ ტვირთების გადატანით, რომლის მოცულობა ყოველწლიურად მილიონნახევარი ტონას აღემატებაო.
„საინტერესოა, რომელი მილიონნახევარი ტონა ტვირთი გადაიზიდება სომხეთის რკინიზგით საქართველოს მიმართულებით და როგორ შეუძლია სომხეთს ბაქო-თბილისის-ყარსის მაგისტრალით სარგებლობა, რომლის მთვარი არსს თურქეთის აზერბაიჯანის და საქართველოს სარკინიგზო სისტემების გაერთიანება წარმოადგენს? დააკვირდით მსჯელობას: სომეხი ფსევდოექსპერტები თვლიან, რომ რკინიგზის ქართული მონაკვეთი – ახალქალაქიდან კარწახამდე – ვიწროლიანდაგიანია და თუ გავითვალისწინებთ მას, რომ საქართველოში ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის მატარებლები არ არის, ეს ნიშნავს, რომ ამ რკინიგზაზე მხოლოდ თურქული სარკინიგზო შემადგენლობები ივლიან და, შესაბამისად, სომხური ტვირთების გარეშე საქართველო პოტენციურ შემოსავლებს დაკარგავსო. ასეთი მსჯელობა სიცრუე და უაზრობაა. რატომ? იმიტომ, რომ სომეხი ვაი-ექსპერტები განგებ ივიწყებენ იგნორირებენ იმ ფაქტს, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ, პროექტის ჩარჩოებში დასრულდა ლიანდაგების შესაცვლელი პუნქტის მშენებლობა, რომლის მეშვეობით 1520 მმ. გაბარიტების მქონე ლიანდაგი 1435 მმ-იანზე შეიძლება იქნეს გადაყვანილი, ანუ რკინიგზით ისარგებლებს არამარტო საქართველო, არამედ აზერბაიჯანი და ცენტრალური აზიის ქვეყნებიც. რკინიზის ამ სტანდარტის გამოყენებით ბაქო-თბილისი-ყარსის საპროექტი სიმძლავრე წელიწადში 20 მილიონ ტონამდე შეადგენს, თანაც რეალურ და არა პირობით მოცულობას, რომლითაც სომხები ტრაბახობენ – საქართველოსაკენ ამდენ და ამდენ ტვირთს ვუშვებთო“, – აღნიშნა ჩვენთან საუბარში იდგარ ველიზადემ.
აზერბაიჯანელი პოლიტოლოგის თქმით, ვაი-ექსპერტების ნაბოდვარის კულმინაცია და პროფანაციაა ის, რომ თითქოსდა აზერბაიჯანს საქართველოს მიმართ პრეტენზია წაუყენებია სტარიფო პოლიტიკის ერთპიროვნულად გატარების თაობაზე. რეალურად ტარიფების დადგენა მხოლოდ უწყებათაშორისო შეთანხმებით მოხდება იმ მხარეთა მიერ, რომლებიც პროექტის მონაწილენი არიან. იდგარ ველიზადემ ხაზი გაუსვა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა შემდება საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის სამთავრობოთაშორისო შეთანხმების მიხედვით და, შესაბამისად, სწორედ ეს დოკუმენტი განსაზღვრავს პროექტის ინსტიტუციურ ჩარჩოებს. „ასე რომ, არავინ არავის არაფერს კარნახობს“, – თქვა პოლიტოლოგმა. „მაგრამ ის, თუ ვისი პირდაპირი თუ ირიბი კარნახით იწერება მსგავსი უსაფუძვლო სტატიები რეგიონული პროექტების დისკრედიტირების მიზნით და ვის ინტერესებს ემსახურებიან ისინი, ვფიქრობ, საიდუმლოს არ წარმოადგენს“, – დაასკვნა იდგარ ველიზადემ.