«Radio Voice of America – Радио Голос Америки» (აშშ): საქართველო ახალ სტრატეგიას ეძებს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ (კომენტარები)
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): Saber Guardian 2017: ქართული „ჩარლი“ და „დამაჯერებელი შეკავება“ რუსეთისთვის
«Azeri Today» (აზერბაიჯანი): ვინ აღვივებს რელიგიურ-ეთნიკურ კონფლიქტს საქართველოს იმ რეგიონში, რომელიც აზერბაიჯანელებითაა დასახლებული?
—————–
«Radio Voice of America – Радио Голос Америки» (აშშ), 07 ივლისი, 2017 წელი
https://www.golos-ameriki.ru/a/nc-georgia-borders/3931026.html
საქართველო ახალ სტრატეგიას ეძებს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის (კომენტარები)
სტატიაში გადმოცემულია ქართველი ჩინოვნიკებისა და ექსპერტების კომენტარები შიდა ქართლში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის გამმიჯნავი ხაზის (ე.წ. საზღვრის“) გადმოწევასთან დაკავშირებით (ავტორი – ნესტან ჩარკვიანი).
როგორც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა განაცხადა, საქართველოს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საბრძოლველად ახალი სტრატეგია ჭირდება: „იმას, რასაც საქართველომ მიაღწია თავის პარტნიორებთან ერთად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების პოლიტიკის მხრივ, ახალი მიდგომებით უნდა განმტკიცდეს. აუცილებელია ახალი პოლიტიკის გატარება, რომელიც ეტაპობრივი ანექსიისა და საოკუპაციო ხაზის გადაწევის წინააღმდეგ იქნება მიმართული ცხინვალის რეგიონში“, – აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პოზიციას გამმიჯნავი ხაზების გადმოწევის თაობაზე „საინფორმაციო პროვოკაცია“ უწოდა, რომელიც თითქოსდა 7 ივლისს პრარაში დაგეგმილი ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრისათვის ჩრდილის მისაყენებლად არის გამიზნული. სხვათა შორის, თვითონ ზურაბ აბაშიძემ ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზის გადმოწევა „არაადამიანურ აქტად“ მიიჩნია და განაცხადა, რომ ამ საკითხს იგი აუციულებლად დააყენებს გრიგორი კარასინთან შეხვედრის დროს – მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკების ფორმატი მსგავსი ხასიათის ფაქტების განხილვას არ ითვალისწინებს.
ექსპერტი გია ხუხაშვილი პრობლემას საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ არათანმიმდევრულ პოლიტიკაში ხედავს. მისი თქმით, ერთი მხრივ, თბილისს მართლაც აქვს წარმატებები დიპლომატიურ არენაზე, მაგრამ მეორე მხრივ, საქართველოს არ აქვს კონკრეტული მოქმედების გეგმა რუსული ოკუპაციის საპასუხოდ. შესაბამისად, რეაქცია და განცხადებები საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით პოსტ-ფაქტუმ კეთდება.
გია ხუხაშვილმა წარმატებულად შეაფასა საქართველოს ძალისხმევა საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომელიც მათ მიერ მიღებული დოკუმენტებით გამოიხატა (მაგალითად, ამას წინათ თბილისში გამართული ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაცია „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ“, რომელშიც შეიცავს მოწოდებას რუსეთისადმი გააუქმოს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, გაიყვანოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე გაეროს გენასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელიც აღიარებს ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების უფლებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
„მაგრამ ცალკეული ბრძოლის მოგება მთლიანად ომის მოგებას არ ნიშნავს“, – ამბობს გია ხუხაშვილი, რადგან საქართველოს ყოველ დიპლომატიურ წარმატებას რუსეთი ისევ მორიგი „გამაფრთხილებელი დემარშით“ პასუხობს. გამოდის, რომ თბილისი მოუმზადებელი ხვდება ხოლმე რუსეთის ნაბიჯს და იძულებულია ტიპიური განცხადებები აკეთოს. „ასე ხდება წლიდან წლამდე, მაგრამ ახლა დროა არა მარტო ფოსტ-ფაქტუმ ვაკეთოთ განცხადებები, არამედწინასწარ მივიღოთ პრევენტიული ზომები, განვსაზღვროთ შესაძლო რისკები, გავააქტიუროთ ყველა დიპლომატიური არხი… ჩვენ უკვე დიდი ხანია უნდა ვიყოთ გადასული კოორდინირებულ და თანმიმდევრულ პოლიტიკაზე“, – აღნიშნავს გია ხუხაშვილი რადიო „ამერიკის ხმის“ რუსული სამსახურის კორესპონდენტთან ინტერვიუში.
საქართველოს ატლანტიური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია თვლის, რომ რუსეთის შესაჩერებლად თბილისმა, პირველ რიგში, ოფიციალურად უნდა განაცხადოს, რომ რუსეთი საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტისათვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს და რომ ეს საფრთხე გამოხატულია ტერიტორიების ოკუპაციაში, მცოცავ ანექსიაში, პროპაგანდის მეშვეობით საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენაში და ა.შ. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს თავისი სახელმწიფო სტრატეგია, რომელიც რუსეთს უკანონო ნაბიჯების გადასადგმელად „მინიმალურ სივრცეს“ დაუტოვებს.
„პერიოდულად გაკეთებული განცხადებები, რომ რუსეთი საერთშორისო სამართლის ნორმებს არღვევსო, სინამდვილეში არაეფექტურია. აუცილებელია იმის დეკლარირება, რომ სწორედ რუსეთია მთავარი საფრთხე საქართველოსთვის. საჭიროა ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომა თვისობრივად ახალი დოკუმენტის შემუშავების სახით, ხელისუფლების ყველა შტოსა და საზოგადოების მონაწილეობით, რომელშიც გათვალისწინებული იქნება მისი რეალიზების ინსტიტუციონალური მექანიზმები“, – ამბობს ბათუ ქუთელია.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 07 ივლისი, 2017 წელი
https://www.amerikiskhma.com/a/georgia-nato-saber-guardian-2017/3931021.html
Saber Guardian 2017: ქართული „ჩარლი“ და „დამაჯერებელი შეკავება“ რუსეთისთვის
ზაზა წულაძე
ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი (NATO) შავი ზღვის რეგიონში, 2017 წლის ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნისთვის ემზადება. მრავალეროვნული სწავლება Saber Guardian 2017 ერთდროულად სამ ქვეყანაში: ბულგარეთში, რუმინეთსა და უნგრეთში 11 ივლისს აიღებს სტარტს და მასში ალიანსისა და პარტნიორი 22 ქვეყნის – 25 000 ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას. პირველად ასეულის დონეზე, Saber Guardian-ში საქართველოც არის ჩართული. სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ჩარლი“ ასეული უკვე მეორე დღეა ბულგარეთში იმყოფება.
სამხედრო წვრთნის არეალში ევროპაში აშშ-ის არმიის დაქვემდებარებაში მყოფი – 14 000 ამერიკელი ჯარისკაცი და მძიმე ტექნიკაა გადასროლილი. როგორც ჰაერით, ისე ხმელეთითა და წყლით. გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი, ამერიკის ევროპული არმიის სარდლის რანგში, ბოლოჯერ უხელმძღვანელებს ასეთ მასშტაბურ სამხედრო წვრთნას. 2017 წლის სექტემბერში იგი თანამდებობას ტოვებს.
Saber Guardian-ის ფარგლებში, ქართული ასეულის საწვრთნელი არეალი ჯერ იქნება ბულგარეთი, შემდეგ კი რუმინეთი. ნოვო სელოს სამხედრო ბაზაზე, რომელიც 2006 წლიდან, ორმხრივ ბულგარულ-ამერიკულ დაქვემდებარებაშია, ამერიკის არმიის მე-4 სახმელეთო დივიზიის, მე-3 ჯავშანსატანკო ბრიგადის მეთაურმა გუშინ ბულგარელ, ქართველ და ბერძენ კოლეგებს წვრთნის გეგმა გააცნო.
პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ჩარლი“ ასეულის მეთაური, კაპიტანი ვლადიმერ გურჩიანი ამბობს: „ეს სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია ქვედანაყოფითვის. ჩვენ NATO-ს წევრი ქვეყნების დანაყოფებთან ერთად მოგვიწევს თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში მონაწილეობა, როგორც საწვრთნელ ბაზაზე, ისე დასახლებული პუნქტების ტერიტორიაზე. ეს დიდი გამოცდილება იქნება ჩვენთვის და გამოგვადება NATO-ს მომავალ მისიებში“.
NATO-ს მასშტაბური სწავლების მთავარი მიზანი – კოლექტიური თავდაცვის სტრატეგიული კომპონენტების დახვეწაა. მათ შორის უმთავრესი, პოტენციური მოწინააღმდეგისთვის – რუსეთისთვის იმის დემონსტრირებაა, რომ ალიანსს უმოკლესს დროში, ნებისმიერ დროს, ევროპის ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერი რაოდენობის სამხედრო ძალის თავმოყრა შეუძლია. ეს „დამაჯერებელი შემაკავებელი“ ფაქტორი, NATO-ს ახალი „შეკავების დოქტრინის“ ქვაკუთხედია, რომელიც ალიანსმა რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ შეიმუშავა.
დაახლოებით, 40 000-იანი სამხედრო კონტიგენტის (25 000 ჯარისკაცი, პლუს, 15 000 დამხმარე პერსონალი) შავი ზღვის რეგიონში გადასროლის ოპერაცია სერიოზული გართულებების გარეშე, ამ დრომდე მიდის. გერმანიაში დისლოცირებულ ამერიკელ სამხედროებს ბულგარეთამდე თითქმის 1800 კილომეტრიანი მარში გამოუვიდათ.
ჯერჯერობით, ერთი ინციდენტი უნგრეთ-რუმინეთის საზღვარზე მოხდა, სადაც გერმანიის ქალაქ ვილსეკის სამხედრო ბაზიდან მომავალ, კავალერიის მე-2 პოლკის ამერიკელ ჯარისკაცს, რკინიგზის სადგურზე მოულოდნელად დენმა დაარტყა. მისი მდგომარეობა მძიმეა. მეორე შემთხვევა კი ნოვო სელოში მოხდა, აქ ბულგარელი მფრინავი დაშავდა და იგი ამერიკელებმა სასწარაფოდ ჰოსპიტალში გადააფრინეს.
Saber Guardian-ს სწავლებას მულტინაციონალური დივიზია მართავს (Multinational Division – MND SG), შტაბის რამდენიმე რგოლი, ერთდროულად, ბულგარულ – ნოვო სელოში, რუმინულ – ჩინკუსა და კოგელნიჩანუს სამხედრო აეროდრომზე და, ასევე უნგრულ – დიორშია გაფანტული, სადაც მდინარე დუნაის გადალახვის ოპერაციები უკვე შესრულდა.
სამხედრო წვრთნის დაწყების წინ, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის მეთაური გიორგი ჯინჭარაძე ამბობს: „ქართველი ჯარისკაცები საკმაოდ მონდომებულნი და მოტივირებულნი არიან და მზად არიან უპასუხონ იმ გამოწვევებს, რა გამოწვევების წინაშეც ამჟამად ჩვენი ქვედანაყოფი დგას“.
პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ჩარლი“ ასეულმა NATO-ს „ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის” (OCC E&FP) ფარგლებში, ეროვნული თვითშეფასების II დონე (SEL-2, Self-Evaluation Level-2) 2017 წლის ივნისის შუა რიცხვებში გაირა. ასეულს წინ NATO-ს შეფასების II დონე (NEL-2, NATO Evaluation Level-2) ელის, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ქართული დანაყოფი NATO-ს ძალებთან სრულად თავსებადი გახდება და პირველი ქვეითი ბრიგადის „ალფა“ ასეულის შემდეგ, NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებში შევა.
მრავალეროვნული სწავლება Saber Guardian აღმოსავლეთ ევროპაში 2013 წლიდან ყოველწლიურად ტარდება, თუმცა ის ასეთი მასშტაბური არასოდეს ყოფილა. საქართველო 2015-16 წლებში, Saber Guardian -ზე ოცეულის დონეზე იყო წარმოდგენილი.
——–
Saber Guardian 2017-ის სამხედრო წვრთნაში (11-28 ივლისი) მონაწილე ქვეყნები:
NATO-ს ქვეყნები: აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უნგრეთი, სლოვენია, გერმანია, ხორვატია, პოლონეთი, მონტენეგრო, სლოვაკეთი, თურქეთი, ჰოლანდია, ჩეხეთი, საბერძნეთი, ლიტვა. პარტნიორები: საქართველო, უკრაინა, სერბეთი, მაკედონია, მოლდოვა.
«Azeri Today» (აზერბაიჯანი), 06 ივლისი, 2017 წელი
https://azeri.today/articles/6644/
ვინ აღვივებს რელიგიურ-ეთნიკურ კონფლიქტს საქართველოს იმ რეგიონში, რომელიც აზერბაიჯანელებითაა დასახლებული?
ინტერვიუში ადამიანის უფლებათა მონიტორინგის კავკასიური ცენტრის დირექტორი ელბრუს მამედოვი საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციებზე საუბრობს.
Azeri Today-ის კორესპონდენტის კითხვაზე, რომ „ბოლო დროს მარნეულის რაიონში მომრავლდა პროვოკაციული ფაქტები – ქართულ ეკლესიაზე თავდასხმა, მეჩეთის შეურაცხყოფა და ა.შ. რას მიანიშნებს ეს ყველაფერი“, ელბრუს მამედოვი პასუხობს:
„საქართველოში ახლოვდება თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები. შესაბამისად, ადგილობრივი ხელისუფლებისათვის ერთმანეთს ორი წამყვანი პოლიტიკური პარტია ებრძვის. აშკარაა, რომ ამ ბრძოლაში ორივე მხარე ყველა უკანონო და კანონიერი მეთოდით ისარგებლებს. იმაში, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონში დაძაბულობა რელიგიურ-ეთნიკურ ნიადაგზე არსებობდეს, დაინტერესება ნამდვილად არის. ეს გამოიხატება არა მხოლოდ გარეშე ქვეყნების მხრიდან, არამედ თვით საქართველოს შიგნით არსებული ძალებისგანაც – რადიკალურად განწყობილი ჯგუფებისაგან, რელიგიური ფუნდამენტალისტებისგან.
საკმარისია გავიხსენოთ წინა საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნების დროს მომხდარი ექსცესები, როცა აზერბაიჯანული მოსახლეობა დემორალიზებული იყო. მე ისევ დავადასტურებ, რომ საქართველოს ორ წამყვან პარტიას სეიძლება ჰქონდეს (აქვთ კიდეც) იმის სურვილი, რომ აქ ისევ წინასაარცევნო დაძაბულობა შეიქმნას. როგორც ჩანს, ძველი მეთოდები ამოიწურა და ახლა უფრო სახიფათო, მაგრამ უფრო ეფექტურ მეთოდებზე გადავიდნენ – ეთნო-რელიგიური დაძაბულობის შესაქმნელად. ამით იმის ჩვენება უნდათ, რომ ქვემო ქართლის რეგიონში კონფლიქტური პოტენციალი შენარჩუნებულია და რომ ამ პოტენციალის გამოყენება შეიძლება. სამწუხაროდ, ასეთი სიტუაცია ხელოვნურად იქმნება, მაგრამ ამაში აზერბაიჯანული მოსახლეობა არანაირად არ მონაწილეობს. აზერბაიჯანელებს არავითარი დაინტერესება არ აქვთ და მათ ამისკენ ვერავინ უბიძგებთ.
ვიღაც-ვიღაცეებს სურთ, რომ პროვოკაციები აზერბაიჯანელებს დააბრალონ, თითქოსდა მათ ქართული ეკლესიის მრევლის შეურაცხყოფა უნდათ. ეს სიცრუეა. ასეთი რამ არ მომხდარა არც საბჭოთა პერიოდში და არც საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში. დღეს ყოველ აზერბაიჯანულ სოფელში დიდი ქრიტიანული ჯვრები დგას, მაგრამ ამაზე აზერბაიჯანლები ნეგატიურად არ რეაგირებენ და ტოლერანტობას გამოხატავენ – მაშინაც კი, როცა პროვოკაციები ხდება მუსულმანების წინააღმდეგ… მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში ანტიმუსულმანური განწყობები იზრდება, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებენ.
- რა ძალები არიან დაინტერესებულნი საქართველოს აზერბაიჯანელებით დასახლებული რეგიონის დესტაბილიზებაში?
- ვინც არ უნდა ჩაიდინოს ასეთი პროვოკაციული გამოხტომები, მიზანი ყოველთვის ერთია – ხელი შეუშალოს რეგიონის სრულფასოვან განვითარებას, მის პერსპექტივას. მაგალითად, 2014 წელს უსაფუძვლო ბრალდებებით და პროვოკაციული მეთოდებით მარნეულს ქალაქის სტატუსი მოუხსნეს. რა თქმა უნდა, იმ ვაი-ჩინოვნიკების მონაწილეობით, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ორგანოებში ვითომდა აზერბაიჯანულ მოსახლეობის ინტერესებს იცავენ. საერთოდ, ჩინოვნიკები რეგიონის მოსახლეობსთან არ მუშაობენ, ისინი მხოლოდ საკუთარი ბიზნესით არიან დაინტერესებულნი და ეს ყველაფერი ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს. პროვოკაციები მოიმატებს, რაც სახიფათოა სახელმწიფოსათვის. ამით შეიძლება ზოგიერთმა ძლიერმა მეზობელმა ისარგებლოს, რომელიც საქართველოს მაქსიმალურ დარღვევას ცდილობს..
- და ასეთ სიტუაციაში არ გამოირიცხება პროვოკაციები, მაგალითად, მკვლელოობები ეთნიკურ ნიადაგზე, მასობრივი უწესრიგობები, ტერორისტული აქტები…
- სწორად გამიგეთ: [სამწუხაროდ], აზერბაიჯანულ საზოგადოებას არ აქვს შემუშავებული გონივრული მოქმედების სტრატეგია და თუ ვინმე კიდევ რაღაც პროვოკაციულ გამოხტომას მოაწყობს, არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები, რას მოიმოქმედებს აზერბაიჯანული საზოგადოება იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებები მის წინააღმდეგ იქნება მიმართული. რას გააკეთებენ აზერბაიჯანელები ქართული საზოგადოებაში, რა გეგმები აქვთ ჩვენს აქტივისტებს და ჩინოვნიკებს ნეგატიური მოვლენების აღსაკვეთად? მე ამ კითხვაზე პასუხისათვის მზად არ ვარ. არ არის მზად აზერბაიჯანული მოსახლეობის უმრავლესობაც.
- ნუთუ ბოლო პერიოდში საქართველოს აზერბაიჯანული მოსახლეობის დაცვისა და განვითარების საკითხები ხარისხობრივად არ გაუმჯობესებულა?
- არანაირად. იცვლებიან პრეზიდენტები, იცვლებიან მმართველი პარტიები, სახელმწიფოს უმაღლესი ორგანოები, მაგრამ ადგილებზე ყველაფერი ძველებურად რჩება. იცვლება მხოლოდ მეთოდები – ხისტიდან შედარებით ფარული, შენიღბული მეთოდებით, ერთი შეხედვით კეთილშობილური მიზნებით, მაგალითად, „ნაადრევი ქორწინებების“ წინააღმდეგ მიმართული ზომებით. აბა, შეხედეთ აზერბაიჯანელ ჩინოვნიკებს, როგორ იქცევიან… მიხეილ სააკაშვილის დროინდელი თანამდებობის პირები ახლა „ქართულ ოცნებაში“ არიან გადაბარგებულნი და შესაბამისად, ისევ ხელისუფლებაში რჩებიან. სხვათა შორის იგივე გააკეთეს უფრო ადრე ედუარდ შევარდნაძის პერიოდის თანამდებობის პირებმაც, რომლებიც შემდეგ „ნაცმოძრაობაში“ შევიდნენ. ანუ აზერბაიჯანული მოსახლეობასთან მუშაობის მეთოდები არ იცვლება. ყველა ეს ჩინოვნიკი ერთი სტრატეგიული კონცეფციის გატარებას ემსახურება: ეთნიკური იდენტურობისა და თვითიდენტიფიკაციის გაქრობას. ამისათვის უამრავი ინსტრუმენტი გამოიყენება. აზერბაიჯანელი ჩინოვნიკები კი საკუთარ მოსახლეობას არ ემსახურებიან…