globalresearch.ge

საქართველო-ჩინეთის თანამედროვე ეკონომიკური ურთიერთობები და პერსპექტივები

Posted by Globalresearch on Jun 5th, 2017 and filed under კვლევები, ჩვენი კვლევები. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ჩინეთი საქართველოს მზარდი და საიმედო სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. მის წილად მოდის საქართველოს მთლიანი ექსპორტის 10 პროცენტი და იმპორტის მთლიანი მოცულობის 7 პროცენტზე მეტი. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ეს უდიდესი დემოგრაფიული და უკვე თითქმის უდიდესი ეკონომიკური პოტენციალის მქონე ქვეყანა საქართველოს ექსპორტში უფრო სოლიდურადაა წარმოდგენილი, ვიდრე იმპორტში, ზოგადად ქართული სახელმწიფოს ექსპორტ-იმპორტის მნიშვნელოვანი დისბალანსის გამო (საქართველოს ყოველ ერთ დოლარ ექსპორტზე ბოლო წლებში დაახლოებით სამი დოლარის იმპორტი მოდის) სავაჭრო ბალანსი საქართველოს ჩინეთთან უარყოფითი აქვს. – საუკეთესო დონეს ამ მხრივ ჩვენმა ქვეყანამ ბოლო პერიოდში მიაღწია – ყოველ 100 დოლარის იმპორტზე ჩინეთიდან,  ჩინეთში ქართული საქონლის 48 დოლარის ექსპორტი მოდის. აღნიშნული დისპროპორციის გამო მარტო 2010 წლის შემდეგ  (2011-2017 წწ.) ჩინეთიდან საქართველოში 3.2 მილიარდი აშშ დოლარით მეტი საქონელი შემოვიდა, ვიდრე გავიდა.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დიდი ხნის განმავლობაში  ჩინეთს უფრო მაღალი წილი ექსპორტის ნაცვლად იმპორტში ეკავა. – იყო დრო, როცა ექსპორტ-იმპორტის მიხედვით ჩინეთის წილების დისპროპორცია კრიტიკულ ზღვარს აღწევდა. მაგალითად, 2012 წელს  ჩინეთის წილად მოდიოდა საქართველოს იმპორტის  7.6 პროცენტი და  ექსპორტის  მხოლოდ 1.1 პროცენტი. მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა 2016 წლისთვის, როდესაც  ჩინეთის წილმა საქართველოს ექსპორტში გადაუსწრო იმპორტის წილს, ძირითადად, ქართული ღვინის ფორსირებული ექსპორტით. – ბოლო მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის 13 პროცენტი (2.4 მლნ. ბოთლი) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაზე მოდის; ზრდამ გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შეადგინა 207 პროცენტი, მაშინ როდესაც ექსპორტირებული ღვინის მოცულობა  რუსეთის ფედერაციაში  გაიზარდა მხოლოდ 87 პროცენტით და საშუალოდ მთელ მსოფლიოში – 59 პროცენტით. ამჟამად ჩინეთი მეორე ადგილს იკავებს იმ ქვეყნებს შორის, სადაც ქართული ღვინის ექსპორტი ხორციელდება (პირველ ადგილზე – რუსეთი, 60%-იანი წილით), მეოთხე ადგილს კი – მთლიანი ბრუნვის მიხედვით საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის – თურქეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ (თურქეთი – 14.6%; რუსეთი – 11.0%; აზერბაიჯანი – 8.8%; ჩინეთი – 7.8%).

ზოგადად, ბოლო წლებში (თუ ათვლის წერტილად ავიღებთ 2010 წელს), ჩინეთთან საქართველოს ექსპორტი 8.8-ჯერ გაიზარდა, მაშინ როდესაც  ექსპორტი დანარჩენ ქვეყნებთან, მხოლოდ 29.0 პროცენტით.

იმპორტის დინამიკა  ჩინეთიდან სხვა ქვეყნებიდან განხორციელებულ იმპორტის დინამიკასთან  უფრო სინქრონიზებული იყო: საქართველოს მთლიანი იმპორტი 2010 წელთან შედარებით ბოლო შვიდ წელიწადში გაიზარდა  38.6 პროცენტით, მათ შორის ჩინეთიდან – 63.3 პროცენტით, ხოლო დანარჩენ მსოფლიოდან, ჩინეთის გარეშე – 37.0 პროცენტით.

აღნიშნული, განსხვავებული დინამიკის წყალობით ექსპორტით იმპორტის გადაფარვა ჩინეთთან ვაჭრობაში ბოლო 5 წლის მანძილზე (2012-2017 წწ.) 11-ჯერ გაუმჯობესდა. – 2012 წელს ყოველ 100 დოლარის იმპორტზე ჩინეთში ქართული საქონლის ექსპორტი მხოლოდ 4.2 დოლარს შეადგენდა, 2017 წლის გავლილ პერიოდში კი მან უკვე 47.9 დოლარს მიაღწია. ამასთან, აღნიშნული მაჩვენებლის შემდგომი გაუმჯობესების შესაძლებლობა დამოკიდებულია ქართული მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის  საექსპორტო პოტენციალზე (პირველ რიგში, ქართული ღვინის ექსპორტის ზრდაზე) და მეორეს მხრივ, ჩინური საქონლის იმპორტის იმ ახალი ტალღის მასშტაბებზე, რომლის შესაძლებლობა  მას საქართველო-ჩინეთს შორის 13 მაისს პეკინში საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ჩინეთის კომერციის სამინისტროს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ მიეცა.

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა.

ჩინეთის ინტერესი საქართველოთი არ შემოიფარგლება მხოლოდ საქონლის დამატებითი პარტიის საკმაოდ შეზღუდული შესაძლებლობების (დაბალი მყიდველობითი უნარიანობის და შეზღუდული რაოდენობის – ჩინური მასშტაბებით – მოსახლეობის) მქონე ქვეყანაში რეალიზაციის გამო. ჩინეთის ინტერესი საქართველოთი  გამოიხატება იმ პლაცდარმის ფორმირებაში, რაც ხელს შეუწყობს ჩინური კაპიტალის (თანა)მონაწილეობით საქართველოში წარმოებული პროდუქციის, ისევე როგორც საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის გამოყენებით ჩინური საქონლის  გატანას მაღალი მყიდველობითი უნარიანობის მქონე სხვა ქვეყნებში (პირველ რიგში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში).

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას ეხსნება უზარმაზარი ბაზარი დაახლოებით 1,4-მილიარდიანი პოტენციური მომხმარებლით. ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე დამატებითი საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანონ. ხელშეკრულების ფარგლებში ჩინეთში ექსპორტის შემთხვევაში ქართული პროდუქციის დაახლოებით 94 პროცენტი (ღვინო, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები, წვენები, ბოსტნეული, ხილი, შოკოლადის ნაწარმი, ჩაი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები, მარცვლეული, სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები, ფეროსილიკომანგანუმი, ლოკომოტივები და ა.შ.) გათავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან. ამან გარკვეულწილად, დამატებითი იმპულსები  უნდა მისცეს საქართველოს ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებას. გასული საუკუნის ბოლო ათწლეულში ჩავარდნისა და 2000-იანი წლების ზრდის საშუალო დინამიკის შემდეგ ბოლო პერიოდში საქართველოს მრეწველობის ზრდის ტემპი დაახლოებით 1.5-ჯერ აღემატება ეკონომიკის (მთლიანი შიგა პროდუქტის) ზრდის ტემპს და ჩინეთთან დადებული ხელშეკრულება ამ კუთხით ქმნის დამატებით სტიმულებს მისი შემდგომი ზრდისთვის. თუმცა, რამდენად შეძლებს საქართველოს ეკონომიკა აღნიშნული პოტენციალის რეალურ მასშტაბებში „კონვერტაციას“, ისევე, როგორც რამდენად დიდი იქნება ჩინური იმპორტის ტალღა ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.

ქვემოთ მოტანილია მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ, თუ როგორი თანმიმდევრობით და მიზანსწრაფულობით აძლიერებს ჩინეთი თავის როლს საქართველოს საგარეო-სავაჭრო ბრუნვაში.

ჩინეთის ადგილი საქართველოს ექსპორტ-იმპორტში

სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების მიხედვით

2000-2017 წლებში

2000 2005 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017, I-IV
ექსპორტი XXV XXII XIV XIV XIV XIII VIII VI III II
იმპორტი XXXIV XV IV IV III III II III III IV

აღნიშნულ კონტექსტში უაღრესად საინტერესოა ჩინეთის კონკურენცია საქართველოს ისეთ ტრადიციულ სავაჭრო „გრანდებთან“, როგორებიცაა რუსეთი და თურქეთი.

ჩინეთთან საქონლის ექსპორტის ფაქტობრივად შეუზღუდავი შესაძლებლობის პირობებში, მოსალოდნელია საქართველოს საექსპორტო ნაკადების სიმძიმის ცენტრმა თურქეთისა და რუსეთის ნაცვლად ჩინეთის მიმართულებით გადაინაცვლოს. ეს ეხება როგორც „ტრადიციულ“ ქართულ საექსპორტო პროდუქტს – ღვინოსა და მინერალურ წყლებს, ისე ქიმიურ, მეტალურგიულ და სხვა სახის პროდუქციას. საქართველოს სამრეწველო პოტენციალი ჯერჯერობით არ არის იმ მასშტაბების, რომ ერთდროულად შეუფერხებლად დააკმაყოფილოს  რუსული და ჩინური ბაზრების მზარდი მოთხოვნები. შესაბამისად, სრულებითაც არ განეკუთვნება ფანტასტიკის სფეროს ჩინური და რუსული მხარეების მზარდი კონკურენცია ქართული პროდუქციის მოსაზიდად. ამის მკაფიო მაგალითია ქართული ღვინის ექსპორტის გეოგრაფიაში სერიოზული ძვრები: ქართული ღვინის რუსეთში გატანილი ყოველ 100 ბოთლზე ჩინეთში გატანილი ბოთლების რაოდენობა მხოლოდ ბოლო ერთ წელიწადში 13-დან 22-მდე გაიზარდა; 2010 წელთან შედარებით 2016 წლისთვის მთლიანი ექსპორტის მიხედვით რუსეთში  ყოველი 100 დოლარის ექსპორტზე ქართული საქონლის ექსპორტი ჩინეთში  77-დან 82 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

მთელი საქონელბრუნვის მიხედვით, ჩინეთთან საქართველოს საქონელბრუნვა, ბოლო მონაცემებით, შეადგენს რუსეთთან ანალოგიური მაჩვენებლის 71 პროცენტს და თურქეთთან საქონელბრუნვის 53 პროცენტს.

სავაჭრო ბრუნვასთან შედარებით ჯერჯერობით გაცილებით მოკრძალებულად გამოიყურება ჩინეთის საინვესტიციო აქტიურობა  საქართველოში. ამ საუკუნეში ჩინური  ინვესტიციების მთლიანი მოცულობა საქართველოში  მხოლოდ 480 მილიონი აშშ დოლარია, რაც იმავე პერიოდში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხოლოდ 3.1 პროცენტია (შედარებისთვის: იმავე პერიოდში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ჩინეთის წილი 6.6 პროცენტს შეადგენს, ხოლო მარტო იმპორტში, შესაბამისად, 7.6 პროცენტს).

ჩინური ინვესტიციებით საქართველოში ექსპლუატაციაში შესული ობიექტებიდან გამოირჩევიან  2004 წელს ექსპლუატაციაში შესული ხადორის ჰესი (მშენებლობა დაიწყო 2001 წ.) – მდინარეების ალაზნისა და სამყურისწყლის შესართავთან პანკისის ხეობაში, რომლის დადგმული სიმძლავრეა 24 მგვტ., ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება – 100 მლნ. კვტ. სთ., აგრეთვე „ჰუალინგის საერთაშორისო ეკონომიკური ზონის“ პროექტი თბილისის ზღვის ახალი ქალაქი, რომელიც  განთავსებულია თბილისის ზღვის მიმდებარე 420 ჰექტარ ფართობზე. იგი წარმოადგენს არა მარტო ჰუალინგ ჯგუფის, არამედ ჯერჯერობით ჩინური კაპიტალის მონაწილეობით ყველაზე დიდ პროექტს საქართველოში. პროექტი ორიენტირებულია თბილისის ამ ნაწილის ათწლიან პერიოდის მანძილზე ურბანულ ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებაზე. მის მასშტაბურობაზე მეტყველებს მისი რეალიზაციის პირველი სამი წლის მანძილზე უკვე დაბანდებული 150 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიციები. მშენებლობის სრული ციკლის დასრულების შემდეგ თბილისის ეს უბანი მიიღებს რამდენიმე ათეულ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს, სააგარაკო სახლებსა და ტურისტულ-დასასვენებელ ზონას. ტერიტორიაზე განთავსდა ოლიმპიური სოფელი, რომელმაც 2015 წელს უმასპინძლა თბილისის რიგით მე 13 -ე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. ჩინური მხარე მონაწილეობდა რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოებსა და რიგი სხვა პროექტების რეალიზაციაში.

პერსპექტივაში დგას საკითხი ჩინური კაპიტალის აქტიურ მონაწილეობაში ისეთ სექტორებში,  როგორიცაა ჰიდროენერგეტიკა, ტრანსპორტი, საფინანსო და სოფლის მეურნეობ, ტურიზმი და სხვ.

მიუხედავად აღნიშნული აქტივობებისა, ზემოთ მოტანილი მონაცემებიდან აშკარაა, რომ უარყოფითი სავაჭრო სალდოს მოცულობა ჩინეთთან 6-7-ჯერ აღემატება ჩინეთიდან პირდაპირ ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჯერჯერობით საქართველოში ინვესტიციის სახით „ბრუნდება“  საქართველოდან ჩინეთში გატანილი მხოლოდ ყოველი მეექვსე-მეშვიდე დოლარი.

სულ ახლახანს გაჩნდა ინფორმაცია, რომ ახალი ჩინური ბანკი შემოდის საქართველოში მილიარდდოლარიანი საწესდებო კაპიტალით. თუ ეს ბანკი იმავე რეჟიმში იმუშავებს, როგორც დანარჩენი ბანკები ჩვენთან, ის გახდება მათი მნიშვნელოვანი კონკურენტი, ანუ სერიოზულ გავლენას მოახდენს საკრედიტო რესურსების ხელმიწვდომობაზე და მათ ფასზე (საპროცენტო განაკვეთზე).  ჯერჯერობით ძალზე მწირი ინფორმაცია ვრცელდება ამ ახალი ჩინური ბანკის შესახებ – არ ვიცით, ის სუფთა კომერციული იქნება თუ საინვესტიციო დატვირთვის. თუმცა, ცალსახად, ის ეკონომიკურთან ერთად გარკვეულწილად პოლიტიკური დატვირთვის მატარებელიც იქნება;  თანაც არა მარტო ჩინური მხარისათვის, არამედ ქართული სახელმწიფოსათვის.

საქმე იმაშია, რომ დღეის მდგომარეობით საქართველო წარმოადგენს მსხვილი პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებებისა და სახელმწიფოების სერიოზული კონკურენციის სივრცეს. აღნიშნულ პროცესში ჩინეთის ჩართულობა არა მარტო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ასეთი მსხვილი მოთამაშეების ინტერესების დაბალანსებაში, არამედ არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება საქართველოს სახელმწიფოებრივი მდგრადობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. – ჩინეთი ის სახელმწიფოა, რომელსაც ანგარიშს უწევენ აშშ-ცა და რუსეთიც. შესაბამისად, რაც უფრო მეტად იქნება წარმოდგენილი ჩინური კაპიტალი საქართველოს ეკონომიკაში, მით უფრო მოზომილი, ფრთხილი და კომპლიმენტარული იქნება სხვა მსხვილი მოთამაშეების რეაქცია და დამოკიდებულება საქართველოსადმი.

ამ მხრივ, ერთი საკითხი იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას.

„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაში ლაპარაკი იყო სივრცით განვითარებაზე, მაგისტრალების, გვირაბების მშენებლობაზე, რაც მოითხოვს კოლოსალურ თანხებს, რისი მობილიზების შესაძლებლობა საქართველოს, მხოლოდ შიდა რესურსებზე დაყრდნობით, ბუნებრივია, არა აქვს.  პრობლემის გადაწყვეტის ოპტიმალური გზა იქნებოდა კონსორციუმის შექმნა, რომელიც მოიზიდავდა სახსრებს საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის კავკასიის მთავარ ქედზე, გზების, ხიდებისა და გვირაბების, სარკინიგზო ხაზების, ზოგადად, მსოფლიო დონის სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შექმნაზე. საქართველო გეოგრაფიული მდებარეობით ევროპისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი დერეფანია, რის გამოც მას გააჩნია აშკარა უპირატესობები იქცეს სავაჭრო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკის ცენტრად.  მიუხედავად ამისა, საქართველოს თანამედროვე გეოგრაფიული მდგომარეობის გამოყენება საგრძნობლად იზღუდება სათანადო საგზაო ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო. – ტერიტორიის ყოველ ერთ კვადრატულ კილომეტრ ფართობზე მაგისტრალური გზების სიგრძით საქართველო ჩამორჩება თურქეთს – 3-ჯერ, საბერძნეთს – 4-ჯერ, შვეიცარიას – 7-ჯერ… მდგომარეობა რამდენადმე გამოსწორდება ბაქო-თბილისის-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ. ეს გზა პეკინიდან მომავალ სატვირთო მატარებლებს საშუალებას მისცემს ევროპაში დაახლოებით 20 დღეში ჩავიდნენ – რაც ფულისა და დროის დიდ რესურსს დაზოგავს. ყოველივე ეს უფრო რეალურსა და ქმედითს გახდის ჩინური მხარის ინიციატივით დაწყებულ გლობალური პროექტს „ერთი სარტყელი, ერთი გზა“, მათ შორის რკინიგზით ჩინეთიდან საქართველოს გავლით ევროპისაკენ  ტვირთბრუნვის ინტენსიფიკაციის მიმართულებით.

ამავე დროს, საქართველოს მდებარეობა ობიექტურად მოითხოვს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას არა მარტო აღმოსავლეთისა და სამხრეთის, არამედ  დანარჩენი მიმართულებებითაც. ყოველივე ეს მოითხოვს უზარმაზარი სახსრების მობილიზებას, პირველ რიგში იმ ქვეყნებიდან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს გეოგრაფიული მდგომარეობის გამოყენებით. შესაბამისი სახსრების მობილიზების, განკარგვის, ოპერირების ოპტიმალური მოდელი იქნებოდა საქართველოს საერთაშორისო ინფრასტრუქტურული კონსორციუმის ფორმირება ისეთივე ფორმატით, როგორიც ეს თავის დროზე ნავთობისა და გაზის რესურსებთან მიმართებაში გააკეთა ჰეიდარ ალიევმა და რომლის წევრებადაც მსოფლიოს წამყვანი ენერგეტიკული მოთამაშეები მოიწვია. ევროპული მიმართულებით საქართველოს პლაცდარმად გამოყენებისათვის ჩინეთმა აქტიური მონაწილეობა შეიძლება მიიღოს აღნიშნული კონსორციუმის ფორმირებასა და საქმიანობაში, ისევე როგორც მსხვილი (საქართველოს მასშტაბით) სხვა პროექტების რეალიზაციაში. ზემოხსენებული ახალი ჩინური ბანკის შემოსვლა საქართველოს საკრედიტო ბაზარზე ამ მიმართულებით ჩინეთის აქტიურობას უფრო ლოგიკურს, პერსპექტიულს და პროგნოზირებადს გახდიდა…

იოსებ არჩვაძე

Comments are closed