globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 19 ივლისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jul 19th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

საქართველო და მსოფლიო: ვინ იცრუა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციაზე – საქართველოს ხელისუფლებამ თუ პეტრო პოროშენკომ?

ახალი თაობა: ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან: „მიხეილ სააკაშვილი „ოცნებამ“ შეიძლება პრეზიდენტად დააბრუნოს“ // „მთავარია, ხელშეუხებლობის გარანტიები მიიღონ“

ახალი თაობა: ინტერვიუ ელჩ დავით ბაქრაძესთან: „მაიკ პენსის ვიზიტი ამერიკის მკაფიო მხარდაჭერის დადასტურებაა“ // „რუსეთთან ურთიერთობაში ჩვენი სიძლიერე იმაშია, რომ სიმართლე მთლიანად საქართველოს მხარესაა“

ახალი თაობა: ინტერვიუ ამირან სალუქვაძესთან: „ამ ეტაპზე რუსეთთან ომი მოსალოდნელი არ არის“ // „ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობა პანიკის საფუძველს არ იძლევა“ // „საქართველოში შემოჭრა თუ გადაწყვიტეს, ზღვასა და ავიაციას გამოიყენებენ“

——————-

საქართველო და მსოფლიო“, 19 ივლისი, 2017 წელი

ვინ იცრუა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციაზე - საქართველოს ხელისუფლებამ თუ პოროშენკომ?

ბესო ბარბაქაძე

საქართველოში უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო ჩამოვიდა. მეგობარი ქვეყნის პირველი პირი საქართველოში სამ დღეს დარჩება და ბევრ ჩინიანსა თუ უჩინოს შეხვდება. სიმართლე გითხრათ, როცა გავრცელდა ინფორმაცია საქართველოში პოროშენკოს ვიზიტზე, ჯერ გაგვიკვირდა, მერე ევროპელებივით შევშფოთდით და ბოლოს ქართველებივით გავბრაზდით.

საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილზე ძებნა რომ გამოაცხადა, პრეზიდენტყოფილი უკრაინაში ჩავიდა და თავი იქ შეაფარა. უფრო ზუსტად, თავი კი არ შეაფარა, ოდესის გუბერნატორის თანამდებობა მიიღო და უკრაინის განვითარებაზე ხმამაღალი განცხადებებიც გააკეთა. მეტიც _ ვისზეც კი ძებნა გამოაცხადა ხელისუფლებამ, ყველა უკრაინაში წავიდა და სააკაშვილის ფრთის ქვეშ მოკალათდა. პრეზიდენტმა პოროშენკომ კი, სააკაშვილის მითითებით, პრაქტიკულად მთელი ძალოვანი უწყება ქართველთა იმედად გადააწყო და, თუ პოლიციაში ხატია დეკანოიძე, გია ლორთქიფანიძე და ეკატერინე ზღულაძე დანიშნა, პროკურატურა დავით საყვარელიძეს ანდო. იქვე იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ ძებნილი ზურაბ ადეიშვილიც, სააკაშვილის ხელისუფლების მთავარი იდეოლოგი და შემსრულებელი. ჰოდა, მაშინ, როცა ქართველი მინისტრები საჯაროდ ამბობდნენ, პოროშენკო არასწორად იქცევაო, მათ სააკაშვილი უკრაინიდან დასცინოდა, _ თქვენ თუ არ მაღიარებთ, აგერ, უკრაინა მაღიარებსო, მეტიც _ უკრაინის სახელით საერთაშორისო ფორუმებშიც მონაწილეობდა. ბევრი იმასაც ფიქრობდა, ქართველი მაღალჩინოსნები პოროშენკოს სადმე რომ გადაეყარონ, ალბათ, გვარიან საყვედურს ეტყვიანო, მაგრამ რაღა გადაეყარონ, აგერ არის კაცი, თავის ფეხით ჩამოვიდა, სამი დღის განმავლობაში ყველას შეხვდება და, თუ ვინმეს რამის თქმა სურს… მაგრამ ნურას უკაცრავად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა უკვე განაცხადა, პოროშენკოსთან ყოფილ მაღალჩინოსნებზე არ ვისაუბრებთო, ანუ სააკაშვილის თემას არ შევეხებითო. ეგებ ხელისუფლებამ თავი იმართლოს პრინციპით “დღეს სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა”, მაგრამ სააკაშვილს სისხლის ზღვა რომ მართებს ქართველი ერის?! ის, მხოლოდ სახელმწიფოს კი არა, ერის წინაშეც რომ არის დამნაშავე, რომელსაც გენოციდი მოუწყო, რომელიც გააუპატიურა, რომელიც დაჩაგრა, რომელიც მსოფლიოს თვალში კრიმინალად გამოაცხადა?! და თურმე მოკავშირე უკრაინასთან ურთიერთობა არ უნდა გავიფუჭოთ და არ უნდა შევახსენოთ, რომ მათ ქვეყანაში სახელმწიფო დამნაშავე იმალება. თუმცა რა იმალება, პარტია შექმნა, არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და აქეთ დაგვცინის. სააკაშვილმა, რომელიც ახლა პინიონის ფორმაში გამოწყობილი წარდგა ხალხის წინაშე, პოროშენკოს ურჩია, საქართველოში პირსახოცი და საპონი წაიღე, თორემ დაგითვლიანო.

სხვათა შორის, პოროშენკოს საქციელი გასაკვირი სულაც არ არის, რადგან ორიოდე თვის წინათ საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურად გადასცა 6 ჰექტარი მიწა თურქეთს, _ აქაოდა, თქვენი ყოფილა და არ ვიცოდითო; სექტემბერში სომხეთს ხუჯაბის მონასტერს ვაძლევთ _ ასევე ოფიციალურად; აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მათ, სავარაუდოდ, დავითგარეჯის მონასტრის კომპლექსის ნაწილს გადავაბარებთ და პოროშენკო შტერი ხომ არ არის, ხელისუფლებას, რომელსაც ქვეყნის სათავეში მოსვლის დღიდან უუნაროს ეძახიან ოპონენტები, ანგარიში გაუწიოს?! ეგ კი არა, უკრაინის პირველი პირი თურმე მწარედ ნანობს, მის ქვეყანას საქართველოსთან სახმელეთო საზღვარი რომ არ აქვს, თორემ ყირიმში დაკარგულ მიწას ჩვენს ხარჯზე აინაზღაურებდა. ისიც ვთქვათ, რომ უკრაინის მიწისთვის საბრძოლველად წასულ და საზარბაზნე ხორცად ქცეულ ქართველ ვაჟკაცებს გმირებს ეძახიან და საქართველოში, “ქართულ მარშში” მონაწილე კაცებს _ მოღალატეებს. გასაგებია, რომ პოროშენკოსაც და სააკაშვილსაც ერთი პატრონი ჰყავთ, ორივე სოროსის ჯიბესა და ამერიკის პირს უყურებს, მაგრამ ხომ შეიძლება, პოროშენკომ სახელმწიფოდ თუ არა, ერად მაინც გვაღიაროს? არადა, სწორედ უკრაინულ საიტებზე გავრცელდა ადამიანების გაუპატიურების ვიდეო და, ამის მიუხედავად, პოროშენკოს ყურიც არ შეუბერტყავს. ეს ვინ დავნიშნეო, _ ერთხელაც არ უთქვამს და სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან მხოლოდ მაშინ დაითხოვა, როცა მიშამ რეალური სახე უკრაინაშიც გამოაჩინა, მაგრამ ქვეყანაში დაიტოვა, საქართველოს ხელისუფლება კი ისევ ისე დაიკიდა, როგორც მანამდე ეკიდა. უფრო ზუსტად, იქ, სადაც სააკაშვილმა დააკიდებინა.

არის ასეთი გამონათქვამი: ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარიაო. ამ ლოგიკით, ჩემი მტრის მეგობარი ჩემი მტერია და რატომ ვმასპინძლობთ ასე ზარ–ზეიმით ქვეყნის მტრის (ხელისუფლებას სააკაშვილი ოფიციალურად ხომ ჰყავს გამოცხადებული მტრად?) მეგობარს, საკვირველია. ახლა ვიღაც იტყვის, აღარ არიან სააკაშვილი და პოროშენკო მეგობრებიო, მაგრამ ნურას უკაცრავად! ჯერ ერთი, მიშას მიერ ჩაყვანილი პოლიტდესანტის უმეტესობა ისევ თანამდებობაზეა და მეორეც, მეგობრები რომ არ იყვნენ, უკრაინის მოქალაქეობას თავზე გადაახევდა პოროშენკო, პარტიის ჩამოყალიბების შესაძლებლობასაც არ მისცემდა და საკალანდე ღორივით გასუქებულ სააკაშვილს ქონსაც ააჭრიდა “სალოს” გასაკეთებლად, მაგრამ ამის ნაცვლად, სასათბურე პირობებში ჰყავს და საკმეველსაც უკმევს.

ვერ გეტყვით, საერთაშორისო თუ საშინაო არენაზე უკვე მერამდენედ შეურაცხყოფენ საქართველოს ხელისუფლებას, მერამდენედ დასცინა სააკაშვილმა საქართველოს მთავრობის წევრებს ერთად და თითოეულს ცალ–ცალკე და მერამდენედ ვაძლევთ უფლებას იმ ქვეყნის ლიდერს, რომელსაც მეგობარს ვეძახით, უბრალოდ, გაგვაბითუროს და თავზე ლაფი დაგვასხას.

18 ივლისს, საქართველოში ვიზიტის მეორე დღეს, პოროშენკოს აკადრეს და სააკაშვილის ექსტრადიციაზეც ჰკითხეს, მან კი გამაოგნებელი რამ თქვა:

“ჩვენ გვაქვს ეფექტიანი კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან, მაგრამ არ მიგვიღია მოთხოვნა ექსტრადირების შესახებ. შესაბამისად, არ განგვიხილავს ეს საკითხი. ჩვენ არ გვაქვს არც ერთი პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული, სოციალური პრობლემა საქართველოს სახელმწიფოსთან ურთიერთობებში. ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები. უკრაინელი და ქართველი ხალხი ერთიანია ამ მომენტში. დარწმუნებული ვარ, ვერავინ და ვერაფერი გაყოფს ჩვენს ხალხს”, _ განაცხადა პოროშენკომ.

იმავე დილას გავრცელდა საქართველოს პროკურატურის განცხადება, რომ მოთხოვნა სააკაშვილის ექსტრადიციაზე უკრაინას 2015 წელს გაუგზავნა.

რა გამოდის? ან ჩვენი ხელისუფლება გვატყუებდა, _ სააკაშვილს პოროშენკო არ გვითმობსო, ან პოროშენკომ იცრუა, სააკაშვილის ექსტრადირება არავის მოუთხოვია და რატომ უნდა გადმომეცაო. ისე, რბილად რომ ვთქვათ, ეშმაკობს პოროშენკო _ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აქვს და რამდენიც უნდა ვეხვეწოთ ახლა უკრაინელებს, თავიანთ მოქალაქეს სხვა ქვეყანას (ანუ საქართველოს) არ გადასცემენ. და თუ ხელისუფლებამ ხალხის დასანახავად მაინც მოითხოვა ექსპრეზიდენტის ექსტრადაცია, პოროშენკო თავის მოქალაქეს დაიცავს და მატროსოვივით გადაეფარება… ამბრაზურას.

მოკლედ, აშკარაა, რომ გვატყუებენ, მაგრამ რომელი მხარე, უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან მთავარი არის ის, რომ გვატყუებენ და ამას ვეგუებით. რაო? არ ვეგუებით? რა ვიცი, პროტესტი არ მინახავს და. ვინც ნახა, მოვიდეს, მოგვიყვეს…

ისე, საინტერესოა, რა განწყობა დაეუფლებოდა პოროშენკოს, უკრაინის მიერ ძებნილი ვიქტორ იანუკოვიჩი საქართველოში რომ მიგვეღო, გურიის გუბერნატორად დაგვენიშნა და მის მიერ ჩამოყვანილი ადამიანებისთვის თანამდებობები დაგვერიგებინა. რას იტყოდა და… ჯერ ერთი, ამას ვერ გავბედავდით და მეორეც _ პირველივე მოთხოვნის შემდეგ, იანუკოვიჩს საახალწლო საჩუქარივით შევფუთავდით და კიევში მივართმევდით. ეს იმიტომ, რომ ქვეყნის ხელისუფლებას საერთაშორისო მასშტაბით თავმოყვარეობაც დაკარგული აქვს.

ქვეყანა “პრახადნოი დვორად” იქცა; უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ოპერაციებს ისე ატარებენ, არც გვეკითხებიან, ძებნილები დაგვცინიან და… უკრაინიდან ჩამოტანილ “სალოზე” ჭაჭა დააყოლებინეთ პოროშენკოს, ნაყვარება ნამეტნავად, ბათუმის ჭაჭის კოშკიდან ჩამოსხმული სითხის გატანებაც არ დაგავიწყდეთ მიშასთან, მონატრებული ექნება…

P.S. თფუი!

ახალი თაობა“, 19 ივლისი, 2017 წელი

ინტერვიუ გიგლა ბარამიძესსთან: „მიხეილ სააკაშვილი ოცნებამ“ შეიძლება პრეზიდენტად დააბრუნოს“ // „მთავარია, ხელშეუხებლობის გარანტიები მიიღონ“

მოსთხოვა თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიცია, რა შეთანხმება შედგა ნაციონალებსა და „ოცნებას“ შორის, ვისთან და რაზე მოილაპარაკეს გიორგი კვირიკაშვილმა და კახა კალაძემ? ამის შესახებ „ახალ თაობას“ ყოფილი პოლიტდევნილი, დემოკრატიული მოძრაობის წევრი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

„როცა ცნობილი გახდა, რომ პეტრო პოროშენკო საქართველოში აპირებდა ჩამოსვლას, სწორედ „ახალ თაობასთან“ საუბარში ვთქვი, რომ მას აქ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებაზე დაუსვამდნენ კითხვებს. გითხარით ისიც, რომ მისი პასუხი იქნებოდა ისეთი, რომ ექსტრადირება გამოირიცხებოდა. იმავე ინტერვიუში მე მოვუწოდე „ქართულ ოცნებას“, ამ უდღეურებისა და უმაქნისების გაერთიანებას, ამაში მაინც გამოიჩინონ ფხა და იყვნენ მობილიზებული. ამ მკვდრებმა ამასაც ვერ მოაბეს თავი. ჩვენი პროგნოზი გამართლდა, უკრაინის პრეზიდენტს დაუსვეს ამ თემაზე კითხვა. მან განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალური კიევისთვის სააკაშვილის გადმოცემა არასდროს უთხოვია“, – ამბობს გიგლა ბარამიძე.

- საქართველოს მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ მათ კიევს მიხეილ სააკაშვილის გადმოცემა 2015 წელს სთხოვეს...

- რა მნიშვნელობა, აქვს ირაკლი შოთაძის კანტორამ ვის და რა მოთხოვნა გაუგზავნა. სხვა გაქცეულებზეც იმას ამბობენ, გავაგზავნეთ მოთხოვნებიო, მაგრამ რა, არც არაფერი.

მთავარი ის არის, რომ 47-მილიონიანი ქვეყნის პრეზიდენტმა სახალხოდ ჩაგაგდოთ ნოკაუტში. პეტრო პოროშენკომ თქვა, ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ საქართველოს ხელისუფლებასთან, ძალიან კარგი კომუნიკაციები გვაქვს ქართულ ძალოვან უწყებებთან, მაგრამ მათ დღემდე არ მოუთხოვიათ მიხეილ სააკაშვილის გადმოცემა და, ბუნებრივია, მე არაფერს არ ვიზამდიო. ძაღლის თავი სწორედ აქაა ჩამარხული – როცა ვუყურებ ნაციონალების გაქოცების ამაზრზენ პროცესს, ეჭვი მიჩნდება, რომ რაღაც დიდ გარიგებასთან გვაქვს საქმე. „ქართულ ოცნებას“ რომ დასჭირდეს, სააკაშვილს ხელმეორედ დააბრუნებს პრეზიდენტად, მთავარია, ხელშეუხებლობის გარანტიები მიიღონ. ამათი ნდობა არაფერში არ შეიძლება. ამბობენ, გაზის ტარიფი არ გავზარდეთო და სინამდვილეში გაზარდეს. გაირკვა, რომ სადემარკაციო ხაზის გადმოწევის შესახებ რუსული მხარისგან წინასწარ იყვნენ ინფორმირებული, მაგრამ, სანამ პოლიტიკური კვერცხი არ მოადგათ, ხმა არ ამოიღეს.

„ქართული ოცნება“ დღეს ცხოვრობს „ვერის უბნის მელოდიების“ პოლიცმეისტერი პერსონაჟის პრინციპით – ნუ იქნება ოღონდ ბუნტი. ოღონდ ბუნტი არ იყოს და მზად არიან, ნარკოტიკების გამსაღებლები გამოუშვან, მკვლელები შეიწყალონ, მიწები გაყიდონ, ყველაფრისთვის მზად არიან, ოღონდ მათ კეთილდღეობას არ შეეხო. დღევანდელი მდგომარეობის შესანარჩუნებლად ყველაფერს გადაყლაპავენ და ქვეყანას დაღუპავენ.

ქვეყანა რომ არ დაიღუპოს, საქართველოს მოსახლეობა უნდა გამოფხიზლდეს. საკითხი ისე აღარ დგას, ნაცები თუ ქოცები, ერთიც წყალს წაუღია და მეორეც. არჩევნებზე საღად მოაზროვნე ძალებს უნდა დაუჭირონ მხარი. სხვა გამოსავალი არ არის.

- აღნიშნეთ, რომ ოცნებამ“ შეიძლება მიხეილ სააკაშვილი დააბრუნოს. ამას მხოლოდ პოროშენკოს გაკეთებული განცხადების გამო ამბობთ თუ კიდევ რაიმე ინფორმაციები გაქვთ?

- ინფორმაციები რომ მაქვს, იმიტომაც ვლაპარაკობ ასე. ამის გარდა, შეხედეთ, რა ხდება ქვეყანაში, თუკი ვინმე ბობოლა ნაცი დარჩა საქართველოში, ყველა მაღალ თანამდებობაზეა, ზოგი პარლამენტშია, ზოგი პროკურატურაში, ზოგი შსს-ში და ზოგიც – აუდიტის სამსახურში. სისხლიანი სისტემის შემქმნელები, რომლებიც საქართველოდან გაიქცნენ, ევროპაში, აზიასა და ამერიკაში არიან გაფანტულები და თავს მშვენივრად გრძნობენ. ამ სისხლისმსმელებს საზღვარგარეთ ბიზნესი აქვთ და „ქართული ოცნება“ ამაზე ხმას არ იღებს. ან ის რა იყო, წითელი ცირკულარიდან რომ ამოიღეს ვითომ მართლმადიდებელი სოსო თოფურიძე, სულ საპატრიარქოში რომ იყო დაყუდებული, ერთი ხელით ლოცულობდა და მეორით ხალხს აწამებდა. ამ კაცის დაჭერას რატომ არ ითხოვს ხელისუფლება?!  ხმას იმიტომ არ იღებენ, რომ საერთო ენა გამონახეს. როგორც ჩანს, ქოცები და ნაცები ერთი ძალაა. მოილაპარაკეს, ყველაფერი შეგრჩებათ, მაგრამ სააკაშვილი რადგან თქვენი ლიდერი და სახეა, დროებით საქართველოდან წავიდესო.

ნაცები ხომ გაიყვნენ, მაგრამ მისი ერთი ფრთა ყველაფერზე მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“. ბოკერიასა და მის დამქაშებზე მოგახსენებთ. ესენი ერთნი არიან და ახლა ისე აღარ არის საქმე, ესენი თუ წავიდნენ, ნაცები დაბრუნდებიან. რა სჭირთ დასაბრუნებელი, ყველა ბობოლა ნაციონალი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაშია.

ორივე პარტიისთვის საშიშია პროფესიონალი და წესიერი ხალხი, თორემ ცხრა მთავრობის შპიონები, გარყვნილები, პოლიტიკური და ხორციელი მეძავები მისაღებია. ქოცები და ნაცები ერთად დადიან შუშის სასახლეში და ერთად იღებენ იქ დავალებებს. კიდევ მეტი ინფორმაცია მაქვს და ისიც ვიცი, რაზე აქვს ნამუშევარი მიხეილ სააკაშვილს. მან ბევრი იმუშავა, რომ საქართველოსთვის არ გადმოეცათ.

- ვისთან იმუშავა, ოცნებასთან“ თუ პეტრო პოროშენკოსთან?

- ორივესთან. რაღაც შეთანხმება შედგა კვირიკაშვილისა და კალაძის უკრაინაში ვიზიტის დროს. და ეს რომ ასეა, ეს პოროშენკოს განცხადებებმაც დაადასტურა.

ახალი თაობა“, 19 ივლისი, 2017 წელი

ინტერვიუ ელჩ დავით ბაქრაძესთან: „მაიკ პენსის ვიზიტი ამერიკის მკაფიო მხარდაჭერის დადასტურებაა“ // „რუსეთთან ურთიერთობაში ჩვენი სიძლიერე იმაშია, რომ სიმართლე მთლიანად საქართველოს მხარესაა

საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ამერიკის ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტზე საუბრობს.

- ბატონო დავით, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა. ექსპერტების მიერ ეს ვიზიტი შეფასებულია, როგორც მაღალი მნიშვნელობის, ძლიერი სიგნალი. თქვენ იმუშავეთ ამ ვიზიტზე და მაინტერესებს, როგორია ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა?

- ეს ვიზიტი მართლაც გადაუჭარბებლად ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ახალ ადმინისტრაციასთან გვაქვს, რომელიც ჯერ მხოლოდ 6 თვეა, რაც საქმიანობას შეუდგა. ამ ფონზე ვიცეპრეზიდენტის ვიზიტი ამერიკის პოლიტიკური მხარდაჭერის ძალიან მკაფიო გზავნილი და დადასტურებაა. ეს ვიზიტი რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტის შედეგია. პირველ რიგში, ეს არის სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს რეფორმების, ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციის კუთხით, რაც შეუმჩნეველი არ რჩება ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისთვის. მეორეა საქართველოსა და ამერიკას შორის მჭიდრო თანამშრომლობა სამხედრო-პოლიტიკური თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში.

ასევე, ახალი ადმინისტრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის, რომ პირველივე დღეებში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა მათთან. ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სახელმწიფო მდივან ტილერსონს შეხვდა. ასევე, მინდა გამოვყო ჩვენი პრემიერ-მინისტრის ვიზიტი, რომელსაც შეხვედრა ჰქონდა ოვალურ ოფისში. ასევე, ნამდვილად კარგი შეხვედრა იყო ვიცეპრეზიდენტ პენსთან, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა გრძელდება. ამ აქტივობის შედეგია დაგეგმილი ვიზიტი.

ვიზიტი მნიშვნელოვანია თავისი კონტექსტითაც, რომელიც იწყება ტალინით, ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფოს ლიდერთან შეხვედრით, გრძელდება მონტენეგროში, ბალკანეთის ხუთ სახელმწიფოს წარმომადგენელთან შეხვედრით და შემდეგ არის ვიზიტი საქართველოში. ეს არის იმ მხარდაჭერის გამოხატულება, რომელიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბევრი მიმართულებით.

- ხშირად გვესმის, რომ ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ორპარტიულია, კონგრესის მხარდამჭერი რეზოლუცია არის ამის დასტური თუ კიდევ შეიძლება სხვა მიმართულებით საუბარი?

- ვაშინგტონში ორპარტიული მხარდაჭერა რეალურად იგრძნობა. ეს არ არის მხოლოდ ადმინისტრაციის პოზიცია. ეს არის პოზიცია, რომელსაც მხარს აქტიურად უჭერს ორპარტიული კონგრესი. გვაქვს შედეგები, რომლებიც საკანონმდებლო დონეზე იქნა მიღწეული. დღეს კანონის ენით აღიარებს ამერიკა, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. ეს ჩანაწერი პირველად სწორედ წლევანდელ რეზოლუციაში მოხდა. მხარდაჭერა გვაქვს ამერიკის საექსპერტო წრეების მხრიდანაც, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების მხრიდან, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა დაფუძნებულია სტრატეგიულ ინტერესებზე, რომლებიც აქვს, ერთი მხრივ, ამერიკას რეგიონში და, მეორე მხრივ, აქვს საქართველოს. საქართველო არის სანდო პარტნიორი ამერიკისთვის და ამერიკა ამ სანდოობას ძალიან აფასებს.

- ვიზიტზე რა საკითხები იქნება განხილული? მთავარი აქცენტი რაზე გაკეთდება? იქნება ეს მცოცავი ოკუპაცია?

- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იყო და რჩება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვან ნაწილად, მათი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულად არის მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით. სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიაში თანამშრომლობის ოთხი ძირითადი მიმართულება გვაქვს გაწერილი. კონკრეტულად ამ ვიზიტის ფარგლებში ყველა ამ საკითხს შევეხებით. კიდევ ერთხელ მივიღებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აქტიურ და მკაფიო მხარდაჭერას. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავედით. წელს თავდაცვის მზაობის პროგრამა დაიწყო, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უჭერს მხარს და რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის, თავდაცვის სისტემის მოდერნიზებისთვის.

- რა უნდა დაუპირისპიროს ოკუპაციას ხელისუფლებამ, რომ რიგით მოქალაქეს, რომლის ნაკვეთი ოკუპაციის ზოლში მოყვა, ამ პრობლემამ ხელი არ შეუშალოს?

- ძალიან მძიმეა ეს ვითარება, ჰუმანიტარული ვითარება, რომელსაც რუსეთი ასე აგრესიულად ქმნის ჩვენს რეგიონებში. ჩვენი დიპლომატიის წარმატება არაერთხელ იყო ევროსაბჭოს, ეუთოს, გაეროს ფორმატებში, მათ შორის მართლაც უნიკალურ ფორმატებში ამ კუთხით. წელს ჩვენ გვქონდა ყველაზე მაღალი მხარდაჭერა იძულებით ადგილნაცვალ პირთა ჰუმანიტარული უფლებების კუთხით, რომლის შესახებაც რეზოლუცია იქნა მიღებული.

ამ მიმართულებით საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს, რადგან ეს არის რუსეთის მხრიდან გაგრძელებული პროვოკაცია, რომელსაც ის არ ერიდება და აგრძელებს სწორედ იმიტომ, რომ გამოიწვიოს ისეთი პროცესები, რომლებიც ადვილად მართვადი არ იქნება. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, შევინარჩუნოთ დიპლომატიური ენა, დიპლომატიური მოქმედების არეალი და მხოლოდ მშვიდობიანი გზით, მხოლოდ დიპლომატიური გზით შეგვიძლია მივაღწიოთ, პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებთან ნდობის აღდგენასა და საერთაშორისო მხარდაჭერას.

- ბატონო დავით, ქართველმა ჟურნალისტმა ლავროვს როდესაც მცოცავ ოკუპაციაზე ჰკითხა, მან უპასუხა, ამაზე ჩვენ ნუ გვესაუბრებით, ეს საკითხი ოსებთან მოაგვარეთო. რა გზავნილია ლავროვის მხრიდან ეს პოზიცია?

- ეს არის რეალობის გაყალბება, დამახინჯება. ჟენევის ფორმატი, სადაც რუსეთი, საქართველო, ამერიკა, გაერო, ევროკავშირი, ეუთო მონაწილეობენ, სწორედ იმ 6-პუნქტიანი შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა, რომლითაც 2008 წელს ომი შეწყდა და რომელიც რუსეთის ფედერაციას ასე იგნორირებული აქვს. საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს, რომ რუსეთი მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს, არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. ჩვენი სიძლიერე დიპლომატიაში სწორედ იმით გამოიხატება, რომ სიმართლე მთლიანად საქართველოს მხარეს არის.

- ტრამპის ადმინისტრაცია თითქოს ასე იყო აღქმული, როდესაც თეთრ სახლში მოდიოდა, რომ რუსეთის ფედერაციის მიმართ ლოიალურად იყო განწყობილი. რამდენად არის შესაძლებლობა, რომ რუსეთის მიმართ სანქციები შერბილდეს ან მოიხსნას?

- ზოგადად ძალიან რთულია ამ საკითხით სპეკულაცია. ეს არის პროცესი, რომელიც სენატში მიმდინარეობს, რომელიც ასევე წარმომადგენელთა პალატაში მიმდინარეობს. სენატის მხრიდან ამ პროცესს, ვგულისხმობ რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების შენარჩუნებას, ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს. სენატმა სანქციებთან დაკავშირებულ კანონმდებლობას უკვე მხარი დაუჭირა და მიიღო. საკითხი ახლა წარმომადგენლობით პალატაში განიხილება. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას იმ მოლაპარაკებების ფონზე, რომლებიც ახლა მიმდინარეობს. ზოგადად ამერიკისთვის, ადმინისტრაციისთვის, კონგრესისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება იყოს ამერიკის თანმიმდევრული პოლიტიკის ნაწილი.

- ბატონო დავით, ქართველი დიპლომატები წელიწადში ერთხელ იკრიბებით და ხვდებით ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებას. რა ინფორმაციის მიღება, გაცვლა ხდება ამბასადორიალზე და რამდენად მნიშვნელოვანია შეხვედრები?

- რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ადგილი, სადაც ხდება აზრების გაცვლა-გამოცვლა, პოზიციების შეჯერება ყველა დონეზე. მქონდა შესაძლებლობა, მემასპინძლა პრემიერ-მინისტრისთვის, რამდენჯერმე საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, მინისტრთა კაბინეტის ხუთი წევრისთვის. ამდენად, განახლებული ინფორმაციის მიღება სხვადასხვა მიმართულებით, ჯანდაცვის, ეკონომიკის, სასჯელაღსრულების, განათლებისა თუ სხვა მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია.

ვეცნობით მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებს, რომლებიც რეგიონში მისაბაძია, შემდეგ ეს ინფორმაცია მიგვაქვს ჩვენს ადგილსამყოფელ ქვეყნებში. მაგალითად, ამერიკა ჩვენი ქვეყნის კულტურისა და განათლების სფეროშიც აქტიურია, აფინანსებს მნიშვნელოვან პროექტს. ვგულისხმობ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ფილიალს.

ასევე, ვაჭრობისა და ეკონომიკის სფერო მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით. საერთოდ კი საქართველოს მნიშვნელობა ამერიკისთვის სულ უფრო იზრდება.

ახალი თაობა“, 19 ივლისი, 2017 წელი

ინტერვიუ ამირან სალუქვაძესთან: „ამ ეტაპზე რუსეთთან ომი მოსალოდნელი არ არის“ // „ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობა პანიკის საფუძველს არ იძლევა“ // „საქართველოში შემოჭრა თუ გადაწყვიტეს, ზღვასა და ავიაციას გამოიყენებენ

არის თუ არა რუსი კაზაკების შემოჭრის საფრთხე, რატომ არ უნდა შევქმნათ პანიკა ავარეთ-კახეთის დამაკავშირებელი გზის გამო, ვის წისქვილზე ასხამს წყალს შოკისმომგვრელ სცენარებზე საუბარი, არის თუ არა რუსეთთან ომის დაწყების საფრთხე? ამ თემებზე „ახალ თაობას“ სამხედრო ექსპერტი, ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე ესაუბრება.

- საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე კაზაკების ჩაყენებას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. არის ვარაუდი, რომ ისინი საქართველოში შემოიჭრებიან. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

- საზღვარს მხოლოდ კაზაკები არ გააკონტროლებენ. ეს იქნება შერეული რაზმები, რომლებშიც კაზაკებიც მიიღებენ მონაწილეობას. ჩოხაში გამოწყობილი კაზაკები ზიზილ-პიპილებით, ქუდებითა და ცხენებით რაიმე სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენენ. უბრალოდ, დასაფიქრებელია, რატომ გადაწყვიტა რუსეთმა მათი ჩართვა ამ საქმეში.

ამ 25 წლის განმავლობაში გარკვეული გამოცდილება დაგვიგროვდა და ვიცით, რომ როცა რუსეთი მსგავს გადაწყვეტილებას იღებს, რაღაც მიზეზი აუცილებლად უნდა ეძებო. მიმაჩნია, რომ საზღვარზე კაზაკების გამოჩენა უფრო შიდა მოხმარებისთვის არის განკუთვნილი და მათი სახით საპირწონე ძალას აყალიბებენ. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან კაზაკური მოძრაობა ძალიან გაძლიერდა და რუსეთის ხელისუფლებამ ამას რაღაც უნდა დაუპირისპიროს – ან რაღაც ჩარჩოებში მოაქციოს და გააკონტროლოს, ან დაშალოს.

დაშლა არ გამოვა, შესაბამისად, რაღაც დატვირთვა უნდა მისცენ და საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ. ამ კუთხით თუ ვიფიქრებთ, არ არის გამორიცხული, მათი სახით ჩრდილოეთ კავკასიაში საპირწონე ძალა იქმნებოდეს.

- ვისი საპირწონე უნდა გახდნენ კაზაკები?

- ჩრდილოეთ კავკასიაში ყველაზე ძლიერი დაჯგუფება რამზან კადიროვს აქვს. ის მთელ რუსეთში ანგარიშგასაწევ ძალად ითვლება. სხვადასხვა მონაცემით, მის დაქვემდებარებაში 70.000-იანი არმიაა. ეს გახლავთ კარგად გაწვრთნილი, კარგად შეიარაღებული და მოტივირებული ძალა. არ გამოვრიცხავ, რომ კაზაკური შენაერთები ჩეჩნური ძალის საპირწონედ იქნეს გამოყენებული. კრემლს ჩეჩნეთში რეგულარული არმიის გამოყენება საკმაოდ ცუდად აქვს დაცდილი. ეს არ გამორიცხავს, რომ კაზაკები საზღვარზე საქართველოს წინააღმდეგ რაღაც პროვოკაციას გეგმავდნენ. ჩვენ არაფერი უნდა გამოვრიცხოთ, მაგრამ არც პანიკა უნდა ავტეხოთ.

- ერთ-ერთი ვერსიით, რუსეთი მათი გამოყენებით აპირებს თრუსოს ხეობაში პროვოკაციის მოწყობას. ამაზე რას ფიქრობთ?

- არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა რუსეთს ამ მიმართულებით პროვოკაციის მოწყობა რომ სდომებოდა, კაზაკების გარეშეც გააკეთებდა. ამასთან, ერთია, როცა პროვოკაციაზე სასაზღვრო სამსახური მიდის და მეორეა, როცა ამას კაზაკების დაჯგუფება აკეთებს. ისინი, შესაძლოა, არაფორმალურ ფორმირებად გაასაღონ. პროვოკაციებს არ გამოვრიცხავ, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას სხვა ახსნასაც ვუძებნი. ამაზე ძირითადად სპეცსამსახურები უნდა მუშაობდნენ და სხვადასხვა სცენარისთვის იყვნენ მზად.

- ზემოთ ჩეჩნეთი ახსენეთ. გასულ წელს რამზან კადიროვი და მისი დაჯგუფება საქართველოს საზღვართან მოვიდა და გაგვაფრთხილა, რომ აქედან ისლამისტი მებრძოლების გადასვლას არ დაუშვებდა. მისგან თუ არის რაიმე პროვოკაცია მოსალოდნელი? ის რამდენჯერმე შეიჭრა ინგუშეთში სპეცოპერაციის ჩასატარებლად, ამ დღეებში კი დაღესტანს მიადგა...

- რამზან კადიროვი ამ ეტაპზე პუტინის ნებართვის გარეშე არაფერს გააკეთებს. საზღვართან თუ მოვიდა, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. ის არის ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი. ჩეჩნეთი საქართველოს ესაზღვრება და ამიტომ მოვიდა საზღვართან. დღეს იქ იყო, ხვალ რომელიღაც აულში მივა. ეს ჩვეულებრივი ამბავია. რაც შეეხება მის განცხადებებს, მთელი მსოფლიო მიჩვეულია, რომ ის არასტანდარტულ განცხადებებს აკეთებს. რეალურად რა მიზნები აქვს კადიროვს, ალბათ წლების შემდეგ გამოჩნდება. ეს მაშინ მოხდება, როცა პუტინი აღარ იქნება ხელისუფლებაში. ამ ეტაპზე კანონმორჩილია, მერე რა იქნება, ვნახოთ.

- სერიოზული შეშფოთება მოჰყვა იმ კადრების გავრცელებას, თუ როგორ აშენებს რუსეთი ავარეთ-კახეთის გზას. ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ ამ გზის ამოქმედება საქართველოსთვის სახიფათოა...

_ ჩვენ ხანდახან გვინდა, რომ რაღაც სკანდალი ავაგოროთ. ამის სურვილი აქვთ როგორც ჟურნალისტებს, ასევე ცალკეულ ექსპერტებსა და ანალიტიკოსებს. ისინი ცდილობენ რაღაც სცენარების დადებას. ასეთ სცენარებზე, როგორც წესი, სპეცსამსახურები დახურულ რეჟიმში მუშაობენ. ნურავის ჰგონია, რომ ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობა მან აღმოაჩინა. ამ გზის მშენებლობის შესახებ დიდი ხანია ცნობილია. საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები ამ პროცესს დიდი ხანია, თვალყურს ადევნებენ და კარგად იციან, თუ რა ხდება. ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მოწყობა როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო დანიშნულებითაც.

ეს პროცესი ყველა მიმართულებით მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ ჩვენი ამბავი გვაწუხებს. ვინმემ თუ რაიმე ახალი და სკანდალური აღმოაჩინა ამ მშენებლობაში, ინფორმაცია სპეცსამსახურებს უნდა მიაწოდოს. ასეთ თემებზე პანიკის ატეხა არ ღირს.

არც იმის გამო უნდა ავტეხოთ პანიკა, რომ რუსები ავტომაგისტრალიდან 400 მეტრში დგანან. პანიკა იმიტომ არ უნდა ავტეხოთ, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვარი აქ გადის. საბჭოთა პერიოდში ჭკუა უნდა გვეხმარა და ავტონომიური რესპუბლიკის საზღვარი ცოტა იქით გადაგვეწია. ჩვენ არც მაშინ ვფიქრობდით არაფერზე და ახლაც იმავეს ვაგრძელებთ. ერთადერთი, რასაც ვაკეთებთ, რაღაც სცენარებს ვაჟღერებთ, რასაც არანაირი სარგებლობა არ მოაქვს.

მედიაში ამ სცენარების გაჟღერება უსაფრთხოების კუთხით სარგებლობას არ იძლევა. ხდება პირიქით – მოწინააღმდეგე მხარეს თემების აგორებაში ვეხმარებით. თემის შექმნა საინფორმაციო ომის ერთ-ერთი ამოცანაა.

მოდით, ახლა იმაზე ვისაუბროთ, რის გაკეთება შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას ამ ეტაპზე. გზის მშენებლობა რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ჩვენი ხელისუფლება რუსეთს ამის გაკეთებას ვერ დაუშლის, მისი ტერიტორიაა და, რასაც უნდა, იმას აკეთებენ. ამ გზის წინააღმდეგ ვერც საპროტესტო აქციებს გამართავენ და ვერც ბანერებს აღმართავენ. თუ გზის მშენებლობა საქართველოს ტერიტორიაზეც გაგრძელდა, მაშინ ჩვენს საზოგადოებას შეუძლია იკითხოს, რატომ აკეთებენ ამას. ჯერჯერობით ჩვენს ტერიტორიაზე არანაირი სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს.

შეშფოთებულ მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ ამ გზის მშენებლობის პროცესს წლებია, რაც ჩვენი სპეცსამსახურები აკვირდებიან. ამბავი მას შემდეგ ატყდა, რაც გზაზე ასფალტის დაგება დაიწყო. ჩვენ ამ პროცესს იქიდან ვაკვირდებით, გრეიდერებით რომ მიმდინარეობდა მუშაობა. ამის აღკვეთა არც მაშინ შეგვეძლო და არც ახლა შეგვიძლია. სამაგიეროდ, შეგვიძლია, ამ გზის საქართველოს ტერიტორიაზე გაგრძელების უფლება არ მივცეთ.

- თქვენი საუბრიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ავარეთ-კახეთის მშენებარე გზის გამო პანიკის ატეხა არ ღირს...

- მედიაში ამ თემის აჟიტირება არ ღირს, თორემ სახელმწიფო ამაზე აქტიურად უნდა მუშაობდეს და საჭირო ზომებს იღებდეს. იღებენ თუ არა საჭირო ზომებს, ამასთან დაკავშირებით კითხვები ნამდვილად არსებობს. ხშირად ვსაუბრობ თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე. ვიცი, რას უნდა აკეთებდეს თავდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით. აქ ნამდვილად არის პრობლემები. ჩვენ იმაზე არ უნდა ვილაპარაკოთ, რა შეიძლება რუსეთმა გააკეთოს. ეს ჩვენთვის არ არის სასარგებლო. ამ თემაზე აქტიურად საუბრობდნენ აგვისტოს ომის წინ. გავიხსენოთ, რა განცხადებებს აკეთებდნენ მაშინ ექსპერტები თუ პოლიტიკური ლიდერები.

- მაშინ ხმაურიან განცხადებებს, პოლიტიკოსების გარდა, ცნობილი ნათელმხილველებიც აკეთებდნენ...

- ყველა ამაზე ლაპარაკობდა. ან რად უნდოდა ლაპარაკი, ისედაც ჩანდა, რომ ყველაფერი ომისკენ მიდიოდა. ეს ჩანდა როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში. მე არ ვამბობ, განცხადებები რომ არ გაკეთებულიყო, ომი არ დაიწყებოდა, მაგრამ, როცა ამის აჟიტირებას აკეთებ, პროცესს უფრო აჩქარებ. სცენარებზე საუბარი არ არის პრევენციული ზომები, რაც საომარ ვითარებას აგარიდებს.

წლების წინ რუსეთსა და საქართველოს შორის ომის დაწყება წარმოუდგენელი იყო. 1992-1993 წლებში ვიცოდით, რომ მათ ვეომებოდით, მაგრამ კრემლი ამას მაშინ ღიად არ აფიქსირებდა. იმ პერიოდში არც რუსეთში და არც პოსტსაბჭოთა სივრცეში საზოგადოებრივი აზრი არ იყო ჩამოყალიბებული, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის შეიძლება ომი მომხდარიყო. ეს აზრი 2006-2007 წლებში ჩამოყალიბდა. მოსკოვმა შეამზადა თავისი საზოგადოება, რომ საქართველოსთან ომი იქნებოდა. ამ თემაზე სკანდალური განცხადებებით რუსეთს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში დავეხმარეთ. ახლაც იმავეს ვაკეთებთ და ვერ ვხვდებით, რომ ამით აგრესიას ვერ შევაკავებთ და მხოლოდ თემას ვქმნით.

ვიღაცას შეიძლება ჰგონია, რომ რადგან ამაზე ქართულ მედიასივრცეში საუბრობენ, ეს ინფორმაცია რუსეთში არ მიდის. ეს ყველაფერი ითარგმნება და ამას რუსეთში ყველა კითხულობს. ამ მასალებს ეცნობიან სხვა ჩვენი მეზობლებიც. მხოლოდ უსუსურობის შთაბეჭდილებას ტოვებ, როცა რაღაც საფრთხეებზე საუბრობ და მათი აღკვეთა არ შეგიძლია.

- თქვენ ფიქრობთ, რომ მედიაში მოსალოდნელ საფრთხეებზე არ უნდა იყოს საუბარი?

- სცენარების განხილვა არ უნდა მიმდინარეობდეს, თორემ მედია ყურადღებით უნდა იყოს. საიდუმლო ინფორმაციები არ უნდა გავაჟღეროთ, მაგრამ უნდა მოვითხოვოთ, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ. არც სხვა პრობლემების გაშუქებას უნდა მოვერიდოთ, მაგრამ სცენარებზე არ უნდა იყოს საუბარი.

ავარეთ-კახეთის გზას დავუბრუნდები და გეტყვით, რომ ამ თემაზე პანიკის ატეხა უაზრობაა. რუსეთს საქართველოში შემოსვლა თუ უნდა, ამისთვის საერთოდ არ სჭირდება გზა. არის ზღვა და არის ავიაცია. აღარაფერს ვამბობ რუსულ სამხედრო ბაზებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე, თბილისთან ახლოს არის განთავსებული.

- ზემოთ აღნიშნეთ, რომ აგვისტოს ომის წინ ნათლად ჩანდა, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყება გარდაუვალი იყო. ახლაც იგივე სიტუაცია ხომ არ არის?

- დღეს არ არის იმის ფონი, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის საომარი მოქმედებები დაიწყოს. ამაზე მეტყველებს რუსეთში გაკეთებული განცხადებებიც. ომისთვის რომ ემზადებოდნენ, სულ სხვა ფონი იქნებოდა შექმნილი როგორც რუსულ მედიაში, ასევე საექსპერტო საზოგადოებაში.

Comments are closed