globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 4 აგვისტო 2017 წელი

Posted by Globalresearch on Aug 4th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ გიორგი მარგველაშვილთან: საქართველოს პრეზიდენტს აშშ-ის მხარდაჭერის სჯერა

«Независимая газета» (რუსეთი): საქართველოს ხელმძღვანელობამ ისტორიული შანსი ხელიდან გაუშვა // ნინო ბურჯანაძე თვლის, რომ თბილისი უნდა გამოეხმაურებოდა ვლადიმერ პუტინის წინადადებას მოლაპარაკებისთვის მზადყოფნის თაობაზე

«Обозреватель» (უკრაინა): რატომ მიდის ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში?

—————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 03 აგვისტო, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/interview-with-georgian-president/3970002.html

ინტერვიუ გიორგი მარგველაშვილთან: საქართველოს პრეზიდენტს აშშ-ის მხარდაჭერის სჯერა

“ამერიკის ხმის” ჟურნალისტმა ნანა საჯაიამ თბილისში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტის დროს ქსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან.

- ვიცე-პრეზიდნეტი მაიკ პენსი ამერიკის ადმინისტრაციის უმაღლესი წარმომადგენელია, ვინც საქართველოს ეწვია. როგორ აფასებთ ამ ვიზიტს?

- ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია, ისევე როგორც მნიშვნელოვანია ამ ვიზიტის დრო. ვიცით, რომ ახალი ადმინისტრაცია მხოლოდ 6 თვეა, რაც საქმიანობას შეუდგა, ამ დროის განმავლობაში ჩვენ გვაქვს კონგრესის, სენატისა და თეთრი სახლის მყარი მხარდაჭერა. ჩვენი ურთიერთობები ახალ საფეხურზე გადადის. ჩვენ ვხედავთ, როგორი სიფრთხილით, როგორ მიზნობრივად ეკიდება ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენთან დაკავშირებულ საკითხებს. ვიცე-პრეზიდენტის მიერ წარმოთქმული სიტყვა იყო მკაფიო, პირდაპირი და არაორაზროვანი. მან ისაუბრა თავისუფლებაზე, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაზე და სუვერენიტეტზე. და რაც ყველაზე მთავარია, ისაუბრა ჩვენს ევრო-ატლანტიკურ მიზნებზე.

ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალი იქნება ნატოში და რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ნატოს 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებას საქართველოს მომავალი წევრობის შესახებ. და მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ჩემი ქვეყნისთვის – ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენა – ვიცე-პრეზიდენტმა ამ ყველაფერზე ძალიან მკაფიოდ ისაუბრა.

- კიდევ რა საკითხები განიხილეთ მაიკ პენსთან შეხვედრისას?

- მე შევთავაზე ვიცე-პრეზიდენტს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის სრულიად ახალ საფეხურზე აყვანა, რაც გულისხმობს ამ ურთიერთობის ახალ ფორმატს – საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას.

- რამდენიმე კვირის წინ, NATO-ში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი და რუსეთისადმი კრიტიკულად განწყობილი კურტ ვოლკერი უკრაინის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. ის ფაქტი, რომ უშუალოდ საქართველოს საკითხებზე მომუშავე ასეთი წარმომადგენელი არ გვყავს, ნიშნავს თუ არა, რომ საქართველო დაივიწყეს?

- ამერიკის კონგრესიდან ჩვენ საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს ვისმენთ. კონკრეტული საბიუჯეტო მექანიზმებითაა გამყარებული არაღიარების პოლიტიკა ამერიკის კანონმდებლობაშიც. ჩვენ გამუდმებით ვისმენთ ჯარის საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას, ვიცე-პრეზიდენტის მიერ წარმოთქმული სიტყვა კი იყო ძალიან მკაფიო და კონკრეტული. ეს ყველაფერი არ მაძლევს იმის თქმის საფუძველს, თითქოს საქართველოს საკითხს საკმარისი ყურადღება არ ეთმობა ამერიკის ადმინისტრაციისგან. პირიქით, საქართველოს საკითხი კვლავ აქტუალურია.

- პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩვენო კამპანიამ ბევრი კითხვა წარმოშვა, მათ შორის იყო კითხვები რუსეთის პოლიტიკაზე და განცხადებები NATO-ზე. როგორ აფასებთ თეთრი სახლის რუსეთის პოლიტიკას?

- ამ თემაზე ბევრი დისკუსია ვნახეთ. ნება მომეცით არ ვისაუბრო შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკაზე. ჩვენ ვნახეთ, როგორ მიესალმა ვიცე-პრეზიდენტი ჩვენს მისწრაფებებს ნატოსკენ, როგორ უჭერს ის მხარს ჩვენი სამხედროების გაძლიერებას, მიესალმება ჩვენს ჩართულობას გლობალური უსაფრთხოების მისიებში. ვიცე-პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ნატოს მეხუთე მუხლს. საქართველოს გადასახედიდან ჩვენ ვხედავთ ახალ, ნატოში საქართველოს ინტეგრაციისკენ მოწოდებულ ადმინისტრაციას.

- ვიცე-პრეზიდენტის ევროპულ ტურნეში საქართველო ერთადერთი ნატოს არაწევრი ქვეყანაა. რას ნიშნავს ეს ვიზიტი საქართველოსთვის?

- ეს ვიზიტი ნიშნავს იმას, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა ძალაშია, ნიშნავს, რომ საქართველო აუცილებლად იქნება ნატოს წევრი. ეს ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი გზავნილია.

- ნიშნავს თუ არა ეს, რომ შეერთებული შტატების რუსეთისადმი ფრთხილი პოლიტიკა იცვლება?

- ჩვენ მოგვწონს მოვლენების ამგვარი განვითარება. ბედნიერები ვართ ჩვენი სამხედრო თანამშრომლობით, შეერთებული შტატების მეტი ჩართულობით, რაც ჩემს ქვეყანას უფრო თავდაცვისუნარიანს ხდის. ასევე ვხედავთ რუსეთის შემაკავებელ პოლიტიკას. რუსეთი აცხადებს, რომ მისი სამეზობლო მისი ინტერესის, გავლენათა სფეროებია. მე მჯერა, რომ რუსეთის აგრესიისა და მისი დესტაბილიზაციისკენ მიმართული ნაბიჯების შემაკავებელი პოლიტიკა სასარგებლო იქნება საქართველოსთვის, უკრაინისთვის, ევროპისთვის და თვითონ რუსეთისთვისაც.​

- ეთანხმებით თუ არა იმ მოსაზრებას, რომ 2008 წელს, NATO-ს ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინისთვის მაპ-ზე უარის თქმამ რუსეთს აგრესიისკენ უბიძგა ჯერ საქართველოში, მოგვიანებით კი – უკრაინაში?

- არა. აქ 90-იანი წლების დასაწყისშიც იგივე ხდებოდა. მაშინ, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, 90-იანების პირველ წლებში, არც ნატოს სამიტი იყო, არც ნატოს პოლიტიკა.

- ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხვების მიხედვით, საქართველოს NATO-ში აგწევრიანებას მხარს 67 პროცენტი უჭერს, თუმცა მოსახლეობის მესამედს სჯერა, რომ ეს მოხდება. არ ფიქრობთ რომ ამან, შეიძლება, იმედგაცრუება გაზარდოს?

- იმედგაცრუება, შეიძლება, გაიზარდოს, მაგრამ არ შეიცვლება ჩვენი არჩევანი. არ მჯერა, რომ ქართველები ევროპისკენ სწრაფვას შეწყვეტენ, რადგან ეს ჩვენი ერის კულტურული ფუნდამენტია. არ შეიცვლება ქართველი ხალხის გადაწყვეტილება იყოს ევროპის და ევრო-ატლანტიკური საზოგადოების ნაწილი.​

- პრეზიდენტობამდე თქვენ მომავალ ლიდერებს დემოკრატიის პრინციპებს ასწავლიდით, რომლის ცენტრშიც სახელისუფლებო შტოებს შორის კონტროლისა და ბალანსის დაცვის პრინციპია. მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების კრიტიკოსები ამბობენ, რომ მოდელი ასუსტებს ამ პრინციპს. როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე?

- სამწუხაროა რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გულშემატკივრებიდან ჩემი სალექციო კურსი არავის გაუვლია და არ იციან კონტროლისა და დაბალანსების საბაზისო პრინციპები. და გული მწყდება იმ იმიჯზე, რომელსაც ეს ცვლილებები საქართველოს უქმნის. ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არავინ უჭერს, მას მხარს არ უჭერს ოპოზიცია, არ ეთანხმება სამოქალაქო სექტორი, არ ვემხრობი მე. ცვლილებების ამ პროექტს მხოლოდ ერთპარტიული ხელმოწერა აქვს. იმედგაცრუებული გამოხმაურება მივიღეთ ვენეციის კომისიისგან, იყო გამოხმაურება მოგერინისგან, წუხან ჩვენი მეგობრები ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტშიც. ამ ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ სრული უფლება, მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში და მათი აზრი იყოს გათვალისწინებული. ასე იქმნება ევროპული საზოგადოება.

- 2012 წელს საქართველომ საერთაშორისო საზოგადოების ქება დაიმსახურა, როცა ქვეყანამ ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა არჩევნების გზით მოახერხა. რატომ ვერ შეძლო “ქართული ოცნების” მთავრობამ ამ უნიკალური მომენტის გამოყენება, იმ პირობებში როცა ის მთავრობაში დიდი მხარდაჭერით და მორალური უპირატესობით მოვიდა?

- იმ დღეებში ძალიან ემოციური ვიყავი. ამიტომაც ვარ ახლა აქ, რადგან მჯეროდა, რომ დიდ მიზნებს მივაღწევდით. ერთია თეორია, მეორეა რეალური ცხოვრება. ზოგიერთ სფეროში ჩვენ გვქონდა წარმატება, ჩვენ აღარ ვართ სახელმწიფო, რომელიც ციხეში სვამს მოსახლეობის ათ პროცენტს, ჩვენ აღარ ვართ პოლიციური სახელმწიფო, მაგრამ ვერ მოვახერხეთ მიგვეღწია სასამართლოს რეფორმირებისთვის, ვერ შევქმენიT მრავალპარტიული დემოკრატია.

ნორმალურია თუ არა ეს? დიახ ასე ხდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამას უნდა შევეგუოთ. ჩვენ უნდა ვუერთგულოთ იმ პრინციპებს, რაც 2012 წელს გვაერთიანებდა.

- რამდენიმე დღის წინ თქვენ პრეზიდენტ პოროშენკოს უმასპინძლეთ და ხელი მოაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციას. რას გვეტყვით ამის შესახებ?

- ორივე ქვეყანა ერთი და იმავე გამოწვევის წინაშე დგას, რომელიც უკვე 25 წელია ორივეს თან გვდევს. მთელი ამ 25 წლის მანძილზე ისინი გვერდში გვედგნენ და მხარს უჭერდნენ ჩვენს დამოუკიდებლობას. ახლა ჩვენ ვეხმარებით მათ. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ უფლებას იყვნენ თავისუფალი, ძლიერი და სუვერენული სახელმწიფო.

- მალევე პოროშენკომ მოქალაქეობა ჩამოართვა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. განიხილეთ ეს საკითხი პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრაზე?

- ჩვენ ხელი მოვაწერეთ ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას. სააკაშვილზე არ გვისაუბრია. მიხეილ სააკაშვილის კრიტიკის ხანგრძლივი ისტორია მაქვს: მას ჯერ კიდევ 2003 წლიდან ვაკრიტიკებდი, რაც პრეზიდენტად არჩევის შემდეგ არ გამიკეთებია. პეტრო პოროშენკოსთან მიხეილ სააკაშვილზე არ მისაუბრია.

- განიხილავთ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებას?

- ვფიქრობ, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი არ უნდა ეთქვა. როცა ის უკრაინის მოქალაქე გახდა, მე ვთქვი, რომ ის პატივისცემით უნდა მოკიდებოდა ქვეყნის პასპორტს, რომლის მოქალაქეებმაც მას ნდობა ორჯერ გამოუცხადეს. რაც შეეხება მომავალს, ეს მან უნდა გადაწყვიტოს, მისი გადასაწყვეტია მოითხოვს თუ არა ის მოქალაქეობას. ამის შემდეგ შეგვიძლია მსჯელობა.​

- მომავალ წელს თქვენი საპრეზიდნეტო ვადა იწურება, აპირებთ არჩევნებში ხელახლა მონაწილეობას?

- გულწრფელად არ ვიცი, ამ კითხვაზე დღეს პასუხი არ მაქვს.

- მემკვიდრეობად რის დატოვებას ისურვებდით?

- ვფიქრობ, მემკვიდრეობის ნაწილი უკვე ავაშენე, როგორც პრეზიდენტმა, რომელმაც პოლიტიკური დისკურსის მიუხედავად, ყველა პარტიის მიღება შეძლო და მხოლოდ და მხოლოდ ერის სამსახურში იდგა. ეს ახალი პრეცედენტი იყო და მჯერა, რომ ნაბიჯის გადადგმა ამ მიმართულებით შევძელი. ეს არის ნაბიჯი ევროპული კულტურისკენ და პოლიტიკური ურთიერთობებისკენ.

«Независимая газета» (რუსეთი), 04 აგვისტო, 2017 წელი

http://www.ng.ru/cis/2017-08-04/5_7044_georgia.html

საქართველოს ხელმძღვანელობამ ისტორიული შანსი ხელიდან გაუშვა

ნინო ბურჯანაძე თვლის, რომ თბილისი უნდა გამოეხმაურებოდა ვლადიმერ პუტინის წინადადებას მოლაპარაკებისთვის მზადყოფნის თაობაზე

საქართველოში ნატო მსხვილმასშტაბიან სამხედრო სწავლებებს „ღირსეულ პარტნიორ-2017“-ს ატარებს. აფხაზეთში რუსეთი მძიმე ტექნიკის კონცენტრირებას ახდენს, სამხრეთ ოსეთში კი რუსეთის ჯარები ლოკალურ მანევრებით არიან დაკავებულნი. თბილისს ამ დღეებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი სტუმრობდა, სოხუმში კი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩადის. გამოდის, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობა ისევ სახიფათო ზღვარზეა? სიტუაციის მიმართ ფრთხილი მიდგომითა და ხედვებით «Независимая газета»-ს მიმომხილველ იური სიმონიანს ესაუბრება „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, პარლამენტის ექს-სპიკერი, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 2007-2008 წლებში ნინო ბურჯანაძე.

„დღეს სიტუაცია რთულია როგორც საერთაშორისო არენაზე, ისე საქართველოსთვისაც. ჩვენ ყველა ახალი ცივი ომის ეპოქისკენ მივექანებით. ყველა გონიერ ადამიანს, მით უმეტეს პოლიტიკოსს, ეს საკითხი უნდა აღელვებდეს.. რასაკვირველია, არსებობდა იმედები რუსეთსა და აშშ-ის შორის ურთიერთობის გამუჯობესებაზე, მაგრამ ახლა დიდი შეშფოთებით ვუყურებ ინ ანტირუსულ ისტერიას, რომელიც გონივრულობის ჩარჩოებს სცილდება და შეიძლება ყველასათვის ნეგატიური შედგების მომტანი გახდეს, მათ შორის ჩემი ქვეყნისთვისაც“, – ამბობს ნინო ბურჯანაძე.

- და სწორედ თბილისში ყოფნისას დაანონსა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს კონგრესის მიერ მიღებულ კანონს ანტირუსული სანქციების თაობაზეო. იმავდროულად კრემლი აცხადებს, რომ მზადდება ვლადიმერ პუტინის ვიზიტი აფხაზეთში…

- აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თბილისში ვიზიტს მე დადებითად აღვიქვამდი, მისი ჩამოსვლა ნატოს სამხედრო სწავლებებს რომ არ უკავშირდებოდეს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დემონტრაციულად და პროვოკაციულად ტარდება. რასაკვირველია, აშშ-ის ვიცე-პრტეზიდენტის განცხადება იმაზე, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ სხვა საქმეა, თუ რას გააკეთებს [პრაქტიკულად] აშშ ან სხვა სახელმწიფო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად? ილუზიები, რომლებიც ბევრს აქვს საქართველოში აშშ-ის მიმართ, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ზიანს აყენებს. მე თავიდანვე ვამბობდი, თუ რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს ხელისუფლებას: პირველ რიგში, თავი უნდა შეეკავებინა იმ პროვოკაციული მოქმედებისაგან, რომელიც ნატოს სწავლების ჩატარებაა. როცა 500 მეტრში რუსეთის სამხედრო ბაზები არიან განთავსებულნი, სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიაზე, ამ დროს კი გზაზე გრუხუნით მიდიან აშშ-ის ტანკები ამერიკისავე დროშით, ეს, ცხადია, რუსეთის გამოწვევაა. ვერაფერს კარგს ამაში ვერ ვხედავ. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის მხრიდან პასუხი იქნება. რასაკვირველია, ძალიან საწყენია ის ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინი სოხუმში ჩასასვლელად ემზადება. რა თქმა უნდა, პირადად ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეულია და მინდოდა ისეთი ურთიერთობა გვქონოდა, რომ ვლადიმერ პუტინი ჯერ ერთიან, მთლიან საქართველოში, თბილისში ჩამოსულიყო, შემდეგ კი საქართველოს შემადგენლობაში არსებულ სოხუმსა და ცხინვალში, ყველა სხვა ადგილზე, მაგრამ არა იმ სოხუმსა და ცხინვალში, რომლებიც საქართველოსაგან გამოყოფილნი არიან. საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა უნიკალური შანსი არ დაეშვა ასეთი მომენტები, ჰქონდა შანსი იმისა, რომ რუსეთთან ურთიერთობები გაეუმჯობესებინა. მაგრამ დღევანდელმა ხელმძღვანელობამ, ეშინია რა იმისა, რომ ვაითუ ამერიკელი პატრონი გაგვიბრაზდესო, ასეთი შანსი ხელიდან გაუშვა. მშვენივრად მახსოვს ვლადიმერ პუტინის განცხადება და მან ეს სამჯერ გაიმეორა, რომ იგი მზადაა საქართველოს ხელმძღვანელებთან შესახვედრად, მზად არის მათთან სასაუბროდ, სადისკუსიოდ და გზების ძიებისათვის იმ რთული სიტუაციიდან გამოსასვლელად, რომელშიც ქართულ-რუსული ურთიერთობები აღმოჩნდა. საქართველოს ხელისუფლებას ეს განცხადებები ესმოდა, მაგრამ იმის შიშით, რომ დასავლეთის თვალში პრორუსულად წარმოჩნდებოდა, მათი იგნორირება მოახდინა.

- მაგრამ რა შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას, თუ მოსკოვი მას, ურთიერთობის სრულმასშტაბიანი დარეგულირებისათვის, ახალი რეალიებისადმი ანუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის შეგუებისაკენ მოუწოდებს? და ამ დროს თვითონ საქართველოც ითხოვს, რომ მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის აღიარება უკან წიღოს? ეს ხომ ჩიხია…

- მოლაპარაკების დაწყებამდე არცერთმა მხარემ არაფერი არ უნდა მოითხოვოს. . დიახ, არიან რუსეთში გარკვეული წრეები, რომლებიც მუდმივად ამბობენ, რომ საქართველორეალობას უნდა შეურიგდესო. მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია ვლადიმერ პუტინის ის განცხადება, როცა მან კითხვაზე პასუხი გასცა და აღნიშნა – თუ ქართველები და აფხაზები, ქართველები და ოსები მოილაპარაკებენ, როგორ სახელმწიფოში სურთ ცხოვრება, როგორ სამართლებრივ გარემოში, მაშინ რუსეთი მათ საქმეში არ ჩაერევა და წინააღმდეგი არ იქნებაო. ანუ დიპლომატიურ ენაზე ეს ნიშნავს, რომ თუ ქართველები და აფხაზები, ქართველები და ოსებიმოილაპარაკებენ, ეს რუსეთის ინტერესებშიც შედის. ცხადია, ეს გზა იოლი არ არის. მე არ მაქვს იმის ილუზიები, რომ ამის მიღწევა ორი-სამი შეხვედრით შეიძლება, მაგრამ ეს უნდა დაწყებულიყო, საქართველოს ხელისუფლებას თანდათანობით უნდა გადაედგა ნაბიჯები ნდობის აღსადგენად. საჭირო იყო აფხაზებთან და ოსებთან საუბარი, უნდა გამოძიებულიყო 2008 წლის აგვისტოს გარემოებები.  უნდა დასჯილიყო მიხეილ სააკაშვილი იმისთვის, რომ მან დაწვა და დაანგრია ის ხიდები, რომელთა აღდგენა ქართველი და ოსი ხალხების მიერ უკვე მიმდინარეობდა. ამ შემთხვევაში მე ვთვლი, რომ აფხაზურ და ოსური საკითხების გადასაწყვეტად სრულიად ახალი გზა იხსნებოდა, ფართო გზა. ამ დროს აუცილებელი იყო რუსეთის ჩართვა. მოსკოვს სურს, რომ მის საზღვრებს ნატოს ტანკები და რაკეტები არ ემუქრებოდეს. სწორედ ასეთ მომენტშია შესაძლებელი სანდო ურთიერთობების შენება. მაგრამ საქართველოს მხრიდან ასეთი ნაბიჯი არ გადაიდგა.  თბილისის მოთხოვნები მოლაპარაკების დაწყების პირობად, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება უკან უნდა გაიწვიოსო და საქართველოს ტერიტორიიდან თავისი ჯარების უნდა გაიყვანოსო, ეს გზა ვერსად ვერ მიგვიყვანს.

- თქვენი თვალსაზრისით, სიტუაცია უიმედოა თუ არის რესურსები რაღაც პოზიტიური ძვრებისათვის?

- სიტუაცია რთულია. დრო ცვენს წინააღმდეგ, საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მუშაობს. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ახალი თაობა იზრდება, რომლებმაც საქართველოსთან ურთიერთობაზე არაფერი კარგი არ იციან, უფროსი თაობისაგან განსხვავებით, რომლებსაც, რა თქმა უნდა, ახსოვთ ცუდიც, მაგრამ იმავდროულად კარგიც. მთლიანობაში სიტუაცია უარესდება. ეს ხელს არ უწყობს იმ პოზიტიური კავშირების აღდგენას, რაც მნიშვნელოვანია კონფლიქტის გადასაწყვეტად. ვფქირობ, რომ საქართველო თავისი არასწორი მოქმედებით სულ უფრო და უფრო შორდება აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის პრობლემების მოგვარებას, რუსეთი კი უფრო და უფრო მტკიცედ უახლოვდება სოხუმს და ცხინვალს. ამ ჩიხიდან გამოსვლის გზის პოვნა რთულდება. მე არ ვამბობ, რომ ხელი ჩამოვუშვათ, მაგრამ ძალიან საწყენია, როცა ვხედავ, თუ როგორ იკარგება დრო და როგორ რთულდება პრობლემის გადაწყვეტის შესაძლებლობა.. ამის მიუხედავად, მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი შანსი ჯერ კიდევ არის, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნას ამ შანსის გამოყენების მიზნით. ხელისუფლება ზედმეტადაა მიბმული აშშ-ის განსაზღვრული წრეების ინტერესებზე.

- საქართველოს ხელისუფლება ინერტულობას ამჟღავნებს, მაგრამ განა არსებობს საზოგადოების განწყობა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებისათვის?

- მე ძალიან ბევრ ადამიანს ვხვდებოდი საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დროს. ვეკითხებოდი, სურდათ თუ არა მათ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება? უნდოდათ თუ არა, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანებულიყო რუსეთთან ურთიერთობების საზიანოდ? პასუხები ერთმნიშვნელოვნად მოწმობდნენ იმას, რომ ადამიანებს მეზობელქვეყანასტან ნორმალური ურთიერთობის დამყარება სურდათ. მაგრამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მე და ჩემი პარტია პარლამენტის გარეთ დავრჩენილიყავით. ხმების დათვლის დროს დაშვებული შეცდომები ეუთოს დამკვირვებლებმაც დააფიქსირეს, შევიტანეთ 300-მდე სარჩელი და მოვითხოვეთ არჩევნების შედეგების გადამოწმება ერთ რომელიმე ოლქში მაინც, მაგრამ 300-ივე სარჩელზე უარი გვითხრეს. აშკარაა, რომ ხელისუფლებისათვის მე პარლამენტში არასასურველი ფიგურა ვიქნებოდი, რადგან კითხვები მექნებოდა არასწორი სასინაო და საგარეო პოლიტიკის შესახებ, მე დავიწყებდი რუსეთთან პირდაპირ დიალოგზე ლაპარაკს… ამიტომაც ჩვენი პარტიის [პარლამენტში არჩევა] ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდისთვის აბსოლუტურად წამგებიანი იქნებოდა. ამიტომაც ჩამოგვაშორეს საპარლამენტო საქმიანობას. ამის მიუხედავად,  ვაგრძელებთ აქტიურ ბრძოლას, რათა ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალოს, რათა ხელისუფლებამ. ბოლოს და ბოლოს, გაიგოს, რომ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა დიალოგია და არა რუსეთთან კონფრონტაცია. ეს დიალოგი არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს საბჭოთა კავშირის აღდგენას ან ჩვენი ქვეყნის საგუბერნიო სტატუსს. მაგრამ საქართველოში, სამწუხაროდ, საკითხი სწორედ ასე ისმება. როცა ჩვენი პრეზიდენტი საქართველოში ამერიკული სიმბოლოს მქონე ტრიბუნაზე ინგლისურად გამოდის, განა ვინმე გულისხმობს საქართველოს გადაქცევას აშშ-ის არაოფიციალურ შტატად?

- დროდადრო თბილისში ისმის პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნები, რომ ხელისუფლებამ რუსული პროპაგანდის სეზღუდვის მიზნით ზომები უნდა მიიღოსო. რაში გამოიხატება ეს პროპაგანდა?

- იმაში, რაზედაც ახლა ვლაპარაკობდი – რუსეთთან დიალოგის დაწყების წინადადება პროპაგანდად ითვლება. ჩვენ პრორუსულ პარტიას გვიწოდებენ და ლამისაა სამშობლოს მოღალატეებად შეგვრაცხონ იმის გამო, რომ რუსეთთან დიალოგის მომხრენი ვართ. ცხადია, პოლიტიკოსისათვის საწყენია ის გარემოება, როცა გვიწევს ელემენტარული ახსნა იმისა, რომ თანამედროვე მსოფლიოში პრობლემების მოსაგვარებლად მხოლოდ ორი გზა არსებობს – ომი ან მოლაპარაკება. მე უპირატესობას მოლაპარაკებას ვაძლევ და ამას „პრორუსულ პოლიტიკას“ უწოდებენ. როცა ვამბობ, რომ დროა ვიმოქმედოთ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებისათვის და არა აშშ-ის სასარგებლოდ, ესეც თურმე „პრორუსულ პროპაგანდას“ ნიშნავს. მესმის, რომ რუსეთისათვის რთულია საქართველოს მიმართ პოზიტიური ნაბიჯები გადადგას, როცა პუტინის განცხადებას საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრის მზადყოფნის თაობაზე ჩვენი მხრიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია, როცა ჩვენს ქვეყანაში კვლავ გრძელდება პრონატოური ისტერია. მაგრამ გამოსავლის ძიება მაინც საჭიროა.

«Обозреватель» (უკრაინა), 04 აგვისტო, 2017 წელი

https://www.obozrevatel.com/abroad/08523-zachem-putin-edet-v-okkupirovannuyu-abhaziyu.htm

რატომ მიდის ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში?

„რვა აგვისტოს, რუსეთსა და საქართველოს შორის სამხედრო კონფლიქტის დაწყების მეცხრე წლისთავს, ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასასვლელად ემზადება“, – ნათქვამია უკრაინულ გამოცემაში გამოქვეყნებულ მასალაში. ამ საკითხზე კომენტარს აკეთებს რუსი პუბლიცისტი და პოლიტოლოგი ლეონიდ რაძიხოვსკი:

„ძალიან ძნელია ამ ვიზიტის მიზნის გაგება. პიარისათვის სოხუმში ჩასვლა უაზრობაა. რასაკვირველია, ეს საქართველოს თითქოს ცხვირში წკიპურტის გაკვრას ნიშნავს, მაგრამ აშკარაა, რომ რუსეთს არ შეუძლია და ვერც შეძლებს ამ მიმართულებით აქტიურობის გაძლიერებას. თუმცა, კაცმა რომ თქვას, რა აქტიურობა შეიძლება აფხაზეთში? იქიდან საქართველოს თავს ხომ არ დაესხმება? ეს აბსოლუტურად გამორიცხულია და თვითონ აფხაზებსაც არაფერში არ ჭირდებათ. აფხაზეთი არ ესწრაფვის ტერიტორიულ ექსპანსიას საქართველოს წინააღმდეგ. აფხაზეთი ხომ „დნრ“ („დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“) არაა, სადაც გიჟი [ალექსანდრ] ზახარჩენკო ახალი სახელმწიფოს შექმნაზე და უკრაინის გადაყლაპვაზე ოცნებობს. აფხაზეთს საქართველოს მიმართ მსგავსი გეგმები არ აქვს. მისი ერთადერეთი მიზანია საქართველოსაგან ცალკე არსებობა. შეიძლება ეს მიზანი გონივრულია ან სულელური, მაგრამ აფხაზებს მის გარდა სხვა არაფერი უნდათ. ამიტომაც აფხაზეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ არანაირი ექსპანსია მოსალოდნელი არ არის.

ვლადიმერ პუტინს აფხაზეთისადმი მხარდაჭერის გამოხატვა სურს? კი, მაგრამ რა მხარდაჭერა უნდა სოხუმს? ის მაინცდამაინც ისეთ უიმედო მდგომარეობაში არაა, რომ მხარდაჭერა ჭირდებოდეს. მართალია, იქ რუსი ტურისტები დახოცეს, მაგრამ მკვლელები სწრაფად იპოვეს. ამიტომ პუტინი აფხაზეთში ასეთი წვრილი მკვლელობების გამო არ ჩავა, ის ხომ გამომძიებელი არ არის. ამიტომაც ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ უნდა მას სოხუმში ჩასვლა“.

Comments are closed