globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 11 აგვისტო 2017 წელი

Posted by Globalresearch on Aug 11th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი): თბილისს მოსკოვისათვის რაღაცის თქმა სურს, მაგრამ შედეგიანი დიალოგისათვის აუცილებელია დეკორაციები სრულიად შეიცვალოს (რედაქციის კომენტარი)

«Iran Russian Radio//Pars Today» (ირანი): ვლადიმერ პუტინის ვიზიტი აფხაზეთში (რედაქციის კომენტარი)

«Առավոs//არავოტი» (სომხეთი): „ხუთდღიანი ომის“ შედეგები (რედაქციის კომენტარი)

—————-

«Независимая газета» (რუსეთი), 11 აგვისტო, 2017 წელი

http://www.ng.ru/editorial/2017-08-11/2_7049_red.html

თბილისს მოსკოვისათვის რაღაცის თქმა სურს

შედეგიანი დიალოგისათვის აუცილებელია დეკორაციები სრულიად შეიცვალოს

სარედაქციო

ორმა ოპოზიციურმა პარტიამ – პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ბურჯანაძის „დემოკრატიულმა მოძრაობამ – ერთიანმა საქართველომ“ და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ ქვეყნის ხელისუფლებას რუსეთთან დიალოგის დაწყება მოსთხოვა. მოტივი უბრალოა: თბილისის დღევანდელი პოლიტიკა, რომელიც რუსეთთან შეზღუდულ პირდაპირ კონტაქტებში, ხოლო აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთთან ამ კონტაქტების არარსებობაში გამოიხატება, არაეფექტურია როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ასევე ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით.

ორივე პარტიის მიმართ შეიძლება ეჭვი გაჩნდეს, რომ მათ ასეთი სკანდალით თითქოსდა პოპულარობის გაზრდა სურთ, მაგრამ რისკი ძალიან დიდია: მათ მიერ წამოწეული საკითხი სენსიტიურია და ამრიგად, ეფექტი შეიძლება სრულიად საწინააღმდეგო იყოს. თვით პარტიები ირწმუნებიან, რომ რეიტინგთან დაკავშირებით მათ საქმე კარგად აქვთ – თუ პარლამენტის არჩევნები სუფთად ჩატარდება, „დემმოძრაობა“ საკანონმდებლო ორგანოში აუციულებლად გავიდოდა, „პატრიოტები“ კი დღევანდელ ექვს მანდატთან შედარებით უფრო მეტს მიიღებდნენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ორივე პარტია, რომლებიც, როგორც ჩანს, ერთმანეთთან სუბიექტური მიზეზების გამო ვერ აერთიანდებიან, ირწმუნებიან, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის განწყობას გამოხატავენ, ანუ არსებითად, ამტკიცებენ, რომ მათი მოთხოვნა ხელისუფლებისადმი სოციალურ დაკვეთას წარმოადგენს – გნებავთ იძულებითი ხასიათისა, მაგრამ იმის გააზრებით, რომ რუსეთთან დიალოგის გარეშე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემებს (სხვა სერიოზულ საკითხებთან ერთად) თბილისი ვერ გადაწყვეტს.

„პატრიოტთა ალიანსმა“ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა: მოსკოვთან დიალოგი სექტემბრისთვის უნდა დაიწყოს, შემდეგ – სოხუმთან და ცხინვალთან; უნდა განხორციელდეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის რედაქტირება, უნდა შეიქმნას ფორმატი „საქართველო-ნატო-რუსეთი“, რათა მოსკოვი დარწმუნდეს – მას საქართველოს ტერიტორიიდან რაიმე საფრთხე არ ემუქრება. ეს მოთხოვნები მჭიდროდ ეხმიანება იმას, რასაც „დემმოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს. პროდასავლურ ოპოზიციას მიაჩნია, რომ სინამდვილეში  ხელისუფლების მიერ შემუშავებული სცენარი რეალიზდება, რომლის თანახმად, მას მოსკოვთან მოლაპარაკება სურს და ამ მიზნით ნიადაგს ამზადებს – აბა, რა ვქნათ, საზოგადოება  ითხოვსო…

ძნელია იმის წარმოდგენა, როგორი გარანტიებით შეიძლება მოსკოვის დარწმუნება – საქართველოსაგან საფრთხე არ გემუქრებაო – თუ არა ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარით, რომელიც, სხვათა შორის, ქვეყნის კონსტიტუციაშია ჩაწერილი. რუსეთს ამის გამოცდილება აქვს: ნატომ თავის დროზე თითქოსდა აღუთქვა, რომ ვარშავის ბლოკის დაშლის შემდეგ ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები მალე ნატოს წევრები გახდნენ.

რაც შეეხება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის რედაქტირებას, რომელიც ესოდენ აღიზიანებს მოსკოვს, ამ მოთხოვნაში გარკვეული ლოგიკა არის. კანონი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის მხრიდან შესვლის შემთხვევაში, მაგრამ თუ თბილისი მისი კონტროლიდან გასულ ტერიტორიებს კვლავ საქართველოს ნაწილებად თვლის, მაშინ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც, ვთქვათ, რუსეთში არიან და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთში შესვლა სურთ, რატომ უნდა ჩავიდნენ თბილისში და იქიდან კი სოხუმსა და ცხინვალში?

რუსეთთან და ყოფილ ავტონომიებთან მოლაპარაკებაზე მსჯელობისას, დიალოგის ინიციატორებს, ეტყობა, სრულად არ აქვთ გაცნობიერებული ცხინვალისა და განსაკუთრებით სოხუმის დამოუკიდებლობის დონე. ამ მიმართებით ზედმეტი არ იქნებოდა გავიხსენოთ იმ მოლაპარაკების დინამიკა და ხასიათი, რომლებიც ქართულ-აფხაზური ომის დაწყებამდე, ომის დროს და ომის შემდეგ მიმდინარეობდა. თბილისის უარი გამართულიყო მსჯელობა ავტონომიის უფლებების გაფართოების თაობაზე ის შედეგი გამოიღო, რომ აფხაზურმა მხარემ დღის წესრიგში უკვე ფედერალურ ურთიერთობები დააყენა. თბილისის კიდევ ერთმა უარმა კონფედერაციული ურთიერთობების იდეა წარმოქმნა, შემდეგ კი, მორიგი უარყოფის გამო, აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და თანაბარსუბიექტებიანი სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმეის საკითხი დადგა. ანუ აფხაზთა მოთხოვნები საქართველოს უარებით მხოლოდ იზრდებოდა. ამიტომაც, თუ სოხუმი დათანხმდება მოლაპარაკებაზე, ეს იქნება მოლაპარაკება თავისი დამოუკიდებლობის აღიარების მიზნით და ამაში სენსაციური არაფერია. გავიხსენოთ, რომ თავის დროზე ქართულმა მხარემ ყურადღება არ მიაქცია კრემლის მოწოდებას პირდაპირი დიალოგის დაწყების თაობაზე, თანაც რუსეთმა განაცხადა, რომ არ ჩაერეოდა სიტუაციაში, თუ მხარეები ერთ სახელმწიფოში ცხოვრებაზე შეთანხმდებოდნენ.

რასაკვირველია, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ შეიძლება მოსკოვმა იგივე განცხადება კვლავ გაიმეოროს, თუმცა მისი ალბათობა მიზერულია. ამისათვის აუცილებელია დეკორაციების კარდინალური შეცვლა: რუსეთი უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ საქართველო მისი საიმედო მოკავშირეა, დღეს კი ამის არავითარი ნიშნები და წინამძღვრები არ არსებობს. ჰოდა, ღირს თუ არა ასეთი გაურკვეველი პერსპექტივის გულისთვის გეოპოლიტიკური შემობრუნება, ეს თვით თბილისმა უნდა გადაწყვიტოს.

«Iran Russian Radio//Pars Today» (ირანი), 11 აგვისტო, 2017 წელი

http://parstoday.com/ru/news/russia-i72532

კომენტარი: ვლადიმერ პუტინის ვიზიტი აფხაზეთში

ირანის სახელმწიფო რადიომაუწყებლობის კომპანია Parstoday-ის რუსული სამსახურის მიერ ეთერში გადაიცა კომენტარი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში ვიზიტის თაობაზე. მასში აღნიშნულია, რომ რუსეთის ლიდერმა აფხაზეთში ჩასვლა საქართველოსთან ომის დაწყების მორიგ წლისთავს დაამთხვია. კომენტარში გადმოცემულია აფხაზეთის „თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტ“ რაულ ხაჯიმბასთან გამართული შეხვედრების შედეგები, ასახულია აგრეთვე ქართული მხარის პოზიციაც – საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომლის თანახმად, „მოსკოვი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიულ პოლიტიკას აგრძელებს“.

„აფხაზეთი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ საქართველოს ტერიტორიად განიხილება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ომის შემდეგ ეს სეპარატისტული რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინმა აფხაზეთში ვიზიტი რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად განახორციელა. შესაძლოა ეს იყო საპასუხო ნაბიჯი იმისა, რომ თბილისში ამერიკელი მაღალჩინოსნები დადიან, მაგალითად, ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი. ქართულმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა სწორედ ეს აღნიშნეს – ვლადიმერ პუტინმა თბილისს აჩვენა, რომ აფხაზეთს ჯერ კიდევ რუსეთი აკონტროლებსო და მას განზრახული აქვს დააჩქაროს რუსების რაოდენობის ზრდა ამ რეგიონში

ამერიკის შეერთებული შტატები დიდ ძალისხმევას ახმარს თავისი ყოფნის მაქსიმალურ გაფართოებას სამხრეთ კავკასიაში, რუსეთის საზღვრებთან ახლოს. შესაბამისად, მოსკოვი იყენებს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს, განსაკუთრებით აფხაზეთს, როგორც თბილისზე ზეწოლის ბერკეტს, საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის შესუსტების მიზნით.

საქართველოს მთავრობას არაერთხელ განუცხადებია თავისი პროდასავლური კურსის შეუქცევადობაზე, კერძოდ, ნატოში გაწევრიანების მტკიცე სურვილზე. ამჟამად თბილისის დასავლეთთან ურთიერთობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს სწორედ სამხედრო თანამშრომლობა და უსაფრთხოების სფეროში ახლო კონტაქტები წარმოადგენს. ამაში შედის ნატოსთან და აშშ-სთან ერთად ჩატარებული სამხედრო წრთვნებიც, რომლებიც მოსკოვისათვის მტკივნეულ შეგრძნებას იწვევს.

რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. მოსკოვმა თავისი ნეგატიური პოზიცია ამ საკითხზე ნათლად გამოხატა ჯერ კიდევ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს: კრემლი თვლის, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისათვის „წითელი მიჯნის“ გადალახვას ნიშნავს. მართალია, 2008 წლის აგვისტოს ომის საბაბი რუსეთისათვის სამხრეთ ოსეთში ქართული ჯარების შეყვანა იყო, მაგრამ იმავდროულად მოსკოვმა ამ ომით კარგად ისარგებლა – გამოიყენა შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლების დასაშინებლად.

კავკასიის საკითხების ექსპერტის ჰამიდ კაზემზადეს თვალსაზრისით, რუსეთის ჩარევა საქართველოსა და „სამხრეთ ოსეთის“ ომში, ფაქტიურად, მოსკოვის იმ გეგმას წარმოადგენს, რომელიც რეგიონში რუსეთის გრძელვადიანი ინტერესების სტაბილიზებას გულისხმობს.

ყველაფრის მიუხედავად, საქართველო იმედს არ კარგავს და ჰგონია, რომ პერმანენტული სამხედრო წრთვნებითა და თბილისისადმი ნატოს წევრი ქვეყნების კარგი დამოკიდებულებით თავის მიზნებს მაინც მიაღწევს. 2008 წელს რუსეთმა, სწორედ საკითხის ამგვარად დაყენების საპირწონედ, აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, შემდეგ კი ორივესთან მრავალრიცხოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ხელშეკრულებები გააფორმა, ორივე რეგიონში თავისი სამხედრო ბაზები განალაგა.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოსკოვი აფხაზეთში ყოფნით კვლავ აგრძელებს თავისი ყოფნა-გავლენის გაფართოებას არამარტო სამხრეთ კავკასიაში, არამედ, ზოგადად, აღმოსავლეთ ევროპაში.

«Առավոs//არავოტი» (სომხეთი), 10 აგვისტო, 2017 წელი

http://www.aravot.am/2017/08/10/901772/

„ხუთდღიანი ომის“ შედეგები

არამ აბრამიანი, მთავარი რედაქტორი

ცხრა წლის წინათ სამხრეთ კავკასიაში მოხდა. ჩვენს და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე ომის გარდა, რომელიც 1991 წელს დაიწყო მთიანი ყარაბაღის გამო, რეგიონში კიდევ ერთმა ომმა იფეთქა, ამჯერად უკვე საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც, შეიძლება ითქვას, ელვისებური იყო და აშკარად გამოირჩეოდა მხარეთა უთანასწორობით. „ხუთდღიანი ომის“ ყველაზე ლოგიკური ინტერპრეტაცია, ჩემი აზრით, შემდეგში გამოიხატება: ამერიკელებმა „წააქეზეს“ მიხეილ სააკაშვილი სამხრეთ ოსეთის პრობლემა ძალისმიერი ფორმით გადაეწყვიტა, თან მათ კარგად ესმოდათ, რომ ამით იგი პრობლემას ვერ მოაგვარებდა – რუსეთი ჩაერეოდა, სამაგიეროდ ვაშინგტონს რუსეთის დადანაშაულების კიდევ ერთი მიზეზი ექნებოდა. მიხეილ სააკაშვილი ამგვარ სიტუაციაში იმდენად გულუბრყვილო და ახლომხედველი აღმოჩნდა, რომ ეს ნაბიჯი გადადგა – იმედოვნებდა, რომ „დასავლეთი დაეხმარებოდა“. დიახ, დასავლეთი დაეხმარა, მაგრამ მხოლოდ „მორალურად“, რუსეთმა კი სრულიად პროგნიზირებულად იმოქმედა – ისევე, როგორც ყოველი იმპერია იმოქმედებდა: ისარგებლა მომენტით და საქართველოს თავს დაესხა, შეიჭრა ქვეყნის ტერიტორიაზე და გორამდეც კი მიაღწია, შემდეგ კი იურიდიულად აღიარა იმ სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა, რომლებიც ისედაც არ იყვნენ საქართველოს ხელისუფლების კონტროლის ქვეშ.

საბოლოო ჯამში, რა დაკარგა და მიიღო საქართველომ ომით?

ა) დაკარგა თავისი ორი რეგიონი; ბ) სრულიად გათავისუფლდა რუსეთისაგან და დასავლურ სახელმწიფოს აშენებს;

რა მიიღო და რა დაკარგა რუსეთმა?

ა) რუსეთმა დაიკმაყოფილა თავისი იმპერიული ამბიციები, მსოფლიოს “კუნთების ძალა” აჩვენა, შური იძია დაუმორჩილებელ ქართველებზე, მაგრამ სამაგიეროდ ზურგზე მძიმე ლოდები წამოიკიდა – მოსკოვი იძულებულია ოკუპირებულ რეგიონებს ასვას და აჭამოს, რომლებშიც ბარდაკია, განსაკუთრებით ერთ-ერთში, რომ თვით რუს ტურისტებსაც კი კლავენ და ძარცვავენ; ბ) რუსეთმა დაკარგა საქართველო არა მხოლოდ როგორც მოკავშირის, არამედ მეგობრული სახელმწიფოს სახითაც.

ძნელია იმის თქმა, რამდენად კმაყოფილნი არიან ამგვარი სიტუაციით რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეები. ვფიქრობ, რუსების უმრავლესობას ეს ყველაფერი ნაკლებად აღელვებს, ქართველები კი, მთლიანობაში, თავს მოგებულად გრძნობენ. ასევე შემიძლია ვთქვა, რომ ამგვარი სიტუაცია მუდმივად არ გაგრძელდება იმ უბრალო მიზეზით, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში სამუდამოდ ვერ დარჩება. დღეს ბევრი თვლის ასეთ პროგნოზს სრულიად დაუჯერებლად, მაგრამ ადრეც ხომ ბევრს მიაჩნდა სსრ კავშირის დაშლა წარმოუდგენლად? რუსეთში უკვე ისმის ხმები, რომ დავანებოთ თავი ჩვენს მეზობლებს, დავივიწყოთ უაზრო იმპერიული ამბიციები და ჩვენივე საშინაო პრობლემების მოგვარებას შევუდგეთო. თანაც მსგავსი მოსაზრებები აქვთ არა მხოლოდ „დემოკრატებს“ და „მედასავლეთეებს“, არამედ იმ ადამიანებს, რომლებიც „ფანქრით და ქაღალდით ხელში“, ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ცივილიზებულ რესურსებს ითვლის.

იმპერიის როლში ყოფნა, ყველა თვალსაზრისით, ძვირი სიამოვნებაა.

Comments are closed