„ინტერპრესნიუსი“: ინტერვიუ ზაზა ფირალიშვილთან: „რაც უფრო ახლოსაა მომენტი, როდესაც ჩვენ საბოლოოდ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი გავხდებით, მით უფრო აქტიურდებიან პრორუსული ძალები“
„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „თუ ვინმეს უნდოდა ხელისუფლების სისუსტის ჩვენება, ეს ოპოზიცია იყო“ // „თუ ორგანიზატორი ხელისუფლების დისკრედიტაციასა და საქართველოს ეკონომიკის განადგურებაზე იყო ორიენტირებული, მაშინ ეს ნაწილობრივ მოახერხა“
„კვირის პალიტრა“: „ცეცხლი პარალელურად მძვინვარებდა ბორჯომში, ატენსა და დუშეთში, ანუ ზუსტად იქ, სადაც ცეცხლი 2008 წლის აგვისტოსაც გაჩნდა // „მიზანი მიღწეულია – გადახედეთ სოციალურ ქსელებს და საზოგადოების ნეგატიურ განწყობას ხელისუფლების მიმართ. ამას ნეგატიური ეკონომიკური შედეგი ექნება“
„კვირის პალიტრა“: ანალიზი: ავიაციის ეფექტი ბორჯომის ტყის ხანძრის ჩაქრობისას // „საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა რეაქტიული Ил-76П-ს გამოყენება, რომელსაც 6-8 წმ-ში 40 ტონა წყლის გადმოღვრა შეუძლია ხანძრის კერის თავზე, მაგრამ რადგანაც ეს სახანძრო თვითმფრინავები მხოლოდ რუსეთს აქვს, ყველაფერი უკვე პოლიტიკას უკავშირდება“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან: „საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს დახმარება ნამდვილად სთხოვა“ // „მთელი მთავრობა რომ ბორჯომში იყო გაკრეფილი, დანარჩენ საქართველოში რამე რომ მომხდარიყო, რას აპირებდნენ?!” // რას უმალავს „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილს
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლევან ხაბეიშვილთან: „კახა კალაძეს საარჩევნო სიის შედგენაში ხელს უშლიან” // “რამდენიმე გამგებლის დაკავებაა მოსალოდნელი”
„ახალი თაობა“: ინტერვიუ გიგა ბუკიასთან: „ულტიმატუმებზე გადასული ოპოზიციის ნამდვილი მიზანი ძალიან გაუგებარია” // “კონსტიტუციის პროექტში ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა და ექსპერტების წინადადებების უდიდესი ნაწილი აისახა”
„კვირის პალიტრა“: „ლარის გაუფასურების მაქსიმუმი დეკემბრის ბოლომდე 2,52-2,56 იქნება“ // „ვისაც დოლარში ვალდებულებები აქვს გასასტუმრებელი, 20 სექტემბრამდე შეისყიდონ, რადგან ამის შემდეგ დოლარის ძლიერ გამყარებას ველოდებით“
——————-
„ინტერპრესნიუსი“, 27 აგვისტო, 2017 წელი
ინტერვიუ ზაზა ფირალიშვილთან: „რაც უფრო ახლოსაა მომენტი, როდესაც ჩვენ საბოლოოდ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი გავხდებით, მით უფრო აქტიურდებიან პრორუსული ძალები“
საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.
- თქვენ როგორ დაახასიათებდით ადგილობრივ არჩვნებამდე ქვეყანაში არსებული ვითარებას?
- მთავარ პროცესებს, ალბათ, სექტემბრის მეორე ნახევრიდან უნდა ველოდეთ. წინასაარჩევნო ბრძოლას თან დაერთვის ქართველთა მარში და “პატრიოტთა ალიანსისა” და “ქართველთა მარშის” ორგანიზატორთა მიერ დაანონსებული აქციები. ეს გარკვეულად მაინც მოახდენს გავლენას წინასაარჩევნო ბატალიების ხასიათზე. არ არის გამორიცხული, რომ ამ აქციებმა, ერთის მხრივ, “ქართული ოცნებისა” და მეორე მხრივ, “ნაცმოძრაობისა” და მისი განაყოფების ამომრჩეველთა აქტიურობა გამოიწვიოს. თავად ორგანიზატორები, ჩემი აზრით, ამ აქციებით განსაკუთრებულ დივიდენდებს ვერ მოიპოვებენ.
ძალზე ძნელია საარჩევნო ყუთთან არჩევანი გააკეთო იმ ძალის სასარგებლოდ, რომელიც რუსეთის ჩვენს მიმართ დღევანდელი დამოკიდებულების პირობებში პირდაპირი დიალოგის შესაძლებლობას ხედავს. რუსეთის ხელისუფლებამ უკვე რამდენჯერმე განაცხადა, რომ ის ჩვენს მიმართ დამოკიდებულების შეცვლას არ აპირებს. ასეთ დროს მასთან დიალოგი ისტორიული კაპიტულაციის თანაზომადია. ამ ლოგიკით, უნდა შევეგუოთ ტერიტორიულ დანაკარგებს, უარი ვთქვათ იმ საერთაშორისო კავშირებზე, რომლებიც დღესდღეობით იმის ერთადერთ გარანტიას წარმოადგენს, რომ დღევანდელი მდგომარეობა არ გაუარესდება მაინც და ასე შემდეგ.
ყველაფრიდან ჩანს, რომ პუტინისტური ძალები სექტემბერში ნავის დარწევის სტრატეგიის განხორციელებას აპირებენ. ამ ვითარებაში, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქის ჯანსაღი ინსტიქტის იმედი უნდა გვქონდეს, რომელსაც კარგად ესმის, რომ ის, რისკენაც მივდივართ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და პერსპექტიულია ჩვენი შვილებისათვის, ვიდრე საკუთარი თავის ჩრდილოელი ველიკოდერჟავნიკების “სკარომოხებად” ქცევა და, სულ მცირე, უხერხული საჩვენებელი „ქართული“ წარმოდგენების გამართვა.
საქმე იქამდე მივიდა, პრორუსები იმასაც კი მოგვიწოდებენ, რომ რუსებთან მიმართებაში ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობა აღარ ვახსენოთ და ნათესავზე უკეთეს მეზობლად მივიღოთ ის, რომლის დანაშაულიც ჩვენს და არა მხოლოდ ჩვენს წინაშე ძნელია, გადაჭარბებით შეფასდეს. ხოლო რუსების მსგავსად ამერიკელების ოკუპანტებად წოდება, სულ მცირე, გაუგებრობაა და რეალურ ვითარებაში სადისკუსიო თეზის მდგომარეობასაც არ იმსახურებს.
დააკვირდით: რაც უფრო ახლოსაა მომენტი, როდესაც ჩვენ საბოლოოდ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი გავხდებით, მით უფრო აქტიურდებიან პრორუსული ძალები.
და მაინც, დარწმუნებული ვარ, ვერც მედასავლეთეების დაშვებული შეცდომები, ვერც შეცდომები სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმეში, ვერც რუსული ჩექმის მუდმივი ჭრაჭუნი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ვერც პუტინისტების ისტერიული აგრესია და „ამერიკა ოკუპანტიას“ ძახილი და ვერც დასავლური მსოფლმხედველობრივი პარადიგმების ალტერნატივის შექმნის მცდელობა დუგინიზმის ქართული ვარიანტის სახით ვერ გადასძალავს ახალ, თავისუფალ გარემოებებში დაბადებულ და გაზრდილ თაობას. მით უმეტეს ვერ აიძულებს, რომ გაჰყვნენ იმ ადამიანებს, რომელთა მიმართ ნდობის ხარისხიც, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კარგად გამოჩნდა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში.
- უკანასკნელი სოციოლოგიური კვლევების თანახმად 62%-მა არ იცის ვის მისცემს ხმას, ხოლო 37%-ს არც ერთი პარტიის მიმართ არ აქვს სიმპათიები. იმედია, არჩევნების მოახლოების კვალობაზე საზოგადობის გამწყობები შეიცვლება, მაგრამ დღეის მონაცემებით რეალურად რასთან გვაქვს საქმე – ამომრჩეველმა დაკარგა ინტერესი პოლიტიკური პარტიებისა და ამ პარტიების ლიდერების მიმართ, რაც ართულებს მათ პოლიტიკურ არჩევანს, თუ პოლიტიკური კლასი ვერ უწყობს ფეხს პოლიტიკური პროცესების დინამიკას და ვერ ახერხებს ამომრჩევლის სიმპათიებისა და ნდობის მოპოვებას?
- ადგილობრივ არჩევნებს ზოგადად ახასიათებს ამომრჩეველთა პასიურობა. გარდა ამისა, დღევანდელი პოლიტიკური სპექტრიც ვერ ახერხებს, რომ ამომრჩეველი მისი არჩევანის ქმედითობაში დაარწმუნოს. ამ ვითარებაში ამომრჩევლის აქტიურობა შეიძლება გამოიწვიოს იმდენად არა ვინმეს მიმართ პოზიტიური მოლოდინის არსებობამ, არამედ უარესისაგან თავის დაცვის სურვილმა. ასეთი რამ ხშირად მომხდარა უახლესი ისტორიის განმავლობაში.
თანაც ნუ გამორიცხავთ ბატონი ალიკო ელისაშვილის ფაქტორს. მართალია, მის გამარჯვებას არ ველოდები, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ სულ მცირე სერიოზული შფოთის შეტანა შეუძლია წინასაარჩევნო ბატალიებში. მას საკმაო პოლიტიკური ტექნიკა აღმოაჩნდა საიმისოდ, რომ მუდმივად ახერხებდეს საინფორმაციო საშუალებების ყურადღების ცენტრში ყოფნას. გამარჯვებისათვის ეს არ არის საკმარისი, თუმცა კი აუცილებელია.
- ვიდრე არჩევნების წინ პოლიტიკური ძალების ”სპორტულ-პოლიტიკურ” ფორმაში ყოფნის საკითხს შევეხებოდეთ, ყურადღება გავამახვილოთ ადგილობრივი არჩევნებისთვის არადამახასიათებელ, მაგრამ მაინც უკვე გაჟღერებულ თემაზე ”დემოკრატიული მოძრაობისა” და პარტია ”თავისუფლების” თბილისის მერობის კანდიდატ კახა კუკავას მტკიცებით, მოახლოებულ არჩევნებზე ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება ლიბერალურ და პატრიოტულ მსოფლმხედველობებს შორის მოუწევს. ვინაიდან ჩვენში ”ლიბერალებად” პროდასავლური პარტიები მიიჩნევიან, ხოლო ”პატრიოტებად” აშკარად პრორუსული იდეოლოგიის მატარებელი პარტიები თუ მოძრაობები, თქვენი აზრით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ 21 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები სწორედ მსოფმლხედველური ნიშნით ჩატარებული არჩევნები აღმოჩნდეს, რომლის შედეგებითაც ხელისუფლების მთავარი ოპოზიციური ძალა არა ”ლიბერალ-პროდასავლური” ძალები, არამედ ”პატრიოტები” იქნებიან?
- ეს ბატონი კახას აზრია. ალბათ, მხოლოდ ჩვენში შეიძლება ეგონოთ, რომ პატრიოტიზმი თავისუფლების ანტონიმია და პირიქით. რასაც ბატონი კახა ამბობს, ამის მსგავსს, ოღონდ, საპირისპირო ნიშნით, ხშირად ამბობენ ხოლმე ჩვენი ლიბერალებიც, როგორღაც რომ ეუხერხულებათ პატრიოტიზმსა და ეროვნულ ღირებულებებზე ლაპარაკი. მაგრამ საქმე მხოლოდ ეს არ გახლავთ. პატრიოტიზმის ის ფორმები, რომელსაც ე.წ. პატრიოტული ძალები (იმედი მაქვს, უნებურად) გვთავაზობენ, რუსული აგრესიის პირობებში, საკუთარ თავს ეწინააღმდეგება.
პრორუსული სენტიმენტებისა და ქართული პატრიოტიზმის ერთმანეთთან დაკავშირება მას შემდეგ, რაც რუსეთი ამდენი წელია გამოუცხადებელ ომს ეწეოდა და ეწევა ჩვენს წინააღმდეგ თავისი სატელიტების მეშვეობით თუ უშუალოდ, თავისი სამხედრო შენაერთებით დევნიდა ქართულ მოსახლეობას და იკავებდა ჩვენს ტერიტორიებს, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია.
მეორეა ის, რომ საქართველოში ამომრჩეველი იშვიათად, თითქმის არასოდეს აკეთებს არჩევანს მხოლოდ პოლიტიკური იდეოლოგიის თუ პროგრამის საფუძველზე. ეს კარგიც არის და ცუდიც. კარგია იმ მიზეზით, რომ მას აბსტრაქტულ იდეოლოგიაზე მეტად ის პიროვნება აინტერესებს, ვინც მის განხორციელებას გვპირდება.
ჰოდა, სწორედ ამ ინტერესის გამო განუცდია მარცხი არაერთ ზედმიწევნით მომხიბვლელი იდეოლოგით აღჭურვილ პოლიტიკოსს. გაგახსენებთ, რომ 2012 წელს „ქართული ოცნება“ იმდენად ჭრელი წარმონაქმნი იყო, რომ მის იდეოლოგიურ პლატფორმაზე ლაპარაკი შეუძლებელიც გახლდათ. ამომრჩეველმა არჩევანი ერთი პიროვნების საწინააღმდეგოდ და მეორე პიროვნების სასარგებლოდ გააკეთა.
მე დღეს არ მეგულება ისეთი პიროვნება, რომელსაც შეუძლია ისეთივე შფოთი შეიტანოს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორც ეს სააკაშვილმა გააკეთა 2003 წელს ან – ივანიშვილმა 2011-ში. მუხტი მანამდეც არსებობდა, მაგრამ მისი პოლიტიკურ ფაქტად ქცევა მხოლოდ ამ ორმა მოახერხა.
ისევ იდეოლოგიურ ბატალიებს დავუბრუნდები. ჩვენს პოლიტიკოსებს უჭირთ ორი დიდი იდეა – ადამიანის თავისუფლება და პატრიოტიზმი შეათავსონ. ჩვენი იდეოლოგიური ცხოვრება ზოგადად ინდოქტრინიზაციის მაღალი ხარისხით გამოირჩევა.
აბა, ჰკითხეთ ამერიკელ ან ფრანგ ლიბერალს, უყვარს თუ არა თავისი ხალხი და ამაყობს თუ არა თავისი კულტურით? ან ჰკითხეთ ფრანგ ან ამერიკელ კონსერვატორს, პატივს სცემს თუ არა ადამიანის თავისუფლების იდეას? როგორც ვთქვი, ბევრ ჩვენებურ ლიბერალს კი როგორღაც ეუხერხულება პატრიოტიზმი, ხოლო კონსერვატორს კი თავისუფლება ყველა უბედურების წყაროდ მიაჩნია.
ასეთი იდეოლოგიური პროვინციალიზმი და ექსტრემიზმი ჩვენ დიდი ხანია მოგვდევს, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც ჩვენებური ბოლშევიკები პროგრესის სახელით ისტორიულ ძეგლებს ანადგურებდნენ და ტერიტორიებს არიგებდნენ.
ადრე თუ გვიან ჩვენს იდეოლოგებსაც მოუწევთ აღიარება, რომ აგრესიული ლიბერალიზმის დოქტრინა ისევე მოძველდა, როგორც კონსერვატიზმის მეოცე საუკუნის ფორმები და რომ ამომრჩეველს უკვე კარგა ხანია, მოსწყინდა მავანთა მიერ ყოველი არჩევნების მიმართ აპოკალიპსური მოლოდინების გაღვივება.
დასავლეთი არ არის მხოლოდ პოლიტკორექტული ექსტრემიზმით შეპყრობილი მხარე. დასავლეთი მრავალფეროვანია. ამ მრავალფეროვნებაშია მისი იდენტობა და არა ამ იდენტობის რომელიმე ერთ იდეოლოგიურ მნიშვნელზე დაყვანაში. ოდნავ განზე დავდგეთ და ისე შევხედოთ დღევანდელ დასავლეთში მიმდინარე მოვლენებს. ძნელი არ იქნება დავინახოთ, რომ აქ, ქვეყნიერების ამ მხარეში კონსერვატიზმი და ლიბერალიზმი მუდმივად აწონასწორებენ ერთმანეთს. საკმარისია, იმძლავროს ერთმა და მისმა მდგომარეობამ იდეოლოგიური დიქტატის სახე მიიღოს, რომ მოძრაობას იწყებს მისი ალტერნატივა.
საბოლოოდ, ამ პოლარული იდეების დიალექტიკაში ჩანს ყველაზე კარგად უმთავრესი დასავლური ღირებულება: პიროვნებისა და საზოგადოების თავისუფალი განვითარება.
როგორც არ უნდა გვეჯავრებოდეს დონალდ ტრამპი ერთი რამ აშკარაა: ამერიკელმა ამომრჩეველმა ის შვა, როგორც ჩიხში შესული მემარცხენე ლიბერალიზმის ალტერნატივა. ამით ეს უკანასკნელი კი არ განადგურებულა, არამედ თვითგამჟღავნების ახალ ფორმებს შემუშავების შანსი მიეცა. ჩვენში კი იდეოლოგიური ომი ჯერაც ერთგვარი ცივი სამოქალაქო ომის ნაწილია, რასაც ხელს ყველანაირად უწყობენ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები და მათი ჩვენებური მომხრეები.
- მიუხედავად იმისა, პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე არ მალავს, რომ ”ქართული ოცნების” ამომრჩეველი იყო, ახლა მიიჩნევს – ”ასეთი პარტია – ”ქართული ოცნება”-დემოკრატიული საქართველო”, არ არსებობს”. პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის მტკიცებით, – “ოცნების” ყველაზე დიდი ტრაგედია: ივანიშვილის სახით დაკარგა გამარჯვების გარანტია“. თქვენი აზრით, როგორ ”სპორტულ-პოლიტიკურ” ფორმაში ხვდება მოახლოებულ არჩევნებს ”ქართული ოცნება”?
- ბატონი ვაჟა, ალბათ, ჩემზე მეტ ინფორმაციას ფლობს. ჩემი, როგორც გარე დამკვირებლის აზრით, ”ქართული ოცნების” დასამარებაზე საუბარი ნაადრევია. ვფიქრობ, ზოგ მომენტს მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ.
ბიძინა ივანიშვილი ჯერ მხოლოდ ოპოზიციური მოძრაობის ლიდერი იყო, როდესაც პოლიტიკისათვის თავის დანებების სურვილს გამოთქვამდა. გეხსომებათ, რამდენჯერმე განაცხადა, პოლიტიკაში თავს არაკომფორტულად ვგრძნობო. პოლიტიკური სამყარო ძალზე რთულია. ნებისმიერ სხვა სფეროში ზეწარმატებული ადამიანები აქ ხშირად უმწეოდ გამოიყურებიან. ივანიშვილი თავადაც ხედავდა, რომ მისი ავტორიტეტისა და კაპიტალის ექსპლუატაციით ბევრი ვინმე იღებდა დივიდენდებს. გარდა ამისა, ხელისუფლების სათავეში ყოფნა მას ათასგვარი მითქმა-მოთქმისა და გაკილვის სამიზნედ აქცევდა, რაც მისთვის გაუგებარიც იყო და მიუღებელიც. რამდენიმე ხნის განმავლობაში აშკარა იყო ე.წ. კულუარული მმართველობა, რომლის ავტორიც არ იყო მხოლოდ ივანიშვილი.
”ქართულ ოცნებაში” ძალზე ბევრია ისეთი ადამიანი, ვისთვისაც მისი პოლიტიკურ ზედაპირზე ტივტივის გარანტია მხოლოდ ეს ადამიანი იყო და კულუარული მმართველობის პროვოცირებას ისინიც ახდენდნენ. იყვნენ ისეთებიც, ვისთვისაც ივანიშვილი პირადი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების საშუალება იყო.
ალბათ, არანაკლებ მნიშვნელოვანია საერთაშორისო კონტექსტიც. საქართველოში ივანიშვილის გამარჯვების გამო ბევრი რუსი პოლიტოლოგი ისეთივე სიხარულს გამოხატავდა, როგორსაც – მოგვიანებით ტრამპის გამარჯვების შემდეგ. თუნდაც ივანიშვილს სურვილი ჰქონოდა გაეკეთებინა ის, რასაც რუსები ელოდნენ, დღევანდელ საქართველოში ეს მას მარგინალის მდგომარეობაში ჩააყენებდა. დასავლური კურსი არ გახლავთ მხოლოდ ”ნაციონალების” სტრატეგია, როგორც ამის დახატვას რუსები, ჩვენებური პუტინისტები და ზოგი გულუბრყვილო ”ნაციონალი” ცდილობს. ეს ჩვენი ნებაა. მართალია, ეს ნება მუდმივად არ ყვირის, მაგრამ სასაზღვრო სიტუაციაში თავის საქმეს აკეთებს.
განვლილი ორი საუკუნის, მით უმეტეს, განვლილი ოცდაათი წლის ხსოვნა ზედმეტად ცოცხალია, რომ ამ ძირეულ განწყობასთან დაპირისპირება ვინმე სერიოზულმა, თუნდაც უდიდესი ავტორიტეტის მქონე ადამიანმა გადაწყვიტოს. არ გამოვრიცხავ, რომ რუსები ივანიშვილის ბიზნესის რუსული წარმომავლობით ცდილობდნენ მანიპულირებას და არაკომფორტულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო ესეც იქნებოდა. ამას დაუმატეთ ისიც, თუ საერთაშორისო არენაზე როგორ უხერხულობას აჩენდა ის ფაქტი, რომ ქვეყანას მისი უმდიდრესი ადამიანი მართავდა – როგორი კრისტალურად სუფთაც არ უნდა იყოს ეს ადამიანი.
დასავლეთში უკვე დიდი ხანია იციან თუ როგორი საფრთხეა ქვეყნის ნორმალური განვითარებისათვის ძალაუფლების ყველა შტოს თავმოყრა ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის ხელში. ეს იმთავითვე იცოდა ივანიშვილმაც, ამიტომაც, მისი სურვილი, პოლიტიკას გარიდებოდა, სრულიად ლოგიკურიც არის და გამართლებულიც.
ივანიშვილი პოლიტიკისგან დისტანცირდა თუ არა, თვალსაჩინოდ გაიზარდა ამერიკელების მხარდაჭერა. მან გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაედგა. არსებობს მითქმა-მოთქმა, რომ ჩრდილოური დაწოლით იგი იძულებული გახდება თავისი რესურსები ე.წ. პუტინისტური ძალების სასარგებლოდ მიმართოს. თუნდაც დავუშვათ ამის შესაძლებლობა, ძნელი წარმოსადგენია ისეთი ფინანსური რესურსი, რომელიც მათ სერიოზულ ძალად ჩამოაყალიბებს.
პოლიტიკაში, მიუხედავად მისი პრაგმატულობისა, მიუხედავად იმისა, რომ მას ხშირად ირაციონალური განწყობები მართავენ, მორალური და ფსიქოლოგიური რესურსი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.
რაც შეეხება ”ქართულ ოცნებას” – ყოველივე ნათქვამის შესაბამისად იქაც მიმდინარეობს მისი ახალი რაობის შემუშავების პროცესი. გარკვეული აქტორები უკანა პლანზე გადაინაცვლებენ – განსაკუთრებით ისინი, ვისაც პრორუსული სენტიმენტები გააჩნიათ. ისინი შეიძლება მალე სხვა რუსოფილურ წარმონაქმნებში ვიხილოთ.
მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის ბევრი რამ დალაგდება. ვფიქრობ, ნაწილობრივ გამოიკვეთნენ და კვლავაც გამოიკვეთებიან ახალი ლედერები, რომლებიც თანამიმდევრულად შეძლებენ იმისგან გათავისუფლებას, რაც ”ქართული ოცნების” სოციალურ პორტრეტს ამახინჯებს.
იზრდება გიორგი კვირიკაშვილის დამოუკიდებლობის ხარისხი და მისი პოლიტიკური ქცევა უფრო გაბედული და რელიეფური ხდება. თუ ადრე სერიოზულად გამოიყურებოდა ბრალდება, რომ იგი მხოლოდ ფასადური ფიგურაა, დღეს ის ახერხებს ამ ბრალდებისაგან გათავისუფლებას. ცხადია, ამის შესაბამისად მატულობს მის მიმართ აგრესიაც. მნიშვნელოვნად იზრდება კახი კალაძის როლი.
მოკლედ, ჩემი აზრით, ”ოცნებას” ჯერ კიდევ აქვს სერიოზული რესურსი. თანაც, ”ქართული ოცნების” გასვლა პოლიტიკური სცენიდან გააჩენდა ვაკუუმს, რომლის შემვსებიც დღეს არავინ ჩანს და რომლის დაკავებასაც ვინმე მხოლოდ რევოლუციური ვნებათაღელვის შედეგად თუ შეძლებდა. ასეთი ვნებათაღელვა კი, როგორც არაერთხელ გამოვცადეთ, მრავალ შემთხვევით ადამიანს უხსნის გზას. მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ ”ნაცმოძრაობა” ან ”ევროპული საქართველო,” არამედ მათი ანტიპოდებიც, რომლებიც, როგორც ვთქვი, ნავის დარწევისა და ზღვრული დაძაბულობის გაჩენის სტრატეგიას დაადგნენ.
- ოქტომბრის არჩევნებში რა შედეგის მიღების შანსები აქვთ ”ნაციონალებს” და მათ განაყოფ -”ევროპელ დემოკრატებს”?
- ძნელია წინასწარმეტყველება. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, ალბათ, მათი ჯამური მაჩვენებელი ახლოს იქნება საპარლამენტო არჩევნებზე მიღებულ შედეგებთან.
თუ სოციალურ ქსელებს მიადევნებთ თვალს, დარწმუნდებით, რომ მეტის მოლოდინი არსებობდა ელენე ხოშტარიას მიმართ. იგი საქმიანი და ძლიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამასთან, ვფიქრობ, ამ ეტაპზე მისი წინასაარჩევნო ქცევა ზედმეტად აკადემიურია, მოკლებულია რელიეფურობას და ზედმეტად არის დამოკიდებული პიარის ტრადიციულ ფორმებზე. ჯერჯერობით მას არაფერი გაუკეთებია მის მიმართ მოლოდინის გასაძლიერებლად, თუმცა დრო ჯერ კიდევ აქვს.
რაც შეეხება ”ნაცმოძრაობას,” სამწუხაროა, რომ მის ბევრ წარმომადგენელში არ განელდა ხისტი რევანშისტული განწყობა და „რაც უარესია, მით უკეთესიას“ პრინციპით მოქმედებენ.
ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ჯერაც ვერ გარკვეულა, რომ არსებობს რაღაც, რაც ყველა მხარის ზრუნვისა და თანამშრომლობის საგანია. იმდენი ნიშნისმოგებით გაკეთებული განცხადებები ვრცელდებოდა ხანძრებთან დაკავშირებით მასმედიაში, თითქოს საქმე მტრულ ქვეყანაში მიმდინარე ამბავს შეეხებოდეს. ამ დროს, როდესაც საქმე კრიზისულ სიტუაციას ეხება, ჩვენი მოქალაქე სწორედ რომ ყველა პოლიტიკური ძალის თანამშრომლობას მოითხოვს. ერთი წამით წარმოიდგინეთ, ”ნაცმოძრაობას” ავნებდა თუ არგებდა, ხანძრის ჩაქრობის საქმეში ხელისუფლებისათვის რაღაც ფორმით მაინც თანადგომა რომ გამოეცხადებინათ? ამის ნაცვლად, ”ნაცმოძრაობის” ზოგი წარმომადგენლის თუ მომხრის განცხადებამ პუტინისტურ ძალებს საბაბი მისცა, ხანძრის გაჩენაში მათთვის დაედო ბრალი. მოკლედ, ”ნაცმოძრაობას” აშკარად, პოლიტიკური ტექნოლოგიების კრიზისი აქვს.
- პოლიტიკოსთა და დამკვირვებელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი ჩიხშია შესული. ოპოზიციურ პარტიათა უმრავლესობა აცხადებს – ”თუ ხელისუფლება მაჟორიტარულ სისტემაზე უარს არ იტყვის, ისინი საკონსტიტუციო საკითხებზე დაგეგმილ შეხვედრას დატოვებენ და კონსულტაციების მორიგი რაუნდი ჩაიშლება”. თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხდება და სავარაუდოდ, მოქმედების რა სცენარს აირჩევს მმართველი გუნდი, რომელსაც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავს? დამოუკიდებელ ექსპერტ ზაალ ანჯაფარიძის აზრით, -”მალე გამოჩნდება მაჟორიტართა ბუნტი ბუნებრივი იყო თუ ხელოვნურად ინიცირებული”…
- ვერ გეტყვით, მმართველ გუნდში როგორი გადაწყვეტილება მომწიფდება, მაგრამ ვფიქრობ, ორივე მხარე საბოლოოდ იძულებული იქნება რამეზე შეთანხმდნენ, თუმცა კი შეეცდებიან ეს ისე გააკეთონ, რომ მოლაპარაკებებსა და კონსესუსზე წასვლა მარცხად არ ჩაეთვალოთ. ჯერჯერობით, ორივე მხარე მეორისგან მკვეთრ დათმობებს ელოდება.
- საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი გააღიზიანა გავრცელებულმა ცნობამ, რომ 166-ე სკოლის მოსწავლეები რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ბანაკ ”არტეკში” დასასვენებლად და რუსული ენის უკეთ შესასწავლად იმყოფებიან. განათლების მინისტრმა ჯეჯელავამ ამ თემაზე საუბრისას კი განაცხადა რომ მის უწყებას დაქვემდებარებული ვინცაა, ”ყველანი დაისჯებიან”.
როცა საქართველოს მოქალაქეებს დარღვეული აქვთ უკრაინისა და საერთაშორისო სამართლის ნორმები, მინისტრის ნათქვამიც მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა ალბათ უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამაა – თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი, რამაც განაპირობა საჯარო სკოლის მასწავლებლებსა და ამავე ბავშვების მშობლებს წაეხალისებინათ თავიანთი ბავშვები, რომ მათ პოლიტიკური თვალსაზრისით სრულიად გაუმართლებელი ნაბიჯი გადაედგათ?
- ახალს ვერაფერს ვიტყვი: სრულიად უპასუხისმგებლო ნაბიჯია. ვიღაცას არ ესმის ან არ სურს გაიაზროს, თუ როგორ კავშირშია მათი საქციელი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემებთან და დევნილების ბედთან და რომ მათ მხოლოდ უკრაინელთა კი არა, ჩვენი დევნილების მიმართაც მორალური დანაშაული ჩაიდინეს. ეს იმასა ჰგავს, უკრაინელ მასწავლებლებს თავისი ბავშვები დასასვენებლად აფხაზეთში ჩაეყვანათ. არავინ ლაპარაკობს, რომ რუსული ენის სწავლა არ არის საჭირო. ლაპარაკი პოლიტიკურ აქციაზეა. ნებსით თუ უნებლიეთ, მავან მასწავლებელთა ნაბიჯი სრულიადაც არ აღმოჩნდა საგანმანათლებლო მიზნებისა და ამით მათ სოლიდარობა გამოუცხადეს ქვეყანას, რომელიც უკვე დამოუკიდებლობის პირველი დღიდან გამოუცხადებელ ომს აწარმოებს ჩვენთან. ცუდია, როცა პედაგოგები „ერთმორწმუნე რუსეთის“ თუ „უახლოესი მეზობლის“ ფანტომურ იდეათა ტყვეობაში ექცევიან. ცდება, თუ ვინმეს მსგავსი ნაბიჯები რუსეთთან დიალოგის დაწყების მცდელობად მიაჩნია. რა თქმა უნდა, რუსეთთან ურთიერთობათა მოგვარებას ალტერნატივა არა აქვს, მაგრამ თუ ამ ფორმის გზით წავალთ, ეს სხვა არაფერი იქნება, თუ არა შექმნილი ვითარების დაკანონება.
უკვე ვთქვი, რომ დღევანდელი რუსული პოლიტიკა არც კი განიხილავს ჩვენთან მიმართებაში რამეს შეცვლის შესაძლებლობას. ამ ეტაპზე ის ჩვენგან არსებითად უარის თქმას მოითხოვს დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად და მომავალი თაობებისათვის შესაძლებლობების გასახსნელად, ქართველის – საბჭოთა ადამიანისაგან გათავისუფლებისათვის გაღებულ ძალისხმევაზე. იმის გარანტია, რომ ეს არ მოხდება, მხოლოდ ჩვენს საერთაშორისო მხარდაჭერაში თუ შეიძლება ვეძიოთ და არა მასზე უარის თქმაში. ერთი ძველი იგავი არსებობს. მგლებმა ცხვრებს შერიგების პირობად ნაგაზებზე უარის თქმა დაუდეს. ჰოდა, ცხვრებმაც განდევნეს ნაგაზები. შედეგი ნათელია.
უდიდესი მნიშვნელობა აქვს აშშ კონგრესის მიერ დაწესებულ სანქციებს და აშშ ვიცე-პრეზიდენტის მიერ გახმაურებელ პოზიციას. ყოველივე ამის მიმართ არც გადაჭარბებული მოლოდინები უნდა გვქონდეს და არც ნიჰილისტური დამოკიდებულება. დღეს ეს ყველაფერი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი არგუმენტია, პირველ რიგში, სწორედ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების გზაზე. მოგეხსენებათ, პოლიტიკა პროცესია.
სამწუხარო ფაქტია, რომ საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არა აქვს ქართული სახელმწიფოს მიმართ მგრძნობელობა, მას ერთგვარ ეფემერად მიიჩნევენ და დარწმუნებული არიან, რომ ძველი რეალიების მობრუნება შესაძლებელია. ასეთებს სინდისის ქეჯნის გარეშე შეუძლიათ მოგვიწოდონ იმისკენ, რაც, არსებითად, სხვა არაფერი იქნება, თუ არა ისტორიული კაპიტულაცია და სულ მცირე, რამდენიმე საუკუნით ქართული სახელმწიფოს იდეის დასამარება.
საბოლოოდ, ეს ადამიანები მოგვიწოდებენ იმ სამყაროში მიბრუნებისაკენ, რომელიც, მიუხედავად მორალისტური პოზისა, არავის უთმობს პირველობას პროსტიტუციის, ნარკომანიის, ალკოჰოლიზმისა და მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულთა, ოჯახების ნგრევის, უსახლკაროთა და სხვა მრავალი სტატისტიკით.
დარწმუნებული ვარ, სწორედ ამგვართა კაპიტულანტური განწყობების გაღვივებას ისახავს მიზნად მართულხლართების გადმოწევა, ადამიანთა გატაცება, ადამიანთა დარწმუნება, რომ დამოუკიდებლობის წლებს უზნეობისა და გაჭირვების მეტი არაფერი მოუტანია ჩვენთვის და ა.შ.
სულ ორიოდე წლის წინ ჯერ კიდევ გვიკვირდა, როდესაც ვინმე პირად საუბარშიც კი ბედავდა პრორუსული სენტიმენტების გამოხატვას. დღეს ეს უკვე აღარ გვიკვირს. სამწუხაროა, რომ ამდენმა ადამიანმა თავი არცთუ სახარბიელო როლისათვის გაიმეტა.
როგორც ჩანს, ჯერაც არ გამოლეულან იმ ყაიდის ქართველები, ვინც მავან ველიკოდერჟავნიკს თავს დიდი, მარად უმწიფარი, მხიარული და თავქარიანი არსების როლში სთავაზობს. ესაა მათი ბიზნესი. ამის ტრადიცია ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში გაჩნდა.
მისი წყალობით ათწლეულების განმავლობაში იღებდნენ წოდებებს, ორდენებს, მიწებს, პრემიებს, ბინებს, აბინავებდნენ შვილებს, იხვეჭდნენ სახელს და ა.შ. მთავარია, თავქარიანი ოპტიმიზმის გამომხატველი სახით გამოუცხადონ ჩრდილოელ ბატონებს – აი, ზუსტად ისეთები ვართ, თქვენ რომ გინდათო.
ჰოდა, რუს ველიკოდერჟავნიკსაც სწორედ ასეთი ქართველები უნდა: მის გასართობად მომართული ეგზოტიკური არსება, რომელიც მისთვის კარგ ღვინოსაც დააყენებს და მწვადსაც შეწვავს. მავანებმა დღეს სამი ათწლეულის განმავლობაში თავშეკავების შემდეგ მიიჩნიეს, რომ უკვე დადგა ჟამი, როდესაც შეიძლება უკან გაგვრეკონ იმ სამყაროში.
ბევრს ბოლომდე ვერ დაუჯერებია, რომ საქართველო, მიუხედავად მისი სიმცირისა და სიღარიბისა, სახელმწიფოა, რომ საერთაშორისო ქცევაში მან ისეთივე პირობითობები უნდა დაიცვას, როგორსაც სხვები იცავენ, მას ისევე მოეთხოვება თავისი სახელმწიფოებრივი ღირსების დაცვა და პირველივე გასაჭირისას უკან არ უნდა მიეახლოს მოძალადეს.
სახელმწიფოებრივი ღირსება და თავის მონობაში ჩამტკბარი ლუკაია ლაბახუას ფსიქოლოგია შეუთავსებლებია. ჰოდა, სწორედ ამ ორი კონფლიქტის დროს შეიძლება ლუკაია ლაბახუამ ჩამოაგდოს ლაპარაკი ქართული სახელმწიფოს არსებობის მართლზომიერებაზე. ბედად, ამგვარი ადამიანების ოდენობა არც ისე დიდია, მათი ოდენობა ყოველდღიურად კლებულობს, თუმცა დარჩენილები თავისი აგრესიული ხმაურით ცდილობენ ვითარების შეცვლას.
- გახშირდა საუბრები, რომ ხანძარი საქართველოს ტყეებში შემთხვევით არ გაჩენილა. პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და მთავარმა პოლიციელმაც არ გამორიცხეს ხანძრების ხელოვნულად გაჩენის ალბათობა. სამწუხაროდ, ხანძრების გაჩენაში რუსეთის კვალსა და ოფიციალური თბილისის მიმართ კრემლის მოთხოვნებზე ძირითადად, ის პოლიტიკური ჯგუფები აქტიურობდნენ, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში რუსული ინტერესების გატარებაში არიან შემჩნეულნი. ამგვარი ეჭვები მას შემდეგ კიდევ უფრო გამძაფრდა, რაც პოლიციელებმა ბორჯომის ტყეში ბენზინის ბიდონი იპოვეს. თქვენი აზრით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ საქართველოს ტყეებში ხანძრების გაჩენი უკან რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ?
- ეჭვს ბევრი გარემოება აჩენს. პირველ რიგში საეჭვოა ის ფაქტი, რომ სწორედ ხანძრის თუ ხანძრების გაჩენის წინა დღეებში სამაჩაბლოში ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები გაავლეს. ეჭვს აძლიერებს ისიც, რომ ზედიზედ ხანძრის რამდენიმე ეპიცენტრი გაჩნდა ერთმანეთისაგან საკმაოდ შორს. ცუდად ჩანს კიევის ცენტრში განხორციელებული ტერაქტიც. თუ ეს ვერსია მართალია, ის სრულიად ჯდება ჩვენს მიმართ რუსული პოლიტიკის ქცევის კონტურებში.
ლაპარაკი არა მაქვს მატერიალურ ზარალზე. ბედად, ეს ზარალი არ არის დიდი მასშტაბების – მით უმეტეს თუ პორტუგალიაში, საბერძნეთსა და ხორვატიაში გაჩენილ ხანძრებს გავიხსენებთ. პორტუგალიაში ხანძარს ექვსი ათეული ადამიანი შეეწირა, ხოლო ტერიტორიულად ჩვენზე მცირე ხორვატიაში 83 000 ჰექტარი ტყე განადგურდა. არადა, მავანი წრეები შეეცადნენ აპოკალიპსური სურათი დაეხატათ და კრიზისი ისევ ერთმორწმუნე რუსეთთან ურთიერთობის თემასთან დაეკავშირებინათ.
მთავარი საეჭვო გარემოება კი თქვენ თავად ახსენეთ: პრორუსული სენტიმენტების ადამიანებისა და ჯგუფების მოწოდება, რომ რუსული დახმარებით გვესარგებლა, რასაც, ცხადია, ქართულ-რუსული საუკუნივანი ერთობის შესახებ სპეკულაციები მოჰყვებოდა.
ყველაფერი ეს მხოლოდ ეჭვებია, თუმცა კი სრულიად ექცევა რუსეთის მიერ პოსტსაბჭოთა სივრცეზე გამოყენებული პოლიტტექნოლოგიების კონტექსტში. ხანძრების გამო აპოკალიპსური განწყობების შექმნით, საზღვრების ყოველდღიური გადმოწევით თუ მუსლიმებთან საუკუნოვანი დაპირისპირებისა და ახალი „დიდი თურქობის“ თემის პედალირებით, ჩვენი შინნაზარდი პოლიტკორექტულების შეცდომათა გამოყენებით და ა.შ. არ ამოიწურება იმ ხერხთა ერთობლიობა, რომლითაც ჩვენს უბრალო ადამიანს შიშის, პანიკის, უიმედოობისა და ა.შ. განწყობა უნდა დაეუფლოს.
მოგვიწოდებენ, რუსულ ოკუპაციასთან და ასიათასობით დევნილთან ერთად მოსკებისა და ხალიბების განსახლების ადგილებიც გვახსოვდეს. საკმარისია, საზღვრების გადმოწევა ახსენო, რომ მაშინვე ტაო-კლარჯეთსაც აღარ სჯერდებიან და ქვეყანას ამერიკის მიერ ოკუპირებულად აცხადებენ. ან ძალიან არაადექვატურნი არიან ან ძალიან არ უნდა გვცემდნენ პატივს თუ ფიქრობენ, რომ ყველაფერი ეს იმუშავებს და მაშველ რგოლად ისევ მართლმადიდებელ რუსეთთან „საუკუნოვან მეგობრობას“ მოვუხმობთ.
მე მხოლოდ რამდენიმე გავიხსენე და კიდევ ბევრი ხერხი არსებობს და არ ვიცი, რამდენად არიან ჩვენი უშიშროების ორგანოები ამისთვის მზად. ის, ვინც თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს ნონსენსად მიიჩნევს – ასეთები შინაც გვყოლია – ყოველგვარი სინდისის ქეჯნის გარეშე იყენებს ფსიქოლოგიური ტერორის ხერხებს და ამაში თავად ჩვენ არ უნდა შევუწყოთ ხელი.
საბედნიეროდ, ყოველივე ამას დასასრული უწერია ისევ და ისევ საერთაშორისო კონტექსტის წყალობით. მართალია, რუსეთის მმართველები ცდილობენ, ირონიულად ილაპარაკონ ახალ სანქციებზე, მაგრამ ფაქტია, რომ მათი გამოცხადების შემდეგ მოხდა სრულიად მოულოდნელი რამ: ე.წ. კრიპტოვალუტაში დაბანდებული ფულის ოდენობა ოცი დღის განმავლობაში დღეში საშუალოდ ერთი მილიარდით იზრდებოდა. ანუ ხდებოდა თანხების მოხსნა და მათი გადანაცვლება შედარებით უსაფრთხო ადგილას და ამერიკელები სერიოზულად არკვევენ ამ თანხების წარმომავლობას. არაფერი დაიმალება.
ეს ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ ეს სანქციები არც ისე უსაფრთხო ყოფილა და ჩვენი შინნაზარდი პუტინისტების მცდელობებს რეალურ შედეგად მათთვისვე ცუდი მორალური შედეგები შეიძლება მოჰყვეს.
„კვირის პალიტრა“, 28 აგვისტო, 2017 წელი
ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „თუ ვინმეს უნდოდა ხელისუფლების სისუსტის ჩვენება, ეს ოპოზიცია იყო“ // „თუ ორგანიზატორი ხელისუფლების დისკრედიტაციასა და საქართველოს ეკონომიკის განადგურებაზე იყო ორიენტირებული, მაშინ ეს ნაწილობრივ მოახერხა“
რუსუდან შელია
ბორჯომის ტყეში მომხდარი ხანძრის შესახებ ექსპერტ მამუკა არეშიძეს ვესაუბრებით.
- რთული სათქმელია, დივერსიული აქტი მოაწყვეს თუ არა, თუმცა, სანამ ამას გამოძიება დაადგენს, დივერსიის ნიშნები ნამდვილად არის. გარდა იმისა, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთდროულად გაჩნდა ხანძარი, ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალშიც ცეცხლი სხვადასხვა ადგილას მოედო, რაც პირდაპირ მიანიშნებს, რომ კერა ხელოვნურად გაჩნდა, – ამბობს მამუკა არეშიძე.
- თქვენი აზრით, ვის ინტერესში იყო დივერსიული აქტი და რატომ?
- იოლად შეგვიძლია ხელი რუსეთისკენ გავიშვიროთ, მაგრამ თან შეკითხვა დავსვათ: ვინ რა შედეგი მიიღო დივერსიით? თუ ორგანიზატორი ორიენტირებული იყო ხელისუფლების დისკრედიტაციასა და საქართველოს ეკონომიკის განადგურებაზე, მაშინ ეს ნაწილობრივ მოახერხა, მაგრამ რუსეთს საქართველოზე ზეწოლის იმდენი ბერკეტი აქვს, ხანძრების სერია რაში სჭირდებოდა?! არ გამოვრიცხავ, ოპოზიციური პარტიების ინტერესებთანაც გვქონდეს საქმე, რომლებსაც წინასაარჩევნოდ დაძაბული ფონის შექმნა აწყობთ – თუ ვინმეს უნდოდა ხელისუფლების სისუსტის ჩვენება, ეს ოპოზიცია იყო.
- ყოფილ ხელისუფლებას გულისხმობთ?
- არ დავაკონკრეტებ, ისედაც ნათელია ყველაფერი. თუმცა, ჩემი აზრით, რუსეთია თუ ოპოზიციური პარტია, დივერსიის მომწყობმა მიზანს სრულფასოვნად მაინც ვერ მიაღწია – ხელისუფლების ასპროცენტიანი დისკრედიტაცია ვერ მოხერხდა. საზოგადოება მიხვდა, რომ ხანძრების სერია დიდი ალბათობით ხელოვნურად გაჩნდა, რადგან რამდენიმე ლოკაციას ერთდროულად ეკიდა ცეცხლი, ხელისუფლება კი, ბუნებრივია, ასეთ მასშტაბებს ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, ვერ გასწვდებოდა. მეტიც, ბევრს ხელისუფლებისადმი სოლიდარობის განცდაც კი გაუჩნდა. კიდევ შეიძლება არაერთი ასეთი სტიქიური უბედურება თავს დაგვატყდეს, ამიტომ როგორც ინტელექტუალური, ისე ტექნიკური რესურსების მაქსიმალური მობილიზებაა აუცილებელი.
„კვირის პალიტრა“, 28 აგვისტო, 2017 წელი
„ცეცხლი პარალელურად მძვინვარებდა ბორჯომში, ატენსა და დუშეთში, ანუ ზუსტად იქ, სადაც ცეცხლი 2008 წლის აგვისტოსაც გაჩნდა // „მიზანი მიღწეულია – გადახედეთ სოციალურ ქსელებს და საზოგადოების ნეგატიურ განწყობას ხელისუფლების მიმართ. ამას ნეგატიური ეკონომიკური შედეგი ექნება“
რუსუდან შელია
ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო კვლევითი ცენტრის დირექტორი დავით კუხალაშვილი დივერსიის მცდელობას ყველაზე რეალურად მიიჩნევს:
- ხანძრის სერიებზე რამდენიმე ვერსია მაქვს, თუმცა, ყველაზე რეალურად ცეცხლის კერების მიზანმიმართულად გაჩენა მიმაჩნია. ეს ხელს აძლევს ყველა იმ სახელმწიფოს, რომლებიც დაინტერესებული არიან ქვეყანაში დესტაბილიზაციით. საზოგადოდ, სპეცსამსახურები ხანძრების სერიას გეგმავენ მაშინ, როდესაც ობიექტ სახელმწიფოში სახანძრო უსაფრთხოების სისტემას შეისწავლიან – ანუ, თუ ვემხრობით ვერსიას, რომ დივერსია კონკრეტულ სახელმწიფოში დაიგეგმა, იქ კარგად იცოდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ხანძრების სერიას მოუმზადებელი შეხვდებოდა. განვითარებული მოვლენებიც ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ამ მასშტაბის ხანძრების ლოკალიზებისთვის მზად არ აღმოჩნდა. სხვა შედეგის მოლოდინი არც უნდა გვქონოდა, რადგან ბოლო 26 წელია საქართველოში სახანძრო უსაფრთხოებას ყურადღებას არავინ აქცევს. არაფერს ვამბობ ტექნიკურ აღჭურვილობაზე – ერთის გარდა, ვერტმფრენი ჩვენ არა გვყავს და სახანძრო მანქანების უმრავლესობაც ძველი და ამორტიზებულია. ამ დროს კი კრიზისების მართვის საბჭოს, რომელიც, ფაქტობრივად, საჭირო დროს უფუნქციო და უუნარო აღმოჩნდა, სოლიდურ ხელფასებს ვუხდით.
- გარდა ხანძრის რამდენიმე ლოკაციისა, კიდევ რა გაძლევთ დივერსიის ვერსიის განვითარების საფუძველს?
- თუ მოქმედებების ჯაჭვს დავაკვირდებით, დიდი ალბათობით უკვე რამდენიმე დღეა ქვეყანაში სწორედ სადაზვერვო-დივერსიულ ხანძარს ვუყურებთ. ფაქტობრივად, საქართველოს ცეცხლი `გაუხსნეს~. ხანძარი იყო გაფრთხილება, რომ ვიღაცას მარტივად შეუძლია საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენა და მოქალაქეებისთვის განცდის გაჩენა, რომ ხელისუფლება მათ დაცვას ვერ ახერხებს – ასეთი განწყობების მობილიზება კი, როგორც წესი, იმისთვის არის გათვლილი, რომ საჭიროების შემთხვევაში გარე პირმა კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივ რღვევასაც მიაღწიოს – ანუ უკმაყოფილება მასშტაბურ პროტესტში გადაზარდოს და არეულობის პროვოცირება სცადოს!
- ახლა კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებზე მიანიშნებთ თუ ისევ გარე სახელმწიფოს მიზნებზე?
- მე არც ერთ ვერსიას არ გამოვრიცხავ. არსებობს მეორე ვერსია – შესაძლებელია, ცოტა ხნის წინათ ბორჯომის ტყის ტერიტორიაზე ხეებს უკანონოდ ჭრიდნენ და კვალის წასაშლელად ვიღაცამ ხანძრის ინსპირირება სცადა. ხეტყეს კი არა, კვალის დაფარვის მიზნით სასაწყობე მეურნეობებს ანადგურებენ.
კიდევ ერთ ვერსიად დაუდევრობა შეგვიძლია ჩავთვალოთ – ვიღაცამ სიგარეტი გადააგდო ან ტყეში ისადილეს და კოცონის ნარჩენები კარგად არ ჩააქრეს. თუმცა, ეს ორი ვერსია არარეალურად მეჩვენება – ხანძარი ტყის ზედა ნაწილზე გაჩნდა, სადაც ადამიანები სასეირნოდ არ ადიან, თან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხანძრის პირველი კერა უკვე ნახანძრალ ტერიტორიაზე გაჩნდა, ანუ ზუსტად იქ, სადაც 2008 წლის კვალი დღესაც თვალსაჩინოა – რუსეთის მიერ გაჩენილი ხანძრის დროს გადამწვარი ხეების ტერიტორიიდან გატანაზე არავის უზრუნია და ფერდობზე გამხმარი ხეები ეყარა. დივერსიის ვერსიას კიდევ ერთი ფაქტორი აძლიერებს – ბორჯომი ტურისტებით ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ადგილია, ამიტომ ვინც ხანძარი გააჩინა, ისიც გათვალა, რომ ამით ქვეყანაში ტურიზმის განვითარებასაც მნიშვნელოვნად შეაფერხებდა. წარმოიდგინეთ, როდესაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოქალაქე ისმენს, რომ ხანძრის ლიკვიდირება ერთი კვირის განმავლობაში ვერ ხერხდება, ესე იგი, ტერიტორია არ არის უსაფრთხო და მას საქართველოში ჩამოსვლის სურვილი უქრება. ესეც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების გეგმაზე მიანიშნებს, ანუ დიდი ალბათობით, საქმეში ჩართული იყო ეკონომიკური დაზვერვა, რომლის მიზანი ტურიზმის განვითარებისთვის ხელის შეშლაც იყო.
- ანუ, თუ სხვა სახელმწიფოში, და დიდი ალბათობით, რუსეთს გულისხმობთ, დივერსია მართლაც დაიგეგმა, ფიქრობთ, შედეგებიდან გამომდინარე მიზანი მიღწეულია?
- მიზანი მიღწეულია – გადახედეთ სოციალურ ქსელებს და საზოგადოების ნეგატიურ განწყობას ხელისუფლების მიმართ. ამას ნეგატიური ეკონომიკური შედეგი ექნება, ბორჯომში ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება.
- და ქართველ სპეცსამსახურებს მტრულად განწყობილი სახელმწიფოების მიზნების გაქარწყლების რესურსი არ გააჩნია? მით უმეტეს, ოპოზიცია აცხადებს, რომ რუსულ მედიასაშუალებებში ამაზე მინიშნებები იკვეთებოდა და რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძარსაწინააღმდეგო თხრილების გათხრა შემთხვევითი არ არის...
- თუ ასეთი ინფორმაცია სახელმწიფოს ჰქონდა და მით უმეტეს, თუ რუსულ მედიასაშუალებებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე სამუშაოებს
დავაკვირდებოდით, ოპერატიული ანალიზის გაკეთება შესაძლებელი იყო. ქვეყანაში მობილიზება უნდა გამოცხადებულიყო, რომელშიც არა მხოლოდ პოლიცია ან უშიშროების სამსახური, თავდაცვის სისტემაც ჩაერთვებოდა.
- შსს-ს ორგანიზებით, ბორჯომის სასტუმროებში რამდენიმე ტურისტი შემოწმდა. ეს, ფაქტობრივად, მიანიშნებს, რომ გამოძიება დივერსიის ვერსიას დაადგა?
- თუ დავაკვირდებით ტურიზმის განვითარებას, ფეხითა და ველოსიპედით შემოსული ტურისტების რაოდენობა ჭარბობს, ამიტომ შემოსული საეჭვო პირების ოპერატიულად გაკონტროლება აუცილებელია, რათა განისაზღვროს რეალურად ტურისტი შემოდის, დივერსანტი თუ ტერორისტი. ზოგჯერ მგონია, რომ ქვეყანაში ანალიტიკური სისტემა საერთოდ მოშლილია, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ შეიძლება ამდენი პრობლემა ერთიანად იჩენდეს თავს. გამოძიებისას სახელმწიფომ კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებას უნდა მიაქციოს ყურადღება – ცეცხლი პარალელურად მძვინვარებდა ბორჯომში, ატენსა და დუშეთში, ანუ ზუსტად იქ, სადაც ცეცხლი 2008 წლის აგვისტოსაც გაჩნდა.
- ანუ, თუ რუსული კვალი რეალურია, ლოკაციებიც 2008 წლის ანალოგიურად შეირჩა?
- გამოძიებისას აუცილებელია დაინტერესება ზუსტად იმავე ტერიტორიაზე რატომ და რა მიზნით გაჩნდა ხანძარი. ასევე, გამოიკვეთონ კონკრეტული პირები, რომლებიც დივერსიული ქმედებების გამო ნასამართლევები იყვნენ და დღეს თავისუფალი არიან. სასურველია, გადამოწმდეს კონკრეტული ინფორმაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეებზეც – იმყოფებოდა თუ არა იმ ტერიტორიაზე საეჭვო პირი ან ტრანზიტად ხომ არ გამოიყენა აღნიშნული გზა. რაც შეეხება მიზნებს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე წვრთნებიც საფრთხის შემცველია – 1921 წლის ანალოგია მახსენდება, როდესაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრებთან ჯარის თავმოყრა ანექსიის წინა პირობა გახდა. დღეს არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა, ფაქტია, ყველაფერი ამ ჯაჭვის შემადგენელი რგოლებია და საკითხი კომპლექსურად უნდა გავაანალიზოთ.
„კვირის პალიტრა“, 28 აგვისტო, 2017 წელი
ანალიზი: ავიაციის ეფექტი ბორჯომის ტყის ხანძრის ჩაქრობისას
საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა რეაქტიული Ил-76П-ს გამოყენება, რომელსაც 6-8 წმ-ში 40 ტონა წყლის გადმოღვრა შეუძლია ხანძრის კერის თავზე, მაგრამ რადგანაც ეს სახანძრო თვითმრინავები მხოლოდ რუსეთს აქვს, ყველაფერი უკვე პოლიტიკას უკავშირდება
ირაკლი ალადაშვილი
აგვისტოს მიწურულს ბორჯომის რაიონში ტყის ხანძრების ჩასაქრობად ავიაციის გამოყენებით მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერაცია ჩატარდა. საჰაერო-სახანძრო ოპერაციაში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ორ [რუსულ] Ми-8MT ტიპის შვეულმფრენთან ერთად, მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის კუთვნილი [რუსული წარმოების] Ка-32а, თურქეთის კუთვნილი რუსული Ми-8MT და Ка-32а, ასევე ბელორუსიიდან გამოგზავნილი [რუსული] Ми – 26Т ტიპის შვეულმფრენი. თურქეთიდან ასევე ჩამოფრინდა [კანადური წარმოების] CL-215 ტიპის ერთი სახანძრო თვითმფრინავი-ამფიბიაც. გარდა ამისა, აზერბაიჯანის სასაზღვრო ჯარების ორი [ასევე რუსული] Ми-8MT ტიპის შვეულმფრენი რამდენიმე დღე ხანძრის კერების თავზე სიტუაციის საჰაერო მონიტორინგს ახორციელებდა.
სტატიის ავტორი ორი დღის განმავლობაში უშუალოდ აკვირდებოდა ხანძარსაწინააღმდეგო ავიაციის მოქმედების ტაქტიკას და შეუძლია გააანალიზოს მისი მოქმედების ეფექტიანობა.
ხანძრის კერების ავიაციის გამოყენებით ჩაქრობისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ოპერატიულობას, სიზუსტესა და წყლის მოცულობას.
ყველა შვეულმფრენი იყენებდა ხანძარსაწინააღმდეგო კალათებს დაგუბებული მდინარის ან ტბის წყლით ასავსებად. Ми-8MT ტიპის შვეულმფრენებს ასეთი კალათებით, მაქსიმუმ, 3 ტონა წყლის აღება შეუძლიათ, Ка-32а უფრო მძლავრია და 5 ტონამდე წყალს იღებს, მსოფლიოში უდიდესი სერიული წარმოების შვეულმფრენ Ми – 26Т-ს კალათაში კი დაახლოებით 15 ტონა ეტევა. ამფიბია-თვითმფრინავი CL-215 5 ტონა წყალს ტბაზე დაჯდომისას შეუჩერებლივ იღებს.
სიცხეში, თანაც ბორჯომის ხეობაში დაბალ სიმაღლეზე ფრენისას წყლის მაქსიმალური რაოდენობის აღებას ეკიპაჟები ვერ გარისკავდნენ ფრენების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამიტომაც კალათაში მაქსიმალურთან შედარებით 1 ტონით ნაკლებს იღებდნენ. ეს, რა თქმა უნდა, ამცირებდა ხანძრის კერის თავზე ჩამოღვრილი წყლის მასის მოცულობას და შესაბამისად, ცეცხლის ჩაქრობის შესაძლებლობას.
გარდა ამისა, მთის ციცაბო კალთაზე ხანძრის კერების ჩაქრობა ბევრად ძნელი და სახიფათოა, ვიდრე ვაკეზე, რადგანაც იზრდება მთაზე საჰაერო ხრახნების წამოდების ალბათობა, ამიტომაც პილოტებს კალათის გახსნისა და წყლის მარაგის ჩამოცლისთანავე ენერგიული მანევრირება უწევდათ უსაფრთხო სიმაღლის ასაღებად, რაც როგორც ეკიპაჟის წევრების, ასევე თავად შვეულმფრენების კონსტრუქციის მნიშვნელოვან გადატვირთვას იწვევდა. ჩემი დაკვირვებით, Ка-32а ტიპის შვეულმფრენი უფრო უკეთესი ჩანს მთებში ცეცხლის ჩასაქრობად, ვიდრე Ми-8MT და ეტყობა, ესეც არის მიზეზი იმისა, რომ მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყანა, კერძოდ, თურქეთი, ესპანეთი, პორტუგალია, შვეიცარია, იაპონია თუ სამხრეთი კორეა ხანძარსაწინააღმდეგოდ სწორედ ამ შვეულმფრენს ამჯობინებენ.
თურქული ამფიბია-თვითმფრინავი CL-215-ისთვის წყლის ასაღებად თავდაპირველად ტაბაწყურის ტბა შეირჩა, მაგრამ ეკიპაჟმა ტყიბულის წყალსაცავი ამჯობინა, რამაც მისი გამოყენების ოპერატიულობა შეამცირა. ხეობაში მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამფიბია-თვითმფრინავის ეკიპაჟი დაბალ სიმაღლეზე ჩამოსვლას ერიდებოდა, ხოლო მაღლიდან გადმოღვრილი წყლის მასა ხშირად ჰაერში იფანტებოდა, ქარს მიჰქონდა და ხანძრის კერას ბევრს ვერაფერს აკლებდა.
ყველაზე შთამბეჭდავად უზარმაზარი Ми – 26Т მუშაობდა, როდესაც ეს “მფრინავი ძროხა” თითქმის 15 ტონა წყალს ასხამდა ცეცხლის კერას. თუმცა, უფრო პატარა შვეულმფრენებივით, არ შეეძლო წყალი დაგუბებული მდინარე გუჯარეთისწყლიდან ამოეღო. ამიტომ ხაშურისკენ გაფრენა უწევდა, რაც ასევე ამცირებდა მისი გამოყენების ოპერატიულობას.
სამაგიეროდ, Ми-8MT-ებისა და Ка–31А-ების ეკიპაჟები საოცრებას ახდენდნენ – დილის 6 საათიდან დაღამებამდე შეუსვენებლივ მუშაობდნენ, მხოლოდ საწვავის შესავსებად თუ დასხდებოდნენ. ისინი ერთგვარი კარუსელის პრინციპით მოქმედებდნენ – ერთმანეთის მიყოლებით დაბალ სიმაღლეზე ეკიდებოდნენ გუჯარეთისწყალზე, ორიოდე წუთში ავსებდნენ კალათას და ენერგიული მანევრით შედიოდნენ ცეცხლის კერის თავზე. სოფელ დაბის ბოლოში, სადაც მთის ფერდობი რამდენიმე დღე იწვოდა, შვეულმფრენები ყოველ 5-7 წუთში ცლიდნენ წყლიან კალათებს.
მიუხედავად ავიაციის ინტენსიურად გამოყენებისა, როდესაც ხანძრის კერები წყლით დღეში ასჯერ მაინც “იბომბებოდა”, ვერ მოხერხდა ხანძრის ყველა კერის ჩაქრობა, პირიქით, ბევრი კერა, რომლებიც ჩამქრალი ეგონათ, მეორე დღეს ისევ აგიზგიზდებოდა, რაც ძალზე კარგად მოჩანდა მძლავრ საარმიო ბინოკლში.
რა იყო ამის მიზეზი? უპირველესად, ქარი და მაღალი ტემპერატურა, რომელმაც ცხადყო, რომ მარტო ავიაციას არ შეუძლია ასეთი ხანძრის კერების სრული ლიკვიდაცია. ცეცხლის კერაზე შვეულმფრენის კალათიდან წყლის ჩამოცლისთანავე აუცილებლად იქვე ახლოს უნდა იყვნენ მეხანძრეები, რომლებიც შესუსტებულ ცეცხლს ნიჩბებით მიწას დააყრიან და გაღვივების საშუალებას არ მისცემენ.
გარდა ამისა, გამოჩნდა, რომ მხოლოდ წყალი ნაკლებად ეფექტიანია ასეთი ხანძრების ჩასაქრობად და კარგი იქნებოდა ქაფის შერევაც. მით უმეტეს, რომ ხანძარსაწინააღმდეგო საფრენ აპარატებში მონტაჟდება ქაფის წარმომქმნელი აპარატურა, რომელიც წყალს ერევა და ცეცხლის კერებს ესხმება.
სტატიის ავტორს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ბევრად მეტი წყლის მასის წამღებ სახანძრო თვითმფრინავებს უფრო ოპერატიულად და ეფექტიანად შეეძლოთ ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაცია. ერთი ასეთი სახანძრო თვითმფრინავი, Бе-200ЧС, აზერბაიჯანმა რუსეთისგან 2008 წელს იყიდა. ამ ამფიბია-თვითმფრინავს, რომელიც ჩვენი თანამემამულის, ცნობილი საბჭოთა ავიაკონსტრუქტორG გიორგი ბერიევის (ბერიაშვილის) საკონსტრუქტორო ბიუროში, ტაგანროგშია შექმნილი, მაქსიმალური, 12 ტონა წყლის აღება შეუძლია ტბაზე დაჯდომა-აფრენისას. მას ორი რეაქტიული ძრავა აქვს, ბევრად სწრაფია თურქულ სახანძრო თვითმფრინავზე და თუნდაც თბილისის ზღვიდან შეეძლო წყლის მარაგის შევსება. ქართულმა მხარემ სთხოვა ოფიციალურ ბაქოს ამ თვითმფრინავით დახმარება, მაგრამ ის, სავარაუდოდ, სარემონტოა.
ბორჯომის ხეობაში ხანძრების კერების ჩასაქრობად საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა თავიდანვე ოთხძრავიანი რეაქტიული Ил-76П-ს გამოყენება, რომელსაც 6-8 წმ-ში 42 ათასი ლიტრი წყლის გადმოღვრა შეუძლია ხანძრის კერის თავზე, რაც მისი სრული ჩაქრობის დიდ ალბათობას იძლევა. მაგრამ ეს საჰაერო-სახანძრო მანქანა (5 ცალი) მხოლოდ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჰყავს და ეს ყველაფერი უკვე პოლიტიკის საკითხია – სთხოვო დახმარება თუ არა იმ ქვეყნის ხელისუფლებას, რომელიც 9 წლის წინ გბომბავდა და დღესაც შენი ქვეყნის ტერიტორიის ორი რეგიონი ოკუპირებული აქვს?
პრინციპში არსებობს გამოსავალიც – ჩვეულებრივი სატრანსპორტო Ил-76Т-ის დაქირავება. ისინი საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებსაც ჰყავთ და მათ სატრანსპორტო ნაკვეთურში, როგორც რუსულ “ილიუშინებში”, ორი სპეციალური ავზის დამონტაჟება შეიძლება. თუმცა, ეს დიდ დროს მოითხოვს, რადგან მოსაძებნია, რუსეთის გარდა, რომელ ქვეყანაში შემორჩა ეს სპეციალური ავზები და პილოტებიც მომზადებულნი უნდა იყვნენ ასეთი რთული საჰაერო ოპერაციისთვის.
ბორჯომის ხეობაში ხანძრის მრავალი კერის ავიაციის გამოყენებით ჩაქრობის პრაქტიკამ ცხადყო, რომ ხანძარსაწინააღმდეგო შვეულმფრენები ყოვლისშემძლეები არ არიან, მათ ამ დონის ხანძრის კერების გავრცელების დროებით შეჩერება და არა მათი სრული ლიკვიდაცია შეუძლიათ. ამისთვის უშუალოდ ხანძრის კერასთან ცოცხალი ძალა უნდა იყოს მობილიზებული, რომელიც ჰაერიდან დაწყებულ საქმეს მიწიდან დაამთავრებს.
„ახალი თაობა“, 28 აგვისტო, 2017 წელი
ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან: „საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს დახმარება ნამდვილად სთხოვა“ // „მთელი მთავრობა რომ ბორჯომში იყო გაკრეფილი, დანარჩენ საქართველოში რამე რომ მომხდარიყო, რას აპირებდნენ?!” // რას უმალავს „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილს
რატომ იგდებს ხელისუფლება თავს უხერხულ მდგომარეობაში, სთხოვეს თუ არა მთავრობის წევრებმა რუსებს დახმარება, რა არ იცის ივანიშვილმა? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.
- ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია და ახლა უფრო მშვიდად შეიძლება ამ ყველაფერზე საუბარი. თქვენი აზრით, რატომ გაჭირდა სტიქიასთან ბრძოლა? იყო თუ არა იმის საშუალება, რომ ასეთი მასშტაბის ტრაგედია თავიდან აგვეცილებინა? 100 ჰექტარზე მეტი ფართობის ტყის დაწვა ნამდვილი ტრაგედიაა...
- ვიდრე ხანძარსა და ხელისუფლების ცრუქაქუნობაზე ვისაუბრებდე, მინდა ყველას მივულოცო უდიდესი დღესასწაული – მარიამობა.
ახლა რაც შეეხება გასულ კვირას დატრიალებულ ამბებს, ამას მე დავარქმევდი ქოცების ცრუქაქუნობას ანუ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. ამ ხანძარმა სულზე მიუსწრო “ქართულ ოცნებას”. შს მინისტრისა და პრანკერების საუბარი გადაიფარა. ეს ის პრანკერები არიან, რომლებმაც ჩვენი გაჭირვებული შსს კი არა, თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი და ჩვენი ხელისუფლებისთვის სათაყვანებელი თეთრი სახლის მაღალჩინოსანი შეიყვანეს შეცდომაში.
ხელისუფლებამ თავისი უმოქმედობითა და უუნარობით ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბორჯომის ხეობაში 100 ჰექტარზე მეტი ტყე დამწვარიყო. პირველი სამი დღის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, როგორი არაფრის მაქნისები იყვნენ და როგორ დაბნეულები დაბოდიალობდნენ. უმოქმედოდ ყოფნის სამი დღის შემდეგ გამოვიდნენ და გვითხრეს, გამოცდილება მივიღეთ, ახლა უფრო კარგად ვმუშაობთო. ერთმა თანამდებობის პირმა, რომელსაც კრიზისულ სიტუაციებზე ეკისრება პასუხისმგებლობა, თქვა, საქმეში მაშინ ჩავერთეთ, როცა კანონის მიხედვით უნდა ჩავრთულიყავითო.
- ეს კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ თქვა და მართლა რეგულირდება კანონით, ვინ როდის უნდა გამოჩნდეს კრიზისული ვითარების დროს?
- რა თქმა უნდა, არა. ეს იყო თავის გამართლების უსუსური მცდელობა. ამ ხანძარზე ჯერ კიდევ ადრიან გაზაფხულზე უნდა ეფიქრათ. იქაურობას კარგად ვიცნობ და იქ ყოველ წელს ხდება ხანძრები. ადრიან გაზაფხულზე, სანამ ხეების სანიტარიული ჭრა დაიწყება, ხდება იქაურობის დათვალიერება. წვიმების სეზონის დასრულებისას ბორჯომის ხეობაში ყოველ წელს ხდება თხრილების განახლება. ამ გაჭირვეულებს თხრილები ხანძრის დროს გაახსენდათ მხოლოდ. სანიტარიული ჭრის დროს დამპალ ხეებს აშორებენ იქაურობას, რათა ახალ ხეებს მისცენ განვითარების საშუალება. ამის შემდეგ ხდება თხრილების გაწმენდა და, საჭიროების შემთხვევაში, ახლების გათხრაც. ამ თხრილებით უფრო ადვილად უნდა მიადგე მიუდგომელ ადგილებს და იქ ტექნიკა მიიყვანო, გააჩნია, მთა რა გრადუსით არის დახრილი.
ქარი კი იყო, მაგრამ შეიძლებოდა იქ ერთდროულად შემხვედრი ცეცხლი გაეჩინათ – ცეცხლი ცეცხლს აქრობს. იქვე უნდა მომარაგებული ყოფილიყო ქვიშა.
საქართველო არის ქვეყანა, რომელიც გაუგებარი ვარსკვლავების ჩამოყვანაში ათეულობით მილიონ დოლარს ხარჯავს. საქართველო არის ქვეყანა, სადაც მილიარდები იხარჯება ჩინოსნების პრემია-დანამატებზე. სამაგიეროდ, ამ ქვეყანას ერთ ვერტმფრენზე მეტი არ აღმოაჩნდა. ის საწყალი ძლივს დაჩლახუნობდა და 27 აგვისტოს ბორჯომის ხეობაში წყლის რეზერვუარის შევსების დროს ჩამოვარდა. სახანძრო მანქანები არ გვყავდა და აზერბაიჯანიდან ველოდებოდით მათ ჩამოყვანას. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის მეზობლებისთვის, მაგრამ სანამ იქიდან ტექნიკა ჩამოვიდა, გადაიწვა ყველაფერი. რად გინდა ბაქო და ერევანი, აქ არ უნდა გყავდეს საკმარისი რაოდენობა სახანძრო მანქანები? ასეთ რამეებზე ქამრების შემოჭერა ახსენდებათ, სამაგიეროდ, ძვირადღირებულ მანქანებში და რესტორნებში მილიონებს ხარჯავენ. აღარაფერს ვამბობ სამივლინებო ხარჯებზე. ცესკოს თავმჯდომარე ერთი წლის განმავლობაში 23 ქვეყანაში იყო.
ან ის რა უბედურებაა, როცა საჭიროა, ჯარი არ გვყავს და საჭირო დროს არც ტყვია-წამალი გვაქვს. 2008 წელს ემ-4-ები რომ ჩამოატანინა კეზერაშვილმა გერმანიიდან, იმის ტყვიები არ აღმოაჩნდათ და კალაშნიკოვებზე გადავიდნენ ისევ. ხანძარმა ათეულობით ჰექტარი ტყე რომ გაანადგურა, მაშინ გადაწყვიტეს ჯარის გამოყვანა. თან ამაზე სპექტაკლი დადგეს, თურმე პრემიერმა პრეზიდენტს დაურეკა და ისიც დათანხმდა.
- პრეზიდენტი ვახსენეთ და ისიც საინტერესოა, რომ სტიქიის ზონაში ხანძრის გაჩენიდან მეხუთე დღეს ჩავიდა. მასაც კანონი ავალდებულებდა ასე მოქცევას?
- საერთოდ რომ ჩავიდა, ეგეც გასაკვირია, მაგრამ აბა ლგბტ თემის წარმომადგენელი ეცემა ვინმეს, დღეში 3 პრესკონფერენციას გამართავდა. მაგის აპარატი ცალკე განცხადებებს გაავრცელებდა. ბორჯომის ხეობა იწვოდა, ამათ კიდევ რაღაც ნორმების დაცვა მოინდომეს და პარლამენტის შეკრებას დაელოდნენ. პარლამენტი მეორე დღეს შეიკრიბა მხოლოდ. თქვე დალოცვილებო, მთელი ბორჯომი ალში იყო გახვეული და მეორე დღეს როგორ დაელოდეთ, დაშავდებოდა რამე, დეპუტატები ღამით რომ შეკრებილიყვნენ? ისიც შეიძლებოდა, ჯარი გამოეყვანათ და მერე მიეღო საკანონმდებლო ორგანოს დადგენილება. სხვა დროს არ იცავთ კანონს და რაღა სტიქიის და უბედურების დროს მოგინდათ მისი დაცვა ზედმიწევნით.
მთელი მთავრობა ბორჯომში იჯდა და თათბირს თათბირზე ატარებდნენ. ამ დროს საქართველოს სხვა რომელიმე რეგიონში რაიმე რომ მომხდარიყო, რას აპირებდნენ. სტიქიის ზონაში იმ სამსახურების პირველი პირები უნდა ყოფილიყვნენ, ვისაც საგანგებო სიტუაციებში მოქმედება ევალება. მადლობა ღმერთს, რომ სხვა გართულებები არ შეიქმნა იმ დროს ქვეყანაში.
- რა გართულება შეიძლებოდა მოჰყოლოდა?
- ნებისმიერი სახის გართულება შეიძლება მომხდარიყო. საქმე საქმეზე რომ მიდგება, ჩვენ არც ჯარი გვყავს და ვერც საზღვარს ვიცავთ. ცოტა ხნის წინ ამერიკულ ტანკებს რომ დაახრიგინებდით, ერთი ტანკის თუ არა, ერთი სახანძრო მანქანის ჩუქება მაინც გეთხოვათ მათთვის. ძლივს ჩავაქრეთ ცეცხლი და ამის შემდეგ აშშ-ის საელჩომ ჩვენს მეხანძრეებს 500 წყვილი ცეცხლგამძლე ფეხსაცმელი გადასცა. ეს, ჩემი აზრით, იყო დაცინვა.
- მარტო ფეხსაცმელები არ გადაუცია, ხანძარი რომ გიზგიზებდა, იან კელი ლოცულობდა. თავად ასე თქვა, ვლოცულობ თქვენთვისო…
- ლოცულობდა, როგორ არა. ეს ისეთივე ლოცვა იყო, 2008 წელს ომის დასრულების შემდეგ სტრატეგიულმა პარტნიორმა პამპერსი და წყალი რომ გამოგვიგზავნა. ისიც დაამატა, მთელ მსოფლიოს გავაგებინეთ თქვენი უბედურების შესახებო. ბორჯომის რაიონის გამგებელმა საერთოდ საოცრება თქვა. ტელეკამერების წინ ამაყად განაცხადა, თუ საჭირო გახდა, ხალხის ლიკვიდაციას მოვახდენთო. მესმის, რომ ექსტრემალური სიტუაცია იყო, მაგრამ ტელევიზიით გამოსვლისას ხომ შეიძლება მოემზადო და უფრო მობილიზებული იყო. ამ მხარეში ბევრი ნაცნობი მყავს და ისინი მიყვებოდნენ, რომ ასეთი დაბნეული მთავრობის წევრები არასდროს უნახავთ. ეს გაჭირვებულები წაშლილი სახეებით დაბოდიალობდნენ და გაიძახოდნენ, თათბირი ჩავატაროთო. თათბირი კი არა, კარვების ქალაქი უნდა მოეწყოთ. რამე გართულება რომ მომხდარიყო, სად უნდა წაეყვანათ უცბად ამდენი ხალხი. კარვების ქალაქის მოწყობასაც თავისი წესები აქვს, მაგრამ ამათ ესენი არ იციან. ხელისუფლება მხოლოდ ფულის შოვნაზეა გამეცადინებული.
- სტიქიის დღეებში საუბარი იყო რუსულ დახმარებაზე. ხელისუფლებამ გვითხრა, რომ მოსკოვმა დახმარება შემოგვთავაზა, მაგრამ უარი ვთქვითო. ამის საპასუხოდ რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომ თბილისმა მოსკოვს დახმარება სთხოვა. ითხოვდა თუ არა საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტისგან დახმარებას?
- ეჭვიც არ მეპარება, რომ სთხოვეს. ამაზე მეტყველებს ამათ მიერ გაკეთებული განცხადებები. ერთი ერთს ამბობს, მეორე – მეორეს. ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ამბობს, გაეროს ვთხოვეთ დახმარება და ისინი დაუკავშირდნენ სხვადასხვა ქვეყნებს, მათ შორის რუსეთსო. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ კი პირდაპირ თქვა, რომ ამ საკითხზე ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს, რომელიც მას დახმარებას დაჰპირდა.
- თუ დახმარება სთხოვეს, მერე რატომ თქვეს, რუსეთის დახმარებას არ მივიღებთო?
- დაბნეულები იყვნენ და ამიტომ სთხოვეს. მერე უარი იმიტომ თქვეს, შეეშინდათ, პრორუსულობას დაგვაბრალებენო. ასეთი მიდგომით მაშინ დენის და გაზის მიღებაზეც უარი უნდა ვთქვათ. 580 სტრატეგიული ობიექტი ეკუთვნის რუსებს საქართველოში. ჰესებისა და ელექტროგადამცემ ხაზებს რუსები აკონტროლებენ. ასეთი მაგრები თუ ვართ, ვთქვათ უარი ამ ყველაფერზე. სამწუხაროდ, არაფრის თავი არა გვაქვს. ხანძრის ჩაქრობას თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ვეხვეწებოდით. სად არის ნატოს სტანდარტი? ნატოს სტანდარტით თუ მივუდგებით საქმეს, ასეთ სიტუაციებში ქვეყანა მობილიზებული უნდა იყოს. გარდა იმისა, რომ ხელისუფლების მატყუარა სახე გამოჩნდა, ამ სტიქიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უსუსურები არიან. რაიმე სერიოზულისგან ღმერთმა დაგვიფაროს, ესენი არაფრის გამკეთებლები არ არიან.
- ამდენი ხანძარი იმიტომ ხომ არ არის, რომ რაღაც სერიოზულისგან უნდათ საზოგადოების ყურადღების გადატანა?
- ამდენი ხანძარი შემთხვევით არ არის, მაგრამ, არა მგონია, ეს რაღაცისთვის კეთდებოდეს. ამათ ნამდვილად არა აქვთ იმის თავი, რომ რაღაც სერიოზული მოაწყონ. ახლა მთელი “ქართული ოცნება” დაბოდიალობს და უპირველესი საფიქრალი კონსტიტუცია აქვთ. საკონსტიტუციო ცვლილებებში სრულად ჩაფლავდნენ და ახლა იქედან გამოძრომის გზებს ეძებენ. ჩაფლავებიდან ყველანი ხელს კულულებიანი ბიჭისკენ, ირაკლი კობახიძისკენ, იშვერენ. ის ამათკენ იშვერს ხელს.
ამათი მეორე მთავარი საზრუნავი თვითმმართველობის არჩევნებია. ყველაფერს აკეთებენ, რომ კახა კალაძე პირველივე ტურში დანიშნონ თბილისის მერად.
ამ ეტაპზე “ქართულ ოცნებას” მეტი არაფერი აინტერესებს. კიდევ კარგი, ჩვენს მეზობლებს რაღაც ინტერესები აღარ აქვთ საქართველოს მიმართ. რუსებმა ნაციონალების დროს ყველაფერი წაიღეს, რისი წაღებაც სურდათ.
ხელისუფლების უუნარობა იქიდანაც ჩანს, რომ დღემდე ვერ მიაკვლიეს ვერანაირ ფაქტს. ამდენი ხანძარი გაჩნდა და სპეცსამსახურები ტყეში ბიდონებს დასდევენ. ტყეში ბიდონი იშვიათობა არ არის. ვიღაც, შესაძლოა, ხეებს ჭრიდა ელექტროხერხით და ბიდონით საწვავი ჰქონდა ატანილი.
ბიდონების ამბავი ძალიან მაგონებს 2 წლის წინ ატეხილ ამბავს, ნაცები სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებენო, რომ კიოდნენ. თუ ამზადებდნენ, რატომ არ გადავტრიალდით და სად არიან ეს გადამტრიალებლები, ხომ უნდა გამოიძიონ ეს საქმე? საქმის გამოძიება არავის სჭირდება. ნაცების მიერ გადატრიალების მოწყობაზე საუბარიც ამათ წისქვილზე ასხამს წყალს.
ომი არ შეგიძლია, არ შეგიძლია, ხანძარს ვერ აქრობ, ვერ აქრობ. საზღვარს ვერ აკონტროლებ, მაგრამ, ის მაინც ქენი, რომ აღმაშენებლის გამზირზე კონსტიტუციური წესრიგი დაიცვა.
- რას გულისხმობთ კონსტიტუციური წესრიგის დაცვაში?
- ნებისმიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოში წარწერები გაკეთებულია იმ ქვეყნის სახელმწიფო ენაზე და შემდეგ, თუ საჭიროება მოითხოვს, საერთაშორისო ენაზე – ინგლისურზე. თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, აღმაშენებელზე, წარწერები არაბულ, სპარსულ და თურქულ ენებზეა გაკეთებული. ქვევით სადღაც საწყლად აქვს ქართულ ენაზე მიწერილი. ზოგან ქართული წარწერა საერთოდ არ არის. ამას სომხური და აზერბაიჯანული წარწერებიც დაემატა. თბილისში რომ გაივლი, შეიძლება ვეღარ მიხვდე, სად ხარ. კანონი და კონსტიტუცია პირდაპირ გავალდებულებს სახელმწიფო ენის დაცვას.
ამათ ეს ვერ გააკეთეს და რატომ გიკვირთ, ხანძარი რომ ვერ ჩააქრეს. კიდევ კარგი, მსოფლიოს მოდებული რადიკალური დაჯგუფებების ინტერესის სფეროში არ ვართ, თორემ არავინ იცის, რა გვეშველებოდა. ამათ არც უსაფრთხოება აინტერესებთ და არც სხვა რამე. მხოლოდ ფულის კეთებაზე არიან გამეცადინებული. საით მიექანება ქვეყანა, არავინ იცის. დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილს რაღაცებს უმალავენ და ბევრ რამეს არ ეუბნებიან, თორემ მთლად აქამდე არ მივიდოდა საქმე.
„ახალი თაობა“, 28 აგვისტო, 2017 წელი
ინტერვიუ ლევან ხაბეიშვილთან: „კახა კალაძეს საარჩევნო სიის შედგენაში ხელს უშლიან” // “რამდენიმე გამგებლის დაკავებაა მოსალოდნელი”
გასული კვირის ბოლოს ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის საკრებულოს დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე დააკავეს. ის “ქართულმა ოცნებამ” 2012 წლის ბოლოს პოლიტპატიმრის სტატუსით გამოიყვანა ციხიდან. წინა ხელისუფლებამ ის თაღლითობის ბრალდებით დააკავა.
ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ამ დაკავებას კორუფციასთან ბრძოლასთან საერთო არაფერი აქვს. “ახალ თაობასთან” საუბარში ის დაკავების ნამდვილ მიზეზებზე საუბრობს და კიდევ რამდენიმე ხმაურიან დაკავებას აანონსებს.
- ზურაბ ნეფარიძე თავის დროზე თაღლითობისთვის იყო ნასამართლევი. როცა ის საკრებულოს დეპუტატი გახდა, მასთან დაკავშირებით მონიტორინგის ცენტრმა “მედიატორმა” საინტერესო კვლევა ჩაატარა. იმ დროს მოხდა ასეთი რამე – დედა-შვილმა თანამდებობები გაცვალეს და მათ ეს ბატონი ლობირებდა. კვლევის გამოქვეყნების შემდეგ მასთან ჟურნალისტები მივიდნენ. ნეფარიძე ნახევარი საათის განმავლობაში ტუალეტში ჩაიკეტა და იქიდან ყვიროდა, ტუალეტში ვარ, თავი დამანებეთო. მას ბევრი ვინმე ედავებოდა, ბევრი ადამიანი ჰყავდა გამწარებული. მის შესახებ ბევრი ინფორმაცია გვქონდა “მედიატორს” და, წესით, მისი დაკავება არ უნდა გამკვირვებოდა, – ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
- თუმცა გაგიკვირდათ.
- გაკვირვებით არ გამკვირვებია, უბრალოდ მიმაჩნია, რომ ეს დაკავება კორუფციასთან ბრძოლასთან კავშირში არ არის. ამ ფაქტმა “ოცნების” ერთ-ერთი აქტიური სახის, ოთარ აბესაძის, დაკავება გამახსენა. ისიც ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. მასზეც ვთქვი და ნეფარიძეზეც იმავეს ვიტყვი, რომ ეს არის პოლიტიკური ბრძოლა.
კორუფციასთან ბრძოლა რომ უნდოდეთ, საშუალო რგოლის წარმომადგენლებსა და ლიფსიტებს არ დააკავებდნენ. არასდროს არ მიდიან იქამდე, საიდანაც მოდის კორუფციის მთავარი წყარო.
აბესაძისა და ნეფარიძის დაკავება მეტყველებს იმაზე, რომ “ქართულ ოცნებაში” საარჩევნო სიებთან დაკავშირებით ღია დაპირისპირებაა. მმართველ გუნდში სიების დაკომპლექტებაში რამდენიმე ფლანგი მონაწილეობს. მათ შორის ერთ-ერთი არის კახა კალაძე. ის ყველაზე აქტიურად ცდილობს, თბილისის საარჩევნო სია გადაახალისოს. ის მომავალზე ფიქრობს და რაღაც საფრთხეებს ითვალისწინებს.
კალაძეს მიაჩნია, რომ თუ დედაქალაქის საკრებულო მისი ხალხით არ დაკომპლექტდება, მერად არჩევის შემთხვევაში, საჭირო დროს მას შესაძლოა იმპიჩმენტი მოუწყონ. ახლა გავლენების მოპოვებისთვის მიმდინარეობს ბრძოლა და კალაძე იმ ხალხის ჩამოცილებას ცდილობს, ვინც დღემდე “ქართულ ოცნებასთან” არის დაკავშირებული. მას ასეთი ხალხი არც სიაში უნდა და არც – მაჟორიტარებად.
ოთარ აბესაძის დაკავებით მან ყველას გაუგზავნა მესიჯი, რომ ვინც ზედმეტად იაქტიურებს, არავის დაინდობენ. “ქართულ ოცნებაში” კი ქრთამი ყველას აქვს აღებული და არასასურველი ხალხი თუ იაქტიურებს, მათ დააკავებენ. საარჩევნო სიებიდან ხდება ადამიანების ნაწილის ჩამოშორება.
- არჩევნებამდე 2 თვეზე ნაკლებია დარჩენილი და სია აქამდე არ აქვთ დაწერილი?
- სიის შედგენას ვერ ახერხებენ. მაჟორიტარების შერჩევაც უჭირთ. ახლა იქ გავლენების გადანაწილებისთვის იბრძვიან და ყველა თავის ძალაუფლებას იყენებს. დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს იმის შესახებ, რომ კალაძეს საარჩევნო სიის შედგენასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს. “ოცნების” წარმომადგენლები ღიად ამბობენ, რომ კალაძე ამ სიებს ერთპიროვნულად ვერ დაწერს და სია პარტიასთან ექნება შესათანხმებელი.
- ვითომ შეათანხმებს კალაძე პარტიასთან სიას?
- მოუწევს. ფაქტია, რომ სიის დაკომპლექტებაზე მას სერიოზული პრობლემები შეექმნა “ოცნებასთან”. მმართველ გუნდში, კალაძის გარდა, სხვა დაჯგუფებებიც არის, ყველას თავისი გავლენები და ინტერესები აქვს. არასასურველი ადამიანების ჩამოშორება კი სხვადასხვა მეთოდით ხდება. ერთ-ერთი ფორმაა დაკავება.
არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ რამდენიმე ჩინოსანი დააკავონ. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე თბილისის ორი რაიონის გამგებლის დაკავებაზეა საუბარი. ისინი იმ შემთხვევაში გადარჩებიან, თუ საარჩევნო ამბიციებზე უარს იტყვიან.
წლების განმავლობაში ვსწავლობდი კორუფციულ ფაქტებს და ამიტომ არ მჯერა, რომ კორუფციასთან მიმდინარეობს ბრძოლა. ეს რომ მართლა ასე იყოს, იმათ დაიჭერდნენ, ვინც სათავეშია. 2 თვის წინ მთავარ პროკურატურას უფასო სასადილოებთან არსებულ კორუფციულ სქემებზე მასალები გადავეცით და დაკითხულიც არავინ არის. ესეც მიუთითებს იმაზე, რომ კორუფციას არავინ ებრძვის. “ქართულ ოცნებაში” გავლენების მოპოვებისთვის პოლიტიკური ბრძოლაა გაჩაღებული.
„ახალი თაობა“, 28 აგვისტო, 2017 წელი
ინტერვიუ გიგა ბუკიასთან: „ულტიმატუმებზე გადასული ოპოზიციის ნამდვილი მიზანი ძალიან გაუგებარია” // “კონსტიტუციის პროექტში ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა და ექსპერტების წინადადებების უდიდესი ნაწილი აისახა”
25 აგვისტოს საპარლამენტო უმრავლესობამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ოპოზიციის მოთხოვნები ულტიმატუმის სახეს ატარებს და ოპოზიციონერებთან კონსულტაციების გაგრძელებას აზრი არ აქვს. როგორც ცნობილია, უმრავლესობის ინიციატივით ოპოზიციის აქტიურ ნაწილთან გაიმართა შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილე ოპოზიციამ უმრავლესობას თავისი წინანდელი მოთხოვნები წარუდგინა. მათ შორის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება. ამ საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენელს, კონსერვატორების ფრაქციის თავმჯდომარე გიგა ბუკიას.
გიგა ბუკია:
- კონსტიტუციის პროექტი ორი მოსმენით მიღებულია. მიუხედავად ამისა, ჩვენ გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ გვეცადა შეთანხმება ოპოზიციასთან. ამ შეხვედრას ვესწრებოდი. უმრავლესობის შეთავაზების თანახმად, ოპოზიციას უნდა წარმოედგინა ის წინადადებები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში ის მხარს დაუჭერდა კონსტიტუციას. ამის საპასუხოდ ოპოზიციამ წამოაყენა ოთხი მოთხოვნა. ოპოზიციამ განაცხადა, რომ საუბარს დაიწყებს მხოლოდ ამ მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში. ამ პოლიტიკოსებმა დააყენეს წინაპირობები დიალოგის დასაწყებად. კონსტიტუციის შესაძლო მხარდაჭერამდე საქმე არც მისულა. ეს ნამდვილი ულტიმატუმია. რატომღაც ყველას დაავიწყდა, რომ კონსტიტუციის იმ პროექტში, რომელსაც ახლა ასე ებრძვიან, აისახა ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა და ექსპერტების წინადადებების უდიდესი ნაწილი.
- შეუთანხმებელია, ძირითადად, საარჩევნო საკითხები.
- ოპოზიციის უკმაყოფილებას ეს საკითხები იწვევს, მაგრამ საკონსტიტუციო კომისიის ბოლო სხდომებზე კენჭისყრა უპრობლემოდ იმართებოდა და თანხმობა იყო. კომისია გაგებით მოეკიდა იმას, რომ პროპორციულ სისტემაზე 2024 წლიდან გადავალთ. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს კარგი კონსტიტუცია იქნება. მას ვენეციის კომისიამაც დადებითი შეფასება მისცა.
- ამავე ვენეციის კომისიამ პოლიტიკურ პარტიებს კონსენსუსისკენ მოგიწოდათ და სტრასბურში შეხვედრაც დაიგეგმა. მომხდარიდან გამომდინარე, სტრასბურში ჩასვლას აზრი დაეკარგა?
- სტრასბურის შეხვედრაზე ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ. ამაზე ჯერ უმრავლესობაში ვიმსჯელებთ. ოპოზიციასთან კონსულტაციებს, ზოგადად, აზრი დაეკარგა.
- თქვენი ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ თუ კონსტიტუცია შეუთანხმებლად დამტკიცდა, ამ ერთპარტიულ კონსტიტუციას მწვავედ გააკრიტიკებენ საერთაშორისო და ევროპული ორგანიზაციები...
- ეს არ იქნება ერთპარტიული კონსტიტუცია. უმრავლესობაში 5 პარტია ვართ გაერთიანებული. ყველას გვქონდა ინიციატივები. ისინი ასახულია. “ქართული ოცნების” უმრავლესობა ხალხმა აირჩია. საკონსტიტუციო კომისიამ სხვების მოსაზრებებიც გაითვალისწინა. ამიტომ ეს დოკუმენტი ვერ ჩაითვლება ერთპარტიულად.
- ოპოზიციასთან შეხვედრის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმაზე, რომ უმრავლესობა მზადაა, 2020 წლის არჩევნები უბარიეროდ ჩაატაროს. ასეთი ინიციატივა მართლა არსებობდა?
- იყო ასეთი ინიციატივა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ წავედით დათმობაზე და 5%-იანი ბარიერი 2020 წლის არჩევნებისათვის 3%-მდე დავწიეთ. კონსენსუსის მისაღწევად მზად ვიყავით, მაქსიმალურად დაგვეწია საარჩევნო ბარიერი. ეს იქნებოდა კარგი შანსი პატარა პარტიებისათვის პარლამენტში მოსახვედრად. ოპოზიცია რატომღაც ულტიმატუმების გზას დაადგა. ულტიმატუმებზე გადასული ოპოზიციის ნამდვილი მიზანი ძალიან გაუგებარია. ბევრ მათგანს დამოუკიდებლად იმაზე ბევრად უარესი შედეგი აქვს დადებული წინა წლების არჩევნებზე, ვიდრე, მაგალითად, კონსერვატიულ პარტიას დამოუკიდებლად. ასეთი პარტიები გველაპარაკებიან ერთპარტიულ კონსტიტუციაზე და დაჟინებით მოითხოვენ პროპორციულ სისტემას მომავალი არჩევნებისათვის. დავუშვათ, 2020 წელს არჩევნები პარტიული წესით გაიმართა. რა შედეგი უნდა აჩვენონ ამ ურეიტინგო ორგანიზაციებმა, მაგალითად, ქარდავასა და დავითაიას პარტიებმა? დიდი ხანი ვიყავი ოპოზიციაში. ვიცი, რომ პარტიას ყოველთვის აქვს ამოცანები, მოტივაცია. ამ პარტიების მხრიდან ეს არ ჩანს. ისინი ორკესტრირებულად ასხამენ წყალს ნაცმოძრაობის წისქვილზე.
- ნაცმოძრაობას ამ პარტიებზე ბევრად დიდი რეიტინგი აქვს. ადრე სულ გვესმოდა, რომ სააკაშვილი ამ პარტიის საშუალებით არეულობასა და გადატრიალებას აპირებს. ახლა აღარ აქვს ამგვარი გეგმები?
- ნაცმოძრაობა კრებითი სახელია ძალებისა, რომლის ინტერესებსაც შეიძლება ატარებდნენ ურეიტინგო პარტიები. მათი პოზიცია აუხსნელია. რაც შეეხება არეულობას, გულში ვის რა უდევს, არ ვიცი. არეულობის მცდელობას პასუხი გაეცემა.
- შემოდგომაზე ქუჩაში გამოსვლები დაანონსებული აქვთ “ქართულ მარშს”, პატრიოტთა ალიანსს. ლეიბორისტები ხალხს დენის გაძვირების საწინააღმდეგო აქციებზე უხმობენ...
- ვინ რას ფიქრობს და აკეთებს, გემოვნების ამბავია. არ ვიცი, ვის რა მიზანი აქვს. ხალხი თავის არჩევანს არჩევნებზე გააკეთებს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კარს მოგვადგა და პარტიების შესაძლებლობები იქ გამოჩნდება. ვინ რას ბაქიბუქობს, ამას მნიშვნელობა არა აქვს. ზოგადად, ქვეყნის სტაბილური განვითარება არასდროს ყოფილა ყველა ძალის ზრუნვის საგანი. არავის კონკრეტულად არ ვგულისხმობ, მაგრამ ყველა პარტია, ყველა ლიდერი ან არასამთავრობო ორგანიზაცია არ მოქმედებს ქვეყნის ინტერესების შესაბამისად. სულ იმას გაიძახიან, რამდენი პარტიააო! არასამთავრობო ორგანიზაციები პარტიებზე ბევრად მეტია. მათი რაოდენობა 23.000-ია. ვინ ვის ემსახურება და რას აკეთებს, სპეცსამსახურების გასარკვევია. ყველა მათგანი ქვეყანაზე ნამდვილად არ ზრუნავს.
„კვირის პალიტრა“, 28 აგვისტო, 2017 წელი
„ლარის გაუფასურების მაქსიმუმი დეკემბრის ბოლომდე 2,52-2,56 იქნება“ // „ვისაც დოლარში ვალდებულებები აქვს გასასტუმრებელი, 20 სექტემბრამდე შეისყიდონ, რადგან ამის შემდეგ დოლარის ძლიერ გამყარებას ველოდებით“
ემა ტუხიაშვილი
რამდენიმეთვიანი გამყარებისა და სტაბილურად 2,38-2,39 ნიშნულის შენარჩუნების შემდეგ, ლარმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მცირე ნაბიჯებით გაუფასურება დაიწყო და დოლარის მიმართ მისი კურსი 2,42-ს მიუახლოვდა.
ექსპერტების ნაწილი ლარის ამ დიაპაზონში გადანაცვლებას ჯერ კიდევ ერთი თვის წინ პროგნოზირებდა, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ტურისტული სეზონია და ქვეყანაში უცხოური ვალუტა შემოდის, რაც ეროვნული ვალუტის გამყარების საფუძველი უნდა იყოს. თუმცა, ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას ანალიტიკოსები 20 სექტემბრიდან ელოდებიან და ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოს ერთი დოლარის ფასი 2,5-ლარიან ნიშნულს გადააჭარბებს.
ნიკა შენგელია, “ეფიქს გრუპის” მთავარი ანალიტიკოსი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი:
“ერთი თვის წინანდელი ყველა ტექნიკური მაჩვენებელი მიუთითებდა, რომ დაახლოებით 12 აგვისტოდან დაიწყებოდა დოლარის გამყარება და მართლაც ასე მოხდა. თუმცა, პროცესი 25 აგვისტოს შეჩერდა და დოლარის ინდექსი საგრძნობლად დაეცა. ამის მიზეზი კი გახდა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოველწლიურ სიმპოზიუმზე ჯეკსონ-ჰოულში მისი ხელმძღვანელის გამოსვლა, სადაც ჯანეტ იელენმა ინვესტორების მთავარი შეკითხვა, დაიწევდა თუ არა 2017 წელს საპროცენტო განაკვეთი, უპასუხოდ დატოვა. ბაზარმაც არ დააყოვნა, დაიწყო დოლარის ინდექსის დაცემა და ის, ფაქტობრივად, 10-11 აგვისტოს მდგომარეობას დაუბრუნდა. სანაცვლოდ მოიმატა ევროს კურსმა. აქვე მინდა ვთქვა, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემის სექტემბრის სხდომაზე, სავარაუდოდ, უარს იტყვიან საპროცენტო განაკვეთის აწევაზე. შესაბამისად, დოლარს გაძვირებისკენ არ უბიძგებენ. მოდი, ამ ყველაფრის ფონზე შევაჯამოთ, რა ხდება საქართველოში ლარის კურსთან დაკავშირებით.
ამ ეტაპზე ლარის კურსზე დადებითად მოქმედებს ემიგრანტების მიერ გადმორიცხული ფულადი გზავნილების ზრდა; შარშანდელთან შედარებით ასევე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გვაქვს; ამას ემატება ტურისტული სეზონი და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები.
რაც შეეხება ეროვნულ ვალუტაზე უარყოფითად მოქმედ ფაქტორებს, საგარეო ვალი გაგვეზარდა და ეტაპობრივად უკვე გვიწევს მისი მომსახურება; ამას დაემატა სტიქია და მასთან საბრძოლველად თუ აღდგენითი სამუშაოებისთვის გაწეული თუ გასაწევი ხარჯები, რაც ბიუჯეტში ხარჯვითი ნაწილის ზრდას იწვევს; ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს გასცდა და, ფაქტობრივად, გაორმაგებულია და ამას ემატებოდა დოლარის კურსის გამყარება 25 აგვისტომდე.
ყველა ამ მონაცემის შეჯამების შემდეგ შემიძლია გითხრათ, რომ 28 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით ლარის კურსი დოლარის მიმართ 2,39-2,42 დიაპაზონში დარჩება, ევროს მიმართ ლარის კურსი კი ამ პერიოდში 2,83-2,87 დიაპაზონში. ჩვენი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის “მამებს”, ალბათ, მოუწევთ მორიგ სხდომაზე რეფინანსირების სესხზე საპროცენტო განაკვეთის აწევა. ამის მიზეზი ის არის, რომ ინფლაცია გვაქვს გაზრდილი, სექტემბრის მეორე ნახევრიდან ისევ ველოდებით დოლარის ინდექსის მატებას, რაც, ბუნებრივია, ლარის კურსზეც იქონიებს გავლენას გაუფასურების თვალსაზრისით.
ცოტა უფრო შორს თუ გავიხედავთ, წლეულს ლარის გაუფასურების მაქსიმუმი დეკემბრის ბოლომდე იქნება 2,52-2,56-იან შუალედში, რა თქმა უნდა, თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა. მათ შორის, თუ იმოქმედა ისეთმა პოლიტიკურმა ფაქტორმა, როგორიც შეიძლება იყოს აშშ-ის ჩართვა სამხედრო ოპერაციებში ჩრდილოეთ კორეასთან. ომი თუ დაიწყება, ცხადია, დოლარი დაეცემა, რადგან ამერიკის ბიუჯეტმა უნდა გამოყოს მეტი ფული გაზრდილი სამხედრო ხარჯებისთვის, რაც დოლარის დევალვაციას გამოიწვევს.
რაც შეეხება შიდაპოლიტიკურ ფაქტორებს, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ლარის კურსზე, გამომდინარე იქიდან, რომ მეტი ლარის ხარჯვა მოუწევს მთავრობას, ეს პროცესი უკვე დაწყებულია და გაგრძელდება წინასაარჩევნოდ. ლარს ამის გამოც მოუწევს ოდნავ გაუფასურება. თუმცა, თუ ჩვენი ვარაუდები გამართლდა და ამას დოლარის კურსის გამყარებაც დაერთო, მაშინ უკვე თვალში საცემი იქნება ეროვნული ვალუტის დევალვაციის მაჩვენებელი. შესაბამისად, ვისაც დოლარში ვალდებულებები აქვს გასასტუმრებელი, ვურჩევდი, 20 სექტემბრამდე მაქსიმალურად შეისყიდონ დოლარი, რადგან ამის შემდეგ, დღეს არსებული ტექნიკური მაჩვენებლების საფუძველზე, დოლარის ძლიერ გამყარებას ველოდებით”.