globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 5 თებერვალი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Feb 5th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Neue Zürcher Zeitung» (შვეიცარია), 4 თებერვალი, 2015 წელი

http://www.nzz.ch/international/europa/der-musterschueler-des-milliardaers-1.18475211

საქართველოს ახალგაზრდა „ევროტურბო“

მილიარდერის სანიმუშო მოსწავლე

კრისტიან ვაისფლოგი

(შემოკლებით, თავისუფალი თარგმანი)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მხოლოდ 32 წლისაა, თუმცა მას „ანიმალურ პოლიტიკოსად“ ვერ ჩავთვლით: იგი თავის თანამდებობას მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს უნდა უმადლოდეს. სწორედ მისი დახმარებით სურს ირაკლი ღარიბაშვილს სამაგალითო სახელმწიფოს აშენება.

ინგლისურ ენაზე დახვეწილად საუბრობს, ჰალსტუხი და კოსტიუმი იდეალურად აქვს მორგებული, თუმცა „უხერხულ“ თემებზე საუბრისას საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი [მორიდებულად] პასუხობს. ერთ-ერთი ასეთი თემაა მისი დამოკიდებულება პოლიტიკურ დამრიგებელთან – მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან.

ბიძინა ივანიშვილმა თავისი სიმდიდრე რუსეთში დააგროვა სხვადასხვა საიმპორტო სასაქონლო გარიგებების შედეგად – იგი წვრილი ფერმერის [გლეხის] შვილი, მოკლე დროში მდიდარი კოლექციონერი გახდა. 2003 წელს, ვარდების რევოლუციის შემდეგ იგი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ლიბერალურ რეფორმებს აფინანსებდა. ასე გრძელდებოდა 2008 წლამდე, როცა ავტორიტარულმა ქართველმა ლიდერმა 2008 წელს რუსეთთან ომი გააჩაღა. მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნება“ ჩამოაყალიბა, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა. ამის მიუხედავად, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური საქმიანობა არ მოსწონდა და ერთი წლის პრემიერ-მინისტრობის შემდეგ გადადაგა და თავისი სავარძელი შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დაუთმო.

მას შემდეგ მეტ-ნაკლებად ქარიზმატული ლიდერის ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ არის ეჭვები, რომ იგი თავისი დამრიგებლის ხელით იმართება. „ჩვენ ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა გვაქვს“, – გულწრფელად აღიარა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმის დროს გამართული საუბრის დროს. იგი თბილისში და პარიზში (სორბონაში) სწავლის დროს საერთაშორისო ურთიერთობებს დაეუფლა და 21 წლის ასაკში ბიძინა ივანიშვილთან დაიწყო მუშაობა. მისი კარიერა ელვისებურად განვითარდა: ერთნახევარი წლის შემდეგ იგი უკვე ივანიშვილის ფონდის ხელმძღვანელია. მას პოლიტიკური საქმიანობა არ სურდა, იგი უფრო ბიზნესისთვის იყო განწყობილი, მეუღლეც ამას ეუბნებოდა, მაგრამ როცა ივანიშვილმა პოლიტიკოსობა გადაწყვიტა, ირაკლი ღარიბაშვილიც მას გაჰყვა: „მე პატიოსნად გავყევი მის კვალს“.

საქართველოს მთავრობა ახლა ბიძინა ივანიშვილზე დამოკიდებული არარ არის, ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი: „იგი პოლიტიკაში არ ერევა“. დღეს მილიარდერი მხოლოდ კერძო კონსულტანტის როლს ასრულებს: ზოგჯერ პრემიერი მისგან საკუთარი სურვილით  რჩევებს ღებულობს ხოლმე სხვა და სხვა სტრატეგიული საკითხებზე.

სინამდვილეში კი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გავლენა ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია, რაც შარშან ნოემბერში მომხდარმა სამთავრობო კრიზისმაც დაადასტურა: ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა პოლიტიკური თვალსაზრისით გამოცდილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და მას სულ „ბრიყვი“, „მოღალატე“ და „ავანტიურისტი“ უძახა. ბიძინა ივანიშვილმა თავის შვილობილს ასეთი გამონათქვამები არ მოუწონა, ისინი „მიუღებლად“ მიიჩნია, პრემიერ-მინისტრი გაკიცხა და მისი ამგვარი ქცევა პოლიტიკური გამოუცდელობით ახსნა.

მაგრამ მაშინაც კი, როცა გავლენიანი მფარველი პრემიერ-მინისტრს საყვედურს ეუბნება, იგი მას იმავდროულად მაინც აქებს და ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი „ძლიერი პიროვნება“ და „ეფექტური მოღვაწეა“. ირაკლი ღარიბაშვილი თავის საქმეებზე ბევრს არ ლაპარაკობს. მისი მთავრობის საქმიანობის შედეგები აშკარაა: თბილისური დიპლომატიური წრეები ადასტურებენ იმას, რომ ქართული იუსტიცუია უფრო ტავისუფალი გახდა, ვიდრე ეს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში იყო; ეკონომიკურმა ზრდამ, გასული წლის მონაცემებით, 5%-ს მიაღწია; შარშან ივნისში საქართველოს ხელი მოაწერა ასოცირების სეთანხმებას ევროკავშირთან… ამ ფონზე სორბონის ყოფილი სტუდენტისა და დღევანდელი პრემიერ-მინისტრის სიტყვებს – „მე მსურს საქართველო ჭეშმარიტ ევროპულ სახელმწიფოდ გადავაქციო“ – საფუძველი ნამდვილად აქვს და სარწმუნოდ ჟღერს.

თუმცა „ეფექტური პრემიერ-მინისტრი“ ხშირად ემოციებს ვერ მალავს – მაგალითად, როცა საკითხი სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ეხება, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებს: „ეს ჩვენი ხალხის ტკივილია“, – ასე აფასებს ირაკლი ღარიბაშვილი მოუგვარებელ ტერიტორიულ კონფლიქტებს. მას იმედი აქვს, რომ ევროპული საქართველო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს უფრო უკეთეს მომავალს შეუქმნის, ვიდრე რუსეთი. ასეთი მეთოდით სურს მას დაიბრუნოს დაკარგული „დები და ძმები“.

განხორციელდება თუ არა ეს გეგმა, საკამათოა.. მართალია, რუსეთმა ქართულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას თავისი ბაზარი გაუხსნა, მაგრამ კრემლს ოკუპირებული რეგიონებიდან თავისი ჯარების გაყვანაზე არ უფიქრია. აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა რუსეთთან გაღრმავებულ თანამშრომლობაზე მოილაპარაკეს, რომლის მიხედვით, მათი კავშირები მოსკოვთან უფრო მტკიცდება. შესაბამისად, ბევრ აფხაზს და ოსს მიაჩნია, რომ მათთვის ქართველები არანაირი „დები და ძმები“ არ არიან.

ირაკლი ღაიბაშვილის საუბრიდან ირკვევა, რომ ამ პრობლემის მიმართ საქართველოს ადრინდელი მიდგომები არ შეცვლილა: „ეს ჩვენი ტერიტორიებიაა, ჩვენი სხეულის ნაწილები“, – ამბობს იგი და დასძენს: „აფხაზებმა და ოსებმა იციან, რომ მათ ჩვენს გარეშე მომავალი არ აქვთ“.

მაგრამ ასეთი თვალსაზრისის ფონზე უმცირესობასთან დამოკიდებულებაში ნდობის განმტკიცება, ცოტა არ იყოს, რთულია.

«Neue Zürcher Zeitung» (შვეიცარია), 3 თებერვალი, 2015 წელი

http://www.nzz.ch/international/europa/leben-in-der-sackgasse-1.18474789

ცხოვრება ჩიხში: სამხრეთ ოსეთს მომავლის იმედი აქვს

„მოსკოვი, როგორც ჩანს, უკრაინის აღმოსავლეთში ახალ „გაყინულ კონფლიქტს“ ქმნის. თუ რას ნიშნავს ეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მსგავსი გაურკვეველი სტატუსის მქონე ტერიტორიებზე ცხოვრობენ, ამაში საქართველოში მდებარე პროვინციის – სამხრეთ ოსეთის მაგალითზე დავრწმუნდებით“, – აღნიშნულია შვეიცარიის გაზეთ „ნოიე ციურჰერ ცაიტუნგში“ გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში, რომლის ავტორია სესილ დრუე.

აღსანიშნავია, რომ იგი ჟენევაში არსებულ შვეიცარიის მშვიდობის ფონდში მუშაობს და დაცული აქვს დისერტაცია საქართველო-რუსეთის ურთიერთობის პრობლემებზე. სესილ დრუე ცხინვალში იყო ჩასული და საკუთარი თვალით დაინახა სამხრეთ ოსეთის „სიღარიბე და ბრწყინვალება“.

გთავაზობთ სტატიის მოკლე შინაარსს:

„დღევანდელ ცხინვალს თუ 2008 წლის დროინდელ ქალაქს შევადარებთ, სხვაობა ნამდვილად შესამჩნევია: მახსოვს, რომ ექვსი წლის წინათ ქუჩები სავსე იყო დამსხვრეული მინებით, სკოლები და საავადმყოფოები დანგრეული იყო, ყოველ კუთხეში დამტვრეული ავტომანაქნები და დამწვარი ქართული ტანკები იდგა. მოსკოვიდან გადმორიცხული ფულით ახალი სახლები შენდება, ქუჩები მოასფალტდა, რესტავრირებულია ეროვნული პოეტრის ძეგლიც, რომელსაც ქართველმა ჯარისკაცებმა თავი და ხელები მოამტვრიეს. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა ნელ-ნელა უბრუნდება 20-წლიანი კონფლიქტის წინ არსებულ მეტ-ნაკლებად ნორმალურ ცხოვრებას.

როგორც ისტორიკოსი იური პლიევი ამბობს, „ჩვენი ეკონომიკა ახალ სტიმულს, „ნოუ-ჰაუს“ საჭიროებს, აუცილებელია პროდუქციის გასაღების ბაზარი… ადრე, საბჭოთა პერიოდში, სამხრეთ ოსეთი პოლილითონებს, მინერალურ წყალს და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას აწარმოებდა და მთელ საბჭოთა კავშირში გაჰქონდა, მაგრამ ახლა საბჭოთა ბაზარი აღარ არსებობს, საქართველოსთან საზღვარი დახურულია, რუსეთში საქონლის გასატანა კი საკმაოდ რთულია – კავკასიის ქედი გვზღუდავს. უფრო უარესი ისაა, რომ კორუფცია მძვინვარებს. ჩვენი სახელმწიფოს პრობლემები ჩვენვე უნდა მოვაგვაროთ. სწორედ მაშინ გვაღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა“.

ტაქსისტ ბათრაძ კოჩიევის აზრით, „ჩვენი თაობა ნორმალურ მუშაობას გადაეჩვია. ახალგაზრდობაში ჩვენ ავტომატებითა და მანქანებით დავრბოდით. ახლა ვნანობ, რომ კარგი განათლება ვერ მივიღე. რომ მესწავლა, ნორმალური სამსახურის შანსი მაინც მექნებოდა, ახლა კი ჩემს ოთხ შვილს ძლივ-ძლივობით ვარჩენ“.

სამხრეთ ოსეთის 70 ათასი მცხოვრებიდან ძალიან ბევრი რუსეთში სწავლობს ან მუშაობს, მათ რუსეთის მოქლაქეობა აქვთ მიღებული და ამის დამადასტურებელი პასპორტებიც უდევთ ჯიბეში. მოსკოვი გარანტიას იძლევა, რომ სამხრეთ ოსეთს დაიცავს. ამ მიზნით რუსეთს რამდენიმე ათასი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული ცხინვალთან დისლოცირებულ სამხედრო ბაზაში და ეს მხოლოდ „ქველმოქმედება“ არ არის: კრემლი სამხრეთ ოსეთს ბუფერულ ზონად განიხილავს, რათა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება დაამუხრუჭოს, რათა არ დაუშვას საქართველოს ალიანსში გაწევრიანება.

რუსეთის ჯარების „უხერხულ“ ყოფნას სამხრეთ ოსეთში სულ მალე კანონიერი საფუძველი ექნება: 2015 წლის თებერვლისათვის დაგეგმილია რუსეთ-სამხრეთ ოსეთის მოკავშირეობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება, აფხაზეთის მსგავსად, რომლის მიხედვით. რეგულირდება სამხედრო-პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობები. ამ დოკუმენტმა ცხინვალში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია: მოსკოვი სამხრეთ ოსეთს გაძლიერებული თანამშრომლობას სთავაზობს, სამხრერთ ოსეთის მმართველ პარტიას კი რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანება სურს.

და მაინც – ღირს კი ასეთი სტაბილურობა რუსეთთან ღრმა ინტეგრაციის ფასად? ხომ არ ილახება სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი? არა, ამბობენ ცხინვალში. „რუსებმა ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარეს და ამიტომ ჩვენ მათ ვენდობით. მოსკოვი დანგრეული სოფლების აღდგენაში გვეხმარება და ჩვენს საზღვრებს იცავს“, – ამბობს მირა ჯიკაევა, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

ოსების უმრავლესობას არ მიაჩნია, რომ ისინი დე-ფაქტოდ რუსული ანექსიის პირობებში ცხოვრობენ. ზოგიერთი პოლიტიკური ორგანიზაცია პარლამენტის არჩევნების დროს ხალხს პირდებოდა, რომ სამხრეთ ოსეთს ჩრდილოეთ ოსეთთან გააერთიანებდა (რუსეთის შემადგენლობაში), ეს იდეა დღესაც არ გამქრალა, თუმცა ყირიმის მიერთების შემდეგ მოსკოვს დამატებითი პრობლემები არ სჭირდება: „ჩვენ ამას უნდა შევურიგდეთ, ამბობს რობერტ გასიევი, ისტორიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი.

რას ფიქრობენ ოსები ქართველებზე?

„თბილისმა ბევრი პოლიტიკური შეცდომა დაუშვა”, – ამბობს ვლადიმერ ხუბაევი, რომელიც ადრე სპორტსმენი იყო და ახლა პენსიონერია, – მაგრამ ჩვენ ქართველების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. ჩვენ საქართველოში მეგობრები და ნათესავები გვყავს, ბევრი ჩვენთაგანი თბილისში სწავლობდა… დახურული საზღვრის მიუხედავად, პროდუქციის დიდი ნაწილი ისევ საქართველოდან შემოდის, კონტრაბანდის სახით“.

თუმცა ერთი რამ ცხადია: ტაქსის მძღოლიდან დაწყებული, ინსიტუტის პროფესორით დამთავრებული, ყველა თვლის, რომ პერსპექტივაში სამხრეთ ოსეთის გაერთიანება საქართველოს შემადგენლობაში უკვე შეუძლებელია. „ეს უკვე გავლილი გვაქვს, – ამბობს ჟურნალისტი სლავა გაბარაევი, – მაგრამ ჩვენ საქართველოსთან ურთიერთობები უნდა მოვაგვაროთ. ბოლოს და ბოლოს, ქართველები ხომ ჩვენი მეზობლები არიან“. მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობასაც შეუძლია თავისი წვლილის შეტანა: „თუ ევროპისაგან იზოლირებულნი ვიქნებით, მაშინ  სულ უფრო მეტად მოვექცევით რუსეთის გავლენის ქვეშ“.

«Независимая газета» (რუსეთი), 5 თებერვალი, 2015 წელი

http://www.ng.ru/cis/2015-02-05/6_gruzia.html

თბილისი ისევ საპროტესტო გამოცდის ზღურბლზეა: პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების შედეგად საქართველოში დაძაბულობამ მოიმატა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულია საქართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფარცხალავა და მისი ათი ყოფილი თანამშრომელი. კიდევ ერთზე, რომელიც საზღვარგარეთ იმალება, საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული წაყენებულ ბრალს არ ცნობს. ყოფილი მმართველი პარტიის, ამჟამად კი ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი დადგმული სპექტაკლია და მათ დაკავებული ექს-ძალოვანების გათავისუფლება მოითხოვეს“, – აღნიშნულია სტატიაში (ავტორი – იური როქსი).

პუბლიკაციაში ნათქვამია აგრეთვე, რომ გრძელდება ზურაბ ვაზაგაშვილის მამის – იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებაც. ავტორი ვრცლად აღწერს ამ საქმესთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარებს, ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლათა განცხადებებს, ადვოკატების თვალსაზრისს, ოპოზიციის წარმომადგენელტა გამონათქვამებს და ა.შ.

სტატიაში მოცემულია საქართველოს შს სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილის კომენტარი, რომელიც მან ტელეკომპანია „ტაბულას“ ეთერში გააკეთა: „დავუშვათ, ირაკლი ფირცხალავას მართლაც ბრალი მიუძღვის იმაში, რომ დანაშაულებრივი ბრძანება გასცა, მაგრამ რატომ იჭერენ „სპეცნაზის“ წევრებს? ისინი ხომ იმიტომ არიან „სპეცნაზელები“, რომ უსიტყვოდ შეასრულონ ხელმძღვანელი ყოველი დავალება?“.

ყოფილი მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლებმა თავიანთ კომენტარებში მიანიშნეს, რომ ისინი არ იქნებიან ინერტულნი და უსიტყვოდ არ დაუწყებენ ცქერას, თუ როგორ უსწორდება ხელისუფლება ღირსეულ პოლიციელებს. ამ მიზნით ისინი ყველა რესურსს გამოიყენებენ.

აქციებისა და საპროტესტო გამოსვლებისათვის მზად არიან აგრეთვე სხვა პოლიტიკური პარტიები და საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლებიც, თუმცა მათ ამისათვის განსხვავებული მიზეზები აქვთ: „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათუირია მზადაა უხელმძღვანელოს აქციას მედიკამენტებზე, გაზზე და საწვავზე ფასების მომატების გამო. ‘მთელ მსოფლიოში ნავთობზე ფასები 55%-ით შემცირდა, საქართველოში კი მხოლოდ 20%-ით. თუ ფასები შესაბამისად არ დარეგულირდება, ერთი კვირაში აქციას დავიწყებთ პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით“, – ხაზი გაუსვა ჯონდი ბაღათურიამ.

«Известия» (რუსეთი), 4 თებერვალი, 2015 წელი

http://izvestia.ru/news/582593

რუსეთის ფედერაციის საბჭოს აინტერესებს, რაზე და ვისზე იხარჯება რუსეთის მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გადახდილი ფული

ნატალია ბაშლიკოვა

(შემოკლებით)

რუსეთის ფედერაციის საბჭომ განიზრახა, გაანალიზოს, რაში იხარჯება რუსეთის მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრობისათვის გადახდილი ფული, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, 28 მილიონი დოლარს შეადგენს. რუსმა სენატორებმა საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გაუგზავნეს და შეატყობინეს, რომ ამ საკითხით არიან დაინტერესებულნი და სურთ შესაბამისი მონაცემების მიღება ევროპის საბჭოსაგან.

როგორც ცნობილია, ამ რამდენიმე დღის წინათ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, რუსეთის დელეგაციას ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა. რუსი კანონმდებლები სერიოზულად ფიქრობენ – დარჩნენ ასამბლეის წევრად თუ დატოვონ ეს ევროპული ორგანიზაცია.

როგორც ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩევმა განაცხადა, აუცილებელი ვიცოდეთ, თუ რას აძლევს რეალურად რუსეთს ამ ორგანიზაციის წევრობა და რაში იხარჯება მოსკოვის მიერ ათეულ მილიონობით გადახდილი ფული.

„ჩვენ ვთხოვთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, მოგვცეს დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რაში იხარჯება ჩვენი მოქალაქეების მიერ გადახდილი თანხა… ჩვენ 2015 წლის საწევრო შესატანი უკვე გადახდილი გვაქვს, ამაზე ლაპარაკი არ არის, რადგან მას უკვე უკან ვეღარ დავიბრუნებთ, მაგრამ სამომავლოდ, 2016 წლის შესატან თანხებზე უნდა დავფიქრდეთ. უნდა გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტები”, – განაცხადა კონსტანტინ კოსაჩევმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებულ სკანდალზე საუბრისას სენატორმა გაიხსენა ერთ-ერთი კურიოზული შემთხვევა თავისი პრაქტიკიდან, როცა იგი 2008 წელს დაკავებული იყო „ქართული დოსიეს” შესწავლით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის გამო.

„მე ძალიან გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ ევროპის ადამიანთა უფლების სასამართლოში ქართველი მოსამართლის ხელფასი უფრო მეტი იყო, ვიდრე თვით საქართველოს მიერ გადახდილი საწევრო თანხა. დარწმუნებული ვარ, რომ არის კიდევ მრავალი მსგავსი შემთხვევა, როცა ჩვენი ფული მრავალი ეროვნული დელეგაციის საჭიროებისათვის იხარჯება, ამის სანაცვლოდ კი ისინი რუსულ თემაზე პარაზიტობენ და ჩვენს წინააღმდეგ მუშაობენ”, – განაცხადა კონსტანტინ კოსაჩევმა.

«ТВ 5 канал» (უკრაინა), 4 თებერვალი, 2015 წელი

http://www.5.ua/polityka/Saakashvili-rozghliadaie-mozhlyvist-ocholyty-ukrainske-Antykoruptsiine-biuro-69258.html

http://www.ukrinform.ua/rus/news/saakashvili_govorit_chto_vozglavit_antikorruptsionnoe_byuro_emu_ne_predlagali_1710348

მიხეილ სააკაშვილი: „წინააღმდეგი არ ვარ უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროს ვუხელმძღვანელო, თუ, რასაკვირველია, ამ თანამდებობას შემომთავაზებენ“

საქართველოს ექს-პრეზიდენტი წინააღმდეგი არ არის, რომ მან უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს უხელმძღვანელოს, თუ, რასაკვირველია, მას ამ თანამდებობას შესთავაზებენ. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა წუხელ, უკრაინის ტელეკომპანია „მეხუთე არხის“ („პიატიი კანალ“) პროგრამა „პიდსუმკი დნია“-ში („დღის შედეგები“) გამოსვლისას განაცხადა.

„ამას ჰიპოთეტურად ვამბობ, თორემ ისე, ცხადია, ჯერ ვინმემ უნდა შემომთავაზოს ეს [თანამდებობა]… ოფიციალურად ჯერ არავითარი დოკუმენტები არ წარმიდგენია. საერთოდ, სერიოზულად ვფიქრობ, რომ მე და ჩემი გუნდი გარკვეულწილად ამაში მონაწილეობას მივიღებთ“, – აღნიშნა ექს-პრეზიდენტმა. მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს პოლიტიკური კონსულტაციები ამ თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატებს შორის. მან დასძინა, რომ მისი გუნდის წარმომადგენლები ამჟამად პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და პარლამენტის სხვა და სხვა ფრაქციებთან ერთად მუშაობენ და ყველა მათგანი „საკმაოდ კვლიფიცირებული სპეციალისტია, რომ უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროს უხელმძღვანელოს“.

„რა თქმა უნდა, ჩემი ქვეყანა საქართველოა და ჩვენ ყველანი იქ უნდა დავბრუნდეთ და ჩვენივე დაწყებული რეფორმები გავაგრძელოთ, უკრაინაში არცერთი ჩვენთაგანი არ უნდა დარჩეს. უკრაინა უკრაინელებმა უნდა აშენონ, მაგრამ ამ გარდამავალ პერიოდში ჩვენ მზად ვართ დასახმარებლად, ჩვენ ყველაფერზე მზად ვართ“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა

Comments are closed