„პრაიმტაიმი“: რა ბრალდებები ელოდება საქართველოში მიხეილ სააკაშვილს?
„ასავალ-დასავალი“: ინტერვიუ რეზო ამაშუკელთან: „მიხეილ სააკაშვილი – ეს ორ ფეხზე მოსიარულე შავი ჭირი, ნელ-ნელა აქეთ მოცოცავს, რათა ქართველობაზე შური იძიოს“
„ასავალ-დასავალი“: ინტერვიუ ლალი მოროშკინასთან: „მიშა, შენი ძალები უშრეტი არაა და ინსულტი გარდაუვალი იქნება
„ვერსია“: ვინაა საბურთალოს მაჟორიტარობის ბრიტანელი კანდიდატი და რატომ გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობა // „თბილისი მშობლიურ ქალაქად მიმაჩნია, საქართველო ჩემი ქვეყანაა!“ – ინტერვიუ ჯოზეფ ალექსანდერ სმიტთან
——————
„პრაიმტაიმი“, 11 სექტემბერი, 2017 წელი
რა ბრალდებები ელოდება საქართველოში მიხეილ სააკაშვილს?
მას შემდეგ, რაც კვლავ აქტუალური გახდა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხი, გადავწყვიტეთ, თვალი გადაგვევლო იმ სისხლის სამართლის საქმეებისთვის, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ მთავარ პროკურატურაშია აღძრული. მათ შორის ყველაზე სკანდალური ე.წ. პიჯაკების საქმეა. ამ ეპიზოდს საზოგადოების ნაწილი „ბოტოქსების საქმედაც“ მოიხსენიებს, გამომდინარე იქიდან, რომ იმ თანხის დიდი ნაწილი, რომელსაც გამოძიება სააკაშვილს ედავება, სწორედ ძვირად ღირებულ კოსმეტიკურ პროცედურებში, მათ შორის ბოტოქსებშია გახარჯული.
დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი 2014 წლის აგვისტოში დაუსწრებლად წაუყენა. საუბარია 8 მილიონ 837 ათას 461 ლარზე, რომელიც სრულიად გასაიდუმლოებულ რეჟიმში გაიხარჯა.
რატომ გახდა საჭირო ხარჯების გასაიდუმლოება?
ყველაფერი 2009 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მოიწვია მასაჟისტი დოროთი შტეინი, ე.წ. „დოქტორ დოტი“, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს გაუწია შესაბამისი მომსახურება, თუმცა მოგვიანებით, დოქტორ დოტის მიერ საქართველოში სტუმრობის ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტსივრცეში განთავსდა, რის შემდეგაც მისი საქართველოში ვიზიტისა და პრეზიდენტისთვის გაწეული მომსახურების შესახებ ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის. აღსანიშნავია, რომ მასაჟისტ დოროთი შტეინის საქართველოში შემოყვანისას და ქვეყნის დატოვებისას მისი მხრიდან საქართველოს საზღვრის კვეთის ფაქტი არ დაფიქსირებულა.
სამომავლოდ პრეზიდენტის ხარჯების შესახებ მსგავსი ინფორმაციის გაჟონვის თავიდან აცილების მიზნით, 2009 წლის აპრილში, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, მისი პირადი მიზნებისთვის საჭირო თანხების გასაიდუმლოებული ფორმით ხარჯვის თაობაზე. მაშინ როდესაც მანამდე პრეზიდენტის ხარჯები იყო საჯარო და ის ფინანსდებოდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ „სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ სახსრებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილი ბიუჯეტიდან საჭირო თანხების მობილიზებას მოახდენდა მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, საიდანაც საიდუმლო რეჟიმში განხორციელდებოდა პირადი მიზნებისთვის განკუთვნილი ხარჯების დაფინანსება.
ასე დაიწყო მილიონობით თანხის ხარჯვა საიდუმლო რეჟიმში. გამოიცა პრეზიდენტის „საიდუმლო“ განკარგულება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაევალა მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების, ასევე, მათი სტუმრების, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მგზავრობისა და ცხოვრების, კოსმეტიკური პროცედურების, კვების, სწავლის, საჩუქრებისა და სუვენირების შეძენის, საყოფაცხოვრებო და სხვა ხარჯების დაფინანსება. თანხების ჩამოწერას გრიფით „საიდუმლო“ პატაკებით ახორციელებდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტი. პროკურატურის ინფორმაციით, ხსენებულ პატაკებს გრიფი „საიდუმლო“ ენიჭებოდა „სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის“ მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან არცერთი ზემოაღნიშნული პატაკი და მასზე თანდართული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას.
გამოძიების მასალებით დგინდება, რომ 2009-2012 წლებში მიხეილ სააკაშვილისა და მისი ახლობლების კოსმეტიკურ პროცედურებში დაიხარჯა 673 260 ლარი, აქედან უშუალოდ სააკაშვილის პროცედურებზე დახარჯულია 399 495 ლარი. კერძოდ, მან საზღვარგარეთის სხვადასხვა კლინიკას რამდენჯერმე მიმართა ე.წ. „ბოტოქსისა“ და ეპილაციის პროცედურების ჩასატარებლად, მათ შორის მიუნხენსა და ნიუ-ორკში.
პროკურატურას სასამართლოში მტკიცებულების სახით წარდგენილი აქვს მიხეილ სააკაშვილის მიერ გაწეული სხვა „საიდუმლო“ ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რითიც ირკვევა, რომ, მაგალითად, პრეზიდენტისთვის დაქირავებული ესპანელი მზარეულის სერქიო ქალდერონ ლატასას შრომის ანაზღაურების, საცხოვრებელი ფართის დაქირავების, მზარეულის თარჯიმნის შრომის ანაზღაურებისა და მზარეულის ესპანეთში მგზავრობის მიზნით სულ გახარჯულია 191 643 ლარი; მიხეილ სააკაშვილის სტილისტის ალი კამალის სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 75 181 ლარი; მარიამ საჯაიას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და ბათუმში სასტუმრო მომსახურებაში გადახდილია 6 342 ლარი; ალანა გაგლოევას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში სასტუმრო მომსახურებაში გადახდილია 6 401 ლარი; კრისტინა და ნატალია უსოვების სასტუმრო მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 15 873 ლარი; ვერა ქობალიას მშობლების, ასევე, მისი დის ნინა ქობალიას სამგზავრო ბილეთების შესაძენად – 38 247 ლარი; მიხეილ სააკაშვილისთვის ავიალაინერის დაქირავებისთვის გადახდილია 503 383 ლარი; იტალიაში, ქალაქ ვერონაში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტისას ლიმუზინისა და მინივენის დაქირავებისთვის გადახდილია 45 214 ლარი; პერუში ვერტმფრენის დაქირავებისთვის გადახდილია 33 204 ლარი; საზღვარგარეთის ქვეყნებში მიხეილ სააკაშვილისთვის ველოსიპედების დაქირავებისთვის გადახდილია 35 350 ლარი; იტალიაში, ქალაქ პიზაში იახტის დაქირავებისთვის გადახდილია 25 237 ლარი; მიხეილ სააკაშვილისთვის დიდ ბრიტანეთში 7 პიჯაკისა და ერთი ქაშმირის სპორტული პალტოს შესაძენად გადახდილია 49 499 ლარი და ხელით ნაკეთი 2 კოსტიუმის შესაძენად – 7 994 ლარი (რის გამოც ამ საქმეს საზოგადოების ნაწილმა ე.წ. „პიჯაკების საქმე“ უწოდა); აშშ-ში, ინგლისსა და საქართველოში ათი ერთეული მაჯის საათის შესაძენად გადახდილია, ჯამში, 53 283 ლარი; ლონდონში მკერდით მხატვრის მერედიტ ოსტრომის მიერ შესრულებული ნახატის შესაძენად გადახდილია 15 989 ლარი; ასევე, ტაილანდის კურორტ ფხუკეთში, მიხეილ სააკაშვილის, დავით ბაქრაძის, ლევან ვარშალომიძის სასტუმროს, ავტომობილის მომსახურების, კვებისა და ავიაბილეთების ხარჯებმა ორ დღეში შეადგინა 127 858 ლარი და სხვა.
ეს და სხვა ბევრი ხარჯი უშუალოდ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის „საიდუმლო“ პატაკით ფორმდებოდა, თუმცა საიდუმლო ხარჯების პარალელურად, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბიუჯეტებიდან პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის 2009 წელს დაიხარჯა 6 213 015 ლარი, 2010 წელს – 3 340 728 ლარი, 2011 წელს – 4 654 100 ლარი და 2012 წელს – 5 809 808 ლარი, სულ 20 მილიონ ლარზე მეტი.
კიდევ ერთი ბრალდება, რომელიც საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს წაუყენა, დეპუტატ ვალერი გელაშვილზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას უკავშირდება. ამავე საქმეზე უკვე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის, სოდ-ის ყოფილი უფროსის ერეკლე კოდუასა და მისი მოადგილის, გია სირაძის მიმართ. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კი გამოძიება ცალკე წარმოებად გრძელდება.
დეპუტატზე ანგარიშსწორებას წინ უძღოდა 2005 წლის 29 ივნისს გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებული სტატია, სადაც ვალერი გელაშვილი გამოთქვამდა უკმაყოფილებას მოქმედი პრეზიდენტის მიმართ, იმასთან დაკავშირებით, რომ მას წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არ უნაზღაურებდნენ. ამავე სტატიაში მან შეურაცხმყოფელი ფორმით ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ.
პროკურატურა ირწმუნება, რომ სწორედ ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯის მიზნით, პირადი შურისძიების მოტივით, საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს დაავალა, მოეხდინა ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, რაზეც ირაკლი ოქრუაშვილისგან მიიღო უარი. ამის გამო, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალა საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელ მინისტრს ვანო მერაბიშვილს.
„დავალების მიღების შემდეგ მერაბიშვილმა მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის ერეკლე კოდუას ორგანიზებით უზრუნველყო მიხეილ სააკაშვილის დავალების ზედმიწევნით შესრულება, რომელიც განხორციელდა 2005 წლის 15 ივლისს. სოდ-ის ოპერატიულმა თანამშრომლებმა და შეიარაღებული სპეციალური რაზმის მებრძოლებმა, თბილისში, მირცხულავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას, მოახდინეს ვალერი გელაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ბლოკირება, რის შემდეგაც თავს დაესხნენ ვალერი გელაშვილს და მის თანმხლებ პირებს. ერეკლე კოდუას დავალებითა და სოდ-ის სამმართველოს უფროსის გიორგი სირაძის ხელმძღვანელობით, მოქმედმა სპეციალური რაზმის მებრძოლებმა ძალის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ავტომანქანიდან თანმხლებ პირებთან ერთად გადმოიყვანეს ვალერი გელაშვილი, იარაღის კონდახებით სასტიკად სცემეს და გაიტაცეს ვალერი გელაშვილის კანონიერ მფლობელობაში არსებული „Heckler Koch“-ის მარკის ცეცხლსასროლი იარაღი, ფულადი თანხა – 10 000 აშშ დოლარი და 50 000 ლარად ღირებული ბეჭედი. ცემის შედეგად ვალერი გელაშვილმა მიიღო სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება“, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.
2014 წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილს კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს, ამჯერად სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე. პროკურატურაში ამბობენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოსთვის მიცემული რეკომენდაციების საფუძველზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან.
რაში გამოიხატებოდა მიხეილ სააკაშვილის ჩართულობა სანდრო გირგვლიანის საქმეში? როგორც ცნობილია, გირგვლიანის მკვლელობა იმ დროის მძლავრი საპროტესტო მოძრაობის საფუძველი გახდა. ოპოზიცია და საზოგადოება ხელისუფლებას შსს-ს მაღალჩინოსნების დასჯას სთხოვდა. 2006 წლის თებერვალში გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც შეეხებოდა გირგვლიანის საქმეზე პასუხისგებაში მისაცემ პირთა განსაზღვრას, გადაწყდა, რომ დამნაშავეთა დასჯის მზარდი საზოგადოებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით, დანაშაულში მონაწილე დაბალი რანგის თანამდებობის პირებთან ერთად პასუხისგებაში უნდა მიცემულიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანიც – გერონტი ალანია. ამ გზით, კუდ-ის ყოფილი დირექტორი დათა ახალაია და ამ დანაშაულთან კავშირში მყოფი სხვა მაღალი თანამდებობის პირები აცილებულ იქნებოდნენ პასუხისმგებლობისგან.
და აი, აქ უკვე საქმეში შემოდის მიხეილ სააკაშვილი… გენერალურ პროკურატურაში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, იმავე დღეს, სააკაშვილთან გაიმართა შეხვედრა, რომელიც, ასევე, შეეხებოდა გირგვლიანის საქმეზე პასუხისგებაში მისაცემ პირთა საკითხის გადაწყვეტას და მსჯავრდების შემდგომ სასჯელის მოხდისგან შეწყალებით ვადამდე განთავისუფლებას.
„მიხეილ სააკაშვილმა დავით ახალაიას უთხრა, რომ გირგვლიანის საქმით გამოწვეული საზოგადოებაში არსებული მზარდი მღელვარების ჩასაცხრობად, რამდენიმე დაბალი რანგის თანამდებობის პირთან ერთად პასუხისგებაში უნდა მიცემულიყო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსანი გერონტი ალანიაც, სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირები კი აცილებულ იქნებოდნენ პასუხისგებას. ამასთანავე, დავით ახალაიას შეჰპირდა, რომ პასუხისგებაში მიცემულ პირებს შეიწყალებდა მათი მსჯავრდების შემდეგ…. დანაშაულის გახსნის ყალბი მოლოდინის გაჩენისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, 2006 წლის 6 მარტს, საჯაროდ გაცხადდა, რომ თითქოს დავით ახალაიას უშუალო ძალისხმევით გამოვლინდნენ ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე პირები – კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გერონტი ალანია, ამავე დეპარტამენტის უფროსი ოპერატიული თანამშრომლები: ალექსანდრე ღაჭავა, მიხეილ ბიბილურიძე და ავთანდილ აფციაური, რომლებიც დაკავებულ იქნენ ალექსანდრე გირგვლიანის სასიკვდილო შედეგით ჯანმრთელობის დაზიანებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით….
2008 წლის 24 ნოემბერს, საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, ბოროტად გამოიყენა რა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილება, დავით ახალაიასთვის წინასწარ მიცემული უკანონო დაპირების შესაბამისად, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით შეიწყალა და საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა მსჯავრდებულებს – გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძესა და ავთანდილ აფციაურს, რის შემდეგაც მათ მიმართ შესაძლებელი გახდა ვადამდე პირობით განთავისუფლების სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება და ისინი განთავისუფლდნენ სასჯელის მოხდისგან დაპატიმრებიდან 3 წლისა და 9 თვის შემდეგ“, – ასეთია პროკურატურის ინფორმაცია.
მიხეილ სააკაშვილს, სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, ასევე, 2014 წელს წაუყენეს ბრალი 7 ნოემბრის ეპიზოდზეც. საქმე ეხება მშვიდობიან მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დაუფლებას.
როგორც ცნობილია, ტელეკომპანია „იმედი“ ეთერში გასვლის დღიდან აქტიურად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. 2006-2007 წლებში „ტელეიმედით“ გაშუქდა საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მტკივნეული და გახმაურებული საკითხები – სანდრო გირგვლიანის, ამირან რობაქიძის, ზურაბ ვაზაგაშვილის, ზურაბ ჟვანიას – საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებული სიუჟეტები. ასევე, 2007 წლის სექტემბერში „ტელეიმედის“ ეთერით საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გააჟღერა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის მიცემული დავალება, რომელიც ეხებოდა პატარკაციშვილის ლიკვიდაციას.
პროკურატურაში ამბობენ, რომ ყოველივე ამის გამო ხელისუფლების წარმომადგენლები, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, აქტიურად აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს ბადრი პატარკაციშვილთან, ტელეკომპანია „იმედის“ საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევის მიზნით. მიხეილ სააკაშვილი მზად იყო, პატარკაციშვილის თანხმობის შემთხვევაში „ტელეიმედი“ გაეცვალა „საქართველოს რკინიგზაში“, რომელიც იმ პერიოდში წარმოადგენდა საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს აქტივს, რაზეც მიიღო უარი.
2007 წლის ნოემბერში, საზოგადოებაში დაგროვილი მასობრივი უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ საპროტესტო აქციებში გადაიზარდა. 4 ნოემბერს, სააკაშვილის დავალებით, შსს-ს შენობაში, ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გაიმართა საგანგებო თათბირი, რომელსაც თავად მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა. თათბირს ესწრებოდნენ გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი დათა ახალაია, თბილისის მერი გიგი უგულავა და გუბერნატორები.
„მერაბიშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარე თათბირზე გადაწყდა, რომ უნდა შეედგინათ საპროტესტო აქციებში მონაწილე პირთა სია, რომელთა მიმართ უნდა განხორციელებულიყო დაშინება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, ხალხის ცემა და სხვადასხვა გზებით, მათ შორის ნარკოტიკების ჩადებით მათი დაპატიმრება. ოპოზიციის მხარდამჭერი ბიზნესმენებისთვის უნდა „მიეხედა“ ფინანსური პოლიციის ყოფილ უფროსს და იმჟამად თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს. ი. მერაბიშვილმა თათბირის დროს წამოთქვა შემდეგი შინაარსის ფრაზები – გალახული კაცი საქართველოში არის ჩმორი და მაშინვე კარგავს გავლენას, ჯგუფები შექმენით, სცემეთ, თირკმელებში ურტყით, დაიჭირეთ, გადმოიბირეთ, ნარკოტიკები ჩაუდეთ, გარეთ ერთი ახალაია მიხედავს, შიგნით მეორე დახვდება“.
თათბირზე ივანე მერაბიშვილის მიერ გაცემული დავალება – ადამიანების დაშინების, ცემისა და დაპატიმრების შესახებ სისრულეში მოყვანილ იქნა 2007 წლის 7 ნოემბერს, როდესაც გაიცა ბრძანება აქციის დარბევის თაობაზე.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე, რუსთაველის გამზირზე და რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების მხრიდან განხორციელდა მომიტინგეთა დარბევა, უკანონოდ გამოყენებულ იქნა არალეტარული იარაღი (რეზინის ტყვიები), უმოწყალოდ სცემეს ასეულობით მოქალაქე, მათ შორის სახალხო დამცველი, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრები, ჟურნალისტები. სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა შეშინებულ მომიტინგეებს, რომლებიც თავს აფარებდნენ მაღაზიებსა და აფთიაქებს. 2007 წლის 7 ნოემბერს, ქვეყნის მთავარსარდლის მიხეილ სააკაშვილის მიერ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, თბილისში, თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნის ჩათვლით ტერიტორიაზე, უკანონოდ გამოყვანილ იქნა თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, რომელიც ემსახურებოდა აღნიშნულ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებას, რომ არ მომხდარიყო მოქალაქეთა ხელახალი გამოსვლა და რაიმე სახის პროტესტის გამოხატვა“, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.
ამას მოჰყვა ტელეკომპანია „იმედში“ სპეცდანიშნულების რაზმის შეჭრა და მაუწყებლობის გაჩერება. პარალელურად სამართალდამცველები შეიჭრნენ პატარკაციშვილის კუთვნილ „მთაწმინდის პარკშიც“, თავად ბადრი პატარკაციშვილი კი სახელმწიფო შეთქმულებაში იქნა მხილებული.
პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან ერთ კვირაში, კერძოდ, 2008 წლის 19 თებერვალს, ნოტარიუს მერი ბუბაშვილთან, პატარკაციშვილის ნდობით აღჭურვილ პირს გიორგი ჯაოშვილს, მის სახელზე რიცხული „ჯეი-ემ-ჯი კონსალტინგ გრუპის“ წილი, რომლის საკუთრებაშიც იყო „ტელეიმედი“, წესდების მოთხოვნათა დარღვევით, გადააფორმებინეს ბიზნესმენ ჯოზეფ კეიზე. აღნიშნულ მოქმედებას ადგილზე ხელმძღვანელობდნენ დავით კეზერაშვილის დავალებით მოქმედი სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები და ხელისუფლების სხვა თანამდებობის პირები. იმავე დღეს გიორგი ჯაოშვილი მიიყვანეს ფინანსური პოლიციის შენობაში და აიძულეს, გადამდგარიყო შპს „ტელეიმედის“ დამფუძნებელი ფირმების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან, რითაც პატარკაციშვილის ოჯახი საბოლოოდ ჩამოაშორეს ტელევიზიას.
„ასავალ-დასავალი“, 11 სექტემბერი, 2017 წელი
ინტერვიუ რეზო ამაშუკელთან: „მიხეილ სააკაშვილი – ეს ორ ფეხზე მოსიარულე შავი ჭირი, ნელ-ნელა აქეთ მოცოცავს, რათა ქართველობაზე შური იძიოს“
„მაგ მაწანწალა სააკაშვილს ვეუბნები: აქეთ მოიხედე, გახრწნილო!“, – ამ სიტყვებით მიმართავს პოეტი რეზო ამაშუკელი საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ფურცლებიდან.
პოეტი გაზეთის დღევანდელ ნომერში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ჩასვლას ეხმაურება და აღშფოთებას გამოთქვამს. რეზო ამაშუკელი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი თავდაპირველად უკრაინაში ჩავა, შემდეგ კი საქართველოშიც დაბრუნდება და 2012 წლის 1 ოქტომბრის დამარცხების გამო ქართველებზე შურს იძიებს.
„მიხეილ სააკაშვილი – ეს ორ ფეხზე მოსიარულე შავი ჭირი, რომელსაც საქართველო და ქართველები ეზიზღება, ნელ- ნელა აქეთ მოცოცავს, რათა 2012 წლის 1 ოქტომბრის გამო ქართველობაზე შური იძიოს და ქვეყანა სისხლში დაახრჩოს! საუბედუროდ, მას დღემდე უჭერენ მხარს მსოფლიოს გარკვეული ძალები და არ მინდა, ვიფიქრო, რომ ჩვენი ხელისუფლება კარს მომდგარ საფრთხეს ვერ გრძნობს! თუ სააკაშვილი საქართველოში ექსტრადირება მოხდება, შესაძლოა, სწორედ ამაში იყოს ჩადებული ბომბი, რომელიც ქვეყანას ააფეთქებს ! მაგ გარეწარს ახლა თვითონვე აწყობს, რომ ციხეში ჩაჯდეს და ამით მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცეს. გული მიგრძნობს, რომ საქართველოს წინააღმდეგ ახალი შეთქმულება მზადდება და ამას ჩვენ ვიღაც-ვიღაცეებივით გატრუნულები და ბუჩქებში დამალულები კი არა , ხმალამოღებული უნდა დავხვდეთ!“, – აცხადებს რეზო ამაშუკელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
„ასავალ-დასავალი“, 11 სექტემბერი, 2017 წელი
ინტერვიუ ლალი მოროშკინასთან: „მიშა, შენი ძალები უშრეტი არაა და ინსულტი გარდაუვალი იქნება
„ბოლო წლებში მიშას, კალიგულას სინდრომი დაემართა. შესაძლოა ამის ბრალიც იყო მისი არაბუნებრივი საქციელი“, – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი – ძლიერი სახელმწიფოს“ დამფუძნებელი ლალი მოროშკინა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ დღევანდელ ნომერში.
ლალი მოროშკინა გამოცემასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრობს. იგი ამავე ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილს ურჩევს, საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს. ამასთან, ლალი მოროშკინა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და ექსპრეზიდენტს ინსულტს უწინასწარმეტყველებს.
„მიშას პრობლემა დღესაც ის არის, რომ გვერდით მეგობარი, კეთილის მსურველი არ ჰყავს. ამ ადამიანს შველა სჭირდება. ის აბსოლუტურად ყველამ გამოიყენა – თანაგუნდელებმა, ოჯახმაც კი. დღეს მიშას ორი არჩევანი აქვს – ეკლესია ან ციხე. ეკლესიისთვის სათანადოდ დაბრძენებული არ არის. მე, როგორც ძველი წლების გულშემატკივარი, ვურჩევ ქართულ მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს! ეს საუკეთესო გამოსავალია. მიშა, ადამიანს ციხე არ კლავს, ის საშუალებას მოგცემს, ბევრ რამეზე დაფიქრდე და გააანალიზო. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ეს მარათონი შეაჩერო, შენი ძალები უშრეტი არ არის და ინსულტი გარდაუვალი იქნება. აი მერე მართლა ვეღარავინ გიშველის“, – აცხადებს ლალი მოროშკინა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში. ამავე ინტერვიუში ტელეჟურნალისტი წარსულს იხსენებს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი მისი ყოფილი მეუღლის თანაკლასელი იყო და სამივე ერთად ბავშვობიდან მეგობრობდნენ. თუმცა, ლალი მოროშკინა ამბობს, რომ როგორც კი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, თითქმის თანაკლასელების უმრავლესობა ციხეში ჩასვა. „რეალურად, მიშა ჩემი ყოფილი მეუღლის ნუკრი ჩაგანავას კლასელი იყო, რომელთანაც სასკოლო რომანი მქონდა. ჩვენ ყველანი ერთად ვიყავით და ვმეგობრობდით. მეც ვხედავდი მიშას ბევრ კარგ თუ ცუდ თვისებას – როდესაც ბავშვები შატალოზე მიდიოდნენ, იგი სკოლაში რჩებოდა და თანაკლასელებს აბეზღებდა“, – აცხადებს ლალი მოროშკინა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
„ვერსია“, 11-13 სექტემბერი, 2017 წელი
ვინ არის საბურთალოს მაჟორიტარობის ბრიტანელი კანდიდატი და რატომ გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობა // „თბილისი მშობლიურ ქალაქად მიმაჩნია, საქართველო ჩემი ქვეყანაა!“ - ინტერვიუ ჯოზეფ ალექსანდერ სმიტთან
თათია გოჩაძე
ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 5 წლის წინ ჩამოვიდა. 32 წლის ბრიტანელი ზაარბრიუკენის მოედანზე ცხოვრობს და ამბობს, რომ თბილისი მის მშობლიურ ქალაქად იქცა. ერთ-ერთ რადიოში გადაცემა ინგლისურ ენაზე მიჰყავს, სადაც ქართულ კულტურასა და ტრადიციებზე საუბრობს. ქართულ ენას, შეიძლება ითქვას, სრულყოფილად ფლობს, თუმცა ამბობს, რომ ახლაც სწავლის პროცესშია. ჯოზეფმა საზოგადოების ყურადღება ჯერ კიდევ მაშინ მიიპყრო, როცა ,,პანორამა თბილისის” საპროტესტო აქცია მოაწყო. ახლა კი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს _ საბურთალოს ოლქში მაჟორიტარად იყრის კენჭს, რისი ნებართვაც ცესკო-მ 520 ხელმოწერის შეგროვების შემდეგ მისცა. სმიტი დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეა, ბოლო 5 წელია საქართველოში ცხოვრობს, ასე რომ, არჩევნებში მონაწილეობის უფლება, კანონით აქვს, თუმცა როგორც აცხადებს, იმის გამო, რომ დამოუკიდებელი კანდიდატია, უფასო სარეკლამო დრო და შესაბამისი რესურსი არ გააჩნია… ამიტომაც აპირებს, დახმარებისთვის სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართოს. რატომ გადაწყვიტა საქართველოში ცხოვრება და თბილისის საკრებულოს წევრობა?
,,ვერსია” ჯოზეფ ალექსანდერ სმიტს ესაუბრა.
- ბაქოში სტაჟიორად ვმუშაობდი და ბრიტანეთში დაბრუნება სრულიად შემთხვევით, საქართველოს გავლით გადავწყვიტე, სადაც მხოლოდ სამი დღე გავატარე, მაგრამ აქაურობა ისე შემიყვარდა, ერთი წლის შემდეგ ჩამოვედი. ლონდონიდან გაქცევა მინდოდა იმიტომ კი არა, რომ წარუმატებელი ვიყავი _ დიდი ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი და უნივერსიტეტში ვსწავლობდი, უბრალოდ, სხვაგან ცხოვრება მინდოდა. ბაქოზე მეტად, თბილისი მომეწონა და აქ ცხოვრება გადავწყვიტე. თავიდან მუშაობა ინგლისური ენის მასწავლებლად დავიწყე, 2014 წელს კი ჟურნალისტიკით დავინტერესდი და რადიო GIPA-ში დავსაქმდი.
- ქართული ასე კარგად რამდენ ხანში ისწავლეთ?
- დღემდე ვსწავლობ, თუმცა ორ წელიწადში დავიწყე საუბარი. ურთულესი ენაა, არაბულსაც ვსწავლობ, თუმცა ქართულის სწავლა გაცილებით რთულია. როცა მუშაობა ჟურნალისტად დავიწყე, ქართულად საუბარი ძალიან მსიამოვნებდა… ახლა კი მიმაჩნია, რომ ამ სოციუმის, საზოგადოების სრულყოფილი ნაწილი ვარ.
- ჯოზეფ, ვიდრე დეპუტატობის კანდიდატი გახდებოდით, მახსოვს, რამდენიმე აქციაზე გამოჩნდით. საზოგადოებრივი აქტიურობა რატომ გადაწყვიტეთ?
- საერთაშორისო ორგანიზაციის ,,იარე ფეხით” წევრი ვარ, რომელიც ცდილობს, თბილისი ადამიანზე მეტად მორგებული გახდეს; ამიტომ არაერთი საპროტესტო აქციის ორგანიზატორი ვიყავი, მაგალითად, ,,პანორამა თბილისის” შესახებ მოვაწყვეთ აქცია. ლონდონსა და კაიროში ცხოვრების გამოცდილება მაქვს და მინდა ვთქვა, რომ თბილისი მოწოდებით ევროპული ქალაქია, თუმცა სამწუხაროდ, ძალიან შორს არაა კაიროსგან. ევროპაში ასეთი ,,ყვითელი მარშუტკები” არ დადიან, ამდენი გაუმართავი ტაქსიც არ მოძრაობს, არაა მშენებლობის პრობლემა… თბილისის მაცხოვრებლები ვხედავთ, რა შედეგი მოიტანა მშენებლობის ნებართვის უკონტროლოდ გაცემამ…
- ისე საუბრობთ, თითქოს ძირძველი თბილისი იყოთ…
- აქ ვცხოვრობ და სხვაგან წასვლის სურვილი არც მაქვს. ვფიქრობ, ეს ჩემი ქვეყანაა, სხვათა შორის, თებერვალში საქართველოს მოქალაქეც გავხდი.
- ორმაგი მოქალაქეობა როგორ მიიღეთ?
- სამოტივაციო წერილი დავწერე.
- ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა რატომ გადაწყვიტეთ?
- როგორც გითხარით, სამი წელია, სამოქალაქო აქტივიზმში ვარ ჩართული და ვიცი, თბილისში არსებული პრობლემები სათავეს საიდანაც იღებს. ეს ქალაქის ხელისუფლების განზე დგომის პოლიტიკის ბრალია, აქ ზედმეტად პოლიტიზებული გარემოა. საკრებულოს არაერთ სხდომას დავსწრებივარ, რადგან მაინტერესებს, რას აკეთებენ ჩვენი არჩეული წარმომადგენლები… ძირითადად ყვირიან, მწვავე პოლიტიზებული გარემოს გამო კი ჩვენი, მოქალაქეების პრობლემების მოგვარების გზები იკარგება.
- გამარჯვების შემთხვევაში, მოქმედების კონკრეტული გეგმა გაქვთ?
- დიდი ხანია, ამ ნაბიჯზე ვფიქრობ. ფოკუსჯგუფების ფორმატში სოციოლოგიური კვლევა ჩავატარე და გავარკვიე, საბურთალოს მოსახლეობას რა პრობლემები აქვს. სხვათა შორის, ჩუღურეთის რაიონში ვცხოვრობ, ყოფილი ვორონცოვის მაღლა, მაგრამ იქ ისევე, როგორც დანარჩენ ძველ უბნებში, ძირითადად აქცენტირება ავარიული სახლების პრობლემაზე ხდება, ქალაქის ძირითადი პრობლემები კი ისეთ უბნებში იკვეთება, როგორიცაა, მაგალითად, ვაკე, საბურთალო. ამ უბნებში ინტენსიურად მიმდინარეობს უკანონო მშენებლობები… ისე, ჩემი უბანი ძალიან მომწონს… ნაქირავებში ვცხოვრობ, მაგრამ თუ საშუალება მექნება, სახლს ვიყიდი.
- შეხვედრაზე ველოსიპედით მოხვედით. ქალაქში, სადაც ველოტრასა არ არსებობს, გადაადგილება არ გიჭირთ?
- სამწუხაროდ, თბილისში ველოსიპედით გადაადგილება ექსტრემალური სპორტია, ამიტომ თუნდაც მოყვარული ველომრბოლელები მხოლოდ ახალგაზრდა მამაკაცები არიან, რაც ჩემთვის არაბუნებრივია. ველოსიპედით პრინციპულად დავდივარ, რადგან ვფიქრობ, მანქანების რაოდენობა უნდა შემცირდეს. თუ საკრებულოში მოვხვდი, ამ საკითხის მოგვარებას აუცილებლად ვეცდები.
- კენჭს დამოუკიდებლად იყრით?
- ვფიქრობ, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, კენჭი მეტმა არაპარტიულმა კანდიდატმა იყაროს.
- ანუ ქართველები ზედმეტად პოლიტიზებულები ვართ?
- ვფიქრობ, საქართველოს დემოკრატია ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. შემდეგი ეტაპი ჩვენი პოლიტიკური სპექტრის გამრავალფეროვნებაა. პოსტსაბჭოთა გადმონაშთია, როცა მემარცხენეობა ცუდ სიტყვად მიიჩნევა, არადა დიდი ბრიტანეთის არჩევნებში მეორე ადგილი სწორედ ასეთმა პარტიამ დაიკავა.
- მონარქიული ქვეყნიდან ხართ. საქართველოში მონარქიის აღდგენაზე რას ფიქრობთ?
- სანამ ფიქრს მონარქიაზე დავიწყებთ, საქართველოს ბევრი სხვა პრობლემა აქვს მოსაგვარებელი…
- კათოლიკე ხართ?
- არა, მართლმადიდებელი – აქ მოვინათლე.
- ქართულ სტერეოტიპებს ადვილად ეგუებით?
- ჩემს სოციუმში სტერეოტიპულად მოაზროვნე ადამიანი იშვიათია. ისეთი ადამიანების მოსმენა, რომლებიც სტერეოტიპულად აზროვნებენ, შოკია. ისე, მიმაჩნია, რომ ქართველები რომელიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენლებისგან დიდად არ განსხვავდებიან, ამიტომ თბილისელი არანაკლებადაა ღირსი, თანამედროვე ევროპული სტანდარტების ქალაქი ჰქონდეს.
- თბილისში ტურიზმი სწორი მიმართულებით ვითარდება?
- არა. აღმაშენებლის გამზირზე ე. წ. საზოგადოებრივ-რეკრეაციული ზონა მოეწყო, მაგრამ სინამდვილეში, ეს ადგილი კაფე-ბარების მეპატრონეებს ჩააბარეს. მსგავსი პროექტები ადგილობრივებზე უნდა იყოს მორგებული. თბილისის ძველი უბნები ,,ტურისტული ხაფანგია” – ტურისტები ფეხით მხოლოდ ისტორიულ ზონაში დადიან და ამიტომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ცხოვრება რთული გახდა. ტურიზმი ქალაქის რიგითი მოქალაქეების სასარგებლოდ უნდა არსებობდეს, ახლა კი მხოლოდ ბიზნესის მფლობელებისთვისაა.
- ,,ქართულ მარშზე” რას მეტყვით?
- ასეთი მოძრაობები ბრიტანეთშიცაა, რაც ვფიქრობ, ქსენოფობიური მიდგომაა, მაგრამ საიდან იღებს სათავეს ყველაფერი ეს? ისინი ეკონომიკურად და სხვა მხრივაც, ალბათ, მარგინალიზებულები არიან… ქართველობას არავინ გართმევთ, პირიქით, ყველას, ვინც აქ ჩამოდის, ზუსტად ქართული კულტურის უნიკალობის შეცნობა უნდა.
- ბრიტანეთიდან მეგობრები ხშირად გსტუმრობენ?
- ლონდონში ბევრი მეგობარი არ დამრჩა. ერთი მეგობარი ორჯერ მესტუმრა, მოეწონა, მაგრამ ჩემსავით აქ ცხოვრებას არ აპირებს. ჩემი მშობლები პირველად გაისად ჩამოვლენ. იციან, რომ არჩევნებში კენჭს ვიყრი, თუმცა ვერ ხვდებიან, ეს ზუსტად რას ნიშნავს.