«Эхо» (აზერბაიჯანი): რუსული მარცხი „ქართულ ველზე“? // აფხაზეთთან ხელშეკრულების რატიფიცირებით რუსეთი უფრო მეტად წააგებს, ვიდრე მოიგებს
«КоммерсантЪ» (რუსეთი): ხელშეკრულება მაღალი ტონით: რაზე დაობენ სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ინტეგრაციის მომხრეები?
———————-
«Эхо» (აზერბაიჯანი), 6 თებერვალი, 2015 წელი
http://www.echo.az/article.php?aid=78160
რუსული მარცხი „ქართულ ველზე“?
აფხაზეთთან ხელშეკრულების რატიფიცირებით რუსეთი უფრო მეტად წააგებს, ვიდრე მოიგებს
სტატიაში, რომლის ავტორია ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ნურანი (თოფიგახანუმ კასიმოვა), მიმოხილულია საქართველოში ბოლო პერიოდში მომხდარი საშინაო და საგარეოპოლიტიკური მოვლენები, განსაკუთრებით კი აქცენტირებულია ორი ძირითადი საკითხი:
ა) ექს-პრემიერ ზურბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის ხელახალი გამოძიება
როგორც პუბლიკაციაში აღნიშნული, „პროკურატურამ ბრალი წაუყენა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს მამუკა გვარამიას და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ყოფილ უფროსს როსტომ ლაზარიას მასზედ, რომ მათ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და ქვემო ქართლის გუბერნატორის ექს-მოადგილის რაულ იუსუფოვის გარდაცვალების (დაღუპვის) საქმის მასალები გააყალბეს. პროკურატურა მოითხოვდა, რომ მათ წინასწარი პატიმრობა შეფარდებოდათ, მაგრამ სასამართლომ ისინი გირაოს შეტანის შემდეგ გაათავისუფლა“. სტატიაში მოცემულია ამ სისხლის სამართლის საქმის ისტორია, რომელიც ჟვანიასა და იუსუფოვის გარდაცვალების დღიდან აღიძრა (2005 წლის სამ თებერვალს), აღნიშნულია, რომ თავიდანვე იყო ეჭვები რომ ისინი ოფიციალურად გაცხადებული მიზეზებით კი არ გარდაცვლილან (გაზით მოწამვლით), არამედ ეს იყო წინასწარგანზრახული მკვლელობა. აღსანიშნავია, რომ ამ ტრაგიკულ ფაქტს წლების შემდეგ აქტუალურობა მაინც არ დაუკარგავს და ხშირად პოლიტიკური ბატალიების ობიექტი ხდებოდა – მიხეილ სააკაშვილის მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობასა“ და ოპოზიციას შორის. არჩევნების შემდეგ კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალი მთავრობა მოსახლეობას სამართლიანობის აღდგენასა და ძველი გახმაურებული საქმეების ხელახალ გამოძიებას დაპირდა, მაგრამ პროცესმა დამუხრუჭება დაიწყო… ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ისაა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება „ცეცხლზე ნავთს ასხამს“ გახმაურებული პოლიტიკური პროცესების ფონზე. „ქართულ ოცნებაში“ ძლიერდება უთანხმოება და ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სერიოზულად ფიქრობს რევანის აღებას…
ბ) აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემატიკა
პუბლიკაციაში ასევე ხაზგასმულია, რომ ხელისუფლებაში ყოფნის მესამე წელს „ქართულ ოცნებამ“ ასევე ვერ მოახერხა ყველაზე მთავარი დაპირების შესრულება: რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება – არამარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკურ სფეროში. საქართველოს ხელისუფლებამ მოსკოვთან შერიგებაზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოუგვარებლად, გასაგები მიზეზების გამო, უარი განაცხადა. ამასობაში კი კრემლი იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ მას არ სურს ოკუპირებული ტერიტორიების დატოვება და ყველანაირად ცდილობს „დამოუკიდებელი რესპუბლიკების“ მხარდაჭერას. ამის ნათელი დადასტურებაა ე.წ. მოკავშირეობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების“ გაფორმება აფხაზეთთან (რომელიც უკვე რატიფიცირებულია და პრეზიდენტისაგან ხელმოწერილი), მსგავს დოკუმენტზე ხელმოწერა იგეგმება სამხრეთ ოსეთთანაც. ორივე დოკუმენტი თბილისმა „რუსულ ექსპანსია-ანექსიად“ შეაფასა.
სადაა გამოსავალი და რამდენად შესაძლებელია ამ მტკივნეული პრობლემების მოგვარება? ამ კითხვაზე პასუხისათვის ავტორი იმოწმებს ნატოს სპეცწარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის სიტყვებს საქართველოს ტელევიზიისათვის მიცემული ინტერვიუდან: მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ამჟამად ალიანსს არავითარი ბერკეტი არ გააჩნია, რომ ხელი შეუშალოს ხელშეკრულებაზე ხელმოწერას. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ამ დოკუმენტებს არ ვცნობთ, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ვგმობთ სეპარატიზმს და რუსეთის უხეშ ჩარევებს… მაგრამ ჩვენ არ გვაქვს იმის ძალა, რომ რუსეთს უარი ვათქმევინოთ განზრახვებზე…“. ცხადია, ასეთ ფონზე ზედმეტია იმის იმედი, რომ მომავალში მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობა დინამიურად, დადებითი ტენდენციებით განვითარდება. დასკვნა: ამ მოვლენების გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლებას წინ კიდევ დიდი პოლიტიკურ-დიპლომატიური პრობლემების გადაჭრა ელოდება. ამასთან, აფხაზეთთან ხელშეკრულების რატიფიცირება ხელს არ შეუწყობს კრემლის პოზიციების განმტკიცებას სამხრეთ კავკასიაში, პირიქით მოხდება – რუსეთი „ქართულ ველზე“ ვერ გაიმარჯვებს.
«КоммерсантЪ» (რუსეთი), 6 თებერვალი, 2015 წელი
http://www.kommersant.ru/doc/2661295?isSearch=True
ხელშეკრულება მაღალი ტონით: რაზე დაობენ სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ინტეგრაციის მომხრეები?
„ცხინვალში დასრულდა „მოკავშირეობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების“ პროექტზე მუშაობა, დოკუმენტის ოსური ვერსია უკვე მოსკოვში გაგზავნეს. პროექტის ტანახმად, სამხრეთ ოსეთი თავის „დამოუკიდებლობა-სუვერენიტეტს“ ინარჩუნებს, მაგრამ საპარალმენტო უმრავლესობას (პარტია „ერთიანი ოსეთი“) საკითხის ასეთი გადაჭრა არ აწყობს, მას ორი ოსეთის გაერთიანება და რუსეთის შემადგენლობაში შესვლა აქვს გამიზნული. პარტია ამომრჩევლებს სწორედ ამას დაპირდა, მაგრამ მისი დაპირების განხორციელება ვერ ხერხდება, ამიტომ „ერთიანი ოსეთი“ 8 თებერვალს საპროტესტო აქციის ჩატარება განიზრახა. ხელისფლებამ მიტინგი აკრძალა. სამხრეთ ოსეთს წინ პოლიტიკური არასტაბილურობა ემუქრება“, – ასეთია პუბლიკაციის დედააზრი, რომლის ავტორებია ლანა პარასტაეივა და ოლღა ალენოვა.
სტატიაში გადმოცემულია რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. „მოკავშირეობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების“ პროექტის ძირითადი დებულებები.
„ერთიანი ოსეთის“ ოპონენტები ვარაუდობენ, რომ პარტია მოქალაქეთა სურვილებზე სპეკულირებს: „დიახ, რასაკვირველია, ორი ოსეთის გაერთიანება კარგია, მაგრამ მოსკოვი ჩვენ პირდაპირ გვეუბნება, რომ ახლა ამის დრო არ არის. რუსეთს რომ ეს სურდეს, ხვალვე მის შემადგენლობაში ვიქნებოდით“, – ამბობს ინფორმაციისა და კომუნიკაციების კომიტეტის თავმჯდომარე ვიაჩესლავ გობოზოვი. მისი თქმით, პარტია „ერთიანი ოსეთი“ არ უფიქრდება იმას, რომ რუსეთს ჩრდილოეთი და სამხრეთ ოსეთის გაერთიანება ბევრ პრობლემას შეუქმნის: „აი, დააკვირდით: დასავლეთი და საქართველო მაინც და მაინც არ ხმაურობენ და ჩუმად არიან – ისინი ხედავენ, რომ აქ რუსეთისათვის რაღაც არაკონსტრუქციული პროცესები მიდის და ფიქრობენ, რომ ამით რუსეთი დაზარალდება“.