„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „საქართველოს გარშემო სახიფათო კონფიგურაცია იქმნება!..“ // „ადგილობრივ თვითმმართველობებში სხვა, უარესი ეტაპი დადგა, როდესაც აღარ ეშინიათ საქმის უხარისხოდ გაკეთებისა და ფულის მითვისების – იქნება ეს ლეგალური გზით პრემია-დანამატების გამოწერა თუ არალეგალური გზით ტენდერებიდან თანხების მასობრივად „მოტეხვა“
„ახალი თაობა“: ვინ უნდა ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტად – ირაკლი ღარიბაშვილი თუ დავით უსუფაშვილი
„ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ქართული ოცნების“ ლიდერად კვლავ ბიძინა ივანიშვილი რჩება“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ შალვა შავგულიძესთან: „ერთპარტიული კონსტიტუცია დესტაბილიზაციის პროვოცირებას მოახდენს“
—————–
„კვირის პალიტრა“, 09 ოქტომბერი, 2017 წელი
ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „საქართველოს გარშემო სახიფათო კონფიგურაცია იქმნება!..“ // „ადგილობრივ თვითმმართველობებში სხვა, უარესი ეტაპი დადგა, როდესაც აღარ ეშინიათ საქმის უხარისხოდ გაკეთებისა და ფულის მითვისების – იქნება ეს ლეგალური გზით პრემია-დანამატების გამოწერა თუ არალეგალური გზით ტენდერებიდან თანხების მასობრივად „მოტეხვა“
ნათია დოლიძე
საკონსტიტუციო ცვლილებები სამი მოსმენით დამტკიცებულია, თუმცა პროცესი გრძელდება და როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში ვერც დასრულდება. მართალია, ვენეციის კომისიამ საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა და ცვლილებები დიდწილად მოიწონა, მაგრამ მმართველ გუნდს შეახსენა ისიც, რომ ბონუსმანდატების გაუქმებისა და მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ბლოკების ერთჯერადად დაშვების პირობა უნდა შესრულდეს. თავის მხრივ, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ცვლილებებისთვის ვეტოს დასადებად ემზადება. მან შეხვედრები გამართა ოპოზიციასა და საპარლამენტო უმრავლესობასთან, თუმცა, როგორც ჩანს, სახელისუფლებო გუნდთან შეთანხმება ვერ მოხერხდა. პრეზიდენტმა მმართველ გუნდს კონსენსუსისთვის შესთავაზა ოთხი საკითხი: ბონუსმანდატების გაუქმება, ბლოკების დაშვება, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წელს გადასვლა და პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა მას შემდეგ, რაც ის ორპალატიანი გახდება.
უმრავლესობაში აცხადებენ, რომ თუ ვეტოს სამოტივაციო შენიშვნებში ზემოთ მოყვანილი პირველი ორი საკითხის გარდა, სხვა საკითხებიც მოხვდება, მაშინ ისინი პრეზიდენტის პოზიციას არ გაიზიარებენ და ვეტოს დასძლევენ. ეს კი ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისთანავე ახალ ცვლილებებზე უნდა დაიწყოს მუშაობა, რადგან მხოლოდ ასე მოხერხდება ვენეციის კომისიისთვის მიცემული პირობის შესრულება. ამ და სხვა პოლიტიკურ თემებზე ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება:
- პრეზიდენტის შეთავაზება, რომ პარლამენტმა ვეტოს შემთხვევაში გაიზიაროს მისი მოსაზრებები – ერთი მხრივ, პროპორციული საარჩევნო სისტემის 2020 წელსვე ამოქმედება, მეორე მხრივ კი – პრეზიდენტის არასაყოველთაო წესით არჩევის ორპალატიანი საპარლამენტო სისტემის შემოღებამდე გადადება – ბევრისთვის და ჩემთვისაც სრულიად გაუგებარია, რადგან ეს ორი სისტემა ერთმანეთს გამორიცხავს. თუ სამომავლოდ ორპალატიანი სისტემის შემოღება იგეგმება, მაშ, რატომ აუქმებენ მაჟორიტარულ სისტემას?!
გამოდის, რომ ეს მხოლოდ სიტყვებია და ამდენი დრო ამ უსაგნო კამათში ტყუილად დაიხარჯა. რაც დრო გადის, ჩვენი საზოგადოება რწმუნდება, რომ ეს საკონსტიტუციო პროცესი აქციეს საკუთარი პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილების საშუალებად. ვგულისხმობ ყველა მხარეს: ხელისუფლებას, პრეზიდენტს, ოპოზიციას. საზოგადოება რომ ნაკლებად დაინტერესებულია ამ პროცესით, სწორედ ჩვენი პოლიტიკური ელიტის დამსახურებაა. საბოლოოდ მივიღეთ ვითარება, როდესაც კონსტიტუცია იქცა მხოლოდ პოლიტიკოსების საქმედ და ვიწროპარტიული დაპირისპირების მიზეზად. ვეჭვობ, საქართველოს პოლიტიკურ ელიტას კარგად ესმოდეს იმ რისკებისა და გამოწვევების შინაარსი, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას: ტერიტორიული მთლიანობა, ოკუპაცია, საფრთხე და გამოწვევები სამხრეთიდან…
ჯერ არ დასრულებულა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი და ახალი უნდა წამოიწყონ. ტრაგიკომიკური ვითარებაა. ყველაფრის მიზეზი ბევრი რამ არის, მათ შორის: არაკომპეტენტურობა, პოლიტიკური გამოუცდელობა, კონსტიტუციის ჭრა-კერვის მახინჯი ტრადიცია და ა.შ. მთავარი მაინც ის არის, რომ ამ პროცესში ყველა მხარე საკუთარი ინტერესების გატანას ცდილობდა. ისეთი ვითარება მივიღეთ, რომ ეს პროცესი კონსტიტუციას მხოლოდ ამცირებს და აბიაბრუებს…
- არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება. როგორ შეაფასებთ საარჩევნო პროცესს? ბოლო ხანს ბევრი შენიშნავს, რომ “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანია ძალიან დაემსგავსა ხელისუფლებაში მყოფი “ნაციონალური მოძრაობის” კამპანიებს, ერთის – ძალადობის გამოკლებით… სხვა მხრივ კი ვხედავთ ისეთივე პომპეზურობას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და ა.შ.
- ეს საარჩევნო კამპანია გამოირჩევა იმით, რომ უაღრესად ეკლექტურია. ვგულისხმობ იმას, რომ სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს, ანუ დაძაბულობისა და დაპირისპირების ხარისხი სხვადასხვანაირია. ასევე ხასიათდება ადამიანების მასობრივი პორტირებით პარტიიდან პარტიაში. ყოველგვარ საზღვარს სცილდება ამ პროცესის პოლიტიკური ცინიზმი.
“ნაციონალების” დროინდელი აქტივი ლამის მთლიანად გადასახლდა “ქართული ოცნების” რიგებში. არ ვიცი, იმ ადამიანებმა, რომლებმაც თავის დროზე თავგანწირვის ფასად დაუჭირეს ამ ორგანიზაციას მხარი, რა დააშავეს, ასე რომ გარიყეს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ არჩევნები ტარდება მოსახლეობის მხოლოდ ერთი ნაწილისთვის. მეორე ნაწილი კი ამ პროცესიდან გამორთულია. ამ ფონზე “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის პომპეზურობა და მასშტაბურობა განსაკუთრებით გამაღიზიანებელია. ხალხი ისედაც ძალიან შეშფოთებულია იმით, რომ “ქართული ოცნების” სიებში ზოგჯერ ჭარბობენ კიდეც “ნაციონალური მოძრაობიდან” პორტირებული ადამიანები. რაც ზუგდიდში, გარდაბანში, ბევრ სხვა ადგილას ხდება, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს…
- ახლახან “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” თბილისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს სამწლიანი საქმიანობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. კავშირები ბიზნესთან, არასრულყოფილად შევსებული ქონებრივი დეკლარაციები და გაუმჭვირვალე საქმიანობა – ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ მნიშვნელოვანი პრობლემებისა, რაც კვლევისას გამოჩნდა. საინტერესოა, რომ ამ თვალსაზრისით ვითარება შეიძლება უარესიც იყოს რეგიონების მმართველობით რგოლებში…
- როდესაც “ქართული ოცნება” მოვიდა ხელისუფლებაში, თავდაპირველად თბილისშიც, თუმცა მეტწილად უფრო რეგიონებში, იყო ეტაპი, როდესაც იმის შიშით, რამე არასწორად არ გაეკეთებინათ, თითქმის არაფერს აკეთებდნენ. ეს ვითარება სრულად არა, მაგრამ ნელ-ნელა ნაწილობრივ დასძლიეს და ადგილობრივ თვითმმართველობებში სხვა, უარესი ეტაპი დადგა, როდესაც აღარ ეშინიათ საქმის უხარისხოდ გაკეთებისა და ფულის მითვისების – იქნება ეს ლეგალური გზით პრემია-დანამატების გამოწერა თუ არალეგალური გზით ტენდერებიდან თანხების მასობრივად “მოტეხვა” და სხვა ფინანსური მაქინაციები.
უხარისხოდ, არაკომპეტენტურად, ფეხებზე დაკიდებით გაკეთებული საქმის ნათელი მაგალითია ზუგდიდის სტადიონი და კიდევ ბევრი სხვა რამ. გაუჩნდათ განწყობა, რომ მათ პასუხს არავინ მოსთხოვს. შეიძლება მხოლოდ სამსახურიდან უხმაუროდ გაათავისუფლონ
- ეს არის და ეს. არადა, ბევრი მათგანი თუნდაც მხოლოდ უპასუხისმგებლობისთვის მკაცრად არის დასასჯელი. თუ ეს საშიში სიმპტომები არ ამოიშანთა, კარგად დავიწყებულ შევარდნაძის პერიოდს მივიღებთ.
მკითხეთ, უნდა ველოდოთ თუ არა, რომ ეს ვითარება არსებითად შეიცვლება არჩევნების შემდეგ? ვერ გეტყვით, მე ასეთ ტენდენციას ხელისუფლებაში ვერ ვხედავ. მმართველი ძალის დასახელებულ კანდიდატურებშიც არ ჩანს “ქართული ოცნების” მწველი სურვილი, რომ ადგილებზე თანამდებობებზე მოიყვანონ აქტიური, შემოქმედებითი და მენეჯერული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან ქვეყნის თანამიმდევრულ განვითარებაზე. სამწუხაროდ, სახელისუფლებო სტრუქტურებში ასეთი ადამიანების დიდი დეფიციტია.
- ბოლო ხანს მითქმა-მოთქმა არ წყდება სირიასთან დაკავშირებით. თქვენი აზრით, შესაძლებელია, რომ სირიამ, რუსეთის ზეწოლით, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა ცნოს?
- სამწუხაროდ, ეს შესაძლებელია და ამის წინააღმდეგ, ფაქტობრივად, არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. სირიის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა ჩვენ კი არა, ჩვენს პარტნიორებსაც არ ძალუძთ. თუმცა უნდა ესმოდეთ, რომ თუ ასეთი ნაბიჯი გადადგეს, ამით დაშლის პირას მყოფ საკუთარ ქვეყანას უფრო მძიმე ვითარებაში ჩააგდებენ. ამგვარი აღიარებით, რისი წინააღმდეგიც გაეროს წევრთა გადამწყვეტი უმრავლესობა იქნება, შექმნიან წინა პირობას, რომ უახლოეს მომავალში ანალოგიური პრობლემის წინაშე სირიაც დადგეს. ამ ეტაპზე სირიის ხელმძღვანელობა “ისლამურ ხალიფატთან” მნიშვნელოვან ბრძოლებს იგებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ომი დასრულებულია და სირიის გაყოფა დღის წესრიგში აღარ დგას. არ არის გამორიცხული, ხვალ და ზეგ დადგეს ჩრდილოეთ სირიაში მცხოვრები ქურთების გამოყოფის საკითხი. ვფიქრობ, დამასკოში უნდა აცნობიერებდნენ ამ ხიფათს, მიუხედავად რუსეთის ზეწოლისა…
- რადგან სეპარატიზმზე ვსაუბრობთ, უნდა გკითხოთ კატალონიაში ჩატარებული რეფერენდუმის თაობაზეც. თქვენი აზრით, რეალურია თუ არა, ამ რეგიონმა დამოუკიდებლობის მიღწევა შეძლოს და რა გავლენას მოახდენს ეს ევროპაზე?
- თუ მხარეები სამართლებრივ ნორმებს არ დაარღვევენ და შეიარაღებული კონფლიქტი არ დაიწყება, ბევრი არაფერი მოხდება. კატალონიური ხელისუფლების წარმომადგენლები სულ იმას ამბობენ, სამართლებრივ ჩარჩოში ვიმოქმედებთო. თუ ასეა, მაშინ მათ არ უნდა დაარღვიონ ესპანეთის კონსტიტუცია, სადაც წერია, რომ კატალონიისა თუ სხვა რეგიონის დამოუკიდებლობა მთელი ესპანეთის მასშტაბით ჩატარებულმა რეფერენდუმმა უნდა გადაწყვიტოს. საინტერესოა, რომ რეფერენდუმამდე მხოლოდ 43% უჭერდა მხარს კატალონიის გამოყოფას, შედეგის მიხედვით კი ამას მხარი 90%-მა დაუჭირა. როგორც ირკვევა, კატალონიის მოსახლეობის ნახევარი არ მონაწილეობდა ამ პროცესში. ასე რომ, კატალონიის ხელმძღვანელობას სუსტი არგუმენტი აქვს გადაწყვეტილების მისაღებად.
აქვე ვიტყვი, რომ რაც დღეს ესპანეთში ხდება, ამერიკელების კოსოვოში დაშვებული შეცდომის შედეგია. ეს არის მათი პოლიტიკის მორიგი მარცხი, რომელსაც ევროპელები რატომღაც აჰყვნენ და რაც ხდება, კი ვხედავთ…
კატალონიას ყველაზე დიდი ყურადღებით ბასკეთში აკვირდებიან. არ არის გამორიცხული, იქაც დაიწყოს ანალოგიური პროცესი, მერე კი გაგრძელდეს ევროპის სხვა ქვეყნებშიც: იტალიაში, ბელგიასა და გერმანიაშიც კი, სადაც ბავარიელებს სწორედ იგივე პრეტენზიები აქვთ, რაც კატალონიელებს – რომ ისინი ინახავენ მთელ გერმანიას. თუ კატალონიელებმა თავისი გაიტანეს, რისი შანსიც, ჩემი აზრით, ძალიან მცირეა, ეს პროცესი მთელ ევროპაში გაგრძელდება.
- გამოითქმის ვარაუდი, რომ ევროპაში სეპარატიზმს, შესაძლოა, რუსეთი აქეზებდეს. ეს თუ ასეა და პროცესი მართლაც მასშტაბური გახდება, ალბათ, დაშლას ვერც რუსეთი გადაურჩება...
- რუსული პოლიტიკა დემაგოგიურია – რაც დასაშვებია მისთვის, არ შეიძლება სხვისთვის და პირიქით… რაც შეეხება წაქეზებას, ვფიქრობ, ეს ვარაუდი უსაფუძვლო არ არის. ერთ მაგალითს გავიხსენებ: ბასკური სეპარატიზმის იდეოლოგი არკა არაერთხელ შეხვდა ოს სეპარატისტებს. რომ არა რუსების დახმარება, არკა ამ ხალხს ვერასდროს ნახავდა. რუსეთი, დიდი ხანია, ცდილობს, დაასუსტოს ევროკავშირი. აქედან გამომდინარე, არ გამიკვირდება, რომ ამაში მონაწილეობდეს.
ამიტომაც ვამბობ ხშირად, რომ მაშინ, როცა ჩვენ მეორეხარისხოვან საკითხებს ვაქცევთ ყურადღებას, ჩვენ გარშემო უმნიშვნელოვანესი პროცესები ვითარდება. ბოლო დღეებში ჩვენს რეგიონში ორი მნიშვნელოვანი რამ მოხდა. ერთი ის, რომ საუდის არაბეთის მეფე ჩავიდა მოსკოვში, რაც რუსების ახლო აღმოსავლეთში წარმოებული პოლიტიკის მნიშვნელოვანი შედეგია. როგორც ვიცი, მოილაპარაკეს და რუსეთის ეკონომიკაში უდიდესი არაბული ინვესტიცია განხორციელდება. რაც მოხდა, ძალიან სერიოზულია, თუ გავითვალისწინებთ, რომ საუდის არაბეთი ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მთავარი საყრდენია.
მეორე უმნიშვნელოვანესი თემაა ის, რომ ბლოკადაში მოქცეულმა ირანმა, რომელსაც საბანკო ოპერაციების შესრულება შეზღუდული აქვს, ამ ორიოდე დღის წინ თურქეთთან დადო სავაჭრო-ეკონომიკური ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ირანის ბანკებისთვის თურქული ბანკების ხაზი გაიხსნა, რაც ნიშნავს, რომ ირანმა ბლოკადა, ფაქტობრივად, გაარღვია. შედეგად ირანს ხვალ სულ სხვა გავლენა და შესაძლებლობები ექნება. გაგახსენებთ – ირანის მთავარი მოწინააღმდეგე რეგიონში საუდის არაბეთია, მოკავშირე კი – რუსეთი. გამოდის, რომ ჩვენ გარშემო სრულიად ახლებური და სახიფათო კონფიგურაცია იქმნება. ვერ გამოვრიცხავთ, რომ თურქებმა ეს ნაბიჯი აშშ-ის კარნახით გადადგეს იმისთვის, რომ ირანი მიბმული იყოს აშშ-ის მოკავშირეზე და არა – მხოლოდ რუსეთზე. ასე რომ,
რეგიონში სხვა თამაშის წესები შემოდის და რუსეთი საკმაოდ ლაღად გრძნობს თავს, რაც ჩვენთვის, შესაძლოა, მძიმე შედეგების მომტანი აღმოჩნდეს.
- დასაწყისში სამხრეთიდან მომდინარე საფრთხეები ახსენეთ. ამას გულისხმობდით?
- არა მხოლოდ ამას. დღეს ჩვენში შეიქმნა ცალკე საზოგადოება, რომელსაც აქვს თავისი ინფრასტრუქტურა, ბიზნეს და კულტურული სტრუქტურები და რაც ყველაზე სახიფათოა – უსაფრთხოების სამსახურიც კი… ესენი არიან არაბები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ. მათ წიაღში კრიმინალური ჯგუფებიც გაჩნდა, რომლებიც ჯერჯერობით ერთმანეთს ერჩიან, მაგრამ ხვალ რა იქნება, არ ვიცით. ეს ხალხი არ ცნობს იმ სულიერ სივრცეს, რომელიც საქართველოში საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. მათ თავისი კულტურა მოიტანეს, ანუ ჩვენთანაც ის პროცესი მიმდინარეობს, რაც ევროპაში, აშშ-ში… ამერიკა დიდია, გერმანია და სხვა ევროპული ქვეყნებიც ჩვენზე გაცილებით მყარად დგანან ფეხზე და შეუძლიათ ამ ყველაფრის გაძლება, ჩვენ კი ეს ძალიან გაგვიჭირდება.
იმ ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც დროებით საცხოვრებლად თუ ბიზნესისთვის ჩამოდიან საქართველოში, გარკვეული იდეოლოგიის გავლენის ქვეშ ექცევა. იდეოლოგიისა, რომელიც შექმნეს იმ ძალებმა, რომელთა ინტერესი რეგიონისა და საქართველოს მიმართ განსაკუთრებულია. თქვენ რომ მოუსმინოთ, რას ამბობენ არაბი და ირანელი გიდები, გაოგნდებით. მაგალითად, არაბ ტურისტებს საქართველოს ისტორიას უყვებიან მხოლოდ არაბული ხალიფატის კონტექსტში.
ირანელებს კი უხსნიან, აბას მირზას როგორ წაართვეს რუსებმა დროებით საქართველო და როგორ უნდა დაიბრუნონ უკან! თურმე, ჩვენი კანონმდებლობით გიდების საკითხი ლიცენზირებული არ ყოფილა და ვისაც რა უნდა, იმას აკეთებს. ეს ხომ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია!
მუსლიმების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, სულ იმას ვამბობ, რომ უნდა შეიქმნას საგანმანათლებლო ცენტრები, სადაც ამ აღმსარებლობის ადამიანები რელიგიურ განათლებას მიიღებენ. მედრესეები უნდა გაკონტროლდეს და ყველგან კვალიფიციური კადრები ასწავლიდნენ. ეს ხალხი ჩვენი საერთო კულტურის ნაწილია. რაც გვაქვს, რასაც ჰქვია ტრადიციული ისლამი, უნდა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ, მაგრამ ჩვენ ეს საქმე მიტოვებული გვაქვს. ამიტომაც ჩვენს მიტოვებულ ადგილს სხვები ეპატრონებიან. ჩამოსულები ძალიან აქტიურად მუშაობენ ადგილობრივ მუსლიმებთან. დღითი დღე იცვლება სურათი ქვემო ქართლში. პანკისი, ქვემო ქართლთან შედარებით, საქართველოს სახელმწიფოებრიობის ოაზისია, აჭარაზე რომ არაფერი ვთქვათ. ხელისუფლებამ მშვენივრად იცის, რაც უნდა გააკეთოს, მაგრამ რატომღაც ძალიან აჭიანურებენ.
ყველაფერს ვერ იტყვი გაზეთის ფურცლებიდან. სუს-ს ნურაფერს დავაბრალებთ. ვითარების მნიშვნელოვნად შეცვლა მხოლოდ მთავრობის კონსოლიდირებული მოქმედებით შეიძლება. არჩევნებზე ვისაუბრეთ, მაგრამ არ გვიხსენებია, ვთქვათ, ქვემო ქართლი, სადაც არჩევნების შედეგს განსხვავებული პირობები განსაზღვრავს. აქამდე თუ ვიცოდით, რომ ადგილობრივები ზოგჯერ ბაქოდან ელოდნენ მითითებას, ახლა მათი ნაწილი თეირანიდან თუ ანკარიდან ელის ამგვარ მითითებას.
არ ვამბობ, რომ ამაში მაინცდამაინც ამ ქვეყნების სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლები მონაწილეობენ, მაგრამ არიან რელიგიური თუ ფინანსური ორგანიზაციები, რომლებიც ამ ყველაფრის მიღმა პოლიტიკას ქმნიან. ისლამის წინააღმდეგი არ ვარ, ეს არის ჩვენი სულიერი სივრცის ნაწილი, არც ჩვენი მეზობლების საწინააღმდეგო მაქვს რამე, მივიჩნევ, რომ ირანსა თუ თურქეთთან ურთიერთობები უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის, მაგრამ ქვეყანამ ღირსება უნდა შეინარჩუნოს და ჯერ თავისი ინტერესები დაიცვას!
„ახალი თაობა“, 09 ოქტომბერი, 2017 წელი
ვინ უნდა ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტად - ირაკლი ღარიბაშვილი თუ დავით უსუფაშვილი
მომავალ წელს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. პარტიებში პრეზიდენტობის კანდიდატების შერჩევა უკვე დაწყებულია. განსაკუთრებულ ინტერესს „ქართული ოცნების“ კანდიდატი იწვევს. ყველა თანხმდება, რომ ამ მიმართულებით საბოლოო სიტყვას ბიძინა ივანიშვილი იტყვის. ეს უკანასკნელი კანდიდატის შერჩევაში მაქსიმალურ სიფრთხილეს გამოიჩენს. 2013 წელს მისმა ნებიერამ – გიორგი მარგველაშვილმა – პირველ რიგში მას გაუცრუა იმედები. ახლა მთელი „ოცნება“ პრეზიდენტის ლანძღვაშია, რომ როგორმე ბიძინა ივანიშვილის ნაიარევ გულს სალბუნად დაედონ.
მედიაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი შეიძლება გიორგი კვირიკაშვილი იყოს. როგორც ამბობენ, ამ პოსტზე საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის კანდიდატურაც განიხილება. ეს უკანასკნელი მოქმედი პრემიერის კადრად ითვლება.
ქართული დიპლომატიის მამას ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია. გიორგი კვირიკაშვილმა კი ამ დღეებში ოფიციალურად უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი ის იქნება.
საპრეზიდენტო მარათონში ჩართვას აპირებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც. მან უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს. ამ ცნობამ „მეოცნებეების“ ნაწილი დაზაფრა. „ოცნებაში“ ეჭვობენ, რომ ივანიშვილმა, შესაძლოა, ნასპიკერალს დაუჭიროს მხარი. „ქართული ოცნების“ მამა უსუფაშვილის მიმართ ყოველთვის დიდ სიმპათიებს ამჟღავნებდა. როდესაც გადაწყდა, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ დაიშლებოდა და სხვებთან ერთად რესპუბლიკელებსაც მოუწევდათ წასვლა, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის დატოვების სანაცვლოდ დავით უსუფაშვილს პრემიერობა შესთავაზა. რესპუბლიკელები დავით უსუფაშვილმა მაინც დატოვა და, ეროვნულ ფორუმთან ერთად, „შენების მოძრაობა“ შექმნა.
„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ამბობდა, რომ უსუფაშვილი და მისი ახალი პარტია ბიძინა ივანიშვილის პროექტია. იგი ახლაც ასე ფიქრობს, თუმცა ვარაუდობს, რომ მთავარ მეოცნებეს საპრეზიდენტოდ სხვა კანდიდატი ჰყავს შერჩეული.
„დავით უსუფაშვილი და მისი ახალი პარტია არის ივანიშვილის პროექტი. იმ კაცმა ეს პარტია გააკეთა იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ რაღაცნაირად დააბალანსოს. ყოფილი პრემიერი რომ არა, ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა იყვნენ ერთად ეროვნული ფორუმი და უსუფაშვილი. მათ სხვადასხვანაირი ღირებულებები აქვთ. მათი გაერთიანება ერთი პირობით მოხდა – ფორუმიდან გუბაზ სანიკიძე უნდა წასულიყო, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს კი რესპუბლიკელები უნდა დაეტოვებინა“, – აღნიშნავს „ახალ თაობასთან“ საუბარში ლადო სადღობელაშვილი. მისი თქმით, დავით უსუფაშვილი კარგი პოლიტიკოსია, მაგრამ ქარიზმა აკლია და საპრეზიდენტო კანდიდატი არ არის. ამიტომ მას ფორუმელებთან ერთად სხვა მისიის შესრულება მოუწევს.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი ანტიეროვნულ რესპუბლიკურ პარტიაში იყო, მის მიმართ ყოველთვის სიმპათიები მქონდა. მართალია, ანტიეროვნული იდეები მასაც აწუხებს, მაგრამ მოწამლული რესპუბლიკელი არასდროს ყოფილა. დავიტ უსუფაშვილი ადამიანურობას ყოველთვის ინარჩუნებდა. დალაგებულ ქვეყანაში ის კარგი პრეზიდენტი იქნებოდა, მაგრამ საქართველოში მას პრეზიდენტად არ აირჩევენ. ამისთვის ქარიზმაა საჭირო, რაც მას არა აქვს. ის თავის პარტიასთან ერთად „ოცნებას“ დააბალანსებს და თავისუფალ დემოკრატებსა და რესპუბლიკურ პარტიას ჩაძირავს“, – აცხადებს „ქართული მარშის“ წარმომადგენელი. მისივე ვარაუდით, „შენების მოძრაობამ“ უნდა ჩაძიროს პატრიოტთა ალიანსი და დემოკრატიული მოძრაობაც.
„ახალი თაობის’ კითხვაზე, პროდასავლურმა ძალამ პრორუსულების ფრონტზე როგორ უნდა მოიპოვოს წარმატება, ლადო სადღობელაშვილი ასე პასუხობს: „დავით უსუფაშვილი იმ დოზითვეა პრორუსული, რა დოზითაც პროდასავლურია. საქართველოში არიან პრორუსული ექსპერტები და მედიასაშუალებები. როდესაც მათ „ოცნებასთან“ რაიმე პრობლემა ექმნებოდათ, მოსკოვიდან პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ უსუფაშვილთან მისულიყვნენ. ამის შესახებ ერთ-ერთი ცნობილი გამოცემის რედაქტორმაც მიამბო. მას ხელისუფლებასთან პრობლემები პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ მოუგვარა. ისიც გაითვალისწინეთ, რომ „შენების მოძრაობაში“ არის ეროვნული ფორუმი. მათ ეროვნული ნიშა ეჭირათ, თუმცა ყოველთვის პრორუსულ ძალად ითვლებოდნენ. ასეთივე ეროვნული ნიშა უკავიათ და პრორუსულები არიან პატრიოტთა ალიანსი და დემოკრატიული მოძრაობა. ივანიშვილის ძალისხმევითა და დახმარებით ამ პარტიების ჩაძირვა პრობლემა არ იქნება“.
ლადო სადღობელაშვილის განცხადებით, მთავარ „მეოცნებეს“ პარლამენტის ექსსპიკერი ძალიან ესიმპათიურება, მაგრამ არის ისეთი რაღაც, რის გამოც მას ბოლომდე არ ენდობა: „სადაც გიორგი მარგველაშვილი წარადგინა საპრეზიდენტო კანდიდატად, იქ თავისუფლად შეიძლება დავით უსუფაშვილსაც დაუჭიროს მხარი, მაგრამ ამ უკანასკნელს ისეთი თვისება აქვს, რის გამოც ყოფილი პრემიერის მხარდაჭერას ვერ ეღირსება. „მეოცნებეების“ დიდი ნაწილისგან განსხვავებით, დავით უსუფაშვილი არ არის მორჩილი. ის ხშირად წასულა ბიძინა ივანიშვილის ნების წინააღმდეგ. ყოფილი პრემიერი მას პატივს სცემს, მაგრამ ამ სიჯიუტის გამო მის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს“, – ასე ფიქრობს „ქართული მარშის“ წარმომადგენელი.
მისი აზრით, სასწორი უფრო ირაკლი ღარიბაშვილის მხარეს გადაიხრება. ამის მთავარ მიზეზად ლადო სადღობელაშვილი შემდეგ გარემოებას ასახელებს: „ირაკლი ღარიბაშვილი უნაკლო არ არის, მაგრამ ის ხალხს უყვარს. როდესაც ის პრემიერი იყო, ნაცები ასე თავისუფლად ვერ პარპაშებდნენ. გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობისას ქვეყანაში ნაცებსა და გიგა ბოკერიას ფლანგს მიჰყავს „პარადი“. ირაკლი ღარიბაშვილი თავისი ინიციატივითა და ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე საკუთარ კანდიდატურას არ წარადგენს.
„ქართული ოცნების“ ლიდერი თუ ამ ახალგაზრდა კაცს დაუჭერს მხარს, არჩევნებზე ხალხისთვის იმის ხვეწნა არ დასჭირდება, ჩვენს კანდიდატს მიეცით ხმაო. აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი სწორედ ღარიბაშვილი იქნება“, – ამბობს „ქართული მარშის“ წარმომადგენელი.
„ახალი თაობა“, 09 ოქტომბერი, 2017 წელი
ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ქართული ოცნების“ ლიდერად კვლავ ბიძინა ივანიშვილი რჩება“
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
- ბატონო სოსო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი კვირიკაშვილი კენჭს იყრის, თუმცა პრემიერმა ეს ინფორმაცია უარყო. რამ განაპირობა მსგავსი ინფორმაციის გავრცელება, შეიძლება, მართლაც ასე განვითარდეს მოვლენები?
- გიორგი კვირიკაშვილის სკამი ოთხ ფეხზე მყარად არ დგას. ძლიერი თანამდებობის პირი, გნებავთ, მინისტრიც კი არასდროს დაუშვებს, რომ ჭორები გავრცელდეს მის თანამდებობრივ დაქვეითებაზე. დღეს საპარლამენტო რესპუბლიკის კონტექსტში გიორგი კვირიკაშვილი პირველი პირია. დღეს მოქმედი პრეზიდენტი ძალიან აქტიურია. ის რეალური, მორალური ბერკეტის მქონე პოლიტიკოსია, რომელიც გავლენას ახდენს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე, სისტემატურად რთულ მდგომარეობაში აყენებს მმართველ პარტიას. რა იქნება მომავალი პრეზიდენტი, თუ, რასაკვირველია, „ქართული ოცნების“ კანდიდატი გაიმარჯვებს? ეს იქნება მშვიდი ცხოვრებისთვის მიჩენილი, საპენსიო ასაკისთვის განკუთვნილი ადგილი. ეს ასეა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველა ევროპულ საპარლამენტო რესპუბლიკაში, სადაც ყველა პრეზიდენტი ასაკოვანია. პრეზიდენტს არც კი იცნობენ, ისინი ნელ-ნელა ქრებიან ტელეეკრანებიდან, ახალი ამბებიდან, მათი პორტრეტები აღარ იბეჭდება გაზეთებში, ჟურნალისტებს ინტერესი აქვთ დაკარგული, მათი თვითმფრინავი მუდამ ასაფრენ ბილიკზე აღარ დგას, სიცოცხლით სავსე ცხოვრებას ემშვიდობებიან, ერთი სიტყვით, პოლიტიკური კარიერის უკანასკნელ წლებს ატარებენ.
- შეიძლება ჩვენთან ბევრს არც კი აქვს ეს გაცნობიერებული...
- დიახ და ეს ბევრ პრობლემასაც წარმოქმნის. ახალგაზრდა პოლიტიკოსისთვის ეს ძალიან რთულად ასატანია ფსიქოლოგიურად. შეიძლება ცოტა პიკანტური შედარება იყოს, მაგრამ, როდესაც მერილინ მონრომ თავი მოიკლა, ამერიკაში წერდნენ, რომ ბოლო პერიოდი დღეში მხოლოდ ათასი წერილი მისდიოდა თაყვანისმცემლებისგან, როდესაც დღეში 15-20 ათასი წერილის ადრესატი იყო. პოლიტიკოსიც არანაკლებად განიცდის ხალხისგან მივიწყებას.
- ვინ იქნება „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი?
- დასახელდა გიორგი კვირიკაშვილი. დიდი ხანია ვიცით, რომ სათადარიგო სკამზე მყოფი ირაკლი ღარიბაშვილიც სახელდება.
- ირაკლი ღარიბაშვილის სათადარიგოობაზე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა თავის დროზე განცხადება...
- დიახ, ეს კარგად ახსოვს ხალხს. თუმცა, რადგანაც ჩვენ ექსპრომტების ქვეყანაში ვცხოვრობთ, არაფერია გამორიცხული.
- რას გულისხმობთ?
- რომ ახალი კანდიდატები გამოჩნდნენ მმართველი პარტიიდან. თუმცა, აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ მოქმედ პრეზიდენტს არ უთქვამს, რომ ის არ იყრის კენჭს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. მე ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა იყაროს კენჭი. დიდი ალბათობით, „ოცნების“ კანდიდატს გაუჭირდება მისი დამარცხება. თუმცა იქ, სადაც ნარმანიაა დედაქალაქის მერი, რატომ არ შეიძლება, პრეზიდენტი იყოს ღარიბაშვილი? თუმცა ღარიბაშვილი ამ შეთავაზებას 99%-ით არ დათანხმდება.
- თუ გიორგი კვირიკაშვილი პრემიერის თანამდებობას დაემშვიდობება ან მართლაც გახდება კანდიდატი, ვინ შეიძლება, მის ადგილზე ვიხილოთ?
- გიორგი კვირიკაშვილის შემდეგ პრემიერ-მინისტრი კახა კალაძე იქნება. მას პრემიერის პოსტზე ალტერნატივა არ ეყოლება. ამას დაზუსტებით გეუბნებით. ყველა პოლიტტექნოლოგიური სურათი ამაზე მიუთითებს. სხვა არავინ ჩანს. „ქართული ოცნების“ ტრაგედია თავიდანვე ის იყო, რომ მათ სათადარიგოთა სკამზე არ იფიქრეს.
- მოკლეა სათადარიგოთა სკამი?
- მე ვიტყოდი, საერთოდ არ არის. ყველა ძირითადი მოთამაშეა. არადა, როდესაც შესაცვლელი მოთამაშე არ გყავს, ეს ძალიან სახიფათოა. თავის დროზე ეს სააკაშვილის ტრაგედიად იქცა.
- „ქართული ოცნების“ გუნდში ლიდერები არ არიან?
- სამწუხაროდ, არა. ამაზე თავის დროზე არ იზრუნეს. კარგად გვახსოვს, როგორ მოვიდა ბიძინა ივანიშვილი და როგორ მოიყვანა ეს გუნდი, მაგრამ იმის შემდეგ არცთუ ცოტა დრომ გაიარა. ამასობაში შეიძლებოდა, რამდენიმე ლიდერიც კი ჩამოყალიბებულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ლიდერები ვერ გახდნენ.
- რატომ, რა იყო მიზეზი?
- ვერ გეტყვით, რა იყო ამის მიზეზი, შეიძლება ის, რომ მაინც ივანიშვილის ჩრდილქვეშ ეს რთულია, მაგრამ ფაქტია, რომ დამოუკიდებელი ფიგურა, რომელსაც შეუძლია, ლოკომოტივის ფუნქცია იტვირთოს, დღეს „ქართული ოცნების“ გუნდში არავინ არის, გარდა თავად ბიძინა ივანიშვილისა. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილსაც მობეზრდა თავისი რჩეულის თრევა, ბოლოს და ბოლოს, როდემდე?! პატარა ბავშვი შეიძლება საბავშვო ბაღში მიიყვანო ხელჩაკიდებული, მაგრამ ხომ არ შეიძლება, ასე ატარო მთელი ცხოვრება სკოლაში, უმაღლეს სასწავლებელში, მერე სამსახურში. ეს როლი მოგბეზრდება.
- „ქართული ოცნების“ ლიდერი დღეს ისევ ბიძინა ივანიშვილია?
- რა თქმა უნდა. ის კვლავ რჩება მორალურ ავტორიტეტად.
——————–
„ახალი თაობა“, 07 ოქტომბერი, 2017 წელი
ინტერვიუ შალვა შავგულიძესთან: „ერთპარტიული კონსტიტუცია დესტაბილიზაციის პროვოცირებას მოახდენს“
„თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე შალვა შავგულიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
- ბატონო შალვა, რა მოლოდინი გაქვთ, როგორ შეიძლება, საკონსტიტუციო პროცესი გაგრძელდეს, როგორი იქნება ფინალი?
- პრეზიდენტმა მოისმინა საკონსტიტუციო პროცესთან დაკავშირებით პოლიტიკური სპექტრის პოზიცია. „ქართული ოცნების“ გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი შეთანხმებულია, ამის შესახებ იცის საზოგადოებამ. თუმცა, ვინაიდან მეტად ღირებულია კონსენსუსის მიღწევა, რომ საბოლოოდ არ მივიღოთ ერთპარტიული კონსტიტუცია, ამ ყველაფრის გათვალისწინებით პრეზიდენტთან მოხდა ხაზგასმა იმ საკითხების, რაზეც არ იქნება დათმობა, რაც შეუძლებელია.
- რაზე არ იქნება დათმობა?
- 2020 წელს სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა მანდატების სამართლიანად განაწილების წესით. ჩვენ ვეტოს პირობებს პრეზიდენტს ვერ ვუკარნახებთ, ამის უფლებას საკუთარ თავს ვერ მივცემთ, მაგრამ პრეზიდენტმა ოპოზიციური სპექტრისგან იცის, რომ ჩვენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას არ დავთმობთ. რასაკვირველია, ასევე პრიორიტეტული საკითხია პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა, მაგრამ ამ საკითხმა შეიძლება დროში გადაიწიოს და მიებას, მაგალითად, ორპალატიანი პარლამენტის ამოქმედებას.
- თუმცა, თუ პრეზიდენტი იმ ორ საკითხს ამ საკითხებსაც დაამატებს მოტივირებულ შენიშვნებში, მაშინ მდინარაძემ განაცხადა, რომ პარლამენტი ვეტოს დაძლევს...
- რა თქმა უნდა, უმრავლესობას შეუძლია გადალახოს პრეზიდენტის ვეტო. ამის საკმარისი ხმები მათ აქვთ, მეტიც, „ქართულ ოცნებას“ კონსტიტუციური უმრავლესობა აქვს. ვეტოს დაძლევას გაცილებით ნაკლები ხმა სჭირდება, ვიდრე კონსტიტუციური უმრავლესობაა. რასაკვირველია, ეს რესურსი აქვს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ მათ კარგად იციან, რომ ერთპარტიულ რეჟიმში კონსტიტუციური კანონის მიღება მეტად დამაზიანებელია, ერთი მხრივ, მთლიანად სახელმწიფოსთვის, თავად კონსტიტუციისთვის და მეორე მხრივ მმართველი პოლიტიკური ძალისთვის. ამიტომ არის, რომ უმრავლესობა ცდილობს, რაღაცნაირად კონსენსუსის სახე მისცეს და შეინარჩუნოს მისთვის არსებითად ღირებული პოზიცია.
- რა შეიძლება, ეს კონსენსუსი იყოს?
- უმრავლესობის სურვილია, რომ ერთჯერადად დასწიოს 3%-მდე ბარიერი და ერთჯერადად შეინარჩუნოს საარჩევნო ბლოკები. თუ ეს სასარგებლოა ჩვენი სახელმწიფოს განვითარებისთვის, მაშინ მე კითხვა მაქვს, რატომ ერთჯერადად? და თუ სასარგებლო არ არის, მაშინ ერთჯერადადაც რატომ? რა ხდება, გარიგებაა ვინმესთან?! როგორც ჩანს, რაღაც ვაჭრობის საგანია.
- თქვენ რა ეჭვი გაქვთ, ვისთან გარიგების?
_ უმრავლესობა საკუთარ სურვილებსა და ინტერესებზე ირგებს კონსტიტუციას. ამიტომ გადაიქცა ეს პროცესი გარიგებების პროცესად.
- ვისთან გარიგება? გამოდის, ოპოზიციასთან. თქვენ ოპოზიციას წარმოადგენთ. გვითხარით, ვისთან?
- ოპოზიცია ერთგვაროვანი არ არის, ძალიან დიდია, მიუხედავად ამისა, ჩვენ გვეყო სახელმწიფოებრივი ხედვა, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე შევთანხმებულიყავით და ერთიანი პოზიცია გვქონოდა. ახლა გეტყვით, ვისთან: შედარებით დაბალი შანსის მქონე ოპოზიციურ პარტიებთან სურს „ოცნებას“, მიაღწიოს რაღაც შეთანხმებას, რომ დაბალი ბარიერისა და ბლოკებად გაერთიანების პირობებში, რასაც ერთჯერადად გვთავაზობს, დაგეხმარებით, მოიპოვებთ გამსვლელ ხმებს და შეგიყვანთ პარლამენტში. ამიტომ ვამბობ, რომ, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ კონსტიტუციური კანონშემოქმედებითი პროცესი გარიგებების საგნად აქცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, უმრავლესობამ უნდა შეძლოს და აგვიხსნას, გაგვცეს პასუხი იმ კითხვებზე, რომლებიც დავსვით.
უმრავლესობა გვიმტკიცებს, რომ მათაც უნდათ ახლავე გადასვლა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, მაგრამ მაჟორიტარებს არ უნდათ და ისინი მხარს არ დაუჭერენ კონსტიტუციას. სამაგიეროდ, საპარლამენტო ოპოზიცია დაუჭერს მხარს და ამაზე უკეთესი კონსენსუსი რა შეიძლება შესთავაზოს საზოგადოებას, შიგნით თუ გარეთ?!
- უმრავლესობისადმი იყო ეს შეთავაზება, გიგა ბოკერიამ მისი პარტიის გარანტირებული მხარდაჭერა აღუთქვა „ქართულ ოცნებას“, მაგრამ არ გაიზიარეს...
- ამით ჩანს, რომ რეალურად არ უნდა „ქართულ ოცნებას“ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. უმრავლესობა იმით კი არ ხელმძღვანელობს, თუ რა იქნება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის უკეთესი, პირადი ინტერესებით ხელმძღვანელობს, თორემ, ეს შეთავაზება რომ მიეღო, უკეთეს შედეგს ხომ მიიღებდა, მაგრამ არა, ის საკონსტიტუციო ცვლილებებს უდგება, როგორც ვაჭრობის საგანს.
- ბატონო შალვა, როგორ შეიძლება, პოლიტიკური პროცესი გაგრძელდეს?
- ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს საპარლამენტო უმრავლესობა და ერთპიროვნულ კონსტიტუციას მიიღებს. ეს იქნება მეტად დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. უფრო მეტი ნაბიჯების გადადგმა კონსენსუსისკენ, რაც გამოავლინა ოპოზიციამ, პრეზიდენტმა, არასამთავრობო სექტორმა, არც ერთი ქვეყნის მთავრობას არ უნახავს. ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა. სურთ, მიიღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას, მივიღებთ არა ერთპარტიულ, არამედ კონსენსუსის შედეგად მიღებულ კონსტიტუციას, რაც იქნება უდავოდ კარგი და რაც უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთპარტიული კონსტიტუცია დესტაბილიზაციის პროვოცირებას მოახდენს. როდესაც არ ტოვებ ხელისუფლების ცვლილების ლეგიტიმურ გზას, მაშინ რჩება სხვა გზები.