globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 9 თებერვალი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Feb 9th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი), 9 თებერვალი, 2015 წელი

http://www.ng.ru/cis/2015-02-09/8_gruzia.html

საქართველო ნატოში შესასვლელად მზად არის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენში, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის დროს, აშშ-ისა და ნატოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. მოლაპარაკებები ეხებოდა ნატოსა და საქართველოს ურთიერთობებს. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ჩრდილოატლანტიკური სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი ძლიერდება. მომხდარი მოვლენები სრულად თავსდება აშშ-ის 2015 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, რომელიც საქართველოს, უკრაინის და მოლდოვასადმი აშშ-ის აბსოლუტურ მხარდაჭერას გულისხმობს, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი იური როქსი).

პუბლიკაციაში ჩამოთვლილი და განხილულია ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრები აშშ-ის უსაფრთხოების ახალი ცენტრის ხელმძღვანელებთან რიჩარდ ფონტენთან და მიშელ ფლურინოსთან, აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანთან, ამჟამად კი NDI-ის (ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის) ხელმძღვანელ მადლენ ოლბრაიტთან, აშშ-ის ატალანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტ დეიმონ უილსონთან. ქართულმა მხარეს მოლაპარაკების დროს დაუდასტურეს, რომ ვაშინგტონი თბილისს მხარს დაუჭერს მის ევროატლანტიკურ სწრაფვაში. საქართველომ მრავალი კომპლიმენტი მიიღო იმისთვის, რომ ის არ ღალატობს წინა ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ დასავლურ კურსს და „ნაციონალთა“ პოლიტიკის ერთგული გამგრძელებლები არიან, განსაკუთრებით იმ გადაწყვეტილების შესრულებაში, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე ნატოს საწრთვნელი ცენტრის შექმნას ითვალისწინებს.

შეხვედრების დროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემატიკაზეც იმსჯელეს: როგორც საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური ცნობებშია აღნიშნული, დასავლეთის წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოხატეს არა მარტო რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმების გამო, არამედ იმ დოკუმენტის მიმართაც, რომლის ხელმოწერა მოსკოვსა და ცხინვალს სორის იგეგემება.

პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა აგრეთვე საქართველოს წარმომადგენლების შეხვედრებს ნატოს შტაბ-ბინაში, რომელიც მიუნხენის კონფერენციის დაწყებამდე გაიმართა: ციტირებულია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენმდივნის იან სტოლტენბერგის პროქართული განცხადებები.

აღსანიშნავია, რომ ნატოს საწრთვნელი ცენტრის ამოქმედებაში, აშშ-სთან ერთად, თურქეთიც შეასრულებს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ,  ანკარა ამ პროექტის რეალიზებაში და ცენტრის სათანადო დონეზე მუშაობაში მაქსიმალურ წვლილს შეიტანს. ეს ინფორმაცია დაადასტურეს თბილისში არსებულ თურქეთის საელჩოშიც: „თურქეთი ის სახელმწიფოა, რომელიც ყველაზე აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას“.

იბადება სავსებით ბუნებრივი კითხვა: როცა თურქეთი ასე აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ სწრაფვას, მაშინ რამდენად მოახდენს ეს ფაქტი გავლენას რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაზე? ანკარისა და მოსკოვის ახლო კონტაქტები ხომ თითქმის მოკავშირეობის ტოლფასია. ამ კითხვაზე პასუხი ნატოს სპეცწარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის ინტერვიუში უნდა ვეძებოთ, რომელიც მან ამას წინათ ამერიკული რადიოსადგურ „თავისუფლების“ რუსულენოვან სამსახურს მისცა: „ნატოსა და საქართველოს ერთობლივ ცენტრში მხოლოდ საბრძოლო ჩვევები და გამოცდილება იქნება გაზიარებული. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს ნეგატიური პოზიცია აქვს, მაგრამ ეს საწრთვნელი ცენტრი რუსეთის წინააღმდეგ არ იქნება მიმართული“.

«ТВ Первый канал» (რუსეთი), 8 თებერვალი, 2015 წელი

http://www.1tv.ru/news/world/277343

მიხეილ სააკაშვილიმთავარი მებრძოლი უკრაინული კორუფციის წინააღმდეგ?

გუშინ, 8 თებერვლის საღამოს (22.00), რუსეთის ტელეკომპანია „პერვიი კანალის“ ეთერში – საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამა „ვრემიით“ გადაიცა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში საქმიანობის ამსახველი ვრცელი ვიდეოსიუჟეტი (ავტორი – ჟურნალისტი ეკატერინე კიბალჩიჩი).

გთავაზობთ სიუჟეტის ტექსტს შემოკლებით:

პროგრამის წამყვანი:

„საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინაში თავის ადგილს დიდი მეცადინეობით იქმნის – იქ უკვე მისი გუნდის საკმაოდ ბევრი წარმომადგენელია გადასული, რომლებმაც თანამდებობები ჯანდაცვის, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში დაიკავეს. თავის დროზე მიხეილ სააკაშვილიც ხშირი სტუმარი იყო ევრომაიდანზე და ერთ ხანს უკრაინის მთავრობაში ვიცე-პრემიერის პოსტის დაკავებასაც ფიქრობდა… და რამდენადაც დღეს მას სამშობლოში დაბრუნება არ შეუძლია (იგი ეჭვმიტანილია პოლიტიკურ ოპონენტების მკვლელობაში, იარაღით უკანონო ვაჭრობასა და ადამიანის უფლებათა შელახვაში), ხოლო ამერიკამ ბინადრობის უფლების მიცემაზე უარი განუცხადა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ყოფნა გადაწყვიტა. მან თანამდებობის დასაკავებლად უკვე გააკეთა თავისი საპროგრამო განცხადება: თუ ამერიკა უკრაინას იარაღს მისცემს და თუ ქართველები უკრაინელებს ბრძოლას ასწავლიან, მაშინ უკრაინის არმია მთელ რუსეთს ხელში ჩაიგდებს (ალბათ, კამჩატკის ჩათვლით).

ჟურნალისტის რეპორტაჟი:

საქართველოს ექს-პრეზიდენტი ამ კვირას კიევში ისევ გამოჩნდა. იგი ადგილობრივ ტელევიზიებში გამოსვლისას უკრაინელებს საქართველოს რეფორმატორულ გამოცდილებას უზიარებდა, უკრაინის ხელისუფლებას რჩევა-დარიგებებს აძლევდა, იძლეოდა პროგნოზებს საომარი ვითარების შესახებ… „ჩვენი ოფიცრები (ისინი მოხალისეები არიან), რომლებიც თავის დროზე ამერიკელებმა მოამზადეს და ახლა თქვენს ოფიცრებს წრთვნიან, ამბობენ, რომ უკრაინელი ჯარისკაცებს ყველაზე მარარლი საბრძოლო სული აქვთ მთელ მსოფლიოში. ამ ბიჭებს რომ ხელში ნორმალური იარაღი მისცე, ისინი მთელ რუსეთს დაიპყრობენ“.

უკრაინის ეროვნული ბატალიონების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე მართლაც  ჩნდება ხოლმე ხანდახან ფანტასტიკური სურათები. მაგალითად, ბატალიონ „აზოვის“ „ბოევიკები“ მოსკოვის დაპყრობაზე ოცნებობენ. მაგრამ მიხეილ სააკაშვილს, ალბათ, ეს არ ჰქონდა მხედველობაში, მას უბრალოდ, უკრაინელი ჯარისკაცების გამხნევება სურდა და ცოტა გადააჭარბა. შეიძლება ითქვას, რომ მისი სიტყვები უკრაინის მიერ რუსეთის დაპყრობაზე საერთო კონტექსტიდანაა ამოვარდნილი. გამოდის, რომ თუ უკრაინა ამერიკულ იარაღს მიიღებს, მათ ვერავინ შეაჩერებს, მოსკოვს აიღებენ და შემდეგ ტრანციმბირის მაგისტრალით აღმოსავლეთისაკენ გაუტევენ.

საქართველოს ექს-პრეზიდენტი ჯერ-ჯერობით კიევის მაიდნური მთავრობისათვის მხოლოდ გავლით ჩასული სტუმარია, მაგრამ მას შეუძლია სულ მალე უკრაინელი ჩინოვნიკი გახდეს და ანტიკორუფციული ბიურო დირექტორად მოგვევლინოს. ადრე მას არსენ იაცენიუკის მთავრობაში ვიცე-პრემიერის პოსტს სთავაზობდნენ, მაგრამ უარი თქვა და ამერიკაში ცხოვრება არჩია.

„ის საქართველოდანაა გაქცეული და ჯერ-ჯერობით „თავისუფალ ცურვაში“ იმყოფება. რაც ყველაზე საინტერესოა, ის უკვე ბრალდებულია, მას ბრალი აქვს წაყენებული პოლიტიკურ მაქინაციებსა და დიდი პოლიტიკურ-კორუფციულ სქემებში, სხვა მძიმე დანაშაულებებში, მათ შორის 2007 და 2012 წლების მშვიდობიანი მიტინგების სისხლიან დარბევაში“, – ამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის კათედრის პროფესორი ვახტანგ მაისაია.

მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა ამერიკაში დარჩენილიყო და იქაურ ერთ-ერთ  უნივერსიტეტში ლექციები წაეკითხა. მისი სახლი მანჰეტენზეა, საიდანაც ისტ-რივერის ლამაზი პეიზაჟი მოჩანს. როგორც „ნიუ-იორკ თაიმსი“ წერს, იგი ჩვეულებრივი ამერიკელის ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ ტურისტული ვიზით. აღმოჩნდა, რომ ადგილობრივი მცხოვრებლები  მას, ცნობილ პიროვნებას, ყურადღებას არ აქცევენ… რატომ? ალბათ, იმიტომ, რომ მათ არ იციან ვინაა მიხეილ სააკაშვილი. ჯორჯია? განა ეს ამერიკის შტატი არ არის?

საკვირველია, მაგრამ ფაქტია: მიხეილ სააკაშვილს სამუშაო ვიზის მიცემაზე რატომღაც უარი განუცხადეს. ახლა რა გამოდის? სამშობლოში ის კორუფციულ დანაშაულშია ეჭვმიტანილი, კიევში კი იგი ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის თანამდებობის დასაკავბელად ემზადება?

„ამერიკის კონგრესში პეტრო პოროშენკოს გამოსვლა ზალიან კარგი იყო, მე ვამაყობდი უკრაინით. თუ ნატოსა და ამერიკის იარაღი და ინსტრუქტორები გეყოლებათ, მაშინ თქვენთვის სულ სხვა სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია ჩამოყალიბდება“, – ამხნევებს უკრაინელებს მიხეილ სააკაშვილი.

ექს-პრეზიდენტის რეიტინგი მისსავე სამშობლოში დღეს სადღაც 5%-ის ფარგლებში მერყეობს – ისეთივე, როგორიც ახლა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს რეიტინგია. მართალია, მას დანაშაულის ჩადენის გამო ბრალი არ აქვს წაყენებული, მაგრამ იგი თითქმის არავის ახსოვს, იუშჩენკო ყველასაგან მივიწყებულია. ამ ორ პოლიტიკოსს შორის არის რაღაც საერთო: მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიანტი იყო, კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლობდა, ვიქტორ იუშჩენკოს ცოლი კი ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ მუშაობდა და ჩიკაგოს უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. ორივე – მიხეილიც და ვიქტორიც ხელისუფლებაში ფერადი რევოლუციის ტლღით მოვიდნენ.

ვიდეოკადრები: ათი წლის წინ უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო აშშ-ის კონგრესში გამოდის, იგი მადლობას უხდის ამერიკელებს. პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც დღეს იგივეს აკეთებს. დეჟავიუა, რა…

თუმცა მაინც არის მცირე განსხვავება: ვიქტორ იუშჩენკო კონგრესში გამოსვლისას ამერიკელ პოლიტიკოსებს არა მხოლოდ დახმარებისთვის უხდის მადლობას, არამედ ცოლის გამოც: „ამერიკელი მეგობრები ჩვენ, უკრაინელებს, ყოველმხრივ გვეხმარებოდნენ. ამ დახმარებას ჩემთვის პირადი ხასიათიც აქვს; ერთ-ერთი პროგრამის რეალიზებისას მე ჩემი მომავალი მეღლე გავიცანი“, – ამბობს ვიქტორ იუშჩენკო.

ერთ მშვენიერ დღეს ამერიკელი ქეთრინ ჩუმაჩენკო თვითმფრინავში თითქოსდა შემთხვევით აღმოჩნდა უკრაინის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის ვიქტორ იუშჩენკოს გვერდით… შემდეგ მათ შორის რომანი გაიბა, ვიქტორი ცოლს გაეყარა და იმდენი მოვლენის ერთმანეთთან დამთხვევა მოხდა, რომ, ნებით თუ უნებლიედ, კონსპიროლოგიის თეორიაში თავსდება, პოსტსაბჭოთა სივრცეში მომხდარი სხვა ამბების გათვალისწინებით:

„ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში ამერიკიდან პრეზიდენტებად გაიგზავნენ ეთნიკური ლიტველები, ლატვიელები და ესტონელები. ვაირა ვიკე ფრეიბერგა ისე აირჩიეს ლატვიის პრეზიდენტად, რომ მას ლატვიის მოქალაქეობაც არ ჰქონდა“, – ამბობს ევროპული კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ალექსანდრე გაპონენკო. ვაირა ფრეიბერგას ოჯახი ლატვიიდან გერმანელი ფაშისტების ჯარებთან ერთად გაიქცა, შემდეგ კანადაში დასახლდა. ვაირა სწავლობდა, შემდეგ უნივერსიტეტში მუშაობდა და პოლიტიკაზე ფიქრი გულშიც არ გაუვლია. რატომღაც იგი რიგაში ჩავიდა და ორ წელსაც არ გაუვლია, იგი ქვეყნის პრეზიდენტი ხდება. თავბრუდამხვევი კარიერაა!

არქივის ვიდეოკადრები: ქართულ-ამერიკული კონფლიქტის დროს თბილისში გამართული მიტინგი ლოზუნგით „სდექ, რუსეთო!“. ტრიბუნაზე ხუთი ქვეყნის პრეზიდენტები დგანან, მათ შორის ორი აშშ-ის მოქალაქე – ლიტვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი და ესტონეთის პრეზიდენტი თომას ილვესი. მათ შორის ამერიკული უნივერსიტეტდამთავრებული სამია – სააკაშვილი, ადამკუსი და ილვესი. უცხოელი ცოლები ოთხს ჰყავს. ილვესის წინაპრებიც ესტონეთიდან გერმანელებს უკან გაჰყვნენ, ადამკუსმა კი თვითონ მოასწრო ბრძოლა ლეგიონში გერმანელი პოლკოვნიკის მეთაურობით… ასეთი დამთხვევებზე ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ, მაგრამ საქმე ისაა, რომ არც იუშჩენკო და არც სააკაშვილი დღეს ვაშინგტონს აღარ სჭირდება.

ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ ყარზაი, აშშ-ის მოქალაქე, იბრძოდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, მხარს უჭერდა ამერიკელებს, მაგრამ მოგვიანებით ვაშინგტონს იმედები გაუცრუვდა, როცა მან ხელი არ მოაწერა შეთანხმებას სამხედრო თანამშრომლობის შესახებ. რატომ? ჰამიდ ყარზაიმ გააცნობიერა რეალობა და განაცხადა: „ამერიკელებს ავღანეთში მშვიდობის დამყარება არ სურთ, მათ თავიანთი მიზნები და გეგმები აქვთ. მათ მშვიდობა არ უნდათ, რადგან ჩვენს ტერიტორიაზე თავიანთი ბაზების დაკანონება სურთ“. ჰამიდ ყარზაი პრეზიდენტად აღარ აირჩიეს.

ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი. იგი 30 წელი აკავებდა რადიკალ-ისლამისტებს, იყო ისრაელთან მშვიდობის გარანტი, მას მარიონეტსაც კი უწოდებდნენ ამერიკასთან მჭიდრო კავშირის გამო, მაგრამ მუბარაქი მაინც ციხეში მოხვდა. რა, განა ამერიკელებმა არ იცოდნენ, რომ მუბარაქი კანონებსაც არღვევდა? მაგრამ ვაშინგტონი ამას ადრე „ვერ ამჩნევდა“.

ვაშინგტონი, სიტუაციის შესაბამისად, ამერიკა აზიისა და აფრიკის ლიდერებს ხან პარტნიორებს უწოდებს, ხან დიქტატორ-ტირანებს.

„არის ასეთი პრინციპი: მავრმა საქმე გააკეთა, მავრს შეუძლია წავიდეს და დაისვენოს. მორჩა. თუ პოლიტიკოსი მეტად აღარაა საჭირო, იგი ან სხვა სამუშაოზე გადადის, ან, როგორც ამბობენ ხოლმე, გარემოებათა გამო, შემთხვევის მსხვერპლი ხდება“, – ამბობს პოლიტოლოგი ოლეგ ბონდარენკო.

მიხეილ სააკაშვილი ხალხს პირდებოდა, რომ 2009 წლისათვის საქართველო ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანდებოდა… მაგრამ მან ევროპული საქართველო ვერ ააშენა.

ახლა უკრაინა იქცა ექსპერიმენტული მშენებლობების მოედნად. ქვეყნის მთავრობა უცხოელებითაა დაკომპლექტებული, მათ შორის ქართველი და ლიტველი მინისტრებიც არიან. ორივე ჯერ თარჯიმნებით დადის, რადგან უკრაინული ენა არ იციან. შესაბამისად, უკრაინის მთავრობის სხდომები რუსულ ენაზე ტარდება, ანუ „აგრესორის“ ენაზე. მეგობრული ინგლისური ენა უკრაინელი მინისტრების უმრავლესობისთვის გაუგებარია.

«Bloomberg View» (აშშ), 7 თებერვალი, 2015 წელი

http://www.bloombergview.com/articles/2015-02-05/georgia-s-war-lessons-for-ukraine

საქართველო-რუსეთის ომის გაკვეთილები უკრაინისათვის

ბევრ უკრაინელს დადებითად მიაჩნია საქართველოს გამოცდილება სახელმწიფო მართვის სფეროში: როგორ შეცვალა საქართველომ მართვის სტილი და უარი თქვა საბჭოურ მეთოდებზე. სწორედ ამიტომ ქართველმა რეფორმატორებმა, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ყოფილმა წარმომადგენლებმა უკრაინის აღმასრულებელ ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობები დაიკავეს, ხოლო თვითონ მიხეილ სააკაშვილი, როგორც ამბობენ, ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის პოსტის დასაკავებლად ემზადება, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი ლეონიდ ბერშიდსკი).

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ მოკავშირეებს, ალბათ, ასევე მოუწევთ საქართველოს გამოცდილების გაზიარება 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ომის საკითხშიც, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე.  შესაძლოა, აგვისტოს ომის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი უკრაინისთვის ამერიკული ირაღის მიწოდებაში გამოიხატება. ამ ინიციატივას ახლახან მხარი დაუჭირა აშშ-ის თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა და სხვა მაღალჩინოსნებმა.

როგორც ცნობილია, სანამ 2008 წლის აგვისტოს მოვლენები დაიწყებოდა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველო იარაღით უზრუნველყო, ხოლო ქართული არმიის გაწრთვნაში ამერიკელი ინტრუქტორებიც მონაწილეობდნენ.

2002 წლიდან 2009 წლამდე საქართველომ აშშ-საგან ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება მიიღო (უფრო ზუსტად, 693 მილიონი). თბილისმა ამ ფულით სამხედრო-სატრანსპორტო საშუალებები, რადიოლოკატორები და სხვა აპარატურა შეიძინა. ჯორჯ ბუშ-უმცროსის ადმინისტრაციის დროს საქართველომ მიიღო 132 მილიონი დოლარის იარაღი, ძირითადად ცეცხლსასროლი საშუალებები და მსუბუქი შეიარაღება. მართალია, ვაშინგტონმა უარი თქვა მძიმე და სერიოზული შეიარაღების მიწოდებაზე, მაგრამ საქართველომ მაინც მოახერხა და ისრაელისაგან იყიდა უპილოტო თვითმფრინავები, უკრაინისაგან კი – საზენიტო-სარაკეტო სისტემები. თუმცა, როცა რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა, ამ იარაღს ფაქტიურად არავითარი როლი არ შეუსრულებია: ქართული არმია ძირითადად მაინც საკმაოდ მოძველებულ საბჭოურ ტანკებს ფლობდა, ხოლო თავდამსხმელთა რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ სათანადოდ გაუწრთვნელმა ქართულმა არმიამ წინააღმდეგობა ვერ გაუწია და იძულებული იყო ბრძოლის შეწყვეტაზე დათანხმებულიყო.

ახლა რომ ამერიკამ უკრაინას იარაღი მისცეს, ეს რუსეთისათვის ძალიან გამაღიზიანებელი ფაქტორი იქნებოდა – ისეთივე, როგორიც საქართველოსთვის იარაღის მიწოდება იყო 2008 წლამდე. შესაბამისად, გამორიცხული არაა, რომ ვლადიმერ პუტინი გადაწყვეტს აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები უკვე ღიად შეიყვანოს. ალბათ, უკრაინის არმიასაც იგივე დაემართება, რაც ქართულს მოუვიდა. ამიტომ შეიძლება დაგვიანებულიც კი არის უკრაინელი სამხედროების მომზადების განზრახვა ამერიკული სტანდარტებით – ომი უკვე ფაქტიურად დაწყებულია.

რამდენადაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკრაინაში სამხედრო ნაწილების გაგზავნას ერიდება და თავს იკავებს, ისევე როგორც საქართველოსთან მიმართებით, ეს შეიძლება 2008 წლის ერთ-ერთ დიპლომატიურ გაკვეთილად მივიჩნიოთ. დასავლეთს იმ დროს რუსეთისათვის ეკონომიკური სანქციები კი არ გამოუცხადება, რომლის ჯარები უკვე საქართველოს დედაქალაქის მისადგომებთან იყვნენ, არამედ ძალიან სწრაფად იმოქმედა დიპლომატიური გზით: საფრანგეთის ჩარევით სამხედრო მოქმედებები შეწყდა.

კონფლიქტის მოგვარების მოსკოვ-თბილისური ექვსპუნქტიანი გეგმა, რომელსაც მხარი ნიკოლა სარკოზიმ დაიჭირა 2008 წლის აგვისტოში და რომელსაც მოგვიანებით სექტემბერში სამხედრო დეტალები დაემატა, საკმაოდ მოგვაგონებს იმ ოქმებს, რომლებსაც ხელი მოაწერა უკრაინამ პრორუსულ ამბოხებულებთან, რუსეთთან და ევროპელ შუამავლებთან ერთად მინსკში, 2014 წლის სექტემბერში, თუმცა მინსკის შეთანხმებისაგან განსხვავებით, მოსკოვურ-თბილისურს მხარეები მეტ-ნაკლებად იცავდნენ.

ამ რადიკალურ განსხვავებას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა: პირველი – 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი იყო და მისმა შედარებით ზომიერმა ხასიათმა პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის აგრესიულობა მცირედ, მაგრამ მაინც შეარბილა; მეორე – საქართველოსთან მიმართებით კონფლიქტი რუსეთს არ დაუწყია (ყოველ შემთხვევაში, არის ასეთი ოფიციალური აზრი) და არც ტერიტორიის პირდაპირი  ანექსია არ მოუხდენია (ყირიმის მსგავსად); მესამე – 2008 წელს ევროპას რუსეთის ქმედებისათმი თითქმის  ნეიტრალური დამოკიდებულება ჰქონდა, მაშინ როცა უკრაინის კრიზისთან მიმარტებით აშშ-მა და ევროკავშირმა მტკიცე ანტირუსული პოზიცია დაიკავა; და ბოლოს, მეოთხე – საქართველოს არმია რუსეთის არმიამ გაანადგურა, მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის სრული ოკუპაციის საფრთხის მკაცრი რეალობის წინაშე დადგა და მზად იყო კომპრომისზე წასულიყო, რათა სახელმწიფო როგორღაც შეენარჩუნებინა. უკრაინის ხელისუფლებას კი, პირიქით, იმედი აქვს, რომ დასავლეთის მხარდაჭერით რუსეთზე გამარჯვებას მიაღწევს.

იდეალში ევროპული ნეიტრალიტეტი, თუ ამას ბრიუსელი გამოაცხადებს (ზოგიერთი ყველაზე ოდიოზური ანტირუსული სანქციის გაუქმებასთან ერთად) ხელს შეუწყობს ნდობის განმტკიცებას მომავალი სამშვიდობო მოლაპარაკების დროს და ამით პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც დარწმუნდება, რომ უკრაინა რუსეთს ბრძოლის ველზე ვერ დაამარცხებს. თუმცა, როგორც ჩანს, ასეთი ვერსია განუხორციელებელია იმ მიზეზით, რომ უკრაინელი ლიდერები ასეთ ქმედებას რუსეთის წინაშე ხელების აწევად შეაფასებენ. გარდა ამისა, დღეს რუსეთი ევროპას კონფლიქტის მხარედ განიხილავს, ევროპელი ლიდერები კი ვლადიმერ პუტინს არ ენდობიან – მან ხომ რამდენჯერმე იცრუა რუსეთი საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობსო. თავის მხრივ, მათ არც ვლადიმერ პუტინი არ ენდობა.

ალბათ, საჭიროა უკრაინამ კონსტიტუციური გარანტიით დააფიქსიროს, რომ მას  ჩრდილოატალანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მიზანი არ აქვს და რომ აღმოსავლეთ უკრაინა ფართო ავტონომიას მიიღებს ერთიანუ უკრაინის სახელწმიფოს შემადგენლობაში. ეს გარანტიები გარკვეულწილად შეიძლება უკრაინის პარლამენტის ზედა პალატის სახითაც გამოვლინდეს, რომლის წევრები ქვეყნის ყველა რეგიონის წარმომადგენლები იქნებიან და რომლებტაც თითოეულს ვეტოს უფლება ექნება სამხედრო პოლიტიკის გატარების საკითხში. ასეთი კომპრომისის შემუშავება შესაძლებელი იქნება მხოლოდ პეტრო პოროშენკოს სრული თანამშრომლობით, რომელიც ევროკავშირის ზეწოლის გარეშე შეუძლებელია. ეს ამჟამად, ერთი წლის პოზიორობის შემდეგ, ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ყველა კონფლიქტი როდისმე ხომ მთავრდება. რუსეთის სამხედრო უპირატესობა ნიშნავს, რომ უკრაინას ადრე თუ გვიან, უნდა თუ არ უნდა, მაინც მოუწევს დათმობებზე წასვლა, სუსტი სახელმწიფოს პოზიციიდან.

კიდევ ერთი გაკვეთილი საქართველო-რუსეთის ომიდან იმაში გამოიხატება, რომ გამარჯვების შემდეგ რუსეთი იმდენად აქტიურად ვეღარ ერეოდა საქართველოს საქმეებში, როგორც ეს ბევრს ეგონა. მიხეიოლ სააკაშვილი ქვეყნის პრეზიდენტად 2013 წლის ნოემბრამდე იყო, თუმცა მისი ძალაუფლება და ფუნქციები მნისშვნელოვნად სეიკვეცა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზციის გამარჯვების შემდეგ. ახალმა ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის რეფორმები დაამუხრუჭა და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება გადაწყვიტა, თუმცაღა უარი განაცხადა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებაზე, სამაგიეროს ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ეს იგივე შეთანხმებაა, რომელიც უკრაინის კრიზისის მიზეზი გახდა. საქართველოს მცირე, ღია და დერეგულირებადი ეკონომიკა აქვს, რომელიც, 2014 წლის მე-3 კვარტალის მონაცემებით, წლიურად 5,6%-ით მატულობდა.

ბევრი უკრაინელი კიევში შიშობს, რომ თუ უკრაინა ვლადიმერ პუტინთან გარიგებას დადებს, ამით მოსკოვს ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის შესაძლებლობა მიეცემა და ის ისეთი მასშტაბით ჩაერევა, რომ რეფორმების განხორციელება შეუძლებელი გახდება. თუმცა გავიხსენოთ, რომ რუსეთმა საქართველოსთან მიმართებით ასეთი ჩარევა ვერ შეძლო.

უკრაინა ყოველთვის იქნება რუსეთთან მიზიდულობაში, რადგან უკრაინელი ჩინოვნიკები ასე თუ ისე მაინც მხარს დაუჭერენ რუსეთის ინტერესებს დიდი ფულის ფასად. ამასთან, ქვეყანას მაინც შეეძლება ევროპული გზით სიარული ინსტიტუციური მშენებლობის თვალსაზრისით, თუ კიევი აღიარებს იმას, რომ რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში ვერ გაიმარჯვებს. ევროპამ ამაში უკრაინა უნდა დაარწმუნოს…

«Новое время» (უკრაინა), 7 თებერვალი, 2015 წელი

http://nv.ua/publications/ukraina-ne-hochet-idti-na-realnyy-kompromiss-s-rossiey-amerikanskiy-voennyy-ekspert-33106.html

ჯერ არავის მოუგია რუსეთის წინააღმდეგ ომი რუსეთსავე საზღვრებთან

ამონარიდი ამერიკელი სამხედრო ექსპერტის, კენანის ინსტიტუტის თანამშრომლის მაიკლ კოფმანის ინტერვიუდან (ესაუბრება ტატიანა კოზაკი).

„მაიკლ კოფმანი: უკრაინის რეალური პრობლემა იმაშია, რომ არავის – არც პოროშენკოსა და არც იაცენიუკს – არც სურთ რუსეთთან კომპრომისული შეთანხმების დადება. მათ არ სურთ იმის გაცნობიერება, თუ რა მოხდა, არ სურთ „მოლაშქრეებისათვის” რაღაც პოლიტიკური სტატუსის მიცემა. მათ ძალიან ეშინიათ – ეს რომ გააკეთონ, მათთვის მესამე მაიდანი გარდაუვალი იქნება.ისინი დასავლეთს კვერს უკრავენ. ამის გამო უკრაინელებიც ილუზიებში ცხოვრობენ და ჰგონიათ, რომ დასავლეთის დახმარებით მათი მებრძოლები დაამარცხებენ ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვან და შეიარაღებულ არმიას მსოფლიოში. ასეთი რამ არ მოხდება. ჩემი კოლეგები რუსეთის გენშტაბში დამეთანხმებიან, რომ თუ რუსეთი მოისურვებს, მას უკრაინის მთელი არმიის განადგურება 72 საათში შეუძლია.

მაგრამ ეს არ მოხდება იმიტომ, რომ რუსეთს ამის გაკეთება არ სურს. ამასთან, უკრაინელებმა უნდა გააცნობიერონ, რომ საქმე ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებში არ არის. თუ ჩვენ, ამერიკელები, კიევში რაკეტებს გავგზავნით, მაშინ რუსეთიც გაგზავნის სამაგიეროს – თვითმფრინავებს, საზენიტო დანადგარებს, რომელიც ამ ტერიტორიას პირისაგან მიწისა აღგვის.

ერთადერთი შედეგი, რასაც მე ბოლო თვეებში ვხედავ, ისაა, რომ უკრაინა მუდამ ტერიტორიებსა და ჯარისკაცებს კარგავს, სიტუაცია არ უმჯობესდება. სანქციებმა რუსეთის პოლიტიკა ვერ შეცვალა…

ეს კონფლიქტი თანდათან უკარგავს უკრაინას იმის შანსებს, რომ ის ახალ ქვეყნად გადაიქცევა, განაგრძოს ევროპული კურსი, რეფორმები განახორციელოს. მთავარი დღეს აშშ-სათვის და გერმანიისათვის ისაა, რომ რუსეთთან ომის საკითხით არ იყვნენ დაკავებული. რუსეთთან ომის მოგება რუსეთსავე საზღვრებთან თითქმის შეუძლებელია, ეს აბსურდია. ფიქრი იმაზე, რომ „მივცეთ ირაღი უკრაინას და ვნახოთ, რა იქნება შედეგი“, მიუღებელია. ამაში არანაირი სტრატეგია არაა.

- მაშ რით შეიძლება აიხსნას სენატორ-რესპუბლიკელების განცხადება, რომლის თანახმად, ისინი უკრაინისთვის მომაკვდინებელი იარაღის გაგზავნას ითხოვენ?

მაიკლ კოფმანი: ისინი სენატორები არიან, მათ ამის თქმა და მოთხოვნა შეუძლიათ, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა მათი ამოცანა და მოვალეობა არ არის. ისინი პასუხს არ აგებენ თავიანთი რეკომენდაციების გამო. ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება პრეზიდენტს. თუ იგი უკრაინაში იარაღს გაგზავნის, მაშინ რუსეთი თავის ტაქტიკას შეცვლის, რაც ყველასთვის და მათ შორის ჩვენთვისაც ცუდი იქნება. რუსებს ბრძოლის მრავალი მეთოდი აქვთ და მათ იოლად შეუძლიათ პასუხის გაცემა. დავუშვათ და გავგზავნეთ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და ისინი რუსულ ტანკებს ააფეთქებენ. განა ეს შედეგს მოიტანს? რუსები ხომ სულელები არ არიან, ისინი ტანკების აფეთქებას არ შეურიგდებიან. გასაგებია, რომ ისინი ბრძოლის წესებს შეცვლიან…

- ჯონ მაკკეინი აქტიურად გამოდის ირაღის მიწოდების მხარდასაჭერად..

მაიკლ კოფმანი: ჰმ… ჯონ მაკკეინი… იცით, მისი პოლიტიკაა ყველგან და ყველას იარაღი გაუგზავნოს. ჩვენ ხშირად ვხუმრობ ხოლმე [მის განცხადებებზე]. მას ყველა პრობლემის გადაწყვეტა ბომბების მეშვეობით სურს. მთელი თავისი ცხოვრება დაბომბვა უნდოდა – ერაყში, სირიაში, ლიბიაში, საქართველოში და ახლა – უკრაინაში. მან პრობლემის მხოლოდ ერთი გადაწყვეტა იცის – დავბომბოთ და მორჩა! მაკ-კეინი რომ პრეზიდენტი გახდეს, ჩვენ კიდევ ოთხ დამატებით ომში მივიღებდით მონაწილეობას!

დიახ, დღეს ჩვენს პრეზიდენტი ძალიან დიდი ზეწოლა მიდის და ეს არა მარტო რესპუბლიკელებიდან მომდინარეობს… ვინც პრეზიდენტს უკრაინისათვის იარაღის მიცემის თაობაზე მოხსენება მოუმზადა, ისინი ჰილარი კლინტონის ხალხია, ანუ ბარაკ ობამას ისევ თავისიანები – დემოკრატები უტევენ…“.

«Reuters» (დიდი ბრიტანეთი), 7 თებერვალი, 2015 წელი

http://ru.reuters.com/article/topNews/idRUKBN0L81J920150204?sp=true

ანალიზი: „უკრაინისათვის იარაღის მიწოდება ამერიკისათვის ერთობ სარისკო ნაბიჯი იქნება“

ტიმოთი ჰარითეჯი, რიჩარდ ბალმფორტი

შეერთებული შტატები სარისკო ნაბიჯის გადადგმას ცდილობს – ვაშინგტონმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე ფიქრი დაიწყო: მომხრეები ამბობენ, რომ ამერიკული იარაღით ომი სწრაფად დასრულდება, ოპონენტები კი მათ აფრთხილებენ – ომი უფრო გამძაფრდება. როგორც თეთრი სახლის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

იარაღის მიწოდების საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, როცა გაირკვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის საკითხში დასავლეთის წინადადებებს არ ეთანხმება, მიუხედავად იმისა, რომ სანქციები მოქმედებს და რუსეთში კრიზისი შეინიშნება. დასავლეთი დილემის წინაშეა: რა უნდა გაკეთდეს კიდევ, თუ სანქციები საბოლოოდ სასურველ შედეგს არ მოიტანს?

როგორც აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს მოხსენებაში აღნიშნული, თუ უკრაინის არმია თანამედროვე მძლავრ იარაღს მიიღებს, მაშინ რუსეთი იძულებული იქნება სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დათახმდეს.

აშკარაა, რომ ასეთი ოპტიმისტური შეფასებები და ვარაუდები უკრაინის პროდასავლური ხელისუფლების ყურს მალამოდ ედება, მაგრამ კრიტიკოსები ამბობენ, რომ იარაღის მიწოდება ომის ბედს უკრაინის სასარგებლოდ ვერ გადაწყვეტს, პირიქით – შეიძლება სრულმასშტაბიანი ომის პროვოცირება მოხდეს და ომმა დასავლეთიც ჩაითრიოს…

„იარაღის გაგზავნა ამ კონფლიქტის ცეცხლზე ნავთის დასხმას ნიშნავს. უკრაინის მთავრობა კი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რუსეთთან დავაში ამერიკა და დასავლეთი ჩააბას“, – ამბობს ტრანსატლანტიური უსაფრთხოების ბერლინის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გოტფრიდ ნასაუერი.

დასავლეთში გავრცელებული ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ვლადიმერ პუტინი მხოლოდ ძალას სცემს პატივს და ამიტომ, სანამ ძალა არ ჩანს, იგი კვლავ გააგრძელებს თავის პოლიტიკას. ამასთან, ფაქტია, რომ რუსი ჩინოვნიკები თავიანთ პრეზიდენტთან მტკიცედ დგანან, საზოგადოებრივი გამოკითხვაც აჩვენებს, რომ პრეზიდენტის ავტორიტეტი რუს ხალხში შეურყეველია. აქედან გამომდინარე, ძალის გამოყენებამ საეჭვოა რაიმე შედეგი მოიტანოს.

რა დარჩენია დასავლეთს? ალბათ, ისევ მხოლოდ სანქციების გამკაცრება.

„ჩვენ არ შეგვიძლია უზრუნველყოთ უკრაინის არმიის პარიტეტი რუსეთის არმიასთან – არც ახლა და არც უახლოეს მომავალში, – ამბობს „სი-ენ-ენ“-თან ინტერვიუში ბერ როდსი, ბარაკ ობამას მრჩევლის მოადგილე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, – ჩვენ იქიდან უნდა გამოვიდეთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე კარგი მეთოდი მხოლოდ სანქციების გაგრძელებაა“.

უკრაინის არმია 200 ათას სამხედრო მოსამსახურეს ითვლის და რუსულ არმიას ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს. და თუ ამერიკა კიევს იარაღს მისცემს, ბუნებრივია, რუსეთს შეუძლია სეპარატისტებს ავიაციითა და სხვა მძლავრი იარაღით უკვე ოფიციალურად დაეხმაროს. რა მოხდება შემდეგ!?

„დასავლური იარაღის ერთჯერადი მოწოდებები სიტუაციას კარდინალურად ვერ შეცვლის, აუცილებელია გრძელვადიანი თანამშრომლობა“, – ამბობს უკრაინელი სამხედრო ანალიტიკოსი სერგეი ზღურეცი.

თუ აშშ იარაღის მიწოდებას გადაწყვეტს, მაშინ საეჭვოა, რომ ამაში ნატო და ევროკავშირი ჩაერთოს. არადა, ეს მნიშვნელოვანია, რათა ერთიან პოზიციაში განხეთქილება არ მოხდეს. რუსეთს შეუძლია ამით ისარგებლოს. „დღემდე ჩვენ ვცდილობთ, რომ არ მოვახდინოთ ომის ესკალაცია და მასში რუსეთის პირდაპირი ჩაბმა“, – განაცხადა ნატოს წარმომადგენელმა.

რუსი სამხედრო ანალიტიკოსი ალექსანდრე გოლცი ამბობს, რომ მას არ სჯერა, რომ უკრაინის არმია ამერიკულ იარაღს სათანადო დონეზე დაეუფლება ათასობით ამერიკელი ინსტრუქტორების დახმარების გარეშე: „ამასთან, დასავლეთი უნდა ელოდოს რუსეთის რეაქციას, რომლის საზღვართან ალიანსი იარაღს განალაგებს“, – წერს რუსი ანალიტიკოსი „ნეზავისიმაია გაზეტაში“.

Comments are closed