„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ შტეფან შენახთან: “ნატო არ შეიფარებს არც საქართველოს და არც უკრაინას”
„კვირის პალიტრა“: ჰიბრიდული ომი და საქართველო
„რეზონანსი“: „რუსულ „გაზ“-ს ქართულ სამთავრობო ტენდერებში მონაწილეობა სურს // იურისტები ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის ამოქმედებას ითხოვენ
„რეზონანსი“: ინტერვიუ ირანის ელჩთან: ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ვიზების თემა და ბინადრობის მოწმობის გაცემაზე უარია
———————–
„კვირის პალიტრა“, 9 თებერვალი, 2015 წელი
ინტერვიუ შტეფან შენახთან: “ნატო არ შეიფარებს არც საქართველოს და არც უკრაინას”
ვაჟა თავბერიძე
(შემოკლებით)
იანვრის ბოლოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მოვლენები დრამატულად განვითარდა: რუსეთს ხმის უფლება აპრილამდე შეუჩერეს, რასაც კრემლმა ევროსაბჭოს ერთწლიანი ბოიკოტით უპასუხა. მიღებულ იქნა რეზოლუციები, რომელთაგანაც ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებისთვის მიძღვნილი რეზოლუცია გამოდგა, რომელიც, შეიძლება ითქვას, რუსეთისთვის უკრაინის გამო ნათქვამ “საყვედურს” მიაბეს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ კომიტეტის თავმჯდომარე შტეფან შენახი, რომლის მომზადებული რეზოლუციის შედეგად რუსეთს უფლებამოსილება შეუჩერდა, მიღებული გადაწყვეტილებით უკმაყოფილებას ვერ მალავდა…
ევროსაბჭოს ავსტრიელ დელეგატს საქართველოზე, უკრაინასა და რუსეთზე ექსკლუზიურად ვესაუბრეთ:
(…)
- თქვენ მესამე ქვეყნებისგან უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ეწინააღმდეგებით, არადა, რუსეთი განუწყვეტლივ აწვდის შეიარაღებას სეპარატისტულ რეგიონებს…
- სწორედ ამიტომ ჩემს ანგარიშში აშკარად წერია, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი მოხალისეები და გაიტანოს შეიარაღება ამ რეგიონებიდან. თუ იარაღს ორივე მხარეს გავუგზავნით, ომიც გაგრძელდება. თქვენ რა, გინდათ უკრაინა მეორე სირიად იქცეს? ევროპაში XXI საუკუნეში ვცხოვრობთ და ყველამ უნდა იცოდეს, რომ კონფლიქტების სამხედრო გზით გადაწყვეტა მიუღებელია.
- 2008 წლის ომის შედეგებზე მიღებულ რეზოლუციაზე გადავიდეთ… იმის გათვალისწინებით, რომ წარსულში ევროსაბჭომ ანალოგიური შინაარსის 4 რეზოლუცია მიიღო, რუსეთმა კი არც ერთი არ გაითვალისწინა, რა გაძლევთ იმის ფიქრის საფუძველს, რომ ეს ბოლო რეზოლუციაც უბრალოდ ქაღალდზე არ დარჩება?
- მე ვიცი წინა რეზოლუციების შესახებ და სწორედ ამიტომ ამჯერად ჩვენი მიზანი იყო პირველი ნაბიჯის გადადგმა პროგრესისაკენ. ვგულისხმობ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხს. ამ კონფლიქტების მოსაგვარებლად, ალბათ, ორმოცდაათამდე ნაბიჯია საჭირო, მაგრამ ყველაფერი პირველი ნაბიჯით იწყება, თავიდანვე 50-ე საფეხურზე ვერ ახტები. სიტუაციას რუსეთსა და საქართველოს შორის ჯანსაღს ნამდვილად ვერ დავარქმევთ, ასე რომ, ვიმედოვნებდი, რომ მოხერხდებოდა პირველი ნაბიჯის გადადგმა მაინც და იცით რა, მგონი, ძალიან შორს არ ვიყავი ამის მიღწევისაგან. ახლა კი, იმის გათვალისწინებით, რაც მოხდა, დიდი პროგრესის იმედი არა მაქვს.
- და რაზე იყო დამყარებული თქვენი იმედი, რომ რუსეთი თანახმა იქნებოდა, ერთი ნაბიჯი მაინც გადმოედგა ამ კონფლიქტების მოგვარებისთვის, იმის ფონზე, რასაც ახლა უკრაინაში სჩადის?
- იმედი შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ რუსეთის ინტერესებში არ შედის გამუდმებული კონფლიქტი ევროპასა და საზოგადოდ, მსოფლიოსთან, თან, სანქციების მოხსნაც სურთ. ჩვენ მოლაპარაკების მაგიდას უნდა დავუბრუნდეთ – სხვა გამოსავალი არ არსებობს. თანაც, უკრაინამაც უნდა გაითავისოს, რომ ერთობ უჩვეულო გეოპოლიტიკურ სიტუაციაშია. იგივე ითქმის საქართველოზეც: ნატოში გაწევრების მოთხოვნა კონფლიქტის გაღვივებას ნიშნავს. ამავე მიზეზით ნატოც არ შეიფარებს არც საქართველოსა და არც უკრაინას, რადგან ბრიუსელში იციან, რომ ეს ცეცხლზე ნავთის დასხმას უდრის. ასეთი ტიპის სიმბოლური პოლიტიკა არაფერში გამოგადგებათ.
- ანუ ფიქრობთ, რომ საქართველოს მისწრაფება, გახდეს ნატოს წევრი, არარეალურია, სანამ კონფლიქტები არ მოგვარდება?
- მე იმას ვფიქრობ, რომ უკრაინამაც და საქართველომაც უნდა გაიაზრონ, რომ დიდ მეზობელთან ერთობ ცუდ და სახიფათო სიტუაციაში აღმოჩნდნენ. უნდა იფიქრონ ალიანსის გარეშე არსებობაზე. იმაზე, რომ გაძლიერდნენ ალიანსის წევრობის გარეშე და მზად იყვნენ ურთიერთობისათვის როგორც დასავლეთთან, ასევე აღმოსავლეთთან, ღია იყვნენ როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ევრაზიული კავშირისათვის.
- სანქციები ახსენეთ – როგორ ფიქრობთ, რატომ არ დადგა რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხი 2008 წელს? უკრაინის უფრო დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გამო?
- ვფიქრობ, შეცდომაა უკრაინისა და 2008 წლის კონფლიქტების შედარება. ქართველი ხართ და მესმის თქვენი პოზიცია, მაგრამ 2008 წელს მსოფლიო ერთობ უკმაყოფილო იყო იმით, რომ საქართველომ პრობლემის გადაჭრა სამხედრო გზით სცადა. იმ ათასობით ადამიანს, რომლებიც საქართველოსა და უკრაინაში კონფლიქტებს ემსხვერპლნენ, ერთი რამ შემიძლია ვუთხრა: ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა შევაჩეროთ ეს ომი არა ძალის, არამედ პოლიტიკის, შეთანხმებებისა და დიალოგის გამოყენებით.
„კვირის პალიტრა“, 9 თებერვალი, 2015 წელი
ჰიბრიდული ომი და საქართველო
ხათუნა ლაგაზიძე
(შემოკლებით)
ბოლო პერიოდში დასავლეთში სულ უფრო ხშირად შეხვდებით შეშფოთებულ ვარაუდებს იმის თაობაზე, ვინ იქნება რუსეთის მომავალი სამიზნე: რისკის ზონათა შორის ერთმნიშვნელოვნად განიხილება მოლდავეთი, საქართველო და ბალტიის ქვეყნები. სულ ახლახან კი ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა რასმუსენმა განავრცო ეს მოსაზრება. მისი თქმით, რუსეთი თავს აარიდებს პირდაპირ სამხედრო აგრესიას ნატოს თუნდაც ყველაზე სუსტ წევრთან და ჰიბრიდული ომის მეთოდს გამოიყენებს, ისევე როგორც უკრაინის შემთხვევაში.
რა არის ჰიბრიდული ომი? ჰიბრიდული ომის შესახებ გავრცელებული შეხედულებებიდან ერთი საერთოს პოვნა ნამდვილად შეიძლება: ეს არის ომი მართვადი ქაოსის მეშვეობით, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი საინფორმაციო ომია, მოწინააღმდეგის სრული დემორალიზების მიზნით.
დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების მთავარი ამოცანაა, დაადგინოს, ხომ არ ვიმყოფებით ჰიბრიდული ომის ფარულ სტადიაში და რა მსგავს სიმპტომებზე შეიძლება საუბარი ან სად უნდა ვეძიოთ ნოყიერი ნიადაგი პროვოკაციებისთვის.
რუსული საინფორმაციო პროპაგანდისგან საქართველოს საინფორმაციო სივრცე სრულიად დაუცველია და ჩვენ უკვე ორი წელია ვიმყოფებით რუსული საინფორმაციო ნაკადის გავლენაში, რომელიც, მოკლედ რომ ვთქვათ, გვაჩვენებს, რომ საქართველოს ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის ერთადერთი გზა რუსეთია და იმავდროულად, როგორი უნაყოფო აღმოჩნდა საქართველოსთვის დასავლური გზა;
ქვეყანაში ბოლო პერიოდში სოკოებივით მომრავლებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები აშკარად მუშაობენ საქართველოს რუსეთთან ინტეგრაციის განხრით;
ოპოზიციური პარტიების საკმაოდ გავლენიანი ნაწილი, მართალია, თავს არ აცხადებს პრორუსულად, მაგრამ აშკარად ატარებს ანტიდასავლურ პოლიტიკას პროქართული იდეოლოგიის დროშით;
შესაძლო პროვოკაციების იმდენი წერტილია მონიშნული საქართველოში, რომ მათი მხოლოდ ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს, დაწყებული რუსეთისა და მისი სატელიტების მიერ ენგურჰესის, თრუსოს ხეობის თუ ავარეთ-კახეთის გზის თემების გააქტიურებით, დამთავრებული რუსული დროშების აფრიალებით კახეთისა თუ მაღალმთიანი აჭარის რეგიონებში;
ამას ემატება ლარის დევალვაცია, ფასების მატება. სოციალური და ეკონომიკური სიტუაციის გამოსწორების მწყობრი ხედვა კი არ ჩანს.
პარალელურად, თუ თვალს გადავავლებთ ვითარებას ქვეყნის პროდასავლურ პოლიტიკურ ფლანგზე, რომელიც ისე სუსტია, როგორც არასდროს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, შეგვიძლია მოვხაზოთ მომავალი პარლამენტის ზოგადი სურათიც: სადაც მკვეთრად პროდასავლური პარტიები - “ნაციონალების”, “თავისუფალი დემოკრატების”, რესპუბლიკელების თუ “ახალი მემარჯვენეების” ჩათვლით, საუკეთესო, ყველაზე ოპტიმისტურ შემთხვევაში, ხმათა 30-35%-ს თუ აიღებენ (დღევანდელი მოცემულობით). დანარჩენი ხმები გადანაწილდება დასავლეთის მიმართ ანტაგონისტურად განწყობილ ძალებსა და ძირითადად, “ოცნებაზე”, რომელიც თავის თავს ცენტრში მოიაზრებს.
თუ ამას დავუმატებთ ხელისუფლების მიერ დაანონსებულ “ჯვაროსნულ ომს”, ანუ ტალახის სროლის კამპანიას საზოგადოებრივი აზრის ლიდერების, ანუ აქტიური სამოქალაქო პოზიციის მქონე პირების წინააღმდეგ, მივიღებთ სრულიად დემორალიზებულ საზოგადოებას, რომელიც ძალიან იოლი დასაპყრობი და გადასატეხი იქნება ნებისმიერი მტრისთვის.
აღარ შევუდგები ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტებისა თუ მოვლენების შედარებას ჰიბრიდული ომის თვისებებთან, ისედაც ყველაფერი ნათელია. საკითხავი მხოლოდ ის არის, რას უპირისპირებს ამას დასავლეთი: მხოლოდ ნატოს სასწავლო ცენტრს, რომელიც წლის ბოლოსთვის უნდა გაიხსნას საქართველოში?! ხომ ცხადია, რომ დასავლეთი ამ ეტაპზე არ ან ვერ ზრუნავს საქართველოში მწყობრი საინფორმაციო-იდეოლოგიური ხაზის გატარებაზე, რომელიც, სულ მცირე, შეაჩერებდა პროდასავლურად განწყობილი საზოგადოების რღვევას. აღარაფერს ვამბობთ სხვა უფრო აქტიურ ქმედებებზე.
რას ფიქრობს საქართველოს ხელისუფლება? თუ მისი პოლიტიკაა დროის მოგება, რათა საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე ჰიბრიდული ომი ფარული ფაზიდან აქტიურში არ გადავიდეს, მაშინ მისი პათოსი გასაგებია: ჩვენი ამოცანაა რუსეთის შესაძლო “მსხვერპლი სახელმწიფოებიდან” ყველაზე ბოლოს ვიქცეთ რუსეთის სამიზნედ. მანამდე ვინ იცის, რა შეიცვლება მსოფლიოში პოლიტიკურ ძალთა განლაგებაში და იქნებ დასავლეთსაც ვინმე ძლიერი ლიდერი გამოუჩნდეს.
მაგრამ დასაბუთებული პასუხი კითხვაზე: ჩვენ დროს ვკარგავთ თუ ვიგებთ ამ წაყრუებით, სამწუხაროდ, არ გვაქვს.
„რეზონანსი“, 09 თებერვალი, 2015 წელი
რუსულ გაზ-ს ქართულ სამთავრობო ტენდერებში მონაწილეობა სურს
იურისტები ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის ამოქმედებას ითხოვენ
მაია აბაიაძე
(შემოკლებით)
რუსული ავტოკომპანია “გაზ გრუპი” საქართველოში შემოსვლას და სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას გეგმავს, თუმცა, საქმიანობის ნებართვის ნაცვლად, მას შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს. “მთელ კვირასთან” საუბრისას იურისტები აცხადებენ, რომ ირღვევა საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და კომპანიის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვენ.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობს და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან გაფორმებული აქვს ე.წ. ოფიციალური შეთანხმება.
“გაზ გრუპი” ოფიციალურად თანამშრომლობს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებებთან. აფორმებს რა მათთან საქმიან ხელშეკრულებებს და აქვს სადილერო კომპანიები, ის აღიარებს მათ, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს. ჩვენი მთავარი მოთხოვნა, რატომაც არ უნდა საქმიანობდეს “გაზ გრუპი” საქართველოში, არის საქართველოს კანონის დარღვევა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”, – აცხადებს კოალიაცია “საზოგადოებრივი ინიციტივის” წარმომადგენელი დავით მესხიშვილი.
საქართველოში “გაზ გრუპის” ოფიციალური წარმომადგენელი საავტომობილო დილერი კომპანია “სტრადა მოტორსია”. როგორც ირკვევა, “სტრადა მოტორსი” დიდი ჯგუფია, რომელიც სხვადასხვა კომპანიას მოიცავს და “გაზ გრუპი” ერთ-ერთი მათგანია.
(…)
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ არ ფლობს ინფორმაციას, არღვევს თუ არა ამ შემთხვევაში აღნიშნული კომპანია კანონს და ვერც მის მიმართ განსაკუთრებული ინტერესის საფუძველს ხედავს. “რამდენადაც ვიცი, საქართველოში არსებობს რუსული კომპანია და ამიტომ ვერ გეტყვით, ფორმალურად ირღვევა თუ არა კანონი. რუსულ ბიზნესს და რუსულ სახელმწიფოს საქართველოში ინტერესები აქვს და ცხადია, რომ რუსული ბიზნესი ჩვენთან შემოსულია. ასე რომ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე ვერ გეტყვით, ეს ისეთივე დარღვევაა, როგორც ყველა სხვა, თუ განსხვავებული ტიპისაა, მაგრამ პირველად არ მესმის და მგონი, არც თქვენ, რომ რუსული კომპანიაა და ვერ ვხვდები, ამის განსაკუთრებულობა რაში მდგომარეობს. არ ვიცი, ზუსტად როგორია ეს ხელშეკრულება, რადგან სხვა კომპანიებიც არის, ისინიც არღვევენ თუ არა კანონს და ამ კანონდარღვევას შეგუებულია თუ არა ქართული სახელმწიფო უკვე 10-15 თუ 20 წელია, თუ ეს ისეთი დარღვევაა, რომელიც აქამდე არ ყოფილა – ამას ვერ გეტყვით, სანამ არ ვიცი კონკრეტულად პირობები”, – ამბობს ჟორჟოლიანი.
“მთელ კვირასთან” საუბრისას იურისტი ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ თუკი “გაზ გრუპი” ოკუპირებულ აფხაზეთში ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, ის არათუ დანარჩენ საქართველოში საქმიანობის ნებართვას ვერ მიიღებს, არამედ მის წინააღმდეგ გამოძიება უნდა დაიწყოს, რადგან არღვევს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. “ოკუპირებული ტერიტორიების კანონის შესაბამისად, თუკი ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ამ შემთხვევაში აფხაზეთში, ნებისმიერი სუბიექტი ეწევა საქმიანობას, რომლის ნებართვაც არ აქვს საქართველოს მთავრობისგან, ეს არის კანონდარღვევა, რომელიც დასჯადია და ექვემდებარება სანქცირებას, მათ შორის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ამგვარი კომპანია არათუ ვერ მიიღებს საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე რაიმე საქმიანობაზე ნებართვას, არამედ ნებისმიერი ასეთი საქმიანობის დაწყების შემთხვევაში, მისი ხელმღვანელობითი, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი დაექვემდებარება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რომლის უკიდურესი ზომა არის თვით საწარმოს ლიკვიდაცია – ეს არის კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები”, – აცხადებს ალაფიშვილი.
„რეზონანსი“, 09 თებერვალი, 2015 წელი
ინტერვიუ ირანის ელჩთან: ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ვიზების თემა და ბინადრობის მოწმობის გაცემაზე უარია
ეკატერინე ბასილაია
საქართველოს ხელისუფლების მიერ სავიზო რეგულაციების შემოღებამ ტურიზმი და ინვესტიციების შემოდინება დააზარალა და საქართველოში მოქმედ ირანულ კომპანიებს პრობლემები უკვე შეექმნათ. უფრო მეტიც, ზოგიერთი დიპლომატი თანამემამულე ინვესტორს საქართველოდან ინვესტიციის გატანასაც კი ურჩევს. ამ და სხვა თემებზე “მთელ კვირასთან” ირანის ისლამური რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აბას თალები ფარი საუბრობს.
ირანელი დიპლომატის განცხადებით, სავიზო რეგულაციები ინვესტორზე ცუდად მოქმედებს და ის საკუთარი ინვესტიციების განვითარებაზე აღარ ფიქრობს. მისივე თქმით, ინვესტორი ყოველთვის ისეთ გარემოს ეძებს, სადაც ინვესტიცია დაცული იქნება და მოგება გარანტირებული.
„ზოგიერთს უკვე პრობლემა აქვს. არის კომპანია, რომელსაც რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცი აქვს ანხორციელებული და კომპანიის ხელმძღვანელს ვიზისათვის ორთვიანი ლოდინი სჭირდება. ასეთი გარემო ინვესტორზე ძალიან ცუდად მოქმედებს. ის უკვე თავისი ინვესტიციის განვითარებაზე აღარ ფიქრობს. ერთ-ერთ ოფიციალურ მიღებაზე, ერთ ელჩთან მქონდა საუბარი და მან განაცხადა, რომ თავისი ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოში გარკვეული ინვესტიცია ჰქონდა განხორციელებული, ურჩია, ინვესტიციები ქვეყნიდან გაეტანა. ინვესტორი ყოველთვის ისეთ გარემოს ეძებს, სადაც ინვესტიცია დაცული იქნება და მიიღებას მოგებას“, – განაცხადა აბას თალები ფარიმ.
ელჩის თქმით, ირანი ლათინოამერიკული, აფრიკული და ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოებისგან განსხვავებულია იმიტომ, რომ ამ ქვეყნებს შორის ისტორიული ურთიერთობაა გასათვალისწინებელი. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად საქართველოს მხრიდან გადადგმული ასეთი ნაბიჯისა, ირანმა მსგავსი გადაწყვეტილება არ მიიღო და დღემდე უვიზო რეჟიმს ინარჩუნებს.
„ახალმა რეგულაციებმა არა მარტო ირანელი ვიზიტორები, სხვა ქვეყნის ვიზიტორებიც შეაფერხა. ირანი ლათინოამერიკული, აფრიკული და ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოებისგან განსხვავებულია იმიტომ, რომ გასათვალისწინებელია ჩვენი ისტორიული ურთიერთობა. საქართველომ სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ორ ქვეყანას შორის არსებული შეთანხმება ცალმხრივად შეაჩერა. მიუხედავად საქართველოს მხრიდან გადადგმული ასეთი ნაბიჯისა, ირანმა არ მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება და დღემდე უვიზო რეჟიმს ინარჩუნებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ურთიერთობების შენარჩუნება“- განაცხადა აბას თალები ფარიმ.
ირანელი დიპლომატი ვრცელ ინტერვიუში საუბრობს აგრეთვე საქართველო-ირანის ისტორიულ ურთიერთობაზე, ქართველების კვალზე ირანში („ქართველები და სპარსელები დაახლოებით ორი საუკუნის განმავლობაში სპარსეთის დროშის ქვეშ იბრძოდნენ… ირანში ძალიან ბევრი ძეგლი სწორედ ქართველების მიერაა აშენებული… ირანის პარლამენტის წევრები ეთნიკური ქართველებიც არიან… ექსპერტთა საბჭოს წევრი კი ქართული წარმოშობის მქონე მანდილოსანია…“). აბას ტალები ფარი განსაკუთრებით ვრცლად გადმოგვცემს ქართველებით დასახლებული ირანის პროვინციის – ფერეიდუნშაჰრის თანამედროვე მდგომარეობას და ამბობს, რომ ფერეიდუნშაჰრი ირანის ერთ-ერთი მშვიდი პროვინციაა კრიმინოგენური ვითარების თვალსაზრისით, დანასაული ძალიან ცოტა ხდება და საერთოდ გამორიცხულია, რომ ირანში ქართველმა ქართველი მოკლას.