globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 10 თებერვალი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Feb 10th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 9 თებერვალი, 2015 წელი

http://www.kaspiy.az/news.php?id=22725

აზერბაიჯანი-საქართველო: ცალმხრივი მეგობრობა?

ფუად მამედოვი

აუცილებელია დაუყონებლივ დავიწყოთ მოლაპარაკება აზერბაიჯანთან გაზის ფასის მომატების თავიდან ასაცილებლად, – ასე განუცხადებია საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის სხდომაზე, – არსებული ტარიფები უნდა შევინარჩუნოთო.

რატომ დაფაცურდნენ ასე უეცრად ჩვენი მეზობლები? წინა წლებშიც ყოფილა შემთხვევები, რომ საქართველოს ხელისუფლებას, რთული ეკონომიკური სიტუაციის გამო, უთხოვიათ ჩვენთვის, დახმარება გაგვიწიეთო. ცხადია, აზერბაიჯანი ყოველთვის უანგაროდ ეხმარებოდა მეზობელს და ნავთობ-გაზს დაბალი ტარიფებით აწვდიდა, აძლევდა შეღავათიან ფინანსურ სესხებს და სხვა შეღავათებს უწევდა. ალბათ, ამაში რაიმე განსაკუთრებული არ არის, კეთილი მეზობლები, ალბათ, ასეც უნდა აკეთებდნენ.

კარგი იქნებოდა, რომ საქართველოც ამ პრინციპით მოქცეულიყო, მაგრამ თბილისი განსხვავებულად მოქმედებს.

აზერბაიჯანული მოსახლეობის პრობლემები საქართველოში ჯერ კიდევ გადაუჭრელია და ეს მუდმივად ასე გრძელდება. იმავდროულად ოფიციალური თბილისი ძალიან გულისხმიერად და ყურადღებით ეკიდება სომხების პრობლემების მოგვარების საკითხებს სამცხე-ჯავახეთში. იმ დროს, როცა სომეხთა მოთხოვნები სულ უფრო მკვეთრი ხდება, მარნეულში, ბოლნისში და სხვა რაიონებში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების პრობლემებისადმი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უსულგულო და გულგრილი დამოკიდებულებაა გამოხატული.

საქართველო, რომელიც გამუდმებით გვთხოვთ სხვადასხვა საკითხში დახმარებას, იმისთვისაც კი ვერ მოიცალა, რომ უძველესი განჯის კარის ფრაგმენტის დაბრუნებაზე იფიქროს. ხოლო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა ილია მეორეს არაერთხელ განუცხადებია გაზეთ „ჯორჯიან თაიმსში, რომ დავით გარეჯის სავანე საქართველოს უდიდეს წმინდა სალოცავ ადგილად ითვლებაო. „ის იმ მონასტრად, იმ ლავრად უნდა დარჩეს, სადაც ბერ-მონაზვნები ღვთისმსახურებას გააგრძელებენ, ამიტომაც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ დავით გარეჯი საქართველოს შემადგენლობაში დარჩესო“.

აი, ასე. ჩვენ კი საქართველოს ყველანაირად, ყოველთვის ვეხმარებით და არა მხოლოდ სიტყვებით. გარწმუნებთ: აზერბაიჯანი ასე დამოკიდებული რომ ყოფილიყო საქართველოზე, როგორც საქართველოა ჩვენზე დამოკიდებული, ოფიციალური თბილისი არა მარტო განჯის კარის ფრაგმენტს, არამედ სხვა ბევრ რამესაც წაგვართმევდა…

აი, ახლაც ირაკლი ღარიბაშვილი ჯიუტად არ ხედავს იმას, რომ მთელ მსოფლიოში სრულიად გასაგები სირთულეები წარმოიქმნა ნავთობზე ფასების დაწევის გამო. და ასეთ ვითარებაში სრულიად ბუნებრივია, რომ აზერბაიჯანულმა კომპანია „სოკარმა“, რომელიც საქართველოში გაზის მიმწოდებელია, პირველი მარტიდან ერთ კუბმეტრ გაზზე ქვეყნის იურიდიული პირებისათვის ფასი 75 თეთრიდან 90 თეთრამდე გაზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს გადაწყვეტილება სრულიად დასაბუთებულია. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც მეგობრისა და კეთილი მეზობლის იმედი აქვს, განზრახული აქვს აზერბაიჯანს ფასების პოლიტიკის შერბილება სთხოვოს. გამორიცხული არ არის, რომ ბაქო კიდევ ერტხელ გაუწვდის დახმარების ხელს თბილისს, მაგრამ გვინდოდა, რომ ეს ჩვენი მეგობრული მხარდაჭერა ქართული მხარისაგან ადექვატური იყოს.

«Первый Армянский Информационный» (სომხეთი), 10 თებერვალი, 2015 წელი

http://ru.1in.am/1081530.html

ერევანი და თბილისი – სერიოზული იმპერატივების წინაშე

მუსა მიქაელიანი

2015 წელს ნატო საქართველოში სამხედრო სწავლებებს ჩაატარებს და ალიანსის პარტნიორი ქვეყნებისათვის სასწავლო-საწრთვნელ ცენტრს შექმნის. ბრიუსელი აცხადებს, რომ ამ მიზნით საქართველოს უნიკალური გეორგრაფიული მდებარეობა აქვს.

ეს ყველაფერი საკმაო ხნის განმავლობაში მზადდებოდა, ჯერ კიდევ ნატოს უელსის სამიტამდე გაისმოდა ხმები, რომ საქართველოში რაღაც ამის მსგავსი იყო დაგეგმილი. დღეს უკვე ეს პროექტები პრაქტიკულად ხორციელდება, რაც მნიშვნელოვანია სომხეთისათვისაც, როგორც ნატოს პარტნიორი სახელმწიფოსათვის. ყველაზე მთავარი ისაა, რომ საქართველო-ნატოს ურთიერთობის გამო რუსეთი ძალიან ნერვიულობს. არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ რუსეთი რაღაც ნაბიჯებს გადადგამს და ამ მიზნით სომხეთს გამოიყენებს. ცხადია, მოვლენათა ამგვარი განვითარება საზიანო იქნება როგორც საქართველოსთვის, ასევე თვით სომხეთისათვისაც.

რუსეთმა უკვე გამოხატა თავისი ნეგატიური დამოკიდებულება საქართველოში ნატოს საწრთვნელი ცენტრის გახსნის პერსპექტივასთან დაკავშირებით. იმის გათვალისწინებით, რომ მოსკოვის მოქმედება აღმოსავლეთ უკრაინაში სულ უფრო აგრესიული ხდება, აშკარაა, რომ კრემლი საქართველოს  მიმართაც რაღაც გაურკვეველ და მკვეთრ ნაბიჯს გადადგამს, თუ ნატოს ცენტრის მშენებლობა რეალობად იქცევა.

ამასთან ერთად, საინტერესოა სამხედრო სწავლებების გარემოებებიც. ამაზე, როგორც ჩანს, არავის უფიქრია, რომ სასწავლო ცენტრის პროექტის რეალიზებას (ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველოში ნატოს ყოფნას) ალიანსი სამხედრო სწავლებებით უზრუნველყოფს, ესე იგი, ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ერთეულის შეყვანით. არაა გამორიცხული, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ამგვარი წესით ცდილობს რუსეთის აგრესიული ქმედებისა და შესაძლო პროვოკაციის თავიდან აცილებას. თავის მხრივ, მოსკოვი ასევე შეეცდება სწორედ ამგვარი ქმედებით ხელი შეუშალოს თბილისს ნატოსთან ინტეგრაციაში. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სომხეთი, სავარაუდოდ „ასაფრენ-დასაშვები ზოლის“ სტატუსს მიიღებს. ამ თავალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა ის რეალობა, რომ 2015 წელს სომხეთში ოდკბ-ის (ორგანიზაცია დოგოვორა კოლლეკტივნოი ბეზოპასნოსტი – კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“) სამხედრო სწავლებები უნდა გაიმართოს, რომლის შესახებ ადრე არ გაცხადებულა და, ამრიგად, დაგეგმილი არ იყო. ოდკბ-ის გენერალურმა მდივანმა ნიკოლაი ბორდიუჟამ კი განმარტა, რომ ეს სამშვიდობო ძალების წრთვნები იქნებაო, მაგრამ… ვინც იცის, რომ ასეთ წრთვნებში, გინდა სამშვიდობო დაარქვი და გინდა უმშვიდობო, სამხედრო ტექნიკა მაინც გამოიყენება, იმისთვის ყველაფერი გასაგები იქნება.

ჩვენ დარწმუნებულნი არ ვართ, რომ ოდკბ-ის სწავლებები ნატო-ს წრთვნებისადმი მიმართულ კონტრნაბიჯად ითვლება, მაგრამ უეჭველია, რომ მხარეთა ფსონები აშკარად მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.

ამასთან ერთად, საფრთხე ექმნება არა მხოლოდ სომხეთს, არამედ საქართველოს სომხურ მოსახლეობას სამცხე-ჯავახეთში, რომელიც რუსეთისათვის მუდამ პოტენციური პლაცდარმის როლს ასრულებდა ანტიქართული განწყობების გენერაციის მიზნით. სრულიად აშკარა ხდება, რომ ოფიციალურმა თბილისმა და ერევანმა ერთობლივად, შეთანმხმებულად უნდა იმოქმედონ თავიანთი ინტერესებისა და უსაფრთხოების დასაცავად, თანაც პროფილაქტიკური ხასიათის მქონე ღონისძიებები გაატარონ.

რასაკვირველია, ამ დროს რიგი პრობლემები წარმოიქმენება, რომელთა გადაჭრას საქართველო და სომხეთი დამოუკიდებლად, ცალ-ცალკე ვერ მოახერხებენ. ეს პრობლემები საკმაოდ სახიფათოა და თუ მათი იგნორირება მოხდება , ცუდ შედეგებს გამოიწვევენ.

ამის პარალელურად, ერევნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო-ნატოს ურთიერთობების გარღმავება, რაც შეიძლება საკმაოდ ძლიერი შემაკავებელი ფაქტორი გახდეს მთელი რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

Comments are closed