«ТВ Дождь» (რუსეთი): საქართველოს ექს-პრეზიდენტი რუსული ტელეკომპანიის ეთერში – ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან
«День» (უკრაინა): ინტერვიუ დავით ბაქრაძესთან: უკრაინა-საქართველოს სამი გამოწვევა
___________________________________________________________________________________________________
«ТВ Дождь» (რუსეთი), 11 თებერვალი, 2015 წელი
საქართველოს ექს-პრეზიდენტი რუსული ტელეკომპანიის ეთერში – ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან
გუშინ, 10 თებერვალს უკრაინაში, კიევში მყოფ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რუსეთის ტელეკომპანია „დოჟდ“-ის კორესპონდენტი შეხვდა და ინტერვიუ ჩამოართვა. საუბარი შეეხო უკრაინის მდგომარეობას, ექს-პრეზიდენტის გეგმებს (ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის თანამდებობაზე მისი შესაძლო დანიშვნა) და სხვა საკითხებს.
„ამჟამად მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკში ცხოვრობს. მისი მტკიცებით, საბანკო ანგარიშზე არც მილიონები აქვს და არც მილიარდები. მას საქართველოში კორუფციულ ქმედებებში ადანაშაულებენ, უკრაინაში კი შეიძლება კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლის სახელმწიფო ორგანოს – ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორად დაინიშნოს. იგი ჩვენს კორესპონდენტს უყვება უკრაინაში გადასროლილ ქართულ დესანტზე, ამერიკის როლზე „ფერად რევოლუციებში“ და თავის პოლიტიკურ ამბიციებზე.
ტიხონ ძიადკო, ჟურნალისტი: ჩვენ ამ ინტერვიუს კიევში ვიღებთ, ეს შემთხვევითი არაა. თქვენ უკრაინის დედაქალაქში ბოლო ხანს საკმაოდ დიდ დროს ატარებთ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პარლამენტში, მთავრობაში, სამოქალაქო საზოგადოებაში ბევრს საუბრობენ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში თქვენი მონაწილეობის შესახებ, რომ თქვენ შესაძლოა ანტიკორუფციული ბიუროს უხელმძღვანელოთ. ეს მოხდება თუ არ მოხდება?
მიხეილ სააკაშვილი: „ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის თანამდებობასთან დაკავშირებით ამჟამად მე საბოლოო პასუხი ჯერ არ მაქვს, თუმცა ფაქტია, რომ უკრაინაში საკმაოდ ბევრი ჩვენი [ქართველი] მინისტრი და თანამდებობის პირები არიან დაკავებული რეფორმების გატარებით. მაგალითად, უკრაინის პოლიციის რეფორმას ჩვენი შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ეკა ზღულაძე ხელმძღვანელობს, რომელიც ამ საკითხის გადაწყვეტას ძალიან ენერგიულად შეუდგა და მას უკრაინის საზოგადოებამაც მხარი დაუჭირა. იუსიტიის ორგანოების რეფორმით ჩვენი სპეციალისტების დიდი ჯგუფია დაკავებული, ისინი ელექტრონული ტენდერების სისტემას შექმნიან, რათა ყველა ტენდერი და აუქციონი გამჭვირვალე პროცედურებით ჩატარდეს“.
საქართველოს ექს-პრეზიდენტის თქმით, ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისი გუნდიდან დაახლოებით 100 კაცი მუშაობს. ამიტომაც დადგა საკითხი, რომ ანტიკორუფციული ღონისძიებების გასატარებლადაც შეიძლება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი იქნას მიწვეული. „ჩვენ ამ ორი დღის განმავლობაში კიდევ გვექნება კონსულტაციები, რადგან ანტიკორუფციული სამსახური – ეს კონკრეტული საქმეა. მას მთელი მთავრობა და მთელი საზოგადოება უნდა ებრძოლოს“, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
„და სხვათა შორის, ბიზნესიც, – დაამატა ექს-პრეზიდენტმა, – დღის წესრიგის თემა ერთია: როგორ ვებრძოლოთ ერთად კორუფციას. უკრაინელი ბიზნესმენები დიდ დაინტერესებას იჩენენ. უკრაინა საოცარი ქვეყანაა, მას ოცდახუთი წელია ძარცვავენ, ის კი ამ ყველაფერს მაინც უძლებს“.
———
იგივე განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა კიევში დღეს გამართული კონფერენციაზეც: „აუცილებელია, რომ ამ ძარცვა-ყვლეფის შემდეგ სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩენილი ქონების პრივატიზება განხორციელდეს. აი, თქვენ გაქვთ სტრატეგიული საწარმო „ტიტანი“, მისი პრივატიზება, როგორც თქვენ ამბობთ, არ შეიძლება… რატომ? ერთი მცირე პრობლემა ყოფილა – „ტიტანის“ პროდუქცია საექსპორტოდ რუსეთში გადის და იქ იარაღს ამზადებენ. კარგი, იყოს სახელმწიფოს საკუთრებაში, ქარხნის მუშები მშვიდად იქნებიან… მაგრამ ეს ხომ სრული უაზრობაა? სასწრაფოდ უნდა გაყიდოთ ეს საწარმო. ათი პროცენტიც რომ ჰქონდეს სახელმწიფოს, ეს მაინც კორუფციისა და ძარცვის წყარო იქნება. თქვენთან მუდამ რაღაცას იპარავენ. სახელმწიფო კონტროლი არ გაქვთ, სამაგიეროდ არიან ჩინოვნიკები, რომლებიც ჯიბეს ისქელებენ. თქვენ გჭირდებათ დიდი პრივატიზების განხორციელება, უნდა იპოვოთ წესიერი, პატიოსანი მესაკუთრეები. სახელმწიფო საკუთრება ყოველთვის კორუფციის წყაროა“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
«День» (უკრაინა), 10 თებერვალი, 2015 წელი
http://www.day.kiev.ua/ru/article/mirovye-diskussii/ukraina-gruziya-tri-vyzova
ინტერვიუ დავით ბაქრაძესთან: უკრაინა-საქართველოს სამი გამოწვევა
მიკოლა სირუკი
(შემოკლებით)
ამ დღეებში უკრაინაში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე. იგი ქართველი დიპლომატების ახალი თაობის წარმომადგენელია, რომლისთვისაც ინგლისური ენა მეორე მშობლიური ენაა, ამიტომაც მან ინტერვიუ თავის მშობლიურ ენაზე მოგვცა: როგორც მან აღნიშნა, ინგლისურად უფრო კარგად აყალიბებს თავის აზრებს ვიდრე რუსულად.. ინტერვიუს კიდევ ერთი თავისებურება იმაშია, რომ დავით ბაქრაძემ თავი აარიდა პოლიტიკურ შეფასებებს და ამბობდა, რომ იგი დიპლომატია და არა პოლიტიკოსი.
ჩვენი საუბარი ამ შეკითხვით დაიწყო (ინტერვიუ ჩაწერილია 5 თებერვალს):
- როგორ უყურებენ საქართველოში იმ ფაქტს, რომ ბევრი ქართველი ბოლო ხანს უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობს?
- საქართველოს და უკრაინას ერთნაირი საგარეოპოლიტიკური პრიორიტეტები აქვს, ჩვენ ერთანირი ხედვა გვაქვს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებშიც. ამ გზაზე ჩვენ ორივე ერთნაირ პრობლემებს ვაწყდებით, ამიტომაც ისინი ერთმანეთის მხარდამხარ, ერთად მუშაობით უნდა გადავწყვიტოთ. რაც შეეხება ქართველების დანიშვნას უკრაინის ხელისუფლების სტრუქტურებში, მე ვფიქრობ, ეს თქვენი მთავრობის სუვერენული უფლებაა, რომ სადაც სურს იქ დანიშნოს მისთვის სასურველი ადამიანები. მე წარმატებას ვუსურვებ უკრაინელებს საშიანო და საგარეო გამომწვევბთან ბრძოლაში.
- რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ამ გამოწვევებიდან?
- ყველაზე დიდ ყურადღებას როგორც ჩვენგან, ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორების – ევროკავშირისა და ნატოს მხრიდან აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი ვითარება იმსახურებს. ჩვენ გვაქვს მსგავსი გამოწვევები: რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. თქვენ, ალბათ, იცით, რომ რუსეთმა სოხუმის რეჟიმთან გააფორმა თანამშრომლობისა და მოკავშირეობის ხელშეკრულება, იგივე აქვს დაგეგმილი სამხრეთ ოსეთთანაც. ჩვენ ეს ქმედება ანექსიისაკენ გადადგმულ ნაბიჯად მიგვაჩნია. რუსეთის ფედერაცია თავის ქმედებებით ცდილობს ხელი შეუშალოს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირთან ინტეგრაციაში, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოსკოვს ბრიუსელი მკაცრ და თანმიმდევრულ პასუხს გასცემს.
- როდის აპირებს საქართველო ნატოში გაწევრიანებას?
- ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უელსის სამიტზე საქართველომ დახმარების მნიშვნელოვანი პაკეტი მიიღო, რომელიც ნატოს საწრთვნელი ცენტრის დაარსებასაც ითვალისწინებს. ჩვენ ნატოსთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს საერთაშორისო პრობლემების, მათ შორის, ტერორიზმთან ბრძოლაში… სამწუხაროდ, ნატოში გაწევრიანება მხოლოდ ჩვენს ნებაზე არაა დამოკიდებული. ნატოს წევრობა – ეს ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც მხოლოდ თვითონ ნატოს წევრებმა უნდა მიიღონ. ჩვენ, ერთი მხრივ, მართალია, პროგრესი გვაქვს ჩვენი თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერებაში, გავაუმჯობესეთ ნატოს ძალებთან შესაბამისობის დონე და თითქმის მზად ვართ ალიანსში მიღებისათვის, მაგრამ, მეორე მხრივ, გაწევრიანების კონკრეტული თარიღი უცნობია…