„რეზონანსი“: ცხოვრება ნატოს გარეშე // „საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა ალიანსის წესდებას ეწინააღმდეგება“
„რეზონანსი“: დასავლეთი უკრაინის ომში ჩართვის ზღვარზეა (ქართველი ექსპერტების კომენტარები)
„საქართველო და მსოფლიო“: ჰიბრიდული ომი საქართველოში – ამერიკული დაფინანსებით
„საქართველო და მსოფლიო“: მუხანათური ომი ეროვნული თავმოყვარეობის წინააღმდეგ
„ალია“: ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში ზურაბ ადეიშვილის გამო ჩავიდა?
„ალია“: აზერბაიჯანი იაფი გაზის სანაცვლოდ დავით გარეჯის მონასტერს ითხოვს?
———————–
„რეზონანსი“, 11 თებერვალი, 2015 წელი
ცხოვრება ნატოს გარეშე
„საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა ალიანსის წესდებას ეწინააღმდეგება“
თაკო მათეშვილი
ამ განცხადებაში ახალი არაფერია, ისედაც ცხადია, რომ ნატო საქართველოს არ მიიღებს – ასე აფასებენ საქართველოში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველოსა და უკრაინას ალიანსში გაწევრიანების იმედი არ უნდა ჰქონდეთ.
პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ რეალობის გასააზრებლად ევროჩინოვნიკების განცხადებები არ უნდა გვჭირდებოდეს და ისედაც კარგად უნდა გვესმოდეს – ნატოში ჩვენი ადგილი არ არის. შესაბამისად, მათი აზრით, იმაზე უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ ვიარსებოთ ალიანსის გარეშე და მასში გაწევრიანება ჩვენს თვითმიზნად არ უნდა ვაქციოთ.
საკმაოდ უსიამოვნო განცხადება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე შტეფან შენახმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში გააკეთა და აღნიშნა, რომ მუდმივი კონფლიქტები არც იუსეთის ინტერესებში შედის, არც ევროპის და, შესაბამისად, მოლაპარაკების მაგიდას უნდა დავუბრუნდეთ, რადგან სხვა გამოსავალი არ არსებობს.
„უკრაინამაც უნდა გაითავისოს, რომ ერთობ უჩვეულო გეოპოლიტიკურ სიტუაციაშია. იგივე ითქმის საქართველოზეც – ნატოში გაწევრიანების მოთხოვნა კონფლიქტის გაღვივებას ნიშნავს. ამავე მიზეზით ნატოც არ შეიფარებს არც საქართველოს და არც უკრაინას, რადგან ბრიუსელში იციან, რომ ეს ცეცხლზე ნავთის დასხმას უდრის. ასეთი ტიპის სიმბოლური პოლიტიკა არაფერში გამოადგებათ“, – განაცხადა შტეფან შენახმა.
მისივე თქმით, უკრაინამაც და საქართველომაც უნდა გაიზიარონ, რომ დიდ მეზობელთან ერთად ცუდ და სახიფათო, სიტუაციაში აღმოჩნდნენ და უნდა იფიქრონ ალიანსის გარეშე არსებობაზე.
„უნდა იფიქრონ იმაზე, რომ გაძლიერდნენ ალიანსის წევრობის გარეშე და მზად იყვნენ ურთიერთობისთვის როგორც დასავლეთთან, ასევე აღმოსავლეთთან, ღია იყვნენ როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ევრაზიული კავშირისთვის“, – განაცხადა შტეფან შენახმა.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ევროჩინოვნიკის ამ განცხადებას არ გაუოცებია. „რეზონანსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მასში ახალი და შემაშფოთებელი არაფერია, ვინაიდან ეს მან მანამდეც უწყოდა.
„უკრაინასა და საქართველოს ნატოში არავინ რომ არ მიიღებს, ეს ჩემთვის მარტივი ჭეშმარიტებაა. უკრაინას რომ თავი დავანებოთ, საქართველო ნატოში ვერანაირად ვერ გაწევრიანდება, ვინაიდან ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა ალიანსის წესდებას ეწინააღმდეგება. ჩვენ სასაზღვრო დავა გვაქვს რუსეთთან, ხოლო აზერბაიჯანთან – დაუდგენელი საზღვრები.
„მეტიც, ოკუპირებულები ვართ და საომარი მდგომარეობა გვაქვს, ნატოში ვინ მიგვიღებს? ამას ევროსაბჭოს წარმომადგენლის განცხადება რად უნდა? ჩვენ უნდა მოვემზადოთ და ნატოს გარეშე ცხოვრება ვისწავლოთ. მუდმივად ვიღაცის იმედზე ვერ ვიქნებით“, – აღნიშნა სოსო ცინცაძემ.
იგივე მოსაზრებას აფიქსირებს ჩვენთან საუბრისას ისტორიკოსი და პოლიტოლოგი იგორ კვესელავაც. განცხადება შემაშფოთებელი არც მისთვის აღმოჩნდა და გვითხრა, რომ შტეფან შენახი არაა ისეთ თანამდებობაზე, ევროკავშირისა და ნატოს საკითხებს წყვეტდეს.
კვესელავას თქმით, „ეს ერთი ჩვეულებრივი მოხელის განცხადებაა, რომელსაც თავისი სუბიექტური მოსაზრება აქვს. თუმცა, აქვე შეგვახსენა ობამას ადრინდელი განცხადებაც, როდესაც მან თქვა, რომ ჩვენ ნატოს გზაზეც არ ვართ“. იგი ასევე მიიჩნევს, რომ ევროკავშირისა და ნატოს წევრობა საქართველოს თვითმიზანი არ უნდა იყოს და უნდა გვესმოდეს, რომ მსოფლიო ურთულეს მდგომარეობაშია, ჩვენ კი პატარა ქვეყანა ვართ.
„როგორც ხედავთ, უკრაინაც შუა გზაზე აღმოჩნდა მიტოვებული. იგი სამ ნაწილად იხლიჩება – დასავლეთ უკრაინა, აღმოსავლეთ უკრაინა და ყირიმი. თითოეულ მათგანს პრობლემები აქვს. მონღოლური იდეოლოგიის მქონე რუსეთს იმპერიალისტური მიზნები აქვს. თუმცა, ამგვარი იდეოლოგიის მატარებლები არიან სხვა დიდი ქვეყნებიც – ჩინეთი, აშშ, თუნდაც თურქეთი, დიდი ბრიტანეთი და ა.შ. ასე რომ, პატარა ქვეყნებთან მიმართებაში მათ საკუთარი ინტერესები აქვთ. სამწუხაროდ, ამ ინტერესების ჩარჩოში ვართ მოქცეულები. მეტი გზა არ გვაქვს – საქართველოს მუდამ მფარველი უნდა ჰყავდეს. ისტორიულადაც ასე იყო და ეს ჩვენი უბედურებაა. ასე რომ, ამ სიტუაციაში ჩვენ ბალანსირებითა და დიპლომატიით უნდა გავიტანოთ ლელო“, – მიიჩნევს კვესელავა.
შტეფან შენახის განცხადებას ერთგვარ დიპლომატიურ ხრიკს უწოდებს პოლიტოლოგი ირაკლი კიკიანი. ამბობს, რომ ევროპა და ამერიკა ამ საერთო ფასეულობებს იზიარებენ, რაც მათ მიერ შექმნილი და ჩამოყალიბებულია, თუმცა, ყოველთვის ტოვებენ რუსეთთან დიალოგის საშუალებას. აქედან გამომდინარე, ევროპას უფრო ზომიერი პოზიცია უკავია.
რაც შეეხება ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას, მისი აზრით, საქართველოსთვის უმთავრესი უსაფრთხოების გარანტიების მიღებაა. ეს კი, კიკიანის თქმით, ნატოში გაწევრიანების გარეშეც შესაძლებელია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამერიკის კონგრესში ფაქტობრივად მზადაა კანონპროექტი, რომელიც უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მოკავშირე ქვეყნებად აღიარებას ითვალისწინებს.
„ეს დოკუმენტი უსაფრთხოების გარანტიებს ალიანსში გაწევრიანების გარეშე გულისხმობს. ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი და არა გაწევრიანება. აქედან გამომდინარე, ეს განცხადება მაინცადამაინც, შემაშფოთებლად არ უნდა მივიღოთ. ევროპა უკან დასახევ გზს ყოველთვის იტოვებს და დიპლომატიურ ურთიერთობას ანიჭებს უპირატესობას. ყველა განცხადება პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ, შეიძლება ადამიანი ამბობდეს ერთს და გულისხმობდეს მეორეს“, – აცხადებს კიკიანი.
„რეზონანსი“, 11 თებერვალი, 2015 წელი
დასავლეთი უკრაინის ომში ჩართვის ზღვარზეა
მაია აბაიაძე
სტატიაში მოცემულია ქართველი პოლიტოლოგებისა და ექსპერტების კომენტარი უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით. მთავარი კითხვა: მიაწვდის თუ არა დასავლეთი უკრაინას მომაკვდინებელ იარაღს?
როგორც პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, უკრაინისათვის იარაღის მიწოდება შეიძლება წამახალისებელიც კი აღმოჩნდეს რუსი აგრესორებისათვის: „ვერანიარ წინაპირობას ვერ ვხედავ, რომ რუსეთი რაიმე დათმობებისთვის ემზადებოდეს. მოსკოვი თვითომ ამარაგებს იარაღით დონბასელ ამბოხებულებს და შემდეგ ამბობს, რომ უკრაინის დემილიტარიზება უნდა მოხდესო. ესაა უტიფრობა და ასეთი ადამიანისადმი – ვლადიმერ პუტინისადმი ნდობა ნულ უდრის. ჩვენ ეს კარგად ვიწვნიეთ საკუთარ თავზე და გვახსოვს.
დღემდე უკრაინის ხელისუფლებას რუსეთთან მიმართებით სიტყვა „ომი“ არ უხმარია, კიევი დონბასელ ამბოხებულებს ხან ტერორისტებს ეძახის და ხან სეპარატისტებს, რატა ევროპული ქვეყნების მხარდაჭერა არ დაკარგოს. თუ ომი გამოცხადდება, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც უკრაინის მხარეს დაიჭერს, ომის ტანამონაწილე და მისი სუბიექტი იქნება. რუსეთისათვის სულერთი იქნება, ვის წინააღმდეგ დაიწყებს ბრძოლას – თვითონ უკრაინის თუ მის მხარდამჭერს ქვეყნებთან“, – ამბობს ცისკარიშვილი და აღნიშნავს, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესებსის საბოლოო შედეგი, შესაძლოა, ქვეყნის ფედერალიზაცია აღმოჩნდეს: „სამწუხაროა, რომ გეგმა, რომელიც ვლადიმერ პუტინის მეხოტბე რუსმა ექსპერტებმა ჯერ კიდევ შარშან გაახმოვანეს და რასაც ისინი უკრაინის ფედერალიზების გეგმას უწოდებენ, შესაძლოა, ამდენი სისხლის დაღვრის ფასად ერთადერთი გამოსავალი იყოს“.
სამხედრო ექსპერტის ვახტანგ მაისაიას თქმით, ფორმალურად აშშ უკრაინას მხარს უჭერს რუსეთთან დაპირისპირებაში, მაგრამ რადგანაც ომი ოფიციალურად დეკლარირებული არ არის, ანუ გამოცხადებული არაა. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა უკრაინა აღარ არის ბლოკსგარეშე სახელმწიფო და ევროინტეგრაციის სურვილი გამოხატა, სეიძლება მოხდეს მისთვის იარაღის მიწოდება, ნატოსთან თავსებადობის დასაჩქარებლად.
„ბოლო საბრძოლო ოპერაციების შედეგები გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ უპირატესობა სეპარატისტების მხარესაა“, – ასკვნის ვახტანგ მაისაია.
„საქართველო და მსოფლიო“, 11 თებერვალი, 2015 წელი
ჰიბრიდული ომი საქართველოში - ამერიკული დაფინანსებით
თამარ დავითულიანი
(შემოკლებით)
საქართველოში სულ უფრო ხშირად გაისმის ხმა რუსული გავლენის გაძლიერებასა და “რუსეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების მომრავლებაზე”, რომლებიც თითქოს დიდ საფრთხეს ქმნის. ამას ხშირად იმეორებდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია, მისი ცოლისდა და შეთავსებით – საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სხვა “თავისუფალი დემოკრატები”, რომლებიც ამგვარად ცდილობენ, დაარწმუნონ აშშ, რომ სწორედ ისინი არიან მათი ინტერესების ყველაზე თავგამოდებული დამცველები. ახლა ამ რიტორიკას ექსპერტებიც შეუერთდნენ, მაგალითად, ხათუნა ლაგაზიძე, რომელიც ამბობს, რომ “რუსული საინფორმაციო პროპაგანდისგან საქართველოს საინფორმაციო სივრცე სრულიად დაუცველია და ჩვენ რუსული საინფორმაციო ნაკადის გავლენის ქვეშ ვიმყოფებით, რომელიც, მოკლედ რომ ვთქვათ, გვაჩვენებს, რომ საქართველოს ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის ერთადერთი გზა რუსეთია და იმავდროულად, როგორი უნაყოფო აღმოჩნდა საქართველოსთვის დასავლური გზა; ქვეყანაში ბოლო პერიოდში სოკოებივით მომრავლებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები აშკარად მუშაობენ საქართველოს რუსეთთან ინტეგრაციის განხრით“.
თითქმის იგივეს იმეორებს ნიკა რურუაც. ახლა არ მკითხოთ, რისი ექსპერტია ყოფილი მხედრიონელი და ასევე ყოფილი კულტურის მინისტრი. იმავესი, რისიც სხვა “ექსპერტები”.
(…)
ბოლო ხანს ჩატარებული ყველა კვლევა ადასტურებს, რომ დასავლეთის, კერძოდ, აშშ-ისა და ნატოს ავტორიტეტი მინიმუმამდე დავიდა, ხოლო 2008 წლის კატასტროფული ომის შემდეგაც კი რუსეთისგან მტრის ხატი? შექმნა ვერ მოხერხდა. ხალხი გამოფხიზლდა და დასავლურ პროპაგანდას აღარ “ჭამს”. ამიტომ აქ ისევ ამერიკული მილიონები უნდა ჩაიყაროს, რათა საქართველო საბოლოოდ არ მოვიდეს გონს და შავისა და თეთრის გარჩევა ვერ შეძლოს.
ამას ემატება ისიც, რომ ამერიკელ “მრჩეველთა” კონტინგენტი იზრდება და ქვეყნის უმნიშვნელოვანეს სტრუქტურებში გადაწყვეტილებები მხოლოდ მათი მითითებით მიიღება. ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ უკვე გვამცნო და თანაც დაგვამშვიდა, რომ “ნატოს მრჩევლების ყოფნა საზოგადოებისთვის თვალშისაცემი არ იქნება”(?!) აქამდეც ხომ ასე იყო: საზოგადოებამ არაფერი იცოდა იმის თაობაზე, რომ მიტინგებისა და აქციების დასარბევად ადგილობრივ ზონდერებს სწორედ ასეთი “მრჩევლები” აძლევდნენ “რჩევებს”, ხოლო 26 მაისის აქციის სადამსჯელო ოპერაცია, რომელსაც მსხვერპლი და უამრავი დასახიჩრებული მოჰყვა, სწორედ ამ “მრჩევლებმა” “გაუპრავეს” სააკაშვილს!
ადგილობრივი პროდასავლური ექსპერტები და “ენჯეოები” არ იმჩნევენ იმას, რომ პრაქტიკულად სწორედ ეს არის ჰიბრიდული ომის გამოვლინება, როცა სახელმწიფოს სინამდვილეში, ფასადზე გამოფენილი პოლიტიკოსები კი არა, მათ ზურგსუკან მდგომი “მრჩევლები” მართავენ. ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ნიშანი სწორედ ის არის, რომ სახელმწიფო, რომელიც ამგვარ ომს აწარმოებს, გარიგებულია არასახელმწიფოებრივ (თუ გნებავთ, არასამთავრობო) შემსრულებლებთან – “ბოევიკებთან”, ადგილობრივი მოსახლეობის ჯგუფებთან, ორგანიზაციებთან, რომლებთანაც კავშირს კატეგორიულად უარყოფს.
განა ზუსტად ასე არ იქცევიან ამერიკელები ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში? მათი გავლენა ვრცელდებოდა და ვრცელდება მთავრობებზე, ოპოზიციაზე, მედიასა და არასამთავრობოებზე. ახლა გაუჭირდათ და აშშ-ის ელჩი უკვე იძულებულია, საჯაროდ გამოხატოს ხან ირაკლი ალასანიას, ხანაც მათ მიერ გამოზრდილი არასამთავრობოების ღია მხარდაჭერა.
(…)
ეს უკვე აღარც ჰიბრიდული ომია და აღარც “მრჩევლის” ფუნქცია – ჩვენ დაუფარავად გვაფრთხილებენ, რომ მათ საყრდენებს არ უნდა შევეხოთ! რუსეთის ელჩს (რომელიც, კარგა ხანია, აღარ არის საქართველოში) ამგვარი რამ რომ გაებედა, წარმოგიდგენიათ, რა ამბავი ატყდებოდა “დემოკრატიულ” სამყაროში? თუმცა ისინი ამბავს მაშინაც ტეხენ, როცა არაფერი ხდება. ახალი ხელისუფლება ამითაც ჰყავთ გამოჭერილი: ისე არიან დაშინებული ქვეყნის გარედან თუ შიგნიდან შეძახილებით, რომ ნაბიჯის გადადგმისაც კი ეშინიათ!
“თავისუფალი ზონისა” და მისი მსგავსი “მიუკერძოებელი” არასამთავრობოებისა თუ ექსპერტების გააქტიურება ამერიკის ბიუჯეტიდან 51 მილიონი ლარის დაპირებითაცაა განპირობებული. მათ მიანიშნეს, რომ ახლა ფული ამაშიც იშოვება: “რუსული პროპაგანდის” წინააღმდეგ ხელ-ფეხი ხსნილი აქვთ! თუ საღი აზრი გამოთქვი და საკუთარ ქვეყანაზე გული გტკივა, ეს უკვე “რუსული პროპაგანდაა” და ანგარიშსწორება ნებადართულია ნებისმიერი მეთოდით. აკი, აცხადებენ კიდეც “ნაციონალური სახეები”, რომ ტელეკომპანია “იბერიის” დარბევა შეიძლებოდა, რადგან მას “სხვა იდეოლოგია” ჰქონდა! ადამიანების დახოცვა და მაღაზიის სახურავზე გვამების შემოწყობაც დასაშვებია, რადგან “ისინი რუსულ ტანკებს მოუძღვებოდნენ”! თითქოს რუსებმა მათ მიერვე გაყვანილი საქართველოს სამხედრო გზა არ იციან და მეგზური სჭირდებოდეთ!
„საქართველო და მსოფლიო“, 11 თებერვალი, 2015 წელი
მუხანათური ომი ეროვნული თავმოყვარეობის წინააღმდეგ
დავით მხეიძე
(შემოკლებით)
მსოფლიოს ე. წ. ახალი წესრიგი, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ნეოლიბერალური დიქტატურა, პრაქტიკულად უკვე დამყარებულია დასავლეთის “დემოკრატიებში”. რისი უპირველესი ნიშანი ე. წ. ანტიდისკრიმინაციული კანონის მეშვეობით, სწორედაც რომ დისკრიმინაციაა ყოველივე ეროვნულისა ტრადიციულის. და, რა თქმა უნდა, თუ ჯერჯერობით დე იურე არა, დე ფაქტო ყველგან ლეგალიზებულია ერთსქესიანთა ქორწინებები!
(…)
ასეთ რაღაცებზე, რა თქმა უნდა, დუმს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით აღფრთოვანებული ჩვენი ნეოლიბერალი ხელისუფლება, ოპოზიცია, მათი სატელიტი არასამთავრობოები. იმასაც ხშირად მოისმენ ევროპა-ნატოს მეხოტბე ადგილობრივი ნეოლიბერალებისგან, რომ მსგავსი საფრთხეები ჩვენ არ გვემუქრება, რაც მტკნარი სიცრუეა: მუშკეტერების, ლინო ვენტურას, ჟან გაბენის, ალენ დელონის, პროსპერ მერიმეს, მატეო ფალკონეს საფრანგეთი გააბახეს ამას წინათ ჩვენ თვალწინ და ქართველები ვის დავკარგვივართ, ჩვენს ხოშზე ვინ გვაგულავებს ნეოლიბერალური დიქტატურის ევროპა-ამერიკაში?..
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის მორიგი სკანდალური ინტერვიუდან იმ სამ საკითხს გამოვყოფ, რომლებშიც ვეთანხმები და რომლებმაც მეტ-ნაკლებად შეარბილა ინტერვიუს მიმართ საზოგადოების აღშფოთება:
პირველი - მართლაც, ვინც უკრაინაში “გმირული” ბრძოლისკენ მოუწოდებს ჩვენს ახალგაზრდებს, ჯერ საკუთარი შვილები გაუშვან უაზრო სასაკლაოზე; მეორე - “რუსთავი 2”-ის, როგორც სიცრუის მანქანისა და ნაცბანდის პროპაგანდისტის მხილება; მესამე _ ქართული არასამთავრობოების წამყვან პირებზე - კოჟორიძე, გიგაური, ლომჯარიას - “ტროიკაზე” დარტყმა. სამივე ეს საკითხი, პირდაპირ თუ ირიბად, არის დაკავშირებული წინამდებარე წერილის მთავარ თემასთან…
უკრაინაში, საბოლოო ჯამში, აშშ-ის მეთაურობით, ევროკავშირის ნეოლიბერალური იმპერია ებრძვის რუსეთს, როგორც ტრადიციული ფასეულობების დამცველ, კონსერვატიულ იმპერიას! დიახაც, რუსეთს, რადგან მხოლოდ რუსეთია ერთადერთი ხელისშემშლელი ძალა მსოფლიოში ნეოლიბერალური დიქტატურის დამყარების გზაზე!
იქიდან გამომდინარე, რომ ნეოლიბერალური იდეოლოგია თავშივე გამორიცხავს ქრისტიანობის მიერ აღიარებულ ყოველგვარ ზნეობრივ ნორმებს, საბრძოლო პოლიგონად ქცეულ უკრაინაში, აშშ-რუსეთის დაპირისპირებას, თამამად შეიძლება კულტურათა, ცივილიზაციათა, უღმერთობასა და ქრისტიანობას შორის ომი ვუწოდოთ.
(…)
მხოლოდ მართმადიდებელი ეკლესიაა ის ძალა, რომელიც ჯერჯერობით მტკიცედ დგას რელიგიური დოგმატების, საზოგადოების ზნეობის სადარაჯოზე! ჯერჯერობით, რადგან ნეოლიბერალი აგენტები მართლმადიდებელ ეკლესიებშიც მუშაკობენ… რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია დღეს რომ უდიდესი, უმდიდრესი და უძლიერესი ეკლესიაა მართლმადიდებელ სამყაროში, სადავო არ არის!
(…)
აფრიკა და, მით უმეტეს, ისლამური სამყარო თავიანთ თავს მიხედავენ, რადგანაც ისლამურ სახელმწიფოებში, მეტ-ნაკლებად ყველგან, შარიათის “დემოკრატია” მუშაობს და ალაჰმა ხელი მოუმართოთ, ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ…
უკრაინელი ხალხის ტრაგედიაში ლომის წილი დასავლეთისგან დაფინანსებულმა ადგილობრივმა ასოებმა (არასამთავრობო ორგანიზაციებმა) შეიტანეს. ასოებმა, რომლებმაც სსრკ-ის დაშლის შემდეგ მოახერხეს და კულტურულად, ისტორიულად, სარწმუნოებრივად პრაქჰტიკულად ერთი ერი – უკრაინელები და რუსები – სამკვდრო-სასიცოცხლოდ წაჰკიდეს ერთმანეთს. მიუხედავად ამისა, ისინი, როცა იქნება, შერიგდებიან, ის ქართველები კი, რომლებიც ანგარების თუ უფრო უარესი, ნეოლიბერალური რწმენის გამო, კიევის ფაშისტური რეჟიმის მხარეს იბრძვიან, როდესაც ე. წ. სეპარატისტები გაიმარჯვებენ, რას იზამენ? თუმცა, რაც უნდათ, ის უქნიათ…
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სიძლიერე არა მხოლოდ მრევლის სიმრავლესა და რწმენაშია, არამედ იმაშიც, რომ რუსეთში ერი და ბერი, სახელმწიფო და ეკლესია, ერთსულ და ერთხორც არიან და ღვთის იმედთან ერთად, ბირთვული პოტენციალის იმედიც აქვთ!
(…)
რუსეთი ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც 100 წლით(!) არის აკრძალული გეიპროპაგანდა და, აქედან გამომდინარე, ერთსქესიანთა ქორწინებებიც. თუნდაც მხოლოდ ამიტომ, ამერიკა-რუსეთის ომში ყველა ნორმალური, მართლმადიდებელი ქართველის სიმპათია ერთმორწმუნე რუსეთის მხარესაა! აღარაფერს ვიტყვი აფხაზეთის თუ ცხინვალის თემაზე, რომლის გადაჭრაც რუსეთის კეთილი ნების გარეშე უტოპიაა…
უკრაინისა არ იყოს, ქართული არასამთავრობოების უმრავლესობა საქართველოში მსოფლიოს ნეოლიბერალების მეხუთე კოლონის როლს ასრულებდნენ და დღესაც ასრულებენ! ელ-გე-ბე-ტე-პედერასტებით დაწყებული, სატანისტი სექტებით გაგრძელებული და მაწანწალა ძაღლების უფლებების დაცვით დამთავრებული, ყველაფრით ებრძვიან ყოველგვარ ქართულს, ეროვნულს, ტრადიციულს, მართლმადიდებლურს.
აი, რისთვის უხდიან ფულს კარლ ბილდტის მსგავსი დასავლელი “მეგობრები” კოჟორიძე-გიგაური-ლომჯარას “ტროიკას”…
(…)
ახლა კი ვაიუშველებელი ატეხეს დასავლეთის ნეოლიბერალმა “შნირებმა” ბიძინა ივანიშვილის გამო _ ჩვენ კითხვების დასმას როგორ გვიბედავსო. მათ ოპერატიულად გამოეხმაურნენ ჩვენი ასოების პატრონები ევროკავშირიდან და თავიანთ “შნირებზე” ზეწოლაში დაადანაშაულეს ბიძინა ივანიშვილი და გოგა ხაინდრავა!
ეს ის ხალხია, ვინც კრინტს არ ძრავს სააკაშვილის ხელისუფლების ფაშისტურ რეჟიმად გამოცხადებასა და პრეზიდენტყოფილის დაპატიმრებაზე, რაც ქართველი ხალხის უმრავლესობის მოთხოვნაა!..
ამას წინათ ჩემმა მეგობარმა ნანა დევდარიანმა სწორედ კოჟორიძე-ლომჯარია-გიგაურის “ტროიკას” არასამთავრობოთა კლანი უწოდა, რომელთა ვიზირების გარეშე ქვეყანაში არაფერი ხდება. მართლაც, ყველა საკითხზე ამ ხლისტების კლანს სთხოვენ კომენტარს, ყველა ტელეეთერში ეს ლაწირაკები სხედან და საზოგადოებას მოძღვრავენ!
ბიძინა ივანიშვილის მიერ ასოების “ტროიკაზე” შეტევის გამო, დანარჩენმა, ნაკლებწონიანმა 35 ასომ რუსეთისკენ გაიშვირა ხელი, – იქაც განახორციელეს ასოებზე შეტევაო. არადა, რუსეთში კანონმდებლობით არის რეგულირებული ასოების მოღვაწეობა და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები ვალდებული არიან, თითოეული ცენტის ხარჯვა ამცნონ შესაბამის ორგანოებს.
ჰოდა, თუ ეს არის დემოკრატიაზე შეტევა, მაშინ გაუმარჯოს ასეთ შეტევას, რადგანაც, თუ არ აილაგმა ასოების უკონტროლო თარეში, თუ არ დამთავრდა სააკაშვილის წანწალი ევროპა-ამერიკაში, თუ არ მიეცა პოლიტიკური შეფასება 9-წლიან ფაშისტურ რეჟიმს და “ნაცმოძრაობა” სამუდამოდ არ გადაშენდა, საქართველოს მოსვენება და წინსვლა არ უწერია!
(…)
ამ თვალსაზრისით უკრაინელები ჩვენზე არანაკლებ მძიმე დღეში არიან. თავად განსაჯეთ – მთელი მაიდანი და ფარსი, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების შედეგად უკრაინის, როგორც სახელმწიფოს, მოშლასა და უკრაინელების ტრაგედიაში გადაიზარდა, სწორედ ნაციონალური ლოზუნგებით, ეროვნული თავმოყვარეობის განცდით იყო შენიღბული და, ერთი შეხედვით, უკრაინელების ეროვნულ ღირსებას, “ნეზალეჟნოსტს” ემსახურებოდა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოჩვენებითი გამოდგა და მაიდნის შედეგად უკრაინის ხელისუფლებას საბოლოოდ ჩამოშორდა ყველაფერი უკრაინული.
მიაქცევდით ყურადღებას, რომ უკრაინის პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, წამყვანი რეგიონების გუბერნატორები “წმინდა მიწიდან” არიან, შინაგან საქმეთა მინისტრი სომეხია, ძირითადი უწყებების ხელმძღვანელები, მინისტრის მოადგილეები, “რეფორმატორები” კი, ძირითადად, ქართველები და ბალტიისპირელები არიან…
სად არიან უკრაინელი ნაციონალისტები, რატომ არ მიაკარეს ისინი სათოფეზე “ნეზალეჟნი” უკრაინის მართვას?.. მაიდნის შედეგად, რომელსაც “უკრაინის აყვავება” უნდა მოეტანა, დღეს ქვეყანაში უმძიმესი სურათია: უკრაინას ეთნიკური უკრაინელები აღარ მართავენ, როგორც სახელმწიფო, მოშლილი და დანგრეულია. ერთადერთი, რისი უფლებაც ეთნიკურ უკრაინელებს და იაროშის მაგვარ ნაციონალისტებს დაუტოვეს, არის ერთმანეთის უმოწყალო ხოცვა სამოქალაქო ომში. ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც მაიდანზე წინა პლანზე იყო, და როგორიცაა, ეროვნული თავმოყვარეობისა და უკრაინის, როგორც ეროვნული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღზევება, აღარავის ახსოვს, რადგან ეს ყველაფერი იმთავითვე იყო ბლეფი, სატყუარა, რომლის მეშვეობითაც ოკეანისგაღმელმა ძალებმა მორიგი სისხლიანი ექსპერიმენტის პოლიგონად აქციეს უკრაინა.
(…)
მოვა დრო და უკრაინელები მიხვდებიან, რომ ეს ყველაფერი მათ სახელმწიფოს დამართეს არა “საერთაშორისო მმართველობაში” ვაშინგტონის ბრძანებით ხელდასხმულმა ებრაელმა, ქართველმა ან ლიტველმა შემსრულებლებმა, არამედ ამერიკამ, რომელსაც დღეს მთავარ პარტნიორად და მხსნელად მიიჩნევენ.
ისინი ამ ყველაფერს მიხვდებიან, მაგრამ უკრაინისთვის, როგორც სახელმწიფოსთვის, გვიანი იქნება!
„ალია“, 11 თებერვალი, 2015 წელი
ღარიბაშვილი უნგრეთში ზურაბ ადეიშვილის გამო ჩავიდა?
გელა ზედელაშვილი
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანსა და უნგრეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერს, ლასლო კოვერის შეხვდა. ჩვენი დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ვიცე-პრემიერი კახი კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია. ისინი მონაწილეობენ საქართველო-უნგრეთის ბიზნეს-ფორუმში. სხვათა შორის, მსგავსი პირველი ფორუმი ბუდაპეშტში 2013 წლის 11 დეკემბერს გაიმართა, რომლის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და უნგრეთის საინვესტიციო სააგენტო. მაშინ უნგრეთში საქართველოდან პირველ პირად ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე ჩავიდა. იდეა მარტივია, ქართული მხარე ცდილობს, უნგრულ კომპანიებს გააცნოს ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი და ბიზნეს შესაძლებლობები. ძირთადად საუბარია სოფლის მეურნეობაზე, მშენებლობაზე, საბანკო საქმესა და სატრანსპორტო სფეროზე.
ერთია ოფიციალური მხარე, მეორეა _ არაოფიციალური, გარკვეულ წრეებში უკვე ალაპარაკდნენ იმაზე, რომ ვიქტორ ორბანთან ერთიერთზე შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილი აუცილებლად შეეცდებოდა, ზურაბ ადეიშვილზეც დალაპარაკებოდა. ადამიანს, რომელსაც ინტერპოლი ეძებს და ამჟამად უკრაინაში იმყოფება, სწორედ უნგრეთი მფარველობს. შეგახსენებთ, 2012 წელს ორბანი ორჯერ ჩამოფრინდა თბილისში მიხეილ სააკაშვილისა და `ნაციონალური მოძრაობის~ მხარდასაჭერად. მეტიც, ლამის `განაციონალებულმა~ ორბანმა ზურაბ ადეიშვილი არა მხოლოდ შეიფარა, არამედ თავის მრჩევლადაც კი დანიშნა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი რომ ახალ ხელისუფლებას პატივს არ სცემს, ეს მისი დახვედრიდანაც კარგად ჩანს. იყო თუ არა აუცილებელი ირაკლი ღარიბაშვილის ჩასვლა უნგრეთში ასეთი დაბალი დონის ფორუმზე?
ალბათ, არა, იქ შეიძლებოდა გაეგზავნათ ეკონომიკის მინისტრი, ან მისი რომელიმე მოადგილე, მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, არსებობს ეჭვი, რომ ღარიბაშვილს სხვა საჭირო თემებზეც ბევრი აქვს სალაპარაკო ორბანთან. როგორც ინკოგნიტო წყარო ადასტურებს `ალიასთან~, ამ თემაზე კულუარებში მართლაც საუბრობენ, მაგრამ დეტალების შესახებ არაფერია ცნობილი: `ირაკლი ღარიბაშვილის სტრატეგია სწორია, ის ცდილობს, მარშით აიღოს ის ბასტიონები, რომლებიც სააკაშვილს თავის საბუდრად მიაჩნია. თუმცა ერთ-ერთ ასეთ აუღებელ `ციხესიმაგრედ~ დღემდე მაინც რჩება უკრაინა. ირაკლი ღარიბაშვილი შეეცადა, თეა წულუკიანი გაეგზავნა კიევში, რათა სიტუაცია გაერკვია და პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრის თაობაზე ნიადაგიც მოესინჯა, მაგრამ სამგზის მცდელობის მიუხედავად, წულუკიანს უარი უთხრეს, უკრაინის იუსტიციის მინისტრმა შემოუთვალა, თქვენს მისაღებად მზად არ ვარო.
ალბათ, უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც პირდაპირ არის მოქცეული `ნაციონალების~ გავლენის ქვეშ. ეს გახლავთ სრული ანომალია. რაც უფრო მალე მიხვდებიან უკრაინელები, რა საბედისწერო შეცდომას უშვებენ, მით უკეთესი იქნება მათთვის. დღემდე ასეთივე ქვეყნად მოიაზრებოდა უნგრეთიც და სწორედ ეს მომენტი გამოიყენა ღარიბაშვილმა, ფორუმის ფარგლებში შეხვდა ვიქტორ ორბანს და იმედია, დახურულ კარს მიღმა ბევრი რამ ითქმებოდა. არ შეიძლება, ერთი ადამიანის გამო, ან რაღაც ჯგუფის გამო სახელმწიფოებს შორის რაღაც გაურკვევლობა არსებობდეს.
ამას წინათ ორბანს ჰკითხეს, რას ფიქრობდა ძებნილ ზურაბ ადეიშვილზე, მაგრამ მან თავი შორსდაიჭირა, პასუხი არ გასცა, მაგრამ აშკარაა, რომ მას რაღაც ინტერესები აქვს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში 2012 წლის არჩევნების წინ თბილისში არ ჩამოვიდოდა და მხარს ღიად არ დაუჭერდა~.
აინტერესებს თუ არა დღეს ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპოლით ძებნილი ზურაბ ადეიშვილის ჩამოყვანა თბილისში და დაელაპარაკებოდა თუ არა ორბანს მისი გადმოცემის თაობაზე? მართალია, ადეიშვილი ამჟამად უკრაინაში იმყოფება, მაგრამ თავშესაფარი მაინც უნგრეთში აქვს და გადმოცემაც ამ ქვეყნის პრეროგატივაა.
რატომაც არა? რაკი ირაკლი ღარიბაშვილმა ბევრი რამ გვერდზე გადადო და უნგრეთში, ანუ `ნაციონალ~ ორბანის სამფლობელოში ჩავიდა, არც ამ თემაზე საუბარს მოერიდებოდა. ბოლოს და ბოლოს, ადეიშვილი დღეს მთავარი პროკურატურისთვის ინფორმაციის ყველაზე დიდი საბადოა, მისგან შეიძლება გასვლა უამრავ გაუხსნელ საქმეზე, რაც დღევანდელ ხელისუფლებას ჩვენი მოსახლეობის თვალში წარმატებებს მოუტანს. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ სამართლიანობისა და ნდობის აღდგენას.
სხვათა შორის, არსებობს ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ მიხეილ სააკაშვილი და `ნაციონალები~ ხშირად ბუდაპეშტშიც იკრიბებიან, სადაც ერეკლე კოდუამ სახლიც იყიდა. ბოლო შეხვედრა 2013 წლის დეკემბერში ჰქონდათ. ისე, ძალიან საინტერესოა, როგორ ახერხებს ვიქტორ ორბანი მეგობრობას ერთდროულად მიხეილ სააკაშვილთანაც და ვლადიმერ პუტინთანაც, ან როგორ `ბაირამობენ~ `ნაციონალები~ იმ ქვეყანაში, სადაც პრორუსული გავლენა უფრო მეტია, ვიდრე პროდასავლური?
ამ კითხვაზე შეგვიძლია ნიშნისმოგებითვე ვიკითხოთ: როგორ მოხდა, რომ რუსთმოძულე სააკაშვილმა და `ნაციონალებმა~ საქართველოს ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსებს გადასცეს? აი, ამაშია საქმე, რაღაც საეჭვო დამთხვევები ძალიან ბევრია იგივე სააკაშვილის ცხოვრებაში… როდესაც ის უკრაინელებს სისხლისმღვრელი ომისკენ მოუწოდებს, ხომ არ ასრულებს რუსების დავალებას, რათა პუტინს მიზეზი მიეცეს და უკრაინაში შეიჭრას? 2008 წლის აგვისტოს ომი სწორედ ამაზე მიანიშნებს.
„ალია“, 11 თებერვალი, 2015 წელი
აზერბაიჯანი იაფი გაზის სანაცვლოდ დავით გარეჯის მონასტერს ითხოვს?
გელა ზედელაშვილი
აზერბაიჯანში გარკვეულმა წრეებმა უკვე დაიწყეს ლაპარაკი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მითვისებასა და კონკრეტული გეგმების შემუშავებაზე. აზერბაიჯანული პრესა (მაგალითად, გაზეთი `კასპია?~) უკვე იმაზეც საუბრობს, რომ მათი ქვეყნისა და საქართველოს მეგობრობა ცალმხრივია. კერძოდ, ირონიით ახსენებენ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დაუყოვნებლივ დავიწყოთ მოლაპარაკება აზერბაიჯანთან გაზის ტარიფის მომატების თავიდან ასაცილებლადო.
შეგახსენებთ, რომ პირველი მარტიდან იურიდიული პირებისთვის ბუნებრივი აირის საფასური 15 თეთრით უნდა გაზრდილიყო. გაზის კომპანიებმა მიზეზად ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა დაასახელეს და იგივე იურიდიულ პირებს, ანუ ორგანიზაციებს განახლებული ხელშეკრულებებიც ჩამოურიგეს ხელმოსაწერად.
ტარიფის გაზრდის თაობაზე განცხადება პირველად კომპანია `ყაზტრანსგაზთბილისმა~ გაავრცელა და გვაუწყა, რომ 1 კუბის ფასი 75 თეთრიდან 90 თეთრამდე აიწევდა. ამას მოჰყვა განცხადება კომპანია `სოკარ ჯორჯია გაზისგან~. მისი წარმომადგენლის თქმით, ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილების გამო აუცილებელი გახდა ბუნებრივი გაზის საფასურის კორექტირება კომერციული სექტორის მომხმარებლებისთვის.
მოკლედ, რაც მოხდა, ვნახეთ, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებამ, წადით, აზერბაიჯანელებს დაელაპარაკეთ, ამ ეტაპზე გაზზე ფასის მომატება არ გამოვაო, დროებით შედეგი გამოიღო. წავიდნენ, ილაპარაკეს, ჩვენი მეზობლები გააჩერეს, მაგრამ ახლა იგივე აზერბაიჯანელები სვამენ კითხვას: რატომ დაფაცურდნენ ასე უეცრად ჩვენი მეზობლები? თურმე წინა წლებშიც ყოფილა შემთხვევები, როცა საქართველოს ხელისუფლებას, რთული ეკონომიკური სიტუაციის გამო, უთხოვია მათთვის, დახმარება გაგვიწიეთო და უარი არ უთქვამთ (ამონარიდი ერთ-ერთი სტატიიდან):
`ცხადია, აზერბაიჯანი ყოველთვის უანგაროდ ეხმარებოდა მეზობელს, ნავთობსა და გაზს დაბალი ტარიფებით აწვდიდა, აძლევდა შეღავათიან ფინანსურ სესხებს და სხვა შეღავათებს უწევდა. ალბათ, ამაში რაიმე განსაკუთრებული არ არის, კეთილი მეზობლები, ალბათ, ასეც უნდა აკეთებდნენ, მაგრამ კარგი იქნებოდა, საქართველოც ამ პრინციპით მოქცეულიყო. თბილისი განსხვავებულად მოქმედებს. აზერბაიჯანული მოსახლეობის პრობლემები საქართველოში ჯერ კიდევ გადაუჭრელია და ეს მუდმივად ასე გრძელდება. ამავდროულად, ოფიციალური თბილისი ძალიან გულისხმიერად და ყურადღებით ეკიდება სომხების პრობლემების მოგვარების საკითხებს სამცხე-ჯავახეთში, ჩვენი თანამემამულეების პრობლემებისადმი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უსულგულო და გულგრილი დამოკიდებულებაა. საქართველომ, რომელიც გამუდმებით გვთხოვთ სხვადასხვა საკითხში დახმარებას, იმისთვისაც კი ვერ მოიცალა, რომ უძველესი განჯის კარის ფრაგმენტის დაბრუნებაზე იფიქროს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, ილია მეორე იმასაც ამბობს, დავით გარეჯის სავანე საქართველოს უდიდეს წმინდა სალოცავ ადგილად ითვლებაო.
გარწმუნებთ, აზერბაიჯანი ასე დამოკიდებული რომ ყოფილიყო საქართველოზე, როგორც საქართველოა ჩვენზე დამოკიდებული, ოფიციალური თბილისი არა მარტო განჯის კარის ფრაგმენტს, არამედ სხვა ბევრ რამესაც წაგვართმევდა~.
ხედავთ, რა არგუმენტები მოაქვთ აზერბაიჯანელებს? ჩვენ გეხმარებით, გაზს იაფად გაძლევთ, თქვენ კი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსსაც არ გვიბრუნებთო. თქვენ რომ ჩვენს ადგილას იყოთ, ძალიან ბევრ რამეს წაგვართმევდითო. ესე იგი, დავით გარეჯის კომპლექსი წავართვით და ძალა არ გვაქვს, თორემ სხვა სალოცავებსაც წავართმევდით. გაზეთის თქმით, ბაქომ ამჯერადაც დათმო, საქართველოს კიდევ ერთხელ გაუწია შეღავათი, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული. მეტიც, აზერბაიჯანში გარკვეული წრეები ფიქრობენ, რომ გაზის დაბალი ტარიფი დავით გარეჯში უნდა გაიცვალოს. გამოდის, მარტო მეზობლობისთვის და ლამაზი თვალებისთვის არავინ არაფერს მოგცემს, დღეს თუ არა, ხვალ მაინც მოგთხოვენ რამეს.
`ალიას~ საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გიორგი ანდრიაძე ესაუბრა:
_ დღეს საქართველო არის გასაყიდად გამოტანილი სხეული და ვისაც არ ეზარება, ყველა ეპოტინება. აზერბაიჯანელები ფიქრობენ, რუსებს რაღაცა მიაქვთ, სომხები ეკლესიებზე დაობენ, მაგათაც ხომ უნდა მოითხოვონ რამე? აქ ერთ რამეს უნდა გავუსვათ ხაზიქართული ეკლესია ამ საკითხში უკომპრომისოა, ის დგას ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე.
_ გიორგი, შეიძლება, რომ აზერბაიჯანელებმა იკადრონ და გაზის ფასის აწევით დაგვაშანტაჟონ?
_ ყველა ყველაფერს იკადრებს, როცა ქვეყანა უპატრონოდაა. იქით აფხაზეთი, აქეთ ცხინვალი, როგორც ვხედავთ, ზოგიერთი სხვა კუთხეებსაც ეპოტინება. ნურაფერს ნუ გამოვრიცხავთ, ყველა ფიქრობს, მაინც იქცევა ეს ქვეყანა და რატომ არ უნდა წავიღოთ, რის წაღებაც შესაძლებელიაო? ინფორმაცია, რაც თქვენ გაქვთ, არის სრული სიმართლე, აზერბაიჯანი ითხოვს თავის `წილს~. ჩვენ არ ვართ სახელმწიფო, აი, ეს არის მთავარი პრობლემა, უნდა ვეძებოთ პრობლემა თბილისში და არა აზერბაიჯანში, ერევანსა და ანკარაში. როცა არ გაქვს საკუთარი მამულისა და სარწმუნოების მოვლის თავი, მაშინ ყველას გაუჩნდება პრეტენზია, ზოგი გაზით დაგაშანტაჟებს, ზოგი _ საწვავით. რატომ მხოლოდ დავით გარეჯი? წაიღონ, ბატონო, მთელი დედოფლისწყარო, მთელი შირაქი, მთელი ქიზიყი, მაგაზეც იძახიან, ალბანეთიაო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: თბილისში არ აქცევენ ყურადღებას ამ საკითხებს და ამას ხედავენ აზერბაიჯანელები, ჩვენ აღარც ღირებულებები გაგვაჩნია და აღარც ორიენტირი.
როგორც `მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების~ ხელმძღვანელი, ბექა კემულარია ამბობს, ე.წ. შანტაჟი თხევად გაზზე ფასების აწევით დაიწყო და დღესაც გრძელდება. ნავთობის ფასის შემცირებასთან ერთად მთელ მსოფლიოში გაზის ფასიც მცირდება, მხოლოდ საქართველოში არ შეამცირეს არც ერთი თეთრით. ეს არის წარმოუდგენელი რამ, ბენზინი იაფდება, გაზი ძვირდება, ეს არის უკიდურესი `ნაგლობა~!
თუმცა აზერბაიჯანი ამას სხვანაირად ხედავს. როგორც აღნიშნული გაზეთი წერს, ნავთობის ფასი დაეცა, მაგრამ შევეცდებით, ზარალი გაზიდან ავანაზღაუროთო: `ასეთ ვითარებაში სრულიად ბუნებრივია, რომ აზერბაიჯანულმა კომპანია `სოკარმა~, რომელიც საქართველოში გაზის მიმწოდებელია, ფასი გაზარდოს, ეს გადაწყვეტილება სრულიად დასაბუთებულია. ბაქო კიდევ ერთხელ უწვდის დახმარების ხელს თბილისს, მაგრამ გვინდოდა, ეს ჩვენი მეგობრული მხარდაჭერა ქართული მხარისგან ადეკვატური იყოს~.
აი, ასე, ძვირფასო მეგობრებო, როგორც ვხედავთ, აზერბაიჯანში არიან ძალები, რომლებიც გაზის სანაცვლოდ ითხოვენ ისეთ რაღაცებს, რაც ქართული მხრიდან არასოდეს გადაიხედება და არც განიხილება, მაგრამ ისიც ძალიან ცუდია, რომ ეს თემა დღის წესრიგში დგება. სჭირდება თუ არა საქართველოს გაზის ალტერნატიული მომწოდებელი? რა თქმა უნდა, სჭირდება და ეს იქნება რუსეთი, სხვა გზა არც არსებობს, სხვანაირად კონკურენცია ვერც იქნება.
ბექა კემულარიას თქმით, გარკვეულ წრეებში უკვე დაწყებულია საუბრები რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიღებაზე და `სოკარის~ ალაგმვაზე:
`თუ ვიღაცები მონოპოლიურ მდგომარეობას ბოროტად იყენებენ, ასე არ გამოვა. ამ შემთხვევაში კი არსებობს მარეგულირებელი კომისია, მაგრამ საერთაშორისო ბაზრის ფასებიდან გამომდინარე, დღეს გაზზე ფასის მომატების საფუძველი არ არის. ესენი დოლარის კურსით მანიპულირებენ, ჩვენ ამ შემთხვევაში გამოჭერილები ვართ. თავის დროზე, სააკაშვილისა და მისი გუნდის პოლიტიკური თამაშის გამო მოხდა, რომ ჩვენ მთლიანად მივებით აზერბაიჯანს და ალტერნატიული წყარო დავკარგეთ. თუ რუსეთთან ამ მხრივ გრძელვადიანი ხელშეკრულებები დაიდება, მოსახლეობისთვისაც კარგი იქნება და საწარმოებისთვისაც. ბუნებრივია, კონკურენცია აუმჯობესებს ხარისხსა და ფასს. თუ ეს გაკეთდება, მაშინ ვეღარავინ დაგვაშანტაჟებს~.