globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 12 თებერვალი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Feb 12th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: ვის აძლევს ხელს დღეს საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება?

„ალია“: საქართველოს ბედი მინსკის სამიტზე წყდება: რა შემთხვევაში აამუშავებენ ამერიკელები საქართველოს ხელისუფლების შეცვლის სცენარს

„ალია“: დასავლეთი ღარიბაშვილს ჟვანიას საქმის გამოძიების შეჩერებას აიძულებს?

———————–

„რეზონანსი“, 12 თებერვალი, 2015 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: ვის აძლევს ხელს დღეს საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება?

ვრცელ ინტერვიუში პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე კომენტარს უკეთებს როგორც საშინაოპოლიტიკურ, ასევე საგარეოპოლიტიკურ მოვლენებს და ნეგატიურად აფასებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობას (ესაუბრება ია აბულაშვილი).

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

კითხვა: საგარეო პოლიტიკაზეც მინდა გკითხოთ – რა მიღწევები აქვს ხელისუფლებას ამ მიმართულებით? ჩვენი დასავლელი მეგობრებისაგან მწარედ მოსასმენი საყვედურები გვესმის…

სოსო ცინცაძე: ეს არის საგარეო პოლიტიკის სფეროში გატარებული საკადრო პოლიტიკის შედეგი. რა არის ნებისმიერ ქვეყანაში დიპლომატიური სამსახურის – მინისტრით დაწყებული და საელჩოს ატაშეთი დამთავრებული – მთავარი ამოცანა და ვალდებულება? მეგობრები და მოკავშირეები გაუმრავლოს სამშობლოს. აი, ამას კი სურვილისა და პატრიოტობის გარდა მაღალი პროფესიონალიზმი (შეიძლება ითქვას, ესაა მთავარი) ესაჭიროება. სწორედ ამიტომ ითვლება დიპლომატობა ურთულეს პროფესიად.

როდესაც მინისტრად დანიშვნის შემდეგ ქალბატონ მაია ფანჯიკიძეს კარტ-ბლანში მისცეს  კადრების შერჩევაში, რა გასაკვირი იყო, რომ მან საკუთარი დონის „პროფესიონალებზე“ აიღო კურსი? ან ეგებ ამიხსნათ, რა ლოგიკით შეირჩა დღევანდელი მინისტრი, როდესაც სხვის სამსახურში რჩება სუპერდიპლომატი დავით ჩიკვაიძე? ჰოდა, ნურც ის უკვირს ხელისუფლებას, რომ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეფექტურად გამოიყენა შექმნილი მდგომარეობა. მათ ადგილზე ასევე მოიქცეოდა მსოფლიოს ნებისმიერი ოპოზიციური პარტია.

„ალია“, 12 თებერვალი, 2015 წელი

საქართველოს ბედი მინსკის სამიტზე წყდება

რა შემთხვევაში აამუშავებენ ამერიკელები საქართველოს ხელისუფლების შეცვლის სცენარს

გელა ზედელაშვილი

(შემოკლებით)

უკრაინის პრეზიდენტის სიურპრიზი საქართველოს ხელისუფლებას _ პეტრო პოროშენკომ საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ მიხეილ სააკაშვილი დანიშნა. ამით ყველაფერი ნათქვამია, დასავლეთის დიდი თამაში ოფიციალურად გაფორმდა, უკრაინელ ხალხს `მაოხრებლის~ ჯოჯოხეთი ელოდება, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, არც საქართველოს ელის კარგი დღე, თუკი 11 თებერვალს დაწყებულ მინსკის სამიტზე მხარეები ვერ შეთანხმდებიან და უკრაინა-რუსეთს შორის ღია ომი გამოცხადდება.

`ალიასთან~ საუბარში ექსპერტები სწორედ მინსკის სამიტზე ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ პოროშენკო და პუტინი თუ შეთანხმდნენ დონეცკის ავტონომიურ სტატუსზე, მაშინ უკრაინის კონსტიტუციაში უნდა მოხდეს ცვლილება, რომ ოკუპირებული ტერიტორია დონეცკის რესპუბლიკად გამოცხადდეს და ამ სტატუსით შევიდეს უკრაინის სახელმწიფოში. ამ საკითხზე შეთანხმებით რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი მთავრდება და სამოქმედო გეგმებიც იცვლება, მაგრამ, თუ ვერ შეთანხმდნენ და ღია ომი დაიწყო, მაშინ საქართველოში იძაბება სიტუაცია და ამერიკელები საქართველოს ხელისუფლების შეცვლის სცენარს აამუშავებენ და რევოლუციური გზით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მოდის, აქ ამუშავდება მაიდანის სცენარი და რუსეთს დასავლეთი ახალ თავის ტკივილს გაუჩენს კავკასიაში ყველაზე რადიკალური ანტირუსული ძალების ჩანაცვლების გზით. ამიტომაც არის სააკაშვილის ფიგურა დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი. სწორედ ამ სცენარისთვის ამზადებენ სისხლიანი რეჟიმის ძებნილ ლიდერებს და უკრაინაში გადაბარგებული `ნაციონალური მოძრაობა~ რომ სერიოზულ სამზადისშია, ამაზე ბევრი დაიწერა და კიდევ დაიწერება…

რა უნდა დაუპირისპიროს ბიძინა ივანიშვილმა იმ ძალას, რომელსაც აქვს საერთაშორისო ბერკეტები, დასავლეთის მხარდაჭერა, დიდი ფული და სწორედ, უკრაინის ხელისუფლებიდან განახორციელებენ.

იურისტი ვალერი გელბახიანი `ალიასთან~ საუბარში აცხადებს, რომ `ბიძინა ივანიშვილი სწორედ ამიტომ აჩქარებს მოვლენებს, მან ზუსტად იცის დასავლეთის განწყობა და ის, რა შეიძლება სააკაშვილის ხელით აქ განახორციელონ, ამიტომაც არის, რომ ივანიშვილი ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადება. სავარაუდოდ, აპრილში ელოდებიან პარლამენტის დაშლას. (…) ვიმეორებ, რომ საქართველოში, რევოლუციური გეგმის განხორციელება მაინც, მინსკის სამიტის შედეგებზე იქნება დამოკიდებული…~, _ აცხადებს გელბახიანი.

დღეს ბევრს საუბრობენ საგარეო საქმეთა სამინისტროს უნიათობაზე და საზოგადოებას ლოგიკური კითხვა ებადება – ბერუჩაშვილს სძინავს?

ბერუჩაშვილს რომც ეღვიძოს, ის უძლურია შეაჩეროს გლობალური თამაში, ამაზე საქართველოს ხელისუფლებას გაცილებით ადრე უნდა ეფიქრა, მაშინ როცა სააკაშვილი 2012 წელს კოჰაბიტაციის რეჟიმში პრეზიდენტობდა და ისე გაიპარა ქვეყნიდან, რომ დღემდე ვერ გაუციათ ადამიანებს პასუხი, გააპარეს სააკაშვილი, თუ ხელიდან დაუსხლტა ის ბიძინა ივანიშვილს? სხვათა შორის, ივანიშვილის საარჩევნო დაპირება იყო, სააკაშვილისთვის იმპიჩმენტის მოწყობა და მისი გასამართლება, მაგრამ პირობა პირობად დარჩა და დღეს სააკაშვილი უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ სააკაშვილი დათმობს საქართველოს მოქალაქეობას და უკრაინის მოქალაქის პასპორტს მიიღებს, ცდება, რადგან იურისტები გვახსენებენ იმ ფაქტს, როცა სამი თვის წინ, უკრაინის რადამ პოროშენკოს თხოვნით მიმართა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სამსახურში მიეცათ მუშაობის უფლება.ასე რომ, სააკაშვილი არ თმობს საქართველოს მოქალაქის პასპორტს.

და ვისი იმედი აქვს სააკაშვილს საქართველოში, ვინ დაეხმარება მას გეგმის განხორციელებაში? შემთხვევითი არ არის, რომ `თავისუფალი თაობა~ სხვადასხვა უწყებაში ჩანერგილების მხილებას იწყებს. ეს ვითარება ძალიან ჰგავს `ვარდების რევოლუციის~ წინა პერიოდს, როცა `ნაციონალებმა~ ხელისუფლებაში ჩანერგილი ხალხის ხელით დაამხვეს შევარდნაძის რეჟიმი. `თავისუფალი თაობის~ ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი განცხადებას ავრცელებს: `ნაცბანდამ~ ჩანერგა სხვადასხვა სტრუქტურებში მეხუთე კოლონა. გვაქვს ინფორმაცია, რომ უახლოეს პერიოდში იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების მსგავსი ტერაქტის განხორციელება იგეგმება. ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს თავისუფლებაში დარჩენილი ქადაგიძის, ჭაიას, გვაზავას და იმ 17 ადამიანის აქტივობებს, რომლებიც ჩვენ მიერ ნახსენებ სიაში არიან. თითქმის ყველა სამინისტროსა და უწყებაში მრავლად არიან სააკაშვილის ფარული თუ აშკარა მხარდამჭერები, რომლებიც საჭირო ნიშნის მიღების შემთხვევაში მზად არიან, განახორციელონ ყველანაირი ბინძური ქმედება, ამავე დროს დაბლოკონ მათ წინააღმდეგ მებრძოლი პირები, უწყებების ფარული მართვა აიღონ ხელში… ჩვენთვის წარმოუდგენელია და გაუგებარია, რატომ აფარებენ ხელს ზოგიერთი უწყების მაღალჩინოსნები `ნაცბანდელ ზონდერებსა~ თუ აქტივისტებს~.

დღეს, 12 თებერვალს, უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს შეფობის მაძიებელთა კანდიდატურების წარდგენის ვადა იწურება. როგორც ჩანს, ჩვენმა ყოფილმა „ყაზილარმა“ მაინც ვერ გარისკა კონკურსში გასვლა, რომ ვერ ჩაებარებინა საჭირო უნარ-ჩვევები და გამოეშვათ გაცუცურაკებული, ხომ მოგვეჭრებოდა თავი მსოფლიო მასშტაბით? ისე, სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარედ მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე და „ნაციონალი“ დეპუტატი დავით საყვარელიძე ინიშნება, მისი მოადგილე კი ზურაბ ადეიშვილი იქნება. დღეს გამოჩნდება, რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია.

რუსული ტელეკომპანიის ჟურნალისტი მიხეილ სააკაშვილს 10 თებერვალს კიევში შეხვდა. სააკაშვილი რუსულ და უკრაინულ ტელეარხებზე თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში, მთელი მსოფლიოს წინაშე ამაყობს იმით, როგორ მონაწილეობს ამერიკის მიერ მოწყობილ „ფერად რევოლუციებში“ და რა პოლიტიკური ამბიციები აქვს ამ კუთხით.

თუ სააკაშვილმა „სანუკვარი“ თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში გასვლა ვერ გარისკა, ასევე ვერ გარისკა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მისი დანიშვნა ამ ფრიად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. თუ ასე მოხდებოდა, მის ხელში უნდა გადასულიყო საგამოძიებო სისტემა, პროკურატურის მნიშვნელოვანი ნაწილი, ფინანსური პოლიცია, დეტექტივების სამსახური და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში პეტრო პოროშენკომ „იდეალური“ გამოსავალი მოძებნა, ამბიციებს აყოლილი მიხეილ სააკაშვილი თავის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა.

„ნაციონალებს“ ძალიან გაეხარდათ, მაგრამ რა უხარიათ, ცოტა გაუგებარია. ამ სვლით უკრაინის ხელისუფლებამ ამერიკელებსაც გაუგორა კოჭი და მიხეილ სააკაშვილსაც უთხრა, საშინაო საქმეებში ნუღარ ჩაერევი, საგარეო  კუთხით მიეცი რჩევები პეტრო პოროშენკოს, რომელსაც ან გაითვალისწინებს, ან არაო. (…)

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას იგივეს მოუწოდებს, რაც თავადვე გააკეთა საქართველოში – ყველა სტრატეგიული ობიექტი უნდა გადასცეს რუსეთს… აბა, ევროპელი თუ ამერიკელი ბიზნესმენები არეულ უკრაინაში ერთ ცენტსაც არ ჩადებენ და სხვა რა გამოსავალია? სააკაშვილმა აღარ იცის, რომელ ქვეყანაზე იდარდოს, უკრაინაზე თუ საქართველოზე, თუმცა ხაზგასმით ამბობს, მაქსიმუმ ერთ წელიწადში საქართველოში დავბრუნდებიო.

მოკლედ, კიდევ ერთი წელი უნდა მოვითმინოთ, შემდეგ მოვა მიშა და იქმნება ნათელი. ერთი მხრივ, სააკაშვილს პოროშენკოს მიერ შეთავაზებული თანამდებობა აწყობს, ის ამ შემთხვევაში არ ტოვებს საქართველოს მოქალაქეობას. უკრაინის ახალი კანონმდებლობის მიხედვით, უცხო ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ დაიკავონ მსგავსი სახის თანამდებობები – კონსულტანტები, მრჩევლები, მინისტრები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ასე შემდეგ. პრობლემა იყო ანტიკორუფციული ბიუროს შეფობის მხრივ.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, უკრაინელი ექსპერტები უკვე ღიად ლაპარაკობენ, რომ მათ ქვეყანაში ადგილი აქვს საერთაშორისო შეთქმულებას, რათა საბოლოოდ დაასამარონ და დაშალონ უზარმაზარი პერსპექტიული სახელმწიფო.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი ამ დღეებში გამოვიდა და განაცხადა, ყირიმი რუსეთს ეკუთვნის, ამ მხრივ პრობლემა არ არსებობსო. თუ ამას ევროპის პოზიციად ჩავთვლით, მაშინ შეიძლება უკრაინა მსოფლიო რუკიდანაც კი გაქრეს.

„ალია“, 12 თებერვალი, 2015 წელი

დასავლეთი ღარიბაშვილს ჟვანიას საქმის გამოძიების შეჩერებას აიძულებს?

ლევან ჯავახიშვილი

(შემოკლებით)

ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმე თითქმის დასრულებულია და მთავარმა პროკურატურამ, სავარაუდოდ, ამ დღეებში ის გახსნილად უნდა გამოაცხადოს. ეს ძალიან კარგად იცის მიხეილ სააკაშვილმა, იციან „ნაცმოძრაობის“ იმ ლიდერებმა, რომლებიც, სავარაუდოდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მკვლელობაში არიან გარეულნი.

„ალიას“ კარგად ინფორმირებულმა წყაროებმა აცნობეს, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, სააკაშვილი კიევში ადგილს ვერ პოულობს, ძალიან არის შეშინებული და დღეში რამდენჯერმე ეკონტაქტება თბილისში დარჩენილ თავისი ახლო გარემოცვის წევრებს. სააკაშვილმა იცის, რომ, თუ მას ჟვანიას მკვლელობის ბრალდება წაუყენეს, ეს მისთვის პოლიტიკური საქმიანობის დასასრული იქნება. ცხადია, თავისთავად პოლიტიკურ სამარეში ჩაესვენება „ნაცმოძრაობა“.

საერთაშორისო გავლენიანი პოლიტიკური და ფინანსური წრეები, ახლოს აღარ გაიკარებენ საკუთარი პრემიერ-მინისტრის მკვლელს, მის პარტიასა და შესაბამისად, აღარც პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას აღმოუჩენენ. მეტიც, ზურაბ ჟვანიას მკვლელობის ბრალდება თუ წაუყენეს სააკაშვილს, ინტერპოლი მასზე საერთაშორისო ძებნას გამოაცხადებს, სააკაშვილს კი არც ერთი თავმოყვარე ქვეყანა არ მისცემს პოლიტიკურ თავშესაფარს, რადგან ზურაბ ჟვანიას მკვლელობაზე ვერავინ იტყვის, რომ ეს სააკაშვილის პოლიტიკური დევნისთვის „შეკერილი“ საქმეა. არანორმალური უნდა იყო, რომ პრეზიდენტს საკუთარი პრემიერის მკვლელობა უსაბუთოდ დააბრალო. შესაბამისად, მიშა სადაც უნდა იყოს, ჩამოიყვანენ და ციხეში ჩასვამენ.

სააკაშვილი და `ნაცმოძრაობა~ ყველა ღონეს მიმართავენ, რათა ჟვანიას საქმე პროკურატურამ გახსნილად არ გამოაცხადოს და სააკაშვილსა და 2005 წელს, მისი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელს, ბრალი არ წაუყენონ. მეტიც, სააკაშვილმა თავისიანებს შემოუთვალა, რომ ყველა საშუალება, ყველა მისაღები და მიუღებელი ხერხი გამოიყენონ მთავარი პროკურატურის შესაჩერებლად. მიხეილ სააკაშვილი და გავლენიანი `ნაციონალები“ დატრიალდნენ და საერთაშორისო დონეზე თუ ვინმესთან კიდევ მიესვლებათ, ყველას სთხოვენ, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე მოახდინონ ზეწოლა და ეს მკვლელობა გახსნილად არ გამოცხადდეს. მათ კიდევ შერჩათ მხარდამჭერები უცხოეთში.

წყარო აცხადებს, რომ ამ დღეებში, რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს დაურეკავთ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილისთვის და დელიკატურად უთხოვიათ, რომ ჟვანიას საქმე შეეჩერებინა და მიხეილ სააკაშვილი საბოლოოდ  არ გაეწირა, მაგრამ ღარიბაშვილს ყველასთვის უარი განუცხადებია.

წყაროს თქმით, რამდენიმე ქვეყნის ელჩი პირადად შეხვდა პრემიერს და ანალოგიური თხოვნით მიმართა, მაგრამ ვერც მათ მიაღწიეს რაიმეს, ღარიბაშვილი კატეგორიულია – ზურაბ ჟვანიას საქმე გახსნილია და მკვლელები უნდა დაისაჯონო.

ცხადია, მიხეილ სააკაშვილისთვის მისწრება იქნებოდა, რომ ამ საქმეში ამერიკის ხელისუფლების გავლენიანი წრეები ჩარეულიყვნენ და მათ მოეხდინათ გავლენა საქართველოს ხელისუფლებაზე, მაგრამ ამერიკელმა პოლიტიკოსებმა ხელები დაიბანეს, მათ პოლიტიკური მკვლელობის ჩაფარცხვისგან თავი შორს დაიჭირეს.

წყაროს ამ ინფორმაციას, ირიბად ადასტურებს საქართველოში ამერიკის ელჩის, რიჩარდ ნორლანდის გუშინდელი განცხადება. მოგეხსენებათ, `ნაციონალები~ იმით სპეკულირებენ, რომ ზურაბ ჟვანიას საქმე `ეფ-ბი-აი~-მ გამოიძია და დაადასტურა, რომ ჟვანიაც და რაულ უსუპოვიც გაზით იყვნენ გაგუდულები. დღეს `ნაციონალები~ იმუქრებიან, რომ დადებენ `ეფ-ბი-აი~-ს დასკვნის მეორე, აქამდე გამოუქვეყნებელ ნაწილს, რომელიც ასევე ადასტურებს, რომ ჟვანია და უსუპოვი არავის მოუკლავს, ძალადობრივი გზით არ არიან დაღუპულებიო.

რიჩარდ ნორლანდმა ხაზგასმით თქვა, `ეფ-ბი-აი~-მ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაზე დასკვნა გააკეთა იმ ინფორმაციებსა და მასალებზე დაყრდნობით, რაც მას საქართველოს ხელისუფლების მაშინდელმა წარმომადგენლებმა მიაწოდესო.

ნორლანდის ამ განცხადებიდან ჩანს, რომ ამერიკამ ხელები დაიბანა ჟვანიას საქმეზე, „ეფ-ბი-აი“ საკუთარ თავზე იმაზე მეტს არ აიღებს, რაც ასაღებია. თუ „ეფ-ბი-აი“-ს დასკვნიდან რაიმე არ დაემთხვა ქართული მხარის მიერ დაწყებულ ახალ გამოძიებას, იტყვიან, რომ ძიება ცხელ კვალზე არ დაუწყიათ, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის უწყებებმა რაც დაახვედრეს, იმ მასალებზე დაყრდნობით აწარმოებდნენ გამოძიებას. მათ დასკვნაში აღმოჩენილი ნებისმიერი უზუსტობა დაჰბრალდება სააკაშვილის ხელისუფლებას და ლოგიკურადაც.

„ეფ-ბი-აი“-ს დასკვნას რიჩარდ ნორლანდის განცხადებასაც თუ მივუმატებთ, მეტად საინტერესო ფაქტს მივადგებით. ზურაბ ჟვანია 3 თებერვალს გარდაიცვალა, „ეფ-ბი-აი“-ს საგამოძიებო ჯგუფი კი თბილისში 6 თებერვალს ჩამოვიდა. ქართულ გამოძიებას სრული 3 დღე ჰქონდა გამოძიების გასაყალბებლად, მტკიცებულებათა მოსასპობად თუ ყალბი მტკიცებულების შესაქმნელად, თავისუფლად შეეძლოთ, „ეფ-ბი-აი“ გამოძიების მცდარ კვალზე დაეყენებინათ.

მოკლედ, ამერიკელთა დასკვნა ეჭვმიუტანელი ნამდვილად ვერ იქნება, რადგან მათ ჩამოსვლამდე ქართული გამოძიება, რასაც უნდოდა, იმას აკეთებდა.

ახლა ისევ მიხეილ სააკაშვილს დავუბრუნდეთ. ის უკვე დანიშნეს უკრაინის პრეზიდენტის, პოროშენკოს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ. შეიძლება ითქვას, სააკაშვილის პოლიტიკური რეანიმირების პროცესი წარმატებით მიდის, ის უკვე უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის სტატუსით, ისევ გაერევა საერთაშორისო პოლიტიკაში, ძველი ურთიერთობების აღდგენადალაგებას შეეცდება და გარკვეული ძალები დაეხმარებიან, რომ კვლავ ანგარიშგასაწევ ფიგურად იქცეს და საქართველოს ხელისუფლებაში დასაბრუნებელი პლაცდარმიც შეიქმნას. სააკაშვილმა ამას ორწლიანი ბრძოლისა და წვალების შემდეგ მიაღწია, ფულიც ბლომად დახარჯეს „ნაციონალებმა“.

„ალია“ დახურულ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ სააკაშვილმა პოროშენკო კომპრომატებით „დაავერბოვკა“ და ახლა თავის ნებაზე ატრიალებს. ასეა თუ ისე, მან საწადელს მიაღწია და საერთაშორისო პოლიტიკაში ბრუნდება. ეს ყველაფერი კი თავზე დაემხობა, ისევ მაწანწალა ექსპრეზიდენტად იქცევა, თუ ზურაბ ჟვანიას საქმე გაიხსნა.

მიუხედავად პოროშენკოზე მოპოვებული კომპრომატებისა, იძულებული გახდება, თავადვე დატოვოს უკრაინის მთავრობაში პოსტი და მისი ბოლო ციხის ერთკაციანი საკანი იქნება… სააკაშვილის რეანიმაცია თავისთავად ნიშნავს „ნაცმოძრაობის“ სოლიდურ პოლიტიკურ ძალად გადაქცევას და ბუნებრივია, ჟვანიას მკვლელობის გახსნა, მასში სააკაშვილისა და მისი მთავრობის წევრების დადანაშაულება, ამ პარტიას ამის შანსს დაუკარგავს. მოკლედ, სრულიად გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ ბედი და მომავალი, ჟვანიას საქმის გახსნა-არგახსნაზეა დამოკიდებული.

Comments are closed