«TV Russia Today» (რუსეთი): ამერიკელმა მფარველებმა მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს „ზურგზე აჰკიდეს“
«BBC news» (დიდი ბრიტანეთი): თბილისს მიხეილ სააკაშვილის კიევში დანიშვნა არ მოეწონა: კომენტარები
«Деловая столица» (უკრაინა): რისთვის სჭირდება პეტრო პოროშენკოს მიხეილ სააკაშვილი?
«КоммерсантЪ» (რუსეთი): მიხეილ სააკაშვილი კიევს რჩევებს მისცემს
«КоммерсантЪ» (რუსეთი): ინტერვიუ იენ სტოლტენბერგთან: ნატოს ურთიერთობა უკრაინასთან, რუსეთთან, საქართველოსთან…
«Ведомости» (რუსეთი): ინტერვიუ დავით იაკობაშვილთან: „კომპანია საქართველოში ვაჭრობით იყო დაკავებული, მაგრამ „როსნეფტთან“ გაერთიანების შემდეგ ვთვლი, რომ ის რუსული აქტივია“
———————-
«TV Russia Today» (რუსეთი), 15 თებერვალი, 2015 წელი
http://russian.rt.com/article/74292
ამერიკელმა მფარველებმა მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს „ზურგზე აჰკიდეს“
ორიოდე დღის წინათ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების კონსულტანტთა საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარედ, ანუ, შეიძლება ითქვას, თავის მრჩევლად დანიშნა. ახლა ამ პიროვნებამ, რომლის წინააღმდეგ საქართველოში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მთელი თავისი „ცოდნა, გამოცდილება და ნოუ-ჰაუ“ უკრაინის ხელისუფლების დასახმარებლად უნდა გამოიყენოს, რეფორმების წარმატებით განხორციელების მიზნით. ამასთან, როგორც „რაშა თუდეის“ მიერ გამოკითხული ექსპერტები ამბობენ, მიხეილ სააკაშვილის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის ჭეშმარიტი მიზეზები მისი „გამოცდილებითა და ცოდნით“ კი არ არის განპირობებული, როგორც ამას კიევში ამტკიცებენ, არამედ სხვა გარემოებებით.
პოლიტიკური ინფორმაციის ცენტრის დირექტორის მოადგილის ალექსეი პანინის აზრით, მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს, უბრალოდ, „ზურგზე აჰკიდეს“ – ამ ფორმით მოუნახეს მას ადგილი უკრაინის პრეზიდენტთან ამერკელმა მფარველებმა.
მიხეილ სააკაშვილს რომ ამერიკელი პროტეჟეები ჰყავს, ამ თვალსაზრისს სოციოლოგი სერგეი მიხეევიც ეთანხმება. სწორედ ამაში ხედავს იგი იმის პირველმიზეზს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მოქმედი პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა. ექსპერტი იხსენებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ფაქტიურად საქართველოდან გაიქცა, სადაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და საკმაოდ დიდხანს ამერიკაში იმყოფებოდა. ასე რომ, ექს-პრეზიდენტი როცა რეფორმების საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა, ის უკვე ამერიკელების სანდო პიროვნებად ითვლებოდა.
მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის მეორე მიზეზი, სერგეი მიხეევის აზრით, ექს-პრეზიდენტის რუსოფობიაში მდგომარეობს. „მას გულწრფელად, მთელი სულით და გულით სძულს რუსეთი და ყველაფერი, რაც რუსეთანააა დაკავშირებული. მას სძულს ყველა, ვისთვისაც რუსეთი მისაღებია. ეს საკმარისი საფუძველია სახელმწიფო თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის დასანიშნად.
რაც შეეხება იმას, რომ ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძღული, ეს ფაქტი კიევში არავის აღელვებს, – ამბობს სერგეი მიხეევი. მან ასეთი მაგალითი გაიხსენა: შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაქოვის წინააღმდეგაც ბევრჯერ იყო აღძრული სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ იგი დღეს უწყებას ხელმძღვანელობს. სხვათა შორის, ეს არა არის ერთადერთი ფაქტი თანამედროვე უკრაინის სახელმწიფო მოღვაწეების წრეებში… „საერთოდ, კიევში პიროვნებისადმი ლოალურობის ყველაზე მთავარი ნიშანი რუსეთისადმი სიძულვილში გამოიხატება. სწორედ ესაა ხისტი, იდეოლოგირებული და, მე ვიტყოდი, ტოტალიტარული სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი სიმპტომები“, – ხაზს უსვამს სერგეი მიხეევი.
«BBC news» (დიდი ბრიტანეთი), 16 თებერვალი, 2015 წელი
http://www.bbc.co.uk/russian/international/2015/02/150214_saakashvili_georgia_reaction
თბილისს მიხეილ სააკაშვილის კიევში დანიშვნა არ მოეწონა: კომენტარები
ნინა ახმეტელი, „ბი-ბი-სი“
რეფორმების გატარების საკითხებში უკრაინის საერთაშორისო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარედ საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის ამბავს მის სამშობლოში ცივად შეხვდნენ – ოფიციალურმა თბილისმა უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიერ გადადგმული ნაბიჯი ნეგატიურად შეაფასა.
ვერ ვიტყვით, რომ 2012 წლის შემოდგომის შემდეგ, როცა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგ ქვეყანა დატოვა, ახალ ამპლუაში მისი გამოჩენა ქართველებისათვის მოულოდნელი იყო. როგორც ქართველი პოლიტოლოგები ვარაუდობენ, ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისადმი“ უკრაინის მხრიდან გამოკვეთილი მხარდაჭერა კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ კიევსა და თბილისს შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობაა. ბევრი აზრით, კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მართალია, პრორუსულს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ უფრო ზომიერი რუსეთის მიმართ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი და მისი ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობა“.
შერისხული პოლიტიკოსი
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, „თუ დღემდე მიხეილ სააკაშვილი შტატგარეშე კონსულტანტი იყო რეფორმების საკითხში, ახლა მან უკვე თანამდებობა და ოფიციალური სტატუსი მიიღო“. თანაც მიხეილ სააკაშვილი ისევ საქართველოს მოქალაქედ რჩება, რადგან სათათბირო ორგანოს ხელმძღვანელობისათვის უკრაინის მოქალაქეობის მიღება მისთვის სავალდებულო არ არის.
უკრაინაში სახელმწიფო თანამდებობებზე ასევე დაინიშნენ ალექსანდრე კვიტაშვილი (ჯანდაცვის მინისტრად), ეკატერინე ზღულაძე (შს მინისტრის მოადგილედ), გია გეწაძე (იუსტიციის მინისტრის მოადგილედ).
საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენელები არ მალავენ იმას, რომ ის დადებითი აღიარება, რომელსაც ოპონენტმა „ნაციონალებმა“ კიევში მიაღწიეს, „მეოცნებეებისათვის“ კარგის მომტანი არ არის. როგორც პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიან განაცხადა, საქართველოსთვის ზიანის მომტანი ადამიანების თანამდებობაზე დანიშვნა თვით უკრაინასაც დააზარალებს“.
მიხეილ სააკაშვილს საქართველოში რამდენიმე ბრალდება აქვს წაყენებული: მას ადანაშაულებენ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში (2007 წლის მიტინგის დარბევაში და ტელევიზიაში სპეცრაზმის შეჭრაში, 2005 წელს პარლამენტის დეპუტატის ცემაში და მისთვის დაზიანების მიყენებაში), სახელმწიფო სახსრების გაფლანგვასა და კორუფციაში. მიხეილ სააკაშვილი ყველა ამ ბრალდებას უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
თბილისი-კიევი: ურთიერთობის გაცივება
საქართველოს ხელისუფლებისაგნ განსხვავებით, ოპოზიციურ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიაჩნია, რომ ქართული რეფორმების გამოცდილება და ექს-პრეზიდენტის დასავლური კონტაქტები უკრაინას სარგებლობას მოუტანს. „მიხეილ სააკაშვილს დიდი და მრავალწლიანი გამოცდილება აქვს მტკივნეული რეფორმების გატარების საკითხში და საერთაშორისო არენაზე. ამიტომაც მისი დანიშვნა ძალიან კარგ გადაწყვეტილებად მიმაჩნია“, – განაცხადა „ნაციონალების“ წარმომადგენელმა გიგა ბოკერიამ.
ქართველი პოლიტოლოგების აზრით, მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა მის მიერ საქართველოში გატარებული რეფორმების საერთაშორისო აღიარებასა და დადებით შეფასებას ნიშნავს. „მე ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა საერთაშორისო დონეზე შეთანხმებული პოლიტიკის შედეგია. რეფორმების გასატარებლად უკრაინას სავალუტო ფონდა და სხვა ფინანსურმა ორგანიზაციებმა დიდი თანხები გამოუყვეს. დასავლეთსი თვლის, რომ სააკაშვილის მიერ გატარებული რეფორმების წარმატებულია. შესაბამისად, რადგან დასავლეთს გარანტიები სჭირდება, ამიტომაც რურთ, რომ უკრაინაში ქართული მოდელის იმპორტი მოხდეს“, – ამბობს დამოუკიდებელი ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.
ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის კახა გოგოლაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონტაქტებში დაეხმარება, რომლებთანაც მისი გუნდი თავის დროზე წარმატებით თანამშრომლობდა. იგი არ გამორიცხავს, რომ ექს-პრეზიდენტის დანიშვნა იმ წყენითაც იყოს განპირობებული, რომელიც უკრაინას საქართველოსადმი აქვს: „ვფიქრობ, რომ ჩვენმა მთავრობამ ხელიდან გაუშვა თავდაპირველი მომენტი, როცა უკრაინისთვის აქტიური მხარდაჭერის გამოხატვა შეიძლებოდა. ანუ ჩვენ რაღაც დუმილის პოლიტიკა გვქონდა მოსკოვის მოქმედების მიმართ. „ნაციონალები“ და მათი მომხრეები კი, როგორც კი „მაიდანი“ დაიწყო, პროცესებში მაშინვე აქტიურად ჩაერთნენ“, – ამბობს კახა გოგოლაშვილი.
შემრიგებლობა თუ პრაგმატიზმი?
საქართველოს მთავრობა აერთხელ გამხდარა ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი იმის გამო, რომ თბილისი ხაზგასმულად ცდილობდა არ გაეღიზიანებინა მოსკოვი უკრაინის ამბებთან დაკავშირებით და გარკვეულ პასიურობას იჩენდა.
კახა გოგოლაშვილის აზრით, ცხადია, თბილისს სიფრთხილე უნდა გამოეჩინა, მაგრამ არც ზედმეტად გულგრილი დამოკიდებულება იყო აუცილებელი. „ცოტა მეტი აქტიურობა იყო საჭირო. ჩვენ თითქოსდა გვეშინია, დუმილს ვარჩევთ და ამით მოსკოვის მოქმედებას გარკვეულწილად ხელს ვუწყობთ“, – ამბობს კახა გოგოლაშვილი.
ზაალ ანჯაფარიძის თქმით, შესაძლოა საქართველოს [თავშეკავებული] დამოკიდებულება უკრაინის ამბებთან გარკვეულწილად სწორიც იყოს, რადგან თუ რუსეთი რაიმე აგრესიულ ნაბიჯებს გადმოდგამს თბილისის წინააღმდეგ და კონფლიქტი დაიწყება, მაშინ საქართველოს დასავლეთის მხრიდან რაიმე სერიოზული სამხედრო დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეს. „ჯერ-ჯერობით საქართველო როგორღაც თავიდან იცილებს რუსეთის აგრესიულ ქმედებას. მე არ ვარ იმის მომხრე, რომ ჩვენ უკრაინის მხარდაჭერაში დიდი აქტიურობა გამოვიჩინოთ. საქართველომ ყველაფერი გააკეთა უკრაინის დასახმარებლად საერთაშორისო [და ჰუმანიტარულ] დონეზე და ვფიქრობ, ამ ეტაპზე ეს სრულიად საკმარისია“, – ასე თვლის ზაალ ანჯაფარიძე.
«Деловая столица» (უკრაინა), 15 თებერვალი, 2015 წელი
http://www.dsnews.ua/politics/zachem-poroshenko-saakashvili-14022015213000
რისთვის სჭირდება პოროშენკოს სააკაშვილი?
იური ვასილჩენკო
უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად საქართველოს ექს-მეთაურ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას უკრაინის აღმასრულებელ ხელისუფლებაში სახიფათო კონკურენცია შეიძლება მოჰყვეს.
პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ფუქნცია იქნება უცხოელი კონსულტანტების მოწვევა, და რასაკვირველია, ისინი მისი ნაცნობები იქნებიან, რომლებთანაც ექს-პრეზიდენტი ადრე მჭიდროდ თანამშრომლობდა. ცხადია, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ საქმე ერთ ნიუანსშია: ასეთი მოქმედებით ჩვენ შეიძლება მეორე, ჩრდილოვანი მთავრობა მივიღოთ, რომელიც მხოლოდ პრეზიდენტზე იქნება ორიენტირებული, რაც, ბუნებრივია, ხელისუფლების ვერტიკალში კონფლიქტის გამომწვევი იქნება.
მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის იყო უკრაინის კარგი მეგობარი. ჩვენი ქვეყანა მხარს უჭერდა ქართველ ხალხს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს, ახლა ამ კავკასიური ხალხის ბევრი წარმომადგენელი არა მხოლოდ რეფორმების გატარებაში გვეხმარება, არამედ რუსეთის წინააღმდეგაც გამოდის და ბრძოლის ველზეც იცავს უკრაინის მთლიანობას.
ქართველთაგან ჩვენს მთავრობაში თავი ჯერ-ჯერობით ყველაზე მეტად გამოიჩინა ეკა ზღულაძემ – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რომელმაც სასიგნალო პროექტი – საპატრულო სამსახურის რეფორმა უკვე დაიწყო. რაც შეეხება ალექსანდრე კვიტაშვილს, მასთან ბევრი კითხვა არსებობს, ამ დროისთვის არანაირ სამედიცინო რეფორმის დასაწყისს ვერ ვხედავთ. ალბათ, სულ მალე კიდევ რამდენიმე ქართველი „ვარიაგი“ გვეყოლება – დიდი შანსია, რომ დავით საყვარელიძე ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი გახდეს, ხოლო მის თანაშემწეებად ზურაბ ადეიშვილი და გიზო უგულავა მოგვევლინონ. ცოტა ხნის წინათ ამ თანამდებობაზე დანიშვნას მიხეილ სააკაშვილს უწინასწარმეტყველებდნენ და უკვე უკმაყოფილება იწყებოდა ამის გამო – ამბობდნენ, რომ სააკაშვილი პოროშენკოს მეგობარია და ამიტომ ღებულობსო ბიუროს დირექტორის თანამდებობას. თუმცა, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა საბოლოო ჯამში სულ სხვა თანამდებობა მიიღო, რასაც მოქალაქეობის გამოცვლა არ სჭირდებოდა. ამაში არის აზრი, რადგან საქართველოს ხელისუფლება ძალიან ნერვიულობდა მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანაგუნდელების გამოჩენაზე კიევში: ცნობილია, რომ ექს-პრეზიდენტის მიმართ ქართველ სამართალდამცველებს ძალიან ბევრი კითხვა დაუგროვდათ.
რის გაკეთების პოტენციალი აქვს მიხეილ სააკაშვილს?
პირველი – მას აქვს მნიშვნელოვანი კავშირები დასავლეთის, განსაკუთრებით კი აშშ-ის პოლიტიკურ და ეკონომიკურ წრეებთან, ანუ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია პეტრო პოროშენკოს ამერიკული ნიშა შეუვსოს, რომელიც ტრადიციულად არსენ იაცენიუკისა იყო. ევროპული „ფრიადისაგან“ განსხვავებით, პეტრო პოროშენკოს ამერიკული კავშირები შეიძლება შეფასდეს „სამიანი პლუსით“. კი, მან კონგრესში აპლოდისმენტები დაიმსახურა და ეფექტური გამოსვლა ჰქონდა, მაგრამ აუცილებელია აგრეთვე ბრძოლის მოგება ვაშინგტონის კულუარებშიც: ჩვენს ქვეყანას დიდი მხარდაჭერა აქვს სენატში, კონგრესში, მაგრამ ბევრი საკითხისათვის, მაგალითად, მომაკვდინებელი იარაღის მისაღებად, კონგრესის მხარდაჭერა საკმარისი არაა. საჭიროა პეტრო პოროშენკოს პირდაპირი დიალოგი ბარაკ ობამასა და მის მრჩევლებთან. ასეთი დიალოგის უზრუნველყოფას მიხეილ სააკაშვილი მოახდენს.
მეორე – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საეჭვოა, რომ მხოლოდ უცხოელი კონსულტანტების მიწვევით შემოიფარგლოს. ეს კარგიც არის და სახიფათოც. გავიხსენოთ, რომ გასული წლის ივლისში პეტრო პოროშენკომ რეფორემების ეროვნული საბჭო შექმნა, რომლის მუშაობას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მოადგილე დიმიტრი შიმკივი კურირებდა, თუმცა მას მაკოორდინირებელი ფუნქციის შესრულება გაუჭირდა. კონსტიტუციაში ასეთი სტრუქტურა არ არის, მთავრობის ალტერნატივად კი მისი გადაქცევა პოროშენკომ არ მოისურვა – კარგად ესმოდა, რომ ამის გამო მას პრემიერი არსენ იაცენიუკი დაუპირისპირდებოდა. ახლა კიდევ ერთი ორგანო შეიქმნა – რეფორმების გატარების საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭო, რომლის სათავეში დგას უკრაინაში პატივცემული ადამიანი მიხეილ სააკაშვილი! სადაა იმის გარანტია, რომ ორიოდე თვის შემდეგ მთავრობასა და საბჭოს შორის უთანხმოება არ მოხდება? გარანტიები მართლაც არაა. საბჭოს დაარსება ძალიან მოგვაგონებს იმის მცდელობას, რომ ქვეყნის რეფორმირების საბანში პრეზიდენტი გამოეხვიოს და მთავრობა გვერდზე გასწიოს.
პარლამენტის კულუარებში განიხილება სცენარი, რომლის თანახმად რამდენიმე თვის შემდეგ კოალიცია გადაფორმატდება და სულ სხვა მთავრობა ჩამოყალიბდება ახალი პრემიერით. თანაც უცხოელით. მიხეილ სააკაშვილის დანიშვნამ საბჭოს თავმჯდომარედ ასეთი მითქმა-მოთქმა უფრო გააღვივა. არავინ იცის, ახალი პრემიერი მიხეილ სააკაშვილი იქნება თუ არა. ყოველ შემთხვევაში, მან არაერთხელ განაცხადა, რომ სამშობლოში თეთრი ცხენით სურს დაბრუნება. ამავე დროს, სრულიად შესაძლებელია, რომ რეფორმების გატარება შეიძლება ისეთ ადამიანს დაავალონ, რომლის რეიტინგს ჩვენს ქვეყანაში ყურადღებას არ მიაქცევენ.
«КоммерсантЪ» (რუსეთი), 16 თებერვალი, 2015 წელი
http://kommersant.ru/doc/2668781?isSearch=True
მიხეილ სააკაშვილი კიევს რჩევებს მისცემს
გიორგი დვალი, თბილისი
უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოს ექს-მეთაურიას მიხეილ სააკაშვილის შტატგარეშე მრჩევლისა და რეფორმების საერთაშორისო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნის თაობაზე თბილისში არაერთგვაროვნად მიიღეს: „ეს იმის აღიარებაა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა როგორც რეფორმეტორმა და არა მხოლოდ საქართველოსთვის“, – განაცხადა „კომერსანტთან„ საუბარში პარლამენტის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ სერგო რატიანმა და აღნიშნა, რომ „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ უკრაინის დასახმარებლად სასიცოცხლოდ აუცილებელი რეფორმების გატარებაში“.
„ეს საქართველოსთვის სილის გაწვნას ნიშნავს“, – ასე თვლის პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე და აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ოთხი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა კი „კომერსანტს“ უთხრა, რომ საკითხი „დელიკატურია“ და „ორი მეგობრული ქვეყნის“ ურთიერთობის მომენტებს ეხება.
უფრო ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრი კახა კალაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნამ შესაძლოა ორმხრივ ურთიერეთობებში არასასურველი და არაპროგნოზირებადი შედეგები გამოიწვიოსო. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება დღეს შეფასებებისაგან თავს იკავებს. ალბათ, ეს გამოწვეულია იმით, რომ მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ კურატორმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას და მთავრობას მოუწოდა „გაგებით მოეკიდოს უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას“: „ტრაგიზმში ნუ გადავვარდებით, თუმცა კარგიც არაფერი არ არის. უკრაინა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა, არცერთ შემთხვევაში ეჭვი არ უნდა გავაჩინოთ, რომ ეს შეიცვალოს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ურთიერთობის გასაღრმავებლად და მას მაქსიმალურად დავეხმაროთ, რადგან უკრაინა ჩვენზე უარეს დღეში გახლავთ. ქვეყანა საომარ მდგომარეობაშია და რაც შეიძლება გაგებით მოველიდოთ“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
«КоммерсантЪ» (რუსეთი), 16 თებერვალი, 2015 წელი
http://kommersant.ru/doc/2668753?isSearch=True
ინტერვიუ იენ სტოლტენბერგთან: ნატოს ურთიერთობა უკრაინასთან, რუსეთთან, საქართველოსთან…
ამონარიდი ინტერვიუდან, რომელიც ნატოს გენერალურმა მდივანს გაზეთ „კომერსანტის“ მიმომხილველმა კონტანტინე ეგერტმა ჩამოართვა:
- უწევენ თუ არა რაიმე სამხედრო დახმარებას უკრაინას ნატოს წევრი სახელმწიფოები? ამის შესახებ მოსკოვი ხშირად ლაპარაკობს…
- ჩვენ უნდა გვახსოვდეს: უკრაინა დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა, მას ჰყავს კანონიერად, ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება, რომელმაც დახმარება ითხოვა. ჩვენ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სახელმწიფოები პრაქტიკულ მხარდაჭერას ვუწევთ სამხედრო რეფორმების განხორციელებაში.
- ამას წინათ თქვენ თქვით, რომ უკრაინისათვის იარაღის მიწოდების საკითხი ნატოს წევრი ქვეყნების მიერ ინდივიდუალურად უნდა გადაწყდესო. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ალინსისი რიგებში ამ საკითხის თაობაზე სხვადასხვა პოზიცია არსებობს?
- ნატოს შეიარაღება არ აქვს, აქედან გამომდინარე, უკრაინისათვის ნატოს მიერ იარაღის მიწოდების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. შეაიარაღოს უკრაინა თუ არა – ამ გადაწყვეტილებას ნატოს წევრები ინდივიდუალურად ღებულობენ. ამასთან, ერთია, რომ იარაღი შეიძლება მიაწოდო კანონიერ ხელისუფლებას, მეორეა, რომ იარაღს მიაწვდი კანონიერი მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლ სეპარატისტებს…
- თუ ნატოს ზოგიერთი წევრი უკრაინას იარაღს მისცემს, მოსკოვი ამ ფაქტს ალიანსის გადაწყვეტილებად შეაფასებს…
- ეს არ იქნება ნატოს როგორც ორგანიზაციის გადაწყვეტილება. ალიანსში 28 ქვეყანაა და მათ იარაღის სხვადასხვა სისტემები აქვთ. ისინი დამოუკიდებლად მიიღებენ გადაწყვეტილებას, მისცენ თუ არა იარაღი უკრაინას, რომელსაც აქვს თავდაცვის უფლება…
- ალიანსის რამდენიმე წევრმა წინადადება წამოაყენა, რუსეთ-ნატოს შორის დადებული ფუძემდებლური აქტი გავაუქმოთო, თუმცა ჯერ-ჯერობით შეთანხმება ისევ ძალაში რჩება, მოსკოვ-ბრიუსელის გაყინული ურთიერთობის მიუხედავად. ვინ არის რუსეთი ნატოსათვის – მეგობარი, პარტნიორი თუ მტერი?
- მსოფლიო ძალიან რთულადაა მოწყობილი, რომ ქვეყნები მტრებად და მეგობრებად დაიყოს. ნატოს რუსეთთან კონფრონტაცია არ სურს. ჩვენ მოსკოვთან კონსტრუქციული ურთიერთობა გვინდა: საზღვრების გახსნა, ვაჭრობის გაღრმავება-განვითარება, პოლიტიკური კონტაქტები, პრაქტიკული თანამშრომლობა… ამასთან, საჭიროა საზღვრების ურღვევობისადმი პატივისცემა…
- საქართველომდა უკრაინამ ნატოში გაწევრიანების სურვილი ჯერ კიდევ 2008 წელს, ნატოს ბუქარესტის სამიტზე გამოხატეს და რაღაც პერსპექტივის მიღება სურდათ. იმ დროს ორივეს უთხრეს, რომ დალოდებოდნენ. როგორ მიგაჩნიათ დღეს – ალიანსის მაშინდელი გადაწყვეტილება შეცდომა იყო?
- მე პირადად ვესწრებოდი ნატოს ბუქარესტის სამიტს. ჩემი აზრით, ფორუმის მთავარი იდეა ის იყო, რომ ღია კარის პოლიტიკა წარმატებულია. რამდენიმე ქვეყანამ ნებაყოფლობით მიიღო გადაწყვეტილება ნატოში გაწევრიანების მიზნით და ამ ფაქტმა ხელი შეუწყო დემოკრატიის განვითარებას, აყვავებას, თავისუფლებას… ჩვენ რუსეთსაც ვიწვევდით თანამშრომლობისათვის. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება თვითონ ამოირჩიოს განვითარების გზა და მიმართულება, უსაფრთხოების მექანიზმების ჩათვლით. შევიდეს თუ არ შევიდეს ნატოში – ეს მხოლოდ კანდიდატმა სახელმწიფომ და თვითონ ალიანსმა უნდა გადაწყვიტოს. არცერთ სხვა ქვეყანას არ აქვს გარედან ვეტოს დადების ან აკრძალვის უფლება სიტუაციის ამგვარად განვითარებაზე. სწორედ ეს ითქვა ბუქარესტში. ეს პრინციპი დღესაც ძალაშია.
«Ведомости» (რუსეთი), 16 თებერვალი, 2015 წელი
ინტერვიუ დავით იაკობაშვილთან: „კომპანია საქართველოში ვაჭრობით იყო დაკავებული, მაგრამ „როსნეფტთან“ გაერთიანების შემდეგ ვთვლი, რომ ის რუსული აქტივია“
„ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი ბევრი კრიზისის მომსწრეა – ფინანსურის, ეკონომიკურის, პირადი ხასიათის… დავითს ბევრი რამ გადაუტანია, მაგრამ დღეს მხოლოდ ერთი საფრთხე აღელვებს: „ინვესტიციებს მოევლება, მთავარი ახლა ისაა, რომ ომი არ იყოს“, – ნათქვამია ვრცელი ინტერვიუს შესავალში (ესაუბრებიან ჟურნალისტები ირინა სკრინნიკი და მარია როჟკოვა).
გთავაზობთ ამონარიდებს:
- შარშან დეკემბერში თქვენ გარიგება დადეთ: „პეტროკას ენერჯის“ 49%-იანი წილი გაყიდეთ და „როსნეფტთან“ ერთობლივი საწარმო ჩამოაყალიბეთ. კომფორტული პარტნიორია თუ არა თქვენთვის „როსნეფტი“ და იგორ სეჩინი?
- „როსნეფტთან“ მიმართებით არავითარი ცუდი აზრი არ მაქვს. მე უფრო დაბალი რანგის მენეჯერებთან მაქვს საქმე, ვიდრე იმასთან, ვინც თქვენ დაასახელეთ, თუმცა, რასაკვირველია, უმაღლეს ხელმძღვანელებსაც შევხვედრივარ. ვისთან მე მაქვს ურთიერთობა, ისინი ახალგაზრდა, ყოჩაღი ბიჭები არიან და მათთან მუშაობა მართლაც კომფორტულია.
- თქვენ ამბობთ, რომ აქტივების 80% რუსეთში მაქვსო, მაგრამ „როსნეფტთან“ დადებული გარიგების შედეგად შექმნილი ერთობლივი საწარმოს აქტივები ხომ საქართველოშია?
- კომპანია საქართველოში ვაჭრობით იყო დაკავებული, მაგრამ ახლა, როცა „როსნეფტთანაა“ გაერთიანებული, ვთვლი, რომ ის რუსული აქტივია.
- თქვენ ნამდვილად მიიღეთ „პეტროკასის“ პაკეტის სანაცვლოდ 300 მილიონი დოლარი?
- მე პირობა მაქვს დადებული, რომ ეს ინფორმაცია არ გავამჟღავნო.
- გარიგება ფულადი სახის იყო?
- რა თქმა უნდა.
- „როსნეფტს“ შეუძლია თავისი წილი გაადიდოს? არის რაიმე შეთანხმება ამის თაობაზე?
- ასეთი შეთანხმება არ არსებობს. არც სურვილი.
(…)
- ვინ იყო გარიგების ინიციატორი?
- გარიგება ორმხრივი სურვილით განხორციელდა. „როსნეფტს“ აინტერესებდა შავ ზღვაზე დამკვიდრება ტუაფსის ნავთობგადადმამუშავებელი ქარხნის გამო, აზერბაიჯანთან, სომხეთთან დაკავშირებით, თურქეთის და ბულგარეთის ბაზარზე გასასვლელად… ჩვენ [„პეტროკასს“] რეგიონში კარგი მოთამაშეების სახელი გვაქვს და ვაჭრობის მოცულობითაც ბოლო ადგილზე არ ვართ. მათ [„როსნეფტმა“] ჩვენთან თანამშრომლობა მოისურვეს. მათ ჯერ 25%-ის ყიდვა შემოგვთავზე, შემდეგ კი 49%. საკონტროლო პაკეტი ჩვენს ხელში დარჩა. ბიზნესის მართვა ჩვენს ხელშია, რადგან რეგიონს ჩვენ უფრო კარგად ვიცნობთ, გვაქვს შესაბამისი რესურსები და ძალა, რომ ახლო აღმოსავლეთთანაც დავიწყოთ თანამშრომლობა… შავ ზღვაზე ისეთი ნავსადგურები ცოტაა ან არ არის, სადაც გემების საწვავით დატვირთვა („ბუნკერირება“) შეიძლება. ეს ეხება არა მხოლოდ რუსეთის, არამედ თურქეთისა და საქართველოს ნავსადგურებსაც. ასეთი საზღვაო პორტები უნდა განვავითაროთ.
- თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა არის საჭირო ბიზნესის განვითარებას რომ ბიძგი მიეცეს? გაქვთ ამის რეცეპტი?
- დიახ, მაქვს. ბიზნესის სრული თავისუფლება, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. 1990-იან წლებში ხალხი ჩანთებით ეზიდებოდა საქონელს, კიოსკებს ხსნიდნენ, ვითარდებოდა წვრილი და საშუალო წარმოება… დღეს კი რა ხდება? კიოსკები იხურება, ზაფხულობით რესტორნების გარე მუშაობას კრძალავენ… რა აბსურდია? განა შოკოლადის ქვეყანაში ვცხოვრობთ, ყველა განცხრომაშია? ამიტომაც მე ვამბობ: ისე უნდა გაკეთდეს, როგორც 90-იან წლებში იყო. რასაკვირველია, იმ პერიოდში თავისუფლება პრობლემებს უკავშირდებოდა, კრიმინალისაგან დაცვა გვიწევდა, მაგრამ საბოლოოდ ხომ დავიცავით თავი? დაიწყო ეკონომიკის ზრდა, მაღაზიებში პროდუქცია გაჩნდა. ხომ გახსოვთ, რა ხდებოდა მაღაზიებში 1989-90 წლებში? თაროებზე საერთოდ არაფერი იდო… მე თბილისში ვცხოვრობდი, იქ ხომ საერთოდ ცუდად იყო საქმე – მაწონი და რძე რომ მეყიდა, დილის ხუთ საათზე ვიღვიძებდი და მარაზიასთან რიგში ვდგებოდი. ახლაც სიტუაცია მძიმდება, ამიტომ ყველამ ვითარების გამოსასწორებლად უნდა იზრუნოს…
——–
რა ქონება აქვს დავით იაკობაშვილს?
ქართველ ბიზნესმენ ვანო ნაკაიძესა და ალეკო ჯაფარიძესთან ერთად იგი „პეტროკას ენერჯი გრუპის“ საკონტროლო პაკეტს ფლობს (51%). კომპანია დაკავებულია გარიგებების განხორციელებით („ტრეიდინგით“) აზერბაიჯანში, სომხეთში, ავღანეთში, თურქმენეთში და თურქეთში; ახდენს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვას საქართველოში, ამავე ქვეყანაში აქვს ბენზინგასამართი სადგურები და ნავთობტერმინალი (ფოთში). დავით იაკობაშვილის ყოველწლიური შემოსავალი ერთ მილიარდ დოლარს აღწევს.