globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 17 თებერვალი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Feb 17th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ალია“: პაატა ცნობილაძე, საერთაშორისო სამართლის ექსპერტი: „ამით უკრაინის ხელისუფლებამ ფარული ომი გამოუცხადა საქართველოს ხელისუფლებას“

„რეზონანსი“: უკრაინის ელჩის სამინისტროში განმარტებებისთვის დაბარება, საქართველოს მთავრობის პროტესტს ხომ არ ნიშნავს? (კომენტარები)

„რეზონანსი“: რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ შემდეგ ნაბიჯს ამზადებს

———————–

„ალია“, 17 თებერვალი, 2015 წელი

პაატა ცნობილაძე, საერთაშორისო სამართლის ექსპერტი:ამით უკრაინის ხელისუფლებამ ფარული ომი გამოუცხადა საქართველოს ხელისუფლებას

ჟანა ასანიძე

(შემოკლებით)

რატომ ვერ დგას სახელმწიფო თავის სიმაღლეზე, როცა მის ქვეყანაში ძებნილად გამოცხადებულებს სხვა ქვეყანაში მაღალ თანამდებობაზე ნიშნავენ? რისი მოთხოვნის უფლება აქვს საქართველოს და რატომ არ იღებს ხმას?

„ალიას“ იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, პაატა ცნობილაძე ესაუბრა:

- ბატონო პაატა, საქართველოს ხელისუფლებას ცხვირწინ უნიშნავენ ძებნილებს, თან მაღალ თანამდებობებზე. სამართლებრივად, როგორ არის ეს ამბავი, როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს ხელისუფლება?

- უკვე გავრცელდა უკრაინის ელჩის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. მან ბრძანა, რომ ეს უკრაინის ხელისუფლების გადასაწყვეტია, ვის მიიწვევს და ვის არა სხვადასხვა თანამდებობებზე. თანაც ჯერ განაჩენები ამ პირების მიმართ არ გამოტანილაო. გასაგებია უკრაინის ელჩის პოზიცია. აბა, ხომ არ იტყოდა, ეს რა ქნა ჩემმა პრეზიდენტმაო. ეს პასუხი უფრო სუბიექტური პოლიტიკური მოტივაციითაა განპირობებული, ვიდრე სამართლებრივით. ის მართალი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ამ პირებზე ძებნა არ იქნებოდა მანამდე გამოცხადებული. ინტერპოლით ძებნილი ხალხი დანიშნო თანამდებობებზე, გაუგონარი ამბავია. ბოლოს და ბოლოს, პირდაპირ თქვა ელჩმა, რომ რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთ და ეს თქვენი საქმე არ არისო. სწორედ ეს არაა მეგობარი სახელმწიფოს ელჩის განცხადება.

სამწუხაროდ, პირდაპირი მექანიზმი ასეთი ფაქტების აღკვეთისთვის, სახელმწიფოს არ გააჩნია. ერთადერთი, რითიც შეიძლება იმოქმედოს, არის სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის გააქტიურება, რათა უფრო სრულყოფილი და მომზადებული მასალა წარუდგინონ საერთაშორისო თანამეგობრობას, ან თუნდაც იგივე ი ნ ტ ე რ პ ო ლ ს .

მოგეხსენებათ, ინტერპოლში გაგზავნილი შესაბამისი შეტყობინება, არ ნიშნავს ავტომატურად ძებნის გამოცხადებას. ის წარდგენილი მასალების შესაბამისად იღებს ძებნის გამოცხადების გადაწყვეტილებას.

- ამან, ხომ შეიძლება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაძაბოს? მხოლოდ პრეზიდენტებზე ხომ არაასაქმე, საქართველოში ხალხი ცხოვრობს და ამ ხალხის უმრავლესობას სააკაშვილი დამნაშავედ მიაჩნია.

- სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის ხასიათი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. გარდა იმისა, რომ ეს ურთიერთობები ეფუძნება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებს, დამატებით ამ ურთიერთობათა გაღრმავების მიზნით მიმართავენ ორმხრივ შეთანხმებებს, რომლებიც ითვალისწინებენ მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით და ვალდებულებების აღებას მათ შესასრულებლად. თუმცა, არსებობს საპირისპირო პროცესიც, როცა სახელმწიფო ცალმხრივად იწყებს ამ შეთანხმებათა გადახედვას მეორე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სისტემატური და მიზანმიმართული შეუსრულებლობის გამო.

ვფიქრობ, სწორედ ეს ეტაპი მოახლოვდა საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში. საქმე ისაა, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის დადებულია 103-ე საერთაშორისო შეთანხმება და 34-ე საერთაშორისო სამართლებრივი აქტი, რომლებიც საერთაშორისო ხელშეკრულებებად არ ითვლება. ამათგან, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო შეთანხმება „უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის დანაშაულებრიობასთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, რომლის უმთავრეს პუნქტს წარმოადგენს მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულება ძებნილი პირების გადმოცემის შესახებ. ნაცვლად ამისა, უკრაინის ხელისუფლებამ უკრაინის მთავრობაში დაიწყო იმ საქართველოს მოქალაქეების ან აწ უკვე ყოფილი მოქალაქეების დანიშვნა ხელმძღვანელ თანამდებობებზე, რომლებზეც საქართველოს შესაბამისი ორგანოების მიერ გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა.

- რა ნაბიჯები რჩება ხელისუფლებას, რატომ ვერ ჩამოჰყავს სააკაშვილი?

- რაც შეეხება სააკაშვილის ჩამოყვანას, რასაკვირველია, ძალით ვერ მოხდება. ესეც დამოკიდებული იქნება იმ გახმაურებული საქმეების ბოლომდე მიყვანაზე, რომლებსაც უკავშირდება მისი სახელი. ესაა, ასეთი საქმეები ცოტა არ არის. მიუხედავად იმისა, რომ კვალის არევის მიზნით, საქმეები ფალსიფიცირებულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პროკურატურის აქტიური მუშაობის წყალობით, წარმატებით დაგვირგვინდება ეს საქმეები და მისი ბრალი კიდევ უფრო გამოიკვეთება.

საერთაშორისო სამართალდამცავი ინსტიტუტები მკაცრი ბიუროკრატიული სტილით გამოირჩევიან კარგი გაგებით და მათ სერიოზული არგუმენტაცია და დასაბუთება სჭირდებათ. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მეტი შესაძლებლობა, ის წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე, თუმცა, თუ მანამდე არ დაამთავრა ისე, როგორც მისი მსგავსი სუბიექტები ამთავრებენ. არ მგონია, უკრაინაში მას დიდი მომავალი ჰქონდეს. უკვე აშკარადაც თვალშისაცემია, რომ მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია.

მიუხედავად ქართული მხარის მიერ გადაცემული ინფორმაციებისა, უკრაინის ხელისუფლება არა თუ ითვალისწინებს მათ, არამედ შეგნებულად აფართოებს მთავრობაში დასაქმებული ძებნილი ადამიანების ნუსხას, შეიძლება ითქვას, რომ, ფაქტობრივად, უკრაინამ სრულიად უგულებელყო ადრე მიღწეული შეთანხმებები და ერთი მხრივ, შეგნებულად წაუყრუა საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნას და არაფრად ჩააგდო საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხის უმრავლესობის ინტერესი და მეორე მხრივ, მრავლობითი დანაშაულების ჩადენაში ბრალდებულ პირებს მისცა ერთგვარი ხელშეუხებლობის გარანტია.

არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ამით უკრაინის ხელისუფლებამ ფარული ომი გამოუცხადა საქართველოს ხელისუფლებას და ქართველი ხალხის არჩევანს. ამის უკან კი ვინ დგას, ეგ ცალკე განხილვის საგანია.

- ეს ფარული ომი რა ხელს აძლევს უკრაინას? რას იგებს?

- ის, რომ უკრაინამ ასე გადაწყვიტა, ეს მისი საქმეა, მან უარი თქვა ცალმხრივად ამ შეთანხმებების შესრულებაზე. ეს მისი სუვერენული უფლებაა და ვერავინ ვერ ჩაერევა მის შიდა საქმეებში. მაგრამ, გაცილებით დამაფიქრებელია საქართველოს სახელმწიფოს პოზიცია, რომელიც ადეკვატური ნაბიჯებისგან ჯერ კიდევ თავს იკავებს. არადა, თავმოყვარე სახელმწიფომ ასეთ შემთხვევაში სათანადო რეაგირება უნდა მოახდინოს, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა უკრაინა თავისი მოვლენებით საქართველოსთვის ერთერთ რეალურ საგარეო საფრთხის შემცველ ეპიცენტრად იქცა, რომელმაც, სავარაუდოდ, შესაძლოა, ქვეყნის შიდა ვითარების დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. დღითი დღე ხდება სიტუაციის ესკალაცია. თითდამშვიდების საფუძველს კი ვერ ვხედავ, მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა დავიდა პირად ურთიერთობებამდე.

როცა დაიბარეს უკრაინის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში, ზოგიერთი ექსპერტი აღშფოთებულა, როგორ შეიძლებოდა სტრატეგიული მეგობარი ქვეყნის ელჩის დაბარებაო. ასეთი რამ, არსად არ მომხდარაო. უკაცრავად, მაგრამ, რასაც უკრაინის ხელისუფლება აკეთებს, სტრატეგიული მეგობრობაა? თუ სტრატეგიული წინააღმდეგობა, რომელიც მიზნად ისახავს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას? ანდა, რომელი მაგალითი შეიძლება მოიყვანოს პატივცემულმა ექსპერტმა, როცა ასეთ შემთხვევაში სტრატეგიული მეგობრობა გრძელდებოდა? იქნებ სწორედ იმ მაგალითს ვერ შევხვდებით, როცა სტრატეგიული მეგობარი ქვეყანა ისე მოქცეულა, როგორც უკრაინა. ომის თუნდაც დროებით დასრულების შემდეგ, სად გადაინაცვლებს დამშეული შეიარაღებული დაქირავებულების მთელი არმია, რომელსაც დღეს, ფაქტობრივად, სააკაშვილი ხელმძღვანელობს დევიზით – „რაც შეიძლება მეტი სისხლი“.

- რა უნდა გაკეთდეს, ანუ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რასაც არ აკეთებს?

- უნდა დაჩქარდეს უკრაინის სახელმწიფოსთან ურთიერთობის გადასინჯვის პროცესი. მართალია, უკრაინის ელჩის დაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროში პირველი ნაბიჯია, მაგრამ არასაკმარისი და დაგვიანებული. სააკაშვილი უკრაინაში დიდხანს ვერ გაქაჩავს. იქ უკვე აგორებულია უკმაყოფილების ტალღა. ის ცაიტნოტშია და შეეცდება, რაც შეიძლება მალე საქართველოში გადმოინაცვლოს. არსებულმა რეალობამ ცხადყო, რომ ნაცების ჩანერგილები მოუთმენლად ელოდებიან. ამიტომ, სახელმწიფო უსაფრთხოების აუცილებლობისთვის სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს საერთაშორისო სამართლითა და კანონით გათვალისწინებული დიპლომატიური სანქციები. ნუ გამოიგლოვებთ, ბატონებო, ამ ურთიერთობებს. ვიდრე უკრაინის ხელისუფლებაში ძებნილი სააკაშვილი, ადეიშვილი და სხვა ძებნილებიც იქნებიან, ამ ურთიერთობას მომავალი მაინც არ უწერია.

რა თქმა უნდა, ბლოკადას ვერ მოვაწყობთ, მაგრამ არსებობს შესაბამისი ზომები. მართალია უკრაინის ელჩმა ბრძანა, რომ მათი დანიშვნა საქართველოს წინააღმდეგ კი არ არის მიმართულიო, მაგრამ ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს. მას სჭირდება სახელისუფლებო ბერკეტები, რათა სხვადასხვა ფორმით საშუალებას მისცემს იტივტივოს მსოფლიო პოლიტიკის ოკეანეში და გავლენა მოახდინოს ძლიერთა ამა ქვეყნისაზე. ამიტომ, ასე არის თუ ისე, უკრაინის ელჩის ეს განცხადება არაა დამაჯერებელი, რადგან საფრთხეს უკრაინელები კი არ უქმნიან ჩვენს ქვეყანას, არამედ სწორედ თანამდებობებზე დანიშნული ის ძებნილი და მათთან დაკავშირებული ხალხი, რომელთა მიმართაც ქართველ ხალხს სერიოზული პრეტენზიები და კითხვები აქვს. აქედან გამომდინარე, როდესაც ვსაუბრობ საქართველოს მხრივ ადეკვატური ნაბიჯების გადადგმაზე, პირველ რიგში, გასაგზავნია საპროტესტო ნოტა სხვადასხვა დონეზე, შემდეგ კი ურიგო არ იქნება, დიპლომატიური ურთიერთობების შეზღუდვის შესაძლებლობაზე მსჯელობაც. თუკი რომელიმე სახელმწიფო, არ აქვს მნიშვნელობა, გეუბნება, შენი აზრი არ მაინტერესებსო, მაშინ რა დაგრჩენია, თუ არა ეს გზა. ეს კი ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფოს ვალდებულებაა. ჩვენ სახელმწიფო ვართ და არა „პლატონას დუქანი“.

„რეზონანსი“, 17 თებერვალი, 2015 წელი

უკრაინის ელჩის სამინისტროში განმარტებებისთვის დაბარება, საქართველოს მთავრობის პროტესტს ხომ არ ნიშნავს? (კომენტარები)

ლიკა ამირაშვილი

(შემოკლებით)

თქვენი აზრით, უკრაინის ელჩის სამინისტროში განმარტებებისთვის დაბარება, საქართველოს მთავრობის პროტესტს ხომ არ ნიშნავს? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების ცნობილ ადამიანებს მიმართა.

მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): რასაკვირველი, ეს ნორმალური მოვლენაა. ქვეყანა შეშფოთებულია, იმიტომ რომ უკრაინის მთავრობა “ნაციონალური მოძრაობის” წევრებით გაივსო. ეს შეიძლება საქართველოს ახლანდელი მთავრობის მიმართ არაკეთილმეგობრულ ჟესტად ჩაითვალოს, ამიტომ თავისთავად სავსებით სწორია და ნორმალურია.

გარკვეულწილად უნდა გაირკვეს, უკრაინის მთავრობას რა უნდა. ორმაგ თამაშს თამაშობს, ორივე მთავრობასთან კარგი ურთიერთობა უნდა. გასარკვევია, ეს როგორ გამოვა. რას აპირებს უკრაინა უნდა გაირკვეს – უკრაინა “ნაციონალურ მოძრაობის” ფერხულში ჩაბმას აპირებს და ამ მთავრობასთან ურთიერთობას აღარ აპირებს? რამდენად კორექტულად მიაჩნიათ იმ ადამიანების გვერდით ყოფნა, რომელზეც საქართველოში ძებნაა გამოცხადებული და როგორ მოეწონებოდათ საქართველოს იგივე რომ გაეკეთებინა.

გოგი თორაძე (რეჟისორი): როდესაც ელჩს სამინისტროში იბარებენ, რაც უნდა უარყონ, ეს საქართველოს პროტესტს ნიშნავს. სააკაშვილის დანიშვნა, ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფაა. ამ დანიშვნით ისეთი შთაბეჭდილიება რჩება, რომ ეს ყველაფერი პრინციპულად ხდება. თუ ისინი ფიქრობენ, რომ მას დიდი გამოცდილება აქვს, შეიძლება დანიშვნის გარეშე გამოეყენებინათ და კონსულტანტად მიეწვიათ.

არჩილ გამზარდია (საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი): დაბარება პროტესტს არ გულისხმობს, ეს გულისხმობს იმას, რომ ელჩმა ამა თუ იმ საკითხზე ახსნა-განმარტება უნდა წარმოადგინოს, რომელშიც გაურკვევლობაა. ამიტომ მე ამას, ბუნებრივია, პროტესტად არ ვთვლი. ეს არის ჩვეულებრივი პროცედურის ნაწილი, როდესაც სახელმწიფოებს შორის არის გარკვეული საკითხები, რომელიც მოითხოვს ინფორმაციის დაზუსტებას. ამ შემთხვევაში ელჩის დაბარება ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.

დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე): რა თქმა უნდა, არის პროტესტი და უნდა იყოს კიდეც. იმიტომ რომ ჩვენ ეს ადამიანები მოვიშორეთ თავიდან, ძებნაში არიან. არ შეიძლება, რომ ქართველ ხალხს შეუთანხმონ? ქართველი ხალხის მეგობარი თუ ხარ და არა მიშა სააკაშვილის, მაშინ უნდა აგვიხსნან, რატომ ნიშნავენ ისეთ ადამიანებს, რომელზეც ქართველებს ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს.

ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): რა თქმა უნდა, პროტესტს ნიშნავს. რბილად, რომ ვთქვათ, რაღაცა გაუგებრობა ხდება ამ უკრაინაში.

„რეზონანსი“, 17 თებერვალი, 2015 წელი

რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ შემდეგ ნაბიჯს ამზადებს

თეა ბეჟიტაშვილი

(შემოკლებით)

“ამ ხელშეკრულებით ოფიციალურად მოხდება ჯარების გადანაწილება და მივიღებთ იმას, რომ რუსეთის ფედერაციაში შთაინთქმება ე.წ. სამხრეთ ოსეთი”, – ამბობს “ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაია ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულებაზე. 18 თებერვალს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობა და რუსეთი მოსკოვში ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულებას გააფორმებენ.

პაატა დავიტაია აღნიშნავს, რომ რუსეთის სერიოზული შეტევისათვის ემზადება, თუმცა აქ საუბარი არაა სამხედრო ან გეოპოლიტიკურ შეტევაზე: „მინსკის მოლაპარაკებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესასრულებლად ვლადიმერ პუტინს არანაირი ვალდებულება არ აუღია. დოკუმენტში არაა ნათქვამი, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, რომ რუსეთმა ყირიმი მიიტაცა. ესაა რუსეთის სერიოზული გამარჯვება. როცა იქ სიტუაცია ჩაწყნარდება და რუსეთი თავისას მიიღებს, შემდგომი ნაბიჯი უკვე საქართველოსკენ იქნება გადმოდგმული, ეს უკვე დაწყებულია, რაც აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან შეხვედრებში გამოიხატება და საქართველოს წიუნააღმდეგაა მიმართული“.

პაატა დავითაიას თქმით, „ამ პროცესში საქართველოს ხელისუფლებას არანაირი პოზიცია არ აქვს, თავი აქვს ჩარგული და მოვლენების განვითარებას ელოდება. არც საგარეო საქმეთა სამინისტრო არაფერს ცდილობს. მიკვირს, ასე რატომ იქცევიან. მათ ჰგონიათ, რომ თუ „კონფრონტაციაში არ შევლენ“ და საპროტესტო განცხადებებს არ გააკეთებენ, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ არ იმოქმედებს. სამწუხაროდ, საქართველოს პოზიცია არაფრისმთქმელი პოზიციაა“.

სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევის თქმით, „ძალიან ცუდია ასეთი ღაღაც რომ ხდება. სიტუაცია უფრო გართულდება, არამნაირი გადასვლა-გადმოსვლა აღარ იქნება, სანამ რუსები მოსკოვში არ გადაწყვეტენ ხალხის გაშვებას, ისე ვეღარ შეძლებენ ვერაფერს. არა მგონია, ხელშეკრულებაზე ხელმოწერა თებერვალში მოესწროს“.

Comments are closed