„ახალი თაობა“: მამუკა არეშიძე: პოროშენკოს სააკაშვილი იარაღის მიღებისთვის სჭირდება // „სააკაშვილმა პოროშენკო უნდა აკონტროლოს“
„ახალი თაობა“: რა თათბირი ჩაუტარა სააკაშვილმა კიევის რესტორანში ნაციონალებს // „მიშა სააკაშვილი პოლიტიკურად უკრაინის ამბებისა და „ქართული ოცნების“ უნიათობის შედეგად გაცოცხლდა“
„ალია“: რით დაისჯება უკრაინა სააკაშვილისა და ადეიშვილის გადმოცემაზე უარის თქმის გამო?
„რეზონანსი“: კიევს სააკაშვილის გადმოცემაზე უარი ჯერ არ უთქვამს
„რეზონანსი“: უკრაინაში ქართული პროდუქტი თითქმის აღარ გადის
———————–
„ახალი თაობა“, 18 თებერვალი, 2015 წელი
მამუკა არეშიძე: პოროშენკოს სააკაშვილი იარაღის მიღებისთვის სჭირდება „სააკაშვილმა პოროშენკო უნდა აკონტროლოს“
ნონა ცაბაძე
(შემოკლებით)
რას უნდა ნიშნავდეს ნაციონალების“ მაღალ თანამდებობებზე დანიშვნა უკრაინაში? ვისი ხელი ურევია ამ ყველაფერში? ამ და სხვა საკითხებზე „ახალ თაობას“ ექსპერტი მამუკა არეშიძე ესაუბრება:
- უკრაინაში ნაციონალები ინიშნებიან წამყვან თანამდებობებზე. უკრაინის ელჩის კომენტარიც მოვისმინეთ, ეს ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეა და თქვენ ნუ ჩაერევითო. რას ნიშნავს ყოველივე ეს?
– ერთი შეხედვით ასეა, უკრაინის შიდა საქმეა და თვითონ ელჩიც ამას ხაზს უსვამს. უკრაინის ელჩს ვიცნობ და როგორც წესიერ და კარგ დაიპლომატს, პატივს ვცემ. ეს უკრაინის შიდა საქმეა და ზუსტად ამიტომაა გაღიზიანება საქართველოს საზოგადოებაში, რომ თუ ეს უკრაინის შიდა საქმეა, რატომ გვაყენებს შეურაცხყოფას?! ამიტომ მე მინდა ავუხსნა საზოგადოებას, რომ სინამდვილეში სიტუაცია არის სულ სხვანაირი.
– როგორი და რამდენად ურევია ამ ყველაფერში ამერიკის ხელი?
– საქართველოს წინა ხელისუფლებას მართლა ჰქონდა საერთაშორისო ასპარეზზე იმიჯი კორუფციასთნ მებრძოლი, კორუფციის დამმარცხებელი ხელისუფლებისა და დემოკრატიის ფორმატის განმახორციელებლისა თავის ქვეყანაში. პოროშენკოს ხელისუფლებას გარკვეული ვალდებულება აქვს დასავლეთის მიმართ, ასევე მისი მხარდამჭერი პოლიტიკური წრეების მიმართ. ეს პოლიტიკური წრეები არ ნიშნავს მაინცდამაინც ამერიკის ხელისუფლებას, ევროკავშრის ხელმძღვანელობას და ასე შემდეგ. ეს პოლიტიკური წრეები ძალიან დიდი გავლენით სარგებლობენ. ისინი პოროშენკოს კი არ უჭერდნენ მხარს, არამედ იაცენიუკს. ამიტომ პოროშენკო, გარდა ვალდებულებისა დასავლეთის მიმართ, საკუთარ მომავალზეც ზრუნავს. მასაც სჭირდება მხარდამჭერები. პოროშენკოს მდგომარეობა არ არის მყარი. მას როშენის დიდი ქარხნები აქვს და მისი ორი ქარხანა დღესაც ფუნქციონირებს რუსეთის ტერიტორიაზე. თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი ეჭვის თვალით უყურებს პოროშენკოს ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკური მოღვაწე. ამიტომ სააკაშვილი და მისი გუნდი იქ სჭირდებათ არა მხოლოდ სიტუაციის დასარეგულირებლწად, არამედ იმისთვისაც, რომ თვალი ადევნონ პოროშენკოს.
– რომ აკონტროლონ პოროშენკო?
– რასაკვირველია, აკონტროლონ. გარდა მაგისა, პოროშენკოსაც სჭირდება სააკაშვილი იმისთვის, რომ კონტაქტი და კომუნიკაცია ჰქონდეს დასავლურ წრეებთან, პლუს იარაღის მოწოდების საკითხებზე ჰყავდეს ძალიან სერიოზული ლობისტი. სერიოზული ლობისტი რომ არის სააკაშვილი, ამას წყალი არ გაუვა!
– ხომ არ შეეცდებიან სააკაშვილი და მისი გუნდი საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გაფუჭებას?
– მაქსიმალურად შეეცდებიან, ბუნებრივია. გარდა ამისა, სააკაშვილი და მისი გუნდი კიევში ერთგვარ რეპეტიციას გადიან.
– ხომ არ დაიძაბება საქართველო-რუჯსეთის ურთიერთობები, უკრაინული ფაქტორიდან გამომდინარე?
– საქართველოს აქვს სერიოზული პრეტენზიები რუსეთის მიმართ და რუსეთს აქვს ძირითადი პრეტენზია ის, რომ საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ნატოსთან. განსაკუთრებით რუსეთში ღიზიანდებიან იმის გამო, რომ საქართველომ მიიღო საწვრთნელი ცენტრის შექმნის გადაწყვეტილება. ჩათვალეთ, რომ თებერვლის ბოლოს ხელმოსაწერი ეს ე.წ. დოკუმენტი რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის პასუხია საქართველოს აქტივობაზე ნატოს მიმართულებით. მსგავსი ნაბიჯები კვლავაც გაგრძელდება მათი მხრიდან. ჩვენ გვაქვს მინიშნებები იმაზე, რომ რუსეთი გარკვეული ტიპის აქტივობას აპირებს საქართველოს ტერიტორიაზე, ოღონდ არა სამხედრო ინტერვენციის თვალსაზრისით. თუმცა ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ დამთავრდება უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. როგორც განვითარდება ეს პროცესი. დღეს არის პარიტეტული მდგომარეობა, რომელიც საკმაოდ მყიფეა. ერთადერთი უპირატესობა დასავლეთს დღეს ის აქვს, რომ დასავლეთმა თვითონ ხაზზე გადაბიჯების შესაძლებლობა დაუშვა.
„ახალი თაობა“, 18 თებერვალი, 2015 წელი
რა თათბირი ჩაუტარა სააკაშვილმა კიევის რესტორანში ნაციონალებს
„მიშა სააკაშვილი პოლიტიკურად უკრაინის ამბებისა და „ქართული ოცნების“ უნიათობის შედეგად გაცოცხლდა“
მარიკა მჭედლიშვილი
(შემოკლებით)
„ახალ თაობას“ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი მირიან მირიანაშვილი ესაუბრება.
ამონარიდი ინტერვიუდან:
– სააკაშვილი დაინტერესებულია რიგგარეშე არჩევნების ჩატარებით?
– მან ამ შეხვედრა-თათბირზე ასეთი რამ თქვა – ვადამდელი არჩევნების საკითხი თუ გახდება აქტუალური, ამას, პირველ რიგში, მე გავიგებო. მისი თქმით, სანამ ივანიშვილი ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ამერიკელებისაგან ნებართვას მიიღებს, მანამდე უცხოელი მეგობრები ამას მას შეუთანხმებენ. სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მიმართ ამერიკელების პოზიცია მისი ინტერესების გათვალისწინებით იქნება ჩამოყალიბებული. ანუ ამერიკელებს ის თავისი ინტერესებიდან გამომდინარე შეუთანხმებს ამ საკითხს. ჩემი ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს და მათ სხვა თანამოაზრეებს აღელვებთ სააკაშვილის გადართულობა უკრაინაზე. მათ ეჭვი აქვთ, რომ სააკაშვილისთვის საქართველომ მეორე პლანზე გადაიწია.
– ეს აქაურ ნაციონალებს უფრო მეტად უნდა აღელვებდეთ.
– რა თქმა უნდა, მათაც აღელვებთ. სააკაშვილმა თავის დროზე კოლექტიურად თუ ინდივიდუალურად სერიოზული ავანსები გასცა თავისი მომხრეების მიმართ. მან პირობა დადო, რომ გაზაფხულზე საქართველოში ყველაფერს გადაალაგებს და ახალ რეალობას შექმნის. მისი მიმდევრები ელიან ამ დანაპირების ასრულებას ამ ვადებში. შეხვედრა-თათბირის მონაწილეებსაც აინტერესებდათ, როდის აიღებდა სააკაშვილი სტარტს. პასუხი ასეთი იყო – როცა პოლიტიკურ ნებართვას მივიღებ ამერიკელებისგანო. ამასთან, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ახალი პოლიტიკური სიტუაციის სტარტისათვის საჭიროა საქართველოს ხელისუფლების წამოგება ანტიდასავლურ ხრიკზე. საამისოდ მას ერთი-ორი ფანდი მოფიქრებული აქვს. დეტალურ სქემაზე რომ ჩამოყალიბდება, მომხრეებს მერე გააცნობს.
– საქართველოში რომ სტარტს აიღებს, უკრაინას მიატოვებს?
– არა. სააკაშვილს უნდა, რომ საქართველოსა და უკრაინის ამბები სინქრონიზებული იყოს. იგი დარწმუნებულია, რომ ამერიკელები მარტო საქართველოს მიმართ არ მიიღებენ გადაწყვეტილებას. იგულისხმება რუსეთთან დაპირისპირების ფართო კონტექსტი. სააკაშვილის მომხრეებისთვის კარტ-ბლანშის მიცემა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოიქცევა რუსეთი უკრაინაში. სააკაშვილისთვის, მისი იქაური გარემოცვისათვის, ასევე მათი უკრაინელი თანამოაზრეებისათვის ხელსაყრელი არ არის რუსულ-ამერიკული (რუსულ-დასავლური) მორიგება. თუ რუსეთმა და ამერიკამ შეთანხმებას მაიღწიეს, სააკაშვილი და მისნაირი პირები საჭირო აღარ იქნებიან. ასეთ სიტუაციაში მათი პოლიტიკური მომავალი კითხვის ქვეშ დადგება. სააკაშვილი ფართო წრის ერთი წარმომადგენელია. ამ წრეში შედიან ასევე ტურჩინოვი და იაცენიუკი. ისინი ორიენტირებული არიან იმაზე, რომ დაპირისპირება უკრაინაში გაღრმავდეს.
– ანუ, რუსულ-ამერიკულმა დაძაბულოამ ხელი შეუწყო სააკაშვილის წინ წამოწევას?
– რა თქმა უნდა. მიშა სააკაშვილი პოლიტიკურად გაცოცხლდა უკრაინის ამბებისა და „ქართული ოცნების“ უნიათობის შედეგად. მანამდე ის იყო პოლიტიკური გვამი, რომლის რეანიმაცია შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ხელშეწყობის რეჟიმი. „ქართულ ოცნებას“ სააშკარაოზე რომ გამოეტანა სააკაშვილის ათწლიანი ბინძური ნამოქმედარი, საერთაშორისო ასპარეზზე მას არათუ პოლიტიკური ფუნქცია არ ექნებოდა, უცხოეთში ხელს არავინ ჩამოართმევდა. ხელისუფლებას ხელი უნდა შეეწყო იმისათვის, რომ გასაჯაროებულიყო ათეულათაობით დაჩაგრული, გაუბედურებული, გაუპატიურებული ადამიანის ტრაგეია. ამაში დამნაშავეა სააკაშვილი.
„ალია“, 18 თებერვალი, 2015 წელი
რით დაისჯება უკრაინა სააკაშვილისა და ადეიშვილის გადმოცემაზე უარის თქმის გამო?
გელა ზედელაშვილი
(შემოკლებით)
17 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ექსტრადაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. კერძოდ, იმის შესახებ, რომ უკრაინის ხელისუფლება უარს აცხადებს ამ კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობაზე. როგორც პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს “ალიასთან” საუბარში, მსგავსი დამთხვევები დიპლომატიაში თითქმის არ ხდება”.
- როდესაც ერთი ქვეყანა მეორეს ასეთ რაღაცაზე უარს ეუბნება, ეს არ ხდება ქუჩურ დონეზე, აუცილებლად უნდა იყოს დასაბუთებული. პროკურატურა ამბობს, უარს გვიცხადებენო, მაგრამ მიზეზად რას ასახელებენ, ამას არ მიუთითებენ. სხვათა შორის, სააკაშვილზე დაასაბუთა უკრაინის ელჩმა, რომელიც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. მან თქვა, სააკაშვილი თავისუფალია, თქვენი ქვეყნის მოქალაქეა, ევროპაში დადის, პოლიტიკოსები იღებენ, ინტერპოლით ძებნა არ არის გამოცხადებულიო.
- ზურაბ ადეიშვილი ხომ იძებნება წითელი ცირკულარით?
- უკრაინული მხარე ასაბუთებს, რომ დღეს უკრაინაში არის საგანგებო მდგომარეობა, ქვეყანას უჭირს, კადრები არ ჰყავთ და ასე შემდეგ. კი, ბატონო, კრიზისი გაივლის და მერე ვნახოთ.
- უკრაინის ხელისუფლება ხომ ევროპულ კონვენციას არღვევს?
- კარგი, რააა… კონვენცია პირველად დაირღვა? ახლა ნულანდი ჩამოსულია იმისთვის, რომ ამათ გადააფიქრებინოს უკრაინასთან დაპირისპირება. ის პრეზიდენტსაც და პრემიერსაც ეტყოდა: დღეს თქვენ ნუ არღვევთ ერთიან ანტირუსულ ფრონტს. ამაში იგულისხმება ისიც, რომ თავი უნდა დავანებოთ მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს. უკრაინა საერთოდ ვერ იგერიებს რუსეთის დარტყმებს და ამერიკელების აზრით, ახლა საქართველოდან წამოსული პრობლემები აღარ არის საჭირო.
- რატომ დასჭირდა მაინცდამაინც ახლა პროკურატურას ამ განცხადების გავრცელება?
- ეს არის ქართული დიპლომატიის კიდევ ერთი შეცდომა, რომელსაც არ შეუძლია ცოტა ხნით ლამაზად უკან დახევა. როდესაც ბიძინა ივანიშვილი სამართლიანად აკრიტიკებს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეტევაზე უნდა გადახვიდე გაუაზრებლად. თუ დაგავალეს, არც ეს არის გამოსავალი. ახლა ნინო ბურჯანაძემ კი თქვა, ისღა დაგვრჩენია, უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობა გავწყვიტოთო, მაგრამ ჩვენი ყოველი წინააღმდეგობა დღეს არის მიმართული ევროპისა და ამერიკისკენ. რასაც პოროშენკო აკეთებს, აკეთებს მათი რჩევითა და დახმარებით.
- ხომ არ მიუჩინეს ამერიკელებმა სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები პოროშენკოს აგენტებად?
- რა თქმა უნდა, ამერიკელებს ეშინიათ, რომ პოროშენკომ რაღაც მომენტში რუსეთისკენ არ გაიწიოს და პუტინთან რამე გარიგებაზე არ წავიდეს. აქ არის მეორე მომენტიც – პოროშენკო არ მოიშოროს თავისივე გარემოცვამ. მის გარემოცვაში უნდა იყვნენ ანტირუსული ძალები, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ იქცევიან რუსეთის აგენტებად. დღეს უკრაინაში ჩასულია 100 ქართველი, როგორც კი ესენი რამეს შეატყობენ, ეგრევე ჩაუშვებენ ამერიკელებთან. ან ამათ იმას გამოაპარებ, პოროშენკოს გარემოცვაში ვინ გადაუხვევს გზიდან? აი, ასეთ სიტუაციაში ჩვენი პროკურატურის გაღიზიანება უკვე იწვევს ვაშინგტონის გაღიზიანებას. ამერიკელები ფიქრობენ, რომ დღეს ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, როგორმე სააკაშვილი ჩასვას ციხეში. ათჯერ რომ გეტყვიან, უკან ყურებას თავი დაანებეო, ეს რას ნიშნავს? კი, ხალხი პირიქით ითხოვს, მაგრამ აქედან ინფორმაცია არ გააქვთ ჩვენს დიპლომატებს. ეს ელჩები რანაირად, რა ნიშნით ინიშნებიან? მე ვიცი ისეთები, რომლებსაც საგარეო საქმეთა სამინისტროში დარაჯებადაც არ დავაყენებდი. ზოგი ახლობელია, ზოგი ნათესავია, მაგრამ ამას მაინც ვამბობ. ამათ ვერ დააჯერეს ვერავინ იმაში, რომ „ნაციონალები“ მართლა დამნაშავეები არიან. გარდა ამისა, უკვე გითხარი, დღეს ამერიკელებს ასე სჭირდებათ.
ერთ მაგალითს გეტყვი, რომელიც აღარავის აღარ ახსოვს: როგორც კი არჩილ კბილაშვილი პროკურორი გახდა, ამერიკაში ჩაიტანა გაუხსნელი საქმეები, მათ შორის ჟვანიას საქმეც, სადაც სააკაშვილს ედებოდა ბრალი, იმავე ამერიკელებმა ყველაფერი თავზე დაახიეს. ამაზე ღიად წერდა ამერიკული პრესა. ჩამოვიდა კბილაშვილი და საერთოდ გაჩუმდა, იქ რა მოხდა, ხმა არ ამოუღია.
დასავლეთის პოზიცია ასეთია: ჩვენ სააკაშვილს არ მივეცით გაყალბების საშუალება, ვაიძულეთ, რომ დაეთმო ხელისუფლება, ეს იკმარეთ. არ გამოვრიცხავ, იმ პერიოდში რაღაც შეთანხმებაც იყო და ამათ პირობა მისცეს ამერიკელებს, რასაც ახლა აღარ ასრულებენ. ამერიკის ელჩი მიტინგებზე დადიოდა, ასეთი რამ მსოფლიო დიპლომატიას არ ახსოვს. რატომ დადიოდა? იმიტომ, რომ მშვიდობიანად გაეცილებინა „ნაციონალები“. აი, ეს არის ამ საქმის მთელი ანატომია.
„რეზონანსი“, 18 თებერვალი, 2015 წელი
კიევს სააკაშვილის გადმოცემაზე უარი ჯერ არ უთქვამს
ეკეტერინე ბასილაია
(შემოკლებით)
ნათელია, რომ სააკაშვილს საქართველოს არ გადმოსცემენ და ამ საკითხში უკრაინა ქართულ მხარესთან თანამშრომლობას საერთოდ არ აპირებს. არის თუ არა ეს უკრაინის მხრიდან ერთგვარი დემარში და არამეგობრული საქციელი? რესპონდენტები ამას სხვაგვარად აფასებენ, თუმცა, როდესაც “რეზონანსი” მათ ესაუბრა, ჯერ კიევის ოფიციალური პოზიცია ცნობილი არ იყო და ისინი მხოლოდ საქართველოს პროკურატურის განცხადებას ეყრდნობოდნენ“.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე აცხადებს, ვიდრე სამართლებრივი ნაწილი ამოწურული არ არის, პოლიტიკური კომენტარისაგან თავს შეიკავებს. თუმცა იქვე ამბობს იმასაც, რომ ბოლოს და ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მაგალითად გირგვლიანის მკვლელობის საქმეში სააკაშვილის დანაშაულიც იკვეთება და თუკი უკრაინელები ქართულ სასამართლოს არ ენდობიან, საერთაშორისო სასამართლოს მაინც უნდა ენდონ. მიროტაძის თქმით, უკრაინულ-ქართულ ურთიერთობაში მოკლევადიანი გარკვეული უხერხულობა არსებობს, მაგრამ ამ ურთიერთობის გაფუჭებას მაინც გამორიცხავს. “უხერხულობა არსებობს და ამას ვადასტურებ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს მოკლევადიანი უხერხულობაა. ვერც სააკაშვილები და ვერც პოროშენკოები ვერ შეცვლიან ორი ქვეყნის ურთიერთობას. 20-21 თებერვალს უკრაინაში დაღუპულ გმირთა პატივსაცემად ღონისძიება იმართება და ქართული დელეგაცია აუცილებლად წავა. პირადად მე მიწვეული არ ვარ, რომ ვიყო, აუცილელად წავიდოდი, იმიტომ, რომ გმირები არიან გმირები,” – უთხრა მიროტაძემ “რეზონანსს”.
“საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელ, დავით დარჩიაშვილის განცხადებით, უკრაინამ თანამშრომლობაზე უარი თქვა იმიტომ, რომ გამოკვეთილია პოლიტიკური დევნის ნიშნები და საერთოდ, დასავლეთში საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების სამართლიანობის არ სჯერათ. “ეს ყველაფერი არა უკრაინის უარით, არამედ საფრანგეთის უარით დაიწყო, შემდეგ იყო საბერძნეთის უარი, შემდეგ უნგრეთის უარი და ახლა კი უარი უკრაინამაც განაცხადა. დასავლეთი ამ პროკურატურას და მის კურატორ ივანიშვილს სამართლიანი მართლმსაჯულების განმახორციელებელ მხარედ არ აღიქვამს. ეს არის პოლიტიკური დევნა და ყველასთვის ცნობილია. პირველი იყო კეზერაშვილის ქეისი პარიზში და არა თუ სასამართლომ, საფრანგეთის პროკურატურამაც კი თქვა, რომ აქ ცალსახად პოლიტიკური დევნის ნიშნები იკვეთებაო. როგორც კი ეს მოტივი იკვეთება, ამის შემდეგ არავის აინტერესებს საქმის არსებით განხილვაში შესვლა,” – აღნიშნავს დარჩიაშვილი. მისი თქმით, სამარცხვინო იყო, როდესაც ღარიბაშვილმა პოროშენკოს დაურეკა კვიტაშვილისა და ზღულაძის დანიშვის გამო სასაყვედუროდ და ახლაც, როდესაც სააკაშვილის მრჩევლად დანიშვნის გამო უკრაინის ელჩი დაიბარეს. ეს ნიშნავს, რომ პრემიერი ვერ ერკვევა პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთოებაში. “ამ უარის შემდეგ ხელისუფლება რას იზამს, არ ვიცი. თუკი 21-ში უკრაინაში ქართული დელეგაცია ჩავა, არ გამოვრიცხავ, გადაკრულად, არაოფიციალურად მიუთითონ კიდეც უტაქტო ქმედებებზე. ცოტა ხნის წინ უმრავლესობასთან ერთად მომიწია უკრაინაში ყოფნა და დელეგაციას ტაქტიანად უთხრეს, მაიდანზე პრობლემები რომ გვქონდა, თქვენი ოპოზიციისაგან მხარდაჭერა გვახსოვს, მაგრამ კარგი იქნებოდა, ეს ხელისუფლებისგანაც დაგვენახაო. ამაზე მეტი რა უნდა ეთქვათ?! პრემიერის განცხადება, რომ ყირიმი სხვაა და აფხაზეთი სხვა, უკრაინაში ამაზეც არის განაწყენება. სამწუხაროდ, ხელისუფლებას ასეთი დიპლომატიური საუბარი არ ესმის და ვერ იგებს, რომ ეს პრობლემებს ქმნის,” – დასძენს დარჩიაშვილი.
აღსანიშნავია ის, რომ უკრაინის ხელისუფლებაში ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნა გასულ წელს დაიწყო. ჯანდაცვის მინისტრად ალექსანდრე კვიტაშვილი, შს მინისტრის მოადგილედ ეკა ზღულაძე, იუსტიციისა და რეფორმების სფეროში პრემიერის მრჩევლად ლევან ვარშალომიძე, იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ გია გეწაძე, გენპროკურორის მოადგილედ დავით საყვარელიძე და ბოლოს პრეზიდენტის მრჩევლად, “რეფორმირების საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს” ხელმძღვანელად – მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილმა ისიც კი თქვა, უკრაინაში 100-მდე ქართველი მუშაობს და მათგან ბევრი მაღალ თანამდებობაზეა დანიშნულიო. დავით დარჩიაშვილის თქმით, უკრაინაში მართლაც ძალიან ბევრი ქართველი მუშაობს, უმთავრესად იუსტიციისა და სამხედრო სფეროებში, ასევე შესაძლოა, პოლიციაშიც, თუმცა დასაქმებულ ქართველთა რაოდენობა მისთვის ცნობილი არ არის. ცნობისათვის, გუშინ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ ვინაიდან მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს საქართველოში წაყენებული აქვთ ბრალდებები და მათ მიმართ გამოცხადებულია ძებნა, ამასთან, ადეიშვილი იძებნება წითელი ცირკულარით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკრაინის გენერალურ პროკურატურას მიმართა ხსენებულ პირთა დადგენა-დაკავებისა და ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობით. აქვე აღნიშნულია, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ძებნილ პირთა ექსტრადიცია ხორციელდება “ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციით, “სამოქალაქო, საოჯახო და სს საქმეებზე სამართლებრივი დახმარების შესახებ” მინსკის 1993 წლის კონვენციითა და “სამოქალაქო და სს საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ” საქართველოსა და უკრაინას შორის 1995 წელს დადებული ორმხრივი ხელშეკრულებით”, – განაგრძობს გამოცემა.
“პროკურატურის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ხსენებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად განიხილონ და გადასცენ ერთმანეთს ძებნილი პირები, თუმცა ამის მიუხედავად, უკრაინის მხარეს საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან არ უთანამშრომლია და უარს აცხადებს ძებნილი პირების ექსტრადირებაზე. ყოფილი გენერალური პროკურორისა გია მეფარიშვილის თქმით, საქართველოს ბრალდებულების ექსტრადიციის საკითხში პრობლემები ყოველთვის ჰქონდა. მთელი რიგი პრობლემები დაკავშირებული იყო პოლიტიკურად ანგაჟირებულ საქმეებთან და ასეთი ექსტრადიციის განხორციელება ძალიან ჭირდა. თუმცა, მისი თქმით, რაც დღეს ამ მიმართულებით ხდება, საგანგაშოა”, – წერს სტატიის ავტორი.
“ეს ნიშნავს რომ საქართველოს გარკვეული პრობლემები შეექმნა საერთაშორისო ასპარეზზე და საერთაშორისო ურთიერთობებში ქართულ სიტყვას ფასი არ აქვს. ეს ძალიან სამწუხაროა. დღეს მინსკის კონვენცია არ მოქმედებს, რადგან საქართველო დსთ-დან 2008 წელს გავიდა, მაგრამ როგორც უკრაინა, ასევე საქართველო ევროპის საბჭოში შემავალი ქვეყნებია და, ამდენად, არსებობს დოკუმენტი, რომლითაც უკრაინის მხარე ყველა შემთხვევაში ვალდებული იყო, ეს საერთაშორისო ვალდებულება შეესრულებინა. მე მოვუსმინე უკრაინის ელჩის განმარტებასაც, უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი არ შეიძლება დავარღვიოთო. ეს კი არაფერ შუაში არ არის. უდანაშაულობის პრეზუმფციის პინციპის დარღვევა გულისხმობს კონკრეტული პიროვნება, ბრალდებული, შეიძლება ჩაითვალოს თუ არა დამნაშავედ. ამას არავინ არ ითხოვდა, ითხოვდა მხოლოდ და მხოლოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის დევნილი კონკრეტული პირების დაპატიმრებასა და ექსტრადიციის აღსრულებას. რა შუაშია უდანაშაულობის პრეზუმფცია, ჩემთვის გაუგებარია. ეს ძალიან საწყენია, რადგან უკრაინა ყოველთვის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი იყო. არ მინდა დავუშვა ის ყველაზე საშინელი შესაძლებლობა, რომ ჩვენ შორის ურთიერთობა გაფუჭდება, მაგრამ, სამწუხაროდ, მაინცდამაინც დადებითი პროგნოზი არ მაქვს”, – აცხადებს გია მეფარიშვილი.
“პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, რაც დღეს უკრაინაში ხდება, საქართველოს ღირსებისა და თავმოყვარეობის შელახვაა და ამას საზოგადოების დიდი ნაწილი არამეგობრულ ნაბიჯად აღიქვამს: “აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდმა დღეს განაცხადა, რომ უკრაინასა და საქართველოს ერთმანეთი სჭირდებათ და, შესაბამისად, ამ ურთიერთობაში საქართველომ კონფრონტაციული ფონი არ უნდა შეიტანოს. ეს იყო მისი ვიზიტის მთავარი მესიჯი. თუმცა მიმაჩნია, ძალიან კარგი იქნება, თუკი ამერიკელები უკრაინელებსაც იმავეს ეტყვიან. ეტყვიან, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებებით არა მარტო საქართველოს ხელისუფლებასთან, არამედ საქართველოს საზოგადოებასთან კონფრონტაცია არ ღირს. “იმას, რაც უკრაინაში ხდება, პარტნიორ მეგობარ ხელისუფლებებს არ უკეთებენ. ასე ღირსებასა და თავმოყვარეობას არ ულახავენ. ქართველ ყოფილ მაღალჩინოსანთა დესანტის უკრაინაში გადასმა ცალსახად მარტო უკრაინის გადაწყვეტილება არ არის, აშშ-სა და უკრაინის ერთობლივი გეგმაა. ეს იმას ნიშნავს, რომ გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსები “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნას უმაღლეს შეფასებას აძლევენ და აშშ აღიარებს, რომ მათ გარეშე უკრაინას რეფორმები არ შეუძლია. ეს საქართველოს მომავლისთვის დამაფიქრებელია. ამ ფონზე ანტიდასავლურ ძალებს ძალიან კარი ფორა ეძლევათ იმის სათქმელად, რომ დასავლეთი საქართველოს წინააღმდეგია”, – დასძენს ხათუნა ლაგაზიძე.
„რეზონანსი“, 18 თებერვალი, 2015 წელი
უკრაინაში ქართული პროდუქტი თითქმის აღარ გადის
ელზა წიკლაური
(შემოკლებით)
საქართველო-იუკრაინის სავაჭრო ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა. 2015 წლის იანვარში საქართველოდან უკრაინაში ექსპორტი 75%-ით, ხოლო იმპორტი 20%-ით შემცირდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 28, 2 მილიონი ლარი შეადგინა. იმის გამო, რომ ჩვენს ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობა ისევე არაპროგნიზირებადია, გამორიცხული არ არიოს, რომ წლის განმავლობაში უკრაინის მიმართულ;ებით ექსპორტი კიდევ ეუფრო შემცირდეს, იგივე შეიძლება მოხდეს იმპორტის საკითხშიც.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციიის ხელმძღვანელი ნოდარ ჭიჭინაძე აცხადებს, რომ „უკრაინაში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო იქ ექსპორტი წახალისდა, მაგრამ ჩვენი ექსპორტ-იმპორტის ასეთი დისბალანსი გამოწვეულია ვაჭრობის იმ სტრუქტურიდან, რომელიც ჩვენ კიევთან გვაქვს. საქართველოს უკრაინიდან ძირითადად საკვები პროდუქცია შემოაქვს, ჩვენგან კი ძირითადად მინერალური წყალი და ალკოჰოლური სასმელი (ღვინო, კონიაკი, არაყი) გადის, რაც საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისათვის ნაკლებად მოთხოვნადია“.