globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 19 თებერვალი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Feb 19th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი): ვიქტორია ნულანდი სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებში: თბილისური შეხვედრები

«Комсомольская правда» (რუსეთი): რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს? // უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის ატომური ილუზიები

«Российская газета» (რუსეთი): კონსტანტინ კოსაჩოვი: „საქართველოს მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მიზნით სრულიად სამართლიანია“

«РИСИ» (რუსეთი): საინფორმაციო ომი რუსეთის წინააღმდეგ: მტრები და მეგობრები

———————-

«Независимая газета» (რუსეთი), 19 თებერვალი, 2015 წელი

http://www.ng.ru/cis/2015-02-19/6_gruzia.html

ვიქტორია ნულანდი სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებში: თბილისური შეხვედრები

„გუშინ, ოთხშაბათს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში ვიქტორია ნულანდმა თავისი სამდღიანი კავკასიური ტურნე დაასრულა. ამერიკელმა დიპლომატმა საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი მოინახულა, შეხვდა სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების მეთაურებს და სხვა მაღალჩინოსნებს. თბილისში ამერიკელ სტუმარს ცოტა განსხვავებული პროგრამა ჰქონდა – ვიქტორია ნულანდი ოპოზიციის წარმომადგენლებსაც ესაუბრა“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – იური როქსი).

„დღეს საქართველო კავკასიაში აშშ-სათვის ყველაზე უპრობლემო ქვეყანაა. კი, იყო რაღაც მომენტები, როცა ვაშინგტონს ეგონა, რომ საქართველოს ახალ ხელისუფლებას რაღაც საგარეოპოლიტიკური გადახვევები აქვს ჩაფიქრებულიო, მაგრამ თეთრი სახლის შეშფოთენა უსაფუძვლო აღმოჩნდა. „ქართული ოცნება“ დიპლომატიაში „ნაცმოძრაობის“ მიერ გაკვალულ გზას გაუყვა და მიხეილ სააკაშვილის საქმის კეთილსინდისიერი გამგრძელებელი აღმოჩნდა. რაც შეეხება ექს-პრეზიდენტისა და მისი გუნდის წარმომადგენლების მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს, ისინი თურმე საგარეოპოლიტიკური პირუეტების ნიშნები კი არ ყოფილა, არამედ, როგორც აშშ-ში გაიგეს, „სუფთა შიდა ქართული საქმეები“. აქედან გამომდინარე, ვიქტორია ნულანდმა შეხვედრების დროს ახალი და ძველი ხელისუფლების ურთიერთდამოკიდებულების საკითხები აღარ გაამწვავა, უბრალოდ, სურვილი გამოთქვა, რომ გარკვეულ საკითხებში, მაგალითად, უკრაინის კრიზისის მიმართ, მათ ერთიანი პოზიცია ჰქონდეთ – „საქართველოს და უკრაინას ერთმანეთი სჭირდებათო“. რისთვის სჭირდებათ – ეს გაურკვეველი დარჩა, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო წარმომადგენელმა ამ სიტყვებში რუსეთის წინააღმდეგ სოლიდარობის გამოხატვა იგულისხმა. პრინციპში, ეს ახალი არაა, რადგან კიევი და თბილისი ბოლო პოსტსაბჭოურ წლებში სწორედ რუსეთთან კონფრონტაციით იყვნენ დაკავებულნი.

საქართველომ ამერიკელი სტუმრისაგან ტრადიციული დაპირებები მოისმინა ყველანაირი დახმარების გაწევაზე ყოველგვარ საკითხებში, დაწყებული ფინანსურით და დამთავრებული ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებით. ვიქტორია ნულანდს არ დავიწყებია აგრეთვე ხელშეწყობა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხიც.

ქართულ ოპოზიციასთან შეხვედრის დროს ამერიკელმა დიპლომატმა მოისმინა საჩივრები საქართველოს ხელისუფლების მიმართ: გაიგო, რომ თურმე რეფორმები შეჩერებულია, რომ დემოკრატიულ ფასეულობებს პატივისცემა მოაკლდა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს სამართლებრივად დევნიან და ა.შ. „საჩივრების შეტანაში“ განსაკუთრებით აქტიურობდნენ „თავისუფალი დემოკრატები“, რომლის ლიდერია თავდაცვის ექს-მინისტრი ირაკლი ალასანია. ვიქტორია ნულანდმა ყველაფერი „ცნობად მიიღო“ და, როგორც ჩანს, ამით დასრულდა ყველაფერიც“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

«Комсомольская правда» (რუსეთი), 19 თებერვალი, 2015 წელი

http://www.kp.ru/daily/26343/3226610/

რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს?

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის ატომური ილუზიები

სერგეი პოლოსატოვი

იმ მრჩევლების გამო, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა აიყვანა, ადამიანი შიშისაგან დაიზაფრება: მიხეილ სააკაშვილი ისეთ რაღაცას ამბობს, რომ… გაგაჟრჟოლებს. საშინელებაა პირდაპირ!

„პირველი ეროვნული ტელეარხის“ პროგრამა „შუსტერ-ლაივის“ სტუდიაში (ეს პროგრამა, სხვათა შორის, „სიცოცხლის“ ბოლო დღეებს ითვლის) საქართველოს ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსული ატომური იარაღი საშიში არ არის და ერთგვარი ჰიპოთეტური სურათი დახატა, თუ რა მოხდება უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული ბომბის აფეთქების შემდეგ:

- თუ ვინმე ფიქრობს, რომ მოდი, პატარა ტაქტიკური დანიშნულების ბირთვულ ჭურვს ავაფეთქებ, ვთქვათ, სადღაც მარიუპოლთან ახლოს და ვერავინ ვერაფერს მეტყვისო, ეგრე არ არის… საპასუხო დარტყმა აშშ-ის სამხედრო დოქტრინაშია ჩაწერილი, რომლის თანახმად, იმის მიუხედავად, თუ ვინ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, შეერთებულმა შტატებმა აუცილებლად უნდა უპასუხოს, რადგან ბომბის აფეთქება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგაა მიმართული.

- რა თქმა უნდა, ვლადიმერ პუტინს შანტაჟის მოწყობა შეუძლია, და თუ იგი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ამერიკელები ორმოც წუთში გაანადგურებენ რუსეთის მთელ ბირთვულ პოტენციალს, არ იქნება არც რუსეთი და არც მისი პრეზიდენტი, ისიც ვერ გადაურჩება სიკვდილს, – ფანტაზიორობდა მიხეილ სააკაშვილი.

ნორმალურ ადამიანს, ვისაც კარგად ახსოვს ყოფილი პრეზიდენტის ქცევა, ტანში ჟრუანტელი დაუვლის. ეს ავანტიურისტი თავის ქვეყანას არ ინდობდა და სხვისას როგორ დაინდობს? მით უმეტეს, რომ თვითონ იმიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დიდხანს დარჩენას არ აპირებს: გამოაცხადა, რომ თავისი გუნდით საქართველოს ხელისუფლებაში ერთი წლის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნების შედეგებით დაბრუნდება. არჩევნებამდე სამშობლოში გამოჩენა არ ღირს, რადგან მასზე და მისი გუნდის წევრების თითქმის ნახევარზე ძებნაა გამოცხადებული: მიხეილ სააკაშვილს ბრალად მრავალი დანაშაულის ჩადენა ედება.

უკრაინას საქართველოსთან ექსტრადირების ხელშეკრულება აქვს დადებული, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის საკითხი იმდენად დელიკატურია, რომ მის გადაწყვეტას არავინ ცდილობს.

ძალიან კარგია, რომ უკრაინას ასეთი მრჩევლის დანიშვნის დროს სრულფასოვანი ბირთვული არსენალი აქ აქვს, მაგრამ სადაა იმის გარანტია, რომ მათ არ ექნებათ რაიმე მცირე ბირთული მუხტის შექმნის შესაძლებლობა? ეს რომ თეორიული შესაძლებლობა იყოს, გინდაც ერთი შანსი მილიონიდან, სულელს ის იარაღი ხელში მაინც არ უნდა ჩაუგდო.. მიხეილ სააკაშვილისათვის ხომ მთავარი ისაა, რომ აიძულოს აშშ ომში ჩაებას და რუსეთის წინააღმდეგ დარტყმა განახორციელოს.

თუმცა, გვჯერა, რომ ოკეანის იქითაც სულელები არ სხედან, ვის-ვის და ყველაზე მეტად მათ არ სურთ ხელების დაწვა ომის ხანძარში და ის, რომ პოროშენკო და სააკაშვილი ცეცხლისაგან გადაარჩინოს.

«Российская газета» (რუსეთი), 19 თებერვალი, 2015 წელი

http://www.rg.ru/2015/02/18/kosachev-site.html

კონსტანტინ კოსაჩოვი: „საქართველოს მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მიზნით სრულიად სამართლიანია“

ტატიანა ზამახინა

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინ კოსაჩოვმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას კომენტარი გაუკეთა უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩევლად საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის ფაქტს და განაცხადა, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მოთხოვნა ექს-პრეზიდენტის ექსტრადირების თაობაზე „სრულიად სამართლიანია“.

„მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მრავალ დანაშაულშია ეჭვმიტანილი, ამ საკითხის პოლიტიზირებას ახდენს და ცდილობს თავი აარიდოს პასუხისმგებლობას და უხერხულ შეკითხვებს არ პასუხობს“, – განაცხადა კონსტანტინ კოსაჩევმა, – „იმის ნაცვლად, რომ ყოფილი პრეზიდენტი საქართველოს გადასცენ, მას კიევში სამსახურს სთავაზობენ, რაც ძალიან მცდარი გადაწყვეტილებაა“.

„ჩვენ ყველანი მოწმენი ვართ იმისა, რა მდგომარეობამდე მიიყვანა მიხეილ სააკაშვილმა საქართველო“, – განუცხადა ჟურნალისტებს რუსმა სენატორმა, – შეიძლება გავიხსენოთ მისი მიღწევები ქვეყნის შიდა რეფორმირების საფეროში, მაგრამ რაც მან თავისი უგნური მოქმედებით ზიანი მიაყენა საქართველოს, საბოლოოდ დაანგრია თავისი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობა და რადიკალურად გააუარესა ურთიერთობა თავის ყველაზე ახლო მეზობელთან, იმას ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის სტრატეგიამ სრული მარცხი განიცადა“.

კონსტანტინ კოსაჩოვს უკვირს, როგორ დანიშნა პეტრო პოროშენკომ თავის მრჩევლად „ასეთი „საკრედიტო ისტორიისა“ და ამდენი შეცდომების ჩამდენი ადამიანი, მას ხომ ყველა სახელმწიფოში თანამდებობასთან ახლოსაც არ გააკარებდნენ“.

„პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილება უკრაინისათვის ულოგიკო და უპერსპექტივოა, მით უმეტეს, რომ დამატებითი გამღიზიანებელი ფაქტორია კიევის საგარეო კავშირებში, განსაკუთრებით საქართველოსთან ურთიერთობებში“, – აღნიშნა კონსტანტინ კოსაჩოვმა. იმავდროულად მან ხაზი გაუსვა, რომ ამგვარი ქმედება სრულიად თავსდება უკრაინის ახალი ხელისუფლებების საბედისწერო შეცდომების ჩარჩოებში.

«РИСИ» (რუსეთი), 19 თებერვალი, 2015 წელი

http://riss.ru/actions/anonses/4252#.VOVEdcP9nGj

საინფორმაციო ომი რუსეთის წინააღმდეგ: მტრები და მეგობრები

რომელი ქვეყნის მასმედია აქტიურობს ყველაზე მეტად რუსეთის წინააღმდეგ? ამ კითხვაზე რომ პასუხი გაეცა, მოსკოვის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტმა («РИСИ») შეისწავლა მსოფლიო მასმედიის მასალები და მიმდინარე საინფორმაციო ომში რუსეთის მთავარი მტრები გამოავლინა: ანგლოსაქსური ქვეყნები, ევროკავშირი, იაპონია, უკრაინა, საქართველო და რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ, იორდანია.

ინსტიტუტის მიერ მომზადებული მოხსენების პრეზენტაცია მოსკოვში გუშინ, 18 თებერვალს გაიმართა.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მათ მოხსენება ახალი გამოყენებითი დისციპლინის – პოლიტიკური მედიამეტრიის დახმარებით მოამზადეს.. მოხსენებისთვის შეისწავლეს და გაანალიზეს მსოფლიოს ასამდე სახელმწიფოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ 2014 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული და გავრცელებული მასალები. ანალიზში ჩანს, თუ როგორ მწვავდებოდა და რადიკალური ხდებოდა „ანტირუსული პროპაგანდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო ომში“.

საინტერესოა, რომ ანალიტიკოსების კვლევის შედეგად გამოიკვეთა ევროპის ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთს მეტ-ნაკლებად ნეიტრალურად ანდა შედარებით ზომიერად აღიქვამენ – ესენია იტალია და ბელგია. გარდა ამისა, ასევე გაირკვა, რომ მსოფლიოს ერთადერთი სახელმწიფო, რომლის მასმედია რუსეთს მხოლოდ დადებითად აშუქებს, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მდებარე სირიაა.

საკვირველია, რომ რუსეთის მიმართ ყველაზე არამეგობრულ განწყობას გერმანიის მასობრივი ინფორემაციის საშუალებები ამჟღავნებენ და ეს იმის მიუხედავად, რომ ქვეყნის მმართველი წრეები მოსკოვის მიმართ ასე თუ ისე ზომიერ, ლოიალურ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ. გერმანიის პრესა ანტირუსულ პროპაგანდაში ლიდერი ჯერ კიდევ ყირიმის რუსეთთან შეერთებამდე იყო, შეერთების შემდეგ კი რუსოფობია უფრო გამწვავდა. გერმანელებს არ ცამოუვარდებიან ამერიკელი ჟურნალისტები, რომლებმაც რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავეს. გაიზარდა ანტირუსული განწყობა ავსტრიის მასმედიაში (სხვათა შორის ამ ქვეყნის ხელმძღვანელებიც მოსკოვისადმი ლიალურობას ამჟღავნებენ), რომელმაც რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა.

„თუ სიტუაციას 2013 წელთან შედარებით შევაფასებთ, თვალში მოგვხვდება საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის მაშინდელი „ნეიტრალიტეტი“, აგრეთვე რუსეთისადმი ზომიერი დამოკიდებულება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, კანადის, იაპონიისა და უკრაინის მასმედიაში. ამავე დროს ძალიან აგრესიულად იყო განწყობილი მოსკოვის მიმართ ჩილისა და ბრაზილიის პრესა და ტელევიზია. ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ 2014 წელს საინფორმაციო სიტუაცია რუსეთისათვის არსებითად გაუარესდა“, – ნათქვამია მოხსენებაში.

Comments are closed