globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 25 თებერვალი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Feb 25th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«День» (უკრაინა): ქართული რაციონალიზმი და უკრაინა // ინტერვიუ გიორგი მარგველაშვილთან

«Deutsche Welle» (გერმანია): უკრაინის ხელისუფლების ქართული აქცენტი: რეფორმების წარმატება თუ კრახი?

«КоммерсантЪ» (რუსეთი): ლარი ექსპორტთან ერთად დაეცა: ქართულმა ვალუტამ გრივნისა და რუბლის ბედი გაიზიარა

———————–

«День» (უკრაინა), 24 თებერვალი, 2015 წელი

http://www.day.kiev.ua/ru/article/den-planety/o-gruzinskom-racionalizme

ქართული რაციონალიზმი

ინტერვიუ გიორგი მარგველაშვილთან: „ჩვენი მეგობრობა უკრაინელებთან არა ინდივიდებზე, არამედ ისტორიულ კეთილმეზობლობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე დგას“

საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს უკრაინაში ყოფნის დროს გაზეთ «День»-ის კორესპონდენტმა მიკოლა სირუკმა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა. ინტერვიუში ქართველი ლიდერი საუბრობს საქართველოს საგარეოპოლიტიკურ კურსზე, საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე, ოფიციალური თბილისის დამოკიდებულებაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მიმართ და სხვა საკითხებზე.

გთავაზობთ გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუს თემატიკას:

ა) ქართველები უკრაინის მთავრობაში

ნებისმიერი ქართველი მზადაა, უკრაინაში იმსახუროს, თუმცა  უკრაინის არჩევანია, როგორ ქართველს მიიწვევს. მე და პეტრო პოროშენკოს მანდატი ქართველმა და უკრაინელმა ხალხმა მოგვცა. ეს გვავალდებულებს, რომ გავამყაროთ მეგობრობა ორ ქვეყანას შორის. რომ არ ვასრულებდეთ ამ ვალდებულებას, ჩვენ კი ვასრულებთ, მაინც ვერ შევძლებდით ქართველებისა და უკრაინელების წაჩხუბებას, ვინაიდან ისტორიული ფესვები და საერთო მიზნები გვაერთიანებს. პირიქით, ჩვენ ვმუშაობთ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე. ჩვენი სიყვარულისა და მეგობრობიდან, ასევე სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, მე ვიტყოდი, რომ ნებისმიერი ქართველი მზადაა, უკრაინაში იმსახუროს,  უკრაინის არჩევანია, როგორ  ქართველს მიიწვევს. ჩვენი მეგობრობა უკრაინელებთან არა ინდივიდებზე, არამედ ისტორიულ კეთილმეზობლობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე დგას. [რაც შეეხება [გარკვეულ პირებთან დაკავშირებულ მომენტებს, რომელთა მიმართ პროკურატურას შეკითხვები აქვს], ეს დეტალები და ლაფსუსები მშვიდობიან დროს მოგვარდება. საერთოდ, ასეთი საკითხები არ განიხილება, როდესაც მეგობრებს პრობლემები აქვთ“.

ბ) მმართველი კოალიცია, კონსტიტუცია და პრეზიდენტი

შეკითხვაზე, „რატომ ხდება, რომ საქართველოს მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ ზოგიერთ რეგიონში პოზიციებს თმობს, კოალიციიდანაც მოკავშირეები გადიან“, გიორგი მარგველაშვილი პასუხობს: „ეს დემოკრატიული პროცესია ჩვენმა ქვეყანამ მთავარი ტესტი უკვე ჩააბარა: ხელისუფლება არჩევნების გზით მშვიდობიანად შეიცვალა. ჩვენ ახლა მოსახლეობა გვაკონტროლებს. სწორედ ამიტომაა, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში ხალხი პოლიტიკური ლიდერების ამბიციებს [გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს ხოლმე]“.

რაც შეეხება საქართველოს მმართველობის სისტემას… საბჭოთა კავშირს შესანიშნავი კონსტიტუცია ჰქონდა, თუმცა ის არ მუშაობდა. მე კონსტიტუციონალისტ-თეორეტიკოსი არ ვარ. მე დავიფიცე კონსტიტუციაზე და ვემსახურები იმ კონსტიტუციას, რომელზეც დავიფიცე. ეს უკვე პოლიტიკური თეორეტიკოსების, მიმომხილველების თემაა, დაე, მათ იფიქრონ ამაზე. მე მინახავს ქვეყნები, სადაც ნებისმიერი დემოკრატია მუშაობს და სხვათა შორის, მე დავიბადე ქვეყანაში, სადაც შესანიშნავი კონსტიტუცია იყო, მაგრამ ის არ მუშაობდა. ეს იყო საბჭოთა კავშირი – საბჭოთა საქართველო. მთავარია ემსახურო იმ კონსტიტუციას, რომელიც გაქვს. როდესაც არჩევნებზე მივდიოდი, ვიცოდი, რაზეც მივდიოდი. ვიცოდი, რომ რთული იქნებოდა, ოღონდ არა კონსტიტუციის, არამედ იმის გამო, რომ უზარმაზარი მოლოდინები იყო. ეს რთული გარდამავალი პროცესია“.

გ) საქართველო-რუსეთი-უკრაინა: ომი და მშვიდობა

„ომი არც საქართველოს და არც უკრაინას არ დაუწყიათ. არც ერთ ქვეყანას, უკრაინის ჩათვლით, არ სურს ომი. არც საქართველოს, არც უკრაინას არ დაუწყიათ ომი. ასე რომ ჩვენი მხრიდან რაციონალური მიდგომა პრევალირებს. ჩვენ ველით ძალიან პრინციპულ პოზიციას ჩვენი პარტნიორების მხრიდან. რა თქმა უნდა, საუბარია არა ომზე ორიენტირებაზე, არამედ ჩვენი სახელმწიფოების თავდაცვისუნარიანობასა და სტაბილიზაციაზე.

დღეს უკრაინაში ომია და ჩვენ უნდა ვიფიქროთ, ერთი მხრივ, როგორ შეწყდეს სისხლისღვრა და როგორ დამყარდეს მშვიდობა, მეორე მხრივ კი, არ უნდა დავივიწყოთ ე.წ. „გაყინული კონფლიქტებიც“, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაჩნდნენ. სამწუხაროდ, მათი მოგვარება ჭიანურდება, ხშირ შემთხვევაში კი სიტუაცია მწვავდება. თუ კონკრეტულად საქართველოზე ვისაუბრებთ, ჩვენ ჰიბრიდული ომები ჯერ კიდევ 1990-იან წლებში გამოვიარეთ რუსეთის მონაწილეობით. ისე ჩანდა, რომ ჩვენ თითქოსდა კონფლიქტების ლოკალიზება მოვახდინეთ, მაგრამ შემდეგ იყო 2008 წელი, როცა რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდნენ, ცოტა მოგვიანებით კი ამ კვაზისახელმწიფოებთან [აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან] ხელი მოაწერა რაღაც შეთანხმებებს, რაც პრობლემის მოგვარებას აბრკოლებს.

არ ვიზიარებ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების მიდგომამ რუსეთთან მიმართებაში არაფერი მოიტანა. პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში ერთადერთი სწორი გზაა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. ერთის მხრივ, გვაქვს პოზიტივი კულტურულ და სავაჭრო ურთიერთობებში, მეორეს მხრივ – ნეგატივი რუსეთის ხელისუფლების ქმედებების სახით, რომელმაც 2014 წლის ნოემბერში ოკუპირებულ აფხაზეთთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა.

რაციონალური პოლიტიკის ინტენსიფიცირებით საქართველო მთელს მსოფლიოს აჩვენებს, რომ რუსეთთან თავის ურთიერთობას კეთილმეზობლურად ახორციელებს და ეს ურთიერთობა პრობლემების გადაწყვეტისაკენაა მიმართული, მშვიდობიანად, არასამხედრო გზით, დიპლომატიური მეთოდებით. პოზიტივია ის, რომ მთელი მსოფლიო ხედავს, რომ საქართველო განწყობილია კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებისკენ, ხოლო რუსეთი გაცილებით აგრესიულია ამ რაციონალურ ფონზე.

დ) საქართველო-ნატო-ევროკავშირი

შეკითხვაზე, რომელიც რუსეთის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებას ეხება („ნატოში საქართველოს მიღების საკითხი დღეს და ხვალ არ დგას“), გიორგი მარგველაშვილი პასუხობს: „მე შემიძლია ჩემი განცხადების ციტირება მოვახდინო: ევროპული და ევროატლამტიკური არჩევანი ქართველი ხალხის სტრატეგიული არჩ ევანია, რაც ყველა პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა დგას. ჩვენ ქვეყანა ამ მიმართულებით მიგვყავს. რასაკვირველია, ნატოშიც და ევროკავშირშიც მიდის პროცესები, რომლებიც ჩვენი ინტეგრაციის ტემპზე გავლენას ახდენენენ. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი გვქონდეს, გვაქვს სერიოზული ამბიციები, რომ ასოცირების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს შევასრულებთ. მასზე ხელმოწერით ხაზი გავუსვით იმას, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.

«Deutsche Welle» (გერმანია), 25 თებერვალი, 2015 წელი

http://www.dw.de/a-18276712?maca=rus-rss_rus_yandex_new_comments_2-4163-xml

უკრაინის ხელისუფლების ქართული აქცენტი: რეფორმების წარმატება თუ კრახი?

სერგეი რუდენკო, კიევი (სპეციალურად „დოიჩე ველესათვის“)

2014 წლის ბოლოს უკრაინის მთავრობის სამ უწყებაში – ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში ქართველმა სპეციალისტებმა რეფორმების გასატარებლად მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყეს. „ლეგიონერთა“ მიზანია დაამსხვრიონ ქვეყანაში არსებული კორუმპირებული სისტემა და ბიძგი მისცენ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. შეძლებენ თუ არა ისინი ამ მიზნის განხორციელებას, ამას უახლოესი მომავალი გვაჩვენებს: რეფორმეტის გატარების სისწრაფეზსა და მის ხარისხზეა დამოკიდებული არა მხოლოდ თვით რეფორმატორების ბედი, არამედ უკრაინის სახელმწიფოს პერსპექტივაც.

მიხეილ სააკაშვილი – სამუშაოთა მწარმოებელი

ქართველი „ლეგიონერებში“ მთავარი ფიგურა მიხეილ სააკაშვილია. სწორედ მისი ძალისხმევით ჩავიდნენ თბილისიდან უკრაინაში რეფორმატორების მთელი გუნდი. მათ გარდაქმნების განხორციელების საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ, მათ საკუთარ მხრებზე გადაიტანეს კორუფციასთან ბრძოლის სიმძიმე და ძალოვანი სტრუქტურების რეფორმირების სირთულეები. ამ გუნდში მიხეილ სააკაშვილსმოთამაშე მწვრთნელის როლი აქვს დაკისრებული..

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უკრაინასთან ბევრი რამ აკავშირებს: მან კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა. ამ უმაღლეს სასწავლებელში მიიღო განათლება რამდენიმე წლით ადრე პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომაც. 2004 წელს მიხეილ სააკასვილმა, უკვე საქართველოს პრეზიდენტის რანგში, აქტიურად დაუჭირა მხარიუკრაინის მაშინდელ ოპოზიციას ვიქტორ იუშენკოს ლიდერობით, რომელიც ცოტა მოგვიანებით ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს. დიდ დროს არ გაუვლია, რომ ვიქტორ იუშენკო, უკვე უკრაინის პრეზიდენტის რანგში, მიხეილ სააკაშვილის მეორე ვაჟის ნათლია გახდა.

კიევი-თბილისს: მიხეილ სააკაშვილს არ გადმოგცემ!

მიხეილ სააკაშვილი როგორც თავისი პრეზიდენტობის პერიოდში, ასევე მის შემდეგაც უკრაინელ „ნარინჯისფერებთან“ კონტაქტებს არ წყვეტდა. ამიტომაც არავის გაკვირვებია მისი გამოჩენა კიევში ვიქტორ იანუკოვიჩის რეჟიმის დამხობის დღეებში. 2014 წლის დეკემბერში ექს-პრეზიდენტს უკრაინის ახალ მთავრობაში ვიცე-პრემიერის პოსტის დაკავება შესთავაზეს, მაგრამ მან უარი განაცხადა. გარდა ამისა, ამბობდნენ, რომ იგი არის ერთ-ერთი იმ კანდიდატთაგანი, რომელმაც ანტიკურუფციულ ბიუროს უნდა უხელმძღვანელოსო… მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა მოკრძალებული პოსტის – პრეზიდენტ პეტრო პოროსენკოს შთატგარეშე მრჩევლის თანამდებობის დაკავება არჩია.

ამის შემდეგ საქართველოს პროკურატურამ უკრაინას ექს-პრეზიდენტის გადაცემა მოსთხოვა, რომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეცაა აღძრული და დაუსწრებლად პატიმრობა აქვს მისჯილი. რასაკვირველია, ძალიან საეჭვოა, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება განხორციელდეს – იგი ხომ უკრაინის გარდაქმნების ერთ-ერთი მედროშეა.

პოლიცია მილიციის ნაცვლად. ძირს კორუფცია!

ამასობაში ყველაზე რადიკალური რეფორმა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში მზადდება, რომელსაც ეკა ზღულაძე ხელმძღვანელობს. მან უკვე გამოაცხადა, რომ მილიციას სახელი შეიცველბა და მას პოლიცია დაერქმევა. იცვლება ნორმატიული ბაზა და ფუნქციების გადანაწილება, დაწყებულია საპატრულო სამსახურის ჩამოყალიბების პროცესი, საბჭოური „სახელმწიფო ავტოინსპექციის“ ნაცვლად. გარდაქმნათა პირველი შედეგები 2015 წლის გაზაფხულზე უნდა გამოჩნდეს. სწორედ ამ დროისათვის აპირებს ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი ახალი კანონმდებლობის პროექტის წარდგენას ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებისათვის. კიდევ ოთხი ქართველი, უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ხელმძღვანელობით, ამ უწყების რეფორმის პროექტს ამზადებს, ხოლო გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ჩამოყალიბებაში, მზადაა ამ უწყების დირექტორი გახდეს.

ცხადია, ქართველი სპეციალისტების მიერ შეთავაზებული რეფორმების ხარისხის შეფასება მხოლოდ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ შეიძლება. უკრაინაში ყველა აცნობიერებს: სასწაული უეცრად არ მოხდება, წინ დიდი და ოფლისმღვრელი სამუშაოა…

ქართველი „ლეგიონერები“ და უკრაინის სისტემა: ვინ ვის?

უკრაინაში ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით დაწყებული რეფორმების წარმატება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, უპირველესად კი ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ 2004 წლის დროინდელი საქართველოს სიტუაცია დღევანდელი უკრაინის მდგომარეობისაგან კარდინალურად განსხვავდება: მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მეთაური რომ გახდა, მან მთავრობაში მიიყვანა თანაგუნდელები, რომლებთაც წინა ხელისუფლებასთან არაფერი აკავშირებდათ, ანუ მათ დასაკარგავი არაფერი ჰქონდათ. მათ დაუნანებლად დაიწყეს არსებული სისტემის ნგრევა. ალბათ, სწორედ ამაშია ქართველი გარდამქმნელების წარმატების მთავარი მიზეზი, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლაშიც. უკრაინაში კი დღესაც ხელისუფლებაში იმყოფებიან (სხვადასხვა დონეზე) ისინი, ვისაც ჯერ პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო, მოგვიანებით კი ვიქტორ იანუკოვიჩი ეყრდნობოდა. სწორედ ამ ჩინოვნიკების აქტიური თუ პასიური მონაწილეობით ჩამოყალიბდა ის სისტემა, რომელიც ქართველმა „ლეგიონერებმა“ უნდა შეცვალონ.

აბსოლუტურად ნათელია, რომ უკრაინაში რეფორმების წარმატებით გატარებისათვის „ლეგიონერი-იდეოლოგები“ საკმარისი არ არის. რეფორმები მკაფიო პერსონიფიცირებას საჭიროებს: ვინაა ამ გარდაქმნების შემკვეთი? პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო? პრემიერ-მინისტრი არსენ იაცენიუკი? ვინ იღებს პასუხისმგებლობას რეფორმების გატარებაზე? და ვინ გაიზიარებს პასუხისმგებლობას ქართველ სპეციალისტებთან ერთად იმ შემთხვევაში, თუ რეფორმა წარუმატებელი იქნება? აი, სწორედ ამ კითხვებზე პასუხი განაპირობებს ქართველების მიერ უკრაინაში დაწყებული გარდაქმნების ბედს.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 25 თებერვალი, 2015 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2674369?isSearch=True

ლარი ექსპორტთან ერთად დაეცა: ქართულმა ვალუტამ გრივნისა და რუბლის ბედი გაიზიარა

გიორგი დვალი

(შემოკლებით)

საქართველოს ეროვნული ვალუტის – ლარის კურსი განუხრელად ეცემა. გასული წლის ნოემბერთან შედარებით, თითქმის მესამედით გაუფასურდა. დევალვაციის მიზეზებს შორის ექსპერტები ასახელებენ ქართული პროდუქციის ექსპორტის შემცირებას უკრაინაში და რუსეთში. მთავრობამ უიკვე გამოაცხადა სახელმწიფო აპარატში ხარჯების სემცირება და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკების სასწრაფო დაწყება. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელისუფლებას მასშტაბური ანტიკრიზისული პროგრამის შემუშავება-გატარებისაკენ მოუწოდეს, მაგრამ მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ იმედოვნებს, რომ სიტუაციას პრივატიზებისაგან მიღებული შემოსავლებით გამოასწორებს. მთავრობას იმის იმედიც აქვს, რომ არაფორმალური ლიდერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას გაჭირვების დროს დაეხმარება.

ეკონომიკური გამოცოხლება რომ არ დაიწყოს, საქართველოს კრიზისი ემუქრება. საზოგადოებაში უკვე შეინიშნება დაზაბულობის ზრდა. ლარის დევალვაციამ ფასების მატება გამოიწვია… ათობით ათასი ადამიანი, რომლებმაც ბანკებში დოლარის კრედიტების აიღეს, მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. შექმნილი პანიკური მდგომარეობით ისარგებლა ოპოზიციამ: მიხეილ სააკაშვილის თანამზრახველებმა მმართველ კოალიციას წინასაარჩევნო დაპირებები შეახსენეს და კრიზისის გადალახვის საკუთარი გეგმა შესთავაზეს: „ჩვენი გეგმა ზალიან მარტივია: გადასახადების შემცირება, საგადასახადო ამნისტიის გამოცხადება, მსხვილი საინვესტიციო პროექტების განახლება“, – განუცხადა „კომერსანტის“ კორესპონდენტს ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაცმოძრაობის“ დეპუტატმა სერგო რატიანმა. ამასთან, მან მთელი პასუხისმგებლობა შექმნილ კრიზისული სიტუაციის გამო მმართველ კოალიციას დააკისრა: „სწორედ მათმა პოპულიზმმა და არასწორმა პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ ქვეყანაში ინვესტიციების შემოტანა შემცირდა და ეროვნული ვალუტის დევალვაცია მოხდა“, – თვლის ბატონი სერგო რატიანი. მას მხედველობაში აქვს უცხოელებისათვის მიწის მიყიდვის აკრძალვა და სავიზო რეჟიმის გამკაცრება აზია-აფრიკის ქვეყნების მოქალაქეების მიმართ. გარდა ამისა, სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ სიტუაცია გააურესა სოციალურ სფეროში ზედმეტად გაზრდილმა ხარჯებმაც.

თუმცა, ექსპერტები თვლიან, რომ ეს ბრალდებები მაინცდამაინც სამართლიანი არ არის: „დოლარი ზოგადად მყარდება, სხვა ვალუტები უფასურდება და აქედან გამომდინარე, ლარი გამონაკლისი ვერ იქნებოდა“, – ამბობს ექსპერტი გია ხუხაშვილი „კომერსანტთან“ საუბარში. გარდა ამისა, როგორც სხვა ექსპერტები მიიჩნევენ, ლარის კურსის შემცირებაზე გავლენა მოახდინა უკრაინისა და რუსეთის მოვლენებმა: უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტი მიდის,, გრივნა ძალიან გაუფასურდა, მოსახლეობის მსყიდველობითმა უნარმა  მოიკლო, ქართული პროდუქციის იმპორტი შემცირდა; რუსეთშიც თითქმის იგივე ხდება – რუბლი გაუფასურებულია, იქაც მოიკლო ქართული პროდუქციის ექსპორტმა, სამუშაოდ წასული ქართველები სამშობლოში ფულს ძველებური რაოდენობით ვეღარ გზავნიან. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, რუსეთიდან და უკრაინიდან საქართველოში ფულის კერძო გადმორიცხვები 25-30%-ით შემცირდა.

Comments are closed