„რეზონანსი“: საქართველო რუსული მასშტაბური წვრთნების ალყაში
„რეზონანსი“: ცივი შხაპი დასავლეთისგან
„რეზონანსი“: დავით უსუფაშვილი: ევროკავშირმა ძალიან ნელა გააცნობიერა, რომ აღმოსავლეთ ევროპა ევროპული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია
„ალია“: რას აპირებენ უსაფრთხოების სამსახურები „ნაციონალების“ 21 მარტის აქციისათვის
„ახალი თაობა“: ინტერვიუ თურქეთის ელჩთან საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუსთან: თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას“
———————-
„რეზონანსი“, 6 მარტი, 2015 წელი
საქართველო რუსული მასშტაბური წვრთნების ალყაში
2 000 სამხედრო და 500 ერთეული ტექნიკა ოკუპირებულ რეგიონებში
თიკო ოსმანოვა
“რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ მორიგ პროვოკაციულ ნაბიჯებს დგამს”, – ასე აფასებენ პოლიტოლოგ-ექსპერტები მოსკოვის მხრიდან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მორიგი წვრთნების ჩატარებას. პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ მაისაია ამას აფხაზეთსა და რუსეთს შორის დადებულ ე.წ ხელშეკრულებას უკავშირებს, რომელიც ძალაში გუშინ შევიდა.
“ბიბისის” ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვითი ძალები წვრთნას 12 პოლიგონზე, მათ შორის ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზებზე მართავენ. რუსეთის სამხარეო სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, სწავლებაში 2 000 ადამიანი და 500 ერთეული სამხედრო ტექნიკაა ჩართული. საველე გამოსვლები 12 სამხედრო პოლიგონზე მიმდინარეობს, მათ შორის სამხრეთ რეგიონში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ყირიმის ნახევარკუნძულზე და სომხეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზებზე.
“საველე გამოსვლების დასრულების შემდეგ ტაქტიკური სწავლება იგეგმება”, – ნათქვამია რუსეთის სამხარეო სამხედრო ოლქის პრესსამსახურის განცხადებაში.
ამასთან, როგორც ცნობილია, გუშინ რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას შორის გაფორმებული თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ე.წ ხელშეკრულება ძალაში შევიდა.
ამის აღსანიშნავად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ცერემონიალიც გაიმართა, რა დროსაც მხარეებმა რატიფიცირებული დოკუმენტები გაცვალეს. ე.წ შეთანხმება ამოქმედდა.აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მხრიდან ცერემონიალს დაესწრო რუსეთში აფხაზეთის ე.წ ელჩი იგორ ახბა, რუსეთის მხრიდან კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი.
შეგახსენებთ, რომ თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ე.წ დოკუმენტს რუსეთის პრეზიდენტმა და აფხაზეთის დე ფაქტო მმართველმა გასული წლის 24 ნოემბერს მოაწერეს ხელი. 22 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მისი რატიფიცირება მოახდინა. რუსეთის დუმამ მის რატიფიცირებას 2015 წლის 23 იანვარს დაუჭირა მხარი, ხოლო ფედერაციულმა საბჭომ 28 იანვარს. ე.წ შეთანხმება რუსეთსა და აფხაზეთს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო სივრცის შექმნას ითვალისწინებს.
სწორედ ამ ე.წ ხელშეკრულების ძალაში შესვლას უკავშირებს ყოფილი დიპლომატი ვახტანგ მაისაია ოკუპირებულ რეგიონებში წვრთნების ჩატარებას და ამას რუსეთის ძალის დემონსტრირებად მიიჩნევს.
“რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ბერკეტის ამოქმედებას ახორციელებს – ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის ამოქმედება სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ე.წ. ხელშეკრულების მიხედვით აფხაზეთში სამხედრო დაჯგუფება უნდა შეიქმნას დაახლოებით 15 ათასი სამხედრო პირის მონაწილეობით, რომელიც იქნება მუდმივმოქმედი. ანუ ფაქტობრივად, დამოკლეს მახვილით იქნება საქართველოს თავზე. ამიტომ ბუნებრივია, რომ ეს არის სამხედრო მუსკულების დემონსტრირება, საპასუხო ქმედება ნატოს განვითარების საწინააღმდეგოდ”, – უთხრა “რეზონანსს” მაისაიამ.
მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებაც და დასავლეთიც უძლურნი არიან.
“ხელისუფლება ამ შემთხვევაში თამაშგარე მდგომარეობაშია, არაფრის გაკეთება არ შეუძლია. სამხედრო ძალა არ გვაქვს და წინ ვერ აღვუდგებით ასეთი ტიპის ქმედებებს. საერთაშორისო საზოგადოებას უნდა მივმართოთ, თუმცა სამწუხაროდ, რუსეთსა და დასავლეთს შორის სიტუაცია იმდენადაა გამწავებული, რომ ვფიქრობ, მეტს ვეღარაფერს გააკეთებს. ევროპამ თავის მაქსიმუმი წარმოაჩინა, ამაზე მეტს ვერ გააკეთებს”, – გვითხრა მაისაიამ.
ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის მიერ წვრთნების დაწყება არ გაჰკვირვებია პარტია “ევროპული დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაიას. მისი თქმით, ახლა პირველ რიგში გასარკვევია, კონკრეტულად რას უკავშირდება და არის თუ არა ეს დაკავშირებული აფხაზეთის რკინიგზის აღდგენასთან, რომელთან დაკავშირებითაც სოხუმში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
“ის, რაც ხდება, სულაც არ მიკვირს, იმიტომ, რომ ეს ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, თუმცა ახლა გასარკვევია, რა ფონზე ხდება და რატომ იყო აუცილებელი დღეს ამ წვრთნების ჩატარება?! ვფიქრობ, ეს არის მესიჯი, რომ მათ თუ მოესურვებათ, საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტულ მოქმედებებს დაიწყებენ.
“ჩემი აზრით, ეს წვრთნები მიბმულია ე.წ. აფხაზეთის რკინიგზის საკითხთან, სადაც ახლა აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. საინტერესოა, რისთვის ტარდება ეს?! – სამხედრო წვრთნისთვის, რათა მძიმე ტექნიკის მოძრაობა მოხდეს, თუ რაში შეიძლება გადაიზარდოს ეს?! საზოგადოებას კარგად ახსოვს, 2008 წლის აგვისტომდე რა მდგომარეობა იყო…
“ფაქტი ერთია – ხდება საქართველოს მთავრობის დაშინება. ჩვენს ხელისუფლებას კი სირაქლემას პოზიცია უკავია და ირგვლივ ვერაფერს ამჩნევს. ამიტომ ხელისუფლებამ პირველ რიგში გეგმა უნდა შეიმუშაოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას დავითაია.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრის ვიქტორ ჯაფარიძის თქმით, ამაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიური გზებით მოახდენს რეაგირებს.
“ეს, რა თქმა უნდა, პროვოკაციაა და ყველასთვის მიუღებელია. რუსეთი რომ უკანონო ქმედებას ახორციელებს, ეს ფაქტია. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ჩვენი ტერიტორიაა და იქ რომ ჯარი დგას, მარტო ეს არის უკანონო, წვრთნებზე რომ აღარაფერი ვთქვა.
“ალბათ საგარეო საქმეთა სამინიტრომ დიპლომატიური გზებით უნდა ეძებოს ურთიერთობის დალაგების ბერკეტები, ძალისმიერი მეთოდებით რუსეთს წინააღმდეგობას ვერ გავუწევთ”, – განუცხადა “რეზონანსს” ჯაფარიძემ.
„რეზონანსი“, 6 მარტი, 2015 წელი
ცივი შხაპი დასავლეთისგან
თაკო მათეშვილი
(შემოკლებით)
პანიკა არ უნდა ავტეხოთ და ჩვეულებრივ გავაგრძელოთ იმის შესრულება, რაც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმითაა გათვალისწინებული, ან თუნაც ნატოსთან დასაახლოებლადაა საჭირო – ასე ეხმაურებიან საქართველოშიბოლო დღეებში გაკეთებულ ორ საკმაოდ არასასიამოვნო განცხადებას იმის შესახებ, რომ ნატო გასაფართოებლად არაა მზაპდ, ევროკავშირი კი სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად.
უმრავლესობის წევრებიც, ოპოზიციის წარმომადგენლებიცა და პოლიტოლოგებიც მიიჩნევენ, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება, მაგრამ ამან საქართველოს გეგმაა და მიზანზე – დაუახლოვდეს დასავლეთს, გავლენა არ უნდა მოახდინოს.
არცთუ სასიამოვნო განცხადებები საქართველომ ზედიზედ მოისმინა. თავდაპირველად 3 მარტს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა თქვა, რომ ნატოში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს ამ ეტაპზე უარი უნდა ეთქვათ. მისი განცხადების თარგმანს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ოლანდი აღნიშნავს, რომ ალიანსის გაფართოების საკითხი აქტუალური არ არის.
მეორე დღეს კი ცივი შხაპი ახლა უკვე ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰნეს ჰანმა გადაგვავლო, როცა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ჯერ გ ადაწყვეტილი არ არის მიიღებს თუ არა საქართველო უვიზო რეჟიმს უახლოეს მომავალში.
მოგეხსენებათ, მაისში რიგის სამიტი უნდა გაიმართოს, სადაც უკრაინისა და საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაციის საკითხზე უნდა იმსჯელონ. საქართველო სამიტს იმედის თვალით შეჰყურებდა, ვინაიდან მიიჩნეოდა, რომ ეს საკითხი ჩვენთვის დადებითად გადაწყდებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ევროკავშირს ჯერ არაფერი გადაუწყვეტია.
უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ ზემოხსენებული გშანცხადებების ინტერპრეტაცია მრავალგვარად შეიძლება. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრის, გია ვოლსკის თქმით, ოლანდის განცხადების მსგავსად, ყოველთვის, როცა ეს თემა შუქდება, ჟურნალისტებს სათაურში გამოაქვთ სიტყვები, რომ ნატომ საქართველო არ უნდა მიიღოს. მაგრამ სიტყვები „ამ ეტაპზე“ რატომღაც ყოველთვის ამოვარდნილია ხოლმე.
ამ ეტაპზე ნატოს გაფართოება რომ არ იგეგმება, ეს მისი თქმით, სხვა ლიდერებისგანაც არაერთხელ მოგვისმენია. თუმცა, ნატოს სტრატეგია ღია კარისა და ინტენსიური თანამშრომლობის შესახებ, რომელიც საქართველოსთან გააჩნია, მისი აზრით, არავითარ ცვლილებას არ ექვემდებარება.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენი ხანი იგულისხმება „ამ ეტაპში“, ვოლსკი ამბობს, რომ ამას ზუსტად ვერავინ იტყვის.
„ამ შეკითხვას ნატოს ადრინდელ გენერალურ მდივანსაც უსვამდნენ ხოლმე, ახლანდელსაც და ზუსტ პასუხს ვერც ისინი იძლეოდნენ. უამრავი რამაა, რაც საქართველოზე არაა დამოკიდებული და ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ. მთავარი პარტნიორობის რეჟიმია, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და მას არავითარი საფრთხე არ ემუქრება.
„ამაში სიახლე არაფერია და სკანდალური განცხადებებით არ უნდა შევხვდეთ. მუშაობაა საჭირო და უნდა გავაგრძელოთ ევროკავშირთანაც და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ჯგუფშიც“, – ამბობს ვოლსკი.
კითხვაზე, უნდა გვქონდეს თუ არა ისევ იმედი, რომ რიგის სამიტზე სავიზო რეჟიმი გაუქმდება, ვოლსკი შემდეგნაირად გვპასუხობს.
„მოლოდინი და იმედი, რასაკვირველია ისევ უნდა გვქონდეს, რომ ვიზების ლიბერალიზაციის საკითხი დადებითად გადაწყდება, მაგრამ გარანტიები არასდროს ყოფილა. პოზიტიური დამოკიდებულება არსებობს და მუშაობაც გრძელდება. 100 %-ით დარწმუნებულები იმაში, რომ საკითხი ისე გადაწყდება, როგორც ჩვენ გვინდა, არც აქამდე ვიყავით.
„ევროკავშირის პოზიცია იმაზე ფრთხილია, ვიდრე ჩვენ ვისურვებდით და იგი რუსული აგრესიითაა განპირობებული. რასაკვირველია, ეს თემა ამ ყველაფერში მონაწილეობს. თუმცა, ხელების ჩამოშვება და პანიკის შექმნა მაინც არ შეიძლება“, – აღნიშნავს პარლამენტარი.
ამ უკანასკნელ მოსაზრებას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძეც იზიარებს და ამბობს, რომ საქართველოში გაკეთებული სკეპტიკური განცხადებები ჩვენს ინტეგრაციას უფრო მეტად აზიანებს, ვინაიდან იმ გეგმასა და მიზანს გვაშორებს, რომელიც გვაქვს. იგი მიიჩნევს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მაინც აქტიურები უნდა ვიყოთ. ყველაფერი, რაც ხელშეკრულებებით გარანტირებული გვაქვს, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რათა შემდეგ ნაბიჯზე გადავიდეთ, როცა მეტის მოთხოვნის საშუალება გვექნება.
ამ განცხადებებში კი, ფანჯიკიძის აზრით, ის უნდა მოვიკითხოთ, რომ სკეპტიკოსები, რომელთაც არც ევროკავშირის გაფართოება მიაჩნიათ სწორად, და არც ნატოსი, ადრეც არსებობდნენ და ახლაც. მისი თქმით, ეს მაშინაც ასე იყო, როდესაცხელისუფლებაში იყვნენ და მუშაობა სწორედ ამ ვითარებაში უხდებოდათ.
ოპტიმიზმს ინარჩუნებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კორნელი კაკაჩიაც და ფიქრობს, რომ განცადებებში მხოლოდ ნეგატივი არ უნდა დავინახოთ. მისი თქმით, თუნდაც ყველაზე უარესი მოხდეს და საქართველომ რიგის სამიტზე სავიზო რეჟიმის გაუქმებას ვერ მიაღწიოს, ეს დიდი ტრაგედია არ იქნება. მთავარია, ის რეფორმები გავაგრძელოთ, რომელიც დაწყებულია. მიზანს კი, მისი აზრით, დღეს იქნება თუ ხვალ მაინც მივაღწევთ.
„მე მაინც მგონია, რომ ეს ყველაფერი, აღიარებენ თუ არა ამას ევროპელი ლიდერები, უკრაინის მოვლენებთან და რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობებთანაა დაკავშირებული. განცხადებები, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის, თუმცა ვფიქრობ, ბოლომდე გარკვეული არაა, თუ რას გულისხმობენ ისინი. მასში შეიძლება პოზიტივიც ამოვიკითხოთ და ნეგატივიც.
„ფაქტია, რომ ევროკავშირის წინანდელი მიზანი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერას გულისხმობდა, ბოლომდე ვერ სრულდება. აქედან გამომდინარე, იგი იძულებულია, ახალ რეალობებს თვალი გაუსწოროს“, – აღნიშნავს კაკაჩია.
აქვე დასძენს, რომ ახალი რეალობის გათვალისწინებით, გამორიცხული არა ევროპამ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას სხვა ტიპის ღონისძიებები და ევროკავშირთან ურთიერთობის სხვა ფორმა შესთავაზოს, რაც შესაძლოა უფრო პოხიტიურიც კი აღმოჩნდეს.
„თუმცა, თუ ეს ყველაფერი რუსეთის ფაქტორთანაა დაკავშირებული, დასავლეთი ცდილობს ანახოს, რომ მისი გეოპოლიტიკური კონკურენტი არაა და უკან იხევს, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ნეგატიურია. თავად რუსეთმა ეს შესაძლოა, მწვანე შუქად აღიქვას“, – აცხადებს პროფესორი.
„რეზონანსი“, 6 მარტი, 2015 წელი
დავით უსუფაშვილი:- ევროკავშირმა ძალიან ნელა გააცნობიერა, რომ აღმოსავლეთ ევროპა ევროპული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია
“მჯერა, ევროკავშირმა ძალიან ნელა გააცნობიერა, რომ აღმოსავლეთ ევროპა ევროპული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განუყოფელი ნაწილია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, დავით უსუფაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე ვაშინგტონში ატლანტიკური საბჭოს წევრებს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, დავით უსუფაშვილს ატლანტიკურ საბჭოში საჯარო გამოსვლა ჰქონდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში, უკრაინასა და ზოგადად, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, შეუძლებელია საქართველოსა და უკრაინის ცალ-ცალკე განხილვა, რადგან მთავარი საკითხები – უსაფრთხოების, ეკონომიკური მიმართულებები და აგრეთვე დემოკრატიული მიმართულებაც, ორივე ქვეყანაში ურთიერთკავშირშია.
“იცით, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი შესაძლებლობა, რაც ქართველებს და უკრაინელებს მოგვეცა, არის “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ინიციატივა, რომელიც, ერთი მხრივ, წარმატებულად შესრულდა, რადგან ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა ეს იმ ფასად გააკეთეს, რასაც ახლაც იხდიან – ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ იქ კრიზისი ამ საკითხის გამო დაიწყო და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს კრიზისი დაიწყო ევროკავშირთან პარტნიორობის ხელშეკრულების ხელმოწერით და არა ნატო-სთან, ეს არ ეხებოდა სამხედრო საკითხებს და ესეც კი მიუღებელი აღმოჩნდა პრეზიდენტ პუტინისა და მისი გუნდისთვის. ასე რომ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ იმ მცდარ აზრებს, რომელიც ბევრ ჩვენგანს რუსეთის მომავალზე ფიქრის დროს გაგვიჩნდა”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, შეცდომა მაშინ იყო დაშვებული, როდესაც სერიოზულად არ იქნა აღქმული ის, თუ რამდენად ძლიერია რუსეთის იმპერიალისტური ამბიციები.
“სამწუხაროდ, ეს იყო შეცდომა. რის საფუძველზე ვამბობ ამას – საქართველოს მაგალითზე. მჯერა, რომ იყო რამდენიმე ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, რომ ეს ქვეყანა დასავლური თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ალიანსის უფრო ძლიერ შემადგენელ ნაწილად გვექცია. მჯერა, ევროკავშირმა ძალიან ნელა გააცნობიერა, რომ აღმოსავლეთ ევროპა ევროპული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განუყოფელი ნაწილია. ამის გააზრებას ძალიან ბევრი დრო დასჭირდა”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებზე, რუსეთის ფედერაციისგან მომდინარე საფრთხეებზე და კრიზისის მოკლე ვადებში გადაწყვეტის აუცილებლობაზე.
“ალბათ, იგივე მოხდა ნატო-ს გაფართოების შემთხვევაშიც, როდესაც საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაეკმაყოფილებინა ყველა სტანდარტი და მოთხოვნა, რომელიც ნატო-ს აქვს თავისი წევრობის მსურველთათვის. ხანდახან ჩვენ საჭიროზე მეტსაც კი ვაკეთებდით, რაც შესაძლებელი იყო პატარა, პოსტსაბჭოური საზოგადოებისთვის, რომელიც მუდმივი ზეწოლის ქვეშაა ყველა შესაძლებელი მხრიდან. დიახ, ჩვენ მივდიოდით წინ და განვიცდიდით პროგრესს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ იყო საკმარისი, იყო სხვა მიზეზები, რის გამოც ეს პროცესი საკმარისად სწრაფი არ იყო. მჯერა, რომ ამ მომენტში არსებითია, ვისაუბროთ გაკვეთილებსა და მომავალზე, რა შეიძლება უკეთ გავაკეთოთ ამ კრიზისის მოსაგვარებლად და იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს გადაწყვეტილება გრძელვადიანი და მდგრადია. ამ მხრივ, ეს მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიები ან ქმედებები ძალიან პირობითია, რადგან საქართველოს არ აქვს ფუფუნება, რომ გრძელვადიან პერსპექტივაზე იფიქროს იმიტომ, რომ ყველაფერი მოკლევადიანია; შეიძლება ყველაფერი სწრაფად შეიცვალოს, ყველაფერი შეიძლება იყოს გაურკვეველი. სანამ ეს მოვლენები ხდება უკრაინაში და სანამ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და საერთაშორისო ორგანიზაციები ამით არიან დაკავებულნი და სწორადაც არიან დაკავებულნი, რუსეთი მოიწევს საქართველოსკენ. მინდა ვთქვა, რომ ერთადერთი რამ, რაც ხელს შეუშლის რუსეთს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საკუთარ ტერიტორიებად გამოაცხადოს, როგორც ეს მოხდა ყირიმის შემთხვევაში, ესაა აფხაზი ხალხი, რომელსაც სხვა რამ უნდა, ისინი არ არიან მზად, გახდნენ რუსეთის ნაწილი. და ეს არ არის ის შემთხვევა, როდესაც მათ შეუძლიათ რეფერენდუმის ჩატარება. იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს გართულებები აფხაზეთში, რუსეთი თავის ტერიტორიად არ აცხადებს სამხრეთ ოსეთსაც. ასე რომ, ესაა ერთადერთი მიზეზი რატომაც არ არის მოსკოვში დაბეჭდილ რუკებზე ეს ტერიტორიები იმავე ფერის, რა ფერისაც რუსეთი და ამან შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს “, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო ცდილობს შეინარჩუნოს სიმშვიდე და გააგრძელოს ფოკუსირება ეკონომიკაზე, სოციალურ საკითხებზე, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე და ზოგადად ყველა იმ საკითხზე, რაც ქვეყნის განვითარებისთვისაა აუცილებელი.
“ვცდილობთ, საშინაო დავალება, როგორც შესაძლებელია, კარგად შევასრულოთ; ვიყენებთ ხელმისაწვდომ რჩევებს და ტექნიკურ დახმარებას ბევრი ქვეყნისგან და, პირველ რიგში, შეერთებული შტატებისგან; ვაგრძელებთ რეფორმებს ჯანდაცვის სისტემაში; ბევრ რამეს ვაკეთებთ სოფლის მეურნეობის და განათლების სისტემების მიმართულებით; ვცდილობთ ვიყოთ მშვიდობისმყოფელები რეგიონში; ვესაუბრებით ყველას, თვით რუსეთსაც კი; ვცდილობთ, ვიპოვოთ კომუნიკაციის გზები აფხაზ და ოს ხალხთან, მაგრამ ეს ყველაფერი როდემდე გაგრძელდება? მე თუ მკითხავთ, ვიტყოდი, რომ არ ვიცი, იმიტომ, რომ ეს არ არის დამოკიდებული ჩვენზე. ასე, რომ გთხოვთ, სწორად გამიგოთ – ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველა მიმართულებით, ამას ვცდილობთ და ღია ვართ წინადადებებისთვის, რეკომენდაციებისთვის, მაგრამ ჩვენი გზავნილია, რომ მაშინაც კი, თუ ჩვენ ბოლომდე წარმატებულები ვიქნებით, მაშინაც კი, თუ ჩვენ ყველაფერს უმაღლეს დონეზე შევასრულებთ, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ ეს ყველაფერი მდგრადია და ქვეყანა გადარჩება”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე თავის გამოსვლაში გლობალიზაციის პროცესებსაც შეეხო. “დღეს არსებულ რეალობაში არ შეიძლება ითქვას, რომ “ეს არ არის ჩვენი პრობლემა”. საქართველოში მყოფებს არ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ის პრობლემები, რომლებიც ჯერ არ მოგვარებულა სამხრეთ ამერიკაში, ჩვენი პრობლემები არ არის, იმიტომ, რომ თანამედროვე მსოფლიოში ეს მოუგვარებელი პრობლემები ჩვენს სახლებშიც აღწევს”, – აღნიშნა საჯარო გამოსვლისას დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ქართველი ხალხის სურვილი და მზადყოფნა – საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, რაც შეიძლება მეტ სფეროში იყოს უფრო მჭიდრო თანამშრომლობა.
“ამ ვითარებაში, როდესაც გვაქვს ასეთი უნიკალური მოცემულობა, როდესაც პატარა საქართველო ეუბნება დიდ ამერიკას, რომ მზად ვართ სტრატეგიული პარტნიორობისთვის, მზად ვართ, რომ უფრო სასარგებლონი ვიყოთ ერთმანეთისთვის, რომ ეს არის ჩვენი კარგად გაცნობიერებული გადაწყვეტილება, რომ მზად ვართ ამისთვის, მჯერა, რომ ჩვენი ამერიკელი მეგობრები მომავალში მოძებნიან მეტ გზას სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებისთვის, არა მხოლოდ უსაფრთხოების და დემოკრატიის დონეზე, არამედ ეკონომიკური განვითარების, ვაჭრობის გაზრდის მიმართულებით. ჩემი კიდევ ერთი გზავნილია, რომ მოახდინეთ მეტი რეაგირება პატარა ქვეყნების ასეთ მზადყოფნაზე მთელს მსოფლიოში და არა მხოლოდ საქართველოს მიმართ. ჩვენ ბოლო 200 წლის განმავლობაში არ ვიყავით მზად, რადგან დიდი იმპერიის ნაწილი ვიყავით, ასე რომ, სანამ ჯერ კიდევ შეგვიძლია ჩვენი თავისუფალი ნებისა და მზაობის გამოხატვა, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა. ეს კარგი იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, საქართველოსთვის, ყველასთვის, ვინც საქართველოს ირგვლივაა იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, დემოკრატია, ღირსების, უმცირესობების ღირსების პატივისცემა და ყველაფერი მხოლოდ პოზიტიური, ასე რომ, ნუღარ დავკარგავთ მეტ დროს”,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოების შეკითხვებსაც უპასუხა.
პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარი საქართველოს პარლამენტმა გაავრცელა.
რას აპირებენ უსაფრთხოების სამსახურები „ნაციონალების“ 21 მარტის აქციისათვის
ლევან ჯავახიშვილი
(შემოკლებით)
უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი, ხელისუფლებას უკრაინაში მიმიმდინარე მოვლენებთან და იქ მებრძოლი ქართველების მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ხელისუფლებამ მათ სათანადო მხარდაჭერა არ აღმოუჩინა. „ხელისუფლება თავის დროზე გაგვემიჯნა, მათ ჩათვალეს, რომ ჩვენ ვიღაცის ინტერესებს ვატარებთ. კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა ყველას, რომ ჩვენ არ წარმოვადგენთ რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს. ჩვენ ვართ საქართველოს ინტერესების დამცველი ადამიანები. განსხვავებით ხელისუფლებისგან, რომელმაც არ ან ვერ შეძლო საქართველოს ინტერესების დაცვა სწორედ იქ, სადაც დღეს ჩვენი ქვეყნის ინტერესების ხაზი გადის, ჩვენ ვაკეთებთ ამას ბევრის მაგივრად და ხელისუფლების მაგივრადაც“, – განაცხადა მამულაშვილმა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მამუკა მამულაშვილი და უკრაინაში მებრძოლი სხვა ქართველები ხელისუფლებას ანალოგიურ ბრალდებას უყენებენ. ეს ბრალდებები ამ ბოლო დროს უფრო ხშირად გაისმის. ძალაუნებურად, ჩნდება ეჭვი, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველების ერთი ნაწილი, „ნაცმოძრაობასთან“ შეთანხმებულად, უნისონში ახმოვანებენ მათთვის საჭირო განცხადებებს, რომ საქართველო რუსეთთან შეთანხმების გამო, უკრაინაში მებრძოლებს მხარს არ უჭერს. ეს კი, „ნაცმოძრაობის“ იმ ცნობილი და დაუსრულებული სერიიდან არის, რომლის მიზანია, ხელისუფლებას კრემლის სატელიტობასა თუ ალიანსში დასდოს ბრალი და ამით 21 მატის აქცია „გააპრავოს“.
გარდა ამისა, „ნაციონალები“ დიდი ხანია ცდილობენ, ხელისუფლება რაიმე პროვოკაციაზე წამოაგონ, სიტყვით ან ქმედებით, რუსეთუკრაინის ომში ჩაითრიონ და რუსეთს დაუპირისპირონ. გენერალი ტრისტან წითელაშვილი კი აცხადებს, რომ უკრაინიდან „ნაციონალებმა“ იქ მებრძოლი ოთხი „ზონდერი“ ჩამოიყვანეს, მათ შორის, ერთი სნაიპერი და ეს ხალხი, 21 მარტის აქციისთვის სჭირდებათ, რათა ხალხი დახოცონ და ქვეყანაში არეულობა დაიწყონ.
„ალიას“ ამ და სხვა საკითხებზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ესაუბრა:
- ბატონი ირაკლი, უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი გადანაშაულებთ, რომ ხელისუფლება გაემიჯნა უკრაინაში მებრძოლ ქართველებს, ვერც მათი ინტერესების დაცვა ვერ შეძლო და ვერც უკრაინაში საქართველოსი. ამას უკრაინაში მებრძოლი სხვა ქართველებიც აცხადებენ და ამ ბოლო დროს, განსაკუთრებული ინტენსივობით. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს განცხადებები `ნაციონალების~ 21 თებერვლის დაანონსებულ აქციასთან კავშირშია, რათა უკრაინაში მებრძოლი ქართველებისგან განდგომით, მათი ინტერესების ვითომ უგულებელყოფით, ხელისუფლებას მათ მიერვე მიწებებული პრორუსული იარლიყი კიდევ უფრო გაუმყარონ?
- მამუკა მამულაშვილი არ არის პოლიტიკოსი, ის საქართველოს მოქალაქეა, აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება და ეს არჩევანი მან უკვე გააკეთა. ამიტომ, მის განცხადებებზე კომენტარს ნუ გამაკეთებინებთ. ზოგადად ვიტყვი, რომ, როცა ქვეყნის პასუხისმგებლობაზე საუბრობ, უნდა დაფიქრდე და ისე ილაპარაკო. მინიმუმ, იმ სიტყვებს კონკრეტული ფაქტები უნდა მოაყოლო. ამ პიროვნების განცხადებაში კი ეს არ ჩანს. საქართველომ ძალიან დიდი დახმარება აღმოუჩინა უკრაინას, სამეზობლოში პირველ ადგილას ვართ უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევით, უკრაინელ დევნილებს ვიფარავთ და ვპატრონობთ, ქართული სახელმწიფო ნებისმიერ დონეზე იცავს უკრაინის ინტერესებს. კიდევ ბევრ ღონისძიებას ვატარებთ უკრაინის მხარდასაჭერად. იქ წასულ მებრძოლებს კი ხელისუფლება სტატუსს ვერ მიანიჭებს და ამით, რუსეთ-უკრაინის სამხედრო დაპირისპირებაში ვერ ჩართვება.
ვინც ხელისუფლების უპასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს, იქნებ ესეც გაითვალისწინოს. ზოგიერთებმა წარსულიც რომ გაიხსენონ, ასევე, პოლიტიკური მეგობრები, რომელთა მიმართაც მართლა არსებობს პრეტენზიები სახელმწიფო ინტერესების, სულ მცირე, უგულებელყოფის გამო, ურიგო არ იქნება.
- მამუკა მამულაშვილსა და მის პოლიტიკურ მეგობრებს გულისხმობთ? ეს ადამიანი უშუალო კავშირშია „ნაციონალებთან“?
- მე არ დავაკონკრეტებ, ვინ ვისთან არის კავშირში, არც იმ მოტივებზე ვიტყვი არაფერს, რის გამოც ქართველები იბრძვიან უკრაინაში, რადგან ეს მოტივები მრავალფეროვანია. საერთოდ, როცა ქვეყნის მხარდაჭერასა თუ მხარდაუჭერლობაზე ლაპარაკობენ ზოგიერთები, იქნებ ის მყიფე ვითარება გაიხსენონ, რაც რეგიონშია – სირიაში მიმდინარე მოვლენები, რუსეთ-უკრაინისომი და კიდევ სხვა ფაქტები…
თუ ვინმეს უნდა, რომ ღიად ჩავებათ რუსეთ-უკრაინის ომში და ამით, რუსეთს ომი გამოვუცხადოთ, მათ ამ სიამოვნებას ვერ მივანიჭებთ. 21 მარტის აქციაზე მინდა გითხრათ. „ნაციონალებმა“ გარკვეული ბოროტი ზრახვები ამოიყარეს თავიდან.
„ახალი თაობა“, 6 მარტი, 2015 წელი
თურქეთის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ: თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას“
„დღეს არცერთი ქართველი და თურქი მოქალაქე ერთმანეთის ქვეყნებში თავს უცხოდ არ გრძნობს“
ნათია ხურცილავა
„ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ ორი ქვეყნის ურთიერთობაზე საუბრობს. ელჩის განცხადებით, თურქეთი საქართველოს ძლიერი მხარდამჭერი და პარტნიორია ნატოსკენ მიმავალ გზაზე.
გთავაზობთ ამონარიდებს ელჩის ვრცელი ინტერვიუდან:
- ბატონო ელჩო, როგორ შეაფასებდით თურქულ-ქართულ ურთიერთობებს, როგორ წარმოგიდგენიათ ამ ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები?
- საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ურთიერთობები ყველაზე მარტივად შეიძლება დახასიათდეს, როგორც სტრატეგიული პარტნიორობა. ამაში მე ვგულისხმობ იმას, რომ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები ყველა სესაძლო სფეროში ეყრდნობა მხოლოდ ჯანსაღ საფუძველს. მისი დამახასიათებელი თვისებაა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა, ურთიერთჩართულობა და ასევე ის ფაქტორი, რომ პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილებების მიუხედავად, ორივე ქვეყნის ურთიერთდამოკიდებულება უცვლელია და მას მყარი სამომავლო პერსპექტივა გააჩნია.
ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობები ეყრდნობა ჩვენი ხალხების ისტორიულ, განსაკუთრებულ კავშირებს და სიახლოვეს, რასაც განაპირობებს საერთო კულტურულ ფასეულობებზე დამყარებული ურთიერთგაგება
დღეს არცერთი ქართველი და თურქი მოქალაქე ერთმანეთის ქვეყნებში თავს უცხოდ არ გრძნობს. ენიდან დაწყებული, ხელოვნებაში, საყოფაცხოვცრებო ტრადიციებსა და კერძებშიც კი, უფრო ძლიერად და ნათლადაა გამოხატული თურქი და ქართველი ხალხების მსგავსება, ვიდრე მათ შორის არსებული განსხვავება“, – განაცხადა ელჩმა. მისივე განცადებით, თურქეთი საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორი და ყველაზე დიდი ინვესტორი ქვეყანაა.
- თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა. საქართველოს ნატოსაკენ ისწრაფვის. როგორია თქვენი სამშობლოს პოზიცია საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსშიო ინტეგრაციასთან დაკავშირებით?
- თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებასა და ნატოში მის გაწევრიანებას. აქედან გამომდინარე, თურქეთის იყო საქართველოს ყველაზე აქტიური მხარდამჭერი გასულ წელს უელსში გამართულ ნატოს სამიტის წინაპერიოდში და მისი მსვლელოობის დროს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ სამიტზე ვერ მოხერხდა საქართველოს ჩართვა „მაპ“-ში, უმაღლეს დონეზე დაფიქსირდა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა და პრაქტიკულად მოხდა უფრო მოცულობითი არსებითი პაკეტის შეთავაზება, რაც კიდევ უფრო დაახლოვებს საქართველოს ნატოში წევრობასთან. აქედან გამომდინარე, თურქეთი მზადაა ძლიერი მხარდაჭერა აღმოუჩინოს საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხში და კიდევ უფრო გააღრმაოვოს საქართველოსტან ტანამშრომლობა სამხედრო სფეროში
ჩვენს მიერ საქართველოს ნატოში გაწევრიანების სურვილისადმი მხარდაჭერა ეფუძნება არამარტო ორმხრივ შესანიშნავ ურთიერთობებს, არამედ იმ რწმენასაც, რომ ნატოს წევრობა მასაც და ალიანსის სხვა წევრებს, აგრეთვე კავაკსიის რეგიონს სტაბილურობას მოუტანს. დღეს არცერთი ქვეყნის ნატოში წევრობა არაა მიმართული მესამე ქვეყნის წინააღმდეგ და არ არის მუქარის შემცველი მათთვის, პირიქით, იგი კონფლიქტებისა და თავდასხმების თავიდან აცილების, უსაფრთხოების ეფექტური სარქველის ფუნქციას შეასრულებს“.
თურქეთის ელჩი ინტერვიუში საუბრობს აგრეთვე ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის საკითხზეც და ამბობს, რომ „მისი მშენებლობის დასრულების შემდგომ, 2015 წლის ბოლოს, შესაძლებელი იქნება პეკინიდან ლონდონამდე უწყვეტი სარკინიგზო მიმოსვლა, რაც ერთმანეთს დაუკავშირებს როგორც ჩვენს ქვეყნებს, ასევე მნიშვნელოვან და სტრატეგიულ წვლილს შეიტანს გლობალურ ეკონომიკასა და პოლიტიკაში“.